განსაჯე გული და არა კლუბი (ნაწილი III)
- აბა, საიდან დავიწყოთ? - პენსიმ ხელში ბატის ფრთა დაიჭირა. - საყვარელო მარკუს... - დაიწყო დანიელამ. - ის შეუდარებელია! - მუშტი დასცხო ფანჯრის რაფას მილისენტმა და თვალები გადმოკარკლა. - მოკეტე, ბულსტროდ! - ჩაიფრუტუნა დრაკომ. - დაწერე, პენსი: გამარჯობა, ფლინტ! - შეეცადა გაეგრძელებინა მას. - არ თვლი, რომ ეს ზედმეტად... უხეში მიმართვაა? - დაინტერესდა დანიელა. - მისთვის წავა! ფლინტი ვინმე ლამაზმანი ხომ არ გგონია, ქალების ჟურნალიდან! - ორთქლი გამოუშვა დრაკომ. - ვფიქრობ, რომ სჯობს სახელით მივმართოთ... - მხარი დაუჭირა დანიელას პენსიმ. - როგორც გინდათ, - დანებდა მალფოი და ხელი ჩაიქნია. - მაშინ დაიწყე: გამარჯობა, მარკუს! უპირველესად, გვინდა მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო! - ძალიან მშრალი და ბანალურია, - თავი გაიქნია დანიელამ. - სიყვარულში უტყდები თუ რა არის? მაღალი გრძნობები ბულსტროდთან დატოვე! - წაიბუტბუტა დრაკომ. - რა შუაშია მაღალი გრძნობები!? დაწერე, პენსი: გამარჯობა, მარკუს! მოგვიანებით გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ... - დანიელა დაფიქრდა. ფლინტისთვის რომ რაიმე გესურვა, პრობლემატური იყო, რადგან ზედმეტად ლამაზი სახის გამოკლებით, სხვა ყველაფერი გააჩნდა. თუმცა, ზოგი მას მომხიბვლელად მიიჩნევდა. დანიელამ მილისენტს გახედა, რომელსაც ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და გაბერილი, წითელი პომიდორივით იჯდა. - რას გაჩუმდი? იდეები გამოგელია? მწერალო! - უკბინა მალფოიმ. - ოჯახური ბედნიერება ხომ არ გვესურვა? - შესთავაზა პენსიმ. - მალე ქორწილი აქვს... - შეიძლება! - თანხობის ნიშნად თავი დაუკრა დანიელამ. - ესეიგი ასე, დაწერე: გისურვებთ... - რომ შენმა ცოლმა საკურთხევლამდე ვერ მიაღწიოს! - ბოროტად ჩაურთო ბულსტროდმა. - მილისენტ... - თქვენ არ გესმით! ის... ის... ის საუკეთესოა! - გოგონამ ხელების ქნევა დაიწყო, ალბათ, ცდილობდა მსგავსი საქციელით აეღწერა, თუ რამდენად საუკეთესო იყო ფლინტი. - მილისენტ... - ის არ უნდა დაქორწინდეს! - მუშტი დასცხო მან სავარძელს. - მილისენტ! - ერთ ხმაში შეჰყვირეს პენსიმ და დანიელამ. - ის მხოლოდ ჩემთვის არის შექმნილი! - ბულსტროდი ფრჩხილებით ჩააფრინდა ტანჯულ სავარძელს და თვალებზე ცრემლები მოადგა. - ვინმემ, დააწყნარეთ ეს ისტერიული! - წაისისინა მალფოიმ. - მაღიზიანებს! - მილისენტ, შენს გამო ზუსტად ასე დავწერე! - პარკინსონმა ნერვიულად მოჭმუჭნა პერგამენტი და გვერდზე ისროლა. - ახლა ხელახლა მომიწევს წერა! - მილისენტ, ხომ არ გაგესეირნა? სააბაზანოში წადი, შხაპი მიიღე. შემდეგ სუფთა ჰაერზე გადი... - ურჩია დანიელამ და პენსისკენ მიჩოჩდა, რათა სიტყვები ეკარნახა წერილისთვის. - ჰოდა, წავალ! - მიუგდო ბულსტროდმა და სავარძლიდან ადგა. - ბარემ თავიც ჩაიხრჩვი! - მიაძახა გზად მალფოიმ. დანიელას და პენსის არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათ თვალებში თანხმობა ამოიკითხებოდა. როდესაც საქმე მარკუს ფლინტს ეხებოდა, მილისენტთან ერთ შენობაში ყოფნა არ იყო რეკომენდირებული. ან მისი მოკვლის სურვილი გაგიჩნდებოდა, სხვები რომ არ ეწვალებინა, ან ფლინტის, - ბულსტროდი რომ არ ეწვალებინა. ამ ღამით მან სპექტაკლი, სახელად "როგორი უსამართლოა ცხოვრება!" მოაწყო. მთელ საძინებელში გაჰკიოდა, რომ ასტრონომიის კოშკიდან გადმოხტებოდა, მაგრამ ჯერ იმ საზიზღარს სცემდა, რომელმაც ძვირფასი მარკუსი წაართვა. ამასთანავე, ერთადერთი რაც მან იცოდა ფლინტის საცოლეზე, იყო ის, რომ გოგონა გერმანელი იყო, რის შემდეგაც პენსიმ დაასკვნა, რომ მთლიანი გერმანიის ჯადოსნურ სამყაროს ძირფესვიანად ეწერა განადგურება, ბულსტროდის ხელიდან. საბოლოოდ, ბულსტროდზე დამაყრუებელი შელოცვის გამოყენება გახდა საჭირო. - აი, დავწერე... - პენსიმ დანიელას წერილი გაუწოდა. - რას იტყვი? - ვფიქრობ, ცუდი არ არის! ესეც დაამატე: ...და ბევრი-ბევრი პატარა ფლინტი! - სჯობს, ახლავე მოკლათ! - ურჩია დრაკომ. - მაგისგან რა მამა უნდა გამოვიდეს?! - ყველაზე ჩვეულებრივი! - უპასუხა პარკინსონმა. - კარგით, რაც გინდათ, ის დაწერეთ! მაგრამ ბოლოს ჩემი სახელით რამდენიმე სიტყვას მივაწერ... - წაიბუტბუტა მალფოიმ და საფეთქელი დაიზილა. - როგორ მტკივა თავი! - ცოტა უნდა დალიო! - ჭკუა დაარიგა პენსიმ. მან, ისევე როგორც დანიელამ, ფლინტის სადღეგრძელოზე ცოტა დალია, ამიტომ ნაბახუსევის გადატანა შემდგომ დღეს არ მოუხდა. მალფოი კი პირიქით, მთელი თავისი არსით ცდილობდა ეჩვენებინა მათთვის, თუ როგორ ცუდად იყო, რითაც ყურადღებას იქცევდა. დანიელას, რომელიც წინა დღით თითქმის არ შეხებია ბოთლს, რაიმეს დალევა მაინც სურდა. - საით? - ჰკითხა პენსიმ, როდესაც დანიელა დივნიდან წამოდგა და სლიზერინის საერთო ოთახის გასასვლელისკენ გაემართა. - რაიმეს დალევა მინდა, - უპასუხა გოგონამ, - წავალ, გოგრის წვენს მაინც დავლევ... - წყალი მომიტანე! - უხეშად ბრძანა მალფოიმ. - კიდევ რა გინდა? წადი და თვითონ აიღე! - ჩაიფრუტუნა დანიელამ. - ნაბახუსევის მსხვერპლს ასე უნდა პასუხობდე?! - თავის შეცოდების ხერხს მიმართა დრაკომ, რაც ასე ძალიან უყვარდა. - კარგი, ოღონდ ნუ წუწუნებ! - დანებდა დანიელა. - შენს წინ მუხლებზე დავემხობოდი, მაგრამ არ ვიზავ. - გათამამდა ბიჭი. - ჰო, რა თქმა უნდა... - ხელი ჩაიქნია დანიელამ და ოთახიდან გავიდა. დანიელამ სლიზერინის ერთ-ერთი კორიდორის კუთხეში ორი ნაცნობი ფიგურა შენიშნა. - ...და რანაირად ჩაიგდეთ ხელთ, გრეგორი? - ჩურჩულებდა მოგუდული ხმა. - მოვისმინე, თუ როგორ აპირებდნენ ტყუპები ამის გატანას, პროფესორი სნეიპის კაბინეტიდან. - მტკიცედ უპასუხა გოილმა. - როგორ ფიქრობთ, გრეგორი, არავის შეუმჩნევიხართ? - დაინტერესდა კრაბი. - ვიმედოვნებ, რომ არა, - უპასუხა გოილმა. - იცით, ვინსენტ, სულ უფრო პრობლემატური ხდება ჩვენი ბიბლიოთეკაში ყოველდღიური შეპარვა ღამ-ღამობით. ჩვენ ძალიან ვრისკავთ. თუკი შეგვიძლია ავხსნათ ღამე სკოლაში სიარული, როგორ ავხსნით, მაინცდამაინც ბიბლიოთეკის სტუმრობას? ვშიშობ, რომ დრაკო კომაში ჩავარდება... - თავი გაიქნია ბიჭმა. - დიახ, მართალი ხართ, - დათანხმდა კრაბი. - ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით სასკოლო პროგრამით უნდა დავკმაყოფილდეთ... ჰო, მართლა, რას ფიქრობთ ისტორიის მაგიის დღევანდელ გაკვეთილზე, გრეგორი? - დღეს პროფესორმა ბინსმა სავსებით საინტერესო მატერიალი შემოგვთავაზა... დანიელას წარბები შუბლზე აუვიდა და მგონი, ისინი უარს ამბობდნენ ადგილზე დაბრუნებაზე. კრაბი და გოილი, რომლებიც ასეთი გრძელი წინადადებებით საუბრობდნენ და განიხილავდნენ ბიბლიოთეკაში შეპარვას - აი, ეს არის სამყაროს აღსასრული. დანიელამ თვალები მოისრისა, რათა დარწმუნებულიყო, მის თვალწინ მართლა ის ორი ზორბა ბრიყვი სლიზერინელი იყო თუ არა, რომლებიც მუდამ კუდში დაყვებოდნენ დრაკოს და თავი მის დაცვად მოჰქონდათ. დანიელას ერთი ჩვევა ჰქონდა: ყოველთვის უნდა მოესმინა ვინ რაზე ან ვისზე საუბრობს, სულ უინტერესო რომ ყოფილიყო ეს მისთვის. ან წაერთვა გარშემომყოფებისთვის ის, რაც სულ არ ეკუთვნოდა მას... - ჰეი, ეს რას მალავ მანდ, შე სულელო?! - სვავივით დააცხრა გოგონა ბიჭებს. - ვაიმე!.. - წამოიყვირა გოილმა და სინჯარა, როგორც დანიელამ მოჰკრა თვალი, მუშტში შეკრა და ხელები უკან წაიღო. - მომეცი. - მბრძანებლური, მაგრამ დინჯი ტონით უთხრა დანიელამ და ხელი გაუწოდა. - ჩემია! - მტკიცედ მოუჭრა გოილმა, რამაც დანიელა თითქმის დაამუნჯა. - როდის აქეთ გახდით ან შენ, ან შენ, - თავი მოკლედ გაიქნია გოგონამ კრაბისკენ, - ასეთი ჭკვიანები? საინტერესოა, რას იტყვის პროფესორი სნეიპი, როდესაც თქვენს ღამ-ღამობით ბოდიალზე შეიტყობს? - დანიელა ქვევიდან ხან ერთს აპყრობდა თავის მოწკურულ თვალებს, ხან მეორეს, რაც უფრო მეტ სიავეს ჰმატებდა მის ცივ, გამოყვანილ, არისტოკრატულ ნაკვთებს, - ან სულაც... საიდან ეგ სინჯარა? ნუთუ პროფესორი სნეიპის კაბინეტიდან მოიპარეთ, გრეგორი? - ირონიით მიმართა მას გოგონამ. - შენ... - ეს ერთი სიტყვა ისეთი ინტონაციით იყო წარმოთქმული, თითქოს კრაბი ძალების მოკრებვას წლობით მოუნდა, - შენ ვერაფერს ვერ დაამტკიცებ..! - გაუბედავად დაასრულა ვინსენტმა, პირი წამშვიე მოკუმა და ნერწყვი გადაყლაპა. - რატომ ართულებთ? - მოჩვენებითი დაღლილობით მიმართა გოგონამ და სახე საცოდავად მოჭმუხნა. - პროფესორი სნეიპი ასეთი სულელი გგონიათ? წამში გაარკვევს, თუ ვინ აიღო ნივთი. გაცილებით მარტივია მომცეთ ის, რასაც მალავთ, ვიდრე თქვენმა საიდუმლოებებმა გაჟონონ. კრაბმა და გოილმა დაფეთებით გადახედეს ერთმანეთს, რამდენიმე წამი ერთმანეთს ნაწვალებ სახეებში ჩააშტერდნენ, შემდეგ კი ერთროულად დაუკრეს თავი და გოილმა დანიელას პატარა სინჯარაში ჩასხმული მოცისფრო-მოვერცხლისფრო სითხე გაუწოდა. დანიელამ კმაყოფილებისგან წარბები აათამაშა და შავი ლაქით შეღებილი ფრჩხილები სინჯარას ფრთხილად შეახო. ასევე ფრთხილად აიღო და შეათვალიერა. - მთვარის ფხვნილი... - ჩაილაპარაკა მან თავისთვის. ინტერესის ალი წამში ჩაქვრა მის თვალებში, ხელი მათთვის მოულოდნელად დაუშვა, ნიკაპი მაღლა ასწია და კმაყოფილმა თავისი საქმით, მოწონებით მიმართა: - ასე აჯობებს. - გოგონამ მზერა მაშინვე კორიდორის ბოლოსკენ გადაიტანა და როდესაც გოილს გვერდს უვლიდა, იდაყვი ხელზე გაკრა. - ნუ ოფლიანობ, არავინ არ გაიგებს თქვენი საიდუმლოებების შესახებ. - დაამშვიდა მან, მანტიის ფრიალით, კორიდორს გაუყვა და ჯურღმულების სიბნელეს შეეხორცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.