ჰილეგი (2)
*** საათი დილის თერთმეტს უჩვენებდა. ქეთიმ იფიქრა, ალბათ მეჩვენებაო და თვალები ძლიერად მოისრისა. ნამდვილად არ ეჩვენებოდა. სამსახურისთვის მზადება სამი საათის წინ უნდა დაეწყო. თვითონ გაუკვირდა, როცა საკუთარ თავს ოდნავი მღელვარება ვერ შეატყო. არადა, როგორი პასუხისგემბლობით ეკიდებოდა ყველაფერს, მითუმეტეს სამსახურს. უსიამოვნოდ წვავდა ზურგზე ოფლი. რა საკვირველია, მთელი ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და ისე ბორგავდა, საწოლიდან გადავარდნას რამდენჯერმე გადაურჩა. დედამისიც ალბათ უკვე სამსახურში იყო, ერთი წამით დაავიწყდა კიდეც წინა დღეს მომხდარი. ცუდი სიზმარივით შემორჩენილ კადრებად ახსოვდა, სანამ ბოლო მომენტი არ გაახსენდა. ის საზიზღარი ხმა ტელეფონში და ტექსტური შეტყობინება. ამის გახსენებაზე დენდარტყმულივით წამოვარდა, კომოდის თავზე შემოდებულ ტელეფონს დასწვდა, თუმცა დამღლელი დღისა და ღამის შემდეგ, ეს უკანასკნელიც დამჯდარიყო. ამოიოხრა. არ უნდოდა წამოდგომა, მისი ჩართვა და სავარაუდოდ, უცნობი ნაცნობების ხმის გაგონება. ცოტა ხანს კიდევ იწვებოდა და წამოდგებოდა, აუცილებლად. არც თვითონ სურდა, ის ნივთი დიდ ხანს ეტარებინა ჩანთით. დაღლილი ხელები სახეზე ჩამოისვა, თვალები ძლიერად დახუჭა. არც კი შეუმოწმებია ჩანთა. იქნებ ამოაცალეს, წაიღეს, მაშინ რაღას ითხოვდნენ? რატომ კარნახობდა შინაგანი ხმა, რომ მათ ამ შეკვრაზე მეტი სურდათ? საწოლის ქვეშ ხელი შეაცურა და იქიდან ჩანთა გამოიღო, ელვა სწრაფად გახსნა და მოლოდინიც არ გაუმართლდა, შეკვრა ისევ ისე დახვდა. აღარც ამ ჩანთით სიარული იყო უსაფრთხო. რომ არ შეესრულებინა მითითებები, მაინც მოძებნიდნენ და იმას მიიღებდნენ, რაც სურდათ. ამ ღამის შემდეგ, საერთოდ აღარ ადარდებდა რა იყო იმ დაწყევლილ ყუთში. ერთი სული ჰქონდა დაკავშირებოდნენ, მოეთხოვათ ეს უკანასკნელი და მოშორებოდნენ, სამუდამოდ. საბანი გადაიძრო და უცნაურად მტკივან ადგილას დაიხედა. ალბათ, დაცემისას დავილურჯეო, დაასკვნა და ნელი ნაბიჯით მიიხურა სააბაზანოს კარი. შხაპის მიღება რომ დაასრულა, ოთახის საათი პირველს აჩვენებდა. ვინ იცის, გამორთულმა ტელეფონმა დედამისიც შეაშინა, თუმცა უჩვეულო დღე იყო. ქეთი სამსახურსაც დაუკითხავად აცდენდა, დედასაც არ კითხულობდა, ტელეფონიც ავისმომასწავებლად ჰქონდა დამჯდარი და შხაპის ქვეშ საათებს ატარებდა. ეს ყველაფერი კი მასზე არ მოქმედებდა. პირველად, საკუთარი უპასუხისმგებლობა ჩვეულებრივ მოვლენად მოეჩვენა, გადაწყვიტა რომ შოკის ბრალი იყო, ცოტა ხანს გამოიძინებდა, დამშვიდდებოდა და მერე ყველაფერზე პასუხს აგებდა. უფროსი და დედა თუ არა, საკუთარი სინდისი მაინც შეახსენებდა თავს და მწარედაც დასჯიდა. პირსახოცმოხვეული ოთახიდან გავიდა, მაგიდაზე დედამისს წერილი დაეტოვებინა. ღიმილით დასწვდა და ლამაზი, ჩამწკრივებული ასოებით დაწერილი ხმამაღლა წაიკითხა „ქეთი, დილით რომ დაგხედე ცუდად გამოიყურებოდი, ამიტომ აღარ გაგაღვიძე. საღამომდე“ გიჟდებოდა დედაზე. მხოლოდ მის გამო შეიძლებოდა თავის ხელში აყვანა. იქნებ, ყველაფერი მოეყოლა და რჩევაც მიეღო? ამაზე ფიქრი უკვე გვიანი იყო. დედამისი საღამომდე არ დაბრუნდებოდა, ქეთის კი ბევრად ადრე მოაკითხავდნენ. თავში ზარებივით დაეწყო რეკვა, მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა ეს და რაც არ უნდა ეცადა, არაფერი გაჭრიდა. ის-ის იყო ტელეფონი დასატენად უნდა შეერთებინა, კარზე ბრახუნი ატყდა. თითქოს , ვიღაც გამალებით ურტყამდა მუშტებს და ფეხებს. ხელები მაგრად მოუჭირა პირსახოცის უხეშ ზედაპირს. ვინ უნდა ყოფილიყო? არავინ მოდიოდა. უფრო სწორად, ყველამ იცოდა რომ ამ დროს არავინ დახვდებოდა სახლში. ოთახში სწრაფად შევიდა, რაც ხელში მოხვდა გადაიცვა და აკანკალებულმა დახედა ჩანთას. ხვდებოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და სისხლი ეყინებოდა. ჩანთა უნდა დაემალა, უფრო სწორად, ის შეკვრა. არ გაუკვირდებოდა, თუ შემოვარდებონენ და სახლს გადაქექავდნენ. ჩანთიდან შეკვრა ამოაძვრინა, კარადა გამოსწია, შეკვრა კედელს მიაკრო და ავეჯს მიაწვა, ყუთი კედელსა და კარადას შორის მოიჭყლიტა. უხერხულობა იგრძნო, იქნებ რამე ისეთი იდო, რაც არ უნდა გამტყდარიყო. მისი ბრალი მაინც არ იქნებოდა, ნებით არ წამოუღია. ხმამაღალმა ბრახუნმა გამოაფხიზლა და ოთახის კარი გამოიხურა, გადაკეტა, ჰოლში მიირბინა და დაუფიქრებლად, გახედვის გარეშე გასწია საკეტი. აკანკალებული ხელით ჩამოსწია სახელური და თვალები ქვემოთ დაქაჩა. პრიალა ფეხსაცმელს უყურებდა, უფრო სწორად, ფეხსაცმელებს. ნელ-ნელა თვალი ააყოლა, ჯერ პალტოს ბოლო მოხვდა თვალში, მერე ტყავის ხელთათმანი, რაზეც სხეულიც აუკანკალდა და ძლივს შეიკავა თავი. ის კაცი იდგა, სხვა ორ სათვალიანთან ერთად. ეტყობოდათ, ისინი არაფერს წარმოადგენდნენ. ერთი წამით მადლიერებაც იგრძნო, ის მამაკაცი რომ არ გამოეცხადა, ყველა თავს რომ დასტრიალებდა. -გამარჯობა -გაიკრიჭა. ქეთის გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა. ეტყობოდა, ეს კაცი ბევრს ეწეოდა. შორი მანძილიდანაც გრძნობდა მის ძვირადღირებულ სუნამოში არეულ სიგარეტის აყროლებულ სუნს. ალბათ, სუნამოც თავის პატრონს გამოსძალა. -ვინ გნებავთ? -ბავშვური გულიბრყვილობით იკითხა ქეთიმ. საკუთარ თავს გამბედაობის ნაპერწკალიც ვეღარ შეატყო. ხმა გაებზარა და სახელურს უფრო მაგრად ჩაეჭიდა. ისედაც იცოდა რა უნდოდათ, ვინ უნდოდათ. კაცმა ხელები კარის ჩარჩოებს მიაყრდნო, ნახევარი ტანით გადმოიწია და სახლში შეიჭყიტა, თვალი მოავლო. -შემოგვიპატიჟე და გეტყვით. -კიდევ ერთხელ გადაეფინა ფერმკრთალ სახეზე მოჩვენებითი კმაყოფილება და მარჯვენა ფეხი მოამზადა შემოსადგმელად. ქეთის თავბრუდამხვევი სურვილი გაუჩნდა, ის გადმოწეული სახე ცალი ხელით მიენგრია. -პატიჟისთვის ლოდინი რომ შეგეძლოთ, ჩემს კართან არ იდგებოდით. -კბილებში გამოსცრა და შეიძლება ითქვას, ინანა კიდეც, არც გამბედაობა მომატებოდა და თანაც, არც ბევრი ლაპარაკი დაამშვენებდა სიტუაციას. კაცმა ღიმილი ჩამოირეცხა, თავი დააქნია და ქეთი ცალი ხელით გვერდზე გასწია, სახლში შეაბიჯა და ორ გოლიათს ანიშნა, დარჩენილიყვნენ. ქეთიმ კარი მიხურა, არ გადაუკეტავს. ალბათ კაცმა გაზომა, ქეთის გაქცევა რომ მოენდომებინა, გარეთ ის ორი დახვდებოდა და ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამდა. თავხედურად შეაბიჯა მისაღებში და იქვე, სავარძელში ჩაესვენა. მოშორებით იდგა ქეთი, ზურგით მჯდომ მამაკაცს აკვირდებოდა და მოთმინებას, გამბედაობას აკოწიწებდა. ახლა საკუთარი თავი თუ უღალატებდა, ვეღარასდროს შეძლებდა გამრთელებას, სამუდამოდ გატყდებოდა. სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. რაღაცნაირი, მოღუშული იყო. გაბრაზებული ჩანდა, მიზეზიც ჰქონდა. მამაკაცს წინ აესვეტა და თვალებში ჩააშტერდა. შიგნიდან რაღაც მწარედ კაწრავდა, იცოდა რაოდენ მძიმე ნიღაბს ირგებდა ამ წუთებში. -სად არის თქვენი პატივცემული?! -ირონიით გაიჟღერა ქეთის ხმამ. კაცმა მკაცრად ამოხედა, ზედა ტუჩი ასწია და დაიღრინა. -წესიერად ილაპარაკე მასზე, გოგო! -საზიზღარი მანერით საუბრობდა. თითქოს სახე კი არა, მანეკენის თავი ება და ისიც დამონტაჟებულ ხმას აჟღერებდა. გულიანად გაიცინებდა სხვა დროს, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. უამრავი კითხვა აწუხებდა და ნაწილზე მაინც უნდა მიეღო პასუხი. -ვინ მოგცათ უფლება სახლში შემომეჭრათ? ესეც „ზემოდან“ გაცემული ბრძანებაა? ვერ გავიგე, რას მერჩით? -დამშვიდდი, ძვირფასო -მხიარულება დაუბრუნდა კაცს. -შენ არავინ გერჩის. ტელეფონი გამორთული დაგვხვდა და ვინერვიულეთ. -მოდით დავაზუსტოთ, გამორთულმა ტელეფონმა შეგაშინათ, თუ მოსალოდნელმა „ჩაშვებამ?“ -ქეთის კაცის გაღიზიანება არ გამოუვიდა. პირიქით ხმამაღლა აახარხარა. კაცი წამოდგა, ქეთის ათრთოლებულ მხრებზე ხელები შემოაწყო და მაგრად დააჭირა, სავარძელს დაანარცხა და მკლავზე ხელი მაგრად მოუჭირა. -შენ ის გაქვს, რაც მას სჭირდება. უსაფრთხოებას დაგპირდა, მაგრამ სიჯიუტეს არავინ გაპატიებს. -ჩურჩულით, გესლიანად ამოიქირქილა კაცმა. ქეთის ჟრუანტელმა დაუარა, აყროლებული სუნი პირდაპირ სახეში ეჯახებოდა. -მე არაფერი მაქვს! მხოლოდ იმ ქალის სიკვდილს შევესწარი, დავიჯერო ჩემი თვალები ასე ძვირი ღირს? -ჩშ, ძვირფასო -კაცმა ტყავის ხელთათმანიანი ხელი სახეზე ჩამოუსვა ქეთის. გააკანკალა. გულის რევის შეგრძნება გაუმძაფრდა და გვერდზე გასწია თავი, ბრაზით სავსე თვალებით მიაჩერდა. -ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ამაზე მეტი გაქვს. ითამაშე ჩვენი წესებით. -წამსვე უკან გადაიწია, ცალი ხელიდან ხელთათმანი გაიძრო და ჯიბეში ხელი ჩააცურა. თითებს შორის მოქცეული ისეთივე თეთრი ბარათი გაუწოდა, როგორიც იმ მამაკაცმა, პირველად. ქეთიმ დახედა, რეფლექსურად წაღებული ხელი გააჩერა და გამორთმევა გადაიფიქრა. კაცმა მხრები აიჩეჩა, მაგიდაზე დააგდო და თითებით ორჯერ დააკაკუნა. მერე პალტოს საყელოები შეისწორა, ქეთის მტრული მზერა ესროლა და კარისკენ დაიძრა. გოგოც უკან მიჰყვა. ხელთათმანიანი სახელურს ჩასჭიდებოდა და თავი მისკენ მოებრუნებინა. -როცა დაგირეკავენ, უბრალოდ უპასუხე. -და რომ არა?! -გაჯიუტდა ქეთი. გაღიზიანებას ელოდა, რომელიც არა და არ ჩნდებოდა კაცის სახეზე -მოგიწევს კიდევ ერთხელ გვიმასპინძლო. -კარი ხმამაღალი ბრახუნით გაიხურა კაცმა და ქეთიც გაშეშებული დატოვა. მორჩა! ეს იყო. მათ იცოდნენ სად ცხოვრობდა, ალბათ კორპუსთან ელოდნენ კიდეც, სამსახურსაც ვეღარ შეაფარებდა თავს. ერთიანად მოესპო თავშესაფარი. საიდან გაიგეს? მათ ხომ მისი სახელიც არ იცოდნენ. საიდან შეიძლებოდა გაეგოთ, რომ ის ჰქონდა, რაც სჭირდებოდათ. ქეთი სამზარეულოში გავიდა, წინ წყლით სავსე ჭიქა დაიდო და ჩამოჯდა. პანიკა არაფერში დაეხმარებოდა. ნორმალურად, რაციონალურად უნდა ეფიქრა. მოვლენები თანმიმდევრულად დაეწყო და სადღაც გაპარული შეცდომაც ეპოვნა. აშკარა იყო, ძალაუფლებით მაინც აჯობებდნენ, ამიტომ სჯობდა, ჭკუით გაესწრო. წყალი მოსვა, თვალები დახუჭა და მეტრო წარმოიდგინა. იდგა, ელოდა მატარებელს ჩაფიქრებული. არა, აქამდე ის არეული სიტუაცია იყო. აპარატები გათიშული, ურნები გადაცვენილი და გაფანტული, ვიღაცის ძვირფასი, სქელი საფულეც. ესე იგი, თუ ის გავლენიანი მამაკაცი და ქალი, მეგი, ერთმანეთს იცნობდნენ, გამორიცხული არ იყო მათ შორის მომხდარიყო კონფლიქტი და საფულეც მაშინ დავარდნოდა. მერე, ქალი გადახტა. ამის დეტალებში გახსენება არ უნდოდა, მაგრამ მაინც ასტკივდა თავი როცა ჰაერში აალებული წითელი თმა გაახსენდა, წყალი კიდევ ერთხელ მოსვა და თითები საფეთქლებზე მიიჭირა. შეუმოწმებელს არ დატოვებდნენ, მაგრამ როდის? ჩანთა არავის გაუხსნია მისთვის, ყოველშემთხვევაში მას არ დაუნახავს. თითქოს მთელი სამყაროს ზარები ერთად აკივლდნენო, ქეთის გონება ელვის სისწრაფით აუმუშავდა. რა თქმა უნდა, ერთადერთ უცხო თვითმხილველს ასე არავინ დატოვებდა, შეამოწმებდნენ, გაიგებდნენ ვინ იყო. ტყავის ხელთათმანებით ჩაბღუჯული ჩანთა და ქურთუკი რომ გაახსენდა გააკანკალა. ალბათ ჩანთა გახსნეს, მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ნახეს, შესაძლოა შეკვრაც ენახათ, თუმცა რატომ არ ამოაცალეს? რაში სჭირდებოდათ ქეთის გარევა, რატომ უნდა შეეტყუებინათ ქეთი იმ სამყაროში, სადაც ცხოვრობდნენ? აეღოთ! არ ეწყინებოდა, არ გაბრაზდებოდა, მოეშორებინათ! მაგრამ ასე არ მოქცეულან. გამოიწვიეს! დიახ, ქეთი ბინძურ თამაშში მორიგ პაიკად ჩასვეს, ხალხი სჭირდებოდათ თუ მოკავშირეები შემოაკლდათ? ნერვიული კანკალი დაეწყო, თმაში ხელები ისე ძლიერად შეიცურა, ლამის მთლიანად მოიგლიჯა. არც ასე შეიძლებოდა, იცოდა რომ ნერვებს ვერ მისცემდა მასზე გამარჯვების უფლებას. როგორი უდარდელები, ირონიულები და ლაღები იყვნენ ისინი და როგორი უკონტროლო, ნერვიული, ემოციური, დაბნეული იყო ქეთი. „ითამაშე ჩვენი წესებით“ ახსენდება და კბილებს ძლიერად აჭერს ქვედა ტუჩს. მაშ, თამაში უნდათ, თანაც მათივე წესებით, თუმცა არაჩვეულებრივად გაუსვა კაცმა ხაზი, ამ თამაშს წესები არ გააჩნდა. ისინი მხოლოდ ისე მოქმედებდნენ, როგორც სურდათ. წესები რომ ჰქონოდათ, ამოაცლიდნენ ჩანთიდან შეკვრას და გაქრებოდნენ, თუმცა არა, დაუნდობელ რეალობაში გასართობად ჩართეს ქეთი. ჰო, ნამდვილად ასე იყო. ქეთის გრძნობებით გაერთობოდნენ. იქნებ, იქნებ ეს კაცი ეთამაშებოდა? ისიც კი არ უკითხავს ტელეფონზე მათი უფროსი საუბრობდა თუ ის. წამით იმის ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ ისინი ორმაგ თამაშში იყვნენ. შოკირებულს ნამდვილად არ ახსოვდა მათი უფროსის, უხეში და შუბლშეკრული მამაკაცის ხმა, ვერც იმას იხსენებდა ტელეფონში რომელმა გაიჟღერა, მაგრამ უფროსი არ ჰგავდა მოლაპარაკე, უსაქმურ კაცს, რომელიც დაურეკავდა და შეტყობინებებს გამოუგზავნიდა. იქნებ ის მამაკაცი ისე ენდობოდა ქვეშევრდომს, რომ ანდო ქეთის ჩანთის გახსნა და მანაც მოატყუა, უბრალოდ გასართობად ჩარია, ცოტას შეაშინებდა და დაასრულებდნენ. წყლით ნახევრად სავსე ჭიქა მოიყუდა და ბოლომდე ჩაცალა, მისაღებისკენ სწრაფად წავიდა და მაგიდაზე დაგდებული პრიალა ბარათი აიღო. ზედ არაფერი ეწერა. იმ ბარათისგან განსხვავებით ნაკლებად პრიალებდა და... და მეტად საჭირო ჩანდა. ტელეფონი ნერვიულად აიღო, სატენზე შეაერთა და ჩართო. გამოტოვებული ზარები ნამდვილად დახვდა, თუმცა მხოლოდ ერთი იყო მათგან, დანარჩენი ალბათ სამსახურიდან, ჰო, ასე იქნებოდა. მაინც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. სველი თმა უკვე შეშრობოდა, მადაც სადღაც ჯანდაბაში დაკარგა, წინ უკვე მესამე ყავის ფინჯანი ედგა და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა საათს, რომელიც უკვე სამს უჩვენებდა. ერთი საათი ასე იჯდა, მერე ის მოხდა რასაც მხოლოდ ქვეცნობიერად ელოდა, რეალურად კი დაფრთხა, უწყლოდ დარჩენილი თევზივით დაიწყო ფართხალი და საპასუხოდ ერთიანად გაფითრებული დაიხარა. სენსორს ხელი გადაუსვა. საუბარს ალბათ ისევ ისინი დაიწყებდნენ, ამიტომ გაჩუმდა,სხვა ფრაზებისთვის აგროვებდა გამბედაობას. -ძვირფასო -ხრინწიანმა ხმამ მიანიშნა, ვინც იჯდა ტელეფონთან. ქეთის ლამის გაუხარდა, როცა დარწმუნდა რომ ეს კაცი მართლაც ფარულად, უფროსისაგან მალულად აწყობდა საქმეებს. რა ხელი ჰქონდა ამასთან? -უფროსი გიბარებს. -მცირეოდენი დუმილის შემდეგ აღმოხდა ხმას. ქეთის თვალები გაუფართოვდა. პირი გაუშრა, ყელი აეწვა. -რა უნდა? -არასწორ კითხვას სვამ.-ხმამ ამოიხვნეშა. - ათ წუთში ქვემოთ ჩამოდი. -მცირედი ტკაცანის შემდეგ, ყურმილი დაუკიდეს. ქეთი ოთახში სწრაფად შევარდა, კარადასა და კედელს შორის მოთავსებული შეკვრა გამოაძვრინა და ჩანთაში ჩაიგდო, თბილად ჩაიცვა, რამდენიმე აბი დამამშვიდებელი და ტკივიგამაყუჩებელიც ჩაიყარა. უკვე გასაღებს ატრიალებდა, რომ დაფიქრდა. რას აკეთებდა? მათ არ ენდობოდა, სად წაიყვანდნენ? ის-ის იყო კარის გასაღებად გასაღები შეაბრუნა, კიბეზე ხელთათმანიანი გამოჩნდა და ინტერესით აათვალიერა. -თხუთმეტი წუთია გელოდებით, ხომ არ გადაიფიქრე ძვირფასო? -ქეთიმ დანებების ნიშნად თავი გადაატრიალა. გასაღები ისევ გამოაძვრინა და ჩანთის უკანა ჯიბეში ჩაიდო. თვალები მაგრად დახუჭა, ნელა ჩაიარა კიბე და გაწოდებულ ხელს უხეშად გაჰკრა მხარი. ქვევით შავი ჯიპი ელოდათ. ყელზე მაგრად მიიჭირა ხელი და გაღებულ კარში შეხტა, გვერდით ხელთათმანიანი მიუჯდა. ზიზღის გრძნობამ ლამის დაახრჩო. ახლაღა მიხვდა შეცდომას. გარანტია არ ჰქონდა, რომ დააბრუნებდნენ. ასეთი საქმეებისთვის მშიშარა იყო, როდის შეემატა იმდენი გამბედაობა, რომ ახლა დაბურულ მინებიან მანქანაში იჯდა, მიდიოდა უცხო ადგილას, საიდანაც ალბათ ვერ გამოაღწევდა და ჩანთით მიჰქონდა ის,რაზეც ნადირობა გამოაცხადეს. მანქანა ნელა ირწეოდა, რაც ნიშნავდა, რომ ტრასაზე მიდიოდნენ, სწრაფად. საგზაო ნიშნებს ხეები ენაცვლებოდა, ბუჩქები, პატარ-პატარა მაღაზიები, გაჩერებები და მერე მოსახვევები. დიდ ხანს გაუგრძელდათ სიარული, ადგილი სიმშვიდეში ჩაკარგულიყო. ოჯახთან ერთად რომ ყოფილიყო, აუცილებლად დატკბებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ შიშს გრძნობდა და სხვა ვეღარაფერს. -დედაჩემის დაბრუნებამდე უნდა მივიდე სახლში -მანამ წამოსცდა, სანამ გაიაზრებდა რომ ამბობდა. კაცს ჩაეცინა. -მე რომ ვწყვეტდე, აუცილებლად, მაგრამ უფროსი წყვეტს რამდენი ხნით ხარ საჭირო. -ეგ შენი უფროსი, საერთოდ არ მაღელვებს. ვერ ვხვდები რა იპოვა ჩემში , რამ გაფიქრებინათ რომ რამეს ვმალავ? -ქეთიმ გარკვევით დაინახა, როგორ დაეცა კაცის მზერა მის ჩანთას, თუმცა წამიერად, მერე ისევ უსასრულობას გახედა. ესეც ასე, მართალი იყო. კარგად იცოდნენ ყველაფერი. -როცა მიხვალ, ამ უაზრობებით ტვინს ნუ გამოუტენი. მხოლოდ მაშინ ისაუბრებ, როცა უფლებას მოგცემს. მხოლოდ ის სვამს კითხვებს! -ბოლო სიტყვა განსაკუთრებულად გამოსცრა და ქეთის გააკანკალა. როდის საუბრობდა ზედმეტს? მანქანა სადღაც შემაღლებულ ადგილას გაჩერდა. დიდი სახლის კედლები მუქ შინდისფრად შეეღებათ, მხოლოდ ფანჯრებზე და კარებებზე შემოჭერილი ორნამენტები იყო თეთრი. მანქანის კარი შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა მამაკაცმა გაუღო, კარამდეც ის მიჰყვათ. ხელთათმანიანმა დაუდევრად შეაღო კარი. ქეთიმ უზარმაზარ ჰოლს თვალი მოავლო. რა ერთფეროვნება ტრიალებდა, მოწყენილობა, თითქოს მკვდარი სულები დაძრწოდნენ. ყველაფერი თეთრი იყო. თეთრი კედლები, მარმარილოს უზარმაზარი თეთრი კიბე, რომელიც ბოლოში ორ ნაწილად იყოფოდა, შუაში ჩამოკიდებული უზარმაზარი თეთრად მოელვარე ჭაღი და ტრადიციულად, ძვირფასი, სქელი და ბეწვიანი, შინდისფერი ხალიჩა. კედლებზე აქა-იქ ნახატები ჩაემწკრივებინათ, ყველაფერი ისეთი... ისეთი ძვირფასი იყო, ალბათ მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოედგინა ამდენი. კაცმა მკლავში ხელი ძლიერად ჩასჭიდა, ამან გამოაფხიზლა და გამოაცოცხლა. ზღაპარში კი არა, ჯოჯოხეთში იყო და ამას აცნობიერებდა. თეთრი მარმარილოს კიბე აიარეს, მარცხენა მხარეს გაჰყვნენ და ისევ ისეთივე ჰოლის ბოლოში, ლიფტის მსგავს კარს მიუახლოვდნენ, თუმცა არა, შიგნიდან მამაკაცმა გაუღო, გაატარა და ისევ დახურა. იმახსოვრებდა. თუ გაქცევა დასჭირდებოდა, მართალია სულ ტყუილად, თუმცა მაინც ეცოდინებოდა სად წასულიყო. კიდევ ერთ კარს რომ მიადგნენ, შავ, ყელამდე მაისურში და შარვალში გამოწყობილმა ფერმკრთალმა კაცმა შეაჩერა. კაცს მოუბოდიშა და ქეთი აათვალიერა. ისევ ხელთათმანიანს გახედა, თითქოს პასუხს მისგან ელოდა. ალბათ გაჩხრეკდნენ. ხელში რაღაც ეჭირა, რასაც სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა. ხელთათმანიანმა უარის ნიშნად თავი გააქნია და უცნობმაც, ნივთი მის უკან მდგომს გადააწოდა. -დაკავებული ხომ არ არის? -არა -ამოიკნავლა კაცმა და თავდახრილი გაეცალა. კარი ხელთათმანიანმა გააღო. ალბათ კაბინეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა არა. მაგიდა არსად იდგა. უზარმაზარი, ბნელი ოთახი იყო. ძვირადღირებული ავეჯით და აგიზგიზებული ბუხრით. ვიღაც, ბუხრის წინ იჯდა, მხოლოდ თავი ჩანდა, ქეთის ყველა საშინელი გრძნობა ერთიანად მოაწვა. სად მოიყვანეს საკუთარმა მოუსვენარმა აზრებმა და ქმედებებმა?! -უფროსო. -საცოდავი კნუტივით დაიკვნესა ხელთათმანიანმა და ქეთიმ ისე გახედა, ლამის შეეცოდა ასეთი ცვლილების გამო. ხმა არავინ გასცა. -გოგონა აქაა. შეგვიძლია დავიწყოთ -ქეთის მყესები დაეჭიმა, რას იწყებდნენ? სანამ ყველაფერ ცუდს წარმოიგენდა, სავარძლიდან თეთრ პერანგსა და კოსტიუმში გამოწყობილი, მაღალი მამაკაცი წამოიმართა და მზერა საკუთარ ფეხებს გაუსწორა. მამაკაცი ეცნო, მაგრამ ვერაფრით გაეგო რატომ არ იყო შეხედვის ღირსი. -დაგვტოვე -გაისმა მამაკაცის ხმა და ქეთის გვერდით მდგომი კაცი დაიძაბა. ეტყობოდა, არ აწყობდა აქედან გასვლა. იმდენად საეჭვო, იმდენად აშკარა ადამიანი იყო, ამას ქეთიც კი ამჩნევდა. -უფროსო. -ამოილუღლუღა და ხელები გაშალა. კაცმა ამოხედა, თვალებში ცეცხლები დანთებოდა, კაცმა ხელები დაუშვა, თავი დაუქნია და ოთახი დატოვა. კარის გაჯახუნებას ტკაცანის ხმა მოჰყვა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ოთახის კარი ავტომატურად ჩაიკეტა და ოთახში მხოლოდ ორნიღა იყვნენ. ქეთი და მამაკაცი. *** მამაკაცი მისგან ზურგით იდგა, მხრები აუდ-ჩაუდიოდა და ამით ხვდებოდა ქეთი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თითქმის ათ წუთიანი დუმილი არაფრით აიხსნებოდა. თვითონ დაეწყო? რა დაეწყო? ხომ არ აღიარებდა, სხვის საკუთრებას რომ დაათრევდა? „მხოლოდ ის სვამს კითხვებს!“ გაახსენდა ხელთათმანიანის კატეგორიული ტონი და კიდევ ცოტა ხნით მოცდა გადაწყვიტა. კაცმა ხელები გაამოძრავა, სავარაუდოდ პიჯაკის ღილი შეიხსნა და მთელი ტანით შემობრუნდა ქეთისკენ. თავით სავარძლისკენ ანიშნა და სანამ ქეთი ადგილიდან დაიძვრებოდა, მამაკაცი დაუდევრად ჩაეშვა მისთვის განკუთვნილში. ქეთიმ ჩანთა გვერდით დაიდო, მაგრად ჩაჰკიდა ხელი, ძვლებზე სითეთრე ეტყობოდა. -აბა?! -აღმოხდა მამაკაცს. -რა გაქვს ჩემთვის? -ქეთიმ ახლაღა შეამჩნია სავარძლის გვერდით პატარა, მინის მაგიდა, სადაც ვისკით სავსე ბოთლი და დაბალი, განიერი, ნახევრამდე სავსე ჭიქა იდგა. მამაკაცმა მოიყუდა და დაცალა. ქეთის მის ნაცვლად აეწვა შიგნეულობა, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და ლამის სახეზეც გამოეხატა რას ფიქრობდა. -არაფერი. -მშვიდი ტონი ჰქონდა, რატომღაც აღარ ღელავდა. მოკვლას რომ არ უპირებდნენ, ამას უკვე ხვდებოდა. მამაკაცს ნაკვთიც არ შერხევია. უძრავად იჯდა და ცეცხლს მიშტერებოდა. მისი აგიზგიზებული თვალებისთვის, ბუხრის ანარეკლი ზედმეტად ეჩვენებოდა ქეთის, მზერას ისიც სხვაგან აპარებდა. -კარგი გოგო მგონიხარ. -იმედიანად თქვა მამაკაცმა. -მომისმინეთ -წინ წაიწია. მამაკაცმა სწრაფად ამოხედა, ერთიანად დაჭიმულმა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა -არ გაბედო! -დაიღრინა და წინ გადმოიწია. ქეთიმ პირი დააღო და შეშინებული მიეკრო სავარძლის საზურგეს. ეს კაცი იმ მოვლენებზე საშინელი იყო, რაც კი აქამდე მომხდარა. ლაპარაკს თუ არ დააცდიდა, რას გაიგებდა? -არ მაინტერესებს შენი აზრი. -ქეთის გონება ბრაზმა დაუბინდა. რამდენიმე წამი ებრძოდა საკუთარ თავს, ენისთვის კბილი როგორმე დაეჭირა, თუმცა არა, მისმა მეორე მხარემ, რომელიც დამცირებული იყო, იფეთქა და ერთიანად მოიცვა მშვიდი ოთახი ელვის გახსნის ხმამ. მამაკაცი ჩანთას მიაშტერდა, ქეთის მოძრაობებს თანაბრად აყოლებდა თვალს. -ეს გინდათ? -ჩანთიდან შეკვრა ამოაძვრინა და მამაკაცს წინ აუფრიალა. კაცს არაფერი დაეტყო. წესით, თუ ამას ეძებდა, მოლოდინი, გამართლება ან გაკვირვება მაინც უნდა დატყობოდა. ის კი ისევ უინტერესოდ, უემოციოდ უყურებდა ქეთის ხელებს და იქ მოქცეულ შეკვრას. მერე მოდუნდა, საზურგეს მიეყრდნო და ქეთი აათვალიერა. -არ თქვა, რომ ეს რამე გგონია -საჩვენებელი თითი გაიშვირა შეკვრისკენ და ქეთიმაც ავტომატურად დახედა მის ხელებში მოქცეულ ყუთს. დაიბნა. არაფერი ესმოდა, არც უნდა გაეგო, თავი ასტკივდა და გონების დაკარგვამდე დაეხვა თავბრუ. -ამისთვის არ გამიმწარეთ ცხოვრება? -დაჭრილი მხეცივით დაიწყო გრგვინვა ქეთიმ. მამაკაცს ინტერესით მიეყრდნო ცალი მხარე ხელზე და ქეთის ისტერიკას თვალს ადევნებდა. მერე გადაიწია, ვისკი ჩამოისხა და ერთი ყლუპი მოსვა. -მეგის ნაგავს დაათრევდი და არა განძს -ცინიკურად მიუთითა შეკვრაზე და ხელით ანიშნა, მიეწოდებინა. -მეგი. მისი ნაგავი და მის გარშემო არსებული სანაგვე! დიახ, ამას დავათრევ უკვე კვირებია. ვინ იყო მეგი და რატომ მაქვს მისი „ნაგავი“ ხელში? -მამაკაცი წამოდგა, ბუხარს მიუახლოვდა და იდაყვით დაეყრდნო. -სამკაულებია, რამდენიმე მილიონი ეღირება, დიდი ვერაფერი. -მამაკაცის უდარდელად წარმოთქმულმა სიტყვებმა ქეთის სიბრაზე ნერვიულობაში გადაანაცვლა. ნერვიული სიცილი აუტყდა. თურმე ჩანთით „არაფერს“ დაათრევდა, უფრო სწორად, რამდენიმე მილიონს. -ბედის ირონიაც მესმის! -ამოიხავლა ქეთიმ და შეკვრა იქვე, მაგიდაზე დაახეთქა. -ასე, უცებ ამირჩია? - მამაკაცმა ვისკი გამოცალა და ჭიქა ხმაურით ისროლა ხალიჩაზე. -თუ არაფერი ხდება, რატომ მიგზავნით ხელთათმანიან კაცს,რომელიც მირეკავს, რაღაც ბარათს მაჩეჩებს და ისეთ გარემოს მიქმნის, თითქოს სადაცაა მომკლავენ! -უბრალოდ გავერთეთ. -უდარდელად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ისევ ცეცხლს გაუსწორა მზერა. თითქოს წუთის წინ ჭიქა არ მოექნია. აშკარა იყო მისი ტყუილებით ამოვსებული ფრაზები. -მას კი ძალიან ეტყობა რომ თქვენს ზურგს უკან ბევრს თამაშობს. -კბილებში გამოსცრა ქეთიმ და ცრემლებით სავსე თვალები შეიშრო. -აქ ყველა ვთამაშობთ. მთავარი ის პარტიაა, რომელიც გხვდება. შენ კი შენი ნაწილი ვერ ითამაშე, იმედი გამიცრუვდა. -უემოციოდ გამოხედა მამაკაცმა და ქეთის პირველად შეხედა თვალებში. მისთვის გაუგებარი იყო რაზე საუბრობდა, თუმცა რომ ტყუოდა, ისედაც ნათელი იყო. -ჩემი პარტია? როდის გავხდი ამის ნაწილი? -ეჭვით ამოხედა ქეთიმ. არაფერი ესმოდა. ჯერ იყო და შეკვრაზე უთხრა, მილიონებს დაატარებო, მერე გაუმხილა, ვიცი რომ ჩემი ქვეშევრდომი მღალატობსო, ისიც აუხსნა, ჩემი თამაშის პაიკი ხარ და ვერ გამექცევიო. ამ ყველაფერს კი ორი სიტყვით უხსნიდა - „უბრალოდ გავერთეთ“. სისხლმა ლამის კანიდან გამოჟონა, ეს კაციც ისეთივე მატყუარა იყო, როგორებიც დანარჩენები. ნათელი გახდა, აქ სიმართლის მარცვალსაც ვერ იპოვიდა. ყველა ემოცია ერთბაშად მოაწვა. მამაკაცის ნაცვლად სილუეტს ხედავდა, ცეცხლის დინამიურ მოძრაობას, არ უნდა ეტირა, მაგრამ დაბინდულ მზერას ვეღარაფერს უხერხებდა. ხმამაღლა ამოიკვნესა. მამაკაცი შეკვირსკენ დაიხარა, გარე ნაწილი მოახია, ბუხარში გადაუძახა და ბორდოსფერი, რბილ ზედაპირიანი ყუთი გამოაცალკევა. გახსნა, რამდენიმე ძვირფასი, თვალისმომჭრელი სამკაული ამოიღო, უხეშად დაანარცხა. მერე საბუთები აათვალიერა, თავი გააქნია და ფოტოებს მისწვდა. ქეთისკენ შეაბრუნა -მაშინ, როცა მეგის აკვიატება გახდი. -კიდევ ერთი ჭიქა ვისკით გაივსო და გამოცალა. ფოტოზე ქეთი იყო გამოსახული, სამსახურისაკენ მიმავალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.