ჰილეგი (5)
*** ქეთი დარბაზში იჯდა. საათი დილის ექვსს უჩვენებდა. ახალგაზრდა კაცის სიტყვებზე ფიქრობდა და დაბნეული მისჩერებოდა თითქმის ჩამქვრალ ბუხარს. ესე იგი, მეგის დედას წარმოდგენა არ ჰქონდა მისი შვილი როგორ გამოიყურებოდა, როგორი იყო, იქნებ, კიდევ ცოცხალი ეგონა? ამის გაფიქრებაზე ქეთის უსიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა. რა თქმა უნდა, ეს მისი პრობლემა არ იყო, თუმცა როცა წარმოიდგენდა ქალის თვალებში დანთებულ სინანულს, ტკივილს, ტანჯვას, სულის ხრწნას - კანკალებდა. ჯერ კიდევ სტკიოდა ნაცემი სახე. შეშუპებაც არ ჩამცხრალიყო. რა თქმა უნდა, ახლა მას მოვლა სჭირდებოდა. შესაბამისი მალამო და სიტუაცია, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა. დარბაზიდან გავიდა და ნაცნობი დერეფნები გაიარა, კიბეზე ჩავიდა, სამზარეულოსკენ დაიძრა იმის იმედით, რომ ვინმეს ნახავდა. სამზარეულოში, მარმარილოს მაგიდასთან პუტკუნა იჯდად რაღაცას ავსებდა, პატარა ცხვირზე სათვალე მიებჯინა და ხმადაბლა ითვლიდა. ხმაურზე, სათვალიდან ამოხედა და ქეთის დანახვისას, საერთოდ შეეშვა საქმეს. -ქეთი, გუშინელის შემდეგ არ მინახიხარ. მოდი, დაჯექი. -თბილად გაუღიმა და ქეთიც წამში, მის გვერდით გაჩნდა. ქალმა უზარმაზარ ქურაზე წყალი შემოდგა, ფინჯნებში ყავა გაანაწილა და ისევ ქეთის მიუსკუპდა. -ასე ადრიანად რამ შეგაწუხა, ძვირფასო? -ქალმა ცალი ხელი მაჯაზე დაადო, ცალით ჩამოყრილი თმა გადაუწია და შეშუპებულ სახეზე მოეფერა. ქეთის განუზომელი სითბო ჩაეღვარა გულში. -არ მძინებია. წუხელ, ბატონი ძალიან მთვრალი იყო, თავის საწოლში ჩავაწვინე და შესვლა ვეღარ გავბედე. -არასდროს შეეშვება. -მწარედ ამოიოხრა ქალმა და საკუთარ ხელებს დახედა. -სულ დამავიწყდა, ჩემი სახელიც არ იცი. რომ დაგჭირდე, როგორ დამიძახებ? -ალბათ, ჩამოვირბენ -გულუბრყვილოდ გაეცინა ქეთის და ქალიც აიყოლია. -შეგიძლია რუსიკო დამიძახო. -მიაძახა და ფინჯანი ქეთის წინ დაუდო. საოცარ სითბოს და სიყვარულს კითხულობდა მის თვალებში ქეთი, ერთაფერთ ნათელ წერტილად ეჩვენებოდა ამ სახლში. -ძვირფასო, -წამოიწყო ქალმა. -არ მინდა ცუდად გამიგო, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრა. სახლში ხმები დადის, შენზე და ჩვენს ბატონზე სხვა მხრიდან დაიწყეს საუბარი. თქვენ ან მის საძინებელში ხართ, ან მისსავე დარბაზში, სადაც არც ერთი სულიერი არ შედის, ჩემს და გელას გარდა. -მძიმედ ამოიოხრა ქალმა. -დიდად არც უნდა გაინტერესებდეს, აქ მოფუსფუსე გოგონები და ქალები უბრალოდ მსახურები არიან, ისინი რაღაც ვადით მუშაობენ ჩემს სამზარეულოში და მიდიან. ხოლო როცა მიდიან, არავინ იცის რა ამბები გააქვთ აქედან. ხომ ხვდები, ეს სახლი, ეს ადგილი და მისი პატრონი, მუდმივად იმ წრეში ტრიალებენ, სადაც ახალი მარცვალი ახალ გამოსავალს ნიშნავს. -რუსიკო, შორიდან რატომ უვლით? -დაიბნა ქეთი და ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა კიდეც. -საკუთარი შვილები არ მყოლია. ჩვენს მ... ჩვენს ბატონს, როგორც შვილს, ისე ვუყურებ. -ენაზე იკბინა, ქეთის მოეჩვენა, თითქოს რაღაც წამოცდენის პირას მიადგა ენაზე და ქალმაც, სწრაფად გააბრუნა უკან სათქმელი. თანაც, დაბალი ჩრდილი დაეცა სამზარეულოს თეთრ, პრიალა იატაკზე. ქეთიმ ნელა ააყოლა მზერა და ახალგაზრდა კაცის სახეს შეხვდა. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა, კუნთები გაუმაგრდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცი გამოძინებული და დასვენებული იყო, ჩვეული ნაოჭი წარბებს შორის მაინც გასჩენოდა. უინტერესო მზერით მისჩერებოდა, ცივი და არაფრისმთქმელი თვალებით. ერთ ხანს ქეთის უყურა, მერე მაცივრისკენ დაიძრა და რუსიკოც წამში წამოფრიალდა. -რას აკეთებთ, დაბრძანდით! -ქალმა მამაკაცი უკან დასწია, თვითონ გამოაღო მაცივარი და საუზმის მზადებას შეუდგა. -წყალი მინდა. -დაიღმუვლა კაცმა და ქეთიმ ძლივს შეიკავა სიცილი. მის წინ ბატონი კი არა, ბავშვი იჯდა. -ინებეთ -ქალმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, კაცმა ერთი მოყუდებით გამოცალა და უთქმელად დაახეთქა მაგიდაზე. ქეთის დილის სიმშვიდე სანატრელი გაუხდა. ეს კაცი ყველგან ხმაურს იწვევდა. -ასე ადრე აქ რამ ჩამოგიყვანა? -მოუბრუნდა ქეთის და ჭიქა ისე შეათამაშა, აშკარად ანიშნა, კიდევ მინდაო. რუსიკომ კიდევ ერთხელ შეუვსო, განზე გადგა, დახვავებული საბუთები წამოკრიფა და საუზმეს მიუბრუნდა. -ვერ დავიძინე. -რუსიკო, დროზე მომიტანე ეგ საუზმე. შენ, როცა მოწესრიგდები დარბაზში ამოხვალ. სალაპარაკო გვაქვს. -ერთი უაზრო მზერა სტყორცნა და მერე, აღარც შეუხედავს. რუსიკო სწრაფად დარბოდა, ხან რომელ მხარეს ეცემოდა, ხან -რომელს. ჯერ თეფში, დანა-ჩანგალი დაუწყო, შემდეგ წყლით კიდევ შეუვსო ჭიქა, საუზმე თეფშზე დაუხვავა. მერე, ქეთის მოუბრუნდა, მისთვისაც ისეთივე ზომის თეფში დადო, იგივე საუზმე და როგორი საკვირველიც არ უნდა ყოფილიყო, მრავლისმთქმელი ღიმილით და ეშმაკობით გასცილდა ორივეს. ქეთის მოეჩვენა, იმ დედას ჰგავდა, შვილს კარგ სარძლოს რომ „ურიგებს.“ უსიტყვოდ ისაუზმეს. მხოლოდ უსიტყვოდ კი არა, მზერის გარეშეც. ზედმეტ ხმაურს მხოლოდ დახეთქებული ჩანგლის ხმა იწვევდა, ისიც მხოლოდ ახალგაზრდა კაცისგან მოდიოდა, თორემ ქეთი ისეთი სიმშვიდით საუზმობდა, საკუთარი თავის უკვირდა. კაცმა დაასრულა, თეფში იქვე მიაგდო და ზურგით მიეყრდნო რბილ სკამს. ქეთიმ თვალები დააბრიალა, საკუთარ თეფშს ხელი მოჰკიდა და ნიჟარაში ჩაუძახა, სამზარეულოდან გასვლა უნდოდა, თუმცა მამაკაცი ისეთი სახით უყურებდა, ალბათ კიდევ ერთ ზედმეტ მოძრაობაზე, მოკლავდა. -ეგ სახე, მასე რომ გაქვს მოგწონს? -დაიღმუვლა და ორივე ხელი კეფაზე შემოიწყო. მოჩვენებითი უდარდელობით აქანავდა სკამის საზურგეზე. ქეთიმ წარბი ასწია, გულწრფელად გააკვირვა კაცის ყურადღებამ. მიუახლოვდა, საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. -რაზე უნდა ვისაუბროთ? -სულელს მე ვგავარ თუ შენ ხარ და მე გგონივარ? -ქეთი ვერ იტანდა მამაკაცის მიერ გართულებულ სიტყვებს. ეს კაცი ისეთ უმნიშვნელო კითხვას, როგორიც „სულელი ვარ?“ არის, სვამდა ისე, თითქოს ფილოსოფიურ ნარკვევებს წერდა.ირონიული კი ის იყო, რომ მხოლოდ იმას წელავდა, რასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხოლო ისეთ თემებზე, როგორიც მეგი იყო, პასუხებს ხარბად ინახავდა. -მსოფლიოში ორი ადგილია, სადაც ვსაუბრობ - ჩემი ოთახი და ჩემი მისაღები. -მოუჭრა კაცმა, წამოდგა და თავით ანიშნა, გაყოლოდა. კიბე ჩუმად აიარეს, გამაგრებულ დაცვასაც ასევე ჩაუარეს და დარბაზში შევიდნენ. ქეთის ახსოვდა, როცა გავიდა ბუხარი ჩაქრობის პირას იყო, ახლა ვიღაცას აენთო (იცოდა, რომ ახალგაზრდა კაცი იქნებოდა) და თავბრუდამხვევი სითბო ტრიალებდა. მამაკაცი ოთახისკენ დაიძრა, შუაგულში შეაბიჯა და ქეთიც შეჰყვა, კაცმა მაისურის ბოლოებს ხელი ჩაჰკიდა და ვიდრე ზემოთ აქაჩავდა, გაშტერებულ ქეთის გახედა. -გახდას ვაპირებ, თუ, რა თქმა უნდა, ყურება არ გირჩევნია. -ქეთიმ თავი გააქნია, დაიბნა, წარბები შეკრა და შებრუნდა, სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ, მაგრად გამოიხურა და დარბაზში ბოლთის ცემა დაიწყო. ვერ გაიაზრა რატომ არ მოეწონა კაცის სიტყვები. ბუხარს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევის შემდეგ, მინიმუმ ოცჯერ მაინც გასუფთავდა ბუხარი, ქეთი მაინც გრძნობდა საკუთარი ფოტოს ნამწვავს, დაფერფლილ საკუთარ თავს. თითქოს, რაღაც ლოგიკით, თვითონაც დაფერფლილი იყო. ნაღველი მოაწვა. წარმოდგენა არ ჰქონდა ამდენი ხნით რატომ ჩერდებოდა ამ კაცის სახლში, რატომ არ მიდიოდა დედამისთან, რატომ არ არკვევდა ყველაფერს?! ალბათ, ინსტიქტი იყო, რომელსაც მიჰყვა. ინსტიქტი დარჩენის, როგორი შეცდომაც არ უნდა ყოფილიყო, თავს ვალდებულად აღარ თვლიდა იქ დაბრუნებულიყო, საიდანაც მოტყუებული გამოვიდა. ალბათ მერე ინანებდა, ძალიან ინანებდა და აქ დახარჯულ დროს აბსურდად ჩათვლიდა. ფიქრებიდან კარის ხმამ გამოარკვია. ახალგაზრდა კაცი მოხდენილ, თეთრ პერანგში გამოწყობილი გამოვიდა, მაჯაზე საათს იკრავდა. მოხდენილად გადაევარცხნა თმა, ოდნავ ამოსული წვერი განსხვავებულ იერს სძენდა, ჩამუქებული თვალებით უყურებდა ქეთის. -დაჯექი. -მიუთითა სავარძელზე და თვითონ, კუთვნილ, დიდ, ბორდოსფერ სავარძელში ჩაესვენა, სახე ცეცხლს მიუშვირა და ჩვეულებისამებრ, სივრცეში გაფანტულმა დაიწყო. -რამდენი ხნითაც გსურს, იმდენი ხნით დარჩი აქ, მაგრამ შენი უმოქმედობა ყველაფერს აფუჭებს. -მკაცრი და მომთხოვნი ტონი ჰქონდა. ქეთიმ გაიაზრა, მასთან აღარ ღირდა კითხვების დასმა, რადგან როგორც ჩანს, მზრუნველობისა და ყურადღების ხალისი დიდი ხნის წინ დაეკარგა. -გისმენთ. -ამოიკნავლა ქეთიმ და მუხლებზე დადებული ხელები ძლიერად შეკრა. -არ ვიცი როგორ აგიხსნა, რომ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. რასაც გეტყვი, ჩაწვდი და კითხვები არ დამისვა. -მცირე პაუზამ ცუდად იმოქმედა ქეთის ნერვებზე, ყელი გაუშრა და წყალი ინატრა. -მალე მეგის დედა ჩამოვა. მან არ იცის, რომ ის მკვდარია. მხოლოდ ერთხელ ჰყავს ფოტოში ნანახი, მოზარდობისას. საჭიროა რომ შენს სახლში დაბრუნდე, მოაგვარო შენი საქმეები და ცოტა დრო კიდევ დაუთმო ამ საქმეს. მერე, იმ უსაფრთხოებას მიიღებ, რომელსაც დაგპირდი და აქვე გპირდები, ამ ამბავს ისე დაივიწყებ, მისი აჩრდილი აღარასდროს გამოგყვება უკან. -ახალგაზრდა კაცმა მონოლოგი დაასრულა, საჩვენებელ თითს ქვედა ტუჩზე ასრიალებდა და ხმადაბლა საუბრობდა. მზერა ქეთისკენ გააპარა, წამით და ისევ გახედა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. -ანუ, რას მთავაზობთ? ვიცი რომ კითხვების დასმის უფლება არ მაქვს, მაგრამ უფლებას არ მოგცემთ მარიონეტად მაქციოთ. -არაფერს გთავაზობ. შენგან დახმარებას ველი. -მეგი ხომ არაფერს ნიშნავდა, მაშ, რატომაა დედამისის შეხედულება ასეთი მნიშვნელოვანი? -რატომ ხარ ასეთი -კაცმა თითქოს, ენაზე მომდგარი ბინძური სიტყვა გადაყლაპაო, თავი გააქნია და თვალები დახუჭა, თავი ხელებში ჩარგო. ქეთიმ შეატყო, ვერ იტანდა როცა ჰარმონიას ურღვევდნენ, მითუმეტეს კითხვებით. -ფეხებზე , მისი აზრი! და შენც! მე ჩემი საქმე მაინტერესებს, რომელიც ყოველდღე იძირება იმ ძუ*ნას გამო! უფრო ადრე რომ მომკვდარიყო, მეც ვიპოვიდი სიმშვიდეს. -ქეთიმ ამოხედა, რაღაცის სათქმელად პირი გააღო და გაჩერდა. სიტყვები არ ყოფნიდა , აუღწერელი იყო ის გრძნობა, რასაც ახალგაზრდა კაცის მიმართ გრძნობდა. ბრაზში გარეული სიმწარე, ზიზღი. დიდ ხანს ითმენდა გამეფებულ სიმშვიდეს. მამაკაცი ისევ თავჩაღუნული იჯდა, როგორც ჩანდა, დაკარგულ ძალებს იღდგენდა და ცდილობდა გაღიზიანება დაემალა, რომელსაც რატომღააც, ვერასდროს მალავდა. ქეთიმ ცრემლები მოიწმინდა, თავი ჩახარა და თითები ერთმანეთში ახლართა. -იცით, როცა გოგონები მოზარდობის ასაკს აღწევენ -ახალგაზრდა კაცმა მობეზრებულად ამოხედა, თავის გადაქნევას აპირებდა -არ გამაწყვეტინოთ! -მისი მზერა დაიჭირა და ამოისუნთქა. -რაღაცნაირად, ჩვენში უცნაური გრძნობა იჭრება. წარმოვიდგენთ როგორი კაცი გვეყოლება გვერდით და როგორი ქალები ვიქნებით. როცა ამ ასაკში ვიყავი, გავიაზრე რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი მჭირდებოდა. ის, ვინც ჩემს ქალურ აკვიატებებს ცხოვრების გამამწარებელს არ უწოდებდა, ვინც ჩემთან ერთად სიამოვნებით ისეირნებდა, დალევდა ჩაის. მინდოდა ადამიანი, რომელსაც ისევე ნამდვილად ვეყვარებოდი, როგორც - მე. იდეალური არაფერი გვინდა. კაცებს ასე გგონიათ, მაგრამ ცდებით. ქალები არასდროს ვითხოვთ იდეალურობას, რადგან საკუთარ თავში იმდენ ნაკლს ვხედავთ, იმდენ დროს ვუთმობთ ამაზე დარდს, რომ სხვას ვეღარ ვთხოვთ შეუძლებელს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ერგებოდა მეგი უბრალოდ სტატუსს, თუ რამდენად კარგი ქალბატონი იყო მსახურებისთვის, დამიჯერეთ, რომ ის თავს ქალად არ გრძნობდა. იმიტომ კი არა, რომ შიზოფრენია კლავდა, არამედ, იმიტომ რომ გვერდით მამაკაცი კი არა, ქაღალდის ფიგურა ჰყავდა. ფერფლი, ფიტული, რაც გინდათ უწოდეთ საკუთარ თავს, ოღონდ იცოდეთ, მამაკაცი, - არასდროს! შესაძლოა, შიზოფრენიამ ჩემამდე მოიყვანა, მაგრამ ავადმყოფი თქვენ გახადეთ. გრცხვენოდეთ, როცა მის სიკვდილზე მეტს ფიქრობთ. -მტკიცედ დაასრულა ქეთიმ, წამოდგა და გაწბილებულ მამაკაცს თვალებში მიაჩერდა. ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. გაბედულად მიაბიჯებდა კარის მიმართულებით, ხელი სახელურს მიაწვდინა, მასზე მიშტერებულ მამაკაცს გახედა და დანანებით მიაყოლა. -იცით, კიდევ რატომ უნდა გრცხვენოდეთ? თქვენს სახლში, გუშინ ქალი ცემეს. სუსტი, უმოქმედო არსება. თანაც, ვინ ასწია ხელი? მოღალატემ. თქვენივე ძირის მთხრელმა. მანქანა დგას? სახლამდე მიმიყვანენ? -ხმას აუწია ქეთიმ. გაუკვირდა, როცა ახალგაზრდა კაცმა თავი დაუქნია. თავი ჩაეხარა და რაღაცას მიშტერებოდა. ცეცხლის შუქი მის პროფილს მიმზიდველად ეცემოდა, თუმცა ქეთისთვის მხოლოდ ზიზღის გრძნობას ბადებდა. სავარძელში, საზურგეს მიყრდნობილს, ხელები აქეთ-იქით ჩამოეწყო, მუშტებად შეეკრა, ყბები დაჭიმვოდა და სიმწრის სიტყვებს ყლაპავდა. დაამცირეს, თუმცა აიტანდა, ამის იმედი ჰქონდა ქეთის. კარი ხმაურით გაიხურა და კიბით, ეზოში გავარდა. პირველივე მანქანასთან აყუდებულ მძღოლს მიაშტერდა, მან კარი გაუღო, ქეთი ჩასვა და მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. *** -ქეთი! შემობრუნდი, როცა გელაპარაკები! -ისტერიკაში ჩავარდილმა დედამისმა სახლი აიკლო. ქეთიმ უხეშად მიაგდო მოსაცმელი და ფეხსაცმელი, გაწბილებული დარბოდა აქეთ-იქით ოთახებში და მოწესრიგებას, დასვენებას ცდილობდა. დედის სიტყვებს განგებ აიგნორებდა, არ უნდოდა შებრუნებულიყო და რაიმე ისეთი ეთქვა, რაც ძალიან ატკენდა გულს, ამჯერად დედამისს კი არა, თვითონ მას. -ჯერ სახლში გვიან მოსვლას მიგაჩვიეს, მერე საერთოდ ხუთი დღით გადაიკარგე. არც ტელეფონი, არც კონტაქტის სხვა საშუალება. და ბოლოს, ჩემი შვილი ნაცემი მოდის! ქეთი! ამიხსენი! ვინ არის ამ ყველაფრის მიზეზი? -ქეთი გაბრაზებული შემობრუნდა. ყელში ბოღმის უზარმაზარი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და მის გადაგორებას ვერა და ვერ ახერხებდა. წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა, ნატკენი ტუჩი ძლიერად მოიქცია კბილებს შორის და თვალები დახუჭა. ჰაერი ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. -დედა, რა მოხდა ოცდაშვიდი წლის წინ? -ქალს სახე წაეშალა, ადგილს მიეყინა და სახიდან ფერი გადაუვიდა. მისი დაბნეული სახის დანახვამ ქეთის აუტანელი ტკივილი აგრძნობინა გულში. ბოლომდე სჯეროდა, სახლის კართან ატუზულს სჯეროდა, რომ იქ რაღაც ტყუილი უთხრეს, დედის მიმართ აამეხდრეს. -რას ლაპარაკობ? ოცდაშვიდი წლის წინ შენ დაბადებულიც კი არ იყავი. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ, უაზროდ დაიწყო ქალმა და ჩამოჯდა. ქეთის სძულდა ყოველი სიტყვა, რომელიც ახალგაზრდა კაცის ნაამბობს ამართლებდა. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები უხეშად შეიმშრალა და დედამისს ზემოდან დახედა. -ასე არა? მაშინ მითხარი, სახელი მეგი თუ გეცნობა? ოთხი წლის გოგონა თუ გეცნობა, რომელიც ნაგავივით მოისროლეს? -ქეთიმ გარკვევით დაინახა როგორ ჩაუდგა ქალს თვალებში ცრემლები. ერთიანად აკანკალებოდა სხეული. შეშინებული იყო. ადამიანურად შეშინებული კი არა, დანაშაულზე წასწრებული ბოროტმოქმედივით. -ეს.. ეს ვინ გითხრა? -რაიმე მნიშვნელობა აქვს? მითხარი! დედა, ჯანდაბა! ხვდები, რომ ცხოვრება დაუნგრიეთ ქალს? -ქეთი, გაჩერდი! -რატომ მეგონე ქალის იდეალი? დედა. -საცოდავად წამოიყვირა ქეთიმ და ჩამოჯდა. დიდი დრო გავიდა სიჩუმეში, მხოლოდ ქალის ქვითინი, ნერვიული სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს. ქეთის კადრებად უდგებოდა თვალწინ ბოლო ერთ კვირაში მომხდარი და საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა, რომ ნამდვილად ნახა, ნამდვილად იგრძნო, ნამდვილად ასე გაუცრუვდა იმედები. -ის ბავშვი დედამისმა მოგვიგდო. ჩვენ გავზარდეთ, გვიყვარდა, მასზე ვზრუნავდით. საკუთარ შვილად ვთვლიდით, მაგრამ დამიჯერე ქეთი, არ გვცოდნია ღვიძლი შვილის სიყვარული რა იყო. შენ რომ დაიბადე, ვერ წარმოიდგენ რამდენად განსხვავდებოდით. მეგი, ჰო, მეგიც სულ ორი კვირის მოგვიყვანეს, ისიც პატარა იყო და შენც. მერე რა, რომ ოთხი წლის შემდეგ დაიბადე. შენ მასზე სასიამოვნო სურნელი გქონდა, მასზე ნაზი იყავი, მასზე ბევრად ძვირფასი. -ქეთიმ სიმწრისგან თვალები დახუჭა, არ უნდოდა იმ ყველაფრის მოსმენა რასაც ისმენდა. ვერ იჯერებდა ადამიანის სისასტიკეს. -ვეღარ შევძელით მისთვის გაგვენაწილებინა სიყვარული. შეიძლება ფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი იყო თუ არა, მაგრამ ასე არაა, ქეთი, დამიჯერე! -ქალი მხრებში ჩააფრინა, მზერით ევედრებოდა ქეთის მისთვის შეეხედა. გოგონა არ განძრეულა. -იმის გამო შეიძულეთ მეგი, რომ მე დავიბადე. არადა, მეგი რომ ჩვენთან გაზრდილიყო, ის რომ საკუთარ დად გამეცნო, მეყვარებოდა! მე? მხოლოდ მე კი არა, სამყაროს რომ გადაუდგეთ, ვერავინ გაგიგებთ! დარწმუნებული ვარ, მასზე ძვირფასი არ ვყოფილვარ. მეც ჩვეულებრივი ვიყავი, შეიძლება, მასზე ბევრად ნაკლებიც. ოცდაშვიდი წლის განმავლობაში, ვერც ერთხელ ვერ მიხვდით რა შანსი გაუშვით, რამხელა ბედნიერება წაართვით საკუთარ თავს და როგორ დაუნგრიეთ სხვას ცხოვრება. -არა, ასე ნუ ლაპარაკობ, შვილო. დარწმუნებული ვარ, მეგი ჭკვიანი გოგონა გაიზარდა, შეიძლება გათხოვდა კიდეც, შვილებიც ჰყავს. არ ემახსოვრება ის ოთხი წელი და ალბათ, არც არავინ მოუყვებოდა. -თავის მართლებას მიჰყვა დედამისი. სისხლმა ლამის კანიდან გამოჟონა, ქეთიმ კაპილარების სკდომა იგრძნო. იმდენად უძლური იყო ამ სისაძაგლესთან, ბოროტებასთან და არაადამიანობასთან, საკმარისი გრძნობებიც ვეღარ უგროვდებოდა. ყველაზე მეტად კი, სიბრალულს გრძნობდა. დედის ბოდვას აღარ უსმენდა. არც აინტერესებდა, რადგან იგი მეგის სავარაუდო აწმყოს გარშემო დაფრინავდა. განიხილავდა როგორი წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო, მისი აზრით, უდარდელად ცხოვრობდა, რაც მთავარია, ჯანმრთელად. ქეთიმ ხელები ყურებზე მიიჭირა, ყოველი სიტყვა სძულდა. -გაჩუმდი. -ევედრებოდა ქალს. ის კი არ ჩერდებოდა. ტირილს აყოლებდა ნერვიულ საუბარს, ემოციას, რომ მეგი კარგად იყო, ბედნიერი იყო. სინამდვილეში, მეგი საერთოდ აღარ იყო. -მეგი მოკვდა! -იღრიალა ქეთიმ და საკუთარ თავში გამომწყვდეული მოთმინება ერთიანად გამოუშვა, გაათავისუფლა. რაც კი თვეების მანძილზე იგრძნო, რასაც აკოწიწებდა და აგროვებდა, ახლა უკონტროლოს ხდიდა. სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ქალი აღარც კი სუნთქავდა, დამშრალი, ნატკენი მზერით მისჩერებოდა გაგიჟებულ, გაცოფებულ ქეთის და მხოლოდ საბრალო გამომეტყველებით ცდილობდა ნათქვამის გააზრებას. პირზე ხელი იტაცა, თვალები დახუჭა და ატირდა. წამით, ინანა კიდეც ქეთიმ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლსაც ძალა სჭირდებოდა, რომელიც აღარ ჰქონდა, გამოაცალეს. -წლების წინ შიზოფრენიით დაავადდა. როცა დედამისს მიუგდეთ, არც მან ისურვა მისი აღზრდა, მეტიც, შვილის გაზრდას არ მოსწრებია. მიატოვა, გაათხოვა და წავიდა. არც ქმარში გაუმართლა, არც შვილები ჰყოლია. დაავადებამ ჩემამდე მოიყვანა. როგორც ჩანს, ვიღაცისგან გაიგო. მე შემეწირა. გესმის? იმ საღამოს,როცა დავაგვიანე და მოგატყუე, მეგის თვითმკვლელობას მეტროში შევესწარი! მისი ქმრისგან მოვისმინე ყველაფერი. და იცი, რატომ იყო მეგი ყველაზე საბრალო? იმიტომ რომ ჯერ თქვენს ხელში ჩავარდა, შემდეგ ცხოვრება გაუმწარეს და სიყვარული არ აღირსეს. პარანოიამ შეიწირა. რომელიც მეც მიპყრობს, ჩემშიც იდგამს ფესვებს. ყოველ დილით, როცა თვალებს ვახელ, მის სახეს ვხედავ და გული მიცრუვდება. ყოველ ღამე, სიზმარში მესმის ძვლების მტვრევის ხმა მატარებლის ქვეშ. მე ამით ვცხოვრობ, ამაში შევაბიჯე. ეს ის ტვირთია, რომელსაც ვერავინ შეამსუბუქებს. ადამიანი, რომელმაც პიროვნება დაკარგა, შეეწირა ისტორიას, რომელმაც იგი გაანადგურა. ამ ყველაფერს გადავიტან, შევძლებ ამით ცხოვრებას, შევეგუები გაღვიძებას და დაძინებას მეგის აჩრდილის ქვეშ, მაგრამ შენ? შენ ვინ გაპატიებს, მკვდარი მეგი თუ ქალიშვილი, რომელსაც იქამდე არაფერი აკლია? -შემზარავი სიწყნარით დაასრულა ქეთიმ და ოთახის კარი გადაკეტა. შხაპის ქვეშ რამდენიმე საათი გაატარა, მერე, ისე ჩაეძინა, საბედნიეროდ, ფიქრიც ვეღარ მოასწრო. *** სამი დღის სიჩუმის შემდეგ, ქეთის დედამისმა გამოუცხადა, რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ, აგარაკზე დავისვენებო. ქეთი მხოლოდ თავის ქნევით დაეთანხმა, ზედაც არ შეუხედავს დედისთვის. მომდევნო ერთი დღე, სრულიად მარტომ გაატარა სახლში. დივანზე იწვა, პლედშემოხვეული, ჩაის სვამდა და წიგნებს უაზროდ ფურცლავდა, გულს ვერაფერს უდებდა. სიმწვანეში ჩაძირული ბორდოსფერი სახლი გაახსენდა, უზარმაზარი მარმარილოს კიბე, ჩაბნელებული ოთახები და ბატონის დარბაზი, საიდანაც იმ საძინებელში გადიოდა, ქეთის რომ ეძინა. თვითონ ბატონის გახსენება არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მასში ადამიანურის ნაპერწკალი შენიშნა, მთლიანობაში, ანგარებიანი ადამიანი იყო, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებდა, რასაც თვალი პირველად შეამჩნევდა, ხოლო რაც მის შიგნით იყო - უმნიშვნელოდ. ქეთი დარწმუნებული იყო, რომ მეგი, ტკივილის მიუხედავად კარგ ადამიანად გაიზარდა, რომ მას სიკეთის კეთება და გულწრფელი ღიმილი შეეძლო. წითურისა და მისი პირველი შეხვედრა გაიხსენა, ქალს ისეთი მეტყველი, ტანჯული, მაგრამ ლამაზი თვალები ჰქონდა, გააკანკალა. წლების ურთიერთობის შემდეგ, შეუძლებელი იყო მამაკაცს გრძნობა არ გასჩენოდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მეგის უყვარდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი მის მიმართ უგრძნობი იყო. არადა, როგორი საინტერესო ფრაზებით საუბრობდა, როგორი დამაჯერებელი, დინჯი საუბრის მანერა ჰქონდა. მის პროფილზე დაცემული შუქი გაახსენდა. ის ვახშამი, რომელიც პირველმა სწორედ ახალგაზრდა კაცმა დააგემოვნა და შეგრძნება, რომ მისი სახელი არ იცოდა, იმედს უფრო მეტად უცრუებდა. რუსიკოს წამიერი დაბნევაც ალბათ, იმაზე მიანიშნებდა, რომ სახელის წამოცდენასთან ძალიან ახლოს იყო. ქეთიმ ჩაი მოსვა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ოღონდ დედამისი არ დაბრუნებულიყო, ყველაფერს დათმობდა. ფინჯანი გვერდით გადადო, პლედი გადაიძრო და კარს ნელა მიუახლოვდა. გახედვის გარეშე გადასწია საკეტი და გააღო. კარში ორი მამაკაცი იდგა, შავებში ჩაცმულები. ქეთიმ თავი გადააქნია. კარგად იცოდა ვისი დავალებით იყვნენ. -ქალბატონი ქეთი?! -სხვათაშორის იკითხა კაცმა. ქეთიმ იფიქრა, მისამართს თუ უკითხავად მოაგნეს, სახელის დაზუსტება რომელი თამაშის ნაწილი იყოო? -დიახ. -უხეშად უპასუხა და კარი ოდნავ დახურა. -რა ხდება ? -ბატონს თქვენთან საუბარი სურს. -განზე გადგა ერთ-ერთი და კიბის საფეხურზე ამომავალი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. ქეთიმ უკან დაიწია, კარს ხელი მაგრად ჩაავლო და მოახლოებული მამაკაცი აათვალიერა. თითქოს , ისევ ისეთი იყო, მაგრამ რაღაც მაინც შეცვლილიყო. ოღონდ ისეთი, ვერავინ რომ ვერ ამჩნევდა. არც ქეთის შეეძლო დანახვა, უბრალოდ იგრძნო. მამაკაცმა თავით ანიშნა, ორივე ჩუმად, უსიტყვოდ ჩავიდა კიბეზე. სართულზე მხოლოდ ორნი დარჩნენ. ზღურბლს იქით ქეთი, აქეთ - ბატონი. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. -შეიძლება შემოვიდე? -ქეთი განზე გადგა, კარი ნელა დახურა და კაცს მისაღებში გაუძღვა. ზედმეტად არაფრისთვის შეუხედავს მამაკაცს, პალტო გაიხადა, თეთრი პერანგის საყელო შეისწორა და სავარძელში ჩაესვენა. სხვა დრო რომ ყოფილიყო, ქეთი ალბათ ჩაის ან ყავას შესთავაზებდა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მამაკაცი სახლში მოადგა. ესე იგი, საქმე სერიოზულად იყო. სხვა შემთხვევაში, ისევ ჩასვამდნენ მანქანაში და სამი საათის შემდეგ, სასახლეში ამოაყოფინებდნენ თავს. თვალები. აი , რა შეიცვალა. ქეთი გასწორდა. ესიამოვნა კაცის უჩვეულო ცვლილება და მის წინ, ხელებგადაჯვარედინებული დადგა. -ვიცი, ეს ჩემს სტილში არ ჯდება, მაგრამ ქეთი, -მამაკაცის ნათქვამმა საკუთარმა სახელმა ქეთი დააბნია, აქამდე არასდროს მიუმართავს სახელით. -შემიძლია ფული გადავიხადო და დახმარება ნებისმიერ გოგონას ვთხოვო. -ხოდა, ასე მოიქეცით. -გააწყვეტინა ქეთიმ და გონებაში, ყველა შესაძლო ვარიანტს პასუხად „არა“ დაურთო თან. -ქეთი, მხოლოდ შენ იცი ეს ისტორია, მხოლოდ შენ შეგიძლია დახმარება. -მსახიობები გამოგელიათ? -საქმეც იმაშია, რომ მსახიობი არ მჭირდება. მართალი ხარ. მეგი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჩანდა. მხოლოდ შენ შეგიძლია ეს იაფფასიანი სპექტაკლი ისე ითამაშო, რომ ქაოსი დაალაგო. -სიტყვებს დიდ ხანს აფერადებდით ბედნიერების ფერებად? -ქეთი. -მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში. ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა. -მითხარით, ამჯერად რომელი ნივთი უნდა ვიყო? -ხვალ, დილით, მეგის დედა ჩემს სახლში იქნება. მას მეგის ნახვა უნდა. როცა ის დარწმუნდება, რომ მეგი ცოცხალია, კარგადაა და ქმართან ბედნიერია, იმას გააკეთებს რაც შენ არაფერში გჭირდება, მაგრამ მე ძალიან წამადგება. -ქეთის თვალები გაუფართოვდა, უკან დაიხია, მაგიდას დაეყრდნო და თვალები დახუჭა. -მთხოვ, მთხოვ რომ... -სიტყვა უწყდებოდა. -მთხოვ, რომ მეგი ვიყო, ვიდრე დედამისი აქ იქნება? ამას მთხოვთ? -იყვირა ქეთიმ. მამაკაცი წამოდგა, გაბრაზება არც მას დაჰკლებია. -ყვირილი აუცილებელია? -არაკაცი! აი, ეს ხართ! -ახალგაზრდა კაცმა ქეთის მკლავში ხელი სტაცა, ახლოს მიიზიდა. მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე ეცემოდა ქეთის. რა თქმა უნდა, მოჩვენებითი ხვეწნა-მუდარა ნიღაბი იყო, როგორ იფიქრა, რომ ის „შეცვლილი“ თვალები რეალობას შეესაბამებოდა. -ჯიუტი,სულელი გოგო. შენ გგონია, მართლა ასე გულუბრყვილოდ გთხოვდი, არა? მაიძულებ,ძალიან ცუდად მოგექცე, შენი პატარა გული გატკინო. -მამაკაცმა ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა, ქეთისკენ შეაბრუნა და ჩართო. ვიდეოზე დედამისი იყო, დარდიანი სახე ჰქონდა, ტერასაზე იჯდა და ფიქრობდა, ტიროდა. -თუ იმას არ გააკეთებ, რასაც გეტყვი, დედაშენიც იმ გზას გაუდგება, რომელსაც მეგი დაადგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.