მებაღე (ნაწილი 14)
14. „დადა არც ჩემი შვილია და არც ჩემი მემკვიდრე“ - წყნარი ხმით დაიწყო პატრონმა, მებაღე გახევებული შეჰყურებდა... ,,გიკვირს არა?.. ამხელა ქონების პატრონი შვილობილს, რომ ვერაფერს ვუტოვებ?... კი მაგრამ რა უნდა დავუტოვო?.. მე თვითონ არაფერი გამაჩნია..“ ახლა უკვე მებაღის გაკვირვებულ სახეს ცინიზმიც შეერია, პატრონი კი განაგრძობდა: ,,აი ეს ყველაფერი რასაც ხედავ და რასაც კი ვერ ხედავ, ყველა ეს ქონება, მოძრავი თუ უძრავი, ყველაფერი უკვე დადასია და მემკვიდრე კი არა უკვე დიდი ხანია მფლობელია, თუმცა არც კი იცის. უბრალოდ არ აინტერესებს. მისთვის არაფერს წარმოადგენს ქონებრივი ღირებულება. სულიერი სიმშვიდე უფრო ძვირფასია, თუ საჭირო გახდება, და ამის სურვილიც ექნება დაუყოვნებლივ დაარიგებს ყველაფერს, მხოლოდ არავინ შეაწუხოს და არავინ ცუდად არ შეეხოს მის უმანკო სამყაროს... ამიტომაც ყველაზე სანდო, კეთილი და ამაღლებული სულის ადამიანია, მისი გულის ტკენა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ტოლფასია... დედამიწის ზურგზე ყველაზე უდანაშაულოთა შორის, ყველაზე უდანაშაულო არსებაა... ჩემი ცოდვების გამო, ძალიანაც რომ მოინდომოს პასუხს მაინც ვერ აგებს, რადგან ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს საერთო, ამიტომაც თავისუფალია ჩემი შურისმაძიებლებისაგან... მდიდარი, ლამაზი პატარა ქალბატონი, მართალია თავისი ცხოვრებით თავისებურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს მოხიბლავს, თუმცა ახლოს არავინ გაიკარა, ვერავის აუღო ალღო, რომ ახლოს მის სულთან მიეშვა... და რატომ დაინტერესდა შენით ის მაინც თუ იცი?..“ მებაღეს ყელი გაუშრა ძლივძლივობით ჩაყლაპა ნერწყვი... ხმას ვერ იღებდა... ,,ესე იგი არ იცი... მაშინ მე გეტყვი“ - განაგრძობდა პატრონი, თან კარგად აკვირდებოდა მებაღეს. ,,სასურველ მოდელს ეძებდა, და აქ, ჩვენს მამულში, აქაურ მცხოვრებთა შორის შენ შეგარჩია მუზად... უფრო სწორად ერთ-ერთ მუზად... აი სულ ეს იყო, და რაც შეეხება შენზე მზრუნველობას, შეგიძლია კარგად გაიკითხო, იგი ყველას მიმართ ასეთი მზრუნველია და სხვებისგანაც ამასვე ითხოვს, ხომ გახსოვს... ვიღაც საცოდავი, უბადრუკი მოხუცი ეგონე, შენს დანახვაზე გული დაეწვა... ლუკმა ყელში გაეჩხირა, დაუყოვნებლივ შემოგიშვა... დაგაპურა.... ყველას შენი პატივისცემა მოსთხოვა, დაგასაქმა... ზეკისგანაც დაგიცვა... აი ასეთია ჩემი გოგონა, ჩემი პატარა გოგო... მისი გულისათვის უკან არაფერზე დავიხევ, თუმცა არა გამაჩნია რა... ჩემი ერთადერთი ქონება ის არის და ჩემი ცოდვების გამო პასუხი მას არ მოეთხოვება... ერთადერთი უცოდველი არსებაა ვისაც კი ცხოვრებაში ოდესმე შევხვედრილვარ...‘’ პატრონმა ცოტა შეისვენა, ცდილობდა როგორმე მებაღის ტვინში ჩაებეჭდა, რომ გოგონასთვის არაფერი დაეშავებინა, პირიქით იქნებ შეებრალებინა ეს უმანკო არსება და დახმარებოდა კიდეც... ,,დადა ჩემი შვილი არარის, და ეს არავინ იცის... ზეკის გარდა, მან მომიყვანა, სულ პატარა იყო, ქუჩაში მაწანწალა ბავშვებთან ერთად დაბორიალობდა, ისინი კი აწვალებდნენ, აბუჩადაც იგდებდნენ ლაპარაკი რომ არ შეეძლო... ზეკს შეეცოდა და წამოიყვანა ქალაქის იმ ბინძური ქუჩებს მოაშორა...’’ პატრონმა ცოტა შეალამაზა მის ცხოვრებაში დადას გამოჩენის ამბავი. იქნებ უფრო მეტად შეებრალებინა გოგონა მებაღისათვის. ,,ზეკი დაუნდობელი და შეუპოვარი კაცია, დადას გამოჩენის დღიდანვე იცავს, ამიტომაც იყო ასეთი გაშმაგებით, რომ გეძგერა... მართალია ზომაზე მეტი მოუვიდა, თუმცა არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ, მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელი იყო უსუსური გოგონას დაცვა, თუმცა არც კი იცოდა რაში იყო საქმე, რასაც თვალი მოჰკრა ესეც საკმარისი იყო დადას დასაცავად გამოქანებულიყო...“ მებაღეს ძველი იარა სახეზე ჯერ კიდევ კარგად შერჩენოდა, ზეკის ხსენება ოდნავ აუთამაშდა ნაიარევი მხარე. პატრონმა ესეც შეამჩნია, უფრო ძლიერად ჩახედა თვალებში. უგო კვლავ გახევებული შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა. ყველაზე მეტად უგოს პატრონის მახვილი გონება აკვირვებდა, მშვენივრად მიუხვდა ამ საუბრის არსს, კაცი შვილობილს იცავდა ამიტომაც გაანდო საიდუმლო... მიხვდა, ამით პატრონმა მებაღეს, დადას დაცვა სთხოვა და მზად იყო თავისი თავი მტრის ლუკმად ექცია... კიდევ ბევრი რამის თქმასაც აპირებდა პატრონი, მაგრამ მის ზურგს უკან კარი გაიღო, ოთახში დადა შემოვიდა მას უკან მსახური დიდი ლანგრით შემოჰყვა. დადას შემოსვლაზე მებაღეს თვალები გაუბრწყინდა და არც დაუფარავს ეს სიხარული, პირიქით ღიმილი მიაგება. პატრონი სკამიდან წამოდგა, ოსტატურად დამალა იარაღი, არავის შეუმჩნევია. აქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, ოთახიდან გასვლისას მებაღეს გამოხედა, მის თვალებში მებაღემ რისხვასთან ერთად ვედრებაც შენიშნა... პატრონი თავის კაბინეტში შეიკეტა. ფარულად კვლავ გაამაგრა დაცვა, როგორც სახლში ისე მის შემოგარენში. საწერ მაგიდასთან მდგარ სკამზე გადაწვა კონიაკი მოწრუპა, თვალები დიდ ხანს ჰქონდა დახუჭული... ისე როგორც ბებიამ ასწავლა ყველაფრის ანალიზს შეუდგა, მებაღის ყოველი მიმიკა, ყოველი ამოსუნთქვაც კი არაერთხელ გაატარა გონებაში. ,,ნეტა მართლა ვინ არის... ვიმედოვნებ, რომ მიმიხვდა... იქნებ მართლაც მოსწონს დადა... იქნებ მაგიტომ უფრო დაიცვას... ოღონდ ამ გოგონას არაფერი დაუშავდეს და თუ გინდ დღესვე დავტოვებ წუთისოფელს... მაშინ რაღაა ჩემი სიცოცხლე ამ წყეულ მიწაზე, თუ უმანკო არსების დაცვასაც ვერ შევძლებ... ჭირსაც წაუღია მთელი ეს ქონება....’’ მერე უცებ ზეკი გაახსენდა. კვლავ არსად ჩანდა. ზეკს არ უყვარდა სიცივე, როგორც კი ზამთრის მოახლოვებას იგრძნობდა, წეროსავით გადაიხვეწებოდა თბილ ქვეყნებში. წმინდა სისხლის ბოშას აბა ერთ ადგილას რა გააჩერებდა. ყველგან მშვენივრად გაჰქონდა თავი, არც სხვაგან აკლებდა ყაჩაღობას ხელს, თავისი მომხიბვლელობის წყალობით კი ბევრგან ჰქონდა ღამის გასათევი. გულუხვიც იყო, მის მიერ მოხიბლულ ქალბატონებს კარგადაც ასაჩუქრებდა. იმათაც მეტი რაღა უნდოდათ, ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ, სიმპათიური ახალგაზრდა კაცის გამოჩენას. ,,ნუთუ მართლაც ზეკმა ჩაიდინა ეს?..’’ ფიქრობდა პატრონი, თან თვალდახუჭული კონიაკს წრუპავდა... ,,ზეკი თავნება, უსინდისო ბიჭია, მაგრამ... არც იმდენად უჭკუოა, რაიმე შენიშნა და გადაწყვიტა თავადვე გასწორებოდა შემოგზავნილ კაცს? იმაზეც ხომ უნდა ეფიქრა, მის უკან რამდენი კუდი იქნებოდა მოსაშორებელი... მე რატომ არ გამაფრთხილა?.. მისი მანქანაც კი არ შემიმჩნევია იმ დღეებში... ჩუმად შემოიპარა, დანა ჩასცა და მერე ისევ უკან გავარდა?...’’ ზეკს შეეძლო დიდ ხანს და შეუჩერებლივ ერბინა, ძველი გამოცდილების წყალობით, შესაძლებელი იყო მანქანით არც კი ესარგებლა, ასე უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდა. ,,ნუთუ თავზე გადამახტა?.. არა, არა! ზეკის ხელს კი გავს, მაგრამ... მაგრამ... იქნებ თავად, იმათ... ვინც მომიგზავნეს... თუკი მიუხვდნენ, რომ უგოს დადა მართლაც მოსწონს... იქნებ მებაღემ დადას შებრალება ითხოვა... ამ გოგო ხელს ვერ ვახლებო და... ეს კი მათ გეგმებს სულ ჩაშლიდა... იქნებ ამიტომაც თავად გადაწყვიტეს მებაღის მოშორება... თანაც ისე, რომ... ისე რომ ზეკს დაბრალდეს... და მერე ჩვენ... მე და ზეკი ერთმანეთს... ჰმ... თუ მასეა... თუ მართლაც მასეა, მაშინ უფრო ჭკვიანური და მზაკვრული გეგმით უნდათ ჩემი განადგურება... იქნებ! იქნებ! იქნებ... უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო..’’ პატრონი წამოხტა, თავზე ხელები შემოიჭდო, ოთახში სიარულს მოჰყვა, ფიქრისგან თავი უსკდებოდა... ,,დადა! დადა!.. ჩემი საწყალი გოგო... ღმერთო რა შარში გავახვიე, იქნებ სჯობდა ზეკს სულაც არ ეპოვნა? ვინმე მეტყევე იშვილებდა და იცხოვრებდა მშვიდად და წყნარად ღარიბულ ქოხში, მის სიცოცხლეს არაფერი დაემუქრებოდა... ახლა კი... როგორ დავიცვა?.. როგორ?..’’ მის მერე რაც ბაბუამისი დააჩოქა, არასდროს თავის ასე უსუსურად არ უგრძვნია, თუმცა მანამდე ბავშვი იყო და ეშინოდა კიდეც სასტიკი კაცის, ეს შიშიც გამართლებული იყო. ახლა კი თავისი თავი შეეზიზღა, ასეთი უსუსური და უბადრუკი რომ არის, უზარმაზარი ქონებისა და გავლენის პატრონს ერთი პატარა უმანკო გოგონას დაცვის ძალაც რომ არ შესწევს... საკუთარ თავზე გაშმაგებულმა ბოთლს ხელი სტაცა და კედელს შეანარცხა... მალევე მოვიდა გონს, ნამსხვრევები ფრთხილად აკრიფა, მაგრამ მაინც გაეჭრა ხელი. შემოხვეული ხელსახოციდან სისხლმა ოდნავ გამოჟონა, პატრონს გაეღიმა ,,ახლა აქ დადა, რომ იყოს ერთ ამბავს ატეხდა სისხლის დანახვაზე’’ მერე უცებ მოიღუშა, გულში საშინელი სიმძიმე იგრძნო... ,,დადა... დადა... ღმერთო უშველე, რომც გაიტაცონ და გამოსასყიდი მოითხოვონ, მე მაინც არაფერი მაბადია, ისევ დადას მოუწევს საკუთარი ქონებიდან გადახდა.. და მერე ჯანდაბას, სულ დაარიგოს თუ უნდა, თუნდაც სამალავიდან აიღოს და მიაშავოს, მთავარია კარგად იყოს... თუ საჭირო გახდება ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ქვაზე დავსახლდებით და იქ ავაწყობ ცხოვრებას, მაინც გავიტან ჩემსას და ისე არ წავალ ამ წუთისოფლიდან, რომ ეს გოგო ფეხზე არ დავაყენო... დადა... ღმერთო ჩემო... დაიცავი ეს გოგონა ყველაფერი ავისაგან...’’ LEX·2016 წლის 26 თებერვალი, პარასკევი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.