ჰილეგი (9)
*** ქეთი გვიან დაბრუნდა დარბაზში. საათი შუაღამის სამს უჩვენებდა. განუწყვეტლივ ფიქრობდა ანეტასა და გელას გეგმაზე. გაიმეტებდა. ყველაფრის მიუხედავად, ყველა ადამიანური გრძნობისა და ემოციის მიუხედავად, მაქსიმეს გაიმეტებდა. დარბაზი როგორც ყოველთვის, ახლაც ყვითელი განათებებით, სუსტად გაენათებინათ ოთახის თავსა და ბოლოშ, შუაგულში სინათლე ბუხრიდან იღვრებოდა. მამაკაცს თავი უკან გადაეგდო, მარჯვენა ხელით ნახევარ სახეს იფარავდა, მეორე ხელში ჩვეულებისამებრ, სასმელით სავსე ჭიქა ეჭირა. ქეთი გულდამძიმებული წავიდა წინ. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აღელვებდა მთვრალი მამაკაცის მდგომარეობა. -მაქსიმე -დაიძახა შორიდან, ნახევარი ტანით საძინებლის კარისკენ მიბრუნდა. ძილისაგან თვალები ეხუჭებოდა. ახალგაზრდა კაცმა პასუხი არ გასცა. არ გაჰკვირვებია, თუმცა უმოძრაო სხეულმა შეაშინა. ყოველ კუთხე-კუნჭულში სიკვდილს ხედავდა, მთელი დღის მოუსვენრობა, ემოციები ყელში ადგებოდა და ახრჩობდა. აღარ სურდა რაიმე ცუდად წასულიყო, მაგრამ მაქსიმეს სიჩუმე, ჩაძინებული მდგომარეობა თითქოს აღელვებდა, წარმოიდგენდა მაქსიმეს სიკვდილის სცენებს, რაც ყველაზე საშინელი წარმოდგენა იყო მის ცხოვრებაში. იქნებ, უბრალოდ ციხეში გაეშვათ მაქსიმე? მაგრამ ისეთი ბინძური ადამიანები, როგორიც გელაა, ადამიანის სამართლიანად დასჯას არასდროს დასჯერდებოდა. წარმოიდგენდა ყელგამოჭრილ, გაგუდულ ან დამხრჩვალ მამაკაცს. ყოველ ჯერზე უზარმაზარი ბურთი ადგებოდა ყელში, რომელიც იბერებოდა, სივდებოდა და გასკდომამდე აღარაფერი აკლდა. ქეთიმ კიდევ ერთხელ დაუძახა მაქსიმეს, მამაკაცმა ოდნავ გაამოძრავა თავი. ქეთი მისკენ გააფთრებული დაიძრა, ყველაფერთან ერთად მის იგნორს ბედავდა. მხარზე ძლიერად დააჭირა ხელი და ის-ის იყო ყვირილს აპირებდა, შიშისგან, მოულოდნელობისგან ორივე ხელი პირზე იტაცა. მაქსიმეს სახე ოფლით დასველებოდა, თვალებში უზარმაზარი სისხლჩაქცევები გასჩენოდა და მთლიანი ტანით კანკალებდა. სახეზე აფარებული თითები განუწყვეტლივ კანკალებდნენ. ქეთიმ ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს გახედა. ხელიდან სავსე ჭიქა გამოჰგლიჯა. -მაქსიმე, გამოფხიზლდი! -ოფლით დასველებულ სახეზე ხელი მიადო, სიცხისგან იწვოდა. ქეთი მთელი ძალით დააწვა მხრებზე, წინ გადმოსწია, ცალი მხრის ქვეშ ამოუდგა. საძინებლამდე დარჩენილი მანძილი მთელი საუკუნის გზად ეჩვენებოდა. მძიმე სხეულის თრევაში ერთიანად გაოფლიანდა, დაიღალა. კარი ფეხით შეაღო, მაქსიმე საწოლზე გადააწვინა და ფანჯრისკენ გაიქცა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, მაგრამ არც ის უნდოდა მაქსიმე მის ხელებში მომკვდარიყო. მძიმე ფარდები გადასწია, საკეტები გამოაძვრინა და ფანჯარა გააღო. ძლიერი, ცივი ქარი შემოვარდა. გარეთ გადაუღებლად წვიმდა, ცაზე ელვა გველივით დასრიალებდა, ქარიშხალი გამეფებულიყო. ადრენალინით თხემით ფეხამდე სავსე სიცივეს ვეღარ გრძნობდა. უყურებდა ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ყოველ წამს უფრო მეტად უჭირდა. წამით, გაშეშდა. კარგად დააკვირდა შოკისგან კრუნჩხვაში ჩავარდნილ მამაკაცის სხეულს. მის გონებაში დაუკითხავად შეიჭრა კმაყოფილების გრძნობა. საკუთარ თავს ებრძოდა. ახლა რომ რაიმე დამართნოდა, ყველაფერი მარტივად მორჩებოდა. ქეთი ცივი, უაზრო თვალებით მიშტერებოდა მას და იაზრებდა, რას გრძნობდა ეს კაცი, როცა თავად უყურებდა მის წინ ტანჯულ სხეულებს. სულ რამდენიმე წუთი, შესაძლოა საათი დასჭირვებოდა მაქსიმეს დასრულებას, მაგრამ არ შეეძლო. სხვა დროს, ალბათ საკუთარი თავიც შესძულებოდა ამის გამო, თუმცა გამოფხიზლება არასდროსაა გვიანი. ქეთიმ თავი გადააქნია, მაქსიმეს სხეულს მივარდა, სველი პერანგი შემოახია. სააბაზანოდან სველი საფენები გამოიტანა, კაცს შუბლზე დაადო. მაქსიმეს ოთახში პირველადი დახმარების ყუთი ჰქონდა, ქეთიმ კარადიდან გადმოაძვრინა და სიცხის დამწევს დაუწყო ძებნა. პირი გაუღო, გააკავა, წამლის უსიამოვნოდ გადაყლაპვაზე კაცს ხველა აუტყდა, იფურთხებოდა და პირიდან გადმოსდიოდა წყალი. ქეთიმ ფანჯრები გადაკეტა, ფარდები გაასწორა, ბუხართან მიირბინა და საკეტი გადასწია, ცეცხლს აუწია. ყოველ წუთს უცვლიდა საფენებს, ოფლიან სახესა და სხეულს სწმენდდა, თავთან ეჯდა და მისი სხეულის გაკავებას ცდილობდა. -მაქსიმე, გამოფხიზლდი! -ხმაში ცრემლი შეერია. მის კალთასთან იწვა ის კაცი, რომელიც მუდამ თავზარს სცემდა ყველას. რომელიც მუდამ აიძულებდა ადამიანებს მის ჭკუაზე გავლას, მაგრამ ახლა ისეთი უძლური, ისეთი სუსტი იყო, ქეთიმ წარმოიდგინა მაქსიმეს უსულგულოდ დარჩენილი სხეული და გააკანკალა. წამოდგა, საბანი მაქსიმეს სხეულის ქვეშ მოქცეულიყო, ფრთხილად გამოაძვრინა, გადასწია, კაცს ბალიში გაუსწორა და თავი დაადებინა. ოფლი აღარ სდიოდა, ქეთიმ საბანი გადააფარა. მაქსიმე თვალებს ხუჭავდა და ახელდა, თვალებიდან სიწითლე გადასვლოდა, დრო და დრო ახველებდა და მუხტი მთელს სხეულზე გადასდიოდა. ბოდავდა. ქეთი კიდევ ერთხელ დაიხარა, ხელის გული შუბლზე მიადო. ისევ იწვოდა, მეორე ხელით კიდევ ერთი აბი გამოაძვრინა, უკან მიბრუნდა, როცა მაჯაზე მამაკაცის ხელის შეხება იგრძნო. სწრაფად მიიხედა, მაქსიმე ოდნავ გახელილი თვალებით უყურებდა და არეული თავს ძლივს აჩერებდა. -მხოლოდ ის იყო. -ამოილუღლუღა მამაკაცმა. რაც არ უნდა ეთქვა, ქეთის არ აღელვებდა, რადგან ის ცუდად იყო, შესაბამისი მოვლა სჭირდებოდა. მისთვის ყურის დაგდება არ სურდა. უნდოდა ერთხელ მაინც აღექვა ადამიანად და მასზე მოვალეობის გამო არ ეზრუნა, რომ უბრალოდ იმ დროს, როდესაც დახმარებას შეეცდებოდა, მაქსიმეს ყველაფერი არ ჩაეშალა. ერთხელ მაინც მიეცა უფლება, ადამიანი ყოფილიყო. -ჩშშ, გაჩუმდი. -ხელი გააშვებინა ქეთიმ. -ქეთი. -აღმოხდა მამაკაცს. ქეთი შეჩერდა, შეკრთა. ყოველთვის ისე დამაბნეველად წარმოთქვამდა მის სახელს, თითქოს... არა, ასეთი ფიქრებისთვის არსებობის უფლება არ უნდა მიეცა ქეთის. -სამზარეულოდან რაღაცებს ამოვიტან. -ხელი გააშვებინა და კარი ფრთხილად გაიხურა. დარბაზის კარი გამოაღო, დასაკაკუნებლად მომზადებული გელა რომ დაინახა ადგილს მიეყინა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. კაცს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ქეთიმ გარშემო მიმოიხედა, დაცვის ორი წევრი პირდაპირ მათ გვერდით იდგა, მესამე კი პერიმეტრს ზვერავდა. -ქალბატონო მეგი -ხაზგასმით თქვა გელამ და სახეზე ღიმილი აუთამაშდა. ქეთიმ თავი ამაყად დაიჭირა, გასწორდა. -ამ დროს აქ რას აკეთებ? -ბატონის ნახვა მსურს. -ვერ ნახავ, სძინავს. -მნიშვნელოვანი რამ მინდა ვუთხრა, გთხოვთ ქალბატონო, გააღვიძეთ. -ქეთის გულს ურევდა გელას მოჩვენებითობა, მის სახეზე გამოხატული კმაყოფილება და უაზროდ გაჩენილი თვალთმაქცობა. -გელა გააცილეთ, მანქანა პირდაპირ სახლის კართან დადგეს, რომ არ დასველდეს. -თვალი არ მოუშორებია გელასთვის ქეთის, რომელსაც მზერა წამში შეეცვალა და კმაყოფილება ზიზღმა ჩაუნაცვლა. დაცვის წევრი წინ გაუძღვა გელას, კაცმა მუქარის თვალებით გადმოხედა. თვალს მიეფარა თუ არა, ქეთი დანარჩენებს მიუბრუნდა. -ბატონი არც ისე კარგად გრძნობს თავს, მასთან ჩემს გარდა არავინ შეუშვათ, ამ დერეფანში ნურავის ამოუშვებთ. -ქეთი სამზარეულოსკენ დაიძრა. მთელი სახლი სიბნელეში, სიჩუმეში ჩაწოლილიყო. მხოლოდ წვიმისა და მეხის ხმა არღვევდა სიჩუმეს. ქეთი სამზარეულოში შევიდა, შუქი აანთო. მინერალური წყალი, სასმელი წყალი და ცოტა საჭმელი მოიმარაგა, მაცივრიდან ყინულები პარკში ჩაყარა, სწრაფად აირბინა კიბეზე და დერეფანში გამაგრებულ დაცვას გვერდი აუარა. დარბაზის კარი შიგნიდან გადაკეტა, საძინებელში შევიდა და მაქსიმეს შუბლზე დადებული საფენი აიღო, გამშრალიყო. მშრალი, სუფთა ნაჭერი აიღო, შიგნით ყინულები გაახვია და ცხელ ადგილებზე გადაატარა. მაქსიმეს სიამოვნებდა სიცივე. საკმაოდ სავსე ტუჩებიდან ფერი გადასვლოდა, ეტყობოდა, პირი გაუშრა. ქეთიმ თავი წამოაწევინა, ყველაზე მეტად კი ის უკვირდა, რომ მაქსიმე გონზე იყო. წყალი დაალევინა, მამაკაცს ისევ ხველა აუტყდა. ქეთიმ დამამშვიდებელი, ბალახეული აბები დაალევინა. რამდენიმე წუთში ჩაეძინებოდა. წამოდგა, მალე გათენდებოდა. მაჯაზე კიდევ ერთხელ მოუჭირა ხელი მაქსიმემ, ვიდრე ჩაეძინებოდა. -აქ დარჩი. -აღმოხდა ახალგაზრდა კაცს და სანამ ქეთი გაიაზრებდა, თვალები დახუჭა, ძილის ნაცრისფერ ბურუსსში გადაეშვა. ქეთი ერთხანს ასე იდგა. თვალებზე ცრემლის სქელი ფენა გადაჰკვროდა, მაქსიმეს სახეს ვეღარ ხედავდა, მაგრამ მის პულსაციას მაჯაზე გრძნობდა. ვეღარ ემეტებოდა. ამჯერად, სხვანაირად ფიქრობდა. მხოლოდ მაშინ სძულდა, როცა ფხიზელი იყო, როცა გაუჩერებლად იგებდა მასზე ცუდს, როცა ყველას სტკენდა გულს, მაგრამ ასეთი სულ სხვანაირი იყო. ეძინა, ნაკვთები მოშვებოდა. ათწუთიანი ფიქრის შემდეგ, ქეთიმ ხელი გააშვებინა. საბანი უკეთესად გადააფარა და სავარძელში მოკალათდა. დაძინებას ცდილობდა, მაგრამ ყოველ წამს მაქსიმესკენ აპარებდა თვალს. წარმოიდგენდა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მაქსიმე, რომელიც ამდენ საშინელებაში არ გაეხვეოდა, რომელიც ჩვეულებრივად იცხოვრებდა. სასიამოვნო იყო ასეთი კაცის წარმოდგენა. ძლიერი, ამაყი, წარმოსადეგი, კეთილი და მზრუნველი მამაკაცი. ქეთი მიხვდა, ეს მხოლოდ ოცნება იყო, რომელიც ისევ გაუჩნდა, რადგან მაქსიმეს სხვანაირს ხედავდა. ამდედნი ხნის მანძილზე, პირველი შემთხვევა იყო, როცა საკუთარი თავის მიმართ კმაყოფილებას გრძნობდა. გააბედნიერა, რომ ადამიანად დარჩა, რომ დახმარება შეძლო, ადამიანის სისუსტით არასდროს ისარგებლებდა. ქეთიმ საკუთარი ძველი ნაწილი იგრძნო, მარცხნივ, ძალიან ღრმად. ჩაეღიმა და მაქსიმეს მსგავსად, შესაშური სიმშვიდით ჩაეძინა. *** დილით ქეთის პირველს გაეღვიძა. ოთახი უჩვეულოდ ცივი იყო. გაყინული ხელებით აუწია ცეცხლს და გათბა. მაქსიმეს გახედა, გულუბრყვილოდ ჩაეცინა მის დანახვაზე. ბავშვივით შემოეხვია საბანი და მშვიდად სუნთქავდა. ქეთი სააბაზანოსკენ დაიძრა, კარი შიგნიდან გადაკეტა და ცხელი წყალი მოუშვა, ცოტა ხანს სიამოვნებას იღებდა და მერე, პირსახოცით სველი ადგილები შეიმშრალა, ჩაიცვა, თმა გაიწურა და ოთახში დაბრუნდა. მაქსიმესთან მივიდა, ხელისგული შუბლზე შეახო. სიცხე აღარ ჰქონდა. მეტიც, ლოყები ოდნავ შესწითლებოდა. სველი თმიდან წვეთები დაეცა ახალგაზრდა კაცს და შეიშმუშნა, ქეთიმ თმა ხელში მოიგროვა, უკან გადაიწია. მაქსიმემ თვალები გაახილა, გაიზმორა. ქეთიმ უკან დაიხია. გამოძინებული და დამშვიდებული სახით მიშტერებოდა მამაკაცი. -თმა უნდა გაიწურო ხოლმე. -ქეთიმ სიცილის შეკავება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. ძილისაგან მაქსიმეს ისეთი შეცვლილი ხმა ჰქონდა, ნამდვილ ბავშვს ჰგავდა. კაცმა წარბები შეკრა, ხელები გაშალა და საკუთარ საწოლში უკეთესად მოთავსდა. ქეთიმ ტუჩი აიბზუა, საერთოდ აღარ მოსწონდა ფხიზელი კაცი და ინატრა, ისევ დასძინებოდა. კარადასთან მივიდა, ტანსაცმელი აარჩია და სააბაზანოსკენ დაიძრა. -ისე, ცოლებს ქმრების სირცხვილი არ აქვთ -მიაძახა მაქსიმემ. ქეთი გაჩერდა, გამოხედა. ყველაზე შეუფერებელი დრო იყო ხუმრობისთვის, თუმცა შინაგანი პროტესტი მაინც იგრძნო. მოეჩვენა, თუ ნამდვილი იყო, სათქმელად რთულია, მაგრამ მაქსიმეს ნათქვამი „ცოლი“ ისე სხვანაირად ჟღერდა, ქეთის კარგი განწყობა პირდაპირ გადაბრუნდა და ისევ ისეთ, ჩაფიქრებულ ქალად იქცა. სააბაზანოში შესულმა იგრძნო, მაქსიმეს მიმართ ზიზღი დაბრუნებოდა და დამშვიდებულმა ამოისუნთქა, არ სურდა მასზე სხვანაირად ეფიქრა. ქეთი მოწესრიგებული გამოვიდა. მაქსიმე სარკესთან იდგა და პერანგს ისწორებდა. ქეთიმ პირველად შეავლო ასეთ სიტუაციაში მყოფს თვალი. შორიდან, მართლაც ძალიან ჰგავდა ცოლქმრულ თანაცხოვრებას. მაქსიმემ სარკიდან გამოაპარა თვალი, ქეთის მოკლე, შავი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა. კაცმა წარბები ასწია. -რამეს აღნიშნავ? -ქეთი გასწორდა, მაქსიმეს გახედა. -შენს გამოფხიზლებას. -მოკლედ მოუჭრა და ოთახიდან გავიდა. დარბაზის კარი გაიხურა. უკან დაცვის ერთ-ერთი წევრი აედევნა და გააჩერა, -ქალბატონო, გვიან, ბატონი გელა იყო მოსული. -ქეთი დაიძაბა, სახიდან ფერი დაკარგა. -მერე? -თან მისივე დაცვის წევრები ახლდნენ, შეჩერება ვცადეთ, არ გვემორჩილებოდნენ, შემდეგ დედათქვენი გამოჩნდა და ისინი წაიყვანა. -ქეთიმ სიმწარე იგრძნო. თვალები დახუჭა, ხმამაღლა ამოისუნთქა. -კარგი, თუ იგივე განმეორდება, აუცილებლად მითხარი. და კიდევ, მორიგეობას რომ შეიცვლით, დანარჩენებიც გააფრთხილე, ამ ნაწილში არავინ შემოუშვან. -ქეთი კიბისკენ დაიძრა, მარჯვნივ გადაუხვია და მისაღებში შევიდა. ანეტა მშვიდად სვამდა ყავას. ქეთის დანახვამ გაახარა და წამოდგა. -ნუ წუხდები. -მიაძახა ქეთიმ და მისგან მოშორებით ჩამოჯდა. ანეტას სახე შეეცვალა. დანაშაულზე წასწრებულს ჰგავდა. -ხომ კარგად ხარ მეგი? -ქეთის თითქოს ეს სახელი მიავიწყდაო, ტვინში ათასგვარი სიგნალი გაიგზავნა მეგის ხსენებაზე. -კი. -იფიქრე იმაზე, რაც გითხარი? -ვიფიქრე. წამოვალ. -მოკლედ უპასუხა. -გავიგე, მაქსიმე შეუძლოდ ყოფილა. -შეპარვით მიახალა ქალმა და ქეთიმაც, მტრულად გახედა. წარმოდგენა არ ჰქონდა ეს ქალი რა თამაშს თამაშობდა. უფრო სწორად, რაღაც იცოდა, მაგრამ ყველაფერი ისე ბუნდოვნად ჩანდა, წინასწარ გააზრება და გამოცნობა რთული იყო. -ძალიან კარგადაა. მე ის უფრო მადარდებს, ამ სახლში რომელ კედელს აქვს გამობმული ყურები. -მეგი, ნუ ბრაზდები. -ყავა მოსვა და გაიღიმა ქალმა. -მაქსიმე ხვალ მიემგზავრება. შეგვიძლია ახლავე წავიდეთ აგარაკზე. შენს ნივთებს შენი გოგო ჩამოიტანს. -ქეთი გაშრა. წამოდგა, უსიტყვოდ გაეცალა ქალს. დერეფანში უაზროდ დახეტიალობდა, ბოლოს, მეგის ოთახისკენ დაიძრა და შიგნიდან გადაკეტა. საგულდაგულოდ გადამალული დღიური აიღო, გადაფურცლა და ის ადგილი მეორედ წაიკითხა. ორ ცეცხლს შუა ტრიალებდა. საქმე კი ის იყო, რომ მისი ოკეანისთვის ნაპირი არ არსებობდა. მისი ზღვა არ მთავრდებოდა, მისი ცეცხლი არასდროს ნელდებოდა, მისი ქარი არ დგებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო სწორი, ან არასწორი. ერთადერთი რაც ამოძრავებდა, გადარჩენის ინსტიქტი იყო. მის ხელში არსებული დღიური ერთბაშად ყველაფრის გასაღები იყო, ყველაფერს დაწვავდა და ფერფლად აქცევდა. იქნებ, მაქსიმესთვის ეჩვენებინა? მაგრამ თუ მეგი მალავდა, ესე იგი ასეც იყო საჭირო. წამოდგა, ფანჯრები გახსნა. სუნთქვა უჭირდა. ამ სახლის ყოველ კუთხეში უჟანგბადობა იყო. უსამართლობით გამოწვეული უჟანგბადობა. ჩაფიქრებული იდგა, სანამ ეზოს კუთხეში გაჩერებული მანქანიდან გადმოსულ გელას არ მოჰკრა თვალი. კაცი იარაღს ისწორებდა ქამარში, მაქსიმეს დაცვას ურიგდებოდა რაღაცაზე, ერთ-ერთს რუკის, გეგმის მსგავსი ფურცელი ჰქონდა გაშლილი და ცალი ხელით გელა სახლის ქვედა სივრცეზე, დაბალ სართულებზე უთითებდა. ქეთი ფანჯარას მოშორდა, დღიური სეიფში ჩაკეტა, მეგის ოთახიდან გავიდა და მაქსიმეს დარბაზის კარი შეგლიჯა. მამაკაცი ტელეფონზე ვიღაცასთან საუბრობდა, ქეთის დანახვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა ესროლა და გათიშა. -ამ სახლს მთავარი გასასვლელების გარდა, სხვაც აქვს? -იკითხა გულუბრყვილოდ, შეშინებულმა. მაქსიმეს ეუცნაურა ქეთის კითხვა. თავი გადააქნია და გაიცინა. -რა თქმა უნდა. ეს უსაფრთხოებაა, საყვარელო. -ქეთიმ ერთხანს უყურა. ისე შემაწუხებლად აკვირდებოდა მამაკაცის სახეს, მაქსიმე შეწუხდა და რამდენჯერმე პოზა შეიცვალა. ხუთი წუთის შემდეგ, ქეთიმ გაუაზრებლად, დაუფიქრებლად ახედა მამაკაცს. უნდოდა ყველაფერი ეთქვა და თან არაფრის თქმაც არ სურდა. -მე და ანეტა აგარაკზე წასვლას ვაპირებთ, დღეს. -კარგია, ასე განაგრძე. -შენც მიემგზავრები? -მაქსიმე მიაშტერდა. მერე თავი დაუქნია. -საქმე მაქვს, რამდენიმე დღეში დავბრუნდები. -ქეთიმ თავი დაუქნია, ცრემლები მოიწმინდა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს გახედა. ქალის პორტრეტი იყო, ძალიან ლამაზი. ქეთი თითქოს ყველაფერს იმახსოვრებდა, თვალებით მაქსიმეს ემშვიდობებოდა, ფეხს ითრევდა, გასვლა არ უნდოდა. მაქსიმეს პროფილს ყვითელი შუქი ეცემოდა, ხელში გადაშლილი საბუთები ეჭირა, ინტერესით სწავლობდა მათ. თეთრი, ქათქათა პერანგის პირველი ღილი შეხსნილი ჰქონდა, სახელოები მკლავებზე აეკეცა. „იმსახურებს, იმსახურებს!“ იმეორებდა ქეთი და ნელ-ნელა უკან იხევდა. ადამიანებმა ყველაფერი დაივიწყეს, საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა და სწორედ ამიტომ ხდება, რომ ცხოვრებას ვერ ახერხებენ, ამას კი ბოლოს ამჩნევენ. ქეთი გაუჩერებლად მიდიოდა წინ, მალე მოიტოვებდა მაქსიმეს უკან. ცრემლებმა ყელი დაუსველა, უხეშად ჩამოიწმინდა. -დროებით, ქეთი. -მიაძახა მაქსიმემ. თითქოს არაფერი და მის ხმაში იმედი იგრძნობოდა. თითქოს კარგად იცოდა რაც მოხდებოდა და მაინც ეიმედებოდა ქეთი, რომ ასე უბრალოდ ყველაფრის გაწირვა არ შეიძლებოდა, ან ქეთი ვერ შეძლებდა. შეიძლებოდა, ქეთის ეჩვენებოდა, მაგრამ მაქსიმე ისე ემშვიდობებოდა, როგორც მაშინ, როცა ძალიან დიდ მოლოდინს დიდი ტკივილი უცვლით ხოლმე. ვეღარაფერი უპასუხა. ქეთი თეთრ, მარმარილოს კიბეზე ჩადიოდა და შეღებული კარიდან ხედავდა, გარეთ შავ მანქანაში მჯდომი ანეტა როგორ ელოდა მას. და მაინც, ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხიჭვივით გერჭობა, ფიქრობ რომ ღირდა რაც ერთხელ იყო და აღარასდროს განმეორდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.