შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედის მოლოდინში


18-02-2017, 17:34
ავტორი tatia27
ნანახია 1 522

ეს ყველაფერი თავიდან ძალიან ჩვეულებრივად დავიწყეთ. სამსახურში სტანდარტული მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ, რომელიმე უპატრონო ბავშვთა სახლს დავხმარებოდით. ტანსაცმლის გაჩუქება ჩემი მოგონილია, გადავარჩიე ერთი კარადა ტანსაცმელი, დავახარისხე და დავდე სამსახურში. ჩვენი კლუბის ყველა წევრმა იგივე გააკეთა. ვაგროვებდით ყველაფერს – ტანსაცმლიდან დაწყებული, სათამაშოებით დამთავრდებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა. თვის ბოლოს უამრავი ნივთი დაგვიგროვდა. სამსახურის გოგოებმა მაინც ვერ მოვისვენეთ და დამატებით ნამცხვრები, სხვადასხვა ტკბილეული და საჭმელი კიდევ ვიყიდეთ, დავთქვით ერთი უქმე დღე და გავემართეთ ზესტაფონისკენ.
ვინც ნამყოფია მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს, რა დახვდება იქ. მე არაფერი ვიცოდი. უპატრონო ბავშვი რომელიც მშობლებისგან შორს ცხოვრობს, როგორც ასეთი ასეთი, ნანახი არც მყავდა… ერთადერთი, მახსოვს ბავშვობაში, კოჯორში ჩემს აგარაკზე დასვენების დროს ერთი პატარა ბიჭი, ისიც მახსოვს ძალიან ფრაგმენტულად… უპატრონო ბავშვთა სახლის ეზოში გვირილებს კრეფდა. უპატრონო ბავშვებზე მეტი არაფერი მახსოვს.
ჩვენი დიდი სამარშუტო ტაქსი ზესტაფონში, ერთი დიდი შენობის ჭიშკრის წინ გაჩერდა. ჭიშკრის იქით შევიხედე თუ არა, გრძივად აშენებული სკოლის ტიპის შენობა მომხვდა თვალში ვეებერთელა ეზოთი. შესასვლელთან ჩვენი მასპინძელი, ძალიან სასიამოვნო და დადებითი ადამიანი, ამ სახლის ყოფილი დირექტორი – ქალბატონი ციალა დაგხვდა. რადგან ბავშვებს ეძინათ, ჯერ დარბაზში შეგვიპატიჟეს. დარბაზი დიდია, ნათელი, მაგრამ მაინც ოდნავ ნესტიანი. ოთახში შესვლისთანავე კედლებზე ნახატებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მივუახლოვდი და სუნთქვა შემეკვრა. წერილები ეძღვნებოდა დედას. ყველა იყო პოზიტიური და ძალიან თბილი. თითქმის ყველას თანდართული ჰქონდა ნახატი, მეტწილად დედის პორტრეტი, ან ერთობლივი – ბავშვები და დედა, სახლი, მზე, ყვავილები… ყველა წერილი იყო ისეთი სიყვარულის აღსასვე, ძლივს ვიკავებდი ყელში მობჯენილ ბურთს საქვეყნოდ რომ არ მეღნავლა. ეს დედის დღეს დახატეს პატარებმა და დედებს წერილი დაუწერესო – მიხსნიდა ქალბატონი ციალა. დედებმა თუ ნახესთქო?- ირონიული სარკაზმით ვიკითხე მე, რომელსაც საერთოდ არ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვრო შვილის გარეშე, ცალკე, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს და საერთოდ, როგორ უნდა გეძინოს მაგ დროს მშვიდად?! ჯერ არ უნახავთო – მაინც გაამართლა დიასახლისმა დედები, მაგრამ აუცილებად მოვლენ და ნახავენო. ჩემი პირველი შეგრძნება ძალიან მძაფრი აღმოჩნდა. იმდენად მძაფრი, რომ არ ველოდი. მთელი გზა საკუთარ თავს ვამზადებდი, იმისთვის, რომ მარტივი ვიზიტი არ იქნებოდა, თუმცა ჩემი სიმამაცე მაშნვე გაქრა, როგორც კი ამ დაწესებულების კარი შევაღე. წარმოვიდგინე ჩემი შვილი ამ ბავშვების ადგილას, პატარა ხელებით როგორ იღებს ფანქრებს, ხატავს ნახატებს, უსწორმასწორო ასოებით მიძღვნის ლექსებს და ითხოვს მხოლოდ ერთს – რომ ხშირად ვნახო. ყველა დედის დახვრეტა მომინდა მომენტალურად, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამ დარბაზში ნანახი ნახატები ჯერ მხოლოდ ყვავილები იყო იმის ფონზე, რაც წინ მელოდა.
რიგში დავეწყვეთ და წავედით ბავშვების საძინებლისკენ. გზაში საუბრისას გავიგეთ, რომ ამ დაწესებულებაში არიან ჩვილები, 6 წლამდე ბავშვები და 16 წლამდე გოგო-ბიჭები.
კორიდორი ძალიან სუფთა, მაგრამ ალაგ-ალაგ პარკეტამოყრილი და ნესტიანი იყო. კიბეები ძველი, მოაჯირმორყეული… ბიჭებს და გოგონებს ცალ-ცალკე ოთახები ჰქონდათ. ბიჭების საძინებელით დავიწყეთ. ოთახი დიდი იყო, ნათელი და გრილი. ერთ რიგად ჩალაგებული ხის რიკულებიანი ლოგინებიდან, ათიოდე გადაპარსული ლამაზი თავი დავინაზე. ბავშვებს ეძინათ. მივუახლოვდი და ყველას დავხედე. მე ამდენი ლამაზი ბიჭი ერთად ნანახი არ მყავდა. ოთახში არსებული სიგრილის გამო ბავშვებს თბილად ეცვათ.საძინებელში იგრძნობოდა საპირფარეშოს სუნი, რომელიც რატომღაც ზუსტად ლოგინების წინ იყო განლაგებული და პერიოდულად ხმაურით იღებოდა. გამაჟრიალა. ღრმად ამოვისუნთქე და გოგონების ოთახისკენ წავედი. გოგოებს ეღვიძათ. გაოცებულები გვიყურებდნენ და აღმზრდელებს ეხუტებოდნენ. ძალიან რომ არ შემეშინებინა ახალგაღვიძებული ბავშვები, იქვე რომელიღაცის ლოგინზე ჩამოვჯექი და პატარებს გავუღიმე. ოდესმე გინახავთ უატრონო ბავშვის თვალები?! მე მსგავსი არაფერი ვიცი! ასეთი თვალები მხოლოდ იმ ბავშვს აქვს ვისაც მშობლების მზრუნველობა აკლია. იღიმის, მაგრამ თვალები მაინც ძალიან სევდიანი აქვს. მზერა მოღრუბლული. იმიტომ კი არა, რომ აქ ცუდად უვლიან? – არა! ამ ბავშვებს, მშობელთან სიახლოვე და მათი მოვლა სჭირდებათ.
ჩვილების ოთახში 10 ბავშვია, ყველა ძალიან მოვლილი, გამოცვლილი, სუფთადჩაცმული. ყველაზე პატარა 2 თვისაა – სოფო. ის 3 დღის იყო დედამ სამშობიაროდან პირდაპირ აქ რომ მოიყვანა და დატოვა. ნუთუ არ შეიძლება ამ ბავშვების გაშვილება, ძალიან ბევრი ძლიერი უშვილო ოჯახია, ვინც სიამოვნებით იშვილებს-მეთქი ვეკითხები ქალბატონ ციალას. „არა შვილო, არ შეიძლება, ბავშვი უპატრონოდ მაშინ ითვლება, თუ მას ერთი წლის მანძილზე მშობელი არ მოაკითხავს. და „იმ ერთხელ“ ნამდვილად მოდიან მშობლები, ნუ რა ქნან, დედა, ალბათ ვერც იცილიანო“ – კიდევ იქით გაამართლა ციალამ ჩემთვის დასახვრეტი დედები. „კი მარა, ბავშვები არ განიცდიან ამ არანორმალურ მდგომარეობას ?“-აღშფოთება ვერ დავმალე მე. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართო-მითხრა ციალამ. ყველაზე მეტად ჩამაფიქრა ერთმა მოვლენამ: ამ დაწესებულებაში ერთი ბავშვი ყოფილა, რომელიც ყოველ საღამოს ჯდება ფანჯარასთან და უყურებს ჭიშკარს, უყურებს ერთ წერტილს და ნატრობს დედის გამოსახულების დანახვას. არც თამაში არ უნდა დიდად და არც გართობა, დედის გარდა საერთოდ არაფერი უნდაო.
დიდხანს ვიჯექით ეზოში და ვსაუბრობდით. სევდანარევი ღიმილით ვუყურებდი პატარებს და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. უპატიებელია, ვიწუწუნო ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე, როცა ამ ბავშვებს ახალი ტანსაცმელი არასოდეს ჰქონიათ და სულ გამონაცვალში იზრდებიან. სამარცხვინოა, ინტერნეტით ვიწერო აქსესუარები, როცა ამ ბავშვებს ელემენტარულად საკვების პრობლემა აქვთ. ყველაზე მეტად კი პამპერსის დეფიციტს განიცდიან, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირი პროდუქციაა და ჩვილების გამო, მას დიდი რაოდენობით საჭიროებენ. ძალიან დავმძიმდი… ვაკვირდებოდი თითოეულ აღმზრდელს და მივხვდი, რომ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს ამ დაწესებულებაში. ძალიან უყვართ და ზრუნავენ თითოეულ ბავშვზე. ასევე ძალიან აქეს ერთ-ერთი მამაო, რომლის ინიციატივა ყოფილა თავიდან ამ ბავშვების მოვლა და შეფარება. რისი საშუალებაც აქვთ მაქსიმალურად იხარჯებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს ისეთი პირი ან ორგანიცაზია, (სახელმწიფოზე რომ აღარაფერი ვთქვა) ვინც გაარემონტებს შენობას, მოაწესრიგებს სანტექნიკას, გაიყვანს ცენტრალურ გათბობას, კეთილმოაწყობს და გამიჯნავს საპირფარეშოებს საძინებლებისგან. შეაკეთებს დარბაზს, უზრუნველყოფს შენობას ავეჯით.
ამ ყველაფერს ემატება დაწესებულების ისედაც ცუდი ლოკაცია. როგორც გავიგე, ზესტაფონში არსებული ფეროშენადნობი ქარხნის გამო, გარემო ძალიან დაბინძურებულია. ამით აიხსნება, ქალაქში მომრავლებული ოკნო დაავადებათა მაჩვენებლი. უკან რომ გამოვემართეთ უკვე ბინდდებოდა. გადავეხვიე ქალბატონ ციალას და დახმარებას დავპირდი. გულმა ვერ მომითმინა და ჩანთაში ჩემი შვილის აცრისთვის გადადებული ფული ამოვიღე და ადმინისტრაციას დავუტოვე იმ იმედით, რომ ჩემს სახელზე ორჯერ თუ არა, ერთხელ კარგად ისადილებდნენ პატარები. მთელი გზა წვიმდა. არასდროს დამავიწყდება ეს ვიზიტი. და ვბრაზდები ყველა ჩემს ახლობელზე, ვინც წამოუსვლელობა იმით ახსნა, რომ ძალიან დაითრგუნებოდა. ხალხნო, ჩვენ ერთი საათით ვითრგუნებით, ეს ბავშვები კი ასე წლებია, ცხოვრობენ. მაინც იღიმებიან მოწყენილი თვალებით და გველოდებიან. დედა თუ არა, იქნებ სხვა მაინც მივიდეს და ცოტახნით მაინც გაუფერადოს მათ მოწყენილი ცხოვრება. ცხოვრება მოუწესრიგებელ, თუმცა უკვე შეგუებულ გარემოში.
თეკლა იორდანაშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent