ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (II თავი)
ისევ განახლდა წარსულის მწვავე კადრები და ძილშც არ მისცა მოსვენების საშუალება. ოფლში გახვითქულს გამოეღვიძა. თავიდან ვერ მიმხდა სად იმყოფებოდა. გაკვირვებული უყურებდა გარემოს, შემდეგ თითქოს გონებაში რაღაც გაუნათდაო, ოდნავ დამშვიდდა და ღრმად ამოისუნთქა. სახლში სრული სიჩუმე გამეფებულიყო. სოფიც არსად ჩანდა. „ალბათ გარეთაა გასულიო“ იფიქრა და თვალი კედლის საათისკენ გაექცა რომელიც შუადღის ორს აჩვენებდა. მიუხედაად იმისა, რომ საშინელ პირობებში იყო მთელი ამ დროის განმავლობაში და ერთი შეხედვით ეპატიებოდა, საშინლად შერცხვა ასეთ დროს გაღვიძება. სასწრაფოდ წამოდგა, გაშლილი დივანიც აკეცა, იქაურობა ოდნავ მიალაგა და სამზარეულოში გავიდა. რა თქმა უნდა სრული სიცარიელე დახვდა. სოფი არც სააბაზანოში იმყოფებოდა და არც საძინებელში. „ალბათ სამსახურში წავიდა და არ უნდოდა გავეღვიძებინე“ გაიფიქრა და სავარძელში ჩამოჯდა. უსაქმურობისგან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ჯერ ყველა ოთახი მოიარა, სადაც შესვლა ხელეწიფებოდა და თითოეულ დეტალს დააკვირდა. ცდილობდა ამგვარად მაინც გაერკვია სოფის შესახებ რამე.. თუმცა დეკორატიული ნივთების გარდა ვერაფერს შეხვდა. შემდეგ კი თავში რაღაცამ გაუელვა და სასწრაფოდ ფანჯარასთან მივიიდა. გუშინ ისეთ დღეში იყო, საერთოდ არ დაჰკვირვებია სად მიდიოდა. გარეთ ხედს გახედა და დაახლოებით მიხვდა სადაც იმყოფებოდა. ეს ერთ-ერთი იმ გარეუბანთანი იყო, რომელიც საშიშად მიიჩნეოდა და იქ გავლას ყოველთვის არიდებდა თავს. ოთახის ფანჯრიდან ერთფეროვანი ნაცრისფერი, ბეტონის ჯურღმულის პეიზაჟი იშლებოდა. ქვემოთ სილაში რამოდენიმე ბავშვი თამაშობდა. აქა-იქ ნაგავიც ეყარა და ყოველივე ეს ერთობ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. კიდევ ცოტა ხანს იდგა ფანჯარასთან, შემდეგ კი მზერა მოაშორა იქაურობას და ოთახს მიუბრუნდა. ერთ-ერთ კუთხეში კედელთან, კარადის გვერდით ორიოდე თაროზე რამოდენიმე ძველი, დამტვერილი და გაყვითლებული წიგნი იდო. ეტყობოდა, რომ კარგა ხანია არაის გადაუშლია კი არა მტვერიც არ გადაუწმენდია იქიდან. ათვალიერებდა და თან ავტორების გარკევას ცდილობდა. შემდეგ კი ერთი აიღო, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და გადაშალა. რამოდენიმე თავი ისე ჩაიკითხა, რომ საერთოდ ვერ იაზრებდა მწერლის ნააზრევს, ბოლოს მიხვდა რომ ასე ჯდომა და კითხვა უაზრო იყო და ყურადღების კონცენტრირებას ვერაფრით მოახერხებდა. ფიქრები ისევ შავ-ბნელი წარსულისკენ გაურბოდნენ. რას არ გაიღებდა, რომ ყველაფერი დავიწყებას მისცემოდა. არ გამოევლო ის დამცირება, შიში და ტკივილი, რაც თითქმის დაბადებიდან თან სდევდა. თუმცა თითოეული ადამიანის სასჯელიც სწორედ ეს არის. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს გონებას, რომელიც ღრმად ძირფესვიანად იბეჭდავს ყოველ კადრს და მათი ამოძირკვა თითქმის შეუძლებელი ხდება. მოლოდინი იმისა რაც იცი რომ არასდროს მოხდება ყველაზე საშინელი რამაა ამ ქვეყნად. მოლოდინი ბედნიერებისა აუტანელ ტკივილს აყენებდა... კარის ხმამ გამოაფხიზლა. ოთახში საგარეო ტანისამოსში გამოწყბილი, პარკებით დატვირთული სოფი შემოვიდა... -აბა! როგორ ხარ? ხომ არ მოიწყინე? - მხიარულად იკითხა და უკან გაბრუნდა, სამზარეულოსკენ. საკმაოდ დატვირთული ორიოდე თეთრი პარკი მაგიდაზე დააწყო და პროდუქტები ამოლაგება დაიწყო. ამასობაში ნიაც შემოვიდა და კართან უხერხულად აეტუზა. -ახლავე რაიმე გემრიელს მოვამზადებ, ალბათ მოგშივდებოდა... -მეც მოგეხმარები.- წამოიძახა ნიამ და მისკენ დასახმარებლად გაეშურა. -არა, არაფერიც. შენ ჩემი სტუმარი ხარ, ამიტომ აქ იჯდები და დაისვენებ, ისედაც გეტყობა, რომ საკმაოდ ბევრი გადაიტანე. მე კი საკმაოდ გემრიელ ბულიონს მოვამზადებ. ცხელი ბულიონი ასეთ სიცივეში პირდაპირ მისწრება იქნება. შენი არ იყოს მეც მომშივდა ძალიან. ნია უხერხულად აწურული ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე და ხელები მუხლებზე დაიკრიფა. სოფომ კი ამასობაში ქვაბი გადმოიღო და გაზიც აანთო. მშვიდად შეუდგა საქმიანობას. უხერხული სიჩუმე მათ შორის ლანდივით გაიწელა, რომლის დარღვევაც ნიამ ითავა. -სოფო, მისმინეთ... გუშინ.. გუშინ თქვენ რომ არ მოსულიყავით.. ძალიან დიდ სისულელეს ჩავიდენდი. ამის გამოსწორების შანსი კი აღარასდროს მექნებოდა... - სოფო წამიერად შედგა და გოგონას ყურადღებით დააკვირდა. -მოკლედ, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ამის გაკეთების საშუალება რომ არ მომეცით... - ხმის კანკალით ამოთქვა თავისი სათქმელი. -მომისმინე ჩემო კარგო. ეს რა სამადლობელია. ეს ხომ ადამიანური ვალია და ნებისმიერი ასე უნდა მოქცეულიყო. -არა! ნებისმიერი ასე არ მოიქცეოდა. ნებისმიერი არ გადაარჩენდა ერთი შეხედვით ვიღაც გიჟს, რომელიც ს ცდილობდა. ნებისმიერი არ ენდობოდა და თავის სახლში არ წაიყვნადა, არ გაუზიარებდა ჭერს, საკვებს და სითბოს. არ მისცემდა ამ ცხოვრებაში კიდევ ერთ შანსს. ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. სოფო გაფართოებული თვალებით უყურებდა. რამოდენიმეჯერ პირი გააღო რომ რაიმე ეთქვა, თუმცა ისევ დახურა... -მისმინე, არ ღირს ამაზე ლაპარაკი, მერწმუნე. - უხერხულად ჩაახველა და განაგრძო. - კერძიც მომზადდა. არ მომეხმარები? თეფშები აი იმ კარადაშია, ხელით მიუთითა გოგონას და თვითონ გაზი გამორთო. სულ მალე გაშალეს მაგიდა და ორივემ გემრიელად მიირთვა მაცოცხლებელი ცხელი წვნიანი. მაგიდის ალაგება კი ნიამ ითავა, რამით ხომ უნდა გადაგიხადო სამაგიეროო და ამაში მაინც მოგეხმარებიო. სოფოც არ შეწინააღმდეგებია. ბოლოს კი ორივე მისაღებში გაბრუნდა. როგორც კი მოხერხებულად მოკალათდნენ დივანზე ნიამ დაიწყო: -ძალიან ვწუხვარ რომ ასე გაწუხებ. რაც შეიძლება მალე ვიშოვი სამსახურს და აქედან გადავალ გპირდები. -ვაიმე შენ რა მორცხვი ყოფილხარ. - გაეცინა სოფოს - რას ნიშნავს მაწუხებ. ჯერ ერთი დღეც არ არის რაც აქ ხარ. ჩემი შეწუხება რომ შეგეძლოს დამერწმუნე აქ არ დაგტოვებდი. თან კომპანიონი ძალიან მჭირდება. მთელი დღე მარტო ვარ და არ ვიცი ვის დაველაპარაკო..- მხიარულად ჩაილაპარაკა და შავი კულული ხელზე დაიხვია. ნიამ უხერხულად ჩაიღიმა და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. მზე საკმაოდ გადახრილიყო და ალბათ ერთ საათში ბოლომდე ჩავიდოდა. დრომ სოფოსთან საუბარში საკმაოდ სწრაფად გაირბინა. საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე გარდა საკუთარი თავებისა. მხიარულად იცინოდნენ ისტორიებზე და ამით თავიანთ ტრაგიკულ სახეს მალავდნენ. უკვე რვა საათს მიეღწია, როდესაც სოფო წამოდგა და ოთახში მარტო დატოვა. დაახლობით ერთ საათში კვლავ შემოვიდა მისაღებში. თვალისმომჭრელად ლამაზი იყო. საოცრად უხდებოდა გამოყვანილი შავი კაბა, გაშლილი შავი დალალები და უზადოდ თეთრი სახის კანი. ერთი შეხედვით რომელიღაც ანტიკურ ქალღმერთს მოგაგონებდათ. ხელში ჩანთა და გრძელი მანტო ეჭირა. -ნია. მისმიმე, მე სამსახურში უნდა წავიდე, მეჩქარება და აბა შენ იცი. გაერთე, რამეს უყურე ტელევიზრში, ან წაიკითხე. მე ძალიან გვიან დავბრუნდები და არ დამელოდო. თუ რამე დაგჭირდება და სასწრაფო საქმე იქნება, ჩემი ნომერი ფურცელზე დაწერილი დავტოვე სამზარეულოს მაგიდაზე. კარგი? -კარგი, გასაგებია. - დაბნეულად ამოილუღლუღა ნიამ. ძალიან გაუკვირდა თუ რა სამსახურში მუშაობდა სოფო ასე გვიან, თუმცა კითხვა კი ვეღარ მოისაზრა. მხოლოდ გასვლისას მიაძახა, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. საპასუხოდ კი სოფოს თვალის ჩაკვრა და ხელის დაქნევა მიიღო. კარის გახურვის შემდეგ სახლში სრულიად მარტო დარჩა. ბევრი იბოდიალა აქეთ-იქეთ. ადგილი ვერსად მოძებნა. ერთი არხიდან მეორეზე გადართო. თუმცა საოცრად აფორიაქებული ვერ დაწყნარდა. უცხოობისა და უსუსურობის გრძნობა არ ტოვებდა. ბოლოს კი სადღაც თორმეტი საათისთვის ჩაეძინა ღრმა, კოშმარებით აღსავსე ძილით. სამი საათისთვის ოფლში გახვითქულს სუნთქვა აჩქარებულს და საოცრად შეშინებულს გამოეღვიძა. საათს რომ შეხედა უკვე სამი ხდებოდა. ჩუმად წამოდგა ფეხზე და სოფოს საძინებლისკენ გაეშურა, თუმცა ცარიელი დახვდა. გაუკვირდა და ისევ მისაღებში თავისთვის სახელდახელოდ მოწყობილ ლოგინს დაუბრუნდა. კარის გაღებისა და ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაიგონა. სოფომ მისაღებში შემოყო თავი, რომ მძინარე გოგონასთვის დაეხედა. მისი დანახვისთანავე ოდნავ შეკრთა. -არ გძინავს? - სახეზე მაკიაჟი ჩამოსვლოდა, თვალები კი ჩაწითლებიდა. ნიამ ეს ნახევრად ბნელ ოთახშიც კი შენიშნა. -არა... ახლა გამომეღვიძა. კარგად ხარ? -კი, კარგად ვარ... თვალები გვერდით გააპარა გოგონამ. მიდი დაიძინე. -ძილინებისა. ნია სანახაობით გაკვირვებული და შეშფოთებული იყო. იმ ღამით განთიადამდე ძილი არ მიკარებია. დღეები, ჩვეული, ნელი ტემპით მიიზლაზნებოდნენ... ამასობაში კი არაფერი არ იცვლებოდა. კვლავ მთელი დღეები სახლში იყო გამოკეტილი, უსაქმოდ, უყველაფროდ. მართალია სოფოს ეხმარებოდა სახლის საქმეებში, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო. თავს უსარგებლო, გამოუსადეგარ, მტვერდადებულ ნივთად მიიჩნევდა. ასე დიდხანს ყოფნა არ შეეძლო. მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდამ მოძრაობდა, საქმეს აკეთებდა... მშვიდად გაჩერება არ შეეძლო. ეს უმოქმედობა კი კლავდა. გარდა ამისა თავს უხერხულად გრძნობდა სოფოსთანაც, რადგამ მთელი ამ დროის განმავლობაში მის კისერზე ცხოვრობდა და ასე დიდხანს გაგრძელებას ნამდვილად არ აპირებდა. ერთ დღესაც დილით დაბრუნებულმა სოფომ, ნიას წინ, მაგიდასთან ადგილი დაიკავა და საუბრის დასაწყებად მოემზადა. -ნია, ვიცი რომ ჩემი ძალიან გერიდება, ისიც ვიცი, რომ ახლომახლო ადგილები მოიარე და სამსახურს ეძებ, მაგრამ ასე არაფერი არ გამოვა. შავი ტყავი კლატჩი გახსნა, იქედან ქაღალდის კუპიურა გამოაცურა მაგიდაზე ნიას მიმართულებით. -აი ეს აიღე და რაიმე იყიდე, თუ გინდა მე გამოგყვები. თორემ დამერწმუნე ასეთ ფორმაში სამსახურში არავინ მიგიღებს. არ გეწყინოს კარგი? ჩემს ტანსაცმელს მოგცემდი, მაგრამ დიდი გექნება. -არა, რას ამბობთ. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. ოღონდ ამ ფულს ისე არ ვიღებ. როგორც კი მუშაობას დავიწყებ, აუცილებლად დაგიბრუნებთ. -არ არის საჭირო, მაგრამ შენ თუ თავს ასე უკეთ იგრძნობს, მაშინ დამიბრუნე. - თბილად გაუღიმა სოფომ და მარჯვენა ხელი ხელზე მოუჭირა. ნიამაც უხერხულად გაუღიმა. ცოტა ხნის შემდეგ კი წამოდგა და მაცივრიდან გამზადებული სალათი გამოიღო, შემდეგ კი გაზი აანთო და მასზე შემდგარი ახლად გაკეთებული, ოდნავ შეგრილებული კერძის შეთბობა დაიწყო. -მალე გათბება და აუცილებლად შეჭამე, მთელი ღამე მუშაობ. ალბათ ძალიან იღლები ხოლმე და აუცილებლად გეშიება. - მკრთალად გაუღიმა და კარადიდან თეფშების გადმოღება დაიწყო. სუფრა გაშალა და სკამზე მოკალათდა. -ძალიან კარგი გოგონა ხარ ნია... - დიდი ხნის დუმილის შემდეგ ამოილაპარაკა სოფომ.- ... და მიხარია რომ შეგხვდი. -...მეც ძალიან მიხარია, რომ შეგხვდი. იცი, აქამდე არასდროს მიგრძვნია, თუ რა იყო თანადგომა, ზრუნვა. ამას ყოველთვის მე ვიჩენდი სხვების მიმართ... სხვები კი არასდროს. - ოდნავი სევდა იგრძნობოდა მის ხმაში. თვალები ამღვრეოდა. აკანკალებული ხელი ნელა შეიცურა თმაში და თავი მარცხნივ, ფანჯრისკენ მიატრიალა, რათა ნაცრისფერ უღიმღამო პეიზაჟს დაკვირვებოდა. სოფო უყურებდა მის ნატანჯ სახეს თუმცა მიცემული პირობის გამო ვერაფრის კითხვას ვერ ბედავდა. თუხთუხის ხმამ გამოაფხიზლა. კერძი ძალიან გაცხელებულიყო. უცებ წამოხტა ფეხზე, გაზი გამორთო და კერძი ღრმა ჯამზე ამოიღო. მაიდაზე მოათავსა და თვითონაც დაიკავა ადგილი. საუზემე, თუმცა უკვე სადილი გემრიელად მიირთვეს. შემდეგ კი სოფო დასასვენებლად თავის ოთახში გაემართა და ნია მარტო დატოვა. სამზარეულოს მილაგების შემდეგ გოგონა კარგა ხანს ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა. შემდეგ კი იქვე ტუმბოზე დადებულ კუპიურას ხელი დაავლო, სოფოს წერილი დაუტოვა და სახლი დატოვა. თითქმის ერთი კვირა სახლში იყო გამოკეტილი და გარეთ გასვლა ცოტა ეხამუშა. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გავიდა, რომელიც საშოპინგოდ იდეალური ადგილი იყო. აქ ყველა ტიპის, და ყველანაირი შემოსავლების მქონე ადამიანისთვის იყო მაღაზიები. რა თქმა უნდა თავისი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე იაფფასიან მაღაზიაში შევიდა. ორიოდე ზედა და ერთი შარვალი შეიძინა. თბილი ქურთუკი და ფეხსაცმელები. შემდეგ კი გაჩერებაზე მდგარ ერთ-ერთ გაზეთების ჯიხურში განცხადებების გაზეთი იყიდა. სახლში რომ მივიდა უკვე მოსაღამოვებული იყო. სოფო წასასვლელად ემზადებოდა. -შენი წერილი ვნახე. გამოსძახა სარკესთან მდგომმა მაკიაჟის კეთებაში გართულმა. არ მაჩვენებ რა იყიდე? -რა თქმა უნდა..- ნიამ თავისი შენაძენი უხმოდ აჩვენა და სოფოს მოწონებაც დაიმსახურა, რომელმაც ამის გამოსახატავად ქვედა ტუჩჩი მაღლა ასწია. -მშვენიერია. -გმადლობ. გაზეთი ვიყიდე. დღეს განცხადებებს გადავხედავ და ხვალიდა სამუშაოს ძებნას დავიწყებ. -აბა შენ იცი, წარმატებები. - გაუღიმა სოფომ. სოფო იმ დღესაც გვიან საღამოს წავიდა. გოგონამ კი მთელი გაზეთი გადაქექა და მისთვის საინტერესო და შესაფერისი განცხადებები მოინიშნა. მიმტანი..დამლაგებელი... კონსულტანტი.. რამოდენიმე ვარიანტი შეამჩნია. შემდეგ კი მომავალი დღის იმედით დამშვიდებულმა გვიან დაიძინა. იცოდა, რომ კოშმარებს აუცილებლად ნახავდა. დრო სწრაფად მიქროდა... დღეები ერთმანეთის მიყოლებით მირბოდნენ თითქოს და სიახლეების მოლოდინში მყოფ გოგონას მღელვარება უფრო ემატებოდა. თითქმის ყველა სამსახურიდან უარით გამოისტუმრეს. ზოგს მისი ასაკი არ მოსწონდა, ზოგს გამოუცდელობა. ზოგი კიდევ ნაცნობობით ასაქმებდა თავიანთ ახლობლებს. კვლავ უშედეგო გასაუბრებიდან დაბრუნებული მოწყენილი სახით შემოვიდა სახლში და შემოსასვლელი კარი მთელი ძალით მოიჯახუნა. სახეზე ბრაზი და იმედგაცრუება აღბეჭდვოდა. ქურთუკი სხეულიდან თითქმის მოიგლიჯა და შემოსასვლელში არსებულ საკიდელზე შეატოვა. ფეხსაცმელები ერთი ხელის მოსმით გაიხადა და იქვე დაყარა. ოთახში შეფრატუნდა დოინჯშემორტყმული და ღრმად ამოიოხრა. შემდგომ კი კარის ხმა გაიგო და მოღეღილი ხალათით ოთახში სოფო შემოვიდა. თმები აბურდული ჰქონდა, ცალ ხელს კი დაღებულ პირზე იფარებდა და გემრიელად ამთქნარებდა. ეტყობოდა ახალგაღვიძებული რომ იყო. -აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? - იკითხა და ინტერესით აღსავსე მზერა მიმართა მისკენ. -მაპატიე გაგაღვიძე? - საწყლად ამოიკნავლა და ტუჩი მოიკვნიტა. -არა რას ამბობ..- ხელი ჩაიქნია ქალმა და მისაღებში სკამზე ჩამოჯდა. -აბა გისმენ. გამოჩნდა რამე? -ისევ არაფერი- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. -კიდევ სამი უარი მითხრეს. აღარ ვიცი რა გავაკეთო. სულ ასე ხომ ვერ ვიქნები. - ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და თავი დახარა. -არ ინერვიულო. გამოჩნდება რამე ნორმალური. -იმედია.. - ჩუმად თავისთვის ამოილაპარაკა და სამზარეულოში მიმავალ ქალს უკან გაყვა. -შენ მგონი გაგვიანდება. მიდი მოემზადე. მე მანამ სადილს გავამზადებ და წასვლამდე აუცილებლად ჭამე. კარგი? -კარგი.. დიდი მადლობა. სახლის საქმეებს სულ შენ ხედავ და ამით დიდი სამსახურს მიწევ ხოლმე. -რას ამბობ. პირიქით მიხარია რამეს რომ ვაკეთებ...- ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. შემდეგ კი ძლივს გაბედა კითხვის დასმა. ამ თემას არ ეხებოდა, მიუხედავად იმისა რომ რაღაც ეჭვები ჰქონდა. ახლაც შორიდან ამჯობინა შემოვლა. -დღესააც ისე გვიან დაბრუნდები? სოფო შეკრთა და ოდნავ დაბნეულად შეხედა. - ხ..ხო. რამე მოხდა? -არა... არაფერი. ისე მაინტერესებდა. - უპასუხა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. -მე წავალ გამოვიცვლი. -სოფომ ოთახი დატოვა. შემდეგ კი ჩაცმული და გამზადებული გამოვიდა. -ნია. მე წავედი და აბა შენ იცი. ხვალამდე და წარმატებები. - გამოსძახა და მანტო ჩაიცვა. -შენც ასევე. მალე კარის ხმა გაიგო და სახლში სიჩუმემ დაისადგურა. ოთახები მიალაგა და დაღლილი დივანზე ჩამოჯდა. ყოველთვის უცნაურად მიაჩნდა სოფის სამსახური, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გაეგო. ქალი გამომწვევ ტანსაცმელში გამოწყობილი, მკვეთრი მაკიაჟით დამშვენებული, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ძალიან უხდებოდა, საღამოობით ტოვებდა სახლს და შუაღამით ან გამთენიისას ბრუნდებოდა. ხშირად ათხაპნილი მაკიაჟით და გახეული ტანსაცმლით. ნიას რამოდენიმე მცდელობას, რომ მის შესახებ რაიმე გაეგო, თავი მოხერხებულად აარიდა და მის კითხვებსაც ზოგადად პასუხობდა. ნიასაც აღარ დაუჟინებია და ამ თემის შესახებ კრინტიც არ დაუძრავს, თუმცა გაჩენილ ეჭვებს ვერაფარს უხერხებდა. -მაპატიეთ მაგრამ თანამშრომელი უკვე ავიყვანეთ... -მაპატიეთ მაგრამ თქვენ არანაირი გამოცდილება არ გაქვთ არასდროს გიმუშავიათ.. -თქვენი კანდიდატურა განვიხილეთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ... ისევ იგივე პასუხები, იგივე მიზეზები. მთლიანად დაცლილი მცირედი ბიუჯეტი და მოწოლილი უხერხულობის გრძნობა. თავს უსარგებლო ნივთად და მუქთაღორად თვლიდა, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანის კეთილგანწყობით სარგებლობდა და წურბელასავით სახლში ეჯდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში. თანაც იცოდა, რომ სოფოს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. იმ დღეს სოფოს საკმაოდ შეაგვიანდა . თითქმის შუადღე იყო სახლში რომ დაბრუნდა. სახეზე ბრაზი და სასოწარკვეთა ეხატა. მისაღებში დარეტიანებულივით შევიდა და ჩანთა დივანზე მიაგდო. თვალები ჩაშავებული ჰქონდა. -სოფო რა დაგემართა, კარგად ხარ? - შეშინებული და ოდნავ შეცბუნებული გოგონა მაშინვე მივარდა და გვერდიით ჩამოუჯდა. -ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. შეიძლება ეს სახლი დავკარგო და ქუჩაში აღმოვჩნდე. სესხი მქონდა გამოტანილი და ვეღარ ვიხდი. -სოფო... ძალიან ვწუხვარ. ნეტა შენი დახმარება შემეძლოს.- ამოილუღლუღა ნირწამხდარმა. -არაუშავს. მე ცოტას დავისვენებ. საღამოს უნდა გავიდე ისევ. დაპროგრამებულივით წამოდგა და თავის ოთახში შეიკეტა. საღამოს როგორც ყოველთვის სარკის წინ ემზადებოდა. როდესაც იქვე საიდანღაც ნია გაჩნდა. კარგა ხანს აკვირდებოდა. შემდეგ კი ჰკითხა. -სოფო სად მუშაობ? ლაინერის წასასმელად აწეული ხელი გაუშეშდა. -ეს რატომ გაინტერესებს? -ისე.. უბრალოდ... მაინტერესებს მეც შემიძლია თუ არა იგივე სამუშაოს შესრულება. -ყველას შეუძლია. უბრალოდ გამბედაობა და თავმოყვარეობის დაკარგვაა საჭირო. ნაღვლიანად ამოილაპარაკა ქალმა და მაკიაჟის კეთება განაგრძო. -არ მეტყვი? -კარგი... მიდი დაჯექი. ეხლავე მოვალ და ყველაფერს მოგიყვები. ნია ნელი ნაბიჯით დაბრუნდა მისაღებში. დივანზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა. მალევე სოფოც მიუჯდა გვერდით. საუბრის დაწყება აშკარად უჭირდა. *_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც ახალი თავი. შეაფასეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.