შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ყინული [პირველი ნაწილი]


4-03-2017, 01:05
ავტორი მარრიამი
ნანახია 13 320

ბარისახო...
ჩემი ბედნიერი დრო მოდის!
ზაფხული - ჩემი საუკეთესო განწყობა და სრული პოზიტივი.
ზუსტად ვიცი, ეს ზაფხული კიდევ უფრო განამტკიცებს ჩემს სიყვარულს.
ჩვენი ხუთეული ხევსურეთს ესტუმრება.
არაბულების სიამაყე დემეტრე გაგვიწევს მასპინძლობას, ჩვენებურად დემე.
ახდენილ ოცნებად მეჩვენება ხევსურეთი და საოცრად ბედნიერი ვზივარ მანქანაში.
ყურადღებას ვერ ვაქცევ ბავშვების საუბარს, მთელი გონებით გარემოში ვარ ჩაფლული და თვალებსაც კი ვერ ვახამხამებ იმის შიშით, რამე არ გამომრჩეს.
მთა თითქოს სიამაყის შეგრძნებით მავსებს.
ეს სიმწვანე ამქვეყნიური სამოთხის არსებობაში მარწმუნებს.
სიმშვიდე, ღმერთო რა ნეტარებაა ქალაქის ქაოსის შემდეგ.
ლამისაა ავცეკვდე, თუმცა გოგონების სიცილი მანქანაში მაბრუნებს და უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ.
მაგრამ გარემოს შემხედვარეს უკმაყოფილებაც უცებ მავიწყდება.
- ბა რი სა ხო - დამარცვლით ვკითხულობ ტრაფარეტზე არსებულ წარწერას და კმაყოფილ მზერას ვავლებ ოთხეულს.
- მალე მივალთ - თვალს მიკრავს დემე.
- ვეღარ ვითმენ - ვცმუკავ და ხელებს ვერ ვაჩერებ.

ქვით ნაშენი სახლი, სიძველის სურნელით სავსე, ხალიჩებით სავსე კედლები, ბუხარი და სკამები, ხევსურულორნამენტებიანი ნაჭრებით გაფორმებული.
ღრმად ვისუნთქავ სახლში გამეფებულ მარტოობის, უყურადღებობის, მტვრის, სიძველის სურნელს და სკამზე ვჯდები.
სახლში დემეს ბებია ცხოვრობს.
თითქოს არც ერთი სურნელი არ უნდა იყოს, მაგრამ არის.
ბებო მოხუცია, აღარც ძალა აქვს ამხელა სახლის მოვლის და აღარც ღონე.
მთელ დღეს სახლის მოწესრიგებაში ვატარებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბებოს ყველა ვთხოვთ დაისვენოს, მაინც თავს დაგვტრიალებს, გვეკითხება რამე ხომ არ გვინდა, რამე ხომ არ გვჭირდება.
საოცრად ტკბილი მოხუცია, რომ მოგინდება გულში ჩაიკრა და სათითაოდ დაუკოცნო ნაოჭები.
ბიჭებიც გულმოდგინედ გვეხმარებიან დალაგებაში და საღამოს, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილები ვთბებით ბუხართან.
ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, საყვარელი ადამიანები გარშემო, ზაფხული, საღამოს სუსხი, სახლის სითბო, შეშის ტკაცუნი, მართლა ახდენილი ოცნებაა.
სანამ ჩვენ ერთმანეთში ვსაუბრობთ და დღეს განვიხილავთ, ბებო ყველკარტოხებს ამზადებს და პატარა ტაბლაზე დგამს ლანგრით, პატარა თასით ერბოც მოაქვს და გვასწავლის, როგორ ვჭამოთ.
სულაც არ მინდა თითებით ჭამა, თუმცა, როგორც ბებო ამბობს, ასე ბევრად უფრო გემრიელია და ვემორჩილები.
კარტოხას ერბოში ვაწობ და ვკბეჩ.
საოცრად გემრიელია, მსგავსი ჯერ არაფერი გამისინჯავს.
ვგრძნობ აქედან წასულს მხოლოდ ზაფხულის სიყვარული კი არა, ზედმეტი კილოგრამებიც მომემატება.

მოგვიანებით დემე იჩემებს გარეთ გავიდეთო და მის ნებას ვყვებით.
ნაქსოვ ჟაკეტს მხრებზე ვისხამ და გავდივართ.
კარებიდან გვაწევს ბებო დარიგებებს, დალოცვას და მართალია უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც გვიშვებს.
გარშემო საოცარი სიმშვიდეა, არც დღე გამოირჩევა დიდი ხმაურით, მაგრამ ახლა, ჩამიჩუმიც არ ისმის.
არ ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში მივდივართ, ღამით დროის შეგრძნებას სრულად ვკარგავ.
ვერც ვერაფერს ვხედავ, ბუნებით ტკბობის საშუალება არ მეძლევა, მაგრამ ამ სიჩუმეში ჩვენი ნაბიჯების ხმაც კი მომწონს.
ერთ სახლთან ვჩერდებით, პატარა ფანჯრებიდან სულ ოდნავ ბჟუტავს სინათლე.
დემე წინ მიდის, მასპინძელოო ყვირის და ორიოდე წუთში გარეთ მაღალ სილუეტს ვხედავთ.
დემეს ხელს ართმევს და ეხუტება.
ის ჩვენკენ ანიშნებს, მოდის და მისი გაცნობის პატივი პირველად მე მხვდება წილად.
- გამარჯობა - ისეთი ცივი ხმა აქვს, მაშინებს.
- გამარჯობა - ზრდილობის გამო ოდნავ ვუღიმი.
- ეს მარიშკაა - აცნობს დემე.
- აგათონიკე - ღიმილის გარეშე მპასუხობს.
- აგა რა? - სიცილს ვერ ვიკავებ და ტუჩები თავისთავად მეხსნება.
- თონიკე - ისე მეუბნება, სიცილს კი არა, ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავ. ვხედავ როგორ მაშტერდება თვალებში და მართლა მეშინია, ერთი სული მაქვს ხელი და თვალები მომაშოროს.
მისი შეხებით გაყინულ ხელს ჟაკეტის ჯიბეში ვმალავ და თვალებს ვხრი.
სხვებსაც იცნობს და სახლში გვეპატიჟება.
შესვლა არ მინდა, მაგრამ ყველა მიდის და მეც მივყვები.
ეს სახლიც დემეს სახლისმაგვარია.
ტაბლასთან ორი ქალბატონი ტრიალებს, ჩვენ რომ შევდივართ, ორივე სწორდება და შესახვედრად მოდის.
მათი თბილი ხმა და თბილი მზერა ერთიანად მადნობს სხვის მიერ გაყინულს.
აგათონიკე მაგიდასთან გვიწვევს.
ვუყურებ, მაგრამ ჯობს თვალები დავხარო, სხვას ვუყურო, სხვაგან გავიხედო, ოღონდ მას არა.
საოცრად ლამაზი მწვანე თვალები აქვს, მსგავსი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ცივი..
ეს ლამაზი თვალები ისეთი ცივია, ვფიქრობ, ყინულად მაქცევს თუ შემომხედავს.
მაგიდის გარშემო ვსხდებით. კმაყოფილი ვუმზერ უკვე ნაცნობ ყველკარტოხებს და ჯერ ისევ დაუგემოვნებელ ხავიწიან ქადებს.
უფროსები თავს დაგვტრიალებენ.
ბიჭები ცალკე საუბრობენ, გოგონებიც, მხოლოდ მე ვარ ჩუმად, გაშეშებული.
მონუსხული ვუსმენ ბიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცივი ხმა აქვს, ყურადღება მაინც ვერ გადამაქვს.
ნინაკა იდაყვს მსუბუქად მირტყამს გვერდში და მაფხიზლებს.
- მარიშკა რა გჭირს? - მეჩურჩულება.
- დავიღალე ნინ - ვცდილობ თავი დავიძვრინო და გამომდის კიდეც.
თვალს ჩუმად ვაპარებ და ვკრთები.
მიყურებს..
ის მე მიყურებს..
ერთიანად მივლის ჟრუანტელი, სიცივით გამოწვეული, ჟაკეტს კიდევ უფრო მჭიდროდ ვიკრავ ტანზე და ნინაკასკენ ისეთი მზერით ვბრუნდები, თითქოს მსოფლიო მნიშვნელობის საკითხზე უნდა ვიმსჯელო.
- რამე ხდება? - როგორც ყოველთვის, ყველაფერს ამჩნევს ანიტა.
- წასვლა მინდა - ვჩურჩულებ.
- რატომ? - ორივე ერთდროულად ამბობს და მინდა ენები ამოვგლიჯო, იმიტომ, რომ მათ ყურადღებას იქცევენ.
- საით მარიშ? - ინტერესით მაკვირდება ლევანი.
- დავიღალე და მეძინება რა - კიდევ უფრო შეწუხებულ სახეს ვიღებ, რომ დამიჯერონ.
- ადრეა ჯერ, ვიყოთ რა ცოტა ხანი - თვალს მიკრავს დემე.
ვიყოთ კარგია, აღარ შემიძლია..
ვეღარ ვსუნთქავ, ამ სახლის ტემპერატურა მინუს გრადუსებშია.
მის ჩემკენ მომართულ მზერას რომ ვხედავ, ასე მგონია მახრჩობს.
ჯანდაბა, მარიშკა რა გემართება?!
შენ მას არ იცნობ!
მას შენთვის არაფერი დაუშავებია!
შენ მიზეზი არ გაქვს, რომ გეშინოდეს!
გონს მოდი!
- მარიშ აქ ხარ?
- ხო, გისმენ - ბოლო კითხვამდე ლევანის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გამიგია.
- კაი, წავიდეთ, მიდი - მიღიმის.
მე აღარ მინდა, წასვლა აღარ მინდა.
ვიცი, რომ მხოლოდ ჩემ გამო თანხმდება წასვლის იდეას, თვითონ მთელი გულით უნდა დარჩენა და ამიტომაც ვერ წავალ.
მეღიმება, ყოველთვის ძალიან მომწონდა მათი მზრუნველობა.
- არა, იყოს, ვიყოთ - თავს ოდნავ ვუქნევ და ვუღიმი.
ისიც მიღიმის და ლუდს იმატებს.
- მარიშკა რატომ არ სვამ? - ახლა დემე მიყურებს.
- არ მინდა რა - მხრებს ვიჩეჩავ.
როგორ მინდა ცოტა ხნით შეუმჩნეველი გავხდე და ჩემი სახელის ყოველ ხსენებაზე მის გამყინავ მზერას არ ვგრძნობდე.
- შენ მართლა ცუდად ხარ, წამო, წავიდეთ რა.
ვგიჟდები, ისე მიყვარს!
- ცოტა მერე, ჩემ გამო ყველას ხომ არ წაგიყვანთ, თან გინდათ აქ და - მეცინება.
- მე წაგიყვან - მშვიდად ამბობს.
- არაა საჭირო - იძულებითი ღიმილი..
- თუ სახლში გინდა, წაგიყვან - მიყურებს იმ გასაოცარი თვალებით და ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ეს თვალები ასეთი ცივი.
- კარგი - ვთანხმდები.
მე სახლში წავალ, დავისვენებ, გავთბები, ჩემები აქ დარჩებიან და იმხიარულებენ.
ამად ნამდვილად მიღირს მომდევნო რამდენიმე წუთის მასთან გატარება.
ვზივარ ცხენზე მასთან ერთად.
მაქსიმალურად ვცდილობ დისტანცია დავიცვა და არ შევეხო, თუმცა ფაქტია არ გამომდის..
ხელები ჩემს წელზე აქვს შემოვლებული და აღვირი უკავია.
მინდა თუ არა, ზურგით მაინც მის მკერდს ვეკვრი.
საოცრად ცივია..
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მე მაინც მეშინია მისი.
იმდენად მეშინია, მასთან ახლოს ყოფნა უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს..
ახლა, როცა ასე ვარ, მთელი სხეულით ვცახცახებ.
- ე.ი. მარიშკა..
- დიახ..
- გცივა?
- არა - თითქმის ჩურჩულით ვპასუხობ და ვცდილობ ცახცახი შევიკავო.
- აბა გეშინია? - მისი ხმა საშინლად არ მომწონს.
- კი -კიდევ უფრო გაუბედავად ვპასუხობ.
- ჩამოგიყვანო ცხენიდან, ფეხით წავიდეთ? - თითქოს მზრუნველია, მაგრამ მისი ხმა..
- ცხენის არ მეშინია - მე თვითონაც არ ვიცი რატომ ვამბობ, ენაზე კბილს რატომ არ ვაჭერ.
აღვირს ჭიმავს და ცხენს აჩერებს.
მის სუნთქვას ვგრძნობ კისერთან და მაჟრჟოლებს.
უსიტყვოდ ჩადის ცხენიდან და გზას ვაგრძელებთ.
ზედაც აღარ მიყურებს.
ერთადერთხელ შემომხედა და იმდენად გაურკვეველ ემოციებს ასხივებდა მისი მზერა..
თითქოს წყენა, თითქოს გაბრაზება, ან იქნებ იმედგაცრუებაც, ან ირონია, ან..ან.. არ ვიცი..
მივდივართ მდუმარედ, გზას თვალს არ აშორებს, მძიმე ნაბიჯებით მიიწევს წინ.
რატომ ვარ ასეთი დაუფიქრებელი?
როგორ ვუთხარი, რომ მისი მეშინოდა?
ვეღარ ვხვდები ეს ფაქტი მაშინებს თუ სინდისის ქენჯნა არ მასვენებს..
მაგრამ თავს ვიდანაშაულებ ამ სიტყვების გამო.
საშინელებაა იმის გააზრება, რომ ადამიანს გული ვატკინე.
ეზოში შევყავარ და ცხენს აჩერებს.
ხელის ერთი მოძრაობით მსვამს ცხენიდან და წელიდან თითებს მაშორებს.
რამდენიმე წამი მაკვირდება, მერე ბრუნდება, ცხენს წინიდან უვლის და მეორე მხარეს დგება.
იქიდანაც მიყურებს, ვგრძნობ, მყინავს.
- ნახვამდის მარიამ..
მერე ბრუნდება და მიდის.
სანამ ეზოდა ნგავა,წამით ტრიალდება. იმ მანძილიდანაც კი ვგრძნობ, რომ პირდაპირ თვალებში მიყურებს. თავს ოდნავ ხრის, ალბათ დამშვიდობების ნიშნად და მიდის.
ის მიდის, მე კიმიტოვებს თავსატეხს დ ასირცხვილს, საკუთარი სიტყვების გამო.

სახლში შევდივარ.
ბებოს არ სძინავს, ბუხართან ზის და რაღაცას ქსოვს.
კარების ხმაზე ბრუნდება და გაკვირვებით მიყურებს.
- მარტო ხარ?
- კი.
- მარტო გამოგიშვეს, თვითონ სად არიან? - მგონი ბიჭებს კარგი დღე არ ელოდათ.
- არა, თქვენს მეზობელთან არიან და იმ მეზობელმა ბიჭმა მომიყვანა.
- მოვკლავ დემეტრეს, მოვკლავ - ბურტყუნებს.
- კარგი რა - მეღიმება და მოწყვეტით ვკოცნი ლოყაზე.
- უცხო ბიჭთან ერთად მარტო როგორ გამოგიშვეს - ქოთქოთებს ისევ.
- არაუშავს - ვუღიმი - დავიძინებ რა.
- დაიძინე შვილო, დაიძინე - თავზე ხელს მისვამს და შუბლზე მკოცნის.
გულდამძიმებული ვწვები.
მაინც ჩემს სულელურ საქციელზე ვფიქრობ.
დაუფიქრებელი..
რატომ არ ვატან სიტყვებს გონებას, რატომ?
არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი, მაგრამ ხომ ვხვდები რომ ვაწყენინე.
სრულიად უცნობ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ვაწყენინე.
ვოხრავ და ბალიშს ვეხუტები.
თვალებს ვხუჭავ იმ იმედით, რომ ძილში აღარაფერი მემახსოვრება, მაგრამ მაშინვე მისი ხმა ჩამესმის.
მისი „მარიამ“, რომელსაც მხოლოდ ახლა აღიქვამს გონება..
მარიამი?
მე მისთვის მარიამი?
ნუთუ ჩემს სახელს ზამთარი უხდება?
სკოლაშიც კი არავის დაუძახია მარიამი, ბავშვობიდან, დაბადებიდან ყველასთვის მარიშკა ვიყავი და ისე უჩვეულოდ მხვდება მისი მარიამი, უჩვეულოდ, მაგრამ არ მაღიზიანებს, რაღაც უცხოა, განსხვავებული და თან, რაღაცნაირია. ისეთი,სახელს რომ ვერ ვარქმევ.
ვოხრავ და ვცდილობ ფიქრებს მოვშორდე.
უნდა დავიძინო, საკმარისად ბევრი დავაშავე დღეს ფიქრებითაც და ქმედებითაც, მეტი აღარ შეიძლება..

სიცივის შეგრძნება მაღვიძებს. საბანში ვარ გახვეული და მაინც მცივა.
მეცინება, შუა ზაფხულში საბანი მაფარია და თან ვიყინები.
მთელ სხეულზე ეკალი მაყრის და ვხვდები, ვეღარ დავიძინებ.
უკმაყოფილოდ ვდგები, სწრაფად ვიცვამ, სქელ მოსასხამსაც ვიხვევ და ფეხაკრეფით გავდივარ, გოგონები რომ არ გავაღვიძო.
მისაღებში ბუხარი ანთია და თბილა, თუმცა არავინაა.
კუთხეში მდგარ სარწეველა სავარძელს ბუხრის წინ ვდგამ, ვჯდები და თვალებს ვხუჭავ.
სიჩუმე, სითბო და მეც ისევ სიზმრებისკენ მივდივარ.
- მარიშ, დილა მშვიდობის - მკოცნის დემეტრე და ვფხიზლდები.
- დილა მშვიდობის - მეღიმება.
- მე ჩაი მოგიტანე - საოცარი სიამაყით მაწვდის ფინჯანს და ჩემ წინ, იატაკზე ჯდება.
- მადლობა - ვართმევ, ხელებს ვხვევ და შევყურებ.
- რა გჭირდა გუშინ მარიშ? - როგორც ჩანს დაღლილობის არ სჯერა.
- არაფერი დემე, რა მჭირდა? - მხრებს ვიჩეჩავ.
- მარიშ? - მაკვირდება.
- ოო, გეუბნები და დაიჯერე - უკვე ვბრაზდები.
- არ მეუბნები - ეცინება.
- გეუბნები - ვჯიუტდები.
- კარგი, როგორც გინდა - ახლა ის იჩეჩავს მხრებს და მინდა მივახრჩო.
- ვერ ვიტან, ხომ იცი.
- კარგი ხო - ეცინება - გუშინ რომ გამოიქეცი, ჩვენ დღეისთვის შურისციხის სამარხების დათვალიერება დავგეგმეთ.
- ძალიან კარგი, სიამოვნებით - ინტერესი მიპყრობს - როდის მივდივართ?
- გაიღვიძებენ ესენი, აგათონიკეც ამოვა და წავალთ.
- ხო - უხალისოდ ვეთანხმები.
სულაც არ მხიბლავს ის იდეა, რომ აგათონიკეც მოდის.
აი, ისევ რაღაცებს ვბოდავ!
ადამიანს მე ვაწყენინე და ისევ მე არ მომწონს თურმე.
რომ წარმოვიდგენ მთელი დღე მისი თვალების დანახვა მომიწევს, მეშინია.
სხვებიც იღვიძებენ, ემზადებიან, მერე ისიც მოდის.
კარებიდან ვხედავ, როგორ მოდის, ამაყად მოაბიჯებს, ისე, თითქოს დედამიწა მას ეკუთვნოდეს. სახლს რომ უახლოვდება, ინსტიქტურად უკან ვიხევ, ერთი მავლებს თვალს, გამარჯობაო ისევ ისე ცივად მეუბნება და შედის.
„აბა რას ელოდი?“ ვბურტყუნებ გულში და უკან მივყვები.
ის სამარხები არც ისე შორსააო, ბებოს გაფრთხილებების და დალოცვის შემდეგ მივდივართ. ჯერ ისევ სუსხია, დასვენებულები შემართებით მივაბიჯებთ.
აგათონიკე რაღაცას ყვება, მე ვერ ვუსმენ, უკან ჩამოვრჩი და არც კი ვცდილობ დავეწიო, არ მინდა მის სიახლოვეს ყოფნა, არ მინდა!
ვიღლები, ერთი საათი აღმართზე სიარული ცოტა არაა, მით უმეტეს, ყურადღება ვერაფერზე გადავიტანე.
ხმამაღალი ქშენით ვჩერდები და დემონსტრაციულად ვჯდები ბალახზე.
- დაიღალე? - ბრუნდება ნინაკა და ჩემ გვერდით იცუცქება.
- ძალიან - ამოსუნთქვას ვატან სიტყვას და ზურგჩანთიდან წყალს ვიღებ.
- დიდ ხანს ვერ გავჩერდებით, შუადღისას უფრო ცუდია სიარული - მე არც მიყურებს, ისე ამბობს.
- წავედით - წყალს ვსვამ თუ არა, ფეხზე ვდგები და წინ მივდივარ.
არ უნდა დაიღალო მარიშკა!
მივდივარ და თან გარემოს ვათვალიერებ.
უბრალოდ შესანიშნავია, სუნთქვისშემკვრელი, ქვემოთ გველივით დაკლაკნილი გზა მოჩანს, გვერდით რამდენიმე სახლი, მზე ნელ-ნელა ცურდება ზენიტისკენ.
- მარიშ, მოდიხარ? - ხან ერთი ბრუნდება უკან, ხან მეორე, რომ მკითხონ.
- მოვდივარ, იარეთ - უკვე მობეზრებით ვპასუხობ, არ მაცდიან ამ ყველაფრით ტკბობას.
ვაღწევთ სამახებამდე, როგორც იქნა.
ტრიალ მინდორზე აქა-იქ ქვებია, ანუ სამარხის გადარჩენილი ნაწილები.
აგათონიკე გვიყვება როგორ აღმოაჩინეს, რა იყო სამარხში, რომ ქრისტიანული წესით იყვნენ დამარხულები, მის ხმასთან ერთად სამარხებში ყოფნა უკვე მეტისმეტია.
პირი მიშრება, ჩანთას ვიხსნი, წყალს ვიღებ და ვსვამ. ბიჭები წინ მიდიან, აგათონიკეს ფართო მხრებს თვალს ვერ ვაშორებ, მოძრაობაც კი ისეთი თავდაჯერებული აქვს. მის ყურებაში გართული, ფეხს შემაღლებულ ქვაზე ვდგამ და მიბრუნდება. აუტანელ ტკივილს ვგრძნობ, დაყვირებასაც ვერ ვასწრებ, ისე ვიქცევი და მაშინვე რასაც ვაკეთებ, ფეხის მოძრაობას ვცდილობ, რომ დავრწმუნდე მოტეხილი არაა.
- მარიშ - იქვე იმუხლება დემე შეშინებული სახით.
- მტკივა - ვკრუსუნებ და ვტირი.
- სად აბა?
- აი - კოჭთან მტკივა, აუტანლად, თითიც რომ მივიდო, მგონია მოვკვდები.
- მაჩვენე - აგათონიკეც იმუხლება და ნაზად ეხება ჩემს ფეხს. მეყინება, ის ადგილი მეყინება - აქ გტკივა? - მეკითხება, მე კი ხმასაც ვერ ვცემ.
- მარიშ, მარიშ აქ ხარ? - თითებს მიფრიალებს წინ ნინაკა - მარიშ გაეცი ხმა, მარიშ!
- აქ ვარ ნინა, სად ვიქნები აბა, მტკივა - თვალებს ვერ ვაშორებ მის ხელს.
- ასე? - ცდილობდ ოდნავ გაამოძრავოს.
- უფრო ძალიან - მინდა, რომ მომშორდეს, ჯანდაბა!
- მყესი ექნება დაჭიმული, სიარულს ვერ შეძლებს - ასკვნის და დგება - ამ ადგილებში ცხენიც არ გამოგვადგება.
„რაო? აბა რას აპირებენ, აქ ხომ არ დამტოვებენ?“ მზერას ვაპარებ და ვაკვირდები.
- ანუ ხელით უნდა წავიყვანოთ - ეცინება ლევანს და ჩემკენ მოდის.
ერთ ხელს მუხლებქვეშ მიცურებს, მეორეს წელზე მხვევს და ხელში მიყვანს.
- ასე როგორ უნდა ჩავიდეთ? - მართლა მეშინია, იმ ბილიკზე ასე როგორ უნდა ჩავიდეთ, რომ გავუვარდე, ან უარესი, ორივე წავიქცეთ, მერე რა უნდა ვქნათ?
- ჩავალთ მარიშ, რომ დავიღლები შემენაცვლებიან - თვალს მიკრავს და მივყავარ.
ფეხი მიწითლდება და მისივდება, აუტანლად მტკივა, ჩუმად ვკრუსუნებ და ლევანის მხარზე ცრემლებსაც ვაღვარღვარებ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. რა აზრი აქვს რომ ვიწუწუნო, აქ მაინც ვერაფერს მიშველიან, ყველანი შეშინებულები არიან ისედაც და ჩქარობენ.. მაგრამ ლევანი ხომ ხვდება რომ ვტირი, რაღაცებს მეჩურჩულება, თუმცა არაფერი მესმის, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ და მეშინია.
ლევანს დემე ენაცვლება, ფეხი ისევ აუტანლად მტკივა.
უკვე მართლა მეშინია, ამდენ ხანს არ უნდა გაევლო?
დროდადრო ვსლუკუნებ, გზა უსასრულოდ იწელება, მგონი ორჯერ მეტ დროს ვანდომებთ.
მობეზრებით გავყურებ ბილიკს, ყურადღებასაც ვადუნებ, ეს ყველაფერი ამოვლისას ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, შევისწავლე უკვე და ახლა აღარ აღმაფრთოვანებს.
ტირილისგან გათანგულს თვალებიც მიმძიმდება, მეხუჭება. არ ვიცი როგორ ვახერხებ, მაგრამ მეძინება.
სიზმარში ყველაფერი მეორდება, ვხედავ როგორ ვუყურებ მის ზურგს, მერე უცებ არასწორად ვდგამ ფეხს და ვეცემი, ძილში ვხტები და ეს შეხტომა მაღვიძებს, ინსტიქტურად ძლიერად ვხვევ ხელებს კისერზე დემეს და ვცბები, ეს დემე არაა. ერთიანად მაციებს, დენის დარტყმასავით მივლის სიცივე მთელ სხეულში და თავს ვაიძულებ თვალები გავახილო.
ჯანდაბა! ჯანდაბა!
მე მას ვეხვევი, გაფიქრება და პანიკა ერთია.
სწრაფად ვუშვებ ხელებს, მაშინვე გრძნობს, მაშინვე ხვდება, თვალებს აპარებს, იმ მწვანე, ცივ თვალებს. როგორც კი რწმუნდება რომ მღვიძავს, დემეს ეძახის და მასთან გადავყავარ.
აი, ისევ იგივე ჩაიდინე მარიშკა!
რა გემართება?!
სახლს ვხედავ, როგორც იქნა, კიდევ რამდენიმე წუთიც და სახლში ვარ.
ფრთხილად მსვამს დემე ტახტზე და თვითონაც იქვე სხდებიან.
ფრთხილად ვეხები კოჭს და მტკივა, სახეს ვჭმუხნი და ხელს ვაშორებ.
ბებოც არაა სახლში.
- ისევ ძალიან გტკივა? - ტახტის ბოლოში ჯდება აგათონიკე.
- კი - ვცდილობ ფეხი უკან მოვწიო, მგონი ხვდება, ისევ ისეთი თვალებით მიყურებს, მაგრამ არ დგება, პირიქით, უფრო ახლოს მოდის, ტერფზე თითებს მავლებს და თავის მუხლზე იდებს - მტკივა - ვკრუსუნებ, ოღონდ გამიშვას, ოღონდ გამიშვას, ის კი არ მაშორებს თითებს, ხან აქედან აკვირდება ჩემს გასიებულ კოჭს, ხან იქიდან, მერე ნაზად მიზელს, მაგრამ აუტანელ ტკივილს მგვრის.
- ცივი წყალი და რამე ტილო მოიტანეთ, ცივი საფენები დავადოთ ცოტა ხანს.
გოგონები ასრულებენ მის დავალებას და მოაქვთ, თან ყურადღებით აკვირდებიან. როგორი შეშინებული სახეები აქვთ, მინდა გავიღიმო, მაგრამ ამის თავი არ მაქვს.
ნაჭერს წყალში ასველებს, მერე ოდნავ წურავს, აკურატულად კეცავს და კოჭზე მადებს, თან ზემოდან ხელს ადებს.
მთელი სხეული შინაგანად აფორიაქებული მაქვს, ვგრძნობ, გული მიკანკალებს, ასე მხოლოდ ნერვიულობისას, ან შიშისას მემართება.
როგორც კი ფეხი ტემპერატურას ეჩვევა და ნაჭერი ოდნავ თბება, თავიდან იმეორებს პროცედურას.
ღმერთო, როგორი ნაზია მისი შეხება, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
აქამდე მისი ყოველგვარი სიახლოვე სიცივესთან, შიშთან ასოცირდებოდა, ახლა კი ვხვდები, როგორ იფანტება შიში, იქნებ დროებით, მაგრამ მაინც..
ყურადღების გადასატანად ბიჭებს ვუყურებ, ისეთი დაძაბულები არიან, მოუსვენრობა ეტყობათ, თან ხმასაც არ იღებენ.
- ისევ გტკივა? - საფენს იღებს და წრიული მოძრაობით მიზელს შესიებულ ადგილს. ისედაც გახურებული ფეხი კიდევ უფრო მეწვის. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჭიანჭველების მთელი არმია მოძრაობს მის თითებთან ერთად. მისი ცივი თითებიც კი აუტანლად მწვავს და ლამისაა გული წამივიდეს.
- მტკივა, ასე უფრო.
- კარგი - ნაჭერს მადებს ისევ, მერე დგება და ფეხს ტახტზე მადებინებს - ტრადიციულ სამკურნალო მეთოდს მივმართოთ - ლაპარაკობს და სკამზე ჯდება.
- ანუ? - ინტერესდებიან გოგონები.
- ანუ ახლა ერთი კვერცხი, ცოტა ფქვილი და ცოტა სპირტი შეურიეთ და მომიტანეთ.
ეჭვის თვალით ვუყურებ.
ამის ექიმობა მჭირდებოდა სრული ბედნიერებისთვის.
არეულ მასას სახვევზე უსვამს და ტახტზე ჯდება.
ისევ მარტივად ათავსებს ჩემს ფეხს თავის მუხლებზე.
ისევ საოცრად მიხურს მისი შეხების წერტილები.
და მაინც, ისე ფრთხილობს, დროდადრო მის მზერას სახეზე ვგრძნობ, მაკვირდება, ჩემს ტკივილს უფრთხის.
ესეც ასე მარიშკა!
ახლა სინდისიც აღარ მოგასვენებს!
სახვევს კოჭზე მადებს, ზემოდან ბინტს ახვევს და მიკრავს.
სანამ ადგება ხელს აყოლებს, თითქოს შეუმჩნევლად, თითქოს მეფერება ნატკენზე, მერე ნაზად იშორებს ჩემს ფეხს თავისი მუხლებიდან და დგება.
სანამ მე ჩემი გაჭირვებით ვარ გართული, ის მიდის, ისე მიდის, მადლობის თქმასაც ვერ ვასწრებ.
ჯანდაბა!
ტახტზე უფრო მოხერხებულად ვწვები და ვცდილობ ბავშვები უარესად არ შევაშინო.
საკუთარ თავზე გაბრაზებული დანარჩენებსაც ზურგს ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ.
სიმძიმის შეგრძნება არ მასვენებს.
ლამისაა გავსკდე, ისე მინდა ტირილი, მაგრამ ახლა, ასე უმიზეზოდ რომ ავტირდე, გულები გაუსკდებათ.
მერე რა მოხდა, მადლობას სხვა დროს ვეტყვი - თავს ვიმშვიდებ და მთელი დღის ემოციას ერთ ღრმა ამოსუნთქვაში ვტევ.
ძილ-ბურანიდან ბებოს ქოთქოთქს გამოვყავარ.
- აღარ მტკივა - უკვე მოფხიზლებული ვცდილობ დავამშვიდო.
- ეს რა წესია? ვერ გაგიფრთხილდით სტუმარ ბავშვს.
- ბებო კაი რა, ხელში აყვანილს ხო ვერ ვატარებდით არა? წაიქცა უბრალოდ, გადაუვლის მალე, ხო მარიშ? - მიყურებს დემე.
- ხო დემე - ვეთანხმები.
თხუთმეტწუთიანი ლექციის შემდეგ ბებო ჩემს ფეხზე ნერვიულობას ამთავრებს და საჭმლის მოსამზადებლად მიდის, გოგოებიც თან მიჰყვებიან.

საღამოს აგათონიკე ისევ მოდის.
- საღამო მშვიდობის - ყველას გასაგონად ამბობს და ჩემკენ იყურება - კიდევ გტკივა?
- უმნიშვნელოდ - დაბალ ხმაზე ვპასუხობ და თვალს ვარიდებ.
თავს ოდნავ მიქნევს და ლევანისკენ მიდის.
- აგათონიკე - ბრუნდება - მადლობა - ამოვთქვამ.
კვლავ თავს მიქნევს და ოდნავ ეპარება ღიმილი სახეზე.
საღამოს საუბარში ვატარებთ.
მზერა გამუდმებით აგათონიკესკენ გამირბის.
აშკარად ამჩნევს და ისიც მიყურებს.
მიყურებს ისე, რომ მაბნევს.
არ ვიცი, რატომ ვხედავ მის თვალებში ნაპერწკლებს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
როცა ჩემკენ არ იხედება, მაშინაც კი შებოჭილად ვგრძნობ თავს.
- ხვალამდე - დგება და გასასვლელისკენ მიდის - იმედია ხვალ უკეთესად იქნები - წამით მიყურებს და სახლს ტოვებს.
მე კი გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ეს ყველაფერი მე მითხრა?
დაბნეულობის დასაფარად თმებს ვათამაშებ და ვცდილობ ყურადღება ბავშვებისკენ გადავიტანო.

დილით უკვე სიარულს ვახერხებ, მართალია დახმარება მჭირდება, მაგრამ ხელში აყვანა მაინც არ უწევთ.
თავისუფლად ვზივარ მაინც და წოლა არ მიწევს, თუმცა ისევ მანებივრებენ.
სულ რაღაც ერთი კვირით ჩამოვედით და ამ ერთ კვირასაც ვერ ვირგებთ.
ნაშუადღევს ოთხეული წყაროზე მიდის, თან გავისეირნებთ, თან წყალს მოვიტანთო, ბებოც გასულია და ვრჩები მარტო.
უსაქმურობა მბეზრდება და სამზარეულოში გავდივარ, სანამ მოვლენ კარტოფილს მაინც შევწვავ, დავახვედრებ.
ძველებურ, ხის ჭურჭლის კარადასთან ვდგები, იქვე პატარა სკამს ვიდგამ და ნატკენი ფეხის მუხლს სკამზე ვდებ.
იმდენად ვერთვები კარტოფილის თლაში, ვეღარაფერს ვამჩნევ, ვცდილობ სწრაფად გავაკეთო.
ვერც ნაბიჯების ხმას ვიგებ და ვერც იმას, როგორ მიახლოვდება ვიღაც.
- გამარჯობა - ხმა მაკრთობს და დანას კინაღამ თითზე ვისვამ.
- გამარჯობა - ხმას ვიწმენდ და ვპასუხობ.
- მარტო ხარ?
- ხო, წყაროზე არიან სხვები - ვცდილობ არ შევიმჩნიო, როგორ მაშინებს მისი ხმა და მზერა. სხვებთან ერთად თითქოს აღარ ვიყავი ასე, თითქოს დავძლიე მის მიმართ უარყოფითი ემოციები, მაგრამ ახლა, როცა მარტოები ვართ, ისევ მეშინია.
- არ გეშინია? - ვხვდები, რომ ჩემკენ მოიწევს, აშკარად ახლოსაა.
- რისი უნდა მეშინოდეს? - დანას მთელი ძალით ვუჭერ ხელს, რომ სხეულმა არ გამცეს. ჩემ უკან დგას და არ ინძრევა. კისერთან ვგრძნობ ცივ ჰაერს და ზურგიც მეყინება.
- უცხოების.
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და თავს ვაიძულებ, ემოციებს არ ავყვე.
რაღა მაინც და მაინც ახლა მოვიდა?
ან რა საჭიროა დიალოგის გაბმა?
აქამდე ხომ არაფერი უთქვამს?
ახლა რატომაა ასეთი სიტყვაუხვი?
- არ მეშინია - დაბეჯითებით ვამბობ.
- მაშინ მე რატომ? - თითქოს ნაწყენი ტონი აქვს.
- რა შენ? - ვერ ვხვდები რა უნდა.
- ჩემი რატომ გეშინია? - ვეღარ ვუძლებ ამ სიცივეს..
თურმე ყველაფერს ხვდებოდა..
ამას მეც ვხვდებოდი, მაგრამ არ მეგონა ასე პირდაპირ თუ მეტყოდა.
ვეღარ ვუძლებ და სწრაფად ვბრუნდები მისკენ.
უეცარი მოძრაობა ფეხს მტკენს და სახეს ვჭმუხნი.
ხელს მაშველებს და როგორც კი მყარად ვდგები, დანას მართმევს.
კარტოფილით სავსე ჯამში აგდებს და თავის მკლავებს შორის მიქცევს.
- საიდან მოიტანე? - არ მინდა იცოდეს, რომ მეშინია, არ მინდა!
- თვითონ მითხარი - სულ ოდნავ ეცინება, ირონიულად.
მზერას არ მაშორებს..
ვწითლდები.
მართალია, თვითონ ვუთხარი, მაშინ...
მაგრამ ნუთუ ვერ ხვდება რატომ მაშინებს?
ცივი ხმა, ცივი თვალები..
მთლიანად ცივია და მყინავს..
- არ ვიცი - წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევ - არ ვიცი რატომ მეშინია - ვნებდები და ვაღიარებ, გულწრფელად ვპასუობ და თითქოს ასე უფრო მარტივია.
- ჩემი არ უნდა გეშინოდეს - მძიმედ ამოთქვამს და ბრუნდება - არ მინდა გეშინოდეს - მოუბრუნებლად ამბობს და მიდის..
მრცხვენია!
ჩემი შეგრძნებების მრცხვენია.
გილოცავ მარიშკა!
კიდევ ერთხელ მოახერხე ამ ადამიანისთვის გულის ტკენა!
მთავარი ისაა, რომ მისი სიტყვები ჩემი განცდების აფსურდულობაში მარწმუნებს.
გონებაში კიდევ ერთხელ ვატრიალებ მის სიტყვებს, არ უნდა რომ მეშინოდეს.
ეს არც მე მინდა, მართლა არ მინდა, მაგრამ გაუცნობიერებლად ხდება.
ყველაფერს მოვაგვარებ, მე ყველაფერს შევძლებ.
გადაწყვეტილებას ვიღებ და შეძლებისდაგვარად სწრაფად გავდივარ სახლიდან.
- აგათონიკე - ხმამაღლა ვეძახი უკვე ეზოს ბოლოში მყოფს და ჩერდება.
ერთიანად ვიძაბები, მაგრამ უკან არ ვბრუნდები, რადგან ვთქვი, ასეც მოვიქცევი.
- სადილზე არ დარჩები? - ისევ ვყვირი და ველოდები.
ცოტა ხანი ერთ ადგილას დგას, თითქოს ჩემს ნათქვამს აანალიზებს, მერე ტრიალდება, ამ მანძილიდანაც კი ვგრძნობ რომ მიყურებს და იღიმის კიდეც, ნელა მოიწევს ისევ სახლისკენ და მეც, თითქოს ტვირთჩამოხსნილი შვებით მოგვრილ ღიმილს ვერ ვიკავებ.
როგორც კი კიბეზე ფეხს დგამს, გულდამშვიდებული ისევ სამზარეულოში ვბრუნდები.
მგონია მისაღებში შევა, თუმცა ვცდები, უკან მომყვება.
ფაქტით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი და ასეც იქნება.
ამ ადამიანის მიმართ უარყოფით განცდებს გავაქრობ, იმიტომ, რომ არ იმსახურებს.
- დანარჩენები მალე მოვლენ, თუ გინდა მისაღებში დაელოდე - მაინც ვერაფერს ვუხერხებ ენას, არ ჩუმდება, ყველა ფიქრს ახმოვანებს.
- კარგი - მეთანხმება და გადის.
შეძლებისაგვარად სწრაფად ვამზადებ ყველაფერს და მეც მისაღებში გავდივარ.
ბავშვები ისევ არ ჩანან, ნეტავ სად დაიკარგნენ.
ფინჯან ყავას ვუდგამ წინ, პატარა მაგიდაზე და მე სარწეველა სავარძელს ვიკავებ.
- მადლობა - მშვიდად ამბობს და ფინჯანს ხელში იღებს - აღარ გტკივა? - ფეხზე მანიშნებს.
- თითქმის აღარ, მადლობა.
ოდნავ მიკრავს თავს, ფინჯანს მაგიდაზე აბრუნებს და მზერას მაშორებს.
შინაგანად აფორიაქებულ სხეულს ვერაფერს ვუხერხებ.
ასე ერთბაშად არ გამომდის.
სახეში არ ვუყურებ და რადგან თვალები მაინც მისკენ გამირბის, მუხლებზე დაწყობილ მის თითებს ვაკვირდები.
- უკრავ? - თავისთავად მცდება კითხვა და მის გაკვირვებასაც ვაფიქსირებ.
საკუთარი აზრები თავადვე მგვრის ღიმილს, არადა ვფიქრობ, როგორ მოუხდება მისი თითები შავ-თეთრ კლავიშებს, ან სიმებს..
- იშვიათად - მპასუხობს და ლამისაა გაკვირვებისაგან წამოვიყვირო.
მიუხედავად ჩემი ფიქრებისა, მაინც ვერ წარმომიდგენია, რომ ის უკრავს.
- ლამაზი იქნება - ვბუტბუტებ ჩემთვის და გოგონებიც ხმაურით შემოდიან სახლში.

- სტუმარი გვყოლია - უღიმის ანიტა - გამარჯობა.
- გამარჯობა - ოდნავ იღიმის ისიც.
- შენ რატომ ადექი? - ჩემკენ იხედება და მიბღვერს.
- ანიტა, კარგად ვარ, თან სადილი მოვამზადე, რადგან ასე მიფრთხილდებით, შეგიძლიათ სუფრა თქვენ გაშალოთ.
- კარგი - ეცინება და გადის.
სანამ ბიჭები საუბრობენ, გოგონები სუფრას შლიან.
მე ისევ ლამაზ თითებს ვუყურებ, სხვებისგან შეუმჩნევლად.
ვაკვირდები როგორ ამოძრავებს ხელს ლაპარაკისას და როგორ ათამაშებს თითებს მოსმენისას.
- მარიშ, ხვალ სიარულს ხომ შეძლებ? - მხარზე შეხებით მაფხიზლებს ლევანი.
- ხო, ალბათ შევძლებ.
- ძალიან კარგი, მაშინ ვნახოთ გუდანის ჯვარი.
- ვნახოთ - გაბადრული ვეთანხმები და მოფუსფუსე გოგონებზე გადამაქვს ყურადღება.
ბებოც ბრუნდება, ერთად ვსადილობთ და ალაგებისას ისევ გოგონები მარჯვობენ.
უკვე მეცინება მათ გადამეტებულ ყურადღებაზე.
საღამო მოსვლასთან ერთად სუსხიც იმატებს, უჩვეულოდ ცივი საღამოა, აშკარად წვიმასაც აპირებს.
ბუხარს ანთებენ და გარშემო ვუსხდებით.
თბილ პლედში უფრო კომფორტულად ვეხვევი და დემეს მხარზე თავს ვადებ.
- როდის ბრუნდებით? - სუსხიანი ხმა ყურადღებას იქცევს.
- კვირის ბოლოს, მალე გვიწევს წასვლა - დემეს ხმა მესმის ყურთან ახლოს.
- არადა კიდევ დავრჩებოდი - ნინაკას წუწუნიც მესმის.
უეცრად ელავს, ისე ძლიერ, რომ წამიერად მთელ ოთახს ანათებს, მერე გრუხუნიც მოჰყვება და წვიმის წვეთების ხმა ისმის.
მიწაზე ისეთი ძალით ეხეთქებიან, ჰაერში მტვერი დგება.
ძალიან მიყვარს ასეთ დროს გარეთ ყოფნა, მტვრის სურნელი და წვიმის ხმაური.
კმაყოფილი მზერით ვდგები და მიუხედავად სიცივისა, გარეთ გავდივარ.
პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ, თვალებს ვხუჭავ და ვტკბები.
როგორც კი სურნელი იფანტება, უკან ვბრუნდები და კარებს ვაღებ თუ არა, აგათონიკეს ვეჩეხები.
გვერდით იწევა და მატარებს.
- საით? - გაკვირვებით ვკითხულობ.
- სახლში - ეცინება.
მგონი პირველად ვხედავ მის სიცილს, სულ ოდნავ ეჩხვლიტება ლოყა, წვერშიც კი ვამჩნევ.
რატომღაც კმაყოფილება მეუფლება, რომ მისი სიცილის ნახვა დავიმსახურე.
- ამ თავსხმაში? - გულით მეცოდება იმის გაფიქრებისას, რომ ამ ამინდში გარეთ უნდა გავიდეს.
- ჩვენც მაგას ვეუბნებით და არ გვიჯერებს - წამოყო თავი ნინაკამ.
- დარჩი - მხრებს ვიჩეჩავ - ადგილები გვეყოფა - მეცინება და სახლში შევდივარ.

ბუხართან მოკალათებული ვუყურებ და ვხვდები , რომ რამდენიმე წუთის წინანდელი დიალოგი, ყველაზე გულწრფელი დიალოგი იყო ჩვენ შორის.
ამის გააზრებისას გულშიც და გონებაშიც რაღაც სიამოვნების განცდა მეუფლება..
ვხვდები, რომ საკუთარ ჩანაფიქრს ვასრულებ და მიხარია..
აგათონიკეს ბიჭების ოთახში ასვენებენ და ყველანი ვიკრიფებით მისაღებიდან.
წვიმის ხმაურში ისე ტკბილად მძინავს, თითქოს წვეთები იავნანას მღეროდნენ.
დილით გაღვიძებული ფანჯრიდანვე ვხედავ მოწმენდილ ცას, მზე თითქოს მორცხვად რომ ანათებს და მეღიმება.
გოგონებს ისევ სძინავთ, მე კი საწოლში ვეღარ ვისვენებ.
ჩემს გრძელ, სქელ ჟაკეტს ვიცვამ, თბილ მოსასხამსაც ვაყოლებ და ოთახიდან გავდივარ.
არავინაა, ძალიან კარგი, დილის სიმშვიდეზე მეტად არაფერი მიყვარს.
ყავას ვამზადებ, ბუხრის გვერდით ტახტზე ვკალათდბი, ფეხებს ვიკეცავ, ფინჯანს ხელებს ვხვევ და თავს საზურგეზე ვდებ.
- დილა მშვიდობის - სიმშვიდის უეცარი დარღვევა ისე მაკრთობს, ყავას კინაღამ ვიქცევ.
- გამარჯობა - ვცდილობ დამშვიდებულმა ვუპასუხო.
- გამოიდარა, მე წავალ, მოგვიანებით წავიდეთ გუდანის ჯვარზე, უთხარი დანარჩენებს.
- კარგი - თავს ვუქნევ და გასაცილებლად ვდგები.
- იყავი - ხელით მანიშნებს და მიდის.
მხრებს ვიჩეჩავ და წინანდელ მდგომარეობას ვუბრუნდები.
ბევრად უფრო მარტივია დაძაბულობის გარეშე.
ის, რომ ვიღაცის კომპანიაში ყოფნას არ გაურბიხარ და საკუთარ თავს მშვიდად დასვენების უფლებას აძლევ.
რომ აღარ გეშინია მისი ყურება, თამამად აკვირდები და იცნობ მის სახეს.
სახეზე მაშინვე მისი ჩაჩხვლეტილი ლოყა მახსენდება, თითქმის შეუმჩნევლად რომ მოუჩანს მუქი ფერის წვერში და მეღიმება.
ნელ-ნელა ყველას ეღვიძება და ოთახებიდან გამოდიან.
აგათონიკეს დანაბარებს გადავცემ და საუზმის შემდეგ ვემზადებით.
მიუხედავად ჩვენი შემართებისა, ბებო წუხს, ტალახია და როგორ ივლითო, მაგრამ ეზოში აგათონიკეს გამოჩენა ყველაფერს ცხადყოფს, თან ცხენები მოიყოლა, ე.ი. სიარულიც გაგვიადვილდება.
სამი ცხენი და სამი წყვილი..
სახლიდან გავდივართ, ბიჭები წინ მიდიან და ცხოველებს „ეცნობიან“.
- რა საყვარელია - შავი ფერის ცხენზე ვაჩერებ მზერას.
- დემეტრეს მეწყვილე იქნები - გვერდიდან მესმის აგათონიკეს ხმა.
თავს ვუქნევ, დემე მეხმარება და თვითონაც ჯდება.
გუდანის ჯვრამდე თორმეტი კილომეტრია.
ნინაკა და აგათონიკე ერთად სხედან, ლევანი და ანიტა ერთად, ჩვენ ბოლოში მივდივართ, ნაზად ვირხევი ცხენის სიარულისას და თან გამეტებით ვარ ჩაფრენილი დემეს მკლავებზე.
გარემოთი აღფრთოვანებული ნინაკა ენას არ აჩერებს. ანიტაც ეხმიანება, მხოლოდ მე ვეკვრი დემეს მკერდზე, თავი მის მხარზე მიდევს და სხვებს ვუსმენ.
- იმდენად კარგია აქაურობა, სამუდამოდაც სიამოვნებით დავრჩებოდი.
- კაი რა ნინ - მაშინვე ვერთვები - მთელი ცხოვრება ვერ გაძლებ.
- რატომ ვითომ? - უკმაყოფილო ტონი აქვს.
- იმიტომ, რომ ვერ დათმობ ქალაქის კომფორტს.
- და შენ დათმობ? - მწვდება ანიტა.
- არც ვამბობ რომ დავთმობ და სამუდამოდ აქ ვიქნები. იდეალურია დასვენებისთვის, მაგრამ სამუდამოდ ძალიან რთულია.
- კარგი რა მარიშ, აი წარმოიდგინე, სუფთა ჰაერი, მშვენიერი ბუნება, ნატურალური საჭმელი და მოსიყვარულე მეორე ნახევარი - წამსვე ნაბავს თვალებს.
- ოჰ, აიწყო ამან ცხოვრება, სიყვარული, ოჯახი - გვეცინება.
- ანუ სიყვარულის გამო დარჩებოდი? - დაზუსტებას ცდილობს აგათონიკე.
- დაუფიქრებლად - ეღიმება ნინაკას.
- ჩემი რომანტიკოსი - მეცინება.
- მე გეთანხმები - უნებურად სმენა მეძაბება, როცა აგათონიკე იწყებს ამაზე საუბარს.
- სიყვარულზე ხომ?
- კი, ადამიანი რომ გიყვარს, სამყაროს დასალიარშიც უნდა გაჰყვე.
- და თუ ამ დასალიარში ვერ ძლებ? - ეპასუხება ანიტა და მინდა ჩავეხუტო, ისე მიხარია ამ კითხვის დასმა.
- ოდესმე, როცა ვინმე შემიყვარდება, მან უნდა შეძლოს ჩემთან ერთად ყოფნა იქ, სადაც ვიქნები, მე ასე მესმის.
მზერას ვაპარებ მისკენ. ჩვენი მხიარული, ხუმრობანარევი საუბარი უცებ შეუცვლია სერიოზულ ტონს.
სრულიად სეიოზული სახით საუბრობს, დინჯად, აუღელვებლად და ჩემს შეპარულ მზერას თავის გამყინავ თვალებს რომ უხვედრებს, ვშეშდები.
ის მიყურებს, მე მიყურებს. უნებურად ვფორიაქდები, გული გამალებით იწყებს ცემას და ვცდილობ არ ავყვე.
ეს ჩემთვის არ იყო!
შენკენ არ იყო მარიშკა!
მისი თვალები ისეთია, ისე მიყურებს, უსიტყვოდ ამბობს სათქმელს, მე კი არ მესმის, ან არ მინდა გავიგო.
მთელი გზა რაღაცებზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმის, გამუდმებით მის სიტყვებზე მეფიქრება.
სიტყვებზე და მზერაზე.
მწვანე თვალებზე და უცნაურ ნაპერწკლებზე.
- დემე, მალე მივალთ? - სიჩუმისგან ხმადაკარგული ვეჩურჩულები.
- მალე მივალთ? - ხმამაღლა ახმოვანებს ჩემს ინტერესს.
- კი - ეთანხმებაა აგათონიკე და ისევ იქცევს ჩემს ყურადღებას.

ადგილი ისეთია, თვალები რომ უნდა დახუჭო, ხელები გაშალო, თავისუფლად ისუნთქო და წარმოიდგინო, ფრენა შეგიძლია.
ზუსტად ასე ვდგავარ, ბედნიერი, თავისუფალი და უეცარი ხმა მახვედრებს, რომ ნინაკამ ფოტო გადამიღო, მეცინება და იძულებულს მხდის რეალობას დავუბრუნდე.
- კაი რა ნინ - წუწუნს ვიწყებ.
- შენ არ იცი რა მაგარი კადრია - გაბადრულია - მერე გაჩვენებ, აი ნახავ რა - ენად იკრიფება და ახლა ანიტასკენ მირბის.
დიდ ხანს არ ვჩერდებით, უკვე შუადღეა და უკან დაბრუნება გვინდა შებინდებამდე.
სანამ დავლაგდებით, ნინაკა მოდის ისეთი სახით, რომ ვიცი, რაღაც უნდა მთხოვოს. არ ვცდები, შავ ცხენზე ნებივრობა სურს ქალბატონს. როგორც კი წარბებს ვკრავ უარის სათქმელად, მაშინვე იბუსხება და თავისი მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს.
- ხვალ დაბადების დღე მაქვს - ტუჩებს ბრეცს და ლამისაა ავკისკისდე - გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, ამ ერთხელ - სადაცაა გადმოყრის ნიანგის ცრემლებს და მეც, ოღონდ შემეშვას, ვთანხმდები.
ხმაურიანად მკოცნის ლოყაზე და დემეს წინ იტუზება.
- ისევ ასე წყნარად უნდა ვიაროთ? ცოტა გავაჭენოთ, გავერთოთ - ახალი ინიციატივით გამოდის ლევანი და როგორც ყოველთვის, ახლაც ხტიან ჭინკები მის თვალებში.
- კარგი - ეთანხმებიან ბიჭებიც.
ეს იდეა ნამდვილად მომწონს, მაგრამ თან მეშინია, თუმცა ხმას არ ვიღებ, ისინი მაინც გაიტანენ თავისას, მით უმეტეს, რომ არც გოგონები ჩანან წინააღმდეგნი.
და აი ასე, ნინაკას აჩემებით, მე იმ თეთრ მშვენიერებაზე მიწევს ჯდომა.
აგათონიკე ბიჭებს აფრთხილებს გოგონები უკან მოისვითო. თვითონაც ჯდება, უზანგს არ იყენებს, მე მიტოვებს.
- ფეხი აქ დადგი - მანიშნებს ფეხის სადგამზე და ხელს მიწვდის.
წამით გონებაში ვივლებ დაუხმარებლად დავჯდები-მეთქი, მაგრამ მაშინვე უარვყოფ, საკუთარ გადაწყვეტილებას ვიხსენებ და ხელს ვუწვდი.
გაყინულ თითებს მაგრად მკიდებს მტევანზე და მთელ სხეულში რაღაც უცაური მუხტი მივლის, ფეხს უზანგში ვუყრი და როგორც კი მზადყოფნას მამჩნევს, ზემოთ მექაჩება.
მოხერხებულად ვთავსდები და სხვებისკენ ვიხედები.
- წავედით? - გოგონებიც სხდებიან.
- ხელები მომხვიე - ჩუმად ამბობს და იმ წუთში ვერ ვიაზრებ რას მეუბნება.
- რაა? - გაკვირვებული ხმამაღლა ვეკითხები.
- არ გადავარდე - ისევ ჩვეული ტონით მპასუხობს.
- ხო, კარგი - დაბნეული ვეთანხმები და ხელებს სულ ოდნავ ვხვევ წელზე.
თითქოს მრცხვენია, უხერხულად ვარ, თავს ვარიდებ, არ ვიცი, მაგრამ ხელებს ნორმალურად არ ვხვევ.
ცოტა ხნით ჩერდება, მერე თითებს მადებს ხელებზე, თავისი მუცლისკენ მიაცოცებს და მარჯვენას და მარცხენას ერთად მაკვრევინებს.
- ნუ გეშინია, უბრალოდ არ გადავარდე - არ ვიცი მეჩვენება, თუ ნაწყენია, მაგრამ მეტს აღარაფერს ამბობს, ცხენს ფერდებზე უჭერს ფეხებს და ნაზი სიარული მალე გადადის თავისუფალ ნავარდში.
უხერხულობაც სადღაც ქრება და რაც უფრო სწრაფად მიქრის ცხენი, მით უფრო მაგრად ვუჭერ ხელებს. გაშლილ თმებს ქარი მიფრიალებს, თუმცა არც თუ ლამაზად, თმის ერთი ნაწილი პირდაპირ სახეში მხვდება და მეც მაშინვე აგათონიკეს ზურგს ვეხუტები.
მის ბეჭებს ვაყრდნობ შუბლს და აჩქარებულ გულისცემას მაინც ვერავის ვუხერხებ. ვეღარ ვხედავ როგორც მივდივართ, მაგრამ ვგრძნობ ამ სისწრაფეს და ვერ ვმშვიდდები.
თვალებს ვხუჭავ და ქარის სიგრილესთან ერთად მის სურნელს შევიგრძნობ.
უჩვეულოდ მაჟრჟოლებს, მაგრამ თავს არ ვწევ, მსიამოვნებს, მომწონს..
როგორც კი ხვდება, რომ მის სხეულს მთელი ძალით ვეჭიდები, სწრაფად აჩერებს ცხენს.
არ ვშორდები, ისევ ისეთ ფორმაში ვეხვევი, სანამ თვითონ არ მკიდებს მაჯებზე ხელს.
- კარგად ხარ? - მეკითხება და მის ხმაში საოცარ მზრუნველობას ვგრძნობ.
უეცრად ვაანალიზებ ჩემს ქმედებას და ისევ ძველებურად ვიქცევი, დენდარტყმულივით ვაშორებ ხელებს და სახეზე ვისვამ.
- უბრალოდ ძალიან სწრაფად მივდიოდით - ვბუტბუტებ და აწეწილ თმებს ზურგზე ვიყრი.
- კარგი - ისევ ვიძვრით, მაგრამ ამჯერად ძველებურად ნელა მივუყვებით გზას. არც ცდილობს წინ წასულებს დაეწიოს, ოდნავადაც არ აჩქარებს ცხენს.
ასე ცარიელი ხელებით, ადგილსაც რომ ვერ ვუძებნი, ზედმეტად მოუხერხებლად ვზივარ, საკუთარ თავთან კამათისა და ყოყმანის შემდეგ, ნელა ვიწვდი ხელებს და აგათონიკეს მკლავებს შორის ვუცურებ, ოდნავ ვეჭიდები და მიუხედავად გონების წინააღმდეგობისა, სხეულის ნებას ვყვები, თავს ზურგზე ვადებ.
ჩვენ რომ მივდივართ სახლში, დანარჩენებს უკვე სუფრაც კი გაშლილი აქვთ.
- მოღოღავდით? - სიცილით გვეკითხება ლევანი.
- შემეშინდა მე - მხრების ჩეჩვით ვპასუხობ და სუფრასთან ვჯდები.

საღამოს ათი საათისთვის ბიჭების დიდი მოთხოვნით დასაძინებლად მივდივართ.
აქამდე, შუაღამემდე ხმას არ იღებდნენ, რა ეტაკათ ვერ ვხვდებით, თუმცა იმდენს წუწუნებენ, ოთახში შევდივართ და ვწვებით, ძილის კი რა მოგახსენოთ.
ნინაკა ჩემთან ხტება საწოლში ფოტოაპარატით ხელში და გამალებით ეძებს რაღაც სურათს.
- აი, ვიპოვე - აღფრთოვანებული ყვირის და აპარატს მაჩეჩებს.
ფოტოზე მე ვარ, თვალები მიხუჭია, ხელები გაშლილი მაქვს, უკან კი საოცარი ფონია, მთები, კრიალა ცა და მზე..
- მართლა ძალიან კარგია - კმაყოფილი ტონით ვეუბნები და აპარატს ვუბრუნებ.
- არა, რაღაც ვერ შეამჩნიე - უკმაყოფილოდ იბზუებს ტუჩს.
- რა აბა? - ისევ ვაკვირდები ფოტოს.
- აი - ახლოს მოაქვს და აგათონიკეს ვხედავ. სულ ოდნავ ჩანს, შევამჩნიე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, რომ უბრალოდ კადრში მოხვდა. თუმცა როგორც კი ახლოდან დავაკვირდი, მისი მზერაც შესამჩნევი გახდა, ჩემკენ მომართული, რაღაც უცნაური, დაჟინებული.
- ხო, შევამჩნიე, მერე რა, კარგი სურათია - გულგრილად ვამბობ და აღარ ვუყურებ.
ნინაკა თავის საწოლში ბრუნდება, მეც მოხერხებულად ვწვები და კედლისკენ ვბრუნდები. თვალებს ვხუჭავ თუ არა, იმ სურათს ვხედავ. მობეზრებით ვფრუტუნებ და ვცდილობ სხვა რამეზე ვიფიქრო.
სადაცაა ჩამეძინება, რომ ჩოჩქოლი და ხმაური მაფრთხობს, მერე კარებზე ფრთხილი კაკუნიც მესმის. სწრაფად ვიცვამ იქვე მიგდებულ ჟაკეტს და ფეხის წვერებზე მივდივარ კარებთან. სულ ოდნავ ვაღებ და გაღიმებულ დემეს ვხედავ ტორტით ხელში.
- ორ წუთში გააღე - მეჩურჩულება და ასანთს ანთებს, შუშხუნებს რომ წაუკიდოს.
გული მითბება, კარებს ფართოდ ვაღებ და ოთახში ვუშვებ.
საოცრად უნიჭოდ უმღერიან და სიცილისგან დაღლილი გვიან ვამჩნევ აგათონიკეს მზერას. ვიშმუშნები და ჟაკეტს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე. ყველაფერს ნინაკას ბედნიერი კივილი ანეიტრალებს. გახარებული ეხვევა ბიჭებს და აღარ იცის ემოცია როგორ გამოხატოს.
შუაღამისას შევექცევით „სასწაულებრივად“ გაჩენილ ტორტს და რატომღაც ძველებური, ბავშვური გარემო გვექმნება.
ისევ დავცინით ერთმანეთს შოკოლადით მოთხუპნულ ტუჩებზე და ისევ მოურიდებლად ვილოკავთ კრემიან თითებს.
დილა ისეთივე ბედნიერია, როგორიც ღამე.
მთელი დღე ვფუსფუსებთ და საღამოსთვის ვემზადებით, თუმცა ბიჭები ქრებიან საუზმის შემდეგ და ვბრაზობთ.
ნინაკას ბრაზი გადმოგვედო, ძალიან სწყინს, რომ დღეს მასთან არ ატარებენ, იმდენად, რომ ვერც მალავს და წუწუნებს.
სანამ სუფრის გაწყობას დავიწყებთ, იქამდე მოდიან ბიჭები, ხელში სიმინდის ტაროებით, უცნაურად აბრჭყვიალებული თვალებით და საოცარი მხიარულებით.
- მართალია ცივა ღამე, მაგრამ მაინც, ამაღამ ვათენებთ - საზეიმო ხმით ამბობს ლევანი და გვიყურებს.
- გარეთ ვათენებთ - აზუსტებს დემე - ცეცხლს დავანთებთ, სიმინდს შევწვავთ და ერთად ყოფნის, ამ ზაფხულის ბოლო ღამეს მხიარულად გავატარებთ.
- იმაზე კარგები ხართ, ვიდრე მეგონა - გულაჩუყებულია ნინაკა.
- პლედებს ავიღებთ და გამზადებულ რაღაცებსაც გამოვიტანთ - ანიტაც მზადყოფნაშია.
- სკამების მაგივრობას დახერხილი კოტრები გაგვიწევენ - გვიღიმის ლევანი და გარეთ გადის.
ნახევარ საათში ყველანი გარეთ ვართ ჩვენი სანოვაგით, ცეცხლიც ანთია და ტაროებიც იწვება. კოცონის გარშემო წრეზე ვსხედვართ და ხელებს მისი მიმართულებით ვიშვერთ.
- შეიწვა - სიმინდს მაწვდის აგათონიკე და როგორც კი ვართმევ, ისევ ის უცნაური გრძნობა მიპყრობს, ამას ემატება მისი მწვანე თვალები, ცეცხლის ენები რომ ირეკლება მათში და თითქოს მიწვევენ.
- მადლობა - ხმადაბლა ვეუბნები და ტაროს ხელში ვატრიალებ.
გამთენიამდე ვსხედვართ კოცონის გარშემო, გამთენიამდე ვიხსენებთ ბავშვობას, ამ ზაფხულს, გამთენიამდე ვგეგმავთ მომავალ ზაფხულს და ბედნიერები ვიცინით საკუთარ თავებზე.
და ზუსტად გამთენიამდე ვგრძნობ მზერას. მზერას, რომელიც მყინავს და ამასთან, აღარ მაშინებს, აღარ მაწუხებს.
დროდადრო მეც ვაპარებ თვალებს მზერისკენ და როგორც კი ვრწმუნდები, რომ ისევ მიყურებს, უცნაური კმაყოფილება მიღვივის გულში.
ოთხი საათისთვის დემე დასაძინებლად მიდის, დილით საჭესთან ვეღარ დავჯდებიო.
დემეს წასვლასთან ერთად, ჩვენც ვხვდებით ძილის დრო რომაა და ერთიანად ვიკრიფებით.
აგათონიკეს ეზოს ბოლომდე ვაცილებთ, ისევ უსიტყვოდ მემშვიდობება, მისი ნახვამდის სხვებისთვისაა განკუთვნილი, თავის დაკვრა კი ჩემთვის, ასე მგონია..

დილის ცხრა საათზე უკვე ჩაბარგებულები და წასასვლელად გამზადებულები ეზოში ვდგავართ. გაყინულ ხელებს ერთმანეთზე ვუსვამ გათბობის მიზნით და ვუყურებ როგორ ემშვიდობება ბებო ნელ-ნელა ყველას. ჩემამდეც მოდის, მთელი ძალით ვხვევ ხელებს და დანაოჭებულ ლოყებს ვუკოცნი.
- ხშირად ჩამოდით ბებო, ნუ გამომიყრუებთ სახლს - ცრემლიანი თვალებით შემოგვცქერის და გულში სითბოსთან ერთად ნაღველსაც მიღვრის.
უნებურად მთელი დილა შემოსასვლელისკენ გამირბის თვალები, გაუცნობიერებლად ველოდები და ბოლოს და ბოლოს, გახედვისას ისევ მხვდება მისი მზერა.
ეზოში შემოდის და ჩვენკენ მოიწევს.
- მოგისწარით - თვალს გვავლებს და სიამოვნებისგან მეღიმება, როცა სხვებისგან განსხვავებით, უფრო დიდ ხანს მიყურებს.
- ძალიან კარგი, დაგემშვიდობებით და ისე წავალთ - მხარზე ხელს არტყამს დემე.
- გამიხარდა - ერთმანეთს ეხვევიან. მერე დანარჩენებსაც ემშვიდობება და ჩემთანაც მოდის..
ხელს მიწვდის, წამით დაბნეული შევცქერი, თითქოს გულიც მწყდება ასეთი ცივი დამშვიდობების გამო, მაგრამ მალევე ვაგებებ ჩემს თითებს. ხელს ოდნავ მიჭერს, მოხერხებულად მიბიძგებს თავისკენ და სულ ოდნავ მეხუტება.
- ნახვამდის მარიამ - ნაცნობი ფრაზა და ნაგრძნობი უჩვეულო სითბო..
სწრაფად მშორდება და ისევ ბიჭებს უდგება გვერდით..
უცებ ვსხდებით მანქანაში და ვიძვრებით..
მივდივართ...
უკან ვიტოვებთ მათ სახლს, სოფელს, მთებს, მე კი მაინც თან მდევს „ის“ მზერა და ჩემს ზმანებაში გართულს მალევე მეძინება...

________
არც კი მჯერა, მაგრამ დავბრუნდი.. ისტორიას სულ ორი ნაწილი ექნება, მეორესაც ხვალ საღამოს შემოგთავაზებთ..
საოცრად მომენატრეთ, საოცრად! თქვენი თბილი სიტყვები, გულს რომ მითბობს ისე მომენატრა.. შოკოლადებო, ძალიან დიდი ადგილი დაიკავეთ ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მოგეჩვიეთ..ძალიან, ძალიან მიხარია, რომ მოვედი ისევ თქვენთან..
ძველებურად ველოდები შეფასებას, კრიტიკას..
სიყვარულით მარრიამი...



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შენებური სითბო შემოიტანე.რა კარგი ხარ მარიამ❤❤❤

 


№2  offline ადმინი ano23

ჩემი ტკბილი იასამნის ტოტი და სიტკბო ისტორია.. ვგიჟდები ამათზე.. თავიდან ,,აგა რა?" რომ იყო და მერე ,,ვაიმე რ საყვარელია" გახდა :D შენებური ისტორიაა მარო , ტკბილი და თბილი ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარიამ კრიტიკის რა გითხრა და ოქრო გოგო რომ ხარ ეგ ფაქტია.საინტერესო ისტორიაა.გმირის სახელიც მთის შესაფერისია.სულმოუთქმენლად ველი მომდევნო თავს ტკბილო
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი შორთ აუსტი

ოღონდ ეს ახლანდელი დრო მოაშორე რა.ვცდილობ თავი მოვლენების გმირად წარმოვიდგინო და არ გამომდის,რეალურობის შეგრძნებას ვკარგავ,წარსულში წერე.

 


№5 სტუმარი Guest Tamtu

Chemi tkbili shokoladiii dabrundaaa. Rogor gamaxare shen xom ar iciii. Shemtxvevit shemovixede ikneb chemma tkbilma shokoladma dado rametko da tan rogor gamaxareee. Shevudeki kitxvas.

 


№6  offline წევრი Tamtu_tatu

Shokoladooooo

Vaimee ra magari ikoooo raaaa. Tkbili tbili da gemrieliii. Uf ra gogo gvkavxar raaa. Tkbili shokoldiii. Tkbilad damedzinebaaa. Velodebi xval meore nacils.

 


№7 სტუმარი თიკა

ამ საიტზე შენი ისტორიები წავიკითხე პირველად და აღვფრთოვანდი შენით მარიამ. საოცარი გოგო ხარ და საოცრად წერ. სინანულის შეგრძნება მქონდა უკვე ყველა რომ წავიკითხე და მოუთმენლად ველოდებოდი ახალს და აი ამ ახალმა ისტორიამ მოლოდინს გადააჭარბა! ძალიან მაგარია საოცარი თბილი და ტკბილი. ველოდები მეორე ნაწილს და უკვე ახალ ისტორიას.

 


№8  offline წევრი kora

შენეული უზომოდ თბილი და ემოციებით სავსე ისტორიაა, რომელიც თურმე ძალიან მომნატრებია ❤
--------------------
kira.G

 


№9 სტუმარი Shore shore

ra tbili da tkbili istoriaa mar zalian kargia ar minda damtavtdes

 


№10  offline მოდერი chica sol

ხომ ვიცოდი, მაგრამ ერთიანად რა კარგი წასაკითხი იყო... რამდენი მიგიმატებია სანამ მე მეძინა:(
ველი მეორეს, მერე რა რომ ისიც ვიცი :დდ
ჩემი კნუტი ხარ❤

 


№11 სტუმარი Nino

ამ ისტიორიას ვკითხულობ იმ იმედით რომ აღაარ დააგვიანებ დადებას ზოგზოგიერთეებივიით და არ გამიქრობ კითხვის სურვილსს..შენი ისტორიები ძალიან მომწოონს და გული მიგრძნობს ესეც საოცრება იქნება

 


№12  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სასწაული ხარ ❤❤

 


№13  offline წევრი mimimimo

გავთბი.
როგორ მომნატრებიხარ'თ!
აგათონიკე - რა უცნაური და ლამაზი სახელია.
მარიამი - მიყვარს მარიამი.
ძალიან მომეწონა.
სამწუხაროა, რომ მხოლოდ ორნაწილიანია
მაგრამ
მაინც მიხარია, რომ გკითხულობ.
გელოდები!

 


№14  offline მოდერი bibo

აუ რა კარგ იყო იცი ისეთი კარგი ისეთი გული მაქ ცუდად არ მინდოდა დამთავრება heart_eyes kissing_heart იცი როგორ დავიწყე კითხვა სუ ხალისით და ბედნიერებით ბოლომდეც მასე ჩავედი ისეთი სითბო სიტკბო და უბრალოდ სიყვარუ;ი ტრიალებს ამ, ისტორიაში რო რავი ისე გამაბრუე და გამატკბე დამთავრება არ მინოდა ბოლომდე რო მივდიოდი გულიც თან მიდიოდა ისეთი კარგი საოცარი და რაღაც თბილი წასაკითხი იყო არ მინდა რატო მორჩა უხ heart_eyes kissing_heart ვგიჟDები მე შენზე ვაფრენ ხო იცი მაგრამ ეხა უფრო ვაფრენ უფრო გამაგიჟე უფრო შემშალე ამ ტკბილი ისტორით საორება იყო მეც მომინდა შეხტომა ისტორიაში და უბრალოდ მათთან ერთად იმ სიტკბო და სიყვარულის დანაწილებაც რაც მათთან ტრიალებს და რა სიყვარულიც ბრუნავს heart_eyes heart_eyes მომწონს მე აგათორნიკე და მნისი თვალები მისი სიუხეშე ცივი მაგრამ მაინც თბილი მზერა მიყვარს ეს ბიჭი ვატყობ რა heart_eyes kissing_heart თქვენ დატოვებთ ვატყობ ჩემ თავს უქმროდ ასეთ კარგ ბიჭებს რო ვნახულობ მეც მასეთები მინდება მერე ბევრობები და ჰა heart_eyes joy joy joy გული მაქ თუ მაგნმიტი ვერ ვხდები ისე ვიკრამვ ამბიჭებს გულში joy joy ჩემო ტოროლა ვგიჟDები მე შენზე ჩემო ბასასუნა გოგოვ კაბაზე კაობა ხარ პატარავ უბრალო საოცრება ტკბილზე ტკბილი და თბილზე თბილი ხარ მურაბააა heart_eyes kissing_heart მიყვარხარ ბევრობაზე ბევრობა ამ პაწაწო გულს უსაშველოდ უგყუვარხარ ჯემო დაგაყარე ლავები და ქისევბი ჩემო ნიბლია ღაბუა ქიშმიშო გოგოვ heart_eyes kissing_heart

 


№15 სტუმარი გვანცა))

რა კარგი იყოო❤

 


№16  offline წევრი Ana Imnadze

აგათონიკე როგორ მომეწონა. იდუმალი პერსონაჟია.
საერთოდ ძალიან კარგი სიუჟეტია,ნუ შენგან სხვას რას უნდა ველოდოთ,მაგრამ მაინც :დ
გაგრძელება მაინტერესებს საშინლად.
ვითომ აგათონიკე დათმობს ხევსურეთს და მარიამთან წავა?
თუ არ უწერიათ ერთად ყოფნა...
ჰმ,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№17  offline მოდერი შადი

მონეწონა,ველი გაგრძელებას ❤

 


№18 სტუმარი Leaa

Rogor makldi mariam verc ki warmoidgen,yvelaferi maviwydeba sheni istoriebis kitxvisas, madloba <3

 


№19  offline მოდერი მარრიამი

ლორელაი
შენებური სითბო შემოიტანე.რა კარგი ხარ მარიამ❤❤❤

ლორე, მადლობა <3 მიხარია <3
ano23
ჩემი ტკბილი იასამნის ტოტი და სიტკბო ისტორია.. ვგიჟდები ამათზე.. თავიდან ,,აგა რა?" რომ იყო და მერე ,,ვაიმე რ საყვარელია" გახდა :D შენებური ისტორიაა მარო , ტკბილი და თბილი ❤

ჩემო მერცხალო და ჩემო ბასასუნა, მადლობა <3
La-Na
მარიამ კრიტიკის რა გითხრა და ოქრო გოგო რომ ხარ ეგ ფაქტია.საინტერესო ისტორიაა.გმირის სახელიც მთის შესაფერისია.სულმოუთქმენლად ველი მომდევნო თავს ტკბილო

ლანა, მადლობა, ძალიან მიხარია სახელი რომ მოგეწონა :D
თუკა
ჩემი ტკბილი და თბილი გოგო. რა კარგი იყო, ეხ ჩემი ხევსურეთი ცხადლივ დავინახე . რა თბილი და ტკბილი ისტორიაა შენსავით მარ.

თუკა, ტკბილო, მადლობა <3
შორთ აუსტი
ოღონდ ეს ახლანდელი დრო მოაშორე რა.ვცდილობ თავი მოვლენების გმირად წარმოვიდგინო და არ გამომდის,რეალურობის შეგრძნებას ვკარგავ,წარსულში წერე.

ბოდიში თუ ვერ გამოვიდა ისეთი, რომ შეგეგრძნოთ <3
ამ ისტორიის მეორე ნაწილიც აწმყოშია, სხვა ისტორიები როგორც მოიხდენენ, ისე დავწერ <3
მადლობა, რომ წაიკითხეთ <3
Tamtu_tatu
Shokoladooooo

Vaimee ra magari ikoooo raaaa. Tkbili tbili da gemrieliii. Uf ra gogo gvkavxar raaa. Tkbili shokoldiii. Tkbilad damedzinebaaa. Velodebi xval meore nacils.

თამთა, მადლობა ჩემო საყვარელო <3
kora
შენეული უზომოდ თბილი და ემოციებით სავსე ისტორიაა, რომელიც თურმე ძალიან მომნატრებია ❤

კარი, მადლობა <3 ტკბილო <3
Shore shore
ra tbili da tkbili istoriaa mar zalian kargia ar minda damtavtdes

შორე, მადლობა თბილო <3
მარიამ ზაქარაშვილი
ხომ ვიცოდი, მაგრამ ერთიანად რა კარგი წასაკითხი იყო... რამდენი მიგიმატებია სანამ მე მეძინა:(
ველი მეორეს, მერე რა რომ ისიც ვიცი :დდ
ჩემი კნუტი ხარ❤

კნუტო <3 ჩემო კნუტუნა <3
Nino
ამ ისტიორიას ვკითხულობ იმ იმედით რომ აღაარ დააგვიანებ დადებას ზოგზოგიერთეებივიით და არ გამიქრობ კითხვის სურვილსს..შენი ისტორიები ძალიან მომწოონს და გული მიგრძნობს ესეც საოცრება იქნება

ძალიან დიდი მადლობა ნინო <3
დღესვე იქნება დასასრული..
Anuki96
სასწაული ხარ ❤❤

ანუკი, მადლობა <3
mimimimo
გავთბი.
როგორ მომნატრებიხარ'თ!
აგათონიკე - რა უცნაური და ლამაზი სახელია.
მარიამი - მიყვარს მარიამი.
ძალიან მომეწონა.
სამწუხაროა, რომ მხოლოდ ორნაწილიანია
მაგრამ
მაინც მიხარია, რომ გკითხულობ.
გელოდები!

ჩემო ტკბილო <3 როგორ მიხარია სახელი რომ მოგეწონა <3 მადლობა <3
bibo
აუ რა კარგ იყო იცი ისეთი კარგი ისეთი გული მაქ ცუდად არ მინდოდა დამთავრება heart_eyes kissing_heart მიყვარხარ ბევრობაზე ბევრობა ამ პაწაწო გულს უსაშველოდ უგყუვარხარ ჯემო დაგაყარე ლავები და ქისევბი ჩემო ნიბლია ღაბუა ქიშმიშო გოგოვ heart_eyes kissing_heart

როგორც ყოველთვის მამუნჯებ :დ ყველაზე ტკბილი ხარ შენ <3
გვანცა))
რა კარგი იყოო❤

გვანცა, მადლობა <3
Ana Imnadze
აგათონიკე როგორ მომეწონა. იდუმალი პერსონაჟია.
საერთოდ ძალიან კარგი სიუჟეტია,ნუ შენგან სხვას რას უნდა ველოდოთ,მაგრამ მაინც :დ
გაგრძელება მაინტერესებს საშინლად.
ვითომ აგათონიკე დათმობს ხევსურეთს და მარიამთან წავა?
თუ არ უწერიათ ერთად ყოფნა...
ჰმ,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

მადლობა <3 მიხარია რომ მოგეწონათ <3
შადი
მონეწონა,ველი გაგრძელებას ❤

უღრმესი მადლობა <3
Leaa
Rogor makldi mariam verc ki warmoidgen,yvelaferi maviwydeba sheni istoriebis kitxvisas, madloba <3

ლეა, რამხელა კომპლიმენტია <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3

 


№20  offline წევრი Shartrez

❤❤❤ოხ რა გემრიელი და კარგი იყო

 


№21  offline მოდერი მარრიამი

Shartrez
❤❤❤ოხ რა გემრიელი და კარგი იყო

უღრმესი მადლობა <3

 


№22 სტუმარი Guest lia

Sauketesoa

 


№23  offline მოდერი მარრიამი

Guest lia
Sauketesoa

მადლობა <3

 


№24  offline წევრი მოცინარი

რაფაელო <3 რა საყვარელი ხარ ;*
ვერ ვიტყვი რომ თონიკეზე გავგიჟდი და გავაფრინე, მაგრამ დემნას ჯობა :დდდ არ მევასება ეს დემნა და ჰა ;დდდ ეს უკვე ჩემი საფირმო წინადადებაა ;დდდ
არ მომწონს სახელი მარიშკა, ამიტომ ჩემთვისაც მარიამია <3
რა თბილი და ტკბილი იყოო <3 მმმ... რაფაელო :* <3

 


№25  offline მოდერი მარრიამი

მოცინარი
რაფაელო <3 რა საყვარელი ხარ ;*
ვერ ვიტყვი რომ თონიკეზე გავგიჟდი და გავაფრინე, მაგრამ დემნას ჯობა :დდდ არ მევასება ეს დემნა და ჰა ;დდდ ეს უკვე ჩემი საფირმო წინადადებაა ;დდდ
არ მომწონს სახელი მარიშკა, ამიტომ ჩემთვისაც მარიამია <3
რა თბილი და ტკბილი იყოო <3 მმმ... რაფაელო :* <3

არ გევასება ეს დემნა და ჰა :დდდ თონიკეზე მე ვგიჟდები :დდ მადლობა შენ ჩემო ტკბილო <3

 


№26  offline წევრი დელირიუმი

აქამდე რატო არ ვიცოდი ამ ისტორიის შესახებ❤❤კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent