შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ყინული [მეორე ნაწილი; დასასრული]


5-03-2017, 00:34
ავტორი მარრიამი
ნანახია 9 856

***
...
თვალების გახელისთანავე ტუმბოზე დადებულ სურათს ვხედავ..
მეღიმება.
ყოველ დილით ეს სურათი ხდება ჩემი პოზიტივის წყარო.
ჩამოსვლისთავანე დავბეჭდე და მას შემდეგ, საწოლის გვერდით ტუმბოზე მიდევს.
თითქოს არაფერი, მაგრამ საოცრად მომწონს - ხელებგაშლილი მე, ხევსურეთი და სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ის..
ყოველ დილით ამ სურათის დანახვა, მერე მისი შემჩნევა იმდენად მოქმედებს ჩემზე, ამის გარეშე დღე ცარიელი იქნება.
ამ ფოტოს ყოველი დანახვისას მახსენდება განვლილი ზაფხული, თავიდან მეორდება ყველაფერი, ყველა შეგრძნება, ყველა ემოცია..
თავიდან ვგრძნობ თითოეულ ჟრუანტელს, თითოეულ გამყინავ მზერას, საკუთარ თავს არ ვაძლევ დავიწყების საშუალებას და არც ის მავიწყებს..
პერიოდულად ჩნდება და გვნახულობს ყველას ერთად.
პერიოდულად ვისმენ მის „მარიამს“ და მორჩა, მაგრამ ამაზე მეტის ინიციატივას არც მე ვიჩენ..
გაღიმებული ვუყურებ სურათს და დილის ამ სიმშვიდეს ხმაური არღვევს.
ისევ კამათობენ..
ყურებზე გამეტებით ვიჭერ ხელებს და საბნის ქვეშ ვიმალები.
ამის ატანა უკვე შეუძლებელია, დავიღალე..
ბავშვობიდან ასე ვიქცევი, საბნის ქვეშ ვიმალები, მხოლოდ ამ დროს ვარ ისევ პატარა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ ვიზრდები, მაგრამ მბეზრდება, ყველაფერი მბეზრდება.
გამწარებული ვხტები ლოგინიდან და ოთახიდან გავდივარ.
მხოლოდ კარების მიჯახუნების ხმა აფხიზლებს ორივეს და ჩემკენ იხედებიან.
გაბრაზებულ მზერას სტყორცნის მამა დედას და სწრაფი ნაბიჯით ტოვებს სახლს.
- გაიღვიძე დე? - ვხვდები, როგორ ცდილობს დედაჩემი მშვიდად მესაუბროს.
- ასეთ პირობებში კიდევ დიდ ხანს მეძინა - ტუჩს ვიკვნეტ.
- კარგი რა, უბრალოდ ვკამათობდით - ცდილობს დამამშვიდოს და თვითონაც დამშვიდდეს.
- ე.ი. უბრალოდ კამათობდით, სულ უბრალოდ არა? - დამცინავი ტონი მაქვს, მაგრამ თავს ძლივს ვიკავებ არ ავყვირდე - შეიძლება კამათის მიზეზი გავიგო?
- მნიშვნელოვანი არაფერია - მიღიმის.
- მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ თქვენ ერთმანეთს ხოცავთ, ეს ნორმალურია?
- ყველა ოჯახშია უსიამოვნება - მაპარებს.
- გამუდმებით? ქორწილის დღიდან? ან იქნებ ჩემი დაბადებიდან, მე ხომ არ მოგიტანეთ უსიამოვნება?
- რას ამბობ დედი - იცხადებს - შენ ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ.
- აბა რა ხდება? რას ვერ იყოფთ? რატომ იწყება ყოველი დილა ასე? მომბეზრდა, დავიღალე - ხმა მიკანკალებს.
- გვაპატიე, გვაპატიე, ეს აღარ განმეორდება..
- გჯერა? ამდენი ხანია ერთსა და იმავეს ვისმენ, მე აღარ მჯერა.იცი რა მაინტერესებს? ერთმანეთი თუ არ გიყვარდათ, რატომ დაქორწინდით? რა მოგიტანათ ამ ქორწინებამ? ოცდასამი წელია ჩხუბის მეტი არაფერი მესმის, გამუდმებით კამათობთ, არასდროს მინახავს ერთმანეთისთვის თბილად მიგემართოთ, ეს რა ოჯახია?
- ჩვენ კარგი ოჯახი გვაქვს მარიშკა - ძალდატანებით იღიმის დედა - არაფერი გვიჭირს, კარგად ვცხოვრობთ, არაფერი გვაკლია და შენ გვყავხარ.
- არაფერი გვიჭირს, კარგად ვცხოვრობთ და თან არაფერი გვაკლია დედა? რატომ გყავართ მხოლოდ მე და რატომ არ გყავთ არასდროს ერთმანეთი.. ყოველი დილა რომ ერთნაირად, კამათით იწყება ეს კარგი ცხოვრებაა? სიყვარული და სითბო რომ გვაკლია ეს კარგი ოჯახია? თქვენს ურთიერთობაში, თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში სიტყვა სიყვარული რომ არ არსებობს, ეს ყველაფერი გაჭირვება არაა? მე არ მინდა ასეთი კარგი ოჯახი! არ მინდა! არასდროს ვისურვებ, რომ დაგემსგავსოთ, არასდროს დავქორწინდები უსიყვარულოდ, არასდროს ! იცით რატომ? იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი შვილი ჩემსავით გაიზარდოს.. გამუდმებით არჩევანის გაკეთება მიწევს თქვენ შორის, ხან მამას არ ვაქცევ ყურადღებას და მომტირალ დედას ვამშვიდებ, ხან პირიქით, დაქალებთან წასულ დედას ვივიწყებ და მამას ვესაუბრები, მასავით სასმლის ჭიქით ხელში. არ მინდა ჩემი შვილიც ასე იქცეოდეს, არ მინდა უბედური იყოს, არ მინდა მშობლების განქორწინებაზე ოცნებობდეს!
- რა? - იცხადებს.
- ხო, ვოცნებობ, ბავშვობიდან ვოცნებობ ამაზე, მინდა, რომ ცალ-ცალკე იცხოვროთ, ასე ყველანი მშვიდად ვიქნებით, მინდა ერთხელ და სამუდამოთ გაიგოთ, რომ რეპუტაციის ან თუნდაც ჩემ გამო ერთად ცხოვრება არ ღირს! დავიღალე, თქვენგან დავიღალე - ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ვიწმენდ და ჩემს ოთახში ვბრუნდები.
უნდა წავიდე, აქედან უნდა წავიდე, უნდა დავისვენო, მეტს ვეღარ გავუძლებ.
- დემე, უნდა მიშველო - ვჩურჩულებ ტელეფონში.
- მარიშ, რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
- არ არის, გეხვეწები რა, შენთან სოფელში მინდა წასვლა..
- მარიშ, რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ?
- ფიზიკურად კი, ბარისახოში უნდა წავიდე, გთხოვ.
- ხომ იცი მასპინძლობის პრობლემა არაა, მაგრამ ზამთარია, სოფლამდე ვერაფერი ავა, ძალიან დიდი თოვლია..
- არ შეიძლება, ასე არ შეიძლება, ფეხით ავალ, ფეხით, მაგრამ უნდა წავიდე - გაგიჟებას ცოტა მიკლია.
- კარგი, მაცადე, ორი წუთი დამელოდე, დაგირეკავ.
ორი წუთი ორი საათი ხდება.
თითებს ვათამაშებ და ვერ ვისვენებ.
დედა არც კი ცდილობს ჩემთან შემოსვლას, კიდევ კარგი..
- გისმენ - პირველივე ზარზე ვპასუხობ.
- მოკლედ, ტრანსპორტი სადგურამდე მიდის, სადგურზე აგათონიკე დაგხვდება და აგიყვანს ბებიაჩემთან. როდის მიდიხარ?
- მადლობა, მადლობა, ახლავე, ამ წამსვე.

გამწარებით ვყრი ტანსაცმელს ჩანთაში, სწრაფად ვიცვამ, თმებს უწესრიგოდ ვიკრავ და ოთახიდან გავდივარ.
ვაიგნორებ დედაჩემის გაკვირვებულ სახეს და კითხვებს, მხოლოდ კარის ზღურბლთან ვბრუნდები.
- გადაწყვიტეთ რა გინდათ და თუ ეს ცალ-ცალკე ცხოვრებაა, მე ამის პირველი მომხრე ვიქნები - მტკიცედ ვამბობ სათქმელს და კარებს ვკეტავ.
სადგურამდე ისე მივყავარ ტაქსის, ვერც კი ვხვდები.
მზერა დაბინდული მაქვს, ხელები გაყინული და მიკანკალებს, შინაგან ემოციებს ვეღარ ვიტევ.
იმის თავიც აღარ მაქვს, მძღოლის კითხვას ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით, ღიმილით ვუპასუხო. უხმოდ ვანიშნებ რომ კარგად ვარ, თანხას ვაწვდი და გადავდივარ.
ავტობუსს ადვილად ვპოულობ, სულ რამდენიმე მგზავრია, მიხარია.
ბოლოში ვჯდები, ფანჯარასთან, ჩემს ზურგჩანთას გვერდითა სკამზე ვდებ და თავს ხელებში ვრგავ.
მალე იძვრის ადგილიდან, კიდევ კარგი, ახლა ყველაფერს აქ დავტოვებ, ყველაფერს და მე რამდენიმე დღით ვიცხოვრებ მშვიდად..
რომ ვფიქრობ, მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილია..
მთელი ეს ლეგენდები შესანიშნავ ოჯახზე, თბილზე, მოსიყვარულეზე, უბრალოდ მე ვერ ვიჯერებდი, ზედმეტად ვენდობოდი მშობლების დაპირებებს..
ხშირად მინახავს, როგორ იძინებდნენ ცალ-ცალკე, მაგრამ მაშინაც ვუჯერებდი. ბავშვურად, გულუბრყვილოდ მჯეროდა, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ რომელიმე ჩემთან ყოფილიყო და არ შემშინებოდა.
მერე ვიზრდებოდი და ეს ისევ გრძელდებოდა.
როცა პირველად დავსვი შეკითხვა „რატომ“, მითხრეს, რომ პრობლემები ყველა ოჯახში იყო.
თუმცა ეს პრობლემები არასდროს გამოლეულა.
მართლა არაფერი გვაკლდა, მე მით უმეტეს, მშობლების სიყვარულიც, ჩაცმაც, გართობაც, სწავლაც, აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა და მაქვს დღესაც, მაგრამ რა?
აღარაფერს აღარ აქვს ფასი, როცა ვხედავ როგორ იტანჯებიან ისინი, როგორ ექცევიან ერთმანეთს, როგორ ჩხუბობენ, როგორ ყვირიან.
ტირილი მინდა, ყელი დამძიმებული მაქვს, მაგრამ ვერ ვტირი, ვერა და ვერ ვიშორებ ამ ბრაზსა და ბოღმას. ასე მგონია მახრჩობს.
ცალკე საკუთარ თავზე ფიქრით მისკდება ტვინი, რამდენი საშინელება ვუთხარი დედას? მერე ასე უთქმელად გამოვვარდი სახლიდან..
აღარ შემიძლია, აღარ მაქვს ფიქრის თავი, ვიფიტები, ვიცლები, ვიშლები..
არ ვიცი როდის, მაგრამ მეძინება.
ერთიანად გადაღლილს დიდ ხანს მძინავს.
თვალებს რომ ვახელ, გარშემო მხოლოდ სითეთრეს ვხედავ, თოვლი..
მკრთალად მეღიმება, იმ ღრუბლებივით გაცრეცილი ვარ, ცაზე რომ დასრიალებენ.
მერე მზერა ისევ მებინდება, გაყინულ ლოყებს თბილი ცრემლები მითბობს და კვალს ტოვებს.
მალე ჩავალ, ჩავალ და..
ისევ თავს ვიტყუებ, არაფერი შეიცვლება, მე ისევ ასე ვიქნები, უბრალოდ მდებარეობას შევიცვლი.
ავტობუსი ჩერდება. ჩანთას ცალ მხარზე ვიკიდებ და ჩავდივარ.
აქეთ-იქით ვიხედები, თუმცა ვერავის ვხედავ, ფანტელები ლამაზად მოფარფატებენ ციდან და პირდაპირ სახეში მეყრებიან.
საოცრად მსიამოვნებს ეს შეგრძნება, თითქოს ყოველი ჩასუნთქვისას მხოლოდ სუფთა ჰაერით კი არა, რაღაც ახლით ვივსები.
- მარიამ, გამარჯობა - თოვლის ხრაშუნი და მისი ხმა ერთად იპყრობს ჩემს ყურადღებას და ვბრუნდები.
- გამარჯობა - თავს ოდნავ ვუხრი და მერე მზერა ისევ მისი თვალებისკენ გამირბის.
- წავიდეთ - თავისი ცხენითაა მოსული, თეთრი, მბზინავფაფრიანი ცხენით.
დაჯდომაში მეხმარება, აღვირს იკავებს და ფერდზე ხელის მსუბუქი მიკვრით, დაძვრის ნიშანს აძლევს ცხოველს. თვითონ კი ფეხით მოდის.
მეღიმება, მე ხომ მისი მეშინია?
მას ეს ახსოვს.
გარშემო ისეთი სიმშვიდეა..
მხოლოდ ხრაშუნი, ჯერ ისევ გაუკვალავ თოვლზე.
მსუბუქად ვირხევი ცხენის მოძრაობის შესაბამისად.
თუმცა ეს სიჩუმე, სიჩუმე გამუდმებით მახსენებს ხმაურს, არ მაძლევს საშუალებას, რომ დავივიწყო.
ისევ თავიდან იწყებს გონება ყველაფრის ამოტივტივებას.
ჩხუბი, ყვირილი, ტირილი...
წადი, წავალ...
აღარ დაბრუნდე...
ისევ... ისევ... ისევ...
- მარიამ, ცუდად ხარ? - ფაფარზე ჩავლებულ ჩემს ხელს ოდნავ ეხება თითებით.
- რა? - ვფხიზლდები და უნებურად ხელისკენ გამირბის მზერა.
- ცუდად ხარ? - ოდნავ ვუქნევ თავს და ვხვდები, აღარ ვმოძრაობთ - გეშინია? - ისეთი ხმით მეკითხება, მკლავს! რაღაც მძიმედ, იმედგაცრუებულად.
- მეშინია - ვჩურჩულებ.
- ისევ?
- ჩამომსვი - ცხენს ხელს ვუშვებ.
მიწაზე მსვამს და თითებს მაშორებს, თვალებში მაშტერდება, პასუხს ეძებს.
- მომავლის - ხმას ვიწმენდ - მომავლის მეშინია..
აგათონიკეს წინ ვდგავარ, ვუყურებ იმ საოცრად მწვანე თვალებში და აღარ მცივა, არ მცივა..
- მარიამ - თითებით ოდნავ მეხება ლოყაზე, ცრემლს მწმენდს, თითებს არ მაშორებს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს, თითქოს ჩემს რეაქციას აკვირდება, ელოდება.
მერე ხელებს შლის და მიხუტებს, მკლავებს მავლებს და მათში მმალავს.
უმოქმედოდ ვდგავარ, ვტკბები იმ შეგრძნებებით, რომლებიც ახლა ჩემში ტრიალებს და ვტირი.
თითქოს ეს მჭირდებოდა, ვიღაცის სითბო მჭირდებოდა და ზუსტად ის ვიღაც არის ახლა ჩემთან.
ვდგავართ ასე შუა გზაში, ის ჩემს სხეულზე ჩახუტებული და მე, მის სხეულში ჩაკარგული. გვათოვს ლამაზად, თეთრად, ცივად.
და მე მშვიდად ვარ.
ხომ არის მომენტები, როცა უბრალოდ გვჭირდება ვინმეს მხარს ჩახუტებულებმა უსასრულოდ ვიტიროთ, ზუსტად ასე ვარ ახლა
და ვგრძნობ, ზუსტად ის არის, ვის მხარზეც ყველაზე უკეთ შევძლებ ტირილს და ვტირი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით ცდილობს ჩემი მოკანკალე სხეულის დამშვიდებას, მე არ ვჩუმდები.
მინდა რომ ვიტირო, მინდა რომ დავიცალო.
მერე უბრალოდ ჩერდება, აღარ მიხუტებს მთელი ძალით, ხელებს ოდნავ ადუნებს და თითებს ჩემს დათოვლილ თმებში ხლართავს, ნაზად, მონოტონურად მეფერება თმებზე და მის მიმართ სულ მცირედი არასასიამოვნო შეგრძნებაც კი უკვალოდ მიქრება.
რჩება მხოლოდ კომფორტი, სიმშვიდე, სიმყუდროვე.
მე ვწყნარდები, მხოლოდ ვსლუკუნებ, თუმცა არ ვშორდები, არ მინდა მოვშორდე, მეშინია, რომ შემცივდება.
- კარგად ხარ? - ჩურჩულებს.
- კი - ჩურჩულითვე ვუბრუნებ პასუხებს.
მისი ხმა ისევ ცივია, თუმცა მე ეს მომწონს.
- წავიდეთ - ვხვდები, რომ იღიმის.
თავს ისე ვუქნევ არც კი ვშორდები. ბოლოს ისევ თვითონ მიშვებს, ცხენზე მსვამს, რამდენიმე წამი უხმოდ მაკვირდება და გზას ვაგრძელებთ.
მინდა რამე ვუთხრა, მაგრამ ვერ ვახერხებ, უბრალოდ ვუყურებ მის ზურგს, გაშლილ ხელს - აღვირზე ჩაჭიდებულს და მე თვითონაც მიკვირს, რამდენად ახლობელი შეიძლება გახდეს ადამიანი ერთ დღეში.
ბებოს ეზოსთან რომ მივდივართ, ყელში მობჯენილ სიხარულს ვგრძნობ, გული მიჩქარდება, თვალები მინათდება, მხოლოდ ნაცნობ, სასიამოვნო გარემოს შეუძლია ეს მოახერხოს.
- მადლობა - ოდნავ ვუღიმი.
- ნახვამდის მარიამ - ნაცნობი ფრაზით მემშვიდობება და მიდის.
იქამდე ვუყურებ, სანამ თვალს არ ეფარება, ჰაერს ვისუნთქავ და ეზოში შევდივარ.
კარგია, რომ ჩამოვედი, ძალიან კარგი.
უკვე გაკვალულ ბილიკს მივუყვები სახლისკენ. აუტანელი სურვილი მიჩნდება ამ თოვლში გაწოლის და ცოტა ხნით ყველაფრისგან დასვენების. თმები სულ მისველდება, ფიქრს თავს ვანებებ და კიბეებზე ავდივარ, მსუბუქად ვაკაკუნებ და ველოდები.
მალე ვიგებ ნაბიჯების ხმას, მეღიმება, წამებში კარები იღება და ტკბილი მოხუცი გულითადი ღიმილით მეგებება.
გული მითბება, მთელი ძალით ვეხუტები და ვკოცნი.
- ბებო რა გინდა აქ? - გაოგნებული მიყურებს - შემოდ, შემოდი, გაცივდები, სულ სველი ხარ - შეშფოთება ცვლის გაკვირვებას და სასწრაფოდ შევყავარ სახლში - აგერ დაჯექი - ბუხრის წინ მსვამს, თმებზე ხელს მისვამს და ისევ ქოთქოთებს - ჩაის მოვიტან ახლავე - მიდის.
მეღიმება, სითბო მთელ სხეულში მივლის, მხოლოდ ახლა ვგრძნობ, როგორ შემცივნია.
ზურგჩანთას ტახტის გვერდით იატაკზე ვდებ, ქურთუკს ვიხდი და ისევ ბუხართან ვჯდები.
- აი, გამომართვი - დიდი ფინჯნით მოაქვს ცხელი ჩაი და ხელებში მაჩეჩებს.
ნეტარებით ვსვამ ერთ ყლუპს და მთელ სხეულში იღვენთება სითბო.
- ხომ მშვიდობაა ბებო? რამ ჩამოგიყვანა ამ ზამთარში? - ვატყობ, თან ერიდება კითხვა, მაგრამ თან ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს.
- შეიძლება ასეც ითქვას, მშვიდობისთვის ჩამოვედი აქ, გამოვექეცი იქაურობას - ვოხრავ და შეძლებისდაგვარად ვუღიმი ქალს.
- იყავი ბებო, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი - ნაზად მეფერება მხარზე.
- მადლობა - ვეხუტები, იქვე, იატაკზე ვუჯდები და თავს კალთაში ვუდებ.
- რაო ჩემო გოგო - თმებში მიცურებს ხელს - არ მოიწყინო, ყველაფერი მოგვარდება - თბილად მეჩურჩულება.
გული მიჩუყდება, ცრემლები ისე მცვივა, ვერც კი ვხვდები, ბებოც მოთმინებით იტანს და მეფერება. როგორც კი ვმშვიდდები, თვითონაც ჩერდება.
- კარგი ჩემო გოგო, მორჩა, ადექი ახლა, არ გამიცივდე, სკამზე დაჯექი, საჭმელს მოვიტან და ვივახშმოთ, აქამდე როგორ მოხვედი კი მაგრამ?
- დემემ აგათონიკეს სთხოვა და მან ამომიყვანა, მოგეხმარებით და ვივახშმოთ.
- კარგი ბიჭია, გაახარებს ღმერთი, ისე მეხმარება მეც.

გვიან ღამემდე ვზივარ ბუხართან. ბებო დავარწმუნე, რომ დაეძინა და მეც მარტო ვრჩები. ვუყურებ ბუხარში წითლად მოელვარე ალს და შეშის ტკაცუნი კიდევ უფრო მყუდროს ხდის ამ გარემოს. სრული სიმშვიდეა, თოვლის სიმშვიდე, თითქოს ეს ფიფქები ახშობს გარშემო ყველანაირ ხმაურს და ტოვებს მხოლოდ სიჩუმეს.
ისეთი ნათელი ღამეა, თითქოს ცაზე მთვარე კი არა, ლამპიონი იყოს. პლედმოხვეული ვგდები ფანჯარასთან, საოცრად მამშვიდებს ეს სითეთრე. მაგრამ ვნერვიულობ, მაინტერესებს როგორ არიან.
შეშა იწვება, ალბათ უკვე გვიანია, მეტი აღარ აწყვია სახლში, დანარჩენი გარეთაა, ახლა გარეთ გამსვლელი არ ვარ. უკმაყოფილო ოხვრით შევყურებ წითლად აღუებულ ნაკვერჩხალს და ჩემი ოთახისკენ მივდივარ.
დილით ხმაური მაღვიძებს, მონოტონური, რამდენჯერმე ისმის დარტყმის ხმა, დაახლოებით ხუთწამიანი ინტერვალებით, მერე უფრო დიდხნიანი პაუზაა და ისევ თავიდან იწყება.
ცოტა დაბნეული ვწევ თავს ბალიშიდან, რა უნდა ხდებოდეს ამ დილაადრიან.
ოთახში სასიამოვნო ტემპერატურაა, შიშველ მკლავებზე არ მცივა.
ვდგები, ფეხის წვერებზე მივრბივარ ფანჯარასთან და ქურდულად ვიხედები.
ეზოში აგათონიკეა და შეშას ჩეხავს.
ახლა ვხვდები, ბებო ალბათ ამას გულისხმობდა დახმარებაში.
ისეთი გართულია თავის საქმეში და მეც ისე მართობს მისი ყურება, აღარც ის მახოვს, რომ ფეხშიშველი ვარ და აღარც სიცივე მაწუხებს.
ზუსტად ერთნაირი ინტერვალით იქნევს ნაჯახს, თითქმის ერთნაირი ზომის ნაჭრებად აპობს მრგვალ კოტრებს.
არ ვიცი, მე მომწონს თუ მართლა უხდება აქაურობას ზამთარი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად საოცრებაა.
ფანჯარას ვშორდები, სწრაფად ვიცვამ, საწოლს ვასწორებ და ოთახიდან გავდივარ.
ჩემს სურვილს მთლიანად მივყვები და რამდენიმე წამში უკვე თოვლში მივაბიჯებ, იქით, საითაც ის მეგულება. ვუახლოვდები და ერთი სული მაქვს, რამე ვთქვა.
- დილა მშვიდობის - საკუთარ თავს ვუჯერებ და ვესალმები.
წამით ჩერდება, უკვე მოქნეულ ნაჯახსაც კი შუა გზაში აჩერებს, თავს ზემოთ წევს, მიყურებს, მერე სულ ოდნავ იღიმის, ან მე მეჩვენება, რომ მიღიმის.
- გამარჯობა - საქმიანობას აგრძელებს, რამდენჯერმე კიდევ იქნევს ნაჯახს, მერე მიწაზე დებს, ხელით ეყრდობა და მზერას ჩემკენ აპარებს - შეგცივდება - ისევ ეღიმება ან, ისევ მეჩვენება.
მართალია, შემცივდება, სქელი ფანტელებით თოვს, მე კი უქურთუკოდ გამოვედი, თავს ვუქნევ და სახლისკენ ვბრუნდები.
კარებს ვკეტავ და ვეყუდები, მეღიმება, გულიანად, ბედნიერად, მე მისი აღარ მეშინია, სრულებით აღარ და ეს ფაქტი ამოუხსნელ ბედნიერებას მანიჭებს.
ბებო სახლში არაა, სანამ ბრუნდება, სწრაფად ვაწესრიგებ სახლს და ჩაის ვადუღებ.
ისევ ჩემს ოთახში შევდივარ და ფანჯარასთან ვიპარები, ხმაური აღარ ისმის, ნაჯახი ერთ-ერთ კოტრშია ჩარჭობილი, იქვე დგანან აგათონიკე და ბებო და რაღაცაზე საუბრობენ. ღიმილით ვადევნებ თვალს და მერე, ჩემივე იდეით გახარებული სახლიდან გავრბივარ.
- გამარჯობა - ბებოს ვესალმები და თან ყურადღებას ვიპყრობ.
- გამარჯობა ჩემო გოგო, როგორ გეძინა? - თბილი ღიმილით ბრუნდება მოხუცი.
- ძალიან კარგად - მეც მეღიმება.
- ვეხვეწები შემოვიდეს და არ შემოდის - ბიჭისკენ მანიშნებს, მეც მზერას მას ვაპყრობ, არ ვიცი, იქნებ მიზეზს ვეძებ, შემოუსვლელობისას.
იქნებ ზედმეტად ვოცნებობ, მაგრამ მგონია, რომ ჩემ გამო არ შემოდის..
იქნებ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საკუთარ თავს.. დაზუსტებით არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ვბედავ და ვლაპარაკობ.
- თუ არ გეჩქარება, ცხელ ჩაიზე დაგპატიჟებთ - ვუღიმი, მაგრამ ზრდილობის გამო არა..
იმ საოცრად ცივ თვალებში რაღაც სხვივი უკრთება, ტუჩები ოდნავ ეპრიხება, თავს გვერდით სწევს და მაკვირდება.
რას ეძებს?
იქნებ დასტურს ჩემი სიტყვებისას?
- კარგი - ჩვეული ტონით მეთანხმება და ჩემკენ, სინამდვილეში კი სახლისკენ მოიწევს.
სახლში შემოსვლამდე ეზოში, პირსაბანთან ხელებს იბანს და მის ნაცვლად მე ვიყინები.
დინჯი ნაბიჯებით შემოდის ოთახში და ტახტზე ჯდება. მეც მაშინვე გამომაქვს ფინჯანი და ვაწვდი. სულ ერთი წამით ეხება მისი თითები ჩემსას და მიცივდება. უკვე მეღიმება ნაცნობ შეგრძნებაზე.
ბებოც ტახტზე ჯდება საუზმეზე მტკიცე უარის შემდეგ, მე კი კვლავ ბუხრის წინ ვთავსდები.
ჩაის ვსვამ და მზერას აგათონიკესკენ ვაპარებ, ვგრძნობ, რომ ისიც მიყურებს, სიცივის შეგრძნებით ვხვდები.
მერე ბებო დგება და მიდის, ცხოველებს უნდა მივხედოო, მე კი ვრჩები მარტო მასთან და მაინც აღარ მეშინია.
თვალს ვუსწორებ, ცოტა ხნით ვუყურებ და საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა გამოვთქვამ.
- სულ აქ ხარ? - დიალოგის წამოწყებას ვცდილობ, ნუთუ, მგონი..
- როცა ვახერხებ - ფინჯანს თვალს აშორებს და ჩემკენ იხედება.
- ანუ? - ვაზუსტებ.
- როცა შემიძლია ჩამოვდივარ, როცა ვისვენებ, როცა სამსახური ხელს მიწყობს - კიდევ უფრო გასაგებად მიხსნის.
- გასაგებია - მცდელობა უშედეგოა..
- რამის თქმა გინდა? - უკვე ფიქრებში წასულს მაფხიზლებს, მომესმა?
- მე - ვჩუმდები, არ ვიცი რა ვთქვა - მადლობის - გამოსავალს ვპოულობ - გუშინდელისთვის..
- არაფრის - ეღიმება, სულ ოდნავ - მარიამ, მომავალს ვერ გაექცევი - ისე მიყურებს, თითქოს იცის რა ხდება ჩემს გულსა და გონებაში.
- ვიცი, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა - ჩუმად ვამბობ და თვალებს ვხრი.
- კარგი, მე უნდა წავიდე - დგება.
- კარგი - მეც ვდგები გასაცილებლად.
- რამე გჭირდებათ?
- მგონი არაფერი - უკან მივყვები.
- მოგვიანებით წყალს ამოგიტანთ - კარებიდან გადის, მე კარებთან ვჩერდები და იქიდან ვუყურებ. ისე მიდის, ერთხელაც არ იხედება უკან, დინჯი, აუღელვებელი, მტკიცე ნაბიჯებით შორდება ეზოს და მეც მხოლოდ მაშინ ვბრუნდები უკან.

შუადღისთვის ბრუნდება. ორივე ხელი დაკავებული აქვს, წყალი მოაქვს ჩვენთვის.
კარებს ვაღებ და ისიც შემოდის, მაგიდის გვერდით, კედელთან დგამს.
- მადლობა.
- დემეტრემ დამირეკა, ტელეფონი ჩართე - ჩვეული, აუღელვებელი ტონით მეუბნება.
- არ მინდა- ვჩურჩულებ.
არ მინდა რომ ჩავრთო, ვიცი რაც დამხვდება.. ასობით ზარი მშობლებისგან, მერე ისევ დარეკვა, მერე პასუხი, იქიდან პანიკა, ხვეწნა, დაბრუნება და ყველაფრის თავიდან გამეორება, არ მინდა!
- შენი ნებაა, მაგრამ - მხრებს იჩეჩავს.
- არ მინდა - უფრო კატეგორიულად ვამბობ.
რომ ჩავრთო რა? დაველაპარაკო ყველას, დავამშვიდო, მერე ბარგი ჩავალაგო და დავბრუნდე, ხო, უკეთესი იქნება მათთვის, ჩემზე ფიქრობს ვინმე? ისინი ნერვიულობენ და მე? დავიღალე, აღარ მინდა, ცოტა ხანი სიმშვიდე მინდა, ყველასგან და ყველაფრისგან შორს - ფიქრებისგან აღელვებული ტახტზე ვჯდები. თავს ხელებში ვრგავ და აცრემლიანებულ თვალებს ვიწმენდ. თავს უფლებას არ მივცემ ვიტირო, თვალებში არსებული ცრემლები ისევ იქ რჩება. ვგრძნობ, როგორ ჯდება გვერდით, როგორ მოაქვს ხელი ჩემკენ და იმ ლამაზი, თლილი თითებით მეხება მხრებზე. ნელა აპარებს ხელებს და ბოლოს მთლიანად მიქცევს საკუთარ მკლავებში, თითქოს ჩემი დაცვა სურდეს, მიხუტებს და მთლიანად მფარავს. ისევ თავისთავად მოდის საოცარი კომფორტის შეგრძნება და მინდა, რომ ვილაპარაკო, ვთქვა ყველაფერი, რაც მამძიმებს.
მაგრამ ჩუმად ვარ. ეს საოცარი კომფორტის შეგრძნება ხმის ამოღების სურვილს მიკარგავს. უბრალოდ მინდა ცოტა ხნით ასე ვიყო, მშვიდად და დაცულად. გარშემო ყველაფერი ქრება და ვრჩებით მხოლოდ ჩვენ ორნი, ბუხარი და თოვლი. მინდა ღამე იყოს, მინდა ახლა ძილის უფლება მქონდეს, მაგრამ ისევ ყველაფერი ჩემი სურვილის უგულებელყოფით ხდება. ბებო შემოდის და მეც უხერხულად ვიშმუშნები. აგათონიკე ხელებს მიშვებს და დგება.
- დროებით - ორივეს გასაგონად ამბობს და მიდის. ბებო გვერდით მიჯდება, დანაოჭებულ თითებს ხელზე მადებს და ნაზად მეფერება, არ მელაპარაკება.
ტახტზე ვწვები და თავს კალთაში ვუდებ.
ვგრძნობ როგორ ჟონავს თვალის კუთხიდან ცრემლი.
რა გემართება მარიშკა? როდის გახდი ასეთი ემოციური?
მიუხედავად ყველაფრისა უკვე ძალიან მენატრებიან, მენატრებიან და ვნერვიულობ.
კვირის ბოლოს დავბრუნდები, მანამდე კი დარჩენილი დღეებით დავტკბები.

საღამოს ერთად ვვახშმობთ მე და ბებო.
ნებისმიერ გაფაჩუნებას ყურადღებას ვაქცევ, რატომღაც ველი ამ საღამოს, თუმცა არ ჩანს.
ბედს შეგუებული ვალაგებ მაგიდას და დასაძინებლად ვემზადები.
ისევ ბარდნის და პატარა ბავშვივით მახარებს.
კმაყოფილი ღიმილით ვწვები და ფანჯარას გავყურებ.
ნათელი ღამეა, ცას რომ ახედავ და ფანტელების გარეშეც რომ მიხვდები, თოვლის ცაა.
იქამდე არ ვხუჭავ თვალებს, სანამ გათიშული გონება არ მაიძულებს ამას.
დილა კი ჩვეული ხმაურით იწყება.
ნებიერად ვიწევი საწოლიდან და ფანჯრიდან ვხედავ მის სილუეტს.
სანამ ვემზადები და ოთახს ვაწესრიგებ, ხანდახან მზერას ვაპარებ მისკენ.
ისევ იქაა, იქნებ მეჩვენება, თუმცა მის მზერასაც ვიჭერ რამდენჯერმე.
მისაღებში ბუხარი ანთია, შეშა ტკაცუნობს, გარემოთი ვტკბები და ტახტზე ვჯდები.
გარეთ გასვლას რომ ვწყვეტ, სწორედ მაშინ შემორბის ბებო შეშინებული სახით.
- რა ხდება? - ვერაფერს ვფიქრობ, წარმოდგენაც არ მაქვს რა შეიძლება მომხდარიყო.
- არაფერი - უკან მოჰყვება აგათონიკეც - გამარჯობა.
- გამარჯობა - ვპასუხობ და მხოლოდ მაშინ ვამჩნევ მის ხელს - გაჭრილია - შეშფოთებით აღვნიშნავ.
- არაფერია, უბრალოდ შეეშინდა - ქალზე მანიშნებს.
- ხო არაფერი, სისხლიც არ მოგდის - მთელი ხელი სისხლიანი აქვს - როგორ მოახერხე? - ფრთხილად ვკიდებ თითებს და ჭრილობას დავყურებ.
- მოვახერხე და არაფერია საპანიკო - ხმა უცივდება და ხელს მტაცებს.
- წამოდი - გასასვლელისკენ ვანიშნებ - უნდა გიმკურნალო - მეღიმება და გავდივარ.
მომყვება, უცნაური ღიმილით.
ნუთუ არ სტკივა?
ხელზე წყალს ვავლებ და მაშინვე ლაქად აჩნდება თოვლს მოწითალო სითხე.
- არ გეშინია? - მზერა მისი ხელიდან სახეზე გადამაქვს, რატომ უნდა მეშინოდეს?
- არა - დარწმუნებით ვპასუხობ.
- სისხლის არა - ისე მიყურებს, ერთიანად მყინავს და თან ამოუხსნელი ემოციით მავსებს. მისი თვალები ისე მაკვირდებიან, ჩემს თვალებში ეძებენ პასუხს.
მთელი სხეულით დაძაბულია, დაძაბულია და მელოდება.
- არ მეშინია - ეღიმება, სულ ოდნავ, ფაქტობრივად შეუმჩნევლად - შევიდეთ - სახლისკენ მივდივარ.
იქ შესულს პატარა პალატა გვხვდება მოწყობილი.
რაც კი რამ სამედიცინო საშუალება ჰქონდა ბებოს, სულ გამოუტანია, მეცინება.
- მოდი, მოდი, დაჯექი - ტახტზე სვამს - ხომ შეუხვევ ბებო ხელს? - ახლა მე მიბრუნდება.
- კი - თავს ვუქნევ.
- მიდი, მე საუზმეს გავამზადებ უცებ - გვეუბნება და ოთახიდან გადის.
ოდნავ მოშორებით ვუჯდები და ხელს ვიღებ.
როგორც ყოველთვის, გაყინული აქვს.
ჭრილობიდან გამოსულ სისხლს ფრთხილად ვაშორებ ბამბით.
მის სახეზე ვერაფერს ვამჩნევ, არ მინდა ვატკინო.
დროდადრო ნაზად ვუბერავ სულს, როცა სისხლდენა მცირდება, ჭრილობას ვუსუფთავებ წყალბადის ზეჟანგით, მერე ბებოს მოტანილ საცხს ბამბას ვუსვამ, ჭრილობაზე ვადებ და ბინტით ვუხვევ.
მთელი ამ დროის მანძილზე ვგრძნობ დაჟინებულ მზერას.ვცდილობ არ შევხედო, უკვე უხერხულობას მიქმნის, ხელებს ვეღარ ვამოძრავებ. სახვევის ბოლოების შეკვრას სამ წუთს მაინც ვანდომებ, თითები ერთმანეთში მებლანდება და ისიც, თითქოს სპეციალურად არ მაშორებს თვალებს.
- მორჩა - მხოლოდ შემდეგ ვუყურებ.
- მადლობა - დინჯად ამბობს და თავს კედელს ადებს.
არასაჭირო ნივთებს ვიღებ მაგიდიდან და ბებოს სუფრის გაშლაში ვეხმარები.
აგათონიკე ისევ ჩვენთან ერთად საუზმობს.
საუზმის დროსაც ვგრძნობ, რომ მიყურებს. ლუკმა ყელში მეჩხირება. თავს სულ ოდნავ ვწევ და მზერას ვაპარებ.
წამით ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს და ღიმილს ვერ ვიკავებ.
მის თვალებში ვხედავ ჩემს თავს.
მის მზერაში სითბოს ვიჭერ, იქნებ მეჩვენება? იქნებ უბრალოდ მინდა, რომ ასე იყოს?
შეიძლება.
მერე დგება და მიდის.
გასაცილებლად მივყვები, კარის ზღურბლთან მოულოდნელად ბრუნდება.
- შუადღისას სადღაც წაგიყვან.
- სად? - არ ველოდი, ცოტათი ვიბნევი.
- ნახავ, თუ გინდა კაბა ჩაიცვი - თვალს ავლებს ჩემს შარვალს და მიდის.
ისევ იქამდე ვუყურებ მის ზურგს, სანამ თვალს არ ეფარება.
აჟიტირებული ვარ, ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ, სად შეიძლება მივყავდე.
„დამშვიდდი მარიშკა“ - საკუთარ თავს ვამშვიდებ, ვაიძულებ შეწყვიტოს ეს ცმუკვა და ეიფორია.
და მაინც, გაღიმებული ვბრუნდები ოთახში, მაგრამ კაბა არ მაქვს. ბებო უცებ მიგვარებს პრობლემას და კარადაში დიდი ხნის გადანახულ ნაქსოვ კაბას პოულობს.
გული მიფრიალებს სიხარულისგან.
ქალი არაფერს მეუბნება, კმაყოფილი ღიმილით მიმზერს და ხანდახან რაღაცებს ამბობს თავისთვის.
შუადღისთვის უკვე გამოწყობილი ველოდები.
მაინტერესებს სად წავალთ.
გარეთ ისევ თოვს, ნაზად, ლამაზად, გარშემო ყველაფერი თეთრია.
სითეთრეს არ ცვლის არც მისი გამოჩენა.
ულამაზესი თეთრი ცხენი ზღაპრულად გამოიყურება ამ გარემოში.
ეზოში შემოდის, ფანჯრიდან ვხედავ, მერე ვგრძნობ, როგორ მეხვევა მხარზე ხელი. გვერდით ბებო მიდგას, ნაზად მეფერება მხარზე და მერე გასასვლელად მიბიძგებს.
- წადი, წადი - მეჩურჩულება.
- დროებით - ვკოცნი და სახლიდან გავდივარ.
ცხენიდან ჩამოსულია, მელოდება.
ნელი ნაბიჯით მივდივარ მისკენ და თან ვუყურებ, როგორ ემჩნევა თოვლს ჩემი ნაკვალევი.
მის ხრაშუნს ვუსმენ და მზერას ვგრძნობ, გამყინავს და ამავდროულად მწველს.
ღიმილის მომგვრელს და აუხსნელი ბედნიერების გამომწვევს.
თითქოს ათასი თვალი ერთად მაკვირდება, მე კი მაინც არ ვწევ თავს იქამდე, სანამ ჩვენ შორის ზუსტად ერთი ნაბიჯის სიგრძე მანძილი არ რჩება.
მერე ნელა ვსწორდები და მის მწვანე თვალებს ვაკვირდები.
- წავედით? - როგორც იქნა იღებს ხმას.
თავს ვუქნევ და ცხენისკენ ვიხედები. თვალებს შორის ვადებ ხელს და ნაზად ვეფერები.
- მოდი - ახლოს მივყავარ.
წელზე ხელს მავლებს და უნაგირზე გვერდულად მსვამს. აღვირს მაკავებინებს და თვითონაც ჯდება. სანამ დავიძვრებით, მე ისევ ცხენს ვეფერები ფაფარზე, ყელზე.
მერე ხელებს აქეთ-იქიდან „მხვევს“, აღვირს თვითონ კიდებს ხელებს, ფერდებზე ოდნავ უჭერს ცხენს ფეხებს და ისიც აუჩქარებელი ნაბიჯით მიუყვება გზას.
მარჯვენა მხარით მთლიანად მის გულ-მკერდს ვეხები და ვერაფერს ვუხერხებ ამ კომფორტის შეგრძნებას. ხელებისთვის რომ ადგილს ვერ ვპოულობ და ვერც საყრდენს ვნახულობ, მის მარჯვენა ხელს ვაყრდნობ.
წამით გადმოაქვს მზერა ჩემს ხელებზე.
ეღიმება.
მინდა ვკითხო სად მივდივართ, მაგრამ სიმყუდროვის დარღვევას ვერიდები.
შევყურებ გადათეთრებულ გარემოს, ცამდე აზიდულ მთებს და სიამაყით ვივსები. საოცარი შეგრძნებით, ბედნიერებით, სუნთქვა რომ არ გყოფნის და გული საგულეს აღარ გაქვს. უკვე ვეღარ ვისვენებ, ერთი სული მაქვს გავიგო სად მივდივართ. ცნობისმოყვარეობას ვეღარ ვიოკებ და ვკითხულობ.
- სად მივდივართ?
- მალე მივალთ - ხმადაბლა ამბობს ჩემს ყურთან და ისევ გაურკვევლობაში მტოვებს.
მართლა მალე მივდივართ, ცხენს აჩერებს.
- მოვედით, ხახმატის ჯვარი - მანიშნებს პატარა შენობაზე. ჩადის, მეც მოხერხებულად ჩავყავარ და ხელებს მიშვებს.
- რა კარგია - აღფრთოვანებით შევყურებ ქვით ნაშენებ სალოცავს - აქ ბევრია არა ასეთი? - ინტერესით შევყურებ.
- კი - მეთანხმება - ხახმატის ჯვარი მიიჩნევა ქალების და ახალდაქორწინებულების მფარველად.
- საინტერესოა - ვუბრუნდები.
მისი თვალები ძველებურად ცივია, საოცრად მწვანე და უცნაური ნაპერწკლებით ანთებული.
- ნამდვილად - მეთანხმება და თვალს არ მაშორებს.
ვცდილობ მის მზერას ყურადღება არ მივაქციო, არ ავღელდე, არ გავწითლდე, არ დავიბნე, ღრმა ამოსუნთქვით ვაკვირდები სალოცავს და მისკენ მივიწევ.
კაბას ოდნავ ზემოთ ვწევ და გვერდებზე ხელს ვისვამ.
- დიდი გაქვს - მისი ხმა მესმის და გაკვირვებული მზერით ვტრიალდები.
- რა?
- კაბა, დიდი გაქვს - მხრებს იჩეჩავს.
წამიერად ვიბნევი, მგონი ვწითლდები კიდეც, არ ველოდი.
- ჩემი არაა, ბებოსია და ალბათ იმიტომ - ხმას ვიწმენდ, ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვპასუხობ და ისევ სალოცავისკენ ვიძვრები.
უკან მომყვება ის და მისი მზერა.
აშკარად ვგრძნობ ჩემს ზურგზე მის თვალებს, აუტანელ სიცივეს და წვას ერთდროულად.
აქაურობა ულამაზესია, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ.
მაგრამ ჩემკენ მომართული მისი თვალები საოცარ უხერხულობას მიქმნის, მაბნევს, ასე მგონია წავიქცევი.
ამ მზერას დიდ ხანს ვერ გავუძლებ.
კიდევ კარგი დასათვალიერებელი ბევრი არაფერია. უკან ვბრუნდები და პირდაპირ მას ვხვდები, ფაქტობრივად წკიპზე ვიცდენ მოსალოდნელ შეჯახებას და ადგილზე ვიყინები.
- წავიდეთ - თვალებს ვუსწორებ და დაბალ ხმაზე ვეუბნები, თითქოს არ მინდა გარემოს იდილია დავურღვიო.
- კარგი - მეთანხმება.
მთელი გზა ისევ მის გულ-მკერდზე ვარ აკრული. მისი სურნელი მხვდება ცხვირში და ლამისაა საკუთარი ნებით ჩავეხუტო.
სიმშვიდის შეგრძნებით მავსებს.
აქამდე თუ არასასიამოვნოდ მაფორიაქებდა, ახლა პირიქით.
თავს დაცულად ვგრძნობ.
თავს კარგად ვგრძნობ.
თავს მშვიდად ვგრძნობ.
სახლამდე ისე მივდივართ, გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. მის მკლავზე დალაგებულ ჩემს თითებს შევყურებ და ამ სამყაროს ვეთიშები.
ამ წამით ვტკბები და არ მინდა დასრულდეს.
- მოვედით - მისი ხმა მაფხიზლებს.
დაბნეული ვწევ თავს და მის მწვანე თვალებს შევყურებ.
- სამწუხაროა - უნებურად სცდებათ ბაგეებს ფიქრი და სირცხვილისგან ლოყები მეფაკლება.
ვხედავ როგორ ეპარება ღიმილი, ძალიან ნელა სწევს ტუჩის კუთხეებს, მერე „მოხვეულ“ ხელებს მართლა მხვევს, ფრთხილად, თითქოს ცდილობს არ დამაფრთხოს და რამდენიმე წუთი ასე ვართ, ჩუმად. მერე ერთბაშად მშორდება, სწრაფად ხტება, მეც მსვამს. წელზე თითებს ჩვეულებრივზე მეტ ხანს აჩერებს, თითქოს ოდნავ, შეუმჩნევლად მიჭერს კიდეც, ბოლოს ნელა მიშვებს და მიყურებს.
- არ შემოხვალ? - ფიქრებს ისევ თავისთავად ახმოვანებს ენა.
- არა - მშვიდად მპასუხობს.
მხრებს ვიჩეჩავ და სახლისკენ მივაბიჯებ.
მგონი მწყინს.
მარიშკა - მასთან ყოფნა გსიამოვნებს!
სანამ სახლში არ შევდივარ და ფანჯრიდან არ ვიხედები, იქამდე არ იძვრის ადგილიდან. მერე კი აუჩქარებლად ბრუნდება და თავის ცხენთან ერთად ტოვებს ეზოს.
მტოვებს მე, აუხსნელი ემოციით სავსეს.
ვერშეკავებული ღიმილი გამოთქვამს ჩემს გრძნობებს.
სავარძელში ვეშვები, ბებოს მოტანილ ჩაის ფინჯანს ვხვევ ხელებს და თვალებს ვხუჭავ.
მახსენდება დახვედრა, საუბარი, ჩახუტება, ყურადღება..
მისი თვალები, მზერა..
მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მერე ეს ექსკურსია..
ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო!
ეს დღეები არასდროს დამავიწყდება.
ან კი როგორ შეიძლება ადამიანს ბედნიერება დაავიწყდეს?
როგორ შეიძლება დაავიწყდეს ის წუთები, როცა ბედნიერებისგან ლამისაა გასკდეს, ერთი სული აქვს ქვეყანას მოსდოს თავისი ბედნიერება და ამავდროულად, ეგოისტობს, ვერ იმეტებს სხვისთვის.
ბედნიერებისგან გაბრუებული მივდივარ ერთ გადაწყვეტილებამდე.
ოთახიდან ტელეფონი გამომაქვს და ვრთავ. ყურადღებას არ ვაქცევ გამოტოვებული ზარების და შემოსული შეტყობინებების რაოდენობას. ნომერს ვკრეფ და ვრეკავ. მეღიმება საყვარელი ხმის მოსმენისას. აღელვებულია, ალბათ არ მელოდა, თან საოცრად შეშინებული და თბილი. მის მოყრილ კითხვებს ვაიგნორებ, ყველას დამახსოვრებას მაინც ვერ შევძლებ.
- კარგად ვარ დე - ჩუმად ვეუბნები და ვხვდები, მშვიდდება - დემესთან ვარ, სოფელში, ცოტა ხნით კიდევ დავრჩები და ჩამოვალ - მშვიდად ვუხსნი. მისი ხმის გაგონებისთანავე ვხვდები, რომ გაბრაზებული აღარ ვარ - მომენატრე - დამეფიცება, თვალწინ მიელვებს მისი სიყვარულით სავსე მზერა, თბილი ღიმილი.
- მეც, ძალიან..
- შენ.. როგორ ხარ? - თავს ძლივს ვიკავებ, რომ თქვენ არ წამომცდეს.
- მე ნორმალურად..
- და.. კარგი, წავალ - კითხვას მამას შესახებ ენის წვერიდან ისევ გონებაში ვაბრუნებ და ვემშვიდობები.
- მამასაც არაუშავს, მარიშკა - ისევ ღიმილი ეპარება ხმაში, ვგრძნობ.
- ერთად? - დიდი ძალისხმევა მჭირდება ამ სიტყვის სათქმელად.
- არ ვიცი - ოხრავს და ვერ ვხვდები, რა ვიფიქრო. არ ვიცი ეს ამოოხვრა გაურკვევლობას გამოხატავს თუ გულის წყვეტას - ცალ-ცალკე ყოფნა მოუხდა ჩვენს ოჯახს - არ ვიცი რა მოხდა მას შემდეგ, რაც წამოვედი, არ ვიცი რა ხდება ახლა. რატომ არ მესმის ხმა, რომელიც თავისუფალ, დამშვიდებულ, ყოველდღიური კამათისგან თავდაღწეულ ქალს უნდა ჰქონდეს?
- კარგად ხარ? - ვცდილობ ამ კითხვამ მაინც მიმანიშნოს რამე.
- კარგად ვარ მარიშკა, უბრალოდ მომენატრე, მოგვენატრე - ასწორებს.
- მეც მომენატრეთ, მალე ჩამოვალ, გკოცნი - ტელეფონს ვთიშავ და ფანჯარას ვშორდები.
მამასთან ვერ ვრეკავ. ჯერჯერობით ემოციები არ მაკლია, არც გაურკვევლობა, ვერ დავიმატებ.
სანამ ტელეფონს სულ გავთიშავ, დემე დარეკვას მასწრებს. ღიმილს ვერ ვიკავებ, ეკრანზე თითს ვუსვამ და ვპასუხობ.
- უკვე ჩამოსვლას და შენს მოკვლას ვაპირებდი გეფიცები, ნორმალური ხარ? გავგიჟდით ნერვიულობით - ერთიანად აყრის, მე კი ხმამაღლა მეცინება - რა გაცინებს მარიშკა? - რადგან მარიშკა დამიძახა და არა „მარიშ“, ე.ი. ძალიან გავაბრაზე.
- ნუ მიბრაზდებით, კარგი? კარგად ვართ ჩვენ, ძალიან მომენატრეთ ყველა და ძალიან მიყვარხართ, მალე ჩამოვალ - მეც ვბაძავ, ერთი ამოსუნთქვით ვეუბნები ყველაფერს და ვთიშავ.
ტელეფონს ხელს მაგრად ვუჭერ და კიდევ უფრო ბედნიერი ვეშვები სავარძელში.
ერთადერთი რაც მაწუხებს, გაურკვევლობაა ჩემს მშობლებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასაც მალე გავარკვევ.
- შვილო - ფიქრებიდან გამოვყავარ ბებოს ხმას - თამთინამ დაგვპატიჟა თავისთან, ხომ წამოხვალ?
- მეც? კარგი, წამოვალ - სიამოვნებით ვთანხმდები და ქურთუკზე სქელ მოსასხამსაც ვიხვევ.
ნელა მივდივართ, ბებოსთვის ხელკავი მაქვს გაკეთებული და მივსეირნობთ. არ აპირებს რამის თქმას, თითქოს სადღაც სხვაგან დაფრინავს. მერე უცებ უკვე ნაცნობ ეზოსთან ჩერდება. მგონია, შეამჩნია როგორ გავაპარე მზერა იქითკენ და ამიტომ, მაგრამ ვცდები, პირდაპირ იმ ეზოში შედის. სახლისკენ მიდის და მეც თან მივყავარ. შესასვლელთან ქალი დგას. ვცნობ, აგათონიკეს ბებიაა. კმაყოფილი ღიმილით გვათვალიერებს სტუმრებს, გვკოცნის და შინ შევყვავართ. ეს სახლი ისევ საოცრად თბილი აურითაა სავსე. ბუხართან დაბალ სკამზე ვჯდები და თვალებით გაფაციცებით მას ვეძებ. არ ჩანს.. დედამისი გვიმასპინძლდება, დრო გადის, მაგრამ არ ჩანს.
ჩუმ ამოსუნთქვას ვატან ჩემს მოლოდინს, იმედებს და ქალების დიალოგში უფრო თამამად ვერთვები. რაღაცაზე გულიანად მეცინება და სწორედ მაშინ იღება კარები.
ჯანდაბა, აი ისევ, არ მეჩვენება!
როგორც კი მხედავს, მის თვალებში ის უცნაური ნაპერწკლები ჩნდება.
კიდევ ერთხელ გვესალმება და შემოდის.
ღიმილს ვერ ვიკავებ, ტუჩებს თავს ვერ ვუყრი და ბუხრისკენ ვბრუნდები.
ხვდება, ზუსტად ხვდება ჩემს რეაქციას, ბუხართან მოდის, სკამს ჩემ პირდაპირ დგამს და ჯდება.
მიყურებს, ის მე, მე ცეცხლს.
ისე მიყურებს, იმ შეშასავით ვიწვი და მაინც არ შევხედავ.
ცეცხლის სიმხურვალე სახეს მიწითლებს, ზედმეტად ახლოს ვზივარ, სულ ოდნავ ვიხევ უკან და მაშინვე, ისევ მისი მზერისკენ გამირბის თვალებიც და ფიქრებიც.
ბებო მარიდებს ამ გასაჭირს და წასასვლელად დგება. მეც მივყვები, ღიმილით ვემშვიდობები ქალბატონებს, აგათონიკე კი უკან მოგვყვება ეზოს ბოლომდე.
- საღამოს ამოვალ - ეუბნება ქალს და მგონია, ჩემ გასაგონად უფრო ამბობს.
- კარგი შვილო - თბილად უღიმის მოხუცი - წავიდეთ ბებო - ხელს მკიდებს და მივდივართ.

საღამოს მართლა მოდის.
კარების ხმაზე გული მაშინვე უცნაურად მიძგერდება.
შემოდის, ჩვეული, დინჯი, ამაყი ნაბიჯებით. ტახტზე ჯდება , რამდენიმე წამით თვალებში მიყურებს, მერე მზერას მაშორებს და ბებოს ელაპარაკება.
- ივახშმებ? - ყურადღებას ვიქცევ და ვდგები ვახშმის მოსატანად.
- არა - თვალს მისწორებს - მეჩქარება.
- კარგი - ვეთანხმები, ეს ორი წუთით მორბენა რაა?
- ხვალ საღამოს ღამისთევაში წამოხვალ?
მე მეკითხება?
ჯერ შემოთავაზება მაბნევს, მერე საკუთარი პასუხი.
არ ვიცი, რა ვუპასუხო, როგორ უნდა მოვიქცე, რამდენად მართებული იქნება ჩემი პასუხი.
ის მე მიყურებს, მე ბებოს, თითქოს მის მზერაში ნებართვას ვეძებ. აგათონიკე ალბათ ჩემს გასაჭირს ხვდება, ბებოს უბრუნდება და დეტალურად უხსნის.
- ალუდაურები ხატიონს იწვევენ, ხატის დროშას საკლავს დაუკლავენ, ლუდს აადუღებენ, მოილხენენ, როგორც ხდება ხოლმე და ვიფიქრე, წავიყვან-მეთქი - ბებო კვლავ შუბლშეკრული უმზერს. მერე მე მიყურებს, უცებ ეხსნება სახე, მიღიმის და ნელა ახამხამებს თვალებს, თითქოს თანხმობას მანიშნებს.
- თუ გინდა შენ წასვლა, წადი ბებო.
მისი ნებართვა ფრთებს მასხამს. მეც დასტურის ნიშნად თავს ვუქნებ აგათონიკეს. ისიც, პასუხის გაგების შემდეგ დგება და მიდის.
მივყვები, გარეთაც გავდივარ, საფეხურებთან ვჩერდები. ნახევარი ტანით ბრუნდება და თუ ამ სიბნელეში კარგად ვხედავ, მიღიმის.
- თბილად ჩაიცვი ხვალ - დაბალი ხმით მეუბნება და ეზოში მიაბიჯებს.
ჩვეულებას არ ვარღვევ და იქამდე ვუყურებ, სანამ არ უჩინარდება. მერე შეციებული ვბრუნდები ოთახში და ბუხართან ვჯდები. სიწყნარეს ბებოს ხმა არღვევს, ჩემთან უფრო ახლოს გადმომჯდარა.
- შვილო, მარიშკა, ფრთხილად იყავი ხომ ხვალ? - მშვიდად მესაუბრება - საიმედო ადამიანთან ერთად გიშვებ, მაგრამ მეშინია, სტუმარი ხარ მაინც ჩემი. დავინახე, როგორ გინდოდა წასვლა და იმიტომ დაგთანხმდი, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ფრთხილად იქნები, თბილად ჩაიცვამ და თუ შეგცივდება, სახლში დაბრუნდები.
მეღიმება მის მზრუნველობაზე, როგორ შეუძლია ყველასთან ასეთი თბილი იყოს.
- გპირდები, ფრთხილადაც ვიქნები, თბილადაც ჩავიცვამ და თუ შემცივდება, წამოვალ, აგათონიკეს გვერდიდან არ მოვშორდები - ვეხუტები.
- ძალიან კარგი, ვივახშმოთ ახლა და დაისვენე მერე.
ვახშმის შემდეგ ვწვები, თუმცა არ მეძინება.
ხვალინდელ ღამეზე ვფიქრობ, მთელი ღამე ერთად - მე და აგათონიკე და კიდევ უამრავი უცნობი ადამიანი.
მისი შემოთავაზებები უფრო და უფრო მაკვირვებს, თუმცა მომწონს ძალიან. მის გვერდით ხომ თავს ასე კარგად ვგრძნობ. ფიქრებში გართულს როდის მეძინება ვერ ვიხსენებ, თუმცა დილით ხმაური არ მაღვიძებს. მერე მახსენდება, რომ წინა დღით ჩვეულებრივზე მეტი შეშა დაჩეხა და დღეს აღარ მოვიდოდა.
მთელ დღეს მოუსვენრობაში ვატარებ.
ჯერ სახლს ვალაგებ, მერე საჭმელს ვაკეთებ, მერე ვიტეხ ფანჯრების წმენდვას და ამ სიცივეში მაინც ვწმენდ, მიუხედავად ბებოს წინააღმდეგობისა. აღარ ვიცი, დრო როგორ გავიყვანო, არადა ვეღარ ვისვენებ. ერთი სული მაქვს დაღამდეს, ვნახო და წავიდეთ. ამ ყველაფერს იმდენად ვეჩვევი, წარმოდგენაც არ მაქვს სახლში დაბრუნების შემდეგ რა იქნება. დღეს ძლივს ვაგორებ და მზადებას ვიწყებ. უკვე შეფუთული ბუხართან ვზივარ, ველოდები და ფიქრებიც ისევ თავისთავად მოდის. ორ დღეში წავალ, მართალია დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. მელოდებიან..
და რა იქნება მერე?
იქნება - თავს ვიმშვიდებ.
გონება სასწრაფოდ იხსენებს საჭირო ინფრომაციას, აგათონიკე აქ მხოლოდ მაშინაა, როცა თავისუფალი დრო აქვს, ანუ მის ნახვას ქალაქშიც შევძლებ, თუ სურვილი იქნება, რა თქმა უნდა.
თითქოს ვმშვიდდები, ფიქრებზე უეცრად აფორიაქებული. ღრმად ვისუნთქავ თბილ ჰაერს და კარებზეც კაკუნია.
- საღამო მშვიდობის - ოდნავ ვუღიმი, ისიც თავს მიქნევს და ბებოც მოდის.
- აბა თქვენ იცით, გოგონას მიმიხედე, თვალის ჩინივით გაუფრთხილდი - დარიგებაზე უფრო, გაფრთხილების ტონით ეუბნება.
- გავუფრთხილდები - მზერა ჩემზე გადმოაქვს - თვალისჩინივით.
- კარგი, წადით ახლა - გვიღიმის, ზურგზე ნაზად მეფერება და გასასვლელისკენ მიბიძგებს.
- დროებით - ლოყაზე ვკოცნი და გავდივარ.
აგათონიკე წინ მატარებს. ზურგზე სულ ოდნავ ვგრძნობ მისი ხელის შეხებას და შეუმჩნევლად მეღიმება.
- ცხენი? - გაკვირვებული ვბრუნდები, როცა თეთრს სილამაზეს ვერ ვხედავ.
- ახლოს ცხოვრობენ.
ეზოდან გავდივართ. რამდენიმე ნაბიჯში ვგრძნობ მის თითებს ჩემსაზე. ნაცნობი, მაგრამ უკვე სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება.
ვგრძნობ, როგორ მიყურებს, ალბათ რექციას ელის, მე კი, რეაქცია არ მაქვს.
მართლა ახლოს აღმოჩნდა, შესასვლელში ხელს მიშვებს და წინ მატარებს.
შევდივართ, ეზოში უამრავი ადამიანი ირევა, ოთახიდან განათება გამოდის.
- დაგვაგვიანდა - დაბალი ხმით მეუბნება.
- რატომ? - ვერ ვხვდები რას გულისხმობს დაგვიანებაში.
- საკლავი დაკლულია, ლუდიც ადუღებული.
- არაუშავს - მეცინება.
წინ მივიწევთ და აგათონიკეც ყველას ესალმება, ყველას კითხულობს, ყველას იცნობს.
მე გვერდით მივყვები, სახლში შევდივართ. არც იქაა ხალხის ნაკლებობა. მსგავს სიტუაციაში პირველად ვარ, ეს ყველაფერი ისეთი უცხოა, გაფაციცებით ვაკვირდები სახლსაც და ხალხსაც.
აგათონიკე ჭიქით ლუდს მაწვდის. მადლობას ტუჩების მოძრაობით ვანიშნებ და ვსვამ.
ათობით მზერას ვგრძნობ და უხერხულობა მიპყრობს. იმდენად დაჟინებით მაკვირდებიან, მთელი სხეული მეწვის, თვალში უცხოდ ვხვდები და ალბათ ამიტომ, მაგრამ ეს უხერხულობის განცდას არ მიმსუბუქებს.
უნებურად ვცდილობ აგათონიკეს ზურგს ამოვეფარო და შეუმჩნეველი ვიყო, თუმცა არ გამომდის.
ტახტზე განთავისუფლებული ადგილისკენ მანიშნებს და მეც ვჯდები. გვერდით მიჯდება.
მე გარემოს ვათვალიერებ, ხალხსაც.
დროის გასვლასთან ერთად, ჩემკენ მომართული თვალების რაოდენობაც იკლებს, მაგრამ მაინც ვგრძნობ. წინ ვათვალიერებ ადამიანებს და ვაწყდები იმ დაჟინებულ მზერას. თვალს არ მაშორებს, მაშინებს, მართლა მაშინებს. ამ მზერაში რაღაც ისეთს ვხედავ, რაც არ მომწონს. ოდნავ გრძელი შავი თმები აქვს, ყოველ წუთში ხელს იტარებს თმებზე და თან თვალს არ მაშორებს. შავი თვალები ნაკვერჩხალივით უელვარებს, უფრო ავად მომზირალს ვუწოდებ. ზედმეტად გამოკვეთილი ყბები მის სახეს კიდევ უფრო უხეშს ხდის. ზედის მკლავები იდაყვებამდე აქვს აწეული და აშკარად თვალს მჭრის მისი შრამები. ისე მიყურებს, თითქოს მზერით მაშიშვლებს, საშინელებაა..
ლამისაა აგათონიკეს ავეკრა, იმდენად აუტანელია.
აგათონიკეც აშკარად გრძნობს ჩემს დაძაბულობას. ჯერ მე მიყურებს, მერე იქით იხედება, საითაც მე და ყველაფერს ხვდება. მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე თავის ხელს მადებს და მზერით მამშვიდებს. თავს ოდნავ ვუქნევ, მაგრამ ამ დაძაბულობას ვერაფერს ვუხერხებ, მით უმეტეს, რომ მას სულაც არ აფრთხობს აგათონიკეს ქმედების დანახვა, ისევ უტეხად მიყურებს, ის მე და აგათონიკე მას. მის თითოეულ გამოხედვას, თითოეულ ქცევას აკვირდება. თუ ვინმე დაელაპარაკება, მოკლე პასუხით იფარგლება და ისევ მას აკონტროლებს. მგონი წასვლის დროა.
როგორც კი ვხედავ, როგორ იძვრის ის ბიჭი ჩემკენ, შინაგანი ფორიაქი მიპყრობს, გული ყელში მებჯინება. მოხუც კაცთან ლაპარაკში ჩართულ აგათონიკეს ხელს მთელი ძალით ვუჭერ მკლავზე და ვცდილობ მივახვედრო, რომ არ მომწონს, მაშინებს, არ უნდა მოვიდეს.
სწრაფად უყურებს, ჩემს ხელს, ვგრძნობ როგორ იძაბება, მისი ხელიც იძაბება ჩემი თითების ქვეშ . მის ბრაზსაც ვხედავ, თვალებში რომ აწვება და ახლა უკვე იმის მეშინია, რამე არ მოხდეს. გამყინავი მზერით უყურებს მას, ასე რომ შემომხედოს, ალბათ წამში მოვკვდები. ვხედავ როგორ იღებს უცნობი ფულს და თასში ყრის, აგათონიკეც ხედავს. ხელს მაშვებინებს და აკვირდება, სანამ ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში მოდის, ხალხში გზას იკვლევს, მიახლოვდება, მე შიში მემატება. აგათონიკე იმავეს იმეორებს, თავის ჭიქაში ხურდას დემონსტრაციულად აგდებს და მაწვდის. ვერ ვხვდები რას აკეთებს, ან ხურდას რატომ აგდებს, ან მე რატომ მაჩეჩებს ხელში.
- გამომართვი და მოსვი - ჩურჩულებს, როცა ხედავს, რომ მოქმედებას ვაგვიანებ. დაპროგრამებულივით ვწევ ხელს, ჭიქას თითებში ვიქცევ და ერთ ყლუპს ვსვამ. მაშინვე ისევ იმ უცნობისკენ ვიხედები, მაგრამ ის უკან მიბრუნებულა. აგათონიკე შესამჩნევად დამშვიდებულია.
- რა მოხდა? - ჩუმად ვეკითხები.
- არაფერი, წავიდეთ - პასუხობს და დგება.
ეზოში გავდივართ.
- დალიე და ხურდა შეინახე.
- რატომ?
- ასეა საჭირო.
გაურკვევლობა მკლავს, მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც მეუბნება. ვსვამ, ხურდას ჭიქიდან ვაგდებ და ხელში ვიქცევ, მუშტს ვკრავ და ვიძვრით. მთელი გზა ხმას არ იღებს, ისევ დაძაბულია, არადა თითქოს მიზეზი აღარ აქვს. ცივი მზერა კიდევ უფრო მკაცრია, მე კი ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავ. რაღაც არ მომწონს, მეშინია რამე არასწორად არ ვთქვა და სულ ვჩუმდები. ჩემს ეზოსთან ჩერდება.
- მოვედით - სიჩუმეს ვარღვევ.
ოდნავ მიქნევს თავს, თავისუფალ ხელს მაშლევინებს, მერე ყელიდან რაღაცას იხსნის და ხელის გულზე მიდებს.
ჯვარია...
ვერაფერს ვხვდები.
- ეს? - კითხვის ტონით ვამბობ ერთ სიტყვას.
- შედი - სულ ოდნავ უკრთება სახეზე ღიმილი.
- მაგრამ ჯვარი? - ვერ ვისვენებ.
- გაიგებ ყველაფერს, ხვალ დაგელოდები და ჯვრის დაბრუნებას ჩემთვის სასურველ პასუხად ჩავთვლი, შედი - თვალებით მანიშნებს სახლისკენ და მეც მივდივარ.
- ნახვამდის - ვემშვიდობები და ბილიკს მივუყვები.
სახლში შესვლამდე, იმ რამდენიმე ნაბიჯში ცნობისმოყვარეობით ვკვდები. რა პასუხი, რომელი პასუხი? განა შეიძლება კითხვის არ არსებობის შემთხვევაში პასუხის გაცემა? ვერაფერს ვხვდები, მგონი რაღაცას მეთამაშება, მეცინება.
ბებოს არ სძინავს. როგორც კი კარებს ვაღებ, ნაბიჯების ხმა მესმის და რამდენიმე წამში ვხედავ.
- რატომ დაბრუნდით ასე ადრე? რამე მოხდა? - შეშფოთებული ხმა აქვს.
- არაფერი - არ მინდა ვანერვიულო, თან საგანგაშოც არაფერი მომხდარა.
- რაღაც მოხდა მარიშკა, წამოდი, დავსხდეთ და მომიყევი, ისე ადრე არ დაბრუნდებოდით - მეცინება, რა თქმა უნდა, მან ზუსტად იცის. ერთს ღრმად ვისუნთქავ და ვიწყებ მისვლის წამიდან. სულ ბოლოს ვეუბნები იმ უცნობის და მისი მზერის შესახებ.
- აი, აგათონიკემ ეს ჩააგდო ჭიქაში და მომცა - მომუშტულ ხელს ვშლი და ხურდას ვაჩენ.
- ვაიმე - იცხადებს ქალი და პირზე ხელს იფარებს.
- რა მოხდა? - გაკვირვებული ვარ.
- მერე? - მოუთმენლობა ეტყობა.
- მერე წამოვედით და სანამ შემოვიდოდა, ეს მომცა - მეორე ხელსაც ვშლი და ჯვარს ვაჩვენებ.
- ვაიმე, ვაიმე - ისევ მოთქვამს და ხელებს მუხლებზე ირტყამს.
- დამშვიდდით, კარგად ვარ, არაფერი მომხდარა - მგონია უცნობის გამო წუხს, იმის გამო, რომ შემეშინდა.
- რაღა არ მომხდარა, რაღა არ..
- და რა მოხდა? იცით, ეს ხურდა და ჯვარი ვერ მივხვდი რატომ მომცა, მითხრა ყველაფერს გაიგებ და ჯვრის დაბრუნებას სასურველ პასუხად ჩავთვლიო.
- აი, აი ეს მოხდა - ისევ ქოთქოთებს და უკვე მეშინია, ცუდად არ გახდეს.
- დამშვიდდით, წყალი გინდათ? - მაშინვე ვდგები.
- არა, მოდი აქ, მოდი , დაჯექი - ხელით მანიშნებს და მეც პირდაპირ ვჯდები. ოხრავს და იწყებს - მომისმინე შვილო, მომისმინე მარიშკა - სახეზე ხელს მისვამს - შენ აქაური არ ხარ და აღარც ის დროა, როცა მსგავსი რამეები ხდებოდა, ამიტომ ყველაფრის არიდება შეგიძლია, მაგრამ ჩვენ, ჩვენი შეხედულებებისა და ტრადიციების ძალიან გვჯერა.
- ვერაფერს ვიგებ - ღელვა მემატება.
- აგიხსნი ბებო, აგიხსნი. ასეთ ღამისთევაში როცა მიდიან, იქ შეიძლება ბიჭს გოგო მოეწონოს, ხომ შეიძლება? - თითქოს ჩემს დასტურს ელის და ისევ აგრძელებს - ხოდა, როცა ბიჭს გოგო მოეწონება და მისი ცოლობა უნდა, ჯვრით დალიშნავს.
- ჯვრით დალიშნავს? ეგ როგორ?
- აი ასე, თასში ფულს ჩაუყრის და ჯვრით დაამწყალობებს, ამის შემდეგ ქალს უფლება არ აქვს უარი თქვას, რადგან რწმენის მიხედვით, ასეთი პატარძალი სხვა ქმართან ვერ გაიხარებს, ჯვარი მოკლავს - ღრმა ამოსუნთქვით ამთავრებს ბებო სათქმელს - მაგრამ შენ ვალდებული არ ხარ - ჩუმად ამატებს.
მე კი ნელ-ნელა ვიაზრებ რა მითხრა. თავიდან ბოლომდე ყველა სიტყვას ვიმეორებ და ვაანალიზებ, ბოლო წინადადებამდე რომ ჩამოვდივარ, სუნთქვა მიხშირდება, სხეული მეძაბება, გულისცემა მიძლიერდება, შეკავებულ ჰაერს ერთბაშად ვუშვებ გარეთ და მაინც ვერ ვიცლები.
რა გამოდის?
გამოდის, რომ..
არა, არ მჯერა..
ღრმად სუნთქვაც კი ვერ მამშვიდებს.
ბებოს მოწვდილ წყალს ყლუპ-ყლუპად ვსვამ და თითქოს მახრჩობს.
გონებაში ვუშვებ იმასაც, რომ შეიძლება მხოლოდ იმ ბიჭის მოსაშორებლად გააკეთა და ვარაუდს ბებოსაც ვეუბნები, მაგრამ ქალი თავს აქნევს უარის ნიშნად, მეუბნება ხევსური კაცი ამ ტრადიციას ასე უბრალოდ არ მოეკიდებოდაო.
არეული ნაბიჯებით ვტოვებ სახლს და გარეთ გავდივარ, ჰაერი მჭირდება. ფილტვებს ცივი ჰაერით ვივსებ და ვცდილობ დავმშვიდდე. ახლა ცივი გონებით უნდა ვიმსჯელო. თვალებს ვხუჭავ, ყველაფერი ისევ თავიდან ტრიალდება, ისევ ვგრძნობ, როგორ მიდებს ხელში ჯვარს.. ჯვარს ქურთუკის ჯიბეში ვიდებ და სახეს ხელებში ვმალავ. გული ისევ მიკანკალებს, შინაგან მღელვარებას ვერაფერს ვუხერხებ.
ჯანდაბა!
თავიდან ბოლომდე ერთი დიდი გაუგებრობა ხარ, მარიშკა!
ვოხრავ და უმისამართოდ ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით, თითქოს მთვარის ნათელი მიპასუხებდეს.
დაძაბულობისგან ისტერიული სიცილი მიტყდება და იქამდე ვერ ვწყნარდები, სანამ კიდევ ერთხელ, თავიდან ვერ ვაანალიზებ სიტუაციის სიმძაფრეს.
არადა სულაც არაა მძაფრი, ხვალ ავდგები, ჯვარს ბებოს დავუტოვებ და მე წავალ..
ან ვნახავ, უარს ვეტყვი და ისე წავალ..
რას ვგრძნობ ამ ადამიანის მიმართ?
რა მინდა მისგან?
ან ცხოვრებისგან რა მინდა?
როგორ უნდა მოვიქცე?
კითხვების კორიანტელი მატყდება და ისედაც დაბნეული უარესად ვიბნევი.
მხარზე შეხება მაკრთობს, ბებო წამომდგომია თავზე.
- მარიშკა, შემოდი სახლში, გაცივდები, სულ გაყინულხარ - ლოყაზე მისვამს ხელს.
თავს ოდნავ ვუქნევ და სახლში შევდივარ.
- მარიშკა, მისმინე ბებო - ოთახისკენ წასულს მაჩერებს - შენ შეგიძლია უარი თქვა, დაივიწყო რაც მოხუცმა ვიბრუტუნე ჩვენს ტრადიციებზე და უარი თქვა, გესმის?
- მესმის - ვკოცნი და ოთახში შევდივარ.
გაუხდელად ვწვები გაუშლელ საწოლზე და ფანჯრისკენ ვიყურები.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ აღარ ვიფიქრო.
რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვიხლართები ამ ფიქრებში.
ახლა ძილი მჭირდება, სიმშვიდე..
თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ ვერ ვიძინებ, ისევ ვფიქრობ, გონება გამუდმებით კადრებად იხსენებს მომხდარ ფაქტებს და არ მასვენებს.
ვჯდები და შუბლს ვისრეს.
რადგან დაძინება არ გამომდის, იქნებ რამე ჭკვიანური მაინც მოვიფიქრო.
ვიხსენებ ჩვენს ურთიერთობას „აგა რა“- დან „შედი“-მდე, ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალს, ქრონოლოგიურად ვალაგებ მოვლენებს.
ყველაფერი ერთიანად მიტრიალდება გონებაში და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ვიღებ.
მიუხედავად ამისა, დილამდე ძილი არ მეკარება.
მიღებულ გადაწყვეტილებას ვუტრიალებ, თითქოს გასაჩივრებას ექვემდებარება.
მაგრამ საკუთარ თავთან ვერაფერს ვხდები.
ვწესრიგდები და სახლიდან გავდივარ, ყველაფერს ახლავე მოვაგვარებ.
აგათონიკეს სახლს რაც უფრო ვუახლოვდები, შეგრძნებები მიმძაფრდება.
გულისცემას ყელში ვგრძნობ, მუცელში განუწყვეტლივ წრიალებს რაღაც, სუნთქვაც უმართავი მიხდება, მაგრამ მაინც წინ მივიწევ.
სამ საფეხურზე ასვლას სამ წუთს ვანდომებ და მაინც, ავდივარ..
კარებზე ვაკაკუნებ თუ არა, მაშინვე გონებაში მივლის რომ არ ვნახო, ავდგე და გავიქცე, მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ..
მერე ხმაური მესმის, ღრმად ვსუნთქავ და
იღება..
ვუყურებ აგათონიკეს, მის მწვანე თვალებს, დაძაბული მაკვირდება თვითონაც, ჩემს მზერაში ეძებს პასუხს, თუმცა მგონი ვერ პოულობს..
მოუთმენლობა ეტყობა, ისიც შესამჩნევად ღრმად სუნთქავს..
მბეზრდება ამდენი ყოყმანი, მთელს ჩემს გამბედაობას ვიკრებ და
- თურმე უარის თქმა არ შეიძლება - სერიოზული სახით ვეუბნები, ჯვარს ყელზე ვკიდებ და მთელი ძალით ვეხუტები..

_________
ესეც მეორე და დასასრული..
არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად გამაბედნიერეთ თქვენი კომენტარებით..
სტიმული ხართ და ბედნიერება, სითბო და პოზიტივი და მე ძალიან, ძალიან მიყვარხართ..
იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას..

პ.ს. ახალი ისტორიაც იდგამს უკვე ფეხს და იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით..



№1  offline მოდერი შადი

რა კარგი იყო,ცოტა მეტი მინდოდა,აგათოკინეს ემოცია განცდა,თუნდაც თბილი სიტყვა

 


№2  offline წევრი შამხათი

ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე. არაჩვეულებრივი გოგო ხარ!

 


№3 სტუმარი Guest თათა

ძალიან სასიამოვნო იყოო :*

 


№4 სტუმარი გვანცა))

ვაიმე რა კარგი იყოო
თბილი და ტკბილი
არვიცი რაგითხრა
ძალიან კარგი გოგო ხარ

 


№5  offline წევრი Mariamch

რაკარგი წასაკითხი იყო...
არმინდოდა დასრულებულიყო...
მე მინდა ამის გაგრძელებაა ძააააალიან... <3

 


№6 სტუმარი nini

უფ მადლობა! ლამაზად გადმოცემული ისტორია იყო <3

 


№7  offline მოდერი chica sol

მარ, აჰა, აგისრულადა და შედგა შენი აგათონიკე (ჩემთვის აგავიღაცა :დ)
კარგი ხარ., შენს მშვიდ სტილს არ ღალატობ და მშვიდადაც მიდის კითხვის პროცესი.
არ ვიცი რა გითხრა ის რაც არ მითქვამს აქამდე.
გელი ახალი ისტორიით ❤❤

 


№8  offline წევრი TeddyBear

არაჩვეულებრივი ისტორია იყო, სასიამოვნოდ წასაკითხი და ამასთანავე ემოციურად დახუნძლული ❤

 


№9  offline მოდერი მარრიამი

შადი
რა კარგი იყო,ცოტა მეტი მინდოდა,აგათოკინეს ემოცია განცდა,თუნდაც თბილი სიტყვა

მადლობა <3
ბოდიში, რომ მოლოდინები ვერ გაგიმართლდა <3 :(
ninaka loves u
ჩემო საყვარელო!
გილოცავ 'მწვანე ყინულს'.
არ მეგონა 'მოლოდინის' შემდეგ ასე თუ გამაოცებდი!
მაგრამ ეს ტექსტი ისეთი თბილი, ტკბილი იყო... თავისი ყველკარტოხებითა და ხევსურული ტრადიციებით.
მარიამ, დავდნი და გავმთელდი.
ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ!
იცოდე, რომ შენ შემდეგ ტექსტებს ველოდები!

ნინაკა ძალიან დიდი მადლობა <3
ძალიან გამახარე, "მოლოდინის" შემდეგ მეც მეშინოდა და მიხარია, თუ შიში არ გამართლდა <3
შამხათი
ძალიან კარგი იყო, ვისიამოვნე. არაჩვეულებრივი გოგო ხარ!

უღრმესი მადლობა <3
Guest თათა
ძალიან სასიამოვნო იყოო :*

მადლობა <3
გვანცა))
ვაიმე რა კარგი იყოო
თბილი და ტკბილი
არვიცი რაგითხრა
ძალიან კარგი გოგო ხარ

გვანცა, ძალიან დიდი მადლობა <3
Mariamch
რაკარგი წასაკითხი იყო...
არმინდოდა დასრულებულიყო...
მე მინდა ამის გაგრძელებაა ძააააალიან... <3

მარიამ, მადლობა <3 გაგრძელებაზე არ ვფიქრობ <3
nini
უფ მადლობა! ლამაზად გადმოცემული ისტორია იყო <3

ნინი, მადლობა <3
მარიამ ზაქარაშვილი
მარ, აჰა, აგისრულადა და შედგა შენი აგათონიკე (ჩემთვის აგავიღაცა :დ)
კარგი ხარ., შენს მშვიდ სტილს არ ღალატობ და მშვიდადაც მიდის კითხვის პროცესი.
არ ვიცი რა გითხრა ის რაც არ მითქვამს აქამდე.
გელი ახალი ისტორიით ❤❤

კნუტო, შენ რომ ჩემს აგათონიკეს "აგავიღაცა" არ დაუძახო, ჩავთვლი, რომ ვერ შედგა :დ :დ მიყვარხარ <3
TeddyBear
არაჩვეულებრივი ისტორია იყო, სასიამოვნოდ წასაკითხი და ამასთანავე ემოციურად დახუნძლული ❤

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3

 


№10  offline ადმინი ano23

აი ხომ მქონდ ამთელი ისტორია წაკითხულო ,მაგრამ ერთიანად წაკითხული უფრო ,,მეგემრიელა'' რა საოცრად თბილი , ტკბილი და ემოციურია heart_eyes მთელი დღის გადაღლილი ,ერთიანად დამამშვიდა ამის წაკითხვამ.. ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ heart_eyes

 


№11  offline წევრი Ana Imnadze

რა კარგი ისტორია იყო და რა კარგი დასასრული ჰქონდა.
ისე გაგრძელება არ აწყენდა...

 


№12  offline მოდერი შადი

არა იმედები არ გამცრუებია უბრალოდ უფრო მეტი სითბო აგათოკინესი შემავსებდა <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

თავიდან ბოლომდე მთის შესაფერისი იყო.სასწაული და საოცარი.სიმართლე გითხრა არ მოველოდი ასეთ მაგარი დასასრულს

როგორი ისტორიაა იცი უამრავჯერ რომ წაიკითხავ და არ მოგბეზრდება
--------------------
ლანა

 


№14  offline მოდერი მარრიამი

ano23
აი ხომ მქონდ ამთელი ისტორია წაკითხულო ,მაგრამ ერთიანად წაკითხული უფრო ,,მეგემრიელა'' რა საოცრად თბილი , ტკბილი და ემოციურია heart_eyes მთელი დღის გადაღლილი ,ერთიანად დამამშვიდა ამის წაკითხვამ.. ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ heart_eyes

ანო, მადლობა საყვარელო <3 მადლობა, რომ მიძლებ :დ <3
Ana Imnadze
რა კარგი ისტორია იყო და რა კარგი დასასრული ჰქონდა.
ისე გაგრძელება არ აწყენდა...

ანა, მადლობა <3
გაგრძელებაზე არ ვფიქრობ <3
შადი
არა იმედები არ გამცრუებია უბრალოდ უფრო მეტი სითბო აგათოკინესი შემავსებდა <3

გასაგებია, მადლობა <3 ^_^
La-Na
თავიდან ბოლომდე მთის შესაფერისი იყო.სასწაული და საოცარი.სიმართლე გითხრა არ მოველოდი ასეთ მაგარი დასასრულს

როგორი ისტორიაა იცი უამრავჯერ რომ წაიკითხავ და არ მოგბეზრდება

ლანა, უღრმესი მადლობა <3
მახარებთ <3

 


№15  offline წევრი Tamtu_tatu

Vaimeee ra kargi ikooo. Vicoddi es istoriac danarchenivit tbili da tkbili rom ikneboda maxareb da mabedniereb. Kargia rom agmogachineee. Damatkbeee. Chemo tkbilo da gemrielo shokoladooo

 


№16  offline მოდერი მარრიამი

Tamtu_tatu
Vaimeee ra kargi ikooo. Vicoddi es istoriac danarchenivit tbili da tkbili rom ikneboda maxareb da mabedniereb. Kargia rom agmogachineee. Damatkbeee. Chemo tkbilo da gemrielo shokoladooo

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ვკითხულობდი, ციღიმოდი და ვხვდებოდი, თურმე როგორ მომნატრებია მთა, ერთი სული მაქვს როდის დადგება ზაფხული smile ძალიან კარგი ხარ, იმდენად ბუნებრივად აღწერ მოვლენებს, რომ ვიფიქრე რეალურ ამბავს გვიყვებოდი kissing_heart

 


№18  offline წევრი Shartrez

მარიამ რა კარგი იყო.გამათბო.

 


№19  offline წევრი allen

მინდა ,რომ შენი ისტორიები არასდროს დამთავრდეს ❤

 


№20  offline მოდერი მარრიამი

murachashvili
ვკითხულობდი, ციღიმოდი და ვხვდებოდი, თურმე როგორ მომნატრებია მთა, ერთი სული მაქვს როდის დადგება ზაფხული smile ძალიან კარგი ხარ, იმდენად ბუნებრივად აღწერ მოვლენებს, რომ ვიფიქრე რეალურ ამბავს გვიყვებოდი kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ანა <3
Shartrez
მარიამ რა კარგი იყო.გამათბო.

მადლობა <3
allen
მინდა ,რომ შენი ისტორიები არასდროს დამთავრდეს ❤

მადლობა <3

 


№21  offline წევრი მოიისფრო

შენს სიახლეებს ვესტუმრე და თურმე ეს რა ისტორია გამომრჩენია...
ღიმილით დავიწყე კითხვა და ასევე დავამთავრე.

 


№22  offline მოდერი მარრიამი

მოიისფრო
შენს სიახლეებს ვესტუმრე და თურმე ეს რა ისტორია გამომრჩენია...
ღიმილით დავიწყე კითხვა და ასევე დავამთავრე.

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№23  offline მოდერი მარრიამი

elle...
მერამდენედ წავიკითხე, იცი?
რა მაგარია, მარიამ!
როგორ, როგორ მომწონს, იცი?
აი, სულ ყველაფერი მომწონს!
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ, ტკბილი და თბილი! <3

ვაიმე :დ გავგიჟდები!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 ისე მიხარია, ვერც კი წარმოიდგენ <3

 


№24 სტუმარი Guest lia

Swrafad daamtavre.mindodakidev gagrzelebuliko dasasruli

 


№25  offline მოდერი მარრიამი

Guest lia
Swrafad daamtavre.mindodakidev gagrzelebuliko dasasruli

მადლობა შეფასებისთვის <3

 


№26  offline წევრი მოცინარი

რაფაელო <3 რა საოცრად ტკბილი ხარ :* ვგიჟდები უკვე :*
არ მიყვარს ეს ხევსურული, და ზოგადად ესეთი ტრადიციები. ფუი ამ შავთვალებას! შეგვარცხვინა დარქთვალებიანები -_- :/ :(
ნამ ნამ ისტორიაა ;* ;*
აგათონიკეც რომ დავისაკუთრო ძაან ღორობა იქნება? ;დ
რა თბილი ხარ მარ <3 უუუურაფალოესი <3 ;დ

 


№27  offline მოდერი მარრიამი

მოცინარი
რაფაელო <3 რა საოცრად ტკბილი ხარ :* ვგიჟდები უკვე :*
არ მიყვარს ეს ხევსურული, და ზოგადად ესეთი ტრადიციები. ფუი ამ შავთვალებას! შეგვარცხვინა დარქთვალებიანები -_- :/ :(
ნამ ნამ ისტორიაა ;* ;*
აგათონიკეც რომ დავისაკუთრო ძაან ღორობა იქნება? ;დ
რა თბილი ხარ მარ <3 უუუურაფალოესი <3 ;დ

ჩემო მცინარა <3 შენ მყავხარ საოცრად ტკბილი და თბილი <3 აგათონიკეს დასაკუთრება ცოტა ისეთი თემაა რა :დდ საჩემოდ მემეტება :დდ მადლობა ტკბილო გოგო <3

 


№28  offline წევრი veroo

აუუ არმეყო კიდე მინდოდა უფრო მეტი არაპირებ დაწერო კიდე აი ძალიან მაგარია მიყვარს შენი თხრობის სტილი განსხვავებული პერდონაჟები აგათორნიკეს პერსონაჟმა და სახელმა ისე მომხიბლა ხევსურები შემაყვარა უფრო და უფრო თუ მოვხვდები ხევსურეთში ხურდიან წყალს არდავლევ????

 


№29  offline მოდერი მარრიამი

veroo
აუუ არმეყო კიდე მინდოდა უფრო მეტი არაპირებ დაწერო კიდე აი ძალიან მაგარია მიყვარს შენი თხრობის სტილი განსხვავებული პერდონაჟები აგათორნიკეს პერსონაჟმა და სახელმა ისე მომხიბლა ხევსურები შემაყვარა უფრო და უფრო თუ მოვხვდები ხევსურეთში ხურდიან წყალს არდავლევ????

ვეროო :დდ რა საყვარელი ხარ :დ თუ მოგეწონება ბიჭი, უნდა დალიო, აბა რა უნდა ქნა :დდ ამის გაგრძელებას არ ვაპირებ და ისე ვწერ ^^ ყველაზე ძალიან გამიხარდა სახელი რომ მოგეწონა <3 ^^

 


№30  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaaa ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent