შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ბაღში'' (ნაწილი 9)


7-03-2017, 01:22
ნანახია 1 467

მას შემდეგ რაც რგოლიდან გარიცხეს, ზალიკოს ბიჭებთან აღარ მიესვლება. სანდრო ხომ უკან დასდევს, მაგრამ ფრთხილია ზალიკო: თვალსა და ხელს შუა უძვრება. ტყუილია ვერსად მოიგდებს საცემრად ხელში... კარგა ხანია მეზიბლების ბაღი არ უნახავს. რადგან აუკრძალეს ბიჭებმა. ახლა კი რგოლიდან გარიცხეს და მაშ რაღა უკრავს ხელ-ფეხს? მხოლოდ შორს არ უნდა წავიდეს, თორემ თავის მტრევას გადააწყდება სადმე. ისევ გროზნა და მისი ბაღი იყოს კარგად, ხილს რა გამოლევს? ერთი მსხალი მაინც ისე აღიზიანებს, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია. ვერც მებაღე მიხვდება, რომ მისი ნამოქმედარია... მათი ბაღჩა და გროზნას ბაღი ერთიმეორეს მეზობლადაა. თავიანთ მხრიდან ღობეც შეათვალიერა. გასაძრომია ერთ ადგილას და ეძებოს მერე აკადემიის დარაჯმა! რას მიხვდება?
და ზალიკომ ბაღისაკენ გასწია. ქვეშ გაუარა ხეჭეჭურა მსხალს, დაკრეფილ თურაშაულს, თითა ყურძნის ხეივანს და ღობეში გასაძრომს მიადგა.
კატასავით გაძვრა ღობეში, გვერდი აუქცია ლეღვებსა და ოქროშვინდას, გაიარა ვაშლების ხეივანი და ვეება მსხალს კენწეროზე მოექცა. ძაღლისა აღარ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ გროზნამ ზედმეტად ჩათვალა მისი ბაღში ყოფნა მას შემდეგ, რაც ერთი მისი საყვარელი ვაშლი ჩამოუკრიფეს.
რამდენიმე მსხალი მან ზედვე შეთქვლიფა, უბეც, გაივსო და შემდეგ ქვევით დაეშვა. მიწას რომ დაუახლოვდა, ფეხი დაუსხლტა, კინაღამ ძირს ჩამოვარდა, მაგრამ ვიღაცამ დაუჭირა ფეხი და გული გაუმაგრა.
-ჩამო, ნუ გეშინია.
ზალიკომ ჩამოიხედა და გული გაუსკდა.
მსხლის ძირში სანდრო იდგა.
მაღლა ასვლა შეუძლებელი იყო, ქვევით ჩასვლა ხომ საშინელი.
ღონიერიი იყო ზალიკო. უცებ ისკუპა ხოდან და პირდაპირ ზედ დაახტა ქვეშ მდგომს, მაგრამ რგოლის ხელმძღვანელმა თეძო მიუგდო და ჰაერში გაფრენილი რგოლის ყოფილი წევრი ბალახში გაიჭიმა. სანდრო ზედ გადააჯდა და წაქცეულს უთხრა:
-ახლა კი შენი სიცოცხლის ფრინველი უნდა გავაფრინო.
ზალიკომ კარგად იცოდა, რომ ამ სიტყვებს ყარამანი მოწინაამღდეგეს მაშინ ეუბნებოდა, როცა ძირს დაცემულს მკერდზე შეახტებოდა თავის მოსაჭრელად. ეტყობა, ეს ყარამანის სახელის მოტრფიალეც რაღაც ამის მსგავსს უპირებდა.
-ვაიმე, მიშველეთ! ერთი დაიყვირა და ზემოდან მოქცეულს მუშტები დაუშინა.
უცებ სანდროს უკანიდან ვიღაცამ ლაზათიანად წაუთაქა. მერე ხელიც დასტაცა და წაქცეულს მოაშორა.
ზალიკო წამოხტა და სიხარულისაგან შეჰყვირა. მათი რაზმის ყოფილ პიონერხელმძღვანელს მაგრად ჩაებღუჭა რგოლის ხელმძღვანელი და ნაკლული ტიკივით აჭანჭყარებდა.
ბიჭმა უცებ ქვა იპოვა, ზურგში ,,მიადო'' სანდროს და მოკურცხლა. სირბლიში ხალათის კალთები ამოეშალა და მსხლები აქეთ-იქით ხელყუმბარებივით სცვიოდა. თითო გადახტომაზე თითო ვარდებოდა და როდესაც ღობეში გასაძრომს მიუახლოვდა, უბეში ერთი მსხალიც აღარ ჰქონდა.
ნიკო სიხარულით აღარ იყო, რადგან ასეთ უადგილი ადგილას მოიგდო თავისი ,,დაუძინებელი მტერი'' თანაც გასამართლებელი საბუთი ჰქონდა: კაცს ახრჩობდა და ხელიდან გააგდებინა. მან ერთი სილა კიდევ გასცხო და გაიცინა.
-ჰამ როგორა ვართ ანგარიშში ყარამანო?
სანდრომ გაიწია, ხელიდან გაუსხლტა, გახტა განზე, ინდაურთან მოჩხუბარი მამალივით შემობრუნდა და ერთი თვითონაც მოუქნია.
-აი, ახლა გაჩვენებ სეირს, დაიყვირა ნიკომ და ზედ მოვარდნილი ფეხის კვრით ბალახებში გააგორა.
ბიჭი მალევე წამოხტა, კიდევ გაექანა, მაგრამ ახლა უფრო მაგარი წიხლი მოხვდა და ისევ მიწაზე აღმოჩნდა.
ნიკო თავზე წაადგა წაქცეულს და დასძახა:
-მაინც, როგორა ვართ ანგარიშში ყარამანო?
-ჯერ დამაცა ავდგე და მერე მკითხე, უთხრა გაბრუებულმა ბიჭმა და ისევ ასწია თავი ასადგომად, მაგრამ კარგად არც კი იყო გამართული, რომ კიდევ მოსცხეს და ერთი ათად მოეჩვენა. მხოლოდ ისინი თითქოს თხილებს იქიდან გამოცვივდნენ და მისკენ წამოვიდნენ.
უცებ ნიკომ იგრძნო, რომ რაღაც შემოეხვია ფეხებზე. უკან მიაწყდა შემკრთალი, მაგრამ იქ კუნძი დახვდა და (დასწყევლოს ეშმაკმა, რატომ წეღან ვერ შეამჩნია თუ კუნზი იყო?!) რაღაცამ გადასწია უკან. წინიდანაც თითქოს ფეხზე წამომდგარმა სამმა თუ ოთხმა სანდრომ უბიძგა და მიწაზე ზღართანი მოადენინა.
წაქცეულს უკან მუხლებზე დაცემული ეფრემას ბიჭი წამოადგა და ბიჭებს უთხრა:
-მაგრად დაიჭით, არ გაუშვათ!
ნიკომ დახუჭა თვალები, მერე ისევ გაახილა, მაგრამ მოჩვენებები არ გაქრნენ და საღამოს ბინდბუნდში კარგად გაარჩია აჯაგრული სახეები: თავზე სამი ბიჭი ადგა, ხოლო ორ-ორი ოთხივე კიდურს უჭერდა.
საქმე ასე იყო: სანდროს საძებნელად წამოსულიყვნენ ბიჭები. და, რადგანაც იცოდნენ, რომ რგოლის ხელმძღვანელი ზალიკოს უთვალთვალებდა მისატყეპად, მათი ეზოსკენ დაძრულიყო ,,ბატალიონი'' რაკი იქ ვერ ნახეს, გოგიას ეეჭვა: ბაღში ხომ არ შევიდაო, და ორღობეში გამოევლოთ. აქედან ყველადერი დაენახათ, გადამტვრეული ღობიდან შემოსულიყვნენ და, აი, უკვე ძირს გაჭიმული წევს ვეება ნიკო. იწევს, ხელი ან ფეხი გაათავისუფლოს, მაგრამ თითო კიდური ორ ქაჯს უჭირავს და არ გინდა გატოკდე? რამ მისცა ამდენი ძალ-ღონე ამ თითისტოლებს!
მოლაღურივით გაყვითლებული სახე ბოლოკისფრად ექცევა ნიკოს და ცრემლები ახრჩობს. ვერ დაუყვირია, რადგან შეიძლება ხმა გროზნას სახლამდე მივიდეს და მერე? ხომ დაიღუპა, სამუდამოდ შერცხვა ვაჟკაცი! არადა, რა სულთამხუთავებივით დასდგომიან თავზე?
-ოჰ, თქვე ლაწირაკებო, გამიშვით! იღრინება ნიკო და იწევს მთელი ძალით, ლამის ძარღვები დააწყდეს, მაგრამ ვერც კი ატოკებს ხელ-ფეხს. მერე, ეს წყეული ლუკას ბიჭი ზედ მუხლებზე გადასჯდომია და სახეში დაცინვით უცქერის.
-გამიშვით, თორემ იგუდება ნიკო და ყელზე ძარღვები ებერება.
მიტყეპილი სანდრო ამ გაწამაწიაში მიუახლოვდება. საშინელი შესახედავია და თვალები გარეულ კატასავით უელავს.
-ახლა როგორღა ვართ ანგარიშში! აბა, ახლა როგორღა ვართ? პატარებთან ვაჟკაცობ, არა? აბა, ახლა ივაჟკაცე და ადექი!
გაბრაზებულს სანდროს დაავიწყდა თავისი მცნება ერთ კაცს ორი-სამი არ უნდა დაეხვიოსო, და ბიჭებისათვის არ დაუშლია, როდესაც მათ, სნაიპერის რჩევით, ქამრები შეიხსნეს, შეკრეს ნიკო, ძირს დააგდეს. ხოლო უკან ხელებდაწყობილნი შემოუმწკრივდნენ გარშემო.
-გამიშვით, თქვენი!...
ეფრემას ბიჭი უფრო ახლოს მივიდა და დააკვირდა.
-ჰა, რაო? გამიშვითო? პირი არ გიჩანს და საიდან ლაპარაკობ?
ახლა სნაიპერი დაიხარა ეშმაკურა.
-ეჰ, გოგლიჯან! ბინდისას შენ რაღაცა ვეღარა ხედავ ამ სიბერის დროს. აბა, კარგად დააკვირდი, რამოდენა პირი აქვს, შარვლის ჯიბესავით მოჩანს გაბდღვნილი.
-უკაცრაული პასუხია, აბა, მეც დამანახვეთ. მართალი ხარ, ვახტანგ, თითქოს მაკრატლით გაუჭრიათო.
-გაჭრილი არ არი, გახეულია. ალბათ, სადმე ლურსმანს გამოჰკრა.
ბიჭებმა ყური არ უგდეს ნიკოს მუქარას, უკან გაუკრეს ხელები და ქამრები მსხლის ტანს ისე შემოახვიეს, რომ ზედ მიკრული აღმოჩნდა ცოტა ხნის მერე თავმომწონე ბიჭი.
-იყავი, აქ, სანამ მამალი არ იყივლებს.
-თუ არ დაგვესნები, უარესიც მოგელის.
-ჩვენ ბატონები არა გვჭირდება.
-შენ ჩვენს საქმეში ნუღარ ერევი.
-უკაცრაული პასუხია, ნიკოლოზი ჩამოვაგდეთ და შენ რა გახდი?
წუთიც და, თორმეტი ქაჯი ბაღიდან გაქრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent