შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,რგოლის შეკრება,, (ნაწილი 3)


5-02-2017, 19:48
ნანახია 1 719

გაკვეთილების შემდეგ დაცარიელებულ საკლასო ოთახში ათიოდე ბიჭი შეიკრიბა.
-ამოიკითხე სია, უთხრა სანდრომ გოგიას და ეფრემას ბიჭმაც რვეული გაშალა.
-თვალიაშვილი ალექსი!
-აქა ვარ!
-ხარატიშვილი ლადო!
-აქ გახლავართ!
-ბუჩუკურთელი სანდრო!
-ვარ.
-ბერძენაშვილი ვანო!
-თქვენი მონა-მორჩილი.
-ენუქიშვილი სერგო!
-Я здесь.
სანდრომ ცალი თვალით გახედა.
-ქართული აღარ გეხერხება კნუწო?
-გარეჯელი ნუგზარი!
-ვარ.
-ბაჩიაშვილი ლუარსაბი!
-გახლავართ.
-ლაჩაშვილი ზალიკო!
-აქ ვარ.
-დედაბრიშვილი გოგია!
-ეს მე ვარ. თითი მკერდზე მიიდო და შემდეგ ისევ განარძო:
-დავითაშვილი ლენა!
-არ არის.
-ჯახუნაშვილი ლილი!
-არც ის გახლავთ.
-ძალიან კარგი. არცაა საჭირო, წამოდგა სანდრო და სთქვა უღირსი წევრები უნდა გავრიცხოთ რგოლიდან.
ბავშვებმა ყურები ცქვიტეს და ერთმანეთს გადახედეს.
-ეს როგორი რგოლის შეკრებაა, რომ არც პიონერხელმძღვანელი გვესწრება და არც მასწავლებელი? წამოხტა ზალიკო.
სანდრომ თვალები გადმოკარკლა:
-ყველა რგოლის შეკრებას ვერ დაესწრებიან მასწავლებელი და პიონერხელმძღვანელი, და, საერთოდ, შენ არავინ გკითხავს, ვინ დაესწრება და ვინ არა, მერე ბავშვებს მიუბრუნდა: ბიჭებო! მე ლაჩაშვილი ზალიკო რამდენჯერმე შევამჩნიე მაბეზღრობაში, დღესაც დააბეზღებდა ბერძენაანთ ვანოს, გვერდში რომ არა სჯდომოდა. სწორია თუ არა?
ბავშვებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ზალიკოს, რადგან რატომღაც არ მოსწომდათ ეს ბიჭი, შვიდივემ ერთბაშად დაასკვნა:
-სწორია!
-რგოლშიც რაც უნდა ჩუმად გავაკეთოთ რამე, მუდამ დაბეზღებული ვიქნებით, სანამ ეს კაცი აქ გვიზის.
-სწორია!
-მაშ საჭიროა თუ არა, თავიდან მოვიშოროთ?
-საჭიროა!
-ვინ არის მომხრე, გაირიცხოს სანდრო ბუჩუკურთელის რგოლიდან ზალიკო ლაჩაშვილი?
შვიდივემ მდუმარედ ასწია შვიდი ხელი.
-ასე. გადაუსვი, გოგი, ხაზი ლაჩაშვილს ის ჩვენი რგოლის წევრი უკვე არ არის.
ზალიკოს გაკვირვებისაგან პირი დაეღო და გონზე მაშინ მოვიდა, როცა სანდრომ უთხრა, კრება დატოვეთო.
სულშეგუბებული წამოხტა და ცრემლებმომდგარმა დაუყვირა:
-შენ ვინ მოგცა ჩემი გარიცხვის უფლება? შენ ისიც შეგჩეს, ენუქიშვილები რომ მიიღე რგოლში, მე ხომ არავისთვის არ მითქვამს? აბა, გამრიცხე, მაშ!
-მემუქრები კიდევაც? აბა, მოუსვი ახლა აქედან! ეს უკვე გათავებული საქმეა!
ზალიკო მუქარით გავარდა გარეთ.
-ენუქიშვილი, გაჰყე უკად და სამასწავლებლოსთან უდარაჯე, შიგ არ შევიდეს.
სოსო გავიდა.
-ახლა მეორე საკითხუ: ახალი წევრების მიღება, ავთო თუჯიშვილი!
თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ მხარბეჭიანი საშუალო სიმაღლის ბიჭი წამოდგა.
-ვინ იცნობს ამ კაცს კარგად? -იკითხა გოგიამ.
-მე ვიცნობ.
-აბა, ენუქიშვილო, რას გვეტყვი?
-აბა, კნუწო, მოგვახსენე!
-წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, ჩემი დეიდაშვილია.
-ეგ არა კმარა.
-გამბედავი ბიჭია და ვირის ჯანის პატრონი.
-აი, ეგ მესმის!
-სანდრო ჯეილი ჩანს, მივიღოთ!
-უკაცრაული პასუხია, კაი ბიჭი ჩანს!
-კარგი, ჩაწერე, გოგი, ახლა: ლუკას ბიჭიც ჩვენს რგოლში გადმოდის, უნდა მივიღოთ.
-ეშმაკის ნაგლეჯია!
-ქვის ნატეხია!
-სნაიპერია!
-მივიღოთ.
-მივიღოთ!
-კარგით. ახლა კაჭაანთ ვახტანგიღა დაგვრჩა.
-მივიღოთ. მაგ აყლაყუდას ყველა იცნობს.
-ძაღლი ყეფით ვერ შესწვდება.
-ალაზანში ისე გავა, ფეხს არ დაისველებს.
-ნამდვილი ხახაბოა.
-მივიღოთ!
-მივიღოთ!
-კარგით, ახლა მესამე და ყველაზე მთავარი საკითხი.
ბიჭებმა ყურადღება დაძაბეს.
-ეგ რაღა საკითხია?
-ახლავე გეტყვით: ჩვენ უნდა გავიგოთ, ღვთაების გალავანს შიგნით, ფერიცვალების საყდრის ქვეშ რომ გვირაბი იწყება, მართლა გადის თურდოს ხეობის გამოქვაბულამდე თუ არა.
-ეგ როგორ შეგვიძლია, როცა გვირაბს თავი დაახურეს და ზედ ფუთნახევრიანი კლიტე დაჰკიდეს? ადგა ხარატიშვილი.
-მართალია, გასაღები გროზნას უდევს ჯიბეში, დაუმატა ზაზანაშვილმა.
-გარდა მაგისა, აიყაყვა დედაბრიშვილი ვახტანგი, კაცი ვერ ჩასულა შიგნით და ჩვენ რა ჭრელი პეპლები ვართ?
-მართალია ხახაბო. ამბობენ, შიგ სულ გველები და ჯოჯოები დადიან და აქეთ-იქით ორმოებშიც კაცის ძვლები და თავის ქალები ყრიაო.
-ჰო, ასე ამბობენ და არც არავინ ეკარება ახლოს.
სანდრომ დამცინავი თვალით გადახედა შეშფოთებულ ბიჭებს. მათში მხოლოდ გოგია და ცქვიტია ლუკას ბიჭი გამოიყურებოდნენ უზრუნველად: ერთს სჯეროდა სანდროსი და გინდ დედამიწის იქით გაჰყვებოდა, ხოლო მეორე საოცარი გულადობისა და გაუტეხლობის ნიმუში იყო, რომლის თვალზე ცრემლი არავის ახსოვს, თუმცა მელანა ბებოს ხშირად დაუჭერია, და სულ ჭიჭრით(ანუ ჯინჭარი)უცემია ტიტველა კანჭებზე ბაღჩაში გადასვლისა და ჯერ კიდევ ყვავილში გამონასვეულ კიტრების მოპარვისათვის.
-რა ღმერთი გაგიწყრათ, ბიჭებო? სირცხვილია, ჩვენო სოფლის საამაყო იყალთოს აკადემია არ ვიცოდეთ! იქ ხომ შოთა რუსთაველს უსწავლია.
-როგორ არ ვიცით, აყაყანდნენ ბიჭები, ყოველი განჯინა ასჯერ გვაქვს მოჩხრეკილი და თითოეული ქვევრის ნატეხი სადა გდია ვიცით.
-თქვენ როგორ გგონიათ, ის გვირაბი აკადემიის ეზოში არ არის? გალავანიც ერთი არტყია. გარდა ამისა, ბიჭებო, ჯერ კაცი არ ჩასულა და არავინ იცის, მართლა გადის თუ არა ის გვირაბი წმინდა შიოს კლდემდე და თურდოს გამოქვაბულამდე. როგორც ამბობენ, ძველად, შიშიანობის დროს, ღვინო ამ გვირაბით გაჰქონდათ შუამთის მონასტრისკენ. ეს ყველაფერი არავის უნახავს და კაცმა ვერ უნდა დაგვასწროს ამის გაგება. გარდა ამისა, თურმე, გროზნა რაღაცას ჩხირკედელაობს იქა.
ბიჭები მიხვდნენ: რაკი მონასტრის მომვლელ-დარაჯმა გაბედა გვირაბთან მიახლოება, მაშინ მათ არაფერი გაუძნელდებათ.
ბავშვები ერთბაშად აყვირდნენ:
-წავიდეთ, წავიდეთ! თუნდაც დღესვე წავიდეთ.
რგოლის ხელმძღვანელს გულზე სიხარული მოეფინა.
-ჰო, მაგრამ როგორ ვაპირებთ იმ გვირაბის დათვალიერებას, როცა სახურავის გასაღები გროზნას სად ეშმაკში აქვს დამალული, არავინ იცის?! -იკითხა ლუკას ბიჭმა.
-სნაიპერო მართალია, თუ გასაღები არ ჩავიგდეთ ხელთ, უკაცრაული პასუხია, ვერაფრით ვერ გავაღებთ, დაეთანხმა ბერძენაშვილი.
-მოვიპაროთ!
-კლიტე გავტეხოთ!
-მსგავსი გასაღები თუ ვინმეს გვაქვს, მოვიტანოთ!
-ლურსმნით გავაღოთ!
გოგიამ ძლივს დააწყნარა აყაყანებული ბიჭები.
-ერთ რამეს გეტყვით: სნაიპერს დავავალოთ გასაღების გაკეთება, მაგისი ბიძა მჭედელია.
ბიჭებს მოეწონათ ეს აზრი.
სნაიპერი წამოდგა:
-სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ მე არ მინახავს, როგორია ის გასაღები.
ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს.
-მე და ლუარსაბმა ვნახეთ ის გასაღები, როცა ნამყენების კეთებას ვუყურებდით ღვთაების მონასტრის ეზოში. ხომ გახსოვს, ლუკავ? მიუბრუნდა ლუარსაბს ეფრემას ბიჭი.
-როგორ არ მახსოვს, ადგა ლუარსაბი, თი გინდათ, დაგიხატავთ.
-ბიჭოს, ლუკამ ხომ ხატვა იცის, წამოხტნენ ბიჭები, დავახატვინოთ და ისე გავაკეთოთ.
-კარგით, ასე ვუყოთ, მაგრამ როდის გინდათ გვირაბში შესვლა? თუ მოგკვრა გროზნამ თვალი, სულ ცემა-ტყეპით დაგვიდრენს იქიდან.
-აი სოლომონ ბრძენი, ცერად გახედა სოსომ ხახაბოს, გროზნას ვინ გააგებინებს?
-მართალია, დათვალიერება ღამით უნდა მოვაწყოთ, მიხვდა ზაზანაშვილი.
-ღამე რა უნდა დაინახოთ, ხალხნო, მე არ მესმის. თუ რისამე ნახვა გინდათ, დღისით უნდა მიხვიდეთ, გაჯიქდა თუჯიშვილი.
-როგორ გეტყობა, რომ თავის მაგიერ ბადრიჯანი გაბია. განა იმ გვირაბში დღე კი დაინახავ რამეს?
თუჯიშვილი აიქოჩრა.
-შენ გირჩვნია, ენა დაიმოკლო, ლუკას ბიჭო!
ლუკას ბიჭმა, რომელსაც მამალი მგელიც ვერ შეაშინებდა უდარდელად ჩაიცინა.
-რას იღრინები, ბოლოჭრელო გუგულო?
ავთანდილი აილეწა და ხარატიშვილს მიაწყდა:
-გამატარე ერთი, ლადო.
-ჩუმად, ბიჭებო, წამოდგა ეფრემას ბიჭი, -ახლა მაგის დრო გვაქვს? ხალხი საჭირბოროტო საკითხს ვწყვეტთ და ამათ ხელები ექავებათ.
-მართალია, ჩხუბის დრო არ არის, მოიწონა ალექსიმ, დათვალიერება ღამე უნდა მოხდეს.
-კი მაგრამ, სინათლე ხომ დაგვჭირდება? -იკითხა სერგომ.
-როგორ არ დაგვჭირდება, აი სანდროს ჯიბის ფარანი აქვს, -კმაყოფილებით განაცხადა ნუგზარ გარეჯელმა.
-ჯიბის ფარანი არ გვეყოფა. ყველამ თითო სანთელი მოვიტანოთ, -ურჩია ალექსიმ.
-ძალიან კარგია, მოვიტანოთ სანთლები.
-ყველამ უნდა მოვიტანოთ?
-რა თქმა უნდა.
-უკაცრაული პასუხია, ხახაბომაც უნდა მოიტანოს სანთელი?
-რა თქმა უნდა, ვახტანგმაც.
-არა, ძმაო, ვახტანგმა კელაპტარი უნდა მოიტანოს.
ბიჭებმა სიცილი ატეხეს.
-მართალია, მართალი! თავის სიგრძე კელაპტარი უნდა იყოს.
დედაბრიშვილი ვახტანგი მოიღუშა.
-ვინ არის თქვენი მასხრად ასაგდები?
-სწორია, მასხრობის დრო არ არის. სანთლებს ყველანი მოვიტანთ, -დაასკვნა სნაიპერმა.
-კარგი მაგრამ, თუ იქ გველები და ჯოჯოებია, როგორ შევალთ? - კიდევ დაეჭვდა თუჯიშვილი.
-გველისა როგორ გეშინია, ბიჭო, გაუმაგრა გული დეიდაშვილმა, -აი, მრელაშვილი კუდით იჭერს.
სნაიპერმა თავი მოიწონა:
-წინ მე წაგიძღვებით.
-შენი დამბაჩა წავიღოთ, სანდრო.
-ეგრე იყოს.
-მე ერთი ძველი ხანჯალი ვიპოვე, ნამარნალს რომ ვთხრიდით მე და მრელაშვილი. იმას წამოვიღებ, წამოხტა ზაზანაშვილი.
-მე კი კომბალი მაქვს გათლილი, შვინდისაა. ერთხელ კატას ვთუთქე და ნახევარ საათს იგორავა.
-მეცა მაქვს კომბალი.
-მე შამფურს წამოვიღებ.
ბერძენაშვილი სიცილით გაიგიდა.
-ზედადგარიც არ დაგავიწყდეს, თუჯიშვილი.
-კარგით, გეყოფათ, ვისაც რა მოგხვდებათ ხელში, ის წამოიღეთ.
-კი მაგრამ, გალავანი? რით გინდათ გადავაფრინდეთ იმ სიმაღლეზე? კარები დაკეტილია და იქიდან, გინდ ღიაც იყოს, ვერ შევალთ, -გროზნა გაგვიგებს.
-სწორი ხარ, თვალიაშვილო, ვერსაიდან ვერ შევალთ.
-რას ვერ შევალთ, მღვდლის ახოს მხრიდან გალავანი მონგრეულია და უბრალოდ, ქვებით არის ყორესავით ამოშენებული.
-ის ადგილი ჩვენც ვიცით, ლუკას ბიჭო, - ისევ დასვა წამომხტარი სნაიპერო ეფრემას ბიჭმა, მაგრამ დიდი ქვებია, თანაც ისე მჭიდროდ ალაგია, რომ უხმაუროდ არ აეცლება. თუ დავანგრევთ, ისევ ჩვენ დაგვაკლდება, იქ კი თითოეულ მჭვარტლიან ქვასაც უნდა გავუფრთხილდეთ.
-მაშ რა უნდა ვქნათ?
-გალავნიდან უნდა გადავიდეთ. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამის გეგმა.
,,ჩვენ::-ში რგოლის ხელმძღვანელი თავის თავსა და გოგიას გულისხმობდა. ეფრემას ბიჭი მიხვდა და სიამაყისაგან გაიზარდა, გაიბერა, გაიჯგიმა და ქორივით გადახედა იქ მსხდომთ.
ბიჭებმა პატივისცემით ახედეს რგოლის ხელმძღვანელის ,,მარჯვენა ხელს""
-აბა, რა გეგმაა, მოგვახსენეთ, სული დაელია ბაჩიაშვილის.
-კიბით უნდა გადავიდეთ.
-აი, მესმის გოგრა! საიდან გამოატყვრინეთ კიბე? არა, ძმაო, მე სოფლიდან იმ სიშორესე კიბეს ვერ ვათრევ.
-რა გული გაგისკდა, სნაიპერო, სოფლიდან კი არ უნდა ვატაროთ.
-არა, თვითონ გროზნა მოგვართმევს თავის კიბეს, ეფრემას ბიჭო.
-არც მოგვართმევს და არცა გვჭირდება.
-სწორია, არ დაგვჭირდება, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ.
-ერიჰაა! ახლა კიბეები მაკეთებინეთ, ისიც ტყეში.
-ნუ გეშინია, ვახტანგ, ადვილი საქმეა.
-აბა, როგორია, გვითხარი ბარემ.
-აი, როგორია: მე ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთი წიგნი. ყარამანიანის მოყოლას რომ დავამთავრებ, მერე იმას მოგიყვებით. ჰოდა, იქა წერია, როგორ გადაარჩინა ერთ ქვეყანაში აჯანყებული მონების მეთაურმა მტრისგან გარშემორტყმული თავისი ჯარი.
-გვიამბე, სანდრო.
-ჰო გვიამბე, სანდრო.
-შენი ჭირიმე სანდრო.
-შენი ყარამანის მუშტის ჭირიმე, შეევედრნენ სმენადაქცეული ბიჭები, რაკი საინტერესო ამბავს მოჰკრეს ყური.
-მაგის დრო არ არის, მერე მოგიყვებით, ისე კი გეტყვით, ამ მეთაურმა რა მოიგონა. ხელად კი მოიგონა. სამი მხრიდან მტერი იყო გარშემორტყმული, მეოთხე მხარეს დიდი კლდე იყო. ისეთი დიდი, რომ ძირამდე ყვავიც ცერ ჩაფრინდებოდა. ჰოდა, სპარტაკმაც ეს ხერხი მოიგონა, სპარტაკი ერქვა იმ მეთაუს ისტორიაშიც ვისწავლით, ძალიან ყოჩაღი იყო. ჰოდა, გადაწყვიტა, კიბე გაეკეთებინა და ისევ ჩაეყვანა ჯარი კლდეზე.
-ტყუილი იქნება! აბა იიმსიგრძე კიბეს სად იშოვიდა?
-როგორა გგონია, ხახაბო, შენ რომ გაგიჭირდეს, მაგაზე ნაკლებს მოიფიქრებ?
-ეჰ, სნაიპერო, კაი ზღაპრები იცით შენც და გოგიამაც.
-ეს ზღაპარი არ არის, ვახტანგ, ნამდვილი ამბავია, გააჩუმა ბიჭები სანდრომ, ნამდვილი ამბავი, ისტორიული. წკეპლებისაგან დაწნა კიბე, ჩაუშვა კლდეზე და ისე ჩაიყვანა ძირს მთელი ჯარი.
-უჰ, აი, გამოგონება თუ გინდა, ეგ არის! მაშ, დავწნათ კიბე?
-უნდა დავწნათ.
-ჰო, მაგრამ, გვირაბში როგორღა ჩავალთ? ღრმა არ არის?
-მართალია, თოკი უნდა ვიშოვოთ, ბიჭებო, წამოხტა ზაზანაშვილი.
-სად ვიშოვით, ლეო, იმსიგრძე თოკს? -იკითხა გარეჯელმა.
-ვისმე უნდა ვთხოვოთ, შეყოყმანდა ზაზანაშვილი.
-თანაც მსხვილი და მაგარი უნდა იყოს, რომ არ გაწყდეს, შიშნარევად დაუმატა აყლაყუდამ.
აქამდე ჩუმად მჯდარმა ხარატიშვილმა თვალები მოჭუტა და წამოდგა.
-თოკს მე მოვიტან, ბიჭებო.
-შენ სად იშოვი, რწყილავ? დაინტერესდნენ ბიჭები.
-რა თქვენი საქმეა, თოკს მე მოვიტან.
-დაჯე, ვინ გეხვეწება, ბიჭო, ხალათის კალთა ჩუმად ჩამოუწია თუჯიშვილმა.
-ხელი გამიშვი, რაკი ვთქვი, მოვიტან-მეთქი, უნდა მოვიტანო.
სანდროს გაუხარდა.
-კარგი, ლადო, მოიტანე, თქვენ უეჭველად გექნებათ, მამაშენი ვეტექიმია.
-ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მელანას ვენახი ახლოს არის ჩვენს სახლთან.
-ვენახიო? -გაოცდნენ ბიჭები, ხომ არ შეიშალე, ხარატიშვილო? ჩვენ გამარჯობას გეუბნებით და შენ ამბობ ,,აღზევანს მივალო""
რწყილამ ჩაიცინა.
-მელანა თავის ძროხას აბამს ხოლმე ვენახის პირას თოკით, როცა ნახირში არ მიჰყავთ. თოკი მსხვილია და კაი სიგრძისაც არის.
-მერე, რომ დაგინახოს გაასწრებ?
-ვერ დამინახავს, ჩავალთ და მერე ისევ წავაბამთ ძროხას.
-კარგი, ეგრე ვუყოთ.
-ეგრე ვუყოთ, მაგრამ როდისღა წავიდეთ?
-ერთი კარგი ბნელი ღამე და მეტი არც გვინდა, ადგა სანდრო, გოგია შეგატყობინებთ ყველას... ახლა, ბიჭებო, ეს შეკრება დავამთავროთ და მოდი, შემდეგი შეკრებები სოფლის ნაპირას, ტყესთან ახლოს რომ საბძელია, იქ გადავიტანოთ, თორემ ზალიკო მოჰკრავს ჩვენს ნათქვამს ყურსა და ქვეყანას შეგვიყრის. თქვენ რას იტყვით, ბიჭებო?
ბიჭებმა მოიწონეს.
-კაცი არ მოვა იქა და გუშაგსაც დავაყენებთ. ახლა შინ წავიდეთ, თორემ მომშივდა.
რგოლი ახალმიღებულ წევრებიანად სკოლის ეზოში გამოიშალა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent