იყალთოელი ბიჭები ,,სკოლაში,, (ნაწილი 2)
სკოლა რიყის პირას იდგა. ფართო ეზოს ცალ მხარეს სასკოლო ნაკვეთი ემიჯნებოდა, მეორე მხარეს პატარა ორღობე, უკან ლაცაბიძეების ბაღი, მარჯვენა მხარეს ხევი, ხევის პირას ვეება თელები გადამდგარიყვნენ და კანჭებდაკარწახებული მებადურებივით დაჰყურებდნენ წყალს. მზე ამოწვერილიყო და ნაწვიმარ მიწას ოხშივარს ადენდა. ნაადრევად მოსული მოსწავლეები სკოლის უკან მოგროვილიყვნენ და ხარბი თვალით შეჰყურებდნენ ჯერ კიდევ დაუკრეფავ წითელ ლოყება თურაშაულს, ხეჭეჭურასა და ,, თამრო მსხალს,,. მეძებრებივით ყნოსავდნენ ბაღიდან მოვარდნილ სურნელს და რაკი ფარნაოზის ეშინოდათ, ქვის სროლას ვერა ბედავდნენ. ზარმა აიძულა, დაეტოვებინათ ეს მშვენიერი სანახაობა. ის იყო კლასში შეგრიალდნენ, რომ წუხანდელი ღამის გმირებმაც შემოაბიჯეს. ცოტა ხანს კარებში შედგნენ, მერე ამხანაგებს მიესალმნენ და დასხდნენ. ბიჭებთან ბერძენაშვილი ვანო მივიდა. -წუხელ სად ეშმაკებში ეხირეთ, თქვენსა მოველ და მითხრეს ეფრემაანთ გოგიასთან წავიდა სამეცადინოთო, გოგიასთან მივედი და, უკაცრაული პასუხია, ეფრემამ კინაღამ წალდი წამომისო: შენ აქ საკაიკაცოდ არ დადიხარ, გამითახსირეთ ბიჭი, წიგნს ხელში აღარ იღებსო. -რაო, მამაჩემმა ხომ არაფერი გაიგო? -რა უნდა გაეგო? ბუჩუკურთელთან წავიდა სამეცადინოდო. გოგიამ ჩაიცინა. კლასი ისევ ხმაურობდა. დახტოდნენ ბიჭები: გოგოებს ბაფთებს აძრობდნენ, თმებს აწიწკნიდნენ. ერთმანეთს ქუდებს ხდიდნენ და ისევ ერთმანეთს ესროდნენ. სანდრო დაიხარა და ბერძენაშვილს ყურში რაღაცის ჩურჩული დაუწყო. ვანოს სახე დაუგრძელდა, თვალები დაჭყიტა და თავგატეხილივით დაიღრიალა: -გაუმარჯოს!.. ვაშა! და რადგანაც ქუდი უკვე მოხდილი ჰქონდა, ტალახიანი ფეხსაცმელი გაიძრო და ჭერს დაუწყო სროლა. ყვიროდა ვანო, ღრიალებდა და ფეხსაცმელი ყოველ ასროლაზე ტალახიან კვალს ტოვებდა ჭერზე. აღრიალებულ ვანოსთან მრელაშვილი ვახტანგი მივიდა. როცა საქმის ვითარება გაიგო, მარჯვენა ხელი ასწია და განკარგულება გასცა: -ლილის ბაფთა ჩემთან! ნუგზარ გარეჯელმა აწივლებულ ჯავახიშვილს ბაფთა წაჰგლიჯა და მრელაშვილს მიართვა. ვახტანგმა მოათვალიერა გოგოები და კიდევ აიშვირა ხელი. -დალის ქინძისთავი ჩემთან! თვალიაშვილმა ქინძისთავი მიურბენინა. ვახტანგმა გაოცებული ბიჭების თვალწინ სანდროს მარცხენა მკერდზე ბაბთა მიაკრა. -სკოლის და რგოლის ერთგული სამსახურისათვის გაჯილდოვებთ! -რა იყო, რა გაღრიალებთ? ქვეყანა არ შეჰყაროთ, გაწყრა გოგია. უცებ ვახტანგი ადგილიდან მოსწყდა და თავისი მერხისაკენ გაქანდა. კარებში გეოგრაფიის მასწავლებელი შემოვიდა. ბავშვებმა თავიანთ მერხებს მიაშურეს. მხოლოდ ერთს შეაგვიანდა, იგი დაფაზე ხატვით იყო გართული. გეოგრაფიის მასწავლებელი სარდიონ ალადაშვილი ამ სკოლას შეაბერდა. ბუნებით კეთილსა და ბავშვების მოყვარულს, ვერ დაეთმო სკოლა, თუმცა ძლიერ იყო მოხუცებული, რაიონშიც რამდენჯერმე ურჩიეს პენსიაში გასულიყო, მაგრამ მოხუცს გაგონებაც არ უნდოდა ამაზე. ის დღე დღედ არ მიაჩნდა, თუ ბავშვების ჟრიამული არ ესმოდა. მასწავლებელი ნელი ნაბიჯით მივიდა მაგიდასთან, საკლასო ჟურნალი და რვეულები დააწყო და დაფისაკენ შებრუნდა. დაფაზე გრძელცხირა მელოტი კაცი იყო დახატული. მასწავლებელმა არაფერი თქვა. უკან ხელებდაწყოფილმა დაფის წინ რამდენჯერმე გაიარ- გამოიარა, მერე მაგიდასთან მივიდა, ზედ მიებჯინა და კლასს გადახედა. კლასი გატრუნული იყო. მასწავლებელმა მოათვალიერა ყველანი. -ცოტა ხანს დავაგვიანე და აიშვით თქვენებურად? ვისი ნაოსტატარია ეს, ახლავე ადგეს ფეხზე! კლასი დუმდა. -ჯობია თვითონვე ადგეს, ხომ იცით, რომ მე არაფერი არ გამომეპარება. კლასი ისევ დუმს. -ვერა ბედავს? კლასი კვლავ დუმდა. მასწავლებელი ისევ მაგიდასთან შეჩერდა და თვალი წაბლისფერთმიან ბიჭს მიაშტერა. -აბა, ბაჩიაშვილი, გამობრძანდით დაფასთან, ტკბილი ხმით მიმართა მასწავლებელმა. ბიჭი გამოვიდა. -აბა, წაშალე ეს ,,მშვენიერი"" სურათი. ბიჭმა წაშალა. -ახლა გადი გარეთ და თვალით არ დამენახო დღეს. ბიჭი გავიდა. კლასმა თავისუფლად ამოისუნთქა. მასწავლებელი მაგიდასთან დაჯდა და სიის ამოკითხვას შეუდგა. კლასს ოთხი ბავშვი აკლდა. -ასე ნუ პასუხობთ, ყველა რომ ყვირის, მორიგე არა გყავთ? -როგორ არა, მასწ.. აი, ლუკას ბიჭია დღეს მორიგე. -გაგალუკასბიჭებ შენ, როგორ ვერ უნდა გაიგო, რომ მეტსახელით მიმართვა უპატივცემლობაა ამხანაგისა. ეს ვერ უნდა შეიგნო? ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა! -მეტსახე;ი კი არ არის, მასწ... თვითონ არის ლუკას ბიჭი, უკაცრაული პასუხია, ლიკას როგორ წავართვათ? სხვისი როგორ დავუძახოთ? -შენ, ბერძენაშვილო, სხვას ნუ უდგები ქომაგად, თვითონ ვერ მომცემს პასუხს? მრელაშვილი ვახტანგი. -აქა ვარ, მასწ... ადგა ვახტანგი. -შენ ხარ მორიგე? -მე ვარ, მასწ... -მასწ... კი არა, მასწავლებელო, გაუსწორა მასწავლებელმა. -კარგი, ეგრე ვიტყვი, მასწ... -კიდევ! მგლის თავზე სახარებას კითხელობდნენო... -უჰ, რამდენჯერ გიხსენებიათ ეგ სიტყვა და არც კი ვიცით, რა არის სახარება, იქნება აგვიხსნათ, მასწ... შეევედრა ალექსი. -რას ამბობ, თვალიაშვილო, რა დროს სახარებაა, გეოგრაფიის გაკვეთილი გვაქვს. -გვითხარით, მასწ... ახლა აყლაყუდა დედაბრიშვილი წამოდგა. -ჰო, გვითხარით, აი, ხახაბოც გეხვეწებათ, მასწ... მასწავლებელი გაჯავრდა. -თქვენ არ გითხარით, მეტსახელით ნუ მიმართავთ ერთმანეთს-მეთქი? აბა, წიგნი მომაწოდეთ. დედაბრიშვილმა წიგნი მიაწოდა. მასწავლებელმა რამდენჯერმე გადაფურცლა წიგნი და რაკი გაკვეთილს ვერ მიაგნო, დახურა და ყდას დახედა. ზედ ,,მეხუთე კლასის სახელმძღვანელო"" ეწერა. -დასწყევლოს ეშმაკმა, სად არის გაკვეთილი? თავისთვის წაილაპარაკა მოხუცმა. კიდევ გადაფურცლა და ბოლოს ძლივს მიხვდა, რომ მეხუთე კლასის გეოგრაფიის წიგნის ყდაში მეექვსე კლასის სახელმძღვანელო იყო ჩადებული. გაბრაზდა მასწავლებელი და დედაბრიშვილი წამოაგდო ფეხზე. გოგიამ შეშფოთებიღ გადახედა სანდროს. -ეს რა არის, არა გრცხვენია, ბიჭო? -რა არის, მასწ?.. მასწავლებელმა აჩვენა, რაც იყო. გოგიამ დახედა წიგნს და იცნო მრელაშვილის ნაოსტატარი. ეშმაკი ბიჭი თავჩაქინდრული იდგა და ამჯერად ვერაფერი მოეფიქრებინა თავის დასაძვრენად. ამხანაგს კი, სკოლიდანაც რომ გაერიცხათ, ვერ ,,გასცემდა"" მასწავლებელმა კარგა ხანს უყურა შეშფოთებულ ბიჭს და ანიშნა, დაფასთან მისულიყო. -დროს გათრევა გინდოდა, მეგობარო, და იმიტომ მოიგონე ასეთი ეშმაკობა? ხომ არა გგონია, შენც გარეთ გაგისტუმრებ? მასწავლებელს ხმა დაუტკბა, არა, გენაცვალე, არა, აბა, გამობრძანდი რუკასთან. მოულოდნელი ამბით შემკრთალი ბიჭი დაფისკენ წავიდა. ,,ამ ღმერთგამწყრალ სნაიპერს ადრევე მაინც ეთქვა"" გაიფიქრა და ხელში მიჩეჩებული საჩვენებელი ჯოხი უნდილად დაიჭირა. მასწავლებელმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა დაფასთან მდგომი და უცებ მისი მზერა ბიჭის შარვლის გამობერილმა ვეებერთელა ჯიბემ მიიზიდა. სათვალე გაიკეთა და დააკვირდა. -აჰა, წამოდგა მასწავლებელი, წუხანდელი ნანადირევია თუ დილანდელი? აბა მოგვიყევი, ვის ბაღს აღირსე შენი ბრწყივალე ფეხი. დასწყევლოს ეშმაკმა, ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა, ქვეუანა მარჯვე ბიჭად გიცნობს და ჯიბეც კარგადა გაქვს გატენილი. ვაშლია თუ მსხალი? ვეღარ მოასწარი გზაში შეჭმა, მეგობარო? შენ ხომ არ დაგავიწყდა ჩვენი მცნება: ვინც არ მუშაობს, ის არცა ჭამს? აბა, მაშ მოგვიყევი, რა შრომა მიგიძღვის მაგის მოყვანაში, ბარვაში შველოდი, თოხნაში, დარგვაში, თუ გასხვლაში? ეფრემას ბიჭი გაშტერებულ-გაშეშებული იდგა. სახეზე ალმური ასდიოდა და არ იცოდა, თავისი ვეება ჯიბე სად წაეღო და სად დაემალა. -არ ამბობ? შემპარავად შეეკითხა მასწავლებელი და დაბნეულ ბიჭს მიუახლოვდა. ოHო, კარგა ბლომა ჯიბე გქონია! და ის იყო წაეტანა კიდევაც, რომ ჯიბემ ისეთი ძგრიალ-წკრიალი ატეხა, მთელი ოთახი გააყრუა. კლასი დაიძაბა, თვალებად იქცა და გაკვირვების შეძახილი აღმოხდა, როდესაც მასწავლებელმა გახევებული ბიჭის ჯიბიდან მაღვიძარა საათი ამოათრია. მოსწავლეები ერთმანეთს აწყდებოდნენ, მუცლებით მერხებს აწვებოდნენ, ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ და ხითხითისაგან ახველებდნენ. ხოლო მასწავლებელი გაკვირვებული მისჩერებოდა დაფასთან მილურსმულ გამტკნარებულ ბიჭს. -აი, დასწყევლოს ჩემმა გამჩენმა თუ ამისი გამეგებოდეს რამე. ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა. რა ეშმაკად გინდა, რომ დაათრევ ამოდენა საათს? ბიჭს თავი არ აუწევია. წარბებს ქვევიდან გახედა და ისევ უპასუხა: -გაფუჭდა და გასაკეთებლად წამოვიღე. მასწავლებელი სახტად დარჩა. -კი მაგრამ, მე რომელი მესაათე მნახე ან რა უჩანს ამ საათს გაფუჭებული? ბიჭმა თავი უფრო ჩაღუნა და ჭკუას ძალა დაატანა, რათა კარგი პასუხი მოეფიქრებინა. სანდრო ახლა კი მიხვდა, დილას რატომ ვერ გაიგონა საათის ზარის ხმა. მაგრამ მაინც სცადა, მეგობარი გაჭირვებიდან დაეხსნა. -მართალია, მასწ.. გოგიამ ვერ მოასწრო ჩემთვის გადმოეცა საათი, მამაჩემი აკეთებს ხოლმე საათის ნაწილებს. მასწავლებელმა ალმაცერად გადახედა ფეხზე წამომდგარ სანდროს. შენი დახმარებაღა უნდა, როცა თვითონ ისეთი ენა აქვს, რომ ეშმაკს შეაცდენს? აბა, რა ნაწილი აკლია, როცა საათის ზარიც კი შესანიშნავად რეკავს? -ქვები აკლია, მასწ.. -რაო, ქვებიო? მაშ, როგორ მუშაობს, თუ ქვები აკლია? -მუშაობს მაგრამ მაინც ორი ქვა აკლია? -როგორ თუ ორი ქვა? -ერთი ზემოდან და ერთო ქვემოდან. კლასი ჯერ გაოცდა, მერე ერთბაშად მიხვდა ნართაულ ნათქვამს და სიცილი ატეხა. -სანდრო მართალს ამბობს, მასწ... ნამდვილად ორი ქვა უნდა, წამოხტა მრელაშვილი ვახტანგი, დავუჭეჭყოთ და აღარ დასჭირდება შეკეთება. მასწავლებელმა გადახედა შეშფოთებულ დედაბრიშვილს და საათი ისევ მას გადასცა. -თუ სამაიმუნოდ არ მოგიტანია, დამიბრუნებია, ხოლო თუ მეორედ კიდევ გაბედე, როგორც კლასმა თქვა, შენს საათს ორი ქვა მიემატება და მრელაშვილის საკბილო გახდები. გამხიარულებული კლასის ზუზუნში ვერც კი მოასწრო მასწავლებელმა გაკვეთილის გამოკითხვა და ახლის ახსნა, რომ ზარიც დაირეკა. მიხვდა რომ ახალი მასალის ახსნა აღარ დააცალეს ონავრებმა. -დასჯის ღირსნი ხართ, თქვე ეშმაკებო, მაგრამ რა გიყოთ როცა თან მებრალებით? ვხედავ, ყოჩაღი ბიჭები ხართ, რომ მოიწადინოთ, ხუთოსნები იქნებით, მაგრამ ეშმაკობაში ამოგდით სული. აი, დასწყევლოას ჩემმა გამჩენმა, ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა... მაგრამ არა, არა, უნდა ვუთხრა თქვენი კლასის ხელმძღვანელს, თორემ ხელიდან წახვალთ და აფსუსია თქვენისთანების დაკარგვა. ვინ იცის, ვის რა მომავალი გელით, ვინ იცის! მასწავლებელმა რვეულებსა და ჟურნალს დაავლო ხელი, ხვალ არ გეცოდინებათ, ტყავს გაგაძრობთ, დღეს კი მიპატიებია. მასწავლებლის გასვლისთანავე ბავშვებმა ისეთი ხმაური ატეხეს, სანდროს ყვირილი დასჭირდა, რომ გამტკნარებულ გოგიასთვის გაეგონებინა, დღეს რგოლის შეკრება იქნება ბიჭები გააფრთხილეო. -ბაფთიანები არ გინდა, მაგარი საქმე მაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.