შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე (სრულიად)


8-03-2017, 00:46
ავტორი Lex
ნანახია 5 473

1.
... დადას დიდი მწვანე თვალები ჰქონდა... ყველაფერზე დაკვირვება უყვარდა. საათობით აკვირდებოდა ხოლმე რასაც თვალს დაადგამდა, მერე კი იჯდა დიდ ხანს და ხატავდა, თან შესაფერის მუსიკას შეარჩევდა, ყურსასმენს მოირგებდა და ჩაეფლობოდა თავის შემოქმედებაში...
დადა არ ლაპარაკობდა. ყურში კი კარგად ესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. ზოგჯერ ხმოვნებს გამოსცემდა, ხანდახან კი სიტყვის მაგივრად რამოდენიმე მარცვალიც წამოსცდებოდა... ისიც ბოლომდე გაუგებარი იყო რისი თქმა უნდოდა..
არავინ იცოდა ასეთი დაიბადა თუ მერე...
...ათიოდე წლისაც არ იყო, რომ საღამური პერანგის ამარა იპოვეს ტყეში... დადიოდა აკვირდებოდა ტყიდან ღრუბლებში მონავარდე ჩიტებს.. მათ გალობას უსმენდა...
იმავე ტყეში დაბანაკებულმა ახალგაზრდა ყმაწვილმა იპოვა და პატრონს მიუყვანა...
მოგვიანებით ბანაკი აიყარა და სხვა ალაგს მიაშურა. იქ კი მოპარული ნივთები გაჰყვეს და ყველა თავისი წილი ქონებით თავიანთ გზას გაუყვა..
პატრონმა თავისი აბგა ზურგზე მოიგდო, გოგონა ხელში აიყვანა, დანარჩენი ბარგი კი ყმაწვილს აჰკიდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად გზას გაუყვა...
არავინ იცოდა ბავშვი საიდან მოვიდა და ვინ იყო, მხოლოდ რამოდენიმეჯერ ბგერა გამოსცა: ,,.. და... და’’ - ამიტომაც ბანაკში დადა შეარქვეს...
მარტო პატრონი ხვდებოდა ბავშვი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მათი ერთ-ერთი დარბეული, გაძარცვული და გადამწვარი სახლიდან იქნებოდა.. ბავშვი ზოგიერთ ნივთებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და ბევრად დიდ ხანს და დაკვირვებით ათვალიერებდა... პატრონის დაკვირვებულ მზერას კი არ გამოჰპარვია ეს ნივთები ერთი და იმავე სახლიდან იყო წამოღებული... შეიძლება ამიტომაც, ბანაკში მოყვანისთანავე ადვილად შეეგუა ყველას და ყველაფერს, მისთვის ნაცნობი ნივთების სამყაროში თავს შინაურულად გრძნობდა...
პატრონი ერთხანს საგონებელში იყო ჩავარდნილი... საშიში იყო თუ არა ამ ბავშვის მათთან დატოვება, მაგრამ რამდენს შეამჩნევდა ბავშვი პატრონის დაჟინებულ მზერას, იმდენჯერ გულთბილად უღიმოდა.. მერე პატრონსაც ეღიმებოდა... გული რაღაცნაირი სითბოთი ევსებოდა, ამიტომაც წამოიყვანა, უცხო მხარეს... უცხო ალაგზე დასახლდა და გოგონა შვილად გამოაცხადა, ყმაწვილს კი ისედაც შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა... თავიდან ერთად დაიწყეს ცხოვრება, ქონებაც არ აკლდათ, მერე კი გაიყვნენ, ყმაწვილი ცალკე გადასახლდა, თუმცა ხშირად სტუმრობდა და დიდ ხანსაც რჩებოდა.
პატრონი სულ მალე ერთ-ერთი თვალსაჩინო მემამულე გახდა, პატივსაცემი და უკვე იმ მხარეში ყველაზე გავლენიანი...
დადა კი იზრდებოდა და თავის სამყაროში ცხოვრებას განაგრძობდა... და სხვა არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად... თუ რაიმე ნივთს მოიწონებდა, ყველაფერს თავის ოთახში მიუჩენდა ადგილს...
ოთახი კი სავსე იყო და ყველა იმ ძველი ნივთით, რომელიც როგორც პატრონი ვარაუდობდა თავის დროზე შესაძლებელი იყო დადას ოჯახის კუთვნილებაც ყოფილიყო...
თავდაპირველად ახალ სახლში დადამ ჯერ კედლები და იატაკი მოხატა, ჩვეულებრივი საღებავით, რის გამოც ოჯახის წევრები და მსახურები სულ ამოითხვარნენ. პატრონი მიხვდა, ბავშვს ხატვა უყვარდა, ამიტომ სახლში უზარმაზარი ოთახი დაუთმო, უამრავი სახატავი ნივთები აუვსო. დადა კი მიადგებოდა და ხატავდა და ხატავდა... ხან პეიზაჟით იყო გატაცებული ხანაც ვინმეს პორტრეტზე რჩებოდა თვალი და ხან ადამიანის სხეულზე და იმდენს იზამდა და აიძულებდა, რომ მენატურედ დაესვა და დაეხატა. მსახურებიც ემორჩილებოდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ...
ყმაწვილი კაცი შორიდან აკვირდებოდა დადას, თუმცა პატრონის დანახვაზე მზერას სხვაგან გადაიტანდა. პატრონი ატყობდა ამ ყურადღებას და საშინლად არ მოსწონდა... არ ემეტებოდა თავისი შვილობილი ყმაწვილისნაირი წარსულის მქონე კაცისთვის გაეყოლებინა, მაგრამ თუ დადასაც ენდომებოდა, მაშინ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ დადა კვლავ თავის სამყაროში აგრძელებდა ცხოვრებას და ყმაწვილის ყურადღებაც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.
LEX ·2016 წლის 28 იანვარი, ხუთშაბათი

2.
დადას გვიან ღამით უნებურად გამოეღვიძა. ოთახს თვალი მოავლო, მთვარის შუქი როდენის პატარა ბრინჯაოს სტატუას ,,მოაზროვნეს’’ ეფინებოდა და თვალის მომჭრელად ირეკლავდა. წამოდგა, შუქი აანთო, სტატუა მაგიდაზე ჩამოდგა და სახატავად მოეწყო. იმდენად ძლიერად გაიტაცა ხატვამ, იმდენად რომ ვერც კი გაიგო თუ როდის გათენდა, როგორ ახმაურდნენ ეზოში მსახურები. არც დილით მისთვის შემოტანილ საუზმისათვის მიუქცევია ყურადღება. თითქოს ამ ქვეყნად არ იყოო. იჯდა ხატავდა და ხატავდა. ხან ისე შემოაბრუნა, ხან ასე, ხანაც წამოაყირავა... ჩანახატებს კი ბოლო არ უჩანდა, მთელი იატაკი მოიფინა ფორმატებით... სხავადასხვა მხრიდან აღბეჭდილი სტატუის ფიგურით...
დადა კი არ ცხრებოდა.. ხელები სულ გაუშავდა, საღამური შარვალიც კი ნახშირში იყო ამოთხვრილი... დადა მაინც ხატავდა და ხატავდა...
უკვე მეტისმეტი იყო, შუა დღე ახლოვდებოდა, მალე სადილობის დროც მოვიდოდა, დადა კი ისევ თავის შემოქმედებაში იყო ჩაძირული... ამის შემხედვარე მსახურები ცოტა შეშფოთდნენ და პატრონს აცნობეს. მიუხედავად იმისა, რომ დადას ასეთი საქციელი პირველი არ იყო, პატრონი მაინც საჩქაროდ გამოიქცა შინ...
პატრონს დადა ძირს დაწოლილი, თავის ნახატებზე გაშხლართული დაუხვდა. ჯერ ეგონა, რომ გული წაუვიდა, მაგრამ ახლოს მისვლისას შეამჩნია, რომ დადას თვალები გახელილი ჰქონდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა კედელზე...
დილამდე დადას არც თვალი მოუხუჭავს... წყალიც კი არ დაულევია... იწვა ასე გაუნძრევლად... შემოსულმა ექიმმა დადას შეხედა და პატრონს ჰკითხა: - ,,ისევ ისეო?’’ - პატრონმაც თავი დაუქნია... სხვა რა გზა იყო დადას წვეთოვანი დაუდგეს და დაელოდნენ მომდევნო დღეს...
გათენებული არ იყო, რომ დადა ჩიტივით წამოფრინდა. საშინელი შიმშილის გრძნობა დაეუფლა. სახლის უკანა დიდ სამზარეულოში შეუვარდა მსახურებს, ახალ გამომცხვარმა პურის სუნმა თავბრუ დაახვია. მსახურები დადას შემოსვლაზე წელში გასწორდნენ, ზოგმა თმები შეისწორა, ზოგმაც წინსაფარი... ალბათ იფიქრეს დადა ახალი ნატურის ასარჩევად თუ შემოვიდაო და კისრები მოიღერეს... დადამ ღიმილით მოავლო თვალი ყველას და ცხელ პურს დასწვდა, ლამის პურის მეოთხედი მოტეხა...ისეთი ცხელი იყო, რომ ხელები ეწვებოდა, მსახურმა პური შუაზე გაუპო და ყველის დიდი ნაჭრებით გამოტენა. დადა სიხარულისაგან აცქმუტუნდა, ისეთი მხიარული და მადლიერი თვალებით გადახედა მსახურებს, რომ მათაც გადაედოთ დადას სიხალისე...
გარეთ გამოსულმა პურის დაგემოვნებაც ვერ მოასწრო, რომ დაინახა მსუქანი მსახური ქალი ვიღაც მოხუც მათხოვარს ესაუბრებოდა:
- პურის ნაჭერს მოგიტეხავ, მეტი ვერაფრით დაგეხმარები... მერე ყველა მათხოვარი აქ მოაწყდება და ყველა სამსახურში აყვანას მოითხოვს!..
ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილმა მათხოვარმა თავი ჩაქინდრა. დადა სიბრალულით უყურებდა, თვალები აევსო ცრემლით, ახლოს მივიდა და მათხოვარს მისი ყველით გამოტენილი პური გაუწოდა. თმა-წვერ გაბურძგნულმა მათხოვარმა ოდნავ ქვემოდან ამოხედა, უარის ნიშნად თავი გააქნია და ის იყო, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგა დადა წინ წაიწია პური ორად გაყო ერთი მათხოვარს გაუწოდა მეორე თვითონ ჩაკბიჩა და გაუღიმა...
მოხუცი გაკვირვებული შეჰყურებდა მისკენ გამოწვდილ ხელს და მომღიმარე სახის გოგონას... თმები ლამის მხრებამდე ჰქონდა, ვერ იტყოდი ჭუჭყისგან იყო ასეთი ფერის თუ ჯერ კიდევ თეთრი თმით არ დააჯილდოვა ბუნებამო, სამაგიეროდ დიდ მოშვებულ გაბურძგნულ წვერში კარგად ჰქონდა ჭაღარა, თავზე ფართოფარფლიანი ქუდი ლამის თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული, ერთიანად ძონძებში შემოსილი, ჯერ კიდევ გაოგნებული იყო, ვერ ბედავდა პურის გამორთმევას, რადგან ასეთ ახლად გამომცხვარ პურს და მითუმეტეს ყველით არავინ სთავაზობდა... სადაც მიადგებოდა ყველგან ძველი პურებითა და სამუშაოზე უარის თქმით ისტუმრებდნენ... შიმშილისაგან კი ისე ძლიერ იყო დაუძლურებული, რომ ფეხზე ძლივს იდგა, ამის გამო ზუსტად ვერ გაირჩეოდა თუ რა ასაკისა იყო... დადამ კიდევ გაუწოდა პური... ისევ ყოყმანობდა მათხოვარი. ბოლოს კი გამოართვა... ამ დროს მსუქანი მსახური ქალიც მოვიდა, დადას ცოტა თითქოს საყვედურივით უთხრა - ახალი პური რად მიეციო, მერე აღარ მოგვეშვება ყოველდღე აქ მოვაო, თანაც თავისნაირებს მოგვისევსო... მსახურმა პატარა აბგით ძველი დაგროვილი პურები გაუწოდა. დადა საშინლად გაბრაზდა. მკაცრად შეხედა მსახურს, ქალს გაწვდილი ხელი გაუშეშდა აღარ იცოდა აბგა მიეწოდებინა თუ უკან წაეღო... დადამ მოშორებით ეზოში პატრონი შენიშნა და ხელით უბრძანა მსახურს მოეყვანა...
პატრონი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა დადასკენ, ჩამრგვალებული მსახური ქალი კი სირბილით მოსდევდა ძლივს ეწეოდა, თან გზაში მოახსენა რატომაც ეძახდნენ
დაუძლურებული, ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილი მათხოვარი კი გაკვირვებული იყურებოდა, აღარ იცოდა წასულიყო თავის გზაზე თუ დაეცადა სეირის ბოლომდე საყურებლად...
დადამ ვედრების თვალით ჯერ პატრონს შეხედა მერე კი მათხოვარს გახედა. პატრონი მიუხვდა. მათხოვარს კარგად დააკვირდა: ,,რა შეგიძლიაო, რის გაკეთებას შესძლებო, ისედაც ძლივს დგახარ ფეხზეო’’ - მერე მსახურს მიუბრუნდა, უბრძანა შემოეშვათ, რამდენიმე დღით ასტუმრეთო, მერე კი ვნახოთ რაიმე შესაფერის სამუშაოს გამოვუძებნითო... დადა სიხარულით აივსო, მსახური კი ბურტყუნებდა, ყველა ასე, რომ შემოვუშვათო მერე ქვეყანა აქ მოაწყდებაო
დადა კი ბედნიერი და გახარებული თვალებით შესციცინებდა პატრონს, რომელიც არასდროს არ ეუბნებოდა უარს დადას ნებისმიერ ახირებაზე... მერე კი უთხრა, ახლა დაჯექი და მოიფიქრე, რითი შეიძლება დავასაქმოთ ეს საცოდავი კაციო, თორემ გაუვა მერე სტუმრობის დრო და მოუწევს ისევ ეზო-ეზო სიარული სამათხოვროდ, ხომ იცი აქ თავშესაფარი არ გვაქვს, ყველანი ვშრომობთო...
საღამოს დადამ პატრონს დიდი ფურცელი შემოუტანა ოთახში და მაგიდაზე გაუშალა. ფორმატზე თავიანთი სახლი იყო გამოსახული და ორნამეტის ტიპის დეკორატიული გაფორმება აკრავდა ეზოს, ორნამენტის ზოლში კი ყვავილები იყო ჩახატული... პატრონს გაეღიმა, დადა დეკორატიული ბაღის გაშენებას ითხოვდა...
მებაღედ კი ახალმოსულს ნიშნავდა...
LEX·2016 წლის 29 იანვარი, პარასკევი

3.
რაც პატრონმა დადა შვილად გამოაცხადა, მის მერე მოეშვა თავის ძველ საქმიანობას, გახსენებაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ ყმაწვილი კაცის - ზეკის, გამოჩენა კი კვლავ ახსენებდა ძველ დროს... ზეკი კი ისევ ისე განაგრძობდა ქურდობასა და ყაჩაღობას, იღბლიანი იყო, ალბათ ამიტომაც ეს აგულიანებდა, ყოველთვის დაუძვრენია თავი რთული სიტუაციიდან. პატრონი ხშირად შეაპარებდა, რომ იქნებ ახალი ცხოვრება დაეწყო, უკან მოეტოვებინა წარსული, მაგრამ ზეკს გაგონებაც კი არ უნდოდა...
ზეკმა თამამად შემოაბიჯა ოთახში დადას უთხრა ეს შენთვის არისო და მაგიდაზე პატარა ლამაზად მომინანქრებული ზარდახშა ისე მაგრად დადო, ლამის დაახეთქა, თან ნიშნის მოგებით პატრონს გახედა ..აი რა მოვიტანეო’’. პატრონს საშინლად არ ესიამოვნა, გაბრაზებული თვალები შეანათა, დადამ ზარდახშას შეხედა თუ არა ცხვირი აიბზუკა, მისთვის ძვირფასი ნივთი არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ნივთების ფორმებითა და აგებულებით თუ დაინტერესდებოდა... ზეკი უსიამოდ აიწურა, ეგონა მიესალმებოდნენ მის საუცხოო საჩუქარს.. მათ კი... ერთმა გაბრაზებული სახით შეხედა, მეორემ კი ზურგი შეაქცია და ოთახიდანაც კი გავიდა...
პატრონმა კარი ფრთხილად გამოხურა, ზეკს კი დაბალი ხმით, ისე რომ დადას არ გაეგო უსაყვედურა. ზეკმა ზარდახშა გახსნა ... ძვირფასი სამკაულებით იყო სავსე, ვითომ თავის ჭკუით შეახარბა პატრონს, რომელიც ამაზე უფრო გამწარდა, ძვირფასეულობა თავის დიდ ცხვირსახოცში გამოკრა და ზეკს დაუბრუნა, თან კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ნაპარავი ნივთები აღარასოდეს მიეტანა მის ოჯახში... ზეკი გაბუტული სახით წამოდგა, ზარდახშას გახედა, ვითომ ეს ხო მაინც დაიტოვეო, პატრონმა კი მიუგო, ამას მერე გაგატანო.. ზეკი ვერც კი მიხვდა რა იგულისხმა პატრონმა. გატრიალდა და გაბრაზებულმა კარი გაიჯახუნა...
პატრონმა ზარდახშა დადას საყვარელი პატარა ვერცხლისფერ და ოქროსფერ ქაღალდში გახვეული შოკოლადის ბურთულებით აავსო და მაგიდის შუაგულში დადო და გარეთ ზეკს გაჰყვა.. იქნებ კიდევ აეხსნა რამე...
დადამ კარის გაჯახუნების ხმა, რომ გაიგო, ჯერ ფრთხილად გამოაღო ოთახის კარი... დარწმუნდა, რომ ოთახში არავინ იყო და გამოვიდა... მზერა პირდაპირ ზარდახშაზე გადაიტანა... და როდესაც თავისი საყვარელი სასუსნავი აღმოაჩინა, მხიარულად გადაიკისკისა...
დადასთვის სულ ცოტა, ძალიან ცოტა და მარტივი რამ იყო საჭირო, რომ მას ბედნიერად ეგრძნო თავი... პატრონმა კი ეს კარგად იცოდა, ყოველთვის საჭირო მომენტში, ზუსტად გათვლიდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა...
სწორედაც მისი ჭკუის წყალობით იყო თავის დროზე ამხელა ქონება მოხვეჭილი, ისე რომ ერთხელაც არ გადაჰყრია ხიფათს. ყველაფერს პატრონი ხელმძღვანელობდა, თუმცა თავად ნაკლებად იღებდა მონაწილეობას, ძირითადად მოშორებით იდგა და ისე ადევნებდა თვალს, სისხლში ხელიც არასოდეს ჰქონდა გასვრილი, თუმცა ბრძანებებს კი იძლეოდა... ბოლოს დაიღალა, მობეზრდა ამდენი ხეტიალი... უკვე ბანაკსაც გამოუცხადა დავიშალოთო... ზოგი უარზე დადგა, ზოგიც დაიბნა... ბანაკი აირია... ბედად დადაც გამოჩნდა და პატრონს მიზეზი მიეცა ყველას და ყველაფერს გასცლოდა და თავისი გზით წასულიყო...
პატრონი დადას სიხარულით ხარობდა და ბედნიერი იყო...
LEX·2016 წლის 30 იანვარი, შაბათი

4.
დადას დეკორატიული ბაღის პროექტმა გაამართლა, ძალიან ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა, მებაღე მუყაითად შრომობდა, თითქმის ვერავინ ამჩნევდა, წესიერად ვერც კი ხედავდნენ, სულ თავისთვის ფუსფუსებდა და გულმოდგინედ უვლიდა ბაღს, სამაგიეროდ საკვები და ღამის გასათევის საზრუნავი უკვე აღარ ჰქონდა და ისიც სიკეთეს სიკეთითვე პასუხობდა. ნაადრევად მობერებული კაცი სულ წელში მოხრილი და დაჩოქილი უვლიდა და ეალერსებოდა ნარგავებს, არც არავის აწუხებდა, რასაც მიაწვდიდნენ ყველაფრის მადლიერი იყო. დადა ლამაზი ყვავილებით ხარობდა და პატრონიც შვილობილის სიხარულით კმაყოფილი იყო..
დილაობით დადა ჩამოუვლიდა თავის ბაღს, ყნოსავდა და სათითაოდ ნაზად ეფერებოდა თითოეულ ყვავილს, შემდეგ ერთს შეარჩევდა და იქვე მდგარ მსახურის პატარა ბიჭს გახედავდა, ბიჭიც მყისვე გამოიქცეოდა, პატარა გასაშლელ ჯიბის დანას გახსნიდა და ნაზად ისე რომ სხვა ყვავილები არ დაეზიანებინა მოუჭრიდა სასურველ ყვავილს. დადა ჩაისუნთქავდა ყვავილის სურნელს და ბედნიერი სახით ბიჭს ტკბილეულს ჩაუყრიდა ხელში...
დადამ რამოდენიმეჯერ აუარ-ჩაურა ვარდების მწკრივს, შესაფერის ყვავილს ეძებდა, ბიჭიც შორიახლო დაჰყვებოდა, გაწეული შრომისთვის სასუსნავის მოლოდინში... ამჯერად დადამ ბევრად დიდი დრო მოანდომა, ბიჭსაც უკვე ევსებოდა მოთმინების ფიალა.. როგორც იქნა ერთ დიდ ლამაზად გაშლილ ვარდს დაადგა თვალი და ისე მოეწონა, ისე რომ უცებ ხელი წაატანა მოსაწყვეტად, ბიჭისთვის დაძახება აღარც გახსნებია.. დადამ შეჰკივლა, ვარდის სქელ ტოტს დიდი ეკლები ჰქონდა, დადას თითიდან თქრიალით წამოსული სისხლი წამებში უკვე ხელის გულზე დაგროვდა. იქვე ყველასთვის შეუმჩნევლად ჩამუხლული მებაღე წამოხტა დადას ხელი სტაცა მტკივანი თითი პირში იტაკა სისხლი მოუწოვა, რომ შეეჩერებინა. დადა კი ვერ მიუხვდა რა უნდოდა ამ გაბურძგნულ მოულოდნელად თითქოს მიწიდან ამომძვრალ კაცს, შიშისაგან შეჰკივლა, ხელი გამოგლიჯა და სახეში სილა გააწნა... ზეკმა ეს ყველაფერი შორიდან დაინახა, თუმცა არ იცოდა რატომ შეჰკივლა დადამ, ეგონა თუ მებაღემ რაიმე დაუშავა, სირბილით გიჟივით გამოქანდა, სახრეს წამოავლო ხელი და პირდაპირ მებაღეს სახეზე დააწნა. გახეთქილი სახიდან მებაღეს სისხლი თქრიალით გადმოსკდა, ძირს დავარდა ზეკი ზევიდან შედგა და კიდევ მოუქნია ორჯერ ძლიერად ჩასცხო, მაგრამ ხელის მესამე მოქნევაზე დადა საშინელი კივილით წინ გადაეფარა, ზეკს ხელი ჰაერში გაუშეშდა. დადა მებაღეს ზედ დაემხო გულისწამღებად ღნაოდა და ტიროდა, მებაღის სისხლიან სახეზე თავის ცხვირსახოცს აფენდა... ასეთი დადა არავის უნახავს, ყველა შეშფოთდა, ვერაფრით აწყნარებდნენ... ბოლოს ნემსმა იმოქმედა და მოგვიანებით, როგორც იქნა დამშვიდდა.. პატრონმა მებაღესაც მოუყვანა ექიმი, ჭრილობა დაუმუშავეს სახეზე ნაკერები დაადეს.. სანამ კარგად არ მოუშუშდებოდა, მანამდე მუშაობა კატეგორიულად აეკრძალა, მებაღეს გაეღიმა, არაუშავს მაინც შევძლებო, ხელები ხომ არ მაქვს დაზიანებულიო, მაგრამ პატრონმა სასტიკად გააფრთხილა, ეგღა მაკლია ვინმე ვალაპარაკო ავადმყოფ კაცს მუშაობას აიძულებსო. მებაღესაც სხვა რა გზა ჰქონდა დაემორჩილა...
დადა კი კვლავ რამოდენიმე დღით გადაერთო თავის სამყაროში, არც არაფერი ახარებდა, ვერც ვერავის ამჩნევდა და არც არაფერი უნდოდა. საწოლზეც კი არ წვებოდა წესიერად, ნახევრად მჯდომარე ბალიშებზე მისვენებული თითქმის უსიცოცხლოდ, მკლავზე მიერთებული წვეთოვნის სისტემით უაზროდ შეჰყურებდა ერთ წერტილს...
LEX·2016 წლის 30 იანვარი, შაბათი

5.
პატრონი ცდილობდა დადა გაემხიარულებინა. უკვე რამოდენიმე კვირა იყო გასული, მაგრამ მაინც დადას მხიარულებისა და ბედნიერების შეგრძნება დაჰკარგვოდა. არასდროს არავის უნახავს დადას ასეთი რეაქცია. პატრონი კიდევ უფრო ჩააფიქრა... იქნებ დადამ უყურა... ყველაფერი დაინახა, როგორ ამოუხოცეს ოჯახი... იქნებ... სულაც... და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ზეკიც ამასვე ფიქრობდა... იქნებ დადას სიცოცხლე მათ საფრთხეს უქმნიდა... პატრონს, რომ ეთქვა უმალ ყელს ისე გამოღადრავდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა... ზეკი დაბღვერილი დადიოდა. ხანდახან პატრონსაც კი უბღვერდა, პატრონი კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. ზეკი მებაღესაც კარგად დააკვირდა, მასში მეტოქე ვერ ამოიცნო, თუმცა იყო რაღაც ისეთი, რაც არ მოსწონდა ამ კაცში, მაგრამ რა იყო, თვითონაც ვერ ხვდებოდა...
მებაღე კი თითქმის არავის ეკონტაქტებოდა, იშვიათად თუ გაიგონებდნენ მის ხმას, მისთვის დღიური ულუფის მიწოდებაც, რომ დავიწყებოდათ ხმასაც არ ამოიღებდა, თითქმის წელიწადზე მეტი იყო, რაც მუშაობდა და მაინც არავინ იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა... თავისთავზე არაფერს ჰყვებოდა, დასმულ შეკითხვებს კი რაც შეიძლება მოკლე პასუხებით ისტუმრებდა და ცდილობდა დროულად გასცლოდა იქაურობას, რომ შემდეგი კითხვა აღარ დაესვათ. მებაღის ასეთ საქციელსა და ქმედებას ყურადღებას არავინ აქცევდა. საწყალი კაციაო - ამბობდნენ და ებრალებოდათ კიდეც, დაძონძილი სამოსი ძველმანებით შეუცვალეს, მებაღე კმაყოფილი იყო და მთელ დღეებს ბაღში მუშაობაში ატარებდა...
უქმე დღეებში პატრონმა გადაწყვიტა დადა ქალაქში გაესეირნებინა, მართალია დადას ქალაქი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს.
ქალაქის ხმაური და აურზაური საშინლად აღიზიანებდა დადას, მაგრამ სამხატვრო სალონში შესვლამ, ახალი ფუნჯებისა და სამხატვრო ნივთების შენაძენმა ძლიერ გაახარა, შემდეგ ტკბილეულის მაღაზიამ ხომ საერთოდ გამოუსწორა ხასიათი. დადას შეეძლო უზომოდ დაუსრულებლად ეჭამა შოკოლადი, მაგრამ ექიმმა დღიური დოზა დაუნიშნა და ამას თავადვე აკონტროლებდა, ზედმეტს არასოდეს ითხოვდა... ყველაზე ნაკლებად კი დადას ტანსაცმლის მაღაზია აინტერესებდა, საერთოდ არ ფიქრობდა ცოტა ქალურად ჩაეცვა, მისი ტოლები რა ხანია დაოჯახებულნიც იყვნენ და შვილებიც ჰყავდათ, დადა კი ისევ პატარა გოგოსავით იქცეოდა, თითქოს ეს ესაა სრულწლოვანი გახდაო და არ ემეტებოდა ბავშვობის დათმობა...
ეზოში შესულებს მსახურები გამოეგებნენ, ჩამოართვეს შენაძენი და დადას ოთახისკენ გააქანეს. დადა სახლში შესვლას არ ჩქარობდა, თავის ბაღს ათვალიერებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდაო, მერე შორიდან თვალი მოჰკრა ხის ძირში მჯდომ მებაღეს.. ეიფორიამ შეიპყრო, აღარ იცოდა მებაღისკენ წასულიყო თუ სახლში შესულიყო... პატრონი როგორც ყოველთვის მიუხვდა, ხელკავი გამოსდო და მებაღისკენ წაიყვანა. მებაღე ხის ჩრდილში იჯდა და პატარა ჭიგოებს თლიდა, ძირს რომ არ მოფანტულიყო კალთაში იგროვებდა ნათალებს. მათ დანახვაზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ პატრონმა შეაჩერა, განაგრძე შენი საქმეო... მებაღეს სახეზე ნაიარევი ძლიერ ეტყობოდა, თვალთან ოდნავ აცდენილი ზოლი ღაწვზე გადაიოდა, ცხვირის კიდეს, ზედა და ქვედა ტუჩს უპობდა, წვერიც კი ვერ უფარავდა ნაჭრილობევს... დადა სიბრალულით შეჰყურებდა და ძალიან უნდოდა მოებოდიშებინა მისთვის, ხან პატრონს შეხედავდა, ხანაც კი მებაღეს... მერე უცებ მოისაზრა ჩანთა გახსნა ერთი შეკვრა მისი საყვარელი შოკოლადის კანფეტები ამოიღო და მებაღეს ჩაუგდო კალთაში. მებაღე შეცბუნდა... პატრონმა კი დაასწრო, რომ უარი არ ეთქვა - აიღე შეჭამე, აჩვენე, როგორ ძალიან მოგეწონაო. - ეს თითქოს სადღაც ბრძანებასაც ჰგავდა, მებაღე დაემორჩილა ერთი ცალი გახსნა... რომც არ მოსწონებოდა მაინც უნდა ეთქვა რა გემრიელიაო, თუმცა მართლაც გემრიელი რამ იგემა და სახეზედაც შეეტყო, დადას გაუღიმა ... ასეთი გემრიელი რამ ცხოვრებაშიც კი არ გამისინჯავსო... დადა სიხარულით ცას ეწია... პატრონმა უთხრა - ,,აი ხომ ხედავ მოეწონა და ბედნიერია, ახლა ჩვენს საქმეს მივხედოთ, ხომ იცი აქ ყველა თავისი საქმით არის დაკავებულიო’’ - დადამ კიდევ ერთხელ გაუღიმა მებაღეს და სახლისკენ გაუყვა...
LEX·2016 წლის 31 იანვარი, კვირა

6.
დადა სერიოზულად შეიპყრო ,,მოაზროვნემ’’ ... მთელი საათი ჩაფიქრებული იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მოლაპლაპე ფიგურას...
მერე უცებ თავში რაღაც მისთვის ფრიად საინტერესო იდეა მოუვიდა, საქმიანი სერიოზული სახით ეზოში გავიდა და მსახურებს მიაშურა..
მსახურებს უყვარდათ დადა, ყოველთვის თბილად ექცეოდა მათ, ზემოდან არასდროს უყურებდა და არავის აძლევდა ნებას თუნდაც ერთმანეთი დაეჩაგრათ... მისთვის ყველა ადამიანს თავისებური ღირებული სტატუსი ჰქონდა...
მსახურებმა დადას დანახვაზე კვლავ ყელი მოიღერეს... მიხვდნენ დადა ახალ მუზას ეძებდა. დადამ კი მხოლოდ მამაკაცები შეათვალიერა, ზოგი წელში გასწორდა წამოიმართა, ზოგს ანიშნა დაჯექიო... მერე ერთი შეარჩია, მაგრამ მსახურმა უარი უთხრა ჯერ არ მცალიაო მერე იყოსო, დადა მოიღუშა, ზურგი აქცია და სახლისკენ გაბუტულივით წავიდა, პატრონს უცნობივით ჩაუარა... პატრონმა მზერა მსახურებისკენ გადაიტანა, მათაც მოახსენეს რაშიც იყო საქმე... ,,რა ვქნა ბატონო, დღეს ბევრი საქმე მაქვსო’’... პატრონს გაეცინა და მსახურს უბრძანა მიეტოვებინა ყველაფერი, რათა დადას სურვილი შეესრულებინა.. მსახურიც დაემორჩილა.. არც იმდენად რთული იყო მენატურის როლში ყოფნა, სამუშაო დღის გაცდენად მაინც არ ჩაეთვლებოდა.
...რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ დადა რაღაც უკმაყოფილოდ უყურებდა თავის შედევრს.. რაღაც არ მოსწონდა... ასე გაგრძელდა მთელი კვირა. მსახურები რიგ-რიგობით სხდებოდნენ ,,მოაზროვნის’’ პოზაში, დადა კი დაუზარებლად ხატავდა და ხატავდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღო ის რასაც ეძებდა..
პატრონი ამჩნევდა, რომ ყველაზე მეტად კი ზეკი მოირგებდა ამ როლს. ზეკი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო, პირსახეც მშვენიერი ჰქონდა და აღნაგობითაც ბადალი არ ჰყავდა, ერთი ორჯერ კი შეავლო პატრონმა თვალი მის ათლეტურ სხეულს, მაგრამ მაინც გულმა არ გაუწია, რომ დადასათვის ზეკის დახატვა შეეთავაზებინა. ზეკი კი მუდამ თვალში ეჩხირებოდა დადას, ძალიანაც კი უნდოდა დაეხატა, მაგრამ თავად ზედმეტი სიამაყის გამო არ სთავაზობდა. დადას კი სულაც არ აინტერესებდა მისი პოზირება. ის კი არა და ზეკი იმასაც ცდილობდა მისი სახელი მაინც ესწავლებინა დადასთვის, პატარაობაშიც კი ხშირად ავარჯიშებდა, მაგრამ გოგონა თითქოს ჯიუტად ვერ გამოთქვამდა მის სახელს და ,,ზეკის’’ მაგივრად რაღაც ბზუილის მაგვარ ხმებს გამოსცემდა, მერე კი თვითონაც ეცინებოდა, ზეკიც ბევრჯერ აჰყოლია სიცილში, მაგრამ გული მაინც ბოღმით ევსებოდა, რადგან ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ დადას უცებ წამოსცდებოდა რომელიმე მსახურის სახელის მარცვალი და ასე უხმობდა. მათაც ესმოდათ, რომ ეძახდნენ და მხიარულად გამოქანდებოდნენ ხოლმე მისკენ, ზეკი კი იბღვირებოდა...
დადა წუხდა, მსახურებიც კი შეწუხდნენ. ვერავინ შეარჩია სასურველ მოდელად, ბოლოს ისევ პატრონმა მოისაზრა და ურჩია, მშვენიერი ამინდი იყო, გარეთ გასულიყო, იქნებ ბუნებაში ეცადა რამე, დროებით გვერდზე გადაედო ტორსის ხატვა. რატომაც არაო გაიფიქრა დადამ. პატარა ჩანთაში ფანქრები და სათლელი ჩააწყო, მერე მობრუნდა ყუთზე დახვავებულ ფერად-ფერად საშლელსაც მოავლო თვალი.. დადას კიდევ ერთი უცნაურობათაგანი იყო საშლელს იშვიათად ხმარობდა, ამჯერად კი ერთს დასწვდა და ჩანთაში ჩააგდო, მერე დიდი სახატავი ალბომი ამოიჩარა და გარეთ გამოვიდა. კართან პატრონი ღიმილიანი სახით და პაკეტში გამოკრული თავისი საყვარელი სასუსნავით დახვდა. დადამ კმაყოფილი სახით ესეც ჩანთაში ჩაიგდო და მუზის საძებნელად სახლის უკან აღმართს აუყვა...
სახლს უკანა მხარეს უზარმაზარი მდელო ეკრა, დიდი დაქანებული ბორცვის ქვემოთ კი პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა, იქვე საბანაო გუბურას ქმნიდა და შემდეგ ეზოს მოშორებით მდინარედ გადიოდა. ეს ყველაფერი პატრონის საკუთრება იყო, ამიტომაც არაფერი იყო საშიში, დადას შეეძლო თავისუფლად ეხეტიალა თავის საკუთარ სამფლობელოში, ამჯერადაც მარტო წავიდა, არავინ გაიყოლა, ხშირად კი მსახურის პატარა ბიჭი მიჰყვებოდა, მაგრამ მისი სიცელქის გამო დადას ხელი ეშლებოდა, ამიტომაც მარტო არჩია წასვლა...
ზაფხული იწურებოდა, ჯერ კიდევ საკმარისზე მეტი სიცხე იდგა, დადამ ბევრი იხეტიალა, რამოდენიმე ჩანახატიც კი გააკეთა, მდელოს სულ ბოლომდე აჰყვა, იქიდან მათი სახლის სახურავი უკვე ძლივსღა ჩანდა. მდელოს ბორცვის კიდეზე გაწვა და ისე გადახედა ქვემოთ ჩანჩქერს, იქ დადგომა საშიშიც იყო და ჩასასვლელიც არსაიდან იყო, თუ სხვა მხრიდან არ მოუვლიდი, მდინარეს აჰყვებოდი და ისე არ მიხვიდოდი...
უცებ დადამ ტბაში მობანავე შენიშნა, ამოხტებოდა წყლიდან და ისევ მარდად ჩაყვინთავდა, დადა ინტერესით ელოდა, როდისღა ამოვიდოდა წყლიდან მობანავე, რომ შეეთვალიერებინა ვინ იყო... როგორც იქნა მობანავემ წყლიდან ამოსვლა დაიწყო, ამოდიოდა ნელი ნაბიჯით, არსად ჩქარობდა, ამოსული არც კი იყო წესიერად, რომ დადასკენ ზურგით მობრუნდა, ხელები გაშალა და ისედაც უკვე გარუჯული სხეული მზეს მიაფიცხა, დადა აწრიალდა, საოცარი იყო მისი ათლეტური სხეული, სწორედ მას ეძებდა, ის იყო, მასეთ ნატურაზე ოცნებობდა და უკვე იმასაც ფიქრობდა, რომ როგორ შეეთავაზებინა მისთვის დაგხატავო... ან ნეტა ვინ იყო ეს ახალგაზრდა კაცი, ადრე არასდროს შეუნიშნავს, თორემ აუცილებლად დაიმახსოვრებდა, ისედაც უკვე რა ხანია ეძებდა სასურველ მოდელს.. მობანავემ თავზე ხელი ჩამოისვა, მხრებამდე ჩამოსული თმა კისერთან ჩაწურა და დადასკენ მობრუნდა..
დადა გაკვირვებისგან დაიძაბა.. მის წინ მებაღე იდგა...
LEX·2016 წლის 1 თებერვალი, ორშაბათი

7.
ცოტაც და მზე ჩასვლას დააპირებდა, მებაღეს უკვე კარგად შეშრობოდა მდინარის წვეთები.. დადა გაშტერებული თვალებით აკვირდებოდა, როგორ იცვამდა მებაღე თავის ძველმანებს, მერე თავზე ფართოფარფლიანი ქუდი ლამის ცხვირამდე ჩამოიფხატა და მდინარის ნაპირს გაუყვა სახლისკენ...
საგონებელში ჩავარდნილი გოგონა მთელი ღამე მებაღეზე ფიქრობდა. წესიერად ადრე არც კი დაჰკვირვებია, როდესაც პირველად ნახა საშინელი შესახედი იყო, შიმშილისაგან და დაღლილობისგან დაუძლურებული, სულ დაკონკილ ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცს უფრო წააგავდა ვიდრე ახალგაზრდა კაცს. მერე კი ძირს დავარდნილი გასისხლიანებულ სახეს რომ უწმენდდა და მესამედ კი შოკოლადით რომ დაასაჩუქრა, მაშინაც წესიერად არც კი შეუთვალიერებია, მხოლოდ სახეზე შერჩენილ იარას აკვირდებოდა სიბრალულით... მებაღე კი თითქოს უჩინარი იყო, ლანდივით დადიოდა ბაღის მწკრივებში და ისე მუშაობდა... ზეკი, რომ დადას ადგილას ყოფილიყო აუცილებლად იფიქრებდა, რომ მებაღე მოგზავნილი იყო, აბა ვინ შეასრულებდა მოხუცი კაცის სამუშაოს, როცა შეეძლო უფრო მეტი ფული ეშოვნა და სხვა სამუშაოზე გადასულიყო, თმა და წვერი მოეწესრიგებინა და წესიერად და სუფთად ჩაეცვა, როგორც აქაური მსახურები იცვამდნენ. პატრონი მათ ყოველ სეზონზე საკმარისს ტანსაცმელს ჩუქნიდა, თავად უზადო გემოვნების მქონე, იშვიათად იცვამდა ერთი და იმავეს, ხშირად სტუმრობდა სალონებსა და ატელიებს. ყოველი თვის დასაწყისში, როგორც უკვე წესად ექცა, ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი გამოჩნდებოდა ხოლმე. მსახურებიც სიხარულით იდგნენ გემოვნებით შეკერილი ტანსაცმლის რიგში, და მორიგეობით ირგებდნენ პატრონის ძღვენს...
იმ დღიდან მოყოლებული დადა ხშირად სტუმრობდა თავის სამალავს და ჩუმად ხატავდა მობანავეს ან მზეს მიფიცხებულ მებაღეს. ერთხელაც ისე გაერთო, რომ სულ დაავიწყდა ჩუმად თვალთვალი და უფრო ძლიერად და გამოსაჩენად ამოჰყო თავი, მებაღემ შენიშნა და კარგად დააკვირდა, არცთუ ისე ახლოს იყო, მაგრამ მაინც ჩანდა ბორცვის კიდიდან ამოწეული ადამიანის თავი. დადა მიხვდა, რომ შენიშნეს და უცებ ჩაიმალა, კარგა ხანს თავის ამოყოფასაც ვერ ბედავდა, მერე ჩუმად ძალიან ფრთხილად კიდევ ამოწია თავი, მებაღე კი ჩასაფრებულივით ელოდა, ადგილიდანაც კი არ იძვროდა და იმ წერტილს მისჩერებოდა სადაც მოთვალთვალე შენიშნა... დადას სხვა რა გზა ჰქონდა, ისე ჩამოჩოჩდა ბორცვიდან ფეხზეც კი არ წამომდგარა, მერე წამოხტა და სირბილით გაუყვა გზას. მებაღემ გადაწყვიტა გაეგო თუ ვინ უთვალთვალებდა, ჩანჩქერს ნაპირით აჰყვა, მერე სულ სხვა მხრიდან აძვრა, და იმ ბორცვის ქიმისკენ წამოვიდა საიდანაც მოთვალთვალე შენიშნა... იქ არავინ დაუხვდა და უკვე აღარც ელოდა, რომ დაუხვდებოდნენ. ბორცვზე გაწვა, თავადაც ისევე გადაიხედა, როგორც უთვალთვალებდნენ... საინტერესოდ მოჩანდა აქედან ჩანჩქერის მიდამო... ერთ ხანს ტკბებოდა ბუნების სიმშვენიერით, მერე გულაღმა გადაწვა, ზეცას დაუწყო ყურება, თავქვეშ ხელები ამოიწყო, მაგრამ ხელში რაღაც ქაღალდისმაგვარი მოჰყვა, დახედა და შოკოლადის შესაფუთი ოქროსფერი ქაღალდი იყო, წამოწია და იქაურობა მოათვალიერა და ფანქრის ნათალებსაც მოჰკრა თვალი... მებაღეს გაეღიმა...
მეორე დღეს მებაღემ დადას ახლოს დაიწყო წრიალი. დადა ყვავილების სურნელითა და ფერებით ტკბებოდა, და თითქოს ვერ ამჩნევდა მებაღეს, ისიც ასევე იქცეოდა და ჩუმჩუმად დადასკენ ზურგით იწეოდა ყვავილებს რწყავდა თან უფრო მეტად გოგონას გასაგონად ეჩურჩულებოდა, ,,მოგწყურდათ ჩემო ლამაზებო?.. ახლა მეც წავალ და ჩანჩქერთან ჩავყვინთავ’’... დადასთვის საკმარისი ინფორმაცია იყო. ჩუმად ჩაეღიმა, ნელ-ნელა სახლისკენ წავიდა და მდელოზე სალაშქროდ მოემზადა.
დადა ჩვეულ ადგილას ჩასაფრდა, მებაღე კი ცურვას მოჰყვა, ამჯერად ჩვეულებისამებრ ტანთ სრულად აღარ გაიხადა, რადგან უკვე იცოდა, რომ მარტო არ იყო. ერთი ჩაყვინთა თუ არა ამოვიდა, დადას პირისპირ დადგა, დადა ჩაიმალა..
უცებ მებაღის რიხიანი ხმა შემოესმა:
,,- დადა გინდა ცურვა გასწავლო?..’’
LEX·2016 წლის 2 თებერვალი, სამშაბათი

8.
მოულოდნელმა და ძლიერმა ხმამ უცებ შეაკრთო, დადა ჩაიმალა, ღიმილიანი სახით მოუსვენრად აცეცებდა თვალებს... მებაღეს გაეცინა და კვლავ გადაეშვა წყალში...
იმ დღეს დადა სახლიდან აღარც გამოსულა, რაღაც თავისებური ღიღინ-ღიღინით ათვალიერებდა თავის ნამუშევრებს და კმაყოფილი სახით აწყობდა... მერე კი კარგა ხანს ვეღარ ბედავდა მობანავე მებაღის სათვალთვალოდ წასვლას...
როგორც იქნა დადამ სძლია სიმორცხვეს და ეზოში გამოვიდა, მებაღეს უკვე თამამად დაუწყო დევნა. სადაც თვალს მოჰკრავდა ჩამუხლულსა თუ მუშაობაში ჩაფლულს იქვე ალბომში ჩახატავდა. მებაღე კი თითქოს ჯიბრზე ქუდს უფრო მეტად ჩამოწევდა ცხვირზე და წესიერად არც სახე უჩანდა და არც თვალები. ტანზე კი ისეთი ჩაცმული იყო, რომ ვერ გაიგებდი, ტანსაცმელი იყო თუ ცარიელი ტომრებისგან შეკოწიწებული სამოსი. ზომაზე მეტად განიერი და ფართო შარვალი კოჭებამდე ვერც სწვდებოდა, შარვალზე ქამრის მაგივრად თოკი ჰქონდა შემოკრული, ტანზე კი ისევე განიერი, მაგრამ მოკლე ზომის პიჯაკი ეცვა...
დადა ხის მაღალზე ჯირკზე შედგა, კისერი წაიგრძელა რაღაცის დანახვა უნდოდა, მაგრამ უცებ შორიდან მათი სახლის გზაზე მომავალი ნაცნობი მანქანა შენიშნა, დადას არ ესიამოვნა, თითი გზისკენ გაიშვირა და რამოდენიმეჯერ აღმოხდა: ,,- გო!... გო!..’’, ამ დროს ზურგიდან მოისმა ,,ბატონოო, გისმენთო’’, მაგრამ დადას ყურადღებაც კი არ მიუქცევია, კვლავ თითს იშვერდა და ერთი და იმავეს გაიძახოდა. პატრონი დადასკენ გაეშურა, ვერ მიმხვდარიყო გოგონა ასე რამ ააღელვა, მებაღემ კი სანამ დადასთან მივიდოდა პატრონი წინ გამოეჭიმა და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა, კვლავ გაუმეორა ,,გისმენთ ბატონოო’’. - ალბათ იფიქრა, რასაც დადა ვერ მეუბნება პატრონი მიუხვდება და ის მეტყვისო... ,,რა გქვია’’ - ჰკითხა პატრონმა. მებაღემ კიდევ უფრო მდაბლად დაუკრა თავი: ,,უგო, ბატონო..’’ - ისე მიუგო თავი არ აუწევია. ,,ახლა ყველაფერი გასაგებიაო’’ იფიქრა პატრონმა, ალბათ დადა მებაღე უგოს ეძახდაო. დადა კი მათ ყურადღებას არ აქცევდა, კუშტად, წარბშეკრული უყურებდა უკვე ეზოსთან მომდგარ მანქანას და არც კი იცოდა ამ თავისი განსაკუთრებული რეაქციით შემთხვევით მებაღეს სახელით თუ უხმობდა.
ეზოში შემოგრიალებულ მანქანას მსახურებმა კარი გაუღეს, მანქანიდან პატრონის ნაცნობი კაცი გადმოვიდა, მასპინძელი უკვე მისკენ მიდიოდა დადას რეაქციაც კი დავიწყებოდა... დადა რაღაცნაირად ვერ იტანდა ამ კაცს, მისი თვალები ხშირად ისე ჯიუტად უყურებდნენ დადას, რომ თვალს ვერ უსწორებდა, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდოდა გოგონას თვალებში... იყო ამ კაცის მიღმა, რაღაც ისეთი რასაც საშინელი და საშიში ერქვა, დადა გრძნობდა ამას და საშინლად არ სიამოვნებდა მისი სტუმრობა. შეიკეტებოდნენ ხოლმე პატრონის კაბინეტში და საათობით მხოლოდ ნახევარ ბოთლ კონიაკს წრუპავდნენ... რა ხდებოდა ან რაზე საუბრობდნენ არავინ იცოდა, თვით ზეკსაც კი აკრძალული ჰქონდა მაგ დროს პატრონის კაბინეტში შესვლა. სტუმარი კაცი დადას ყოველთვის თბილად მოიკითხავდა, მისთვის ტკბილეულიც კი მოჰქონდა, მაგრამ დადას მაინც მისი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა... როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა სასწრაფოდ ჩამოხტა ჯირკიდან და მებაღის ზურგს ამოეფარა. სტუმარი და პატრონი ერთმანეთს მიესალმნენ, კაცმა დადასკენ გამოიხედა, დადამ იფიქრა შემამჩნია, კარგად ვერ დავიმალეო, და ოდნავ გამოჰყო თავი მებაღის ზურგიდან, მისალმებას არც აპირებდა, მხოლოდ ელოდა, როდის შევიდოდა სტუმარი სახლში. უეცრად, მისდა გასაკვირად და პატრონის შეუმჩნევლად დადას მოეჩვენა, რომ თითქოს სტუმარმა და მებაღემ ერთმანეთს რაღაც უჩუმრად ანიშნეს... ან სულაც იქნებ... იქნებ მართლაც მოეჩვენა...
LEX·2016 წლის 3 თებერვალი, ოთხშაბათი

9.
შემოდგომის თბილი ამინდები, მოახლოებულმა ზამთრის სიცივემ და წვიმებმა შეცვალეს. ჩანჩქერის, ისედაც ყინულივით ცივ წყალში საბანაოდ მებაღე ვეღარ დადიოდა, ბოლოს დროს აღარც დადა დაჰყვებოდა, უფრო მის მერე რაც ბორცვის ქიმზე მოთვალთვალედ იქნა აღმოჩენილი.
ბუნების ცვალებადობა მასზე ნაკლებად მოქმედებდა. სახლშიც უამრავი გასართობი ჰქონდა, ყოველთვის გამოძებნიდა რაიმეს საინტერესოსა და თავშესაქცევს. დიდ უზარმაზარ გალერეაში, რომელიც ზედა სართულის ნახევარზე მეტს იკავებდა, პატრონმა სამხატვროდ სტუდიად დაუთმო, დადამ იქ საკუთარი ბიბლიოთეკაც კი მოაწყო, საათობით არჩევდა სახლის დიდი ბიბლიოთეკიდან წიგნებს და თავის ოთახში მიჰქონდა.
როდესაც ახალი ცხოვრება დაიწყეს და აქ გადმოსახლდნენ, პატრონი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ნეტა როგორ უნდა ესწავლებინა დამუნჯებული გოგონასთვის წერა-კითხვა, სპეციალისტიც კი დაუქირავა, მაგრამ გოგონამ უარი განაცხადა ჟესტების ენის შესწავლაზე, მაინც ვისთან უნდა ესაუბრა ასე? მაშინ პატრონსაც და მსახურებსაც უნდა სცოდნოდათ, ეს ყველაფერი კი დადამ ფურცელზე დაუწერა და ისე აუწყა, თურმე გოგონას წერა-კითხვა უკვე ადრევე ჰქონია შესწავლილი, წერაც მშვენივრად შეეძლო და კითხვაც, კლავიშებსაც თავისუფლად ფლობდა, სიმღერით თუ ვერ მღეროდა, სამაგიეროდ შესანიშნავი სმენა ჰქონდა და კარგადაც უკრავდა... აქაც კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა, ნოტებში ჩახედვა საშინლად არ უყვარდა, ნაწარმოებს სანამ ბოლომდე გაარჩევდა უკვე ზეპირადაც იცოდა და ნოტებიც აღარ იყო საჭირო.
პატრონმა დიდი და ლამაზად გაფორმებული ბლოკნოტი აჩუქა, იფიქრა თავის ნამდვილ სახელსა და გვარს მაინც მიაწერსო, მაგრამ დადა თითქოს ჯიუტად დუმდა თავის წარსულზე და აზრადაც არ მოსვლია რაიმე ისეთის ჩაეწერა, რაც თავის ძველ ცხოვრებას ოდნავ მაინც მოჰფენდა ნათელს. გოგონამ ბლოკნოტიც კი ჩანახატებით აავსო და ორ-სამ სიტყვას თუ მიაწერდა რომელიმე ნახატს, პატრონი ერთხანს აკვირდებოდა, მერე კი ხელი ჩაიქნია და შეეჩვია დადას უცნაურობებს.
მოღრუბლული ამინდი იყო, დადა ეზოში ქვით მოკირწყლულ ბილიკებს დაჰყვებოდა, ხან ცას ახედავდა, ჯერ ხომ არ წვიმდებაო, მერე ისევ ბილიკის გაყოლებით ეზოში სეირნობას განაგრძობდა. ეზო საკმაოდ დიდი იყო, დადას პროექტით გაშენებული ბაღი კი ორნამენტის ფორმებს ქმნიდა და თითქმის სარტყელივით ეკრა სახლს, სიცივისგან დასაცავად შეფუთული ყვავილის ძირები კი ზამთრის მოახლოებას უცდიდა... უცებ ისე დაიქუხა, რომ ლამის მიწა შეზანზარდა, დადას არც კი შეშინებია, მხიარული სახით ცაში დაიწყო ყურება, წვიმის მსხვილმა წვეთება სახე დაუსველა, წვიმამ უმატა... ცოტაც და გოგონა სულ ამოილუმპებოდა ვიღაცას, რომ არ ეტაცა მისთვის ხელი და წვიმისგან დამცავ ადგილას არ შეეფარებინა. დადას თითქოს ეწყინაო, შეუშალეს წვიმაში ყოფნა, გაბუტული სახით გახედა მშველელს... ,,დასველდებოდი და მერე გაცივდებოდი’’ დაბალი ხმით უთხრა მებაღემ. დადამ წვიმას გახედა, მიწაზე უკვე პატარ-პატარა წყაროებივით მოედინებოდა ტალახიანი წყალი, წვიმამ უფრო ძლიერად დასცხო. წვიმას ქარიც მოჰყვა, სხვა გზა აღარ რჩებოდა, ახალი თავშესაფარი უნდა ენახათ, მებაღემ დადას ხელი ჩაჰკიდა, თავზე კი მისი განიერი დიდი ზომის პიჯაკი ჩამოაფარა და მთელი სისწრაფით გააქანა თავისი ქოხისკენ. ყველა სხვა მსახურთა საცხოვრებელი, ერთ შენობაში იყო მოთავსებული, მებაღესი კი განცალკევებულად, ბაღის სულ სხვა მხარეს სახლიდან მოშორებით, ეზოს კიდეზე იყო მიშენებული. მიწური იატაკი რაღაც ყუთებისგან შექმნილი საწოლი, ასეთივე სტილის სკამისმაგვარი რამ, უფრო განიერი ყუთი კი მაგიდის მაგივრობას უწევდა... დადას არც კი ეუცხოვა ღარიბული ქოხმახი, თავი ჩვეულებრივად იგრძნო, იქვე საწოლთან დაგდებული თითქოს ნაცნობი თმის სამაგრი შენიშნა, აიღო, სველი თმები დაიმაგრა, მერე ოთახს მოავლო თვალი სარკეს ეძებდა, რომ ვერ ნახა თმის სამაგრი რაღაც კომოდისმაგვარ ყუთზე დადო და იქვე საწოლზე ჩამოჯდა. მებაღის პიჯაკი დადას წვიმისგან დაცვის დროს დასველდა, თავად კი პერანგის ამარა დარჩენილი სულ ერთიანად გალუმპულიყო. ყოველგვარი ცერემონიისა და მობოდიშების გარეშე სველი პერანგი გადაიძრო, გაწურა და პიჯაკის გვერდით თოკზე მიაფინა. დადა მომღიმარი სახით შეჰყურებდა მებაღის სხეულს. ,,შენთან აღარც მერიდება... უკვე ისედაც ბევრჯერ მნახე შიშველი..’’ - გაუღიმა.. დადამ საპასუხოდ უფრო მეტად გაუღიმა.
გოგონა საოცრად ლამაზი იყო, ღიმილი კიდევ უფრო ამშვენებდა მის სახეს. მებაღე ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. დადა თითქოს შეაკრთო ამ მზერამ, რაღაც უფრო მეტად ღრმა მოეჩვენა მებაღის თვალები, თითქოს მისი სიღრმე რაღაცას მალავდა... უბრალო ღარიბ-ღატაკი მებაღის მიღმა შეფარული უცხო სხივი იგრძნობოდა... ,,არა მებაღე, სულაც არ იყო საშიში კაცი, როცა საჭირო გახდა წვიმისაგან დაიცვა კიდეც, რაიმეს დაშავება რომ უნდოდეს, უკვე წელიწადზეა მეტია აქ არის და აქამდე დაუშავებდა კიდეც... ან რა უნდა დაეშავებინა?.. რას ერჩოდა დადას?’’ ასეთი ფიქრებიდან დადა მებაღის რბილმა ხმამ გამოარკვია: ,,მე უგო მქვია... მგონი იცი ხომ?’’ - დადამ თავი დაუქნია...
გოგონამ მოიწყინა, ღიმილიც გაუქრა, ნაღვლიანი სახით წვიმას გახედა. წვიმა არ წყდებოდა, პირიქით მატულობდა და მატულობდა... უკვე ქოხშიც შემოაღწია პატარა ნაკადულებმა. დადამ ფეხები აკეცა საწოლზე, ქვემოთ დაგროვილი გუბურა ისეთი სისწრაფით იზრდებოდა. ,,ნუ გეშინია, ასე ადვილად არ აივსება წყლით... ‘’ უგო დამშვიდებას შეეცადა. დადამ მოწყენილი მზერა შეავლო, მერე რაღაც ბალიშისმაგვარზე დადო თავი და სადღაც უაზროდ ერთ წერტილს მიაშტერდა. უგო ქოხის პატარა სარკმლიდან აკვირდებოდა წვიმას.
ცოტა ხანში წვიმამ საგრძნობლად იკლო, მალე სულ გადაიღებდა. დადასკენ მობრუნდა უნდა ეხარებინა, რომ ... დადას მშვიდი სახით ტკბილად ეძინა... საოცრად ლამაზი იყო, უბადრუკი ქოხი და რაღაც საწოლად გადაკეთებული გახევებული ნაჭრებით შემოსილი ალაგი კი კიდევ უფრო მეტად ლამაზს ხდიდა... მებაღე მონუსხულივით შეჰყურებდა... ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ბედავდა... უეცრად კარი გაიღო, ზღურბლთან ახალგაზრდა მსახური ქალი გამოჩნდა, სველი კაბის კალთა ისე ასწია ლამის წამოიხადა და იქვე ჩაწურა. შემოსვლისთანავე შეამჩნია მძინარე დადა საშინელი ეჭვიანი მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო. უგო დამნაშავესავით აიწურა და ხელით ანიშნა არ გააღვიძოო. ქალმა კაბის კალთას ხელი უშვა, წარბშეკრულმა თავის თმის სამაგრს მოჰკრა თვალი, თავზე დაიმაგრა, ერთი კიდევ მრისხანედ შეხედა მებაღეს და უხმოდ გავიდა გარეთ. უგომ შვებით ამოისუნთქა. დადას კი არაფერი გაუგია ისე მშვიდად ეძინა.
LEX·2016 წლის 4 თებერვალი, ხუთშაბათი

10.
გვიანი ღამე იყო. სახლის ირგვლივ გაჩახჩახებული ფარნები მთლიან ეზოს თუ არა, საკმაოდ დიდ მანძილს ანათებდა. დადას კვლავ მშვიდად ეძინა მებაღის ერთადერთ საწოლზე, საწოლის პატრონი კი იქვე ხის ყუთზე ჩამომჯდარიყო, ქოხის ფიცრულ კედელზე თავი მიეყრდნო და თვლემდა.
ეზოსთან მომდგარ პატრონის მანქანას მსახურები გამოეგებნენ. მათთვის უჩვეულო არ იყო პატრონის ასე გვიან დაბრუნება. პატრონი ზოგჯერ ღამითაც ქალაქში რჩებოდა, როცა არ უნდა დაბრუნებულიყო მსახურები სულ ფხიზლად და მზად ყოფნაში იყვნენ. პატრონი ენდობოდა მათ, დადას ერთგული მსახურების იმედზე სტოვებდა, ამიტომაც მშვიდად იყო, მისი შიშითა თუ რიდით გოგონას ასე ადვილად ვერავინ დაუშავებდა რამეს.
მანქანის ხმაზე მებაღე გამოფხიზლდა. ქოხის პატარა დაბრეცილი სარკმლიდან პატრონის მანქანა შენიშნა... მძინარე დადას გახედა. ,,.. რას იფიქრებენ აქ რომ ნახონ... თან შუაღამისას... მერე ვინ დამიჯერებს რომ...’’ - წამიერად ათასმა ფიქრმა გაუელვა... არა, დადას აქ გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო, რაიმე უნდა ეღონა. მძინარეს საწოლზე ჩამოუჯდა, ფრთხილად დაუწყო გაღვიძება. დადას შიშისაგან ელდა ეცა, სადღაც ნახევრად განათებულ ქოხში... უცხო კაცი... უცხო ადგილას... ერთი შეკივლება ძლივს მოასწრო, რომ მებაღემ პირზე ხელი დააფარა, დადა უძალიანდებოდა და საშინლად ღმუოდა, უგო რაც შეიძლება ძლიერად იხუტებდა და ყურში ჩასჩურჩულებდა ,,ჩუ! ჩუ!.. ჩუმად, გთხოვ, გაჩუმდი, ნუ გეშინია’’ , დადა არ ცხრებოდა, არად აგდებდა მებაღის ვედრებას. მებაღემ უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები და ბევრად მკაცრი ტონით უთხრა ,,თუ არ გაჩუმდები, იცოდე არ გაგიშვებ!’’. დადა გამოერკვა, ცოტათი დაშოშმინდა კიდეც, მაგრამ მაინც კანკალებდა... ,,აი ასე, გაჩუმდი და გაგიშვებ’’ გოგონა დაემორჩილა, უკვე აღარ ღმუოდა, მებაღემ დადას პირზე აფარებული ხელი ჩამოიღო, მკლავებში დაიჭირა, თვალებში ჩახედა, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ხმით განაგრძო: ,,შეგიძლია ყურადღებით მომისმინო?’’ დადამ თავი დაუქნია.. ,,უკვე გვიანია, ძალიან გვიანია, ღამეა, შენ სახლში ისე უნდა შეხვიდე, რომ არავინ დაგინახოს... მიხვდი რას ვგულისხმობ?’’ დადამ თავი ჩაღუნა, მებაღემ კვლავ განაგრძო ,,აქ არ უნდა გნახონ, ხომ იცი არ შეიძლება, ათას რამეს დაგვაბრალებენ... მერე შეიძლება აქედანაც გამაგდონ და ვეღარასოდეს ვეღარ გნახო...’’ დადამ თავი ასწია და მებაღეს თავისი დიდი მწვანე თვალები შეანათა... ,,ზეკმა, რომ გაიგოს, არამარტო გამაგდებენ, ხომ იცი არ დამინდობს’’ მებაღე ყველა არგუმენტს იშველიებდა, რომ როგორმე დადა ჩასწვდენოდა იმ აზრს, თუ რატომ არ შეიძლებოდა მისი აქ ამ დროს ყოფნა. ზეკის ხსენებაზე დადას სახე გაუმკაცრდა, მერე ნაღვლიანი თვალებით შეხედა, მიეხუტა, მხარზე თავი მიადო, მებაღეს გაეცინა, თავზე ხელი გადაუსვა ,,ნუ გეშინია, მე დაგიცავ მაგ საშინელი ადამიანისგან, მხოლოდ ახლა როგორმე შენს სახლში უნდა დაგაბრუნო... და რაც შეიძლება ჩქარა’’.
მებაღე წამოდგა, გარეთ გაჰყო თავი, შორიდან ისმოდა პატრონისა და მსახურების საუბარი ჯერ კიდევ ადვილი შესაძლებელი იყო შეუმჩნევლადაც გამძვრალიყვნენ. მებაღეს არც მოუხედავს ისე უთხრა ,,დადა, გავდივართ’’ დადა მის ზურგს უკან უმალ გაჩნდა - ,,მომეცი ხელი’’...
დიდი გზის შემოვლით სახლისაკენ დაიძრნენ. ძაღლები ორივეს კარგად იცნობდნენ, ამიტომ არც დაუყეფიათ, ისე ოდნავ წამოჰყვეს თავები და რბილად წაიღმუვლეს, ალბათ უფრო მისალმების ნიშნად. გაირბინეს ერთი ბილიკი, მეორე, მესამეც გადაჭრეს, მაგრამ პატრონი უკვე სახლის მთავარი შესასვლელისკენ წამოსულიყო, სახლში უჩუმრად ვეღარ შეაღწევდნენ, დადამ რამოდენიმეჯერ ჩაკიდებული ხელი მოქაჩა, მებაღეს ყურადღება არც მიუქცევია, ისე მიიწევდა წინ და დადასაც მიარბენინებდა, მაგრამ ახლა უკვე შეჩერდა, ბაღის კიდის ბუჩქებს ამოეფარა და ჩაიმუხლა, თან დადასაც ეწეოდა ხელით შენც მომბაძე დაიმალეო, მაგრამ დადა არათუ ჩაიმუხლა, არამედ უფრო ძლიერად მოქაჩა ხელზე. მებაღე მობრუნდა, დადა რაღაცას ანიშნებდა, სულ სხვა მხარეს იშვერდა ხელს, ჯერ ეგონა თუ უკან დაბრუნებას ითხოვდა, მერე თითქოს დააკვირდა, დადა რაღაც სხვა ადგილისკენ იშვერდა ხელს, ბოლოს რომ ვერ გააგებინა დადა ადგილიდან დაიძრა, ახლა მებაღე მიჰყვებოდა დადას ხელჩაკიდებული, თან უკან-უკან იყურებოდა, ვერავინ ამჩნევდათ ისეთ მხარეს მიდიოდნენ, ხანაც ხეები ეფარებოდათ, არც ისეთი ადვილი შესამჩნევი იყვნენ, მითუმეტეს ძაღლებიც არ უყეფდნენ, არავის აზრად არ მოუვიდოდა, რომ რაიმე საფრთხის გამო ნაწვიმარი ეზო კარგად დაეთვალიერებინა.
დადამ მებაღე სახლის უკან მიიყვანა, მოშორებით კი მსახურების საცხოვრებელი იწყებოდა, აქაც კი საშიში იყო, რომ ვინმეს შეემჩნიათ. სახლის უკანა კედლის კუთხეში სარდაფის ლუქი, დამრეცი ფიცარნაგი იყო, დადამ ხელით მიანიშნა, მებაღემ ჩაიმუხლა ფიცარი გამოსწია, მაგრამ არც კი იძვროდა, დადამ ორივე ხელი თითები ფიცრის კიდეს შეუცურა ორი-სამი წუთი კი იწვალა, რაღაცას თითქოს აჩხაკუნდა, მებაღე კი იქაურობას ზვერავდა და ფიქრობდა, სხვა გზა როგორ გამოეძებნა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ დადას გეგმა გაამართლებდა, მაგრამ შეცდა, დადამ როგორც იქნა შიგნიდან დატანებული საკეტი გახსნა და ფიცარნაგიც აიწია, ქვემოთ ჩასასვლელს ოდნავ ანათებდა სახლთან მდგარი ფარანი. მებაღე ფრთხილად ჩავიდა თან ცდილობდა როგორმე მაინც იქაურობა შეეთვალიერებინა, თითქმის არც არაფერი ჩანდა, დადას ხელი გამოუწოდა, ნელ-ნელა დაიწყეს ჩასვლა. დადამ ისევ მოქაჩა ხელზე, მებაღემ მოიხედა, გოგონა ჩასასვლელის დახურვას ითხოვდა, მებაღემ ჩურჩულით უთხრა ,,იყოს, ცოტა მაინც გზას გვინათებსო, მაგრამ დადამ უარის ნიშნად თავი გააქნია, ტუჩებთან თითი მიიტანა. მებაღე მიხვდა ეს გზა არავის არ უნდა სცოდნოდა, ამიტომაც მოითხოვდა დადა სარდაფის დალუქვას... ასეთ სიბნელეში გზის გაკვლევა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ დადამ აქაც იმარჯვა, მშვენივრად იცოდა რომ კედელს მარჯვენა მხრიდან უნდა გაჰყოლოდა...
დადამ ამ საიდუმლო გასასვლელის შესახებ სულ რამოდენიმე წლის წინ გაიგო. ერთხელ სეირნობიდან სახლში დაბრუნებულს, კარებში ის საშიშ თვალებიანი კაცი შეეჩეხა. კაცმა თავაზიანად და დიდი მოწიწებით მოიკითხა გოგონა და ლამის თვალებში ჩაუძვრა ისე ჩახედა, თითქოს რაიმეს ამოკითხვას ლამობდა. დადას ყოველთვის აკრთობდა მისი მზერა, რა აუცილებელი საქმე უნდა ჰქონოდათ ასეთ საზიზღარ კაცს მის კეთილ პატრონთან? რატომ სტუმრობდა, რა უნდოდა? ან რატომ აკვირდებოდა დადას ასე? დადას ეს ყველაფერი ძალიან აღიზიანებდა...
კაბინეტის ღია კარიდან მაგიდაზე კონიაკის ბოთლი და ორი ჭიქა მოჩანდა, პატრონი საშინელი დანაღვლიანებული დაუხვდა, დადას ოდნავ ცალყბად გაუღიმა, ზედიზედ ორჯერ დაისხა და გადაჰკრა... დადა ხვდებოდა პატრონს რაღაც აწუხებდა და არ იცოდა რითი ენუგეშებინა, მის ფეხთან იატაკზე ჩაჯდა და მუხლზე თავი დაადო, პატრონს თვალები აუცრემლდა, თავზე მოეფერა... ,,ამ ქვეყნად მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი... ერთადერთი კეთილი... ვისი ნდობაც ბოლომდე შეიძლება, მაგრამ ...’’ დადამ პატრონს ჭკვიანი სახით ახედა, თითქოს ანიშნებდა, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო, პატრონმა მიუალერსა ,,ეჰ, აბა შენ რა შეგიძლიაო’’, დადა ვაჟკაცური სახით წამოდგა და ისე კუშტად შეკრა წარბები, რომ პატრონს გაეცინა, მის წინ გულადი მეომარი იდგა... მერე რაღაცნაირი მზერა შეავლო გოგონას, ხელებით სახე დაუჭირა ,,მე და შენ ერთი ოჯახი ვართ, ერთნი ვართ! არა ზეკიც კარგი ბიჭია, ჩვენიანია, მაგრამ სხვა სახლში ცხოვრობს, იქ თავისი სახლია, აქ ჩვენია! ჩემი და შენი!...’’ დადა გაკვირვებული უყურებდა „კი ჩვენთან მსახურებიც ცხოვრობენ, მაგრამ მათ თავიანთი სახლები და ოჯახები ჰყავთ, ჩვენ კი მხოლოდ ორნი ვართ!’’ დადა უღიმოდა ,,ორნი ვართ... მე და შენ...’’
პატრონმა გოგონას ხელი უშვა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრიდან დიდი ფარანი ამოიღო, დადას ანიშნა გამომყევიო, კაბინეტიდან ზედა სართულზე ავიდნენ, ჯერ წინა ოთახში შევიდნენ, მერე დადას საძინებლის კარს გასცდნენ და გალერეაში შევიდნენ. დადას ეგონა, რომ გალერეას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ ცდებოდა. თურმე კარის საწინააღმდეგო მხარეს, გალერეის ბოლოში, ფანჯრისა და კედლის კუთხის მიღმა, სხვა გზაც არსებობდა. პატრონი ორივე ხელით ერთდროულად ჩააწვა კედელს და მანამდე დადასათვის უცნობი კარი გაიღო, პატარა ვიწრო კიბით სულ ქვემოთ ჩადიოდნენ, ეს კიბე გალერეასა და სახლის სხვა მხარის კედლებს შორის უჩინრად ჩადიოდა, ისე რომ ვერავინ ხედავდა, გარედანაც კი გამორიცხული იყო ვინმეს შეემჩნია ორ კედელს შუა მოქცეული უჩინარი კიბე. სახლის ქვეშ სარდაფში ჩასულები პატარა ოთახში აღმოჩნდნენ, ეს ოთახიც შეუმჩნეველი იყო, სარდაფში სულ სხვა მხრიდან იყო ჩასასვლელი და ეს ოთახიც ისევე იყო კედლებს შორის იყო მიმალული, როგორც აქ ჩამოსასვლელი კიბე. დადამ ცარიელ პატარა ოთახს თვალი მოავლო, კედლები წითელი აგურით იყო ამოყვანილი. პატრონმა ერთ-ერთ კუთხეში კედელს მიაწვა და პატარა სარკმლის ხელა კარი შეხსნა, მის უკან გამოჩნდა რკინის კარი. პატრონმა დადა სეიფთან მიიყვანა, მისივე ხელი აიღო, დადას თითითვე აკრიფა კოდი ,,დაიმახსოვრე ეს ციფრები... შესძლებ?’’ დადამ თავი დაუქნია, ციფრები მარტივი ადვილი დასამახსოვრებელი იყო, სამაგიეროდ კი ადვილი გამოსაცნობი სულაც არ იქნებოდა, არავის მოუვიდოდა აზრად ესე მარტივად გაეტეხა, ყველა ეცდებოდა დაბადების წლები ან ოჯახის რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღით გახსნას, ასე კი ... 123...321 123...321... სულ ასე უბრალოდ მეორდებოდა....
სეიფის კარი გაიხსნა, ფარნის შუქზე ოქროსფერი სხივები აელვარდა, დადა გაკვირვებული უყურებდა... სეიფი სავსე იყო ოქროს ზოდებით, პატრონმა ერთი ცალი ხელში აიღო ,,აი ამის ნახევარიც კი არ ღირს მთელი ჩვენი ქონებაო, მარტო ეს ერთი ზოდი გეყოფა, მთელს ცხოვრებას აგიწყობს თუ კარგად მოიხმარო’’ დადა გაოცებული უყურებდა... მისთვის ეს ქონებრივ ღირებულებას სულაც არ წარმოადგენდა, მხოლოდ მისი ოქროსფერი კრიალით მოიხიბლა, ზოდის სიმძიმემაც გააკვირვა... პატრონმა მერე აქედანაც ეზოში გასასვლელი ასწავლა, და კატეგორიულად გააფრთხილა, ეს არავის არ უნდა სცოდნოდა, თვით ზეკმაც არაფერი იცოდა და არც უნდა გაეგო, და მარტო მაშინ უნდა გამოეყენებინა, თუ აუცილებლად საჭირო გახდებოდა, დადამ თავი დაუქნია და ტუჩებთან თითის მიდებით ანიშნა ჩუმად ვიქნებიო...
სწორედ ამ საიდუმლო კიბით აღმოჩნდნენ გალერეაში, დადას კარგად ჰქონდა დამახსოვრებული გზა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, მაგრამ რადგან პატრონმა კატეგორიულად გააფრთხილა მარტო მე და შენ უნდა ვიცოდეთო, საიდუმლოს მკაცრად ინახავდა, ახლა კი იძულებული იყო დაერღვია პირობა... სიბნელეში გზას ძლივძლივობით ხელის ცეცებით მიარღვევდნენ, მებაღე მიხვდა დადამ გზა იცოდა და წინ მიუშვა... გალერეაში შუქი ანთებული დახვდათ, დადა ხშირად ტოვებდა ასე, ჯერ დადა შევიდა მერე მებაღე, დადამ კი მოულოდნელად, ნებით თუ უნებლიედ მის ზურგს უკან კარი ჩაკეტა. შესულებიც კი არ იყვნენ, რომ პატრონის ფეხის ხმაც გაისმა, მებაღეს უნდოდა უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ უკან რომ მოიხედა ვეღარ გაეგო საიდან და როგორ უნდა გასულიყო, მათ უკან კარი ისე ჩაიკეტა კედლის მეტს ვერაფერს ამჩნევდა, ერთი კი წაუჩურჩულა, როგორ გავიდეო, დადამ არაფერი უპასუხა, ყურები ჰქონდა დაცქვეტილი, იმ კარისკენ იყურებოდა საიდანაც სადაცაა პატრონი შემოვიდოდა...
დრო აღარ იცდიდა, რაიმე უნდა ეღონათ, დადამ უცებ მებაღე შუა ოთახში მდგარ ტუმბოზე დასვა, თავად ალბომს სტაცა ხელი და პატრონიც შემოვიდა... დადა ყურებამდე გაღიმებული შეხვდა, პატრონმა გაკვირვებული მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო, მებაღემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ დადამ ხელით და მკაცრი სახით ანიშნა დაჯექიო და მუშაობა განაგრძო. ,,ისევ ღამეს ათენებ და არ გძინავს? ჩემს მოსვლას უცდიდიო’’ გაუღიმა პატრონმა დადამ სიხარულით თავი დაუქნია... დადას ახირების ამბის გამო, პატრონს მებაღის სტუმრობა მაინდამაინც არც გაჰკვირვებია, თუმცა გვიანი კი იყო... ალბათ შემოაღამდათ, ჯერ გაიფიქრა, მაგრამ გალერეაში საკმარისზე მეტად ციოდა, ბუხარიც კი დიდი ხნის ჩამქრალი ჩანდა.. ნუთუ არ სცივათ?... პატრონმა მებაღეს დაკვირვებით შეხედა, სულაც არ ჩანდა იმ კაცს ვინც სამუშაოდ აიყვანა... ორმოცწლამდე მიღწეული კაცი, საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ვიდრე, როგორც ადრე ეგონა დაჩაჩანაკებული ნაადრევად მოხუცებული დაუძლურებული მათხოვარი... პატრონი ჩაფიქრდა... დაკვირვებით დაუწყო მებაღეს თვალიერება... დადამ პატრონის სახეზე შეშფოთება შეამჩნია და მთქნარებას მოჰყვა, მებაღემაც უცებ აუღო ალღო და გოგონას მიბაძა... დადა წამოდგა ალბომი კედელთან მიაყუდა ისე, რომ ვითომ არ უნდოდა წინასწარ ვინმეს ენახა დაუმთავრებელი ნამუშევარი, მებაღეც წამოდგა წასასვლელად მოემზადა, თანაც თავის მართლებასაც მოჰყვა წვიმაში დავსველდიო და ... პატრონი მიუხვდა მებაღეს მეტი ტანსაცმელი არ გააჩნდა ,,კი მაგრამ მერე რატომ არ მოითხოვ ახალ სამოსს? მე ხომ არავის ვტოვებ ისე? მსახურებს სულ ჩხუბი მოსდით ჩემი დარიგებული ტანსაცმლის გამო, შენ კი ამდენი ხანი აქ ხარ და ერთხელაც არ მოსულხარ... და არც არასდროს არაფერი გითხოვნია’’ მებაღემ დარცხვენით ჩაღუნა თავი... პატრონმა ოთახიდან გასვლა დააპირა, კართან მობრუნდა მებაღეს უთხრა ,,აქ იყავიო’’ და გავიდა. დადამ და მებაღემ შვებით ამოისუნთქეს, ყველაფერი ასე ადვილად მოგვარდა. დადამ კიდევ ერთხელ ანიშნა საიდუმლო გასასვლელზე და ტუჩებთან თითი მიიდო - არავის უთხრაო, მებაღემაც გაიმეორა დადას ჟესტი და ჩუმათ უთხრა ,,სუუუუ’’....
პატრონი შემოვიდა და მებაღეს რამდენიმე პერანგი, პიჯაკი და შარვლები გადასცა ,,ხვალ დილიდან მოდი და ფეხსაცმელებსაც გამოგიძებნიო’’... მებაღე მადლიერებით აივსო, დადამ სიხარულისგან ტაშიც კი შემოჰკრა და პატრონს გახარებული ჩაეხუტა.
LEX·2016 წლის 5 თებერვალი, პარასკევი

11 .
წვიმაში გადამხდარმა უცნაურმა თავგადასავალმა დადას განწყობაზე საოცრად იმოქმედა, მთელი ღამე ღრუბლებში დაცურავდა და ისე ტკბილად ეძინა, რომ ჯერ საუზმე გამოტოვა და მერე კი ლამის უსადილოდაც დარჩა...
პატრონს კი ძლივს ჩაეძინა. დილამდე ფიქრობდა დადას მომავალზე. არასოდეს ენახა მისი ასეთი გაბრწყინებული თვალები. არც თუ ისე იშვიათად სტუმრობდნენ მთხოვნელები, თუმცა ჯერ კიდევ დადას მოსაწონი ვერავინ გამოჩნდა, მამიკოს ფულებით გაფხორილი ცხვირაწეული ყმაწვილები... თან ქონებასაც კარგად შეავლებდნენ თვალს და კმაყოფილი სახით დადას სილამაზითაც ტკბებოდნენ. გოგონა, მართლაც საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ რატომღაც სუფრაზე ხშირად უტაქტოდ იქცეოდა... ერთხელ ერთმა სტუმართაგანმა აზრი გამოთქვა, ახალგაზრდები ცალკე გავიდნენო, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთიო, მაგრამ დედამთილობის კანდიდატმა ამაყად მოიღერა ყელი: ,,და მერე რაზე უნდა ისაუბრონ? ჰმ..’’ დადამ კი ვითომ ვერც კი გაიგო, მისი მისამართით თქმული გაკილვა და უდარდელი, მხიარული სახით ისეთი ხმაურით დაიწყო კოვზით ჩაის მორევა, ლამის ფინჯანს ძირი გააგდებინა.. ,,აი თურმე რატომ იქცეოდა ასე... სამაგიეროს უხდიდა ყველა იმ ხალხს, ვინც სხვის უბედურებას დასცინოდა.. ჰმ’’ გაეღიმა პატრონს. ,,დადა პატარა ქარაფშუტა გოგონას ჰგავს, თანაც.. რატომღაც ჰგონიათ, .. რადგან გოგონას მეტყველება არ შეუძლია, აუცილებლად გონება ჩამორჩენილიც უნდა იყოს?... სინამდვილეში კი თავად არიან ჩლუნგები... საკმაოდ ჭკვიანია და მშვენივრადაც გამოხატავს, რაც მას სურს..’’ პატრონმა გვერდი იცვალა.. ,,ზეკიც ხომ საშინლად არ მოსწონს და არც მინდა მათი დაწყვილება.. მათი შვილი... ჰმ!.. მკვლელის შვილი საშინელი გენის მატარებელი... ზეკისა და მისი წინაპრების ცოდვებით გაჟღენთილი.. ძალიანაც კარგი თუ არ მოსწონს, მეც ეგ მინდა... მსახურებიც ბევრი ეპრანჭება, მაგრამ ჯერ არავინ მოსწონებია.. და არც დავუშლიდი, თუ კი ბედნიერი იქნება... დღეს რაღაც სხვანაირად უბრწყინავდა თვალები... ასეთი არასდროს მინახავს... მგონი მებაღე მოსწონს... კი მაგრამ ნეტა როდისღა დამეგობრდნენ?.. იქნებ სპეციალურად მოვიდა... ქონების ხელში ჩასაგდებად.. ისე მშვენიერი ჭაბუკია, წყნარი, შრომა არ ეზარება და არც ეთაკილება მებაღეობა... სხვა კაცი უთუოდ რაიმე სხვა სამუშაოს მომთხოვდა... უფრო ბევრად ვაჟკაცურს, მეტი ანაზღაურებით... ეს კი ხმასაც არ იღებს... კმაყოფილია... იქნებ დადას ქონებაზე რჩება თვალი და ასე იმიტომ იქცევა?.. ისე თუ გააბედნიერებს... რატომაც არა.. დადას ქონება არ აკლია.. იცხოვრონ ტკბილად... უნდა დაველაპარაკო... გავარკვიო სინამდვილეში ვინ არის და რა უნდა... რატომ მოგვაჩვენა თავი ასე მოხუც დაუძლურებულ უსუსურ კაცად... ხვალვე დაველაპარაკები’’... ფიქრობდა პატრონი და ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც...
მხოლოდ მებაღეს არ სძინებია იმ ღამით. პატრონის ნაჩუქარი ტანსაცმელი იქვე მიყარა, სიცივისგან აკანკალებული საბანში გახვეული მიეგდო... დიდ ხანს არ აძლევდა ყინვა დაძინების საშუალებას... ,,ალბათ მოთოვს’’.. გაიფიქრა... კანკალი კი სულ უფრო და უფრო ემატებოდა... ,,ნეტა მალე გათენდებოდეს...’’
დილით მართლაც მოთოვა. ძალიან ლამაზი სანახავი იყო თეთრი საფარით დაფარული ეზო. დადას მშვიდად ეძინა. პატრონი წამოდგა. ღამის ნაფიქრალი სისრულეში უნდა მოეყვანა, მებაღე კარგად უნდა გაეცნო. ყველაფერი გაერკვია, ვინ იყო... საიდან მოდიოდა... პატრონს ჩვევად ჰქონდა ახალი მსახურის მიღებისას ჯერ გამოსაცდელ დროს მისცემდა, ამასობაში თავად კარგად გაეცნობოდა, ერთგულ ხალხს კი მისი წარსულის გასაგებად გზავნიდა და მხოლოდ მის მერე გადაწყვეტდა დაეტოვებინა თუ არა.
მებაღესთან კი სულ სხვანაირად მოხდა. თავად დადამ მოითხოვა მისი მამულში დარჩენა... პატრონს საქმიანი სტუმრები ჰყავდა.. მერე სულ გადაავიწყდა.. ყველაფერი კი ისე უცებ მოგვარდა... ნაკლებად შესამჩნევი თავისთვის მოფუსფუსე საწყალი კაცი... იქნებ მაინც მოგზავნილი იყო? მაგრამ სახლს სიახლოვესაც აქამდე არ გაჰკარებია... იქნებ ადრევე შეათვალიერა დადა... მერე კი თავი მოისაწყლა?.. პატრონს ჩაეღიმა. არც ისე ადვილი მოსატყუებელი კაცი გახლდათ და ამ გაურკვევლობას ახლავე მოუღებდა ბოლოს.
პატრონი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მსახურთა საცხოვრებელში არ დაუხვდა მებაღე. ნუთუ ოთახები არ გყოფნიდათო? თითქოს გაუჯავრდა კიდეც მსახურთ... მათ კი მოახსენეს - თავად ისურვა იმ ქოხში ცხოვრებაო. პატრონი გულმოსული მიიკვლევდა თოვლისგან დაფარულ ბილიკს. ეზოს ბოლოში, სამუშაო იარაღების სათავსოს მასეთივე ფიცრული ქოხი თავად მიუდგა და იქ ცხოვრობდა მებაღე, ჭამითაც იქვე ჭამდა, სხვა მსახურებივით მათთვის განკუთვნილ დიდ სამზარეულოშიც კი არ რჩებოდა... ,,რა ჯანდაბა უნდა აქ!?’’ ბურდღუნით შეაღო კარი პატრონმა და სახტად დარჩა.. ძველ გახუნებულ პლედში გახვეული, სახეც კი არ უჩანდა, საწოლისმაგვარ დიდ ყუთზე მიგდებული მებაღე ყრუ ხმით კვნესოდა. პატრონმა პლედი ჩამოუწია, სიცხისაგან სახეზე ალმური ადიოდა... ახლაც ისეთივე საცოდავი სანახავი იყო, როგორიც პირველად ნახა... საშინელი გატანჯული სახით გმინავდა... პლედის ხელი უშვა, რაღაც ზედმეტად სველიც კი მოეჩვენა და... სისხლიან ხელზე გაკვირვებით დაიხედა, უფრო კარგად გადახადა საფარი და მებაღის გასისხლიანებული სხეულის დანახვაზე უკან გახტა...
ექიმის მოლოდინში ქოხს არ მოსცილებია, დროდადრო სუნთქვასაც უმოწმებდა... ,,ნეტა რა მოხდა?.. ვინ ბედავს აქ ჩემს მამულში... ჩემს უკითხავად... რა ხდება აქ საერთოდ... ყველანი თავიდან უნდა გადავამოწმო...‘’ - ათასი აზრი უტრიალებდა თავში... ,,ერთი ეს კაცი გადარჩებოდეს ახლა და... მერე მე ვიცი...’’
პატრონმა ერთგულ მსახურს გაჩუმება უბრძანა, თან დაავალა ჩუმ-ჩუმად გამოეკითხა, ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს ყველაფერი...
ექიმმა სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ მსახურმა - აქეთო ანიშნა, ძალიან გაუკვირდა და არც ესიამოვნა... ,,რა უცნაური კაცია, მოსამსახურის გულისთვის წამომაგდო, დილა უთენია ამხელა თოვლში’’ - ბრაზობდა ექიმი, მაგრამ მსახურთა სახლსაც რომ გასცდნენ და სადღაც თავლისკენ რომ აიღეს გეზი, ამაზე სულ გადარია.. ,,ვეტერინარი ხომ არ ვგონივარ...’’- ასე ბრაზმორეულს ქოხში შესვლაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ კარებშივე შენიშნა პატრონი... ქოხს თვალი მოავლო, ამრეზით გახედა მიგდებულ მებაღეს, და ისეთი ზიზღიანი მზერა მიაპყრო პატრონს, რომ ყველაფერი ცხადი იყო, ექიმს არათუ მკურნალობა, არამედ ავადმყოფის გასინჯვაც კი არ უნდოდა. პატრონმა განრისხებული მზერა შეაგება, ,,ჰიპოკრატეს ფიცი, ხომ არ შეგახსენოთ!... ექიმო!..’’ - ბოლოს სიტყვას საკმაოდ მკაცრად და ცინიკურად გაუსვა ხაზი, მის თვალებში ბოროტმა ნაპერწკალმაც გაიელვა. ექიმი შეშინდა, მაგრამ როცა გასისხლიანებულ სხეულს შეხედა შიში უფრო მეტად მიეძალა, იფიქრა აქედან ცოცხალს არ გამიშვებენო... სხვა რა გზა ჰქონდა, პაციენტის გასინჯვას შეუდგა...
მებაღეს ღრმა ჭრილობა ჰქონდა, სულ ცოტათი იყო აცდენილი, თორემ გულს გაუპობდნენ. ექიმმა ამჯერად იქაურობას კარგად მოავლო თვალი, ძირს არანაირი სისხლის კვალი არ იყო, სისხლში მხოლოდ მებაღე ცურავდა, არც პლედი იყო დაზიანებული. პატრონი მდუმარედ დაჰყურებდა ზემოდან ,,შენც იმას ფიქრობ რასაც მე?’’ - დაბალი ხმით უთხრა ექიმს, მანაც თავი დაუქნია ,,როცა ეძინა მაშინ თუ დაჭრეს, თანაც ჯერ საბანი გადახადეს... მერე ისევ დააფარეს... დიდ ხანს რომ არავის შეემჩნია’’... პატრონი უკვე აღარ უსმენდა, გარეთ დაიწყო ცქერა, საშინელი მზერა ჰქონდა, ისეთი, როგორიც ადრე... ძალიან ადრე... ისეთი, როგორიც ძველ ცხოვრებაში... ,,არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ზეკის ნამუშევარს ჰგავს... ჭკვიანურად მოფიქრებული დანაშაული...’’ ზეკს აქ თავისი ოთახი ჰქონდა, როცა უნდოდა მაშინ გაათევდა ღამეს, მთავარი შესასვლელიდან, დერეფნის სხვა მხარეს... ,,არ ვაპატიებ, თუ თავზე გადამახტა!’’.. ფიქრებიდან ექიმის ხმამ გამოარკვია ,,მაღალი სიცხე აქვს, ბევრი სისხლი დაკარგა, მისი აქ გაჩერება შეუძლებელია, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ!’’
LEX·2016 წლის 7 თებერვალი, კვირა


12.
ექიმის სიტყვებზე პატრონი შემობრუნდა ,,საავადმყოფო ამოვა აქ!’’ სასტიკი მზერა მიაპყრო, მისი ხმა იმდენად მტკიცედ ჟღერდა, რომ ექიმმა სიტყვა ვეღარ შეუბრუნა და შიშისაგან გაილურსა...
პატრონი უმალ მთელ ქალაქს ამოიყვანდა სახლში, ვიდრე მისი სამფლობელოდან დაჭრილ კაცს გაიტანდნენ და ქვეყნის სალაპარაკო გახდებოდა. მსახურებს სასტუმრო ოთახი მოამზადებინა, თან კატეგორიულად გააფრთხილა ყველას ენაზე კბილი უნდა დაეჭირა. ერთგული მსახურები ყოველთვის გვერდში ედგნენ მკაცრ, მაგრამ კეთილ პატრონს, თავად კი ყველას მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა.
დადას ისე ტკბილად ეძინა, რომ არაფერი გაუგია, თოვლის მოსვლამ ძლიერ გაახარა, ლამის თითები ერთმანეთზე მიეყინა ფიფქების ფერებაში. მსახურმა ქალმა გაყინულ ოთახში ძლივს დააკეტინა ფანჯარა. დადა აღარ დაელოდა სუფრის გაწყობას და პირდაპირ მსახურთა სასადილოსკენ აიღო გეზი, მერე კი მებაღის დახატვა ჰქონდა გეგმაში, თუნდაც იმიტომ რომ წუხანდელი ტყუილი სიმართლედ ექცია, ამის სურვილი ხომ ადრე ისედაც ჰქონდა, ჩუმ-ჩუმად თვალთვალსა და ხატვას კი რა ხანია მოეშვა....
მსახურები, როგორც ყოველთვის გულთბილად მიეგებნენ, დადას ბევრჯერ უსადილია მათთან ერთად, არასდროს არავის თაკილობდა, ყველასთან თანასწორად გრძნობდა თავს. შესული არ იყო, რომ მზარეულის დამხმარე ქალის თავზე მებაღის ქოხში ნანახი თმის სამაგრი შენიშნა. გახარებულმა თითი გაიშვირა, თითქოს ვიცანი, ვისიც ყოფილაო. მსახურ ქალი უმალ მიხვდა დადას რისი თქმაც უნდოდა, შიშისაგან წამოჭარხლდა, თუმცა არავის შეუმჩნევია, რადგან ცეცხლთან ახლოს ტრიალებდა... საშინლად აღელდა, შეეცადა, რაც შეიძლება უფრო მეტად მიმალულიყო სამზარეულოს სიღრმეში, კიდევ კარგი მისი მეუღლეც იქვე არ იყო, თორემ ვინ იცის? რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ამბავს... ყველა მსახურმა ჯერ არც კი იცოდა რა მოხდა წუხელ, მსახურ ქალს, რომ მებაღის ამბავი სცოდნოდა აუცილებლად მის ქმარს დააბრალებდა საყვარლის მკვლელობას...
სასადილოს სხვა სიღრმეში კი ამ დროს მსახურები ერთმანეთში აირივნენ, რაღაც შეშფოთებული გადი-გამოდიოდნენ, რამდენჯერმე ჩურჩულის ხმაც მოესმა, ერთმანეთს აჩუმებდნენ, დადა ჯერ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მერე კი თავი მოიკატუნა, ვითომც არაფერი ესმოდა და მაინც მოახერხა მათი საუბრისთვის ყურის, დაგდება... გაოგნებული ახალი ამბის მოსმენით, აღარც დაელოდა სადილის გაწყობას, პირდაპირ მებაღის ქოხისკენ გასწია სირბილით...
პატრონის სახლის ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში, რომელიც ყველაზე მოშორებით გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარეობდა, საავადმყოფოს პალატა მოაწყვეს, მებაღე დიდი სიფრთხილით გადაიყვანეს. პატრონმა ჯერ წვერში, შემდეგ კი პირგაპარსულზე ბრძანა მისთვის სურათების გადაღება. ყველგან სანდო ხალხი დაგზავნა, მებაღის წარსული ცხოვრების გასაგებად...
საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რატომ ადრევე არ გამოარკვია, ვინ შემოუშვა მის ოჯახში... გული ბრაზით ევსებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც მისი დაუძინებელი მტრისგან მოგზავნილი, მაინც არ უნდოდა მის ოჯახში ასე მუხანათური მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო ეს ახალგაზრდა კაცი... ,,ჰმ... ახალგაზრდა თუ ბებრად შემოსილი მებაღე...’’ მწარედ ეღიმებოდა პატრონს...
,,ოღონდ დადას არაფერი დაუშავდეს... ჩემს თავს აღარც დავეძებ... ვინ არიან? ვინ შემომესია....’’ ათასმა არეულმა ფიქრებმა პატრონი კი არ დააბნია, პირიქით უფრო გონზე მოიყვანა, მებაღეს სახლში ყველა პირობა მოუწყო, რომ როგორმე ჯერ გადაერჩინა და თანაც ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა თავისიანებთან, იმათგან ვისგანაც მოვლენილი იყო, ბოლომდე კარგად უნდა გამოეჭირა და გამოეძიებინა, ვინ უთხრიდა ძირს...
დადა იმ დროს შევარდა სასტუმრო ოთახში, როდესაც დაჭრილ მებაღეს სისხლიან სახვევს უცვლიდნენ, ასეთი სცენის დანახვაზე იგივე რეაქცია ჰქონდა, როგორც ადრე გასისხლიანებული მებაღის სახე რომ დაინახა... გოგონა ძლივს დააკავეს და საკმაო ხანი დასჭირდა მის დამშვიდებას, ისიც ცალკე მისახედი გახდა, ექიმს მისთვისაც მოუწია წვეთოვნის დადგმა, და ახლა პალატაში ორი პაციენტი ჰყავდა... გადაღლილი და ღონეგამოცლილი ექიმი ხან ერთს უვლიდა და ხან მეორეს, რამდენიმე სპეციალურად დაქირავებული მომვლელებიც კი გადაიქანცნენ, პატრონი თავზე ადგა, დასვენების საშუალებას არ აძლევდა, თან ყურები სულ დაცქვეტილი ჰქონდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მებაღეს იქნებ რაიმე წამოსცდენოდა... იქნებ ვინმეს სახელი მაინც ეხსენებინა...
მძიმედ დაჭრილი მებაღე ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა. დადა ნელ-ნელა გამოერკვა თავისი იდუმალი მდგომარეობიდან და აქტიურად ჩაება საქმეში, მომვლელებს წესიერად არც კი აცლიდა მუშაობას, ცდილობდა, რომ სულ თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი. პატრონს საშინლად ღელავდა, როგორმე დადა უნდა ჩამოეშორებინა მებაღეს, მაგრამ როგორ? გოგონა გვერდიდან არ შორდებოდა, ნემსის გაკეთებაც კი ისწავლა, უკვე სახვევის გამოცვლაც თავისუფლად შეეძლო და მკაცრად ადევნებდა თვალს მომსახურე პერსონალს...
სამ კვირაზე მეტი გავიდა. მებაღე თანდათან გონს მოვიდა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია და პირველი ვინც დაინახა იქვე, მის გვერდით სავარძელში მოკალათებული დადა დაინახა... ახლა უფრო მეტად ლამაზი და მომხიბვლელი ეჩვენა... მებაღეს ოდნავ გაეღიმა, ისე იყო დასუსტებული თავის აწევაც ვერ შესძლო, ხოლო როგორც კი გაინძრა მარცხენა მხარეს საშინელი ტკივილი იგრძო, მძიმედ ამოიკვნესა. კვნესის ხმაზე დადამ თვალები დაჭყიტა, გამოფხიზლებული მებაღე, რომ დაინახა სიხარულისგან ისე ძლიერად ჩაეხუტა, რომ უნებურად ჭრილობას დააწვა, მებაღემ ტკივილისგან კიდევ ერთხელ ამოიკვნესა. დადა მიხვდა თავის შეცდომას და წყლიანი თვალები მებაღეს შეანათა. უგოს გაეღიმა: ,,არაუშავს, გამივლისო... მალე... სულ მალე... ერთად ვირბენთო’’ ყრუ ხმით უთხრა...
პატრონი კაბინეტში იყო, საშინელი გაგულისებული. ვერაფერი შეიტყო მებაღის წარსულის შესახებ, არც ქალაქში და არც მის შემოგარენში მსგავს არც მათხოვარს იცნობდნენ და არც ვინმე უგოს, ახალგაზრდა კაცს, თითქოს და მართლა მიწიდან ამოძვრაო, როცა მოახსენეს დაჭრილი გონს მოვიდაო, ლამის სირბილით აირბინა კიბე, ,,სანამ ბოლომდე მოეგება გონს, უნდა დავასწრო... სანამ გაათვითცნობიერებს სად იმყოფება, მანამ უკვე უნდა ვიცოდე ვინ არის და რა ხიფათს მიმზადებს...’’ სწრაფი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და აქოშინებული კარს მიადგა, ჯერ არ უნდოდა შესვლა, სანამ არ დაშოშმინდა, მთელი ძალისხმევით მხიარული, მშვიდი სახე მოირგო და ოთახში შეაბიჯა.
დადა სიხარულით შეეგება, ისე დაფუსფუსებდა და თავს დასტრიალებდა დაჭრილ მეგობარს, რომ პატრონს გული შეეკუმშა, აბა როგორ უნდა წაერთმია ამ გოგონასთვის ,,ბედნიერება’’?... დადას თავზე მოეფერა, შეაქო, აი ასე კარგად, რომ უვლი, მაგიტომაც უკეთ გახდაო, გოგონა სიხარულისგან ბრწყინავდა. პატრონმა მებაღე ღიმილით მოიკითხა, თუმცა მებაღემ მის თვალებში სულ სხვა რამ შენიშნა და არც კი შემკრთალა, მანაც ასევე გაუღიმა, რასაც გამოცდილი პატრონი უმალ მიუხვდა: ,,ჰმ!.. უტიფარი!’’ - გაივლო გულში, მერე თბილი მზერით და რბილი ხმით დადას სთხოვა დაგვტოვეო. დადა უარზე დადგა არ უნდოდა ოთახიდან გასვლა, მაგრამ პატრონმა დავალება გამოუძებნა: ,,სამზარეულოში ჩადი და შენი ხელითვე მოუმზადე გახეხილი ხილის სალათი, იცოდე სათითაოდ აარჩიე, ხომ იცი ახლა ამას ბევრი და კარგად შერჩეული ვიტამინები სჭირდებაო’’. გოგონა სიხარულით დათანხმდა, ხელით ანიშნა ხუთ წუთში აქ გავჩნდებიო და ოთახიდან გავარდა. პატრონი ახლა მომვლელებს მიუბრუნდა და შესვენება გამოუცხადა, მანამ სანამ თავად არ იხმობდა. მებაღე წყნარად ადევნებდა თვალს...
პატრონმა სკამს ხელი წამოავლო საწოლთან ახლოს მიუდგა და როგორც ცხენზე ისე შემოაჯდა, ხელები სკამის ზურგზე შემოაწყო, მის ხელში კი მოოქროვილმა პარაბელუმმა იელვა, ლულის წვერი მებაღისკენ იყო მიშვერილი. მებაღე გაფითრებული შეჰყურებდა, თუმცა პატრონმა მის თვალებში შიშის მაგივრად სიმტკიცე უფრო ამოიკითხა... რამოდენიმე წამს ხმის ამოუღებლად შეჰყურებდა, შემდეგ კი რაც შეიძლება მკაცრი ტონით ჰკითხა: ,,ვინ ხარ?’’
LEX·2016 წლის 11 თებერვალი, ხუთშაბათი

13.
,,უგო მქვია... ბატონო...’’ ძლივს გასაგონი ყრუ ხმით წარმოსთქვა მებაღემ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, პატრონი უფრო მეტად ჩააშტერდა ,,ბრიყვო! ვინ გგონივარო’’- გაივლო გულში, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ უთხრა: ,,უგო.. მშვენიერი სახელია... უგო... და სხვათაშორის მშვენივრადაც გამოიყურები... და არა ისე როგორც უბადრუკი მებაღე... თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტს, რის გამოც აქ იმყოფები...’’ რბილი ხმაში ცინიზმი და შეფარული სიმკაცრე იგრძნობოდა, თუმცა მებაღეს წარბიც არ შეურხევია. პატრონი გაჩუმდა. ,,ჰმ.. კარგად კი ჰყოლიათ გაწვრთნილი’’... არც ისე ადვილად შესაშინებელი ჩანდა... ადვილი კი არა საერთოდაც ვერაფერი შეაშინებდა...
საკმაოდ სიმპათიურ, ახალგაზრდა კაცისთვის, რთული არ იყო მოეხიბლა საწინააღმდეგო სქესი, მითუმეტეს კი დადას მოხიბვლას რა უნდოდა... ,,ესეც კარგად გაუთვლიათ, ყოველი მხრიდან უნდათ გამანადგურონ, დამაცადონ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ვის შეეჭიდნენ’’ ფიქრობდა პატრონი და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა მებაღეს, რომელიც გასაოცარი სიმშვიდით ელოდა განაჩენს...
პატრონის ერთადერთი სითბო და ნუგეში დადა იყო... ბავშვობის მერე, მხოლოდ ამ გოგონასთან იგრძნო ის, რასაც მშობლიურს უწოდებენ, თუმცა არც მისი მშობელი იყო და არც სისხლით ნათესავი... სამაგიეროდ ზეკი იყო მისი ნათესავი. არ უყვარდა ეს ბიჭი, ზოგჯერ საშინელი აუტანელიც კი იყო, მაგრამ რადგან თუნდაც ერთი წვეთი სისხლი აკავშირებდა მასთან, თავს მაინც ვალდებულად თვლიდა ბოლომდე მიეხედა. ზეკის დაბადებასაც შეესწრო, ჩვილი ხელში დააჭერინეს, სიტყვაც კი დაადებინეს, რომ სამუდამოდ მისი პატრონ-მფარველი იქნებოდა, არასდროს მიატოვებდა განსაცდელში... ასეთი იყო მაშინდელი ბანაკის წესი. იმ ბანაკისა სადაც პატრონი იზრდებოდა. შერეული დიდი დაჯგუფება, აღვირახსნილი ყაჩაღთა ბრბო და ასევე დაუნდობელი ბოშათა ბანდა. არავის ახსოვდა ასე როდის გაერთიანდნენ. როგორც წესი, ბოშები თავის ბანაკს ყოველთვის იცავდნენ და უცხოს ასე ადვილად არ აჭაჭანებდნენ, აქ კი რაღაც გარიგებისა თუ საერთო საქმიანობის წყალობით ისე შეერივნენ ერთმანეთს, რომ ხშირად უჭირდათ კიდეც გარჩევა ვინ რომელი სისხლისა იყო. პატრონიც აქ იზრდებოდა, როგორც ზეკი, თუმცა ყოველთვის განსხვავდებოდა მათგან საკმაოდ ჭკვიანი, გამჭრიახი და კარგად ნაკითხი, ბოშა ბებიის წყალობით დაჯილოდოვებული იყო წინასწარ განჭვრეტის უნარით. ადვილად შეეძლო გამოეცნო სხვათა აზრები, ამის უნარი ისედაც გააჩნდა და ბებიაც ხშირად უტარებდა ცხოვრების გაკვეთილებს, იმ ცხოვრებისა, რომელშიაც ცხოვრობდა და თავიც უნდა გაეტანა. საათობით დასვამდა კარავში, თვალებს დაახუჭინებდა და მთელი დღის განმავლობაში ნანახსა თუ გაგონილს თავიდან გადაახედინებდა, აიძულებდა მოეძებნა თუნდაც პატარა შეცდომა, რის გამოც გული ეტკინა ან რაიმე დაშავდა, თუნდაც უმნიშვნელო რამ... ამ ძიებაში მთავარი მიზეზი იყო და არა უკვე მომხდარი და ჩადენილი. და არა მარტო თავის თავზე, არამედ ყველაზე და ყველაფერზე.. კითხვაც ბებიამ ასწავლა, თუმცა თავად ძალიან უჭირდა, ზოგჯერ ძლივს-ძლივობით დამარცვლით უკითხავდა, ზოგჯერ კი სხაპასხუპით. პატრონი პატარაობიდანვე მიუხვდა ბებიას ეშმაკობას, რასაც კარგად უკითხავდა ის უკვე დამახსოვრებული ჰქონდა და ზეპირად ჰყვებოდა, როცა თავად ისწავლა კითხვა, ხშირად უკითხავდა ბებიას სქელტანიან წიგნებს, ბებია კი გულისყურით უსმენდა ერთადერთ შვილიშვილს...
ზეკი ბებიას ოჯახიდან იყო, წმინდა სისხლის ბოშა ბიჭი, ამაყი და ამპარტავანი. ძალით დაისვამდა კარავში და ასმენინებდა წაკითხულს, მას კი ერთ სული ჰქონდა, დროზე დაეძვრინა თავი და გარეთ გავარდნილიყო...
პატრონი ვერ იტანდა ასეთ მომთაბარე ცხოვრებას, ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, წიგნებით სავსე, თუნდაც ერთი პატარა ქოხი... სხვა არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად, არც დაყაჩაღებული, ნაძარცვი ქონება, არაფერი უნდოდა წიგნების მეტი... ბანაკში ჩუმჩუმად ბავშვს დასცინოდნენ კიდეც, მაგისგან რა კაცი უნდა დადგესო, მაგრამ ხმამაღლა ვერვინ უბედავდა სიტყვას, სასტიკი და დაუნდობელი ბაბუას შიშით, რომელმაც თავადაც კი არ იცოდა საკუთარი წარმომავლობა... ვინ იყო და რა ჯიში იყო, მხოლოდ ერთი იცოდა, რომ ბოშა არ იყო, მაწანწალა, ქურდბაცაცა, ყველა საზიზღრობაზე წამსვლელი ყმაწვილი თავად აეტორღიალა ბოშათა ბანაკს და მის მერე აღარც მოშორებია. პატრონს ბაბუა არ უყვარდა, მის გამოჩენაზე შიშით მოიკუნტებოდა კარვის კუთხეში, ბაბუას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, მის ,,არაკაცობაზე’’ საკუთარ შვილი - პატრონის მამა სულ გაკილვაში ჰყავდა: ,,ვერ გეზრდება ბიჭი კაცადო’’... არც პატრონის მამა იყო ბაბუაზე ნაკლები ყაჩაღი და ავაზაკი, ამ ყველაფერთან ერთად ლოთიც იყო, სულ არყის სუნი ასდიოდა, ამიტომ მისი ერთადერთი ნუგეში ბებია გახლდათ, მოსიყვარულე თბილი და წყნარი ადამიანი დედის მაგივრობასაც უწევდა. მამამ თავისი სიცოცხლე ლოთობით გალია, პატრონს ცრემლიც კი არ გადმოვარდნია, ისიც კი გაუკვირდა ბებია ასე რატომ დასტიროდა... მამამისმა უკვე ორმოცწელს გადაცილებულმა შემთხვევით შეიტყო, რომ გოგონას, რომელსაც თავის დროზე თავგზა აუბნია და საკუთარი სახლი გაატანინა და გააძარცვინა, მისგან შვილი შესძენია... საშინლად განრისხებულა, გოგონას ოჯახი კი ამ ავაზაკის შიშით სხვაგან გადასახლდა, არც კი უნდოდათ ასეთი ყაჩაღი სასიძო, ახლოსაც აღარ აკარებდნენ და ისიც კი დაუმალეს რომ მამა გახდებოდა ისე გაუჩინარდნენ.., თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, მძინარე დედას, ბავშვი ისე ოსტატურად ააცალეს და გააქრეს რომ მის კვალსაც ვეღარ მიაგნეს... ჩვილი ბებიას ჩააბარეს და მის მერე პატრონის ერთადერთი ნუგეში მოსიყვარულე კეთილი ბებია იყო... ასე იზრდებოდა ბოშათა ბანაკში, სულ ხეტიალში, მთელი ცხოვრება კარვების გაშლა-აკეცვაში. ყოველთვის ჰქონდა იმის სურვილი, რომ გაქცეულიყო, თავი დაეძვრინა ამ ყაჩაღთა ბრბოსათვის მაგრამ, სად უნდა წასულიყო?.. ვინ დაიცავდა მერე ბებიას სასტიკი და დაუნდობელი ბაბუასგან?...
თორმეტი წლისაც არ იყო, რომ კარავში შემოვარდნილ განრისხებულსა და ბებიას საცემრად გამოწეულ ბაბუას, წინ გადაეღობა, ორივე ხელით მთელი ძალით ჩასჭიდა მოქნეულ სახრეს და ისე მოუტრიალა, რომ კინაღამ მკლავები ამოუგდო... ბაბუა მუხლებზე დასცა და გამოგლეჯილი სახრე ზემოდან დაჰკრა... ყველა გაოგნებული უყურებდა, აქამდე ვერვინ ბედავდა მასთან არათუ ჩხუბს, არამედ შელაპარაკებასაც კი... იფიქრეს, რომ ყმაწვილმა ამით თავის თავს განაჩენი გამოუტანა, არ აპატიებდა და ვერც ვერავინ დაიცავდა ამ საშინელი კაცისგან, მაგრამ ბაბუა მიხვდა, ეს უბრალო შეწინააღმდეგება არ ყოფილა, ბიჭი იცავდა იმ ყველაზე საყვარელ ადამიანს ვისთვისაც სიცოცხლეს არ დაიშურებდა, ეს მისი მხრივ ვაჟკაცური თავგანწირვაც იყო... მწარედ გაეღიმა კაცს, ხელიც კი არ შეუბრუნებია, ალბათ ბევრჯერ რომ დაერტყა მაშინ კი მოიგერიებდა კიდევაც, მაგრამ ეს ერთი დარტყმა საკმარისი იყო, რომ მასში კაცი ამოეცნოთ და არა ისევ ის პატარა შეშინებული ბიჭი, რომელსაც წიგნის კითხვის მეტი არაფერი უნდოდა ამ ქვეყნად... ბაბუ არ წამომდგარა ისე შემოხედა ქვემოდან გაშმაგებულ შვილიშვილს, მერე მისი ხელი აიღო, ის ხელი, რომელმაც სახრე აგემა, ფრთხილად მიიტანა პირთან ეამბორა ადგა და გავიდა ისე, რომ უკან არ მოუხედავს...
ამის მერე ყველა მოწიწებით ეპყრობოდა ყმაწვილს, ხშირად ჭკუასაც ეკითხებოდნენ გამჭრიახ ბიჭს, მან კი მტკიცედ გადაწყვიტა ბანაკის ყველა შეკრებას დასწრებოდა, თვალყური ედევნებინა მათი საქმიანობისათვის, თავადაც მიეღო მონაწილეობა, დაეგროვებინა საკმარისი ქონება, და წასულიყო, სამუდამოდ გადახვეწილიყო ამ წყეული ხალხისგან შორს...
მოგვიანებით, მრავალი წლის მერე მისი სურვილიც ასრულდა, ბედად კი ცხოვრების დასამშვენებლად დადაც გამოუჩნდა... მეტი რაღა უნდოდა ამ ქვეყნად, სიმშვიდისა და სიხარულის გარდა...
მებაღე და პატრონი ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ... პატრონმა ისევ კომპრომისზე წასვლა არჩია. წამოდგა სკამი შემოაბრუნა და ისე დაჯდა, რომ ფეხი ფეხზე გადაიდო, მუხლთან კი იარაღიანი ხელი დაიდო, ლულით ისევ მებაღისკენ მიშვერილი. ხის ტარიანი მოოქროვილი გრძელ და ვიწრო ცხვირიანი პარაბელუმი თვალის მომჭრელად ლივლივებდა, ტარის ბოლოში კი დიდი ლალის თვალი ამშვენებდა, მებაღემ ერთი თვალის შევლებით შეათვალიერა იარაღი და სახეზეც შეეტყო, კარგადაც შეაფასა. პატრონი ამასაც მიუხვდა, უგო მშვენივრად ერკვეოდა იარაღებშიც... ,,ჰმ.. ყველაფრისმცოდნე’’ გაუელვა თავში პატრონს და უეცრად ჰკითხა ,,მოგწონს?’’ ხელით იარაღზე ანიშნა. მებაღე ასეთ კითხვას ნამდვილად არ ელოდა და ოდნავ შეკრთა კიდეც...
LEX·2016 წლის 19 თებერვალი, პარასკევი


14.
„დადა არც ჩემი შვილია და არც ჩემი მემკვიდრე“ - წყნარი ხმით დაიწყო პატრონმა, მებაღე გახევებული შეჰყურებდა... ,,გიკვირს არა?.. ამხელა ქონების პატრონი შვილობილს, რომ ვერაფერს ვუტოვებ?... კი მაგრამ რა უნდა დავუტოვო?.. მე თვითონ არაფერი გამაჩნია..“ ახლა უკვე მებაღის გაკვირვებულ სახეს ცინიზმიც შეერია, პატრონი კი განაგრძობდა: ,,აი ეს ყველაფერი რასაც ხედავ და რასაც კი ვერ ხედავ, ყველა ეს ქონება, მოძრავი თუ უძრავი, ყველაფერი უკვე დადასია და მემკვიდრე კი არა უკვე დიდი ხანია მფლობელია, თუმცა არც კი იცის. უბრალოდ არ აინტერესებს. მისთვის არაფერს წარმოადგენს ქონებრივი ღირებულება. სულიერი სიმშვიდე უფრო ძვირფასია, თუ საჭირო გახდება, და ამის სურვილიც ექნება დაუყოვნებლივ დაარიგებს ყველაფერს, მხოლოდ არავინ შეაწუხოს და არავინ ცუდად არ შეეხოს მის უმანკო სამყაროს... ამიტომაც ყველაზე სანდო, კეთილი და ამაღლებული სულის ადამიანია, მისი გულის ტკენა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ტოლფასია... დედამიწის ზურგზე ყველაზე უდანაშაულოთა შორის, ყველაზე უდანაშაულო არსებაა... ჩემი ცოდვების გამო, ძალიანაც რომ მოინდომოს პასუხს მაინც ვერ აგებს, რადგან ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს საერთო, ამიტომაც თავისუფალია ჩემი შურისმაძიებლებისაგან... მდიდარი, ლამაზი პატარა ქალბატონი, მართალია თავისი ცხოვრებით თავისებურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს მოხიბლავს, თუმცა ახლოს არავინ გაიკარა, ვერავის აუღო ალღო, რომ ახლოს მის სულთან მიეშვა... და რატომ დაინტერესდა შენით ის მაინც თუ იცი?..“ მებაღეს ყელი გაუშრა ძლივძლივობით ჩაყლაპა ნერწყვი... ხმას ვერ იღებდა... ,,ესე იგი არ იცი... მაშინ მე გეტყვი“ - განაგრძობდა პატრონი, თან კარგად აკვირდებოდა მებაღეს. ,,სასურველ მოდელს ეძებდა, და აქ, ჩვენს მამულში, აქაურ მცხოვრებთა შორის შენ შეგარჩია მუზად... უფრო სწორად ერთ-ერთ მუზად... აი სულ ეს იყო, და რაც შეეხება შენზე მზრუნველობას, შეგიძლია კარგად გაიკითხო, იგი ყველას მიმართ ასეთი მზრუნველია და სხვებისგანაც ამასვე ითხოვს, ხომ გახსოვს... ვიღაც საცოდავი, უბადრუკი მოხუცი ეგონე, შენს დანახვაზე გული დაეწვა... ლუკმა ყელში გაეჩხირა, დაუყოვნებლივ შემოგიშვა... დაგაპურა.... ყველას შენი პატივისცემა მოსთხოვა, დაგასაქმა... ზეკისგანაც დაგიცვა... აი ასეთია ჩემი გოგონა, ჩემი პატარა გოგო... მისი გულისათვის უკან არაფერზე დავიხევ, თუმცა არა გამაჩნია რა... ჩემი ერთადერთი ქონება ის არის და ჩემი ცოდვების გამო პასუხი მას არ მოეთხოვება... ერთადერთი უცოდველი არსებაა ვისაც კი ცხოვრებაში ოდესმე შევხვედრილვარ...‘’ პატრონმა ცოტა შეისვენა, ცდილობდა როგორმე მებაღის ტვინში ჩაებეჭდა, რომ გოგონასთვის არაფერი დაეშავებინა, პირიქით იქნებ შეებრალებინა ეს უმანკო არსება და დახმარებოდა კიდეც... ,,დადა ჩემი შვილი არარის, და ეს არავინ იცის... ზეკის გარდა, მან მომიყვანა, სულ პატარა იყო, ქუჩაში მაწანწალა ბავშვებთან ერთად დაბორიალობდა, ისინი კი აწვალებდნენ, აბუჩადაც იგდებდნენ ლაპარაკი რომ არ შეეძლო... ზეკს შეეცოდა და წამოიყვანა ქალაქის იმ ბინძური ქუჩებს მოაშორა...’’ პატრონმა ცოტა შეალამაზა მის ცხოვრებაში დადას გამოჩენის ამბავი. იქნებ უფრო მეტად შეებრალებინა გოგონა მებაღისათვის. ,,ზეკი დაუნდობელი და შეუპოვარი კაცია, დადას გამოჩენის დღიდანვე იცავს, ამიტომაც იყო ასეთი გაშმაგებით, რომ გეძგერა... მართალია ზომაზე მეტი მოუვიდა, თუმცა არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ, მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელი იყო უსუსური გოგონას დაცვა, თუმცა არც კი იცოდა რაში იყო საქმე, რასაც თვალი მოჰკრა ესეც საკმარისი იყო დადას დასაცავად გამოქანებულიყო...“
მებაღეს ძველი იარა სახეზე ჯერ კიდევ კარგად შერჩენოდა, ზეკის ხსენება ოდნავ აუთამაშდა ნაიარევი მხარე. პატრონმა ესეც შეამჩნია, უფრო ძლიერად ჩახედა თვალებში. უგო კვლავ გახევებული შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა. ყველაზე მეტად უგოს პატრონის მახვილი გონება აკვირვებდა, მშვენივრად მიუხვდა ამ საუბრის არსს, კაცი შვილობილს იცავდა ამიტომაც გაანდო საიდუმლო... მიხვდა, ამით პატრონმა მებაღეს, დადას დაცვა სთხოვა და მზად იყო თავისი თავი მტრის ლუკმად ექცია...
კიდევ ბევრი რამის თქმასაც აპირებდა პატრონი, მაგრამ მის ზურგს უკან კარი გაიღო, ოთახში დადა შემოვიდა მას უკან მსახური დიდი ლანგრით შემოჰყვა. დადას შემოსვლაზე მებაღეს თვალები გაუბრწყინდა და არც დაუფარავს ეს სიხარული, პირიქით ღიმილი მიაგება. პატრონი სკამიდან წამოდგა, ოსტატურად დამალა იარაღი, არავის შეუმჩნევია. აქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, ოთახიდან გასვლისას მებაღეს გამოხედა, მის თვალებში მებაღემ რისხვასთან ერთად ვედრებაც შენიშნა...
პატრონი თავის კაბინეტში შეიკეტა. ფარულად კვლავ გაამაგრა დაცვა, როგორც სახლში ისე მის შემოგარენში. საწერ მაგიდასთან მდგარ სკამზე გადაწვა კონიაკი მოწრუპა, თვალები დიდ ხანს ჰქონდა დახუჭული... ისე როგორც ბებიამ ასწავლა ყველაფრის ანალიზს შეუდგა, მებაღის ყოველი მიმიკა, ყოველი ამოსუნთქვაც კი არაერთხელ გაატარა გონებაში. ,,ნეტა მართლა ვინ არის... ვიმედოვნებ, რომ მიმიხვდა... იქნებ მართლაც მოსწონს დადა... იქნებ მაგიტომ უფრო დაიცვას... ოღონდ ამ გოგონას არაფერი დაუშავდეს და თუ გინდ დღესვე დავტოვებ წუთისოფელს... მაშინ რაღაა ჩემი სიცოცხლე ამ წყეულ მიწაზე, თუ უმანკო არსების დაცვასაც ვერ შევძლებ... ჭირსაც წაუღია მთელი ეს ქონება....’’
მერე უცებ ზეკი გაახსენდა. კვლავ არსად ჩანდა. ზეკს არ უყვარდა სიცივე, როგორც კი ზამთრის მოახლოვებას იგრძნობდა, წეროსავით გადაიხვეწებოდა თბილ ქვეყნებში. წმინდა სისხლის ბოშას აბა ერთ ადგილას რა გააჩერებდა. ყველგან მშვენივრად გაჰქონდა თავი, არც სხვაგან აკლებდა ყაჩაღობას ხელს, თავისი მომხიბვლელობის წყალობით კი ბევრგან ჰქონდა ღამის გასათევი. გულუხვიც იყო, მის მიერ მოხიბლულ ქალბატონებს კარგადაც ასაჩუქრებდა. იმათაც მეტი რაღა უნდოდათ, ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ, სიმპათიური ახალგაზრდა კაცის გამოჩენას.
,,ნუთუ მართლაც ზეკმა ჩაიდინა ეს?..’’ ფიქრობდა პატრონი, თან თვალდახუჭული კონიაკს წრუპავდა... ,,ზეკი თავნება, უსინდისო ბიჭია, მაგრამ... არც იმდენად უჭკუოა, რაიმე შენიშნა და გადაწყვიტა თავადვე გასწორებოდა შემოგზავნილ კაცს? იმაზეც ხომ უნდა ეფიქრა, მის უკან რამდენი კუდი იქნებოდა მოსაშორებელი... მე რატომ არ გამაფრთხილა?.. მისი მანქანაც კი არ შემიმჩნევია იმ დღეებში... ჩუმად შემოიპარა, დანა ჩასცა და მერე ისევ უკან გავარდა?...’’
ზეკს შეეძლო დიდ ხანს და შეუჩერებლივ ერბინა, ძველი გამოცდილების წყალობით, შესაძლებელი იყო მანქანით არც კი ესარგებლა, ასე უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდა. ,,ნუთუ თავზე გადამახტა?.. არა, არა! ზეკის ხელს კი გავს, მაგრამ... მაგრამ... იქნებ თავად, იმათ... ვინც მომიგზავნეს... თუკი მიუხვდნენ, რომ უგოს დადა მართლაც მოსწონს... იქნებ მებაღემ დადას შებრალება ითხოვა... ამ გოგო ხელს ვერ ვახლებო და... ეს კი მათ გეგმებს სულ ჩაშლიდა... იქნებ ამიტომაც თავად გადაწყვიტეს მებაღის მოშორება... თანაც ისე, რომ... ისე რომ ზეკს დაბრალდეს... და მერე ჩვენ... მე და ზეკი ერთმანეთს... ჰმ... თუ მასეა... თუ მართლაც მასეა, მაშინ უფრო ჭკვიანური და მზაკვრული გეგმით უნდათ ჩემი განადგურება... იქნებ! იქნებ! იქნებ... უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო..’’
პატრონი წამოხტა, თავზე ხელები შემოიჭდო, ოთახში სიარულს მოჰყვა, ფიქრისგან თავი უსკდებოდა... ,,დადა! დადა!.. ჩემი საწყალი გოგო... ღმერთო რა შარში გავახვიე, იქნებ სჯობდა ზეკს სულაც არ ეპოვნა? ვინმე მეტყევე იშვილებდა და იცხოვრებდა მშვიდად და წყნარად ღარიბულ ქოხში, მის სიცოცხლეს არაფერი დაემუქრებოდა... ახლა კი... როგორ დავიცვა?.. როგორ?..’’ მის მერე რაც ბაბუამისი დააჩოქა, არასდროს თავის ასე უსუსურად არ უგრძვნია, თუმცა მანამდე ბავშვი იყო და ეშინოდა კიდეც სასტიკი კაცის, ეს შიშიც გამართლებული იყო. ახლა კი თავისი თავი შეეზიზღა, ასეთი უსუსური და უბადრუკი რომ არის, უზარმაზარი ქონებისა და გავლენის პატრონს ერთი პატარა უმანკო გოგონას დაცვის ძალაც რომ არ შესწევს... საკუთარ თავზე გაშმაგებულმა ბოთლს ხელი სტაცა და კედელს შეანარცხა...
მალევე მოვიდა გონს, ნამსხვრევები ფრთხილად აკრიფა, მაგრამ მაინც გაეჭრა ხელი. შემოხვეული ხელსახოციდან სისხლმა ოდნავ გამოჟონა, პატრონს გაეღიმა ,,ახლა აქ დადა, რომ იყოს ერთ ამბავს ატეხდა სისხლის დანახვაზე’’ მერე უცებ მოიღუშა, გულში საშინელი სიმძიმე იგრძნო... ,,დადა... დადა... ღმერთო უშველე, რომც გაიტაცონ და გამოსასყიდი მოითხოვონ, მე მაინც არაფერი მაბადია, ისევ დადას მოუწევს საკუთარი ქონებიდან გადახდა.. და მერე ჯანდაბას, სულ დაარიგოს თუ უნდა, თუნდაც სამალავიდან აიღოს და მიაშავოს, მთავარია კარგად იყოს... თუ საჭირო გახდება ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ქვაზე დავსახლდებით და იქ ავაწყობ ცხოვრებას, მაინც გავიტან ჩემსას და ისე არ წავალ ამ წუთისოფლიდან, რომ ეს გოგო ფეხზე არ დავაყენო... დადა... ღმერთო ჩემო... დაიცავი ეს გოგონა ყველაფერი ავისაგან...’’
LEX·2016 წლის 26 თებერვალი, პარასკევი

15.
დადა კი ამ დროს თავს დაჰკანკალებდა დაჭრილ მეგობარს. საკუთარი ხელით უმზადებდა და აჭმევდა. როცა მებაღე ღიმილითა და ვედრებით უხსნიდა მეტი აღარ შემიძლიაო, იბუზებოდა, და იმდენს იზამდა, სანამ ბოლომდე არ მოასუფთავებინებდა თეფშს. მებაღე ბედნიერი სახით შეჰყურებდა თავის მზრუნველს, დროდადრო სევდაც კი ჩაუდგებოდა თვალებში, მაგრამ ცდილობდა დადას არაფერი შეემჩნია. გოგონა საოცრად მიეჯაჭვა თავის პაციენტს, დასაძინებლადაც აღარ უნდოდა თავის ოთახში გასვლა, სულ იძულებით ემშვიდობებოდა და ერთი სული ჰქონდა სანამ გათენდებოდა, რომ კვლავ უგოს მოსავლელად ეფუსფუსა. ეს ყველაფერი მებაღეს რამდენადაც უხაროდა და ბედნიერად გრძნობდა თავს, იმდენად გულს უღრღნიდა, აშინებდა დადას ასე მიჩვევა, უნდოდა ეცადა ხანდახან მაინც გულცივ ადამიანად მოეჩვენებინა თავი, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო მეტად თავად ეჩვეოდა მას და ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან უმძიმებდა სულს. ზოგჯერ ფანჯარაში, სადღაც შორს მომზირალს შუბლზე დადას ნაზი თითების შეხება გამოარკვევდა, გოგონა თვალებით ეკითხებოდა რით გიშველოო, რით განუგეშოო. მებაღე დარდიანი სახით გაუღიმებდა და მზერას სხვაგან გადაიტანდა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ნაღვლიანი ხდებოდა. დადა ცალკე დარდობდა, აღარ იცოდა როგორ ენუგეშებინა, მეგობრის ასეთ ხასიათს მის ჯანმრთელობას აბრალებდა, ალბათ ჯერ კიდევ ძალიან აწუხებს ჭრილობა და ამიტომ ხდება ასე უხასიათოდო. უგო კი სულ იმას ფიქრობდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან. გამოსავალიც არსაიდან ჩანდა, მძიმე ჭრილობის გამო სხვების დახმარებით, ძლივძლივობით წამოიწეოდა საწოლიდან, ტკივილისგან საფეთქელთან ძარღვი ებერებოდა, თვალები ყინულივით ცივი უხდებოდა, რაც შეიძლებოდა ითმენდა და უხმოდ იტანდა ტკივილს, ცდილობდა ნაკლებად მიეღო ტკივილ დამაყუჩებელი საშუალება, და რაც შეიძლება უფრო მეტად ყოფილიყო ფხიზლად.
პატრონი ყოველ დღე მოინახულებდა ხოლმე პაციენტს, თუმცა აღარაფერს ეკითხებოდა, დარწმუნებული იყო სწორ პასუხს მაინც ვერ მიიღებდა, თავისი ყოველდღიური ვიზიტებით კი თავს ახსენებდა, ,,ფხიზლად ვარ და ვერაფერს გამომაპარებო’’ - ამას უხმოდ თვალების ერთი შეხედვით ანიშნებდა, მებაღეც ასევე თვალებითვე პასუხობდა ყველაფერი გასაგებიაო. მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როგორ უძლებდა პაციენტი ასეთ საშინელ ტკივილს ისე, რომ წამლებზე უარს ამბობდა, მხოლოდ პატრონი ხვდებოდა, რატომ იქცეოდა ასე მებაღე, სადღაც მის მიმართ, მისი ასეთი გამძლეობის მიმართ სიმპათიაც კი გაუჩნდა. დადას სიცოცხლე ნაწილობრივ მაინც მებაღის ხელში იყო. ვინც არ უნდა იყოს, ვაჟკაცი კაცი ჩანს, იქნებ მართლაც დაინდოს და არაფერი დაუშავოს გოგოსო. ათას რამეს ფიქრობდა პატრონი და ათასნაირად აკვირდებოდა მებაღეს. ის კი იმას ლამობდა დროზე შემოსულიყო დადა ოთახში. დადას გამოჩენა გაზაფხულის შემოსვლას ჰგავდა, მხიარულება, სითბო და სიკეთე შემოჰქონდა, პატრონსაც სულ სხვა სახე უხდებოდა და მებაღის დაძაბულობაც სადღაც ქრებოდა.
პატრონი გოგონას თავის საყვარელ სასუსნავს გაუწოდებდა, მხოლოდ ახლა უკვე უფრო მეტს, რადგან დადა მებაღის გარეშე ლუკმას აღარ იდებდა, შოკოლადსაც კი უნაწილებდა. ,,შენი დანახვის დღიდანვე ლუკმას გიყოფს... კრუხივით დაგტრიალებს და თავის წიწილასავით გივლის’’ ეხუმრებოდა პატრონი მებაღეს, თან ხუმრობაც იყო და ასევე გოგონას დასაცავი მინიშნებაც... ,,ახლა მართლაც უმწეო წიწილას ვგავარო’’ პასუხობდა მებაღე. პატრონიც მიუგებდა ,,ახლა კიო... მაგრამ’’... მამაკაცების ასეთ ორაზროვან საუბარს დადა ვერ ხვდებოდა, ესმოდა ისე, როგორც საუბრობდნენ და ბედნიერად უღიმოდა, გულით უხაროდა მათი ასე ,,დამეგობრება’’.
დრო გადიოდა, ზამთარი ძალიან გაიწელა. საწოლზე წამომჯდარი მებაღე ფანჯრიდან აკვირდებოდა ხის ტოტებზე დაფენილ თოვლის საფარს, ძალიან ლამაზი იყო აქაურობა. დროდადრო დადას გამოხედავდა, რომელიც ფანჯარაში მომზირალ მებაღეს ხატავდა, მის გამოხედვაზე გაუღიმებდა და ხელით ანიშნებდა, მიიხედე ხომ ხედავ გხატავო. მებაღეც ღიმილითვე პასუხობდა და მხატვარს ემორჩილებოდა.
უგომ თანდათან დამოუკიდებლად შესძლო წამოდგომა, სიარული კი მაინც უჭირდა, ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დადა, როგორც კი წამომდგარს დაინახავდა წამსვე შეეშველებოდა და მასთან ერთად ცდილობდა ნაბიჯი გადაედგა.
ამინდის გამოსწორებას აღარ დაადგა საშველი. გამუდმებით თოვდა და თოვდა, მალე გაზაფხულიც დადგებოდა, მაგრამ ამინდს ამისი არაფერი ეტყობოდა. პატრონი საგონებელში იყო ჩავარდნილი. არც ზეკი ჩანდა და არც სხვა არავინ. ამ ხნის მანძილზე საეჭვოც ვერაფერი შენიშნა, არც უცხო არავინ მოსულა და არც ისეთი სტუმარი, რომ რაიმე თუნდაც უმნიშვნელო შეკითხვა დაესვა მებაღისა თუ მსახურების ირგვლივ. ,,იქნებ ჰგონიათ, რომ მოახერხეს მისი მოკვლა... მე კი გვამი გადავმალე... მითქმა-მოთქმის გამო... ესეც კარგია თუ მართლაც ასე ფიქრობენ... ამ ეტაპზე მეც ასე მაწყობს...’’ ფიქრობდა პატრონი და ათას ვარიანტად ატრიალებდა ყველაფერს.
მართალია მებაღის ამბავი გასაიდუმლოებული იყო, მსახურთა ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთი ოთახი საავადმყოფოს პალატად იყო ქცეული. დანარჩენ მსახურებს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ რა ხდებოდა პატრონის სახლში. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ პატრონს შორეული ნათესავი ესტუმრა და არც გამოდიოდა გარეთ. როდესაც მებაღე მოიკითხეს, ყველას აუწყეს, რომ იმ უბადრუკ ქოხში ფილტვების ანთებით დაავადდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, შეიძლება გაზაფხულამდე არც კი დაბრუნებულიყო, რადგან სათავისო სამუშაოც არაფერი ჰქონდა... მერე კი მალევე დაივიწყეს, ბევრს არც კი გახსნებია, მხოლოდ რამდენიმე მსახურმა ქალმა ერთი ორჯერ ახსენა და ისიც ერთმანეთი გამჭოლი, ეჭვიანი მზერით დაასაჩუქრეს და მალევე გაჩუმდნენ, რადგან არავის უნდოდა მებაღესთან ფარულ კავშირში ემხილებინათ.
მებაღე კი ამ დროს თავს უკვე მშვენივრადაც გრძნობდა, პატრონი არაფერს აკლებდა. სხვა მსახური მის ადგილას უბედნიერეს კაცად იგრძნობდა თავს, მაგრამ მებაღეს გულს დარდი უღრღნიდა და გამოსავალს ვერსაიდან ვერ ხედავდა. როგორმე უნდა გაეღწია თავი ამ ოქროს გალიიდან... დადას დატოვებაც საშინლად უმძიმდა... გრძნობდა, რომ მახეში გაება... აქეთ პატრონი თავისი გამჭოლი მზერით უბურღავდა ტვინს, იქეთ დადაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა...
LEX·2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

16.
უგოს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დადას არაფერს დაუშავებდა, აკი თავიდანვეც ესე გაიფიქრა, პირველივე მათი შეხვედრისთანავე ამ გოგონათი მოიხიბლა, მისმა უბოროტო სულმა მოხიბლა. ეგონა საშინელი გაბურძგნული, ჭუჭყიან ჩვრებში გამოხვეული, არყისა და შარდის სუნით აყროლებული მათხოვრის მიმართ მხოლოდ ზიზღი წამოვიდოდა, მაგრამ შეცდა. დადა პირველი იყო ვინც ადამიანად მიიღო და ყოველგვარი ზიზღის გარეშე საკუთარი ლუკმაც კი გაუნაწილა... მებაღეს სინანულით ჩაეღიმა... სხვა ცხოვრებაში და სხვა ალაგზე ქალებისგან მოსვენება არ ჰქონდა... არც აქ, ამ მამულში დაუკლია ხელი, მაგრამ დადასთან სულ სხვანაირად, სულ სხვა რამ მოხდა... და ამან უფრო აუბნია თავგზა.... მისი სულიერებითა და სისადავით მოხიბლული, მისი გარეგნული მშვენიერებითაც აღფრთოვანებული იყო...
არც თუ იმდენად პატარა გოგო, ჯერ კიდევ გულუბრყვილო, უბოროტო გულის პატრონი იყო, დიდი ხანია უკვე სრულწლოვანებას გადააბიჯა, მაგრამ მაინც ბავშვივით უმანკო სული ჰქონდა შერჩენილი... და ასეც დარჩებოდა მუდამ.... დიდი მწვანე თვალები და მუქი შავი თმა, უფრო მეტად ხაზს უსვამდა მის სიმშვენიერეს, იყო მასში რაღაც უცხო და განსაკუთრებული...
ჯერ კიდევ პატარაობაშივე შეინიშნებოდა დადას უჩვეულო სილამაზე. გოგონას ბანაკში უცხო ფერია შეარქვეს, ბოშური სამოსით შემოსეს, ყურებიც კი გაუხვრიტეს და დიდი საყურეებიც დაჰკიდეს. პატრონს საშინლად არ მოეწონა, დადას სულ სხვა სტილის გარეგნობა ჰქონდა, ყველაზე მეტად კი დიდი საყურეები არ მოეწონა, მართალია ოქროსი იყო, მაგრამ რაღაც უგემოვნო და ასეთი სახის გოგონასთვის შეუფერებელი.
როცა ბანაკი დაიშალა, პირველივე ქალაქში ჩასვლისას პატრონმა დადა იუველირთან მიიყვანა, რუსული წარმოშობის ებრაელს დადას თვალების დანახვაზე „Брюнетка с изумрудами“ - აღმოხდა... პატრონს კი სიამაყით აივსო, როცა შეიტყო, თუ რასაც ნიშნავდა... ,,ჰოდა აბა შენ იცი, დამიმშვენე ეს გოგონა მისი შესაფერისი სამკაულითო’’...
„Брюнетка с изумрудами“ - პატრონმა ეს ორი რუსული სიტყვა კარგად დაიმახსოვრა და ხშირადაც მიმართავდა დადას ასე, დადას ყურებამდე ეღიმებოდა თან სათითაოდ მოივლებდა ხელს ზურმუხტის საყურით დამშვენებულ ყურებს, ხომ არ დამიკარგავსო. დადას სხვა ბევრი და გემოვნებით დამზადებული სამკაული ჰქონდა, მაგრამ ამ საყურეებს ისე იყო შეჩვეული არასდროს იხსნიდა, თუმცა მაინც არაფერი უნდოდა, ზედაც არ უყურებდა ძვირფას ნივთებს.
უზადო გემოვნების პატრონი ყოველთვის დიდ ხანს და გემოვნებით ურჩევდა საჩუქრებს, დადას კი მხოლოდ თვითონ საჩუქრის ჩუქება უხაროდა და არა მისი ღირებულება.
პატრონი მებაღეს დადას თხოვნით მისი საყურეების ისტორიას უყვებოდა, მხოლოდ ბოშების ამბავი გამოტოვა და პირდაპირ საყურის ისტორიით დაიწყო... მებაღესაც მოეწონა - „Брюнетка с изумрудами“ - რამდენჯერმე გაუმეორა კიდეც რასაც დადას ხალისიანი კისკისი მოჰყვა...
როგორც იქნა ნანატრი გაზაფხულიც დადგა, ზამთარი იმდენად იყო გაჭიანურებული, ლამის გაზაფხულის მოსვლის იმედიც დაუკარგა ხალხს. სადაცაა ზეკიც გამოჩნდებოდა და მაშინ რაღაც უფრო გაირკვეოდა, თუმცა რაც უფრო გადიოდა დრო, პატრონი მით უფრო მეტად რწმუნდებოდა ზეკის უდანაშაულობაში. მებაღე კი კვლავ დუმდა, თავის თავზე არაფერს ჰყვებოდა, მაშინაც კი როცა პატრონი ათას სასაცილო და საინტერესო ამბავს უყვებოდა დადას, ზეკისა და თავის ცხოვრებაზე, იქნებ რაიმე კურიოზი მაინც წამოსცდენოდა უგოს, მაგრამ ამაოდ. დადა მხიარულად კისკისებდა, მებაღე კი კვლავ ჯიუტად დუმდა, თითქოს ასეთივე დაიბადა და წარსულის გარეშე მოევლინა მათ ცხოვრებას. პატრონი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ როგორმე აელაპარაკებინა მებაღე, მაგრამ დროსთან ერთად, უფრო ღრმად იძირებოდა უგო თავის წარსულში. ნებისმიერ შეკითხვაზე ისე კარგად მომზადებული და დახვეწილი პასუხი ჰქონდა, რომ შემდეგი შეკითხვა უკვე აღარც იყო საჭირო.
პატრონი რაც შეიძლებოდა თბილად ექცეოდა. ერთ დილას მებაღეს საუცხოო ფეხსაცმელიც კი დახვდა საწოლთან. უგოს იმდენად მოეწონა და იმდენად იყო გაოგნებული, რომ თავიდან ფეხის ჩადგმაც კი დაენანა. დადას ისე ახარებდა პატრონის კარგი დამოკიდებულება მებაღისადმი, რომ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა. ექიმმა შენიშნა, რაც დაჭრილი მათ სახლში გადმოიყვანეს, მას მერე დადას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა წვეთოვნის დადგმა, ისიც მაშინ, საშინლად აღელვებულმა საწოლზე უღონოდ მისვენებული, ერთიანად გასისხლიანებულ მებაღეს, რომ შეხედა.
,,რა ცოტა რამ არის ადამიანის ბედნიერებისათვის საჭირო’’... ფიქრობდა პატრონი... „რა ცოტაა და რაოდენ ძვირად სანახავი, მთელი ქვეყნიერების ქონებაზეც კი მეტია... რთულად შესამჩნევია, და ზოგჯერ იმდენად უმნიშვნელოდ ჩანს, რომ შეიძლება გვერდით ჩაუარო და ვერც კი შეამჩნიო... ალბათ ამიტომაც არის ასე რთული მოსაპოვებელი... და თუ კარგად არ გაუფრთხილდი ასევე ადვილად დასაკარგი...’’ პატრონი დარდობდა: ,,ერთ დღესაც უგომ, რომ გვიმუხთლოს... მერე?..’’ მაინც ვერ ენდობოდა მებაღეს ბოლომდე, თუმცა უკვე აღიარებდა, სადღაც გულში ძალიანაც კი მოსწონდა ეს ბიჭი
უგო ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, გალერეაში სკამ-სავარძელში ჩათვლემილი შოპენს უსმენდა, დადას ძალიან კარგად უკრავდა, რადგან მებაღესაც მოსწონდა, უფრო მეტი ხალისით ასრულებდა.
მამულში აქა იქ მებაღე კვლავ მოიკითხეს, ბაღს მოვლა უნდა ამდენი ხანი სად დაიკარგაო. პატრონმა ბაღის მოვლა სხვა მსახურს დაავალა, თავის სამფლობელოში აღარ უნდოდა კიდევ ახალი კაცის შემოშვება. მებაღე კი ისეთი სახეშეცვლილი იყო ფანჯრიდანაც რომ იხედებოდა ეზოში ვერავინ სცნობდა, აბა საიდან უნდა სცოდნოდათ იმ გაბურძგნული ტყის კაცის ტყავში თუ ბევრად ახალგაზრდა სიმპათიური კაცი იცხოვრებდა. მებაღე უცხო სტუმარი ეგონათ და წესიერად არც აქცევდნენ ყურადღებას, ყველა თავისი საქმით იყო გართული.
LEX·2016 წლის 28 თებერვალი, კვირა

17.
დადას ღამით გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო, რომ სადღაც შორიდან შოპენი ჩაესმა.. ცოტა გამოფხიზლდა, ყური მიუგდო... სადღაც შორიდან კი არა ხმა გალერეიდან მოდიოდა. ვინ უნდა ყოფილიყო?... დადას მეტი ინსტრუმენტს არავინ ეკარებოდა... თანაც ასეთ დროს... მარტო დადას შეეძლო ნებისმიერ დროს დაკვრა.. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, უკვე დიდი ხანია არც არავის აღარ უკვირდა, მაგრამ ახლა თავად დადა იყო გაკვირვებული... ვინ უნდა ყოფილიყო?..
საწოლზე წამოჯდა, ახლა უკვე გარკვევით ესმოდა... წამოდგა და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და გალერეის კარი ოდნავ შეაღო... სიღრმეში ფანჯრიდან შემოღწეულ ფარნების შუქზე ნაცნობი ფიგურა შენიშნა... როიალთან უგო იჯდა და დადას შოპენს უკრავდა...
გოგონას გაეღიმა ,,რატომ ადრე არ მითხრა თუ ასე კარგად უკრავდა...’’ ფიქრობდა გულში და ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, არ უდნოდა მისთვის იდილია დაერღვია. მებაღემ დადას მოახლოება იგრძნო, მის სურნელს უკვე ასიათას ქალში გაარჩევდა... დაკვრა შეწყვიტა, მაგრამ კლავიშებიდან ხელი არ აუღია, არც უკან მოუხედავს, თვალები მაგრად დახუჭა.. წამით, მისთვის მთელი სამყარო გაირინდა, მხოლოდ დადას სურნელი იფრქვეოდა მის ზურგს უკან.
დადა უგოს თითებს ნაზად შეეხო, მერე კლავიშზე აკორდი აიღო, მებაღემ ხელი მოუჭირა და თვალებში ჩახედა: - ,,დადა!’’ გოგონა გაიტრუნა, მებაღეს სიტყვა ყელში გაეჩხირა, იცოდა რისი თქმაც უნდოდა, უკვე დიდი ხანია ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა აღარ იცოდა საიდან დაეწყო... ,,დადა, მომისმინე... ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ როგორმე აქედან უნდა გავიდე..’’ დადას გაკვირვება დაეტყო, თანაც ფიქრობდა სად უნდა გავიდესო, ნუთუ აქ თავს ცუდად გრძნობსო. მებაღე კი განაგრძობდა: ,,გახსოვს? რამდენჯერ მიშველე, რამდენჯერ დამეხმარე...’’ დადამ თავი დაუქნია. ,,ჰოდა ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა გიშველო... მე უნდა დაგეხმარო... ოღონდაც ჯერ აქედან უნდა გავიდე...’’ დადა გაკვირვებული შეჰყურებდა.. ,,ახლა არაფრის ახსნა არ შემიძლია, ვერც ვერაფერს გეტყვი... აქედან თუ არ გავედი, ისე ვერ დაგიცავ!’’ .. დადამ მხრები აიჩეჩა, ვერც ვერაფერი გაიგო, და ან როგორ და სად უნდა გაეშვა ვერც ამას მიხვდა.
მებაღე გალერეაში იმიტომ შემოვიდა, რომ გასასვლელის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო კარს, კუთხე კი სწორად დაიმახსოვრა, მაგრამ გასაღები ვერ უპოვა, ისევ დადას დახმარება იქნებოდა საჭირო.. შოპენი მოიშველია, იცოდა დადას ფხიზელი ძილი ჰქონდა, ყველაზე ახლოს გალერეასთან დადას საძინებელი იყო, თანაც გალერეაში არავინ შემოვიდოდა, ყველას იფიქრებდა რომ დადა უკრავდა.. ხელს არავინ შეუშლიდა...
,,გახსოვს აქ რომ შემოვიპარეთ?.. მე და შენ... წვიმაში’’ გოგონამ თავი დაუქნია, რა თქმა უნდა ახსოვდა. ,,ჰოდა ამავე გზით უნდა გამიშვა... გპირდები აუცილებლად დავბრუნდები... ოღონდაც ახლა... როგორმე უჩუმრად გამიშვი აქედან...“ დადამ მოიწყინა, თავი ჩაღუნა, თვალები ცრემლით აევსო... ამის დანახვაზე მებაღეს გული მოეწურა, ცოტაც და თავადაც აეტირებოდა, მერე თავს ძალა დაატანა, გონება მოკრიბა, დადას სახე ხელებში მოიქცია ,,შენი იმედი მაქვს, ამ ერთხელაც უნდა მიშველო, იმისთვის უნდა დამეხმარო, რომ დავბრუნდე და აგაშორო განსაცდელი, ვიცი შენ ამას ახლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ არაფერი იცი... არაფერი იცი რა ხდება გარეთ, სხვა სამყაროში... და არც არის საჭირო, რომ იცოდე, იქ კარგ საქმესთან ერთად ბევრი ავი და საშინელიც ხდება... პატრონმა მოგაშორა ყველაფერ ცუდს და საშინელს და აქ ამ სამოთხეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ...“ დადას ისეთი თვალები ჰქონდა მებაღეს საუბრის გაგრძელება უჭირდა... სულ დაიბნა... აღარ იცოდა რა ეთქვა, ან როგორ აეხსნა გოგონასთვის, თუ ვინ იყო სინამდვილეში და რატომაც მოვიდა აქ...
დადამ მოიწყინა თვალები დახარა, ამჯერად უკვე აღარ ტიროდა, ხელიც ჩამოაშორებინა სახიდან, ნელა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა, წამით მოტრიალდა, მებაღეს ანიშნა დამელოდეო. უგო ცოტა არ იყოს დაიბნა... სმენად იქცა, იფიქრა იქნებ დადა პატრონის დასაძახებლად თუ გავიდაო, მაგრამ არა. დადა თავის ოთახში შევიდა. ცოტა ხანში გალერეაში შემოსულ გოგონას ხელში დიდი ოვალური ფორმის ლამაზი ყუთი ეჭირა და მებაღეს ნაღვლიანად უყურებდა, უგო ვერაფერს მიხვდა. დადამ ლამაზი ყუთს თავი ახადა...
მებაღე გაოგნებული შეჰყურებდა ძვირფასი სამკაულებით სავსე ყუთს, რომელსაც დადა სთავაზობდა... ალბათ იფიქრა, რომ...
უგოს ოდნავ გაეღიმა: ,,დადა... ვიცი ეს ყველაფერი შენთვის არაფერს წარმოადგენს და მინდა იცოდე, რომ არც ჩემთვის არაფერია... უკვე დიდი ხანია თვალი აღარაფერზე მრჩება... მითუმეტეს სხვის ნივთებზე... ამ სახლში ერთადერთი ძვირფასი განძი შენ ხარ... გთხოვ როგორმე ახლა გამიშვი, იმისათვის გამიშვი, რომ დავბრუნდე და დაგიცვა... მეტს ვერაფერს გეტყვი... მხოლოდ იცოდე ჩემი იმედი გქონდეს, აუცილებლად დავბრუნდები... შენი გულისთვის დავბრუნდები... მხოლოდ შენი გულისთვის...’’
დადამ მაინც ვერაფერი გაიგო, მოწყენილად მივიდა კუთხესთან და ანიშნა რომელი მხრიდან უნდა ჩასწოლოდა კედელს... უგომ კარი გახსნას, დადა ერთ ადგილას იდგა, გაყინული მზერით შეჰყურებდა მებაღეს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა, მაგრამ თან დადას დატოვებაც არ ეთმობოდა, თავად კი იცოდა რატომაც იქცეოდა ასე, მაგრამ აბა ყველაფერს ხომ ვერ აუხსნიდა... არც ამდენი ახსნის დრო ჰქონდა.
მებაღემ დადა მაგრად ჩაიხუტა გულში, თან უჩურჩულებდა აუცილებლად დავბრუნდებიო... დადა კი კვლავ გახევებული იდგა და სამკაულების ყუთს ისე მაგრად იბღუჯავდა, თითქოს ვინმე ართმევდაო... უგომ კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში, კიდევ ერთხელ დაჰპირდა დაბრუნებას და ფრთხილი ნაბიჯებით კიბეს ჩაუყვა.
LEX·2016 წლის 29 თებერვალი, ორშაბათი

18.
დილით პატრონმა მებაღე თავის საწოლში, რომ ვერ აღმოაჩინა, იფიქრა, რომ გალერეაში იქნებოდა, მერე დადას საძინებელს მიუკაკუნა, არც აქ ხმა არავი გასცა და კარი, რომ შეაღო არც დადა დაუხვდა საწოლში, მაშინ უფრო დარწმუნდა, ორივენი უთოდ გალერეაში იქნებოდნენ და ღიმილიანი სახით ღიღინით წავიდა გალერეისკენ...
პატრონს თვალთ დაუბნელდა, მარცხენა მხარეს საშინელი ტკივილი იგრძო, გულზე ხელი იტაცა.. დადა ძირს გაშხლართულიყო იქვე მიმოფანტულ სამკაულებთან ერთად, ფარული ჩასასვლელის კარი ღია იყო. დიდი წვალებით სამალავის კართან მილასლასდა და ძლივს მოახერხა კარის მიხურვა, მერე ზურგით მიაწვა ისე ჩაკეტა და იქვე ჩაიკეცა... სუნთქვა საშინლად უჭირდა სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა... როგორღაც მოახერხა იქვე მდგარ სკამს დასწვდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფანჯარაში მოისროლა... სკამი ეზოში ფანჯრის ნამსხვრევებთან ერთად გადავარდა. მსხვრევის ხმაზე მსახურები ამოცვივდნენ...
გაზაფხულმა უღიმღამოდ ჩაიარა. არც ზაფხულს მოჰყოლია დადასთვის სიხარული. თავის სამყაროდან უკვე რა ხანია გამოერკვა, მაგრამ უხალისოდ განაგრძობდა ცხოვრებას, არც ხატვა აღარ აინტერესებდა აღარც წიგნები და აღარც მუსიკა. დროდადრო მსახურთა სამზარეულოში შეივლიდა, ყოველთვის უყვარდა მათი მოხმარება, თუმცა ადრე ხალისი და სიხარული შეჰქონდა, ახლა კი ჩვეულებრივი იერით მიუჯდებოდა მაგიდას, ხან კარტოფილის გაფცქვნაში ეხმარებოდა მზარეულებს და ხანაც მწვანილის დარჩევაში... აღარც მოხუცი მზარეულის გამომცხვარი მისი საყვარელი ლიმნის კექსი იყო გემრიელი...
აღარც ვარდების ბაღში სიამოვნებდა სეირნობა და ისე გავიდა ზაფხული ჩანჩქერთან ერთხელაც არ ასულა.
ზეკი რას აღარ აკეთებდა, რომ გოგონა გაემხიარულებინა, თუმცა არც კი იცოდა რა მიზეზით იყო ასე, პატრონს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა ზეკს მებაღეზე აღარაფერი არ უნდა სცოდნოდა. მას კი ეგონა დადა ჯერ კიდევ თავისი სამყაროდან გამოსვლას ვერ ახერხებსო. დადას არც გათენება აინტერესებდა და არც დაღამება, თითქოს ვალდებულების გრძნობით დგებოდა და წვებოდა. მისი შემხედვარე პატრონს გული უღონდებოდა. რაღაც ასპექტში მართლაც, რომ ამართლებდა უგოს საქციელს, სთვლიდა, რომ ვაჟკაცურად მოიქცა, დადას სიყვარულისა და პატივისცემის გამო მათ ოჯახს არაფერი დაუშავა და გაეცალა შორს, ამიტომაც გაიმეტეს თავისიანებმა, რადგან უარი თქვა დავალების შესრულებაზე. ამას ფიქრობდა პატრონი და ნაწილობრივ მართალიც იყო. ალბათ თავადაც ასე მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში.
დღეები გადიოდა დადა კვლავ ჩვეულებრივი უბრალო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, სადღაც გამქრალიყო მისი ორიგინალურობა, და უჩვეულო საოცრად მდიდარი სამყარო, გალერეაში ფეხის შედგმაც კი აღარ უნდოდა. რამდენჯერმე სამზარეულოში უგოს ხსენებასაც მოჰკრა ყური, თავი ისე დაიჭრა ვითომც არაფერი ესმოდა, სინამდვილეში ჭორიკანა ქალებისგან ბევრი რამ შეიტყო. როგორ ატარებდა ვითომც უბადრუკი მებაღე მსახურის ცოლებთან ღამღამობით დროს და როგორი მოტყუებულნი რჩებოდნენ სამუშაოს მერე გალეშილი მსახური ქალების ქმრები თავიანთი ცოლებისგან. დადა ჩაფიქრდა რა საშინელი მოსასმენი იყო ეს ყველაფერი, უგოზე მეტად ამ ქალებზე აერია გული. სამზარეულოდან გაქვავებული სახით გამოვიდა. ზურგიდან ყიჟინი და ოვაციები შემოესმა, თავლის მხარეს უკანა ეზოში ახალ მოყვანილი ცხენების გახედვნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ზეკმა ყველას აჯობა. დადამ დამარცხებულებში რამოდენიმე მოღალატე ცოლების ქმრებიც შენიშნა და მწარედ ჩაეცინა. ზეკმა კი ამ დროს მორჯულებული რაში წრეზე ჩამოატარა, დადას დანახვაზე სიხარულით კინაღამ ცხენიდან გადმოვარდა. საოცარი იყო დადა უღიმოდა და თან ტაშს უკრავდა გამარჯვებულ ბიჭს. ამ დღიდან მოყოლებული დადა თითქოს ზეკს დაუმეგობრდა, ბევრად მეტ დროს ატარებდნენ ერთად ვიდრე ოდესმე. პატრონს არც მოსწონდა მათი მეგობრობა, მაგრამ არც ხელს უშლიდა. ოღონდ დადას გული გადაეყოლებინა და ვისთანაც უნდოდა იმასთან ემეგობრა.
მკვლელი, ავაზაკი ზეკი და ხელოვნების მოყვარული მეოცნებე დადა... საინტერესო თანწყობა იყო. თუმცა არც უგო იყო ზეკზე ნაკლები. ზეკი მძარცველი და მკვლელი იყო უგო კი დაქირავებული მკვლელი. არც თუ ისე დიდი განსხვავება იყო მათ შორის. ზეკს ყაჩაღობა სისხლში ჰქონდა, სხვანაირად უკვე ვეღარც იცხოვრებდა. ქვეყნად წანწანლი ყველას და ყველაფერს ურჩევნოდა. უგო კი პირიქით შედარებით დინჯი და დაკვირვებული იყო. ბევრ დამკვეთს უარით ისტუმრებდა, მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა დავალების შესრულებაზე თუ დამქირავებელივით მსხვერპლიც არაკაცი და ავაზაკი იყო. უგოს სხვის ქონებაზე თვალიც არ რჩებოდა, სხვის ნივთს არასოდეს ახლებდა ხელს. მისთვის მთავარი იყო აღებული დავალება პირნათლად შეესრულებინა, ანაზღაურება მიეღო და გადახვეწილიყო იმ არემარედან. თავის ნამდვილ სახეს ნაკლებად აჩენდა, კლიენტს შენიღბულიც კი ხვდებოდა, ამიტომაც გაუჭირდა თავის დროზე პატრონს მისი ამოცნობა. არავინ იცნობდა უგოსნაირ კაცს. პატრონი დაახლოებით ხვდებოდა უგო რა კაციც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მისი საქმიანობისა, მაინც მოიხიბლა იყო ამ კაცით. უგოსთან დადა ბედნიერად გრძნობდა თავს, ზეკთან კი თითქოს მობეზრებული ცხოვრების დრო გაჰყავდა. სწორედ ეს ადარდებდა პატრონს და გულმოკლული შეჰყურებდა დადას. ,,ნეტა მართლა ახლა სად შეიძლება იყოს უგო?’’... ფიქრობდა პატრონი... ,,ნუთუ დადა არ ენატრება? ან რა იყო მისი ქცევა?... პროფესიონალი მკვლელი ასე არ იქცევა... ასე რატომ გაწელა და გააჭიანურა შეკვეთის შესრულება... მებაღეობა გაუტკბა... და საქმეზეც უარი თქვა... მაგის გამო კი ლამის სიკვდილს გამოასალმეს... და ეს ყველაფერი დადას გულისთვის... მან კი იმით დააჯილდოვა თავისი რჩეული, რომ სახლიდან საიდუმლო გასასვლელიც კი ასწავლა... ჰმ... დადა, დადა... ‘’
LEX·2016 წლის 2 მარტი, ოთხშაბათი

19.
უგო კი თავის დროზე პროფესიონალი ქილერი, ძალიან უბრალოდ და მარტივად გაება მახეში, ისე და ისეთ დროს, რომ არც კი მოელოდა, თავად ქალების გულთამპყრობელი, აქეთ გახდა ქალის ტუსაღი და თავის დაღწევასაც ვერ ახერხებდა.
მისთვის შეყვარება არ იყო უჩვეულო, ვისთანაც შედარებით დიდ ხანს ჩერდებოდა, თავისებურად უყვარდა კიდეც, თუმცა ცდილობდა ზედმეტად არ შეჩვეოდა მათ, ამას თავისი საქმიანობა აიძულებდა, როგორც კი შეიგრძნობდა, რომ უკვე ზედმეტად მიეტმასნებოდა პარტნიორს, მალევე აქცევდა ზურგს და ისე ტოვებდა უკან არც იხედებოდა.
დადასთან კი წასასვლელად კი არა მართლაც გასაქცევად ჰქონდა საქმე, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ვერ ერეოდა თავს. ვერა და ვერ მოთოკა გრძნობები. პირველი დღიდანვე მოხიბლა ამ საოცარ თვალებიანმა გოგომ, ყველზე მეტად მისმა შინაგანმა სამყარომ გააოგნა. დაბნეული დაბორიალობდა ბაღში და გადაყოლილი იყო ვარდების მოვლას, მართლაც მთელი გულით მუშაობდა, და სულ ცდილობდა ჩუმ-ჩუმად დადას ახლოს ეფუსფუსა. დადა კი იმ პერიოდში საერთოდაც ვერ ამჩნევდა, თუმცა როცა საჭირო გახდა, დამცველადაც კი მოევლინა... თანაც არა ერთხელ...
პატრონმაც მის მიმართ საოცარი სითბო გამოავლინა...
სულ სხვა რამეს ელოდა და სულ სხვაგან, თითქოს უცხო სამყაროში მოხვდა. ეგონა დახვდებოდნენ სიღატაკიდან გამოსული, გვიან გამდიდრებული ამპარტავანი და საშინელი ხალხი, ის ხალხი ვინც სიმდიდრის გემო მოგვიანებით იგემა და თავიანთი წარმომავლობა მიივიწყა...
გაამპარტავნებულ და ცხვირაწეულ ხალხს ბავშვობიდან ვერ იტანდა, თვალს არ დაახამხამებდა ისე გამოასალმებდა პატრონს და მერე მის შთამომავალს სიცოცხლეს. მაგრამ შეცდა, სულ სხვა ხალხს შეხვდა. მისი ცხოვრებაც სულ სხვანაირად ამობრუნდა.
თითქოს მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ და სათნო ხალხს ერთ მამულში მოეყარა თავი... ერთადერთი ზეკის გარდა ყველანი კარგად მოექცა, თუმცა მის საქციელსაც ამართლებდა, ბიჭი დადას იცავდა, მის ადგილას თავადაც ასევე მოიქცეოდა...
ზეკი იმ დღის მერე არც გაკარებია, ხანდახან კი გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, მაგრამ თავს ისე მოისაწ....ბდა და ისე გულმოდგინედ ჩაეფლობოდა საქმეში, რომ ზეკიც მერე თავს ანებებდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ მაინც ეჭვის თვალით უყურებდა.
თავიდან უნდოდა იმავე ძონძებშივე დარჩენილიყო, რითაც მოვიდა... უძლურად და საცოდავად მოაჩვენა ხალხს თავი, მაგრამ პატრონების მსგავსად მსახურებიც სიკეთით აღსავსენი აღმოჩნდნენ... მართალია ძველმანებით, მაგრამ მაინც ნაირ-ნაირი ტანსაცმლით შეეცადნენ შეემოსათ, მან კი ყველაზე გაქუცული და გაცრეცილი უფორმო სამოსი შეარჩია, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო მისი გარეგნობა. მოუვლელი თმითა და გაბურძგნული წვერით, კიდევ უფრო უბადრუკი შესახედი ხდებოდა. საცხოვრებლადაც ცალკე მოშორებით ყველაზე ცუდი ალაგი შეარჩია. მშვენიერ ოთახს სთავაზობდნენ, მან კი ადამიანურ საცხოვრებელზე უარი სთქვა და რაღაც ცხოველის სადგომი აირჩია ღამის გასათევად. თავიდან მსახურებს გაუკვირდათ მისი ახირება, მერე კი მიეჩვივნენ და აღარც კითხულობდნენ. ზოგმა ისე იფიქრა, ზოგმა ასე და საბოლოოდ ყველა შეეგუა და აღარავის უკვირდა, დადას უცნაურობების შემყურე ხალხს რაიმე გააკვირვებდა განა?...
მებაღემ, როგორც იქნა გააღწია ოქროს გალიიდან... მთვარის შუქზე გზას მიიკვლევდა, მაგრამ გული და სული დადასთან რჩებოდა...
წამოვიდა... გამოიქცა იქიდან...
იქიდან სადაც ყველანაირი სიკეთე და სიყვარული ერთად შეიგრძნო, სწორედ ის ადგილი დატოვა და წავიდა... წავიდა ისე, რომ უკან არ მოუხედავს...
როცა დადას დაცვა გადაწყვიტა დამკვეთებს შეუთვალა, შეგშლიათ სულ სხვა ოჯახში გამაგზავნეთო... თვალის ასახვევად და კვალის დასაფარად სხვა სამუშაოს შესრულება მოითხოვა... და ამისთვის დაისაჯა კიდეც, რადგან დამკვეთმა ძალიან კარგადაც იცოდა, თუ ვის მიუგზავნა მკვლელი...
LEX·2016 წლის 4 მარტი, პარასკევი

20.
დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. პატრონს დაცვა ისევ გამაგრებული ჰქონდა, თუმცა არავინ ჩანდა მათი არც მომჩივანი ავად და არც მომკითხავი.
დადას უღიმღამო ცხოვრებას ისიც შეემატა, რომ იმ საშიშ თვალებიანმა კაცმა მათთან ვიზიტს უმატა. ისევე, როგორც ადრე, დადას საშინლად არ სიამოვნებდა და აღიზიანებდა მისი სტუმრობა, მაგრამ წინათ თუ შეშინებული უყურებდა, ახლა ცივ გაყინულ მზერას შეაგებებდა და საშიშ თვალება კაცი, ისე თამამად ვეღარ უბედავდა დადას თვალებში ჩაძრომას.
დადას ნაცრისფერ დღეებს დრო კიდევ უფრო უფერულს ხდებოდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყო... ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, მებაღის გამოჩენამდე...
ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე... დადას გარდა... ერთ დროს მხიარული, ბედნიერი და ყოველთვის ხალისიანი გოგონა ახლა უკვე ცივი, უხეში, უინტერესო გახდა...
დანარჩენი კი ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე... მაგრამ პატრონი მაინც ვერ ისვენებდა. გრძნობდა უგოს გაქრობა-გამოჩენა მათ ცხოვრებაში უკვალოდ არ ჩაივლიდა, ამიტომაც მუდამ ფხიზლობდა. დროდადრო ამოწმებდა თავის იარაღის კოლექციას, რომლისთვისაც ფაქტიურად ერთი ოთახი ჰქონდა დათმობილი, კაბინეტთან იარაღების პატარა მუზეუმი ჰქონდა მოწყობილი. დადა აქ არასდროს შემოდიოდა და არც არასდროს იჩენდა ინტერესს იარაღების მიმართ, ამიტომ პატრონს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ოთახში შესულმა დაინახა, რომ დადას ერთ-ერთი მაგიდის საფარი შუშა ახდილი ჰქონდა და იარაღებს ათვალიერებდა, ზოგს ისე უყურებდა ზოგსაც კი ხელს ავლებდა... დადას ყველაფერი აინტერესებდა, პატრონი სათითაოდ უხსნიდა და კარგად ათვალიერებინებდა... დადაც მთელი ინტერესით უსმენდა და გულდასმით აკვირდებოდა. ზოგი ძალიან მძიმე მოეჩვენა, ზოგიც კიდევ მოუხერხებელი, პატრონი სროლის სწავლას და თან იარაღის ჩუქებასაც დაჰპირდა, ისეთს რომელიც მას მოუხდებოდა და მოეწონებოდა, ხელში ადვილად დაიჭერდა და სროლაც კარგად გამოუვიდოდა. დადა სიხარულით უქნევდა თავს, ეტყობოდა, რომ პატრონის წინადადება ძალიან მოსწონდა. თუმცა მის თვალებში სიხარულთან ერთად რაღაც სხვა ნაპერწკალმაც გაიელვა, რაც პატრონის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია. ვერ მიუხვდა დადა შურისძიებას აპირებდა თუ?... ან როგორ უნდა ეძია შური... სად უნდა ეპოვნა უგო... ,,ზეკს მაგიტომ უფრო ხომ არ დაუმეგობრდა, რომ უგოს პოვნაში დაიხმაროს?... მთავარია თავის თავს არაფერი ავნოს და...’’ ფიქრობდა პატრონი.
ეჭვმა აღარ მოასვენა და ზეკთან სალაპარაკოდ გაეშურა. სასტიკად განრისხდა, როცა გაიგო, რომ ზეკი თურმე რა ხანია დადას სროლას ასწავლიდა და არც თუ ისე ცუდი მოსწავლე ყოფილა. ,,რა იყო რა ამბავი ატეხე?.. დადამ თვითონ მთხოვა სროლა მასწავლეო და მერე რა?..’’ გაკვირვებული პასუხობდა ზეკი. პატრონი კი უხსნიდა ,,მერე თავის თავს რომ ავნოს?.. მაგაზე თუ დაფიქრებულხარ?’’ ზეკმა მხრები აიჩეჩა: ,,არა მგონია... მაგას არ ჩაიდენს... თუმცა... ‘’ ზეკი გაჩუმდა, პატრონს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა: ,,რა თუმცა?.. მითხარი კიდევ რა იცი?.. რას მიმალავ!’’ ზეკი გაბრაზდა: ,,რას უნდა გიმალავდე?... , რომ უნდოდეს, მაშინ ამდენი ხანი რაღას უცდის? ორ ლულიანი თოფითაც კი დაინტერესდა... სანადიროდ წაყვანაც კი მთხოვა...’’ პატრონი ჩაფიქრდა, ვერ მიმხვდარიყო თუ რა მიზნები ამოძრავებდა დადას. არა, მისი ეს ინტერესი სულაც არ ჰგავდა თვითმკვლელობის მცდელობას, ეს უფრო მეტად შურისძიებას... კარგად მოფიქრებული გეგმის სამზადისს უფრო ჰგავდა...
,,დადა... დადა.... როგორ შეიცვალე ასე... ნეტა რას ფიქრობ და რას აპირებ?’’... პატრონმა ახლა დადასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, სანამ მართლა გვიანი არ იყო, უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა. მისდა გასაკვირვად დადა თურმე არც ს აპირებდა და არც ვინმეზე შურისძიებას, მას მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დაცვა უნდოდა, მასაც სურდა მიეღო მონაწილეობა სახლის დაცვაში, და ყველაფრისთვის მზად ყოფნა უნდოდა. ცხადი იყო დადამ რაღაც იცოდა ,,ნეტა რა უთხრა უგომ წასვლის წინ?’’ ფიქრობდა პატრონი, თუმცა რაც მებაღე გაუჩინარდა მას მერე დადასთან არასდროს არ უხსენებია. მითუმეტეს, რომ აღარც დადა იჩენდა ინტერესს.
LEX·2016 წლის 7 მარტი, ორშაბათი


21.
დადამ ზეკთან ერთად სანადიროდ სიარულს მოუხშირა. დიდი ვერაფერი მონადირე იყო, მაგრამ ზეკს უწევდა პარტნიორობას, ცოტა თითქოს ხალისიც მოემატა, რაღაც აზრი მიეცა მის ცხოვრებას, მაგრამ ძველებურად ისე ვეღარ ხარობდა. იარაღი მისთვის განუყრელი მეგობარივით გახდა, ეზოშიც სულ თოფით ხელში დადიოდა. ერთ დროს პეპელასავით მოფარფატე გოგოს დღეს უფრო ბიჭური იერი მისცემოდა. პატრონი სერიოზულად აკვირდებოდა, სურდა გაეგო სინამდვილეში რა ჰქონდა ჩაფიქრებული გოგოს, მაგრამ ვერც მისგან და ვერც ზეკისგან ვერაფერი შეიტყო. ამიტომ გადაწყვიტა დადას უჩუმრად მისი ოთახი დაეთვალიერებინა. იცოდა ეს არ იყო სახარბიელო საქციელი, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, სანამ გვიან არ იყო და სანამ მართლა რაიმე საბედისწერო შეცდომა არ ჩაუდენია უნდა გაეგო რა ხდებოდა მის ოჯახში.
პატრონმა დრო შეარჩია, დადა ზეკთან ერთად სანადიროდ იყო წასული. ფარულად მისი ოთახის თვალიერებას შეუდგა, ყველაფერს გულდასმით აკვირდებოდა, ყოველ ნივთს და ყოველ წვრილმანსაც კი და მერე ისევე ფრთხილად აბრუნებდა თავის ადგილას, რომ შინ დაბრუნებულ დადას არაფერი შეემჩნია. დიდ ხანს ათვალიერა, ყოველი კუთხე კუნჭული გადაქექა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა. ოთახიდან გამოსული კარს მიეყრდნო, თვალები დახუჭა, თავში ათასნაირმა ფიქრმა გაუელვა. რა ეღონა არ იცოდა. უცებ მის მეხსიერებაში გალერეაში მებაღის პირველი ვიზიტი ამოტივტივდა. სასწრაფოდ გალერეისკენ გაეშურა. შესვლისთანავე მტვრის სუნი ეცა. ცხადი იყო დადა აქ არც შემოდიოდა, ეს ისედაც იცოდა, მაგრამ მაინც, რაღაც ძალამ აქ შემოსვლა აიძულა. მთელი ოთახი მტვრით იყო დაფარული, კუთხეებში ნახატების გროვა ერთმანეთზე ეწყო, პალიტრაზე შემხმარ საღებავებს მტვრის სქელი ფენა ეფინა, არც აქ არაფერი იყო საეჭვო და ხელჩასაჭიდი. დადას გარეშე დარჩენილი ნივთები თითქოს მოწყენილად შემოჰყურებდნენ პატრონს... დადას პალიტრა... დადას დადუმებული როიალი... დადას ბიბლიოთეკა... ნაღვლიანად მომზირალი წიგნები...
პატრონმა წიგნების თვალიერებას მოჰყვა, ვინ იცის მასაც დადასავით რამდენჯერ ჰქონდა გადაკითხული... თაროებს ჩამოუარა, ავტორის ან წიგნის ნაცნობი სათაურის ამოკითხვისას ეღიმებოდა... ერთ სქელტანიან წიგნზე ვერაფერი წარწერა ვერ შეამჩნია, ნეტა რომელი წიგნი უნდა იყოსო გაიფიქრა და უფრო ახლოს მივიდა ის იყო წიგნის ჩამოსაღებად ხელი გაიწვდინა, რომ შეამჩნია, თაროს კიდის სწორედ ამ ადგილას მტვერი საერთოდ არ იყო, თითქოს სპეციალურად იყო ასე სუფთად დატოვებული, დანარჩენ თაროს კიდეს კი ერთიანად გასდევდა მტვრის ზოლი. ახლა უფრო გაუჩნდა ინტერესი... ფრთხილად ჩამოიღო, წიგნი საკმაოდ სქელტანიანი და ტყავგადაკრული იყო, მისდა გასაკვირად არც ზემოდან ეწერა რამე. წიგნის გადაშლისთანავე პირველივე გვერდზე დადას ხელით ეწერა - ,,საჩუქარი’’, შემდეგი ფურცელი კი ასე იწყებოდა: ,,ჩემი უჩვეულო საჩუქარი ჩემს უჩვეულო მეგობარს!’’... გაოცებულს ხელში წიგნის ნაცვლად დადას დღიური შერჩა.
LEX·2016 წლის 8 მარტი, სამბათი

22.
ეზოში ძაღლების ყეფა მოისმა, რასაც შეძახილები და სტვენა მოჰყვა. მონადირეები დაბრუნებულიყვნენ. პატრონმა წიგნაკი თავსი ადგილას დააბრუნა და მათ შესაგებელად გაეშურა. დადა მშვენიერ ხასიათზე იყო, მხიარული თვალები შეანათა პატრონს, პატრონმაც გაუღიმა. ზეკმა ბუზღუნით მიყარა მონადირის აღჭურვილობა და პატრონისთვის არც კი შეუხედავს, ისე შევიდა სახლში. პატრონმა დაკვირვებით შეხედა... ,,ჰმ... საინტერესოაო“ გაიფიქრა.
ზეკი განრისხებული ჩანდა, დადა - კმაყოფილი...
უხმოდ ისადილეს, ზეკი კუშტად იყურებოდა, დადას თვალებში კი ბოროტად ელვარებდა სიხარულის ნაპერწკალი. პატრონი ორივეს მალულად აკვირდებოდა, მხოლოდ დესერტის შემოტანისას ზეკს უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა, მაგიდას ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი ლამის ჭურჭელი ერთმანეთს შეამსხვრია. დადა შეხტა, თუმცა ცხვირ აბზუებული ახედა ფეხზე წამომდგარ ბიჭს. პატრონმა ისეთი სიმკაცრით უთხრა შენს ადგილას დაჯექიო, რომ ზეკი მოწყვეტით დაეშვა სკამზე, კუშტად შეკრული წარბები და მოკუმული პირი მის წარმომავლობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. გაგულისებული ბოშა ბიჭი უხმოდ ცოფებს ყრიდა, მაგრამ პატრონის პატივისცემის გამო თავის ადგილს დაუბრუნდა. დადამ მშვიდი სახით შეექცეოდა გემრიელ დესერტს. ჩანდა, რომ ზეკის გაბრაზებამ მას მხიარულება მოუტანა. პატრონს სუფრასთან გაჩერების სურვილი გაუქრა, წამოდგა, ზეკს თავის კაბინეტისკენ მოუხმო. მარტოდ დარჩენილმა დადამ ბედნიერი სახით ბოლომდე ამოასუფთავა დესერტის ულუფა, თავადაც წამოდგა და უნებართვოდ პატრონის კაბინეტს მიაშურა.
არავის ჰქონდა უფლება პატრონს იმ დროს დასდგომოდა თავზე, როდესაც კაბინეტში ვინმეს სასაუბროდ მოიხმობდა. ახლა კი დადას ზედმეტმა სითავხედემ ზეკის გარდა პატრონიც გააოგნა. დადამ თამამად შეაბიჯა ოთახში მათ შორიახლო სავარძელში მოკალათდა და ამაყად გადახედა კაცებს. ზეკმა გაბრაზებით შეხედა, კაცების საქმეებში ნუ ერევიო შეუღრინა. დადამ ცალი წარბია ასწია და თავი ისე კეკლუცად გააქნია თითქოს უპასუხა შენ ვინ გეკითხებაო. ზეკი იღრინებოდა, დადა კი ჩანდა, რომ სპეციალურად შლიდა ნერვებზე. პატრონს გაეღიმა, მაგრამ შეეცადა კვლავ სერიოზული სახით დალაპარაკებოდა წყვილს.
ის იყო საუბარი უნდა დაეწყო, რომ მსახურმა აცნობა სტუმარიაო. პატრონთან ისევ ის საშიშ თვალება კაცი მოსულიყო, მის ხსენებაზე დადას აშკარად ზიზღი დაეტყო, ზეკი გაკვირვებული შესცქეროდა, არც პატრონს არასდროს შეუმჩნევია მსგავსი რამ დადასთვის, ცოტა არ იყოს, სახეზე გაკვირვება გამოეხატა... თუმცა მაგის დრო უკვე აღარ ჰქონდა, სტუმარი უნდა მიეღო, ამიტომ ორივე სასწრაფოდ კაბინეტიდან დაითხოვა...
პატრონმა მთელი ღამე ფიქრში გაატარა, ძალიან აინტერესებდა რას წერდა დადა თავის დღიურში. მართალია წაკითხვა ვერ მოასწრო, მაგრამ ისიც არ იცოდა უნდა წაეკითხა თუ არა, არ შეიძლებოდა მის სულში ჩაძრომა ვისაც ენდობი გიყვარს და შენიანად მიიჩნევ, თუმცა ვინ იცის რა უდევს გულშიო - ფიქრობდა - ,,იქნებ რაიმე სიბოროტე აქვს ჩაფიქრებული, ამით ხომ თავსაც დაიღუპავს და ვინ იცის კიდევ რამდენს შეიწირავს... რა ვქნა რა ვიღონო?’’. წამოდგა ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა დადა როდისღა ასწრებდა დღიურის წერას, საინტერესო კი მისი შინაარსი უფრო იყო...
შემდეგ დღეს უკვე კაბინეტში აღარ დაუბარებია. ზეკმა პირდაპირ საუზმეზე მოახსენა, რომ დადას სანადიროდ აღარასოდეს წაიყვანდა, იმიტომ რომ ხან კურდღელი შეიცოდა, ხან იხვები დაუფრთხო, ადრე ვითომ შემთხვევით მოსდიოდა ახლა კი თურმე აღარც მალავდა და სპეციალურად შლიდა ნერვებზე. დადას ეღიმებოდა, ზეკი ბუზღუნებდა, პატრონი ჯერ მშვიდად უსმენდა, ბოლოს კი ზეკის მონაყოლზე სიცილი აუვარდა... თურმე დადას ოინებს ბოლო არ უჩანდა, და ზეკსაც ბევრჯერ მოუთმენია, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულ უარზე იდგა და მეტი არასდროს აღარ წაიყვანდა სანადიროდ.
რა თამაშს თამაშობდა დადა ან რისკენ ისწრაფოდა პატრონმა ვერაფერ გაარკვია, ამიტომ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ დადას ჩანაწერები აუცილებლად უნდა წაეკითხა.
LEX·2016 წლის 9 მარტი, ოთხშაბათი


23.
ნახევარ წელზე იყო მეტი გასული და პატრონმა უგოს კვალს ვერსად მიაგნო. ძალიან შორს და ბევრ ალაგს დააგზავნა ხალხი, მაგრამ მებაღისნაირ კაცს არავინ იცნობდა... ან იქნებ სულაც კარგადაც იცნობდნენ და შიშითაც მალავდნენ.
შესაძლოა დადას დღიურს ბევრ რამეზე მოეფინა ნათელი, პატრონი ინტერესით კვდებოდა, ხან მტკიცედ გადაწყვეტდა, რომ უთუოდ უნდა წაეკითხა, ხან კი ამის გაფიქრებაზეც კი უხერხული შეგრძნება ეუფლებოდა, სადღაც თითქოს მოღალატის ამპლუაშიც კი გრძნობდა თავს...
დღეები ისევ გაიწელა. ზეკი უკვე საბოლოოდ გადმობარგდა პატრონთან. ბოლო დროს ძალიან არეულად იცხოვრა, ლოთობასა და თამაშს მიჰყო ხელი, საკმაოდ დიდი თანხაც წააგო, ზედ ქალაქის სახლიც მიაყოლა, ცალკე მევალეები კიდევ გულს უწყალებდნენ, და სანამ ახალ სარფიან საქმეს მოიგდებდა ხელთ, მანამდე პატრონის ფრთის ქვეშ გაყუჩება ამჯობინა. უგოს ამბავს ჯერ კიდევ უმალავდნენ, პატრონმა იცოდა მისი ფიცხი ხასიათი, ზეკი უთუოდ რაღაც ახალ ხიფათს გადაეყრებოდა, ვიდრე რაიმე სარგებელს მოუტანდა ოჯახს, მითუმეტეს, რომ მებაღე ზეკს დიდად არ ეპიტნავებოდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო, მამულში უკმაყოფილოდ დაბორიალებდა, უფრო მეტად თავის თავზე გაბრაზებული ყველაფერზე იღრინებოდა და უმიზეზოდ აძლევდა მსახურებს შენიშვნებს... სულ ბურდღუნებდა და აღარც დადა დაჰყავდა სანადიროდ, თუმცა არც დადა იკლავდა თავს.
დადას ნადირობის ინტერესი სრულიად დაჰკარგვოდა. რაღაც ახალს აიჩემებდა, თითქოს მთელ სულსა და გულს ჩააქსოვდა და მერე კი უცებ ანებებდა თავს და ისე აქცევდა ზურგს, რომ საერთოდ აღარ იხედებოდა იქითკენ. პატრონი ყველანაირად ხელს უწყობდა დადას ახალ-ახალ ახირებებს, ფიქრობდა რომ ახალ ინტერესებს იქნებ ისევ ის ძველი დადა დაებრუნებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო და არაფერი იცვლებოდა. ძველი მხიარული დადა სადღაც შორს გამქრალიყო... თითქოს უგოს გაჰყოლოდა და უკან მობრუნებას აღარ აპირებდა.
დადამ ახლა სამზარეულოში ყოფნას მოუხშირა. სხვადასხვა კერძისა თუ დესერტის მზადებით იყო დაინტერესებული. პატრონს უხაროდა, კარგია თავსაც გაირთობს და ბევრ რამესაც ისწავლისო. იარაღის ტრიალს და სანადიროდ სიარულს ისევ სამზარეულოში ყოფნა სჯობდა, საფრთხეც ნაკლები იყო და პატრონსაც გული მშვიდად ჰქონდა.
სინამდვილეში კი დადა უგოს ამბების გასაგებად უფრო მიდიოდა. იყო თავისთვის ჩუმად. თავი ისე ეჭირა, თითქოს მეტყველებასთან ერთად სმენაც დახშული ჰქონდა, თან კერძს ამზადებდა და თან ყურებ დაცქვეტილი უსმენდა უგოს მოტრფიალე მოსამსახურე ქალების ქაქანს.
პატრონი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა, დადას დღიურის წაკითხვას. რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო ადგილს ვერ პოულობდა, ძალიან გულით კი უნდოდა წაკითხვა, მაგრამ სამზარეულოდან დადა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამოსულიყო, ამიტომ მეტი სიფრთხილე იყო საჭირო.
ერთ დღესაც რაღაც საქმე მოიმიზეზა, ზეკი ქალაქში გაუშვა და თან დადაც გააყოლა, დადას კი ცალკე დავალება მისცა. გოგონა სიხარულით დათანხმდა, ზეკი კი ბუზღუნებდა. იცოდე კიდევ რაიმე ოინბაზობა არ მომიწყოო - აფრთხილებდა დადას.
,,როგორც იქნა’’ - გაიფიქრა პატრონმა, როცა ზეკის მანქანა თვალს მიეფარა, ლამის სირბილით აირბინა კიბე... გალერეაში შესვლილისას აქოშინებული კარს მიეყრდნო ძლივს ამოისუნთქა. ცოტა ხანს ისევ ეჭვი შეეპარა... ,,ნუთუ შეიძლება ადამიანს, რომ პატივს სცემ მის სულში უნებართვოდ ჩაუძვრე?... ეს უსინდისობა და ღალატია მის მიმართ, მაგრამ....’’ პატრონი კარს მოსწყდა, თაროდან წიგნაკი ჩამოიღო და კითხვას, შეუდგა, თან გულში საკუთარ თავს სულ უნამუსოს და უსაყვარლესი ადამიანის სულის მოღალატეს უწოდებდა.
LEX·2016 წლის 10 მარტი, ხუთშაბათი


24.
,,ჩემი უჩვეულო საჩუქარი ჩემს უჩვეულო მეგობარს!“...

ასე იწყებოდა დადას ხელნაწერი...
ჩანაწერები ზოგ ცალკე ერთეულ აბზაცს მოიცავდა, ზოგან თითქმის მთელი გვერდი იყო შევსებული, ზოგან ნახევარ გვერდამდეც ძლივს აღწევდა. აბზაცებს შორის დიდი მანძილი იყო დატოვებული, ალბათ სხვდასხვა დროის ნაწერს ასე გამოარჩევდა, რადგან თარიღი არსად არ იყო დასმული.
ფურცლები სავსე იყო უგოსთვის მიძღვნილი წერილებით. დადა ხან წარსულ დროში იხსენიებდა, ხანაც თითქოს ახლახან დაშორდაო...
ჩანაწერებთან ერთად ადამიანის სხეულის ნაწილები იყო ჩახატული ... ცხვირი და თვალები, ხან მარტო თვალები, ნახევარი სახე წვერით, ხანაც კი უწვეროდ... ხან დაკუნთული მკლავი... ყველა ეს ჩანახატი ძალიან ჰგავდა უგოს და ცხადია ასეც იყო.
პატრონს ჩაეღიმა და კითხვა განაგრძო:

„არ ვიცი ეს ყველაფერი როდიდან დაიწყო და არც ის ვიცოდი სადამდე მიმიყვანდა...
ზოგჯერ ვფიქრობ ავხსნა ჩემთვის ვინ იყავი და რას წარმოადგენდი...
თუმცა ყველა შეკითხვას მარტივი პასუხით ვხსნიდი....
შენ უბრალოდ იყავი... იყავი და არსებობდი ჩემთვის და სულ ამას ვთხოვდი ღმერთს - უბრალოდ ყოფილიყავი, მეტი არაფერი მინდოდა...

„ზოგჯერ ისიც კი მეჩვენებოდა, რომ ამ ყოფნაში უსასრულოდ ბევრს მოვითხოვდი...
შეიძლება ასეც იყო, ის რაც მიზერული იქნებოდა ნებისმიერი სხვისთვის, რომ ნამდვილ მეგობრად დარჩენილიყო, შენთვის შესაძლებელია უზარმაზარიც იყო...
საოცარი იყო შენთან ურთიერთობა... საოცარი და ძალიან ადვილი... ძალიან, იმდენად ადვილი, რომ ზოგჯერ პრიმიტიულიც კი იყო, ალბათ ამიტომაც იყო შენში ზოგჯერ ბევრი რამ ზედაპირულიც კი....“

„მიუხედავად იმისა რომ უმდიდრესი შინაგანი სამყარო გქონდა. ბევრჯერ შენი ქცევა საოცრად ცივი და გაყინული იყო. კარგად რომ არ მცოდნოდა შენი შინაგანი სამყარო ვიფიქრებდი, რომ გონებაც და გულიც ორივე გაყინული გქონდა. ოღონდ შენი თავი დაგეცვა და უკან არ იხევდი, ბოდიშს იხდიდი, მაგრამ არა იმიტომ რომ მართლა გრძნობდი შენს დანაშაულს, არამედ სხვისთვის, რომ გეგრძნობინებინა, მიუხედავად ყველაფრისა გნებდებიო, თუმცა არ ხარ მართალიო, და ამავე დროს შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო... შენ თავად ყოფილიყავი დამნაშავე და თან სერიოზული დამნაშავე...
გინდოდა სხვისთვის გეგრძნობინებინა თავი დამნაშავედ, მაშინაც კი თუ იცოდი, რომ ის მართალი იყო, თავს აჩვენებდი, როგორც მისი მონა, თითქოს მან დაგიპყრო, სინამდვილეში კი ქვეშევრდომად გინდოდა გექცია - ეს როცა ზოგჯერ...
მაგრამ როცა მართლა გულით განიცდიდი და სინანულს გრძნობდი გულისტკენაზე მაშინ მართლა ჩასახუტებელი მყავდი, მე კი ამ დროს რაც შემიძლო თავს ვიკავებ, მეშინოდა კიდეც ჩემი საპასუხო სითბოსი ვაითუ ისევ გამყინვოდი, მაგრამ იშვიათად ვიკავებდი თავს და ისიც ბოლომდე არ შემეძლო დამეფარა სიხარული...“

,,ვინ ხარ ჩემთვის? ან რა გინდა ჩემგან? რას ელი? როცა გკითხე გეწყინა, შენ თითონ ვერ ხვდებიო, მაგრამ შენი ცივი საქციელებით თუ ვიმსჯელებთ მაშინ მეფიქრება, რომ გულში დამცინი, ისე მექცევი როგორც მოძველებულ ნივთს, რომელიც გადასაგდებად გენანება, მაგრამ არც არაფერშია საჭირო და გამოსადეგი, უბრალოდ ეგდოს თავისთვის კუთხეში, ხანდახან მტვერს თუ გადაწმენდ. ეს მაშინ, ცივი როცა ხარ და გაყინული, მაგრამ როცა თბილი ხარ მაშინ საოცრად შეგიძლია გაყინული გულის გალღობა.’’

„ზოგჯერ სურვილი მიჩნდებოდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ აღარასდროს აღარ მოგწერდი... მერე კი უცებ მოულოდნელად სიურპრიზივით სიზმარში თავს დამატყდებოდა შენი სითბო. სითბო კი არა სიცხე, და ისეთი სიძლიერით მწვავდა, რომ ერთი ყლუპი წყალი მთელს ქვეყანას მირჩევნოდა... და ეს ყლუპი კი შენ იყავი...’’
LEX·2016 წლის 11 მარტი, პარასკევი

25.
პატრონმა ერთი კი იფიქრა გაგრძელება საჭირო აღარ იყო, მისთვის საინტერესოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ სხვის ასე სულში ჩაძრომას კითხვის შეწყვეტა სჯობდა, მაგრამ უცებ თვალი მოკრა ნაწერს სადაც დადა მას ახსენებდა და ამიტომ უფრო გულდასმით შეუდგა კითხვის გაგრძელებას.
აღმოჩნდა, რომ თურმე, როცა დადა თავის სამყაროში იყო გადართული მშიერ-მწყურვალი, ხელზე წვეთოვნის სისტემა შეერთებული, ყველაფერი ესმოდა ირგვლივ რაც ხდებოდა, მხოლოდ რეაქცია არ ჰქონდა, ისიც კი მშვენივრად სცოდნია, რომ პატრონი მისი ნამდვილი მამა არ იყო, მაგრამ იმასაც წერდა, რომ მასზე ძვირფასი და უსაყვარლესი ადამიანი არავინ ეგულებოდა დედამიწის ზურგზე... სადღაც გულის რაღაც კუნჭულში ზეკიც კი უყვარდა, მაგრამ უფრო დაძმურად ვიდრე სხვანაირად... ზეკმა სიცოცხლე მაჩუქაო - ასე წერდა... - პატრონმა გაიფიქრა, ალბათ ტყეში, რომ იპოვა და მგლის ლუკმა, რომ არ გახდა იმას თუ გულისხმობსო...
პატრონს ეღიმებოდა დადას ნაწერებზე და კითხვას ვერ ანებებდა თავს. გოგონა ლამის ყველას სათითაოდ სიყვარულით მოიხსენიებდა... ჩამოთვლილ მსახურთაგან იმდენს ასახელებდა, რომ ლამის ყველა უყვარდა და პატივს სცემდა, პატრონს გული სიამაყითა და სიყვარულით ევსებოდა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე...
ეზოს ძაღლების კი არ დაუტოვებია უსიყვარულოდ...
პატრონს ძაღლების უმეტესი ნაწილი ჯიშიანი და კარგად გამოწვრთნილი ჰყავდა. ერთხელ მათ ეზოს გაქუცული დიდი უჯიშო შავი ძაღლი მოადგა, ძაღლს მუცელი დაბერილი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ მალე ლეკვებსაც დაყრიდა. დადამ ერთი ამბავი ატეხა სანამ ეზოში არ შემოაშვებინა...
მალე ეზოში დიდ შავ ძაღლთან ერთად სამი ლეკვიც დარბოდა...
,,რა საოცარი მყოლიხარ დადა...’’ ფიქრობდა პატრონი და სულ უფრო და უფრო მეტად იძირებოდა დადას დღიურში. ნებართვის გარეშე სხვის სულში, რომ ძვრებოდა იმ უნამუსობის შეგრძნებაც კი სადღაც გამქრალიყო.
ზოგი მსახური არ უყვარდა, ცდილობდა მაინც, რომ ყველა ჰყვარებოდა, თუმცა იმას ამატებდა, რომ უგულო და ცივი ხალხი მის სიყვარულს ვერასდროს დაიმსახურებდა. პატრონი ყველაზე მეტად კი იმან გააკვირვა, რომ დადა თურმე იმ საშიშ თვალება კაცს საშინლად ვერ იტანდა. მისი მოსვლა ყოველთვის შიშის ზარს სცემდა. პატრონი გაოგნებული იყო. არასდროს შეუმჩნევია დადაზე ვინმეს მიმართ ასეთი შიში და ზიზღი, რასაც აქ აღწერდა... თუმცა ერთხელ კი მოაგონდა მის კაბინეტში დადა, როგორი სახით აიმრიზა, როცა ამ სტუმრის მოსვლა აუწყეს... ,,ნუთუ რაიმე დაუშავა?..’’ პატრონს მასთან საქმიანი გარიგების გარდა კიდევ რაღაც ძველი ამბები აკავშირებდა, მხოლოდ ამ ორის გარდა არავინ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ დადა?.. რატომ ვერ იტანდა და ასე ეზიზღებოდა ეს კაცი?..
პატრონი წუთით გადაერთო ფიქრებში მერე კი კვლავ განაგრძო კითხვა.

,,ჩემო ცხოვრების საჩუქარო ეს რა უთბილესი წერილი მივიღე, არასდროს არ მიმიღია ასეთი, იქნებ მოუწერიათ კიდევაც, მაგრამ ჩემს გულამდე ვერ შეუღწევია, სადღაც ცხოვრების ნიავს გაჰყოლია
შენი წერილის კითხვისას ყავის ფინჯანში ჩემი ცრემლები ცვიოდა... სიხარულის და სინანულის ცრემლები ერთად მცვიოდა...’’

რომელ წერილზე საუბრობდა დადა? ნუთუ უგო ახერხებდა წერილების მოწერას? ან იქნებ ეს დადას უცნაური ილუზიების კიდევ ერთი შტრიხი იყო...
LEX·2016 წლის 12 მარტი, შაბათი

26.
,,ალბათ წარმოსახვა და ილუზია უფრო მისაღებია ხოლმე, ზოგჯერ ხვდები ადამიანს და გული გწყდება რომ ისეთი არაა როგორიც გინდოდა ან გეგონა... შორიდან ყველა კარგია და საუცხოო, მაგრამ სინამდვილეში... და ყველაზე საშინელება ისაა, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასს ეხები და აფუჭებ. ზოგჯერ სჯობს ყველაფერი ხელშეუხებლად დატოვო და ისე დატოვო როგორიცაა და შორიდან დატკბე.’’

რადგან თარიღი არსად იყო დასმული, გაუგებარი იყო, თუ როდიდან დაიწყო წერა ან ახლაც აგრძელებდა თუ არა...

„როგორ მინდოდა მოგეყოლა შენი ცხოვრების შესახებ... ნეტა როგორი იყავი ბავშობაში?.. ბევრჯერ მიცდია წარმომედგინა... - მე მართლა არ მაქვს საინტერესო წარსული და არც მახსენდება რაიმე მოსაყოლი და არ ვიცი რა მოგიყვეო... - ეს შენი სიტყვები იყო... ნუთუ ასეთი მძიმე ბავშვობა გქონდა?...
ალბათ როდესმე მომიყვები... და ამოხეთქავ ყველაფერს, რაც გულში გაქვს და გაწუხებს... და ამოხეთქვის ხასიათზე, რომ იქნები, სწორედ მაშინ მინდა რომ შენს გვერდით ვიყო და ჩემთან ამოხეთქო შენი დარდი... მე კი ყურადღებით მოგისმენ და გულით გითანაგრძნობ... ვიცი ამ ყველაფერს დრო უნდოდა, დრო და ძალის მოკრეფა... ამიტომაც არ გაჩქარებდი... და ახლაც გელოდები და რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმდენს დაგელოდები...
რაც არ უნდა მომიყვე არაფერი მეწყინება... და გაგიგებ... შეიძლება შენს მონაყოლზე გულიც დამწყდეს, მაგრამ გაგიგებ...
ყელში რაღაც მომაწვა... ამას რომ გწერდი... რაღაც ძალიან სასიამოვნო... მაგრამ არ მინდა რომ გაგრძელდეს... იმიტომ, რომ მერე დამთავრდება... დამთავრების მეშინია...“

„გეგონა მოსაწყენი იქნება შენზე, რომ მიამბო რაიმე?.. სულაც არა... მართლა ძალიან კარგ ადამიანად მიმაჩნიხარ და უნდა დაიჯერო, რომ რაც არ უნდა შეგემთხვეს, ეს უკვე მოხდა და ვერ გაექცევი, ამიტომ ისეთმა უნდა გააგრძელო ცხოვრება როგორიც ხარ... თუნდაც მე შემომხედე... უკან აღარ ვიხედები.... რაც იყო უკვე წარსულს ჩაბარდა...“

„ნეტავ ახლა შენს გვერდით მამყოფა... ვისხდეთ ერთად და ბევრს, ძალიან ბევრს ვსაუბრობდეთ...
შენ მომიყვებოდი რაიმეს, თუნდაც ზღაპარს.... მე კი მოგისმენდი...
ნეტავ მართლა ამისრულდეს ეს სურვილი და გპირდები, რომ არასდროს არ მომბეზრდები და არასდროს არ შევწუხდები შენით... უშენობამ კი შეიძლება შემაწუხოს... საშინლად შემაწუხოს...“

,,მინდა რაღაც გთხოვო....
მინდა რაღაც გთხოვო, იმიტომ არა, რომ უკვე საკმარისად გთხოვე, არა პირიქით, უბრალოდ მგონია რომ თავს მოგაბეზრებ და მინდა ცუდად არ გამიგო, მე შენს შესახებ ბევრი რამ ვიცი, ნუ მგონია, რომ ვიცი, მგონია რომ ვხვდები, და თითქოს ისიც ვიცი რატომ წახვედი...
გთხოვ არასდროს მკითხო, თუმცა...
ხოდა მესმის შენი, არადა მე შენ ყველანაირი მიყვარხარ და მაინტერესებხარ, სულ მეფიქრება შენზე და სიამოვნებას მანიჭებს ეს ფიქრები. მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ და ერთმანეთი შეგვახვედრა, თუნდაც სულ ცოტა ხნითა და თუნდაც სულ დროებით, ბედნიერი წუთები, რომ მაჩუქა...
მერე რა რომ, წახვედი... ჩუმად მაინც ხომ არ გაპარულხარ...
არ ვიცი რაშია საქმე და წარმოდგენაც კი არ მაქვს, მაგრამ რამდენიც შეგეძლო, იმდენი მითხარი და ამიხსენი... ამიტომაც მჯერა და მომწონს შენი გულახდილობა და ამიტომაც მიყვარხარ და სულ მეყვარები შენი შორეული მეგობარი დადა. D.A.G.“

დადა ხშირად თითქოს ხელს აწერდაო, ასომთავრულით რამდენიმე ასოს ერთმანეთში ხლართავდა, ზოგან მხოლოდ ინიციალები იყო ზოგან კი უფრო გარკვევით წრეში ჩახატული...
ასოთა წყობა მეორდებოდა და თითქოს ერთ მთლიან რაღაც შტამპს ქმნიდა...
D.A.G. ...ყველგან ერთი და იმავე იყო, მხოლოდ შედეგ უკვე თანდათან სხვადასხვა გვერდზე წრეში ჩახატულ ასოებს გერბის ფორმა მისცემოდა...
შედარებით მომდევნო გვერდებზე კი უკვე გარკვევით ეხატა... ძალიან, ძალიან ნაცნობი გერბი...
პატრონი ჩაფიქრდა, ვერაფრით იხსენებდა სად შეიძლებოდა ენახა... ან დადამ სად ან ვისთან ნახა... საიდან მოიტანა...
პატრონს ფიქრები აერია, ვეღარ გაეგო რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ნახატი ან დადასთვის როგორღა უნდა ეკითხა... მაშინ ხომ გაირკვეოდა, რომ მან დადას დღიური წაიკითხა...
ეზოში მანქანის ხმა გაისმა. ზეკის მანქანა იყო. პატრონმა სასწრაფოდ წიგნი ადგილზე დააბრუნა და მათ შესაგებელად გაეშურა.
LEX·2016 წლის 13 მარტი, კვირა


27.
ზეკი საშინლად გაბრაზებული დაბრუნდა, მანქანის კარი ისე ძლიერად მიაჯახუნა ლამის ნაწილებად დაშალა... პატრონმა შუბლი შეკრა...
მანქანა კი ,,გადარჩა’’, მაგრამ ახლა სახლის კარის ასევე ძლიერმა მოჯახუნებამ, კარის დიდი შუშა ჩამოიღო და პირდაპირ კიბის თავზე დაიმსხვრა. პატრონი საშინლად გაბრაზდა, ის იყო ზეკისთვის შენიშვნა უნდა მიეცა, რომ ამ დროს დადას უაზროდ დაჭყეტილ თვალებს წააწყდა. დადა ცოტა თითქოს შეშინებულივითაც ჩანდა, ისეთი სახე ჰქონდა ყველაფერი ჩემი ბრალიაო, მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარო. პატრონს მოეჩვენა დადა თითქოს რაღაც ბორძიკით წამოვიდა სახლისაკენ, და მას რომ გაუსწორდა ამღვრეული თვალები შეანათა, საშინელი არყის სუნი ასდიოდა...
პატრონი გაკვირვებისაგან ადგილზე გაშეშდა...
თურმე დადა ზეკს ქალაქში დაჰკარგვია, ძლივს უნახავს მერე სადღაც ტავერნაში ვიღაც ლოთ მათხოვრებთან ერთად არაყს სვამდა და ზედ ლუდს აყოლებდა.
პატრონი გაოგნებული უსმენდა, ასე ეგონა დადაზე კი არა ვიღაც სულ სხვა ადამიანზე უყვებოდნენ.
ზეკი არ ცხრებოდა, ამტკიცებდა, რომ დადამ ეს სპეციალურად ჩაიდინა...
დადა მხოლოდ თავის ჩანაწერებში დარჩა ისევ ისეთი, ძველი დადა, სათნო, კეთილი, მოსიყვარულე, სინამდვილეში კი აბეზარ, თავნება და ტუტუც გოგოდ აჩვენებდა ყველას თავს და როდემდე გაგრძელდებოდა ესე ან თუ დაბრუნდებოდა კი ისევ ის ძველი დადა...
,,რა მძიმე და მტკივნეული რამ არის ცხოვრება... როგორ შეუძლია ადამიანი სრულიად შესცვალოს...’’ ფიქრობდა პატრონი და მძინარე დადას ნაღვლიანად დაჰყურებდა...
დადას ოთახი არყის სუნით იყო გაჟღენთილი...
,,ყველაფერი უგოს ბრალია, იმ წყეული კაცის ბრალია... რას ერჩოდა ამ საწყალ გოგოს?.. აკი ვუთხარი ის არაფერ შუაშია, თუ შურისძიება გინდა მე გამისწორდიო... თუმცა რაღას ვერჩი... კიდევ კარგი წავიდა... დროზე მოგვშორდა... დადაც დაინდო და მასთან ერთად მეც... ისე წავიდა უკან არ მოუხედავს... მის კვალსაც ვერსად მივაგენი... უგო!... უგო!.. რა ჯანდაბად მოხვედი აქ...
დადა თუ ადრე ბევრს სულელი ეგონა, პირიქით ბევრად ჭკვიანურად იქცეოდა... ახლა კი სისულელეებს სჩადის და თავადაც არ უწყის რატომ?... რის მიღწევას ცდილობს?...
მადლობა ღმერთს, რომ ზეკის ყურამდე არაფერი მივიდა, თორემ ვინ იცის?.. საშინელი ამბები დატრიალდებოდა ... დახოცავდნენ ერთმანეთს...
დროზე გაასწრო უგომ...’’
პატრონი დადას გამოფხიზლებას ელოდა. უკვე სერიოზულად უნდოდა მასთან დალაპარაკება, ადრე თუ ერიდებოდა, არ უნდოდა გოგონას გული სტკენოდა, ახლა უგოსაც უხსენებდა... და იმასაც შეაპარებდა, რომ...
პატრონს ფიქრი მსახურმა გააწყვეტინა, სტუმრის მოსვლა აუწყა...
საშიშ თვალება სტუმრის მოსვლა...
LEX·2016 წლის 14 მარტი, ორშაბათი

28.
დადა საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა...
ბარბაცით ჩავიდა სასადილო ოთახში სადაც საუზმე ეგულებოდა, თუმცა უკვე სადილი დახვდა. ჯერ კიდევ ბურანში იყო ცალი თვალით საათს გახედა.
ზეკი ირონიულად მიესალმა:
„ვისთვის შუადღე და ვისთვის დილა მშვიდობისაო’’.
დადას ყურადღება არ მიუქცევია, არც ჭამის სურვილი და თავი ჰქონდა, მხოლოდ ყავის ფინჯანს დასწვდა და ცარიელ ფინჯანს ჩააშტერდა. პატრონი წამოდგა ფინჯანი ჩამოართვა, ყავა დაუსხა. იქვე უჯრიდან დადას უსაყვარლესი შოკოლადის ბურთულები ლამბაქზე რკალივით შემოუწყო...
ზეკი დაიბოღმა. ეგონა პატრონი დადას დატუქსავდა გუშინდელი საქციელის გამო, მან კი,თ პირიქით - ფერება დაუწყო...
,,ძალიან ზედმეტადაც კი გაანებივრა’’ - ღვარძლიანად გაივლო გულში.
ჭამის სურვილი სულ გაუქრა, ნევიულად ჩამოიგლიჯა კისერთან ჩამაგრებული ხელსახიცი, მაგიდაზე დააბერტყა,წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
დადას თვალს არ აცილებდა ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ ბურთულებს... როგორ უყვარდა ერთ დროს.... რამდენი ხანია უკვე პირსაც აღარ აკარებდა... რამდენს დაუტოვებდა პატრონი მის ოთახში იმდენი თვითონ არ ეკარებოდა, დასალაგებლად შემოსულ მსახურ ქალს ატანდა თავისი პატარებისათვის...
თითით ერთ ბურთულას დაუწყო წვალება, თვალები ცრემლით აევსო... აევსო... აევსო და უცებ ისე აეტირა, რომ ცრემლები ფინჯანში ცვიოდა, პატრონს გაეცინა და მოეხვია დადა გულამოსკვნილი აღმუვლდა...
მომდევნო პერიოდი შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, დადა ოინბაზობას მოეშვა, ზეკს აღარ უშლიდა ნერვებს. თუმცა ის ძველი დადა მაინც აღარსად ჩანდა, მაგრამ არც აბეზარი და აუტანელი დადა იყო, ახლა რაღაც უფრო სხვა დადას მესამე სახე გამოჩნდა.
პატრონი მშვიდად იყო. დადას მესამე სახე ნამდვილად სჯობდა იმ მეორე აუტანელ არსებას. თითქოს არც არაფერი მომხდარაო ყველაფერმა თავისი გზით იწყო სვლა.
ერთ დღეს გალერეაში მოფუსფუსე მსახურებმა პატრონს ისხარულით აუწყეს, რომ დადა ოთახის დასუფთავება ითხოვსო...
მშვენიერი ამბავი იყო, იქნებ დადას ახლა უფრო უკეთ ეგრძნო თავი, იქნებ ძველი დადა დაბრუნებულიყო კიდევაც...
პატრონს ბევრი აღარც უფიქრია და ქალაქში წასვლა შესთავაზა. ახალი საღებავები და ფუნჯები იქნებოდა საჭირო, ძველი ხომ უკვე რახანია მიტოვებული და გამხმარი იყო... დადაც სიხარულით დათანხმდა.
სალონში დადა ძალიან გამხიარულდა... ათას რამეს არჩევდა, ხან რას და ხან რას, ბუევრიც უკან დააბრუნაა, ზოგსაც კიდევ უმატებდა... არჩევანი დიდი იყო, უსაზღვროდ დიდი... დადას მხიარულად მოელვარე დიდი მწვანე თვალები და პატრონის თბილი ღიმილი. ბედნიერი სახით შეჰყურებდა, ხარობდა დადას სიხალისით...
მოულოდნელად დადას მკვდრის ფერი დაედო... მაღაზიის ვიტრინაში რაღაცაზე გაუშტერდა თვალი... ყველანი შემოეხვივნენ... წყალიც ისე დალია, რომ არაფერი უგრძვნია, სკამზეც მოწყვეტით დაეშვა... ალბათ ჰაერი არ ეყოო, მარაოც კი დაუფრიალეს ცხვირ წინ... ვერავინ მიმხვდარიყო თუ რა მოუვიდა წუთის წინ მხიარულ გოგონას...
მხოლოდ პატრონმა შენიშნა ვიტრინის იქეთ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს... იმ საშიშ თვალება კაცის მაქანა... და როგორ ჩაჯდა მანქანაში უგოს აღნაგობის კაცი...
პატრონი ცალკე მოსასულიერებელი გახდებოდა თავი რომ არ შეემაგრებინა. გული სიბრაზით აევსო, მხოლოდ მან იცოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა სინამდვილეში საშიშ თვალება კაცი...
,,ჰმ... კაციო...“ ბოროტად ჩაეღიმა პატრონს... ,,კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახი გააძარცვინა... კაცი, რომელმაც არ დაინდო საკუთარი ნათესავები ისე ამოახოცვინა ყველა, რომ ცოცხალი არავინ დაატოვებინა... და ისიც რისი გულისთვის? ბავშვებიც კი არ დაინდო... ყველაფერი კი იმ წყეული ქონების გულისთვის... არც შვილი ჰყავს და არც ძირი... რა თავში იხლის ამხელა სიმდიდრეს?... ან კი ვის რად უნდა მისი ძველებური ტიტული და საგვარეულო წოდებები... რაღა დროს ეგ არის? ნეტა ერთი ვინღა აქცევს ახლა ამას ყურადღებას... თუ ეს რაღაც პრინციპის გამო უფრო ჩაიდინა?... შური იძია თავის ოჯახზე და არ დატოვა არვინ ცოცხალი... სახლიც კი ისე გადააბუგინა, რომ ცარიელი ფერფლიღა იყო დარჩენილი...’’
ამ ყველა ცოდვაში კი პატრონის ხელი ერია, დამკვეთი საშიშ თვალება კაცი იყო, გეგმის მომფიქრებელი და შემდგენი პატრონი, ხოლო შემსრულებელი ზეკი თავისი ამალით...
,,ზოგჯერ საკუთარ ჩადენილ საზიზღრობებზე ისე მერევა გული, რომ ...’’ - ფიქრობდა პატრონი და სულ სალონის ვიტრინიდან დანახული სცენა უტრიალებდა თვალწინ.
LEX·2016 წლის 15 მარტი, სამშაბათი


29.
პატრონის გასაკვირად დადამ შედარებით იყოჩაღა, ბევრად სწრაფად მოვიდა გონს, თავი ხელში აიყვანა და სალონიდანაც ისე წამოვიდნენ არც ერთს ხმა არ დაუძრავს, ექიმის ვიზიტზეც კი უარი განაცხადა, ყველა დაარწმუნა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.
პატრონი საშინლად გაღიზიანებული იყო, მაგრამ დადას ხათრით თავი ხელში ეჭირა, ცდილობდა სულ ყურადღების ქვეშ ჰყოლოდა. ზეკიც კი კატეგორიულად გააფრთხილა დადას თბილად და ყურადღებით მოქცეოდა.
გალერეაში სისუფთავე სუფევდა. დადა მის მოწესრიგებას შეუდგა. თავის ჭკუაზე აწყობდა ახალ ნივთებს.
პატრონი კმაყოფილი შეჰყურებდა, უცებ მზერა თაროზე დადას წიგნაკისკენ გაექცა... ,,გერბი...“ გაივლო გულში... ვერაფრით იხსენებდა სად უნდა ენახა...
დადა მუშაობას შეუდგა...
მსახურების ვიზიტებმაც იმატა დადას გალერეაში. ზეკიც სულ შორიახლო ტრიალებდა.. როგორ გულით უნდოდა, რომ დადას მისთვის პოზირება შეეთავაზებინა, მაგრამ დადა თითქოს ვერც კი ამჩნევდა...
ბოლოს ისევ პატრონმა შეიცოდა გაბღუზული ბოშა ბიჭი. დადას შეპარვით ზეკის პორტრეტის დახატვა შესთავაზა, თან კი არ შესთავაზა, არამედ დაუკვეთა, როგორც კლიენტმა. დადა ცოტათი ჩაფიქრდა, მაგრამ რადგან ეს შეკვეთა იყო და თანაც უკვე სამუშაო სერიოზულ სახეს იღებდა სიხარულით დაუქნია თავი.
ზეკი ვითომდა აბუზღუნდა, რა დროს ეგ არისო, იმდენი საქმეა გასაკეთებელიო, მაგრამ მაინც ბუზღუნ-ბურდღუნით დაუჯდა დასახატად. დადამ მკაცრი სახით ანიშნა, წყნარად იჯექიო, ზეკი წარბშეკრული დაემორჩილა.
პატრონი კმაყოფილი სახით, ფეხაკრეფით გამოვიდა გალერეადან და ის იყო კიბეზე უნდა ჩასულიყო, რომ მის მეხსიერებაში ისევ იმავე გერბის სურათი ამოტივტივდა, ამჯერად უფრო დიდი ზომის და ფერადი... შეეცადა გაეხსენებინა თუ სად ან ვისთან ნახა... თითქოს ნაცნობი ხმაც ჩაესმა... საგვარეულო გერბი... მაგრამ ვისი... ვიღაც ძველი გვარიშვილობით თავს იწონებდა, მაგრამ ვინ?..
პატრონი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დადას ოჯახის განადგურებაშიც მიუძღვოდა წვლილი. თავიდან მოვალედ სთვლიდა თავს, რომ ბავშვისათვის მიეხედა, მერე კი ისე შეეჩვია ისე შეუყვარდა, ალბათ საკუთარი შვილი, რომ ჰყოლოდა იქნებ ამაზე მეტად არც ჰყვარებოდა, დადაც ასევე დიდი სიყვარულით პასუხობდა.
პატრონი ავაზაკობაში პირადად არასდროს იღებდა მონაწილეობას, თავიდან შორიახლო ადევნებდა თვალს, მერე კი მხოლოდ გეგმას შეიმუშავებდა და შერჩეულ ხალხს მიუსევდა. მოგვიანებით ანგარიშს ჩაიბარებდა და ნაძარცვ ქონებას დაანაწილებდა. დანარჩენი ამბები არც აინტერესებდა და არც ერეოდა.
ხოცვა-ჟლეტვის სანახაობას ბანაკშიც კი ვერ იტანდა, არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა, რომ რაღაც, თუნდაც იაფფასიანი ბეჭდის ან სამაჯურის გამო ბანაკში ერთმანეთს დარეოდნენ და ისე გაუყრიდნენ დანას თვალსაც არ დახამხამებდნენ.
ჩხუბი და აყალმაყალი პატრონს ბავშვობიდან ეზიზღებოდა. საშინელი სანახაობა იყო, ველურებივით დაერეოდნენ ერთმანეთს, მოქიშპეებს ბანაკი წრედ შემოეკვრებოდა და გაშველების ნაცვლად ერთმანეთზე ახელებდნენ...
ასეთ დროს რაც შეიძლებოდა შორს, ძალიან შორს გარბოდა მათგან... წყევლიდა თავის დაბადებას და თავის ყოფას... რისთვის ისჯებოდა ასე... რატომ არგუნა ბედმა ასეთი საშინელი ცხოვრება...
ბალახში თავჩარგული გულამოსკვნილი დიდ ხანს ტიროდა... მოგვიანებით თავს ხელში აიყვანდა და იმ იმედით, აგრძელებდა ცხოვრებას, რომ ოდესმე მოშორდებოდა ამ ხალხს და ამ ყოფას და სადღაც შორს, სამუდამოდ გადაიკარგებოდა მათგან.
LEX·2016 წლის 15 მარტი, ოთხშაბათი

30.
პატრონის მიერ შემუშავებული ყოველი ახალი ძარცვის გეგმა იშვიათად ჰგავდა წინამორბედს. ალბათ ამიტომაც იყო ყოველთვის ამართლებდა და ხიფათსაც არასდროს არ გადაჰყრიან. მისი გამჭრიახობის წყალობით ბევრი ავი საქმე ჩადენილა, ბევრი ოჯახი ჰყავდა გამწარებული და განადგურებული და ამას ისე აკეთებდა, რომ წლების მანძილზე მათ კვალსაც ვერავინ აგნებდა.
ნაძარცვი ქონება ერთად გროვდებოდა, მერე კი თანაბრად ნაწილდებოდა. პატრონს სულ უმნიშვნელო ნივთი, წიგნიც კი საერთო ქონებაში შეჰქონდა და არავის ჰქონდა უფლება მის უნებართვოთ თუნდაც უბრალო რამ მიეთვისებინა. ამაზე ბევრი ბრაზობდა და იღრინებოდა, როდესაც ვინმეს ჩუმად გადამალულ სამკაულს ან რაიმეს უპოვიდნენ, მას სათანადოდ დასჯიდნენ, და იმ ნაძარცვიდან წილის გარეშე ტოვებდნენ.
ბანაკის წევრების დიდ ნაწილს არ მოსწონდა პატრონის მიერ შემოღებული ახალი წესები, ხშირად ბუზღუნებდნენ, იმ ძველს, ბევრად უფრო აღვირახსნილ დროს მისტიროდნენ, როდესაც დიდი ბაბუ ხელმძღვანელობდა ჯგუფს.
პატრონს კი თავისი გეგმები ჰქონდა. ერთი ალაგიდან ნაძარცვ ნივთებს, სხვა ქალაქში აქცევდა ფულად და შემდეგ კი სულ სხვა ქალაქში აბანდებდა. ასე თანდათანობით დააგროვა დიდ ძალი ქონება. დაბანდებულმა ფულმაც თავის მხრივ უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა.
პატრონი მოპარული ნივთებიდან არაფერს იტოვებდა, არ უნდოდა რაიმე მოსაგონებელი ჰქონოდა. მხოლოდ დადას დაუტოვა მის მიერ მოწონებული ნივთები, როგორც ვარაუდობდა შესაძლო იყო თავის დროზე ეს გოგონას ქონების ნაწილიც ყოფილიყო.
სწორედ ამის გამო ბანაკში ერთხელ შეტაკებაც კი მოხდა, დადას არჩეულ ზოგიერთ ნივთებზე ბევრს დარჩა თვალი, პატრონის უჩუმრადაც კი წაართვეს ბავშვს, იცოდნენ ლაპარაკი არ შეეძლო და ვერაფერს მოჰყვებოდა, თანაც დააშინეს, ცხვირწინ დანაც კი აუელვარეს, ყურებს დაგაჭრითო.
თუმცა ატირებულმა ბავშვმა მაინც შესძლო უხმოდ ყველაფრის ახსნა და თითიც უშიშრად გაიშვირა ნაძირალა ყმაწვილებისკენ. დიდი აურზაური დატრიალდა მაშინ, მთელი ბანაკი ჩაერთო ჩხუბში, ზეკი ძლივს დააკავეს, თორემ სათითაოდ აკუწავდა ბიჭებს.
განრისხებულმა პატრონმა ისინი ყოველგვარი შეწყალების გარეშე სამუდამოდ გაყარა ბანაკიდან. რითაც უკვე ისეთი მოსისხლე მტრები შეიძინა, რომლებიც სახეზედაც იცნობდნენ და მის შესახებაც ბევრი რამ იცოდნენ...
უხუცესებმა ურჩიეს მათი ცოცხლად გაშვება არ შეიძლება, ყველაზე საშინელი შეცდომა, მტრად მოკიდებული ბოშების დანდობაა და ვინ იცის შურის საძიებლად სად და რა დროს დაგაჭერენ წიხლსო...
მაგრამ პატრონი უარზე დადგა და მთელი ბანაკის გასაგონად გამოუცხადა, სიცოცხლეს იმ პირობით გჩუქნით, რომ აღარასდროს არ გაეკარებით არც ბანაკსო და არც მის წევრებსო.
როდესაც მებაღის ისტორია დატრიალდა, პატრონმა ერთი კი გაიფიქრა იმ ხალხზე, თავის დროზე დადას გამო ბანაკიდან, რომ გაყარა, მაგრამ სასაცილოც კი იყო თავზე ხელაღებული ხალხისთვის სხვა მკვლელის დაქირავება, როცა თავად იყვნენ მკვლელები და შემსრულებლები... ან ამდენი წარმოდგენის გამართვა რა საჭირო იყო?..
ყაჩაღობაში გამოცდილი ხალხი თავადაც მოაგვარებდა ყველაფერს...
რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მებაღეს კარგად გააზრებული და ბევრად დაწყობილი გეგმა ჰქონდა... მაგრამ ვინ იყო დამკვეთი?...
ან ასე დიდ ხანს რატომ გაწელა შესრულება?... მერე კი გადაიფიქრა... დამკვეთი გადააგდო...
„ნუთუ მართლა უგო იყო ის?...“
პატრონი დიდ გაშლილ აივანზე სავარძელში თვლემდა, ფიქრისგან თავი უსკდებოდა. საკმარისად ციოდა. ჯერ კიდევ გაზაფხულამდე მთელი თვე იყო დარჩენილი... ბინდდებოდა, ჩაის სასიამოვნო სურნელმა პატრონი გამოაფხიზლა, მის ახლოს დადა იჯდა და ჩაძინებულ პატრონს ხატავდა.
,,როგორც იქნა’’ გაუელვა თავში.
გაუხარდა დადა თავის ძველ საქმიანობას მართლაც გულით უბრუნდებოდა. გემრიელი ჩაიც მოუმზადებია და პატრონისთვის პლედიც უჩუმრად დაუხურავს. ის ვიღაც დადას სხეულში ჩასახლებული ოინბაზი, გაბოროტებული ტუტუცი გოგო სადღაც გამქრალიყო და ახლა ისევ ის ძველი დადა იჯდა მის წინ და ხატავდა...
,,ჩემი მზრუნველი გოგო’’ ფიქრობდა გულში პატრონი.
,,ჩვენი წეროც დაბრუნდა..’’ პატრონი თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ზეკს გულისხმობდა...
,,დადაც დაგვიბრუნდა’’...
პატრონი წამოდგა ეზოს გადახედა, ლამაზი სანახავი იყო აქედან ყველაფერი. ყველგან სიმშვიდე სუფევდა. ღრმად ჩაისუნთქა ჯანსაღი ჰაერი. სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა... თუმცა გულში რაღაც ჩარჩენილი სევდა ყელში მოაწვა...
რამდენიმე საათში კი ...
LEX·2016 წლის 16 მარტი, ხუთშაბათი

31.
საშიშ თვალება კაცთან პატრონს წლების მანძილზე გარიგება ჰქონდა. ქალაქში ერთი დიდი, უმსხვილესი ბანკისა და მისი რამდენიმე ფილიალის მფლობელს რა საქმე უნდა ჰქონოდა ყაჩაღთა ბელადთან, თუ თავადაც არ იყო გაქნილი ავაზაკი სულის.
დიდ და წარჩინებულ ხალხში ტრიალებდა. სხვადასხვა დროსა და ალაგზე ხან თავის კლიენტების ხან კი მათი მეგობრების სახლებს აძარცვინებდა და არბევინებდა.
მდიდრულ სახლებზე ინფორმაცია ყოველთვის უტყუარი იყო და გარკვეულ წილად დიდი ნაძარცვი ქონებაც ყაჩაღთა კარგი გასამრჯელოც გამოდიოდა. რა თქმა უნდა წილში თავადაც იყო, მაგრამ სულ რატომღაც მიზერულ ნაწილს ითხოვდა. არც არავინ დაინტერესებულა რატომ ითხოვდა ეს კაცი ასე ცოტას.
მხოლოდ პატრონი ჩაფიქრდებოდა ხოლმე ამაზე, გრძნობდა ამ კაცს სხვა მიზანი უფრო ამოძრავებდა, ვიდრე ნაძარცვის მცირე წილი, თუმცა ჯერ ვერაფერს ხვდებოდა.
ერთხელაც დამკვეთმა მეტისმეტი მოითხოვა.
მარტო ერთ გაყოლებაზე ხუთი სახლის თითქმის ერთდროულად დარბევას ითხოვდა. განსაკუთრებით კი ერთი სახლის გაძარცვის გარდა მისი მთლიანი განადგურება მოითხოვა, თავიდან მოთხოვნა საკმაოდ კატეგორიული იყო...
მერე კი მოთხოვნა კი არა უფრო ემუდარა იყო... თითქოს სხვა გამოსავალი არ იყო...
მერე ცოტა თითქოს მუქარაც შეაპარა...
აი სწორედ მაშინ მიხვდა პატრონი, თუ რაც ამოძრავებდა ამ ბოროტ თვალება კაცს, მთელი ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ იმ ოჯახის და მიწასთან გასწორება სურდა. დანარჩენი სახლების ძარცვა კი თვალის ასახვევად და ბოშათა დიდ გასამრჯელოდ იყო საჭირო.
პატრონი არ ჩაერია, ამჯერად ზეკს დაავალა გეგმის შემუშავებაც და საქმის შესრულებაც. საშიშ თვალება კაცის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იმ სახლიდან არავინ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, სისრულეში იყო მოყვანილი.
ზეკმა დავალება პირნათლად შეასრულა. სახლი გაძარცვეს და გადაწვეს, ოჯახის წევრები ერთიანად ამოწყვიტეს... უკვე დრო იყო იქაურობას გასცლოდნენ, რომ რაღაც მომენტში ერთ-ერთ ყაჩაღს მოეჩვენა, თითქოს ძაღლის სადგომში ვიღაც შეძვრაო.
ზეკმა, რადგან ეს საქმე პირადად მას ევალებოდა, თავად გადაწყვიტა გადაემოწმებინა. ფრთხილი ნაბიჯით მიეპარა, არავინ ჩანდა, ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა... მხოლოდ გრძელ ჯაჭვზე გამობმული მკვდარი ნაგაზი ეგდო შორიახლო. ზეკმა მოულოდნელად შეანათა ფარანი და მის წინ შიშისაგან გაფართოებული დიდი მწვანე თვალები აელვარდა.
ძაღლის სადგომში პატარა გოგონა შიშისაგან მოკუნტულიყო...
ბიჭი გაშეშდა... პირველად ცხოვრებაში შეყოყმანდა... წამით სუნთქვაც შეეკრა... ზურგიდან ბიჭების ხმა მოესმა, სანამ დრო იყო იქაურობას უნდა გასცლოდნენ...
ზეკმა უსაფრთხოების მიზნით ბიჭები წინ და სხვადასხვა მხარეს გაუშვა, თვითონ უკან დაბრუნდა, გოგონა ზურგზე მოიგდო და ტყეს შეაფარა თავი.
მეორე დილას კი პატრონს მიუყვანა, ვითომდა დილით ტყეში ხეტიალისას ნაპოვნი გზააბნეული გოგონა...
სწორედ ზეკის იმ წამიერმა შეყოვნებამ იხსნა დადა....
ზეკს ყოველთვის უნდოდა პატრონისთვის ეს ამბავი მოეყოლა, მაგრამ ვერ ბედავდა... მერე კი რაც უფრო მეტად გადიოდა დრო, მით უფრო რცხვენოდა თავისი მაშინდელი ,,სილაჩრის“ და სამუდამოდ დავიწყებას მისცა ის დრო.
ზეკმა არც კი იცოდა, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ის საშიშ თვალება კაცი იყო პატრონთან, რომ ხშირად სტუმრობდა.
LEX·2016 წლის 19 მარტი, შაბათი

32.
პატრონი დარდობდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მეტად არ აძლევდა მოსვენებას, ქალაქში, იმ დღეს, სალონის ვიტრინიდან დანახული უგო...
„ის საშიშ თვალება კაცი... და უგო...
საიდან?.. როგორ?.. იქნებ სულაც არ იყო ის კაცი უგო?...
ან დადას რატომ ეშინია ასე იმ საშიშთვალებასი?..
იქნებ ეშინია კი არა ვერ იტანს... იქნებ უბრალოდ არ მოსწონს და არც სიამოვნებს მისი სტუმრობა... ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეშინია...“
პატრონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით და ამაყობდა კიდეც ამით, მაგრამ ახლა ძალიან გაუძნელდა, ახსნა ვერ მოუძებნა ვერაფერს, რატომ უნდა დაექირავებინა უგო იმ საშიშთვალება კაცს მის მოსაკლავად?.. თანაც ამდენი ცერემონიალი რა საჭირო იყო?.. ისედაც შეეძლო ქალაქში სადმე ჩასაფრებოდა, ან მანაქანა აეფეთქებინდა გზაზე...
მამულში დამკვიდრება, თავის მოჩვენება მოხუც უბადრუკად... თანაც ამდენი ხანი... ეს ხომ სრული უაზრობა იყო...
პატრონს თავი უსკდებოდა ფიქრისგან. ათასნაირად ატრიალა მებაღის შემოჭრა მათ ცხოვრებაშო, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა...
საღამომ წყნარად ჩაიარა. ცოტა სუსხი კი იყო, მაგრამ ჰაერში მაინც ადრეული გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა.
მამულში სიმშვიდე სუფევდა... თუმცა ეს სიმშვიდე რაღაც ავისმომასწავებელ მდუმარებას უფრო წააგავდა, ვიდრე...
პატრონს გული ეწურებოდა, ყველაფერი კი ისე იყო ჩახლართული, რომ ძალიან უჭირდა კვანძის გახსნა...
„არა, მორჩა! დადას უნდა დაველაპარაკო. რატომ ეშინია ასე ამ კაცის? იქნებ როგორმე გავარკვიო, თუ უარზე დადგა... მაინც ვაიძულებ... და ბოლოს და ბოლოს მაშინ უკვე მართლაც მოვიშველიებ მის დღიურს“...
თითქოს რაღაც ხმამ გამოაფხიზლა. საწოლზე წამოჯდა... დადას დღიურში ნანახი ის ლამაზად გაფორმებული გერბი იმ საშიშ თვალება კაცის სახლში ჰქონდა ნანახი, რომელიც ამაყად იწონებდა თავს საკუთარი წარმომავლობით...
პატრონი საწოლიდან წამოვარდა.
ახლა კი მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა... უგო პატრონის კი არა დადას მოსაკლავად იყო მოვლენილი...
,,იმ სულელ ბიჭს კი ეს სულელი გოგო შეუყვარდა... ღმერთო ჩემო.... ამიტომაც გაექცა და წავიდა... მაგრამ საიდან გაიგო იმ საზიზღარმა და საშიშმა კაცმა, რომ დადა ჩემი შვილი არ იყო?... ნუთუ ძველი ბანაკიდან ვინმეს დაუკავშირდა?..“
თავის დროზე ბანაკიდან გამოძევებული ხალხი კი დაემუქრა არ შეგარჩენთო... მაგრამ .... ,,თუმცა ვინ იცის... იქნებ... სწორედ ის ხალხი გამოუშვა უგოს მოსაშორებლად, რადგან დავალების შესრულებაზე უარი მიიღო...“
პატრონი ახლა უფრო დარწმუნდა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, სწორედ ამიტომაც ჰგავდა ასე ძალიან ზეკის ხელწერას მებაღის მკვლელობის მცდელობა... მათ ხომ ერთი „სკოლა“ ჰქონდათ გავლილი...
რაიმე უნდა ეღონა, პატრონი დარწმუნებული იყო ეს ამბავი ასე ადვილად არ დამთავრდებოდა, უკვე დრო იყო და ზეკს ყველაფერი უნდა სცოდნოდა.
მართალია თავიდან კი მოუვიდოდა გული, ამდენ ხანს რატომ მიმალავდითო, მაგრამ პატრონს დიდი იმედი ჰქონდა მისი, რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა გაშმაგებულიყო ზეკი მაინც მისი ოჯახის წევრი იყო და ყოველთვის მაინც მის გვერდით დადგებოდა...
ისევ რაღაც ხმაურმა პატრონი ფიქრებიდან გამოარკვია, ვერ გაეგო საიდან მოდიოდა ან რა იყო...
აივანზე გამოსულს კვამლის სუნი ეცა, ეზო უფრო მეტად ახმაურდა, ქვემოდან მსახურმა ამოსძახა, რომ ხეხილის ბაღი იწვისო, ქარმა კი ცეცხლი ვენახებისკენაც წამოიღოო... კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეორე მსახური ყვირილით მორბოდა... მთელ თავლასაც და ცხოველთა სადგომსაც ცეცხლი გასჩენოდა...
ეს უკვე თავდასხმას იყო. პატრონმა სასწრაფოდ ზეკის გაღვიძება ბრძანა, თავად კი იარაღი მოიმარჯვა და დადას საძინებლისკენ გაიქცა.
ოთახში შესვლისთანავე რაღცას წამოედო. სისხლის გუბეში ვიღაც ყელგამოჭრილი კაცი ეგდო... დადა არსად ჩანდა...
კომოდის უჯრა ღია იყო... თავახდილი ყუთი კი ცარიელი...
პატრონის ნაჩუქარი მოოქროვილი ვალტერის იარაღიც დადასთან ერთად გამქრალიყო....
პატრონი გიჟივით გავარდა გალერეისკენ... იქაც არავინ დახვდა...
სამალავი კიბის კარი ღია იყო...
LEX·2016 წლის 20 მარტი, კვირა

33.
პატრონი და დადა არ შემცდარან. სალონის ვიტრინიდან დანახული კაცი, მართლაც რომ უგო იყო.
სწორედ იმ დღეს უგო მოულოდნელად თავს დაადგა საშიშ თვალება კაცს.
მანქანა ადგილიდან დაძვრას აპირებდა, რომ მოულოდნელად უგო ჩაუხტა...
საშიშ კაცს ცივმა ოფლმა დაასხა, უგო დიდი ხნის მკვდარი ეგონა და უკვე კარგა ხანია, რაც ახალ გეგმაზე მუშაობდა, ახლა კი მისმა გამოცხადებამ და მუქარით სავსე თვალებმა შიშის ზარი დასცა...
ერთხელ მის სახლში შესული მძარცველები თავადვე გააპარა...
სამაგიეროდ ისეთი საჭირო ინფორმაცია მიიღო, რომ სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა...
პოლიცია უკვე გამოძახებული ჰყავდა, რომ მძარცველებმა მაინც მოასწრეს მის კაბინეტში შეჭრა და გათოკვა... წამიც და სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, რომ სახლის პატრონს მძარცველებში ბოშები არ ეცნო. სიხარულით მოიშველია პატრონის სახელი, და უფრო მეტ დასამტკიცებელ საბუთად კი ზოგიერთი დარბეული სახლიც კი უხსენა. საშიშ თვალებას ეგონა პატრონის ხათრით დამინდობენო, მაგრამ ბოშებს სასაცილოდაც არ ეყოთ, და პირიქით უფრო გააფრთებით დაუწყეს ცემა. სიცოცხლის სანაცვლოდ კი პატრონის ადგილსამყოფელის გაგება მოითხოვეს.
საშიშ თვალებამ - შვილთან ერთად ცხოვრობსო აუწყა და როცა თავად შეიტყო, რომ ეს შვილი კი არა სწორედ იმ დღეებში ნაპოვნი გოგონა იყო, ახლა თავად აწრიალდა...
სახლი პოლიციის ალყაში გაეხვა, მძარცველებს გასაქცევი აღარსაით ჰქონდათ, და აქეთ გაუხდათ თავისუფლება სახვეწარი. საშიშ თვალებამ ამით ისარგებლა და ბოშებს გაურიგდა... პოლიციას კი ცრუ განგაშისთვის მოუბოდიშა...
მაპატიეთ მძარცველები მეგონა და მეზობლის კატა ყოფილა, მის დევნაში კიბეზე დავგორდიო... გატეხილ ცხვირზე ცივ ტილოს იფენდა... თუმცა ტკივილს ვეღარც გრძნობდა ისეთ ეიფორიაში იყო... თავში სულ დადა უტრიალებდა... აი თურმე რატომ იზიდავდა ის გოგონა ასე, ისიც კი რაღაცნაირად შეჰყურებდა...
გოგონა არც მალავდა, რომ ეშინოდა ამ კაცის, თუმცა კაცი თბილად ექცეოდა, ტკბილეულის გარეშე არც სტუმრობდა მათ, მაგრამ გოგონა ყოველთვის გაურბოდა და ეშინოდა მისი, მას კი ყოველთვის უკვირდა ეს შიში...
ბევრი რამ გაახსენდა... როგორ იდგა თავისი ძმის სახლის წინ და როგორ ბურტყუნებდა ,,დამაცადეთ ყველას ამოგხოცავთო... შენს ყველა ნაშიერს ზედ დაგაკლავო...“ მოულოდნელობისგან გაშეშდა, როცა შეამჩნია პატარა გოგონა როგორ იდგა მის უკან და ყველაფერს როგორ უსმენდა..
კაცი გოგონასკენ გაიწია, მაგრამ შეშინებული ბავშვი გაექცა და სწორედ იმ სახლში შევარდა, რომელსაც ემუქრებოდა. ამიტომაც იყო, რომ კატეგორიულად მოითხოვა იმ სახლიდან არავინ დარჩენილიყო ცოცხალი... ცოცხალი მოწმე, ბავშვიც კი საშიში იყო...
,,აი თურმე ვინ ყოფილა...“
პატრონმა მოატყუა, დავალება ნახევრად შეასრულა...
„ჩემი წყალობით გამდიდრდა და თავს იწონებს... არამზადა... და ვინ იცის კიდევ რა დროს გამოიყენებს დადას ჩემს წინააღმდეგ, ვინ იცის რამდენს ჩურჩულებენ და რა გეგმებს მიწყობენ..“
პირველ რიგში, როგორმე ჯერ დადა უნდა მოეშორებინა და მოგვიანებით კი მისი პატრონი... რადგან კარგად უნდოდა ეჩვენებინა თუ რა მოსდევდა დავალების „არაკეთილსინდისიერად“ შესრულებას.
თავიდან უნდოდა მასთან „შეამხანაგებული“ ბოშები მოეშველიებინა, მაგრამ უფრო მზაკვრული გეგმისათვის ბევრად გამოცდილი კაცი სჭირდებოდა, იმ მტრად გადაქცეულ ბოშებს კი ნებისმიერ დროს მიუსევდა...
,,რა ჯადო აქვს ასეთი იმ წყეულ გოგოს?“ ცოფებს ყრიდა საშიშთვალება... თავის დროზე პატრონმა მწარედ მოატყუა... უგომაც არ გაუმართლა, რა ჯანდაბა დაეტაკა ასეთი?... ალბათ ის გაქნილი ავაზაკი პატრონი მიუხვდა... იქნებ ორჯერ მეტი შესთავაზა?... მას კი კატეგორიული უარი შემოუთვალა, რის გამოც დასაჯა და ისევ იმ ბოშების ხელით სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ აქაც უმტყუნა ბედმა.. უგო საიქიოდან გამოეცხადა...
გამოეცხადა და დავალების თავიდან შესრულება ითხოვა... საკუთარი პირადი შურისძიება მოიმიზეზა...
„იქნებ არც კი იცის, რო მე გავიმეტე მოსაკლავად... ან იქნებ სულაც ჩემს მოსაკლავადაა მოსული.... გასამრჯელო ხომ არ ეცოტავა ნეტავ... მერე ეთქვა და კიდევ დავუმატებდი... “ - ასე ფიქრობდა საშიშ თვალება... ,,არც იმდენად უჭკუო კაცი ჩანს, მაგრამ იქნებ აქვს მართლაც რაღაც პირადული... თუ კი პირადი ინტერესები აქვს, მაშინ რატომაც არა..“
არ ენდობოდა, მაგრამ მაინც უგოს წინადადებას დათანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მარტო აღარ იმოქმედებდა და საქმეში ბოშებსაც გვერდით დაიყენებდა.
უგოს დიდად არ ესიამოვნა ეს, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა... სხვანაირად ეს კაცი საქმეში არ ჩაახედებდა და ახალ გეგმასაც არ გაანდობდა...
LEX·2016 წლის 21 მარტი, ორშაბათი

34.
საშიშ თვალება კაცს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და კარგად დაგეგმილი ჰქონდა... ზოგიერთი მსახურიც კი უკვე რა ხანია მოსყიდული ჰყავდა.
თავდაპირველად ძაღლები უნდა მოეშორებინათ, და ვითომდა უბრალო ხანძრიდან დაიწყებოდა ყველაფერი, ჯერ ეზოს გვერდით უზარმაზარ ხეხილის ბაღს გადაწვავდენენ... მერე ვენახს და მერე...
უგო უხმოდ ყველაფერზე თავს უქნევდა, თან სხვადასხვა მხრიდან ეზოში შესაძრომებსაც კი ასახელებდა, მაგრამ რომ გაიგო, თავდასხმისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო და ამაღამვე უნდა ყოფილიყო, გული შეუღონდა...
რამდენი არ ეცადა, ცოტა დრო გადაეწია, თუნდაც ერთი დღით მაინც, მაგრამ საშიშ თვალება ჯიუტად იდგა უარზე... თანაც უგოს გასამრჯელოც გაუნახევრა... უგო მაინც დათანახმდა.
კაცი დარწმუნდა, რომ უგო ფულისთვის სულაც არ იყო მოსული.
„ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული ამ ძაღლიშვილს“ - გაივლო გუშლი.
ერთხელ მოღალატე კიდევ ბევრჯერ ჩაიდენდა ღალატს. უგო სანდო არ იყო, სანდო კი არა პირიქით საშიშადაც მოეჩვენა, ამიტომაც დათქმული დრო არ გადათქვა, რომ გასაქანი არ მიეცა მისთვის, ორი ბოშას მიუჩინა, კატეგორიულად დაავალა გვერდიდან არ მოშორდეთო... და საქმის დასრულებისთანავე, უგოც ჩააძაღლეთო...
გეგმის მიხედვით უგო სახლს არ უნდა გაკარებოდა, მხოლოდ ეზოსა და კარმიდამოს მიხედავდა, სახლში კი სხვები შევიდოდნენ. კაცმა ესეც კარგად გათვალა, მშვენივრად ხვდებოდა, რომ უგოს ნდობა არ შეიძლებოდა...
უგოს სხვა გზა აღარ დარჩა, დადას სახლში საიდუმლო შესასვლელის ამბავი უნდა გაემხილა. ამით ცოტა უფრო მეტ ნდობასაც მოიპოვებდა და სახლთან მიახლოვებასაც ადვილად შესძლებდა. საშიშ თვალება კაცი სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდა, კარი პირდაპირ დადას ოთახში შედიოდა, ამაზე უკეთეს რას ინატრებდა, ხოლო როცა სამალავი კარის ადგილ-სამყოფელის დაზუსტება მოითხოვა, უგო უარზე დადგა. ადგილს მხოლოდ იმ პირობით დაასახელებდა, თუ თავად მიიღებდა მონაწილეობას ოჯახის წევრების დარბევაზე და პირველი წაუძღვებოდა წინ.
საშიშ თვალება კაცი ჩაფიქრდა... ღირდა კი უგოს ნდობა...
ბოშები უსიტყვოდ დაეთანხმნენ, თავად ბევრნი იყვნენ უგო ერთი, დადას მორევას კი რაღა უნდოდა, ადვილი საქმე იყო. გარკვეული ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა საშიშთვალებაც დათანხმდა, თუმცა მაინც გული ეთანაღრებოდა...
გვიან ღამით ბოშები ნელ-ნელა შეესივნენ პატრონის მამულს. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, უგოს ორი კაცი გვერდიდან არ შორდებოდა, ზედმეტადაც კი მიეტმასნენ, საშიშთვალებამ იმ ორ ბოშას გასამრჯელოც კი გაუორმაგა...
უგო ისედაც ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ვითომ არ აქცევდა ყურადღებას. საკმაოდ გამოცდილ კაცს აბა რას გამოაპარებდნენ, თავიდანვეც იცოდა, რომ საშიშთვალება უკვე აღარ ენდობოდა და არც დაინდობდა... ღალატს ხომ არვინ პატიობდა... ცხადი იყო მისი მოკვლაც ჰქონდათ განზრახული, მხოლოდ ჯერ საქმის შესასრულებლად გამოიყენებდნენ.
უგოს კი მხოლოდ დადას გადარჩენის სურვილი ჰკლავდა, მაგრამ როგორ და რანაირად მოახერხებდა ამის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა... უკან არაფერზე დაიხევდა, რომ როგორმე დადასთვის აეცილებინა ხიფათი, თუ საჭირო გახდებოდა თავსაც შეაკლავდა.
საიდუმლო შესასვლელი არ უსწავლებია, თუმცა საუბარში ბევრჯერ ჩამოუგდეს სიტყვა, ვითომდა შემთხვევით, უგო ჯიუტად არ ამხელდა.
„იქ რომ მივალთ მე მომყევით და მაშინ გაიგებთო, მანამდე კი ნურაფერს მკითხავთო.“
საშიშთვალებას სიბრაზისაგან თვალები უწვრილდებოდა და სახეც უჭარხლდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა...
გულში ფიქრობდა
„აი, სულ რამდენიმე საათიც და თავისუფლად შემეძლება ვისუნთქოო...“
ამჯერად ბევრად უფრო მეტად იყო გამწარებული, უფრო მეტი სიშმაგით უნდოდა პატრონის განადგურება... არავის დატოვებდა ცოცხალს... დადას თვალწინ მოუკლავდა და მერე გამწარებულ პატრონს ზედ დააკლავდა...
ბედნიერი წუთების მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა... ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც მშვიდად ვიცხოვრებო...
LEX·2016 წლის 22 მარტი, სამშაბათი


35.
უგოს პატრონის სახლი შორიდან დაანახეს. ამ სახლის ბატონისა და ქალბატონის ხელყოფა შეუკვეთეს. თანხა საკმარისზე ბევრად მეტი იყო, და არც ზედმეტად საჩქარო. უგო უყოყმანოდ დათანხმდა.
ჩვეულებრივ დაკვეთილ საქმეს დიდ დროს არ ანდომებდა, არც მსხვერპლთან ცდილობადა ახლო ურთიერთობა დაეჭირა, მხოლოდ შორიდან მონიშნავდა და ეს საკმარისი იყო, რომ შემდგომ შეკვეთა პირნათლად შეესრულებინა.
პირველ რიგში ქალბატონის მოშორება იყო აუცილებელი და სასწრაფო, დანარჩენი კი როგორც გამოვიდოდა ისე, სულ ერთი იყო, მთავარია ქალბატონი არ გადარჩენილიყო ცოცხალი.
ქალაქში და შედარებით ხალხმრავალ ადგილას უფრო მარტივი იყო, მსხვერპლის მონიშვნა, შემდეგ კი საგულდაგულო ადგილას ჩასაფრება და მისი ხელყოფა.
პატრონთან კი ასე არ გამოვიდოდა, სახლის ახლოს თავისუფლად ვერ იწრიალებდა, პატრონს იქაურობის დიდი ნაწილი ეკავა, უცხო კაცი ადვილად შეიმჩნეოდა. ისევ როგორმე სახლში უნდა შეეღწია, რომელიც დადას წყალობით პირველივე ცდაზევე სულ ადვილად გამოუვიდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა.
რაც შეეხება პატრონს, იგი ადრეც ჰყავდა ქალაქში შეათვალიერებული, ხოლო ქალბატონიო, რომ უხსენეს იფიქრა თუ პატრონის მეუღლე უნდა ყოფილიყო და ასაკითაც შესაფერისი, გარეგნულადაც ქალბატონის მსგავსი უნდა ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც დადა იყო. ამის მიზეზი ისიც, იყო, რომ საშიშ თვალება კაცი თავად არ გასაუბრებია, მხოლოდ შორიდან დაუკრეს ერთმანეთს თავი, მასთან კი ბოშები მიაგზავნა, მათაც გადასცეს დანაბარები.
უგო რესტორნის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, საშიშ თვალება კაცმა ხელკავი გამოსდო პატრონს და საუბარი გააგრძელა. უგოს არ ესმოდა თუ რაზე საუბრობდნენ, სამაგიეროდ ეს ხელკავი მინიშნება იყო, მის ერთ-ერთ მსხვერპლზე, დანარჩენი კი ყველაფერი გასაგები უნდა ყოფილიყო.
მართალია პატრონი კი უკვე მონიშნული ჰყავდა, მაგრამ ქალბატონი ვერსად დალანდა. ძირითადად პატრონი და მისი მსახურნი სტუმრობდნენ ქალაქს, ქალბატონი თითქოს უგოს ჯობრზე მამულიდან ფეხსაც არ იცვლიდა. ისევ უგოს სტუმრობა გახდა მამულში საჭირო, ვერც შორიახლო წანწალმა ვერ უშველა, ვერა და ვერ შეათვალიერა პატრონის მეუღლე.
და რადგანაც უგო შედარებით ასაკით უფრო დიდ ქალბატონს ეძებდა, ამიტომაც იყო დადას პირველ დანახვაზე სულაც არ უფიქრია, რომ ეს ის ქალბატონი იყო, ვისი სიცოცხლის ხელსაყოფადაც მოადგა ეზოს...
თავიდანვე მოიხიბლა მისით, თუმცა პატარა გოგონად ჩათვალა და წესიერად არც კი შეუხედავს, მისივე წყალობით ,,თანამდებობაც“ ჩაიბარა, და ღამის გასათევიც ადვილად იშოვა...
დადა სულ ეზოში ფუსფუსებდა, ჩაცმულობაც უბრალო და თავისუფალი ჰქონდა, ეგონა თუ მსახურის შვილი იყო, არც იმაზე მიუქცევია ყურადღება, რომ გოგონას ლაპარაკი არ შეეძლო და არც აქცევდა საერთოდ ყურადღებას, პატრონი უკვე დიდი ხანია მონიშნული ჰყავდა, მაგრამ ქალბატონს ვერსად მოჰკრა თვალი.
თანდათან მოსამსახურე ქალებსაც უჩუმრად დაუმეგობრდა, მათგან შეიტყო, რომ პატრონს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონას მშობიარობას გადაჰყოლია... მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქალბატონი ვისი გულისთვისაც აქ იყო შემოპარული ის გოგონა ყოფილა რომელმაც პირველმა გაუღო მამულის კარი და პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი.
უგო საგონებელში იყო ჩავარდნილი, ვერაფრით ვერ წარმოედგინა თუ დადა ვინმესთვის ასეთ საშიშროებას წარმოადგენდა.
„იქნებ რაიმე მეშლება?.. იქნებ სწორად ვერ გავიგე?..“
სულ ამის ფიქრში იყო. ცდილობდა დადას ახლოს შეუმჩნევლად ეფუსფუსა, რომ უფრო კარგად დაჰკვირვებოდა.
დრო გადიოდა. უგო დავალების შესრულებას უკვე ზედმეტად აჭიანურებდა, თუმცა არც არავინ აჩქარებდა. ერთი ორჯერ ღამით შეუმჩნევლად გაიპარა ქალაქში, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - დამკვეთს დადა სული სურდა...
ამან ძლიერ დააღონა დაქირავებული ავაზაკი. რაც უფრო აკვირდებოდა დადას, მით უფრო მეტად ეწურებოდა გული. მისთცის მსგავსი დავალების შესრულება, საკმარისი თანხის ანაზღაურებით არც თუ ისე რთული იყო. ერთი გარეწარი მეორე გარეწრის მოკვლას თუ მოისურსვებდა და ამაში ფულად ჯილდოს მიიღებდა, რა თქმა უნდა უყოყმანოდ თანხმდებოდა. მაგრამ ახლა თითქოს დილემის წინაშე იდგა. ერთის მხრივ შეკვეთილი სამუშაო და მეორეს მხრივ უდანაშაულო, გულუბრყვილო გოგონას მკვლელობა.
უგო ბევრს ფიქრობდა, რაც უფრო მეტად აკვირდებოდა დადას მით უფრო უკან იხევდა.
ბოლოს კი გადაწყვეტილება მიიღო, რაღაც სერიოზული რამ მოიმიზეზა და შეკვეთის შესრულებაზე საშიშ კაცს უარი შეუთვალა.
თუმცა ამით მებაღეობა არ შეუწყვეტია, პირიქით, უფრო მეტი გულმოდგინეობით განაგრძო ბაღში მუშაობა და ახლა უკვე დადას დასაცავად. იცოდა საშიშთვალება დადას მოსაკლავად ახლა სხვას გამოაგზავნიდა და ისევ იმ უბადრუკ მებაღედ დარჩენა ამჯობინა
თუმცა არც კი იცოდა როდემდე გაგრძელდებოდა ასე, თანაც გრძნობდა, ეს ამბავი ასე ადვილად არ დასრულდებოდა და ელოდა როდის მოავლენდნე მის მაგივრად ვინმე სხვა მკვლელს.
მებაღემ მტკიცედ გადაწყვიტა გოგონა დაეცვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ მოახერხებდა ამას, მაგრამ რაც არ უნდა დაჯდომოდა დადას დაცვა მაინც უნდა ეცადა.
სწორედ ამის გამო, მისი უარის გამო კი ლამის კინაღამ თავად გამოასალმეს სიცოცხლეს. ბედად პატრონს, რომ არ ენახა იმ დილით, ალბათ ცოცხალი ვერც გადარჩებოდა.
არც პატრონი აღმოჩნდა ურიგო კაცი, ისიც დადასავით თბილად ექცეოდა და ყველა თავზე ევლებოდა. პატრონი მიუხვდა უგო რა კაციც უნდა ყოფილიყო და იმასაც მიუხვდა, რისთვისაც დაისაჯა უგო... სხვა მის ადგილას ალბათ ცოცხალს არ დატოვებდა, ამან კი პირიქით მომაკვდავი შეიფარა და ფეხზე დააყენა...
პატრონს ავაზაკობისა არაფერი ეტყობოდა და თუ ადრე იყო საშიში დამნაშავე ახლა უკვე, რასაც უგო აკვირდებოდა, სულ სხვანაირ ადამიანად ქცეულიყო და წარსული ცხოვრების აღარაფერი ეცხო...
თუ ადამიანს გულით უნდა, რომ შეიცვალოს, ცხოვრება ამის შანსს ყოველთვის მისცემს ცხოვრება, მთავარია კი მოინდომოს...
უგოს თვალთახედვით, დადა და მისი პატრონი კი არა, თვითონ ის საშიშთვალება იყო მოსაკლავი. თუ პატრონთან პირადი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი ეს გოგონა რაღა შუაში იყო... თავისი გასაჭრიც ეყოფოდა
„თუ ამით პატრონის გამწარება უნდა... საწყალი გოგო...“
ჩაფიქრებული შეჰყურებდა დადას და გული უღონდებოდა, ასე უმოქმედოდ, რომ იყო გაშოტილი საწოლზე და წამოდგომის თავიც არ ჰქონდა...
დრო კი გადიოდა. არავინ ჩანდა... დადას მოსაკლავად და უგოს შემცვლელად არავინ გამოჩენილა. ამან უფრო დააფიქრა მებაღე და უფრო მეტად დაარწმუნა, ახალი გეგმა მზადდებოდა... ის საშიშთვალება კაცი ისე არ გაჩერდებოდა. ამ ყველაფერს კი მაშინ გაიგებდა თუ პატრონის სახლიდან გააღწევდა... სანამ გვიან არ იყო დროულად უნდა გასცლოდა აქაურობას...
აქაც ისევ დადა დაეხმარა...
მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც თავად იყო დასაცავი და გასაფრთხილებელი...
LEX·2016 წლის 23 მარტი, ოთხშაბათი

37. /დასასრული/
ეზოში უფრო მეტად იმატა ხმაურმა. ხმაურს სროლაც მოჰყვა... სარდაფის ლუქიდან ამომძვრალმა პატრონმა მხოლოდ იმას მოჰკრა თვალი, თუ როგორ მიარბენინებდა ვიღაც დადას...
უგოს გეგმის მიხედვით, დადა საძინებლიდან უნდა გაეტაცებინათ, რადგან გზა მხოლოდ მან იცოდა, თავად ისურვა ამ საქმის შესრულება, თუმცა მარტოს მაინც ვინ გაუშვებდა, ორი ბოშაც გააყოლეს თან.
ერთი ქვემოთ დატოვა და უკან გამოსვლისას გამოასალმა სიცოცხლეს, მეორეს კი ზემოთ, დადას საწოლ ოთახში შესვლისთანავე გაუსწორდა.
პატრონი სირბილით დაედევნა. უგომ საშიშთვალებას დადა მიუყვანა, კაცი სიხარულით აღარ იყო, მხოლოდ ერთი გაღიმება მოასწრო და უგოს ხელიდან ნასროლმა ტყვია შუბლში ჩაეჭედა.
პატრონი იმ დროს წამოეწია, როცა უგომ გულწასული დადა ხელში აიყვანა და გაქცევა სცადა. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ორივეს ერთმანეთისკენ ჰქონდა იარაღი მომარჯვებული, თუმცა გასროლას არც ერთი არ ჩქარობდა...
წამი თითქოს საუკუნედ იქცა...
სახლის მხრიდან ზეკის ღრიალი და ზედიზედნ სროლის ხმები მოისმა.
უგომ ნელ-ნელა იწყო უკან სვლით დახევა, პატრონმა კიდევ ერთ წამით შეაჩერა მზერა. მერე სწრაფად აქცია ზურგი და ზეკის დასახმარებლად ალმოდებულ სახლში შევარდა...

***

დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ვერ მოვიდა დადა გონზე. უმძიმესი ტრაგედია ისევ თავს დაატყდა.
ისტორია განმეორდა...
კიდევ ერთხელ შეესწრო თავისი ოჯახის დარბევასა და განადგურებას...
ისევ განმეორდა წივილ-კივილი, სროლა... ხანძარი...
ისევ ღამით სადღაც გაქცევა და გადახვეწა...
ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან მხოლოდ დროთი და ალაგით განსხვავდებოდა, დანარჩენი ყველაფერი კი იგივენაირად ერთმანეთს მიჰყვა...
მის მეხსიერებაში იჩინა ბავშვობის დროინდელმა ტრაგედიამ, რომელიც თავის დროზე თავადვე მიჩქმალა გონებაში და ისე დაივიწყა, რომ აღარასდროს იხსენებდა...
ან იქნებ უკვე მართლაც არც არაფერი ახსოვდა...
საოცარი ისიც იყო, რომ დადას არასდროს არაფერი არ ეუცხოებოდა, ადვილად ეჩვეოდა ყველას და ყველაფერს.
ალბათ ამიტომაც, ასე მარტივად, პირველი დანახვისთანავე შეეგუა პატრონს და მის მერე მასთან ერთად განვლილ ცხოვრებას ბედნიერად წლებად სთვლიდა.
თავისდაუნებურად გამოიმუშავა ის აზრი, რომ ყოველი ახალი დღე, ახალი ცხოვრების დასაწყისია და ის რაც უკვე მოხდა, წავიდა და წასულმა დრომ ჩაიბარა.
მაგრამ მისდა ბედად კიდევ ერთხელ განმეორდა ისტორია...
ისევ უშველეს... ისევ ტყეს შეაფარებინეს თავი...
და ისევ ახალი ფურცლიდან უდა დაეწყო ცხოვრება...

***
დადას ძველი, დარბეული მამულისკენ გახედვაც აღარ უნდოდა... შემორჩენილი სახლის ნანგრევები ხავსს შეეჭამა... ხანძრისგან გადამწვარი ერთ დროს ულამაზესი სამოსახლო, გაპარტახებული და განადგურებული წლების მერე ძლივს გაიყიდა...
დადა სულ სხვა ალაგზე, სულ სხვა მხარეს ლამაზ სახლში ცხოვრობდა. არც მამული და არც სახლი არ იყო ისეთი უზარმაზარი, როგორშიც პატრონთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ყველაფერი ლამაზად და კოხტად იყო მოწყობილი. დადა ბედნიერად გრძონდა თავს ბავშვებიდან ზოგი დადას ჰგავდა, ზოგიც უგოს...
ერთ დღესაც ეზოს ძონძებში გახვეული მოხუცი მათხოვარი მოადგა...
დადა ადგილზე გაიყინა... კვლავ ისტორიის განმეორება...
ამ მხარეში ცოტა მოსახლე იყო და არც სიმდიდრით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მათხოვრებიც არასდროს სტუმრობდნენ აქაურობას.
მოხუცმა ბავშვებს მარტო წყალი გამოართვა, საკვებზე უარი უთხრა და ძალიან ნელი ჩანჩალით გზას გაუყვა. სიარული საშინლად უჭირდა, ერთ მხარეს ჯოხზე დაყრდნობილი მეორე ფეხსაც ძლივს მიათრევდა...
დადა მოხუცისკენ წამოვიდა, რომელიც უკვე გზას დადგომოდა. მათ სახლთან კი მათხოვრის აბგა ეგდო. დადა აბა როგორ გააგონებდა, ამიტომ გადაწყვიტა დავეწევიო და გადავცემო, მოხუცი უკვე თვალს ეფარებოდა. დადა აბგას დასწვდა, მაგრამ მისდა გასაოცრად ძვრა ვერ უყო, უნებურად აბგას თავი მოხსნა...
მზის შუქზე თვალის მომჭრელად ალივლივდა ოქროს ზოდები...
LEX·2016 წლის 26 მარტი, შაბათი
გმადლობთ ყველას ვისაც მოგწონდათ და კითხულობდით <3



№1  offline წევრი Lex

გმადლობთ, სოფი. ძალიან დიდი დიდი მადლობა <3
--------------------
Lex

 


№2  offline წევრი nini :)

რა კარგი იყოოო, ნუთუ მათხოვარი პატრონი იყოოო? ის საშიშ თვალება კაცი არც მე მომწეონა თავიდანვე, მართლა ძალიან ძალიან კარგი იყოოო

 


№3  offline წევრი Lex

გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ.
დიახ ის უთუოდ პატრონი იყო :)
--------------------
Lex

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შოკში ვარ... ახლა წავიკითხე მხოლოდ ეს ისტორია და ძალიან ვნანობ აქამდე რომ ვერ შევამჩნიე... ძალიან ლამაზად დაწერილი და ძალიან საინტერესო ისტორია იყო... ყოჩაღ... შენს მკითხველთა რიგში ჩამწერე...

 


№5  offline წევრი Lex

უცნობი ქ
შოკში ვარ... ახლა წავიკითხე მხოლოდ ეს ისტორია და ძალიან ვნანობ აქამდე რომ ვერ შევამჩნიე... ძალიან ლამაზად დაწერილი და ძალიან საინტერესო ისტორია იყო... ყოჩაღ... შენს მკითხველთა რიგში ჩამწერე...


გმადლობთ, დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ <3

ახალი მაქვს დაწყებული „ძველი პიანინო“ - ამისგან განსხვავებით ბევრად ძმაფრსიუჟეტიანი ფსიქოლოგიური დრამაა, დეტექტივი-რომანი
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent