შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ძველი საბძელი,, (ნაწილი 10)


8-03-2017, 23:15
ნანახია 1 474

ამ საღამოსაც ძველ საბძელში შეიკრიბნენ ბიჭები და მიტყეპილი რგოლის ხელმძღვანელი შუაში ჩაისვეს მომავალი სამოქმედო გეგმების შესადგენად. ჯერ კიდევ არ განელებოდათ აღგზნება, გროზნას ბაღიდან რომ გამოჰყვათ.
-არა, ასფურცელასავით არ მივაკარით ხეზე? ჩაიხითხითა გოგიამ.
-არ მოგლიჯოს და შინ არ მიიტანოს ზურგზე მოკიდებული!
-უკაცრაული პასუხია, რა უნდოდა ბაღში?
-ალბათ, მსხალი უნდოდა მოეპარა.
-შენ რას იტყოდი, სანდრო?
სანდრო დუმდა. შეურაცხოფა ჯერაც ვერ მოენელებინა. თუმცა დაუსჯელი რომ დატოვეს ის ,,პრანჭია მაიმუნი;; თავისმა მეგობრებმა დროზე მოუსწრეს და მისი ჯავრი არ აჭამეს, აამაყებდა.
-ღამე იქ გვყავდეს? ცბიერი კილოთი იკითხა ლუკას ბიჭმა.
-რატომ უნდა ავუშვათ? ნახოს ერთი გროზნამ, ბაღში ყველაფერი მაგის მოპარული ეგონება.
-ეგონება, თორემ არც კი იკისრებს! მაშ, რა უნდოდა ბაღში ბინდისას?
რა თქმა უნდა, მსხლის მოპარვა სურდა. მაგრამ ვერ მივართვით! ისე კოხტად მივაბი, რომ პირის ჩატკბარუნება აღარ დასცალდა.
მივაბით, მაგრამ ქამარი შენ ისევ სეგრჩა შარვალზე, ჩვენ კი ლამის ჩაგვძვრეს, გოგი. უნდა ავუშვათ, თორემ თუ მებაღემ ნახა ის ქამრები, დავიღუპებით:(ზედ ჩვენი გვარ-სახელებია ამომწვარი.)
-მართლა, ბიჭებო! გროზნამ თუ ჩაიგდო ხელში, მშვიდობიღ, სკოლავ, ერთიანად დავიღუპებით, მოისაზრა რგოლის ხელმძღვანელმა. გარდა მაგისა, ნიკოა, მაგრამ მაინც დასანანია. არც ვაჟკაცობაა, რომ მთელი ხროვა ერთ კაცს მოვერირთ. ცოტა არ იყოს, აღრენილი ვიყავ, თორემ არ მიგაბმევინებდით. მოდით, ბიჭებო, ავუშვათ. იმას ის სირცხვილიც ეყოფა. გარდა მაგისა, სკოლაში რომ გაიგონ. ვერაფერი ვეღარ გვიშველის. ადრე ხომ იყო ჩვენი რაზმის ხელმძღვანელი?
-რა ხელმძღვანელი, სადაური ხელმძღვანელი? თუ რამეს დაგვავალებდა და არ გავუგონებდით, ,,წამოკვრა;; ზედ გვეკრა.
-ერთხელ ტკბილს სიტყვას არ იტყოდა. გაიჯგიმებოდა და ბრძანებდა.
-კინოში მაგას არ წავუყვანივართ და ექსკურსიაზე. აბა, რანაირი ხელმძღვანელი იყო.
-სნაიპერი მართალია, სანდრო. უკაცრაული პასუხია, ამ წანაზე ბიჭები ლახტაობას ვთამაშობდით. სწორედ იმ დროს, როცა უკვე გახურებული გვაქვს ლახტი, ეგ მოვიდა თავისი ძმაბიჭებით და გამოგვრეკა იქიდან: ჩვენ პატარა წრე არ გვეყოფა, დიდი უნდა მოვხაზოთ და თქვენ ხელს გვიშლითო. არა, რაღა იქ მოუნდა მოხაზვა, სხვაგან ადგილი არ იყო> მაგრამ პატარები რომ ვართ, გვიბრიყვებს.
-თანაც მაგის რაზმში რომ ვიყავით, ეგონა, რაც მინდა, იმას გავაკეთებინებ ამათაო.
-ვერ მივართვი! იყურყუტოს ახლა იმ სხალქვეშ.
-იყურყუტოს, მაგრამ ქამრები არ ნახოს, ძმაო, გროზნამ, თორემ გათავდა. იმასაც მიხვდება, ვინ მიაბა, და იმასაც, ის ვაშლი ვინ დაუკრიფა. მერე, შენ გგონია, დამალავს? თუ ერთი გადაჰკრა, ყველაფერს დაფქვავს.
-მართალია, მართალი! უნდა ავხსნათ, ცოდოა... გავალთ თუ არა აქედან, ჩავიაროთ ბაღისკენ... მაგრამ გვიანი იქნება. მოდი, სამნი წადით, ის ქამრები ახსენით და აქ მოიტანეთ. ნიკომ თუ მოიწადინა თქვენი ცემა, გაექეცით, და თუ მაინც ვინმეს წამოარტყა, მაშინ აღარც ჩვენ დავინანოთ შემდეგისათვის.
აღარავის გაუწევია წინააღმდეგობა, რადგან საფუძვლიანი ეცვენათ ეს სიფრთხილე. გოგიას ნიშანზე იმწამსვე ფეხზე წამოდგა სამი ბიჭი, ფრთხილად გაიღო საბძლის კარი და სიბნელეს შეერია.
-ეს ყველა კარგი, მაგრამ ამ ვაშლს რა ვუყით, სანდრო, ასე დავალპოთ ნამჯის ქვეშ? იკითხა შეწუხებულმა სნაიპერმა.
-შენ ეგ რად გაწუხებს, ლუკას ბიჭო? შენ მაგაში შრომა არ მიგიძღვის და სადარდოც არაფერი გაქვს.
ვახტანგი მოიღუშა.
-რატომ არ მიმიძღვის, ეფრემას ბიჭო, ერთი ღამით რომ დამასწარით?
ბიჭებიც უკმაყოფილოდ დარჩნენ.
სანდრომ იაზრა, რომ საჭირო იყო მისი ჩარევა, თორემ შეიძლებოდა კამათს საშიში ხასიათი მიეღო.
-ჰა, ნიკო მოიშორეთ და ახლა ერთმანეთს დაუწყეთ ღრენა? იმისათვის მთელი ხროვა არ იყო საჭირო. ჩვენს ეს კი არ მოვიპარეთ, ერთი საქმისათვის დავკრიფეთ.
-უკაცრაული პასუხია, გინდა მომფლითე, გინდა მომგლიჯე, სულ ერთია, დაკრიფე თუ მოიპარე, იმ კაცის ბაღიდან ხომ გამოიტანეთ!
-მერე, რომ გამოვიტანეთ? შესაჭმელად კი არ გამოვიტანეთ!
-არა, მაშ, უღეკში შესაბმელად გინდა. ჩაიქირქილა თვალიაშვილმა.
გოგიამ ბუჩუკურთელს მიხედა.
-ვუთხრა, სანდრო?
სნაიპერი დაიღრიჯა.
-,,ვუთხრა, სანდრო''? რას მაიმუნობთ? თუ სათქმელი გაქვთ რამე, სთქვი... გადაგიბამთ კუდები ერთმანეთზე და ცალკე დაძვრებით.
გოგია გაბრაზდა.
-რას მიედ-მოედები, ლუკას ბიჭო, რა სულ თქვლეფაზე გიჭირავს თვალი! ჩვენ ეს, აი, რისთვის გავაკეთეთ:
... და როდესაც ,, მარჯვენა ხელის'' ნათქვამი მოისმინეს, ერთბაშად გაიკვირვეს:
-ბიჭოს! შენ აღარ ხუმრობ, ეფრემას ბიჭო!
არა, საიდან მოგდის ასეთი ბრძნული აზრები?
-გოგრაა, გოგრა. ცარიელი.
ბიჭები ახარხარდნენ.
-ჩუმად! შეუტია სანდრომ, რა გაღრიალებთ? არავინ გაიგოს.
-ეჰ, შენც ერთი! ვინ უნდა გაიგოს? ამაღამ ნუგზარი გვყარაულობს და ღობემძვრალას გაფაჩუნება არ გამოეპარება.
-მაინც ჩუმად ყოფნა სჯობია.
უცებ მხარ-თეძოზე წამოწოლილი სნაიპერი, წამოჯდა, ნამჯაზე და იკითხა:
-კვირას კოლმეურნეობაში ჩალის საჭრელად წავიდეთ თუ ავად გავხდეთ?
იქ მყოფნი ისევ ახარხარდნენ.
-უეჭველად ავად უნდა გავხდეთ, თორემ მთელი დღე ჩალის ჭრა? არა, ძმაო! ხელს არ მომცემს, გულაღმა გაიშხლართა ლეო.
-მთელი დღე არ გვაჭრევინებდნენ, მაგრამ მაინც კეტით ვერ გამაგდებენ ალაზმის პირას, კვერი დაჰკრა ბაჩიაშვილმაც.
-არც მე წამოვალ, კვირა იმის კვირაა, რომ კაცმა დაისვენოს.
-დაისვენო, თორემ შენც ქედს იცხელებ! თუ წახვედი, სახსრებშიაც გაიშლები.
-გავიშლები, თორემ შენ რომ საჟენ-ნახევარზე ხარ გაშლილი, რაში ხარ გამოსაყენებელი ხახაბო?
-გამოგვადგება, შენ არხეინდა იყავ.
-მაინც რაში უნდა გამოგვადგეს, ლადო?
-რაში და, ჩავალთ თუ არა სიმინდში, გავიპაროთ. ალაზამი მაგას დავაფონინოთ, იმ ფონით გავიდეთ გაღმა და შინ ისე ამოვალთ იქიდან, რომ კაცი თვალს ვერ მოგკვრავს.
-ეგ ვერ არის კარგი აზრი, ბიჭებო, არ დაეთანხმა გოგია. რა ფონი გვინდა? ცურვა ყველამ ვიცით. გარდა მაგისა, ჩვენ შეგვიძლია ერთიც გავაკეთოთ და მეორეც: ჩავიდეთ ალაზანზე, მთელ დღეს წყალში ვიბანაოთ და ვითევზაოთ, საღამოთი, შინ წასვლისას კი ისევ შევერით მოწაფეებში, თითქოს ჩალას ვჭრიდით.
გარეთ მგელი აყმუვლდა და სანდრო ფეხზე წამოაგდო.
საბძელში მყოფებმა ხმა გაკმინდეს და კისრები დაძაბეს.
უცებ ნიავმა მტრედის ღუღუნი მოიტანა და რგოლის ხელმძღვანელიც მოწყვეტით დაეშვა ნამჯაზე.
-არაფერია, ალბათ, მოეჩვენა რამე გარეჯელს.
-არა, არ დაეთანხმა სნაიპერი, ნამდვილად ბიჭები დაბრუნდენენ. ფეხის ხმა არ გესმით?
საბძლის კარმა გაიჭრიალა და სამი ლანდი თავჩაქინდრული დადგა რგოლის წინაშე.
-რა ამბავია, ბიჭებო?
ბიჭები დუმდნენ.
-თქვით, რა ამბავია, კრიჭა შეგეკრათ?
ენუქიშვილმა თავი აიღო.
-დავაგვიანეთ, სანდრო.
-მერე რა, ჩვენ არ გიწყრებით. კაცი ხომ აშვებულია?
სერგომ საცოდავად წაიკნავლა:
-საქმეც ეგ არის, რომ აშვებულია.
რატომ, კნუწო, რა მოხდა, განა ასაშვებად არ წახვედით?
-წავედით, ვახტანგ, მაგრამ ვერ ავუშვით.
ბიჭებს მოთმინება დაელიათ.
რგოლის ხელმძღვანელი გაბრაზდა.
-მაშ, რისთვის გაგგზავნეთ? მე თქვენი ვერა გამიგია რა: ხან ამბობთ ,,აშვებულიაო,, ხან ამბობთ ,,ვერ ავუშვითო'' თქვით ბარემ, რა ამბავია.
-ის ამბავია, რომ აღარც კაცი დაგხვდა ადგილზე და აღარც ქამრები, როგორც იყო ამოღერღა სოსომ.
-რაო?! ბიჭებს სიფრთხილე დაავიწყდათ და ერთბაშად წამოიშალნენ.
-ვეღარც კაცი ვნახეთ და ვეღარც ქამრები.
სანდრო ნამჯაში ჩაჯდა მოწყვეტით.
-დავღუპულვართ, ბიჭებო, და ეგ არის აწუწუნდა ავთო.
-ნამდვილად დავღუპულვართ, კვერი დაუკრა ალექსიმ.
-ცუდი ამბავია, ჩემმა მზემ! დაასკვნა სნაიპერმა.
-როგორ გაიხსნა ხელები, კაცო? გაუკვირდა ხარატიშვილს.
-იქნებ გაწყვიტა? დაეჭვდა ლუარსაბი.
ჩემი ქამრის ამბავი ვიცი, ვერ გაწყვეტდა.
-ალბათ, გაიხსნა, სნაიპერო.
-ნუთუ ისე უხეიროდ შევკარ? გაკვირდა გოგია.
-რა ვქნათ, ბიჭებო?
-რა ვუყოთ, სანდრო?
რგოლის ხელმძღვანელი ნამჯას ჩაჰყურებდა.
-ვერაფერი კარგი ამბავია, ბიჭებო. ნიკოს ვაჟკაცობა არ გამიგია. ნამდვილად გაგვცემს დაა.
სანდრო გაჩუმდა.
ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს.
სნაიპერი ფეხზე წამოხტა.
-ამაღამვე მოვიპაროთ ნიკოს ქამრები, ბიჭებო.
-შენ მოპარავ, სნაიპერო?
-მე მოვპარავ.
-დამხმარე ხომ არ გინდა?
-რა საჭიროა? ქამრები მძიმე არ არის.
-შენ იცი, სნაიპერო.
-აბა, შენ იცი!
ბიჭებმა რაკი საჭირბოროტო საკითხები მოიშორეს თავიდან და სნაიპერისაც ცოტა იმედი მიეცათ, უხმაუროდ დაცალეს საბძელი.



№1  offline მოდერი ენემი

კარგია :D დანარჩენს ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent