ძველი პიანინო - 3
3. ფიფომ მოუხშირა მიმისთან სტუმრობას. მიმის დედა სიხარულისგან ქოთქოთებდა, გაბადრული ღიმილით ცვლიდა ლარნაკაში „მომავალი სასიძოს“ მიერ გამოგზავნილი ახალ-ახალ ყვავილებს. როგორც იქნა მიმიმ გააკეთა არჩევანი, ხელსაც არაფერი უშლიდა, დედა ბედნიერი იყო... მიმი კი ამ დროს, სულ სხვანაირად ფიქრობდა. მოსწონდა ფიფოს ყურადღება, და მხოლოდ მოსწონდა და მეტი არაფერი. ართობდა ეს ბიჭი, მისი დაუოკებელი იუმორი ხალისს მატებდა და თანაც მშვენივრადაც გამოიყურებოდა. ფიფოს საკმაოდ რთული საქმე ჰქონდა დავალებული. რამოდენიმე წლის ძებნის შემდეგ თითქოს მიაგნო კიდევაც დამნაშავეთა კვალს, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა, ამდენი ხნის შრომა წყალში ჩაიყარა, სამაგიეროდ კი ერთ-ერთ ხელმოცარულ დევნას მიმის გაცნობაც მოჰყვა. მათი კურიოზული გაცნობის ამბავს მიმის დედა რომ უსმენდა, შიშით გული უღონდებოდა. ამდენი ავტომატიანი კაცი მიმის თავს რომ დაადგა, როგორ გული არ გაუსკდაო. ფიფო კი სიცილით უყვებოდა უნდა გენახათ როგორ ვაჟკაცურად იყო კედელზე აკრულიო. მიმისაც მხიარულად ეცინებოდა და თავის ვერსიას ჰყვებოდა, თუმცა კედლის ნაპრალიდან მომზირალი თვალების შესახებ არაფერი უთქვამს... ნუთუ ვიღაც დამნაშავე გადამალა?.. ან იქნებ სულაც რომელიღაც მობინადრე იყო... ან იქნებ მოეჩვენა... ცდილობდა დაევიწყებინა ეს პატარა ინციდენტი, მაგრამ სადღაც მაინც ხანდახან ამოტივტივდებოდა და ზოგჯერ ძილსაც კი უფრთხობდა. იქნებ როგორმე ერთ დღესაც მოუყვეს ფიფოს და ერთად წავიდნენ და გაარკვიონ... ანდა რა უნდა გაარკვიონ?.. თუ ვინმე ბოროტმოქმედი იმალებოდა იმ დროს ახლა იმას ხომ არ დაელოდებოდა, თუ როდის მიაგნებდნენ მის კვალს და როდის დაიჭერდნენ... „ჰმ... რა სისულელეა...“ ფიქრებიდან მის თვალწინ აფრიალებულმა ხელმა გამოარკვია - ეი, დაგვიბრუნდი! დაგვიბრუნდიო, - სიცილით უთხრა ფიფომ და თან მოუბოდიშა, სამსახურის გამო, დღეს ჩაგვეშალა გასეირნებაო... გარეთ მშვენიერი ამინდი იდგა, ახლა სადმე პარკში გასეირნებას არაფერი სჯობდა, ფიფოს სამსახურიდან მოულოდნელი გამოძახების გამო სახლში ხომ არ იჯდებოდა... სარკესთან ახალი ზედა მოირგო... „როგორ მომწონს ეს ფერი!... თანაც სახეზეც მიხდება... ჩემი ფერია!“... პარკის შუაგულში შადრევანთან სასიამოვნო სიგრილეში, ნაყინი კიდევ უფრო მეტად ეგემრიელა. იქვე გოგონები ძაღლს ეფერებოდნენ, ძაღლის პატრონი შორიახლო ადევნებდა თვალს და გოგონებს თავის ძაღლზე უყვებოდა: - ეს ამერიკული ჯიში კოკერსპანიელია, უბრალო არ გეგონოთ, ხანდახან სანადიროთაც კი მიჰყავთ, სიდედრებზეა დაგეშილი... მაგრამ თავისი სამუშაოც აქვს... დღეში სამოცდაათ ლარად მორგში მუშაობს გვამების ამოცნობაზე... მიმი გაკვირვებისაგან დაიძაბა, გოგონებიც გაოცებულები უსმენდნენ, ძაღლის პატრონი კი სერიოზული სახით განაგრძობდა: - ხოდა სიდედრებზეა დაგეშილი... ამას წინათ რამდენიმე ამოიცნო... ზოგს არ გამოუჩნდა პატრონი ზოგზე კი ოჯახმა უარი თქვა წაყვანაზე და ვინც არ გახდა საჭირო ყველა ძეხვეულის ქარხანაში ჩააბარეს სასისკებისთვის... ძაღლის პატრონი ყოველივე ამას სრული სერიოზულობით ჰყვებოდა, წარბიც კი არ შეურხევია.... მიმი ჯერ გაფითრებული იჯდა, მერე კი უცებ სიცილი წასკდა და გოგონებიც აიყოლია, თუმცა ძაღლის პატრონს ამჯერადაც სერიოზული სახე ჰქონდა... ლამაზი სანახავი იყო ქალაქის შუაგულში მდებარე პატარა სკვერი, ქალაქის ორომტრიალისგან განსხვავებით აქ შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა ქუჩიდან მანქანების ხმაური მაინც აღწევდა. მიმიმ ზევით ხის ტოტებზე მონავარდე ციყვებს თვალს ადევნებდა, მერე თანდათან თვალებიც მიელულა... სახეზე გრილი ნიავი იგრძნო... „რა კარგია ასეთ სიმშვიდეში ყოფნა... “ სადღაც შორს ფრენდა მისი გონება, რაღაც მელოდიას მისდევდა... ფიქრებში ხან ვის შეხვდა და ხან ვის გადაეყარა, ისევ ის ნაცნობი მელოდია... ძველი მონჭყრეული პიანინოს ხმა... უცებ ფიქრებში ნაპრალიდან მომზირალ თვალებს შეეფეთა და მერხზე შეხტა, პარკს თვალი მოავლო დარწმუნებული იყო ვიღაც დაჟინებით უთვალთვალებდა, თუმცა ვერავინ შეამჩნია... ყველა თავისთვის სეირნობდა... რაღაც არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, პარკში უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ იქაურობა მაინც უკაცრიელად მოეჩვენა სკამიდან წამოვარდა და მანქანას მიაშურა... LEX·2016 წლის 18 აპრილი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.