სული "პრაგულკაზე" (სრულად)
*** ქალაქი არ მოძრაობს. სიჩუმეა. არაფერი, საერთოდ არაფერი ხდება და შეიძლება გული გაგისკდეს, ისეთი ერთნაირია ყველაფერი. მერე ცდილობ, ადგე და გაექცე ამ ერთნაირ ყველაფერს და საშინელებაზეც მიდიხარ. მიდიხარ იმიტომ, რომ საბოლოოდ საკუთარი თავის გარდა არაფერი გრჩება. მერე აღარც გეშინია, აღარც გრცხვენია და აღარც გადარდებს არაფერი. ზიხარ და უსმენ შოსტაკოვიჩს და გრძნობ რაღაც ისეთს, ბედნიერებას რომ დაარქმევდი ალბათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ბედნიერების შესაგრძნობად ერთადერთი გზა გაქვს დარჩენილი და ეს გზა განადგურებს. ამაზე კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ შენზე უკეთ არავინ იცის ეს და მაინც თვითონ აძლევ ამ საშინელებას უფლებას, გაგანადგუროს. მთავარია, ოთახში შოსტაკოვიჩი ისმოდეს, რა. სანამ რაღაცას ჯერ კიდევ გრძნობ, ბოლომდე არაფერია დაკარგული. აღარც კი იცის, მერამდენე სახლია. დიდი ხანია, აღარ ითვლის და დიდი ხანია, მის სახლს “მისი” არ რქმევია. ახლა პირველად მიხვდა, რომ თავისი სახლი ენატრება და გაუკვირდა. ასეა. როცა თითქმის ვეღარაფერს გრძნობ, გიკვირს, მონატრების უნარი ისევ რომ გაქვს შერჩენილი. თავისი სახლი, ის სახლი, სადაც ბავშვობა დატოვა, ნათელი იყო. ძალიან ნათელი და თბილი. თითქმის აღარ ახსოვს ახლა, იმის მერე სიბნელის იმდენი ფენა აიწება მისმა არსებამ, მაგრამ არის მოგონებები, რომლებასც ვერაფერი ანაცვლებს და ბავშვობის მოგონებები ყველაზე მეტადაა ამ მოგონებებს შორის. არ ნანობდა არაფერს, საერთოდ, საერთოდ არაფერს. ყველა მომდევნო ნაბიჯი აახლოვებდა სიბნელეს და არც არაფრის შეცვლას აპირებდა. მერე რა, მთავარი ხომ ის არის, ოთახში შოსტაკოვიჩი ისმოდეს. აი, ასე მარტივად. ამჯერად სართული მეხუთეა, კარი - რკინის, ღვინისფერი, დიდი, მძიმე გასაღებით. არასდროს ჰქონია პრეტენზია, სამაგალითო მეზობელი ყოფილიყო. არც ახლა აპირებდა თავის გამოდებას. გადასატანიც ბევრი არაფერი ჰქონდა. ძირითადად, ტანსაცმელი და რამდენიმე ძალიან, ძალიან აუცილებელი ნივთი. ჰოდა, სავარაუდოდ, ისე უხმაუროდ დასახლდებოდა შემდეგი რამდენიმე თვით იქ, ვერც მისვლას გაიგებდა ვერავინ და ვერც წასვლას. მშვიდად იყო. საშინლად მშვიდად და რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მოსწონდა, ეს სიმშვიდე იყო. თებერვალი იყო და ციოდა. ახალი კორპუსის ლიფტში პირველად შევიდა მაშინ და ის იყო, მეხუთე სართულის ღილაკს თითი მიაჭირა და კარი უნდა დაკეტილიყო, დაინახა, სადარბაზოში როგორ შემოქანდა ვიღაც გოგო და მექანიკურად დაიჭირა ლიფტის კარი. მადლობაო გოგონამ მისთვის ზედმეტად ღია ღიმილით ჩაილაპარაკა და გაოცებულმა გახედა ლიფტის ღილაკებზე ანთებულ ხუთიანს. მას არც მადლობა შეუმჩნევია და არც გაოცებული მზერა. უბრალოდ გაიფიქრა, რომ რაღაც ზედმეტად თაფლისფერი იდგა იმ წუთას იმ ვიწრო სივრცეში. მერე ესეც დაივიწყა და მორჩილად დაელოდა, როდის მიაღწევდა ლიფტი სასურველ სართულს. ნახევარ წუთში, მეხუთე სართულზე ლიფტიდან გამოსულებმა, ერთმანეთს ზურგი აქციეს და მოპირდაპირე კარებში გაუჩინარდნენ. *** იმ დღესაც იყო მინდვრები. ვრცელი მინდვრები, ხასხასა მწვანე ბალახით. მერე ძალიან დიდი რძისფერი ნისლი იყო, მაგრამ არ იყო შიში. იყო თავისუფლება, ბევრი ბევრი, შემზარავად ბევრი თავისუფლება და იყო სისუფთავე. მერე ისევ ტკივილი. ყოველთვის უჭირდა გამოსვლა. უჭირდა, მაგრამ ეგუებოდა და უკვირდა, რომ ეგუებოდა. არადა, აქაურობა სულ უფრო აუტანელი ხდებოდა და იმ სრული სისუფთავიდან ამ სიმყრალეში დაბრუნებაც სულ უფრო ჭირდა, მაგრამ არ იყო სხვა გზა და უკვე აღარ იყო გამართლებაც. “დამირეკე” - დახვდა მესიჯი. რა თქმა უნდა, არ დაურეკავს. უნდა სცოდნოდა, რომ აღარ დაურეკავდა.ვერასდროს იტანდა ამ წარმოსახვითი ბედნიერების დროში გაწელილ ისტორიებს და ვერაფრით იჯერებდა მათ არსებობას. მისი კომფორტის ზონა ხანმოკლე რომანებს არ სცილდებოდა და არც უკანასკნელი იყო გამონაკლისი. მესიჯი წაშალა. *** This is one for the good days And I have it all here In red blue green In red blue green მუსიკა ვერ ფარავს მის ხმას. როგორც ყოველთვის, ოთახში ყველაზე ხმამაღლა ის ლაპარაკობს. - ისევ აქ ხარ. - აბა სად უნდა ვიყო? ჩემ გარეშე მაინც ვერ გადარჩები. - ჰო, მაგრამ სამაგიეროდ, შენ ჩემ გარეშე ასეთი ვერასდროს იქნები. - ზოგს გადარჩენა ურჩევნია. - ჰო, ზოგს, კი. - ზედმეტი მოგდის. - რა გინდა? - ვაშლი. - გადავრჩები. - ვერ. - არ. არ უნდა შეინახო ასეთი დღეები არსად. არც ერთი დღე განგებ არ უნდა შეინახო არსად და არაფრით. არ უნდა დაამახსოვრო ნივთებს, ადამიანებს და მუსიკას ერთმანეთი. არ უნდა გაჟღინთო არარსებულით თორემ მერე, როცა ყველაფერი ერთიანად ფეთქდება, გამოსავალი აღარ რჩება და იხრჩობი. სადღაც თმობ. ერთხელ თმობ და მერე დაღმართში მიდის ყველაფერი. მერე უკვე ადვილია. ადვილია, იყო ბედნიერი, როცა არ ხარ ფხიზელი. უყურებ წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებად ათქვეფილ ბედნიერებას ახალგამჟღავნებულ ფირზე და გრძნობ სუნს. სუნები ყველაზე მძაფრია ამ დროს. გაურკვეველ კადრებად მიდის ცელულიოდის ლენტზე ყველაფერი, რაც ყველაზე ახლოსაა ბედნიერებასთან და არ ეშვები. თავს არ აძლევ უფლებას, რომ მოეშვა, რომ ჩაეშვა. ვერ გადარჩები. არ. *** - კარის მეზობელი გვყავს ახალი, ხო იცი? - ჰო, შევეჩეხე პირდაპირ კიბეებზე და არც გამარჯობა უთქვამს არც არაფერი, უკულტურო ვიღაც. - უკულტურო კი არა, ნარკომანია, დედა. - ნუ გადამრიე! რას ქვია ნარკომანი? - ნარკომანი, ნარკომანი, მზია, არ იცი, ნარკომანი რას ნიშნავს? - საიდან იცი, ნატა? - იმან იცის. ისედაც არ ეტყობა? ავადმყოფურად გამხდარია, ხო ხედავ? - ყველა გიჟი ჩვენთან უნდა გადმოვიდეს, რა. დედამისის და ბებიამისის საუბარს ისმენდა ელენე სამზარეულოში და რაღაცაზე ფიქრობდა. *** თავქუდმოგლეჯილი ჩარბოდა კიბეებზე, ფეხი რომ გადაუბრუნდა და დაეცემოდა, ვიღაცას რომ არ დაეჭირა. უკულტურო, ნარკომანი, ავადმყოფი… სანამ გაიაზრებდა, თვალებში შეხედა. შავი თვალები ჰქონდა. უცნაურად, წარმოუდგენლად თბილი იყო ეს თვალები და ვერ დაიჯერა. ვერ დაიჯერა ამ თვალების უკულტურობა და ავადმყოფობა და… ვერაფერი. - მადლობა, - თქვა ჩუმად. ღიმილი აკლდა ამჯერად მადლობას. - ფრთხილად იარე ხოლმე, - უთხრა რაღაცნაირი მზრუნველობით და ვერც ახლა დაიჯერა. ვერც ამ ხმის უკულტურობა და ავადმყოფობა და ისევ ვერაფერი. უცნაურად დიდხანს ეჭირა მისი მკლავი. თითქოს დაავიწყდა, რომ ხელი უნდა გაეშვა. თითქოს მთელი ცხოვრება ასე ჰქონდა გატარებული და ახლა კიდევ უფრო მეტი თაფლისფერი იდგა გარშემო, ვიდრე იმ დღეს, ლიფტში. უხერხულად შეიშმუშნა თაფლისფერი და მაშინ მიხვდა, უნდა გაეშვა. სადღაც ეჩქარებოდა. *** ფანჯრიდან უყურებდა გათენებას და ეწეოდა. ხმები და ლანდები არ ტოვებდნენ. ვერსად გაიქცეოდა და არც გარბოდა. ეს ნიშნავდა კუთვნილ კატასტროფასთან ერთად ცხოვრების სწავლას. იდგა და აღარც უსმენდა აუტანელ დუდუნად ქცეულ მოგონებებს და შეგონებებს და გაფრთხილებებს და საფრთხეებს. მერე უცებ დენის დარტყმასავით იგრძნო რაღაც თაფლისფერი და მაშინ, ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად დაუბუჟა თითის ბალიშები შიშმა. იგრძნო, რომ ახლოს იყო. სადღაც ახლოს. ზედმეტ სიფხიზლეს დააბრალა. ჰო, სიფხიზლის ჰალუცინაციააო, მოუგონა თავს და მეორე ღერს მოუკიდა. თაფლისფერი უფრო მძაფრდებოდა და თვალებში სქელ წვეთებად ეღვრებოდა. უნდა ენახა. კართან რომ მივიდა, გარედან ხმაური მოესმა: “ჭკვიანად იყავი, ელენე, იცოდე და დროზე მოდი.” - აუტანლად ქოთქოთებდა ვიღაც ქალი. ის იყო. ფრთხილად გააღო კარი და მისი გასვლა და ქალის სახლში შებრუნება ერთი იყო. ელენე უკვე კიბეებზე ჩარბოდა. - ელენე… - კიბის მოაჯირს დაეყრდნო და ისე დაუძახა. გაჩერდა ელენე, მაგრამ არაფერი უთქვამს. შეშინებულმა ამოხედა უცნობ მეზობელს. დაიძაბა. ის კი აგრძელებდა: - შეკითხვა, ელენე: რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? დაიბნა. რა უნდა ეპასუხა? უყურებდა უსიტყვოდ და ცდილობდა, ის შავი თვალები დაენახა. როგორც მაშინ, იმ დღეს და ისევ ვერ დაეჯერებინა მისი ავადმყოფობა და უკულტურობა. ახლა კი იდგა და ეშინოდა. აუტანლად ეშინოდა იმ ფიგურის, ზემოდან რომ დასცქეროდა და პასუხს ელოდა. პასუხს, რომელიც ელენეს არ ჰქონდა. წავიდა ელენე. მობრუნებულს, ისევ იქ დახვდა მეზობელი. იდგა და ელოდებოდა. შავი ჯინსი და თხელი, შავი მაისური ეცვა, გრძელმკლავიანი. მარცხენა ხელის შუა და ნეკა თითებზე ვერცხლის ბეჭდები ეკეთა. უცნაურად თეთრი კანი ჰქონდა. შეეცადა, ისე შესულიყო სახლში, მისთვის არ შეეხედა, მაგრამ… - შეგაშინე? - ხმა არ ამოიღო ელენემ, - მითხარი, ელენე, რამე, რა.. ასე როგორ წარმოთქვამდა მის სახელს. ისე, თითქოს მასზე ახლობელი არასდროს არავინ ჰყოლია. ელენემ არ იცოდა, რა უნდა ეგრძნო ასეთ სიტუაციაში. - ჰო, შემაშინე. კედელს მიეყრდნო ზურგით ღვინისფერ კართან და მარჯვენა ხელით ბეჭდის წვალება დაიწყო. - ელენე… - თქვა ისევ რაღაცნაირად და გაიღიმა. - შენ? - მე, - ღრმად ამოისუნთქა, - მე გუგა. - სასიამოვნოა, - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. - ნუ ამბობ ეგრე, რა, - ხელს რომ დახედა ისევ იგრძნო აი ის ძალიან ძალიან თაფლისფერი მძიმე წვეთები თვალებში და უნებლიედ დაუმძიმდა ქუთუთოები. - რატომ? - სწრაფად, ბავშვური ცნობისმოყვარეობით იკითხა ელენემ და მაშინვე გამოფხილდა. - იმიტომ, რომ შეიძლება, მე შემეშინდეს. აღარ გაუღიმია. ფრთხილად შეახო თითები ელენეს თითებს და სითბო რომ იგრძნო, კინაღამ ღრიალი დაიწყო იქვე. მაინც ვერ გაუშვა ხელი. ვერც ახლა დათმო. სიჩუმე იდგა მძიმე და რამე რომც ყოფილიყო სათქმელი, ვეღარ დაიტევდა ამხელა უჰაერობა ვერცერთ სიტყვას. - უნდა შევიდე, - ჩურჩულით თქვა ელენემ და ძალიან ფრთხილად გამოაძვრინა თავისი თითები მისი თითებიდან. მერე ზურგი აქცია და მარტივი მოძრაობით შევიდა სახლში. გუგას თითების სიცივე შერჩენოდა ელენეს ხელზე და უყინავდა ფილტვებს. ვერ სუნთქავდა. ვერ ივიწყებდა, ვერ იშორებდა იმ თვალებს, იმ ხმას და იმ არომატს. სიგარეტის სუნი ჰქონდა გუგას თითებზე. და მერე ნიკოტინის ეს უბრალო სუნი იქცა ელენეს ყველაზე დიდი შიშის სუნად. *** When Mephistopheles is just beneath And he’s reaching up to grab me მუსიკის ხმას ისევ მისი ხმა ფარავს. - უნდა შეიწირო ხო? - რომელი ერთი შემიწირავს? - ამას შეიწირავ. - მორჩი დემაგოგობას რა. - “მორჩი დემაგოგობას რა”. არ გაეკარო იცოდე. - დაახვიე. - ვაშლი სად გაქვს? - დაახვიე-მეთქი. უკვე აღარ უსმენს. უკვე აღარ სჯერა. უკვე აღარ სძულს და აღარ ნანობს. დასასრულის დასაწყისს ჰგავს ეს ყველაფერი და იცის, რაღაც შეიძლება აღარ დაიწყოს თავიდან. დილის ხუთზე კარზე ზარია და ბოლომდე დარწმუნებულია იმაში, რომ… კარს აღებს და ხვდება, რომ არც ერთი ბოროტი სული და არც ერთი მონსტრი საწოლის ქვეშ მოგონილი არ არის და ბოლომდე ირწმუნებს ჯოჯოხეთს. ჯოჯოხეთს, რომელიც მისი ერთადერთი თავშესაფარი იქნება მაშინ, როცა ყველაფერი დამთავრდება. *** - გამარჯობა, ელენე. - გამარჯობა. - იცი, ელენე… არა, არ იცი. - რა არ ვიცი? - რა ფერში ზიხარ. - რა ფერში ვზივარ? - ჰო. გაჩერდა და ხელებს დახედა დაბნეულმა. - არ ვიცი. ისევ უნდოდა, შეხებოდა მის თითებს. ის სითბო ახსოვდა ისევ და საშინლად უნდოდა, ამ თითებს მის თმებში ემოძრავათ. გაეღიმა ამის წარმოდგენაზე. - რაზე ფიქრობ? - ელენეს ხმა იყო. - სიმართლე გითხრა? - ჰო. - შენს თითებზე ვფიქრობ, ელენე. - მართლა? - მართლა. - და რას ფიქრობ? - გადარჩენა რომ მჭირდებოდეს, ალბათ მარტო ეგ თითები გადამარჩენდნენ. - არ გჭირდება გადარჩენა? - მაგაზე მერე… - როდის მერე? - მერე, მერე. *** ამ სახლში ზედმეტად ბევრი გზაარეული ბოროტი სული დადის. ეშლებათ სართულები, კიბეები, ბინები, მაგრამ დადიან, დაძრწიან და არ ჩერდებიან. არ ტოვებენ არც ერთ ღამეს და ერთხელ აუცილებლად დადგება დრო, როცა ჭკუიდან შეშლის შეშლილთა უმისამართო გოდება და თვითონ გააღებს კარს იქამდე, სანამ ალკოჰოლის ქმედუუნარობით გაჟღენთილი შემდეგი სტუმარი მოაკაკუნებს და მშრალ სიცარიელეს დატოვებს მათ მასპინძლად. *** - დილამშვიდობისა, - ამჯერად პირველი ელენე მიესალმა. - დილამშვიდობის, - ისევ ის მძიმე თაფლისფერი ჩაეღვარა თვალებში. - არ გცივა? - თხელ მაისურს შეავლო თვალი ელენემ. - ღელავ? - გაიღიმა. - ვთქვათ.. - ღიმილს გვერდი აუარა და პირდაპირ თვალებში შეხედა. - არა, არ მცივა, - სითბო ედგა ხმაში. თვითონ მოკიდა ელენემ ორივე ხელი მარცხენა ხელზე და შეაჟრჟოლა ამდენი სიცივისგან. ისევ დენმა დაარტყა გუგას. ისევ ისეთი თბილი იყო და ისევ მოუნდა ღრიალი. - იტყუები. - არ ვიტყუები, არ მცივა. - არ გძინავს ხო? - გუგამ არაფერი უპასუხა, - არ გძინავს. იმიტომ გაქვს ხელები გაყინული. - თაფლისფერი. - თაფლისფერი? - ჰო, თაფლისფერი. შედი ახლა სახლში. *** ღამის სამ საათზე ისევ იყო ზარი კარზე. ზღურბლზე ელენე იდგა. არ იღიმოდა. - მელატონინი დალიე, დაგირეგულირებს, - გაეღიმა გუგას და ელენემ ოდნავ გაოცებით გააგრძელა, - არ არის ნარკოტიკი, რატომ იღიმი? - ვერ დამირეგულირებს მელატონინი. ნარკოტიკს რაც შეეხება… - ზედმეტად ლამაზი თვალები გაქვს. - იმისთვის, რომ ნარკომანი ვიყო? - დაახლოებით. - რა საშინელი სიტყვაა ეს “ნარკომანი”. - რამე ნაკლებად საშინელი სინონიმი არსებობს? - შემოხვალ? შევიდა ელენე. შევიდა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. ვერაფრით დაადგინა, რისი სუნი იდგა გუგას სახლში. - პრინციპში, შენთვის მაინც არ აქვს მნიშვნელობა, - ჩაილაპარაკა თავისთვის და გუგას გაჰყვა. ფანჯარა ღია იყო და ციოდა. - მართალი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მე ხო ვიცი, რასაც ფიქრობენ, როგორ ლაპარაკობენ. - და მერე რას ცვლის ეგ? - არაფერს, ელენე, არაფერს არ ცვლის. - ოჯახი? - ზედმეტად პირდაპირი იყო ელენე. - ოჯახი… რაღაცნაირად საინტერესო მშობლები მყავს მგონი. - რას ნიშნავს საინტერესო? - რამეს დალევ? - არა, მადლობა. არ გეშინია ხოლმე? - რისი, ელენე? უნდა განთავისუფლდე ზოგჯერ. გაიყვანო სული “პრაგულკაზე” რაღაცა იგრძნო მერე დაბრუნდე ისევ, აქაც ხო გჭირდება ხანდახან, საკუთარ სხეულში… - ღიმილით ლაპარაკობდა გუგა. - თავს იმართლებ ხოლმე ყოველთვის ხო? - ჰო… ან არც. არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. თავს გაიმართლებ თუ ვინმე გაგამართლებს თუ არ გაგამართლებს. შენ იქ რჩები, სადაც ხარ. - არ არის ეგრე. - ეგრეა ეგრე.. - “პოხუიზმია” ეგ, გუგა. - იყოს “პოხუიზმი”. შენც გინდა ჩართვა, მაგრამ ვერ ბედავ ჯერ. - რისი ჩართვა? - მაცივრის, - არც კი გაღიმებია, ისე უპასუხა, - პოხუიზმის ჩართვა გინდა. რაღაცების დაკიდება, მაგრამ არ გამოგდის. - ჰო, მე ზედმეტად ვღელავ რაღაცებზე. ისეთ რაღაცებზეც ზოგჯერ, რაც არ არის სანერვიულო. - კარგი გოგო ხარ შენ, ელენე, - თქვა და გაიღიმა. - რა იცი? - ვიცი. ალალი, კეთილი... გულს ისე გატკენს ვიღაც, ვერც გაიგებ, - თვალებში უყურებდა და სახიდან ღიმილს არ იშორებდა, - შეგცივდა? უხმოდ დაუქნია თავი ელენემ. მთელი სახლი გაყინული იყო. გუგამ ფანჯარა დახურა და ელენესთვის პლედი გამოიტანა ოთახიდან. - საერთოდ ვერ გრძნობ სიცივეს? - კითხვა შეაგება გზაში ელენემ და პლედი გამოართვა, - მადლობა… - ან პირიქით, - გუგამ სიგარეტს მოუკიდა. - როგორ პირიქით? - შენ არ ეწევი? - არა. არც კი გამისინჯავს. ბევრ კითხვას არიდებ თავს. - მხოლოდ იმ კითხვებს, პასუხი რომ ისედაც გასაგებია. დარწმუნებული იყო საკუთარ თავში გუგა. საკუთარ სიმართლეშიც დარწმუნებული იყო. ზუსტად იცოდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. თვალებში უყურებდა პლედში გახვეულ ელენეს. მერე ღიმილით უთხრა: - ნუ გეშინია, დიდხანს სიცოცხლეს მაინც არ ვაპირებ. - ტკბილი ძილი, გუგა, - უთხრა ელენემ სრული სერიოზულობით და წამოდგა. - თუ დავიძინე, გპირდები, აუცილებლად ტკბილად დავიძინებ. არ გაუცილებია გუგას. თაფლისფერის ყოველი გრამი მის ოთახში იყო მაშინ. *** ისევ გუგას სახლში ისხდნენ დივანზე, ფეხებმოკეცილი, ერთმანეთის პირისპირ. დილის ხუთი საათი იყო დაწყებული. - ჩუუ, - საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა გუგამ. - აღარაფერი ვთქვა? - ხმა არ ამოიღო და თვალებში მიყურე. - კარგი. - შუქი არ აანთო. - კარგი. სავსე იყო ოთახი სიჩუმით. და გუგა ცდილობდა, კაიფი დაეჭირა ამ სიჩუმეში. - რას ხედავ, მითხარი. - ლამპიონის ანარეკლს შენს თვალებში. - მოგწონს? - ლამაზია. - დაწერდი? - რას? - რამეს დაწერდი? - არა. არ მინდა წერა. თვალებში მინდა გიყურო. - არ დაივიწყო ჩემი თვალები, რა. - არ დავივიწყებ. - ახლა ისე მეძინება, ელენე… ისე, უზომოდ… - დახუჭე თვალები და დაიძინე. მე მინდა გიყურო. წინ გადაიხარა გუგა და თავი დაადო ელენეს მხარსა და მკერდს შორის. თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიტრიალებული და “you are all I need… you’re all I need” ელენეს პატარა თითებს გრძნობდა თმაში, მის გულისცემას უსმენდა და ეძინა. *** ეშინოდა ელენეს. მძაფრად გრძნობდა, რომ ეშინოდა. დარწმუნებული იყო ამაში. თან როგორ ციოდა გუგასთან… სასწაულად ციოდა. ციოდა გუგას ხელებზე და ციოდა ყველგან, სადაც გუგა ტოვებდა კვალს. “ვრაგ გასუდარსტვა…” “პაზოორ ნააციი…” ახსენდებოდა, როგორ თეატრალურად დასცინოდა საკუთარ თავს გუგა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეგრძნო. რთული აღმოჩნდა მასთან ურთიერთობა. ურთიერთობა თუ ერქვა საერთოდ. ვერაფერს გრძნობდა, მაგრამ ყოველ ღამე, ზოგჯერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი, მიდიოდა ხოლმე გუგას კართან და ზარს რეკავდა. მხოლოდ მაშინ იაზრებდა ხოლმე, რომ ფეხებმა თვითონ მიიყვანეს იქამდე, როცა ზღურბლზე იდგა უკვე. გუგას… გუგას ჯერ კიდევ არ სჯეროდა არაფრის. *** - სახლში იციან? - რა? - ჩემთან რომ ხარ ყოველ ღამე. - არ ვიცი. შეიძლება, იციან. - რისკავ. - სიცოცხლეს? - ნაწილობრივ სიცოცხლესაც. - გადავრჩები, ნუ გეშინია. მზიამ დაინახა, როგორ გამოდიოდა ელენე გუგას სახლიდან. დაინახა და იქ დაიწყო პანიკა. - ელენე, რას აკეთებ აქ? - მეზობელთან ვიყავი, მზია, - შეეცადა ელენე, არ შეტყობოდა, რომ საშინლად ანერვიულდა. - ვინ მეზობელთან? - გუუგასთან, - ბორძიკით ამოთქვა სახელი. - ელენე, სრულ ჭკუაზე თუ ხარ? კივილი ატყდა ელენეს სახლში. უნდა დამთავრებულიყო გუგა. არ იყო სხვა გზა. შეეშინდათ. შეეშინდათ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ნარკომანის გვერდით და გარშემო უბედურია. არ იცი, რა დღეში არიან ნარკომანების მშობლები და ცოლებიო, არიგებდნენ, ეხვეწებოდნენ, ეჩხუბებოდნენ. ყოველი “ნარკომანი” ხარაკირის დანასავით ხვდებოდა სხეულზე და აუტანლად სტკიოდა. მაშინ მიხვდა ელენე, რომ სხვა რაღაც ხდებოდა. მეორე დღეს არ მისულა გუგასთან თაფლისფერი. - აი, შეიწირე, ხო ხედავ… - ის არ ჩერდებოდა. - მე არაფერი დამიძალებია. თვითონ წყვეტდა ყველაფერს. - კარგი ერთი, რა. - დაწყნარდი, მალე მაინც დამთავრდება ყველაფერი. - ეე, მეჩვენება თუ ვიღაც გაკლია? - გაქრი აქედან. - დაგენძრა, მეგობარო? - ვაშლი სამზარეულოს მაგიდაზე დევს. მაშინ პირველად, ამდენი ხნის მერე, ოთახში ბახი ისმოდა. რაღაცები აზრს კარგავს ზოგჯერ. ერთდროულად ყველაფერს ეცლება საფუძველი და სიცარიელის გარდა არაფერი რჩება. არაფერი ხდება ის, რისთვისაც ცხოვრობდი, რითაც ცხოვრობდი. რაც სწორი გეგონა. მერე იღლები. მალე ყველაფერი დამთავრდება მაინც. *** კარი ღია იყო. ორი საათი ხდებოდა ღამის. რაღაც ცუდს უგრძნო გულმა ელენეს. სხვანაირი სიჩუმე იდგა გუგას სახლში. - ბუუმ… - თქვა ჩურჩულით და ხელები ისე გაშალა, ფეიერვერკის იმიტაცია გააკეთაო თითქოს. - ბუმ იყო ორი საათის წინ. ეხლა ვკვდები, ელე. იჯდა გუგა დივანზე და ხელები უღონოდ დაეშვა მუხლებზე. კანკალებდა. - რა გიყო? - იკითხა ელენემ და გაიღიმა. შეეცადა არ დასტყობოდა, როგორ უკანკალებდა მუხლები. - მომკალი. - რითი ინებებთ სიკვდილს? - ისევ იღიმოდა ელენე. - იარაღი მესროლე… ტვინში პირდაპირ. მართლა გეუბნები, - ნელა ლაპარაკობდა გუგა. - შუბლი გაგიხვრიტო? - ჰო. - თვალები არ დახუჭო მაშინ. - შეგიძლია? ოღონდ ახლა, რა. მერე შეიძლება გადავიფიქრო. - როგორ არ შემიძლია, - ძალიან მშვიდი იყო ელენე, - შენი ყველაზე მშვიდი სიკვდილი ვიქნები. - დავლიე, ელე. ბოლო მქონდა და დავლიე. - არ უნდა დაგელია. - მეზიზღები. დენმა დაარტყა ელენეს. - ჰო? - არ უნდა გატყდომოდა ხმა. - მახინჯი ხარ. სხეულითაც და სულითაც. - არ ჩახვიდე ქვემოთ. - ადამიანი რო ხარ, როგორ ტეხავს. - იქნებ არც ვარ. რა იცი შენ? - აბა რა ხარ? პანდა ხარ თუ ჟირაფი? - კენგურუ. - რააა ვქნააა? - საშინლად დაიღრიალა გუგამ. - ნუ ყვირი. - მცივა. - ჩაწექი. - ძაან მცივა. ძალიან, - კანკალებდა. - წამოდი ჩაწექი. - მცივა, - ისევ ყვიროდა გუგა. ვერაფერს ხედავდა. ვერაფერს ხედავდა. იცოდა. არ იყო ეს პირველი შემთხვევა. ალბათ, არც უკანასკნელი. იცოდა, რომ ეს ტკივლი უნდა აეტანა. სხვა გზა არ ჰქონდა. ელენემ არ იცოდა, რა ექნა. ცივი საშინელი ჟრუანტელი უვლიდა და მუცელში საშინელ სპაზმებს გრძნობდა. რაღაც უნდა გაეკეთებინა. ინსტინქტურად მოქმედებდა. უნდა გაეძლო გუგას. თვითონ უნდა გაეძლო. - ნუ ღრიალებ-მეთქი სირცხვილია. - ხო, ხალხია აქ, - ოდნავ გაიღიმა გუგამ. - არ გრცხვენია? - ელენეც იღიმოდა. არ იცოდა, ისე იღიმოდა. - ჰო. - წითლდები, როცა გრცხვენია? - არ იცოდა, რას ლაპარაკობდა ელენემ. მივიდა და გვერდით დაუჯდა. - კი, - რაღაც გაუგებრად ამოილაპარაკა გუგამ. - რაო? - რაო და მცივა. - რა გიყო, დაწექი-მეთქი და არ წვები, სიკვდილიც გადაიფიქრე, მეტი მე რა შემიძლია, თავზე ხო არ მოგეფერები… - ყურადღება უნდა გადაეტანა. გაეცინა გუგას. - იცი, როგორ მიყვარს? - როგორ? - ძალიან. ძალიან. - ჩაწექი და დაიფარე საბანი თავზე, გაჩუმდი და თვალები დახუჭე. - არ მშველის, ელე. მცივა, რა. - ნუ ფიქრობ სიცივეზე… შემომხედე. - აბა რა ვქნა? - კენგურუებზე იფიქრე. - კენგურუებზე? - ჰო, კენგურუებზე. აი წარმოიდგინე ავსტრალიის დამსკდარი, ქვიშისფერი პეიზაჟი და ეს დეგენერატი ცხოველი. როგორ დახტის, ნახე. აი, კენგურუ… ორ ფეხზე დახტის. აქეთ დახტის მერე იქით დახტის… გუგა იცინოდა. - გიფიქრია, რა გამომეტყველება შეიძლება ჰქონდეს კენგურუს, როცა ხტუნაობს? აი, რა შეიძლება ეწეროს სახეზე… არანორმალურად ეცინებოდა გუგას - ბედნიერია? სასოწარკვეთილი? შეყვარებული? ჩაფიქრებული? - არ ჩერდებოდა ელენე. - გაკლია, - ძლივს ამოისუნთქა გუგამ. - გმადლობთ, - გაიღიმა ელენემ. - ბოლო იყო. აღარ მაქვს მეტი. - ჰო. - ვერც ვიშოვი. ყველგან დავამთავრე. “პონტი დავიკეტე” ქვია ამას ქუჩურად. - აჰა. - იცი რა საშინელებაა? გაქვს და სვამ და მერე კაზინოში, გავიწყდება საკუთარ თავთან დადებული ყველა პირობა. რეკავ ყველა ნომერზე, რომელიც გახსენდება… “ხო იცი, დაგიბრუნებ….” “როდის არ დამიბრუნებია..” მერე აგებ, ყველაფერს აგებ…. უსმენდა ელენე. გუგას მაშინ ლაპარაკი სჭირდებოდა და არა პასუხები. ჰოდა, ლაპარაკობდა და ელენე უსმენდა. - გადააგდე ეს საღეჭი რეზინი, რა… - უთხრა მერე, როცა დაასრულა გუგამ. - მამშვიდებს. - დამშვიდებულის რა გეტყობა, გუგა? აღარ სციოდა გუგას. ელენეს ხელები ეჭირა, თავი უკან გადაეწია და კენგურუებზე ფიქრობდა. ისევ ეცინებოდა. ელენეს ეშინოდა. ეშინოდა, ასეთი რაღაც კიდევ რომ დამართნოდა, იქნებ ვეღარც გაეძლო. იქნებ სულ არ ყოფილიყო მასთან. ცუდად იყო გუგა. ხედავდა, რომ ცუდად იყო და ვერ იტანდა. სხეული სტკიოდა. ფიზიკურად გრძნობდა ყველაფერს. - მაშინ იარაღი რომ მქონოდა, - გაიგო მერე გუგას ხმა. დამშვიდებული იყო, - მართლა ვისვრიდი. აი, ტელევიზორს რო თიშავენ ცოტა ხნით, ტვინი წაიღოო, ხო იცი. ხოდა, აი ეგრე გამოვრთავდი, ფიქრო რო გაჩერებულიყო, - ელენე ხმას არ იღებდა, - ოღონდ მერე ვეღარ ჩავრთავდი თავიდან… - ვეღარ ჩართავდი, - თქვა ჩუმად მერე ელენემ და თავი დაადო მხარზე. მოიკუნტა, დაპატარავდა, დაპატარავდა და მიეხუტა. ახლა ელენე კანკალებდა. აცახცახებულ ტუჩებს გრძნობდა ყელზე გუგა და სიგიჟის ზღვარზე იყო. *** Strangelove Will you give it to me Will you take the pain I will give to you Again and again And will you return it გუგას სახლში, დივანზე ეძინა ელენეს. მაისური ოდნავ აწეული ჰქონდა და მუცელი მოუჩანდა. გუგა იჯდა და უყურებდა. ელენეს უყურებდა. თაფლისფერ ელენეს და არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს. ასე პირველად მოხდა. პირველად და მხოლოდ ელენესთან. უკვე იმდენი ხანი იყო, არავიზე უზრუნია, შეეშინდა გუგას. შეეშინდა იმიტომ, რომ საერთოდ არ ეზიზღებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რაც შეიძლებოდა ელენეს დამართნოდა. ვერ მოერია საკუთარ თავს. ვერ უარყო. იქ იყო ელენე, მისი სახლის მისაღებში და ბავშვივით მშვიდად ეძინა. ხაკისფერი მაისურიდან თეთრი მუცელი ჩანდა და გუგამ ნელ-ნელა წაიღო ხელი. ფრთხილად შეახო გაყინული თითები და იმ წამსვე სახეზე შეხედა, ხომ არ გავაღვიძეო. ისევ ეძინა ელენეს. უფრო აუწია მაისური. მერე ნელა, ძალიან ნელა დაიხარა და ჭიპთან აკოცა, რაც შეეძლო, ფრთხილად. მაინც გაეღვიძა ელენეს. იგრძნო, რომ გაეღიმა. ახედვას აპირებდა, ელენეს ხელები რომ იგრძნო თავზე და აღარ იყო საჭირო არაფრის თქმა. თავი კომფორტულად მოათავსა ელენეს მუცელზე და გვერდით მიუწვა. ელენეს თითები ეფერებოდნენ თავზე და გუგა გრძნობდა, როგორ ნელა სუნთქავდა სხეული მის ქვეშ. რაღაცით მაინც ჰგავდა სასწაულს ეს ამბავი. უნდოდა თუ არა ამის აღიარება გუგას, ეს ასე იყო. ელენე ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო, გუგასთვის სასწაული მოეხდინა. *** Quand le temps va et vient, On ne pense a rien malgre ses blessures. აფრთხობდათ უეს ანდერსონის ისტერიული სიმეტრია “Moonrise Kingdom” - ში. უყურებდნენ ულამაზესი ფერებით სავსე, გუგას საყვარელ ფილმს სიბნელეში და ისხდნენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს. - ჩვენც ესე რო გავიპაროთ? - ისე ჰკითხა გუგამ, მისთვის არ შეუხედავს. - როგორ ესე? - აი ერთი ჩემოდნით, ერთი ფირსაკრავით, ერთი კარვით და რამდენიმე წიგნით. - სად გავიპაროთ? - სამხრეთისკენ. - მზე… - გაეღიმა ელენეს. - ავსტრალიაში. ბოლო-ბოლო ხო უნდა ნახო, რა გამომეტყველება აქვს კენგურუს, როცა დახტის. ელენეს ხმამაღლა გაეცინა და გუგას ისევ ის ნაცნობი თაფლისფერი ჩაუდგა თვალებში. ისე მოუნდა, მისი თმის სურნელი ღრმად შეესუნთქა, გული გაუჩერდა ლამის. მერე ღრმად ამოისუნთქა და მთლიანად აათვალიერა მის გვერდით მჯდომი ელენე, ანთებული თვალებით რომ უყურებდა ეკრანს. თვალს არ აშორებდა მის მხრებს და ვერაფრით იშორებდა ფიქრს, რომ უნდა შეხებოდა. ხელები უკანკალებდა. მოულოდნელი იყო ელენესთვის, უცებ რომ წამოაყენა და ხელები წელზე მოხვია გუგამ. ცეკვავდნენ ანდესრონის სემი და სიუზიც. გუგა და ელენე მაშინ ჰგავდნენ სემს და სიუზის. ისინი უნდა ყოფილიყვნენ 12 წლის სახლიდან გამოქცეული, თავიდან ბოლომდე შეყვარებული წყვილი. ტანს აყოლებდნენ ძველ, ფრანგულ ჰანგებს და ვეღარ მოიცდიდა გუგა. ისე ფრთხილად აკოცა, როგორც სემმა სიუზის, თითქოს პირველად, სულ პირველად კოცნიდა. გრძნობდა ელენე გუგას სიფრთხილეს და ცდილობდა, ყველა ემოციაში აჰყოლოდა. ყველა იმპულსი გაეგო. მერე ხელები კისერზე შემოაწყო და თავი მხარზე დაადო. უცნაურად ბედნიერი იყო ელენე. გუგას თვალებს შეეძლო ბედნიერების მოტანა. ისუნთქავდა ელენეს თმის არომატს გუგა და არ ფიქრობდა არაფერზე. არც ტკივილზე. არც მუსიკაზე. არც ხმებზე. ელენეს ღიმილი ისევ ზედმეტად ფართო იყო მისთვის. იხრჩობოდა ამ ღიმილში. ვერ წვდებოდა, თავს ვერ აღწევდა. ელენე კი იღიმოდა. სულ იღიმოდა. არანორმალურად გულწრფელად და სუფთად და ელენეს ყოველ გაღიმებაზე სიცოცხლე აკლდებოდა გუგას. გუგას ყოველი დღე თაფლისფერი იყო მერე. ჰო, იმდენად ბანალურად, რამდენადაც ჟღერს. რამდენადაც შესაძლებელია. გრძნობდა გუგა, რომ უჭირდა თაფლისფერის გარეშე ყოფნა. იცოდა, არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ არ შეეძლო სხვანაირად. ეს არ ამართლებდა, მაგრამ გუგას არც ერთ საქციელს ჰქონია გამართლება. - მოგიკითხა, ელე. - ვინ, გუგა? - მოგიკითხა, რა. - ბიპოლარული სინდრომი... - ჰო, ამ წუთას გაიღვიძა. ხო ვიყავი ჩემთვის მშვიდად. - უნდა რამე? - წამიყვანოსო. - მე? - ჰო შენ. - სად წავიყვანო? - სადაც წახვალ. - წავიყვან, კარგი. - მაჭმევსო, გეკითხება. - ნაჭამი გამოუშვი შენც. - მე ვეზიზღები უკვე, აღარაფერს ჭამს ჩემთან. - ნუ მაშინ რას ვიზამთ. - ნუ უსმენო ამ დეგენერატსო. - რატოო? - არაადეკვატურიაო. საშინელიო. - კიდე? - კიდე მოშორდიო. არადა, მაგაზე მაგარი ტიპი ვარ. თვითონაც იცის. - ჰო? - ჰო. წაიყვან? - წავიყვან. - ვაშლი თუ აქვსო, აინტერესებს. - მექნება, კი. - ჰოდა, მოგყვება მაშინ. *** ეშინოდა ელენეს. უფრო ეშინოდა, ვიდრე უნდოდა და ეს ართულებდა ყველაფერს. ვერ დგამდა ნაბიჯებს. იდგა გუგას წინ და არ იცოდა, სად წასულიყო. ვერც უახლოვდებოდა, ვერ შორდებოდა და რაღაცით სიკვდილს ჰგავდა ეს პროცესი. ელენემ იცოდა, რომ გუგას სჭირდებოდა. გუგას არასდროს უთქვამს ეს, მაგრამ ელენემ იცოდა. სჭირდებოდა, რომ ესუნთქა. არასდროს სდომებია ელენეს, გუგას რამე შეეცვალა თავის ცხოვრებაში. არ ჰქონდა ამის უფლება. ელენე მიყვებოდა გუგას. მიყვებოდა ავსტრალიის უდაბნოებამდე და აჩვენებდა კენგურუების სახის გამომეტყველებას. ზურგიდან მიუწვა და მხრები დაუკოცნა მშრალი ტუჩებით. აჟრჟოლებდა ელენეს ყოველი შეხებისას. ეს არ იცვლებოდა. ეფერებოდა მუცელზე დაატარებდა გაყინულ თითებს, ცდილობდა ყოფილიყო ყველგან და ცახცახებდა ელენე გუგას სხეულს ზურგით აკრული. მათი ერთიანობა არ ყოფილა ზღაპრული. გუგას სიცივე გაუჯდა ელენეს იმ ღამით სხეულში და იგრძნო რაღაც, რაც არაფრით არ იყო სიყვარული. უფრო სიძულვილს ჰგავდა ან იმას, რაც სიძულვილის შემდეგ რჩება: ბლანტი, მაგრამ მძაფრი სიცარიელის შეგრძნება. ისინი ერთად უნდა გაქცეულიყვნენ. და ყოველ ღამე ისინი ალაგებდნენ ერთ ჩემოდანს, ერთ კარავს, ერთ ფირსაკრავს და რამდენიმე წიგნს და მიდიოდნენ შორს და მერე იწყებოდა ძებნა, გაუთავებელი, დაუმთავრებელი ძებნა ყველაზე უცნობ ადგილებში, მაშინ როცა ისინი, ორივე, იქ იყვნენ, ყველას თვალწინ და ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ 12 წლის ბავშვები, რომელთაც შეძლეს, ერთმანეთი ჰყვარებოდათ. *** - ლაკრიმოსა. ეს ახალია რამე? - ფინალია. - რა ფინალი? - მთავრდება. აქ უნდა დამთავრდეს. - ასე დატოვებ? - ან საერთოდ ვერ დავტოვებ. - მერე, ლაკრიმოსას როდემდე შეეკედლები? - როდემდეც გამიძლებს. - სულ უნდა დამთავრდე? - ან თავიდან დავიწყო. - ხარ. ვერ იტევდა იმ დღეს გუგას ოთახი მოცარტს. *** Sais-tu, ma belle, que les amours les plus brillantes ternissent? - არ ამიხსნა არაფერი. ისევ ელენეს მუცელზე ედო თავი. - მომავალ წელს, ზუსტად ერთ წელიწადში, ზუსტად 13 თებერვალს. თუ არა და, ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალიე ჩემს სახელზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.