ძველი პიანინო - 27
27. ფიფომ გიჟივით გააქროლა მანქანა, სინდისის ქენჯნას სულაც არ გრძნობდა, მიმი მხატვარს შეატოვა, თვითონ კი პირველივე დაძახილზე გავარდა... მიჰქროდა იქ სადაც ვნება უსწრებდა გრძნობას... მთელი სისწრაფით ჩაუხვია ქუჩაზე და ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, ლამის მანქანის ბორბლებქვეშ მოაყოლა კაცი... ბეწვზე გადარჩა... ფიფო საშინლად შეწუხებული უსინჯავდა ფეხებს, ხელებს, საბედნიეროდ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, რაღაც სასწაულებრივი გადარჩენა იყო... წამოდგომაში მიეშველა, ცოტას კი კოჭლობდა, მაგრამ გაჯიუტდა არაფერი მტკენიაო, არც სახლამდე და არც საავადმყოფოში მიყვანას დათანხმდა, თუმცა ფიფოს საავადმყოფოში სარბენად სულაც არ სცხელოდა... ძალად შეაჩეჩა ხელში თავისი სავიზიტო ბარათი, იქნებ მერე თუ მკურნალობა დაგჭირდეს ყველაფერს აგინაზღაურებო... ფიფო სხვა პრინციპის კაცი იყო, ვინც არ უნდა ენახა ასეთ სიტუაციაში უყურადღებოდ არ დატოვებდა და მითუმეტეს თუ თავისი მიზეზით იყო დაშავებული, ასე ადვილად ზურგს ვერ შეაქცევდა... საშინლად წუხდა მომხდარზე, არც დაშავებულის ასე ქუჩაში მიტოვება უნდოდა და თანაც ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იქაურობას. ბოლოს როგორც იქნა კაცმა დაარწმუნა არაფერი მჭირს გადავრჩით ორივენიო.. ფიფომაც შვებით ამოისუნთქა, მართლაც რომ გადავრჩითო და მანქანას მიაშურა... კაცი აღმართს აუყვა. სიარული თანდათან უფრო უჭირდა, დაჟეჟილობამ მაინც თავისი ქნა.. უფრო მეტად შეაწუხა მტკივანმა ფეხმა... „ჰმ, რა საოცარია ეს ცხოვრება... კომედიის თამაშია, ტრაგედია რომ არ იყოს... რამდენჯერ უნდა ჩავვარდე ამ კრეტინი ფიფოს ხახაში... ჰო, შემეშინდა... ვაღიარებ, მართლაც შემეშინდა თავიდან... სულ ერთი წამით ვიგრძენი შიში... მერე კი... ჰა, ჰა.. ოჰ, როგორ მინდოდა ერთი გემრიელად გადამეხარხარა... გულიანად დამეცინა მისთვის... ისე სულაც არ მეშინია მისი... იქეთ არ შევაშინო... შიშს არ უნდა მისცე უფლება, რომ დაგჯაბნოს და შენი ქმედება აკონტროლოს... ვერც ფიფო და ვერც სხვა ვერავინ შემაშინებს და ვერც შემაჩერებს... და მერე როგორი პატივისცემით კი მომეპყრო... ჰა ჰა, რა სასაცილოა... ნეტა იცოდეს, მაინც ვინ ვარ...“ ამ აზრებმა კაცი უფრო მეტად გაამხიარულა, სიხარულისგან ცმუკავდა... მტკივანი ფეხი აღარც ახსოვდა, გაბადრული სახით მიჰყვებოდა აღმართს... ...როცა ფიფო თავის ახალ გატაცებასთან მიჰქროდა, მკვლელი ძველი უბნის აღმართს კოჭლობითა და მწარე სიცილით მიუყვებოდა, მხატვარი კი ამ დროს მიმის პორტრეტს ხატავდა, თან განუწყვეტლივ ესაუბრებოდა, არ უნდოდა მიმის მოეწყინა და ფიფოზე ედარდა, ამიტომაც ართობდა. - იცი მიმი, ნიღბებს, მარტო წარმოდგენის გასამართად კი არ იყენებდნენ, ომის დროსაც და საქორწილო რიტუალების დროსაც დიდი გამოყენება ჰქონდა. - ომის დროს?.. კი როგორ არა, მინახავს ძველ ფილმებში.. - საერთოდ კი რიტუალის დროს დროს გამოყენებული ნიღაბი ავი სულების განსადევნად და შიშის გამოსაწვევად იყო მიმართული. - აჰა, ამიტომაც არის ზოგი ნიღაბი, რომ დაჯღანული და საშინელი შესახედია... ახლა გასაგებია... - ცოტა ხანი პირს ნუ ამოძრავებ. მიმი გაიტრუნა. სიამოვნებას გვრიდა პოზირება, მით უფრო რომ ცხოვრებაში პირველად ხატავდნენ... რამდენიმე ხნის შემდეგ მხატვარმა შესვენება გამოაცხადა, ნახატი კედელთან დადო და შორიდან დაუწყო ჭვრეტა... პორტრეტი ძალიან ლამაზი გამოვიდა, მიმი აღფრთოვანებული დარჩა... ერთხანს ნახატი ათვალიერეს, მერე თითქოს სალაპარაკოც გამოელიათო და ორივე დადუმდა, მიმი სახლში წასვლას არც ფიქრობდა, მხატვარი ატყობდა მიმის თითქოს რაღაც აწუხებდა, თქმას კი არ აპირებდა „ნუთუ ფიფოს ღალატს მიუხვდა?.. და მერე რა... ამაში ტრაგედია არ უნდა დაინახოს... გაისეირნებს გამოისერნებს და ისევ მოვა... თანაც თუ კი მართლა უყვარს, მოვა აბა სად წავა... და თუ არ მოვა ესე იგი... ოჰ, ამ ქალებს კი სხვანაირად ესმით, რადგან ერთი გაიკუნტრუშა ესე იგი, მორჩა! დამთავრდა იქ ყველაფერი... ჰმ, რა სასაცილოები და უმწეოები არიან... სამაგიეროდ კი დიდი გული აქვთ...“ მხატვარი ფიფოს საქციელზე ფიქრობდა, არ ამართლებდა, მაგრამ არც ამტყუნებდა, და როგორ უნდა აეხსნა მიმისთვის ეს ყველაფერი... გაიგებდა მერე?.. - არის ისეთი რამ, რისი თქმაც გინდა და... მიმი შეცბა, ეგონა რომ ფიქრებს მიუხვდა... ან რა უნდა ეთქვა?.. იმას ხომ არ ეტყოდა, ამ ბოლო დროს შენ უფრო მომწონხარ თუ ფიფოო ვერ გამირკვევიაო... - რაო, რას ჩაფიქრდი?.. ჩააცივდა მხატვარი. - იცი, სულ იმ კაცზე ვფიქრობ. - როგორც იქნა მიმიმ მოახერხა ხმის ამოღება - სასაფლაოზე, რომ ვნახე... როგორი სასოწარკვეთილი იყო... ჩაცმულიც ჩვეულებრივად იყო, თორემ ბომჟი მეგონებოდა... საწყალი, ვინ იცის რა შეემთხვა.. - სასოწარკვეთა რთული რამაა, საშინლად იცის მორევა... თუ მიეცი ნება შემოგეხვევა ფეხებზე, ისე გაგკოჭავს, რომ ნაბიჯს ვეღარ ადგამ, მერე თანდათან ზემოთ ამოვა ყელში მოჭერას დაგიწყებს და უცებ კი არ გახრჩობს... ნელა ნელა... გიჭერს, გგუდავს... და ისე გაწვალებს, რომ ლამის შენ თვითონ უთხარ ბარემ მომკალი და მოვრჩეთო... მიმი გაფითრებული შეჰყურებდა, მხატვარს გაეცინა - რამ შეგაშინა? ეს მაშინ როცა მოგერევა, უფრო სწორედ დაჯაბვნის უფლებას, რომ მისცემ, თორემ.. მერე უკვე გვიანია. - აბა რატომ ამბობენ არასდროს არარის გვიანო, ყოველთვის შეიძლება გამოსწორებაო... - სადღაც კი ვეთანხმები, რაღაც მომენტში კი, მასეა, მაგრამ არის ზოგჯერ შემთხვევა როცა აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ან ის ადამიანი აღარ არის და აღარც ის დროა... ის დრო უკვე ჩავლილია... LEX·2016 წლის 3 ივლისი, კვირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.