ძველი პიანინო - 29
29. ერთიანად მტვერში ამოსვრილ მიმის, სახე აწითლებოდა, დამფრთხალ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. მიმის დანახვაზე მხატვრის შვილს უცებ სიცილი წასკდა, მისი მხიარულება სხვებსაც მოედო, მის საძებნელად გამოსული მთელი ეზო ხარხარებდა. ეზოშივე გამოუტანეს სარკეც, პირსახოციც, თმებზე აბლაბუდებს აცლიდნენ, მიმიც აჰყვა სიცილში, თვალებით კი თავის მხსნელს ეძებდა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ის კაცი იქნებოდა, ვისაც უკვე არაერთხელ გადაეყარა, უკვე დარწმუნდა, რომ იქ ცხოვრობდა, მაგრამ როგორ უნდა ეცნო? ეზო საკმაოდ მეგობრული აღმოჩნდა, სიცილი კი დააყარეს, მაგრამ უმალ დამშვიდებაც დაუწყეს, ზოგმა ყავა შესთავაზა, ზოგმაც ხილი გამოუტანა... მხატვარს ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდნენ იქაურობას, მიმი კი წასვლას არც ჩქარობდა, იქნებ როგორმე მაინც ამოეცნო ის უჩინარი ბინადარი, ყველას სათითაოდ მადლობას უხდიდა, თბილად ემშვიდობებოდა და კარგადაც აკვირდებოდა, თუმცა ვერაფერი შენიშნა ისეთი, რომ ამოეცნო თავისი გადამრჩენელი, ან როგორ უნდა ამოეცნო?.. სახლში მხატვარმა ცოტა უცნაურად დაიწყო მოქცევა, მიმის რამდენჯერმე დედაზე ჩამოუგდო სიტყვა, ალბათ როგორ გელოდება, როცა გვიან ბრუნდებიო, მიმიც აჰყვა პატარა ისტორიების მოყოლით თავის ჭკუით მხატვარს ამხიარულებდა, მხოლოდ მაშინღა მიხვდა რომ მისი წასვლის დრო იყო, როცა კარებში მისი ნაცნობი მსახიობი ქალი გამოჩნდა, რომელიც გაკვირვებით ათვალიერებდა, ასე უწესრიგოდ და უსუფთაოდ ჩაცმულ მიმის პირველად ხედავდა, ლამაზი და ძვირად ღირებული ფეხსაცმელიც ისე გაფუჭებოდა, გადასაგდები იყო... სიცილით მოუყვნენ, თუ როგორ დალაშქრეს ძველი სახლი და როგორ გაუჩინარდა მიმი კედლებს შუა და როგორ ეძებნდნენ... მიმის ძალიან არ უნდოდა ასეთ დროს სახლში მისვლა, დედაც ფეხზე დახვდებოდა, აავსებდა კითხვებით და თანაც ასეთ ფორმაში რომ დაენახა, საშინლად შეწუხდებოდა, ინერვიულებდა, უთუოდ აიკლებდა ქოთქოთით... მხატვართან გაჩერებაც უკვე აღარ შეიძლებოდა, სად წასულიყო არც იცოდა... ფიფოსთან უხერხული იქნებოდა ასე მოუწესრიგებლად მისვლა... ცოტა ხანს იყუჩა, მაგრამ მერე კი მაინც დაურეკა... წუხანდელი მკვლელობის საქმე დამემატა, ახლა ნამდვილად არ მცალია, ბოდიშიო... და არც აცალა მიმის სიტყვის თქმა, თვითონვე გაუთიშა ტელეფონი... ჰმ, ბედის ირონი იყო თუ რა იყო?... ფიფომაც „კარი მიუხურა“... საშინლად ცივი და უხეში ხმა ჰქონდა, კარის მიხურვა კი არა ცხვირწინ მიჯახუნებას უფრო ჰგავდა... სწორედ ასეთ დროს, როცა რაიმე გულს უკლავდა, ან ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა უნდოდა, ზუსტად მაშინ მხატვარს მიადგებოდა და ყველაფერი, ყოველი წყენა თუ დარდი უკან რჩებოდა.. ახლა კი... გასაქცევიც არსად ჰქონდა... გასაქცევი კი არა, სულ ცოტა ხნით თავშესაფარიც კი სანატრელი გაუხდა... გვიანიც იყო, ასეთ ფორმაში ვერც ერთ მეგობარს ვერ მიადგებოდა... აავსებდნენ კითხვებით... არც დაუჯერებდნენ ალბათ.... ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ისევ იმ უბანში დაატარებდა მანქანას და უკვე მერამდენედ უვლიდა წრეს იმ უბანს. მოულოდნელად ნაცნობ სადარბაზოსთან მანქანა შეაჩერა... ან იქნებ მანქანა თავისით გაჩერდა... „დარწმუნებული ვარ აქ ცხოვრობს.. არა, მკვლელი, რომ იყოს აქამდე უკვე რამდენჯერ ჰქონდა შანსი, თუნდაც დღესაც თავისუფლად შეეძლო ჩემი მოკვლა... ან ნეტა რაში სჭირდება?.. რატომ უნდა მომკლას?.. რისთვის?..“ მიმიმ ტელეფონს დახედა, არც შემოსული ზარები, აღარც მესიჯები... „ნუთუ დღეს არავის გავახსენდი... ჰმ, დღეს არავის ვჭირდები...“ ცოტა განაწყენებულმა ტელეფონი გვერდით მიაგდო... „არც მე მჭირდება არავინ! მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს... ყველაფერს მე თვითონ გავარკვევ...“ მანქანის კარი ისე მიაჯახუნა, თვითონვე შეკრთა და ბოღმის ტალღიდან გამოერკვა. ერთხანს იდგა ასე მდუმარედ, მიგდებულ ტელეფონს შეჰყურებდა, თითქოს ზარს ელოდაო... მერე კარი გამოაღო, მანქანიდან პატარა ფოტოაპარატი აიღო, ცოტა ისევ შეყოვნდა, არ იცოდა ტელეფონი დაეტოვებინა თუ?.. იქნებ ვინმემ დამირეკოსო... მერე მწარედ ჩაეღიმა, ნუთუ ასე დამიდგა საქმეო?... ცრემლიც კი მოერია... რა საშინლად უმწეო იყო... უმწეო და საშინელი შესახედი... გულდამძმებული აუყვა ძველი სადარბაზოს კიბეებს, რა უნდოდა და სად მიდიოდა? ან რა ატირებდა, თავადაც არ იცოდა. ასე ეგონა, მთელ დედამიწაზე მასზე მარტო სული არავინ იყო... რაღაც მომენტში სიკვდილიც კი ინატრა.. - სანამ დაჭირდები, მანამდე ყველას ჰკიდიხარ... უცებ რომ მოვკვდე, მერე ხომ... ფიქრი იმდენად ხმამაღლა გამოუვიდა, რომ სადღაც კედლის იქედან პასუხიც მიიღო: - ზოგჯერ შეიძლება სიკვდილსაც ეძინოს და შენთვის ვერ მოიცალოს... და ისე ღრმად იყოს ჩაძინებული, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ გაეღვიძოს... მოაჯირზე მთელი ტანით გადაყუდებული მიმი შემობრუნდა, მის ზურგს უკან არავინ იდგა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს ის იყო, ის ვიღაც... - მაინც რომ გავაღვიძო?.. მიმის ხმაში სიმტკიცე შეემატა, ცოტა თითქოს გამხიარულდა კიდეც. - არა! ნურც ეცდებით მის გაღვიძებას, მაინც არაფერი გამოგივა!... არაფერი გამოგივა... რადგან ჯერ შენი დრო არ არის... LEX·2016 წლის 8 ივლისი, პარასკევი. (ფოტოს ავტორი ზურა ბალანჩივაძე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.