შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ეშმაკი,, (ნაწილი 12)


9-04-2017, 22:57
ნანახია 1 513

საბძლიდან გამოსულმა სნაიპერმა პირდაპირ დაღელაანთ ვანუას სახლისაკენ გასწია. მიდიოდა ბიჭი და თან ფიქრობდა: როგორ მოეხერხებინა ქამრების წამოღება, თუ ნიკო შინ დახვდებოდა.
-რანაირად გაიხსნა ხელები, პირდაპირ საკვირველია, ეფრემას ბიჭის შეკრული მაინც არ ყოფილიყო... ძალიან ძნელი საქმე ვიკისრე, ძმაო. თუ ამაღამ ქამრები არ მოვიგდე ხელში, ბიჭებთან შევრცხვები.
ის იყო ნიკოს სახლს მიუახლოვდა, რომ წინ კატამ გადაურბინა. მაინც ეჯავრებოდა ეს ცხოველი და ახლა ლანძღვით დაედევნა, ხელმარცხნიანმა ქვით უკანა ფეხი აათრევინა.
-ეს ძაღლის საჭმელი, რაღა ახლა გამოჩნდა? ერთი ხომ გავუბაწრე ამათ და ამ ახალბედასაც მივუხრჩობ როდისმე.
არცა ტყუოდა ვახტანგი. მოდი და ნუ შეეჯავრებოდა კატა, რომელმაც ვეება კასრში ცოცხალი თევზი შეუჭამა.
მას შემდეგ ემტერება ნიკოს ბებია. განა იცის რამე? მაგრამ ეჭვი აქვს: მისი კატის მკვლელი თუ იქნებოდა, ისევ ეს ,,ამოსაგდები"" და ,,არდასაცალებელი"" ლუკას ბიჭი, სხვა რომელი მეზობელი აკეთებდა ამ ,,ღვთის საწყენ'' საქმეს?
როცა კი თვალს შეასწრებდა ბებერი, მოიმარჯვებდა ჯოხს და ღმერთითა და საიქიოში ცხრა საყდრის აშენებით ემუქრებოდა, მაგრამ საწყენი ის იყო, რომ ამ წყეულს არც ღმერთისა ეშინოდა და არც საყდრების აშენებისა.
სნაიპერი მივიდა ეზოსთან და შეჩერდა.
-თუ ნიკო შინ არის, მიუტყეპავს არ გამიშვებს, მაგრამ დამეწევა კი? ეჰ, მოდი, იმის დას დავუძახებ: ციალ, ციალ!
მეორე სართულის აივანზე პატარა გოგონა გამოვიდა და სიბნელეს გასძახა:
-ვინ იძახის?!
-მე ვარ ციალ, ვახტანგი ვარ!
-რა გინდა, ვახტანგ?!
-მოდი, აქ, ციალ, საქმე მაქვს შენთან.
გოგონამ აივანი ჩამოირბინა და სიბნელეში ხმის მიმართულებით წამოვიდა. ბანჯგვლიანი მურა ფეხდაფეხ აედევნა, როცა სტუმრამდე მიაღწია, ასუნ-დასუნა და ბომბორა კუდის ქნევით მიესალმა.
-ციალ, ნიკო არ მოსულა?
-არა, დალისთან ვიყავ და ახლა მოვედი. ოი, რომ იცოდე, როგორი დიდი დედოფალა უყიდა დედამ დალის, როგორი ჭრელი კაბა აცვია, თვალებსაც ხუჭავს, კისერსაც ატრიალებს, ნაწნავები..
სანამ გოგო ტიტინებდა, ბიჭმა მოიფიქრა, როგორ უნდა მოქცეულიყო. შეიძლება ნიკო მოვიდა კიდევაც და ვინმესთან გაიარა დარდის გასაქარვებლად? ამის არაფერი ეცოდინება.
-ციალ, ნიკომ დამაბარა: მე რომ ქამრები მოვიტანე, ციალას მოაძებნინე და გამოგატანსო.
-რომელი ქამრები?
-რა ვიცი, რაკი დამაბარა, ალბათ, მოიტანა. გაიქეცი და ყველგან მოძებნე. მალევე უნდა წავიდე.
გოგონა გაიქცა.
ბიჭი კარგა ხანს ელოდა.
ბოლოს ციალაც მოვიდა.
-ყველგან ვეძებე და ვერსად მივაგენი. მამაჩემს თავისი ქამარი მუდამ მიაქვს და არც ნიკო აჩერებს თავისას სახლში. დალის დედოფალასაც აქვს ქამარი, მაგრამ იმისი კაბის ნაჭრისაა. ვაი, როგორი თვალები აქვს, ვახტანგ, სულ ხუჭავს, კისერს ატრიალებს, ხელებს შლის, ნაწნავები.
-დედაშენი ან ბებიშენი სად არიან, ციალ?
-დედაჩემი და მამაჩემი კრებაზე წავიდნენ კლუბში, ბებიაჩემი კი ქვედა სართულშია, გაუმართავი ოთახი რომ არის. მოჭრილი სიმინდია იქ და ტაროებს ამტვრევს. თუ გინდა, მიდი. მე კი ეს ნაჭერი უნდა წავიღო დალისთან. ქუდს შევუკერავთ დედოფალას. რა სასაცილოა, ვახტანგ, რომ იცოდე: დააწვენ თვალებს ხუჭავს, კისერს ატრიალებს, ხელებსაც შლის, ნაწნავები...
ბიჭმა ყური აღარ უგდო ციალას, მურას თავზე ხელი გადაუსვა და, რაკი ნიკო შინ არ ეგულებოდა, პირდაპირ გასწია მათი სახლისკენ. შეაღო კარები და შევიდა.
ფუჩეჩის(სიმინდის) გროვაში ჩამჯდარიყო ნიკოს ბებია. თითო-თითოობით იღებდა ფუჩეჩს და ატეხდა ტაროს. თუ ტარო კარგი იყო, ამას ძველ საწნახელში ისროდა, თუ ღინკლა შეხვდებოდა, იმას იქვე კალანჩხაში(პატარა კალათა, ყანაში საჭმლის ან ხილის წასაღებად,) ხოლო ტარომომტვრეულ ღეროებს გვერძე, ცალკე აწყობდა.
ბებერმა კარების ჭრიალზე ზევით აიხედა და თვალებს არ დაუჯერა. ბოლოს დააკვირდა და იცნო შავად გახუხული ბიჭი.
-აი, შე მიწადასაყრელო, შენა! აქაც შემომყე? ახლა ეს გინდა, მოინადირო?
ვახტანგმა ახლაღა იქვე ჩაცუცქული ციცა, რომელიც ნატკენ ფეხს ილოკავდა. ამას გავუცივარო, გაიფიქრა ბიჭმა, ყურადღება არ მიაქცია ბებიას ჯავრობას და უთხრა:
-ნიკომ გამომგზვანა, ბებო, ქამრები რომ მოვიტანე წეღან შინ, ბებიაჩემი გამოგატანს და წამოიაღეო.
-ქამრებიო? ქამრები კი არა, სახსრითა ხარ ასაჭრელებელი. აბა, მანდა დამიცადე!
ვახტანგმა არ დაუცადა.
ყოჩაღი გამოდგა ბებერი. ჯოხი მოიქნია და კარებში გავარდნილს შიგ კანჭებში მოარტყა.
ეტკინა ,, მიწადასაყრელს'' ფეხი. სურდა, არ შეემჩნია, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და აყვირა.
-აი, შე, ბებრიკანჭავ! აი, შე საფრთხობელავ! აი, შე კატების მამიდავ! დამაცადე, თუ ცოცხალი გავუშვა ეგეც! კატის გულისთვისა მცემ, შე ბებერო, შენა? დამაცადე!
მაგრამ ბებერმა არ დააცადა. უკან მიჰყვა და სანამ სიბნელეში არ დაეკარგა, მანამ არ მოეშვა.
-ეგრე ვუზამ შენისთანებს! აბა, რა გეგონა, შეგარჩენდი იმის მოკვლას? კიდევ რომ მოდის და უსირცხვილო პირით მელაპარაკება.. ქამრებიო! მეხი კი დაგეცეს მაგ თავზე, რაც მე შენ ქამარი არ ჩაგიგდო ხელში! ახლა იმით გინდა ჩამომიკიდო ეს კატაც?
ქვედა სართულიდან გარეთ გავარდნილი ვახტანგი შორს არსად წასულა. იქვე ბაღჩაში შევიდა და მოფიქრება დაიწყო, როგორ ეგდო ქამრები ხელში. ახლა უკვე საეჭვო არ იყო: ნიკომ ქამრები თავის ბებიას ჩააბარა და უთხრა, არავისთვის არ მიეცა, ვინც უნდა მოსულიყო.
ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს დაასკვნა, რაკი კარებიდან ვერ შევიდა, ფანჯრიდან უნდა გადაპარულიყო. მოუარა სახლს უკანიდან და ფანჯარას აჰხედა. მიონაჩაუსმელი ჩარჩოებიდან სიანათლე სცემდა. მაგრამ როგორ უნდა ავიდეს, სანამ ბებერი თავისი ჯოხით შიგნით ზის? იცი რა, ჯობია გაიხადოს ფეხთ, მერე სულ ადვილად აცოცდება კედელზე, ჩარჩოსთან ჩამოჯდება და დაუცდის სანამ ბებერი გარეთ არ გამოვა.
ეს გეგმა ძალიან მოეწონა სნაიპერს და მაშინვე ფეხთ გაიხადა.
დიდხანს იჯდა ვახტანგი ჩარჩოსთან, მაგრამ ბებრიკანჭა, ალბათ, მთელ ღამეს აპირებდა სიმინდის რჩევას.
ბიჭს გული გადაელია. ძირს ჩამოსვლაც კი დააპირა, რომ უცევ ბებერმა აიწია, კაბის კალთა გადაიბერტყა და გარეთ გავიდა. ვახტანგსაც ეს უნდოდა. ხოჭოსავით გაძვრა ფანჯრის ჩარჩოში, ჩახტა ოთახში, განცვიფრებული კატას ერთი წიხლი უჭირა, იქვე ნაგდები ტარმოტეხილი ორთითი აიღო და ქამრების ძებნას შეუდგა, სად არ აფათურა ხელი, სად არ ჩაყო ცხვირი, მაგრამ ქამრები ,,მიწამ ჩაყლაპა''
ალბათ, კიდევ კარგა ხანს ისუნსულებდა ვახტანგი კუთხეებში, გარედან ხმაური რომ არ შემოსმოდა. გაიხედა ბიჭმა და კიდევ კარგი, რომ გაიხედა: უკან შემობრუნებული ბებერი მარნის კარებისკენ მოდიოდა. ახლა უნდოდა სნაიპერს რამის მოფიქრება, თორემ გაება და ეგ იყო. კარებში ვერ გავარდებოდა, ბებერი წინ შეეჩეხებოდა, ფანჯრიდან კი ვერ მოასწრებდა, რადგან წამოეწეოდნენ და ზურგს გაუხურებდნენ.
ბიჭი უცებ შემობრუნდა და ორთითის ნატეხიანად დარჩეულ ფუჩეჩში შეძვრა.
ბებერი ქაქანით შემოვიდა მარანში და კარები მჭიდროდ მიხურა.
-სად ეშმაკებში დაიკარგა ის ბიჭი, რომ ჯერ არ მოსულა სახლში? დასწყევლოს ღმერთმა, რას დაეხეტება ამ შუაღამისას? ახლა ყვავმაც იცის თავის ბუდე. მამამაგისია და, ბრიგადირია, დედამაგისია და, მერგოლური(რგოლის ხელმძღვანელი, მეთაური.) ეგ ვისღა ემსგავსება, ქაა? წინათ არა უშავდა რა, კარგად სწავლობდა. ახლა მასწავლებლები ემდურებიან. არა უნდა ვუთხრა მაგის მამას თორემ მთლად ხელიდან წავა. გაგონილა, ქა, მე მგონია, რომ შინ წიგნს უზის, ის კი სადღაც ეშმაკებშია დაკარგული ტახტზე მარტო გოგოსღა სძინავს და ისიც გაუხდელი მიწოლილა.
ბებერი ისევ მონდომებით შეუდგა სიმინდის რჩევას და აზრად არ მოსვლია, რომ მისი კატის ჯალათი იჯდა და ზევიდან ყოველი გარჩეული ღერის დადებაზე უსიამოვნოდ იშმუშნებოდა.
დიდხანს იყო გატრუნული ბიჭი. ბებერი კი არც აპირებდა დაძვრას ადგილიდან. მოსწყინდა სნაიპერს, თანაც საშიში იყო: ვინ იცის, იქნებ ნიკოც მოვიდეს და მოიწადინოს ამ ფუჩეჩის კუთხეში დაყრა. მაშინ რაღას აპირებს მრელაშვილი? ხომ თვითონვე ჩაუვარდება მტერს ხელში! არა, არა, ახლავე უნდა გავიდეს გარეთ, თორემ ცუდ დღეს დააწევენ, თუ აქ მოატანეს. მაგრამ როგორ გავიდეს, როდესაც კარები ისე მჭიდროდ არის მიხურული, რომ სანამ იქამდე მივა, მანამ გონზე მოსული ბებია ჯოხს გაახურებს? ფანჯრიდან კი უფრო სახიფათოა ვერ გადაასწრებს. ისევ ეშმაკობა ჯობია.
უეცრად მოხუცმა დაინახა, რომ დარჩეული ფუჩეჩი შრიალით და ჩუჩუნით აიწია, აიწია ზევით, ასცილდა მოხუცის სიმაღლეს. მერე ისევ დაიწია, დაიწია და თავის დონეზე დაჯდა.
მოხუცმა სიმინდის რჩევას თავი მიანება და თვალებად იქცა.
-ე რაღა ემართება ამ ფუჩეჩს, ქა?
კარგა ხანს აცალა, როდესაც აღარ განმეორდა, მომეჩვენაო, დაასკვნა და ისევ სიმინდს დაუწყო რჩევა. მაგრამ დაადო თუ არა ზემოდან გარჩეული ღერო, ფუჩეჩის გროვამ ისევ დაიწყო აწევა. კვლავ ასცდა მოხუცის თავს და მერე ისევ ძირს დაიწყო შარიშურით დაშვება.
მოხუცი გაშტერდა, დაიბნა, შიშმა დაუპრანჭა სახე. როდესაც ფუჩეჩი ისევ აიწია და იქიდან ორი რქაც ამოეჩარა, გულგახეთქილი წამოვარდა ფეხზე: მიშველეთ, ეშმაკიო!'' იკივლა, მისი ასაკისათვის მოულოდნელი სიმკვირცხლით ეტაკა კარებს, როგორც ოყპ გააღო და გარეთ გავარდა.
ვახტანგ მრელაშვილი(იგივე სნაიპერი)სნპ) სწრაფად გამოძვრა ფუჩეჩიდან, გადააგდო ორთითის ნატეხი, აცოცდა კედელზე და გადაძვრა ფანჯრის ჩარჩოში. ბაღში ჩამხტარმა მოძებნა თავისი ფეხსაცმელი, წამოიცვა ფეხზე, გავარდა გზაზე და პირდაპირ სანდრო ბუჩუკურთელის სახლისკენ მოუსვა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent