შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 33


11-04-2017, 00:24
ავტორი Lex
ნანახია 1 318

33.
ფურცლებიანი ქალი კაბინეტიდან კაბინეტში დაარბენინებდა…
ხანდახან თავზე ხელსაც გადაუსვამდნენ საწყალიო, ბევრი კი ისე ცივად და ამრეზით უყურებდა, როგორც რაიმე უვარგის, გამოუსადეგარ საგანს...
საშინლად მოიწყინა, თუმცა მალევე ნახა გასართობი, ძირს დაგდებულ ფურცლის სამაგრებს დაუწყო შეგროვება და ერთმანეთზე მძივივით აცვამდა...
ერთგან დიდხანს მოუწიათ დერეფანში ყურყუტი, სამაგიეროდ ბევრი მოაგროვა, ნეტა სულ რამდენი იქნება, ყველა კაბინეტში რომ ააგროვოს..
„სულ ტყუილად მიუფანტიათ აქეთ-იქეთ, არადა როგორი საჭიროა, ყველა ფურცელს ამით ამაგრებს, ესენი კი?“...
კაბინეტში ღიპიანი კაცი სავარძელზე გადაწოლილიყო, მკაცრი სახე ისე ძლიერ წამოწითლებოდა, თითქოს ვინმე ყელში უჭერსო. ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ მისკენ გამოწვდილ ფურცლებს თვალს ავლებდა და დროდადრო ბეჭედსაც ურტყამდა. ბავშვმა იატაკზე ფურცლის სამაგრს დაუწყო ძებნა, ძლივს ერთი ცალი მაგიდის ქვეშ იპოვნა, გამოაძვრინა და ბედნიერი სახით მძივს კიდევ ერთიც დაუმატა, სახე წამოჭარხლებულმა კაცმა გაკვირვებით შეხედა და ერთი ისე ძლიერად დაუგრუხუნა, რომ ბავშვს შიშის ზარი დასცა.
-მოდი ბოჭო აქ!
ფეხები უკან რჩებოდა ძლივს კანკალით მიუახლოვდა, კაცმა უჯრიდან კოლოფი ამოიღო, დიდი ხელის მტევანი ფურცლის სამაგრებით აივსო და ბავშვს გაუწოდა:
-მაგისთვის შეძვერი შვილო მაგიდის ქვეშ...
მართალია კაცის ხმა მკაცრი და გრუხუნა იყო, არც გარეგნული იერით ჩანდა სათნო და კეთილი, სინამდვილეში კი...
სულაც არ აღმოჩნდა ასეთი ბოროტი და საშიში, როგორიც თავიდანვე მოეჩვენა...
მთელი დღის მანძილზე ერთადერთი იყო ვინც წესიერად მიაქცია ყურადღება...
და იქნებ მთელი კვირის მანძილზე...
ან იქნებ მთელი თვის მანძილზეც...
ხანდახან ჯურღმულშიაც კი შეიძლება, თუნდაც ერთი წამით მზის სხვიმაც ჩაანათოს...
ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა...
ნეტა, რამ გაახსენა ეს საუკუნის წინანდელი ამბავი..
მწარედ ჩაეცინა...
ან რა აცინებდა?..
როცა ცხოვრება მკვლელად გაქცევს, განა ეს სასაცილოა?..
იქნებ თავად ხარ სასაცილო და არა შენი ისტორიები?..
ყოველთვის სასაცილო და დასაცინი იყავი და მასხრადაც მაგიტომ გიგდებდნენ...
დაბორიალობდა ოთახში კუთხიდან კუთხემდე, თავის თავს ექიშპებოდა, ხან რას უმტკიცებდა და ხან რას...
ბრაზი ერეოდა, ყელში მოწოლილ ბოღმას მერე თავადვე ახშობდა...
ბოლოს დაიღალა...
ცოტათი დამშვიდდა კიდეც...
თითქოს ამოხეთქა რაც უნდოდა...
სიგარეტს დაუწყო ძებნა...
ნამწვავმაც კი არ ივარგა...
გარეთ გასვლა საშინლად ეზარებოდა...
ისევ ლაბირინთებს მიაშურა, იქნებ რომელიმე მისივე გადაგდებული ნამწვავი ენახა... სადარბაზოდ კედლებს შუა მომწყვდეული გასასვლელი მისი იდუმალი სამყარო გახდა.
ბინა, რომელსაც მოხუცი სახლის პატრონისგან ქირაობდა, საკმაოდ ნათელი და ხმაურიანი ოთახებისგან შესდგებოდა, ამიტომ ხშირად ჩადიოდა სახლის იმ სართულის მიკარგულ დერეფანში, სადაც არა თუ ხმაური, არამედ შუქიც კი ოდნავ აქა იქ დაზიანებული კედლის ნაპრალებიდან თუ აღწევდა...
-სიგარეტი არ გაქვს?..
მიმი ოდნავ შეაკრთო ნაცნობმა ხმამ, თითქოს ელოდა კიდეც, მთელი საათია კიბეებზე ჩამომჯდარიყო და ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი ისვენებდა ძველი სადარბაზოს მიკარგულ კუთხეში...
ახლა ამ მომენტში არც არავის დანახვა და არც არავის გაგონება არ უნდოდა...
ხმა ზურგიდან მოესმა, თვალებით ნაპრალს დაუწყო ძებნა, იცოდა არ დაენახვებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა, მოსაუბრე იპოვნა, თუნდაც ცოტა ხნით...
-მაქვს, მაგრამ როგორ მოგაწოდო? იქნებ გამოსულიყავი...
-აქედან გამოსასვლელი არ არის... ისეა დალუქული და ჩახერგილი
-აბა მაშინ ჩემს ზურგს უკან როგორო აღმოჩნდი?.. გახსოვს? ათამდე დაითვალეო... შენ იყავი, ნამდვილად ვიცი, შენ იყავი.
მიმიმ ღერების ნაპრალში ჩაყრა დაიწყო
-არა ამდენი არ მინდა დიდი მადლობა.
ხმა ძალიან რბილი და თბილი იყო, ცოტა გაეცინა კიდევაც:
- კი მე ვიყავი და ესეც კედლიდან იყო, მხოლოდ ცოტა სხვა კუთხიდან...
დუმილი...
არაფერი ჰქონდათ სათქმელი...
-ისევ მეგობრებმა გაწყენინეს?
-არა, ისე... უბრალოდ აქ...
მიმი დაიბნა, ვერაფერი მოიფიქრა...
მართლაც რა უნდოდა აქ, რას დაეძებდა...
უკვე მერამდენეჯერ დაუსვა თავის თავს ეს კითხვა, და პასუხიც არასდროს არ ჰქონდა...
-აქ ხარ ისევ?
-კი აქ ვარ.
ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ და ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს სატირლად ემზადებაო და ისევ დადუმდა...
-ყოველთვის გაცემული ისეთივე არ გიბრუნდება, როგორიც გაეცი და ამის გამო არ უნდა დანაღვლიანდე
-არა, მასე სულაც არ არის საქმე, არაფერი გამიცია, რომ საპასუხოს ველოდო... უბრალოდ... რაღაც ვერ...
მიმის ხმა გაებზარა, ბურთი ყელში მოაწვა. საუბარს თავს ვეღარ აბამდა და თვითონვე უკვირდა
-კი მესმის უკვე შენი
-რა?.. რა გესმის ან რა გაიგე?..
ცოტა გაკაპასდა მიმი.
-ის, რომ ვერ მოერგე, შენი ადგილი ვერ ნახე, ის მყუდრო კუთხე სადაც თავს კარგად იგრძნობ.
-კი, როგორ არა ვნახე, ვნახე და არა ერთხელ მაგრამ...
-და მაინც მაგრამ... ჰმ...
-ჰო, მაგრამ! და იცი, სიბრალული სულაც არ მჭირდება.
მიმის ხმა უფრო გაუმკაცრდა, უფრო ენერგიულად განაგრძო საუბარი:
- აქ იმიტომ კი არ მოვედი, რომ ვინმემ შემიცოდოს.
-სიბრალული ერთია და თანაგრძნობა მეორე.
კაცს გაეცინა.
-თანაგრძნობა?.. რა უნდა მითანაგრძნო აბა?.. ის რომ უამრავი მეგობარი მყავს და აქ ამ ნანგრევებში, მტვერში და ნესტის სუნში ველოდები, როდის გამცემს ხმას ვიღაც უცნობი კედლიდან?...
მიმი უკვე აგრესიაში გადადიოდა...
მოსაუბრემ მისი დამშვიდება სცადა, მართლაც შეებრალა თავგზააბნეული გოგო
-ყველას თავისი ხვედრი არგუნა ბედმა... შენი დარდი ბევრისთვის ლხინიც შეიძლება იყოს... არ ვიცი რა ხდება შენს თავს და რა გიჭირს... მთავარია აუტანლობის ატანა არ მოგისაჯოს ღმერთმა, თორემ მერე ნახავდა რა არის დარდი... სულიერი და ხორციელი ტანჯვა... ზოგი უმძიმეს დარდს იტანს, ზოგი კი სულ მცირე რამესაც კი ისე განიცდის ლამის სულიც გასძვრეს... თუმცა ყველას ერთნაირად ვერ გადააქვს დარდი, ზოგი შედარებით ადვილად უმკლავდება... ზოგი ვერა, ზოგი კი ისე მიაყუჩებს და მიაძინებს დარდს, თითქოს სულ არ ჰქონიაო, გულში იმარხავს, იმალავს და მერე ნელ ნელა მაინც იწყებს ამოსვლას, წვეთ-წვეთ ედება მის სულს, რადგან თავის დროზე არ მოაშთო, თავის დროზე არ გაანადგურა ის მიზეზი, რამაც ასე მოუწამლა სული, და მერე ამ შედეგის შხამს სვამ მთელი ცხოვრება...
ხმა გაჩუმდა.
მიმიც სულგანაბული უსმენდა, ცხადი იყო მოსაუბრე ისევ და ისევ თავის ისტორიიდან გამომდინარე საუბრობდა ასე...
ვინ იცის რამდენი რამის ატანა მოუწიაო ფიქრობდა მიმი, აბა მისი დარდები ამ კაცის ცხოვრების ფონზე მართლაც, რომ სასაცილო იყო..
-იცი, რას ვიზამ, აი დღეიდან გპირდები, არასოდეს აღარ ვინერვიულებ ათას სისულელეზე და..
-ემოციების გამო გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო! - გაისმა კედლიდან - თორემ მერე იგივე ისევ ის, შენივე ემოციები დაგიწყებს მართვას და როცა მართვადი ხდები მერე ხომ იცი რაც მოგდის?...
მიმი გაიტრუნა, ხმამ კი განაგრძო:
-აი ის მოგდის, რისი გულისთვისაც ახლა აქ ზიხარ სიბნელეში და ნესტის სუნში...

LEX·2016 წლის 21 ივლისი, ხუთშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent