შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 2)


16-04-2017, 00:02
ავტორი japara
ნანახია 1 507

მარტო მივაბიჯეი ღამის ნიუ-იორკის ქუჩებში. უცხოსგან უცნაურად მივიღე ასეთი საქციელი, თუმცა ამაზე ბევრი აღარც მიფიქრია. ახლა მივაბიჯებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ გაირკვა ჩემი მშობლების დარუპვის მიზეზი… მივსეირნობ და ჩემს პატარა დოზით სევდის მიღების უფლებას ვაძლევ. ჩანთიდან სიგარეტის შეკვრა ამოვაძრე და მოვუკიდე. ახლა დარდთან ერთად სიგარეტის კვამლიც მიწამლავს სხეულს. თუმცა იმდენად მსიამოვნებს ახლა ფილტვებში კვამლის “ღიტინი”, რომ თავს ამასაც არ ვუშლი…
საქართველოში ჩასვლა ბევრი რამის გამო შეიძლება მინდოდეს. იქ ბევრი მთხოვს მათთვის ვიმუშაო. სახლიც მაქვს და კარიც. მაგრამ… ბევრი რამ მაკავებს. ძალიან ბევრი. უკვე მეათასედ ვცდილობ გადავხარშო ჩემი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეათასედვე ვასკვნი, რომ უარყოფითი მეტია და უკვე ვცდილობ შევწყვიტო ამაზე ფიქრი. სიგარეტის კოლოფიდან კიდევ ერთი ღერის ამოძვრენას ვაპირებ, მაგრამ არაფერი მხვდება. უახლოესი მაღაზიისკენ ვუხვევ. არც კი ვიცი სად ვარ. ამიტომ მიყვარს ეს ქალაქი. 7 წელია აქ ვცხოვრობ. სეირნობა საშინლად მიყვარს და გამოდის მეშვიდე წელია ყოველდღე დაუეგმავად მივაბიჯებ ქუჩებში, დაუგეგმავად ვუხვევ ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ და მივდივარ იქ, სადაც ფეხები წამიყვანენ. და მიუხედავად ამისა, ყოველთვის ისეთ ადგილას ვამთავრებ, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ. მოშორებით მაღაზიას ვხედავ და ნაბიჯს ვუჩქარებ. მაღაზიაში დახლებს შორის წეწიალს ვიწყებ და ვეძებ რამეს, რასაც კინოს ყურებისას შევჭამ. უცებ თაროებს ავეტუზე წინ, რომლებზეც უამრავი სახეობის მზესუმზირა ელაგა. ყველაზე დიდი შეკვრა ავიღე და სალაროსკენ წავედი.
- ორი თეთრი მარლბორო. - ვუთხარი და ჩანთაში საფულის ძებნა დავიწყე. უცებ მომეჩვენა, რომ ჩემს უკან ვიღაც იდგა.
- მოგკლავს. - ჩუმად ჩამცურჩულეს ყურში. საშინლად შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მე ბევრ სკანდალურ საქმეში მიმიღია მონაწილეობა ჩემი პროფესიის გამო, ამიტომ მზგავსი მუქარა ბევრჯერ მსმენია, მაგრამ მაინც მეშინოდა, რადგან ხშირად ვიჭერ და ვიჭერდი საქმეს ისეთ საშიშ ხალხთან, ვისაც ამის შესრულება მარტივად შეეძლოთ. ჩანთაში მყოფ ჩემს ციცქნა პისტოლეტს ხელი მოვკიდე და უკან ისე მოვბრუნდი თოფიანი ხელი არ გამომიჩენია. ნელა შემოვბრუნდი, ძირს ვიყურებოდი და თვალი ნელ-ნელა გავუსწორე და ხელში დამნაშავის ნაცვლად თავხედი უცნობი შემრჩა. - შენ? შენ აქ რა გინდა? ან რა…
- სიგარეტზე გეუბნები. სახლში მივდიოდი და დაგინახე აქ რომ შემოვედი. - გამიღიმა. მე კიდევ ახლა ყველაფერს ვიზამდი გაღიმების ნაცვლად. საშინლად გავბრაზდი. საჩვენებელი თითი სახესთან დამრიგებლურად ავუთამაშე.
- არასოდეს, არასოდეს მიეპარო იურისტს უკნიდან და ყურში მუქარა არ ჩასჩურჩულო!
- ვითომ რატომ? - მე ცინიკურად გავუღიმე და ჩანთიდან თოფიანი ხელი ამოვიღე, იარაღითურთ.
- ფრთხილად პატარავ, თორემ შეიძლება დაშავდე. - მოლარეს ფული გადავუხადე. სიგარეტები ჩანთაში ჩავიტენე. უკან არც მიმიხედია ისე მივაბიჯებ წინ. ერთი ღერი პირში ჩავიდე და მოვუკიდე. ღმერთო, როგორ მსიამოვნებს. კარის მეორედ გაღების ხმა გავიგე და უცებ ვიგრძენი როგორ შემომხვია წელზე ხელი.
- საით?
- სახლისკენ.
- მარტო? მარტო დააბიჯებ ღამის ნიუ-იორკში? საშიშია.
- არაფრის მეშინია, პატარავ. - ისევ ცინიკურად გავუღიმე. ისე ვპასუხობდი, ზედაც არ ვიყურებოდი. საერთოდ არ მინდოდა ახლა მასთან საუბრის გაბმა. ნაბიჯს ავუჩქარე.
- მე მეშინია.
- ხოდა, ჩახტი შენს პიპიაში და წაცუნცულდი ბუდეში. - ქართულად ჩავუქირქილე და ტაქსის დანახვისგან გახარებულმა ხელი დავუქნიე მას. ჩავხტი და მისამართი ვუთხარი. ივამ კარი გააღო, რომ ტაქსი არ წასულიყო.
- არც კი გადამკოცნი?
- ყველაზე მეტად ჩემი უნდა გეშინოდეთ, ბატონო ილია.- ისევ ისე ცინიკური და ამავე დროს ორაზროვანი ღიმილი და კარის ხმა.
როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. საძინებელში შუქი არ ამინთია. მიყვარს სიბნელეში ყოფნა. ფარდები გადავწიე, რომ სინათლე შემოსულიყო. სასწრაფოდ გავიხადე და შავი, ატლასის, მოშვებული საღამური, ე.წ. პენუარის ძებნა დავიწყე. დიდხანს ვეძებდი. ქვედა საცვლის ამარა რასაც ქვია დავალაჯებდი და ყველაფერს ვჩხრეკდი. მერე ფანჯრის რაფაზე პრიალა მატერია შევნიშნე და გადავიცვი. თმა ავიწიე და კიკინა დავიდე. ფანჯრის გვერდით დაკიდულ, დიდ სარკეში ჩემი თავი შევათვარიელე და ფანჯარაში ადამიანის სილუეტი შევნიშნე. გული შემეკუმშა და ცოტა ავნერვიულდი. თუმცა უცხოს სითავხედემ გამაგიჟა. სილუეტით ვხვდებოდი, რომ აქეთ მყურებდა და დარწმუნებული ვიყავი მე მათვალიერებდა. გაბრაზებულივე მივუახლოვდი ფანჯარას და ისე, თითქოს მას ვერ ვხედავდი თმების თამაში დავიწყე. შორიდანაც კი შევნიშნე როგორ დაეძაბა უცხოს სხეული, გამეცინა და ფარდები გადავწიე.
კინოს საღამო ნამდვილად არ მინდოდა. და არც ძილი… სათვალე ავიღე, რომელიც კითხვისას მჭირდება, მერე ოთახში გავედი, თაროზე წიგნების ყდებზე თითს დავაცურავებდი და საღამოს პარტნიორს ვარჩევდი… ბოლოს გადავწყვიტე, რომ ახლა გალაკტიონის სევდაზე მეტად არაფერი მესიამოვნებოდა და გაცვეთილყდიანი მუქი ლურჯი ფერის წიგნი ავიღე. ყდაზე ოქროსფერი დიდი ასოებით მხოლოდ ეს ეწერა “გ.ტ”. პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა “გალაკტიონის რჩეული. 1962.”. გალაკტიონი კალბით იყო გადახაზული და თავზე ეწერა - “რჩეული”. ეს წიგნი მამას ძალიან უყვარდა. რჩეულის რჩეულს ეძახდა და ძილის წინ მიკითხავდა ხოლმე. ახლა ღვინო ავარჩიე, შუქი ჩავაქრე და ისევ საძინებელში დავბრუნდი. იმის მერე, რაც გამოვიცვალე ნახევარი საათი მაინც გავიდოდა, ამიტომ იმ უცნობს გარეთ აღარ ველოდი. ღამის ქუჩები ძალიან მიყვარს, ჩემი საძინებელი კი პირდაპირ დაჰყურებს ერთერთ ვინტაჟურ ნიუ-იორკულ ქუჩას. ფარდები გადავწიე და ახლა უკვე შუქანთებულ საძინებელში პლედიურთ მივწექი. წიგნი კალთაში ჩავისვენე. ხელში ქართული ღვინით აწ უკვე ნახევრადსავსე ბოკალს ვათამაშებდი და დროდადრო პირში მომჟავო-მოტკბო, სველ, გამაბრუებელ, უგემრიელეს, მათრობელა, საყვარელ სითხეს ვისხავდი. როგორც ამბობენ ხოლმე, მირონივით იყო. კიდევ ერთი ყლუპი დავიგუბე პირში და კბილებს შორის გავაცურ-გამოვაცურე, გემრიელად გადავყლაპე და მივხვდი, რომ ჩემს ორგანიზმს მომწამლავი კვამლი მოენატრა. ატლასის შავივე ხალათი მხრებზე მოვიგდე. ჩემი ბარგი-ბარხანა ავალაგე და ფანჯრის განიერ რაფაზე ჩამოვჯექი და ფეხებიც ავაწყე. იმდენად განიერი იყო, რომ მთელი ტანით ვეტეოდი. ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტს მოვუკიდე. ფანჯარა იმდენად დაბლა იყო, რომ ქვემოდან ნებისმიერ უცხოს შეეძლო რამის დადება. ამოსვლა გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც. მე კი გულიანად ვიჯექი. არაფრის არასდროს მეშინოდა. და არც მაშინ იყო რამე სხვანაირად...
“მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.

ეფინებათ გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი ნაზი გაღიმება მაინც დავიმსახურე.”
ამ ლექსის წაკითხვისას ყოველთვის საოცარი სითბო მეღვრება სხეულში და მაშინაც გამეღიმა. მივხვდი, რომ უკვე საშინლად მეძინებოდა. წიგნი და სათვალე იქვე რაფაზე დავტოვე, ბოკალი და ბოთლი ავიღე და ოთახიდან გავედი. ჭიქა გავრეცხე და საცობგარჭობილი ბოთლი ადგილზე დავაბრუნე. საძინებელში შევედი თუ არა, ხალათი მხრებზე ჩამოვიცურე და იქვე სკამზე მივაგდე.
- მხოლოდ ერთი ღერი. - ჩემ თავს შევპირდი და ფანჯრის რაფაზე დატოვებული სიგარეტის კოლოფი ავიღე. ფანჯარა ღია იყო და გადავარდნის პირას იყო კოლოფი. ავიღე… გაოცებისგან პირი გავაღე. ფანჯარა ბოლომდე გავაღე და აქეთ-იქით ყურება დავიწყე. დამნაშავეს ვეძებდი. უცხო მანქანა, რომელიც მთელი ეს დრო იქ იდგა დაიქოქა. დანაშაულს დავხედე. სიგარეტებს შორის ვიღაცას გვირილა ჩაედო. გამეღიმა და გამაჟრიალა. ნასიამოვნებმა მივხურე ფანჯარა და გავიგე, როგორ გაფრინდა ის პიპია. ლოგინში თბილად მოვკალათდი და ისეთი სიმშვიდით დავიძინე, როგორიც დიდი ხანია არ მიგრძვნია და განსაკუთრებით არ უხდებოდა ამ ღამეს.
და მაინც რა უცნაური იყო ეს დანაშაული... ვის გაუგია გვირილა სიგარეტის ღერებს შორის?

გავიდა ერთი კვირა. უცნაური და კარგი კვირა.
შაბათი დღე იყო. ჯილი, ჩემი მოადგილე, კუდი, მარჯვენა ხელი, მეგობარი, მენეჯერი, პიარ-მენეჯერი… და რავიცი რა არა… გავაფრთხილე რომ ეს შაბათ-კვირა ჩემი განტვირთვის დღეები იყო. მე, ანაბელი, სებასტიანი და ანაბელის დაქალი, ლენა, კაფეში მივდიოდით. უკვე საღამოს ოთხი იყო. მე კი მხოლოდ და მხოლოდ გზაში ვიყავი. ჩემი სანაქებო “ლექსუსის” მუქი ლურჯი ჯიპი მივაყენე კაფის წინ. ღვედი შევიხსენი და ტელეფონი ამიწკრიალდა. ავიღე.
- ანაბელ, მოვედი. რატომ მირეკავ ხუთ წუთში ერთხელ?
- სულ გაიძახი აი მოვედიო ლიზა!
- მართლა. აი გამოიხედე. ჩანთას ვიღებ და… აუ შენი…! - ბოლო სიტყვები ქართულად ვიყვირე. ჩემი ტელეფონი სიდენიასადა კარს შორის ჩამიცურდა. ორი საათი თითებს ვაპარპაშებდი და ძლივს მივწვდი, მერე ჩანთას გადავწვდი და კარი ვერ გავაღე… გვერდით ვიღაც იდიოტს შავი ჯიპი ისე მოეყენებინა, კარს ვერ ვაღებდი. კიდევ ვცადე, ტუმცა ამაოდ. - არ გადარჩენა შენ! რას ვიწყევლები? ვინც ამას პრავა მისცა ახლა, არ უნდა არტყმევინო თავი ავთო პაპას გალესილ ნაჯახზე? - ვქოთქოთებდი ქართულად და მეორე სავარძელზე ძლივს გადაბობღებული მანქანიდან გადავედი. იმ შავ ჯიბს წინ დოინჯით დავუდექი და ნომერი დავიმახსოვრე. - მე არ ვიყო ლიზიკო ვაშაყმაძე, შენ თუ არ განანო! - მანქანას თითი დავუქნიე და კაფეში შევარდი. ჩანთაში გასაღებს ვდებდი და ქოთქოთითვე მივედი მაგიდასთან. - ვიღაც იდიოტმა მანქანა ისე დამიყენა, ძლივს გადმოვცოცდი. არ შემიძლია ასე! თავი ხაშურში მგონია. - ისინი ჩემს ქართულ ხუმრობებს დიდი ხანია აღარ იმჩნევენ. მე კი ვაგრძელებდი. - ვიპოვი იმის პატრონს და ჩემი ხელით ვურტყავ მართვის მოწმობას სახეში. უაზრო! - ვთქვი და კუთვნილ ადგილას დავეხეთქე. ამოვიხვნეშე. ახლა ემოციებდაცლილმა და ბედნიერმა გავიღიმე. - გამარჯობათ! - ხალხი გადავათვალიერე და დავინახე, რომ სებასტიანის გვერდით ვიღაცის სათვალე და გასაღები იდო.
- ეგ ჯიპი ამისია. - თვალით მანიშნა სებასტიანმა გასაღებზე. მე ხელი დავტაცე გასაღებების გროვას და მანქანის მოვხსენი. სანამ პატრონი დაბრუნდებოდა ჩანთაში ჩავიგდე. ყავა შევუკვეთე და ტელეფონში ჩავძვერი. ჯილი მწერდა საოცარი კლიენტი გვყავსო და შეხვედრაზე ვთანხმდებოდით. ჩემს წინ გმირი დაეხეთქა და თვალები მასზე გადავიტანე.
- მანქანის გაჩერება არ გასწ… - გავშეშდი, როცა ის დავინახე. თვალები მობეზრებულმა გადავატრიალე და გავაგრძელე. - არ გასწავლეს?
- ასე გაბნევ? - ივანემ ქართულად ჩაიჩურჩულა და გამომწვევად გამიღიმა.
- ასე უაზროდ რომ აჩერებ ბიჭი, კი მაბნევ! რა უნდა მექნა? ძლივს გადმოვბობღდი. ხაშურელი იქნები შენ! ან სულით ჩვენიანი ტაქსისტი!
- მე კარგად გავაჩერე. აბა ჩემ მანქანას რას უწუნებ ახა?
- ის უაზრო ჯიპი, უაზ… - ხელი ჯიპისკენ გავიშვირე და ისევ გავშეშდი. ეს ის ჯიპია იმ ღამეს რომ ფანჯარასთან იყო. და მომდევნო ერთი კვირაც. თვალები დავაწვრილე და ივანეს დავაკვირდი, რომელსაც ეღიმებოდა. აშკარად ისაა! არ შევიმჩნიე და ისევ ტელეფონში ჩავძვერი.
ერთი-ორი საათი ასე უაზროდ და ჩუმად ვიჯექი. ივანე საერთოდ ღვალს მარიდებდა. მე კიდევ იმ ჯიპს მივშტერებოდი და ვაკვირდებოდი. იქნებ ის არ არის მეთქი. მერე სიგარეტის კოლოფს ხელი დავავლე და საპირფარეშოში გავედი. სარკის წინ ავეყუდე და ერთი ღერი პირში ჩავიდე. დიდი ნაფასი “დავარტყი”. თმებს ვითამაშებდი. ჩემს უცნაური ფერის თმებს. ივანემ კარი შემოგლიჯა და ჩაკეტა. ჩემთან მოვარდა და ჩემი კისერი ხელებში მოიქცია.
- თავს იქ ძლივს ვიკავებდი. - ჩუმად ამოთქვა და საკოცნელად გადმოიწია. მე ფილტვებში დაგუბებული კვამლი ერთიანად შევაბოლე სახეზე და გავუცინე. უცებ უკან გახტა და ხელების ქნევით ხველებას მოჰყვა.
- რა ჯანდაბა გინდა? - ტანი ჩამითვალიერა.
- რატომ მალავ იმ ტანს მაგ დიდ მაისურში? - უცებ გავაცნობიერე, რომ მას შიშველი ვყავდი ნანახი და საშინლად გავბრაზდი. სიგარეტი მხარზე მივადე და ირონიული სახით ჩავაწვი. საშინლად გაწითლდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.
- აღარასდროს მომიახლოვდე მანიაკო. - სიგარეტი პირდაპირ ურნაში მოვისროლე და გავედი. ანაბელი პირდაღებული მიყურებდა როცა მივედი. - რა მოგივიდა ბელს?
- ერთად საპირფარეშოში რას აკეთებდით? - კითხვა სებასტიანმა დაასწრო.
- შენს ძმაკაცს კითხე, საბუ. - გავუღიმე და ჩანთაში ტელეფონი ჩავიგდე.
- სიგარეტი დაგრჩა, შრამიანო. - ამ სახელის გაგონებაზე შევტოკდი და საშინლად გავმწარდი. დარწმუნებული ვარ შინდისფერი ვიყავი. მე მხოლოდ მაშინ ვმწარდები, როდესაც ვბრაზდები და ჩუმად ვარ. თვალებზე ცრემლები მომადგა. ის ჩემს შრამზე ამბობდა, რომელიც მკერდის ქვემოთ ხუთ სანტიმეტრში მაქვს. წამოვხტი და სიგარეტს ხელი დავავლე. ჩანთიდან მისი გასაღები ამოვიღე და მაგიდაზე დავახეთქე. თვალიდან აშკარად გადმომივარდა ცრემლი. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. უკვე ივაც ასე იყო. მე საშინლად გაბრაზებული სახით მოვიწმინდე გამყიდველი სითხე სახიდან ივას წინ ავეტუზე.
- აღარასდროს დამენახო! - დავუღრინე ქართულად და დამწვარ მხარზე ხელი დავარტყი. კარისკენ გაბრაზებული წავედი. - ჯანდაბა! ჯანდაბა! მეზიზღება! - ვბურტყუნებდი ჩემთვის და შრამის ადგილას ხელს ვისვამდი. საშინლად სწრაფად მივაბიჯებდი და მანძილი ჩემს მანქანამდე აღარ მცირდებოდა. ორი მეტრიდან მანქანა გავაღე და ის იყო კარი უნდა გამეღო მხარში ხელი წამავლეს და მომაბრუნეს. ივანემ მანქანას ამაკრო და ზემოდან დამხედა.
- არ ვიცოდი ასე თუ გეწყინებოდა, მაპატიე. - ჩუმი, საწყალი ხმით მევედრებოდა. - რა გავაკეთო, რომ მაპატიო?
- უბრალოდ არ დამენახო.
- ამას ვერ შეგპირდები.
- ცოტა ხნით მაინც, გთხოვ… - ჩემი სუსტი ხმა მე თვითონაც ვერ ვიცანი. ივა შემეშვა, მეც დრო ვიხელთე და მანქანაში ჩავხტი. კარის დაკეტვისას ხელი ისევ შემიშალა.
- ამ დროს ვინმეს უნდა ელაპარაკო ლიზ…
- ახლა არა.
- რა ახლა არა?
- ახლა მაინც ნუ ცდილობ მომაწონო თავი. ამის დრო არაა ივა…
- მართლა გეუბნები. შემოთავაზება მაქვს. - იდეით გაბრწყინებული თვალები შემომანათა. - დღეს საღამოს, რვაზე შენს სახლთან ვიქნები და როგორც მეგობრები, ვიმეორებ, როგორც მეგობრები სალაპარაკოდ წავალთ… გთხოვ. - ბავშვურად გამიღიმა. მასზე ბრაზს ვერც ეს უსაყვარლესი ღიმილი მინელებდა მაგრამ მაინც დავთანხმდი. თვითონ თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე სიგარეტის კოლოფი გავხსენი და… ისევ ის… ისევ გვირილა სიგარეტის ღერებს შორის.



№1  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო. ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ თითქოს რაღაც მაკლია.თუმცა სასიამოვნო წასაკითხია მართლა heart_eyes
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent