სამი გზა (თავი 6)
მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში, სადაც შავი ტყავის სავარძლები და მუქი შინდისფერი ფერები ჭარბობდა, ბოლთას სცემდა 43 წლამდე, შევერცხლილი მამაკაცი. პირში სიგარა გაერჭო და უმისამართოდ იღრინებოდა. საოჯახო ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ თავისი ბაბუის ბაბუამ დააარსა, სწორედ მისი მფლობელობის დროს კოტრდებოდა და თუ გამოსავალს არ იპოვნიდა, მალე მისი დახურვა მოუწევდა. ამას არ დაუშვებდა, რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა, რადგან პირველ რიგში მის რეპუტაციას არ გაიფუჭებდა და არ აფიქრებინებდა არავის, მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ ვერ შეძლო მამის დანატოვარი ბიზნესის ხელმძღვანელობა. ღვინის მწარმოებელი კომპანია პირველი იყო ქვეყნის შიდა ბაზარზე და გარე ბაზარზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო ხარისხის გამო. პირველ რიგში ხარისხზე მუშაობდნენ ახლანდელი მფლობელის წინამორბედები, თუმცა ამ უკანასკნელმა პროდუქტის ფალსიფიცირება მოახდინა იმ იმედით, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა დიდ მოგებას მოუტანდა. თუმცა, არ გამართლდა მისი განზრახვა და მოგების ნაცვლად, კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა. ბანკები სესხებს არ აძლევდნენ, ამიტომ საჭირო იყო კერძო დამფინანსებლის მოძებნა, რომლის პოვნასაც უშედეგოდ ცდილობდნენ. კაბინეტის კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ცოტათი მამაკაცი. ტყავის, მდიდრულ სავარძელში მოკალათდა და ჩვეული სიამაყით წარმოსთქვა: -მობრძანდით. კარში სათვალიანი, ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. -გამარჯობა, ბატონო დიმიტრი. -ფეხაკრებით მიუახლოვდა უფროსის მაგიდას და თავი ოდნავ დახარა. –„ბიზნეს ბანკმაც“ უარი განაცხადა სესხზე. დიმიტრიმ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. -ცუდადაა ჩვენი საქმე. სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, კომპანიის გაკოტრებას არ დავუშვებ! -სიმწრით შეკრული მუშტი დასცხო მაგიდაზე. -რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვნოთ სხვა გზა ბატონო დიმიტრი, თორემ კომპანია დღითიდღე სუსტდება. -შიშნარევად წარმოსთქვა სათვალიანმა და მაგიდასთან მდგომ ტყავის სავარძელში ჩაესვენა. უხერხული სიჩუმე ბატონი დიმიტრის ტელეფონის წკრიალმა დაარღვია და ხვნეშით ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან. -გისმენ, რეზო. -ბატონო დიმიტრი, გამარჯობა. კერძო დამფინანსებელი გამოჩნდა. -ვინ? -დამშვიდებული სუნთქვა ამოუშვა დიმიტრიმ პირიდან და ოდნავ ღიმილი მოეფინა სახეზე. -ზურა დადიანი. ესპანეთის მსხვილი ბანკის მთავარი ფინანსისტია, ესპანეთში რამდენიმე რესტორანიც აქვს. მამამისს კიდევ ცალკე ბიზნესი. მოკლედ, თანახმაა დაგვაფინანსოს, მაგრამ თვის ბოლოს ჩამოდის. თქვენთან შეხვედრის გარეშე თავს იკავებს ფულის გადმორიცხვისგან. როგორმე თვის ბოლომდე უნდა გავაძლებინოთ კომპანიას. დიმიტრიმ ოდნავ წარბები შეკრა და მის წინ მჯდომ სათვალიანს გახედა. -ორი კვირა დარჩა, რამეს მოვახერხებთ ალბათ. -ძლივს ამოიბურდღუნა კაცმა და ტელეფონი გათიშა. -რა მოხდა, ბატონო დიმიტრი? -ცნობისმოყვარედ ჩააშტერდა სათვალიანი. -დამფინანსებელი ვიპოვნეთ. -გულზე მოშვებით აღმოხდა დიმიტრის და კმაყოფილად ჩაესვენა თავის უზარმაზარ სავარძელში. *** უნივერსიტეტის საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ, ერთმა კვირამ განვლო. ამ ერთი კვირის განმავლობაში დათა არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, უნივერსიტეტში არც დადიოდა. ოლიკოს ინციდენტის შესახებ არაფერი უთქვამს, პირველი ორი დღე მსუბუქი შოკი ჰქონდა მომხდარის გამო, რადგან მას ენახა ცინიკური, უტაქტო, უხეში დათა... მაგრამ ასეთი არასოდეს, ამიტომ, ცდილობდა ამაზე ნაკლებად ეფიქრა. გონებას იმდენად აძალებდა მომხდარის დავიწყებას, რომ ისიც დანებდა, ამაში დათას გაუჩინარებამაც შეუწყო ხელი. ყოველ დღე ესაუბრებოდა ზურას, მოეჩვენა რომ მოენატრა კიდეც თავისი საქმრო, რომელიც ოლიკოსადმი თავის გრძნობას ისეთ ლამაზ სიტყვებად აღწერდა რომ გოგონას სიყვარულის პეპლები დაუდიოდნენ თავში. ხანდახან მაინც გაახსენდებოდა დათა. იმდენჯერ, რამდენჯერაც ზურას ეტყოდა: „მეც მიყვარხარ.“ თუმცა ამის მიზეზზე დაფიქრება არ სურდა გოგონას, რადგან პასუხის ეშინოდა. *** ორშაბათი 09:30 -ოლიკო, ნატალიას ოთახში შენი ძველი ზარდახშა ვიპოვე და დროზე მიხედე, თუ არ გინდა რომ შენმა დამ მოგისპოს. -ნინომ ძველი ზარდახშა დაუდო ლოგინზე ქალიშვილს, რომელიც სარკესთან იდგა და უნივერსიტეტში წასასვლელად ემზადებოდა. -ჰო, მივხედავ. -უპასუხა ოლიკომ ისე, რომ არც გამოუხედავს. მომზადებას მორჩა და ზარდახშას დაწვდა ასაღებად, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ხელიდან გაუვარდა და ზღართაით გაიშალა იატაკზე. -ოოოჰ. -უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა გოგონამ და დაგდებული ზარდახშა გადმოატრიალა. იატაკზე გაფენილ ძველ სამკაულებს შორის, გოგონას მზერა ერთმა ბეჭედმა მიიპყრო. ვერცხლის უბრალო ბეჭედი იყო, თავზე უსასრულობის ნიშანი ჰქონდა გამოსახული. ისევ დათა... ისევ დათა გაახსენდა ოლიკოს, გულმა ბაგა-ბუგით დაუწყო ხტუნვა. ფრთხილად დასწვდა ბეჭედს და მარცხენა ხელის არათითზე წამოიცვა. ხელები უკანკალებდა, მთელი სხეულით თრთოდა გოგონა, მხრები დაუმძიმდა, სულ წაერთვა ძალა და ღონემიხდილი დაეშვა იატაკზე. აკვირდებოდა ბეჭედს და ახსენდებოდა დათა. „გაღმერთებ, ოლი!“ ახსენდებოდა დათას სიტყვები, როცა ეს ბეჭედი აჩუქა. პირველად მაშინ უთხრა ბიჭმა გაღმერთებო და ერთ კვირაში დაშორდა. რა უცნაურია... -სამამდე ვითვლი, მანქანასთან არ იდგები სამ დათვლაში და მივდივარ. -მუქარით შემოვიდა ილიკო ოთახში. ოლიკოც დროზე წამოხტა ფეხზე და შხუილით გაჰყვა უკან თავის ძმას. ორ საათიანი ლექცია მარცხენა არათითზე წამოცმული ბეჭდის ყურებაში გალია გოგონამ. ორ საათიანი ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ბეჭედს სადმე ჩამარხავდა ან მდინარეში გადააგდებდა, ბოლოს მაინც ჩამარხვაზე გააკეთა არჩევანი. ზარის ხმამ გამოარკვია, დაავლო კონსპექტებს ხელი და კარისკენ გაემართა. ზღურბლზე გადასვლის დროს, პირდაპირ მკერდზე შეეჯახა ცხვირით უცხო სხეულს და სახე დაეჭყანა, როცა მისი კონსპექტები ირგვლივ მიმოიფანტნენ. -წესიერად ვერ გაივლ... -ყვირილით ახედა უცხო სხეულს ოლიკომ და სიტყვები შეეყინა. მის წინ დათა იდგა წარბებშეკრული. გოგონამ მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში და სწრაფად დაიხარა კონსპექტების ასაღებად, თან ოცნებობდა რომ როცა მორჩებოდა დათა აღარ დახვედროდა. უეცრად, მარცხენა ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო, ზევით აქაჩეს ოლიკო. მიხვდა რომ დათამ ბეჭედი დაინახა და სიმწრით დაეხუჭა გოგონას თვალები. „ოღონდ ვერ დაენახა“ „ოღონდ ვერ დაენახა“ ოცნებობდა გონებაში გოგონა და ჯიუტად არ ახელდა თვალს. -შემომხედე! -მოესმა ხმა წინიდან და გოგონამ ფრთხილად გაახილა მარცხენა თვალი, გვერდიდან ახედა ბიჭს და ისევ წარბებშეკრული მზერა რომ დაიჭირა, წამსვე დახუჭა შეღებული თვალი. -შემომხედე მეთქი! -უფრო აუწია ხმას დათამ და ამჯერად გოგონამ ორი თვალი გაახილა. ძლივს გაუსწორა თვალი თვალში ბიჭს. -ეს რა არის? -ისევ წარბებშეკრული უყვიროდა ბიჭი და თავისივე ხელს უფრიალებდა გოგონას ცხვირწინ. ვერ გაეგო, საიდან მოეცა იმოდენა ძალა ოლიკოს, მაგრამ სწრაფად გამოსწყვიტა ხელიდან თავისი ხელი და სწრაფად გაუსხლტა ხელიდან. მთელი დღე თეკლეს და ტატას არ შორდებოდა გოგონა გვერდიდან. რამოდენიმეჯერ დაინახა მისკენ წამოსული დათა და შიშისგან ხან ხალხმრავალ აუდიტორიაში შევარდებოდა, ხან კიდევ თეკლეს აეზუტებოდა. ცდილობდა ხალხში ეტრიალა, რომ დათას კლანჭებისგან გათავისუფლებულიყო. ამჯერად, უნივერსიტეტის ეზოში ისხდნენ გოგონები. თეკლე მთელი დღე ეჭვის თვალით უყურებდა ოლიკოს, ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. -რა გჭირს, ოლი? -ვეღარ მოითმინა. ოლიკო აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს და ვერც გაიგო კითხვა. -ოლიიიი... -დაჰყვირა თეკლემ. -რა? ჰა? ხო... რა? -ძლივს გამოერკვა ოლიკო. თეკლემ უფრო დაეჭვებით გახედა. ტატა კი თავის სტიქიაში იყო, თვალებით დათას ეძებდა რომ ახალი მოკლე კაბით გაევლო მის წინ პოდიუმზე. -არა, არა. ნამდვილად რაღაც გჭირს შენ. ახლავე მომიყევი! -გვერდით მიუჯდა თეკლე ოლიკოს. მანაც პირი გააღო მოსაყოლად, მაგრამ იქედან მხოლოდ განწირული ჩუმი კივილი ამოუშვა. -ვაიმე მოდის... -ერთდროულად წამოიძახეს ტატამ და ოლიკომ. დათა მათკენ მოემართებოდა მძიმე ნაბიჯებით, კეპი ამჯერად არ ეხურა. თვალებში ჩამოჰყროდა თმა, თუმცა მათში აშკარად შეიმჩნეოდა მრისხანე მზერა, რომელიც მხოლოდ ოლიკოსკენ იყო მიმართული და იმ წამს მიხვდა გოგონა, რომ ხალხიც კი ვერ შეაჩერებდა დათას. წასული იყო მისი საქმე. მოზრდილი ნერწყვი გადაუშვა ყელში და მაგრად მოუჭირა ხელი მის გვერდით მჯდომ, წარბებშეკრულ თეკლეს, რომელიც ხან ოლიკოს უყურებდა და ხან დათას. რამოდენიმე წამში ბიჭი თავზე ადგა მათ. ტატა ტრადიციულად ქვედა ტუჩს ჩაბღაუჭებოდა და თავით ფეხებამდე, ვნებიანად ათვალიერებდა დათას. თეკლე წარბებშეკრული უყურებდა, ხოლო ოლიკო უმისამართოდ იყურებოდა მიწაზე. არ სურდა თვალი გაესწორებინა მის თავზე წამომდგარი ყმაწვილისთვის. -გამომყევი! -მშვიდი ბრძანებით უთხრა ბიჭმა. ტატამ გაკვირვებისგან შეჭმუხნა წარბები და ოლიკოს მიაშტერდა. სახეზე დიდი კითხვის ნიშანი ეწერა. ოლიკო ჯიუტად დაჰყურებდა მიწას და იმ წამს ალბათ არც კი სუნთქავდა. -დროზე ადექი, საქმე მაქვს! -აუწია ხმას ბიჭმა. -თავი დამანებე. -ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ. -დროზე მეთქი, რომ გეუბნები! -კბილებიდან გამოსცრა ბიჭმა. ამაზე თეკლემ თავი ვეღარ შეიკავა, ფეხზე წამოდგა და ხელი ჰკრა დათას. -ვერ გაიგე რას გეუბნება? თუ ყურები დაგეხშო, ჰა? რა გინდა, რა შეუწუხე გული. -აკაპასდა თეკლე. -ნუ წიკვინებ, გოგო! -მობეზრებულად დახედა ბიჭმა თეკლეს. -უკაცრავად? ახლავე წადი აქედან, თუ არ გინდა პრობლემები შეგექმნას. -დაუსისინა გოგონამ. დათას ცივმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, ენა აატრიალა კბილებში, ცალყბად ჩაეცინა და ნელი ნაბიჯებით შებრუნდა. ოლიკომ შვებით ამოისუნთქა. -ეს რა იყო? -პირდაღებული შესჩერებოდა გოგონებს ტატა. ამ უკანასკნელებმა, ერთდროულად გადახედეს მას და ფეხზე წამოდგნენ. ის-ის იყო წასვლას აპირებდნენ, რომ ოლიკომ წვივებზე ხელის შემოხვევა იგრძო და წამებში ვიღაცის მხარზე იყო გადაკიდებული. -დათა გაუშვი, შე ცხოველო! -თეკლეს ხმა შემოესმა და მიხვდა რომ დათას მხარზე იყო გადაკიდებული. თეკლეს ხმა თანდათან სუსტდებოდა და გოგონას ტანში შიშმა დაისადგურა. -დათა გამიშვი! სასწრაფოდ გამიშვი, გიბრძანებ! გაიგე? დათა... -ყვიროდა გოგონა და თან მუჭებს ურტყამდა დათას ზურგს, მაგრამ ბიჭს რეაქციაც არ ჰქონია. რამოდენიმე წამში შენობაში შევიდნენ და ცარიელ აუდიტორიაში დასვა დათამ. ოლიკომ სწრაფად მოავლო იქაურობას თვალი, გაქცევა უნდოდა. ბიჭმა კარი გადაკეტა და ისევ ოლიკოსკენ გამოემართა წარბებშეკრული. გოგონამ უკანსვლით სიარული დაიწყო სწრაფად და როცა კედელს მიებერტყა, მაშინღა მიხვდა რომ ცუდად იყო მისი საქმე. დათა მიუახლოვდა, ხელები ოლიკოს მხრებს იქით მიაბჯინა კედელს და გაცეცხლებული დაჰყურებდა. -რაო რას ჭიკჭიკებდი მაშინ? -დაიწყო ჩვეული დამცინავი კილოთი. -შენი საქმრო გიყვარს, არა? გოგონამ თვალები დაქაჩა და სახეში შეაშტერდა ბიჭს. ვერ მიხვდა, რა ეთქვა. არც ჰქონდა პასუხი, საკუთარ თავთანაც კი არ ჰქონდა ამის პასუხი, არათუ დათასთვის ეთქვა. -მიყვარს. -ამოილუღლუღა გოგონამ და სწრაფი სუნთქვა დაიწყო. დათა სულ უფრო ახლოს მიდიოდა და გოგონას უკვე მუხლები ეკვეთებოდა. ბიჭმა ხელი წაავლო გოგონას მარცხენა ხელზე, ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია და ცხვირთან მიუტანა არათითი. -ეს რა არის? -კატეგორიული და მკაცრი ხმით ჰკითხა. -ბეჭედი. -უტეხად მიუგო გოგონამ. -ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარი ბეჭედი. -წარბებაწევითა და თავის ქნევით უთხრა ბიჭმა. -მერე? -არ ნებდებოდა გოგონა. -მერე თუ შენი საქმრო გიყვარს, ჩემს ნაჩუქარ ბეჭედს რატომ ატარებ? -წარბები შეკრა ბიჭმა. გოგონას ცივმა და ცინიკურმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, ხელი გამოჰგლიჯა ბიჭს და მთელი ძალით მიაწვა მის წინ აღმართულ დათას. მოიშორა და იგივე სახით უპასუხა. -ძალიან გინდა, რომ მიყვარდე არა? ბიჭმა წარბები გახსნა და სახე დაუსერიოზულდა. ოლიკოს მოეჩვენა, რომ ცოტათი დაიბნა და ამან უფრო მისცა გამბედაობა. -არ მიყვარხარ დათა და ზურასთან მივხვდი, რომ არც არასდროს მყვარებიხარ! ზურაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ეს საცოდავი ბეჭედი კი არაფრად მიღირს. -სასწრაფოდ მოიხსნა ბეჭედი და მის წინ გაქვავებულ დათას ესროლა. ბიჭმა მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, ისე ძლიერად, რომ ყბების კუნთები შესამჩნევად გამოებერა. კისრის ძარღვები აჩნდა და თვალები ბრაზისგან ჩაუწითლდა. -ანუ არასდროს გყვარებივარ, არა? -ხმაში მუქარა ერია ბიჭს. -პასუხი არის დიახ! -ცივად მიუგდო სიტყვები გოგონამ და კარისკენ დაიძრა, როცა ბიჭმა ყბებში სტაცა ხელი და კედელზე მიახეთქა. მაგრად უჭერდა დათა ყბებზე ხელს და გოგონას ტუჩები ვერტიკალურ ხაზად გაუსწორდა. -ამ სიტყვებს ინანებ! გპირდები მწარედ განანებ მაგ სიტყვებს! -ღრიალებდა დათა. შემდეგ კი ხელი შეუშვა და კარისკენ შეტრიალდა მძიმე, სწრაფი ნაბიჯებით. გოგონა უკან გაედევნა. აუდიტორიიდან გასულებს, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით თეკლე და ტატა უყურებდათ. თეკლეს აღშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა, მკვლელი მზერით უყურებდა დათას. ტატას კი შემშრალი სახე ჰქონდა და ურეაქციოდ მიჰყინვოდა ერთ ადგილს. დათა სწრაფად დაიძრა მათკენ, ოლიკოს გულში რაღაც ცუდმა გაჰკრა და ადგილს შეეყინა. დათამ ტატას დასტაცა ხელი, მისკენ მიიზიდა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა. ოლიკო კედელს მიეყრდნო, გაურკვეველი ხრიალი ამოუშვა პირიდან. მთელი ტანი უჟრუოდა, სულ გაეყინა ხელები. კანკალმა აიტანა და სახეზე ხელები აიფარა. „არა, ოღონდ ეს არა.“ ყვიროდა გოგონა შიგნიდან და სახე სულ დაუსველდა ცხელი ცრემლებისგან. დათამ ცივად შეუშვა ხელი ტატას, კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა და სწრაფი ნაბიჯებით, უხმოდ დატოვა შენობა. ტატა გაშეშებული იდგა, თვალები გაფართოვებოდა და ფრთხილად იკიდებდა ტუჩებზე ხელს. ვერ იჯერებდა, რომ მისი ოცნება ახდა. *** იმის შემდეგ, რაც თეკლემ ოლიკოს სამი დამამშვიდებელი დაალევინა, გოგონას მთელი დღის მოთქმის შემდეგ, ჩაეძინა და თეკლემ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ტატას ნახვა და მისთვის ყველაფრის მოყოლა. უკვე დრო იყო ტატს სიმართლე გაეგო და ასე მაინც ჩამოშორებოდა დათას. 20:35 თეკლე და ტატა ბაღში ისხდნენ. ტატა სიხარულისგან ტუჩებს ვერ უყრიდა თავს და წამდაუწუმ უყურებდა ტელეფონის ეკრანს, დათას მესიჯს ელოდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ბიჭს მის მიმართ გრძნობები ჰქონდა. თეკლეს უჭირდა საუბრის დაწყება, არ იცოდა როგორ ეთქვა ტატასთვის რომ მისი ოცნების მამაკაცი, სინამვილეში მას იყენებდა. -ტატა, მომისმინე. -ძლივს დაიწყო თეკლემ, ტატას ხელი ხელზე დაადო და მზრუნველად შეაშტერდა. ტატამ გაბრწყინებული თვალები შეაჩეხა თეკლეს. -მოკლედ, რაღაც უნდა იცოდე. -მშვიდად მიუგო თეკლემ. -ჰო, გისმენ. -ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ტატას. -დათა და ოლიკო შეყვარებულები იყვნენ ადრე. ტატას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. -რაა? რატომ არ მითხარით? -გაოცებული შეაშტერდა გოგონა მეგობარს. -ოთხი წლის წინანდელი ამბავია. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ დათა უპასუხისმგებლო ნაძირალაა, გამოგიყენებს და მიგაგდებს. გგონია, მართლა მოსწონხარ? ალბათ ოლიკოს გაბრაზება უნდოდა, რადგან ჰგონია რომ ოლიკოს ისევ უყვარს. ტატამ წარბები შეკრა. -ვერ ვხვდები, რის თქმას ცდილობ? -იჭვნარევად გახედა ტატამ. -იმის თქმას ვცდილობ, რომ დათას თავი არ უნდა გაასულელებინო და ამ ერთი კოცნის გამო ოცნების კოშკები არ ააგო. შენ და ოლიკო მეგობრები ხართ და... -მეგობრები? -სიტყვა შეაწყვეტინა ტატამ. -ახლა გახდა ჩემი მეგობარი? როცა დათაზე შეუჩერებლად ვსაუბრობდი, მაშინ არ იყავით ჩემი მეგობრები? ახლა ოლიკოს გაუჭირდა და ამის გამო მე უნდა ჩამოვშორდე დათას, არა? ვერ მოგართვით! -ტატა... -არა! არავითარი ტატა. -ფეხზე წამოხტა გოგონა. -ოთხი წლის წინანდელი ურთიერთობის გამო, მე დათაზე უარს არ ვიტყვი. გაიგე? ოლიკოს ყავს საქმრო, რა ვერ გაძღა? ახლა დათაც უნდა? -ეგ არაფერ შუაშია ტატა, აზრზე მოდი. დათას რომ მოსწონდე, ამას არ გეტყოდი. -დიახაც, მოვწონვარ! შენ რა იცი? იცნობ? ადამიანი ზოგჯერ ერთ დღეში იცვლება, ოთხი წელი დიდი დროა. ახლა შეიძლება დათა სულ სხვა ადამიანია. მე შევძლებ მისთვის თავის შეყვარებას და შენი ეჭვების გამო, არ დავშორდები! ვსო, მორჩა ამ თემაზე საუბარი. -გაშალა ხელები გოგონამ, შემდეგ ჩანთას დასტაცა ხელი და უკანმოუხედავად, ჩქარი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას. *** თეკლე მარტო მიუყვებოდა ქალაქის ქუჩებს. გადაღლილი იყო მუდამ სხვისი პრობლემების მოგვარებით. საოცრად მოუნდა ვინმესთან ლაპარაკი, ვინც უბრალოდ დაელაპარაკებოდა, ვინც გაარიდებდა პრობლემებს და ცოტა ხნით მოწყვიტავდა რეალობას. მიხვდა, რომ ადამიანები არასოდეს გაითვალისწინებენ სხვის რჩევას, თუ ეს მათ არ უნდათ. თუ შენი აზრი სხვისას არ ემთხვევა, შენი სიტყვები უბრალოდ იფანტება ატმოსფეროში და უკვალოდ ქრება. მიხვდა, რომ ადამიანს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც უნდა და რომ მათ სიმართლე საერთოდ არ აინტერესებთ. სიმართლე ცარიელი სიცრუეა... ნაცნობ კლუბს ჩაუარა გვერდი და ოდნავ ჩაეღიმა. შეჩერდა, კლუბს გახედა. შემდეგ თავი გადააქნია და გზა განაგრძო. ისევ შეჩერდა, ისევ ახედა შენობას. ცოტა ხნით მის ფეხებთან დაგდებულ კენჭს ათამაშებდა ფეხებით, შემდეგ კი კლუბში შევიდა. ბართან სულ სხვა ბარმენი იდგა. თეკლეს გული დასწყდა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრი და ბართან ჩამოჯდა. -რას დალევ? -შეეკითხა ბარმენი. -ისევ „სისხლიანი მერი“? -მოესმა გვერდიდან ხმა თეკლეს და ღიმილით გახედა. ორივეს გაეცინათ. გიორგიმ ბარმენს ანიშნა მე მივხედავო და თეკლეს წინ დადგა. მხოლოდ ბარის დაფა აშორებდათ ერთმანეთს და თეკლეს ეს პატარა დისტანცია უსაშველოდ მოეჩვენა. -რაღაც სიწყნარეა... -ღიმილით შეაჩეჩა სიტყვები თეკლემ ბარმენს. მანაც ღიმილით ამოხედა. -ჰო, ჯერ. რაღაც მოწყენილი მეჩვენები. -ცალი თვალი დაჭუტა ბიჭმა და მომღიმარი ჩააშტერდა გოგონას. -ჰო, ცოტა ვარ. -მიუგო თეკლემ. -კარგი, ახლა მე შენს სასმელს გაგიმზადე და თან მომიყევი, კარგი? -თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -ჰმმმმ... მოსაყოლი ბევრი არაფერია. უბრალოდ ჩემს მეგობრებს სიმართლის დანახვა არ სურთ. ურჩევნიათ შეცდომა დაუშვან, ვიდრე მოგისმინონ. -ამოიოხრა თეკლემ და ნიკაპით დაეყრდნო მარჯვენა ხელს. -რატომ გეშინია შეცდომის დაშვების? გოგონას ცოტათი ეუცნაურა კითხვა, დაფიქრდა... -იმიტომ, რომ შენი ცხოვრება, ეს შენი ავტობიოგრაფიაა. შენ კი მწერალი ხარ. შეცდომა დაქცეულ მელანს ჰგავს, რომელიც ნაწერში ისე გაიჟღინთება, რომ ბევრ ლამაზ სიტყვას წაშლის. -მაშინ მიეცი მათ უფლება, საკუთარი ავტობიოგრაფია თავად დაწერონ, რადგან თუ სხვების ნაწერები ასწორე, შენ ცარიელი ფურცელი დაგრჩება. შეუცდომელი, მელანდაუღვრელი, მაგრამ ცარიელი... თეკლე ჩაფიქრდა, მის წინ დადგმული წითელი სითხე მოსვა და დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს თვალებში. მათ შორის გაჭიმული ბარის დაფა, კიდევ უფრო დიდი ეჩვენა გოგონას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.