ბედნიერების რეცეპტი (მეთვრამეტე თავი)
-თორნიკე ხომ არ დაგინახავთ?! - ეზოში მეგობრებთან ერთად მყოფი შვილობილი რომ ვერ შენიშნა ხმაში შეშფოთება შეეტყო თეკლეს. - ჩვენ შენთან გვეგონა... - ყოყმანით უპასუხა გიორგიმ. - ჩემთან?! ჩემთან არ შემოსულა, თორნიკე, თორნიკე!.. - რამდენიმეჯერ ხმამაღლა დაუძახა, მხედველობა დაძაბა, გარემოს ყურადღებით დააკვირდა, იქნებ სადმე შეენიშნა კიდეც ბიჭი, თუმცა პასუხი არავის გაუცია. მობილურით უკვე შვილობილს ურეკავდა აკაც, ერთი ზარი გავიდა და კავშირიც გაწყდა. მობილური ტელეფონის ნომრის ავტომატურად გამეორების რეჟიმზე ჩართული რეკავდა და რეკავდა, ოპერატორიც ჯიუტად იმეორებდა და იმეორებდა: - მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! - ამათი ზონა და ამათი გასვლაც!... - გაცოფებულმა მოისროლა აპარატი აკამ. - ახლა რა ვქნათ? სად ვეძებოთ?! - პანიკა შერეოდა ხმაში იაკოს. - თორნიკეს ვერ ვპოულობთ!... - ისევ ქალაქის პროკურორთან გადარეკა ასათიანმა - არა, ტო, გამორთულია... - ოხ, მე მაგის!... - ზუსტად ვერ მიხვდნენ ვის აგინებდა ფარნა - ნუ ხართ პანიკაში, ვეცდებით ვიპოვოთ, თუ რამეს გავიგებ, დაგიკავშირდებით! - მართალია არ უნდოდა მღელვარება შესტყობოდა, მაგრამ ემოციების დამალვა მაინც ვერ მოახერხა მამაკაცმა. არადა, თორნიკე ფეხით მიუყვებოდა სანაპიროს, მთელი დღის ნანერიულებს სიამოვნებდა ღამის სიგრილე, თითქოს დამშვიდდა, ფრაგმენტულად, ეპიზოდებად აღიდგინა საღამოს მოვლენები. ღამის ბარში, იატაკზე გაშოტილი ირაკლის დანახვით შეშინებული კვანტალიანის სახე ახლაც თვალწინ ედგა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ბავშვობის მეგობარი ასე გასწირავდა, ასე გაიმეტებდა. - იქნებ შეცდომაში შეიყვანეს, იქნებ ისიც მოატყუეს?! - მაინც უნდოდა რაიმე გამამართლებელი მიზეზის მოძებნა. ფიქრები ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ნომერი არ ეცნო ქართველიშვილს. - გისმენთ!... - როგორც გავიგე, უკვე გამოსულხარ! - კვანტალიანის ირონიული ხმის გაგონებამ უცებ გაუფანტა ეჭვები თორნიკეს. - კარგი ინფორმატორები გყოლია!... - კბილებში გამოსცრა ქართველიშვილმა. - არ ვემდური, ფურცელი და კალამი ვერ გაგაგდებინეს ხელიდან?! - ირონიას არ იშორებდა ბიჭი. - საკუთარი გამოცდილება გალაპარაკებს?! - ვინმეში არ შეგეშალო, ქართველიშვილო! - მემუქრები?! - სიცილი აუტყდა თორნიკეს. - კი არ გემუქრები, შეგისრულებ კიდეც!... - პოზიციებს არ თმობდა კვანტალიანი. - აი ეგ მესმის, უკვე საინტერესოა... - ხმა შეეცვალა თორნიკეს - ტელეფონში ზედმეტად დიდი გული ხომ არ გაქვს?! ნახევარ საათში ჩვენს ადგილზე დაგელოდები, ვნახოთ ერთი რისი გაქვს!... - ჩვენს ადგილზე არა, მუხიანში გამოდი სტადიონზე... - უკაცრავად, დამავიწყდა, ჩვენს გულად ბიჭს ხომ პოლიციის ეშინია?!... - ისევ დასცინოდა თორნიკე - გამოვალ, არც ეგაა დიდი პრობლემა... - გამოდი, გამოდი... - გამოვალ და შენს დედას... - კვანტალიანთან საუბარი აკასგან შემსვლელმა ზარმა გააწყვეტინა. რამდენიმე წამით დაბღვერილი უმზერდა მამობილის ნომერს, შემდეგ არც კი დაფიქრებულა, ტელეფონი გამორთო, იქვე მდგომ ტაქსს ხელი დაუქნია და მძღოლის უკან, სავარძელზე მოთავსდა. - ვიღაცას ზურგჩანთა დარჩენია! - გულგრილად დახედა პრინცესებიან სკოლის ჩანთას ბიჭმა. - ჩანთა?! ოხ. ელე, ელე... დღეს სკოლიდან მე წამოვიყვანე, იქვე ცხოვრობენ მუხიანში, ჩემს მეზობლად, აი, დაგტოვებ და ავურბენინებ... კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა მძღოლი, თუმცა ვაჟი არ უსმენდა, ავტომობილის მინიდან აკვირდებოდა მუხიანისკენ მიმავალ გზას. იმ წუთებში არაფერზე ფიქრობდა თორნიკე, ერთად-ერთი რაც ზუსტად უნდოდა ის იყო, რომ ენახა და ის ირონიული სიცილი ძმრად ამოედინა, ისე უნდა ეცემა, რომ ცხოვრებაში სიცილის სურვილი დაჰკარგვოდა. მომუშტულ ხელს დახედა, თითქოს უკვე ცემდა. კბილების ღრჭიალისგან თავადაც კი ეტკინა ყბები. ლამის წუთებს ითვლიდა, იმდენად ეჩქარებოდა ყოფილ მეგობართან შეხვედრა. ავტომობილმა დუმბაძეზე შეუხვია თუ არა, იქვე გააჩერა, მძღოლს ქაღალდის კუპიურა გაუწორა და გადმოვიდა. - ეეე, ორმოცდაათ ლარიანი თუ გქონდა არ უნდა გეთქვა?! ახლა ამის ხურდა... - შუახნის მამაკაცი უკმაყოფილო სახით იქექებოდა ჯიბეებში. - არ მჭირდება, თქვენთვის დაიტოვეთ!... - ეგ როგორ? მოიცა შე მამაძაღლო, ასე როგორ... - გულწრფელად შეწუხდა ასაკიანი მძღოლი, თუმცა ბიჭმა, კარები მიუხურა და სირბილით დაუყვა სტადიონისკენ მიმავალ გზას. თვალი იქვე მდგომი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ გაექცა. სულ რამდენიმე წამით მიაშტერდა ჯვარს. იქნებ შესულიყო?! იქნებ დაევიწყებინა კვანტალიანი?! მაგრამ, არა... ახლა ყოყმანის დრო არ ჰქონდა. საკუთარი ფიქრების უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ისევ სტადიონისკენ მიმავალ გზას დაადგა. შეჩერება აღარც უფიქრია. ზუსტად ხვდებოდა, რომ მცდარი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, იმასაც იაზრებდა, რომ ამ შეხვედრით საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოჰქონდა, მაგრამ მაინც მირბოდა. - მხდალი არ ვარ, არა!... - ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს - ვანანებ, მერედა როგორ, ვანანებ!... საკუთარი ბედისწერისკენ მიისწრაფოდა. უყოყმანოდ მიიწევდა სტადიონზე შეკრებილი მამაკაცებისკენ, მართალია სახეებს ვერ არჩევდა, მაგრამ იქ მდგომთა შორის კვანტალიანის ზორბა სილუეტის ამოცნობა ნამდვილად არ გასჭირვებია. სიტუაცია შორიდანვე შეაფასა. ერთ-ერთი, შავებში ჩაცმული მამაკაცი მაყურებლებისთვის განკუთვნილ ადგილზე ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ისე აბოლებდა თითქოს დიდად არც აინტერესებდა მოედანზე მიმდინარე მოვლენები. დანარჩენები წრიულად იდგნენ, ოდნავ ბეჭებში მოხრილნი, თავ0 დასხმისთვის გამზადებულნი, თითქოს ბრძანებას ელოდნენ ქართველიშვილის გასანადგურებლად. ძნელად მისახვედრი ნამდვილად არ იყო, რომ უმცირესობაში მყოფ თორნიკეს გაუჭირდებოდა მათთან გამკლავება. - რაც არის არის... - დახმარების სათხოვნელად დარეკვა არც კი უფიქრია. ისე შევიდა მოედანზე. იქნებ ეშინოდა კიდეც, მაგრამ სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა ამაყად მდგომ ვაჟს. უსიტყვოდ ათვალიერებდა წინ მდგომებს. სახეზე არც ერთი არ ეცნო, თუმცა სიგარეტიანი მამაკაცის წარბთან არსებული იარის დანახვაზე, მისი ვინაობის დადგენა ნამდვილად არ გასჭირვებია. თბილისის ქუჩებში ზედმეტად კარგადაც კი იცნობდნენ, ქურდული სამყაროს ერთ-ერთ ერთ ავტორიტეტს, ზედმეტსახელად წარბას. მართალია შავი სამყაროს წარმომადგენლებთან საქმე არასოდეს ჰქონია, მაგრამ წარბაზე მაინც სმენოდა, როგორც ერთ-ერთ სამართლიანსა და მამაც ადამიანზე. ვის-ვის, და მის აქ დანახვას ნამდვილად არ ელოდა ბიჭი. - როგორც იქნა მოხვედი! მარტო ხარ?! - ფიქრი აშკარად წარბას იმედად მყოფი, კვანტალიანის ირონიულმა ხმამ შეაწყვეტინა. - ტურებთან შესახვედრად დამხმარეები არ მჭირდება... - დაუფარავი ზიზღით, მტრულად უმზერდა ქართველიშვილი წინ მდგომებს. - აი ეს მესმის, ტურები ჩვენ ვართ?! - ხელოვნურად გაოცებულმა შეხედა დანარჩენებს კვანტალიანმა - პოლიციას ჩვენება ჩვენ მივეცით? ჩვენ ჩაგიშვით? - ასე გამოდის... - კარგად დაფიქრდი, სახელის შერჩევისას! -აქამდე ჩუმად მყოფი, სკამიდან წამოდგა წარბა და წინ აესვეტა ქართველიშვილს. - სახელი არ მოგწონთ?! თქვენ დაფიქრდით, როცა ამას დაუდექით გვერდით?! - კვანტალიანის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა თორნიკეს. - მე ყველა დაჩაგრულისა და კარგი ბიჭის ინტერესს დავიცავ! - აშკარად ემუქრებოდა წარბა ვაჟს. - დაჩაგრულისა და კარგი ბიჭის? - წარბას სიტყვები გაიმეორა თორნიკემ - მაშ რატომ იცავთ ამის ინტერესს? - ზიზღით უმზერდა ყოფილ მეგობარს. - ამდენს რას ალაპარაკებთ?! ჩააძაღლეთ და მოვრჩეთ! - ნერვებმა უმტყუნა კვანტალიანს. თუმცა როგორც კი წარბას მკარცი მზერა შენიშნა, ისევ გაჩუმება ამჯობინა. - მგონი ხვდები, რომ თუ საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალ! - ქართველიშვილისთვის მზერად არ მოუცილებია, ისე გამოსცრა კბილებში წარბამ. - მაგარია, აი მესმის სამართალი! - მოულოდნელად ახარხარდა ბიჭი -ხვდებით მაინც ვის იცავთ? კაცს, რომელიც წამლით ბარიგობს? ძმაკაცებს სასიკვდილო შხამს რომ სტენის? - სასიკვდილოს?!... - თითქოს არ ელოდა მსგავს სიტყვებს წარბა, უკმაყოფილო სახით გახედა კვანტალიანს. - სასიკვდილოს, მისგან ნაყიდი წამლის გამო ჩემი მეგობრები საავადმყოფოში წვანან. - ასე რომც ყოფილიყო, პოლიციაში რას გარბოდი, ჩვენ რატომ არ მოგვმართე?! ჩვენება როგორ მიეცი?! - ისევ უტევდა წარბა. - ამ ნაბოზართან ანგარიშის გასასწორებლად?!.. - გაოცება ვერ დამალა თორნიკემ - როგორმე ჩემითაც მოვახერხებდი, დახმარება ნამდვილად არ მჭირდებოდა!.. - გულიანი ბიჭი ჩანხარ!... - ყოველგვარი პირფერობის გარეშე, შეაქო წარბამ. - გულიანის რა გითხრათ და კი ნამდვილად არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, არც საკუთარი ნამოქმედარი გადამიბრალებია უდანაშაულო ადამიანებისთვის... - სიმართლეს ამბობს?! - წარბამ მტრულად ამჯერად გვერდით მდგომ კვანტალიანს გახედა - გეკითხები, სიმართლეს ამბობს? - ყველა სამხილი მასზე მიუთითებდა, ჩვენება რომ არ მიეცა, დაჭერილს ვინ გამოუშვებდა, ან პოლიცია როგორ მომაგნებდა? - პოზიციებს არ თმობდა კვანტალიანი. - ყველა?! - მამაკაცის ხმაში გაპარული ირონია არ გამორჩენია თორნიკეს - რადგან ამდენი იცი, ალბათ ისიც გეცოდინება რომელი სამხილების გამო აიყვანეს?!. - იცის რომელია, ნაჭყებიასთან ერთად შეთითხნა და მისივე ხელით მიართვა პროკურატურას?!... აი, ესაა თქვენი კვანტალიანი, სულ ესაა მისი კაი ბიჭობაც და ვაჟკაცობაც!.. - და, ახლა რას აპირებ? - მე?! - კარგად ხვდებოდა თორნიკე, რომ ახლა, ამ წუთებში კვანტალიანის ბედი მის ხელთ იყო, ქართველიშვილის ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, და აქამდე მის დასაცავად მოსული ბრბო, ისევ მასვე მიუბრუნდებოდა მტრად. თვალებში უმზერდა განაჩენის მოლოდინში აკანკალებულ მოწინააღმდეგეს. საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა კვანტალიანს, სიძულვილით სავსე მზერით მისჩერებოდა წინ მდგომ თორნიკეს. დიახ, სძულდა, სწორედაც ამ ამაყი, ნიშნისმოგებით სავსე მზერის გამო ვერ იტანდა ვერც ქართველიშვილს და ვერც მის მეგობრებს. კარგა ხანს უმზერდა თორნიკე, ალბათ დაუფიქრებლად უნდა ჩაეძაღლებინა, მაგრამ ახლა როცა წინ ასე უსუსურად მოკაკვულსა და აკანკალებულ კვანტალიანს უყურებდა, ბრაზი შეცოდებას შეეცვალა. - არც არაფერს!.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, გაოცებულ წარბას აღარაფერი უთქვამს, ნელი ნაბიჯით მიიწევდა ქართველიშვილი გასასვლელისკენ. მზერით აცილებდნენ დამხვდურნი ამაყად მიმავალს. - ზედმეტად დიდ გულზე ხომ არ ხარ, ქართველიშვილო? გგონია გაიმარჯვე? - გასასვლელში მისულს დაეწია კვანტალიანის ირონიული ხმა. აშკარად დაინახა გვერდულად შემობრუნებულმა თორნიკემ როგორ მოუქნია მის შესაჩერებლად მომართულ წარბას დანა მუცლის არეში კვანტალიანმა. - ოხ. მე შენი!... - უწმაწურად შეიგინა მამაკაცმა და მიწაზე გაგორდა. იქვე მდგომი ბიჭები დაჭრილს მისცვივდნენ. - თორნიკეს მიხედეთ, თორნიკეს! - ღრიალებდა დაჭრილი. თუმცა სულ მცირედი მოდუნებაც საკმარისი აღმოჩნდა, ქართველიშვილისკენ მიიწევდა შეიარაღებული კვანტალიანი. წამის მეასედებში აღიქვა გონებამ, წამის მეასედში იმოქმედა ვაჟმა. წამის მეასედში ააცალა ხელიდან დანა და.... - ერთი, ორი, სამი... - სათვალავიც კი აერია რამდენჯერ მოუქნია, რამდენჯერ დაარტყა. ჩარევა არავის უფიქრია, გაშველება არც კი უცდიათ. ძირს გართხმულ აგონიაში მყოფ კვანტალიანს ზემოდან მოჰქცეოდა თორნიკე, დანას აღარც ხმარობდა, მომაკვდავს ამჯერად მუშტებით უსწორდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.