ძველი პიანინო - 43
43. მხატვარმა წამით თვალები მილულა, თითქოს არაფერი გაუგონიაო, მაგრამ უცებ გიჟივით წამოხტა: - არასოდეს უწოდო ბავშვს პრობლემა! ისეთი გაშმაგებით მიახალა ფიფოს, ალბათ იარაღი, რომ ჰქონოდა შუბლს გაუხვრეტდა. ფიფო გაფითრებული სავარძელს მიეკრა. მხატვარი გაჩუმდა, თვალები დახუჭა, მერე ჩუმად დაბალი ხმით, ისე რომ თვალი არ გაუხელია დასძინა: - ის არაფერ შუაშია... მოსვლაც არ უთხოვნია... უდანაშაულო, თავისდაუნებურად ევლინება ამ დამპალ ქვეყანას, ჯერ დღის შუქიც არ უნახავს და ნაძირლები კი უკვე პრობლემას უწოდებენ! ბოლო წინადადება საკმაოდ მკაცრად წარმოსთქვა, თავის ადგილს დაუბრუნდა და კონიაკის ბოლო წვეთები ჭიქაში ჩაწურა. ფიფო გახევებული იჯდა. მხატვარი თვალებში ჩააშტერდა - ჰა... დავიდა შენამდე? – მხატვარს უფრო მშვიდი ხმა გაუხდა. - კი, მაგრამ.. – ფიფომ ხმის ამოღება სცადა. - არავითარი მაგრამ! მორჩა ამაზე ბაზარი! ფიფომ ხმა გაკმინდა, ისევ მხატვარმა განაგრძო: - და რას აპირებ? - რა ვიცი... ფინანსური პრობლემა ნამდვილად არც ერთს არ გვაქვს, მაგრამ... - რა მაგრამ? რა, სხვა ცოლ-შვილი გყავს? - არა, მაგრამ... - ჰმ, ისევ მაგრამ... - რა გავაკეთო არ ვიცი.. - როგორ, რა უნდა გააკეთო? არაფერიც არ უნდა გააკეთო! გასაკეთებელი უკვე გაკეთდა და მორჩა... ახლა იყუჩე და მოვლენებს დაელოდე... იცი, ზოგჯერ უმოქმედობა უფრო მეტს აკეთებს ვიდრე მოქმედება.. - ცოლის მოყვანა ნამდვილად არ მინდა, არც მაგის სურვილი მაქვს ახლა და არც მაგის დრო და ხალისი... - ბავშვთან მიმართებაში ეგ არაფერ შუაშია, ისედაც შეგიძლია იყოლიო შვილი და გახდე მამა. არც მე მყავს ცოლი, მაგრამ შვილზე ვაფანატებ... ნუ თავიდან მყავდა და სიყვარულითაც დავქორწინდით, შვილის გულისთვის სულაც არ მომიყვანია... მართლა ძალიან მიყვარდა... ახლაც სადღაც მაინც მიყვარს... კი მიყვარს, ძალიანაც კი მიყვარს.. მაგრამ ვერ ავიტან... ყოველდღიურობაში ვერ ვიტან... ის ჩემს ცხოვრებას ვერ ეგუება, მე მისი ცხოვრებისეული ყოფა მაღიზიანებს... არც ახალი ცოლი მინდა... არა რააა, კიდეც ცოლს მე ვერ ავიტან, მე თვითონ ვარ აუტანელი... - მხატვარი გაჩუმდა. ფიფო ფიქრებში წავიდა, გონებით მიმის გადასწვდა... როგორ უსინდისოდ მიატოვა, თან ისე, რომ ყველა თაყვანისმცემელი ჩამოაშორა, ყველას მიმისკენ მიმავალი გზა მოუჭრა... ყველგან თავი გამოიჩინა და მერე სულ სხვა მხარეს იბრუნა პირი... „ნეტა რას იტყვის ჩემს ამბავს რომ გაიგებს?..“ ფიფო მედექსპერტთან თავს მშვენივრად და ლაღად გრძნობდა. ის რაზეც მიმიზე ეშლებოდა ნერვები, ამასთან საერთოდ არ განიცდიდა... არ ანაღვლებდა ტელეფონს თუ არ უპასუხებდა, არც სახლში დროზე მივიდა თუ არა, საერთოდ არც არაფერს განიცდიდა, ეჭვის ნატამალიც კი არასდროს გასჩენია, სამაგიეროდ ქალი ზედმეტად მესაკუთრე აღმოჩნდა, ისე იქცეოდა როგორც თავად ფიფო ექცეოდა მიმის, გამუდმებით კონტროლის ქვეშ ჰყავდა და თანდათან უფრო აშკარად ხდიდა ამ კონტროლს თუ ადრე ამას ფარულად აკეთებდა ახლა არც ფარავდა. ფიფოს არც ამაზე ეშლებოდა ნერვები და არც ქალის ეჭვიანობა და მის მიერ მოსწოყბილი პატარ-პატარა სცნები აღელვებდა. დარწმუნებული იყო, ეს ყველაფერი დროებითი იყო და დიდად არც აქცევდა ყურადღებას. ფიქრობდა, აი ცოტა ხანიც და ისევ მიმის დაუბრუნდებოდა... - მიმიმ იცის? – ფიქრებიდან მხატვარმა გამოარკვია - არა.. - საინტერესოა, რა სახე ექნება? – ჩაიქირქილა მხატვარმა ფიფომ მხრები აიჩეჩა. - განიცდიდა უჩემობას? მხატვარმა გაკვირვებით შეხედა: - როგორ ფიქრობ? ფიფომ არაფერი უპასუხა. მხატვარმა განაგრძო: - ზოგჯერ ვგრძნობდი, ჰქონდა რაღაც განცდის მომენტები... იწყენდა. დახატვა შევთავაზე, გამხიარულებას შევეცადე, თავიდან თითქოს გამომივიდა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც მოიწყინა... ჩემთან ადგილს ვეღარ პოულობდა, როცა ადრე თუ მოვიდოდა აშკარად აღარ უნდოდა წასვლა... ცოტა ხნით შემოირბენდა და მალევე უკან გარბოდა, მერე კი სულ გადაიკარგა... ისე იმ პერიოდში არც შენ ჩანდი. მერე კი ერთდროულად გამოჩნდით, მაგრამ ერთ დღესაც ისე გაიპარა არც კი დამემშვიდობა... - ვითომ ატყობდა რამეს? სულ მეჩვენებოდა, რომ არ ვუყვარდი და არც ვანაღვლებდი.. - და შენი გულისთვის, რომ იპრანჭებოდა ამას ვერ ამჩნევდი? - რა ვიცი... მეგონა... - რა გეგონა? რომ მე მეპრანჭებოდა? - ისე ხანდახან შენზეც კი მიეჭვიანია - ჰმ.. - ეგ როდის? რომ დავხატე იმის მაშინ? -არა, მაშინ მეწყინა, საშინლად განვიცადე, ჩემს თავზე მომივიდა ბრაზი.. - რა უცნაური ვინმე ხარ რა... რაღა დროს თქვენი სიყვარულობანას თამაში იყო - და ამას მხატვარი მეუბნება, რომ მე ვარ უცნაური? - ხო, იმიტომ რომ ხანდახან თინეიჯერებივით იქცეოდით, ან გინდა მის გვერდით ყოფნა და ან არა!... ხომ ხედავ თავის დროზე ესეც ვერ გადააწყვიტინე იმ გოგოს... ვერც თავი მოაბი ვერაფერს და ვერც ვერაფერი გამოიძიე... ვინ შეგიშალა ხელი? იქნებ მიმის დააბრალო? ან იმ ქალს? - არავის ვაბრალებ... მართლაც ვერაფერს მოვაბი თავი... რა მჭირს არ ვიცი - ქალებმა დაგღუპეს, ქალებმა! – მხატვარი სიცილისგან ჩაბჟირდა, ფიფოც ცალყბად აჰყვა. - ჰოდა, ახლა იცი რას გეტყვი, ჯერ აცალე იმ ბავშვს დაიბადოს... მამა, ხარ და რომ უნდა მიხედო ეგ ისედაც იცი... მანამდე კი მიმის დაელაპარაკე... და არა აქვს მნიშვნელობა კიდევ გინდა თუ არა მის გვერდით ყოფნა, უბრალოდ გაესაუბრე... მერე დანარჩენი თავისთავად გამოჩნდება... - და მერე სწორად გამიგებს? - არც მაგას აქვს მნიშვნელობა რამდენად სწორად გაგიგებს, მთავარია პირადად შენ უნდა დაელაპარაკო, ამაშია საქმე... და იცოდე, ბავშვი არაფერ შუაშია, არასდროს არავისთან მიმართებაში ის არაფერ შუაშია... უდანაშაულოა და შენს ცოდვიან ხელებს მას ნუ აწმენდ... LEX·2016 წლის 6 სექტემბერი, სამშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.