სამი გზა (თავი 15)
მე14 სართულის დერეფანს, სწრაფი, მაღალი ქუსლების ხმამაღალი კაკუნით მიუყვებოდა ქერა ქალი. თითქმის კაბინეტამდე იყო მისული, როდესაც წინ სათვალიანი მანდილოსანი გადაეღობა. -ქალბატონო, შეხვედრა დანიშნული გაქვთ? ქალმა ამზერით დახედა სათვალიანს და წარბები შეკრა. -გამატარე. -უთხრა მან უხეში ტონით და გვერდი აუარა. -ქალბატონო, ასე ვერ შეხვალთ. -აედევნა უკან მდივანი ქერათმიანს, რომელიც ყურს არ უგდებდა მას და დაუკაკუნებლად შეაღო ბატონი დიმიტრის კაბინეტის კარი. ეს უკანასკნელი სავარძელში იჯდა და ქერათმიანის დანახვაზე თითქოს ელდა ეცა. სწრაფად წამოდგა და ქალის უკან მდგომ მდივანს გახედა. -ბატონო დიმიტრი, ვერ შევაჩერე. -დაბნეულად უთხრა სათვალიანმა. -არაუშავს, კარი მიხურე. -მშვიდად მიუგო დიმიტრიმ. როგორც კი მდივანმა კარი მიხურა, ქერათმიანი სწრაფად დაიძრა მამაკაცის მაგიდისკენ და მთელი ძალით მოისროლა სავარძელზე თავისი ხელჩანთა. გააფთრებული შეაჩერდა კაცს სახეში. დიმიტრიმ უშველებელი ნერწყვი გადააგორა და ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე. -ამჯერად, რა ქნა დათამ? -ისე იკითხა კაცმა, თითქოს უკვე აღარაფერი აღარ გააკვირვებდა საკუთარი ვაჟისგან. ქალი ამაყად ჩამოჯდა სავარძელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და წარბებშეკრული შეაჩერდა კაცს. -დაჯექი. -ხელით ანიშნა მან დიმიტრის თავისივე სავარძლისკენ. ქალს თავი ისე ეჭირა, თითქოს ეს კაცი იყო მისი სტუმარი და არა პირიქით. კაცი მაშინვე ჩაჯდა სავარძელში და ქალს შეაჩერდა ინტერესმორეული, მაგიდაზე დადებულ სიგარეტის ღერს დაავლო ხელი და ნერვიულად გაუკიდა. -მეც მომაწევინე. -მშვიდად მიუგო ქალმა და ხელი გაუწოდა კაცს. მანაც მაშინვე მიაწოდა და უკვე ქალის ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს გაუკიდა. ქერათმიანმა ღრმა ნაფაზი მოარტყა, თავი უკან გადახარა და ნაცრისფერმა კვამლმა წამით გაბურა მისი სახე. შემდეგ კი ცივი თვალები შეაჩეხა მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარ მამაკაცს. -როგორი უსუსურიც იყავი, ისეთადვე დარჩი, არა? -ირონიულად დაუსისინა ქალმა. -საკუთარ შვილსაც კი ვერ ერევი, ამხელა კაცი. -ზევიდან ქვევით დახედა ქალმა, თითქოს ამით საკუთარ უპირატესობას გაუსვა ხაზი. დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა. -როდემდე უნდა შემაფასო წარსულით? -აღელვება ეტყობოდა ხმაში დიმიტრის. -ანუ, ლაჩარი აღარ ხარ? -ირონიულად შეეკითხა ქალი და კიდევ ერთი ნაფაზი მოარტყა. -ლაჩარი არც არასდროს ვყოფილვარ. -ხმა გაუმკაცრდა კაცს. -ოჰ, ხმა დაგიყენებია. -სიცილი აუვარდა ქერათმიანს. -საქმეზე გადადი, ნინო. -დაიყვირა კაცმა. ქალს ირონიული სახე, მაშინვე დაუსერიოზულდა. -ოლიკო ქორწილზე უარს აცხადებს. მგონი ახსნა არ მჭირდება, რატომაც. როგორც გინდა ისე შეაჩერე შენი შვილი დიტო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. -გააფთრებული შეაჩერდა ქალი. -დიტო? -გაეღიმა კაცს. -ასე მხოლოდ შენ მეძახდი. -ჰო, დიტო! და ასე იცი რატომ დაგიძახე? -ირონიულად დახედა ქალმა. -რატომ? -იმიტომ, რომ ყოველთვის გახსოვდეს შენი წარსული და არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ლაჩარი ხარ. -ცივი სარკაზმი ჩართო ნინომ. -ლაჩარი იმიტომ ვარ, რომ ცოლად არ მოგიყვანე? -იგივე ირონიით იკითხა კაცმა. ქალს სახე შეეყინა. -ლაჩარი იმიტომ ხარ, რომ მამაშენის სიტყვაზე გაიარე და ის მოიყვანე, ვისზეც მან მიგანიშნა. -დაუღრინა ქალმა. კაცს ცივი ღიმილი გამოეხატა სახეზე, კაბინეტს ნელა მოავლო თვალი წარბებაწეულმა, შემდეგ კი ისევ ქალს გაუსწორა მზერა. -ანუ რას მთავაზობ, ისევ ლაჩრულად მოვიქცე? იგივე გავუკეთო საკუთარ შვილს, რაც მე გამიკეთეს? ან შენ რას აკეთებ? ძალით ათხოვებ შენს ქალიშვილს მასზე, ვინც არ უყვარს და ლაჩარს მე მეძახი? ნინოს სახე აემღვრა და გააფთრებული წამოხტა ფეხზე. -არასოდეს დავუშვებ იმას, რომ შენი ბინძური სისხლით სავსე ვაჟმა ჩემს ქალიშვილს თითი დააკაროს! გასაგებია? -დაიყვირა ქალმა. კაცს სახე წამოენთო და ისიც წამოდგა, თითებით დაეყრდნო მაგიდას. -ჩემს შვილზე ამ ტონით ლაპარაკი არ გაბედო, გასაგებია? -დაიღრიალა დიმიტრიმ. -როგორც გინდა, ისე მოაგვარე ეს ამბავი. მე თუ ჩავერიე, იცოდე შენს შვილს კარგი დღე არ დაადგება. ამიტომ, გერჩივნოს შენით ჩამოაშორო! -კბილებიდან გამოსცრა ქალმა და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი, დიმიტრის მაგიდაზე ჩააქრო. შემდეგ კი სწრაფად დასტაცა ხელი თავის ხელჩანთას და ხმამაღალი კაკუნითა და კარის ჯახუნით დატოვა დიმიტრის კაბინეტი. კაცმა ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, სავარძელში ჩაჯდა. ერთხანს გაშეშებული, ჩაფიქრებული იჯდა. შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო ჯიბინდან და გადარეკა. *** რამოდენიმე საათში, ბატონი დიმიტრი ერთ-ერთი რესტორნის კუპეში იჯდა. აღელვება ნაკლებად ეტყობოდა სახეზე, მშვიდი და სერიოზული გამომეტყველება ეჭირა. კუპის კარი გაიღო და შიგნით შავ შარვალ-კოსტიუმიანმა მამაკაცმა შემოჰყო თავი. -მოვიყვანეთ, ბატონო დიმიტრი. დიმიტრიმ ხელით აჩვენა, შემოვიდესო და კარგად მოკალათდა სავარძელში. რამოდენიმე წამში, ოთახში დაბნეული შემობანცავლა ხუჭუჭა და მწვანეთვალება. დათას მამას მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობდა და მისმა პირისპირ ხილვამ, ძალიან ააღელვა გოგონა. კუპეს თვალი მოავლო და დათა რომ ვერ დაინახა, უფრო დაიძაბა. -სალომე, ხომ? -მშვიდი ღიმილით შეეკითხა დიმიტრი. -დიახ. -თავდაჯერებულად მიუგო მან. -მოდი, დაჯექი. -სკამისკენ ანიშნა დიმიტრიმ სალომეს. ეს უკანასკნელიც მაშინვე დაჯდა, თითქოს მოემატა გამბედაობა და ისეთი დაძაბულიც აღარ იყო. იეჭვა რომ საქმე დათას ეხებოდა. -როგორც ვიცი, ჩემი შვილის შეყვარებული ხარ. -ალმაცერად გაუღიმა კაცმა. სალომემ წარბები ასწია. -დიახ, ვარ. -ამაყად წარმოთქვა მან. -მერე? ახლა სად არის? -მაჯებით დაეყრდნო მაგიდას კაცი და თვალებმოჭუტული შეაშტერდა გოგონას. სალომეს უსიამოვნო გამომეტყველება მიეცა, მან არასდროს იცოდა დათა სად დადიოდა, არასოდეს აბარებდა ბიჭი ახსნა-განმარტებებს და ახლა მითუმეტეს, როცა ერთმანეთს დაშორდნენ. -ცუდია. -გოგონას მდუმარება პასუხად ჩათვალა დიმიტრიმ და ხვნეშით მიეყრდნო სკამის საზურგეს. -მგონი, ცოტა უნდა გააქტიურდე, სალომე. -და თქვენ რატომ ხართ ასეთი დაინტერესებული? -იჭვნარევად ჩააშტერდა გოგონა. -უბრალოდ, ჩემი შვილის ბედნიერება მინდა.. -ოდნავი აღელვებით მიუგო კაცმა. -ვიცი, ჩემი ბიჭი არ ჰგავს სხვებს, რთული ხასიათები აქვს და არ მინდა ამან შეგაშინოს, რადგან კარგი გოგო ხარ და მომწონხარ ჩემი დათასთვის. სალომე დიდად აღარ აქცევდა კაცის სიტყვებს ყურადღებას, რაღაც ეჭვი ღრღნიდა. მიხვდა რომ აქ მხოლოდ ამ მიზეზით არ მოიყვანეს და დიმიტრის სიტყვების უკან, რაღაც საიდუმლო იმალებოდა. -ბატონო დიმიტრი. -მშვიდი ხმით წამოიწყო გოგონამ. -ჩვენს უნივერსიტეტში ერთი გოგო სწავლობს, ეჭვი მაქვს, რაღაც აკავშირებს თქვენს ვაჟთან. თუკი გინდათ, რომ მე და თქვენს შვილს ყველაფერი კარგად გვქონდეს, უნდა მითხრათ, ვინ არის ის გოგო? დიმიტრიმ ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, შემდეგ კი გაეღიმა. მიხვდა, რომ ეს გოგო საკმარისად ჭკვიანი იყო და იმედი მიეცა, თითქოს. -ოლიკო ბოლქვაძე. დათას ყოფილი შეყვარებული. სალომეს სახე დაუსერიოზულდა, ტუჩები მაგრად მოკუმა და ბოღმით აივსო. -როგორც შევატყვე, თქვენ არ მოგწონთ ის გოგო. -აღელვება ეტყობოდა ხმაში გოგონას. -სწორად შეატყვე. -უპასუხა კაცმა და წყალი მოსვა. -და რატომ არ მოგწონთ? რატომ დაშორდნენ? -ინტერესით მოჭუტა თვალები სალომემ. -მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მგონი საკმარისი ინფორმაცია გაქვს, რომ დათასთვის იბრძოლო. -ნერვიულად უპასუხა კაცმა. სალომე სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები გადააჯვარედინა და დიმიტრის მხარს იქით, კედელს მიაშტერდა ჩაფიქრებული. -იმ ოლიკოს, შეყვარებული ჰყავს, ხომ? უნივერსიტეტში მოაკითხა ერთხელ, ვარდით. -ოდნავ დამცინავად წარმოთქვა ბოლო წინადადება გოგონამ. დიმიტრიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ვინ არის ის ბიჭი? მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რომ ვიცოდე. -ზურა დადიანი. -მშვიდად უპასუხა კაცმა. სალომემ ნერვიულად ააცმაცუნა ტუჩები, სწრაფად სუნთქავდა. რაღაცის კითხვა სურდა დიმიტრისთვის და ამის გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, რადგან დათას დათმობას არ აპირებდა. -იცით? იქნებ, ზურა დადიანის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მომცეთ? ასე უფრო გამიადვილდება. დიმიტრიმ წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ დააშტერდა გოგონას. -მისი საკონტაქტო ტელეფონი რაში გჭირდება, გოგონა? მე უბრალოდ გითხარი, რომ გააქტიურდე და ეს სრულებით საკმარისია. -მგონი, თქვენს შვილს სათანადოდ არ აფასებთ, ბატონო დიმიტრი. ჩემი აქტიურობა უფრო დამაშორებს მასთან და თუკი ნამდვილად გსურთ, იმ გოგოს აღარ გაეკაროს, მაშინ მითხარით მისი საქმროს ტელეფონის ნომერი. დიმიტრი ერთხანს უხმოდ, ჩაფიქრებული იჯდა. შემდეგ კი, ხვნეშით ამოისუნთქა, თუკი ნინოს მოუწევდა ამ საქმის მოგვარება, ყველანაირ სისასტიკეზე წავიდოდა, ამიტომ უნდა დათანხმებოდა ამას. ჯიბიდან კალამი და ფურცელი ამოიღო, სწრაფად, ნერვიულად გადაწერა ზურას ნომერი და სალომეს გაუწოდა. შემდეგ კი, შეუმჩნევლად გაიყვანა გოგონა რესტორნიდან დიმიტრის დაცვამ. *** ილიკო და ოლიკო ბარგს ალაგებდნენ და ქალაქგარეთ წასასვლელად ემზადებოდნენ რამოდენიმე დღით. ნინოს მოეწონა იდეა, შვებით ამოისუნთქა. თავისი ქალიშვილი რამოდენიმე დღით მაინც მოშორდებოდა დათას და თავადაც დამშვიდებული იქნებოდა ამის გამო. აჩქარებდა კიდეც ‘ყუპებს, რომ სწრაფად წასულიყვნენ. ოლიკომ თეკლეს დაურეკა, გააცნო თავისი გეგმა და ამ უკანასკნელმაც მოუწონა. ‘ყუპები პატარა ჩანთებით ჩაიბარგნენ ილიკოს მანქანასთან და ქალაქგარეთ, გზას გაუყვნენ. *** ზურა შეფიქრიანებული იჯდა თავის ოთახში, რაღაც გზა უნდა მოეძებნა რომ ის აბეზარი ბიჭი მოეშორებინა თავისი საცოლისთვის. სიყვარულის გარდა, იმიჯიც აწუხებდა მამაკაცს. 20 წლის, სტუდენტი ბიჭი, რომ საცოლეს წაართმევდა, ეს ცუდად აისახებოდა საკუთარ რეპუტაციაზე. ესპანეთის ბანკის ფინანსებს მართავდა და როგორ ვერ ახერხებდა ამ ბიჭის მართვას?! როგორ შეძლო, ამდენი როგორ გაუბედა? ჩვეულ სიდინჯესა და სიმშვიდეს კარგავდა თანდათან მამაკაცი, იცოდა რომ დიპლომატია დათასთან არ გაჭრიდა, რადგან ეს ბიჭი თავისდაუნებურად ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებდა მას. ამ ფიქრებში იყო მამაკაცი, როცა ტელეფონის ზარის ხმამ გამოარკვია. -გისმენთ. -უპასუხა ტელეფონს ჩვეული სიდინჯით. -გამარჯობა, ზურა დადიანს ვესაუბრები? -მოესმა ქალისთვის არადამახასიათებელი ბოხი ხმა. -დიახ. ვინ ბრძანდებით? -შენთან შეხვედრა მსურს, საქმე შენს საცოლეს ეხება. ოლიკოს ხსენებაზე, ზურა ოდნავ დაიძაბა და წამოდგა. -ვინ ხარ? -ოდნავი აღელვებით იკითხა მან. -შემხვდი და ყველაფერს გაიგებ. -უპასუხა გოგონამ. -ერთ საათში შევხვდეთ, სადაც გინდა. -კარგი, მისამართს მოგწერ, სადაც უნდა მოხვიდე. მამაკაცმა ტელეფონი გათიშა და ნერვიულად აათამაშა ხელებში. ოდნავი დაძაბულობა ეტყობოდა მიხვრა-მოხვრაზე. ერთ საათში ზურა და სალომე ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ. მამაკაცი ინტერესიანი თვალებით შესჩერებოდა გოგონას, რომელიც სრულიად მშვიდად იჯდა მის მოპირდაპირედ. -მე დათას შეყვარებული ვარ. -წაიჩურჩულა გოგონამ. ზურამ წარბები აქაჩა, თითქოს მოეწონა საუბრის დასაწყისი. -ვიცი, რომ დათა და შენი საცოლე, ოლიკო, შეყვარებულები იყნენ ადრე. დღეს დათას მამას შევხვდი, როგორც ჩანს რაღაც დიდი მიზეზია, რის გამოც მას არ სურს თავისი შვილისა და ოლიკოს ერთად ყოფნა. -მშვიდად საუბრობდა გოგონა. ზურამ გაკვირვებულად შეკრა წარბები, ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი. -რა მიზეზია? გოგონას ჩაეცინა. -სწორედ ეგ უნდა გავარკვიოთ მე და შენ. სხვა შანსი არ გვაქვს. დათას კარგად ვიცნობ, ისე „აგახევს“ ქალს, რომ აზრზეც ვერ მოხვალ და ვერც შენი იმიჯი გიშველის და ვერ ეგ შარვალ-კოსტიუმი. -ირონიულად აათვალიერა ზურა სალომემ. -ზედმეტი კომენტარების გარეშე, თუ შეიძელაბა. -ხმა გაუმკაცრდა ზურას. გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე. -მოკლედ, ეს უნდა გავარკვიოთ. თუკი გავიგებთ, რა მიზეზით არ უნდა იყვნენ ერთად დათა და ოლიკო, უფრო გაგვიმარტივდება მოქმედება. -მშვიდად უპასუხა სალომემ. ზურამ თავი დაუქნია. -მე გავარკვევ მაგას. -აუღელვებლად წარმოთქვა ზურამ. კმაყოფილება შეიმჩნეოდა მის ხმაში. შემდეგ კი წამოდგა, საფულე გახსნა. ფული დააგდო მაგიდაზე და მშვიდად დატოვა კაფე. *** -პეტრე, ისევ მე გაწუხებ. -ჩასძახა ტელეფონში ზურამ. -როცა გინდა, ზურა. შენთვის ყოველთვის მცალია. -მოკლედ, ამჯერად დიმიტრი ჯიშკარიანზე უნდა გამირკვიო ყველაფერი. მისი პირადი ცხოვრება მაინტერესებს. მისი ყოფილი ურთიერთობები, საერთოდ ყველაფერი და რა კავშირი აქვს მას გელა ბოლქვაძესთან ან მის ოჯახთან. პეტრემ ერთხანს პასუხი არ გასცა. -კარგი, ზურა. გაგირკვევ ყველაფერს და გადმოგირეკავ. -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა პეტრემ. *** თეკლე და ტატა უნივერსიტეტის დერეფანს მიუყვებოდნენ. თეკლეს მშვიდი, აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა გიორგის გამო პეპლები დაუდიოდნენ მუცელში. სულ მის გვერდით ყოფნა სურდა, ერთი წამის დაკარგვაც აღარ უნდოდა, რადგან ამ ბიჭის გვერდით ყველაზე მყუდროდ გრძნობდა თავს, ვერ გადაეწყვიტა მისულიო თუ არა მასთან ლექციების შემდეგ. -ილიკო რა იდიოტია. -დაიბღვირა ტატამ. თეკლემ სწრაფად გახედა მეგობარს. -რატომაა იდიოტი? -იმიტომ. -გაბუტვით წამოიძახა ტატამ. თეკლეს გაეცინა. -რა გაცინებს? სერიოზულად გეუბნები. მე ოლიკოსთან აღარ მივალ, თუ ის იქნება სახლში. -რა იყო, ასეთი რა მოხდა? -სიცილს არ წყვეტდა თეკლე. -ჩემი სტილის გოგო არ ხარო, წარმოგიდგენია? -გაკაპასდა ტატა. თეკლემ უფრო უმატა სიცილს. -ახლა არ მითხრა, რომ ილიკო მოგწონს. -რა სისულელეა. -წამოიყვირა ტატამ. -ღმერთმა დამიფაროს ეგ მომწონდეს, გაუთლელი ხეპრეა. უგემოვნო და გამოუსვლელი. -კაპასით ილანძღებოდა გოგონა. თეკლემ პირზე ხელი აიფარა და ისევ დაიწყო კისკისი. -ვაიმეეე, რა გაცინებს თეკლე? სერიოზულად ვამბობ. -თვალებგაფართოვებული შეაჩერდა ტატა სახეში. -კარგი, კარგი. -სიცილნარევად წამოიძახა თეკლემ და ხელები აქეთ-იქეთ გაშალა. -ოლიკო რატომ არ არის? -ეგ და ილიკო ქალაქგარეთ წავიდნენ. -დიდი ხნით? -სწრაფად იკითხა ტატამ. თეკლეს ისევ გაეცინა. -რამოდენიმე დღით. დერეფნის კუთხიდან სწრაფი ნაბიჯებით მოემართებოდა გოგონებისკენ დათა. ტატას ჩვეული აღტაცება აღარ გამოუხატავს, თეკლე კი წარბებშეკრული შეაჩერდა უკვე მათ თავზე წამომდგარ ბიჭს. -სად არის ოლიკო? -იკითხა დათამ. -რა შენი საქმეა? -უკმეხად შეუბრუნა კითხვა თეკლემ. დათამ თავი უკან გადააგდო, ნერვიულად მოიფშვნიტა სახე. -მიპასუხე, რომ გეკითხები. -გააფთრებით წამოიძახა ბიჭმა. -ქალაქში არ არის. -უპასუხა თეკლემ. -სად არის? -წარბებშეკვრით ჰკითხა დათამ. -ქალაქგარეთ წავიდა. -ვისთან ერთად? -თითქმის ყვირილით დაიძახა ბიჭმა. -შენი საქმე არ არის. -გამოსცრა კბილებიდან თეკლემ. -ახლავე მიპასუხე, ვისთან ერთად წავიდა? -თვალები დაქაჩა დათამ. -თავის ძმასთან ერთად არის რამოდენიმე დღით წასული. -წამოიძახა ტატამ. თეკლე გააფთრებით შეაჩერდა სახეში ტატას, ამ უკანასკნელმაც გამოხედა და ნერვიულად აიჩეჩა მხრები, თითქოს ამით აჩვენა რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. დათა სწრაფად შეიტრიალდა, ჩქარი ნერვიული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს. *** ნინო კარების ბრახუნის ხმაზე სწრაფად წამოდგა, სახლში მარტო იყო, რადგან გელას ნატალია ჰყავდა სასეირნოდ წაყვანილი. კარი გამოაღო და დათას დანახვაზე სხეული გაეყინა. მკაცრი, გააფთრებული სახით შეაჩერდა ბიჭს, რომელიც ქალის სიტყვას არ დალოდებია, ისე შეიჭრა სახლში. -ოლიკო სად არის? -მოუბრუნდა ნინოს. -აქ რას აკეთებ, შე ლაწირაკო? -შეჰყვირა ქალმა. -სიტყვები შეარჩიე, ქალბატონო ნინო. -ბოლო სიტყვები დამცინავად წარმოთქვა დათამ. -ახლავე წადი აქედან, თორემ პოლიციას გამოვიძახებ! დათამ ენა კბილებში აატრიალა და ხმამაღლა ჩაიცინა. შემდეგ კი, სერიოზული სახე მიიღო. -მიდი, დაუძახე პოლიციას. -უდარდელად უპასუხა ბიჭმა. -რა დღეში ხარ? რა გინდა ჩემი შვილისგან? -რაც მინდა, მაგას ოლიკოსთან გავარკვევ. -უხეშად მიუგო მან. -ოლიკოს საქმრო ჰყავს და მალე გათხოვდება, მოშორდი აქედან. ჩემ შვილს ახლოს არ გაეკარო. -მაგასაც ვნახავთ, გათხოვდება თუ არა. ვერც შენ და ვერც მამაჩემი ვეღარ შემაკავებთ, კარგად დაიმახსოვრე. ხვალვე დაბრუნდეს ოლიკო, თორემ ჩემით მოვძებნი და ჩამოვიყვან! -მუქარანარევად დაუსისინა ბიჭმა, შემდეგ კი კარებისკენ დაიძრა და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან. ნინო ერთხანს გაშეშებული იდგა, გული გამალებით უცემდა და მასზე ხელი იტაცა. ბარბაცით გაუყვა დერეფანს, სამზარეულოში შევიდა და სწრაფად მოსვა წყალი, რომ ოდნავ დამშვიდებულიყო. თანდათან უფრო იხლართებოდა ყველაფერი. ნინოს თავზე ენგრეოდა ის, რასაც მთელი ოთხი წელი აშენებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.