შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (8)


5-05-2017, 21:58
ავტორი MariamG
ნანახია 1 741

***

საოცარი სურნელი იდგა დარბაზში. თეთრ კედლებზე, ძველი ტილოს ნამუშევრები დაეკიდებინათ. მარჯვენა კედელზე კი თეთრი, უსახო ფიგურები
ჩაემწკრივებინათ. სტუმრები აქეთ-იქით დადიოდნენ, კედლიდან კედლისკენ ინაცვლებდნენ, ტილოდან ტილომდე მანძილის დაფარვამდე, ძვირფასი ღვინით
სავსე ჭიქებს მსუბუქად ახებდნენ ერთმანეთს, ორიოდე სიტყვას ჩურჩულებდნენ და იღიმოდნენ.
არავინ იცოდა სად იყო ნიკოლა მახარაძე. უფრო სწორად, არავინ - სტუმრების გარდა. იქ შეკრებილნი ესალმებოდნენ, რაღაცებს ეკითხებოდნენ, მომავალ
კონცერტებზე სიტყვას უგდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ. არავინ იცოდა, რომ მახარაძე რეალური სამყაროდან გაქრა. არავინ იცოდა, ვერ ხვდებოდნენ, რომ
ნიკოლა ძველი ცხოვრებიდან მძიმე ნაბიჯებით დაიძრა, დიდ ხანს იარა, ხან სად დაისვენა, ხან - სად და ბოლოს, იმ ადგილს მიადგა, სადაც ყველა იცნობდა,
მაგრამ არავინ სვამდა კითხვებს.
ნიკოლასაც მათ მსგავსად, გრძელი, მაღალი, სავსე ჭიქა ეჭირა, გამვლელებს უღიმოდა, მსუბუქად თავს უკრავდა. მათ მოძრაობებს, ღიმილსა და სახეს
სწავლობდა. იმახსოვრებდა ყოველ დეტალს, იზეპირებდა დარბაზის კედლებს, იატაკის ფერს, ფიგურების მოხაზულობას, ჰაერში დატრიალებულ ჟასმინის
სურნელს და მაინც, შორეული მოგონებებით ახსენდებოდა იასამნის სურნელი.
არაფრით ჰგავდა ეს დარბაზი მის დარბაზს. აქ არც შავი როიალი იდგა, არც მათე იყო ჩასაფრებული. მხოლოდ ნიკოლა მახარაძე, რომელსაც არც ბარში
ჰქონდა წასასვლელი, არც გზა იცოდა, რომ ვინმეს გაჰყოლოდა და ზურგიდან მოხვეოდა. მარტო იყო, ან დარჩა,ან ასე უნდოდა.


***
ყველაფერი იმ გიჟურ საღამოს დაიწყო, როცა გამწარებული ნიკო მათემ დარბაზში წაიყვანა. ერთად უკრავდნენ. არა პირველად, თუმცა ვინ იცის, საბოლოოდ.
იმ საღამოს თეთრი გველი თავმომწონე აღარ იყო, თითქოს კუთხეში, თავისთვის იწვა და დამალვას ცდილობდა. უნდოდა თეთრ კედლებს შეზრდოდა, მისი
ნაწილი გამხდარიყო, მთლიანად შთანთქმულიყო მათ უსასრულობაში და აღარავის გახსენებოდა. რაღაცნაირი, დასუსტებული და დაუძლურებული იყო შავი
როიალი. ის დრო ჩამომდგარიყო, მათეც რომ ვერ მიუხვდა ჩანაფიქრს ნიკოს.
ის მუსიკა წერილი იყო. გამოსამშვიდობებელი, რადგან იმ საღამოს შემდეგ, ნიკოლა არც ერთს უნახავს. არც ცოცხალი, არც მკვდარი. გაქრა.
არაფერი მომხდარა ისე, როგორც დაგეგმეს, როგორც სურდათ და იმედოვნებდნენ. არც ერთი სიტყვა, არც ერთი გაფრთხილება, მოლოდინის იმედი, მიზეზი,
მიზანი და შედეგი. ყველაფერი ნამსხვრევებად იქცა.
იმ წვიმიან საღამოს, როცა გაგიჟებული, სასოწარკვეთამდე მისული მათე ნიკოს სახლში შევარდა და ყველაფერი გადაატრიალა, ვერაფერი იპოვა, არავინ დახვდა.
სწორედ ის იყო დასაწყისი. სასოწარკვეთილების, ბრაზის, წყენის, იმედგაცრუების.

მათემ მთელი ქალაქი გადაატრიალა. ბოლოს, ევასთანაც კი მივიდა. იქ ეგულებოდა ცხოვრებაზე მუდამ გაბრაზებული, ბოღმითა და ბრაზით ამოვსებული ნიკო,
თუმცა არც იქ დახვდა.
-ესე იგი, წასვლაზე რომ ამბობდა... -სიტყვა გაუწყდა ევას. გაახსენდა ნიკოს ჭაობისფერი თვალები, თითქოს მუდამ რომ ევედრებოდნენ, არსად გაეშვა.
გულზე მძიმედ დააწვა დანაშაულის გრძნობა. იქნებ, რომ არ შეშინებოდა და ის ახალგაზრდა კაცი სახლიდან არ გაეგდო, საბოლოოდ წყენა არ გაეყოლებინა,
არც წასულიყო, დარჩენილიყო და ყველა პრობლემისთვის მიეხედა, თუმცა ეს კაცი ევასთვის იმაზე მეტი ჩანდა, ვიდრე ერთი შეხედვით იყო. მახარაძე მხოლოდ
მუსიკოსი არ ყოფილა. ამას პირველივე შეხვედრისას მიხვდა. მხოლოდ ის იყო საკმარისი, მამაკაცს ხმა ამოეღო, მისთვის შეეხედა და მერე, ყველაფერს
ფარდა აეხადა. ევასთვის ნიკო სევდასთან ასოცირდებოდა. განსაკუთრებით, ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა გაიაზრა, რომ ამ უცხო კაცს ცივი სიტყვაც ეწყინა,
ბავშვურად სითბოს ეძებდა და არც კი ადარდებდა ვისთან. ან, შეიძლება, ევა წინასწარ გათვლილიც კი იყო.
როგორც არ უნდა აეხსნა ევას მომხდარი, მხოლოდ ერთ აზრთან მიდიოდა - ნიკოლა მახარაძემ, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილმა, დაცლილმა კაცმა
გადაწყვიტა, საკუთარ თავთან დადგენილი საზღვრები მოერღვია და ღრმად შეეცურა ოკეანეში, ხოლო უკან დასაბრუნებელი ნაპირი სამოდამოდ ჩამოეჭრა
თვალთახედვიდან.
-ნიკოს მუდამ ვეწინააღმდეგებოდით. მე განსაკუთრებით. მაგრამ მინდოდა, რომ შეცდომა არ დაეშვა. რომ მცოდნოდა ამით საკუთარ თავს დაკარგავდა და
მისი გადარჩენის ნაცვლად, მის კვალსაც დავკარგავდი, ღმერთს გეფიცები, იარაღს მივცემდი და მისი მტრების ამოხოცვას მშვიდად ვუყურებდი. ოღონდ ნიკო
არ წასულიყო, არ დავეტოვებინეთ. -პირველად, ცხოვრებაში პირველად გამტყდარმა მათემ ევას გამოწვდილ ფინჯანს ხელები შემოხვია და აკანკალებული
სუნთქვა ამოუშვა. უჭირდა. ძალიან უჭირდა იმ აბეზარი, ჯიუტი კაცის გარეშე ცხოვრება, რომელიც ყველაფერს ანგრევდა და თავიდან აშენებდა.
საჭირო იყო ნიკოლა, საჭირო იყო მისი მუსიკა და მუხტი, რომელიც სხეულიდან სხეულში სასიამოვნოდ გადადიოდა.
ევას მხოლოდ ტელევიზიით მოესმინა ნიკოს შესრულება, მათე კი ყოველ ჯერზე ღიმილით აწყვეტინებდა მონოლოგს.
-თუ გინდა რომ ეს კაცი იგრძნო, პირისპირ უნდა ედგე, როცა იმ წყეულ როიალზე უკრავს.
-გძულს ის ყველაფერი, რაც ნიკოლას უკავშირდება, არა?! -ჩაეკითხა ევა და მის წინ მოკალათდა. მათეს გაეღიმა, თავი ოდნავ გააქნია და საზურგეს
მიეყრდნო.
-გსმენია რაიმე, სიყვარულსა და სიძულვილს შორის გადებულ ხიდზე? -ევამ თავი ავტომატურად დაუქნია. მათეს ჩაეცინა, ფინჯანი გვერდზე გადადო და
მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. -ნიკო ის კაცია, რომელსაც ვერავინ გაუგებს. შეიძლება მე მისი მესმოდა, მაგრამ ბოლოს მის გზას ავცდი, რადგან
დავკარგე. მისგან მხოლოდ ხელუხლებელი ნივთები დარჩა. არადა, ამ ყველაფრის გარეშე მას ცხოვრება არ შეეძლო. როცა რაიმე სტკიოდა, აწუხებდა, როცა
დარდი კლავდა იმ დაწყევლილ როიალთან მიდიოდა, იქ იცლებოდა და იქ ქმნიდა შედევრებს. ახლა ესეც აღარ არის, ხვდები? ის როიალიც, ის დარბაზიც
მაშინ მძულდა, როცა იქ ნიკო იყო. ახლა, როცა ყველაფერი ცარიელია, როცა არ ვეჩხუბები, რომ ნივთები თავის ადგილზე დააბრუნოს, არეულობაც და
სიმშვიდეც ერთნაირად სულერთია. ნიკოს გარეშე ფასი არ აქვს.
-უნდა მოძებნო მათე, არ უნდა დანებდნე. ვიცი, რომ დამღლელია. -მის გვერდით, სავარძელზე ჩამოჯდა ევა. -საერთოდ, ისიც დაგვღლის, რაც გვიყვარს,
მაგრამ ვერ შევეშვებით. შენ ყოველთვის იყავი ის ხელი, რომელსაც ჩაძირული ნიკოლა ეჭიდებოდა. ამ ხელს თუ მაღლა ასწევ და მის ჩრდილს ფსკერზე
დაცემული ვერ დაინახავს,მოდუნდება მთელი სხეულით და ბედს მიენდობა. აქ კი ბედი არ არსებობს. ბედს მხოლოდ ცუდი მოაქვს. კარგ ცხოვრებაში, სხვა
ცხოვრებაში, ბედი არ იარსებებდა. ნეტავ, არასდროს გამოგვეცადა საყვარელი ადამიანების დაკარგვის სიმწარე, მაგრამ მხოლოდ ერთი განსხვავებაა ნიკოლასა და
სხვებს შორის. მათ ვეღარ დააბრუნებ, ნიკოლას კი შენ მოერევი. მის ბრაზზე ძლიერი ხარ, მათე. -მათემ სევდიანად ახედა ევას. უყურებდა და ხვდებოდა,
რომ ის ადამიანი იყო, ვინც ნიკოს სჭირდებოდა. მასზე მეტად, მასზე ძლიერად ევა მოქმედებდა. ნიკოს ევა დააბრუნებდა, თუმცა ევას - ვერავინ.
თუ გაბედავდა, ჩაითრევდა და უკან ვეღარ გამოვიდოდა. მათეს კი არ სურდა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ფეხქვეშ გაეთელა. ევა იმსახურებდა კარგ,
ნათელ ცხოვრებას, სადაც არც ნიკო იქნებოდა და არც მათე. არც დამიზნებული იარაღი იარსებებდა და არც წერილები. იცოდა მათემ, რომ მახარაძის უკან
ჩასაფრებული სიკვდილი ახლა უფრო მონდომებული, ცბიერი და ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე.
იცოდა,რომ ახლა ნიკო მარტო დადიოდა, მარტო სუნთქავდა, ალბათ სადღაც წვიმაში სეირნობდა, მეორე დილით კი გაციებული, გაწითლებული იკეთებდა
ჩაის და ხმამაღალი გინებით უვლიდა საკუთარ თავს.
გამწარებულ მათეს, მაინც ღიმილით ახსენდებოდა როგორი წინდაუხედაობით გამოირჩეოდა ნიკოლა სახლის საქმეში. წესრიგი უყვარდა, თუმცა მას თვითონ
არასდროს ამყარებდა. ნიკოლას პროფესია და უნარი მხოლოდ თავდაყირა დაყენება იყო.

მათემ თაროდან სქელყდიანი, ძველი, ყავისფერი წიგნი გადმოაძვრინა და მტვერი გადაწმინდა. სავარძელში ჩაესვენა, ბუხრის წინ. წიგნი მუხლებზე დაიდო
და გადაშალა. ძველი, გაყვითლებული ფურცლები ჰქონდა. აქა-იქ ამომწვარი, გაცრეცილი და გაუფერულებული. ზედ წაწერილი წარწერები, ხელით იყო
დაწერილი. რაც უფრო შორს გადიოდა მათე, უფრო მეტად დახვეწილ, შეცვლილ ნაწერებს უყურებდა და სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარული
უგროვდებოდა. ნიკოლასა და მათეს ბავშვობა, მათი ერთად განვლილი წლები ფურცლებზე გადატანილი და დროისგან ამოჭმული, გაუფერულებული იყო.
გული შეუწუხდა მათეს, როცა ფურცლებს შორის ჩადებულ სურათებს გადააწყდა. ერთად იდგენენ, 5 წლის ნიკოლა და მათე, ხელგადახვეულები, ბედნიერი
სახეებით. მათემ სურათი დააბრუნა, წიგნი დახურა და მაგიდაზე გადადო. აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის გადაეხვია ნიკოს, როდის გაიღიმეს
გულწრფელად.
ბელაზე ჩაფიქრდა. ქალი უკვე თვეები იყო, რაც უგონოდ იწვა და აპარატიდან მხოლოდ იმის გამო არ ხსნიდნენ, რომ ნიკოლა მახარაძის მეგობარი იყო.
თვითონ ნიკოლა კი ისე წავიდა, აღარც უფიქრია რა დაემართებოდა ქალს,რომელიც მის სურვილებს შეეწირა.
მათემ დაღლილ სახეზე ხელი ჩამოისვა. აღარ შეიძლებოდა მომაკვდავი ქალის ყურება, აღარ შეიძლებოდა აორთქლებული ნიკოს ჰაერში ძებნა. თივის ზვინში
ჩამალულ ნემსს ჰგავდა. სამყარო დიდი იყო, დაიტევდა ერთ კაცს, ნებისმიერი შეიფარებდა და გაჩუმებოდა, ოღონდ მახარაძის ნდობა მოეპოვებინათ.
დამღლელი იყო, ამაში ეთანხმებოდა ევას.
თუმცა თვითონ, ნიკოს წასვლის შემდეგ, არ შეუწყვეტია გამოსავლის ძიება. დადიოდა, აგროვებდა მონაცემებს, უახლოვდებოდა ლევანს და ცდილობდა,
კანონს დაესაჯა იგი, თუმცა არაფერი გამოდიოდა. ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ, იარაღიან კაცებს ხედავდა, რომლებიც უნდობლად, ზიზღით ათვალიერებდნენ
ქუჩის მეორე ბოლოდან და სახეზე ეწერათ, რომ მათეზე სწრაფად გავიდოდნენ ნიკოს კვალზე.
თვითონ კი არ სურდა იარაღის გამოყენება. ცდილობდა დაშვებული შეცდომა აღარ გაემეორებინა, ცდილობდა შორიდან შეეხედა სიტუაციისთვის, კარგად
შეესწავლა დეტალები და სხვის სისხლში ხელი არ გაესვარა.
ისედაც, მათი ცხოვრება გასვრილი იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ნიკო ვერასდროს ჩამოირეცხავდა იმ სიბინძურეს, რაც დიდებამ მოუტანა.
მაგრამ ის არ იყო დამნაშავე, არავინ იყო დამნაშავე იმაში, რომ მახარაძეს ცხოვრებამ მოუტანა ყველა უბედურება. გარშემო ყველას კარგავდა, ვინც კი
შეუყვარდებოდა. და ბოლოს, შეშინებულს და დაბნეულს, მიზნად ისღა დაესახა, დაღლილი მათე დაეტოვებინა, რომ მეტად აღარ დასწოლოდა ტვირთი,
უფრო მეტად არ ჩამოეშორებინა მათე ბედნიერებისთვის და მიეცა საკუთარი ცხოვრება, რომელსაც იმსახურებდა. მხოლოდ ის ვერ გაიაზრა, რომ მათეს
ცხოვრება ისევ ნიკოსთან მიდიოდა. უბრალოდ მეგობარი იყო. უბრალოდ, უმნიშვნელოდ, ძალიან, ძალიან ჩვეულებრივად.
მათე.

ყველაზე დიდი საფრთხე კი მაშინ იგრძნო მეტრეველმა, როცა მუსიკალური შენობის კიბესთან მაღალი, მსუქანი კაცი დახვდა. ერთი წამით მოდუნებულ,
დაღლილ მათეს გამვლელი ეგონა, თუმცა კაცმა ირონიით გადასწია ჩამოფარებული ქურთუკი, ქამარში გაჩხერილი იარაღი გამოაჩინა და ამაზრზენი ღიმილით
მიაშტერდა წარბშეკრულ მათეს.
-აბა, სად არის ჩვენი გენიოსი?
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა მათემ და გავლა გადაწყვიტა, თუმცა თვითონაც ხვდებოდა, უშედეგო და უსაფუძვლო გამოდგებოდა. მობეზრებულად გადააქნია
თავი და თვალი გაუსწორა მწვანე, საზიზღრად მოელვარე თვალებს.
-თუ არ გინდა ტვინი გაგასხმევინო აქვე, ილაპარაკე!
-შენ ვინ მოგცა იმდენი კაცობა, აქვე ამოიღო შენი სათამაშო და ცხვირწინ მიტრიალო?! -ირონიით გადახედა მათემ ბრაზისაგან გაფითრებულ კაცს და იგრძნო,
როგორ ჩაუვარდა მგელს ხახაში.
-ლევანს ჯერჯერობით ცოცხალი სჭირდება, გადაეცი, თუ თავისი ფეხით არ მოვა, ჯერ შენ მოგაკითხავს, მერე მის გოგოს. -ცხვირწინ დაუტრიალა
საჩვენებელი თითი კაცმა. ერთი წუთის განმავლობაში, მათე დაბნეული მისჩერებოდა მის წინ გაჩენილ სიცარიელეს. თავში უტრიალებდა რას ნიშნავდა კაცის
სიტყვები და ვინ იყო "მისი გოგო", თუმცა გაცნობიერება, მეხივით დაატყდა თავს და მაშინვე სირბილით მოსწყდა ადგილს.
შეუჩერებლად მიაქროლებდა მანქანას განყოფილებისკენ, სირბილით აირბინა კიბეები, ვაშაძის კაბინეტის კარი შეგლიჯა და გაცოფებული მიაშტერდა ზურაბს.
-რა ხდება მათე, რა ამბავია?
-ახლავე, მისამართს დაგიწერ და იმ სახლთან ვინმე გაგზავნე. -ფურცლები გადაქექა მათემ, ყვითელ ქაღალდზე რაღაც წარწერა დატოვა და გაოცებულ,
დაბნეულ ზურაბს გახედა.
-ნიკოლა გამოჩნდა? -სათვალე მოიხსნა კაცმა და წამოდგა. მათემ თავი გააქნია.
-ნიკო არა, ლევანი გამოჩნდა. დღეს მისი კაცი მოვიდა, მეც დამემუქრა და მისი გოგო ახსენა. თავიდან ვერ მივხვდი, მერე გავიაზრე. გახსოვს, ევა?
ის გოგო...
-ვიცი, მახსოვს. -თავი დაუქნია ზურაბმა და მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო.
-ჰგონიათ, რომ ნიკოს ამბავი ვიცი. ერთი სიტყვით, მაინც დამასწრებენ პოვნას. ჩემი ხალხი ვერაფერს აკეთებს. ოცი რომ გავუშვა, ასს დაახვედრებენ,
ლევანის გამო მათ სიცოცხლეს ვერ გავწირავ. -მათემ სახეზე ჩამოისვა ხელი, ბოლთას სცემდა და ანერვიულებული სუნთქვის დარეგულირებას ვერ
ახერხებდა.
-ის კაცი ხომ დაინახე, არა? ფოტორობოტს შევადგენთ, მის ვინაობას დავადგენთ.
-მერე? -დაიღმუვლა მათემ. -ლევანს რომ დაურეკო და მოსვლა სთხოვო, ახლავე აქ გაჩნდება. თუ გგონია, რომ პოლიციის ან ჩემი ეშინია, ძალიან ცდები.
მთავარი ის კი არაა სად არის, მთავარია რაზე ფიქრობს. უკვე ძალიან ბევრ რამეში დაგვასწრო. ბევრად გაგვისწრო. სანამ ნიკოს სინდისის გადარჩენაში
ვიყავი გართული, ის კიდევ რაღაცას აკეთებდა. ხომ გეუბნები ლევან, წერილი ყალბია!
-ექსპერტიზაზე გავგზავნე, პასუხი მოვიდა და დადასტურდა, რომ თათას ხელწერაა, მათე! -იყვირა წყობიდან გამოსულმა ზურაბმა. მუშტები დაუშინა მაგიდას
და იქ დაყრილი ფურცლები გადაყარა. -საიდან მოიტანე, რომ ყალბია? ჰმ? ეს საქმე საოცარი სიზუსტით დავაწყვე, ისე რომ ეჭვს ვერავინ შეიტანდა,
მაგ შენს ლევანს რაიმეს შევტენიდი და ციხეში ამოვალპობდი. ხელი შემიშალე, ნიკოლაც აქედან გააქციე. იმდენი იშრომე, ქუჩაში წყნარად ვეღარც შენ
გახვალ და ვერც ის საწყალი გოგო. იმ ქალზე საუბარიც ზედმეტია, ჩათვალე გვამია და უბრალოდ ზედმეტ ჟანგბადს აძლევენ! -ხელი ჰკრა სკამს ვაშაძემ,
ხმაურით დაენარცხა იატაკს. ზურაბის ნათქვამით გამწარებულმა მათემ ხმამაღლა შეიგინა. საკუთარ თავს ევედრებოდა, მდგომარეობიდან არ გამოსულიყო
და ადამიანური სახე შეენარჩუნებინა.
-ზურაბ, რას ბოდავ? -შეუღრინა, თან ფრთხილობდა, არავის მოესმინა მათი საუბარი. -შენ რა გინდოდა, ტყუილებით გატენილი ამბავი გაგევრცელებინა?
მერე, ვისთვისაც ამას აკეთებ ვინ არის, ჩვეულებრივი ადამიანი? ეს რომ გაგიგონ, შენც, მეც და ნიკოსაც კედელთან დაგვაყენებენ და ტყვიას შუბლში
დაგვაჭედებენ. ისე, როგორც შენ იქცევი და სადაც შენ ხედავ გამოსავალს, მხოლოდ არაკაცი აზროვნებს. ნიკოს დახმარება თუ გინდა, გაგზავნე შენი ხალხი
ევას სახლთან და იმ გოგოს გაუფრთხილდი. -ყვითელი ქაღალდის ნაგლეჯი აიღო მათემ და ზურაბს გაუწოდა. -ეს არის მისამართი.
-კარგი. -დანებდა ვაშაძე. -შენც იცი, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი ნათლულისთვის ვაკეთებ. ის იდეაც, რომ ნიკო წასულიყო, შენი იდეა იყო.
გახსოვს, თუ უკვე დაგავიწყდა და წინ ისევ ჩემი ბრალდებები წამოიწია? -ხელიდან გამოჰგლიჯა ფურცელი და უგულოდ შეათვალიერა.
-ნიკოს ადგილსამყოფელი რომ გვცოდნოდა, საქმე ისე წავიდოდა, როგორც წესი იყო. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეს იდეა შენ არ ჩააწვეთე. კარგად
დაიმახსოვრე, ზურაბ! -საჩვენებელი თითი მიუშვირა მათემ და ქვემოდან ახედა. -მხოლოდ იმიტომ გინდობ, რომ ნიკო პატივს გცემს და მე თვითონ ვარ
უსამართლობის წინააღმდეგი, თორემ ჩემი ყველა ეჭვის გადამოწმება რომ დავიწყო, დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერ გადამირჩები. -ერთხანს ორივე ჩუმად
იდგა, ბოლოს, დანებებულმა ვაშაძემ გადაყრილი ნივთები მოკრიფა, ერთად დააწყო და ჩამოჯდა.
-მითხარი, კიდევ რა გჭირდება? -მათემ ღრმად ჩაისუნთქა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მეორედ ითხოვდა ამას, რაღაც ნაწილი სთხოვდა, ემუდრებოდა,
ჩუმად დარჩენილიყო და ეს ინსტიქტი საკუთარ თავში ჩაეკლა, თუმცა ნიკოს სჭირდებოდა. იმ ჯიუტ, გაუწონასწორებელ კაცს. მათემ ოფლით დაცვარულ
შუბლზე ხელისგული გადაისვა, ამოისუნთქა და ზურაბს თვალებში ჩააშტერდა.
-იარაღი. გაუფორმებელი, ყველაზე სხარტი და ზუსტი იარაღი.

***

ვინც ეძებდა, ყოველთვის ახერხებდა პოვნას.
მართალია შავ, მდიდრულ როიალს ვერ შეედრებოდა, თუმცა ნიკოლამ მაინც შეძლო რაღაცის პოვნა. როიალთან სკამი მიასრიალა, ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.
რამდენჯერ წარმოიდგინა მათეს სახე, მისი გამწარება და იმედგაცრუება, როცა ყველაფერს გადაატრიალებდა და ვერსად იპოვნიდა.
იცოდა, რომ საზიზღარი, საშინელი მეგობარი იყო. ყველაზე უსამართლო, ვინც კი მათეს ცხოვრებაში გამოჩენილა, თუმცა იცოდა, რომ არ გაპარულა.
მოვლენებს თავი კი არ დააღწია, პირიქით, თავით გადაეშვა.
მოშორდა მათეს, სამაგიეროდ, ლევანს მიუახლოვდა. ზურგიდან ეპარებოდა და დანის ჩასარტყმელად ემზადებოდა.
ხელები გადაასრიალა როიალზე, მძიმედ გაისმა ბგერები ჰაერში.
როიალი ქუჩაში, შემაღლებულ ადგილას იდგა. გამვლელები გაჩერდნენ, გაოცებულები მიაშტერდნენ და მასში ამოიცნეს დიდებული, გენიალური ნიკოლა
მახარაძე.
საოცარი ღამე იყო, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. ნიკოლა კი უკრავდა, საკუთარ თავზე გაბრაზებული, იმედგაცრუებული და ნაწყენი,რომ ისევ, ისევ
ყველაფერს თავდაყირა აყენებდა.
გველი გამქრალიყო.
მათე არსად ჩანდა.



№1  offline წევრი An_Gel

"გველი გამქრალიყო
მათე არსაც ჩანდა" - ძალიან მრავლისმეტყველი დასასრული იყო.
ძალიან მძიმედ აღვიქვი ამ თავში ერთმანეთს დაშორებული ნიკოლა და მათე,თუმცა რადგან ნიკომ ჩათვალა,რომ მარტო უკეთ გაართმევდა საქმეს თავს,ისღა დაგვრჩენია ვენდოთ. უფრო სწორად,ძალიან,ძალიან მინდა ვენდო და დავიჯერო,რომ მათეს სიტყვები ოდნავ მაინც მოქმედებს მასზე და რაღაც კარგისკენ მოუწოდებს.
ძალაუნებურად ნიკო და ევა,რომ "რაღაც" არიან და ევას,როგორც მახარაძის ახლობელს რომ დაცვა სჭირდება,საშინლად მესიამოვნა! და ევა - ამ გოგოზე ბევრი რამის თქმა შემიძლია,თუმცა მხოლოდ იმას დავჯერდები,რომ ძალიან ძლიერი გოგოა და მათეს შიშს ვერ დავეთანხმები. არამგონია ნიკო მოერიოს და ჭაობში ჩაიყოლოს ეს გოგო,უფრო პირიქით მგონია.
იმედი მაქვს,ლევანს მალე მოსვამენ ადგილზე და ამ ავადმყოფების ოჯახს მალე მოიშორებს ნიკოლა თავიდან. იმიტომ,რომ ბევრს იმსახურებს და პირველრიგში სიმშვიდეს.
როიალი რომ იპოვა heart_eyes მისი გულისთქმაა ეს ინსტრუმენტი და ალბათ ყველაფრის გარეშე გაძლებს დაკვრის გარდა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
"გველი გამქრალიყო
მათე არსაც ჩანდა" - ძალიან მრავლისმეტყველი დასასრული იყო.
ძალიან მძიმედ აღვიქვი ამ თავში ერთმანეთს დაშორებული ნიკოლა და მათე,თუმცა რადგან ნიკომ ჩათვალა,რომ მარტო უკეთ გაართმევდა საქმეს თავს,ისღა დაგვრჩენია ვენდოთ. უფრო სწორად,ძალიან,ძალიან მინდა ვენდო და დავიჯერო,რომ მათეს სიტყვები ოდნავ მაინც მოქმედებს მასზე და რაღაც კარგისკენ მოუწოდებს.
ძალაუნებურად ნიკო და ევა,რომ "რაღაც" არიან და ევას,როგორც მახარაძის ახლობელს რომ დაცვა სჭირდება,საშინლად მესიამოვნა! და ევა - ამ გოგოზე ბევრი რამის თქმა შემიძლია,თუმცა მხოლოდ იმას დავჯერდები,რომ ძალიან ძლიერი გოგოა და მათეს შიშს ვერ დავეთანხმები. არამგონია ნიკო მოერიოს და ჭაობში ჩაიყოლოს ეს გოგო,უფრო პირიქით მგონია.
იმედი მაქვს,ლევანს მალე მოსვამენ ადგილზე და ამ ავადმყოფების ოჯახს მალე მოიშორებს ნიკოლა თავიდან. იმიტომ,რომ ბევრს იმსახურებს და პირველრიგში სიმშვიდეს.
როიალი რომ იპოვა heart_eyes მისი გულისთქმაა ეს ინსტრუმენტი და ალბათ ყველაფრის გარეშე გაძლებს დაკვრის გარდა.

ძალიან, ძალიან დიდი მალდობა შენ, რომ ასე კარგად გესმის ყველაფერი.
ხომ იცი, რომ გეთანხმები ხოლმე. საოცრდ იგებ ამ ისტორიას, მართლა იქ ხარ და ამ ყველაფერს უყურებ.
მიყვარს შენი კომენტარები.
კიდევ ერთხელ მადლობა!

 


№3  offline წევრი Indigo

თეთრი გველი უნდა გამოჩნდეს და რაც მთავარია, არ უნდა გაშავდეს!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ევვა ნიკოლას ხსნაა, როცა მათეს ფიქრებს ვკითხულობდი. და დიდი იმედი მაქვს, ნიკოლაც ხსნა იქნება და არა ჭაობი.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

Indigo
თეთრი გველი უნდა გამოჩნდეს და რაც მთავარია, არ უნდა გაშავდეს!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ევვა ნიკოლას ხსნაა, როცა მათეს ფიქრებს ვკითხულობდი. და დიდი იმედი მაქვს, ნიკოლაც ხსნა იქნება და არა ჭაობი.

იმედი მაქვს.
დიდი მადლობა!

 


№5  offline მოდერი sopiko

''თუ გინდა, რომ ეს კაცი იგრძნო, პირისპირ უნდა ედგე, როცა იმ წყეულ როიალზე უკრავს'' ამ ფრაზამ საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე.
მგონი შევეჩვიე ამ ორ-ორი თავების წაკითხხვას :დდ სულ ესე მიწევს და ალბათ ამიტომ.
როგორი ბავშვია ეს ნიკო, რა. შემიკლა ხელზე. ვკითხულობ და მაგის მინაყვის დიდი სურვილი მიჩნდება. დაუნგრია და აურია ცხოვრება მათესაც, ბელასაც, თათასაც, ლევანსაც და ევასაც. აქ კაცობაზე აღარაა ლაპარაკი უკვე. როცა ასეთი ქაოსია, რთულია გაიგო, ვინ არის მართალი და რა არის სწორი.
მათე არის კაცი, პიროვნება :დდ ნიკოლა კი თხა, ჭაკი, ჯუა, თუ როგორც არის :დდ სერიოზულად, ზუსტად მოაჯდა შენს ისტორიას ეს შედარება :Dდ
ძალიან მიმძიმს თითოეული თავის წაკითხვა. რაღაცნაირად ''მგრუზავს'', უხასიათოს მხდის, ზოგჯერ რაღაცას ვერ ვხვდები და თავიდან ვიწყებ კითხხვას, მაგრამ მაინც ვერ ვეშვები.
არ მინდა ევას რამე დაუშავონ. რაღაცნაირი სუფთაა ეს გოგო. სწორად მსჯელობს, სწორად განიცდის, მისი შეხედულებები ჩემსას ემთხვევა, მაგრამ მისგან განსხვავებით მე ნიკოლას ახლოსაც არ მივიკარებდი. მშიშარა ვარ და ფრთხილი, ფათერაკები არ მხიბლავს.
როგორ მიყვარხარ და როგორ გაფასებ, იცი...
შენ სულ უნდა წერო!

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

მათე და ნიკო უერთმანეთოდ არაფერია. ეს ორი ერთი მცნებაა... არავინ იცის რამდენად სუსტები არიან ასე ცალ-ცალკე. ერთი შეხედვით მათე უფრო მხნედ გამოიყურება,მაგრამ ვინ იცის...
იმედია ნიკო გველს მალე ნახავს...
ისევ მინდა დუეტი, თუმდაც წარღვნის მომტანი, მაგრამ მაინც დუეტი მინდა, თეთრი და შავი.
და რა თქმა უნდა, მე ისევ ჩემ აზრზე ვარ და წერილი ყალბია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent