ძველი პიანინო - 50
50. პიპას მწვერვალისკენ მიმავალი გზა, სადღაც ჰაერში გაიფანტა... ბაბუ საშინლად დაღონებული იყო. როგორი იმედი ჰქონდა, ბიჭი კარგ ოჯახს არის შეკედლებული და ახლა მშვიდად შემიძლია მოვკვდეო... მაგრამ, როგორ წესი გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში კი არ მომეწია, წინ გადამისწრო და შუბლში მომხვდაო... - ეჰ,.. უბედურ ადამიანს არასოდეს ექნება ადგილი საზოგადოებაში... – ცრემლიანი თვალი გააყოლა ეზოდან გასულ ბიჭს. თვეზე მეტი იყო გასული და პიპა ისევ დუმდა. დილიდან, რომ გავიდოდა მერე გვიან ბრუნდებოდა. ზოგჯერ ბაბუს ეგონა, ჩემთან საუბარს გაურბის და ასე იმიტომ იქცევაო, მაგრამ გული მაინც ცუდს უგრძნობდა... „რა აქვს ნეტა ჩაფიქრებული?... სად დადის მთელი დღე?.. იქნებ სადმე ცუდ წრეშია.. თავს რაიმე არ მოუწიოს... უნდა დაველაპარაკო! მორჩა! დღესვე გავიგებ რა უნდა და რას აკეთებს!“... ჯერ იმ ოჯახს ესტუმრა, იქიდან უნდა დაეწყო გარკვევა. რა მოხდა ასეთი, რომ ბიჭი სრულიად შეიცვალა, ძლივს სიკეთის გზაზე დამდგარი, ახლა ასე გაბოროტებული რატომ დადიოდა... ძლივს-ძლივობით ორ ხელჯოხზე დაყრდნობილი მიაღწია იმ სახლამდე, მაგრამ სახლი ჩარაზული დაუხვდა. მოშორებით მცხოვრებმა მეზობელმა კი შეკითხვისთანავე, კარი ზედ ცხვირწინ მიუჯახუნა... „ისევ მიატოვეს ეს საწყალი ბიჭი... ალბათ ამიტომ გაშმაგდა ასე.. ჯერ შეიფარეს, ოჯახში მიიღეს და მერე ბედის ანაბარა დააგდეს... ისევ გარეთ აღმოჩნდა...“ ბიჭი ისევ გვიან ღამით დაბრუნდა. საწოლზე გაუხდელად მიეგდო. ბაბუსკენ არც გაუხედავს. ბაბუ მძიმედ ქშინავდა, მიხვდა არ ეძინა... „რაო ბებერო არ გძინავს? ჩემს მოსვლას უცდი? რა ჯანდაბად გინდივარ?“ – გაივლო გულში, პირაღმა გადმობრუნდა და სიგარეტს მოუკიდა. ბაბუ ოთახში არასდროს მოწევდა, ბავშვებისთვის მავნებელია, ისედაც ნესტიანი ოთახიაო. ბიჭმა კი ოთახში გაუბოლა და აშკარად ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი. სიგარეტის მოწევაც იმის მერე დაიწყო რაც იმ სახლიდან გაავებული დაბრუნდა. ძირს მოურიდებლად აფერფლებდა, მერე კედელზე მიასრისა და ნამწვავიც ოთახში მოისროლა. ბაბუს ფშვინვა ძილს უფრთხობდა, ნერვებზე უშლიდა... არა არ ფშვინავდა, მძიმედ სუნთქავდა... ზომაზე მეტად მძიმედ... ხვნეშოდა... პიპამ ერთ ხანს იყუჩა, მერე წამოდგა. მოხუცის საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა. კაცი სიცხისაგან იწვოდა, ყოველ ამოსუნთქვაზე თითქოს გულს აყოლებდა... ბიჭი გადარეულივით შევარდა მთავარ შენობაში, ყველა დააღვიძა... საღამოსკენ ბაბუმ, როგორც იქნა თვალი გაახილა, ჩათვლემილი ბიჭი ბაბუს ხმაზე შეკრთა: - რა იყო შეგაშინე ხომ?.. ჰო, რა იყო? ცას მიკერებული კი არ ვარ, აღარ არის რო ჩემი წასვლის დრო?.. ბიჭმა სევდიანად ამოიხვნეშა. ეს ერთადერთი ადამიანი ჰყავდა ამ ქვეყნად და ისიც მის მიტოვებას აპირებდა... ბაბუს გაეღიმა: - როცა სიკვდილი თვალები ჩაგხედავს, სწორედ მაშინ იგრძნობ, რომ სააქაო არ გეთმობა... არადა, ცხოვრებისგან გატანჯულს, რამდენჯერ მინატრია ღმერთო მომკალი..... ც კი მიფიქრია ბევრჯერ, მაგრამ... - და ვერ გაბედე. მხოლოდ ძალიან ძლიერი ადამიანს შეუძლია ! - ვინ გითხრა ეგ სისულელე?.. ძლიერი ადამიანი თავს ვერ მოიკლავს, მას იმხელა ძალა აქვს, რომ მოერევა განსაცდელს, თავს გაიმაგრებს და წამოდგება. - აბა ვინც თავს იკლავს ბაბუ, ის სუსტია?... მე კი მაგარი მეგონა.. უშიშარი - კი სუსტია და მშიშარა, ცხოვრების ეშინია თავისი ჭკუით ადვილი გზა გამონახა და გაექცა ამ წუთისოფელს, მაგრამ - არის კიდევ, მაგრამ? დარჩა რამე? - ზოგჯერ, როცა მტერი ყველა გზას მოგიჭრის, მაშინ კიდევ დასაშვებია... ცოცხლად ტყვედ ჩაბარებას ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა კაცმა... არა იმიტომ, რომ შეეშინდა ან დაიღალა - აბა რატომ, შენ არ თქვი, მშიშრები იკლავენ თავსო, ახლა კი გმირებად გამოგყავს - ეჰჰჰ, პატარა ხარ ჯერ მაინც... პატარა... გმირი კაცი თავს ისეთ სიტუაციაში იკლავს რომ არ უნდა მისი დატყვევებით მტერი გაახაროს... ბაბუ გაჩუმდა. ბიჭი ხმის ამოღებას ცდილობდა, მაგრამ სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. ან რა უნდა ეთქვა, რით უნდა ენუგეშებინა მომაკვდავი. - ბაბუ გინდა რამე მოგიტანო? არ გშია? - მომაწევინე... რა იყო? შენთვის თუ შეიძლება ამ ოთახში მოწევა მე რა დავაშავე?... ბიჭმა სიგარეტი მიაწოდა. ბაბუმ სუსტად ამოუშვა კვამლი. - დიდი ხანია ეწევი? მე რატომ მიმალავდი? - არა... არარის დიდი ხანი და არც დამიმალავს... -მინდოდა იმ დღეს მოვსწრებოდი, შენს დიპლომს, როცა გულში ჩავიკრავდი! ბაბუს მინიშნებაზე ბიჭს გულიანად გაეცინა: - რა მნიშვნელობა აქვს ვისწავლი თუ არა, ვის რაში სჭირდება, როგორი გამოვალ? - მე მჭირდება! ბიჭმა ალმაცერად გადახედა, ბაბუ ფიქრს მიუხვდა - ხო მე რას გავიგებ არა?!.. რომ იცოდე მე უფრო გავიგებ... იქ ზევით... ან სადმე ქვესკნელში... ბიჭს ტანში არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა: - ჰო შვილო... შენი ყოველი სიხარულით და კარგი საქმით, მე ერთი ნათელი სხივი მომემატება, სადაც არ უნდა ვიყო და როგორ სიბნელეშიც არ უნდა ვიყო, ყოველი შენი გამარჯვება ერთ სანთელს აუნთებს ჩემს სულს... - გპირდები ბაბუ! შენს სიცოცხლეს ვფიცავ, აუცილებლად ვისწავლი... თუმცა რისთვის მინდა არც ვიცი, არც მაინტერესებს, მაგრამ აი შენ გპირდები, გავაგრძელებ სწავლას!. – ბიჭს ყელში ბურთი მოაწვა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ებღავლა. - ნუ მპირდები! გააკეთე დაპირების გარეშე, და კიდევ, - ნუ იფიცები, ეგ უკვე ზედმეტია... ბაბუმ თვალები მილულა. ხმას აღარ იღებდა. ბიჭი ერთ ადგილას გაშეშდა. ვერ ბედავდა ხმა ამოეღო... - აქ ხარ? - აქ ვარ ბაბუ - ძლივს ამოილუღლუღა ბაბუმ ტელეფონის ნომერი უკარნახა: - უთხარი მოვიდეს... „ნეტა ვინ არის?“ ფიქრობდა ბიჭი. „მერე რომ არ მოვიდეს?.. ან... ან დაიგვიანოს?..“ ბაბუ თავის თავზე არასდროს ჰყვებოდა. ბიჭმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ადრე ყველაფერი ჰქონდა და ვერ შეურგო, მერე კი არაფერი და აღარაფერი, მხოლოდ ერთი ბიჭის იმედად ცოცხლობდა და ეს ბიჭი კი თავად იყო... ყურმილი ვიღაც კაცმა აიღო, ბაბუს დანაბარები მოისმინა, არაფერი უკითხავს, მადლობა მოუხადა და ტელეფონი გათიშა... „ნეტა ვინ არის?...“ LEX·2016 წლის 10 ნოემბერი, ხუთშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.