ძველი პიანინო - 49
49. „-ბოლოს და ბოლოს რაღაც მაინც ყოველთვის მთავრდება და შენ კი ჩაჭიდებული ხარ და არ უშვებ და შენვე თუ არ აღიარე ეს დასასრული იგი არასდროს დამთავრდება...“ პიპა კედლისკენ შებრუნებული იწვა, მოხუცის სიტყვები ყურში ჩაესმოდა, ზურგს უკან მის მზერასაც გრძნობდა... ოთახში არავინ იყო... მოხუცი ბაბუ უკვე დიდი ხანია აღარ იყო... ბაბუმაც მიატოვა... ისევე, როგორც ყველამ... სათითაოდ... *** ხანდახან ბოღმის ნაპერწკალი ბიჭის თვალებში ისე მკვეთრად იელვებდა, რომ მოხუცი ბაბუ თავს ვერ იკავებდა და შენიშვნას აძლევდა, თუმცა ისე, რომ ბავშვს არ სწყენოდა და სწორად გაეგო - რა იყო, ბიჭო? ეჭვიანობ? - ასე მგონია, ის პატარა ბიჭი უფრო გიყვარს ვიდრე მე. მოხუცს ეღიმებოდა - ზოგჯერ ისეთი აფთრის თვალებით იყურები, რომ მეც მეშინია შენი. - შენ არაფერს გავნებ, ნუ გეშინია, შენ კი არ გმტრობ, შენ არასდროს გიღალატებ! - მე კი არ მიღალატო, არამედ შენს თავს არ უღალატო შვილო... *** ერთხელ გიჟივით შემოვარდა ბაბუს ოთახში, ლამის წიხლით ჩამოიღო კარი, ისეთი გაშმაგებული სახე ჰქონდა, თითქოს ვინმეს მოკვლას აპირებოს. ბაბუს ტანში გააჟრჟოლა, მისივე გაზრდილის თავადვე შეეშინდა, მაგრამ წამიც და უკვე ბაბუს კალთაში თავჩარგული გულამოსკვნილი ბღაოდა. ბაბუ თბილად თავზე ხელს უსვამდა, დამშვიდების მაგივრად პირიქით, აგულიანებდა: - იტირე, იტირე შვილო, უფრო მოგეშვება... ზოგჯერ ცრემლებიც საჭიროა და არა აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალი... ნუ გგონია, რომ ცრემლი სილაჩრეა, წესიერი კაცისთვის სინანულს უფრო ნიშნავს ვიდრე სიმხდალეს... - არაფერს ვნანობ!.. მხოლოდ იმას, რატომ დავიბადე?.. ღმერთმა რატომ გამაჩინა ამ ქვეყნად?.. რას მერჩოდა?.. რისთვის?... რისთვის?... – ბღაოდა ბიჭი. ბაბუს ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა მოხდა ასეთი, რომ ეს ერთი შეხედვით მკაცრი და შმაგი ბიჭი ასე გულაჩვილებულად ტიროდა. დიდხანს მოუწია ლოდინი. ბიჭმა ტირილით გული კი იჯერა, მაგრამ არაფრის თქმას არ აპირებდა. იწვა დილამდე თავის კუთხეში, პირით კედლისკენ და გადმობრუნებას არც აპირებდა. საღამო ხანს წამოდგა, მოხუცისთვის არც შეუხედავს, ისე გავიდა ოთახიდან და მთავარი შენობისკენ გასწია. იქნებ მოშივდაო, გაიფიქრა ბაბუმ. იმაზე მეტს მაინც ვერ ნახავდა, რაც მოხუცმა დაახვედრა მაგიდაზე. „იქ უკეთეს რამეს ნახავს ნეტავ? იქიდან არ მოვიტანე?.. სად გარბის?..“ მოშივდება, ადგება და შეჭამსო, მაგრამ ბიჭმა ხელი არაფერს ახლო. ცოტა ხანში დირექტორის კაბინეტში შუქი აინთო. მოხუცი შეფიქრიანედა... ასეთ დროს იქ არავინ შედიოდა, ახლა რა ხდებოდა ნეტავ? გუმანით იგრძნო, ბიჭს რაღაც აინტერესებდა და ალბათ მეთვალყურე აიძულა, რომ მისთვის კაბინეტის კარი გაეღოთ... რაც პატარა მხატვარმა მიატოვა, იმის მერე ბიჭი საბოლოოდ ბაბუსთან გადმობარგდა, მთავარ შენობაში აღარც ათევდა ღამეს, არც არავინ იყო მისი მომკითხავი, ქვეყანა ისედაც არეული იყო, ვისღა ეცალა მისთვის. ბიჭი საჭმელადაც აღარ შედიოდა იქ, ან ბაბუს მოჰქონდა, ან ვინმე მოაწვდიდა მათ ულუფას. და ბევრიც არაფერი იყო, ასარცევად სულაც არ ჰქონდათ საქმე, მაგრამ მაინც ცოტა შიმშილის გრძნობას კი უმსუბუქებდათ. სამაგიეროდ ბიჭი მალე დამეგობრდა გოგონას ოჯახთან სადაც მუსიკალურ განათლებას ეზიარებოდა და თან ყოველთვის მოჰქონდა მათგან გემრიელი რამე-რუმეები. თითქმის მთელ დღეებს იმ ოჯახში ატარებდა. საათობით უკრავდა, სხვა საგნებშივ კარგად მეცადინეობდა, არასოდეს ზარმაცობდა და გოგონასაც ეხმარებოდა სწავლაში. გოგონას ბებია, ერთი შეხედვით თითქოს სისხლს უშრობდაო, ისე წვრთნიდა, მაგრამ ბიჭი არ იწყენდა და არც იღლებოდა, პირიქით თავჩაუხრელად შრომობდა და ყოველ მის შენიშნასა თუ საყვედურზე უფრო მეტი მონდომებით უკრავდა. უსადილოდ არასდროს უშვებდნენ. გემრიელ სადილს კი გერმიელი ვახშამიც მოსდევდა. წასვლის წინ გოგონას დედა წინასწარ გამზადებულ ფუთას ბაბუსთან ატანდა. ბიჭის შესახებ მხოლოდ ის ოცოდნენ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდებ მოხუცი ბაბუ ზრდიდა, რომელიც დარაჯად მუშაობდა და შვილიშვილთან ერთად იქვე ცხოვრობდა. ეს მცირე, უმნიშვნელო ტყუილი ბიჭს წინასწარ არც მოუფიქრებია, საუბარში თავისთავად წამოვიდა, მერე ცოტა შეალამაზა. თუმცა უჩვეულო და დაუჯერებელი არაფერი იყო. გოგონას ბებია ძალიან შეეჩვია ბიჭს, საოცრად მოსწონდა, თანაც ატყობდა მისი ქარაფშუტა შვილიშვილი ყურებამდე იყო შეყვარებული. ასეთ კარგ ბიჭს აბა ასე ადვილად სად ნახავდა. მშვენიერი სასიძო იყო, მერე რა, რომ უქონელი იყო და არაფერი გააჩნდა, სამაგიეროდ გოგონა ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო. შეიძლებოდა შეხვედროდა ვინმე მასავით უნიჭო, თავქარიანი, მფლანგავი და სულ გაენადგურებინა ოჯახი. ეს ჭკვიანი ბიჭი კი კარგად წაიყვანს ცხოვრებას და ბედნიერებიც იქნებიანო, ფიქრობდა ბებია და რაც უფრო მეტად აკვირდებოდა ბიჭს, მით უფრო მეტად ემატებოდა მის მიმართ რწმენა და პატივისცემა. რაც შეეხებოდა გოგონას მამას, საკმაოდ სიმპათიური და წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ადრეულ ასაკში მიიღო დოქტორის ხარისხი და ერთ დიდ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა, წარმატებულ, შეძლებულ და მოხდენილი კაცს ცოლად ბევრად უფრო შეუხედავი გაუნათლებელი ქალი ხვდა წილად. რასაც ბებია წლების მანძილზე ვერ ეგუებოდა, და არ გაუშვებდა შემთხვევას რძალი რომ არ გაეკილა. გოგონა, რამდენადაც გარეგნულად მამას ჰგავდა იმდენად უნიჭობაში დედის გენები დაჰყვა. ერთადერთი რასაც ბებია რძალს უწონებდა და მიზეზს ვერ პოულობდა ეს სამზარეულო იყო. რამდენადაც სხვა ყველაფერში ლანძღავდა იმდენად კერძებს უქებდა. კიდევ კარგი ამაში მაინც ივარგაო. ბებია საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანიც იყო. ბიჭი ისე ძლიერ შეეჩვია ამ ოჯახს, რომ ვეღარც წარმოედგინა თუ მათ გარეშე ოდესმე შესძლებდა ცხოვრებას. ძალიან ბედნიერი იყო. ბაბუ ატყობდა, ბიჭს თვალები თანდათან როგორ ეწმინდებოდა და ის ჩაბუდებული ბოღმა და სიშმაგე სადღაც ნელ-ნელა ქრებოდა. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილი იმდენად ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ასე ადვილად ვერ მოიშორებდა. ბიჭს პატარაობიდანვე ზრდიდა და მისი არაფერი გამოეპარებოდა... გულმა კი კიარგად იცის ბოღმის მიჩქმალვა. ჩაიკირება გულის ერთ კუთხეში და თუ არ შეაწუხე იქნება იქ გაქვავებული თაბაშირივით. თაბაშირისთვის კი ერთი წვეთიც საკმარისია, რომ ნელ-ნელა იწყოს დაშლა... დაშლა და რღვევა... ჯერ მთელ გულს მოედება და მერე სულსაც მოეფინება... და მოწამლავს... აი სწორეს ის რაღაც, ის ერთი წვეთი შეეხო ბიჭის გულში იმ მიძინებულ სევდას და ისე გააღვიძა, რომ გააცოფა. ის დაწმენდილი თვალებიც ისე აემღვრა, რომ საშინელი შესახედი გახდა. საშინელი და საშიში... დაუნდობელი... მითუმეტეს თუ უკვე პატარა ბიჭი აღარ იყო... რა მოხდა ასეთი იმ სახლში? წლების მანძილზე ფრთებშესხმული დაქროდა... ახლა კი ჯერ გულამოსკვნით იტირა და მერე კი ისევ ის საშინელი სხივი გაუჩნდა თვალებში, რომლის გაქრობასაც ბაბუ წლებს ანდომებდა.... მოხუცი საგონებელში იყო ჩავარდნილი. აღარ იცოდა რა ეღონა, შეკითხვასაც მოერიდა, თვითონ დამშვიდდება და იტყვისო. ძლივს ითმენდა, რომ არ ეკითხა, მაგრამ ბიჭი ჩუმად იყო. დილით ადრიანად გასული, უკან გვიან ბრუნდებოდა, უხმოდ წვებოდა და იძინებდა... არა არ იძინებდა. მოხუცი ამჩნევდა, ბიჭს არ ეძინა... „რაღაც გეგმას აწყობს... ნეტა გამაგებინა რა ხდება... თავი არ დაიღუპოს...“ მოხუცმა მხოლოდ იმის გაგება შესძლო, რომ ბიჭი რაღაც საბუთებს ეძებდა, ქალაქის არქივშიც იქექებოდა. სულ სადღაც გარბოდა, მაგრამ იმ სახლში ერთხელაც აღარ მისულა. LEX·2016 წლის 7 ნოემბერი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.