სველი იასამანი [1]
გრძნობა? ერთი დანახვაა.. ერთი ამოსუნთქვა.. ერთი გაღიმება.. დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია, ლენკას ქორწილი, მაგრამ მე მეჯვარე არ ვარ. აბა გამოიცანით რატომ? ქალბატონს სამი მეჯვარე უნდოდა, ხოდა მე, როგორც უსაზღვროდ ეგოისტმა განვაცხადე, ან მარტო მე ვიქნები, ან საპატიო სტუმრის სტატუსით მოვალ-მეთქი. სიმართლე გითხრათ? ცოტა მეწყინა, როცა მითხრა რომ ბავშვობის მეგობრებს ასე ვერ მოექცეოდა, მათთანაც ჰქონია პირობა დადებული. არ შემიმჩნევია, რა პრობლემაა, საპატიო სტუმარი ვიქნები და საზოგადოებასაც ასე გააცნობ ჩემს თავს-მეთქი. მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ლენკას ქორწილია, მე მეჯვარე არ ვარ და ამჟამად სალონში ვიმყოფები. მიუხედავად არა-მეჯვარეობისა, მე მაინც მასთან უნდა ვიყო სახლში, როცა თემო მიაკითხავს. თერთმეტ საათზე უკვე მზად ვარ, თმა, მაკიაჟი და ჩემი მშვენიერი, იასამნისფერი კაბა. ლენკასთან დიდი არეულობაა, ვინ საით გარბის ვერ ვიგებ, არადა რომ ვუყურებ, ყველაფერი მზადაა, მხოლოდ სიძის მოსვლაღა დარჩა. - რა იყო ხომ არ გადაიფიქრა? - სიცილით შევდივარ ოთახში და სავარძელში ვეშვები - მთელი დღე ამ ქუსლებით როგორ ვიარო - უკმაყოფილო სახით ვიზელ ფეხებს. - არ გადაიფიქრა, გზაშია - გაბადრული სახით მპასუხობს და სარკის წინ ტრიალებს. - ლამაზი ხარ ლენ, ძალიან ლამაზი - მგონი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვუთხარი კომპლიმენტი. - მაკა, ხომ არ გწყინს? - უცებ იმუხლება ჩემთან და ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე მერამდენედ მეკითხება. - არ მწყინს ლენ, არ მწყინს - მეც მერამდენედ ვპასუხობ სანახევროდ ტყუილს და ვეხუტები. - მოვიდნენ - მეჯვარე შემოდის ოთახში და ჩვენც ჯარისკაცებივით მწყობრში ვდგებით. მილოცვები, დალოცვები, კომპლიმენტები, ყველაფერი თანმიმდევრობით მიჰყვება ერთმანეთს, ბევრი ნაცნობი და ბევრიც უცნობი. - ეე, მე მეგონა ბოლოს მაინც იქნებოდი მეჯვარე რა - უკმაყოფილოდ მეუბნება თაზო, თემოს მეჯვარე და თვალს გოგონებისკენ აპარებს. - არაუშავს, ბავშვი მოვნათლოთ ერთად - ვუცინი - შენ და თემოსაც ხომ ჰყავდა მეორე? - კი, ქვემოთაა ის, რაღაც საქმეები დარჩა დაუმთავრებელი იქით დარბაზში, იქით ხელმოსაწერად და აგვარებს რა. - ოჰ, ძაან საქმიანი გყოლიათ - მეცინება - წავედი მე, ჩავუხტე ვინმეს მანქანაში, თორემ მერე ადგილს ვეღარ ვიპოვი. - მოიცა და მე გიპოვი კარგ ადგილს, დამელოდე, ჩვენთან ერთად ჩამოდი. - კარგი, შენს იმედზე ვარ - ვშორდები და ლენკას მშობლებთან მივდივარ. ეზოში ჩასვლის შემდეგ უიმედოდ ვეძებ თაზოს, სადღაც დაიკარგა მგონი იმ ჩემი მანქანიანად. თუმცა მალევე ჩემს ფეხებთან ჩერდება მანქანა. - შენ გეძებდი ზუსტად - გადმოდის თაზო - მიდი ჩაჯექი - გაღებული კარებისკენ მანიშნებს, მეც ვემორჩილები და წინა სავარძელზე ვთავსდები - მოკლედ ეს მაკაა, პატარძლის მეგობარი, ეს კიდევ დათაა, მეორე მეჯვარე, დანარჩენი თქვენ იცით, ერთ მეჯვარეს შემოგისახლებთ კიდევ და თავისუფლები ხართ. - სასიამოვნოა - ჩემი მხრიდან თავაზიანობას ვიჩენ და ვუღიმი. - ჩემთვისაც, ძალიან - საეჭვო ღიმილით ამბობს და თვალს არ მაშორებს, ოღონდ სახეზე აშკარად არ მიყურებს - შეგეძლო კაბა სულ არ ჩაგეცვა, იმხელაზეა შეხსნილი - თვალს მიკრავს. ჯერ გაოცებისგან ვმუნჯდები, მერე ვაანალიზებ და როგორც კი პასუხის გაცემას ვაპირებ, ნანიკოც ჯდება, სიბრაზისგან ლამისაა ნაპერწკლები გადმოვყარო, ის კი აშკარად ხალისობს ჩემს რეაქციაზე. ჯვრისწერაზე არ სცალია ჩემთვის, მე მით უმეტეს, სამაგიეროდ გზაში ისევ იცლის, თან სრული ბედნიერებისთვის ნანიკო თავისი ძმის მანქანაში გადავიდა. - შეგეძლო კიდევ უფრო ჩაგეღრმავებინა ეგ დეკოლტე - გზას თვალს არ აშორებს და თან მელაპარაკება. - ჩემმა მშობლებმა მოგაშვილეს ჩემი თავი და არ ვიცი? - ისე მინდა ახლა ერთი გემრიელად ვუთავაზო სახეში. - კარგი, კარგი - ეცინება - ლამაზი ხარ - როგორც კი ჩემს გაკვირვებულ სახეს ხედავს, ამატებს - მართლა. - მადლობა - უკმაყოფილოდ ვპასუხობ. მას შემდეგ ფაქტობრივად მთელი დღე ხმას აღარ მცემს, მუნჯებივით ვმგზავრობთ ერთი მანქანით და დარბაზში შესვლისთანავე ვშორდებით, მე კლასელების მაგიდასთან ვჯდები, ის წყვილის მაგიდასთან იკავებს ადგილს. ქორწილი? ამას ქორწილი თუ ჰქვია არ ვიცი, იცით რამდენი ხალხია? უამრავი და კიდევ უფრო უამრავი. მომკალით და ვერ ვიტან ასეთ ხალხმრავლობას, სტუმრები რომ არც კი იცნობენ ერთმანეთს და უცებ ირკვევა, უი, ორივე სიძის მხრიდან ყოფილა. მაგრამ მე ვინ მკითხავს? სანათესაო, სამეგობრო, სამეზობლო, საახლობლო, სანაცნობო - ყველას აქ აქვს თავი მოყრილი. მერე რა? არც არაფერი. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია და სულ უცხო ხალხში რომ ვიყო, მაინც გავერთობი. - რა ლამაზი ხარ მაკუუშ - უშნოდ იწელება ირაკლი და ლოყაზე მკოცნის. - შენც არ ხარ ცუდი ბიჭი ირუშ - მეცინება. ირაკლი სულ ასეთი იყო, სულ ასე საუბრობდა, ასე იქცეოდა, საოცრად თბილი და ყურადღებიანია და ამიტომაც, განსაკუთრებით მიყვარს მთელი კლასიდან და სამეგობროდან. - დღეს ვსვამთ ხო? - ჩემ გვერდით იკავებს ადგილს და თვალებს სასაცილოდ ჭუტავს. - აბა რა, ლენაჩკა გაგვითხოვდა და ისე როგორ - ჭიქას დემონსტრაციულად ვიღებ ხელში. პირველი ცეკვის შემდეგ ნელ-ნელა ირევა სიტუაცია. ხომ წარმოგიდგენიათ? ამდენი უცნობ-ნაცნობი, ვინ ცეკვავს, ვინ მღერის, ვინ სვამს და ა.შ. მაგრამ მე ამისთვის არ მცალია, ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი. თამადასთან მივდივარ, ვეჩურჩულები და ისიც მიკროფონის დახმარებით სიჩუმეს ითხოვს დარბაზში. - მოგესალმებით ყველას და ძალიან გთხოვთ რამდენიმე წუთი დამითმოთ - ხათრიანი ტონით ვიწყებ და როგორც კი ვხვდები რომ ჩუმდებიან, ხმას ვიწმენდ და წყვილისკენ მივდივარ - ვინც არ მიცნობთ, პატარძლის მეგობარი გახლავართ, ცოტას ვნერვიულობ. მე და ლენკა პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, ამ წლებში დაახლოებით მაინც ხვდებით რამდენი ლამაზი მოგონება დაგვიგროვდებოდა, ყველას რასაკვირველია ვერც მოვყვები და ვერც გაჩვენებთ, მაგრამ მათგან განსაკუთრებულები ფირზეა აღბეჭდილი, ასე რომ, გთხოვთ ყურადღებით დააკვირდით და მე თან ვისაუბრებ. ლენკა რომ შევამჩნიე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი კლასელი იქნებოდა. გრძელთმიანი, ლამაზი გოგონა, რომელიც შემდეგ ჩემ გვერდით აღმოჩნდა. განუყრელ წყვილად ვიქეცით და ზრდასთან ერთად, ჩვენი მეგობრობაც იზრდებოდა. არ ვიცი, ბევრს ვერ ვლაპარაკობ, ცოტა მიჭირს, უბრალოდ მინდა ყველას გავაგებინო, როგორ მიყვარს, მინდა იცოდეს, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მე ყველაზე მეტად ვიქნები გახარებული მისი ბედნიერებით. რაც შეეხება ბატონ სიძეს - მეცინება - თავიდან ძალიან ვიეჭვიანე მართლა, აი წარმოიდგინეთ, რაღაცაზე ვეწუწუნები, ვბუზღუნებ და ლენკა მისმენს ხომ? და უცებ, აუ იცი თემომ რა მაჩუქა? იცი თემომ რა გააკეთა? თემო, თემო, თემო და აი აღარ მთავრდებოდა თემო.. მაგრამ ყველაფერი დალაგდა რასაკვირველია, ლენკას ეიფორიამაც ჩაიარა, ჩემმა ეჭვიანობამაც და დამრჩა პირველი და უსაყვარლესი სიძე თემო. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემო საყვარლებო გილოცავთ ამ ძალიან, ძალიან ბედნიერ დღეს და უამრავ ასეთ ლამაზ დღეს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ მთელი ამ თქვენი სიყვარულის ისტორიის მომსწრე და მემატიანე ვარ - მე ვლაპარაკობდი და ვიდეოც მიდიოდა, ჩვენი ბავშვობის ფოტოებიდან მოყოლებული, გუშინდელი დღით დამთავრებული - და კიდევ ერთი, მინდოდა, რომ რამე ძალიან კარგი საჩუქარი გამეკეთებინა, ისეთი, რაც ორივეს გაახარებდა, თუმცა, ორივეს რომ ერთნაირად გახარებოდა, ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ, ცოტა მიკერძოებული ვიყავი და ავარჩიე ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ ლენკას საოცრად გაახარებს და იმედია თემოსაც ცოტათი მაინც, საჩუქარი დარბაზში - ვამბობ და ლენკასკენ ვიყურები. მომსახურე პერსონალს პატარა ყუთი შემოაქვს და წყვილის მაგიდისკენ მიდის, როგორც კი უახლოვდება, ყუთს დგამს და იქიდან ლენტშემოხვეული ლეკვი ამოჰყავს. - არ არსებობს - სახეზე ხელებს იფარებს ლენკა და ბედნიერებისგან ხტუნავს - აი შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე მაგარი დაქალი - მთელი ძალით მეხუტება და ტირის - როგორ მიყვარხარ, ვაიმეე, გავგიჟდები ახლა - ემოციებს ვერ იოკებს. - ყოჩაღ მეგობარს, ყოჩაღ - ხმაურს ახშობს თამადა და ჩვენც ადგილებს ვუბრუნდებით. - ვაა მაკუშ რა გოგო ხარ - აღფრთოვანებულია იკაც. - მადლობა - ერთ ყლუპად ვსვამ ჭიქაში ჩამოსხმულ სასმელს და ვცდილობ სენტიმენტალური განწყობა მოვიშორო. - ვიცეკვოთ? - წამო ირუშ, წამო - ხელს ვკიდებ და საცეკვაო მოედნისკენ მივყვები. - აუ შენს ძმობას ვფიცავარ მაგრად მიყვარხარ მაკუშ - მეჩურჩულება და მიხუტებს. - აუ შენს დობას ვფიცავარ მაგარი მთვრალი ხარ უკვე - სიცილით ვბაძავ - მაგრამ მეც ძაან მიყვარხარ. - მთვრალიც გეუბნები და ფხიზელიც გეტყვი, ზოგიერთებისგან განსხვავებით - ვხვდები საითაც უმიზნებს. - ზოგის ართქმული რომ უფრო მეტს ნიშნავდა ხომ იცი? მაგრამ ეგ აქაური თემა არაა და საერთოდ აღარაა რა თემა. - ვერც კი წარმოიდგენ ისეთი აქაურია - სიცილით მიკრავს თვალს, ხელს მიშვებს და წამებში ენაცვლება ვიღაც, თუმცა ვიღაც არაა.. - ისევ შავი - ყურთან ახლოს ჩურჩულებს. - ისევ თეთრი - მის თეთრ პერანგს ჩემს თითებს ვადებ. - ისევ? - აღარ რეზი, აღარ - ხელს ვუშვებ და მაგიდისკენ მივდივარ. ცნობისმოყვარეობით მომზირალ 25 წყვილ თვალს ემატება ჩურჩულით დასმული შეკითხვები და ჩვენ მაგიდასთან გადმოსკუპებული ლენკას ჩქმეტა. - დამანებე თავი - ვუბრიალებ თვალებს და ლიმონათს ვსვამ - ამას აქ რა უნდა საერთოდ? ხომ წავიდა? ან რატომ დაპატიჟე? ან მე რატომ არ ვიცოდი? - ჩამოვიდა მაკუშ - ისევ იწელება ირაკლი და უკვე ნერვები მეშლება. - თემომ დაპატიჟა, კლასელები იყვნენ, ხომ იცი. - აი შენს ქორწილსაც რომ არ შემარგებენ რა - ამოვიოხრე - შენ ხომ იცოდი რომ ჩამოვიდა? ხომ იცოდი? და არ მითხარი - ნაწყენი სახით ვბრუნდები ირაკლისკენ - ისიც იცოდი აქ რომ იქნებოდა, მაგრამ არაფერი. - ეე კაი რა, მეთქვა რომ ჩამოვიდა და სახლიდან ცხვირი არ გამოგეყო? - უცებ სერიოზულდება და საზურგეს იდაყვებით ეყრდნობა. - ძალიან კარგადაც გამოვყოფდი, უბრალოდ მეცოდინებოდა. - არ „დაიგრუზო“ რა - ლოყაზე მკოცნის და მიღიმის. - არა, მაგრამ გაფრთხილებთ, ეს თემა დამთავრებულია, მე დავამთავრე და თქვენი ძმაკაცობა არ მაინტერესებს, არ ჩაერიო, თორემ ცუდად დავამთავრებთ - სერიოზული ტონით ვეუბნები და არც მის უკმაყოფილო სახეს ვიმჩნევ. მოკლედ რეზი ამაშუკელი, ყველაფერი დაიწყო აბიტურიენტობისას. იკასთან მეგობრობდა, იკა ჩემი მეზობელი იყო, კლასელი, მეგობარი და სულ ჩემთან იყო, სულ მაცილებდა თუ გვიან მიმთავრდებოდა რეპეტიტორთან მეცადინეობა, ბოლო ზარის რეპეტიციებზე ხომ ერთად დავდიოდით. იკასთან ერთად რეზიც ყოველდღიურობად იქცა, არც არაფერს ამბობდა, არც არაფერს მაგრძნობინებდა, უბრალოდ ყოველდღიურობა გახდა. მერე იყო ბოლო ზარი და წარწერა პერანგზე გულის მხარეს, გულთან ახლოს. ყურადღებას არც მივაქცევდი იმავე დღეს ფიზიკის მასწავლებელს რომ არ ეთქვა, გულზე ისინი აწერენ ვისაც უყვარსო. ასე იყო თუ ისე, რეზი ისევ არაფერს ამბობდა და ისევ სულ ჩემთან იყო. გამოცდებზეც მგულშემატკივრობდა, ბანკეტზეც მოვიდა, ექსკურსიაზეც კი იყო წამოსული. ყველა ყველაფერს ხვდებოდა, მათ შორის ჩვენც და ჩვენ ორს შორის მაინც არაფერი იცვლებოდა. თუმცა ჩემთან შეიცვალა, ისე მივეჩვიე, ერთ დღეს რომ არ გამოჩენილიყო, გული გამისკდებოდა. მიყვარდა? ალბათ, რა თქმა უნდა, მიყვარდა, იქამდე მიყვარდა, სანამ ყველაფერი კარგად იყო, იქამდე, სანამ თვითონ იყო ჩემთან. მერე? მერე ერთ დღეს ასე უბრალოდ გაქრა, თან ისე გაქრა სიტყვაც არ უთქვამს, იკასგან გავიგე რომ ქვეყნიდან წასულა. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ამ სამიდან ორი წელი მაინც მასზე გლოვას შევალიე, თუმცა ღირდა, იმიტომ, რომ დავივიწყე! ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე მეგონა, რომ დავივიწყე, დღეს კი, დღეს აღარ ვიცი რას ვგრძნობ, მაგრამ ვიცი რომ ეს თემა უნდა დავხურო. - შეიძლება ქორწილის უმშვენიერეს მანდილოსანს ვეცეკვო? - ყველაზე მონატრებული და ამავდროულად უკვე გამაღიზიანებელი ხმა მესმის. - არ შეიძლება. - მაკა, გთხოვ. - რეზი, არ მინდა. - წარსულის ხათრით? - მართლა? წარსული გაგახსენდა? ამ წარსულის ხათრი შენ რომ გამოგეჩინა, უკეთესი იქნებოდა, ცეკვა არ მინდა, უფრო სწორად შენთან ცეკვა არ მინდა - თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა ბრაზისგან. - უკაცრავად - ღიმილით გვიახლოვდება დათა - ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ შეიძლება ჩემს იასამანს ვეცეკვო? - ხელს მიწვდის და მაშინვე ვხვდები რას აკეთებს. ჩემს თითებს მის ხელის გულზე ვდებ და საცეკვაოდ მივყვები. - მადლობა - ვეჩურჩულები და მისი მკლავები მეხვევა წელზე. - სამადლობელი არაა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და ცეკვის პატივიც მხვდა წილად. - ხო - ემოციებისგან დამძიმებული ვეღარც კი ვესაუბრები, ისე მინდა ახლა სადმე მარტო ვიყო და ვიტირო, თავს ვერაფერს ვუხერხებ, ცრემლები მახრჩობენ და ვეღარ ვიტევ. თავს მხარზე ვადებ, ვცდილობ ასე დავუმალო, მაგრამ არ გამომდის. - ეე, რა გჭირს? ტირი? შემომხედე - მიშორებს - მართლა ტირი? დავიჯერო ასე გაგიხარდა ჩემთან ცეკვა? - უნიჭოდ ხუმრობს, თუმცა ჩემს გაცინებას მაინც ახერხებს. - თავდაჯერებული - ვბურტყუნებ. - იდიოტი, მიდი, მიდი თამამად, ნუ გერიდება - და ისევ მეცინება. - გიჟი ხარ. - არ იტირო, მაკიაჟი გაგიფუჭდება, თვალებიც ჩაგიწითლდება, მერე დამახინჯდები და ლამაზი, ახალთახალი იასამანი კი არა, გაპუტული იქნები. - გაპუტული ქათამი? მიდი, მიდი, თამამად, ნუ გერიდება - ვბაძავ და ეცინება. - შენც გიჟი ხარ და ეს დეკოლტე მაინც ძალიან ღრმაა. - უტაქტო, შემეშვი - ხელს ვტაცებ და მაგიდასთან ვბრუნდები. მართალია ნერვებს მიშლის, მაგრამ დახმარებას ვერ დავუკარგავ. - რაო? რა უნდოდა? - გვერდით მიჯდება იკა და ხელს მხვევს. - არაფერი იკა, უბრალოდ არასასურველ პიროვნებასთან დიალოგისგან მიხსნა და შენ, გთხოვ რომ გააფრთხილო შენი მეგობარი ახლოს არ გამეკაროს და თვალებში ნუ გამეჩხირება, დღევანდელ დღეს ნუ ჩამამწარებს. - წავიდა უკვე მაკუშ, რა გჭირს? არ იყავი შენ ასეთი. - ძალიან კარგი, არც უნდა მოსულიყო და არც მე ვარ ასეთი ყველასთან, მაგრამ შენ მაინც უნდა ხვდებოდე რა იკა, მერე რა რომ ძმაკაცია, ყველაფერი მართლდება ამით? - არ მართლდება, უბრალოდ ძაან ისე ექცევი რა, გააბრუნებ უკან. - შენ ნორმალური ხარ? - ლამისაა ავკივლდე - წავიდეს და გაბრუნდეს მერე, მე ვთხოვე ჩამოსვლა? არაფერში მჭირდება მაგისი აქ ყოფნა, წავიდეს და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, მე შემეშვას, ისე შემეშვას, როგორც მაშინ, უსიტყვოდ. - კაი, ბოდიში რა, არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა ჩემი სიტყვები - უცებ ცვლის ტონს. - ხოდა მეწყინა, უბრალოდ არ ვიმსახურებ შენ ახლა აქ იჯდე და ჭკუას მარიგებდე, რომ ცოტა უფრო თბილად მოვექცე იმას. - მორჩა, შენ თავს ვფიცავარ აღარ ჩავერევი საერთოდ რა - თავზე მკოცნის და აივნისკენ მიდის. ჯანდაბა! ლენკას ქორწილიც ასეთი უნდა ყოფილიყო, ნერვებმოშლილი მე, მარტო მაგიდასთან, აღარც ხალისი, აღარც გართობა და ცალკე მთელი დარბაზის მხიარულება. - ლენ, წავალ მე კაი? გვიანია უკვე, იშლება ხალხიც - მათ მაგიდასთან მივდივარ და ლენკას თვალებს ვუფახურებ . - კარგი, ოღონდ ხვალ გელოდები ჩვენთან სახლში, დილით, მარტო ჩვენ ვიქნებით ძაან საახლობლო რა. - კარგი, აბა შენ იცი - სიცილით ვეჩურჩულები და ალბათ მკლავი დამილურჯდება უკვე იმდენჯერ მიჩქმიტა. - გაგიყვან - მიყურებს დათა და ისე, სასხვათაშორისოდ მეუბნება. - მადლობა, არ შეწუხდე, ტაქსის ვიპოვი - ოდნავ ვუღიმი და გასასვლელისკენ მივდივარ. ფეხები ლამისაა დამატყდეს, იმ ათ საფეხურზეც ძლივს ჩავდივარ და თან მთელი ძალით ვეჭიდები მოაჯირს. სად არის ტაქსი? არ არის. გზამდე გავიდე? სისულელეა, ამ ფეხსაცმლით ვერ შევძლებ, ნერვებმოშლილი ვჯდები კიბეზე და ფეხსაცმელს ვიხდი. რა გინდა რომ ქნა? იკაც წასულია, ჩემიანი აღარავინაა. თავს მუხლებზე ვდებ და საღამოს სუსხით გამოწვეულ კანკალს ვერ ვაჩერებ. არ ვიცი რამდენ ხანს ვზივარ ასე, მაგრამ მერე ერთბაშად ვთბები, ზურგზე, მკლავებზე მატერიას ვგრძნობ, ძალიან თბილს და საოცარი სურნელის მქონეს. - მთელი ღამე აქ ჯდომას აპირებდი? - გვერდით მიჯდება და ღიმილით მიყურებს. როგორ უხდება ღიმილი, გამოკვეთილი ყბა და სულ ოდნავი ნაჩვრეტი ღიმილისას. - არა, ფეხებს ვასვენებდი - რაც პირველი მიელვებს თავში, იმას ვამბობ. - წამო, წამო გაგიყვან - დგება და ზემოდან მიყურებს. - მომეხმარე - ხელს ვუწვდი და ისიც მეხმარება. ცალ ხელში ფეხსაცმელები მიკავია, მეორეთი კაბის ბოლო და ფეხშველი მივაბიჯებ ასფალტზე. - დაბრძანდით - კარებს მიღებს. მთელი გზა ვაკვირდები, აი ისე, თავისთავად, თვალები გამირბის. ხანდახან თვითონაც იხედება და ეღიმება. ვხვდები, რომ სულელივით ვიქცევი, მაგრამ მერე რა, ნასვამი ვარ - ჩემი ჭკუით თავს ვიმართლებ. - ძალიან მაგარი გოგო ხარ - უეცარ კომპლიმენტს ვიღებ. - საიდან დაასკვენი? - მეცინება. - აი ლენკას ისეთი მაგარი საჩუქარი გაუკეთე, ისე გაახარე, მთელი საღამო მარტო შენზე ლაპარაკობდა. - რაო, ხომ არ შეგაყვარათ ჩემი თავი? - მარტო მე არ გიცნობდი თურმე და ბევრიც არაფერი დააკლო - ისევ ისე იღიმის, ოდნავ, სულ ოდნავ გაურბის ტუჩი გვერდით და ლოყაც ეჩვრიტება. - უკვე ვიჯერებ, რომ მართლა იდეალური ვარ - ვიცინი. - დაიჯერე, დაიჯერე. - ხო, მაგრამ მერე შენი სიყვარული ფუჭი ოცნება იქნება - ვითომ გულისწყვეტით ვეუბნები. - და კიდევ მე ვიყავი თავდაჯერებული ხომ? - ჯანდაბა, ნუ იცინის! - აქ გამიჩერე, მადლობა და ნახვამდის. - დროებით და ცრემლები არ გიხდება - სერიოზულდება თუმცა თვალებით ისე თბილად მიღიმის. - ხო, გაპუტულ ქათამს ვემსგავსები - ვცდილობ ვიხუმრო და მანქანიდან გადავდივარ. _______ ვაიი, დავბრუნდი.. ისე მომენატრეთ, ისე მომენატრეთ, რომ არ ამეტვირთა, გავგიჟდებოდი.. თქვენ თავს მონატრებული, თქვენი მოყვარული მარრიამი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.