შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 51


8-05-2017, 09:14
ავტორი Lex
ნანახია 1 330

51.
სკამზე მხედარივით შემომჯდარ ბიჭს, ხელები სკამის ზურგზე შემოეჭდო და თავჩარგული თვლემდა მოხუცის საწოლთან.
„ამანაც, რომ მიმატოვოს, რა მეშველება?!.. რა?..
…ნეტავ ვინ იყო ის კაცი? ვისთან დამარეკინა?..
ეჰ, არც კი მოვიდა...
არც არაფერი უკითხავს...
ეს კი რამდენი თვალს გაახელს, იმდენი კარისკენ უჭირავს მზერა...
აშკარად ელოდება... ვიცი, რომ ელოდება...
მე რას გამომაპარებს...
ნეტა მართლა ვის უცდის?...“
კარის ჭრიალმა ბიჭი შეაკრთო, ისევ ბურანში იყო, განძრევის თავი არ ჰქონდა. ზღურბლზე, ღია კარიდან შემოჭრილმა შუქმა გრძელი, შავკაბიანი სილუეტი გამოაჩინა, ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მოხუცის საწოლს.
„ეს ქალი ვინღაა?..“
შავკაბიანი მის სკამთან გაჩერდა. ბიჭს დაღლილობისგან ისე ჰქონდა დამძიმებული თავი, რომ თვალს ძლივს ახელდა. აჩქარებულ სუნთქვაზე მიხვდა, რომ მოხუცს გაეღვიძა.
„იქნებ ამ ქალს ელოდა?..“
…ქალს... ქალს... თითქოს ყურშიც ჩაესმა თავისივე ნაფიქრალი...
„ჩემზე უპოვარი ყოფილა...“
სტუმარს კაბის კალთის ქვეშ ძლიერ გაქუცული, ფერგადასული ძველი ფეხსაცმელები მოუჩანდა...
„ჰმ, თან მამაკაცის ფეხსაცმელი ჩაუცვამს...“
ბიჭის დაკვირვებულ თვალს ასე ადვილად არაფერი გამოეპარებოდა. კაბას თვალი ააყოლა.
„რა საწყალი ყოფილა... ღმერთო...“
ჯერ დიდ ჯვარს მოჰკრა თვალი და გაოცებისგან შეცბა, ეს შავი კაბა ვიღაც წითურ წვერიან კაცს ეცვა...
- ვიცოდი... მოხვიდოდი - ძლივს ხვნეშით აღმოხდა მოხუცს.
სტუმარმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ რამდენიმეჯერ გადახედა იქვე მჯდომარე ბიჭს. ბიჭი მიხვდა, ოთახიდან გასვლას სთხოვდნენ, წელში გასწორდა, ისეთი სახე მიიღო, ცხადი იყო, წამოდგომასაც არ აპირებდა.
- იყოს... დარჩეს... ჩემი ბიჭია ეს... –
მის დასაცავად ამოილუღლუღა მოხუცმა.
- ხომ იცი, არ შეიძლება. - ~
დაბალი მშვიდი ხმით უპასუხა მამაომ.
მაგიდაზე მრგვალი მომცრო ძველი ტყავის ჩანთა გახსნა. ბიჭი ვერ ხვდებოდა, სტუმარი რაღაცის სამზადისში იყო. საინტერესოდ მოჩანდა ალბომივით გადაშლილი ჩანთა, თითქოს პატარა ზანდუკი იყო, სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ყველას თავისი ცალკეული სათავსო ჰქონდა.
მამაომ ოქროსფრად მოსირმული გრძელი სარტყელი კისერზე ჩამოიცვა, ბიჭს კი რატომღაც ეგონა, რომ ეს წელზე უნდა შემოერტყა, მან კი თავზე ჩამოიცვა. მერე სამკლაურების გაკეთებას შეუდგა.
„რას აპირებს, ასე მონდომებით, რომ გამოეწყო?..“
მამაო მორთვა-მოკაზმვას, რომ მორჩა კვლავ ბიჭს შეხედა მდუმარედ, მერე კი კითხვის ნიშნით მოხუცს გახედა.
- დაგვტოვე.. ცოტა ხნით... მხოლოდ შორს ნუ წახვალ... –
მოხუცმა ძალდატანებით გაუღიმა.
ბიჭი გარეთ გავიდა, მაგრამ მთელი სული და გული ოთახში დატოვა, ნეტავ რა ხდებოდა, იქ, ახლა? ასეთი რა ჰქონდა სათქმელი ბაბუს, რომ მის ყურს არ უნდოდა გაეგო. მართალია მოხუცი ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ კისერზე მაინც ეკიდა სქელი ვერცხლის ჯაჭვი, რომელზეც ასეთივე სქელი ოდნავ მოზრდილი ვერცხლისავე ჯვარი იყო, ჯვარზე კი ოქროში გამოკვეთილი მაცხოვარი იყო დასმული.
ბიჭს ხშირად თვალი რჩებოდა, მოხუცის ამ ერთადერთ ქონებაზე, ბაბუ კი თვალის ჩაკვრით ეუბნებოდა, შენი იყოს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ მათხოვეო...
ბიჭსაც ეკეთა ტყავის ღვედზე ჩამოცმული უბრალო ხის ჯვარი, თუმცა არც კი იცოდა რატომ და რისთვის...
ბავშვობიდან ახსოვს, როცა ქალაქი ომმა და შიმშილმა მოიცვა, მაშინ ბევრი ბავშვი მოიყვანეს. მერე ერთ დღესაც ყველას ერთად შეკრიბეს და ჯვრები ჩამოურიგეს, ბიჭს უკვე ჰქონდა თავისი, მაგრამ მაინც ახლისკენ გაიწოდა ხელი...
„შენი უკეთესიაო - უთხრეს... - უფრო ნამდვილიაო....
ან რითი იყო ნამდვილი? უბრალო ხის ჯვარი? ნუთუ შეედრებოდა ამ პრიალა ოქროსფრად მოელვარე ჯვრებს?...
ბიჭი საშინლად ნაწყენი დარჩა, ეგონა თუ ისევ ბედმა უმტყუნა, მისთვის ერთი გრამი სიხარული ვერ გაიმეტა და თავის ნაგროვები ბოღმის დღიურში კიდევ ერთი ფურცელი ჩააკერა...
კარი გაიღო მამაომ ხელით ანიშნა შემოდიო. ის პრიალა რაღაცეები აღარ ეკეთა, ჩანთაც დაკეტილი დახვდა. მოხუცი ბევრად მშვიდი მოეჩვენა, ღიმილი მისა სახეს არ შორდებოდა. ბიჭს ისევ გაუელვა გულში, ნეტა ასეთი რა ისაუბრესო...
ბაბუ კარგ ხასიათზე ჩანდა, სულ ხუმრობდა, კურიოზებს იხსენებდა, მართალია საუბარი უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა. ბიჭს თვალი მალულად მამაოსკენ ეჭირა. ძალიან უნდოდა დროზე წასულიყო და ბაბუსთვის ეკითხვა ვინ არისო....
ის კი, თითქოს მის ჯიბრზე წასვლას არც აპირებდა.
ოთახში ორი დიდი ლანგრით ვახშამი შემოიტანეს, თან სუფრაზე ალაგებდნენ, თან მამაოს შესციცინებდნენ, მოხუციც თბილად მოიკითხეს, ბიჭი ცალკე შეაქეს. მამაო ძალდატანებითი ღიმილით პასუხობდა რატომ წუხდებითო და ყველს თავზე ხელს ადებდა...
„ჰმ, რა ცინიზმია!.. როდის იყო ესენი ასე ლანგრებით დარბოდნენ, თუ დროზე არ მივასწრებდი პურსაც არ მიტოვებდნენ... კიდევ კარგი ბაბუ მყავდა, თორემ... ახლა კი უცებ როგორი მზრუნველნი გახდნენ...“
კერძის გემრიელმა სურნელმა ბიჭს კუჭი აუწრიალა, ეს დღეები, რაც ბაბუ ცუდად იყო, მის მერე წესიერად არც კი უჭამია... ან ისედაც რა ჰქონდა...
მამაომ სუფრას ოდნავ მოავლო თვალი, პურის ნაჭერი აიღო და ბაბუსთან ახლოს ჩამოჯდა.
- ჭამე შენ, რატომ არ ჭამ? –
მიუბრუნდა ერთ ადგილას გაშეშებულ ბიჭს, რომელმაც არ იცოდა დალოდებოდა მამაოს თუ პირველს დაეწყო მოლხენა.
- მიდი, ჭამე! მე მარხვაზე ვარ!... –
გაუმეორე მამაომ.
ბიჭი სუფრას მიუჯდა, მაგრამ რაღაც ყელში ისე მოეჭირა, ჭამის სურვილიც დაკარგა...
კრიჭაშეკრული მდუმარედ დაჰყურებდა ცარიელ თეფშს. ყელში რაღაც მწარედ აწვებოდა.
- მიდი ჯერ შენ შეჭამე, მე შენ ძლიერი მჭირდები, მერე ბაბუ, რომ გაიღვიძებს ერთად ვაჭამოთ, დამეხმარები. –
შეაგულიანა მამაომ.
- შენ რატომ არ ჭამ? განა შენ არ გჭირდება ძალა?
- აი პური ხომ ავიღე, თანაც მე ლოცვა მაძლევს ძალას, შენ კი ახლა აი ეს! –
მიუთითა ლანგარზე.
ბიჭმა არაფერი უპასუხა, შიმშილის გრძნობა სულ გაუქრა... უხმოდ და უგემურად შეუდგა ვახშამს.
დროდადრო ბაბუ გონზე მოდიოდა, რამდენიმეჯერ ყრუ ხმით შეუძახა აქა ხართ ბიჭებოო? მერე ისევ ყუჩდებოდა და ოთახშიც სრული მდუმარება სუფევდა. მამაო ბაბუს საწოლს არ შორდებოდა, მისი ხელი, ხელში ეჭირა, ბიჭსაც უნდოდა ასე ახლოს ყოფილიყო, მაგრამ ისე ეძინებოდა თავს ძლივს იმაგრებდა. თუმცა მაინც უტეხად იჯდა სკამზე და ყვინთავდა. მამაომ ძლივს ძლივობით დაარწმუნა ცოტახნით წამოწექი დაისვენე, მერე შენ დაუჯექი და მე დავისვენებო.
„რატომ არ მიდის ეს კაცი სახლში, ან რას იწვალებს თავს ამ სკამზე ჯდომით?...
აი, სულ ათი წუთი მჭირდება... აი, სულ ცოტას დავისვენებ და მერე მე ვიცი, მე თვითონ მივხედავ ბაბუს...“
ბიჭი თავის დადებისთანავე ღრმა ძილს მიეცა. თითქოს რაღაც მძიმე ლოდი მოეხსნაო, ისე მშვიდად აიტაცა სიზმრებმა და სულ სხვაგან, სხვა სამყაროში ამოაყოფინა თავი.

LEX·2016 წლის 26 ნოემბერი, შაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent