შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 53


12-05-2017, 10:58
ავტორი Lex
ნანახია 1 234

53.
თავჩაქინდრული მიუყვებოდა აღმართს, თოვლის ფიფქები ნემსებივით ჩხვლეტდა სახეს....
„პირველი თოვლი...
სევდიანი პირველი თოვლი...
და სრული სიმარტოვე...“
ყველაზე მეტად ერთგულება უნდა დააფასოო - ასე ასწავლიდა ბაბუ, მაგრამ ახლა სრულიად მარტოხელამ ვისი ერთგულება უნდა დააფასოს?.. ვისი?..
ერთადერთი ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნოდა და იმსახურებდა კიდეც, სწორედ მას მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე...
მალე ზამთრის არდადეგები დაიწყებოდა, ახალი წლის მოლოდინში ბავშვები ოთახებს რთავდნენ. პიპა ზედაც არ უყურებდა, ბოლო თვე სკოლაშიც კი წესიერად არ უვლია, გამოსაშვები წელი იყო, მასზე იმედებს ამყარებდნენ, მან კი უცებ მიაგდო სწავლა, მერე ბაბუს ავადმყოფობაც დაერთო, რა დროს სწავლა იყო, ერთადერთი სანუგეშო ადამიანი ხელიდან ეცლებოდა...
თითქოს ყველაფერს მისთვის აკეთებდა, უნდოდა დაემტკიცებინა, როგორი კარგი ბიჭი გაიზარდა, ახლა კი ყველაფერი ამაო აღმოჩნდა...
სადღაც დედამიწის ერთ წერტილზე გამოკიდებული, ყველასგან მოძულებული, ნებით თუ უნებლიეთ მიტოვებული ბიჭი, აბა ვის რაში სჭირდებოდა?..
და აღარც ბაბუს ოთახიც აღარ იყო...
საერთო შენობაში ერთი პატარა ღამის გასათევი გამოუყვეს. ვითომ ოთახი ერქვა, სინამდვილეში კი სათავსო იყო, ძლივს დაეტია საწოლი, მაგრამ მთავარია ცალკე იყო და ეს ამშვიდებდა, ვიდრე საერთო ოთახში, სხვების აუტანელი ყაყანის მოსმენა.
ძველი საცხოვრებელი, მთელი შენობა და მისი შემოგარენი უკვე დიდი ხანია გაყიდული იყო, სანაცვლოდ კი რაღაც პატარა ნაკვეთი უწყალობეს, მინგრეული შენობით, სადღაც, ქალაქიდან ბევრად შორს...
თითქოს ბაბუს გარდაცვალებას ელოდნენო, მალევე ააბარგეს და დიდიან პატარიანად „ქვეყნის დასალიერში“ უკრეს თავი....
„რა მინდა აქ?.. აქ რა მინდა.... რა?..“
ბიჭი სამზარეულოს ერთ კუთხეში, ღუმელთან შორიახლო მიყუჟულიყო, აქ ღუმელი მაინც ენთო, თავის ოთახთან შედარებით ბევრად უფრო თბილოდა, ვიღაცის ძველ ქურთუკში გახვეული, გაყინულ თითებს ჩაის ცხელ ფინჯანზე ითბობდა...
მაინც ვისი იყო ეს ქურთუკი ვერ დაადგინა, მამაომ რომ მიაწოდა იმ დღიდან გაუხდელად ეცვა... ძალიან თბილი კი იყო, თუმცა ცოტა გაქუცული, მაგრამ ტანზე ჰქონდა მორგებული, უხდებოდა.
დერეფნიდან რაღაც საუბარი მოისმა, უცხო ხმას ნაცნობი ხმები შეერია..
- თქვენი ნებაა... როგორც გინდათ... აი აქ არის თვითონ და თუ აქვს სურვილი...
ღია კარში ის ვიღაც ბაბუს ნაცნობი მამაო და სახლის ზედამხედველი გამოჩნდნენ.
- წავიყვან ჩვენთან, გამოიზამთრებს, ცოტა ჰაერსაც გამოიცვლის. სკოლა, რომ დაეწყება დაგიბრუნებთ. მერე ზაფხულში კი ვნახოთ, თუ მოეწონება ისევ ჩვენთან დავიტოვებთ.
მერე გაოცებულ ბიჭს მიუბრუნდა:
- პიპა, ხომ წამოხვალ? –
სანამ გაოცებული ბიჭი რამეს იტყოდა, ისევ თვითონვე დაუმატა:
- მიდი გაემზადე, გელოდები...
მთელი გზა უხმოდ მიდიოდნენ. ბიჭს ისეთი სახე ჰქონდა ვერ გაიგებდი, სწყინდა თუ უხაროდა, ამ დედამიწის ზურგზე ვიღაცას მაინც, რომ გაახსენდა.
დუმილი მამაომ დაარღვია:
- ბაბუმ შენზე მითხრა, ჩემი ბიჭიაო...
ბიჭს წამში ათასი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ ვერ მოაბა თავი რაიმე ეკითხა.
ისევ მამაომ დაასრულა:
- მეც!
- რაა? –
როგორც იქნა ამოღერღა, სანამ ბიჭი კითხვას გაუმეორებდა მამაომ დაასწრო:
- მეც ბაბუს ბიჭი ვარ.
ორივეს გაეღიმა. ბიჭს თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნაო, ახლა მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. ბაბუმ ბიჭი თავის საკუთარ შვილს გადააბარა, ამიტომაც მოძებნა და ჩამოაკითხა ამხელა გზაზე. ვინ იცის, იქნებ კარგი მეგობრებიც დადგენენ და მართლაც ნამდვილი ძმებივით იცხოვრონ, ან იქნებ სულაც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, შეიძლება საერთო ენაც ვერ გამონახონ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა მარტო აღარ იყო. და ამ დედამიწის ზურგზე ერთი ადამიანი მაინც არსებობდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა მასზე ეზრუნა და ეფიქრა.
ბიჭს უაზროდ გაშტერებულ თვალებში სითბო ჩაუდგა.
„ბაბუ, ბაბუ...
ჩემი მზრუნველი ბაბუ...
სიკვდილის მერეც კი შენგან დავრჩი დავალებული...
ნუ გეშინია, არ შეგარცხვენ, შენ რომ გინდოდა ისეთი კაცი უნდა დავდგე...“
უკვე საკმაოდ ბნელოდა მონასტერში რომ ავიდნენ.
- აბა გაიცანით, ჩემი პატარა ძმაა -
მამაომ ბიჭი წინ გაუშვა
- აქ ჩვენ სულ ძმები ვართ...
- თქვენ სულიერი ძმები ხართ, ჩვენ კი ხორციელი ძმები.
ბიჭი ყურებამდე გაღიმებული იდგა, თან ფიქრობდა, ნუთუ არ იცის, რომ ბაბუს ნამდვილი არც შვილი ვარ და არც შვილიშვილიო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ძმები იყვნენ და მორჩა.
თაფლის სანთლისა და საკმევლის სურნელით თავბრუდახვეულს იმ ღამით ტკბილად ჩაეძინა.
ბიჭს იმედი მიეცა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა.
მალე სკოლაც წარმატებით დაამთავრა და მისაღები გამოცდებიც კარგად ჩააბარა.
მამაომ ქალაქში საცხოვრებელიც უშოვა, თავის ახლობლებთან ცალკე ოთახი გამოუყვეს. ბიჭი კარგად სწავლობდა, ბაბუს ხსოვნის საპატივცემულოდ თავს არ ზოგავდა. უქმეებზე მონასტერში გარბოდა, დაუზარელი იყო, ფიზიკური შრომაც კი სიამოვნებას გვრიდა, ყველაფერში ეხმარებოდა ბერებს, საღამოობით კი ჩაუჯდებოდა წიგნებს და სანთლის შუქზე ათენებდა ღამეს...

***
გვიანი ღამე იყო, დაღლილობისგან თავი უსკდებოდა.. ჩაძინებას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაართვა თავი წარსულისგან მოწოლილი სევდას...
ხან ვინ ეზმანა და ხან ვინ... სიზმარი და ფიქრი ერთმანეთს შეერია, იქნებ ცოტა ხანი მაინც შესძლოს თვალის მოტყუება...
აი ცოტაც და გადაეშვებოდა ძილში, მაგრამ ვინ აცალა..
ტელეფონის ზარმა ლამის ტვინი გაუხვრიტა, არც უცდია განძრევა.
ზარი შეწყდა...
ცოტა ხანში შეტყობინება მოვიდა...
მიმი წერდა:
„ძალიან მჭირდები... მაპატიე... გაწუხებ...“

LEX·2016 წლის 13 დეკემბერი, სამშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent