ძველი პიანინო - 54
54. მიმის სახლშიც და სამსახურში ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ შინაგანად ძალიან აირია. ცდილობდა არავის შეემჩნია და კარგადაც მალავდა თავის სულიერ ბრძოლას, მაგრამ ვის ან რას ებრძოდა თავადაც არ იცოდა. იმ ღამით კი კოშმარულმა სიზმრებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. ჯერ იყო და სადღაც სადარბაზოებში დარბოდა გასასვლელს ეძებდა, მერე კორპუსების დიდ ეზოში დაბნეული დადიოდა, სადაც მოფენილ გვამებზე გადაფარებულ პოლიეთილენის პარკს ნიავი ხდიდა, სისხლით მოთხვრილი იქაურობა საშინელი სანახავი იყო, თან გამუდმებით თითქოს ვიღაც სულ თან ახლდა, თვითონვე იცავდა და მისივე ზურგს უკან მალავდა... მერე თითქოს ამდენი ტანჯვისგან შეეღვიძა, გვერდი იცვალა და ახლა სიზმარმა სადღაც დიდ დარბაზში განაგრძო მოქმედება. შუა საუკუნეების სტილზე მორთული ოთახი, კედლებზე ძველებური გობელენები დაშნებითა და ძველი საბრძოლო იარაღებით მოჭედილიყო, ზოგან შუასაუკუნეების სტილს, შედარებით უფრო გვიანდელი ეპოქა ცვლიდა. ბუხარი გიზგიზებდა, მაგრამ მაინც ძალიან ციოდა, მიმი ოთახის შუაგულში, დიდ ოვალურ მაგიდასთან იჯდა, რომელსაც მუქ მწვანე ფერებში დაქარგული გრძელი სუფრა კოჭებს უფარავდა. რკინის ჯავშნიანი მცველები გაუნძრევლად იდგნენ ოთახის კუთხეებში. მიმის მოპირდაპირედ ვიღაც კაცი იჯდა, გრძნეულს გავდა, თვალები ბოროტად უელავდა. გრძელი, შეჭაღარავებული, შუაზე გადაყოფილი თმები მხრებთან ბოლოებით ოდნავ აკეცვოდა. ნაყვავილარ სახეზე, თხასავით წაწვეტებულ წვერს, სიგრძეზე გაბმული წვრილი ჯოხივით ულვაში „ამშვენებდა“. მისი ტანისამოსიც ისეთივე მისტიკური იყო, როგორც მთელი ამ უზარმაზარი დარბაზის მორთულობა. მიმი მობუზული იჯდა, თითქოს არც ეშინოდა, მაგრამ განძრევასაც ვერ ბედავდა. უცნობმა მისკენ ორი თითით ასანთის კოლოფი გამოწია. შეჭამეო, თითქოს უბრძანა. გრძელი ყვითელი წაწვეტებული ფრჩხილები კიდევ უფრო საზარელს ხდიდა. კოლოფში, სისხლში ამოსვრილი შავი პურის პატარა ნაჭრები ეწყო. მიმის შეაჟრჟოლა. კაცმა კიდევ უფრო ახლოს მიუწია შეჭამეო. მიმის ლამის გული აერია, გიჟივით წამოხტა. თავისივე საზარელმა ყვირილმა გამოაღვიძა, წამიც და უკვე სააბაზანოში იყო, ძლივს მოიბრუნა სული გულისრევისგან... დედა კართან დახვდა. მიმი მოწყვეტით დაეშვა სკამზე, სველი პირსახოცში ჩარგო სახე. მერე როგორც იქნა ამოისუნთქა. დედა მოთმინებით ელოდა მიმის გამოფხიზლებას, მაგრამ მისი გაფითრებული, თვალებგაშტერებული იჯდა. დედა დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა ან რა ეკითხა: - ფერი არ გადევს... – ჩუმი ხმით მიმართა მიმის თითქოს არაფერი გაუგონიაო, არც განძრეულა. ცოტა ყოყმანის შემდეგ დედამ ისევ დაარღვია სიჩუმე: - ორსულად ხარ? - ოო, კარგი რა დედა რა... - უცებ გამოფხიზლდა, სკამიდან წამოხტა და მაცივარში რაღაცას დაუწყო ძებნა - ცივი წყალი არ გვაქვს? - რა დროს ცივი წყალია? ყინავს გარეთ... ზაფხულია?.. მიმიმ ონკანი მოუშვა, მერე რა რომ ზამთარი იყო, ცივი წყალი ეგემრიელა, ცოტა გონზე მოიყვანა. დედა ისევ გამომცდელი თვალით უყურებდა, მიმის უნდოდა ეთქვა, რომ რა ორსულობა, რის ორსულობა, სიზმრის მოყოლაც კი დააპირა, მაგრამ იცოდა, ახლა დედა ცალკე ამაზე დაიწყებდა ნერვიულობას და შეეცდებოდა მამიდამისთან ერთად სიზმრის ახსნას. „მერე მაგათ რა გააჩერებს?.. სანამ რამდენიმე ვერსიას არ დაამტკიცებენ...“ - მგონი მოვიწამლე... – ყველაზე უფრო დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქრა - სამსახურში კრემიან ნამცხვარს ცოტა მომჟავო გემო დაჰკრავდა... დედა აქოთქოთდა, ხან სასწრაფოს გამოძახება შესთავაზა, ხან სიცხის გაზომვა, პატარა ჭიქით არაყს აძალებდა - პირველი დახმარებააო. თუმცა მაინც თვალებში ეტყობოდა, რომ ბოლომდე არ სჯეროდა შვილის, მაინც პირველ ვერსიაზე ეჭვობდა, ბოლოს მიმიმ ვეღარ მოითმინა და დაუყვირა: - არ ვარ ორსულად არ ვარ! დარწმუნებული ვარ! ნამდვილად ვიცი! დედამ ორაზროვნად გააქნია თავი. მიმი ცოტა მოლბა, აბა დედა რა შუაში იყო სულ ტყუილად დაუყვირა - კარგი რა დეე... წადი დაიძინე, ნუ გეშინია, თუ რამეა პირველი შენ გეტყვი, გპირდები შენზე ადრე ვერავინ გაიგებს - მიმი დედას მოეხვია, დედამ აშკარად შვებით ამოისუნთქა - კარგი წადი ახლა დაიძინე... - შენ არ წვები? - გამოვიცვლი, სულ სველი ვარ... დიდ ხანს იდგა საშხაპეში, იმ საზარელ სიზმრებზე ფიქრობდა, ორივე ერთმანეთზე საშინელი იყო... საწოლი ოთახისკენ გახედვა არ უნდოდა, თითქოს სიზმარში ნანახი, ყველაფერი იმ ოთახში ეგულებოდა... მერე ტელეფონს დასწვდა, მის ზარს არავინ გამოეხმაურა... „ალბათ სძინავს... ვინ იცის, იქნებ როგორი დაღლილია... ნეტა სულ არ დამერეკა... ან მესიჯიც რატომ მივწერე... ღამის სამი საათია... ოთხი დაიწყო... საწყალი... ალბათ როგორ ტკბილად ეძინა... ტკბილ სიზმრებს ხედავდა... აბა ჩემსავით კოშმარები ხომ არ დაესიზმრებოდა.... ღმერთო ჩემო, რა მჭირს... სხვისი სიზმარიც კი შემშურდა... რა საშინელი ადამიანი ვარ...“ მართლაც რა სადიზმია, თავად არ ეძინება და ვერ იძინებს და ამ დროს ვისაც უნდა იმას აღვიძებს, ასე როგორ შეიძლება?.. თავის თავზე საშინლად ერეოდა ბრაზი. აქეთ დედა გააღვიძა, ლამის გული გაუხეთქა ქალს, კიდევ კარგი მერე დამშვიდება მაინც შესძლო, იქეთ კი, ვინ იცის როგორ დაღლილ მძინარე მეგობრებს გადასწვდა... არა მეგობრებს კი არა მარტო ერთ მეგობარს... მხოლოდ ერთს... ერთადერთს... მესიჯის ხმამ მიმი უცებ შეაკრთო. შეტყობინება მოვიდა: „ქვემოთ გელოდები“ LEX·2016 წლის 13 დეკემბერი, შაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.