ძველი პიანინო - 57
ძველი პიანინო 57. მიმის სიტყვებმა პიპა წამით ადგილზე გააშეშა, თუმცა მალევე მოეგო გონს: - არ დაგსიზმრია და არც მოგჩვენებია, სულ ორი წუთით გადავედი, აი იქ - ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, თითის მინიშნებით მარკეტისკენ გაახედა. - შოკოლადებიც წამოგიღე, ვიცი გიყვარს. – თავისი გამჭრიახი ჭკუით ყურებამდე გაღიმებულმა პიპამ მანქანა ადგილიდან დაძრა. მიმიმ მხიარული სახით გახედა უკანა სავარძელზე მიყრილ შოკოლადის ფილებს. „რა საყვარელია, მთავარი ის კი არარის, რომ ზუსტად ის, კონკრეტული სასუსნავი მოგიტანონ, არამედ სითბო და ყურადღების გამოჩენა... მითუმეტეს თუ ზუსტად იცის რა გიყვარს და რა გაგახარებს... ძლივს დაიძრა ყინული, არც იმდენად გულგრილია, როგორც თავიდან მეგონა... ან იქნებ უბრალოდ ზედმეტად მორიდებულია და ეს უყურადღებობაში გადადიოდა... მე, კი... რა სულელი ვარ...“ ფიქრებში ჩაძირული მიმის,ასევე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული თანამგზავრი ეჯდა გვერდით. ესეც ასეო, შვებით ამოისუნთქა პიპამ. „მდიოს ახლა ფიფომ რამდენიც უნდა, თუნდაც დამიჭიროს, მაინც ვერაფერს დამიმიტკიცებს“.. ცოცხალი და უტყუარი ალიბი გვერდით ეჯდა, რომელიც წარბშეუხრელად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაუდასტურებდა მის ნათქვამს. მერე რაღაც მომენტში, ისევ ეჭვმა გაჰკრა, იქნებ დიდ ხანს ეღვიძა და შესაფერის დროს ეძებს, რომ მკითხოსო, მაგრამ მიმის არაფერი მსგავსი არ ეტყობოდა, აშკარად ჩანდა სიხარულს მოეცვა მისი გული და ბედნიერი იყო. პიპა ძლიერ გამხიარულდა, ხუმრობას მოუმატა, მიმიც დაუსრულებლად კისკისებდა მის მონათხრობზე, ასეთი მხიარული და თვალებგაბრწყინებული არასდროს ენახა, ყოველთვის გულჩათხრობილი, მკაცრი და სევდიანი თვალებით ახლა აბრწყინებდა და სითბოსა და სიყვარულს გამოსცემდა. „სულ სხვანაირი ყოფილა, ალბათ ქალებს ასე ადვილად არ ენდობოდა, მართლაც კარგად გამიცნო, მიხვდა, რომ ფულით არ ვაფასებ ადამიანებს, მხოლოდ ნამდვილი მეგობრობა მჭირდება და არაფრის გარმოჩენა მინდა... როგორც ვატყობ, ფული კი მართლაც ძალიან ცოტა აქვს, არც ჩაცმით გამოირჩევა, სუფთა, მაგრამ ზედმეტად გახუნებული ტანსაცმელი აცვია, ამიტომ უფრო მერიდება, წესიერად ვერსად მპატიჟებს... მართლა რა საყვარელია...“ მიმი აღფრთოვანებული ჟღურტულებდა, ხან რას მოჰყვა და ხან რას. ისიც აღნიშნა, მანქანაში პირველად ეძინა, ტკბილად და უდარდელად, თუმცა მსგავსი რამ ერთ, სხვა მეგობართანაც დაემართა, სტუმრად ყოფნისას სავარძელში გემრიელად ეძინა. პიპას ძალიან უნდოდა ეკითხა ეს მეგობარი ფიფო ხომ არ იყოო, მაგრამ თავი შეიკავა. თუმცა მიმიმ მალევე გაუფანტა ეჭვი. - რა საოცრებაა, ნორმალურ, კარგ, კომფორტულ საწოლში ვერ ვიძინებ და სადღაც, საღებავებისა და ნესტის სუნიან, მტვრიან სახელოსნოში გემრიელად ჩამეძინა და თანაც არაერთხელ. აი თუნდაც ახლა, მანქანის სავარძელს აღარ სჯობს ჩემი საწოლი, მაგრამ საოცრად ტკბილად მეძინა. - საწოლი არაფერ შუაშია, შენ სულ სხვა კომფორტი გჭირდება, ალბათ შენი საწოლი ოთახი ბევრად იმაზე დიდია, ვიდრე შენ გინდა... დიდი უზარმაზარი ოთახი ცარიელია. - ცარიელი არარის, საწოლის გარდა კიდევ... - ავეჯს არ ვგულისხმობ. შენი სიმარტოვე აცარიელებს არეალს. როგორც კი ვინმეა შენს გვერდით, ხომ ხედავ მშვიდად გძინავს, აი თუნდაც, ხუთი წუთით გადავედი მანქანიდან და გამოგეღვიძა კიდევაც, ხუთი წუთი ვერ აიტანე მარტოობა. კაცმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, მის ალიბს, კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ მართლაც სულ რამდენიმე წუთით იყო მარტო, მიმიც თავს უქნევდა მართალი ხარო. პიპას თანდათან საუბარი ისე მიჰყავდა, რომ მალე უკვე ფიფოსაც უხსენებდა, თუმცა მიმიმ დაასწრო: - გახსოვს ის დეტექტივი? - დეტექტივი? - ჩემთან რომ მეგობრობდა, ყველას მისი საცოლე ვეგონე... - ააა, გამახსენდა, მიყვებოდი, მე ის უბრალო პოლიციელი მეგონა - პიპამ თავი მოიკატუნა და უფრო ყურადღებით შეეცადა რაიმე მაინც გამოეკითხა: - მერე? - მერე არაფერი, ჩვეულებრივად ვიმეგობრეთ, თუმცა სულ ეჭვიანობდა, ყველაზე და ყველაფერზე, ყველა ჩემი მეგობარი გაიცნო, მეზობლებიც კი - მარტო მე გამოვრჩი, მე არ მიცნობს, რა დავაშავე? ორივეს სიცილი აუტყდა, მიმიმ ძლივს ამოისუნთქა - ჯერ გასაქანს არ მაძლევდა და მერე საერთოდ დაიკარგა... - იქნებ სხვა შეუყვარდა? - მერე ეთქვა, ვინ დაუშალა - ჰმ, არც ისე ადვილია ქალს უთხრა, შენ აღარ მიყვარხარ და ახლა სხვა მიყვარსო - მერე რა, ეთქვა და გავუგებდი - ალბათ შენს ისტერიკებს მოერიდა - პიპას სიცილი აუვარდა მიმი მოიბუზა. არაფერი უთხრა. - კარგი რა იყო? რას იბღუზები. მშვენიერი გოგო ხარ. და მშვენივრად გაქვს საქმე აწყობილი, სახლიც გაქვს, კარიც გაქვს, კარგი სამსახური... კიდევ ჩამოვთვალო შენი პრივილეგიები? მიმი უარის ნიშნად თავი გააქნია, თუმცა ისევ გაბუსული იჯდა. - თანაც ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი, მეტი რაღა გინდა? მიმი კვლავ ჩუმად იჯდა, აშკარა იყო კომპლიმენტი ესიამოვნა, კაცი კი განაგრძობდა: - პატარა ხომ აღარ ხარ. უკვე დროა პირად ბედნიერებაზეც იზრუნო. ცხოვრება ხანმოკლეა, იმაზე მეტად ხანმოკლე ვიდრე გგონია. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ჯერ ადრეა, დღეს არა, ამას ხვალ გავაკეთებ და ისე გაფრინდება წლები, რომ ის ხვალ აღარ აღირსებს დადგომას... მითუმეტეს როცა მართლა გიყვარს... - არა ფიფო სულაც არ მიყვარდა, უბრალოდ - ჰმ, არ გიყვარდა მაგრამ, მაინც გული დაგწყდა, ტიპიური ქალური ერთ-ერთი უცნაურობათაგანი. - რატომ არის უცნაური? - ადამიანი თუ არ მიყვარს იმაზე გული როგორ უნდა დამწყდეს - კაცს ხმამაღალი სიცილი აუვარდა ძლივს განაგრძო საუბარი: - საკუთარ გულში ჩახედვა არ გინდა, გეშინია, რომ აღიარო ცოტათი მაინც, რომ გიყვარდა, სადღაც გულის კუნჭულში.. - რა ვიცი, სულ ასე მემართება, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ზოგჯერ მართლაც უზომოდ შეყვარებული მგონია თავი, აღფრთოვანებული ვარ და მერე კი რაღაც წყდება, იშლება და ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება... რაც უფრო დრო გადის მით უფრო ნაკლებად ვენდობი ვინმეს, თუმცა შენს შემთხვევაში... თვითონაც არ ვიცი... სრულიად უცხო ადამიანი ყველაზე ახლობელი მგონიხარ. – მიმის ხმა ოდნავ გაებზარა. ასეთი სიტყვების გაგონებაზე ფიფო აუცილებლად აკოცებდა, მოეხვეოდა... შეეცდებოდა მანქანა შეეჩერებინა, რომ უფრო მაგრად ჩაეკრა გულში. პიპას კი მშვიდად მიჰყავდა მანქანა და მეგობრულ კი არა უფრო მამაშვილურ ტონი ჰქონდა მის საუბარს. - შეიძლება ხშირად გატყუონ, მაგრამ ეს არ გაძლევს უპირატესობას, რომ საერთოდ ადამიანების მიმართ დაკარგო ნდობა... პიპა ისევ დამრიგებლური ტონით განაგრძობდა ჭკუის დარიგებას და თითქოს ვერც ამჩნევდა მიმის ვნებიანი ლტოლვა მის მიმართ. LEX·2017 წლის 9 იანვარი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.