ძველი პიანინო - 60
60. ფიფო წასვლას არ ჩქარობდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დუმდა. მხატვარი ჩვეული სიდინჯით წრუპავდა კონიაკს და ელოდა როდის ამოღერღავდა სათქმელს მისი სტუმარი, ის კი ამ დროს მონუსხულივით შეჰყურებდა ფანჯრის რაფაზე მდგარ, უბრალო მინის ქილაში ნახევრად ჩამპალ ყვავილებს... ეს ყვავილები სულაც არ ჰგავდა იქ, მოსაცდელში მდივნის მაგიდაზე მდგარ ფურცლებ შემხმარ ვარდებს, მაგრამ იყო მათში რაღაც საერთო... ის საერთო, რასაც მოგონება ერქვა... ან სინანული... ან კი ორივე ერთად... - შენ აქ ფანჯრებს საერთოდ არ აღებ? – არც დაელოდა პასუხს ისე წამოხტა, ნერვულად გადასწია ფარდა, და ყვავილებიან ქილას ჩამოაფარა, რომლის დანახვაც უკვე ნერვებს უშლიდა. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სიცივემ ტანში დაუარა და მაინც სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა. - უჰ! სულ სხვა სუნი დგას ჰაერში, თითქოს უნდა ისევ მოთოვოს, თოვლის სუნია... მხატვარი კვლავ დუმდა, მხოლოდ ფიფო ლაპარაკობდა, უფრო თავისთვის, ვიდრე მხატვრის გასაგონად. მოულოდნელად ოთახში მხატვრის გოგონა შემოვარდა და ერთდროულად შემოიტანა ქაოსი, ხმაური, მხიარულება... - მაა, იცი დღეს სად ვიყავი?.. - აბა, აბა მოგვიყევი სად იყავი და ვინ ნახე - ზლაზვნით წამოდგა მხატვარი აკანკალებულმა ფანჯარა მიხურა - გავიყინე რა.. ფიფოს გაეღიმა, თავად სიცივეს ადვილად იტანდა, თანაც ცალკე სისხლი უდუღდა და ცალკე ტვინი ამდენი დარდისა და ფიქრისგან. „აბა ამას რა აქვს სადარდებელი... ჭამს, სვამს, სძინავს... როცა უნდა ადგება და დახატავს, არაფერი საზრუნავი ამას არა აქვს...“ - ვინ ვნახე და დღეს მიმი ვნახე! მიმის ხსენებაზე ბიჭები შეკრთნენ, გოგონა კი განაგრძობდა: - და იცი სად ვიყავი? - ???? - ის კაცი, რომ დაწვეს ფულებთან ერთად, სწორედ იმ ეზოში ვიყავი, ჩემი კლასელის ფანჯრები ზუსტად იმ კაცის ფანჯრებს უყურებს... მხატვარმა გამომცდელად გადახედა ფიფოს, რომელსაც აშკარად შეეტყო, რომ იცოდა ამ საქმის შესახებ, თუმცა ხმა არ ამოუღია. - მერე მამი, მერე? რაო შენმა კლასელმა დაინახა? - არა.. მგონი არა.. ან რავი... მარტო ის ფანჯრები დაგვანახა... ფიფო აწრიალდა. მხატვარმა ისევ გადახედა, თუმცა კვლავ არაფერი უთხრა. გოგონა გაუჩერებლივ ლაპარაკობდა, ხან რა მოყვა, ხან რა, მერე ისიც მოაყოლა ტანსაცმლის მაღაზიასთან მიმი ვნახეო: - მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი, ის კი მანქანაში ჯდებოდა, როცა ხელი დამიქნია და გნახავო მალეო დამიძახა. - მიმი იყო დღეს დილით აქ! – მხატვრის ხმა ზარივით ჩაესმა ფიფოს, გაფითრებული მიაჩერდა, გამჭოლი მზერით ჰკითხა რატომ არაფერი მითხარიო, თუმცა ხმა არ ამოუღია. - ცოტა ხნით შემოირბინა, ყავაც არ დაულევია ისე გავარდა.. სადღაც აქვე ჰქონდა საქმე... ისე მეც დამპირდა, სხვა დროს უფრო დიდი ხნით მოვალო... - ძაან მაგარი გოგოა, ძაან მიყვარს მიმი - მერე მამამისს მიუბრუნდა: - მაა, ცოტა ფულს ვერ მომცემ? - მუდარით სავსე თვალები შეანათა. მხატვარი სიცილით წამოდგა: - ისე, კი ვიფიქრე, რომ ფული გინდოდა.. - და გგონია მარტო მაგიტომ მოვედი? ხომ იცი მა, როგორ მიყვარხარ... – მიამიტი სახით კისერზე ჩამოეკიდა. - გინდა პატარა ექსკურსია მოვაწყოთ, ჩემთან, სამსახურში! – ფიფო სიგარეტს დასწვდა: - იცი, ზოგჯერ უფროს კლასელებს ვიწვევთ, ვათვალიერებინებ სამუშაო ოთახებს, მერე შეკითხვებზე ვპასუხობთ... ეს ეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში... მხატვარი ფიფოს თვალს არ აშორებდა „ნეტა რა ჩაიფიქრა?“ - ვა რა მაგარიააა!! – აღტაცებული შეხვდა ფიფოს წინადადებას მხატვრის გოგონა - ჰოდა, იცი რამდენ საინტერესო რამეს ნახავთ და გაიგებთ - თითის ანაბეჭდებსაც ავიღებთ? - აბა რა! ფოტო რობოსტსაც ავაწყობთ - ფიფოს თვალები უცნაურად აელვარდა, მხატვარი ატყობდა ფიფოს რაღაცისთვის სჭირდებოდა ბავშვი, სადღაც არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც მხარი აუბა მეც რომ წამოვიდე ხომ შეიძლებაო - აბა რა, აბა რა, თუ გინდა მთელი კლასი წამოიყვანე, მშობლებიც, მასწავლებლებიც... - აუ მოდი რა ხვალ იყოს რა ძაან გთხოვ, რააა... - კარგი, როცა გინდა - ფიფოსაც ეს უნდოდა, რაც მალე მით უკეთესიო გაიფიქრა... - მაგარიააა, ხვალ სამი საკონტორლო გავმაზეთ!.. როგორც კი გოგონა გაისტუმრეს, მხატვარმა ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ჰკითხა: - რა ხდება? ფიფომ ორაზროვნად გააქნია თავი. მხატვარმა კითხვა გაუმეორა: - არ გინდა მითხრა რა ხდება? - კარგი გეტყვი, ოღონდ ხომ იცი?... - ოო, კარგი რაა, არ გრცხვენია... ეგეთები არ მეშლება. - მე მინდა რომ, ის ბავშვიც წამოვიდეს ექსკურსიაზე ჩვენთან, შესაძლებელია რაიმე ისეთი შეამჩნია - და ბავშვის დაკითხვას აპირებ? - არა დაკითხვას არა, უფრო გამოკითხვას, ნუ გეშინია, ბავშვს საფრთხეში ხომ არ ჩავაგდებ, ისე გამოვკითხავ არაოფიციალურად, თანაც მარტო მე, სხვა თანამშრომლებს არაფერი ეცოდინებათ. - ის მაინც უნდა გააფრთხილო, რომ ამ თემაზე აღარავისთან ილაპარაკოს. - კი, კი, აბა რა... ღამეებს ათენებენ კომპიუტერთან და იქნებ მართლაც რაიმე შენიშნა. - ჰოო, თუ მასეა, მაშინ ვერაფერსაც ვერ შენიშნავდა. ისე იქნებოდა მონიტორზე მიშტერებული, რომ მეზობლის კი არა თავისი სახლი, რომ დაეწვათ იმასაც ვერ გაიგებდა. ბიჭებს გაეცინათ.... *** ბავშვმა მართლაც არაფერი იცოდა, არაფერია გაუგონია იმ ღამეს, თუმცა არ ეძინა და როგორც ყოველთვის კომპიუტერთან ათენებდა ღამეს, მაგრამ ფიფომ რომ ჰკითხა იქნებ სხვა დროს რაიმე ისეთი შეამჩნიე, ან უცხო ვინმე დადიოდა ეზოს ახლო-მახლოსო აი მაშინ კი ცოტა ჩაფიქრდა. - კი დადიოდა ვიღაც კაცი, ხან ერთი სადარბაზოდან გამოდიოდა და ხან მეორედან, ხან ეზოში იდგა და ფანჯრებს აკვირდებოდა, მხოლოდ როცა დღე იყო. მგონი ყოველდღე მოდიოდა არ მახსოვს, ჩვენი უბნელი არ იყო, თორემ ვიცნობდი. სამწუხაროდ ბავშვმა მისი აღწერა ვერ შესძლო... რაღაც ნაქსოვი ქუდი თვალებამდე ჩამოფხატული საყელო აწეული პალტო, სახეც წესიერად არ უჩანდა, მერე ბოლოს დაუმატა პალტო არა ცოტა გრძელი ქურთუკი ეცვაო.. - და ქუდი რა ფერის იყო? თუ გახსოვს? - მუქი იყო, შავი ან ლურჯი, და გგონიათ თუ ეგ არის დამნაშავე ახლაც მაგ ქუდით ივლის? თუ იდიოტი არ არის სადმე ნაგავში მოისვრიდა. ფიფოს გაეცინა, შენ რა გამჭრიახი ყოფილხარო - აბა როგორ, ჩვენც ვუყურებთ დეტექტივებს! – შეიფერა ბავშვმა... „ჰო თუ მართლა იდიოტი არ არის, იქვე მახლობელ ბუნკერში კი არა სადმე სხვა უბანში მოიშორებდა თავიდან... სად გინდა მერე ნახო?...“ LEX·2017 წლის 7 თებერვალი,სამშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.