ძველი პიანინო - 63
63. მხატვარი შინ არ დაუხვდა, ფიფომ ისარგებლა მისი არ ყოფნით და გულდასმით დაიწყო დათვალიერება. ვერაფერი ნახა ისეთი, რაც მის ინტერესს ოდნავ მაინც დააკმაყოფილებდა. მერე ნახატებს დაუწყო დაკვირვება... მიმის სურათს თვალი ვერ მოსწყვიტა, გული ბოღმითა ევსებოდა, სურვილი გაუჩნდა ნახატი ნაკუწებად ექცია. მასპინძელი კი იმ დროს დაადგა თავს, როცა ორივე ხელით ჩააფრინდა ტილოს - თუ ნამდვილი არა! - ნახატით ხომ მაინც იქნები ჩემი! – ფიფოს ზურგსუკან პათეტიკურად დასჭექა მხატვარმა და სიცილი აუვარდა. ფიფო შემცბარი შემობრუნდა, ერთი კი წაილუღლუღა, გვერდულად ეკიდა ვასწორებდიო, თუმცა მხატვარს ყურადღებაც არ მიუქცევია ისე მიეგდო საწოლზე. - თუ გინდა გაჩუქებ. – მშვიდი ხმით მიმართა მხატვარმა და სიგარეტის კოლოფს გადასწვდა, ცარიელი კოლოფი იქვე მიაგდო. ფიფომ თავისი სიგარეტი შეაგება. - აუ ძააან მაგარი დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, ყავა, რამე-რუმე თუ გინდა ხომ იცი სადაც არის... - არ მინდა ყავა, დღეს საკმარისად დავლიე. - ჰომ, აი დალევაზე გამახსენდა, აბა მიდი ის უჯრა გამოაღე. ფიფომ ერთი კი იფიქრა უარს ვეტყვიო, მაგრამ ნასვამი მხატვრის აჭიკჭიკება კარგი იქნებოდა, შეიძლება ბევრი საინტერესო რამ დაეფქვა... - გენატრება მიმი? ფიფომ ცალყბად გაიღიმა, შეეცადა მიმის ხსენებაზე თბილი სახე მიეღო - დადის აქ ხშირად? - არა! - მხატვარმა არაყი გადაკრა და დაიჭყანა - რაც შენ დაიკარგე მიმიმაც მიმატოვა. მგონი შეყვარებულია, არ ვიცი - მართლა? - ფიფო დაიძაბა - ჰო, მგონი, არ ვიცი, ასე მომეჩვენა მაშინ. - რიდის? - აი მაშინ, გახსოვს ბოლოს, რომ იყავი აქ ფიფომ თავი დაუქნია -სწორედ იმ დღეს იყო ჩემთან მოსული, რაღაც კითხვებს მისვამდა, ისე სასხვათაშორისოდ... თემასაც მალევე ცვლიდა. - მდააა, ესე იგი მიმი შეყვარებულიც ყოფილააა - ფიფო სავარძელში გადაწვა. „იქნებ მხატვარი სულ არაფერ შუაშია და ის ვიღაც მიმის შეყვარებულია მისი თანამზრახველი?“ - „ც“ - რას ნიშნავს? - ???? ვერ გავიგე? – - რას ნიშნავს ეს „ც“? – მხატვარმა აჩეჩილი თმები უკან გადაიწყო. უჯრიდან ხელნაკეთ სიგარეტს დასწვდა, წამით შეყოვნდა, ფიფოს გამჭოლი მზერით შეხედა. ფიფოს გაეღიმა: - მიდი, მიდი, დაბოლდი, მაგისთვის არ „გაგსროკავ“ - ჰო რა ვიცი, ამუნია ხარ მაინც - მხატვარმა გესლიანად ჩაიხითხითა, სიგარეტი ხარბად მოქაჩა და ფიფოს მიუბრუნდა: -მაგისთვის არ „გაგსროკავო“ ხომ? და რაიმე ისეთი, რომ ჩავიდინო, მაშინ ხომ მართლა დამიჭერ, დამაპატიმრებ? – სიცილს ვეღარ იკავებდა მხატვარი. ფიფოსაც ეღიმებოდა ვითომ, მხოლოდ თვალები ავად უელავდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, ელოდა, რომ მხატვარს აუცილებლად წამოსცდებოდა რაიმე ისეთი, მისთვის ხელჩასაჭიდი და მერე უკვე... - და მაინც რას ნიშნავს ეს შეყვარებული -„ც“ ჰყოლიაო? – დამარცვლით გამოსცრა მხატვარმა. - ვურეკავდი და ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა. - ჰოოო.. - მერე კი მისი მანქანა დავინახე, გამიხარდა ძალიან, დავუსიგნალე და არც გამომხედა, მერე გავეკიდე და.. - და რა? – ვეღარ ითმენდა მხატვარი. - გააჩერა, დარწმუნებული ვიყავი მიმი გადმოვიდოდა და სულ სხვა ვიღაც შემრჩა ხელში...– ფიფომ ტყუილი ოსტატურად მოიშველია. მხატვარი ისევ სიცილისგან ჩაბჟირდა. - წარმომიდგენია რა სახე გექნებოდა, ვიღაც სხვა რომ გადმოვიდოდა მანქანიდან... - აბა... აბა - ფიფოც შეეცადა აჰყოლოდა სიცილში. - შენ წარმოიდგინე მობილურის აპარატიც კი შეცვალა - ისევ ახითხითდა მხატვარი. - მართლა?.. რა ხდება მიმის თავს? რამე სერიოზული ხომ არ შეემთხვა? - არა, არა მგონია, უბრალოდ მობეზრდა და ახალი შეიძინა... ალბათ - ჰმ, ლოგიკურია. – ფიფო ისევ ჩაფიქრდა, ისევ მიმის და მის უჩინარ შეყვარებულს გადასწვდა. კიდევ უფრო შორს წავიდოდა, მხატვარს რომ არ გამოეფხიზლებინა - შენი გამოძიება როგორ დამთავრდა? - რომელი ერთი? – ფიფომ თავი მოიკატუნა. მშვენივრად ხვდებოდა მხატვარი რომელ გამოძიებაზე ეკითხებოდა. - აი ის ნიღბები რომ გაინტერესებდა, სერიულ მკვლელებზე... „ჰმ... მკვლელებზეო... მრავლობითში ამბობს... ესე იგი არ ვცდები... დამნაშავეთა ჯგუფთან მაქვს საქმე და მე, იდიოტმა ყველა კარტები გადავუშალე..“ ფიფომ პასუხი დააპირა, მაგრამ მხატვარმა დაასწრო: - იცი რა ვიფიქრე?.. - რა იფიქრე? - აი ერთ დღესაც აქ რომ მოხვიდე და მე რომ დაბრედილი დაგხვდე, და ყველაზე საინტერესო იცი რა იქნებოდა? - საინტერესო?.. რა? – ფიფო ვერ ხვდებოდა მხატვარს საითკენ მიჰყავდა საუბარი, თუმცა ყველაზე ადვილი ასაჭიკჭიკებელი ახლა იყო. - საინტერესო ის იქნებოდა, რომ აი აქ ჩემს კედელზე, ბარემ გამზადებული ნიღბებიდან ნეტა რომელ ნიღაბს დამაფარებდა სახეზე? – მხატვარის კვლავ სიცილისგან იგუდებოდა. ფიფო სახეზე ძალად მიხატული ღიმილით მხატვრის უაზრო ყბედობას მოთმინებითა და სიმშვიდით იტანდა. - შენთან არ მოვა, შეგიძლია მშვიდად იყო. - რატომ ვითომ? ხომ შეიძლება, რომ მეც - შენ არ ხარ მისი ტიპაჟი და არც მის მოსაწონ ასაკში - ??? - შედარებით ხნიერ ხალხზე ნადირობდა - ვააა, ესე იგი ნადირობდააა... - ჰო, ნადირობდა. - მაშინ, მოსალოცად გქონია საქმე! - ჰმ, რას მილოცავ მერე? - საქმის გახსნას! - რააა? - რადგან წარსულ დროში ამბობ - ნადირობდაო - ,,ზნაჩიტ“ უკვე დაგიჭერიათ და ეგ არის! ყოჩაღ ყმაწვილო! მე ვამაყობ შენით! – ქირქილებდა მხატვარი. - აა, მე აღარ ვიძიებ მაგ საქმეს, სხვას გადააბარეს უკვე რა ხანია. - ვითომ რატომაო? - იმიტომაო რომაო არ ხარ ღირსიო... ნუ, რა ვიცი, რა, მაინც არაფერი გამომივიდა, მაგ საქმეს ვერაფერი გავუგე, ვერც თავი და ვერც ბოლო... საყვედურებიც კი გამომიცხადეს, ვერ გაართვი თავიო და თანაც ვერ გყოლია კარგი მეგობრებიო, არ დაგეხმარნენ საქმის გამოძებაშიო. ფოფოს ხმაში ფარული ცინიზმი იგრძნობოდა. - მდააა.... - მხატვარი ჭერს მიაჩერდა - არადა რა მაგარი საინტერესო ამბები ტრიალებდა, ისე მეც რამდენჯერ ვიმტვრიე თავი... ფიფო თანდათან რწმუნდებოდა, რომ მხატვარი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა. „მხატვარი ჰო, ასეა თუ ისეა გავარკვიე, მაგრამ მიმი?.. მიმის რაღა ვუყო?.. საიდან მივუდგე?.. ჰმ, მიმი... მიმი... ეს რა ხათაბალაში გავიხვიე თავი... “ მხატვარი მხიარულ განწყობაზე იყო, ენას არ აჩერებდა, ხან რას ქაქანებდა და ხან რას, მაგრამ არაფერს საინტერესოს. ფიფო კი მონუსხულივით შეჩერებოდა კედელზე გამოფენილ ძველებური სტილის ვენეციურ ნიღბებს და ცალი ყურით მხატვარსაც უსმენდა... „ნიღბები... ნიღბები... ისევ ნიღბები... თუ მართლაც მხატვარი არაფერ შუაშია, ალბათ ნიღბების იდეა მიმიმ მისგან აიღო... ჰმ.. თავად ნიღბით დადის და საცოდავ განწირულ მსხვერპლს უფარავს სახეს... არადა, როგორ ვენდობოდი... როგორ... ტიპიუტი სოციოპათი ყოფილა, სანამ გაიშიფრებოდა თავიდან ყველა მოხიბლა, სიკეთისა და სათნოების განსახიერება იყო... ყველას ადვილად შეაყვარა თავი... მერე კი...“ LEX·2017 წლის 6 აპრილი, ხუთშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.