შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (13)


11-06-2017, 18:44
ავტორი MariamG
ნანახია 2 210

***
ფიქრს, რომ „ამას არ გავაკეთებ“, მივყავართ იქამდე, რომ გავაკეთეთ.

***
უცნაური საღამო ჩამომდგარიყო. თოვლიანი, ნისლიანი. ჩამოცვენილ ფიფქებს წვიმის წვეთები ერეოდნენ და მიწას ატალახებდნენ. თუმცა თოვლიც იდო, ქუჩაში გასულები ღრმა კვალს ტოვებდნენ, მაგრამ ირონიულია - დაბრუნებულებს საკუთარი ნაბიჯები აღარ ხვდებოდათ.
პალტოს საყელოები აეკეცა მათეს და გაყინული ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. პალტოს საყელოების ქვეშ სქელი შარფი ჰქონდა ამოდებული, მაგრამ არ ათბობდა. ცივი ქარი პირდაპირ სახეზე ეცემოდა, შორიდან მოტანილ გაყინულ ფიფქებს ზედ აყრიდა, წამწამებზე უტოვებდა და გვერდს უვლიდა. ახალგაზრდა კაცს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი სიცივე, ასეტი სუსხიანი ზამთარი არ ახსოვდა. დათოვლილ ქუჩებზე ლამპიონების სუსტი განათება ეცემოდა. თითქოს, ეს მაღალი, სწორი ძელებიც წელში ტყდებოდნენ ყინვისგან. სახურავებიდან ჩამოსული წვეთები იქვე გაყინულიყვნენ, ლოლოებად ქცეულიყვნენ და შორიახლოს გამვლელს კარგს არაფერს უქადდნენ, წვეტიანი პირები წაეგრძელებინათ და საცოდავად ქანაობდნენ, ჩამოვარდნას ლამობდნენ.
ღამის ცა შავდებოდა, მთვარე ღრუბლებს შორის მოთავსებულიყო და რძისფერ შუქს ასხივებდა. ქვაფენილიდან ჩანდა მუსიკალური შენობის თეთრი სვეტები, მარმარილოს კიბე და შემაწუხებლად თეთრი განათებები. შენობის წინ შავი მანქანები ჩამწკრივებულიყვნენ, იქიდან საღამოს კაბებსა და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი სტუმრები გადმოდიოდნენ და თავაწეულნი შედიოდნენ შენობაში. ისე, თითქოს იქ კიდევ იყო ნიკოლა მახარაძე, თითქოს ისევ იჯდა თეთრ დარბაზში, შავ როიალთან და ვისკის წრუპავდა. თითქოს ისევ ისე, შემაწუხებლად აბრიალებდა ჭაობისფერ თვალებს და თითქოს ისე, რომ ილუზიის ფონზე, მისი მუსიკა ისმოდა.
მათემ დარბაზის კარი შეაღო, წამში გადმოიღვარა მუსიკის დაბალი ხმა და სტუმრების აღელვებული მზერაც მას დაეცა. ყოველი მათგანის გამოხედვაში იმედს პოულობდა, რომ იმ საღამოს ნიკო იქ დახვდებოდათ, მათთვის დაუკრავდა, მერე ადგებოდა და დაიკარგებოდა. მათემ პალტო გაიხადა, იქვე ჩამოკიდა და პიჯაკი შეისწორა. დარბაზში სიცხე ჩამომდგარიყო. უგულოდ ჩაუარა სხვადასხვა ფერ კაბებში გამოწყობილ ქალბატონებს, მსუბუქად დაუკრა თავი კამათში ჩაბმულ მამაკაცებს და აივანზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასე გაიყინებოდა, მაინც არ შეეძლო იქ ყოფნა. იმუხტებოდა, შიგნით რაღაც სწყდებოდა და ნაღველი უგროვდებოდა. მხოლოდ წუთით ყოფილიყო საკუთარ თავთან და მერე შეძლებდა, ძალას მოიკრებდა და შევიდოდა, მიესალმებოდა, აუხსნიდა, დასთანხმდებოდა, ერთი სიტყვით, გადააგორებდა ამ საძულველ საღამოს. ახლაც, სხვა დროსაც.
-ხომ იცი, რომ შეგიძლია წახვიდე. -მოესმა უკნიდან და ხელებით მოაჯირს დაეყრდნო.
-ერთის წასვლა საკმარისია. -აღმოხდა ხმაშეცვლილს და ქალს გახედა. წითელ კაბაში გამოწყობილი ბელა სევდიანად უღიმოდა, მასთან მივიდა და მკლავზე მოეხვია.
-მილიონ სახეშიც მის ძებნას ცდილობ. დაისვენე, მათე. ნიკოლას დაურეკეს, შეატყობინეს, რომ კონცერტზე ელოდებიან, თუმცა ვიცი, არ მოვა. შენც ელოდები. მორჩი, შეწყვიტე მის გამოსწორებაზე ფიქრი.
-წელიწადი სრულდება, უნდა გამოჩნდეს. -ჰორიზონტს გახედა მათემ და გულში რაღაცამ მწარედ, მტკივნეულად გასწკიწკნა.
-არ მოვა მათე, ამჯერად არ მოვა. -თავი გააქნია ბელამ და მათეს ხელს შეეხო. ახალგაზრდა კაცმა უხეშად გამოჰგლიჯა და გაცეცხლებულმა შეხედა.
-შეიძლება დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ აუცილებლად მოვა. გესმის? -იღრიალა მან. -სწორედ ამით განსხვავდება ყველასგან, მაშინ ჩნდება, როცა იმედები გადაწურულია. არ გაბედო, თავს უფლება არ მისცე, რომ გამაჩერო. ნიკო მოვა! -სასოწარკვეთილი მათე სტუმრებს შეერია, ვისკის ბოთლი აიღო და კიბეს აუყვა, დარბაზში, როიალთან ჩამოჯდა და ბოთლის ძირი ხმაურით დაანარცხა როიალის პრიალა ზედაპირს. თვალები ჩასისხლიანებოდა, შიგნეულობა აემღვრა, დაბუჟებული ტუჩები შეახო ჭიქის სქელ კედლებს და მწარე სითხე მოსვა, კანკალი ჩაუცხრა, ხელისგული გადაუსვა ზედაპირს და ამოიოხრა. „მოხვალ, დაბრუნდები.“

***

მათემ თვალი შეავლო, როგორ უემოციოდ დაიკავეს ადგილები სტუმრებმა და იმედგაცრუებული მზერა ესროლეს სცენას. ჩვეულებრივი როიალი დაედგათ, ნიკოლას მსგავსი, შავი, მაგრამ არა ისეთი. ან, იქნებ ამ გათამამებულ, მახარაძის მუსიკას შეჩვეული ადამიანებისთვის ჩანდა ის ხის ნაჭერი პირქუში და მეტად ძვირფასი, ვიდრე ახალი. მათე კიბის ბოლოში, გასასვლელთან დადგა და თვალი გადაავლო ახმაურებულ დარბაზს. ადრე, როცა ნიკოს ელოდნენ, ჩურჩულიც კი არ ისმოდა, თითქოს სცენის თავზე ღრუბელი გროვდებოდა და ყველამ იცოდა, იმ წვიმაში დასველება აუცილებელი იყო. ახლა კი ჩვეულებრივი, შემაწუხებელ ზუზუნს ჰაერში აჰყავდა დარბაზი, სცენა უბრალო და გაცრეცილი ჩანდა.
-ბატონო, ახალი არაფერი ისმის? -მხარზე მოქაჩა ერთი თავით დაბალმა, ჩასუქებულმა კაცმა მათეს. ახალგაზრდა კაცმა დახედა, გასწორდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო.
-რას გულისხმობთ?
-ნუთუ არ გსმენიათ? -შეიცხადა კაცმა. -ღმერთო ჩემო! ნიკოლა მახარაძეს სთხოვეს, ჩვენთვის დაეკრა! -ხელები ზემოთ ასწია კაცმა და მთელი გრძნობით ამოიხავლა სისულელე, რომელიც მათეს ნერვებზე უფრო მოქმედებდა, ვიდრე ემოციურ მდგომარეობაზე. -უთხრეს, ბევრი სტუმარია და იმედგაცრუებულს ნუ დაგვტოვებო, ღმერთმანი, გამოიცანით რა გააკეთა ამ კაცმა?
-არ მითხრათ, აფრენილ თვითმფრინავს შეახტა და ჩვენთან მოდისო. -გაღიზიანებულმა გადახედა აღტაცებისაგან დამრგვალებულ კაცს.
-ამბობენ, ყველგან გადავამოწმეთ, ის იქ არ არისო. ხედავთ ამ ქალებს, გაბმულად რომ ჭორაობენ? ნიკოლას ამბავი შეიტყვეს, ერთი სული აქვთ ნახონ. იმ როიალს უყურეთ, სცენის შუაში რომ დაუდგამთ და თეთრი სინათლე ეცემა, ეს უეჭველად მახარაძეა. -ხელები ისე ასწია კაცმა, თითქოს ლოცულობდა. მათემ ამოიოხრა, კაცს მხარზე ხელი დასცხო და სცენისკენ მიაბრუნა.
-ბატონო, პატივისცემის მიუხედავად, ნიკოლა დღეს არ მოვა. -თავი გააქნია მათემ და დაღლილ სახეზე ხელი ჩამოისვა. -ის ქვეყანაშიც კი არ არის. მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის, ნებისმიერ კუთხეში შეიძლება იყოს. მისთვის მსმენელის გაოცება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, ის უბრალოდ საკუთარი თავისთვის უკრავდა და ილუზია, რომ თქვენს გამო კონტინენტს გადმოიფრენს, ბავშვურ ახირებას ჰგავს. თქვენი ადგილი დაიკავეთ, ბატონო და დაელოდეთ მუსიკოსს, რომელიც ამ საღამოს დაუკრავს. -ხელით ცარიელი ადგილისაკენ ანიშნა მათემ. სახეზე ერთიანად აწითლებულმა კაცმა გაბრაზებით ახედა, ხელები მუშტად შეკრა
-შემოსასვლელში გაბრძანდით და აბრა შეათვალიერეთ, იქნებ მაშინ მაინც დამიჯეროთ! -პატარა კაცი ადგილს მოსწყდა და ხმადაბალი გინებით დაიკავა ადგილი. ეტყობოდა, გააბრაზა მათეს რეაქციამ. სჯეროდა, რომ ნიკოლა მოვიდოდა. მათე ნაღველმა შეიპყრო. როგორ სურდა, ამ პატარა კაცის მსგავსად იმედი ჰქონოდა. უნდოდა დაეჯერებინა, რომ ნიკოლა ამ საღამოსაც არ უღალატებდა, არ გამოტოვებდა და მოვიდოდა. ისე უნდოდა იმედი ჰქონოდა, რომ რეალობაშიც კი წარმოედგინა. ამასობაში, მუსიკოსს ადგილი დაეკავებინა. შემაწუხებელი სიდინჯით აიკეცა მკლავები და წელში გასწორდა. მათემ თავი გვერდზე გადასწია, კედელს მიაყრდნო. ალბათ, არ იყო ცუდი მუსიკოსი. პირველივე ბგერა უცხოდ გაიფანტა ჰაერში. არც ერთი წამოძახილი, არც ერთი ნიშანი იმისა, რომ მუსიკა სასიამოვნო იყო. არც ერთი ტკბობის წუთი, არც ერთი ჟრუანტელი. უბრალოდ მუსიკა, რომელსაც ძალიან უნდოდა ნიკოს დამსგავსებოდა, მაგრამ კედლებს შეზრდილი მახარაძის მუსიკა არასდროს მისცემდა უფლებას დაუკითხავად ჩამძვრალიყო მსმენელის გულში. მათემ თვალები დახუჭა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს დარბაზი აქამდე დაეცემოდა. არ ესმოდა, რატომ გახდა აუცილებელი, რომ ნიკოს მიეტოვებინა ყველაფერი.
მათე შებრუნდა, გასასვლელის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. იქვე, კედელზე ჩამოკიდებულ აბრას გახედა - „კონცერტს დახურავს ნიკოლა მახარაძე“ იკითხებოდა თეთრ ფონზე. მათემ ჩაიცინა.
-ეს აბრა ჩამოხსენით, ერთი წლის წინანდელია. -პალტო აიღო და შენობა დატოვა. იმ საღამოს, სიცივე აღარ უგრძვნია. ჩუმად დაუყვა ქვაფენილს და ნისლში ჩაიკარგა.

***

„სიცოცხლე, სიკვდილი - დაუსრულებელი თამაშია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი სრულდება, რათა მეორე დაიწყოს. ხოლო მეორე, სამუდამოდ გრძელდება.“ -ამბობდა მოგვიანებით მათე. „სიცოცხლეში, რომელიც უბრალოდ, უმიზეზოდ და როგორც ჩანს, უმიზნოდაც დავიწყეთ, ტკივილის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინეთ. დავიბადეთ, რათა გვეგრძნო და გრძნობა ქცეულიყო სიმახინჯედ. მაშ, ვინ არის დამნაშავე, რომ ჩვენი, თითოეულის ცხოვრება სპექტაკლს დაემსგავსა. ვიღაცის თამაშში მარიონეტები ვიყავით, ვაკეთებდით იმას, რაც არ გვსურდა და შორიდან ვუყურებდით როგორ იშლებოდა, ფერფლად იქცეოდა და მოგონებების მორევში იყრებოდა ყველაფერი კარგი, რაც კი წარმოგვედგინა და გვსურდა. აბსურდი იყო ეს ხანმოკლე არსებობა და დამნაშავე არავინაა, რომ ასე მოხდა. იცით, რას წერდა ნიცშე შექსპირზე? „რამდენი ტანჯვა უნდა გადაეტანა ამ კაცს, რომ ბოლოს მასხარას ნიღაბი აეფარებინა!“ მართლაც, რამდენი ტანჯვა უნდა გადაეტანა იმ ერთს?...“

შუაღამე ჩამომდგარიყო. მათე ქუჩაში გავიდა. პალტოს საყელოები ჩვეულებისამებრ აიკეცა და თავდახრილი დაეშვა დაღმართზე. ნაბიჯები გაორმაგდა, მის უკან სილუეტი მოდიოდა. მათემ თვალის კუთხიდან გადახედა ლამპიონის შუქზე დაცმულ ჩრდილს. შიდა ჯიბეში შეიცურა ხელი, იარაღი ხელისგულში მოიგდო და ოდნავ გადმოასრიალა. მხარზე მოჰკიდეს ხელი, შემოაბრუნეს თუ არა, მათემ იარაღი ამოსწია და გამხდარ, მაღალ მამაკაცს დაუმიზნა.
-დამშვიდდი! -შეჰყვირა მან, ხელები ზემოთ ასწია და აქეთ-იქით მიმოიხედა. -თუ შეიძლება დაუშვი, დაგვინახავენ.
-ვინ ხარ?
-დაუშვი!
-ვინ ჯანდაბა ხარ-მეთქი? -იყვირა მათემ და შუბლთან უფრო ახლოს მიუტანა იარაღი კაცს. უცნობმა თვალები გადაატრიალა, ჯიბეები ამოიბრუნა და პალტო შეიხსნა.
-ხომ ხედავ, მე არ მაქვს იარაღი. ასე კი უსამართლო ბრძოლაა. უბრალოდ რაღაცის სათქმელად მოვედი. -მათემ იარაღი დაუშვა, უნდობლად მიაშტერდა უცნობს.
-გამაფრთხილეს, ოდნავ უხეში კაცია და მოერიდეო, ჯადოსნური სიტყვაც მასწავლეს, თუ არ დამემორჩილებოდი. -ჩაიქირქილა უცნობმა და მათეს მხარზე დაადო ხელი. -აქ ნიკოლა მახარაძის პრობლემაზე სალაპარაკოდ მოვედი, თუმცა მგონი, ასე აჯობებს. -კაცმა ჯიბიდან თეთრი ქსოვილი ამოიღო, მათეს მკლავში სწვდა და ხელები გადაუგრიხა, რომელიღაც მხრიდან ორი კაცი გამოვარდა, მათეს გაბრძოლება უნაყოფო აღმოჩნდა. ცხვირსა და პირზე ძლიერად მიაჭირეს ნაჭერი, უსიამოვნო სუნმა მათეს გონება დაუბინდა, თვალებში დაუბნელდა და წამში მოეშვა. ქვაფენილზე ჩაიკეცა, ხელები და ფეხები უღონოდ მიაგდო დათოვლილ მიწაზე.
უცნობმა კმაყოფილებით სავსემ დახედა, ერთი-ორჯერ სიამოვნების შეძახილი ამოუშვა და ზორბა კაცებს უბრძანა, წაეყვანათ.
თოვდა.

***

მათეს რომ გამოეღვიძა, სუსტად განათებულ ოთახში იჯდა. წინ რკინის მაგიდა იდგა, თვითონ კი როგორც საშინელი, გულისშემაწუხებელი ჭრიალით მიხვდა, რკინის სკამზე მიეგდოთ და სადღაც წასულიყვნენ.
წამოდგა, ჯერ კიდევ თავბრუ ეხვეოდა, შებარბაცდა და მაგიდაზე დადგმულ წყალს სწვდა, ბოლომდე დაცალა. ისევ ჩამოჯდა, ჯიბეები შეიმოწმა. საკვირველი იყო, არც იარაღი, არც ტელეფონი არ ამოუცლიათ.
-გატაცებული არ ვარ. -დაასკვნა მან, წამოდგა, რკინის კარს მიუახლოვდა და სახელური ჩამოსწია, კარი დაჰყვა, გაიღო და გასასვლელიც ფართოდ გამოჩნდა. წარბები ასწია მათემ, იქაურობა შეათვალიერა. მარჯვენა კუთხეში კამერა დაემონტაჟებინათ, ესეც შენი თავდაცვა. ჩუმად, ნელა გაუყვა დერეფანს და კიბეზე დაეშვა. ჯერ კიდევ არ იყო ჩასულიყო, როცა საუბარი შემოესმა, შედგა, ხმები არ ეცნობოდა, იტალიურად საუბრობდნენ.
-ჰეი! -შეჰყვირა ერთმა და მათესთან მიირბინა, მკლავში სწვდა. ახალგაზრდა კაცმა ხელი ჰკრა და კედელს მიანარცხა, გაცოფებული დაიძრა დარბაზის შუაგულისკენ. ხის მაგიდასთან მოკალათებულიყო შესახედავად ამაზრზენი, იტალიელი კაცი. ცალყბად გაეღიმა, როცა მისკენ წამოსული მათე დაინახა. ორი კაცი გადმოიწია, თუმცა ისინიც ხელის კვრით მოიშორა მათემ და იტალიელის მაგიდაზე მუშტები დასცხო.
-რა თამაშს მეთამაშებით? ჰმ? -შეჰღმუვლა მან.
-Siediti, signore. -სავარძელზე მიუთითა იტალიელმა. მათემ თვალები გადაატრიალა, ყბები ძლიერად შეკრა და სავარძელში ჩაესვენა. ხელები გადახლართა ერთმანეთში და თვალი გაუსწორა გარუჯულ, საზიზღარი გარეგნობის კაცს.
-ნიკო?
-ოჰ, მალე მოვა. -ღიმილი გადაეფინა სახეზე კაცს. -რაღაც გაცვლის საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. ნუ გეშინია, თუ ნიკოლას მხრიდან ოინები არ გვექნება, შენც ცოცხალი დარჩები და ნაწილობრივ, შენი მეგობარიც. -მხრები აიჩეჩა კაცმა.
-რა გაცვლაზე ლაპარაკობ? გაგიჟდი ბებერო? -იღრიალა მათემ.
-ნიკოლას უარი არ ჰყვარებია. წერილი მთხოვა, ორიგინალი წერილი. -თითი ასწია იტალიელმა და პიჯაკის შიდა ჯიბიდან ფურცელი გამოაძვრინა, ოთხად დაკეცილი. -ეს ის წერილია, რომელიც სინამდვილეში მისმა საცოლემ სიკვდილის წინ დატოვა. ხოლო წერილი, რომელზეც ყოველთვის ეჭვობდი, რომ ყალბი იყო, არის კიდეც. -მათე გაოცებული მიაშტერდა კაცს. გაქვავდა, ადგილს მიეყინა და შორიდან შეათვალიერა პაწაწინა ფურცელი.
-შენ საიდან იცი?
-ოჰ, მეგობარო, ალექსანდრე მახარაძეს ამაში მე დავეხმარე. -ჩაიქირქილა მოხუცმა და გასწორდა. -შენ, შენ არაფერი იცი. -თავი გვერდზე გადასწია გაოცებისაგან კმაყოფილმა იტალიელმა და უკეთესად მოკალათდა სკამზე.
-დაიწყე. -შეუღრინა მათემ და თვალი ძლივს მოსწყვიტა ფურცელს.
-ის საცოდავი გოგო... -სიტყვა გაუწყდა იტალიელს. ოთახის კარი გაცოფებულმა მახარაძემ შემოგლიჯა და როგორც კი მათე დაინახა, ადგილს მიეყინა. თავი გადასწია მათემ, თვალი გაუსწორა წელიწადის უნახავ მეგობარს და იგრძნო, როგორ აემღვრა შიგნეულობა. უყურებდა ნიკოს და ვეღარ ხედავდა მასში ძველ მახარაძეს. გამხდარი, წვერმოშვებული და გადაღლილი იყო. ჭაობისფერი თვალები ჩამუქებოდა, დასვრილი პიჯაკი ეცვა და მუდამ მოვლილი, მუსიკოსის ხელები გადაყვლეფილი და სისხლიანი ჰქონდა. გული მოუკვდა მათეს. ნიკო მათეს დანახვამ დააბნია, გამოწურულ გულში თითქოს ისევ დაიწყო სისხლმა დენა. ძარღვები გაებერა, ბაგეების კუთხეები ოდნავ აეწია, გული შეეკუმშა და კანქვეშ პულსაცია გაუხშირდა.
ჭაობისფერი თვალებიდან ნისლი გადაეწმინდა, ხშირი, გრძელი წამწამებიდან ახედა მონატრებულ სახეს. ფეხზე წამოდგა მათე. მაგრამ თვალის არიდება მოუნდა, ვერ აიტანა ასეთი ნიკოს დანახვა, შებრუნდა და ზურგი აქცია.
გულში ჩასწყდა ნიკოლას რაღაც. თავი ოდნავ გვერდზე გადააქნია და მეგობრის ზურგს მიაშტერდა. ზურგი აქცია მათემ და თვალი მოაშორა. შებრუნდა, დანახვა არ მოუნდა. ნერვიულად გადაისვა გაუხეშებულ თმაში ხელი მახარაძემ და ჩაახველა, სისუსტის გამოჩენა უდროო იყო. მეორე ხელში მოგდებული სხეული წინ გაათრია. იტალიელი ფეხზე წამოდგა. ნიკოლას გვერდით ხელებშეკრული მსხვერპლი ედგა.
-ნიკოლა, ვხედავ, პირობა შეგისრულებია. -აღტაცებულმა გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. ნიკომ ხელი ასწია.
-ერთი ნაბიჯი, ერთი მცდელობა, რომ ძალით გამომგლიჯოთ ხელიდან და ჩათვალე, მკვდარია. ამათ უთხარი, აქედან აორთქლდნენ. -იარაღი საფეთქელზე მიადო პატარა ბიჭს ნიკოლამ. იტალიელმა ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ყელში, ზორბა კაცებს ხელით ანიშნა გასულიყვნენ და გაცოფებულმა ახედა მახარაძეს.
-ხომ გითხარი, არანაირი მუქარა-მეთქი?
-ხომ გაგაფრთხილე, მათეს არ შეეხო-მეთქი?
-უბრალოდ გარანტია იყო, რომ მოხვიდოდი.
-არა, არა. გარანტია არ გჭირდება, ისედაც იცოდი, რომ მოვიდოდი. რაღაც სხვა, სხვა გინდა. -ეჭვით ახედა ნიკოლამ. მათე შემობრუნდა, ცეცხლით ანთებული თვალებით გადახედა ნიკოლას.
-თქვენ, ორნი, სხვადასხვა სხეულებში გამომწყვდეული ერთი სული ხართ. როცა ნიკოლა გასაჭირშია, მათე მზადაა თავი გაწიროს, როცა მათეს საფრთხე ემუქრება, ნიკოლა უკონტროლო მონსტრი ხდება. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ადამიანი შემოგხედავთ, შურისძიება ავიწყდება. ხელოვნების ნიმუშები ხართ, ერთი ფუნჯით ნახატი. -ხელები ასწია იტალიელმა. -რა უნდა გაგიკეთოს ადამიანმა, მათე, რომ გაგანადგუროს? ოჯახი ამოგიხოცოს? არა, ეს ხომ გადაიტანე? თვალწინ დაგიხოცეს, თუ ვცდები? იქნებ, საცოლე წაგართვან? არა, ესეც გმირულად აიტანე. მხოლოდ ერთმა წელმა, თორმეტმა თვემ ძვლებში გადაგამტვრია. თორმეტი თვე, ნიკოლას გარეშე და ფაიფურის მსხვრევად სათამაშოდ იქეცი. საკუთარი თავის მტერი გახდი. კონცერტებზე დადიოდი, სადაც იცოდი, რომ ის არ მოვიდოდა. თვალს უსწორებდი რეალობას, სადაც შენი მეგობარი არ ცხოვრობდა. გიჟდებოდი, თავს კარგავდი, ყოველ დღე, ყოველ წამს გწყდებოდა რაღაც ნაწილი. იფერფლებოდი. და ახლა, როცა ერთმანეთის წინ ხართ, როცა შანსი გაქვს გადაეხვიო, ზურგი აქციე. გასაკეთებელი არაფერია, მეგობრებო. თქვენ თვითონ ანადგურებთ ერთმანეთს. საჭირო მხოლოდ თქვენი გაბრაზება იყო, ახლა კი ერთმანეთს სამუდამოდ დატანჯავთ.
-მოკეტე, ბებერო ვირო, ენა ჩაიგდე! -ცივი იარაღი ბიჭის საფეთქელს ძლიერად მიაჭირა ნიკოლამ. მათე ჩაფიქრებული უყურებდა იტალიელს. კაცს ოდნავაც არ ადარდებდა, რომ მისი შვილი იარაღმიდებული იდგა, დაუცველი და აუცილებლად მოკვდებოდა, თუკი ნიკოლას ასე დასჭირდებოდა.
-თუ ჩემს შვილს შეეხები, მათე აქედან ვერ გავა.
-ამის გარანტიას მაძლევ,თუ უბრალოდ შესაძლო ვარიანტია? -ზიზღით გამოსცრა ნიკომ და იარაღი გადატენა. ტკაცუნის ხმაზე იტალიელი წამოდგა, ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდას.
-სისულელე არ გააკეთო ნიკოლა, თორემ არც მე დაგაკლდები.
-წერილზე ილაპარაკე. -წამიერად გაისმა მათეს ხმა და ნიკო დაიძაბა, წელიწადის შემდეგ, პირველად გაიგონა მეგობრის შეცვლილი, გაბზარული ხმა. თითქოს დარდსა და ნაღველს თავისი კვალი დაეტოვებინა ხმაზე. გული მოუკვდა.
-ოჰ, წერილი. ყალბია, რა თქმა უნდა.
-ჰოდა მომეცი ეგ! -დაიღმუვლა ნიკოლამ. მათემ ხელი ასწია, გააჩუმა მახარაძე. ეჭვით გადახედა იტალიელს, რომელსაც ცბიერი, ეშმაკური ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე.
-ერთი წუთით, აქ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. -თქვა მან. -წერილი თუ ყალბია, არ არსებობს შანსი, რომ ნამდვილიც სადმე იყოს. თვითმკვლელები წერილს რამდენიმე დღით ადრე არ წერენ, მაგრამ თათა ის ქალი არ ყოფილა, რომელიც გამოსამშვიდობებელ სიტყვებს დაგვიტოვებდა. თავი რომ მოიკლა, შენც მალე მიხვედი -ხელი გაიშვირა ნიკოლასკენ. -ალექსანდრე ქვეყანაშიც კი არ იმყოფებოდა. ჰმ! -შეჰღმუვლა მათემ და სახე ბრაზით მოეღრიცა. ნიკოლას გადახედა, -არეულ, უკონტროლო სიტუაციაში წერილს არავინ აიღებდა და არავინ მოიტანდა აქ. ვიფიქრებდით, რომ თათა მოკლეს, მაგრამ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თვითმკვლელობა იყო. ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც ხელში შეგვრჩა წერილის არარსებობაა. -ზიზღით გადახედა მათემ იტალიელს, რომელსაც ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და ეშმაკურად იღიმოდა. -და არანაირი მტკიცებულება, რომ ნიკოსთან კავშირი გაქვს. -საჩვენებელი თითი გაიშვირა მათემ კაცისკენ. თვალები აემღვრა, ყელში მყესები დაეჭიმა. -შენ აქ ნიკოს გამო არ ხარ, ნიკო არ გაინტერესებს. ჭორი გაიგე და გამოიყენე, ჩემთან მოხვედი. -ხმადაბლა, გაურკვევლად ჩურჩულებდა მათე და ნელ-ნელა უკან იხევდა. იტალიელი წამოდგა, წელში გასწორდა და მათესკენ დაიძრა.
-ნიკო -დაიღრიალა მათემ. -გაიქეცი!
-ჰო, ჭკვიანო ბიჭო, შენი დამპალი ოჯახიდან ერთადერთი ნაბი*ვარი ხარ, რომელიც გადამირჩა. მაგრამ არც იმას გეტყვი, რომ ნიკოს საქმეში სუფთა ვარ. რას ვიზამთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ასე არ ამბობთ ხოლმე ?- საზიზღრად ჩაიქირქილა კაცმა და მათეს შუბლზე წითელი წერთილი აუთამაშდა, ნიშანი, რომ სამიზნე იყო. ნიკომ ბიჭი ძირს დაანარცხა, სახეზე ფეხი დააჭირა და იარაღი მიუშვირა. იტალიელმა ირონიით გადახედა.
-სამი კაცი რიგრიგობით ელოდება, როდის მოვა წამი, რომ ორივე ამოგხოცონ. ერთი მცდელობა და მკვდარი ხარ, მახარაძე.
-არამგონია. -დაიღმუვლა მან. ქვემოთ დაიხარა, ბიჭს პირი გააღებინა და თეთრი აბები პირში ჩატენა, ორი თითი ღრმად შეუცურა ყელში და როცა ენის მძიმე მოძრაობით მიხვდა, რომ აბები ბიჭის ორგანიზმში იყო, წელში გასწორდა და იარაღი იტალიელს მიუშვირა. -შემთხვევით გავიგე, თურმე ყველა წამალი არ კურნავს. -იარაღი ქვემოთ დასწია, ბიჭს პირიდან ქაფი გადმოსდიოდა, თვალები ჩასისხლიანებოდა და ერთიანად გალურჯებულიყო. გარედან ისმოდა, როგორ ემზადებოდა იტალიელის კაცი ერთი გასროლისთვის. წამები იყო დარჩენილი, შეცდომის დაშვება არ ივარგებდა. ნიკოლამ ერთხელ ახედა მათეს, რომელიც თვალებით სთხოვდა, ბიჭი არ მოეკლა, თუმცა უკონტროლო სიტუაცია რომ არა, ერთადერთი გვამი მათე იქნებოდა. ნიკოლამ ბიჭის ცისფერ თვალებს დახედა, ცივს, მაგრამ მაინც ცოცხალს. ალექსანდრე გაახსენდა, ისეთივე გაყინული მზერა ჰქონდა, როგორიც მის ბიძაშვილს. ნეწყვი მძიმედ გადაუშვა, იარაღს ხელი გამოჰკრა და ტყვია ბიჭის შუბლში გაჩენილ სიღრმეში გაუჩინარდა. იტალიელმა დაიღმუვლა, თუმცა ვიდრე მოასწრებდა გამოფხიზლებას, მათე დაუსხლტა, გვერდზე გადაიწია. მახარაძემ ორჯერ გაისროლა, სასოწარკვეთილი იტალიელი ჯერ მუხლებზე დაეცა, შვილის სიკვდილით გამოწვეული სიმწარე ყელსა და თვალებში ამოუვიდა, ამოიხავლა, დაახველა, პირიდან სისხლის ნაკადი გადმოუშვა და გახელილი, გაცხოველებული თვალები ჩაუქრა. წინ გადმოიზნიქა, დაეცა და წამიერი კანკალის შემდეგ, სამუდამო ძილს მიეცა. მათემ ნიკოლას ახედა, თავი გააქნია და დაიხარა. დაინახა ნიკომ, როგორ გაქრა მის შუბლზე წითელი წერტილი.
შეძლო.

***

ერთად მიუყვებოდნენ ქვაფენილს.
-მაშ, თათა არც მოღალატე იყო და არც ისეთი ცუდი, როგორიც გვეგონა?
-ასეა. თათამ ჩემს გამო კი არა, ალექსანდრეს გამო მოიკლა თავი. -ნაღვლიანად თქვა ნიკომ. -თითქოს ტვირთი მომეხსნა. ცხოვრების ბოლომდე დამტანჯავდა ფიქრი, რომ მე მოვკალი. მაგრამ უდანაშაულო არ ვარ, უკეთესი ადამიანი რომ ვყოფილიყავი, შევძლებდი ყველას შენარჩუნებას. -მოაჯირს დაეყრდნო და თვალი გაუსწორა დათოვლილ ხედს ნიკომ. მათე მის გვერდით დადგა, ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და მეგობარს გაუწოდა. ნიკოლას გაეღიმა, სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-ყველა, ვინც გძულს, მიწის ქვეშაა.
-ყველა, ვინც მიყვარს, ზურგით დგას. -დაამატა მახარაძემ და საკუთარ ხელებს დახედა. -ერთი წელია, ახლოსაც არ მინახავს. წელიწადია, ვეღარ ვსუნთქავ.
-დღეს კონცერტი იყო. ერთი პატარა კაცი მომვარდა, მიმტკიცებდა, ნიკო აუცილებლად მოვა, აი ნახავთო. მთელი დღე მჯეროდა, რომ კიდევ დიდ ხანს არ გნახავდი. ისე, რომ იცოდე, კონცერტი ჯერ არ დამთავრებულა, შეგიძლია...
-ჩემში რაღაც მოკვდა, მათე. წასვლის წამიდან ვიგრძენი, როგორ გამომეყო რაღაც ნაწილი და როგორ დაიფერფლა. მართალი იყავი, სიკვდილი ვარ. სადაც არ უნდა წავიდე, სიბნელე მიმყვება. უზარმაზარი ჩრდილი ვარ, რომელიც ყველას ბედნიერ ცხოვრებას ეფარება. ვიცი, გიჭირს. ვიცი, ყველაზე უსამართლო ვარ შენს მიმართ, მაგრამ იქნებ უკეთესია მათე.
-უკეთესი? შენ შენს თავს არც კი იცნობ, ნიკო. ზოგჯერ უნდა დავეცეთ, რომ წამოდგომის ფასი გავიგოთ. და პირიქით, უნდა წამოდგე, რომ დაეცე. არ შეიძლება ყოველთვის სწორად იარო. თუ გგონია, რომ წასვლით გამოასწორებ... -ჰორიზონტს გახედა მათემ. -არაფრის გამოსწორება არ შეიძლება, ნიკო. რომ შეიძლებოდეს, ყველაფერს თავიდან დავიწყებდით და სრულყოფილები გავხდებოდით. მაგრამ ჩვენი იდეალურებად შექმნა მიზნად არავის ჰქონია. სამყაროში იდეალურის ადგილი არ არის. ხოლო ვინც სრულყოფილია, ვისაც არც შეცდომები, არც ტკივილი და არც უსამართლობა არ ტანჯავს, მისი ადგილი მუზეუმშია. დაცული, ვიტრინის მეორე მხარეს. გამიჭირდა. ჩვენგან ყველაფერი გაქრა. მე და შენ ის მეგობრები აღარ ვართ, მაშინ რომ ვიყავით. ახლა ორნი ვართ. გულს ამსხვრევს მოგონებები, ნიკო. არ მინდოდა, რომ ეს გამხდარიყავი. ამად ქცეულიყავი, შენგან ეს გამოთლილიყო და ნელ-ნელა დასრულებულიყავი. -მათე წასასვლელად მოემზადა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და პალტოს საყელოები აიკეცა. -იმ მდგომარეობაში არ ხარ, დარჩენის მიზეზებზე გელაპარაკო. უბრალოდ, იცოდე, რომ გპატიობ. ყველაფერი გაპატიე და კიდევ გაპატიებ, თუ დაგჭირდება. ჩემგან ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება, მაგრამ ის გაკლია, რაც გვაერთიანებს.
-შენზე ფიქრობენ, რომ მუსიკა ხარ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიკომ და ჭაობისფერი თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა. -თუ შევძლებ, ისევ გაგაცოცხლებ. -შებრუნდა და წავიდა. უყურებდა მათე, როგორ ტოვებდა ნიკოლა ისევ. ისე მიდიოდა, ნელა, დინჯად, მხრების მშვიდი აზიდვითა და დაწევით. ყოველ ნაბიჯში შორდებოდა. ცივი ქარი უბერავდა, მაგრამ სუნთქვა უჭირდა მათეს. მუსიკა არ იყო. არაფერი არ იყო.
თოვდა.

***

მათემ საკონცერტო დარბაზის რიგებს ჩაუარა, ანგარიშის ჩასაწერად მოიმარჯვა ფურცელი და კედელს მიეყრდნო. სამი თვე გასულიყო. სტუმრები ისხდნენ და ელოდნენ ვიღაც მუსიკოსს, რომელიც როგორც მთელი წელიწადი, ისე ახლაც, ვერაფრით გააოცებდათ. კიბის თავში ბელა იდგა, დაღლილი და მობეზრებული.
ფარდები გადაიწია, მათეს ეს საძულველი, ერთფეროვანი პროცესი მობეზრდა და თავაუღებლად შებრუნდა ზურგით. დარბაზი განათდა, ფარდები ბოლომდე გადაიწია, სცენაზე მრგვალი, თეთრი სინათლე რატომღაც არ ტრიალებდა, მთელი დარბაზი წამში ჩაბნელდა და თვალუწვდენელმა სიცარიელემ დაისადგურა. მათე დინჯად აუყვა კიბეს, ახალი აკვიატებააო, გაიფიქრა. ის-ის იყო კარს უნდა მიახლოებოდა, დარბაზში შეძახილები გაისმა. დაიბნა, გული შეუწუხდა.
შემობრუნების შეეშინდა.
ვიღაც ძლიერად შეეხო როიალს. მათეს ყელში ბურთი მოაწვა, ნახევრად შებრუნდა სცენისკენ. ბგერები დარბაზში გაიფანტნენ, მონატრებულები ეხეთქებოდნენ ერთმანეთს. სხვანაირი მუსიკა გადმოიღვარა სცენიდან. ეს არ იყო სიხარული, არც გლოვა. რაღაც სხვა, უფრო ახალი, უფრო წვიმიანი, ღრუბლიანი, მთვარიანი.
ღელავდა დარბაზი. კედლები მოძრაობდნენ, ჰაერი დაიმუხტა და ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს უწვავდა მათეს. გამომშრალ კანს ეხებოდა ყოველი წამი, ყველაფერს აცოცხლებდა, რაც იქამდე მომკვდარიყო. ერთბაშად ჰაერში ირწეოდა მუსიკოსი.
მათეს წამწამებზე დაეკიდა ცრემლი. მსგავსი რამ არასდროს სმენია, არასდროს უნახავს. პირველი იყო. მკვდრეთით აღდგომა, გამოცოცხლება. თავიდან დაიბადა იმ დღეს მუსიკოსი და უყურებდა ყოველი მათგანი, როგორ შემოიხსნა ახალდაბადებულის პრიალა კანი, ვარდისფერი, დაუცველი, ხორკლიანი ხორცით შებრუნდა მათკენ და მერე, როცა გარეთ ჭექა-ქუხილის დამანგრეველი, შემზარავი ხმა გაისმა, ახალდაბადებულმა ფრთები შეისხა. მაღლა აიჭრა და სინათლეს შეერია.
გარდაისახა, სამყაროს საზღვრები მოანგრია და შორს გაიჭრა.
მათე ქვემოთ ჩავიდა. გვერდით გასრიალდა თეთრი გველი, სცენაზე აიჭრა, მონატრებული შემოეხვია როიალს. მუსიკოსმა ხელი ასწია, გველს თავზე გადაუსვა, ზემოთ ამოიხედა და მათეს თვალი გაუსწორა.
-გარეთ წვიმს. -ბედნიერებისაგან ხმაშეცვლილმა ბელამ მათეს ხელი ჩაჰკიდა.
-ესე იგი, არ გვეჩვენება და ნიკო მოვიდა. -ჩაილაპარაკა მათემ და ბელას ძლიერად მოუჭირა ხელი.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

-შენზე ფიქრობენ, რომ მუსიკა ხარ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიკომ და ჭაობისფერი თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა. -თუ შევძლებ, ისევ გაგაცოცხლებ. -შებრუნდა და წავიდა.

ეს არაა ორ მეგობარს შორის ურთიერთობა, ეს არ ვიცი საერთოდ რა არის... მართლა ერთი ადამიანია ორ სხეულში. სხეულები კი სიშორეს ვერ იტანენ...
შურის და ბოღმის გამომწვევია სხვაში ასეთი დამოკიდებულება და მათეს და ნიკოს რომ მტრები ჰყავთ ეს არაა გასაკვირი...
გამიხარდა, რომ გული რასაც მიგრძნობდა წინა თავში, არ ახდა, თუმცა ვინ იცის....
სიმართლე გითხრა, ბიჭების საუბრიდან ბოლო ნაწილზე გადასვლა სუუულ ოდნავ დაჩქარებული მეჩვენა, თუმცა ეს შენ უკეთ იცი...
დაა ევა რომ ძაალიან მიიჩქმალა ამაზეც მწყდება გული...
მარიამ,,არ ვიცი რა იქნება უკანასკნელ თავში, შეიძლება საშინლად გულმოკლულიც კი დავრჩე, მაგრამ ეს ისტორია რომ ჩემს ფავორიტებში შევა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ დავმუნჯდი.
ყველა სიტყვა გაქრა ერთიანად.
ღირდა ამდენ ლოდინად, ღირდა რომ ასე დავცლილყავი და გავბედნიერებულიყავი, რაღაც ახალი ძალით ავივსე...
არ ვიცი რა არის ამ ისტორიაში ისეთი რომ ასე ძაან ვძვრები ხოლმე შეგნით...
მარიამ სასწაული ხარ ❤

 


№3  offline წევრი An_Gel

მათე და ნიკო არვიცი რა ჯაჭვით არიან საერთოდ დაკავშირებულები. სად შეიქმნა ეს კავშირი? რამ შექმნა ასეთი არაამქვეყნიური?! არვიცი, ეს მუსიკა ჩემთვის უკვდავია, დაუოკებელია და ძალიან ბობოქარი.
ბელა კარგად რომაა მიხარია, ის და მათე ბოლოში ღიმილმოგვრილები იყო ყველაზე დამსახურებული მთელ ისტორიაში და შეიძლება ცოტა ნაჩქარევიც, მაგრამ ძალიან სასიხარულო.
ნიკოლა მახარაძე დაბრუნდა, რომ გააცოცხლოს მუსიკა, საინტერესოა. ძალიან მაინტერესებს მისი შეხვედრა საყვარელ ქალებთან, განსაკუთრებით ბელასთან იმიტომ, რომ ევასთვის რა აქვს სათქმელი ჯერ ვერ ვხვდები.
მაგარი თავი იყო, მარ, ინტერესს არ ანელებ.

 


№4  offline მოდერი bibo

აი რო ვმუნჯდები ეს ახალი არა სუ რო შეგიძლია დამამუნჯო სუ შეგიძლია სამყაროს ორი მხარე მანახო ორივე მხარეს გამახედო და უბრალოდ მაგრძნობინო heart_eyes უბრალოდ მომენტი როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ ვერ ვხდები საიდან მოვიტაო დასაწერი სიტყვებ სად გაქრა როგორ დავაბრუნო როგორ დავწერო და როგორ გითხრა ორი სიტყვა მაინც heart_eyes ჰო ბელას მკვდრეთით აღდგომა მიხარია კარგია რაღაც ეგ და მათე საყვარლად ჭუკჭუკებენ bowtie bowtie აი ნიკოლი და მათე სხვა განზომილება სხვა სამყარო სხვა ფერები და უბრალოდ არ ვიცი მათე ნიკოლის გარეშე თუ იარსებებდა ან პირიქით heart_eyes kissing_heart შენ ხარ საოცრება სასსწაული უბრალოდ გასაგიჟებელი <3 ვგიჟDები მე იმ როიალზე რომლის გამაყრუელები ნოტები აზარზარებს დედმიწას რომლის კლავისებიც მარტო ნიკოლს ცნობენ რომლსაც თეთრი გველი ამოძრავებს და მისით სუჯნთქავს მე მიყვარს ის ნოტები ის შეგრძნება რომელსაც ეს როიალი ტოვებს heart_eyes ჰო ჯემო ველი ნიკოლისა და ვარდისფერ შარფიანიის შეხვედრას მინდა მათი შეხვედრა მათი გულების და თვალების ცმა მათი უბრალო შეხვედრა უბრალო შეხედვა ერთმანეთზე heart_eyes kissing_heart შენ ხარ საოცრება სასწაული მაგიჟებ გემრიელო მაოცებდა უბრალოდ მამუნჯებ ჩემო მარწყვის ქალავ heart_eyes kissing_heart

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
-შენზე ფიქრობენ, რომ მუსიკა ხარ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიკომ და ჭაობისფერი თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა. -თუ შევძლებ, ისევ გაგაცოცხლებ. -შებრუნდა და წავიდა.

ეს არაა ორ მეგობარს შორის ურთიერთობა, ეს არ ვიცი საერთოდ რა არის... მართლა ერთი ადამიანია ორ სხეულში. სხეულები კი სიშორეს ვერ იტანენ...
შურის და ბოღმის გამომწვევია სხვაში ასეთი დამოკიდებულება და მათეს და ნიკოს რომ მტრები ჰყავთ ეს არაა გასაკვირი...
გამიხარდა, რომ გული რასაც მიგრძნობდა წინა თავში, არ ახდა, თუმცა ვინ იცის....
სიმართლე გითხრა, ბიჭების საუბრიდან ბოლო ნაწილზე გადასვლა სუუულ ოდნავ დაჩქარებული მეჩვენა, თუმცა ეს შენ უკეთ იცი...
დაა ევა რომ ძაალიან მიიჩქმალა ამაზეც მწყდება გული...
მარიამ,,არ ვიცი რა იქნება უკანასკნელ თავში, შეიძლება საშინლად გულმოკლულიც კი დავრჩე, მაგრამ ეს ისტორია რომ ჩემს ფავორიტებში შევა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

მარ, ჩემო უძვირფაასესო და უტკბილესო, უღრმესი მადლობა.
არ მინდა წინასწარ რამეს დაგპირდე, მაგრამ როგორც ვთქვი, ნუ გეშინიათ, არამგონია ისე გავბოროტდე, რომ ყველა ცუდი წარმოდგენა ერთბაშადა აგიხდინოთ ;დ <3

Maiaabuladze
მარიამ დავმუნჯდი.
ყველა სიტყვა გაქრა ერთიანად.
ღირდა ამდენ ლოდინად, ღირდა რომ ასე დავცლილყავი და გავბედნიერებულიყავი, რაღაც ახალი ძალით ავივსე...
არ ვიცი რა არის ამ ისტორიაში ისეთი რომ ასე ძაან ვძვრები ხოლმე შეგნით...
მარიამ სასწაული ხარ ❤

მაი, როგორ მახაარებ და მაბედნიერებ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! არც კი ვიცი რა გიპასუხო.

An_Gel
მათე და ნიკო არვიცი რა ჯაჭვით არიან საერთოდ დაკავშირებულები. სად შეიქმნა ეს კავშირი? რამ შექმნა ასეთი არაამქვეყნიური?! არვიცი, ეს მუსიკა ჩემთვის უკვდავია, დაუოკებელია და ძალიან ბობოქარი.
ბელა კარგად რომაა მიხარია, ის და მათე ბოლოში ღიმილმოგვრილები იყო ყველაზე დამსახურებული მთელ ისტორიაში და შეიძლება ცოტა ნაჩქარევიც, მაგრამ ძალიან სასიხარულო.
ნიკოლა მახარაძე დაბრუნდა, რომ გააცოცხლოს მუსიკა, საინტერესოა. ძალიან მაინტერესებს მისი შეხვედრა საყვარელ ქალებთან, განსაკუთრებით ბელასთან იმიტომ, რომ ევასთვის რა აქვს სათქმელი ჯერ ვერ ვხვდები.
მაგარი თავი იყო, მარ, ინტერესს არ ანელებ.

აარ ვიცი, რა ჯაჭვია ნეტავ?
გეთანახმები.
არც მე ვიცი რა ააქვს ევასთვის სათქმელი.
დაველოდოთ.
ძალიან დიდი მადლობა!!

bibo
აი რო ვმუნჯდები ეს ახალი არა სუ რო შეგიძლია დამამუნჯო სუ შეგიძლია სამყაროს ორი მხარე მანახო ორივე მხარეს გამახედო და უბრალოდ მაგრძნობინო heart_eyes უბრალოდ მომენტი როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ ვერ ვხდები საიდან მოვიტაო დასაწერი სიტყვებ სად გაქრა როგორ დავაბრუნო როგორ დავწერო და როგორ გითხრა ორი სიტყვა მაინც heart_eyes ჰო ბელას მკვდრეთით აღდგომა მიხარია კარგია რაღაც ეგ და მათე საყვარლად ჭუკჭუკებენ bowtie bowtie აი ნიკოლი და მათე სხვა განზომილება სხვა სამყარო სხვა ფერები და უბრალოდ არ ვიცი მათე ნიკოლის გარეშე თუ იარსებებდა ან პირიქით heart_eyes kissing_heart შენ ხარ საოცრება სასსწაული უბრალოდ გასაგიჟებელი <3 ვგიჟDები მე იმ როიალზე რომლის გამაყრუელები ნოტები აზარზარებს დედმიწას რომლის კლავისებიც მარტო ნიკოლს ცნობენ რომლსაც თეთრი გველი ამოძრავებს და მისით სუჯნთქავს მე მიყვარს ის ნოტები ის შეგრძნება რომელსაც ეს როიალი ტოვებს heart_eyes ჰო ჯემო ველი ნიკოლისა და ვარდისფერ შარფიანიის შეხვედრას მინდა მათი შეხვედრა მათი გულების და თვალების ცმა მათი უბრალო შეხვედრა უბრალო შეხედვა ერთმანეთზე heart_eyes kissing_heart შენ ხარ საოცრება სასწაული მაგიჟებ გემრიელო მაოცებდა უბრალოდ მამუნჯებ ჩემო მარწყვის ქალავ heart_eyes kissing_heart

პირველ რიგში, დაბადების დღეს გილოცავ უსაყვარლესო ბიბო!
ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო, ტკბილო და აყველაზე პოზიტიურო ადამიანო.
ვნახოთ რა იქნება ჩემი დაპირება კარგად მახსოვს და ხომ იცი, რომ მოცემულ პირობას არ ვარღვევ.
მიყვარხარ და დიდი მადლობა

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენი ყოველი ახალი თავი არის საოცრება.დამამუნჯე და არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოცია,მოწონება.როგორ გამოვიტანო გარეთ ის რასაც ახლა ვგრძნობ და განვიცდი.მადლობა რომ ასეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ შენი ისტორიებით
--------------------
ლანა

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
შენი ყოველი ახალი თავი არის საოცრება.დამამუნჯე და არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოცია,მოწონება.როგორ გამოვიტანო გარეთ ის რასაც ახლა ვგრძნობ და განვიცდი.მადლობა რომ ასეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ შენი ისტორიებით

უღრმესი მადლობა შენ, ლანა, რომ ასეთი თბილი და კარგი ხარ!

 


№8  offline მოდერი sopiko

''ეს ჯიუტი, ჭირვეული კაცი. იმ ფიქრით გატანჩული, რომ არ აპატიებენ.''
''ყველა, ვინც მიყვარს, ზურგით დგას''
ამ ორმ ა ფრაზამ მე მუსიკა შემიქმნა.
როიალზე შესრულებული მუსიკა, რომელსაც ერთი კი არა, ასი კაცი სჭირდება, სრულყოფილი რომ იყოს.
აღფრთოვანებული ვარ. მოვლენები ზედმეტად სწორად გაქვს გათვლილი. ძალიან მეშინოდა, მათე არ მომკვდარიყო და სურპრიზი იყო ჩემთვის ისიც, თუ რა გეგმა ჰქონდა იტალიელს. ისე, ის ბიჭი გადარჩა, ხო?
ლანასა და მათეს საუბარი წინა თავში იყო დასაწყისიც და დასასრულიც. უკეთესად გავიგე მისი ფასი. თავისი ისტორია რომ მოყვა, მაშინ მისი სიცივისა და სიჩუმის მიზეზიც გავიგე.
და ისევ თეთრი გველი...
''როიალებმა'' ყველაფერს გადაუჯოკრა!

 


№9 სტუმარი Guest ნინა

დიდი ხანია ამ ისტორიას ვუყურებ. ვიცოდი რომ ძალიან მაგარი რაღაც იქნებოდა და მინდოდა დასრულების შემდეგ წამეკითხა, მაგრამ ვერ გავძელი და მიხარია, რომ ვერ გავძელი!
უბადლოდ წერ.
მუსიკას აღწერ ისე საოცრად, თითქოს ყურებში მესმის!
აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, ყველა მომენტით, ყველა პერსონაჟით.
მათეს და ნიკოლას მეგობრობა არის საოცრება!
ისეთი ფრაზები მხვდება, ამოწერა მინდება.
მოკლედ, ერთი დიდი აღმოჩენა ხარ ჩემთვის. *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent