შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 74


14-06-2017, 09:26
ავტორი Lex
ნანახია 1 405

74.
ისევ ნიღბები...
აქ არაფერი შეცვლილა. სახელოსნო ძველებურად ისევ იმ ადგილას იყო... ძველი ქუჩა, ძველი უბანი, ძველი სახლი...
მოძველებული ავეჯიც კი თავის ადგილას იდგა
და კედლის ერთ კუთხეს კვლავ ამშვენებდა ვენეციური ნიღბების სერია...
ისევ ეს ნიღბები...
მიმი შეეცადა ზურგი შეექცია და ისე დამჯდარიყო, მაგრამ ნიღბების მზერამ ახლა ბეჭები აუწვა. რაღაც საშინელი აუტანელი სუნი, ის ძველებური ზეთის საღებავების ოდნავ მოტკბო თავბრუდამხვევი სუნი სადღაც გამქრალიყო და ახლა რაღაც სიმყრალეს დაეკავებინა მისი ადგილი. საშინლად შეწუხდა და სხვაგან გადაჯდა. ახლა ნიღბების პირისპირ აღმოჩნდა. ერთი ორჯერ მალულად შეავლო მზერა, თითქოს თვალს ვერ უსწორებდაო.
მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა დაკარგულ და კვლავ უკვე მერამდენედ გამოჩენილ მეგობარს, ვითომ ვერც კი ამჩნევდა მის რეაქციებს იჯდა მშვიდი სახით და ელოდა...
მაგრამ ლოდინი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მასპინძელმა ვეღარ მოითმინა და თავად დაუსვა შეკითხვა:
- როდისღა უნდა გავიცნოთ შენი რჩეული? აღარ არის დრო?
- ო, კარგი რა... რა რჩეული.
- ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ თავადაც არ იცი რა ხდება, არა?
- შენ წარმოიდგინე მართლაც არ ვიცი. ვაღიარებ მომწონს, მაგრამ ზოგჯერ მაშინებს მასთან ურთიერთობა, მაბნევს თითქოს. რაღაცნაირია, ვერ ვხსნი იცი, მიჭირს გადმოცემა.
- დაბნეული და არეული რომ ხარ გეტყობა ისედაც. შენ ის მითხარი რა ტიპის ურთიერთობა გაქვს?
- როგორ რა ტიპის?
მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა. ძალიან უნდოდა მიმი მასთან გულახდილი ყოფილიყო და ყველაფერი მოეყოლა, მხოლოდ ისე რომ თავად დაეწყო, მაგრამ როგორც ჩანდა მიმი საუბარს თავს ვერ აბამდა და ისევ თავად მიეშველა.
- რას ფიქრობ მასზე? როგორია? გულწრფელია თუ გრძნობ, რომ რამეს გატყუებს?
- არ ვიცი რატომ, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ ტყუილს. აშკარა ტყუილს. თუმცა...
- თუმცა?... არის ზოგჯერ მომენტი, როცა სათქმელს ვერ ამბობ ან არ გინდა რომ გაიგონ სიმართლე.
- შეიძლება
- როგორია? როგორ აცვია? სტილს ვგულისხმობ.
- ცუდად! ცუდად აცვია! ძალიან ცუდად აცვია!
- ნუ, ალბათ რაც აქვს იმას იცმევს, და ამრიგად შეიძლება ვერც განსაზღვრო რა სტილზე აცვია. აი თუნდაც მე. რაც მინდა და როგორც მინდა ისე მაცვია და სულ სტილი.
- შენ უფრო კარგად გაცვია
- ჰმ, გმადლობ.
გაეცინა მხატვარს და განაგრძო:
- ამაში არაფერია გასაკვირი და არც დასაძრახი ხომ?
- არა! არაფერი. ტანსაცმლის ჩაცმულობით ადამიანებს არ ვაფასებ ეს ხომ ისედაც იცი.
- ვიცი და მაგიტომაც მე სწორედ ჩაცმულობის სტილი გკითხე და არა თვითონ ტანსაცმელი. ესე იგი თავისუფალი სტილი. დაახლოებით ჩემსავით, მაგრამ ბევრად ცუდი ტანსაცმელი.
- თან თითქოს სხვისი აცვიაო. რაღაც სულ სხვა სტილის. რომ საუბრობს და არ უყურებ გეგონება რომ სულ სხვა ვინმეა და უცებ რომ შეხედავ მისი ეს სტილია თუ რაღაც ტანსაცმელი... ვაიმე არ ვიცი ვერ ვხსნი.
მიმი ცოტა ანერვიულდა და სიგარეტს დასწვდა.
მხატვარი ყველაფერს მიხვდა, თუმცა სულაც არ აპირებდა მიმისთვის რაიმეს თქმას, თუ ეტყოდა უფრო ფიფოს, მაგრამ ჯერ კარგად გაარკვევდა, თუ რა ნიღაბს იყო ამოფარებული მიმის აჩრდილივით ქცეული რჩეული.
მიმიმ სწორედ ეს შეიცნო მასში, ეს ამოიცნო. ფარდას ამოფარებული სული, მაგრამ ვერ მიხვდა, ბოლომდე ვერ ჩასწვდა. სწორედ ახლა იყო დრო, რომ როგორმე აელაპარაკებინა, მართლაც რაიმე ხიფათში არ გაეხვია საწყალი გოგო.
- კიდევ რა მოგეჩვენა უჩვეულო?
- უჩვეულო?.. - მიმი წამით ჩაფიქრდა. - სუნამო!
- სუნამო? ამაში უჩვეულო არაფერია, როგორც წესი გემოვნებაზე არ კამათობენ, შენ მას მოსწონს, შენ გაღიზიანებს. ერთისთვის არასასიამოვნო - მეორესთვის უჩვეულოს სულაც არ ნიშნავს.
მიმი ისევ წამით ჩაფიქრდა და მერე ლამის ჩურჩულით განაგრძო:
- რამდენჯერ ძალიან ახლოს რომ ვიყავი საოცარი სუნამო ვიგრძენი და ისიც მივხვდი, რომ საკმაოდ ძვირიანიც იქნებოდა. ხომ იცი ეს არ შემეშლებოდა.
- მერე რა იქნებ ვინმესთან იყო სტუმრად და დაისხა. რა არ შეიძლება? თუ ის გიკვირს ასეთი ცუდი ჩაცმულობის კაცი ძვირიან სუნამოს რომ ისხამს? იქნებ სულაც აჩუქეს? ან მოიპარა?
მხატვარს თავისივე სიტყვებზე სიცილი აუტყდა, მიმისაც გაეცინა.
- შეიძლება მართლაც სხვისი სუნამო ესხა, მაგრამ...
მიმი ყოყმანობდა არ იცოდა ეთქვა თუ არა ბოლომდე სათქმელი, მხატვარი მიუხვდა და ისევ მიეშველა:
- ჰო, რა მაგრამ? რა გაგიკვირდა?
- მის ტანსაცმელს არ ასდიოდა სუნამოს სურნელი. მხოლოდ მას. ნუ მიყურებ ასე, უბრალოდ ერთ ორჯერ ჩავეხუტე და აშკარად ვიგრძენი. ტანსაცმელს ცოტა სიძველის სუნი ასდიოდა, თავად კი სასიამოვნო სუნამო ესხა. თუმცა კი არ ესხა, თითქოს შემორჩენოდა.
- ესე იგი, ჯერ სუნამო დაისხა და მერე ჩაიცვა.
მხატვარი სიცილს ვერ იკავებდა.
- ან იქნებ ვინმე ქალისგან გამოჰყვა? ხომ შეიძლება?
- არა ქალის არა, ნამდვილად მამაკაცის სუნამო იყო. დარწმუნებული ვარ არ ვცდები.
- უამრავი ვარიანტი შეძლება იყოს, და არც ერთი არარის გამორიცხული და არც უჩვეულოდ გასაკვირი.
- აი, ჰო, მეც ეს გავიფიქრე მაშინ უჩვეულოც არაფერია, მაგრამ მაინც ჩამაფიქრა და კიდევ ცხვირზე ოდნავ სათვალის ნაჭდევი ეტყობა. და არასდროს მინახავს სათვალით.
- ეგ სათვალე არაფერია. ზოგი მხოლოდ კითხვისას იყენებს.
- ჰო ალბათ.
- ესე იგი ბევრს კითხულობს და საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული არა?
- კი ძალიან ჭკვიანი და ნაკითხია. ძალიან. თან იმდენი რამ ისე დაწვრილებით, სულ დეტალებშიც კი ახსოვს, თითქოს ამ წუთას წაიკითხაო. არადა რომ გეკითხა ეს ოცი წლის წინ მაქვს წაკითხულიო... რა ვიცი... რაღაცნაირია.
უჩვეულო...
მხატვარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა. მიმი ნელ-ნელა ალაპარაკდა, ბევრიც საინტერესო და ბევრიც არაფრის მთქმელი რამ მოჰყვა, მაგრამ საუბრიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა მიმის საკმაოდ ჭკვიან და საზრიან ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც თავიდან უბრალო ადამიანად ასაღებდა თავს, ახლა კი გაუშინაურდა და აღარც მალავს ან ვეღარც ფარავს თავის „სიდიადეს“.
თითქმის არაფრისმთქმელი მინიშნებები, მიმის მაინც უჩვეულოდ მოეჩვენა. შინაგანად გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო საქმე. ამიტომ მეგობრების თანადგომა სჭირდებოდა. ძალიან კარგია რომ მხატვარს მაინც გაუმხილა თავისი ეჭვები, თუმცა უსაფუძვლო, მაგრამ მაინც.
საჭირო იყო თუ არა ფიფოს ჩარევა? მაგრამ მხატვარმა ამჯობინა ჯერ თავად დარწმუნებულიყო და კარგად გამოექექა მიმის იდუმალი მეგობარი, თუმცა არც ეს იყო ადვილი საქმე. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ფრთხილად და ფხიზლად.
ფიქრებიდან მიმის შეძახილმა გამოარკვია. მიმი ძველ დაობებულ, ჭერამდე ასულ ყუთების გორვასთან იდგა და ფოფოს მოტანილ საბუთებს ათვალიერებდა.
- ვაიმე ეს რა არის? რა ხდება? თავიდან ვერც შევამჩნიე. რად გინდა ეს ძველი ფურცლები? თან რა საშინელი სუნი აქვს.
- ახლობელმა მთხოვა დავაწყობინე და ვნანობ, მართლაც საშინელი სუნი აქვს, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი.
- ჰმ, რაში სჭირდება? თან რომელი წლებია?
- დაავალეს... ჰო დაავალეს ძველი საბუთების კომპიუტერში გადატანა და ნაწილი თავის სახლში წაიღო ნაწილი, რომ არ დაკარგულიყო აქ შემომტენა და...
მხატვარს სიტყვა შუაზე გაუწყდა, როცა კარში შემოსული ფიფო დაინახა.

LEX·2017 წლის 20 მაისი, შაბათი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent