სანშაინ (დასასრული)
საოცარი გულის ქროლვით გამეღვიძა. კანზე ვგრძნობდი ფეთქვას, აჩქარებულ პულსს და მოუსვენრობისგან მთელ სხეულზე ცივი ოფლი მასხამდა. სამზარეულოში ფეხების არევით შევედი და ცივი წყალი დავლიე. სხვაგან ვიყავი. ვხვდებოდი, რომ გონებით სხვაგან ვიყავი. საათს დავხედე-12. მოლოდინის 6 საათი. ხომ იცის რომ მე უნდა მივიდე. რას ფიქრობს?! ან საერთოდ თუ კი ფიქრობს?! ვეღარ ვისვენებდი. ვიდექი, ვიჯექი, ვიწექი, დავდიოდი, დავდიოდი, დავდიოდი. მოუსვენრობისგან გულის ქროლვა უფრო მეტად გამიძლიერდა. ყელი წამდაუწუმ მიშრებოდა და თითებს ნერვიულობისგან ვერ ვაჩერებდი. * * * სახლიდან დროზე გვიან გავედი. არ ვიცი რატომ. იმიტომ რომ მინდოდა ჩემი მისვლა ეჭვქვეშ დაეყენებინა, თუ იმიტომ, რომ მინდოდა დამლოდებოდა. სულ ცოტატი მაინც ეგრძნო რას ნიშნავს, როცა ელოდები და არ მოდის. ჟოლო იმ სასტუმროს წინ გავაჩერე, სადაც რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად შევხვდი კუბურ აკას და ამ უზარმაზარი შენობის წინ კიდევ ერთხელ გავჩერდი. კიდევ ერთხელ გამიელვა იმ აზრმა რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი ეს შენობა თავზე დამემხობოდა და ახლა იმაზე მეტად მიპყრობდა შიში, ვიდრე მანამდე. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. რამდენიმე წამით მობრუნება და სახლში წასვლაც ვიფიქრე. სამსახურის მიტოვებაც, ყველაფრისგან გაქცევა. წასვლა და თავის არიდება. მაგრამ რა?! პირველ ჯერზე რა შედეგი მომიტანა ამან?! არაფრისგან გავიქეცი და არაფერი მივიღე. ეს იყო ყველაზე სუსტი ნაბიჯი, ყველაზე დაუფიქრებელი, ყველაზე უშედეგო და ამ შენობის წინ მდგარი საკუთარ თავს დავპირდი, რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდი, რომ ასე აღარასდროს მოვექცეოდი საკუთარ სიამაყეს, საკუთარ სახელს. თვალები დავხუჭე. გულში ბავშივით, სამამდე დავითვალე და შენობაში შევედი. ვერანდაზე გასვლისთანავე დავინახე აკა. ჩემგან ზურგით იჯდა და რაღაცას სვამდა. დანახვისთანავე იწყო ჩემს სხეულში სისხლმა გიჟივით ჩქეფა. გულმა ფეთქვა. ჰაერს ხარბად ვყლაპავდი და ნესტოები უკმარისობისგან მიფართოვდებოდა. ყელში ცივ წვას ვგრძნობდი და უფრო მეტად ვეკვროდი ერთ ადგილს. საკუთარ თავს ვაიძულებდი ნაბიჯის გადადგმას და არაფრით გამომდიოდა. მინდოდა თავი ხელში ამეყვანა და ვერაფერს ვახერხებდი. ვიდექი და ლოცვასავით ვიმეორებდი რაღაც წინადადებებს. საკუთარ თავს ვთხოვდი სიმტკიცეს და ძალას. რამდენიმე წუთიანი გამოშრობის შემდეგ, საკუთარ თავში, უკანასკნელი ძალების პოვნით შევძელი იმ მცირე მანძილის გავლა და აკას მოპირდაპირედ შევჩერდი. არაფერი თქვა. მთელი ამ მდგომარეობის გაუარესებას თუ ცდილობს, მშვენივრად გამოსდის. -არ დაჯდები?! -მკითხა და სკამიდან წამოდგა. -მე თვითონ -ვთქვი და სწრაფად დავჯექი მაგიდასთან. სახის მიმიკის შეუცვლელად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. -როგორ ხარ? სან-დრა -კარგად, თქვენ? -ვთქვი და ტელეფონი ჩასაწერად მოვამზადე. -მეც. -უნდა ჩავიწერო, წინააღმდეგი ხომ არ ხართ? -არ დავაცადე პასუხის გაცემა მე. -გაეცინა და თავი გადააქნია. -თუ ასეა საჭირო, ჩაიწერე. -როგორც ვიცი, იტალიაში მოღვაწეობთ, მომიყევით. -ჩვენს მაგიდასთან მოსული მიმტანი ვერც კი შევამჩნიე. -ჯერ რას დალევ, -მშვიდად მითხრა აკამ -და მერე იტალიაზე. -თვალი ჩაუკრა მიმტანს და მერე მე გადმომხედა. -არაფერს. -რაიმე მსუბუქს დალევს, ნაკლები ალკოჰოლით. -უპასუხა ჩემ მაგივრად -და ჩემთვის კიდევ ერთი ასეთი. -ცარიელი ჭიქა გვერდით გადაწია აკამ -ახლა შეგიძლია მკითხო. -იტალიაში ცხოვრებაზე მომიყევით-მეთქი. -არაფერს არ მოგიყვები -მითხრა უჩვეულო ტონით და მზერა ჩემგან ცარიელ ჭიქაზე გადაიტანა. -უკაცრავად?! -ყველაფერი კარგად იცი რაც უნდა დაწერო, იმაზე მეტი არაფერი ხდება, რაც უკვე ათასჯერ დაწერილა. -გასაგებია, მაშინ ნახვამდის. -ფეხზე წამოვდექი მე. -სად იყავი? -გამყინავი ხმით მკითხა და ქვემოდან ამომხედა. -ცოტა ხნით დარჩი. ვილაპარაკოთ და მერე წადი. -არა, თუ არაფერს ყვებით, უნდა წავიდე. -მოვყვები, კარგი. დაჯექი და მოვყვები. -თავს მიქნევდა ის. ინსტიქტურად დავჯექი და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე. -იტალიაზე გაინტერესებს არა?! -მითხრა და ცალ ხელს ნიკაპით დაეყრდნო. -ძალიან კარგად ვარ იქ, პრინციპში არ ვიცი აქ როგორ ვიქნებოდი, ამიტომ ვერ შევადარებ. ყოველ შემთხვევაში, ვგრძნობ და ასე მგონია რომ იქ უფრო მეტად აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ, ვიდრე აქ. -და ამას რატომ ამბობთ? აქ ხომ ყველა თქვენი კონცერტი ანშლაგით ჩატარდა? -ეს მხოლოდ იმიტომ რომ მოწვეული სტუმარი ვიყავი და არა როგორც აქ მოღვაწე. ასე რომ ყოფილიყო, ალბათ ყველა ბილეთის ყიდვა თავად მომიწევდა. -ანუ, ფიქრობთ რომ სათანადო პროდუქტს ვერ ქმნით იმისთვის რომ ხალხი ამით დააინტერესოთ? -და თქვენ ასე ფიქრობთ? ამიტომ იშოვეთ ჩემს კონცერტზე ბილეთი? -თავაზიანი ფორმა თვითონაც მოირგო. -ინტერესი. -ვუპასუხე მოკლედ. -და შანსი რომ გქონდეთ, მეორეჯერ აღარ მოხვიდოდით? -არ ვიცი -დავიბენი მე. -თუ გინდათ რომ გულწრფელი ინტერვიუ გამოვიდეს და მეც გულწრფელი ვიყო, თქვენც გულწრფელად უნდა მიპასუხოთ. -მითხრა და გაიღიმა, მაგრამ ამჯერად ეს ღიმილი ჩემი მისამართით ნამდვილად არ ყოფილა. -მოვიდოდი. -ანუ რა გამოდის? -რომ არ ფიქრობთ, რომ სათანადო პროდუქტს ვერ ქმნით. -ასეა. -დამეთანხმა ის და მიმტანის მოტანილ ვისკს და ჩემს კოქტეილს ადგილები გაუცვალა. -ეს შენ -ვისკი ჩემკენ გამოწია და კოქტეილი თავისთვის დაიდგა. -არ მინდა. -ვიუარე მე და უკან გავწიე. -როგორც გინდა. -მითხრა და ჩემთვის განკუთვნილი კოქტეილი მოსვა. -არ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე? -კი. -მოულოდნელობისგან შევხტი მე. -ხანდახან. -გაეცინა ჩემს რეაქციაზე მას. -მაგალითად როდის? -როცა ხაჭაპური მენატრება. -გამეცინა. -და დედაჩემის მოცვის კომპოტი. -თვითონაც გაეცინა. -სხვა დროს? -და ტყემალი. -ისევ გამეცინა. -სხვა რომელიმე ჯგუფის წევრი არის ქართველი? -პასუხის გაცემამდე რამდენიმე წამიან პაუზასთან ერთად, ჩემი კოქტეილი ისევ მოსვა. -რატომ წახვედი, სანშაინ? -მკითხა და ორივე ხელისგულს დაეყრდნო ახლა სახით -აკა... -წამომცდა მე და ყელი გამიშრა. -მითხარი, რა. რატომ წახვედი? -თავი ჩახარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. -არ ვიცი. -ვაღიარე მე და საზურგეს მივეყრდენი. -ჩემ გამო წახვედი, ასეა? -კი -გულწრფელობა დამცდა ტუჩებიდან მე. თავი გადააქნია და ისე შემომხედა. -არა. ასე არ უნდა მოქცეულიყავი. -ისევ გადააქნია თავი. -და რატომ? -არ გიხდება. -არ მიხდება? -ბრაზი მიტევდა ისევ მე. -ჰო. არ გიხდება. -გამიმეორა ისევ და შემომხედა -უნდა წახვიდე მაშინ, როცა ამის საჭიროება არის. იყო საჭირო? -მკითხა და სახეს ხელები გამოაცალა. -მომისმინე -საზურგეს მოვშორდი მე. -იყო საჭირო? ჯერ მიპასუხე -კატეგორიულად მთხოვდა პასუხს ის. -არ ვიცი. -ვუთხარი და მისთვის განკუთვნილი, გაცვლილი ვისკი მოვსვი. მთელს მუცელში მომედო მისი სიმხურვალე. -მაშინ, რატომ? -ამისთვის არ მოვსულვარ აქ, ინტერვიუსთვის მოვედი. -გამოვიყენე ჩემი მიზანი ისევ მე. -და ასე ინტერვიუს ამოფარებული გახვალ ფონს? ასეა? -თვალები ნერვიულობისგან სწრაფად უხამხამებდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. -მე გეტყვი, ასე არ არის. ჩემზე მეტად გაინტერესებს და გინდა ეს საუბარი. ასეა? ამაზე შენ მიპასუხე. -კი -ისევ ჩემგან დამოუკიდებლად დამცდა თანხმობა. -ხომ გითხარი, რომ ურთიერთობების არ მესმის, ასე რატომ მოიქეცი? -და რა გგონია? ამას რომ აღიარებ, ყველაფერი გამარტივდება? -რა, არა? -არა! -ცეცხლი მომეკიდა მე. -მაშინ რა? -რა? მეკითხები-რა-ა? -ისევ მოვსვი ვისკი მე. -და რა გინდა რომ გიპასუხო, რას ელოდები? ხომ იცი წინასწარ ჩემი ფიქრები? ახლა ვერ ხვდები რა-ა? ეს ნორმალური არ არის აკა. მე ასე არ შემიძლია. -ასე როგორ? -როგორ და არ შემიძლია როცა ასე უბრალოდ და მარტივად წყვეტ ძალიან მნიშვნელოვან ამბებს, მაშინ როცა ვხვდები რომ ეს შენთვის მნიშნელოვანი სულაც არ არის და მეტიც, პირიქით, ძალიან ცოტასაც კი ნიშნავს. -და შენ გესმის რომ ეს არავისთვის მითქვამს? -რა არ გითქვამს? -არავისთვის შემითავაზებია იტალიაში ჩემთან ერთად ცხოვრება. -და შენ გინდა ამან თავი უკეთ მაგრძნობინოს? -კი, მინდა. -ძალიან ცდები. ის, რომ არავისთვის შეგითავაზებია იტალიაში შენთან ერთად ცხოვრება, არც უკეთეს სიტუაციაში მაგრძნობინებს თავს და არც ვინმეზე მეტად. -როგორ არ გესმის. -თავი გადააქნია ისევ. -ეს შენ არ გესმის, აკა, შენ! -ტონს ვუმატე მე. -და თავადაც აღიარებ ამას, რომ არაფერი გაგეგება ურთიერთობების. -და რატომ გგონია რომ ამ ფაქტს ურთიერთობების გასამარტივებლად ვიყენებ. -უხეშობა გაერია ხმაში მასაც. -იცი ამას რატომ გეუბნები? იმიტომ რომ იმაზე ნაკლებს ელოდო ჩემგან, ვიდრე გგონია რომ ვარ, ვიდრე გგონია რომ ვიქნები, ვაკეთებ ან გავაკეთებ. -სუნთქვა გაუხშირდა. -და შენ რა იცი მე რას ვფიქრობ, რას ველოდები ან არ ველოდები?! ამაზე რატომ ფიქრობ მაშინ როცა ამის ადგილი ჩვენ ურთიერთობაში საერთოდ არ ყოფილა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის ვინ ხარ, ან იქნები, რას აკეთებ ან გააკეთებ, არა. ჩემთვის მნიშვნელოვანი შენ ხარ, შენი ფიქრებით. საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყავი პირველად რომ შევხვდით. არც მეორედ, მაგრამ იცი? გული იმაზე მეტად მიჩქარდებოდა ვიდრე შემდეგ ჯერზე. შენი გამოჩენა საერთოდ არ უკავშირდებოდა ჩემთვის მომავალს და არც მსგავსს არაფერს, მაგრამ შენ ყველაფერი აურიე. ყველაფერი გააფუჭე, მაშინ როცა შეიძლებოდა ყველაფერი უფრო მარტივად და კარგად ყოფილიყო. -რატომ? -რატომ? შეგეძლო საერთოდ არ დაგეყენებინე ალტერნატივის წინაშე, ან წამოსვლა ან დასასრული. რა საჭიროა ან ერთი, ან მეორე. რა საჭირო იყო ასეთი არჩევანი. შეიძლებოდა პირიქით, ბევრად კარგად დამთავრებულიყო. ახლა კიდევ რა? უნდა მტანჯავდეს იმაზე ფიქრი რომ თუ იტალიაში გამოგყვებოდი იქნებ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და შენ იმაზე ფიქრი, რომ ასეთი არჩევანის წინაშე რომ არ დაგეყენებინე იქნებ ყველაფერი უფრო მარტივად ყოფილიყო. ახლა კიდევ ჩემთვის, არაფრის შეცვლას აქვს აზრი, ასე მგონია, რომ ყველაფერი მორჩა. -სულელი ვარ, არა? -ეცინებოდა. -არ არი რა, სასაცილო. -მეწყინა მე. -და იცი რომ წასვლა აღარ მინდა?! -რა? -ვერ მივხვდი მე. -ხო, აღარ მინდა. აქ მინდა დავრჩე. -სისულელეს ნუ ამბობ, რა. -რატო? ხანდახან, როცა ხაჭაპური, მოცვის კომპოტი, ტყემალი და შენ მენატრებით, წასვლა აღარ მინდა. აქ რომ დავრჩე, ოთხივე ყოველდღე მეყოლებით. ასე იქნება? -იცინოდა ისევ ის. -ჩემს მოსვლამდე, ასეთი რამდენი ჭიქა დალიე? -ხელში ავიღე ვისკის ჭიქა და ისევ მოვსვი მე. -უკვე დაიწყე ბუზღუნი არა? -იცინოდა ისევ ის და ჩემს კოქტეილს სვამდა. -ვერ ვიტან, მთვრალ კაცებს. -ვთქვი და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე. -არც მე ვგიჟდები. -თავი გადააქნია და ჩემი კოქტეილი ვისკის გვერდით დადო. -სამაგიეროდ, ჭკუას ვკარგავ მთვრალ გოგოებზე. -გეყოფა, რა. -ვბრაზდებოდი მე. -აღარ წავალ, გინდა? -არ მინდა. -გადაჭრით ვუპასუხე, სკამს მივეყრდენი და თავი უკან გადავწიე. -ესე იგი არა? -არა. -და ახლა, არაფერს რომ ვცდი, ისევ წახვალ? -მკითხა და ჩემი ვისკი აიღო. -და რომ წავიდე, მერე რას მოიგონებ ჩემ სანახავად? ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იქნება. -ვკითხე და მაგიდაზე გადავიხარე. გაეცინა. -მითხარი, რომ მითხარი წამოსვლაზე ფიქრი დამტანჯავსო, მართალია? -არ გინდა, რა -თვალები დავხუჭე მე. -მითხარი რა, გთხოვ. -რა მნიშვნელობა აქვს. -რა კარგი ხარ, სანშაინ -მითხრა და ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია. -ინსტიქტურად გავიწიე უკან. -შენ რომ წახვედი, იმის მერე, ყოველი გაღვიძებისას თვალებს იმ იმედით ვახელდი რომ დამხვდებოდი. თმააბურდული, გაწითლებული, მკრთალი ჭორფლიანი სახით და დახრილი წამწამებით. -აკა გეყოფა. -არ მინდოდა ამის მოსმენა მე. -შენ, არა? -ჩემზე ნუ ლაპარაკობ, ჩემს ფიქრებში ნუ ჩაერევი. -რატომ, სულ მე ვარ? -იღიმოდა ისევ ის. -ერთხელ მაინც, როგორ არ დამირეკე. -დამცდა მე. -და რისთვის? -მკითხა და მაგიდისკენ მოიწია. -რომ გაბრაზებულს ყურმილი არ აგეღო? ან იმისთვის რომ ორი სიტყვა გამომეგლიჯა ? ამისთვის? -თუნდა იმისთვის, რომ გაგეგო როგორ ვარ. -და შენ რატომ არ გაინტერესებდა, მე როგორ ვიყავი? -როგორ იყავი? -ყვირილივით გამომივიდა მე. -და შენ? -მე შენ გკითხე. -და პატარა ბავშვებივით კითხვებს დასწრების მიხედვით ვუპასუხოთ? მიპასუხე შენ როგორ იყავი? -ისე როგორც შენ. -გადავჭერი მე. -მაშინ დამიჯერე, რომ შენ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი 4 დღე გქონდა. ყველაზე საშინელი. და აღარასდროს მოექცე ასე ადამიანს. აღარასდროს გაიქცე, მაშინ როცა შენი ყოფნა ჰაერივით საჭიროა. -ამას რატომ ამბობ? -ცრემლები მერეოდა მე -იმიტომ, რომ არის სიტყვები, რომლის უთქმელობაც, დროის გასვლის მერე ტანჯვად გექცევა, და მე ნამდვილად არ მინდა რომ წლების მერე სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, იმ შეგრძნებით მახსენდებოდეს შენი სახე, რომ არ გითხარი რასაც ვგრძნობდი. -და რას გრძნობ? -სანშაინ -და თვალები დახუჭა. * * * ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, ჩუმად. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან ჰქონდა თუ არა რაიმეს თქმას აზრი. შეგრძნება მქონდა რომ სიტყვები გამოგველია, მაგრამ წასვლა არც ერთს გვინდოდა და არც ერთი ვაპირებდით. ტელეგონზე ხმის ჩამწერი მეორე საათის ათვლას იწყებდა. შესამჩნევად საღამოვდებოდა. ვერანდაზე განათების ჩართვამ საბოლოოდ მოაწერა ხელი მოსაღამოვებას. მოურიდებლად ვუყურებდით ერთმანეთს და თვალებს არ ვაშორებდით. არის ხოლმე ასეთი მომენტები, როცა გულწრფელად არ გინდა გრძნობების და განწყობის დამალვა. დარწმუნებული ვარ სახეზე მეტყობოდა ჩემი გაორება. -თვალები გიბრწყინავს, თუ მეჩვენება? -სიჩუმე დაარღვია აკამ. -არ ვიცი, საკუთარ თვალებს ვერ ვხედავ. -და ვერც გრძნობ? -რას? -როდის ანათებ? -სასიამოვნოდ გამცრა მთელს სხეულში. -ხანდახან. -ციმციმებ. -თვალები სწრაფად დააფახულა აკამ. -ვციმციმებ? -გამეცინა მე -ციცინათელებივით. ანათებ-ქრები. -პირველად მესმის -ვიუარე მე. -ახლა რომ სადღაც წამოსვლა შემოგთავაზო, ზედმეტი ხომ არ იქნება? -პატარა ბავშვივით ყელს ექაჩებოდა ის. -სად? -უარის ნაცვლად, ინტერესი დამცდა მე. -ბიძაჩემის სახლია, აქვეა, ნახევარი საათის გზაზე. -რა გვინდა ბიძაშენის სახლში? -რაღაც მინდა გაჩვენო. -მგონი არ ღირს -ფიქრები ამეშალა მე. -სახლში წავალ, თან მოვრჩით. -კაი რა, ცოტა ხნით. რაღაც მინდა გაჩვენო და მაშინვე წამოვიდეთ როცა იტყვი. -რა უნდა მაჩვენო? -ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე მე. -ასე საინტერესო აღარ იქნება. -თავი გადააქნია. -სხვა შემთხვევაში ისედაც უარს ვამბობ. -გადავწყვიტე მე. -მაშინ სამწუხაროა -მოწყენით მითხრა და დარჩენილი კოქტეილი მოსვა ჭიქიდან. -მინდოდა გენახა. -მერე მითხარი, იქნებ მომინდეს წამოსვლა. -არა, ხომ აგიხსენი? ასე საინტერესო აღარ იქნება. -კარგი რა, აკა. -სანშაინ... -და ფეხზე წამოვდექი მე. -გაგაცილებ. -თვითონაც ადგა და უკან გამომყვა. -არ მინდა გაცილება. -მოვტრიალდი მე და ზუსტად ცხვირწინ გამეყინა აკას სახით სუნთქვა. უხერხული სიახლოვისგან, არომატისგან, სურნელისგან, რომელიც ყველაზე მეტად ორგანულია, ვიდრე სხვა... თავბრუ დამესხა და უკან გავიწიე. -მე მინდა, რომ გაგაცილო -და ისევ უკან გამომყვა. გაუაზრებლად ვამბობდი გულში ერთი-მეორის მიყოლებით სიტყვებს, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი ესაქმებოდათ. ვიმეორებდი სრული სიზუსტით და ზუსტი ინტერვალით. გული თანაბარი სიხშირიც მიცემდა. დროდადრო სუნთქვა მავიწყდებოდა. ეს იყო ყველა სწრაფი ნელი ნაბიჯები, რომლებიც იმაზე მეტად ხანგრძლივი იყო, ვიდრე ფიქრების გზა, ან ფიქრთა ღამე. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი საცალო გზა, რომლის გავლის შემთხვევაში, უკან მობრუნება დაუშვებელია. რომლის გავლის შემთხვევაშიც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ჟოლოს დანახვამ ისევ ისეთი რეაქცია გამოიწვია. -ისევ არ მჯერა რომ ასეთი ხარ. -თქვა და თავზე ხელი გადაისვა. გამეღიმა. -სანშაინ. -წამის დაუგვიანებლად შემოვტრიალდი მე. -წამო რა. -ყელს ბავშივით იწელავდა აკა. -სულ ცოტა ხნით. -ასე გინდა? -გიჟივით. მეტი თხოვნა აღარ მექნება, დედას გეფიცები -ხელებს ატყუპებდა და ლოცვასავით მთხოვდა. -წამო რა. როგორ დაგითანხმო, მითხარი, მე არ ვიცი. -გულწრფელობისგან სახე წითლად უელავდა. -სულ ცოტა ხნით? -მომერია ის. -სულ ცოტა. -ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მანქანა გახსნა. -მოიცა, შენ რა, საჭესთან აპირებ ასე ნასვამი? -ჰო რა, აბა შენ დაჯდები? -რა თქმა უნდა. -გასაღები გამოვართვი და მანქანისკენ წავედი. -შენ თვითმფრინავსაც ხო არ ატარებ -ღიმილით გამომყვა უკან, მანქანაში ჩემამდე დაიკავა ადგილი. -ისე შენც ხო დალიე? -4 ყლუპი არაფერია. * * * დაპირებისამებრ ნახევარ საათში აკას ბიძის სახლში ვიყავით, რომელიც ისე ზღაპრულად გამოიყურებოდა თვალებს ვერ ვუჯერებდი და ვიფიქრე რომ ეს იყო ყველაფერი ის რისთვისაც აქ მოვედით. მკრთალი განათებებით მისასვლელი ვიწრო ბილიკი, ალუბლების და ჩემთვის უცნობი ულამაზესი ყვავილების თანხლებით. მთლიანი სურათის აღქმის სურვილით თვალებს მოუსვენრად ვავლებდი ყველაფერს და იმ წამს სულ გადამავიწყდა რომ იქ მარტო არ ვიყავი. -რა ლამაზია -ვიმეორებდი და ასჯერ ნანახს ისევ ვავლებდი თვალს. -აქეთ -და სახლის უკანა მხარეს წავიდა. ცნობისმოყვარეობამ ისე მძლია უკან სირბილით გავყევი. განათებული, ზღაპრული ნაწილიდან, უცებ სრულ სიბნელეში მოვხვდით და გამიკვირდა კიდეც, რა გვინდოდა იქ. -აქ რა გვინდა? -ვერ დავმალე მე. -რაღაც მინდა მოგიყვე. -მოტრიალდა და გამიღიმა. არ ვიცოდი ეს ღიმილი ჩემს გულუბრყვილობაზე იყო პასუხი თუ რა, მაგრამ სიჩუმისგან გულის ფეთქვა ყელში ამომდიოდა. -არის დროის მონაკვეთი, წელიწადის ერთი ასეთი თვე, როცა ჩემი ბავშვობის მაგიური საიდუმლო იწყებს სიცოცხლეს და ჩემშიც მთელი ძალით ამოსკდება ხოლმე ეს ნოსტალგია. -ღიმილიდან-სიცილამდე. -როცა ეს დრო დგებოდა ხოლმე, ღამით გამოვდიოდი ზუსტად აქ, სადაც ახლა მე და შენ ვართ, მაშინ როცა ჩემი ბიძაშვილები სახლის წინა მხარეს თამაშობდნენ, მე აქ, ამ სიბნელეში მოვდიოდი და საათობით ვუყურებდი ამას. ხედავ? -და ჩემი სახიდან მზერა სიბნელისკენ გადაიტანა. მეც გავყევი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. -რას? -ვკითხე გაოცებულმა და უფრო მეტად დავაკვირდი. -კარგად დააკვირდი. -რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ გაჩერდა. -აი, ხედავ? -მკითხა ისევ და თვალები გამიფართოვდა. -ციცინათელა! -გამიხარდა მე. -ჰო, ციცინათელა. -და სიბნელისგან დაღლილ თვალებში ალაგ-ალაგ აკიაფდნენ ციცინათელები. -რა ლამაზებია! -ბავშვივით მიხაროდა მე და ხან ერთს დავყვებოდი ხან მეორეს. -მთელი ბავშვობა მეგონა, რომ სპეციალურად აკეთებდნენ და ვიღაც ყიდულობდა ამას. ვერ წარმომედგინა რომ მართლა იყო შესაძლებელი მათი არსებობა. -მე ციცინათელებით გართულს უკვე მკრთალად მესმოდა აკას ხმა. -მომწონდა ის, თუ როგორ გამოიყურებოდნენ, მათი ნათების პრინციპი, დრო, როცა ისინი ჩნდებოდნენ და მერე ისიც, რომ ქრებოდნენ და მთელი წელი ვფიქრობდი და ვცდილობდი მათი არსებობის ახსნას. და ყველაზე მეტად იცი რა მომწონდა? -კითხვის ტონმა გამომაფხიზლა მე. -მითხარი -სწრაფად მოვტრიალდი მე. -ის, რომ მხოლოდ მე მაინტერესებდა და მე მიყვარდა. მართლა მიყვარდა, მხოლოდ იმიტომ კი არა რომ ანათებდნენ, მაშინაც მიყვარდა როცა ქრებოდნენ და მთელი წლით უჩინარდებოდნენ. ერთხელ ბიძაშვილებსაც ვაჩვენე. მეორე დილით მინის ქილაში დამწყვდეული ციცინათელები რომ ვნახე, ისე გავბრაზდი სამივე ვცემე -და მთელი გულით გაეცინა. -მერე უკვე მკვდარი ციცინათელები უკან გადავყარე და გული საშინლად დამწყდა რომ ვერ გაფრინდნენ. მაშინ დავრწმუნდი რომ ციცინათელები არ უყვარდათ ჩემსავით და საკუთარ თავთან მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მეგონა, რომ ყოველ ჯერზე, იმ დროს როცა ისინი თავიდან იწყებდნენ სიცოცხლეს, ამ სახლში მათი სიცოცხლის მცველი უნდა ვყოფილიყავი და ყველა მათგანი უნდა გადამერჩინა მინის ქილებისგან. უნდა დამეცვა ყველა მავნე ხელისგან, მათ შორის საკუთარისგანაც. ვიცოდი რომ მხოლოდ ყურება შემეძლო და არც ერთ ჯერზე შეხება, ისიც დროებით და წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ სულ დამმახსოვრებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა მინის ქილაში ჩავსვამდი მათ თუ არა. მთავარია მცოდნოდა რომ მათი სიცოცხლის სადარაჯოზე ვიდექი და მათ ვიცავდი. ახლა კი, ხომ ხედავ როგორ თავისუფლად დაფრინავენ და ნათდებიან. დამიჯერე, არც ერთ მათგანს ეშინია შენი. იმიტომ რომ მე აქ ვარ. -ხელი გულზე დაიდო და ჩემ დაბნეულ ნაბიჯებს ჩემკენ გამოყვა. ვუსმენდი და არ მჯეროდა. გაოგნებული სახით ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა. -რანაირი ბავშვი ვიყავი ხო? -იცინოდა ისევ ის. მე ვერაფერს ვამბობდი. -ხომ ლამაზია? -და ხელის გული გადაავლო ერთს. -აკა... -ძლივს ამოვთქვი მე. -საოცარი რამე მოყევი... -არ დავმალე მე. -და იცი რატომ? -მკითხა და ისევ ციცინათელებზე გადაიტანა მზერა. -რატომ? არც ერთი წამით მინანია იქ წასვლა. -იმიტომ რომ, ჩემ ცხოვრებაშიც სუნთქვა შემეკრა მე -დადგა ერთი ასეთი დღე, თავბრუსხვევა ვიგრძენი -როცა გამოჩნდი და სისხლი გამომეცალა მე -დღეების არათანაბარი ინტერვალით ნათდებოდი ჰაერი გათავდა და -ის იყო ვიფიქრე რომ სულ ინათებდი და ყელში წამიჭირა უჰაერობამ -სადღაც ჩაქრი, ვერსად დაგინახე, არსად ინათე თავბრუსხვევა გამიძლიერდა მე -მერე ის იყო, ძლივს განათდი და თვალები დავხუჭე -და მაშინვე, მინის ქილაში დაგამწყვდიე. იღიმის და ასჯერ ვკვდები. -მე კიდევ ასე არ ვიქცევი, ხომ გითხარი? ხელები მხრებზე მომკიდა -ასე სულ ჩაქრები და აღარ ინათებ. თმები ღერებად გადამილაგა, როგორც უნდოდა მარჯვნიდან-მარცხნივ, ან პირიქით. -ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. ჩამეხუტა და საბედისწეროდ მოვწყდი -ასე დაგტოვო და გიყურო როგორ ქრები უფროდაუფრო, თუ ყელზე მეკვრებოდა და ნიკაპით ჩემს მხარს ეყრდნობოდა -თუ გაგიშვა ვგრძნობდი სიყვარულის სიმძიმეს -და გიყურო როგორ ანათებ მთელი ძალით მაწვებოდა ეს სიმძიმე სხეულზე -და ახლაც მგონია, რომ შენც მაგიური ხარ და მატყუებენ იცინოდა ისევ ის -და ყოველთვის როცა გხედავ, მეშინია რომ გაქრები მხარზე მსუბუქად მაკოცა -და იმდენად დიდდება და ფართოვდება ეს შიში, რომ საკუთარი თვალებისაც აღარ მჯერა და როცა გხედავ, მგონია რომ მეჩვენები. ლოყა ჩამოადო ჩემს მხარს. -ციცინათელა მხარზეც ვგრძნობდი ღიმილს. -რა მოგიხერხო? თვალებში შემომხედა და ვთხოვდი, თვალებით ვთხოვდი შველას. ვთხოვდი, გავეთავისუფლებინე ამ ფიქრებისგან, სიტყვებისგან. ვთხოვდი, მიხსენი ამ გრძნობებისგან. ვიდექი და სულ სხვაგან დავფრინავდი. -სანშაინ მაფხიზლებდა ის -არ ვიცი თავზე ხელი გადაისვა და სახე მოიფშვნიტა. -შენი ჟოლო მინდა -მითხრა და ისევ ისე, მეთასედ გამიღიმა. -ჩემი ჟოლო? -ძლივს ამოვთქვი მე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. -ჰო -თავი დამიქნია და ისევ ჩემკენ წამოვიდა. თვალები დავხუჭე და ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადავყლაპე რომ ხმის ამოღებასთან ერთად არ მეტირა. -იტალიაში წაიყვან? -გულში ვსლუკუნებდი მე. -სადაც წავალ, ყველგან. -მითხრა და ჩემს სახეზე მოყვა ხელებით ბოდიალს. -მპირდები? -თვალების გახელას ვერ ვბედავდი მე. -დამცინი? რა თქმა უნდა სანშაინ. და ყველაზე მეტად გამიჭირდა საკუთარი თავისთვის ამის იძულება. ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და განაჩენივით გადავწყვიტე ჩემს გონებაში. -გამომართვი -გასაღები მივეცი და თავი დავხარე. -ვიცი როგორ გიყვარს. -ძალიან აკა. -და ახლა მინდა შენ გადაწყვიტო. -ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით დადგა და გასაღები მაღლა აწია. -ჩამოაკითხავ ჟოლოს? -იღიმოდა და ყველაზე ლამაზი იყო. ციცინათელების ფონზე, სიყვარულისგან უელავდა თვალები და ისიც მათსავით, დროდადრო, თანაბარი ინტერვალით, ჩემს მოლოდინში ნათდებოდა. ვხვდებოდი, რომ არც თუ ისე მარტივია ასე ყოფნა. და საერთოდ, ძალიან რთულიც კი. როცა დგები შენი საყვარელი ადამიანის წინ და შენს უკან, შენი მთელი ცხოვრება გებრძვის. ეჭიდები ყველაზე ძლიერს, საკუთარ თავს და ვერ იმარჯვებ, არც მარცხდები. და ყოველ ტალღას, რომელსაც გადაურჩები და ფიქრობ, რომ ეს ბოლოა, რომ შენ მოიგე, მოყვება ახალი, და ახალი. და სანამ, მზედ ამოხვალ, შენს ცხოვრებაში, უნდა ნახო, როგორია, როცა ქრები და როგორ იცდის, ზღვის ნაპირზე, და გელოდება, როდის ინებებ, ამოხვალ და ამონათდები, და მზის სხივებით ზღვის ნაპირებს, სიყვარულად გადაეღვრები. Sunset. ________________________ პ.ს. წინა თავის დაგვიანების გამო, ეს-ბონუსად და ჩემი ბოდიშის ფორმად. პ.პ.ს. რაც შეეხება ჩემს მადლიერებას. არის იმდენად არანორმალურად უშველებელი, რომ ვფიქრობ ამის ახსნას აზრი არ აქვს. მიყვარს თქვენი ყველა სიტყვა, აზრი, ფიქრი-ჩემკენ მომართული. მიყვარს ის სიყვარული, რომლითაც მე გიყვარვართ. მიყვარს თქვენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ყველა იმ სიტყვისთვის რომელიც ამ ისტორიისთვის გაიმეტეთ, სტიმული მომეცით და კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ რომ აქ ტყუილად არ ვარ. არაფერი ეყოფა ჩემს სათქმელს და უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ ძალიან ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ. გკოცნით ჟოლოებო და ციცინათელებო, თქვენი ნიუ იორკერი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.