ტყვიების წინააღმდეგ
... მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა ვიწრო გზაზე. როგორც წესი, ასეთი მგზავრობისთვის ღამით სვლას არავინ ირჩევს, მაგრამ ამ ბიჭებს,რაც შეიძლება, სწრაფად უნდოდათ ყველაფრის გარკვევა. ეს დღეს აღარ მოესწრებოდა, ამიტომ მზად იყვნენ, პირველივე სასტუმროში დაბინავებულიყვნენ. მძღოლს მთელი გზა ხელს უშლიდა პალტოზე დამაგრებული ავტომატი, მაგრამ ეს მხოლოდ ზედმეტისი ფრთხილის გამო იყო აუცილებელი. როგორც იქნა, გამოჩნდა სასტუმროც და მანქანა ჭიშკართან გაჩერდა... შეუდარებლად ლამაზია საქართველოს ბუნება, მით უფრო, მთიანი ადგილები. ღამითაც კი, როცა მცენარეები ჟანგბადს აღარ იძლევიან, სამოთხეში ყოფნას ჰგავდა სასტუმროს უკანა ეზოში, ხის ძირას, მინდორზე მოკალათება და საუბარი. საოცარი სანახაობა იშლებოდა თვალწინ. დროდადრო მგლის ყმუილი არღვევდა სიჩუმეს, რასაც შემდეგ ძაღლების გაბმული ყეფა მოჰყვებოდა. უტყვი სიო ისე სასიამოვნოდ არხევდა ხეებს, რომ ფოთლების შრიალისას დავითი და ლევანი სუნთქვასაც კი წყვეტდნენ, თვალებს ხუჭავდნენ და განაბული უგდებდნენ ყურს ბუნების ენას. დავითმა ღრმა ნაფაზი გააკეთა, ცოტა ჩაახველა და ჩიბუხი მეგობარს გაუწოდა. ლევანმაც გამოართვა და იგივე გაიმეორა. - დაილია ? - მცირე დროის შემდეგ იკითხა დავითმა. - მეხუთე ნაფაზი იყო, დაილეოდა, აბა, რას იზამდა ! - ეგ მოსაწევია, თავისით ვერაფერს იზამდა, ლევან, ობიექტია და არა სუბიექტი! - ირონიულად უთხრა დავითმა. - ეგღა მაკლია ახლა, შენ მასწავლო ქართული გრამატიკა! - გაიოცა ლევანმა. - არ გასწავლი, გისწორებ, უბრალოდ...რა ბუნებაა, ხედავ, რაჰაერი!.. იცი, მთელი გზაა, სულ ერთ რამეზე ვფიქრობ. რაღაც მინდა გკითხო... ახლა, როცა ჩვენ სხვა სამყაროში ვართ, შეგვიძლია ერთმანეთს ასი პროცენტით გადავცეთ, რაც გულში გვაქვს. მინდა მოვისმინო შენი პასუხი და მერე მეც მოგიყვე რაღაც... - მიდი, მკითხე, როდის მოგრიდებია ჩემთან რამე, - გულწრფელად უთხრა ლევანმა. - რატომ წამოხვედი ? სიღრმისეულად მომიყევი, ოღონდ! - ოოო, ძალიან კარგია, ეგრომ მკითხე. იცი, დავით, დამღალა სამყაროში დღევანდელმა უბატონოდ გაბატონებულმა ძალაუფლებამ.მაგალითად, ადრე ალექსანდრე მაკედონელის ხელში იყო ყველაფერი და როგორ? აიღო ხმალი და მისი მეშვეობით დაიპყრო ნახევარი აზია. ეს იყო ძალადობა,რომელიც არ ინიღბებოდა. დღეს კი... არაა ძალადობა, რაც ხდება? დაუმტკიცებ ვინმეს? მაშინ არ წყვეტდა ყველაფერს ბინძური ქაღალდი, ფული რომ ჰქვია. - ჰო, მაგრამ მაშინ ოქრო იყო. - ოქრო, აი, მაგ ვაჟკაცობის შემდეგ იყო. - დღესაც საჭიროა ფულისთვის ბრძოლა, - არ შეეპუა დავითი. - კი, მაგრამ დღეს ყველა საშუალებით იბრძვიან და ოთხმოცდაათი პროცენტი ვაჟკაცობას საერთოდ არაფერში არ ურევს. იმიტომ წამოვედი, რომ აქ, მთებში, ხალხი ადამიანობით ცხოვრობს იმათგან განსხვავებით, ადამიანისა მხოლოდ ხორცი რომ შერჩენიათ. ვინმე თუ ვინმეს აფასებს,ადამიანობით და ღვაწლით აფასებს, ხელში ან ჯიბეზე არავინ არავის უყურებს. იმიტომ წამოვედი, რომ მეც მინდა შევიგრძნო ადამიანობა, კიდევ, მინდა ვნახო ნამდვილი ხალხი - ნიღბების გარეშე. მთის ხალხს ყველა ეს თვისება შერჩენია, ჩემი აზრით, სულით ხორცამდე... - ნიღბიანები აქაც იქნებიან, უთუოდ ! - იქნებიან, მაგრამ ბუნებრივი ნიღაბი მაინც ექნებათ... და, შენ რატომ წამოხვედი, მე არ გკითხავ... - რატომ? მე შემეძლო უარი მეთქვა ამ გამოწვევაზე... როდესაც ცუდ სიტუაციაში ვვარდები, არავის ვეძახი, ხომ იცი ?! - ჰო, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა... მე ის გამიკვირდა, შენ რომ გთხოვეს ასეთ საქმეზე დახმარება. უფრო გამოცდილი არ ჰყავდა ვინმე გიოს ? - ისე, მაგაზე მეც ვიფიქრე... ვიცი, რომ არ მაქვს იმდენი „გაგება,“ რამდენიც ჩვენს ბევრ სხვა ნაცნობს, მაგრამ რატომღაც მე ამირჩია... ამაზე პასუხს, ჩემი აზრით, აქ ვიპოვი - რატომ მე?! - ამიტომ წამოხვედი ? - არა ! - უპასუხა დავითმა და მდელოზე გაწვა. - აბა, რა არის მიზეზი ? - ინტერესიანი მზერა მიაპყროლევანმა წამოწოლილს. - იცი, როდესაც მეგობრები დახმარებას მთხოვენ, არ შემიძლია უარი ვუთხრა. ხშირად არამარტო მეგობრებსაც... - თქვენ, რაა, ორიენტაცია შეიცვალეთ? - დაუძახა მათ ზაზამ, რომელიც ის იყო, სასტუმროდან გამოვიდა და დაინახა, როგორ ახლოს იჯდა ლევანი მდელოზე გაწოლილ დავითთან. - ისე, მაგაზეც ვიფიქრე მე, - უპასუხა ლევანმა. - მერე, რა გიშლით ხელს ? - მკვეთრი მეგრული კილოთი გაელაზღანდარა ზაზა ლევანს. - შეგვარგე ? - დაუბრუნა ლევანმა. - მორჩით ახლა. შემოდით, რამე შევჭამოთ. ბიჭები წამოდგნენ და ზაზას უკან გაჰყვნენ. დუქანში ერთ მაგიდასთან ხუთი კაცი იჯდა, ასე, 30-35წლისანი. მეორესთან კი, განმარტოებით, ერთი ახალგაზრდა, დიდი თმით, სავარაუდოდ, 18-20 წლისა. დავითს დავიწყებოდა ავტომატის პალტოდან ჩამოხსნა და მხოლოდ სკამზე მოკალათების შემდეგ იგრძნო, ზურგზე რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ ოთახში ასვლა შეეზარა და ლუდის დალევა განაგრძო.ესენი სხვებისგან მოშორებით დასხდნენ. - ბათუმურს ბევრად სჯობს, - უთხრა დავითს ლევანმა და კიდევ ერთი კათხა ჩაცალა. - კიდევ რას ჯობია ? - ირონიულად დაუბრუნა დავითმა, თან ზაზასკენ გადაიხარა: - ხედავ? აქ შეიარაღებულნი მხოლოდ ჩვენ არ ვართ! - და იქ შეკრებილ ხალხზე მიუთითა. - აქ, ალბათ, ყველა ეგრე დადის,ვისაც იარაღის ტარება არ ეზარება. ამ დროს დუქანში მათხოვარი შემოვიდა დახეული შარვლითა და ლანჩაგახსნილი ფლოსტებით. საცოდავი გამომეტყველებით მიუახლოვდა პირველივე მაგიდას და იქ შეკრებილბიჭებს ხელი გაუწოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დავითს ყვირილის ხმა მოესმა და უკან გაიხედა. - კაი, თუ არ აძლევ ფულს, გაუშვი, თავისი არ ეყოფა ? - თითქოს თვალებით საყვედურობდა ლევანი მოშორებით მაგიდასთან მჯდომს. ზაზა და ლევანი გვერდიგვერდ ისხდნენ და პირდაპირ უყურებდნენ მეზობლად მყოფებს, დავითი კი იმ მაგიდისკენ ზურგით იჯდა. მის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, როგორ წამოიწია სახეანთებული ზაზა და ხელი იარაღისკენ წაიღო. დავითი ელვის სისწრაფით წამოხტა, აჩქარებით მივიდა მასთან და მხარზე ხელი დაადო: - ახლა მგონია,დათას ვუყურებ, თუთაშხიას! არ გინდა,ძმაო, ეს არაა ჩვენი საქმე, აქ სხვა რაღაცის გამო ვართ... ზაზა გაჩერებას არ აპირებდა და დავითის სუსტ მკლავებს იოლად დაუძვრებოდა ხელიდან, ლევანიც რომ არ შეწინააღმდეგებოდა: - არ გინდა, ზაზა, არც მე მომწონს მათი საქციელი, მაგრამ ახლა სულ სხვაგან ვართ, არ ღირს ჩარევა, - უკვე მეგრული კილოთი ცდილობდა მის დაშოშმინებას. დავითი ხმაურზე შემობრუნდა. ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი, რომელსაც რატომღაც მარცხენა ხელი სახეზე აეფარებინა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, მათხოვარს აგინებდადა უბრძანებდა, იქედან გათრეულიყო. ამ ინციდენტზე განმარტოებით მჯდომი ახალგაზრდა წამოენთო, მაგრამ ადგილიდან გაქანება არავინ აცალა. ჩოხით შემოსილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იგინებოდა, მასთან მივარდა, სახე ახლოს მიუტანა და თვალი თვალში გაუყარა: - რა... რააა ??? - კისერი წაიგრძელა პასუხის მოლოდინში. - ახლავე ბოდიში მოუხადე ! - ძალიან მშვიდად გაუმეორა ბიჭმა. ჩოხოსანს გაეცინა და ხელი მოუქნია, მაგრამ ეს ახალგაზრდა ძალიან მოხერხებული გამოდგა:მოქნეული ხელი მარჯვედ აიცდინა და ერთდარტყმაზევე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაახევინამასზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს. აქამდე ჩუმად მყოფი თანამესუფრეებიც წამოცვივდნენ ადგილებიდან და მეგობრის დასაცავად დამბაჩები მოიმარჯვეს. ერთ-ერთი მათგანი მიიჭრა ახალგაზრდა ყმაწვილთან და დაუღრიალა: - ვინ ხარ ? ვინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებდა, რომ ამ დროს მარჯვენა ხელში ტყვიამ მოუსწრო და დამბაჩა ხელიდან გაუვარდა. ეს ზაზას წარმატებული გასროლის შედეგი იყო. დავითმაც გადაწკიპა ავტომატი და ხმამაღლა დაიყვირა: - ახლა თავად გაეთრიეთ აქედან, თორემ აღარაფერს დავტოვებ თქვენგან ! - და ავტომატიდან რამდენიმე ტყვია ფანჯარაში გაისროლა, შემდეგ მათკენ მიაბრუნა ლულა. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო - ლევანი და ზაზა უკვე იარაღმომარჯვებულნი იდგნენ დამბაჩიანი ჯგუფის წინ. დავითის ბრძანება მკაცრი გამოდგა. ,,ტრიადა’’ არ ხუმრობდა, სიტუაცია მწვავდებოდა. დაძაბულობაც პიკს აღწევდა. - მშვიდად, ბიჭებო, ჩვენ გავდივართ! - მოულოდნელად უკან დაიხია ბიჭმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მათხოვარს უდიერად მოექცა. დანარჩენებმაც დამბაჩები დაუშვეს და, ყველას გასაოცრად, რიგრიგობით გაეცალნენ იქაურობას . მათი წასვლის შემდეგ დავითი ახალგაზრდასთან მივიდა. ბიჭს მუცლის არეზე სისხლი ჰქონდა, დაჭრილი ჩანდა. ზაზამ ფული გადაიხადა და ყველანი გარეთ გავიდნენ . - ვინ ხართ ? - ჰკითხა ლევანს ახალგაცნობილმა, რომელსაც ლუკა ერქვა. - ტურისტები ! - მოკლედ მოჭრა ლევანმა და შემდეგ დავითს მიუბრუნდა, - მანქანაზე ნომრის მოხსნა ან შეცვლა მოგვიწევს... - შენ რა, გგონია, აქ ვინმე მანქანას ნომრით იმახსოვრებს ? - გაეცინა დავითს, - მაგარ შარში ვართ... უნდა წავიდეთ, სწრაფად დავამთავროთ ის საქმე, რისთვისაც ამოვედით და აქაურობას მოვშორდეთ. - შენ რა გიშველოთ, აქაური ხარ? ექიმი არსადაა აქ ? - მიაყარა ლუკას კითხვები დავითმა. - მეზობელ სოფელში ვცხოვრობ... ექიმის დრო არაა, გადავრჩები როგორმე... და რა საქმეზე ამოხვედით ? - ლუკას საერთოდ არ ეტყობოდა ლაპარაკზე, რომ იქაური იყო. - შენ რამეს ხომ არ გვატყუებ ? -იჭვნეულად შეეკითხა დავითი. - რას უნდა გატყუებდეთ ? - აქაური არ ჩანხარ, ბიჭო,და იცოდე, გადავიფიქრებთ ახლა შენს გადარჩენას! - ჩაერია ლევანი. - შეგიძლიათ წახვიდეთ ! - არ შეეპუა ლუკა. - არა, ვაჟკაც, შენ ცოცხალს არ დაგტოვებთ, თუ წავედით ! - მწარედ გაუღიმა ლევანმა. - მორჩით ახლა და გზაში გავარკვიოთ, - თქვა ზაზამ და მანქანას მიაშურა. ...ზუსტად იმ დილით, თბილისში, რესტორან „კოლიბრი“-ში ლუკა თავის შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა დეპუტატის შვილი გახლდათ და, ბუნებრივია, მდიდარ მამიკოს უნდოდა თავისი ერთადერთი ქალიშვილი ვინმე „ელიტური“ ოჯახის წარმომადგენლისთვის მიეთხოვებინა. აქედან გამომდინარე,შეყვარებულების ურთიერთობა დაფარული უნდა ყოფილიყო. ბიჭი კრივში დადიოდა, სპორტსმენი იყო, პატიოსანი მშობლებიც ჰყავდა, მაგრამ მდიდარ ხალხს არ მიეკუთვნებოდა. ნუცას მამა კი ამ ურთიერთობას რომ არ დაუშვებდა, ეს აშკარა იყო... რესტორან „კოლიბრი“-ში იმ დღეს, მეორე მაგიდასთან, მოსამართლე ქეიფობდა პროკურორებთან ერთად და უკვე საკმაოდ შეზარხოშებულიყო. - ასე აღარ მინდა გაგრძელება, - ძალიან სევდიანი ხმით უთხრა ნუცამ შეყვარებულს და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა. - იცი, მე მზად ვარ, ყველას დავუპირისპირდე, მაგრამ არა მგონია, ეს აუცილებელი დარჩეს. დღეს ოცდამეერთე საუკუნეა, არავინ უყურებს თავადაზნაურულ წარმომავლობას ან ქონებას... - შენ მამაჩემს ვერ იცნობ ! - შიშნარევი ხმით შეაწყვეტინა სიტყვა ნუცამ და ცრემლი გადმოუგორდა. - კაი რაა, მე გვერდით არ გყავარ? - სათუთად მოსწმინდა ბიჭმა ცრემლი, - ჩვენ აუცილებლად ერთად ვიქნებით... ხომ ხედავ, დღეს როგორი დროა, რას გვიზამს ? გავიპარებით სადმე,ბოლოსდაბოლოს... ლუკას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა მეორე მაგიდასთან ჯერ ყვირილი, შემდეგ კი ჩხუბი ატყდა.მამაპაპურმა გინებამ და ღრიალმა ისე გადაფარა ყველაფრის ხმა, რომ შეყვარებულებს ერთმანეთისა აღარ ესმოდათ. მოსამართლემ ერთ-ერთი პროკურორი დაიჭირა, წააქცია და სკამის ასაღებად შებრუნდა. ვიდრე ის შემოტრიალდებოდა, წაქცეულმა წამოდგომა მოახერხა და უკვე ნუცას სიახლოვეს აღმოჩნდა. მოსამართლე გოგონას დანახვამაც არ შეაჩერა, ისე მოურიდებლად გაისროლა სკამი. პროკურორმა მოხდენილად აიცდინა მოქნეული საგანი,მაგრამ მისი კუთხე ნუცას პირდაპირ თავში მოხვდა. მოსამართლეს ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე გაეკიდა პროკურორს, თუმცა სამი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო: ლუკა ცხვირწინ აეტუზა და რამდენიმე სწრაფი დარტყმაც უთავაზა. ღიპგადმოგდებული ჩინოვნიკი იატაკზე გაიშოტა უგონოდ. ბიჭმადანარჩენ მთვრალ პროკურორებსაცარ დაამადლა მძიმე ხელი და ბოლოს შეშინებულ გოგონასთან მივარდა. - მე კარგად ვარ, გადავრჩი, - უთხრა ნუცამ, - გთხოვ, დაანებე თავი და გავეცალოთ აქაურობას... - გარეთ დამელოდე, ჯერ არ დამისრულებია! - მიაძახა ლუკამ, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა კარგად იყო. მერე ისევ მოსამართლესთან გაქანდა. მას თვალების გახელა და ფეხზე წამოდგომა მოეხერხებინა, პროკურორებისგან განსხვავებით. - ბოდიშის მოხდა მაინც გეცადა, შე ! - ბოლო ხმაზე დაუღრიალა ლუკამ და პერანგის საყელოზე ეცა. - იცი, მე ვინ ვარ ? - ჩასისხლიანებული თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა ჩინოვნიკს. შემდეგ ხელი ჰკრა ბიჭს,ქამარს წაეპოტინა და იარაღი ამოიღო. ლუკამ პისტოლეტი მარჯვედ გამოაცალა ხელიდან და უკან გადაადგო, შემდეგ მსხვერპლი ქვემოთ მოიქცია და სახეში მუშტები გამეტებით დაუშინა. უცებ ნუცას განწირული კივილი შემოესმა. ბიჭმა აალებული სახით გაიხედა მარცხნივ. პროკურორს, რომელიც წეღან მოსამართლეს გაექცა, ლუკას გადაგდებული იარაღი აეღო და მასვე უმიზნებდა. ერთი გასროლა მაინც მოასწრო, შემდეგ კი ნუცას მიერ თავზე შემოკრულმა ლარნაკმა გონება დაუკარგა. გოგონა შეყვარებულთან მივარდა: - დაჭრილი ხარ, წავედით სწრაფად. ეს ხომ ქალაქის მთავარი მოსამართლეა! ლუკას გაუმართლა, მუცლის მარცხენა არეში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. არცერთი სასიცოცხლო ორგანო არ იყო დაზიანებული, მაგრამ სისხლი მაინც შეუჩერებლად მოდიოდა. - ექიმთან ვერ მივალ, უნდა გავიქცე. როცა ყველაფერი დამთავრდება, გნახავ... ეს შენ გქონდეს! - ბიჭმა დაბნეულ ნუცას ხელები მაგრად შემოხვია, ჩაიხუტა, მერე თავისი მობილური შეაჩეჩა და გაეცალა იქაურობას... დავითმა მანქანა სწრაფად წაიყვანა და ძილის შეგრძნებაც საერთოდ გაუქრა. დანიშნულების ადგილამდე ორმოცი კილომეტრიღა აშორებდათ. - ბიჭო, შენ არ გვენდობი, თუ რა გინდა ?! - დუმილი დაარღვია ზაზამ და ლუკას შეხედა. - პოლიციელები ხართ ? - იკითხა ბიჭმა მოულოდნელად. ლევანს ისტერიკული სიცილი აუტყდა და დავითმაც მანქანა დაამუხრუჭა. სწრაფად გადმოვიდა, უკანაკარი გააღო და გამწყრალი თვალები შეატეხა ბიჭს: - რაზე შეგვატყვე პოლიციელობა ? - კბილებამდე ხართ შეიარაღებულნი! - უპასუხა ლუკამ. - პოლიციელი რომ ვიყო, იმათ გავუშვებდი ? ან შენ არ დაგიჭერდი მაგ ჭრილობის გამო ? თუ არ გვენდობი, გადადი ახლავე მანქანიდან! - გამოსცრა გაბრაზებით და კარი ბოლომდე გამოაღო. - კარგი, გეყოფა! - უთხრა ზაზამ მშვიდად დავითს. - წამოდი ერთი, შენთან ცალკე მაქვს სალაპარაკო! - მიიღო პასუხად. ლევანი მანქანაში დარჩა ლუკასთან ერთად. - ეს უთუოდ თბილისელია, მე არ ვენდობი მაგ ხალხს. შენც იცი, რა აზრისაც ვარ „ხოხბებზე“. წეღან ნახე დუქანში? ჩვენი გასაკეთებელი იმან გააკეთა, თან ჩვენ ყველას იარაღი გვქონდა ასხმული, ის კი უიარაღოდ იყო.გამბედაობა და თავზეხელაღებულობა არ მეტყველებს კარგ ადამიანობაზე. ბევრჯერ მოვტყუებულვარ მაგრად და იცი ეს შენ. არ მინდა, კიდევ ერთი ვატარო და ბოლოს... - კაი, მორჩი, დაველაპარაკოთ... მაგრამ აქ არ დავტოვებთ, კარგი? - მხარზე დაადო ხელი მეტი დამაჯერებლობისთვის. დავითმა თანხმობის ნიშნად არაფერი უთხრა, ნერვიულად გაიქნია თავი და მანქანას მიაშურა. - სანამ ბოლომდე მივალთ, კიდევ მოგვიწევს შეჩერება, რაღაცები გასარკვევი გვაქვს! - გასაფრთხილებლად თქვა და მანქანა დაქოქა. ხმა არავის ამოუღია. ვიდრე დავითი და ზაზა გარეთ საუბრობდნენ,ლევანმაც ახალგაცნობილთან მოასწრო დალაპარაკება, მაგრამ მას კმაყოფილებისა არაფერი ეტყობოდა. დავითი ფიქრებმა გაიტაცა... და მაინც, საიდან დაიწყო ყველაფერი ? გაიხსენა მისი მეგობრის ძმის - სოსოს ნაამბობი. ...გიორგი და სოსო ოზურგეთის ცენტრში დაბადებულ-გაზრდილი იყვნენ. დედა მაღალმთიანი სვანეთიდან ჰყავდათ, ამჟამად - გარდაცვლილი. გიორგის ძალიან უყვარდა დედულეთში ასვლა და ნადირობა. იქაური ხალხის, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებისდიდად მოყვარულ-მიმდევარი გახლდათ. ქალაქში გაზრდილისა მას საერთოდ არაფერი ეტყობოდა. საუბრის მანერა, ქცევები, შეუპოვრობა,სიმტკიცე და პიროვნული სისპეტაკე გაფიქრებინებდათ, რომ ის მთის შვილი იყო და ქალაქს იშვიათად სტუმრობდა. მართლაც,გიორგი უდიდეს დროს ატარებდა მთაში და იქაური ცხოვრება უფრო მეტად ჰქონდა შესისხლხორცებული, ვიდრე - ბარისა. როდესაც ის მთას ეწვეოდა, აუცილებლად მიდიოდა ბაბუას მოსანახულებლად, რომელიც უკვე ძლიერ მოხუცებული ბრძენკაცი გახლდათ. საათობით შეეძლო გიორგის მასთან საუბარი და ყოველი ურთიერთობისას ახალს, გონივრულს სწავლობდა. სოფელი თითქმის დაცარიელებული იყო ახალგაზრდებისგან და სწუხდა ამაზე ბიჭი. ერთ-ერთი მიზეზი, რაც გიორგის სვანეთში ასვლისკენ უბიძგებდა,აქაური მთების სილამაზე და სიდიადე იყო. ერთ დიდ სანახაობას წარმოადგენდა პეიზაჟი, როდესაც ღრუბლები მეზობელი სოფლის წვეროს სუდარასავით შემოეხვეოდა და ნისლიც ფრთხილად დაიწყებდა მოძრაობას... ეს შენელებული კადრები იმდენად ახლოს იყო მაყურებლის თვალსაწიერთან, იმდენად მძაფრად შეიძლებოდა მათი შეგრძნება, გულისცემაც ჩერდებოდა თითქოს. სულ ცოტაც და, გეგონებოდა, ზეცას ხელით მისწვდებოდი... წარსულის გარინდებულ ნაშთებად შემორჩენილი, ასწლოვანი, ამაყად მომზირალი, აქაური სოფლების თავსამკაული -ფიქალის კოშკები კი ზუსტად გამოხატავდა სვანურ ხასიათს, შეურყეველსა და უდრეკს... ვერ ელეოდა გიორგი ამ ყველაფერს. თუნდაც ამისთვის უღირდა აქ ამოსვლა, თუნდაც ამისთვის... ამ ადგილებში დავითიც არაერთხელ ყოფილა და აქაური ბალახის ზემოქმედების ქვეშ ყველაფერი ასჯერ უფრო ლამაზი და მიმზიდველი ეჩვენებოდა... საათობით შეეძლო ეყურებინა, დაისის ცეცხლისფერი მზე როგორ ადნებოდა შხარას - ზეცაში აჭრილ უკვდავ ქმნილებას... ცის შესუნთქვა სურდა ასეთ დროს სიამოვნებისგან გაბრუებულს და იმ გარიყული ვარსკვლავის დაჭერა, ცრემლად რომ სწყდებოდა განათებულ კაბადონს... აქ ყველაფერი დავიწყებას ეძლეოდა, ყველა საფიქრალ-სადარდებელიც ამ ბუმბერაზ მთებს შორის, უფსკრულში, იკარგებოდა და სადღაც, მიღმიერში მიჰყავდა დაცლილ გონებას დაღლილი სხეული. სხვა სამყაროს ჩუქნიდა მთისა და ბალახის ერთობლიობა დავითს და ამას არაფერი სჯობდა, ამას ვერც ვერასდროს შეელეოდა. აქვე, მეზობელ სოფელში, ძველი ქისტები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ სოფლისგან განსხვავებით, სავსე იყო ახალგაზრდებით და ბავშვებით. ორი დღის წინათ, გიორგიმ სანადიროდ გადაწყვიტა წასვლა. გამოიტანა სახლიდან თოფი, კარგად გაწმინდა, ტყვიები ქამარზე მიიმაგრა და წასასვლელად მოემზადა. - დღეს ვერაფერს მოკლავ, ეს წვიმა ხელს შეგიშლის. ასეთ ამინდში აქ არავინ ნადირობს, - უთხრა მას ბაბუა ილიამ. - ვიცი, ბაბუ, - უპასუხა გიომ და დასამშვიდობებლად მოეხვია მოხუცს ,- ხვალ წასვლას ვაპირებ, ქეთის შვებულება აქვს და... დღეს გავერთობი ცოტას, დროსაც გავიყვან... ბებიამ სახლიდან გასულ შვილიშვილს პირჯვარი გადასახა. ასეთ ამინდში მართლა რთული იყო ნადირობა, მაგრამ გიორგი ამ საქმეში კარგად გაწაფული ჩანდა. დაბურულ ხეებს შორის სიარულიც არ იყო იოლი; თანაცშუადღის მიუხედავად, როცა მზე უკვე შუბის ტარზე უნდა იყოს, ჯერ კიდევ ბნელოდა ტყეში. ტალახის გამოც ჭირდა სვლა და მიწის ხმა, ცოტა არ იყოს, ხელს უშლიდა ბიჭს ნადირის მოძრაობაზე მიყურადებას. არ უყვარდა გიორგის შველზე ან ირემზე გასროლა, არასდროს მოუკლავს ისინი. სადმე ჯიხვი თუ შეეჩეხებოდა, ეს სხვა საქმე იყო - ხელიდან არ გაუშვებდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერს თავისუფლად შეეძლო ორი ჯიხვის წაღება. სამიც წაუღია, მაგრამ იმ დღეს ძალიან დაიღალა... „უკვე რამდენიმე თვეა, რაც არ მინახავს... ძალიან გამიმართლა; ასეთი ლამაზი და სულიერად სუფთა ადამიანი სხვა არც შემხვედრია. ერთი სული მაქვს, ხვალ როდის მოვეხვევი და ვეტყვი, როგორ მომენატრა. მახსოვს, პირველად რომ შევიგრძენი მისი სურნელი. ამას სხვა ნებისმიერი სურნელისგან გამოვარჩევ. წუთითაც არ მავიწყდება მისი სახე, ულამაზესი და დიდი თვალები. ნეტა ბეჭედი მოეწონება ?!...“ გიორგი ფიქრებში იყო გართული, როდესაც დაინახა, ოთხი რქა როგორ მოძრაობდა. სწრაფად გამოერკვა და მიიმალა.ფრთხილად გადაადგილდა იმ მხარეს,სადაც ერთ ჯიხვს თვალი მოჰკრა. უკვე ნელა მიდიოდა კლდის მშვენება, საშიშროებას ვერ გრძნობდა. არ უსვრია გიორგის, ჯიხვს გაჰყვა უკან. დევნამ ნახევარ საათს მაინც გასტანა. გიორგის არ უჭირდა ტყეში სიარული. სახლიდან უკვე კარგა მოშორებით იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ აშინებდა. ფრანგულისთვის ხელი მოეკიდა და მოთმინებით, ფეხაკრეფით მიჰყვებოდა ცხოველს. აი, დადგა ის მომენტი,რომელსაც ასე ელოდა. ჯიხვს თავისი ოთხი „მეგობარი“ მოეძებნა და ახლა უკვე აჩქარებულად განაგრძეს ერთობლივი მოძრაობა. ორი სწრაფი და ერთიც დაგვიანებული გასროლა გაისმა. გოროზმა მთებმა ბანი გამოსცეს. გარინდული ტყე ხმაურმა დააფრთხო. დაგრეხილი რქები მიწას გაერთხა. ბოლო ამოხრიალებაც და, უმწეოდ გადატრიალდა უსიცოცხლო თვალები. გიორგიმ თოფი მხარზე გადაიკიდა, ნასიამოვნები სახით ხელები მიმოიფშვნიტა, ჩაიმუხლა და ნანადირევის დამუშავებას შეუდგა. ნადირობა ისე კარგად ეხერხებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ინსტიქტიც ჰქონდა უკვე გამომუშავებული - თუ ვინმე მის წინ, გვერდზე ან უკან გაიჭაჭანებდა, უმალვე ხვდებოდა. ახლაც სუნთქვის ხმა დაიჭირა. ის ცხოველს არ ეკუთვნოდა. აშკარად ვიღაცის ყოფნა იგრძნო უკან. ელვის სიწრაფით მოიხსნა თოფი მხრიდან, შემობრუნდა და სასხლეტი გამოსწია. წინ უცნობი მონადირე იდგა და იარაღმომარჯვებულ ახალგაზრდას დაბნეული უყურებდა: - სალამ, ვაშა! - ვინ ხარ ?! - ხმამაღლა ჰკითხა გიორგიმ. - გურამი, - უპასუხა მან და გამწყრალი ხმით გააგრძელა, - თოფს რისთვის მიმიზნებ, ძმა გიწოდე! - ქისტი ხარ ? - დიახ, ქისტი ვარ. - ვერაფერი მოგინადირებია, ქისტო! - ნიშნის მოგებით უთხრა გიორგიმ, თოფი დაუშვა და თავის ნანადირევს ამაყად მიუბრუნდა. - ჰოოო... არ გამიმართლა დღეს, ხელი მომეცარა, თანაც ცუდი ამინდია... მოწყენილობამ წამომიყვანა სანადიროდ, - თითქოს თავი იმართლა ქისტმა, - დაგეხმარები. - კეთილი, - უთხრა გიორგიმ და მეორე ცხოველზე მიუთითა. - აქაური ქართველი ხარ ? - ახლა ქისტი გადავიდა შეკითხვაზე. - დიახ, გიორგი მქვია. - იმ სოფელში შენნაირი ახალგაზრდა თუ კიდევვინმე ჭაჭანებდა, არ მეგონა, - ამჯერად ქისტმა მიუგო ნიშნის მოგებით, თან ისე ოსტატურად ასუფთავებდა ჯიხვს, რომ გიორგიმ თვალი ვერ მოაშორა. - შემცდარხარ, - ცივად უთხრა ბიჭმა და რისხვით შეხედა. - კარგი, რა მოგივიდა... და, ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა სანადიროდ ? - ჯიხვს გამოვყევი. კარგა ხანს ისაუბრეს ახლადგაცნობილებმა. აღმოჩნდა, რომ გურამი იქვე, ახლოს ცხოვრობდა, ცოლი და სამი ვაჟი ჰყავდა, მცირეწლოვანები. იმ დღეს თავის ბიძაშვილთან მოსვლია უთანხმოება და გულის გადასაყოლებლად წამოსულა სანადიროდ. როდესაც ცხოველები მთლიანად გაასუფთავეს,გიორგიმ ერთი ჯიხვი საჩუქრად გადასცა ქისტს. - ჩემთან წამოდი, აქვე ვცხოვრობ... თანაც უკვე ღამდება, საშიშია ამ დროზე სოფელში დაბრუნება, - მადლიერება გამოხატა ხელმოცარულმა მონადირემ. გიორგიმ კარგად იცოდა - იქაურ ხალხს არ უყვარდა, როდესაც მიპატიჟებაზე უარს ეუბნებოდნენ,და უფრო მეტიც, ეს დიდ უზრდელობად, მასპინძლის შურაცხყოფად ითვლებოდა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია, ჯიბისკენ წაიღო ხელი ტელეფონის ამოსაღებად: ბაბუასთვის ხომ უნდა ეცნობებინა ეს ამბავი, რომ არ ენერვიულათ მოხუცებს. მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ მობილურის ელემენტი დაცლილიყო და სახლში ჰქონდა დატოვებული შესავსებად... - შენი მობილური მათხოვე, - სთხოვა ქისტს. - ეგ რა არის ? - ტელეფონი. - არ მაქვს. ჩვენს სოფელში არაა ეგ სატანური ნივთი, - მიუგო ქისტმა. პირველი შემთხვევა იყო, რომ გიორგის ძალიან საინტერესოდ მოეჩვენა ეს სოფელი თავისი მაცხოვრებლებითურთ. რატომღაც, ამდენი წლის მანძილზე, ის არ იყო აქ გავლილიც კი. ბავშვობაში, როცა ბაბუა ტყეში გაასეირნებდა და აქ, სიახლოვეს, მოხვდებოდნენ, ბიჭი გეზს შეიცვლიდა და პაპას უკან დაბრუნებას სთხოვდა. ახლა კი გიორგის სურვილი გაუჩნდა ამ ადგილების დათვალიერებისა. გონებაში უტელეფონობის პრობლემაც მოაგვარა - ბევრჯერ წასულა სანადიროდ და მეორე დღემდე სახლში არ დაბრუნებულა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოხუცები არ ინერვიულებდნენ ამაზე. - კარგი, წავიდეთ შენთან, - უთხრა გურამს და უკან გაჰყვა. ქისტების სოფელი რადიკალურად განსხვავდებოდა გიორგის მშობლიური სოფლისგან. აქ ყველა სახლში შუქი ენთო და აქა-იქ, ეზოებში, ქეიფი იყო გაჩაღებული. უკვე ბნელოდა, მაგრამ სოფელს სიცოცხლე მაინც ეტყობოდა. ალაგ-ალაგ ფანჯრებიდან ხალხი იყურებოდა და გურამს ესალმებოდა. უცხოს შემოსვლა ეგრევე შენიშნა მოსახლეობამ, არც გიორგის გამოჰპარვია ცნობისმოყვარე თვალები... სახლამდე მალე მივიდნენ. საკმაოდ კარგი საცხოვრისი ჰქონდა ქისტს. მშრომელი კაცის ხელი ეტყობოდა ოჯახს. ყველაფრი მოვლილ-დასუფთავებული იყო. ბავშვებს უკვე ეძინათ, როგორც ჩანდა. მყუდრო გარემო ძალიან ესიამოვნა გიორგის და დაღლილობაც მალე დაავიწყდა, თავი შინაურულად იგრძნო. ასო-ასო აქნა გურამმა ნანადირევი, მისიცოლი,მარია,კი დატრიალდა და კერძების მომზადებას შეუდგა. გიორგისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდა ცოლ-ქმარი. სულ მალე მადის აღმძვრელი სურნელი მოედო ოთახს... ოცდაათი წლისა იქნებოდა გურამი, გიორგიზე ათი წლით უფროსი მაინც, ცოლიც თანატოლი ჰყავდა, სავარაუდოდ. ძალიან ლამაზი, მაღალი და, ქისტებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ თეთრი ქალი იყო მარია. დახვეწილი ნაკვთები, მწველი თვალები ჰქონდა ქალს, ტანით შველს აგონებდა გიორგის; აი, იმ შველს, ძალიან რომ უყვარდა და არცერთხელ ფიქრშიც კი რომ არ უსვრია მისთვის; აი იმას, ხეზე რომ ადიოდა და იქედან საათობით უყურებდამის მომაჯადოვებელ მშვენიერებას... განაცვიფრა გიორგი ამ ქალის სილამაზემ, მაგრამ იცოდა, თუ ამას გურამი შენიშნავდა, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ამიტომ შეფარვით ადევნებდა თვალს ქისტ დიასახლისს. ქალი პიროვნულადაც ძალიან სათნო და თბილი ჩანდა. არნახული ვახშამი მოამზადა მარიამ და გურამმაც შავი ღვინო შემოამატა მაგიდას. მასპინძელმა სუფრასთან მიიპატიჟა სტუმარი. ქალი მათთან ერთად არ დამჯდარა სავახშმოდ... დაახლოებით ორსაათიანი მოლხენის, უკეთ გაცნობისა და გულიანი საუბრის შემდეგ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. გურამის ბიძაშვილი იყო, მოსე. ცოტა დაძაბული ჩანდა.უცხო სტუმარს ცივად, შორიდან მიესალმა.დიდის ამბით მიიწვია გურამმა მაგიდასთან. - აქაური ხარ ? - დაუსვა მან შეკითხვა გიორგის სახელისა და გვარის გარკვევის შემდეგ. - დიახ, აქ გაზრდილი, - მიუგო ბიჭმა თავაზიანად. შემდეგ ოჯახზეც გამოჰკითხა და ყველაფერი შეიტყო მისი წარმომავლობის შესახებ. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საუბრისას მოსე თითქოს მგლის თვალებით უყურებდა გიორგის და ბიჭსაც, ცოტა არ იყოს, არ მოეწონა ეს გამომეტყველება. მოსეს ღვინისა და საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია. დაახლოებით ოც წუთში რაღაც მოიმიზეზა და უკან გაბრუნდა. აშკარა იყო, კეთილგანწყობით არ გასულა გარეთ. გულმა რეჩხი უყო გიორგის... სტუმარ-მასპინძელმა რომ იჯერა გული მოლხენით, უკვე შუაღამეც გადასულიყო. მარიამ სტუმრისთვის განკუთვნილი საძინებელი მოამზადა და გურამმაც კარებამდე მიაცილა საკმაოდ შეზარხოშებული ბიჭი. - დილით, თქვენს გაღვიძებამდე რომ წავიდე, არ გაგიკვირდეთ. ხვალ ადრე უნდა დავბრუნდე ქალაქში. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ქალბატონო, - უთხრა მარიას და მადლიერების გამოსახატავად უნდოდა ხელზე ეკოცნა მისთვის, მაგრამ არ იცოდა, ოჯახის უფროსი როგორ მიიღებდა ამ ჟესტს; თანაც ქალი ქმრის მხარს იყო ნახევრად ამოფარებული, ამიტომ ეგრევე გადაიფიქრა. - რას მაკადრებ, ვაშო, ფიქრობ, გაცილების გარეშე გაიპარები აქედან? - სიცილით უთხრა გურამმა და მხარზე ხელი დაჰკრა, - მიდი, მოისვენე ახლა და დანარჩენი დილით იყოს. - ბუისა დეკიალიოგ-იილა, - მოკრძალებული ხმით ძილი ნებისა უსურვა ქალმაც და ქმართან ერთად მიეფარა გრძელ დერეფანს. დაძინებიდან დაახლოებით ორ საათში გურამი ხმაურმა გააღვიძა. ლოგინიდან სწრაფად ადგა, ფრანგული და დამბაჩა აიღო და ოთახიდან გავარდა. თვალებს არ დაუჯერა: დერეფანში გიორგი დახვდა, ხელფეხშეკრული, თავს მოსე და მისი ძმა,ასლანი,დადგომოდნენ და კარებისკენ მიათრევდნენ. - რა ხდება აქ ?! თქვენ სულ გადაირიეთ ? - გაცეცხლდა გურამი და მათკენ გაეშურა, თუმცა სხვა, მოულოდნელმა სტუმრებმა,იოლად მოახერხეს მისი შეჩერება. როგორც იქნა, გურამმა თავი დააღწია დაუპატიჟებელ ხალხს, გვერდზე გადგა და ბიძაშვილებისგან დაელოდა ახსნა-განმარტებას. - ბრიყვი ყოფილხარ, გურამ! - დაიყვირა ასლანმა, - ვერ იცანი ეს ნაძირალა? გსმენია რამე აკაკი ჯაჭვლიანზე ? - აკაკი ჯაჭვლიანი რამ გაგახსენათ ახლა? - მან ჩვენი ბაბუა თავის ორ ძმასთან ერთად ამოხოცა და არამხოლოდ ისინი! - ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავი რა შუაშია აქ?- ღრიალებდა გურამი. - შუაში კი არა, თავშია, თავში. აკაკის ძმის,ილიას,შვილიშვილია ეს ლეკვი. ამას ცოცხალს ვერ გავუშვებთ! - იდორბლებოდა მოსე. - რას როშავთ, მართლა ფიქრობთ, რომ ამას დავუშვებ, თანაც ჩემს ოჯახში? ეს ბიჭი ჩემი სტუმარია და მეგობარიც უკვე, არც არაფერი დაუშავებია თქვენთვის! ეს სისხლიანი ტრადიციები უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლავე გაუხსენით თოკი და აქედან დაახვიეთ! - თვალებში სისხლი მოაწვა გურამს და ფრანგული იშიშვლა. შიში ჩასდგომოდა გიორგის თვალებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას სრულებით არ სჭირდებოდა ქისტების გაუგებარი ენის ცოდნა - ყველაფერი ცხადზე უცხადესი იყო ისედაც... გურამის მძვინვარება ერთგვარი იმედი იყო იმისა, რომ ბიძაშვილები თავიანთ ამფსონებთან ერთად დროულად მოეგებოდნენ გონს და ზვარაკად შესაწირ ბიჭსაც უმალ გაუშვებდნენ. როგორ ცდებოდა! - ძლივს ჩაგვივარდა ხელში ჯაჭვლიანების ნაშიერი და ხელიდან გავუშვებთ? - დაიგუგუნა ასლანმა, - არც იოცნებო! ზეგ, საღამოს, სასაფლაოზე ავათრევთ და იქ კი იცი, რაც მოელის! - შენ შეგიძლია, მონაწილეობა არ მიიღო, ამას უშენოდაც კარგად მოვუვლით, შენს სისხლს მალე ავიღებთ, ბაბუუუ!!! - გულზე მჯიღი დაირტყა მოსემ და იატაკზე გაგდებულ გიორგის წაეპოტინა. - შე, ახვარო, ამისთვის შემომიძვერ წუხელ სახლში, ხომ? - გაცეცხლებული გურამი ელვის სისწრაფით დაუსხლტა ხელიდან „მცველებს“, ფრანგული ჯერ გიორგის ბაწარს დაჰკრა, შემდეგ კი მოსეს დაუფიქრებლად აძგერა გულში. ახლა ასლანისკენ გაისროლა. ტყვიამ თვალებს შუა შეაღწია... მორიგი გასროლამისმა ერთ-ერთმა მცველმა დაიმსახურა, მაგრამ მეორემ დაასწრო - გულის ფიცარზე ტყვიამოხვედრილი გურამი მოწყვეტით დაეცა... მზერა გიორგისკენ ჰქონდა მიმართული, უკვე გაყინული... სამწუხაროდ, გიორგის ვერც ეს დაეხმარა - მოულოდნელი სტუმრები გურამს მრავლად ჰყავდა და მოსესა და ასლანის წარუმატებელი „სპეცოპერაცია“ მათ გააგრძელეს... არ გასჭირვებიათ, ასევე, იარაღმომარჯვებული და ატირებული მარიას განიარაღებაც. - ამას წავიყვანთ. ზეგ შეგიძლია საყურებლად მოხვიდე, - აგდებულად უთხრა ქალს ერთ-ერთმა, სახელად კაეამ და გიორგი კარებისკენ გაათრია . გურამის ცხედარიც თან გაიყოლეს. დერეფანში ფეხშიშველა ბავშვები გამოჩნდნენ შეშინებული თვალებით... ქალის განწირულმა კივილმა შეძრა იქაურობა... ქისტების ტრადიციის თანახმად, მათი მოდგმის მკვლელს ან მისი გვარის რომელიმე წარმომადგენელს კვირას მოუსწრაფებდნენ სიცოცხლეს, საფლავთან. იმ დღეს კი პარასკევი იყო... ... დავითი გაზს ფეხს უფრო ღრმად აჭერდა და თან ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. დეტალურად იხსენებდა, როგორ მოვიდა სოსო მასთან ერთი დღის წინ. ულამაზესია ქობულეთის ზღვის პლაჟი ზაფხულში. განსაკუთრებით მაშინ, როცა აქ ბევრი ტურისტია და უფრო განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ტურისტების უმეტესობა ახალგარდა გოგონაა...დავითი სანაპიროზე თავის მეგობარ გელასთან იმყოფებოდა, რომელიც შეზლონგებს აქირავებდა. სადაცაა, ბიჭებიც უნდა მოსულიყვნენ. - რა ქენი გამოცდები ? - ჰკითხა გელამ. - ორი დამრჩა, - მიუგო მან, - ერთი ხუთ დღეში, მეორე - თვის ბოლოს. - როგორც ყოველთვის... და სხვა დანარჩენი გადაწერე ? - გაუცინა გელამ. - იცი, ისე გამორიცხულია, შენნაირი უკანალში პეროგაყრილი მათემატიკოს-ეკონომისტი ამას ვერ გაიგებს. - აბა, შენნაირი ოროსანი პროგრამისტი უნდა ვიყო,რო ვიცოდე ? - არა, ჩემნაირად სრულყოფილი უნდა ბრძანდებოდე, თორე ისე -შანსი არაა. - მერე შენნაირი სრულყოფილება ამ ვაბშე ყოფასთან მიუახლოებელ ხალხთან რატო ძმაკაცობს ? - მიუთითა გელამ მათთან მოახლოებულ ბიჭებზე. - პიროვნულად ძალიან კარგები არიან, - თვალი ჩაუკრა დავითმა. - გელა წამოდგა და მოსულ სტუმრებს შეზლონგები გაუმზადა. ნიკა და გოგი მიესალმნენ და მოკალათდნენ ქოლგის ქვეშ. - ჰააა, სადაა დაპირებული ? - მოსვლისთანავე დაუსვა კითხვა ,,სულუხსარმა’’ ნიკამ დავითს. გოგი დავითის ბავშვობის ძმაკაცი იყო, მასზე ორი წლით პატარა, ნიკა კი გოგის მამიდაშვილი, რომელსაც უკვე ორი წელია იცნობდა. ყოველთვის ზედმეტს ლაპარაკობდა ნიკა, თითქმის სულ ნერვებს უშლიდა დავითს თავისი ლაზღანდარობით, მაგრამ მასში იყო რაღაც მიამიტური, ნამდვილი, რითაც ეს ბავშვი ნდობას იმსახურებდა. - აქ მაქვს, - უთხრა დავითმა და ჩიბუხი ამოიღო, - ეე, ნშტაინ, მოდი აქ, რძე დაგალევინო, - დაუძახა გელას. - აი, მანდ გყავს სასტავი, ძუძუ რო უნდა აჭამო, ისეთი და მაგათ დაალევინე ეგ რძე! - დაუბრუნა გელამ. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ დავითის მობილური აწკრიალდა. - ჰო, ზაზა, როგორ ხარ, ჩემო ძმაო ? - უპასუხა თავის მეგრელ ძმაკაცს დავითმა მეგრულადვე. - კარგად ვარ, ბიჭო, მე და ლევანი ვართ ჩამოსულები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩაზე ვიმყოფებით ახლა და შენთან გვინდა ამოსვლა. სად ხარ ? - პლაჟზე ვარ. რა ადგილას ხართ მაგ ქუჩაზე ? - გამგეობააო, თუ რაღაც, აი, მანდ ვართ ახლოს. - ჰოდა, ფოთისკენ დაუყევით და გზაში შეგხვდებით, - დაუძახა დავითმა და ტელეფონი გათიშა. პლაჟზე ასასვლელ კიბეს როცა მიადგა, დაინახა, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე მიკი-მაუსი, რომელსაც ზუსტად ისეთივე „ტისოტი“ - ს ფირმის საათი ეკეთა ხელზე, როგორიც მას. პირველ საფეხურზე ფეხის შედგმის დროს თითქოს ზურგზე ფრთები გამოუვიდა და მეორე საფეხურზე ასასვლელად ისე დაეხმარა, რომ ფეხზე ძალის დატანება არ გახდა საჭირო. შემდეგ თავი მაღლა ასწია და მზეს ახედა: მილიონობით მწვანე ჟირაფი ლომებს მისდევდა და ატირებული ლომები რაღაც უცნაურ სიმღერას მღეროდნენ... ამ მარაქაში ფრინავდა დავითიც... კიბეზე ასვლის შემდეგ ის თამარ მეფის ქუჩაზე აღმოჩნდა.ბიჭები უკვე მოდიოდნენ მისკენ. - ეს აქ ყოფილა,წიე! - სიცილით და სასწაულად მეგრული კილოთი უთხრა ზაზამ ლევანს და დავითს მისასალმებლად ხელი გაუწოდა. დავითმა მძიმედ ჩამოართვა ორივეს ხელი და სანაპიროსკენ გაუძღვა მათ. - რა გჭირს, ბიჭო, ხმას რატო არ იღებ ? - შეეკითხა ლევანი. - არ მინდა! - დაუბრუნა დავითმა. - გოგას გამოგზავნილი მოწიე, ბიჭო ? - ჩაეძია ზაზა. - ჰო! - მოკლედ და ყრუდ მიუგო დავითმა. - არ ვარგა ეგ, გალისაა. ხო გითხარი, არ ივარგებს, მძიმეა-მეთქი. შენ რო მთხოვე, წამოგიღე მე და გავსინჯოთ დღეს საღამოს. - არ მინდა, გადააშენეთ თქვენი მეგრული. მეც მაქვს სახლში რაღაც და იმაზე დაგპატიჟებთ. დავითის მობილური მეორედ აწკრიალდა, როცა ზაზა და ლევანი ზღვაში შევიდნენ. - ჰო, მაა... - ვიღაც სტუმარია შენთან. ტელეფონის ნომერი არ სცოდნია, დაელაპარაკე. - გამარჯობა, დავით, სოსო ვარ. - სოსო?! - ხმაზე იცნო თავისი მეგობრის ძმა დავითმა და გაოცებული წამოჯდა, - რა ხდება, ხო მშვიდობაა ? - არა, - მოკლედ მოუჭრა სოსომ. - მოვფრინავ! - და დავითმა მობილური გათიშა. სიურპრიზები არ ელეოდა დღეს: მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ზაზას და ლევანის სტუმრობა პლაჟზე და გაცილებით უფრო წარმოუდგენელი - სოსოს ვიზიტი პირდაპირ სახლში. - ზაზა! - გასძახა და ხელი დაუქნია. - რა ხდება ? - შეეკითხა ზღვიდან ამოსული ზაზა, აფორიაქებული დავითი რომ დაინახა. - ძალიან მოულოდნელი სტუმარი მყავს სახლში, კაი ამბავზე არაა, უეჭველად... წამო, ავიდეთ და მერე დავბრუნდეთ! - კარგი, ჩვენც მანქანით ვართ. წადი და დაგეწევით, თუ გინდა. - არა, ახლა წამოდით. თქვენ უკან წახვალთ, ვიცი, აქ რო დაგტოვოთ... დავითმა თავისი მანქანით ნიკა და გოგი წაიყვანა, ზაზა და ლევანი კი უკან გაყვნენ. ათ კილომეტრში ცხოვრობდა დავითი სანაპიროდან. ბიჭები სახლში მალე ავიდნენ. დაბნეული ჩანდა სოსო. - გამიხარდა, ძმაო, შენი დანახვა, მაგრამ როგორც მივხვდი, საქმე კარგად არ უნდა იყოს. გიოს მოუვიდა რამე? - ხმაში დაძაბულობა დაეტყო დავითს. - მე მგონი, მოკლეს! - ამოიზლუქუნა თითქმის ატირებულმა თხუთმეტი წლის ბიჭმა. საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმანეთს გადახედეს. ფითრი დაედო დავითს სახეზე. - რააა? რა თქვი? როგორ? - თავს ვეღარ აკონტროლებდა, სოსოს ეცა. - კაი, დამშვიდდი, მოგვიყვეს ჯერ ბავშვი ყველაფერს, - მოაშორა მეგობარი ზაზამ ბიჭს და სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო ყოველივე. - ბაბუამ დამირეკა დღეს დილით, ასე მითხრა, შენი ძმა გუშინ სანადიროდ წავიდა და უკან აღარ მოსულაო, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობოდა სოსო, -მისი აზრით, ქისტებმა დაიჭირეს, ისინი კი ხვალ შუადღის მერე მოკლავენ, თუ აქამდე ცოცხალია... დავითმა საფეთქლებთან შემოიჭირა ხელები, ლამისაა, დასკდომოდა. - მოკლული რომ იყოს, აქამდე გეცოდინებოდათ, - დაასკვნა ზაზამ. - რატომ კლავენ ან რატომ დაიჭირეს , კიმაგრამ? რა დაუშავებია ასეთი? - გონს მოეგო მასპინძელი. - არ ვიცი. შენს მეტს არავის ვიცნობ წესიერს, გიორგის ძმაკაცს. სანათესაოშიც არავინ მეგულება ისეთი, ვისაც დახმარებას ვთხოვ. უმწეო ბიჭის ეს სიტყვები ყველაფერს ერთად გამოხატავდა - ნდობასაც, იმედსაც, მადლიერებასაც... - კარგი, გასაგებია. ეს ის შემთხვევაა, წუთიც რომ ძვირად ფასობს, - დავითი თავდაჯერებულად წამოდგა და სოსოს მხარზე მოხვია ხელი, -შენ კი შინ უნდა დაბრუნდე და არავის არაფერი უთხრა. მე ახლავე დავიჭერ თადარიგს და სვანეთში წასასვლელად მოვემზადები! ბიჭები ეგრევე წამოიშალნენ. დავითის ხმაც და გამომეტყველებაც მტკიცე იყო... სოსო ლევანმა ქალაქამდე ჩაიყვანა და სახლში გაამგზავრა, შემდეგ კი ისევ დავითთან დაბრუნდა. - ზაზა, ბოდიშს გიხდი. ვიცი, რომ გამიგებ, უნდა წავიდე! - უთხრა დავითმა ზაზას, სანამ ლევანი უკან დაბრუნდებოდა. - ჩვენც წამოვალთ,წიე! - კატეგორიულად უთხრა ზაზამ. - მეც წამოვალ! - თქვა ნიკამ, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტი წლისა იყო. ხმაამოუღებლად იდგა გოგი, დავითის ბავშვობის მეგობარი. - არა, შენ არ წამოხვალ! - უარი მიიღო ნიკამ. - რატომაც არა, წამოვალთ, - ისეთი ტონით თქვა გოგიმ, დარწმუნებული იყო, დავითი შეეწინააღმდეგებოდა და წასვლა არ მოუწევდა. - არა-მეთქი, - გაიმეორა დავითმა და ზაზას მიუბრუნდა, - იარაღი დაგვჭირდება. - გაქვს ? - ხომ იცი, რომ მაქვს. - მაჩვენე. დავითმა ის ტყეში წაიყვანა და ორმოში დამარხული იარაღი ანახა. ნამდვილ არსენალს ინახავდა, ოცი ათასი დოლარის იარაღი მაინც ექნებოდა. - რა ფულსაც ვშოულობთ, ყველას იარაღში ყრი ? - ყველას - არა. ოქროსაც ვყიდულობ, მაგრამ ის დამარხული არ მაქვს ძუნჭი ვაჭარივით! - მე ესეც მეყოფა, - თქვა ზაზამ და პისტოლეტი აიღო. - ესენიც დაგჭირდება, - სამი მჭიდი გაუწოდა დავითმა, თავისთვის კი ორი პისტოლეტი და ერთი ავტომატი წამოიღო. საბარგულში რაღაც დიდი ჩადო, საგულდაგულოდ გახვეული. - ჩემი მანქანით წავიდეთ, - შესთავაზა ლევანმა. - არა, გასაღები დატოვე და ჩემი მანქანით მირჩევნია. ლევანი აღარ შეწინააღმდეგებია. - აბა, კარგად, ბიჭებო, ჭკუით იყავით. ადგილი არ მაქვს, თორემ სახლამდე გაგიყვანდით, - უთხრა დავითმა ნიკას და გოგის. - დავით, მე წამოგყვები რა, ამას შიგ აქვს... ხომ იცი, რა ჩმორიცაა, - ჩუმად უთხრა ნიკამ დავითს. - შენს მამიდაშვილზე აუგად ნუ საუბრობ! - შენიშვნა მისცა დავითმა, - თანაც ჯერ პატარა ხარ ასეთი საქმეებისთვის; მიხედე მაგას და სამ დღეში ჩამოვალ. ... მანქანა ილია ბაბუას სახლს მიუახლოვდა. დავითმა ის გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. - გმირო, აბა, მოგვიყევი ერთი, რა მოგივიდა. ძალიან მიშლის ნერვებს შენი უნდობლობა! - რას აწვები, ბიჭო, კაცს? აიძულებ, რომ გენდოს ? - დაუძაბა ზაზამ დავითს. - რა იყო, ბიჭო, ამისკენ ხარ ? - გაუკვირდა დავითს. - არ უნდა კაცს საუბარი, ალბათ, და რა შეიკალი! - ბიჭებო, - დაიწყო ლუკამ, - მე თქვენ არასდროს გიღალატებთ, ისეთ დროს დამიდექით გვერდით; ცხოვრებაში ასეთი ცუდი დრო ჯერ არ მქონია...არ ვიცი, საიდან დაიწყო ყველაფერი, ან სად დავუშვი შეცდომა - პარლამენტარის შვილი რომ შემიყვარდა თუ მოსამართლე რომ ვცემე... - ის მოსამართლე შენ გალახე ? - სიტყვა შეაწყვეტინა დავითმა. - შენ საიდან იცი ? - გაუკვირდა ლუკას. - გუშინ, ქობულეთში ჩამოსვლამდე, ჩემს ადვოკატთან ვიყავი ბათუმში...მისგან გავიგე ეს ამბავი. იცი,რომ დაგიჭირონ, რას გიზამენ ? - დაახლოებით ვხვდები. - კარგი. მაშ, წავედით. მაგრამ მოიცა, ვინ შემიყვარდაო ? ლუკა ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა... ილია პაპასთვის მოულოდნელი გამოდგა სტუმრების მისვლა. კარგა ხანს ისაუბრეს, სისხლიანი წარსული გაიხსენა მოხუცმა, წარსული, რომელიც ახლა ითხოვდა პასუხს... - ხვალ, დილით, წაგიყვანთ იმ სოფელში, ახლა დასვენება გვმართებს, - უთხრა დავითს პაპამ, თან ლუკას ჭრილობას უმუშავებდა და რაღაც ბალახს აფენდა მუცლის არეზე... სისხამ დილით ბიჭები მამლის ყივილმა გააღვიძა. ყველას ერთ დიდ ოთახში ეძინა. უცნაური ის იყო, რომ ამ ოთახს კარებად ციხის გალავანი ჰქონდა, მეორე მხარეს კი ისეთი პატარა ფანჯარა, ქათამი თუ გაეტეოდა. რკინის კარები გარედან ჩაერაზათ, აშკარა იყო, აქ შემთხვევითობას არ ჰქონდა ადგილი...ყველაფერი ნათელი იყო. დავითმა ყვირილი ატეხა, გალავანს ხელი დაუშინა. ფეხის ხმა შემოესმათ. საკეტი ამოძრავდა, კარი მძიმედ გაიღო, პაპა გამოჩნდა უზარმაზარი გასაღებით ხელში. - იმ უგუნურმა ბავშვმა ყველაფერი გიამბოთ,თქვენ ვალდებული არ ხართ, ეს საქმე იტვირთოთ, შვილებო,- თითქოს თავს იმართლებდა მოხუცი ბიჭების გამოკეტვის გამო, - არადა, მხოლოდ მინდოდა სცოდნოდა, რა მოხდა სინამდვილეში. ჩემი ცხონებული ძმის დამსახურებაა, გიორგი რომ იმათ ჰყავთ, მაგრამ მე გამოვასწორებ ყველაფერს... - მარტო როგორ გაუმკლავდები ? - შეაწყვეტინა შეშფოთებულმა დავითმა. - წავალ და გიოს ნაცვლად საკუთარ თავს შევთავაზებ,- მტკიცედ თქვა პაპამ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, აქ შეწინააღმდეგება უადგილო იყო. - უარი რომ გითხრან და თქვენც ზედ მიგაყოლონ ? - სიფრთხილით ჰკითხა ლევანმა. - ტრადიციის მიმდევარი ხალხია, ბაბუ, სხვანაირად გიოს არ დაიჭერდნენ. ტრადიციის თანახმად, მე თუ მომკლავენ, ეს საკმარისი იქნება მათთვის და ბიჭს აღარ შეეხებიან. - და, უბრალოდ, უარით რომ გამოგისტუმრონ ? ჩემი აზრით, ორივე დაიღუპებით... ჩვენ დაგიდგებით გვერდით! - თავდაჯერებული ტონით მიმართა დავითმა იმის იმედით, რომ პაპა მათ გაათავისუფლებდა. - ჩემი ცოლი თავის დასთანაა წასული. ხვალამდე ვერ დაბრუნდება. მანამდე არც შიმშილით და არც წყურვილით არ დაიხოცებით, - თითქოს დავითის სიტყვები არ გაუგონია მოხუცს, - თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, საღამოს გიორგი მოვა და კარებსაც ის გაგიღებთ! პაპა მიბრუნდა, რკინის კარი მძიმედ გამოიხურა. ვიდრე ბიჭები გონს მოეგებოდნენ, გასაღები ხმაურით გადატრიალდა და ისევ ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ. მოხუცის ფეხის ხმაც მალე მიწყდა... უცებ დავითის მობილური აწკრიალდა. - ჰო, ნიკა, რა მოხდა? არ მაქვს ახლა შენი დრო! - გამწყრალი ხმით უთხრა დავითმა. - სად ხარ ? - სად უნდა ვიყო, შე დებილო ! - დაიყვირა დავითმა და მობილური გათიშა, - ამის ზარიღა მაკლდა ნერვების სრულად დაწყვეტისთვის! - კარები როგორმე უნდა გავაღოთ,გავამტვრიოთ, ბოლოსდაბოლოს, - თქვა ზაზამ. - აზრი არ აქვს, - ჩაილაპარაკა ლევანმა, რომელიც ძალიან დიდი ინტელექტი იყო და ბევრი რამ იცოდა, მათ შორის, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ჩაკეტილ ოთახს, - კარები უძლიერესი ფოლადისაა. ხის საწოლები გვაქვს. ვერაფრით ვერ გავტეხთ. პისტოლეტიც რომ გვქონდეს, შიგნიდან შეუძლებელია მაინც. დავითი ხელით მიაწვა რკინის კარების, ძვრაც ვერ უყო... მერე ერთიანი ძალებით დაუშინეს ფეხები. თითქოს ოდნავ ამოძრავდა კარიბჭე. - ბოქლომითაა გარედან ჩაკეტილი; როგორც ჩანს, დიდი ხნისაა და საკეტიც გაუფუჭდა, - შენიშნა ლევანმა და კარებს მოშორდა. დრო იზლაზნებოდა, არადა, საქმეს ლოდინისთვის არ ეცალა. დავითმა ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა, თან დაკვირვებით ათვალიერებდა ოთახის შემოგარენს. პატარა ფანჯრის სიახლოვეს ძველისძველი, ნაცრისფერი მაჩუბი აღმართულიყო და ბიჭებს მდუმარედ გადმოჰყურებდა მაღლიდან. - აი, ფორსმაჟორიც ამას ჰქვია! - მწარედ ჩაეცინა და ტყისკენ მიმავალ ბილიკს გახედა. უცებ, გამაყრუებული, ყუმბარისებური ხმა გაისმა. გასროლა აშკარად გალავნის ბოქლომისკენ იყო მიმართული. ბიჭები კედელს ამოეფარნენ. მძიმედ, ჭრიალით გაიღო კარიბჭე. ზღურბლთან ნიკა იდგა, სნაიპერის ტიპის შაშხანით მომარჯვებული. - არ მელოდით, მშიშრებო ? ხო არ ჩაისვარეთ ხმაზე ? - სიცილს ვერ იკავებდა გაოგნებული სახეების დანახვაზე. - აქ რა ჯანდაბა გინდა ან როგორ მოხვედი ? - გაბრაზებული ეცა დავითი. - კარგი, ახლა მაგის დროა? პაპას უნდა დავეწიოთ. დროზე, ბიჭებო, ლუკა აქ დავტოვოთ! - თქვა ზაზამ და ოთახიდან გავარდა... რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი ისეთი რთული და წარმოუდგენელი იყო, თითქოს ყველაზე ჩახლართულისიზმრის ლაბირინთში იმყოფებოდნენ, საიდანაც გამოსავალს მხოლოდ გამოღვიძება წარმოადგენდა... ეს მოულოდნელი თავის დაღწევა მართლაც სასიხარულო იყო, მაგრამ ამ ყველაფერში ნიკას ჩარევა ძალიან არ მოეწონა დავითს. ის დარწმუნებული იყო, რომ იმ რკინის კარებს როგორმე თავს გაართმევდნენ, ნიკას გარეშეც... თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო მართლა არ იყო, ილია პაპა უნდა მოეძებნათ და ქისტების სოფლამდე, რაც შეიძლება, სწრაფად მიღწიათ. ტყის ბილიკები კი არცერთმა მათგანმა არ იცოდა... - ზაზა, აქ მოდი, გეგმა მაქვს! - დაიყვირა უცებ დავითმა და ნიკას ახლოს მოუხმო, - შენ სნაიპერული შაშხანა გაქვს, ესეიგი... გეგმის ახსნას ხუთი წუთი დასჭირდა, ეს დრო ძალიან დიდი იყო ამ შემთხვევაში. დავითი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ბევრჯერ უთამაშია კომპიუტერში, როცა ის ომში იყო და მოწინავე ხაზზე იბრძოდა, მაგრამ სიკვდილის შემთხვევაშიც კი თამაშს ბოლო, დამახსოვრებული მომენტიდან აგრძელებდა... და ახლა ? მას არ გააჩნდა მეორე შანსი, მეორე სიცოცხლე. გეგმა თუ წარმატებით არ განხორციელდებოდა, ისინი განწირულნი იყვნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ არცერთ მათგანს აქამდე არავინ მოუკლავს, ქისტების სოფელში კი ნამდვილი სისხლისღვრა იყო მოსალოდნელი. თან როდის, 2015 წელს, დღევანდელ თანამედროვეობაში, განა შეიძლებოდა ხალხის ასე დახოცვა-კოღოებივით? მაგრამ აშკარა იყო, რომ შურისძიებას მოწყურებულ ქისტებს გიორგის სიცოცხლე არაფრად უღირდათ და ეს დავითს დიდ სტიმულს აძლევდა. ბევრჯერ უფიქრია, მოკლავდა თუ არა ადამიანს... ის დარწმუნებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში უკან არ დაიხევდა, მაგრამ იყო ახლა ეს საჭიროება ? „ფიქრი დამღუპველია, სასხლეტს თითი დაუფიქრებლად უნდა გამოვკრა... რა სისულელეა, დღეს როგორ შეიძლება კაცი დაიჭირონ და სასიკვდილოდ გაიმეტონ ბაბუის ძმის ნამოქმედარისთვის! ბევრს თუ ვიფიქრებ, როგორც ყოველთვის, შემეცოდება ის ხალხი სასიკვდილოდ და ეს,შესაძლოა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. არ მაქვს შეცდომის უფლება, ისინი ჩემ გვერდით არიან ამ რთულ საქმეში და მე სამაგალითო უნდა ვიყო მათთვის. მაგრამ სამაგილითო რაში - კაცის კვლაში ? მთელი ცხოვრება უსამართლობას ვებრძოდი და სულ ასე იქნება. ის ხალხი ჩამორჩენილი აზროვნებისაა, მე კი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც უნდა დავიხსნა ჩემი ძმაკაცი ამ ბრბოსგან, ამას ვავალდებულებ საკუთარ თავს! ნაგავია ის ადამიანი, ვინც თავის პრინციპებსა და ცხოვრების წესს უღალატებს, მაგრამ ნაგავზე უარესია, როცა მეგობარს უღალატებს...“ დავითი ფიქრებში იყო გართული, როცა ქისტების სოფელს მიუახლოვდნენ. თითქოს სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, მაგრამ მცირე დროც არ გასულიყო, ხალხმა ჯგუფებად დაიწყო თავმოყრა. მალევე აჩოჩქოლდნენ, აშკარად იგრძნობოდა, რაღაცისთვის ემზადებოდნენ. როგორც ქართველებს აქვთ წესად ხევისბერობა, ისე ჰყავდათ ქისტებსაც სოფლის მეთაური. აი, გამოჩნდა შუა ხნის, ჯერ კიდევ ჭარმაგი კაცი. შავი ჩოხა ეცვა, ნაციონალური, და თავზე ბოხოხი ეხურა, სიცხის მიუხედავად. მკაცრი გამომეტყველებით დადგა ხალხის შუაგულში, ხელით ანიშნა რამდენიმეკაციან ჯგუფს რაღაც. მალე ხელებშეკრული ახალგაზრდაც მოიყვანეს... შორიდან იარაღის გასროლამ დააფრთხო შეკრებილები. ჯგუფში მოწინავე კაცს, რომელიც დაბმულ ბიჭს მიათრევდა, ცხვირს ზემოთ სახე აეცალა და მოწყვეტით დაეცა. მეორე ხმამაღალმა გასროლამ მეთაურის გვერდით მდგომი შეიწირა. ხალხში პანიკა ატყდა, მიმოიფანტნენ. ამარეულობაში ილია პაპა შევარდა საიდანღაც და მეთაურის მიერ გიორგისთვის გასროლილ ტყვიას გადაეღობა... ტყვიამ პაპას მკერდთან ახლოს გაუარა, მაგრამბიჭის ყელამდე ნაფლეთმა მაინც მიაღწია... ამ დროს გაისმა ავტომატის გაბმული კაკანი. ქისტები, ფაქტობრივად, ალყაში აღმოჩნდნენ. მათი მხრიდან იარაღმომარჯვებული აღარავინ იყო. რამდენიმე მათგანის დაღუპვამ ისინი გონზე მოიყვანა და დანებება არჩიეს. მეთაური ყრუდ ისვროდა იქით, საიდანაც სნაიპერის ხმა მოდიოდა, მაგრამ როდესაც მარჯვენა ხელში ავტომატის სამი ტყვია მიიღო და იარაღიც ხელიდან გაუვარდა, რა თქმა უნდა, ისიც დადუმდა. დანარჩენები კი მიახლოებას ვერ ბედავდნენ. ბიჭები გაწვრთნილი ჯარისკაცებივით შევარდნენ ხალხის მასაში, იარაღი ააცალეს და აშკარა უპირატესობა მოიპოვეს. ქისტები მაინცდამაინც ბევრნი არ აღმოჩნდნენ, ათიოდე კაცი თუ იქნებოდა შეიარაღებული და სამნიღა გადარჩენოდნენ ტყვიების წვიმას. - ილია პაპა, როგორ ხართ ? - მივარდა დავითი ილიას. - უბრალო ნაკაწრია, შვილო, კარგად ვარ, - და მოხუცმა შვილიშვილისკენ გაიხედა. დავითი ახლა დააკვირდა გიორგის. ბიჭს ყელიდან სისხლი ჩქეფდა.სახეზე ფერი თანდათან ეკარგებოდა. როგორც ჩანდა, ტყვიას მთავარ არტერიაზე მიესწრო. არ ელოდა ასეთ სერიოზულ ჭრილობას იგი. - გადარჩები! - ცრემლიანი თვალებით მიიჭრა მეგობართან და სისხლმჩქეფარე ადგილს ხელი მაგრად დააჭირა. წითლად შეეღება მტევანი. ცხოვრებაში პირველად განიცადა, რომ ადამიანი მის ხელებში ემშვიდობებოდა სიცოცხლეს. გულისრევა იგრძნო. - სოსოს მიმიხედე... არ აპატიო ამათ, - ამოიხრიალა მომაკვდავმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ... მალე პულსმაც შეწყვიტა ფეთქვა. თავი გადაუვარდა. გახელილი თვალები უმწეოდ შეჰყურებდნენ დავითს. მკლავები მოხვია დაჩოქილმა ჯერ კიდევ თბილ ცხედარს, გულზე მაგრად მიიკრა... მერე თავი აიღო და საშინელი ხმა ამოუშვა, გმინვის მსგავსი. ვიღაცის ღრიალმა დააბრუნა რეალობაში, მეთაური თავისიანებს ქისტურ ენაზე აგინებდა და ლანძღავდა ცოცხლად დანებების გამო. - შენ, მოხუცო, სიკვდილს ინატრებ! - ზიზღით წამოიძახა დავითმა და უკან შემობრუნდა, ნანახმა გააოგნა. მის წინ იდგა ქალი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თავის უფროს მეგობარს, თინას. გარდაცვლილს უყურებდა დამწუხრებით და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა შეფაკლულ ღაწვებზე. ბიჭი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხმადაბლა შეეკითხა: - შენ ვინ ხარ ? - მე გურამის ცოლი ვარ, უფრო სწორად, ქვრივი, - ცრემლები შეიწმინდა ქალმა, - თქვენ ვინ ხართ ? - გურამი ვინღაა ? - კითხვა დაუბრუნა დავითმა. - გუშინ გიორგი ჩვენთან იყო სტუმრად, გურამმა ის ნადირობის დროს გაიცნო და შინ წამოიყვანა... როდესაც გიორგის შეპყრობას ცდილობდნენ, ჩემმა ქმარმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა და... ... სვანეთში გამომგზავრების დროს, როცა მანქანა უკვე ურეკს იყო მიახლოვებული, დავითს მიოულოდნელად რაღაც გაახსენდა: - ბიჭებო, ბათუმში უნდა ჩავიდე აუცილებლად, ზღვაზე დაგტოვებთ და ორ საათში დავბრუნდები! - შენ ნორმალური ხარ, წიე? ორი საათი გზაში თუ გეყოფა! - გაიკვირვა ზაზამ. - მეტი დრო არ მინდა, იქ დიდი ხნით გაჩერებას არ ვაპირებ. უნდა გამიგოთ, აუცილებელი საქმე მაქვს. - მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ცოტას გავშავდებით თან, - თქვა ლევანმა. დავითმა ბიჭები იქვე, გზატკეცილზე დატოვა და როდესაც მანქანა შემოაბრუნა, მხოლოდ შემდეგ მოძებნა მობილურის კონტაქტებში თინა. ის ბოლოს რამდენიმე თვის წინ ენახა, მაგრამ თითქმის ყველა დღე ჰქონდათ მიმოწერა. დავითის ცხოვრებაში თითქოს ისეთი მომენტი დამდგარიყო, როდესაც მასზე უფროსი მეგობარი, აუცილებლად ქალი, სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ისიც.ქალი იმიტომ, რომ ის ყოველთვის უფრო სათუთი და მგრძნობიარე, უფრო გულისხმიერი არსებაა, ვიდრე კაცი. სულიერად სუფთა, ლამაზი და ძალიან თბილი პიროვნება იყო თინა. მშვიდი - შენიღბულად, მაგრამ ესეც ბევრს ნიშნავდა ბიჭისთვის. ადამიანური თვისებებით ძალიან მაღალ საფეხურზე იდგა ეს ქალი, ამას კი ყველაზე მეტად აფასებდა დავითი. ვერ წარმოედგინა ვინმე უფრო კეთილი და უკეთ მოაზროვნე... გრძნობდა ბიჭი, რომ თვითონაც განსხვავდებოდა ყველა გარშემომყოფისგან, სულ სხვა ხედვა ჰქონდა მას, გამჭრიახი გონება და საღი აზროვნება. მცირე ასაკის მიუხედავად, საკმაო გამოცდილებაც მიეღო - ცხოვრებისეული და, შესაბამისად, ჭკუაც კარგად უჭრიდა. ერთადერთ პიროვნებად, რომელიც მის ნააზრევს და შეხედულებებს ცოტათი მაინც გაიგებდა, თინა მიაჩნდა; სწორედ ამიტომ უყვარდა მას ეს ქალი და უდიდეს პატივს სცემდა. ძალიან წუხდა დავითი, რომ აქამდევერ შეძლო უცხოეთიდან მისთვის დაპირებული ტკბილეული წამოეღო, რომელსაც ქართულთან შედარებით გაცილებით უკეთესი ხარისხი გააჩნდა, მაგრამ შეცდომის გამოსწორებას დღეს შეეცდებოდა. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მობილურში ხმა გაისმა. - გისმენთ! - სად ხარ? - მოკლე და კონკრეტული შეკითხვა დაუსვა დავითმა თინას. - სკოლაში, - ასევე მოკლე პასუხი მიიღო მან. - ოცი წუთი არსად წახვიდე! - დავითმა ყურმილი იმწამსვე დაკიდა და გაზს ბოლომდე ჩააჭირა. ჯერ სახლში გაიარა და შემდეგ პირდაპირ ბათუმისკენ აიღო გეზი. ზუსტად ოცდაშვიდი წუთი დასჭირდა დავითს სკოლამდე მისასვლელად. შვიდი წუთის წინ მისმობილურში ხმა გაისმა: - პუნქტუალურობას კიდევ ვერ შეეჩვიე ? - ათი წუთი დამაგვიანდება, - დავითმა მობილური ისევ გათიშა. ზუსტად იყო დარწმუნებული, რომ ქალი მას დაელოდებოდა. ამას მაშინვე მოუძებნა ახსნა - ყველაფრის მიზეზი რატომღაც გამოცხადებული უდიდესი ნდობა იყო თინას მიმართ. - უკვე აღარ გელოდი, - ცივი დახვედრა მოუწყო დაგვიანებულ სტუმარს თინამ, - რა ხდება ? - რა ლამაზი ხარ დღესაც, მოკლედ ვეღარ ვხვდები, ოცი წლის მე ვარ თუ შენ... როცა გიყურებ, თავი უფრო ახალგაზრდა მგონია; სულ ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ეს ქალი ჩემზე ორჯერ უფროსია და მიხარია, რომ შენ ოცდაათი წლისას ჰგავხარ. შეიძლება თინა სულაც არ წააგავდა ოცდაათი წლის ქალს, მაგრამ დავითი იყო იმდენად შეცვლილი და აღელვებული იმ დღეს, უთუოდ თინაზე ბევრი ნაოჭი გააჩნდა მოცემულ მომენტში. - ამის სათქმელად თუ ჩამოხვედი, შეგიძლია ახლავე წახვიდე! - ცივად მოუჭრა ქალმა. - ასე ცუდად მიცნობ? - დავითს აშკარად ეტყობოდა მღელვარება და თინამაც შეატყო, რომ საქმე სერიოზულად იყო. უბრალოდ ის არასდროს ღალატობდა თავის ცხოვრების სტილს და ესეც მოსწონდა მასში დავითს. - რა მოხდა, ვინმემ ხომ არ გაბედა შენი გულის დაპყრობა ? - ჩვეული და თითქოს მოძველებული ხუმრობის ტონით შეცვალა საუბარი თინამ. - ასე ადვილად იყოს საქმე... ძალიან ცოტა დრო მაქვს. შენს საჩუქარს ყოველთვის თან ვატარებ, აი!- დავითმა მას გულზე ჩამოკიდებული ავგაროზი დაანახა, - ახლა მინდა მეც გაჩუქო რაღაც, ეს ჩემი ნათლობის ჯვარია... როცა ნათლიამ თორმეტი წლის წინ მომნათლა, მაშინ გამიკეთა; ამას არ გჩუქნი, მინდა შენთან იყოს ორი დღით და ჩემზე ილოცო, თუ გადავრჩი, დამიბრუნე... ეს კი ჩემი საიდუმლო სახლის გასაღებია საირმეში, ამ ფურცელზე ზუსტი მისამართი წერია. დიდი ხანი ვაშენებდი ამ სახლს და მინდა გადმოგცე იმის სანაცვლოდ, რაც შენგან ვისწავლე... ასე მგონია, შენც საკუთარი ნაშენები ცოდნა გადმომეცი და ჩემში რაღაც შეცვალე... არ ვიცი, გამოიყენებ თუ არა ამ სახლს, მაგრამ მინდა შენი იყოს. ეს მცირედია, რაც მე შემიძლია. ბოდიში მინდა მოგიხადო დანაპირების შეუსრულებლობისთვის, არ მრჩებოდა დრო, უცხოეთში ტკბილეული მეყიდა, - დიდი მწუხარებით თქვა მან, - ეს კი ჩემი სახელობის ხატია, მინდა სულ შენთან იყოს, ცოცხალიც რომ დავბრუნდე, მაინც შენთან იყოს... და კიდევ, თუ რამე გაგიჭირდება, სანამ ამქვეყნად ვარ, ანგელოზივით ვიქნები შენი მფარველი, ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ დროს. დავითმა კარგად იცოდა, რომ რეალურად თინას მისი დახმარება არასდროს დასჭირდებოდა, მაგრამ გულიდან ამომავალი სიტყვები უთხრა მაინც. ის მზად იყო, ნებისმიერ წამს და ნებისმიერი რამის ფასად თინასთვის თუნდაც მცირედი მაინც გაეკეთებინა.ქალს არაფრის თქმა არ აცალა. კარგად იცოდა მისი ხასიათი, იცოდა, რომ ის არ გამოეკიდებოდა და არც მობილურზე დაურეკავდა... სათქმელის დასრულების შემდეგ სწრაფად შემობრუნდა და უკან გამოიქცა. სახლი საირმეში, დიდი ხნის განმავლობაში ნაშენები, დაუთმო ადამიანს, ვინც, მისი აზრით, ერთადერთი პიროვნება იყო, ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრობა რომ გაუწია. არა ნათესავი, ან ძმაკაცი, ან კლასელი. სწორედ მეგობარი, ერთადერთი მეგობარი... დავითი ფიქრობდა, რომ თინა ამ საჩუქარს თუნდაც პიროვნული სიწმინდისა და სიკეთის კეთების გამოც კი იმსახურებდა; მიაჩნდა, რომ ეს ქალი ერთადერთი იყო დედამიწაზე (მის შემდეგ),ვისაც ცოდვის ჩადენისას სინდისი არასდროს ასვენებდა... - მერე რა მოხდა? - ეგ გუშინ იყო,დანარჩენი იცით უკვე, - ქალი თავდახრილი გაეცალა იქაურობას. ქისტი მოსახლეობა თავდამსხმელებთან ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, მათი იარაღი საშუალებას არ იძლეოდა, შორიდან გამკლავებოდნენ ვინმეს. - სად იკრიბება საბჭო განაჩენის გამოსატანად ? - შეუბღვირა ტყვედ აყვანილ მეთაურს დავითმა. - მომკალი, მირჩევნია! - მიიღო პასუხად. - როგორც წესი, სოფლის ცენტრში ირჩევენ რომელიმე კარგ შენობას. ის შენობა ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს რაღაცით, -და ლევანმა ირგვლივ მიმოიხედა. - სოფლის ცენტრში ვერ მივალთ, უეჭველად მოგვკლავენ. - ქართველების სოფელში წავათრიოთ! - თქვა დავითმა და მობილური ჯიბიდან ამოიღო. ამ დროს ნიკაც გამოჩნდა მანქანით. სიფრთხილით დაასვენეს გიორგის ცხედარი უკანა სავარძელზე... ილია პაპა ლასლასით მიუახლოვდა, მკერდთან ნაჭრილობევს ვერაფერი ევნო მისთვის, შვილიშვილის დაღუპვას კი გაეტეხა ეს უდრეკი მოხუცი... მანქანაში დაჯდა,დანარჩენები ფეხით წამოვიდნენ ქართველების სოფლისკენ. ქისტების მეთაურმა იცოდა, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა და იდგა ჯიუტად, ადგილიდან არ იძვროდა. - მოდი, კარგად დავაბათ და მე წავიღებ ზურგით, - გამოთქვა ლევანმა. ასეც მოიქცნენ. როდესაც „მძევლებით“ პაპას სახლამდე მისასვლელ ტყის პირს მიუახლოვდნენ, ბიჭები შეჩერდნენ. ქისტები ხეებზე მიაბეს, ახლო-ახლოს. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. - აი, ახლა საუბრის დროც დადგა... თუ დამაჯერებელ მიზეზს გვეტყვით, რატომ გაიმეტეთ ასე უმოწყალოდ ჩვენი მეგობარი,იმწამსვე გაგიშვებთ! - ირონიულად მიმართა მათ დავითმა. - მეც ძალიან მაინტერესებს, ეს განუვითარებლობის ბრალია, თუ ეს ხალხი შეგნებულად აკეთებს ამ ყველაფერს. ისე, მთებში, როგორც ჩანს, ცივილურ აზროვნებას საერთოდ არამოუღწევია და ამათთან ხომ, წარმომიდგენია! - გამოთქვა ლევანმა. ნანახით ისიც შეძრწუნებული იყო. დუმილი... თითქოს ეს საუბარი ქისტებს არ ეხებოდათ. - დროზე ახლა, დაიწყეთ, თორემ ახსნა-განმარტების გარეშე მოკვდებით! - თავს ვეღარ იკავებდა დავითი. - რა გაინტერესებს ? - კითხვა დასვა ერთ-ერთმა. - რა მაინტერესებს? ჯერ ის, რომ გურამის სახლში არაკაცურად შეიპარეთ ადამიანის შესაპყრობად; თან არც გიფიქრიათ, ეს მისთვის რამოდენა სირცხვილი და შეურაცხყოფა იქნებოდა; მერედა, იმ უდანაშაულო, ცოლშვილიან კაცს რას ერჩოდით ? ამხელა ცოდვა რისთვის დაიდეთ კისერზე? - გურამმა ჩემ თვალწინ სამი ქისტი გამოასალმა სიცოცხლეს! - თქვა ერთ-ერთმა, გაბანჯგვლულწვერიანმა, პირქუშმა მამაკაცმა. - ესეიგი, შენც იყავი იმ თავდამსხმელებს შორის...და, დაუკითხავად რატომ შეხვედით გურამის სახლში სტუმრის შესაპყრობად; ხომ შეიძლებოდა, აქედან წასვლის მერე შეგეპყროთ ? - სანამ მძინარე გვეგულებოდა, ასე ვამჯობინეთ, მერე მისი ხელში ჩგდება რთული იქნებოდა. თანაც ამხელა ცოდვის პატრონს აქედან როგორ გავუშვებდით! - იმავე პიროვნებამ ,,განუმარტა’’ დავითს. - რომელი ცოდვის, ბაბუას ძმამ რომ ჩაიდინა? - აენთო ლევანი. - დიახ! - ეს ხომ აბსურდია, ბაბუას გამო შვილიშვილი რატომ უნდა დაისაჯოს, თქვენ მართლა წინა საუკუნეებში ჩარჩით? - გამოსცრა დავითმა. - ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი ? - საუბარში მოულოდნელი სიმშვიდით ჩაერთო მეთაური. - ის კაცი მკვდარია უკვე, თანაც გიორგის რა ხელი ჰქონდა მის ცოდვებთან? - ჩვენ არ მოგვიკლავს, იმ კაცს არ ჰქონდა ჩვენ გარეშე სიკვდილის უფლება; ძალიან ბევრი ჩვენიანის სისხლი იყო მის კისერზე, ამას კი არავის ვპატიობთ. რამე როცა შავდება, პასუხი ხომ უნდა აგოს ვინმემ? - ამჯერად მეთაურისგან მოდიოდა გამოწვევა. - დამნაშავემ და არა ვინმემ! შენ რამდენჯერ მოგკლეს შენი ბაბუების ცოდვების გამო? - მოთმინება ელეოდა დავითს, მაგრამ მაპროვოცირებელ შეკითვას არ დაუბნევია. - მათ თავად აგებინებდნენ პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის! - კარგი, ახლა მომისმინე: ვთქვათ, მე შემოვიპარე თქვენს სოფელში, გავაუპატიურე ან მოვკალი ვინმე და გაქცევა მოვახერხე; ვარ საშინელი პიროვნება, მაგრამ მყავს წესიერი შვილიშვილი. გამოდის, რომ თუ მე ვერ დამიჭერთ, ჯავრი მასზე უნდა იყაროთ? - ჩაერია ლევანი. - რა თქმა უნდა! - წარბშეუხრელად განაცხადა მეთაურმა. - რატომ? - თვალებში სისხლი მოაწვა დავითს. - იმიტომ, რომ მისი სიკვდილი შენც დაგასამარებს და თან დანაშაული დაუსჯელი ხომ არ უნდა დარჩეს, პასუხი ვინმემ ხომ უნდა აგოს! - გაიმეორა მეთურმა. დავითი ხვდებოდა, როგორი ფუჭი და არაფრისმომცემი იყო ეს საუბრები. ამ ხალხს სისხლში ჰქონდა გამჯდარი დაუწერელი ,,კანონები“- ველური და არაადამიანური. - გიორგი ძალიან კარგი პიროვნება იყო. არც კი ეცადეთ მისთვის გადარჩენის შანსი მიგეცათ, - თითქოს გული ამოაყოლა სიტყვებს. - არა, ეს რა საჭირო იყო, ის ზუსტად ასე უნდა დასჯილიყო, მას კისერზე ჩვენი წინაპრების სისხლი ეცხო, - დამტვრეული ქართულით წამოიყვირა ბანჯგვლიანმა. - მის კისერზე კიარა, ბაბუამისის კისერზე, ! - შეუბღვირა ლევანმა. - ბაბუამისის სიკვდილის შემდეგ მასზე გადავიდა ეს ცოდვა, - კვლავ ჩაერთო მეთაური. - გიორგის რომ შვილიჰყავდეს, მისი სიკვდილის შემთხვევაში შვილზეც გადადის მაგ სისხლის ცოდვა? - თავს ვეღარ აკონტროლებდა დავითი. - არა. - რატომ ? - იმიტომ, რომ გიორგი ჩემი ხელით მოკვდა და ვალიც გადახდილია, ასეთია ჩვენი სამართლი! - ამაყად უპასუხა მეთაურმა. - თქვენი სამართალიც და თქვენი დედაც! - მამაპაპურად შეუკურთხა დავითმა; მზად იყო ახლავე სწვდომოდა ქისტებს ყელში და მიეხრჩო ისინი. - ყველაფერს ვიფიქრებდი და ოცდამეერთე საუკუნეში ვაჟას პოემის გმირად თუ ვიგრძნობდი თავს, ამას ვერ წარმოვიდგენდი, -თავი გააქნია ლევანმა და მწარედ ჩაიცინა, - ამათ დაჭაობებულ აზროვნებას ჩვენ ვერაფერს ვუშველით, ძმაო, და ჯობია, საკადრისი მივუზღოთ გიორგის გამო, - ამ სიტყვებზე დავითს შეხედა და მისგან განაჩენს დაელოდა. დავითს ბევრი აღარ უფიქრია, ისევ მოიმარჯვა მობილური. - შუადან დაიწყე... დიახ, სამივე! - გასცა ბრძანება და ბიჭები გვერდით გაიყვანა. შორიდან გაისმა გასროლის ხმა. ჯერ მეთაურმა დაკარგა მარჯვენა ფეხი მუხლს ქვემოთ, შემდეგ მისმა თანამოაზრეებმა. ტკივილი, ალბათ, დიდი იყო -სისხლში მოთხვრილი, მოგლეჯილიწვივებისკენ არც იყურებოდნენ,ისე ღრიალებდნენ, ხმამაღლა... - სიკვდილზე არც იოცნებოთ, მე არ მოგკლავთ და ასე მარტივად ტანჯვას არ დაგისრულებთ. ახლა თქვენ გეტკინოთ ისე, როგორც მე მატკინეთ გიორგის მკვლელობით! დავითი მოვლენებს არ დალოდებია, შემობრუნდა და ილიას სახლისკენ აიღო გეზი. მეგობრის ცხედარს პატრონობა სჭირდებოდა...ორმოცდაათიოდე მეტრის გავლის შემდეგ სამი სწრაფი გასროლა გაისმა ტყიდან. შხარამ დაიგუგუნა, ბანი მისცა თითქოს. დავითი ელდანაკრავივით შემობრუნდა და იქით გაქანდა: ხეზე მიბმულ ქისტებთან მარია იდგა უცრემლოდ, დამშვიდებული გამომეტყველებით... - რა ჩაიდინე ? - თვალებს არ დაუჯერა დავითმა. - ისინი სიცოცხლეს არ იმსახურებდნენ! - ცხედრებისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე უპასუხა ქალმა. - მალევე მოკვდებოდნენ, ნელა და მტანჯველად... - მათ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს, ქმარი მომიკლეს და შვილები დამიობლეს, - ცრემლები წამოუვიდა მარიას. დავითი მიუახლოვდა ქალს და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ფრთხილად შეახო ხელი. - ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლის სული, შენ კი გამძლეობას გისურვებ... იცი, მინდა რაღაც გაჩუქო, მაგრამ ერთი პირობით, - მოულოდნელად შეცვალა თემა ბიჭმა და ავგაროზი მოიხსნა. - რა პირობით ? - ღაწვები შეიმშრალა მარიამ და ახლაღა შეხედა დავითს. სახეზე გაკვირვება ეხატა. - ერთი ფოტო უნდა გადავიღოთ მე და შენ. ქალი წესიერად ვერც კი მიხვდა, რას გულისხმობდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანი, თუმცა ფოტოს გადაღებაზე უარი არ უთქვამს. - ეს კი თილისმაა, ცუდი თვალისგან დაგიცავს. თუ ოდესმე ამ მხარეში კიდევ აღვმოჩნდები, აუცილებლად მოგძებნი. რამდენი შვილი გყავს? - სამი ვაჟი... - დარწმუნებული ვარ, მოახერხებ, რომ ნამდვილ ვაჟკაცებად აღზარდო. ღმერთი შენკენ! დავითი შემობრუნდა და წამოვიდა. ზაზა და ლევანი იქვე, მოშორებით, იდგნენ და თვალს ადევნებდნენ მის ქმედებას. - სელფი რატომ გადაიღე იმ ქალთან ? -ჰკითხა გაოცებით ლევანმა. - რა შენი საქმეა, - დაუბრუნა მას დავითმა. …ერთი კვირის მერე დავითმა თინა მოინახულა. - ბევრი დრო არ მაქვს, - მაშინვე უთხრა თინამ, - რა ხდება, რას ნიშნავდა შენი წინა ვიზიტი ? - ჩემზე ლოცულობდი? - თითქოს დავითს არც კი გაუგია მისი სიტყვები. - კი, - მოკლედ უპასუხა მან. - აი,ეს ნახე! - დავითმა მას მობილური გაუწოდა. თინა გაოგნებული დარჩა: ეს თმააჩეჩილი და, ერთი შეხედვით, უხეში ქალი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. - ეს ვინაა? - ჰკითხა დავითს გაოცებით. - ავგაროზი იმას მივეცი. ახალი მაჩუქე, რა. ვიცი, სადაც უნდა ვიყიდო, მაგრამ მე შენი მოცემული მინდა. - მე უკვე გაჩუქე, - მოუჭრა თინამ, - სად ნახე ეს ქალი ან სად იყავი ? - სვანეთში ვიყავი, შემთხვევით გადავაწყდი. ქისტია. ეგეთი თეთრი იმ სოფელში არავინ მინახავს. - ჰოო, შენ ხომ თეთრი ხალხი მოგწონს... სასაცილოა, - ცივად უპასუხა თინამ. - ავგაროზს მართლა არ მაჩუქებ ? - დავფიქრდები. - იცი, მიცავდა. მაშინ ვაჩუქე, როცა მე საფრთხე აღარ მემუქრებოდა. ახლა ისევ მინდა, რომ ღმერთი მიცავდეს. - ძალიან დამქანცველი დღე მქონდა. კიდევ გაქვს რამე სათქმელი ? - დაღლილი ტონით მოუჭრა თინამ. - მე... არა! - მოიღუშა ბიჭი. ამ შეხვედრისგან ის გაცილებით მეტს ელოდა, - შენ მითხარი, რამ დაგღალა? - ერთმა მწერალმა მომიშალა ნერვები. - როგორ ? - შეეკითხა დავითი და იარაღის ამოღება დააპირა, რა თქმა უნდა, ხუმრობით და თავის მოსაწონებლად, მაგრამ მერე გაახსენდა, ვისთან იმყოფებოდა და უმალ გადაიფიქრა. - იცი, კარგად წერს... სოციალურ ქსელში ვაანალიზებ მის შემოქმედებას და პირადში მომწერა, რომ მე ვარ მისი მუზა... კაცები ასეთები რატომ ხართ ? - მე კაცად მაღიარე ? მეორედ მოსვლაა დღეს ? - ირონიულად აღნიშნა დავითმა. - შენ ჩემთან შედარებით ყოველთვის ბავშვი იქნები. ისე, შენს ასაკში, უნდა იყო კაცი! - ცივად გაუღიმა ქალმა. თინას ეგონა, რომ მისი მიმიკები ან თითქოსდა დაშიფრული სიტყვები - როცა ამბობდა ერთს, ფიქრობდა მეორეს,თან მიმიკებით რაღაცის დაფარვას ცდილობდა -ბიჭისთვის გაუგებარი რჩებოდა... მაგრამ დავითს უკვე იმდენი სხვადასხვა ორიენტაციისა და სიბოროტის ადამიანი ენახა, რომ ასეთი სათნოების გულსა და სიტყვებში მიმალულ აზრებს ადვილად წვდებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ თინას მასთან მეგობრული კავშირის გაწყვეტა სურდა, თუმცა რატომ, - ამის ახსნა უჭირდა. არადა, ეს მოახლოებული იყო. „არასდროს შემიხედავს მისთვის ცუდი თვალით მას შემდეგ, რაც დამანახა, როგორი პიროვნებაცაა... სასწაულად გამირბის, მაგრამ უნდა რომ ეს ოსტატურად გააკეთოს. ყველა სმს-ზე პასუხს მცემს და ერთი-ორჯერ დამირეკა კიდევაც. მხოლოდ საქმეზე მელაპარაკა და ამ ზარებშიც შევნიშნე, რომ უახლოვდება ჩემთან კავშირის გაწყვეტას. რა არ მოსწონს ნეტავ, მე ხომ დავპირდი, რომ მისი მეგობარი ვიქნები. ამას იოლად ვერ გავარკვევ და საერთოდ, შევძლებ კი გარკვევას?პასუხი სად ვეძებო, ისიც არ ვიცი. იოლია მისი გამოტეხვა, მაგრამ ეს დასასრული იქნება. ან მე რატომ ვებღაუჭები მასთან ურთიერთობას? მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მეგობარი არასდროს მყოლია და ახლაც რომ არ მყავდეს, გადავიტან როგორმე. უბრალოდ, ვხედავ, როგორც მე ვარ სხვანაირი ამ სამყაროში, ასეთივეა ისიც. ჩემი ტოლი რომ იყოს, ჩვენ მაინც არ გამოგვივიდოდა რამე. ასეთ მეორე ნახევარს ჩემი ხასიათი ვერ გაუძლებდა, არ მომწონს მე მისი ხასიათი, როგორც ქალის. მიყვარს მასთან აზრის გაზიარება, მისი კრიტიკა, შეფასებები, ძალიან ჭკვიანი და ობიექტურია. ეს ბევრს უნდა ნიშნავდეს ? ჰო, ეს ბევრს ნიშნავს მართლაც, როცა დაახლოებით შენნაირი გონიერი, მაგრამ განსხვავებული აზრი გესაუბრება და მის მოსაზრებას გიზიარებს. ეს უფრო დიდი კაიფია, მე მგონი, ვიდრე ის ბალახი... არა, იმ ბალახს არაფერი სჯობს! - საკუთარ თავს ესაუბრებოდა ფიქრებში დავითი, - და მაინც, რატომ უნდა ჩემგან წასვლა, რა უნდა დავუშავო მე...“ ,, მე უნდა მერქვას ქალი - არყოფნა, თავად ყოფნაში გადაკარგული, რომლის ამაო უთავბოლობას არც საწყისი აქვს, არც დასასრული...“ ,,იყავი... თუნდაც შორს მყოფი, თუნდაც სხვა სამყაროში, თუნდაც წარსულის ფიქრებში, წარმოსახვაში, ოღონდ იყავი...“ ...,,მე მივლია ძალზე სწრაფად, თუ მას - ტაატით? ან იქნებ ასეც იყო საჭირო, რადგან ისინი, შესაძლოა, მაინც ვერ მოხვდებოდნენ ერთ განზომილებაში...’’ ...,,მთელი სამყაროს ამოკითხვა შეიძლება ამ ტბისფერი თვალების ფსკერზე; ეს მისი სულის ფანჯარაა... და მინდა, ვინმემ შეძლოს, ვინმემ წაიკითხოს!“ ...,,მეგობრობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთ დროს, უფრო ამაღლებულიც კი... უყურებ სუფთა გულით, სუფთა გონებით შენთვის საინტერესო ადამიანს; პოულობ რაღაც საერთოს და უბრალოდ გსიამოვნებს იმაზე ფიქრიც, რომ შეგიძლია მისთვის სასიკეთო რამ გააკეთო, თუნდაც მცირედი ...“ ...,,წავალ სიზმარში, ოცნებები ფრთებს რომ გაშლიან და აღარასდროს, აღარასდროს გამოვიღვიძებ“... მოკლედ, სიზმარიც დასრულდა და რეალობაც თავის კალაპოტში ჩადგა ორივე პერსონაჟისთვის. პერიოდი, რომელმაც ქალი თითქოს ბავშვობაში დააბრუნა (ბიჭის გონებრივი პოტენციალისადა, შენ წარმოიდგინე, უცხო შეფერილობის თვალთა მრავლისმეტყველების ერთობლიობა გახდა თინასთვის ამის მიზეზი), გაქრა, მაგრამ მცირე კვალი მაინც დატოვა ორივესთვის - ახალი ურთიერთობისა...თინას არ უნდა, ამ ბიჭისთვის დაბრკოლებად იქცეს, არადა, არც დასაკარგად ემეტება... პიროვნული ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის მიუხედავად, მათი გზები პარალელურ ლიანდაგებად სვლას საკმაოდ ჰარმონიულად შეძლებენ (მეგობრული თვალსაწიერით), მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? ეს კითხვა აწუხებს ქალს და როგორც აღმოჩნდა, არც უსაფუძვლოდ - დავითისთვის ჯადოსნური ბალახი უპირატესია ადამიანურ ურთიერთობებზე: ,,არა, იმ ბალახს არაფერი სჯობს!’’ ეს ეჭვი უფრო გაძლიერდა დავითის ფიქრების გაცნობისას: ,,...ჩემი ხასიათი ვერ გაუძლებდა, არ მომწონს მე მისი ხასიათი, როგორც ქალის“... ეს სილის გაწნასავით იყო... და ამით ყველაფერია ნათქვამი... - და მერე იმან მომწერა, - უცებ გამოფხიზლდა ბიჭი და თინას მოსმენა განაგრძო. ქალი უყვებოდა, თუ როგორ კომპლიმენტებს უგზავნიდა ვიღაც ახალბედა მწერალი მას და როგორ აღიზიანებდა ეს. - იაფფასიანი ქათინაურები, - კომენტარი გაუკეთა ბოლოს მოსმენილ ფრაზას დავითმა. - კაცები ასეთები რატომ ხართ ? -ისევ გაიგონა თინასგან შეკითხვა. - ოო, იცი რაა, - მცირე პაუზა გააკეთა დავითმა, - შენ ისეთი ლამაზი ხარ, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების კაცის მოხიბლვას მოახერხებ. არ მიკვირს, თუ ეგრე გწერდა, მაგრამ მინდა იცოდე, მას შემდეგ,რაც მეგობრობის პირობა მოგეცი, შენზე, როგორც ქალზე, აღარ ვფიქრობ, - ასეთი გულახდილი დაბოლოება გაუკეთა სათქმელს ბიჭმა, როცა შენიშნა, თინას როგორ შეეცვალა სახე. - იცი,რას გეტყვი, - შენიღბული სიმშვიდით უთხრა მან დავითს, - ახლა აქედან წადი და აღარ მომწერო არასდროს. შეხვედრაზე ლაპარაკიც ზედმეტია! დავითისთვის მოულოდნელი გამოდგა ყოველივე ეს და ყურებს არ უჯერებდა. რატომ ? რა არ მოეწონა მას ? ამ შეკითხვას უსვამდა ის საკუთარ თავს, დერეფანში გამოსული. ვიდრე ის მომხდარს აანალიზებდა, უცებ ვიღაცის ხმა შემოესმა. - წესიერად ვერ გაივლი, ბიჭო ? - წინ ოცდაათი სანტიმეტრით მაღალი, ფორმაში გამოწყობილი, ბევრად ათლეტური აღნაგობის მამაკაცი ედგა, რომელსაც ბიჭი ფიქრის დროს შეეჯახა. აღმოჩნდა, რომ მეორე სართულზე,დავითისა და თინას გარდა, კიდევ ორი ადამიანი - დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და ლამაზ მაკიაჟიანი ქალი იყო. დავითი უკან გადგა, ქამრის უკნიდან იარაღი ამოიღო და ხმაურით შეწკიპა. ფორმიანს ყელთან მიუტანა და საყელოში ხელი მოჰკიდა. მან ხელები მაღლა ასწია, ბიჭმაც ფეხი გამოუდო და ძირს წააქცია. ამაზე ქალმა კივილი მორთო და გაიქცა. - შეგეძლო გაწეულიყავი და ახლა ჩასვრა აღარ მოგიწევდა, - სახე ძალიან ახლოს მიუტანა ფორმიანს და ზედ უტიფრად დააფურთხა. კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა. დავითმა დერეფანი გაირბინა და ფანჯარასთან მივარდა. მის სიახლოვეს წყლის მსხვილი მილი ჩადიოდა. მილს ხელი მოჰკიდა და დაახლოებით ორი მეტრით ჩაცოცდა, შემდეგ სამი მეტრის სიმაღლიდან გადახტა და გაიქცა. მდევრები მისგან დაახლოებით ას მეტრში აღმოჩნდნენ, მაგრამ მან მალევე დაიძვრინა თავი და როდესაც უკვე მანქანით სამშვიდობოს იყო, მობილურზე სმს-ი აკრიფა: „ჩემი გვარი არ იცი“. ... - ყოველთვის აქ მოუწევდა გული და აქვე დავასაფლავებთ. რომ ჩახვალთ, სოსოს უთხარით, ამოვიდეს! - უთხრა ილია პაპამ ბიჭებს. გიორგის ცხედარი მანქანიდან სახლში გადაასვენეს. - აბაბაი, ბეფშუ, აბაბაი! - დამჭკნარ სახეს იხოკავდა მინათი ბებო... მუხლებზე ხელებს იშენდნენ და მოსთქვამდნენ სოფლის დედაკაცები... მდორედ მოედინებოდა ენგური და სვანურ დატირებას ქვაბულებში ნაკვალევად ტოვებდა...თეთნულდიც, თოვლის თეთრი დედოფალი, უფრო გაყინულიყო თითქოს... ბიჭებმა ნიკა ოზურგეთში გაუშვეს სოსოს ამოსაყვანად და მისი ახლობლებისთვის ამ სამწუხარო ამბის შესატყობინებლად. ... სანამ ბიჭები ტყეში ილია პაპას გაედევნებოდნენ, დავითმა ისინი რამდენიმე წუთით შეაყოვნა. - ნიკა, შენ ყველანი უნდა დაგვაზღვიო, თან რაც შეიძლება -შორიდან. იქ, შესაძლოა, ბევრი ხალხი იყოს, ჩვენ კი ზურგის გამაგრება დაგვჭირდება. ვინც ყველაზე საშიშად მოგეჩვენება ჩვენთვის, იმას ესროლე. დღეს შეიძლება რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი ვერ გადარჩეს და მინდა გითხრათ, რომ აი, ახლა, ჩემს გვერდით ნამდვილი მეგობრები ხართ... დრო აღარ ითმენს, შეკითხვები გაქვთ? - უკაცრავად, - ხელი აიღო ლევანმა და დავითის თანხმობის ჟესტის შემდეგ განაგრძო, - ასე შევვარდებით, ხალხს დავხოცავთ და გიორგის წამოვიყვანთ ? სხვა იდეა არ გაქვს ? ისე, ჩვენ ჯერ არავინ არ მოგვიკლავს. - ახლა ჩვენ სხვა ადგილას ვართ და ჩათვალეთ, სხვა ეპოქაშიც, ოღონდ თანამედროვე იარაღებით. აქ მკვლელობისთვის პასუხს პოლიცია არ მოგვთხოვს... - ეგეც რომ არ იყოს, - შეაწყვეტინა ლევანმა დავითს, - შევძლებთ ჩვენ იქ შეღწევას და გიორგის დახსნას ? - ხომ გითხარით, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი დაიღუპოს-მეთქი, - დავითმა გაუღიმა მეგობარს, თუმცა სრულიად უადგილოდ... - შენ გვერდით მიგულე, - მტკიცე ხმით უპასუხა ლევანმა და ტყისკენ გაეშურნენ. ნიკამ კი ყველაზე მაღალი ხე მოძებნა და ზედ აძვრა... ... დაკრძლვაზე ბევრი ხალხი არ მოსულა, ან კი ვინ უნდა მოსულიყო დაცარიელებული სოფლიდან... - ძალიან ვწუხვარ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით, - გვერდით გაიყვანა სოსო დავითმა. უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა... - მადლობის მეტი რა მეთქმის, თქვენ ყველანაირად ეცადეთ,საფრთხეშიც კი ჩაიგდეთ თავი,- ამოიოხრა სოსომ, - გიორგი დიდი იმედი იყო ჩემთვის... - ჰოო, კარგი კაცი იყო... შეყვარებული ხომ ჰყავდა, სადაა ის გოგო ? - ის თბილისშია, აქეთ მოდიოდა, გიორგი რომ მოკლეს, იმ დღეს... - შენ რა, არ გითქვამს მისთვის ? - შეაწყვეტინა სიტყვა დავითმა. - კი, დავურეკე, მაგრამ მაშინვე გამითიშა. ჩვენს სანათესაოში ყველა იცნობს. გაარკვევს, თუ ამოსვლა უნდა... თქვენ წადით, ბიჭებო, აქ რაღა გაჩერებთ. - წავალთ, საღამოს წავალთ... ილია პაპამ დაღმართამდე ჩამოაცილა სტუმრები. პარკით რაღაც მოჰქონდა. დამშვიდობებისას ნაბდის ქუდები ამოალაგა, თავისივე მოთელილი, რუხი ფერის. - ეს ჩვენი სინდის-ნამუსის ქუდია, ბაბუ! ამას ჩვენი წინაპრის სისხლი აცხია და ვისაც პატივისცემის ღირსად ვთვლით, მხოლოდ იმათ ვჩუქნით ხოლმე... ბოლომდე ღირსეულად გეტარებინოთ! - გაბზარული ხმით თქვა და აკანკალებული ხელით სათითაოდ დაახურა თავზე ბიჭებს. ხმა ვერავინ ამოიღო, ყველასცრემლი მოადგა თვალზე...იგრძნეს, პაპის სიტყვებმა რამოდენა პასუხისმგებლობა შესძინა მათ - ცხოვრებისეული... უკვე საკმაოდ შებინდებულიყო, სვანეთის გზებს რომ დაადგნენ. ბიჭები ორი მანქანით წამოვიდნენ. ამჯერად ლევანი ლუკასთან ერთად, დანარჩენები კი დავითის მანქანაში ისხდნენ. ნელა მიმავალ დავითის მანქანას უცებ უკანა მინა ჩაემსხვრა და ტყვიის ნაწილმა ზაზას მხარი გაუკაწრა. დავითმა გაბმულად დაასიგნალა. ამით მის წინმიმავალლევანს ნიშანი მისცა, რომ სვლა აეჩქარებინა. თუმცა იოლი არ იყო მთების დაკლაკნილ გზებზე მანქანის სწრაფად ტარება. მდევრები გამოჩნდნენ, ოთხ ცხენზე ამხედრებული მხედრები. ისინი ტყვიებს არ იშურებდნენ დავითის მანქანისათვის და უკანა განათების ყველა ნათურა დაულეწეს. - ზაზა, RPG - ს სროლა იცი ? - გასძახა ხმამაღლა დავითმა მეგობარს. - დაჭრილი ვარ, გაზს დააჭირე, გვეყოფა, რაც მოვკალით, - უპასუხა ზაზამ. - მე ვესვრი, რა! - შეეხვეწა ნიკა, - სად არის ? - სკამის საზურგე ჩამოსწიეთ, საბარგულში ჩავდე წამოსვლის წინ, - დაიყვირა დავითმა, რადგან მანქანის მოტორისა და თოფის გასროლის ხმებში სხვანაირად ვერ გააგონებდა გვერდით მჯდომ ნიკას. - არ მოკლათ, საკმარისია, სწრაფად წაიყვანე! - ბრძანებასავით გაისმა ზაზასგან. მდევრები მანქანას ყველა მოსახვევში უახლოვდებოდნენ და ცეცხლს უხსნიდნენ. გზა ძალიან ჩახლართული იყო, თუმცა ეს მათთვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მართალია, ვერ ახერხებდნენ ძალიან ახლოს მისვლას, მაგრამ ოცი მეტრიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მანქანამდე ტყვიას მიეღწია. - გვერდზე გორაკს ესროლე და გზა ჩაუხერგე, - გასძახა დავითმა ნიკას, - იცოდე, კაცი არ მოკვდეს! ახლაც არ ხარ თანახმა, ზაზა ? ზაზას ამაზე ხმა აღარ ამოუღია, მაგრამ როდესაც ნიკა უკან გადავიდა,დავითს მიუბრუნდა: - ჩვენ აქ საკმარისი სისხლი დავღვარეთ უკვე, იცანი ეს ხალხი? - ვერა. - ლუკა ჩვენ სწორედ ამათგან ვიხსენით. ესენი ილია პაპასთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თორემ არც მე ვიტყოდი მათ მოკვლაზე უარს. - კი მაგრამ, ლუკა ხომ აქ არ ზის , წინა მანქანაშია; ჩვენ რატომ გაგვიხსნეს ცეცხლი ან ახლოს რატომ არ მოვიდნენ ? - ცეცხლი ჩვენ იმიტომ გაგვიხსნეს, რომ ეს მანქანა ჰყავთ დამახსოვრებული; ახლოს კი იმიტომ არ მოვიდნენ, ეგონათ ვიცნობდით და ცეცხლს ჩვენ გავუხსნიდით, - დაასკვნა ზაზამ. ამ საუბარში ნიკას მანქანის ლუქი აეხადა და შესახვევს ელოდებოდა, რათა ცეცხლი გაეხსნა, მაგრამ უცებ დავითმა შეაჩერა. - აქ რომ ისროლო, ზვავს გამოიწვევ და მოგვიყოლებს, სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. აი, გამომართვი და ჰაერში ისროლე, უბრალოდ, ცეცხლი გაუხსენი და შეჩერდებიან, - დავითმა ზურგიდან ავტომატი მოიხსნა და ნიკას გადასცა. ნიკა დაემორჩილა. დავითის გეგმამ გაამართლა: როდესაც ნიკა ცეცხლს ხსნიდა, მდევრები სვლას ანელებდნენ, მაგრამ როცა მათი გასროლის ჯერი მოდიოდა, ისევ აგრძელებდნენ რბოლას. - მჭიდი! - დაიყვირა ნიკამ. - შენი სავარძლის ქვემოთაა ტყვიები, მჭიდი არ მაქვს.მეორის ჩადებას შეძლებ ? - შესძახა დავითმა და მათკენ გასროლილი ტყვიის ხმაზე თავი დახარა. - სკოლაში არ მასწავლიან, მაგრამ მოვახერხებ, - არ ცხრებოდა ნიკა. - სკოლაში რას სწავლობ ? - თავი ჯერ კიდევ არ აეწევინა დავითს, მაგრამ მანქანას მაინც სწორად მართავდა. - ინგლისურის მასწავლებელი მაგარი ქალია და ერთი მერვეკლასელი გოგო მომწონს, - ჩვეულ ლაზღანდარობას არ უღალატა ნიკამ,რომ ამ დროს უკანა მინის დარჩენილი ნამსხვრევები თავზე დაეყარა. - რა მოგწონს იმ გოგოში ? - ლამაზი თვალები აქვს,- განაგრძო, თან ტყვიების ჩაყრა დაიწყო მჭიდში. - მეგონა წელს ზევით არც ერთ ქალს არ უყურებდი, - გაეცინა დავითს. - რატომაც არა, მკერდი ხომ წელს ზევითაა! - აა, მკერდსაც არჩევ სხვა ორგანოებისგან ? - ამჯერად ზაზა მოვიდა ხუმრობის ხასიათზე. - კიი, ქალებს ცოტა წინ აქვთ გამოწეული და თან რბილია. - რა იცი, რომ რბილია ? - აჰყვა დავითი. - პორნოებში ეგრე ჩანს, - უპასუხა ნიკამ და ლუქიდან მდევარს საწინააღმდეგო ცეცხლი გაუხსნა. მდევარი დანებებას არ აპირებდა. დავითმა შენიშნა, რომ ზვავსაშიში ზონიდან ის იყო, უნდა გაეღწიათ და ნიკას ახალი დავალება მისცა: შემდეგ შესახვევში უკვე RPG ესროლა გორაკისთვის, რათა მხედრები მცირე დროით შეეჩერებინათ. ეს დრო მათთვისაც საკმარისი იქნებოდა. ნიკა მოემზადა, რომ დამიზნებული ტყვია გაესროლა, მაგრამ არც მდევრები ჩანდნენ და აღარც მათი გასროლის ხმა ისმოდა. - რატომ გაჩერდნენ ? - გაუკვირდა ზაზას. - ჩემი აზრით, ამის იქით, უკვე პოლიციის კონტროლქვეშაა ყველაფერი. იარაღი უნდა დავმალოთ, ან ლევანის მანქანაში გადავიტანოთ, - თქვა დავითმა და მობილური ამოიღო. ... ქობულეთის პლაჟზე ბევრი დამსვენებელი იყო უცხოეთიდან. დავითი გიგასთან ერთად სანაპიროზე გელას დაადგა თავს. სამივენი ძველი კლასელები იყვნენ. - სად ჩითავ ამ მოსაწევებს, მაცოდინა, ნეტავ! - უთხრა თვალებდაბნელებულმა გიგამ დავითს. - რა იყო, წამალზე ძლიერი ხომ არაა ? - წყრომით შეეკითხა მას დავითი. - მე გავსინჯე, უბრალოდ, - მშვიდად მიუგო გიგამ. - რამდენჯერ ? - ოთხი ბევრია ? - არ ვიცი, ჩემთვის ერთიც მეტისმეტი იქნება. - ეს მართლა წამლის დონეზეა, ძაან მაგარია! - აღფრთოვანებული ტონით უთხრა მან დავითს. - თხუთმეტ წუთში გაგივლის, ნუ გეშინია! - ნიშნის მოგებით მიუგო დავითმა. - არ მეშინია. გახსოვს ერთი თვის წინ სვანეთიდან რომ ჩამოხვედი? დაჭრილი ზაზა რომ გახლდა და ის თბილისელი ბიჭი... ჰო, მართლა, სადაა ლუკა ახლა? - დაინტერესდა გიგა. - საიმედო ადგილასაა, სანამ მთავრობა არ შეიცვლება, ვერ გამოვიყვანთ გარეთ. მაგარი ბიჭია. - დღეს სად მიდიხარ, რა მითხარი წეღან ? - შკითხვები არ ელეოდა გიგას. - თინას მივყავარ სადღაც, ბათუმში პოეტების თუ მწერლების შეკრებაა... - შენ რა პონტში მიყავხარ მერე ? - გაუკვირდა გიგას, - ვიცი, რომ რაღაცას წერ, მაგრამ მაგ დონეზე ახვედი უკვე ? - რა დონეზე, თინას გარდა არავის აქვს წაკითხული. ღია საღამოა და ყველას შეუძლია მისვლა, რა... წამო შენც, იღადავებ. ჩემი აზრით, ცოტა ცისფერი სასტავი გაიჩითება! - დააინტრიგა მეგობარი დავითმა. - მერე „კაკრას“ შენი ადგილი ყოფილა და არ გამაზო! - საკმაო ხანი იხარხარა გიგამ, შემდეგ კი სერიოზული სახე მიიღო, - ისე, ცისფერ სასტავში რას გულისხმობ ? - ბიჭო, იცი რაა, მე სულ სხვანაირად ვწერ და თინას სულ სხვა სტილი იზიდავს, ის რომ მიდის, აზრზე ვარ, რა სასტავი იქნება. სხვანაირად როგორ წერენ ისინი ? - ჩაეძია გიგა. - მაგალითად, ჩემს ნაწარმოებებში, როდესაც მოქმედება ტყეში ხდება, ბუნების აღწერას ვუთმობ ერთ აბზაცს, ხეებისა და ჩიტების გრძნობებზე არაფერს ვამბობ. შემიძლია, მაგრამ არ მომწონს ეგეთი ნაწერები, ისინი კი მაგასაღწერენ მხოლოდ - როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები და როგორც სტკივა ხეს, როდესაც გამვლელი მიაფსამს. ამას შეიძლება ათი თაბახის ფურცელიც კი დაუთმონ, - დავითი შეეცადა ცოტა ვრცლად აეხსნა. - ჰო, ეგ არაასაკაიფო. მე ამბისწაკითხვა მიყვარს. - შენ წიგნებს კითხულობ ? - გულწრფელად გაუკვირდა დავითს. - „მგლები“ წავიკითხე. - ჰოო, აბა, შენ სხვა რა უნდა წაგეკითხა... რას აპირებ დღეს? მართლა, წამოხვალმწერლებთან ? - მეღადავები ? - გიგამ ისევ დიდხანს იცინა. - რატომ ? - სკოლაში, დაფაზე ნაწერს რომ ვიწერდი მეშვიდე კლასამდე, იმის მერე აღარაფერი დამიწერია საერთოდ, რა მესაქმება მე მწერლებთან! - ბიჭო, „ბაზარის თემა“ იქნება, რა; ერთმანეთს აზრებს გაუზიარებს „სასტავი“ და რამე... მოწევის დროს გაგვისწორდება მაგათი მოსმენა. - არ ვიცი... გამოვედი, კიდევ ჩავყრი... ხუთი საათი შესრულდა თუ არა, დავითის მობილური აწკრიალდა. - გისმენთ. - სად ხარ ? - გაისმა თინას ხმა, - შვიდ საათზე აქ უნდა იყო. - ათი წუთი დავიგვიანებ, - გაეღიმა დავითს, - ქობულეთში ვარ. - ზღვაზე ხარ ? - თინამ ტალღების ხმა გაიგონა. - ხომ იცი, როგორ მიყვარს ზღვა, წამოვალ ცოტა ხანში. მისამართი მომწერე. მიგიყვანდი მანქანით, მაგრამ შენ, რა თქმა უნდა, შეშფოთდები, ეგ რომ შემოგთავაზო. - კარგად გაგიცნივარ. მისამართს მოგწერ. დავითმა მობილური გათიშა, მორიგი ღრმა ნაფაზი გააკეთა და ზღვას გახედა, შორს, ჰორიზონტის ზოლზე. მზის სხივებს კარგად დააკვირდა და მკაფიოდ დაინახა, როგორ ვარდებოდა ხის იატაკზე მილიონობით რკინის პატარა ბურთულა. გარკვევით ესმოდა მათი ერთმანეთზე მოხვედრის ხმები. ისიც თითქოს ამ რკინის პატარა გრანულებს შორის იყო მოქცეული, თუმცა სულაც არ უჭირდა იქ ყოფნა. გაბრუებულმა თვალები ცოტათი გაახილა და რკინის ეს სიმრგვლეებიცმოულოდნელად ოქროდ გადაიქცა. ცეცხლისფერი პატარა და ცხელი ბურთულები სასიამოვნოდ ეხებოდა შიშველ სხეულზედა ეს საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა.ჟრუანტელმა დაურბინა თხემიდან ტერფამდე, ნეტარების მორევში გადაეშვა უნებლიეთ; უნდოდა, დიდხანს დამტკბარიყო ამ წუთებით, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო ეს დაუვიწყარი შეგრძნება... უცებ მობილური ისევ აწკრიალდა, მაგრამ ამჯერად არავინ რეკავდა - ეს მაღვიძარა იყო და იუწყებოდა, რომ უკვე დავითის ბათუმში წასვლის დროც დამდგარიყო. - გიგა, ადე, წავიდეთ! - ხელი მოჰკიდა მეგობარს. - კარგი, - წამოიზლაზნა გიგა. ბევრი ხალხი შეკრებილიყო კაფე „მესხურში“.ყველას პიჯაკი ან, მინიმუმ, თეთრი პერანგი მაინც ეცვა, ბიჭები კი მოკლე ჯინსებისა და მაისურის ამარა შევიდნენ. ისინი იმთავითვე თვალშისაცემი გახდნენ საზოგადოებისთვის. - ეს რა არის, რა გაცვიათ! - გაუწყრა დავითს თინა, რომელიც მაგიდასთან მარტო იჯდა და ორი ადგილი შენახული ჰქონდა. - არ ვიცოდი, ასეთები თუ დამხვდებოდნენ აქ, თან ცხელა, - მიუგო ბიჭმა. - გიგა! - გაეცნო მისი თანმხლები ქალს. - სასიამოვნოა, - ცივად დაუბრუნა გაბუტულმა თინამ. - ამ საღამოზე რა მოხდება, ნაწარმოებებს წარადგენენ ? - შეეკითხა დავითი. - არა, უბრალოდ ისაუბრებენ, იკამათებენ... - და ჩვენ უნდა ვუსმინოთ? - სიტყვა არ დაასრულებინა. - არამხოლოდ, შეგვიძლია საუბარშიც ჩავერთოთ. - ჭკვიანები არიან ? რამდენს იცნობ ? - ისევ დაინტერესდა დავითი. - ორგანიზატორს ვიცნობ მხოლოდ. ვთხოვე, ახალგაზრდა მწერალთან ერთად მოვალ-მეთქი და უარი არ უთქვამს. - ჰო, მაგრამ მე მწერალი არ ვარ, თან ამ ხალხთან არაფერი მაქვს საერთო, - თითქოს ზიზღით გახედა დავითმა შეკრებილ ხალხს, - შენ წერ, ალბათ, ამათ სტილზე. ხომ არ ვცდები? თინას დუმილი გაბრაზების და თანხმობის ერთდროული ნიშანი იყო. კაფეში სცენა იყო გაკეთებული, სადაც თავიდან არავინ ასულა. შემდეგ კი მოხერხებული სკამები აიტანეს და ხუთიოდე მწერალიც მოკალათდა, რამდენიმე სკამი ცარიელი დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მიკროფონთან ერთი, დაახლოებით ორმოცდახუთი წლის, მწერალი მივიდა და სიტყვა წარმოსთქვა: - მოგესალმებით ყველას! დიდად მადლობელი გახლავართ, რომ დღეს გვესწრებით. ჩვენ ვართ გამორჩეული და უნიკალური მწერლები, რადგანაც არ ვგავართ სხვებს, ჩვეულებრივებს... არავის შეუძლია მოგვბაძოს, ჩვენი შემოქმედება ხომ ადამიანს სულსა და გულში წვდება. ვქმნით საუკეთესო ნაწარმოებებს და გარწმუნებთ, სხვა, განსხვავებული ჟანრის მწერალს, არ შეუძლია ადამიანის სულთან ისე ახლოს მისვლა, როგორც ჩვენ. ახლა კი ნება მიბოძეთ, წაგიკითხოთჩემი ბოლო შედევრი. - ეს ვინაა, თავს რომ იქებს? - გაბრაზებული ტონით ჰკითხა თინას დავითმა. - ეს მიხეილ ბერიძეა, ნუთუ არ გსმენია მის შესახებ ? - გულწრფელად გაუკვირდა ქალს. - ასეთი ხალხი არ მიყვარს, ხომ იცი. რასჰგავს, ჯერ ერთი, და მერე - ამის ნაწარმოები როგორ უნდა იყოს ყველაზე კარგი? - მე მომწონს! - მოუჭრა თინამ. - მე არ მომეწონება! - არ დანებდა დავითიც. გიგა მომდევნო ნაფაზებს აკეთებდა და ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. - ჯერ არც კი მოგისმენია და არ მომეწონებაო, გაიძახი! - შენ რომ გამოაქვეყნე, როგორ წყდება წვეთი ღრუბელს და ვარდს რწყავს, ისეთი ნაწარმოები ექნება ამ იდიოტსაც ხომ ვიცი. - ესეიგი, მეც იდიოტი ვარ? - არა შენ სხვა ღირსებები გაგაჩნია ჩემს თვალში, თან არამგონია, ისეთი ქედმაღალი იყო, როგორც ეს კაცია. - ცდები, თან როგორ! - რაში? სხვა არც ერთი ღირსება გაგაჩნია, თუ ქედმაღალი ხარ ? - ეს კაცი იდიოტი არაა და თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს, მე ნუ მეკამათები, იმას ეკამათე! - ნიშნის მოგებით უთხრა თინამ და დავითის გამოწვევას შეეცადა. - მეცოდება ეგ ჩემთან კამათისთვის! - ზედმეტად თავდაჯერებული ხარ! - კომპლიმენტად მივიღებ, - გაუღიმა დავითმა. - არც იფიქრო! - ხუთ კილო მარწყვზე, მოსულა? - რა? - ვერაფერს მიხვდა თინა. - ახლა მე ავალ სცენაზე და დავუმტიკებ ამ კაცს, რომ მე მასზე უკეთეს ნაწარმოებებსვქმნი. - შენ თუ მაგას შეძლებ, მაგის საფასურად ხუთი კილო მარწყვი ძალიან ცოტა იქნება. - შენ მეტს არ მოგთხოვ, თუ წავაგე, მე უფრო ბევრს გაჩუქებ. - უფრო ბევრი არ მინდა. კარგი. დავითს არ ეგონა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა. ამ საუბარში მიხეილმა მოძებნა გვერდი, სადაც ახალი ,,შედევრი’’ ჰქონდა წარმოდგენილი და გატაცებით დაიწყო კითხვა, მაგრამ დავითის გონებამ მხოლოდ ბოლო აბზაცის დროს შეძლო მისი სიტყვების აღქმა. - ,,ვხედავდი, როგორ ბანაობდა მზის სხივები ზღვაში და თოლიების ნაზი ხმა სათუთად არხევდა ჩემს ყურთასმენას. უკნიდან ფოთლების შრიალი მესმოდა, ზღვის ლივლივსაც მკაფიოდ ვგრძნობდი... ბუნების ამ ხმების ერთობლიობა ჩემში სასწაულ ძალას აღძრავდა. და შეუძლებელი იყო, ეს წამი სამუდამოდ არ დარჩენილიყო ჩემს გონებაში.’’ დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა. სცენასთან მიახლოებულმა დავითმა უკან მოიხედა. დაინახა, როგორ უკრავდნენ ტაშს თინა და გიგა. ძალიან დიდი გამოწვევა ჰქონდა თავზე აღებული ბიჭს. იოლი არაა, ორმოცდახუთი წლის კაცის ცნობიერებასშეეჭიდოს ოცდაერთი წლის ახალგაზრდა; თან სად - სასწორის პინაზე, აუდიტორიის თანდასწრებით! დავის - გამობრძმედილ, ცნობილ მწერალს! უთანასწორო ბრძოლის მოლოდინი იყო, რადგან პირველი მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა და ლიტერატურა შესისხლხორცებული ჰქონდა, მეორე კი - ახალბედა, რომელიცახლაღა უსინჯავდა ნიადაგს პირველ სამწერლობო ნაბიჯებს. მხოლოდ ერთხელ დაწერა დავითმა და მხოლოდ თინას წააკითხა თავიდან ბოლომდე. როგორც თინა ამბობდა,ნაწარმოებში აზრის მსვლელობა საინტერესო, სიუჟეტი კი მართლაც შეუდარებელი იყო, მაგრამ ძალიან დაუხვეწავი და გაუმართავი. ამ კაცის კოზირი კი დახვეწილობასა და დიდგამოცდილებაში იმალებოდა სწორედ... თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, უკან ვეღარ დაიხევდა... პრინციპში,უკუსვლა არც სჩვეოდა! უცებ დავითს რაღაც აზრმა გაუელვა თავში და თავდაჯერებული ნაბიჯებით მეორე მიკროფონთან მივიდა. - გამარჯობა! - ჯერ საზოგადოებას მიესალმა და შემდეგ ,,სამიზნეს’’ მიმართა, - წეღან, სანამ ნაწარმოების კითხვას შეუდგებოდით, ვუსმენდი თქვენს წინასიტყვაობას... - თუ ნაწარმოების კითხვის დროს არ მისმენდით, ბევრი რამ დაგიკარგავთ, ახალგაზრდავ! - თავაზიანი ტონით სიტყვა შეაწყვეტინა მიხეილმა. - სწორედ მაგაზე მინდოდა მეთქვა: საერთოდ არ ვთვლი, რომ რაიმე დავკარგე. როგორც აღნიშნეთ, ყველაზე კარგი წერის სტილი თქვენ გაგაჩნიათ და ამაში დარწმუნებულიც ხართ, მე კი გეუბნებით, რომ ასე არ მიმაჩნია... - უკაცრავად, ყმაწვილო, - ისევ შეაწყვეტინა მიხეილმა, თან სათვალის ზემოდან შეათვალიერა ბიჭი, - აქშეკრებილია მწერლობის ის წარმომადგენლობა, ვისაც ერთნაირი შემოქმედებითი გემოვნება და ხედვა აკავშირებს; ჩვენ უპირობოდ მიგვაჩნია, რომ წერის ეს სტილი საუკეთესო და გამორჩეულია... - ზედმეტად თავდაჯერებული ხართ, ბატონო ჩემო! - ამჯერად დავითმა შეაწყვეტინა სიტყვა ირონიული ტონით, - თქვენ გადმოსცემთ ერთწამიან მონაკვეთს რამდენიმე ფურცლად გაწელილს... და სადაა ფანტაზია? რეალობა? ცხოვრების სიმწარე? თქვენი ნაწერების აღქმამხოლოდ სულიერად მაღალ და განვითარებულ ადამიანებს შეუძლია. ნუთუ, არ გაგიგიათ, რომ ჭეშმარიტება უბრალოებაშია ? არაა უბრალო ის, რასაც მე ვწერ, მაგრამ გარწმუნებთ - ჩემი ნაწარმოები ხალხის დიდი ნაწილისთვის უფრო მოსაწონი იქნება, ვიდრე თქვენი.......................................... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.