შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ დავამატოთ შაქარი (სრულად)


2-10-2017, 20:54
ავტორი sopiko
ნანახია 8 129

''მხოლოდ დავამატოთ შაქარი''
-წნევა გაქვთ დაბალი, გონებაც ამიტომ დაკარგეთ. აი, ეს წამლები იყიდეთ, დიდხანს მზეზე არ გაჩერდეთ, შუადღისას სახლიდან არ გახვიდეთ და... ჰო, შაქრიანი წყალი სვით ხოლმე დილაობით...
თვალთ მიბნელდება. თავს გვერდით ვატრიალებ. ახლა უკვე გაორმაგებულად ვგრძნობ სისუსტეს. ისევ ექიმის ნათქვამზე ვფიქრობ და იმაზე, რომ დილაობით შაქრიანი წყალი უნდა ვსვა. სხვა ყველა ინსტრუქცია ჩემს თვალში ფასს კარგავს. ტუჩებს მაგრად ვკუმავ, რომ ტირილი არ წამსკდეს. ყველა აზრი, ყველა ფიქრი, ყველა განცდა ერთად მასკდება და თითქოს ჩემგან გამოღწევას ლამობს.
-კარგად ხართ?-მახსენებს ექიმი თავის არსებობას და დაეჭვებულ თვალებს აცოცებს სათვალიდან.
მხოლოდ თავს ვუქნევ, მაგრამ წამწამებზე ჩამოკიდებული ცრემლები მაინც ახერხებენ ლოყებზე ჩამოცურებას. ექიმს ან ზედმეტად ცუდი მხედველობა აქვს, რასაც ცხვირზე დაკოსებული სათვალეც ამტკიცებს, ანდაც მეტისმეტად შეგნებული ადამიანია და ამიტომაც არ იტყობს არაფერს. ცისფერ ფურცელს მიწოდებს, ფეხზე დგება და შემოსასვლელისკენ მიემართება.
ერთი სული მაქვს, როდის დავრჩები მარტო. ნაჩქარევად ვაღებ კარს და სადარბაზოს ნესტიან ჰაერს ფართოდ გაღებული პირით ვისუნთქავ. ექიმი ერთხელაც მავლებს თვალს, ნახვამდისო, ბურტყუნებს და ჯერ კიბესთან არაა მისული, მე რომ კარებს ვკეტავ და ზურგით ცივ ლითონს ვეკვრი.
ისევ ყველაფერი ტრიალებს ჩემ გარშემო.
ისევ აღარაფერია თავის ადგილზე.
ტანსაცმლის საკიდი, სარკე, ოთახები ერთმანეთში მერევა. ინტუიციით ვდგამ ნაბიჯს და ბარბაცით მივუყვები კედლებს. კარადამდე ძლივს ვაღწევ, თაროებზე უწესრიგოდ დალაგებულ ტანსაცმელში ვიქექები და საბოლოოდ ვპოულობ იმას, რასაც ვეძებდი. თხელ კაბაზე პირდაპირ ვიცვამ წითელ მაისურს და საწოლზე ვეხეთქები.
რბილ, ბუსუსებიან მატერიას მისი სურნელი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს...
ის სურნელი, რომლითაც გავიცანი...
ის...
ეს იყო ერთი წლის წინ, თბილ, მთვარიან და ზუსტად ისეთ საღამოს, ნოსტემ რომ იცის ხოლმე...

პირველად რომ შევნიშნე, სკამზე იჯდა...
გულგრილად ავარიდე თვალი და შევეცადე თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს ჩემი ყურადღების საგანი მისი ცისფერ-მწვანე თვალები წამითაც არ გამხდარიყვნენ... ჰოო, ზუსტად ვერ გავარკვიე და ვერც მასზე მიშტერება გავბედე... უბრალოდ საკუთარ თავს შევპირდი, აუცილებლად გავიგებ, რა ფერის თვალები აქვს_მეთქი და მოვრჩი, მაგრამ მანამდე არ შემიწყვეტია მასზე ფიქრი, ვიდრე მეორედაც არ შემომეჩეხა...
-თქვენ არ იცნობთ ერთმანეთს, არა?-გამომარკვია ჩემკენ მომართულმა კითხვამ.
დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები და ტუჩი მოვიკვნიტე. ამჯერად ღამის წყვდიადში მისი თვალები ყვითლად ბრწყინავდა... ან ღია მწვანედ... ღია, თბილ მწვანედ, რომელიც შესაძლოა ყვითლის ნაჯვარიც ყოფილიყო.
-ეს_ანია, ეს_გიო! იმედია გაუგებთ ერთმანეთს!-სიცილით გაგვაცნო ერთმანეთი ნატამ და თითქოს განგებ სადღაც გავარდა.
-სასიამოვნოა.
-სასიამოვნოა.
ჩვენი სიტყვები სიბნელემ შთანთა. კედელს ავეყუდე და თავი ჩავქინდრე. ამ ადგილიდან შემეძლო ისე მეყურებინა მისთვის, რომ მას ჩემი დაჟინებული მზერა ვერ შეემჩნია. გიო წინ იხედებოდა. მის პროფილს უზარმაზარი სიამოვნებით ვიკვლევდი და თან ნელა, აუჩქარებლად, როგორც ეს გემრიელი ნაყინის ჭამისას მემართებოდა.
-მე მიყურებ?-მოულოდნელად შემომძახა მან და მეც მაშინღა შევიმჩნიე, რომ კედელს ჩამოშორებული ვიყავი და ლამპიონების შუქიც ზუსტად სახეზე მეფინებოდა.
-შე-ენ?-ისე გავიკვირვე, თითქოს ტყუილად მადანაშაულებდა და სინამდვილეში მისზე მიშტერებული თვალებით ცაში ვითვლიდი ვარსკვლავებს.
-ჰო, მე.-თავი დამიქნია და ისეთი კმაყოფილებით ჩაიცინა, რომ სიბრაზისგან გამაჟრჟოლა.
-ისეთ უსაქმურს ვგავარ, რომ ვიდგე და შენ გიყურო?-აშკარა დაცინვით შევეკითხე და ხელები თეძოებზე შემოვიწყვე.
-ისეთ უსაქმურს არა, მაგრამ ისეთ მოხიბლულს კი ჰგავხარ, რომ ამას აკეთებდე!-წარბიც არ შეურხევია, ისე მომიგო და ვიგრძენი, როგორ ამასხა ტვინში სისხლმა სიბრაზისგან.
მინდოდა რაღაც საოცრება მეთქვა, იმდენად გამებრაზებინა, რომ წყობდან გამოსულიყო და ის დანა, რომელსაც ხელში ატრიალებდა, ჩემთვის ეტაკებინა, მაგრამ პირში ენაც კი ვერ მოვატრიალე. დარცხვენილმა ჩავიწყვე ხელები ჯიბეებში და უხერხული მოძრაობით კვლავ კედელს მივეყრდენი.
-ანუ არც უარყოფ?-ცინიზმით გაჟღენთილი ხმით დამეკითხა და დანა ხელში კიდევ ერთხელ შეათამაშა.
-მათხოვებ?-მის კითხვას თავი ავარიდე და ხელი დანისკენ გავიწვდინე.
-კარგი.-მხრების ჩეჩვით მომიგო მან და დანა აშკარა უნდობლობით გამომიწოდა.
მაჯის დანა ხელში შევატრიალე. წარმოვიდგინე, თუ როგორი ჩამორჩენილი აზროვნების იქნებოდა ადამიანი, რომელიც უმიზეზოდ ატარებდა დანას. შეიძლება ფიქრობდა, რომ ამით გოგონების მოხიბვლასაც შეძლებდა. იქნებ ახლაც ეგონა, რომ მე ამ სულელური დანით ვიყავი დაინტერესებული და არა მისი მშვენიერი თვალებით. ამ ფიქრებმა იმდენად შემშალა, თვალი რომ გავუსწორე, ვეღარც მის თვალებში დავინახე რაიმე ლამაზი. ცხვირი ავიბზუე და დანა ცივად მივაწოდე.
-ანი, წამოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო.-უეცრად ნატამ გამიყარა მოხრილ მხარში ხელი და გვერდით ძალით გამათრია.
მივხვდი, როგორი მადლიერი ვიყავი მისი. ვერ გავიაზრე, ისე ჩამოვართვი ორ უცნობ ბიჭს ხელი და ისე ჩავიჩურჩულე ჩემი სახელი. იმ წუთას იმის აღიარება არ მინდოდა, რომ ფიქრებით ისევ გიოსთან ვიყავი. ან კი რა იყო მასში განსაკუთრებული, რის გამო უნდა მიექცია ყურადღება, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, თუ არა ის, რომ უბრალოდ რაღაც მჭირდა იმ კონკრეტულ საღამოს. შეესაძლოა მეც იმ უტვინო თინეიჯერებს ვემსგავსებოდი, უაზრო ქმედებების სერია რომ ეწყებოდათ. ყოველ შემთხვევაში საშინლად მრცხვენოდა პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე ჩემი მეგობრების, რომლებისთვისაც არ შემეძლო მეთქვა, რა მემართებოდა.
-რა მოგივიდა, ანი? ჩვენთან არ ხარ.-ეჭვით მკითხა ნატამ, როცა მარტო დავრჩით, მე კი შევეცადე, რომ არაადეკვატური არგუმენტებით გამეცურებინა და თავიდან მომეშორებინა.
მესამედაც იმ საღამოს შევხვდი.
რომ ვფიქრობდი, უნდა დავივიწყო ეს საღამო და ის შეგრძნებები, რომლებმაც უეცრად დამახვია თავბრუ_მეთქი, სწორედ მაშინ ჩამიარა გვერდით, შეგვეკითხა, საით მიდიხართო და მერე ისევ თავის გზით გასწია.
ყველამ ჩვეულებრივ განაგრძო საუბარი, ყველამ ჩემ გარდა.
თითქოს მეც მის გზას დავადექი...
პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად...

თავს ვწევ და დასიებული თვალებით საათს ვეძებ. უკვე ღამეა. ოთახში ბნელა. ვგრძნობ, რომ ცოტაც და ტვინი ფიქრისგან ისე დამეღლება, რომ ვეღარ შევაკავებ. არასწორ პოზაში წოლისგან წელატკიებული სამზარეულოში გავდივარ და წყალს ასადუღებლად გაზზე ვდგამ.
-ნეტავ, საერთოდ არ მენახა... არასდროს... საერთოდ!-ვკვნესი და სკამზე მოწყვეტით ვჯდები.
სახლში საშინელი სიჩუმეა. ეს სიჩუმე მტკენს, მაგიჟებს. ასე მარტო თავი არასდროს მიგრძვნია. ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. ასეთი მშიერი... ასეთი მწყურვალი... სიცხისგან გაგიჟებული...
ჩაიდანი წივის იმის ნიშნად, რომ წყალი ადუღდა. ხელს გვერდით ვწევ და გაზს ვატრიალებ. უკვე ყავაც აღარ მინდა. ფარდას ფრთხილად ვწევ და ცალი თვალით გარეთ ვიხედები. მზის მნათობი სხივები არ მსიამოვნებს და კვლავ ჩაბნელებულ, სევდით სავსე სახლში ვიმალები.
ახლა მაინც დარეკოს ვინმემ... ახლა მაინც...
ტელეფონი დუმს. არ ვახსენდები არც დედას, არც მამას, არც დას, ალბათ, იმიტომ, რომ მათაც მობეზრდათ ჩემი გაღიზიანებული ხმის მოსმენა და იმაზე წუწუნი, რომ მშვიდად მინდა ყოფნა. ვხვდები, როგორ მახრჩობს ის სიმშვიდე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვნატრობდი. თავი მეზიზღება. ვათვიცნობიერებ, რამდენად ცუდი შვილი, და და ადამიანი ვარ და მრცხვენია, რომ იმ ბიჭის გამო ვარ ასე, რომელმაც კარი თვითონ მომიხურა, რომელმაც თვითონ თქვა ჩემზე უარი და არ მოინდომა ჩემთან ურთიერობა.
-ახლა უნდა წახვიდე... ახლა ასე სჯობს!-ვიხსენებ, როგორ წამჩურჩულა, როგორ მომაკრო ლოყაზე წამიერად ტუჩები და როგორ შემიშვა ხელი.
ჯობდა. მაშინ ასე ჯობდა. დღეს როგორ ჯობია? დღეს რა ხდება? მან შეძლო და მე რა უნდა ვქნა? მე უნდა ავიტანო? მე უნდა ვისუნთქო? მე რა უნდა გავაკეთო? თვალებს ვხუჭავ. ყურები მიწუის. საკუთარი ფიქრებიც კი აღარ მესმის. ქვეცნობიერი ბოლო ხმაზე ყვირის, მაგრამ ვერაფერს მაგონებს.
მსიამოვნებს.
ვისვენებ.
ვისვენებ ცრემლებისგან.. ვისვენებ ფიქრებისგან.. ვისვენებ ტკივილისგან... მონატრებისგან..
''ჩვენ არ ვშორდებით! ჩვენ არც შეყვარებულები ვყოფილვართ...''-მახსოვს საკუთარი ჩურჩულიც.
გაეცინა. გულზე მიმიკრა და ნიკაპი თავზე ჩამომადო.
იცოდა, რომ ვცრუობდი.
იცოდა, როგორ მიჭირდა ამის თქმა.
მაინც არაფერი მითხრა. მიხვდა, რომ მამშვიდებდა საკუთარი ნათქვამი. იგრძნო, როგორ მიკანკალებდა გული და აღარ დამიმატა.
შემიბრალა, მაგრამ მხოლოდ წამით და მაშინ, ალბათ, არც შეეძლო იმის აღქმა, რომ საუკუნო ტანჯვისთვის მიმეტებდა.
ჩაიდნიდან წყალს აკანკალებული ხელებით ვასხამ და გაციებულ ყავას გამომშრალი ტუჩებით ვეწაფები.

ო, როგორ ვინანე მაშინ ის, ნატა რომ სხვა მხარეს ცხოვრობდა და მე_სხვა მხარეს, გაგაცილებო, უკან რომ ამედევნა.
უკვე რამდენიმე დღე იყო გასული პირველი შეხვედრიდან.
ვცდილობდი შევგუებოდი იმას, რასაც ვგრძნობდი.
ვიცოდი, ვერაფერს შევცვლიდი და ამიტომ.
თან თავს ვეხვეწებოდი არაფერი შემემჩნია. მოვკვდებოდი, რომ გაეგო, რას ვფიქრობდი. ალბათ, სიცილს დამიყრიდა და მერე, როგორც ყოველთვის, ისე გამიღიმებდა, როგორც პატარა ბავშვს, ზაფხულის სიცხეში ნაყინს რომ გთხოვს.
-ძალიან მაინტერესებს, როგორი შთაბეჭდილება დავტოვე შენზე...-წამოიწყო მან.
ფეხშეწყობილად მივდიოდით. მე წინ, ის_უკან. არ მინდოდა გამეხედა და მის თვალებს შევჩეხებოდი. ასე სულ დავიბნეოდი და ვეღარაფერს ვეტყოდი.
-ცუდი!-პირდაპირ მოვუჭერი და კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, გიჟივით რომ არ გამცინებოდა.
-აი, როგორი ადამიანის...-ყურადღება არ მიაქცია მან ჩემს ნათქვამს.
-გინდა გითხრა როგორის?-მივუბრუნდი და როგორც კი თვალი თვალში გავუყარე, ავილეწე.-ღრუზინული ტიპის ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვე, აი, როგორის.
-როგორის?-გულწრფელად გაიოცა მან და თან ტუჩები ღიმილმა შეურხია.
-ღრუზინულის.-მხრები მსუბუქად შევამოძრავე და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ერთ ადგილას იდგა, გზა განვაგრძე.
-ესე იგი ღრუზინულის...-ისიც მომყვა უკან.
-ჰოო, ღრუზინულის! ასო ღ! რა ვერ გაიგე?-ახლა უკვე ვეღარ შევიკავე სიცილი.
მინდოდა იგივე მისთვისაც მეკითხა. გამეგო, რას ფიქრობდა ჩემზე. თუ იმით ვიმსჯელებდი, როგორც ვექცეოდი, კარგი არაფერი უნდა ეფიქრა, მაგრამ სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ შიში დავძლიე.
-შენ როგორი...-დავიწყე, მაგრამ უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა. შევნიშნე, როგორ გამოეყო სიბნელეს ჩემი დის სილუეტი და ლაპარაკიც ვეღარ გავაგრძელე.
ასე დასრულდა ჩვენი პირველი ნორმალური დიალოგი.
ასე დაერქვა მას ''ღ''.

დღე დღეს მისდევს.
სახლიდან გასვლა მხოლოდ იმიტომ მიწევს, რომ პროდუქტები ვიყიდო, სულ მშიერი რომ არ დავრჩე.
რატომღაც მომინდა ავწონილიყავი. რვა კილო მომიკლია. სრული რვა კილო. სარკეში არ ვიხედები. ვიცი, რომ ასეთი არ უნდა ვიყო.
ვიცი, რომ ასეთობას არ ვიმსახურებ.
ვიცი, რომ არც მას მოვეწონები ასეთი, თუ მართლა დაბრუნდება ოდესმე.
ალბათ, დადგება დღე, როცა შევხვდები და უბრალოდ ავუვლი გვერდს, როგორც ძველ ნაცნობს და არაფერი, არაფერი არ მეტკინება ისე, როგორც მისი ზურგი, ჩემგან შორს მიმავალი.
ტელევიზორში რომანტიკული დრამა გადის.
აი, გოგოს ქორწილია. თვალები ჩამოსტირის. ცოტაც და იტირებს. თვალი კარისკენ უჭირავს. უცებ კარი იღება და ბიჭი შემოდის.
სიცილი, წივილი, კივილი.
ჩაშლილი ქორწილი და შავზე წაწერილი the and.
სისულელეა, რადგან რამდენჯერაც არ უნდა გავთხოვდე, არ მექნება იმედი, რომ ის მოვა.

არც მე დავუტოვებივარ სახელის გარეშე.
მეგობრული შეხვედრები ხომ სასაცილო ისტორიების გარეშე არ არსებობს, ხოდა ერთხელ მეც აღარ მოვერიდე გიოს გვერდით ყოფნას და სიცილით გამოვაცხადე, ბავშვობაში თ ასოს ვერ ვამბობდი_მეთქი.
ყველას გაეცინა. მერე სხვამ წამოიწყო რაღაცის მოყოლა. გიოს ჩემზე მოშტერებულ მზერას ვგრძნობდი. აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რომ მის თვალებს გავქცეოდი. თავჩაქინდური თითებს ვაწვალებდი და თან ფეხსაცმლის წვერით მიწაზე უაზრო ფიგურებს ვხატავდი.
-რა განერვიულებს?-ისე წამჩურჩულა გიომ ჩემს ყურთან ახლოს, სხვებს რომ ვერ გაეგონათ.
-მე მეკითხები?-იმდენად შევიცხადე, რომ ყველამ მე მომაქცია ყურადღება.
გიომ გაიღიმა და თავი შეაბრუნა.
უხერხული სიჩუმე სულ მალე გაიფანტა.

-ესე იგი ასო თ-ს ვერ ამბობდი, ჰო?-შემახსენა ''ღ''-მ, მარტო რომ დავრჩით და მე რომ მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, როგორ დავმშვიდებულიყავი, მას რომ არაფერი შეეტყო.
-ჰო-ო.-საბრალოდ ჩავიბურტყუნე და მის არც ისე ნატიფ, მაგრამ მოწესრიგებულ თითებსა და ფრჩხილებს დავაკვირდი.
-ახლა ამბობ?-სარკაზმი გამოიჭყიტა მისი სიტყვებიდან.
-შენ როგორ გგონია?-თვალები გამიდიდრონდა.
-არ ვიცი, რა მგონია, მაგრამ საოცარია, გოგო ასო თ-ს რომ ვერ ამბობდეს.-მომიგო მან და შემდეგ დაამატა.-თუნდაც მაშინ, როცა პატარა იყო.
-სისულელეებს იგონებ.-ხელი ავუქნიე და ადგომა დავაპირე.
-მე თ-ს დაგიძახებ, კარგი?-ნებართვა მთხოვასავით.
-როგორც გინდა.-გულგრილად ვუპასუხე, სინამდვილეში კი ლამის იყო გული ამომვარრდნა.
მას შემდეგ არ მახსოვს ჩვენი საუბარი მისგან დაძახებული თ-სა და ჩემი ბაგეებიდან წარმოთქმული ღ-ს გარეშე.

ვეღარ ვძლებ.
შუქსაც არ ვანთებ, ისე ვუახლოვდები მობილურს, ხელში ვიღებ და ნომერს ვკრეფ.
გული გაასმაგებულად მიცემს. მგონია ვეღარ ამოვისუნთქავ, სანამ სასურველი ადამიანის ხმას არ გავიგებ. მუხლები მიკანკალებს. საკუთარი ფიქრების ატანა მიჭირს. სიბნელეში წითელი წინწკლები ჩნდება. მგონი ისევ გონი მიმდის. არც წამლები, არც ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი და არც.. შაქრიანი წყალი. უნდა მიხაროდეს კიდეც, რომ ვცოცხლობ.
-გისმენ...-მესმის დედის ნამძინარევი ხმა.
-დეე...-ვსლუკუნებ და თვალებიდან ცრემლები ღვარად მეღვრება.
-ჩემო საყვარელო... ჩემო გოგო...-ხმა უწვრილდება დედასაც.
-მოვდივარ!-ჩავძახი მობილურში, საძინებელში შევრბივარ, შემოსაცმელს ზურგზე ვიხურავ და სახლის კარს ვიჯახუნებ.

ფინჯანში კოვზს ვურევ, რომ ჩაიში შაქარი გაიხსნას. ოთახში დედა შემოდის და გვერდით მიჯდება. თავს მხარზე ვადებ და ვრწმუნდები, რომ მასზე ტკბილი სურნელი არავის, საერთოდ არავის აქვს. დედა თავის თბილ ხელს მხვევს და თავს ზუსტად ისე მადებინებს გულზე, როგორც ბავშვობაში.
-შენს დას დავურეკე და მოვა მალე.-მეუბნება და თავზე ხელს მისვამს.
-ძალიან მომენატრა.-ვჩურჩულებ მის ყელთან.
-შენ არ იცი, მას როგორ მოენატრე.-ვგრძნობ, რომ იღიმის და მეც მეღიმება.
-ძალიან ცუდად ვიქცეოდი.-გული მიჩუყდება.
-არა, უბრალოდ ცუდად მოგექცნენ.-მამშვიდებს დედა და ოხრავს.
თვალები მემღვრევა. მიუხედავად იმისა, რომ ასე მშვიდად აღარ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი, ტკივილი შემსუბუქების ნაცვლად მიძლიერდება.
და მაინც, შეუძლებელია მძულდეს, თუნდაც ამდენი ტანჯვის შემდეგაც.

პირველად გავიგე, რომ ადამიანს შეეძლო სრულებით უმიზეზოდ უდიდესი სიამოვნებით დაელია შაქრიანი წყალი და თან ისე, რომ ამაში გასაოცარიც ვერაფერი დაენახა.
ეს მაშინ მოხდა, როცა ''ღ''-მ და მისმა მეგობარმა წყლის მიტანა მთხოვეს.
-შეგიძლია შაქარი მომიტანო? უშაქროდ დალევა მიჭირს.-ღიმილით მითხრა გიომ და არც მის მეგობარს შეუმჩნევია რამე.
-ჰა?-გამოვშტერდი.
-ასე სვამს, ძალიანაც ნუ გაგიკვირდება.-დამამშვიდა მის გვერდით მჯდომმა და მეც ძალიან სულელი რომ არ გამოვჩენილიყავი, ისევ შევბრუნდი სამზარეულოში, ფინჯანში შაქარი ჩავუყარე და თავიდან მივუტანე.
-მადლობა.-ისეთმა კმაყოფილმა გადამიხადა მადლობა, რომ უნებურად გავბედნიერდი.
ასე დაიწყო ჩემი და შაქრის ურთიერთობა.

როცა იმ წითელ, ფართო მაისურში ვხედავდი, გული მისკდებოდა იმის შიშით, რომ იმდენად გამიბრწყინდებოდა თვალები, ყველა ყველაფერს მიხვდებოდა.
ვგრძნობდი, რომ მიყვარდა ის მაისურიც, მისი ფერიც, მისი მკლავებიც და იმაზე კი არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ისიც შემყვარებოდა.
მომწონდა, გულის წასვლამდე, უსასრულობამდე, კოსმოსამდე, ვარსკვლავებამდე, მაგრამ მაინც მეგონა, რომ უარესი იქნებოდა, რომ შემყვარებოდა.
ერთხელ ყვითელი მოსაცმელი მეცვა, მის გვერდით რომ ვიდექი. ვიღაც ფოტოს იღებდა. კადრში მოვხვდით. ფოტო რომ ვნახე, მივხვდი, როგორ უხდებოდა ჩემი ყვითელი მოსაცმელი მის წითელ მაისურს და იმის შემდეგ ვცდილობდი, რომ სულ ის მცმოდა.
არ ვიცოდი, რატომ ვხდებოდი ყოველდღე იმაზე უფრო სულელი, ვიდრე წინა დღეს ვიყავი და როცა ერთ დღეს ეს საკუთარ თავს ვკითხე, პასუხი ის იყო, რომ შეყვარებული ვიყავი.
შეყვარებული ღ-ზე.
შეყვარებული ღრუზინულზე.
შეყვარებული გიოზე, ჩემს წითელმაისურიან გიოზე.

ვბედავ და იმ ფაილს ვხსნი, შიგნით ჩვენი ფოტოები რომ მეგულება.
აი, ნოსტეში, ორივეს ბედნიერებისგან სახე გაგვბადრია. ერთმანთის გვერდით ვდგავართ და თან ერთმანეთისგან შორს. ცალი მხრით მისკენ ვარ გადახრილი და ცალი ასიმეტრიულად მაქვს გასწორებული. სასაცილოა. როგორ ვცდილობდი მისგან შორს ყოფნას. ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ ერთ დღეს ასეთ დღეში ჩავვარდებოდი. მაინც ვერ გადავურჩი. მის სიყვარულს ვერ გადავურჩი.
მეორე ფოტოში მე ზურგით ვდგავარ. ის გვერდით მიდგას და ჩემი თმის კულული აქვს დახვეული თითზე. ამ ფოტოს ჩვენ ნამდვილად არ გვიღებდნენ. არც კი მახსოვს, საიდან აღმოჩნდა ჩემთან, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო. ალბათ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ვერ გავიგებ.
მესამეშიც ჩვენ ვართ...
მეოთხეშიც...
მაგრამ არც ერთ ფოტოში არაა ისეთი, როგორიც უკანასკნელად ვნახე..
ხან ვიცინი, ხან ვტირი, ხან უბრალოდ ცრემლებით მენამება სახე..
მენატრება და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიყვარს.

ერთ დღეს, უკვე მეც რომ გარკვეული ვიყავი ჩემს გრძნობებში და ისიც არ ჩამომრჩებოდა, მომთხოვა, თმა გაიშალეო.
-გამეწეწება.-თავი გავიქნიე, თუმცა გულში ჩამეღიმა.
-გაიშალე, რა, გიხდება, ვიცი.-ისე საყვარლად მთხოვა, მის ხელებში ჩადნობამდე აღარაფერი მიკლდა.
რთული იყო უარის თქმა, მაგრამ ძალები მოვიკრიბე და ჯიუტად გავუსწორე თვალი.
-შენ რა იცი? რაღაც არ მახსოვს თმაგაშლილი დაგენახე.-დაეჭვებულმა ვკითხე და ირგვლივ თვალები გავაფაციცე.
-საიდან უნდა გახსოვდეს, როცა არ დაგინახივარ.-დაუმალავად მითხრა მან.
-ნუ ბოდავ...-არ დავუჯერე და ზურგი ვაქციე.
-აბა, რა გეგონა, ის ზურა, რომელსაც ადრე ნორმალურად ხმასაც კი არ ვცემდი, იმდენად შემიყვარდა, რომ ყოველ საღამოს მის აივანზე ვატარებ?-შემეკითხა მოულოდნელად და ვიგრძენი, როგორ მომეცელა ფეხები.
მინდოდა მეთქვა, რომ გიჟი იყო, რომ მის საქციელს ნორმალური არ ერქვა, რომ მსგავს რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მაინტერესებდა, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ის შევძელი, რომ შეშინებული თვალებით შემეხედა და მერე მანამდე მეყურებინა მისთვის, ვიდრე მის ხელს ჩემს თმაზე არ ვიგრძნობდი.

თბილისში ვიყავი.
დეკემბერი იყო, ჩემი დაბადების დღე.
დედაჩემმა ტორტი მოიტანა. ის-ის იყო სანთლების ჩასაქრობად მოვემზადე, რომ ჩემი მობილური აწკრიალდა. ხელი ვტაცე და ყურთან მივიტანე. მორიგ მილოცვას ველოდებოდი, მისი ხმა რომ გავიგონე.
-''ღ''?-წამოვიძახე ყურებამდე გაღიმებულმა.
-ჰო, ''თ'', 'ღ''!
-არ მჯერა!-ძლივს ამოვილუღლუღე.
-დაბადების დღეს გილოცავ, ''თ''! შეგიძლია წუთით სტუმრები დატოვო და ჩემთან ჩამოირბინო?
გავშეშდი, მაგრამ შევეცადე არ დამეჯერებინა ის, რაც პირველად გავიფიქრე. იმედგაცრუების მეშინოდა.
-ნოსტეში ამ ყინვაში ჩამოსვლას არ ვაპირებ.-ჩავძახე საიდანღაც მოტანილი სიცილით.
-გრძელ გზაზე გასაყინად რომ ვერ გაგიმეტე, მაგიტომ ვარ აქ.-ჩაიცინა მან.-დაბლა გელოდები, ზუსტად შენს ქუჩაზე, ოცდამეექვსე კორპუსთან, მეორე სადარბაზოსთან... აბა, რას იზამ?
პასუხის გაცემა ვეღარ შევძელი. აღარც მქონდა მაგის სურვილი. გათიშვის ღილაკისთვისაც არ დამიჭერია, ისე მივაჩეჩე ჩემს დას ხელში ტელეფონი, მალე მოვალ_მეთქი დავიბარე და სახლიდან გავვარდი.
ისეთი სიჩქარით ჩავრბოდი კიბეზე, რომ ერთი-ორჯერ ფეხიც ამიცდა. ახურებული სახით გავვარდი სადარბაზოდან, მაგრამ სიცივე საერთოდ არ მიგრძვნია. ქუჩა მოვათვალიერე. არავინ ჩანდა. გული ჩამიკვდა. ასეთ ტყუიილს არ ვიმსახურებდი. კინაღამ ხმამაღლა ავღრიალდი.
-იმდენად არ მოგენატრე, რომ ზედაც არ შემომხედე?-მომესმა უკნიდან მონატრებული ხმა და მიწაზე ჩაკეცვამდე აღარც აღარაფერი დამაკლდა.
-საზიზღარი ბიჭი ხარ! მეზიზღები, მეზიზღები ამ შიშისთვის, გაიგე?-სანამ მივუტრიალდებოდი, მანამდე ამოვიბლუყუნე და გიჟივით გავვარდი მისი მიმართულებით.
სადარბაზოს კუთხეში მდგარი მართლად ძნელად შესამჩნევი იყო, მაგრამ მაინც მიკვირდა, რომ მისი სურნელიც კი ვერ გავარკვიე. მოურიდებლად ჩამოვეკიდე კისერზე და როცა გავიაზრე, რასაც ვაკეთებდი, ფრთხილად ჩამოვშორდი მის სხეულს.
-ნუ გეშინია, უკვე გვიანია და მეზობლები არ აჭორავდებიან.-გაეცინა გიოს და კვლავ გულზე მიმიკრა.
-იქნებ მეზობლების აჭორავების კი არა, თავის გაცემის მეშინია?-ვკითხე, გონებაში კი ყველასა და ყველაფერს ხაზი გადავუსვი, იმდენად არ მინდოდა მისი მკლავებისგან გათავისუფლება.
-თუ ასეა, მაგაზე არ იდარდო! თავი უკვე დიდი ხანია გაეცი!-ჩაიჩურჩულა და ბედნიერებისგან გაბრუებულს ხელი ჩამჭიდა.

ვიხსენებ და სული მტკივდება.
სულ, სულ ახლოს ვარ იმ საშინელ დღესთან, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ჩემი ნოსტეში ჩასვლის შემდეგ, ფეხს თბილისიდან აღარ გავადგამდი, მაგრამ არ ვიცოდი...
არ ვიცოდი, რომ იმისგან, რაც იყო, ტკივილისა და ცრემლების მეტი აღარაფერი დარჩებოდა...

ერთი წელი იყო გასული.
მაშინ ძალიან ბევრი მეჩვენებოდა, ახლა კი მგონია, რომ წამიც არ ვყოფილვართ ერთად.
დადგა დღე, როცა აღარც მობილურზე მიპასუხა, აღარც თვითონ დამირეკა, აღარც მომწერა და საერთოდ, დაიკარგა.
ვიცდიდი.
ვიცდიდი სამი დღე, მაგრამ მეტი ვეღარ გავძელი, ''მარშუტკების'' სადგომისკენ გავწიე და ნოსტესკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩავჯექი.
მთელი გზა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როდის შევძლებდი მის ნახვას, როდის შემომხვევდა ხელებს და როდის ვიგრძნობდი, რომ ჩემთან იყო.
ბებიაც კი არ მინახავს, ისე გავწიე მისი სახლისკენ. შინ არ დამხვდა. არავინ იცოდა, სად იყო. ცოტა ხნის წინ გავიდაო, მითხრეს. ყველა ის ადგილი მოვიარე, სადაც ერთად ვყოფილვართ. სადაც კი მეგულებოდა და არ მეგულებოდა, მაგრამ ვერსად ვნახე. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი.
უკვე რომ ჩამოღამდა და იმედგადაწურული წამოვხტი ფეხზე, ჩემი ტელეფონის ეკრანი მაშინ განათდა და შავ ფონზე მისი სახელი გამოისახა.
იმდენად დავიბენი, რომ სანამ ვუპასუხებდი, გათიშა.
''გამოდი!''-მომივიდა შეტყობინება.
დაუფიქრებლად ჩავიგდე მობილური ჯიბეში და სახლიდან გავვარდი.
ჩემი ჭიშკრიდან ოდნავ მოშორებით იდგა, იმ ცაცხვის ხესთან, რომელთანაც ერთმანეთს აქამდეც ხშირად შევხვედრივართ. ფრთხილად წავედი მისკენ. თავი დახრილი ჰქონდა. რატომღაც ვერ გავბედე, რომ ჩავხუტებოდი. წინ დავუდექი. ხმას არ ვიღებდი. მე მას ველოდებოდი, ის, ალბათ, მე.
-კარგად ხარ.-ჩაიჩურჩულა ძლივსგასაგონად.
-კარგად ვარ.-გაპარული ხმით ვუპასუხე.-და შენ...
-მნიშვნელობა არ აქვს.
-ესე იგი არ აქვს...-ტონი ვეღარ გავაკონტროლე.
გავჩუმდით. წესით უნდა რამე ეთქვა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მისი ჩახუტების სურვილი ისევ ისე მკლავდა, როგორც დასაწყისში. ვერ ვიტანდი, რომ ასე ახლოს ვიყავი მასთან და არ ვეხებოდი. ცამ დაიქუხა. შევკრთი. მან ამომხედა. გამიხარდა, რომ შევძელით. შევძელით ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა.
-რატომ ჩამოხვედი?
-არ უნცა ჩამოვსულიყავი?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-არ ვიცი, რა მჭირს.-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
-მე ვერაფერს ვიზამ...-მხრები ავიწურე.
-არც გთხოვ.-რაღაც უცნაურად მომიჭრა, თითქოს ჩემზე ბრაზობდა.
-იქნებ...-დავიწყე, მაგრამ შემაწყვეტინა.
-აზრი არ აქვს.-ისევ ისეთი უემოციო იყო.
-ვიცი.-თავი დავაქნიე.
ხმა აღარ ამოგვიღია. ვიდექით და ვსველდებოდით. ვერც მე ვინძრეოდი და ვერც ის. ალბათ, დებილ შეყვარებულებს ვგავდით, რომლებიც ვერაფერს გრძნობდნენ ერთმანეთის გამო, მაგრამ მე ახლა შემეძლო იმ სიცივის აღქმა, რომელშიც ვიდექი, რადგან მისგან მომავალ სითბოს ვერ ვგრძნობდი.
-სახლში შედი, გაცივდები.
-კარგია, რომ ჩემზე ზრუნავ.-ირონია არ დავიშურე.
ნაწყენი ვიყავი. იმაზე ნაწყენიც კი, ვიდრე გაბრაზებული. გაბრაზებას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვერავის ვაპატიებდი ასეთ მოქცევას, ვერც მას, რომ არ მცნობოდა. რომ არ მცოდნოდა, როგორი იყო.
-კარგად იყავი.-მივუგდე და სახლისკენ გამოვიქეცი.
იმ ღამით ერთი ცრემლიც კი არ გადმომიგდია.
მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა.

დილითვე წამოვედი.
''მარშუტკას'' ველოდებოდი, რომ ვიგრძენი, მარტო აღარ ვიყავი.
მისკენ შებრუნება არ მინდოდა. არც მისი დანახვა მსურდა, მაგრამ გულმა გონებას სძლია. აცრემლებული თვალები ავარიდე. ალბათ, იმიტომ ვდუმდი, რომ მაინტერსებდა ის რა მეტყოდა.
-შენზე მეტად მტკივა მე ახლა, მაგრამ ასე რომ დავრჩეთ, ერთ დღეს შენ თვითონ მეტყვი, შენთან აღარ მინდაო, გესმის?-მკლავებზე ჩამებღაუჭა და მსუბუქად შემარხია.
-არა.-არ მომიტყუებია, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეს არ იმსახურებდა.
-ხოდა რომ ვერასოდეს გაიგო, მაგიტომ ვიქცევი მე ახლა ასე.
დავინახე, როგორ ჩამოდგა ''მარშუტკა'' ჩემ მარჯვნივ. ხალხმა ასვლა დაიწყო. წასვლა არ მინდოდა, მაგრამ კიდევ წუთითაც თუ გავჩერდებოდი, სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. ხელი შევაშვებინე და ''მარშუტკისკენ'' გავიწიე.
დამიჭირა.
-ახლა უნდა წახვიდე! ახლა ასე სჯობს...-წამჩურჩულა კვლავ.
მხრები გავიქნიე, ჩამოვიშორე და ''მარშუტკაში'' ავედი.
მანამდე ვუყურებდი ფანჯრიდან, ვიდრე მწვანე ხეებმა ნოსტესთან ერთად არ შთანთქა.

ისევ ის დღეა.
ისევ ის საღამო.
ამ დროს ჯერ კიდევ სახლში ვიყავი მაშინ. სულ წუთები უკლია იმ დროს, გიომ რომ დამირეკა. შინ ვერ ვჩერდები. სკვერში სასეირნოდ გავდივარ, მაგრამ მაინც მასზე და იმ დღეზე მეფიქრება.. თავს ვაგონებ, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ არაფერი იცვლება.
ისევ სახლისკენ ვიღებ გეზს.
ჩემს ნელ ნაბიჯებს სევდიან მელოდიას ვაყოლებ.
იმდენად სევდიანს, რომ ეს მელოდიაც კი ''ღ''-ს და მის სურნელს მახსენებს.
''უკვე მერამდენედ უნდა ვიგრძნო...''-ვფიქრობ და მწარედ მეღიმება.
ახლა ზემოთ ავიხედები და ვერავისაც ვერ დავინახავ.
ვიხედები და გული რამდენიმე დარტყმას ტოვებს.
ვიხედები და ცრემლები მაშინვე მეკიდება წამწამებზე.
ვიხედები და მას ვხედავ.
-''ღ''...-ბაგეებს წყდებათ ეს ერთი ასო და ისიც მაშინვე აშორებს თვალს მიწას და ჩემკენ დგამს ნაბიჯს.
''თქვენ არ იცნობთ ერთმანეთს, არა?''-მიელვებს უცებ გონებაში.
-გამარჯობა, ''თ''!-ღიმილით მოემართება ჩემკენ და ჩემს გაშეშებულ მაჯებს თავის ერთ ხელში იქცევს.-არ მომესალმები?
მინდა, რომ ვუთხრა, როგორ ვიტანჯებოდი, როგორ მატკინა გული, რამდენად ძვირი დამიჯდა მისი ''არ ვიცი, რა მჭირს'', როგორ მტკივნეულად ვიხსენებდი ყველა ჩვენს მოგონებას და როგორ ველოდებოდი დღემდე, როგორ მინდა გავიგო იმ დაკარგული დროის მიზეზი, რაც ერთმანეთის გარეშე გავლიეთ, იმის სურვილი მახრჩობს, რომ მკერდზე მუშტები დავუშინო და სახე ავუჭრელო, მაგრამ ვხვდები, რომ წინ ძალიან, ძალიან დიდი დრო მაქვს და ყველაფრის მოყოლას მოვასწრებ, ამიტომ თავს ვწევ და ღიმილით ვპასუხობ:
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ''ღ''!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!



^^^
ყველაზე განსხვავებული ამბავია ეს და იცით, რატომ?
ყველაზე ნამდვილია, რაც კი დამიწერია.
მთლიანად თუ არა, ნახევარი მაინც სულ რეალობაა.
დიდი ხომ არაფერია? ერთი პატარა ისტორიაა, თავისი ჩვეულებრივი დიალოგებით, ორი შეყვარებული ადამიანით, ბევრი ცრემლით და ბევრი ღიმილით, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და იმედია თქვენც იგრძნობთ რაღაცას.
ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს
და
ახლა ყველაზე კარგად ხვდება, როგორ მონატრებიხართ!



№1 სტუმარი მოცინარი

აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart

 


№2  offline წევრი teddy))

,,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული!

 


№3 სტუმარი msmm

*the end. ;)

 


№4 სტუმარი Guest თამარა

გამახარეე! თან როგორ!!!

 


№5  offline წევრი Mtirala

ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6 სტუმარი Shorena kiladze

Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit

 


№7  offline მოდერი sopiko

მოცინარი
აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart

ჩემო საყვარელო, არ ვიცი, რომელი ხარ და ხომ არ გიცნობ შემთხვევით? heart_eyes
ძალიან მახარებს თქვენი ასეთი დადებითი ემოციები!
okay
რა საყვარლობაა :3

ჰოო heart_eyes
teddy))
,,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული!

ვიცი! ;დდ heart_eyes
msmm
*the end. ;)

მექანიკურია, მადლობა, შევასწორებ.
Guest თამარა
გამახარეე! თან როგორ!!!

მე როგორ მახარებთ, იცით, თქვენ? heart_eyes
Shorena kiladze
Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit

უბრალოდ როცა ისტორიას ვდებ, პირველ რიგში ველოდები, რომ დამიკომენტარებს შორე და ისე გამათბობს, როგორც იცის ხოლმე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა! blush

Mtirala
ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes

მადლობა, ტკბილო heart_eyes

 


№8 სტუმარი Guest Skubidu

Iciii chem mezoblataa sofeli noste tu ratqmaunda martla xar namyofi

 


№9  offline წევრი Firefly

რამდენი ხანია შენი ისტორიები არ წამიკითხავს და როგორ მომნატებია!
ძალიან ვისიამოვნე, ისეთი თბილი და ტკბილი იყო რომ სიტყვებიც არმყოფნის ♥
--------------------
M.T

 


№10  offline მოდერი sopiko

Guest Skubidu
Iciii chem mezoblataa sofeli noste tu ratqmaunda martla xar namyofi

ინტერნეტით შევისწავლე, სინამდვილეში ნამყოფი არ ვარ.
სოფელი შეცვლილია და კიდევ რამდენიმე სახელი, ვისზეა რომ არ გაირკვეს.
Firefly
რამდენი ხანია შენი ისტორიები არ წამიკითხავს და როგორ მომნატებია!
ძალიან ვისიამოვნე, ისეთი თბილი და ტკბილი იყო რომ სიტყვებიც არმყოფნის ♥

იმდენად დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ, რომ ახლა დავფიქრდი და შენი სახელიც კი ვეღარ გავიხსენე :დდ ჩემი სირცხვილი!
დიდი მადლობა heart_eyes

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

იცი, მგონი პირველი ისტორიიაააა რასაც ვკითხულობ შენსას...
კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს სიახლეზე...
ეს ერთი და სხვა მრავალი...
წარმატებები

 


№12  offline მოდერი sopiko

terooo
იცი, მგონი პირველი ისტორიიაააა რასაც ვკითხულობ შენსას...
კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს სიახლეზე...
ეს ერთი და სხვა მრავალი...
წარმატებები

მადლობა, ტერო heart_eyes
მაგრამ პირველი არაა, ჩემს ''თავშესაფარზე'' და ''როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს!''-ზეც მახსოვს შენი შეფასებები heart_eyes

 


№13  offline მოდერი ენემი

ძაან ემოციური იყო პირადად ჩემთვის :)
საოცრებაა <3

 


№14  offline მოდერი sopiko

ენემი
ძაან ემოციური იყო პირადად ჩემთვის :)
საოცრებაა <3

უდიდესი მადლობა heart_eyes

 


№15  offline ადმინი მწარე

მმმ როგორ გამახარე ❤ კარგი ისტორიაა იყოო ვისიამოვნე მომეწონა
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№16  offline მოდერი sopiko

მწარე
მმმ როგორ გამახარე ❤ კარგი ისტორიაა იყოო ვისიამოვნე მომეწონა

ჩემი ჩალომე heart_eyes დიდი მადლობა!

 


№17 სტუმარი მოცინარი

sopiko
მოცინარი
აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart

ჩემო საყვარელო, არ ვიცი, რომელი ხარ და ხომ არ გიცნობ შემთხვევით? heart_eyes
ძალიან მახარებს თქვენი ასეთი დადებითი ემოციები!
okay
რა საყვარლობაა :3

ჰოო heart_eyes
teddy))
,,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული!

ვიცი! ;დდ heart_eyes
msmm
*the end. ;)

მექანიკურია, მადლობა, შევასწორებ.
Guest თამარა
გამახარეე! თან როგორ!!!

მე როგორ მახარებთ, იცით, თქვენ? heart_eyes
Shorena kiladze
Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit

უბრალოდ როცა ისტორიას ვდებ, პირველ რიგში ველოდები, რომ დამიკომენტარებს შორე და ისე გამათბობს, როგორც იცის ხოლმე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა! blush

Mtirala
ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes

მადლობა, ტკბილო heart_eyes

არა არ მიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიების (განსაკუთრებით ჩიტების შემდეგ(თეააააა :((͡ ეხლა ამეტირება) მზად ვარ გაგიცნო :)

[quote=მოცინარი][quote=sopiko][quote=მოცინარი]აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart[/quote]
ჩემო საყვარელო, არ ვიცი, რომელი ხარ და ხომ არ გიცნობ შემთხვევით? heart_eyes
ძალიან მახარებს თქვენი ასეთი დადებითი ემოციები![quote=okay]რა საყვარლობაა :3[/quote]
ჰოო heart_eyes [quote=teddy))],,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული![/quote]
ვიცი! ;დდ heart_eyes [quote=msmm]*the end. ;)[/quote]
მექანიკურია, მადლობა, შევასწორებ.[quote=Guest თამარა]გამახარეე! თან როგორ!!![/quote]
მე როგორ მახარებთ, იცით, თქვენ? heart_eyes
[quote=Shorena kiladze]Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit[/quote]
უბრალოდ როცა ისტორიას ვდებ, პირველ რიგში ველოდები, რომ დამიკომენტარებს შორე და ისე გამათბობს, როგორც იცის ხოლმე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა! blush

[quote=Mtirala]ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes[/quote]
მადლობა, ტკბილო heart_eyes[/quote]
არა არ მიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიების შემდეგ (განსაკუთრებით ჩიტების შემდეგ(თეააააა :((͡ ეხლა ამეტირება) მზად ვარ გაგიცნო :)

 


№18 სტუმარი თევზი

h2o - just add water

 


№19  offline მოდერი sopiko

[quote=მოცინარი][quote=sopiko][quote=მოცინარი]აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart[/quote]
ჩემო საყვარელო, არ ვიცი, რომელი ხარ და ხომ არ გიცნობ შემთხვევით? heart_eyes
ძალიან მახარებს თქვენი ასეთი დადებითი ემოციები![quote=okay]რა საყვარლობაა :3[/quote]
ჰოო heart_eyes [quote=teddy))],,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული![/quote]
ვიცი! ;დდ heart_eyes [quote=msmm]*the end. ;)[/quote]
მექანიკურია, მადლობა, შევასწორებ.[quote=Guest თამარა]გამახარეე! თან როგორ!!![/quote]
მე როგორ მახარებთ, იცით, თქვენ? heart_eyes
[quote=Shorena kiladze]Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit[/quote]
უბრალოდ როცა ისტორიას ვდებ, პირველ რიგში ველოდები, რომ დამიკომენტარებს შორე და ისე გამათბობს, როგორც იცის ხოლმე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა! blush

[quote=Mtirala]ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes[/quote]
მადლობა, ტკბილო heart_eyes[/quote]
არა არ მიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიების (განსაკუთრებით ჩიტების შემდეგ(თეააააა :((͡ ეხლა ამეტირება) მზად ვარ გაგიცნო :)

[quote=მოცინარი][quote=sopiko][quote=მოცინარი]აუ, როგორ გამახარეეეე heart_eyes ძალიიიიიან!!!!!!!!!! გეფიცები ნიკი სოფიკო რომ დავინახე, ვიყვირე!! იმედია მეზობლები პოლიციას არ გამოიძახაბენ :დ წავედი წავიკითხო kissing_heart[/quote]
ჩემო საყვარელო, არ ვიცი, რომელი ხარ და ხომ არ გიცნობ შემთხვევით? heart_eyes
ძალიან მახარებს თქვენი ასეთი დადებითი ემოციები![quote=okay]რა საყვარლობაა :3[/quote]
ჰოო heart_eyes [quote=teddy))],,დღეს შემიყვარდი, მაშინ კი არა..." სიგიჟეა, სიგიჟე, სრული![/quote]
ვიცი! ;დდ heart_eyes [quote=msmm]*the end. ;)[/quote]
მექანიკურია, მადლობა, შევასწორებ.[quote=Guest თამარა]გამახარეე! თან როგორ!!![/quote]
მე როგორ მახარებთ, იცით, თქვენ? heart_eyes
[quote=Shorena kiladze]Vaimeer sopi ra iko es AI martla yvekaze namdvili da realuri tbili da gemrieli shensavit AI sascauli xar sheni yvelaprit .sityvebs ver vpoulib ROM shegapaso leksukonshi AR mimezebneba sheni shesaperi ...zaaluan miyvarxar chemo tkbilo da nichiero .Patara istoria didi grznobebit[/quote]
უბრალოდ როცა ისტორიას ვდებ, პირველ რიგში ველოდები, რომ დამიკომენტარებს შორე და ისე გამათბობს, როგორც იცის ხოლმე heart_eyes
დიდი, დიდი მადლობა! blush

[quote=Mtirala]ტკბილობა, თბილობა kissing_heart კარგი გოგო ხარ, შენ!
heart_eyes[/quote]
მადლობა, ტკბილო heart_eyes[/quote]
არა არ მიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიების შემდეგ (განსაკუთრებით ჩიტების შემდეგ(თეააააა :((͡ ეხლა ამეტირება) მზად ვარ გაგიცნო :)[/quote]
ამის სურვილი მეც მაქვს ;)
[quote=თევზი]h2o - just add water[/quote]
აჰამ ;დდ

 


№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

სოფ, მართლაც, თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რაღაც მომენტები კანზე ეკლისმომგვრელი და ღიმილიანი იყო... დამოკიდებულება, გაცნობის პერიოდი ნაცნობს ჰგავდა ჩემთვის. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, მაგრამ თითქოს იყოვო.

კარგი გოგო ხარ <3

პ.ს. გამოგიტყდები, ამდენი სხვა ისტორიებზე გადახედვის შემდეგ, ეს გამართული ტექსტი საოცრად მეამა :დდ

 


№21  offline მოდერი sopiko

lullaby
სოფ, მართლაც, თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რაღაც მომენტები კანზე ეკლისმომგვრელი და ღიმილიანი იყო... დამოკიდებულება, გაცნობის პერიოდი ნაცნობს ჰგავდა ჩემთვის. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, მაგრამ თითქოს იყოვო.

კარგი გოგო ხარ <3

პ.ს. გამოგიტყდები, ამდენი სხვა ისტორიებზე გადახედვის შემდეგ, ეს გამართული ტექსტი საოცრად მეამა :დდ

და მე როგორ მეამა, ქალავ, შენი კომენტარი? ;დდ
დიდი მადლობა, მარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent