შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეოთხე თავი)


12-11-2017, 01:24
ავტორი murachashvili
ნანახია 4 440

- თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს! - მიკროფონში გაჰყვიროდა ლიდერი.
- თავისუფალ საქართველოს გა-უ-მარ-ჯოს! - სკანდირებდნენ მომიტინგენი.
- გა-უ-მარ-ჯოს! - ტალღისებურად გადაეცემოდა ხმა.
- ძირს რუსეთის ბინძური იმპერია!
- ძირს!!! - ისევ ჰყვებოდა ბრბო.
სიქა გამოცლილი მშობლები ამჯერად ტელევიზიასთან ეძებდნენ გაპარულ შვილებს. სათითაოდ დაიარეს მოშიმშილეთა კარვები, ვინ იცის მერამდენედ აჩვენებდნენ მათ ფოტოს, მაგრამ ბავშვები თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, არსად ჩანდნენ.
- აქ ყველა მაგ ასაკისაა. როგორც ნემსს თივის ზვინში ვერ იპოვით, ისე მათ ვერ მიაგნებთ.
- იქნებ მაინც დააკვირდეთ?! -ტელევიზიის კიბეებზე მდგომ, ალბათ ოცდახუთიოდე წლის, წვეროსან ყმაწვილს ისევ მიაწოდა ზურამ მეგობრებთან მდგომი ნინიკოს ფოტო.
კითხვებით გაბეზრებული ვაჟი ტელევიზიის კიბეებს თავზე მოექცა და თვალი მოავლო მომიტინგეებს.
- აქ ნამდვილად, არ ჩანან. თუმცა, წეღან ვიღაც ამბობდა, 51-ე სკოლელები რუსთაველზე წავიდნენო, იქნებ ისინიც მათ გაჰყნენ?!
- ორმოცდამეთერთმელელებთან რა უნოდოდათ?! - ეჭვი შეეპარა დათუნას მამას ხმაში.
- რა ვიცით, ირაკლი, ასაკით თითქმის ტოლები არიან, მართლა არაა გამორიცხული მათ შეერთებოდნენ. - ვაჟის ვერსია აშკარად ჭკუაში ჩაუჯდა ტყუპის მამას.

ბევრი აღარ უკამათიათ, ამჯერად გეზი რუსთაველისკენ აიღეს.
- აქ ხართ?! - მთავრობის სასახლის წინ მდგომ სასწრაფოს მანქანაზე შემდგარი ნატო შორიდანვე უცინოდათ და ხელს უქნევდათ.
- იცოდეთ, ბავშვებზე არაფერი უთხრათ! - გვერდით მდგომი მამაკაცების გაფრთხილება ძლივს მოასწრო, თეთრი ხალათით შემოსილ, მთავარ ექიმს ხალხის ტალღა უკვე გამოერღვია და გაღიმებული ეხვეოდა მეუღლეს.
- სირცხვილია. რას იფიქრებენ?! - სიცილს ვერ იკავებდა მამაკაცი და ძლიერად იკრავდა მკერდში მონატრებულ ქალს.
არადა, თითქოს წინა დღეს ნახა, როდისღა მოასწრო ასე მძაფრად მონატრება?
- დიდი ხანია მოხვედით?! - თითქოს ტუქსავდა, მაგრამ ბედნიერებით თვალები უციმციმებდა ექიმს.
- მიტინგს ხომ არ დავაკლდებოდით?! - ღიმილით გამოუცხადა ირაკლიმ.
- ბავშვები?!
- გამოვეპარეთ. - ზურამ მოხერხებულად იცრუა და ალალად შესცინა მეუღლეს.
- მგონი დავინახე! - ნატოს რომ არ გაეგო, ჩუმად გადაულაპარაკა ირაკლიმ.
- ჰო? ახლავე მოვდივარ. სულ ცოტა ხნით გავალ და ახლავე დავბრუნდები!
- წადი, ზურა, წადი, აღარ დაბრუნდე, ისედაც დაღლილი ხარ, ჯობს დაისვენო! - მართალია არ ემეტებოდა, მაგრამ ნამდვილად არ უნდოდა ახლა რომელიმე ოჯახის წევრის მიტინგზე ყოფნა.
- ნუ გეშინია, სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდები, მალე დასრულდება ეს ორომტრიალი და გვეღირსება დასვენებაც. - ქალის ხმაში გაპარული სევდა მონატრებას და გადაღლილობას მიაწერა მამაკაცმა.
ერთხელ კიდევ ჩაიხუტა მეუღლე, ამჯერად ხალხს აღარ მორიდებია, ცრემლებით სავსე თვალები დაუკოცნა და წინ წასულ მამაკაცებს გაჰყვა. მთავრობის სახლს გასცდნენ, მათი ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგომმა 15-16 წლის ბავშვებმა მიიპყრეს. ახალგაზრდებს შორის ყველაზე მოზრდილსა და ზორბას ხელში საქართველოს, ბორდოსფერი დროშა ეჭირა და ენერგიულად აფრიალებდა.
- ლაშა! - მიუხედავად იმისა, რომ ზურგით იდგა მედროშე ვაჟში ტყუპის ცალის ამოცნობა არ გასჭირვებიათ.
იქვე იდგნენ დანარჩენებიც, არც ბავშვებს გამორჩენიათ მთავრობის სახლის წინ მდგომი მშობლები. მუჯლუგინი გაჰკრეს ლაშას, ვაჟმა მყისვე დაუშვა დაბლა დროშა, ის-ის იყო ბრბოში უნდა შერეულიყვნენ, რომ ვიღაც მკლავში სწვდა ნინოს.
- აქ რას აკეთებთ, - მამაკაცების ნაცვლად დედა წამოსდგომოდა თავზე - არაფერს მეტყვით, - მათთან მისულ მამაკაცებსაც აღარ მორიდებია, ცახცახებდა ქალი - აქ რას აკეთებთ?!
- საკმარისია, დედა!... - მოხერხებულად გაინთავისუფლა ხელი გოგონამ.
- ახლავე გაარიდეთ, ახლავე წაიყვანეთ! - მუდარით უმზერდა ქალი მეუღლეს.
- წავიყვანთ ნატო, აბა რას ვიზამთ! - თბილად, ისე ლაპარაკობდა ირაკლი, თითქოს წინ სამი წლის ბავშვები ედგნენ და საწუწნი კამფეტით მოთაფლავდა.
- არ გამოგივა, მამა! - ღიმილი სახეზე შეაშრა კაცს დათუნას მკაცრ ტონზე.
- აქ თქვენი ადგილი არაა. სახიფათოა! - ლამის მუდარაზე გადავიდა ქალი.
- მაშინ აქ არც თქვენი ადგილი ყოფილა! - პოზიციას არ თმობდნენ ბავშვები.
- მე ექიმი ვარ. ვინმეს რომ დავჭირდე! - თავს იმართლებდა ნატო.
- არ, გინდათ. გთხოვთ! თქვენც ხომ იცით, რომ სახლში ვერ გამოგვკეტავთ. გუშინ, გუშინწინ იქნებ ჩვენც წავსულიყავით, მაგრამ ახლა აქ უნდა ვიყოთ! - ახლადშეძენილ, 51-ე სკოლელ, მეგობრებს სიამაყით მოავლო თვალი ნინომ.
უჩვეულოდ გაზრდილნი მოეჩვენენ ერთ დღეში შვილიც და მისი მეგობრებიც.
- ხომ არ გაგიჟდით? სახიფათოა! - სულ ცოტაც და მორიგი პანიკის შეტევა დაეწყებოდა ნატოს.
- აზრი არ აქვს. - ხელი ჩაიქნია ირაკლიმ.
- სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცი სად ხართ! - ტყუპებს შუაში ჩაუდგა მამა და ლაშას ქვემოთ დაშვებული დროშა ამაყად აღმართა.
- ჩვენთან რჩები? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ტატოს.
- გგონიათ მხოლოდ თქვენ გიყვართ ჩვენი ქვეყანა? - მხიარულად გაუცინა მამამ და იქვე მდგომ მეგობრებს თვალი ჩაუკრა.
- იქნებ უკეთესიც იყოს, მთელი ოჯახი ერთად მაინც ვიქნებით! - გვერდითვე დაუდგა ზურაც.
- ჯიგრები ხართ! - სიხარული ვეღარ დამალა დათუნამ, როცა ირაკლიც ამაყად გაიჯგიმა შვილის გვერდით.
- კი, მაგრამ... - ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა მეუღლეს ნატო.
თითქოს ისევ მისგან ელოდა ხსნას. დამნაშავე ბავშვივით აარიდა თვალები ზურამ.
- ვერ გაბედავენ, თუ ყველა ერთად დავდგებით, დარბევას ვერ გაბედავენ! ერთმანეთს მხარი უნდა გავუმაგროთ! - ერთ-ერთი ლიდერის სიტყვებს ანთებული თვალებით უმეორებდა ნინო.
- ნატო ექიმო, აქ ხართ, - მოულოდნელად თავზე წამოადგათ ერთ-ერთი ლიდერი - ხომ გითხრეს, მოშიმშილეებს არ მოსცილდეთო?! პირველ კარავთან გიხმობდნენ!...
- რაც არ უნდა მოხდეს, გესმის რაც არ უნდა მოხდეს! მშობლებს გვერდიდან არ მოშორდეთ! - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო.
- ქალბატონო, ნატო!... - აჩქარებდა მამაკაცი.
ნერვებისგან ყბა აუცახცახდა ზურას. ზიზღით ახედა ამპარტავან სახეზე ტელევიზიასთან ნანახ წვეროსანს.
- უხეშად მომივიდა, უნდა მაპატიოთ. ოჯახი ყველას გვყავს. ჩვენც ვღელავთ, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. - თითქოს ინანა მამაკაცმა.
- ეგ არაფერი, მე ხომ ექიმი ვარ?! - ამ ბოლო დროს რატომღაც სულ თავს იმმართლებდა ნატო. ბავშვებს ერთი კი გადახედა. - რაც არ უნდა მოხდეს, ყველაზე მეტად მიყვარხარ! - შვილი ძლიერად ჩაიკრა გულში და მითითებული კარვისკენ გაქანდა.
- ჩვენზე არ იფიქრო! - მისთვის ჩვეული, ცალყბა ღიმილით ჩაუკრა თვალი ზურამ.
გული არ მიუწევდა ნატოს. ხალხის ბრბოში ლიდერთან ერთად მიიკვლევდა გზას, თუმცა ფეხები უკან, საკუთარ ოჯახთან რჩებოდა.
- თავისუფალ საქართველოს გა-უ-მარ-ჯოს! - არ მიუხედავს, მაგრამ შვილის ხმა მაინც იცნო.
- გა-უ-მარ-ჯოს! - ბარიტონი ერთხმად აჰყვა გოგონას.
უზომოდ ეტკინა შვილის მიერ წარმოთქმული საქართველო, ხელები უცახცახებდა, თუმცა ცდილობდა არ შემჩნეოდა.
მთავრობის სახლის კიბეებთან მდგომი შორიდანვე ხედავდა მომიტინგეთა შორის მდგომ ქმარ-შვილს, მათთან მისვლას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, ბოლოსდაბოლოს, ხედავდა მაინც.

9 აპრილი თენდებოდა თბილისში.
რუსთაველის მოედანი მომიტინგეებს ვეღარ იტევდა. ჭორი იმის შესახებ, რომ ხალხის დასარბევად საბჭოთა ხელისუფლება ძალის გამოყენებას გეგმავდა უკვე ხალხშიც გავრცელებულიყო, თუმცა დაშლაზე არავის უფიქრია.
მიტინგი ორ ადგილას მიმდინარეობდა, რუსთაველსა და ტელევიზიასთან. უცნაური მუხტი ტრიალებდა. იმდენად დიდი იყო ადრენალინი, რატომღაც სჯეროდათ, რომ შიშველი ხელებითაც კი შეძლებდნენ მოძალადეების შეჩერებას. იმ ღამით არავის უფიქრია შინ დაბრუნება. თავისუფლების იდეით შეპყრობილთ აღარ აღელვებდათ საკუთარი ოჯახისწევრები და მათი მღელვარება. 51- ე სკოლელ ბავშვებთან ერთად წინა ხაზზე მდგომნი მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდნენ, მაინც გვერდით ედგნენ უსინათლო მომღერალს და ბოლო ხმაზე ჰყვებოდნენ ფანდურის ჰანგებს.
არ ვამბობ, რომ იქ მდგომ ადამიანთაგან ყველას საქართველოს სიყვარულით უძგერდა გული. ვიღაც ალბათ გასართობადაც მიდიოდა, ვიღაცას ნამდვილად სჯეროდა თავისუფლების იდეის, ვიღაცას საშუალება ეძლეოდა ქუჩაში ტრაფარეტული სიტყვების ძახილით ლექციები გაეცდინა, ვიღაცას უბრალოდ აქცია არ ჰქონდა ნანახი და ინტერესის გამო გამოსულიყო ქუჩაში, ვიღაც სეირს უყურებდა, ვიღაც პატრიოტის სახელით შენიღბული საკუთარ ამბიციებსაც იკმაყოფილებდა, ვიღაც მიტინგზე მდგომს უკანასკნელ კაპიკებს აცლიდა ჯიბიდან, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა რუსთაველსა და საბურთალოზე მომიტინგეების ტალღა არ კლებულობდა. ათასობით ადამიანი ერთხმად სკანდირებდა და საქართველოს თავისუფლებას ითხოვდა.
პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. რუსული მაქინა მომართული მოიწევდა მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად.
9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე, თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველომ მიიღო ბრძანება, მიუხედავად არასამუშაო საათებისა, სადგურ «სპორტის სასახლესთან» მიეყვანა რამდენიმე სამხედრო შემადგენლობა.
სპორტის სასახლიდან მდუმარედ, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულნი გამოვიდნენ «ძერჟინსკის სახელობის დივიზიის» ქვედანაყოფები. შეწყობილი სამხედრო ნაბიჯით ჩავიდნენ მეტროში, რომლის მეშვეობითაც აღმოჩნდნენ თავისუფლების, მაშინდელ ლენინის მოედანზე.
იმავდროულად, ერთ-ერთი რაზმი დაეშვა ტელევიზიის შენობისკენ, სადაც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ აქცია მიმდინარეობდა და ბრძანების მოლოდინში იქ დაბანაკდნენ. არ ვიცი, იცოდნენ თუ არა რუსმა ჯარისკაცებმა როგორი სასტიკი დავალების შესრულება მოუწევდათ. იქნებ იცოდნენ, იქნებ - არც, თუმცა ფაქტი იყო, რომ შეწინააღმდეგების სურვილი არავის გასჩენია. უშვილძირო, ყველასგან მიტოვებული, ბავშვთა სახლებში აღზრდილი, საკუთარი კომლექსებით დაბრმავებული სპეცრაზმელებისთვის აშკარად უცხო იყო, სინანულისა და სიბრალულის განცდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იმპერიის წარმომადგენლები არწმუნებდნენ დარბევა მშვიდობიანი გზით მოხდებაო, საქართველოს მთავრობის მეთაური, ჯუმბერ პატიაშვილი მაინც ღელავდა. ნერვიულად ბორგავდა საკუთარ კაბინეტში ტყვედ ქცეული მეთაური. ვისთან წასულიყო, ვისთვის მიემართა, ვინ მოუსმენდა საკუთარ სამშობლოში საბჭოთა რეჟიმის მომხრედ შერაცხულს?!
ალბათ, ილუზია იქნებოდა იმაზე ფიქრიც კი, რომ პატიაშვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან გასულიყო. ამაზე არც ფიქრობდა და არც თავმოყვარეობა აძლევდა იმის საშუალებას, რომ გუშინდელ დისიდენტებსა და პოლიტ პატიმრებისთვის თავი მოეხარა, თუმცა არსებობდა ერთი გამოსავალი. ერთად-ერთი ადამიანი ვისაც ერიც მოუსმენდა და ბერიც. მისი სათნო, სიკეთით გასხივოსნებული სახე გონებაში ამოუტივტივდა პატიაშვილს.
დიდხანს არ უფიქრია, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 3 საათზე კომუნისტური მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ეახლა და სთხოვა მოეწოდებინა ხალხისათვის, დაშლილიყვნენ.
- რომ ვერ დავარწმუნო? - კარგად ხვდებოდა ილია რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოს მეთაური. თითქოს უკვე ხედავდა რუსის შემართულ ნიჩაბს. მთელი სხეული ტკიოდა პატრიარქს - რატომ გაგზავნე მოსკოვში პანიკური ტელეგრამა?
- სხვა გზა არ მქონდა, მაიძულეს.
- გაიძულეს, ძმათა კვლა გაიძულეს?! – ცახცახებდა კათალიკოსი.
- მაიძულეს! - უსუსურად იმეორებდა მეთაური.
- ხომ იცოდი, ტელეგრამას რაც მოჰყვებოდა? გაიძულეს, თუ შენი ხელების გასვრას რუსის გასვრა ამჯობინე? - პატრიარქის კეთილ გულში უსაზღვრო იმედგაცრუებამ დაისადგურა.
სად გადიოდა ზღვარი სიმხდალესა და ბოროტებას შორის, სად გადიოდა ზღვარი კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლობას შორის, პატრიოტიზმსა და უგუნერებას შორის? თუმცა პასუხი არ ჩანდა, მხოლოდ კითხვები, მხოლოდ შფოთი. უჩვეულოდ პატარა მოეჩვენა მაშინ წინ მდგომი ჩინოსანი. ყველაზე საშიში მხდალი და მშიშარა ადამიანები არიან. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა. მაშინ როდესაც წესრიგის დასამყარებლად 20-25 ათასი, თუნდაც უიარაღო ქართველი მილიციელის გაყვანა შეეძლოთ, მომიტინგეებს რუსის კბილებამდე შეიარაღებული სადისტები უტევდნენ.
სად იყო ამ დროს საქართველოს მილიცია? საქართველოს მთავრობა ხმამაღლა ვერ ამბობდა, რომ ქართველი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც გულშემატკივრობდნენ მომიტინგეებს. იქნებ არც იზიარებდნენ მათ მოთხოვნებს, მაგრამ ფაქტია რომ ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა-ყველას იცნობდა, სადაც ყველა ნათესავი თუ არა, მეგობარი მაინც იყო, ქართველი ქართველზე ხელს არ აწევდა.
მილიციის დარბევაში არ ჩარევას, მაშინ პატიაშვილმა ასეთი გამართლება მოუძებნა: „ჩვენი ძალები მთლიანად აფხაზეთში გადავისროლეთო“.

საქართველოს მთავრობის მეთაურის წასვლისთანავე პატრიარქი რამდენიმე დაცვის თანამშრომლის თანხლებით მომიტინგეებთან შესახვედრად წავიდა. დაახლოებით 4 საათისთვის ილია მეორე მომიტინგეებთან მივიდა. რუსის ჯარის შემოსვლის შესახებ უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ. თუმცა მიუხედავად ამისა ხალხის მზერაში შიშს ვერ ხედავდა. პატრიარქს წინ ედგა იმედიანი თვალებით მომზირალი, თეთრი ხალათით შემოსული მთავარი ექიმი. თვალი გაუსწორა ქალს. მისი მზერა იმაზე მეტყველი გამოდგა ვიდრე წარმოედგინა.
იდეალისტი არ იყო ნატო, იმასაც იაზრებდა რას უქადდათ რუსთაველზე რუსის ჯარის მისვლა. მის თვალებში კითხულობდა ქართველთა მოძღვარი თითოელი მომიტინგის გადაწყვეტილებას. იმ წუთებში ზუსტად მიხვდა ილია, რომ ხალხი არ გაჰყვებოდა. ჰქონდა კი აზრი თხოვნას?!
ვიღაც ისევ გაჰყვიროდა: - რომ საქართველოს თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვდა! ბედისწერას აყოლილი ბრბო ისევ საქართველოს დამოუკიდებლობას სკანდირებდა.
ხელები უცახცახებდა პატრიარქს, საოცრად გაუჭირდა დუმილის დარღვევა, თუმცა მაინც თქვა:
- ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ მოსალოდნელია საშიშროება. ამ საშიშროებამდე დარჩა რამოდენიმე წუთი. რათა ავიცილო საშიშროება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვილოცოთ ქაშუეთის ეკლესიაში!
მაინც ვერ მოახერხა ხმამაღლა თქმა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა ენამ არ მისცა საშუალება სიტყვა „სიკვდილი“ ეხსენებინა და საშიშროების სახელით შენიღბა. იქნებ, სჯობდა უფრო მკაცრი ყოფილიყო პატრიარქი?! იქნებ, სჯობდა თხოვნის ნაცვლად ებრძანებინა? იქნებ, უარი ვერ შეებედათ?! მაგრამ, არა. ეკლესიის წინამძღოლმა ხალხს არჩევანის საშუალება მისცა. სულ რამდენიმე წამით თითქოს ჰაერმაც კი შეწყვიტა მოძრაობა, სულ რამდენიმე წამით დადუმდა ხალხი. ილია იმედით უმზერდა მეამბოხეებს. თუმცა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, მილიციის კორდონის თანხლებით მთავრობის შენობისკენ მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა ილია და მიჰყვებოდა უკანასკნელი იმედიც.
პატრიარქის გასვლა და კარვებთან დაცვის თანამშრომლების გამოჩენა ერთი იყო. ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერები მომიტინგეებს ტოვებდნენ. დაზაფრული, იმედგაცრუებული შესცქეროდა ქურდული ნაბიჯებით მიმავალ ერის წინამძღოლთ ექიმი.
- ქალბატონო ნატო! თქვენ არ მიბრძანდებით? - გვერდით მდგომი, წვეროსანი, ოცდახუთიოდე წლის ლიდერი თვალებში გამომცდელად უმზერდა ქალს.
უარის თქმაც ვერ მოახერხა, უარყოფის ნიშნად უბრალოდ თავი გააქნია.
- მათ შეიძლება ექიმი დასჭირდეთ! - ირონია გარეოდა ხმაში მამაკაცს.
- დარწმუნებული ვარ, ბევრი დამხმარე გამოუჩნდებათ! - ზიზღი ვეღარ დამალა მთავარმა ექიმმა.
ასე უსუსურად თავი არასოდეს უგრძვნია. უკვე ესმოდა რუსთაველის გამზირთან მომდგარი ბეტეერების ხმა.
- თქვენები მგონი ქაშვეთთან ვნახე, თუ ნებას მომცემთ! - მომიტინგეებისკენ შემობრუნებულ მამაკაცს, სიტყვა პირზე შეაშრა ზამბარასავით შემართული ხალხის დანახვაზე.
მომიტინგეთა შორის სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა პანიკა, შემდეგ უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა. თითქოს მოსალოდნელი საფრთხე გაიაზრეს, შეეგუენ. ხალხის ნაწილი ცაში იყურებოდა, შემდეგ ნელ-ნელა ზვარაკად შეწირული მსხვერპლის მსგავსად მუხლებზე დადგა, ერთმანეთს ტალღისებურად გადააწოდეს ანთებული სანთლები. ლოცვის უცოდინრები, ათეიზმით შეპყრობილნი, ადამიანებისგან განწირულნი სიკვდილის წინ ხსნას ღმერთს ევედრებოდნენ. ცხარე ცრემლებით ლოცულობდა ნატოც. მათ, ვინც ლოცვა არ იცოდა, „მამაო ჩვენო“-ს კითხულობდა. საგალობლებს მღეროდა მრევლი. ისევ ჯიუტად მღეროდა უსინათლო მომღერალი ალბათ უადგილოდ, ალბათ უჩვეულოს, მაგრამ მაინც მისეულ, „სალაღობოს“.
- ჩემო კარგო ქვეყანავ,
მაშ რად მოგიწყენია?...- გულს მალამოდ ედებოდა დათუნას და ტყუპების ბანი.
ტანში ჟრუანტელმა დაუარა მათი ხმის გაგონებაზე. ერთი კი გადახედა ზურამ ტაძრის ეზოსთან მდგომ მლოცველთა შორის ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდგომ ბავშვებს და მთავრობის სასახლის კიბეებზე მდგომი მეუღლისკენ გაქანდა. ის-ის იყო მომიტინგეებს მოშორდა, რომ ფეხქვეშ უცნაური, უჩვეულო რყევაც იგრძნო. მიუხედავად სიბნელისა მაინც დაინახა რუსთაველისკენ დაძრული, ბეტეერებზე შემომჯდარი ნიღბებიანი სამხედროები.
- ეს რა ჯანდაბაა, რა პრიალებს?! - მთელ სხეულში დაუარა ზურას.
- ნიჩბები! - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ირაკლიმ.
რუსულ ჯარში ნამყოფს ნამდვილად არ გასჭირვებია მათი აღჭურვილობის ცნობა.
- ოხ, მე ამათი, დედა მო... - ქართულად, უწმაწურად იგინებოდნენ მილიციის ფორმიანი თანამშრომლები.
- ვაიმე, შვილებო! - სკაფანდრებითა და რკინის ნიჩბებით შეიარაღებული სამხედროების დანახვაზე, ინსტინტურად წინ მდგომ ახალგაზრდებს გადაეფარნენ იქვე მდგომი ქალები.
- ნატო! - მთავრობის სახლის კიბეებიდან დაძრული ხალხის ტალღის გარღვევას უშედეგოდ ცდილობდა ზურა.
- უკან დაბრუნება არც კი იფიქროთ. მომიტინგეებთან არ შეგიშვებენ! - წინ გადაუდგა მილიციის კორდონი.
- იქ ჩემი ცოლია! - სასოწარკვეთილი ღრიალებდა ზურა.
თუმცა მისი ხმა რკინის ჟღრიალმა გადაფარა, რუსი სამხედროები მომიტინგეებს წრეს არტყამდნენ.
- როგორმე აქედან უნდა დავეხმაროთ! - ბრძანებასავით ჟღერდა ერთ-ერთი მილიციის კაპიტნის სიტყვები - მთავრობის სახლისკენ წავიდეთ. იქნებ კარები გავახსნევინოთ და ხალხის ნაწილი შევაფაროთ!
- კარებს არ გახსნიან.
- მაშინ შევამტვრიოთ! - რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით უკვე მთავრობის სახლისკენ გარბოდა კაპიტანი, უკანვე მიჰყვებოდა ზურაც.
- ჩვენ?! - ამჯერად წინ მდგომ ათმეთაურს ჩაეკითხა მილიციელი.
- სწრაფად ეკლესიისკენ. მამაოები ქადაგებდნენ, მომიტინგეებს ეკლესიაში შესვლას თხოვდნენ. ხალხს დაეხმარეთ, კოლიდორი გავაკეთოთ, იქნებ როგორმე ტაძარში შევიყვანოთ.
რუსთაველზე რუსულმა ბეტეერებმა მომიტინგეებს გზა ჩაუკეტეს. ხალხი მთავრობის სასახლის კიბეებს მიაწყდა. ხედავდა როგორ მორბოდა ზურა, მაგრამ მისკენ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა ნატომ. დაძრული ბრბო მთავრობის სასახლის კარებს აწვებოდა.
- ზურა! - შორიდან ეძახდა ქალი.
მისი თეთრი ხალათი თვალში იოლად ხვდებოდა დასახმარებლად წამოსულ მამაკაცს, არაფერს ერიდებოდა, არავის ინდობდა. ქუჩურად, მუშტით იბრძოდა, მაგრამ სამხედრო ფორმიანები აშკარად ბევრნი იყვნენ. კალიებივით შესეოდნენ ალყაში მყოფ მომიტინგეებს.
- სინდისი არ გაქვთ?! დედა არ გყავთ?! - ასაკიანი ქალი წინ გადასდგომოდა მცირეწლოვან გოგონას.
- Пашла ты... - რუსის მოქნეულ ნიჩაბს პირი წითლად შეეღება.
- ოხ, მე შენი! - მძვინვარე ლომივით ერთი ნახტომით ზემოდან მოექცა სამხედროს ფორმიანს მილიციის ქართველი კაპიტანი. მასვე დაეხმარა იქვე მყოფი ზურაც. ჯარისკაცს ნიჩაბი მთელი ძალით შემოარტყა სახეში. ფეხებთან დაეცა გათიშული 17-18 წლის ფორმიანი.
ვიღაცამ უხეშად მოქაჩა უკნიდან, ის-ის იყო მისთვისაც ნიჩაბი უნდა მოექნია, რომ ტელევიზიასთან ნანახი ლიდერი იცნო.
- ჩემი მეუღლე?...
- იქ იდგა!
მომენტით ისარგებლა, სანახევროდ მოწყობილ კოლიდორში გასხლტა და გეზი წუთის წინ დანახული მეუღლისკენ აიღო. თუმცა ქალი იქ აღარ იყო.
- ნატო! ნატო! - გამწარებული, სასოწარკვეთილი უშედეგოდ ეძებდა, ხალხის ბრბოში დაიკარგა ექიმი.
ბეტეერებიდან ჩამოსული ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებული ჯარისკაცები კი ახალ ბრძანებას ასრულებდნენ:
„დაშლილი მომიტინგეები რუსთაველის მოედნიდან არ უნდა გასულიყვნენ!“
- მამა! - სადღაც შორიდან ჩაესმა ნინოს შეკივლება.
ქაშვეთისკენ შებრუნდა, მაგრამ შვილისკენ წასვლა მაინც ვერ გაბედა, მისი სული და გული ისევ მთავრობის სასახლის კიბეებზე ეგულებოდა.
- კიდევ აქ ხარ? - აშკარად იცნო კაპიტანმა.
- მე იქ ვარ, სადაც ჩემი ოჯახია! - მომიტინგეებს შორის, როგორც იქნა დაინახა მილიციის მიერ გაკეთებულ კოლიდორში ტაძრისკენ მიმავალი 51-ე სკოლელი გოგონები და მათთან მდგომი ნინო. ოდნავ დამშვიდდა ზურა, ერთმანეთში კოლიდორად ჩაბმულ მილიციელებს გაბმული ჯაჭვი ჩაახსნევინა და თავადაც მათთან დადგა.
- ბავშვები უსაფრთხოდ არიან! - გვერდით დაუდგნენ დანარჩენი მშობლებიც.
- დარწმუნებული ხართ? - ყოყმანით გამოხედა ათმეთაურმა.
- რა თქმა უნდა!


- ჩვენც აქ ვართ! - ტყუპები და დათუნა მოზრდილი კაცებივით მოიკვლევდნენ გზას კოლიდორში ჩასადგომად.
- იქნებ ნინოსთან წასულიყავით. ცოდოა მარტო! - ფრთხილად შეაპარა ზურამ.
- ჩვენი ადგილი აქაა.- შვილების მოქმედებით აშკარად ამაყმა მამებმა, ბავშვებიც კოლიდორში ჩაიყენეს და ჯაჭვივით ჩაებნენ ერთმანეთს.
ასე გვერდი-გვერდ იდგნენ საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები, ასე ჯაჭვად გაბმულნი ცდილობდნენ რუსული ნიჩბისგან თავის გადასარჩენად დაძრული ხალხისთვის გასასვლელი კოლიდორის მოწყობას.
რუსი სამხედროების ალყაში მოქცეულ მომიტინგეების ნაწილს აშკარად არ გაუმართლათ. უშედეგოდ ცდილობდნენ მთავრობის სასახლეში შესვლას. ხალხი უკან დახევას ცდილობდა, თუმცა წასასვლელი არსად ჰქონდათ. მილიციის ათეული ისევ ჩაკეტილ ალაყაფის კარებს ეჯაჯგრებოდა, თუმცა აზრი არ ქონდა არც ხვეწნას, არც მუქარას. შენობაში მდგომმა დაცვამ მომიტინგეებსა და მილიციას მთავრობის სასახლეში შესვლის საშუალება არ მისცა.
ლამის მთავრობის სახლის ალაყაფზე მისრესილმა ქალმა ოდნავ თავისუფლება იგრძნო თუ არა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მოულოდნელად თვალების წვა და ყელში სპაზმი იგრძნო ნატომ.
- გაზით გვწამლავენ! სახეზე აიფარეთ, ჰაერი არ ისუნთქოთ! - ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ექიმი.
- ღმერთო, შენ გვიშველე! - უჰაერობისგან ეპილეფსიური შეტევით დაკრუნჩხულ ვაჟს ისტერიკაში მყოფი ექიმი უშედეგოდ უკეთებდა ხელოვნურ სუნთქვას.
- ნატო! - როგორც იქნა შენიშნა მეუღლე ზურამ, კოლიდორიდან მყისვე გამოეყო, შოკში მყოფი ქალი ხელში აიტაცა და ტაძრისკენ შემობრუნდა.
- Ах, ты бляд! - ის-ის იყო აპრიალებული ნიჩაბი უნდა მოჰხვედროდა, რომ სამხედროს წინ მილიციის კაპიტანი გადაუდგა. ზურასთვის მოქნეული ნიჩაბი კაპიტნის სისხლით იღებებოდა.
რუსული ჩექმა თელავდა სისხლით მორწყულ რუსთაველს.
გგონიათ დიდხანს გაგრძელდა? როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნებიან, დარბევა სულ 15-20 წუთს მიმდინარეობდა. ნაცემი, ნაგვემი, შეურაცხყოფილი ადამიანები ფილარმონიისა და უნივერსიტეტისაკენ გაიქცნენ. ორიოდე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. როდესაც შოთა გორგოძემ ეს ამბავი იგორ როდიონოვს ამცნო, ამ უკანასკნელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წელსქვემოთ წიხლი ჩააზილა, შენი ბრალია ყველაფერიო.
არადა გორგოძის «ბრალი» ნამდვილად არ იყო. 9 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ვრცელდებოდა ხმები მომხდარის შესახებ, თუმცა, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი არ დარღვეულა. «ძერჟინსკის დივიზია» და სადესანტო ნაწილები იმ დროს რუსთაველზე იყვნენ განლაგებული. მხოლოდ საღამოსათვის გამოჩნდნენ ტანკები ქალაქის სხვა რაიონებში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ. ტელევიზიით გამოდიოდნენ იმავე «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები, რომელთაც არაფერი გააკეთეს (არც კი სცადეს!) ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად და მენტორული ტონით «მოძღვრავდნენ ერს».
დაახლოებით 11 საათზე, ტელევიზიით გამოვიდა იგორ როდიონოვი:
- Я, генерал-полковник игорь родионов назначен комендантом города Тбилиси….
აღსანიშნავია, რომ როდიონოვმა ტრაგედიის მიზეზად ქართველთა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა დაასახელა.
მან უბრძანა მოქალაქეებს, მეორე დღეს უკლებლივ გამოცხადებულიყვნენ სამსახურში, არ მიეყენებინათ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის და აკრძალა მიტინგები.
კომენდანტის საათი უმალვე შევიდა ძალაში. ბევრმა ამის შესახებ ვერც კი გაიგო. კაპიტანმა ლოხინმა ერთი საათის შემდეგ მოკლა თბილისელი გია ქარსელაძე, რომელიც მანქანით ქალაქში ბრუნდებოდა.
თორმეტი საათისათვის ქუჩებში ტანკები აგრუხუნდნენ. თბილისს დაძაბული, შიშითა და უმწეობით მონუსხული სიჩუმის თალხი დააწვა.
სულ რაღაც 15-20 წუთი, ვიღაცისთვის არაფერი, ვიღაცისთვის კი - ყველაფერი. 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა ათასობით ადამიანის გასანადგურებლად. როგორც წყაროები გვეუბნებოდნენ, 9 აპრილს გამთენიისას მომხდარი ტრაგედიის დროს, სულ რაღაც 16 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა იყო კი ეს რეალური ციფრი? არავის დაუთვლია უგზოუკვლოდ დაკარგულ ხალხთა რაოდენობა, არავის უკითხავს რა ბედი ეწიათ მოწამლულებსა და იმ ღამით დაინვალიდებულებს. ეგ კი არადა, გავიდა დრო და «ეროვნული მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში უტიფრად ამტკიცებდა:
- 9 აპრილს ხალხთან თვით პატრიარქი მივიდა, მაგრამ ბრბო იმდენად იყო აღგზნებული, მასაც კი არ დაუჯერაო.
თითქოს თავად არ იყო იმ მოძრაობს ლიდერი, საკუთარი ხალხი რუს ჯალათებს საჯიჯგნად რომ დაუტოვა.



№1  offline წევრი crete20

ცრემლები ვერ შევიკავე.......
საწყენია რიმ ამ ამბავზე ფილმს არ იღებენ.
უფრო ისაა საწყენი რომ ვინც ეს დრო გამოიარა ან თინეიჯერი იყო მაგ დროს ისევ ღრუსეთს მისტირის....

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

crete20
ცრემლები ვერ შევიკავე.......
საწყენია რიმ ამ ამბავზე ფილმს არ იღებენ.
უფრო ისაა საწყენი რომ ვინც ეს დრო გამოიარა ან თინეიჯერი იყო მაგ დროს ისევ ღრუსეთს მისტირის....

მეგონა კარგად მახსოვდა 9 აპრილის მოვლემები, არადა თურმე მეც დამვიწყნია. ძალიან ბევრი ფაქტის აღდგენაში ინტერნეტი დამეხმარა. დრო გადის და ემოციებიც ნელდება. ისე მძაფრად თითქოს არც განვიცდით. უკვე ახალი თაობებიც წამოვიდა, რომელთაც არც ახსოვთ და სამწუხაროდ არც იციან მაშინდელი მოვლენების შესახებ. ვიღაც იდეებსაც აფრქვევს და პოლიტიკოსებს აკრიტიკებს. ის კი ავიწდებათ, რომ იმ მოვლენების დროს ჩვეულებრივი, ჩვენისთანა რიგითი მოქალაქეები დაიღუპნენ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ar vici ra gitxra. Es is ambavia romelsac ar movswrebivar magram mtkiva yoveltvis da yoveltvis maxsovs. Dzalian mdzime iyo amis wakitxva vitire .... Sauketeso xar!!!

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ასე ცხადად პირველად შევიგრძენი 9 აპრილი.მას შემდეგ წლებია გასული და ყოველ წელს ამ ტრაგედიას ვიხსენებთ მაგარმ მე მაშინ პატარა ვიყავი და არ განმიცდია ეს ყველაფერი .დღეს კი შენ მე ზუსტად იქ მამყოფე ის ტკივილი, შიში და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი გული მაგრძნობინე. მადლობა ამისათვის????

 


№5  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

საოცარი აღწერა იყო იმ დღის... ბრავო!

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ბოდიᲨის მოხდიᲗ მაგრამ 9აპრილს რუსᲗველზე ქარᲗველი ერი და საქარᲗველოᲨი მცხოვრები სხვა ერის,Შვილები იდგნენ, Ღირსეულები ერᲗმანეᲗზე მზრუნველები და მოსიყვარულეები და არა ბრბო, როგორც ავტორი უწოდებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent