შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაზმე


21-11-2017, 23:19
ნანახია 1 517

რაზმე


2007-2010 წწ.
მე მქონია ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, ხან მე აღვზევდებოდი ხან რაზმე; დროდადრო, თუმცა ძალიან იშვიათად, მე და ის ერთმანეთს ვუზავდებოდით და შეხმატკბილებით ვცხოვრობდით. მე არამც და არამც არ მომეკარებოდა თვალზე რული, როცა ის ფხიზლობდა; ჩვენ ძალას ვაორკეცებდით და ვავსებდით ერთმანეთს, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ცხოვრებაში.
აქ კიდევ ერთი უნდა ითქვას: ჩემისთანა ადამიანი ამქვეყნად რამდენიც გინდა იმდენია; თუნდაც ისინი ავიღოთ ხელოვნების სამსახური რომ გაუხდიათ ცხოვრების მიზნად. ამ ადამინებში ორი არსება შეუდუღაბებია არსთაგანმრიგეს. ბედნიერებისა და ტანჯვის განცდის უნარი მათში ისე მტრულად, ისე ქაოტურად შერწყმულა, როგორც ჩემს არსებაში მე და რაზმე. ასეთი მშფოთვარე ცხოვრების მქონე ადამიანებს თავიანთი იშვიათი ბედნიერების წუთებში მშვენიერების განცდის ისეთი ძალა და უნარი ეუფლებათ, ამ წუთიერი ბედნიერების ქაფი ტანჯვის ზღვას დროდადრო ისეთი დამაბრმავებელი ბრჭყვიალებით მოექცევა ხოლმე თავზე, რომ ამ ხანმოკლე მაგრამ თვალისმომჭრელი ბედნიერების სხივები სხვებსაც ეფრქვევა და აჯადოებს. ამ ტანჯვის ზღვაზე ელვარე ქაფივით ჩნდება ხოლმე ხელოვნების ქმნილებები, სადაც მარტოსული, ტანჯული კაცი მცირე ხნით ისე ამაღლდება საკუთარ ბედისწერაზე, რომ მისი ბედნიერება ვარსკვლავივით კიაფობს, ყველა მის მხილველს იგი მარადიული ეჩვენება და საკუთარ ბედნიერებასთან აიგივებს.
კაცმა რომ თქვას, რაც უნდა დავარქვათ ამ ხალხის ნამოღვაწარს, მათ ცხოვრებას ცხოვრება არ ეთქმის, მათი ცხოვრება მარადიული შფოთი და ვნებათაღელვაა, აღსავსეა უბედურებით, წამებითა და შემაძრწუნებელი უაზრობით, თუკი მის აზრად იმ იშვიათ შემთხვევებს არ ჩავთვლით, რაც ასეთი ცხოვრების ორომტრიალიდან გამოიჭყიტება ხოლმე. სწორედ ამ ადამიანთა წრეში დაიბადება ხოლმე შემზარავი და სახიფათო აზრი. ვაი თუ, ადამიანის მთელი შეგნებული სიცოცხლე უბრალოდ ავბედითი შეცდომაა, დიდი დედამთავრის მუცელს მოწყვეტილი პირმშო, ბუნების უხეირო შეცდომა მცდელობა?! მაგრამ მათსავე წრეში წარმოიქმნება სხვა აზრიც, რომ შესაძლოა ადამიანი მხოლოდ გონიერი ცხოველი კი არა, არამედ ღმერთის პირმშო და უკვდავებისთვის გაჩენილი არისო.
ყველა ადამიანს აქვს თავისი მომაკვდინებელი ცოდვა, ყველა მისეული მადლითა და მანკიერებითაა გამორჩეული. მე რაზმეთი ვარ ის კი ჩემით.
-ოჰ, რაზმეს გაუღვიძია.
-არც მძინებია.
-შენ რა, გესმოდა ჩემი?
-კი, მესმოდა, მაგრამ არ გეთანხმები.
-რომ გეთქვა გეთანხმებიო, ის უფრო გამიკვირდებოდა. მაინც რაში არ მეთანხმები?
-ახლავე შევეცდები გავაბათილო შენი მონაჩმახი სიყალბე. „ახსნა-განმარტებას“ , ყოველგვარი ფსიქოლოგიისა და გაგების ცდას ხომ დამხმარე საშუალებები, თეორიები, მითოლოგიები და სიცრუე სჭირდება. შენ რომ კეთილსინდისიერი იყო, არც დააყოვნებდი და ფარდას ახდიდი ამ სიცრუეს.
- რა სიცრუეს?
-თუ მაცდი, გეტყვი. ერთი სიტყვით, შენი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიყოთ მე და შენ, ფიქციაა. ეს მხოლოდ შენს აზროვნებაშია, ასე მხოლოდ აბსტრაქციაშია.
მოკლედ, როცა შენ, შენს თავს რაზმედ შერაცხავ და გგონია, ორი მტრული ურთიერთსაპირისპირო არსების მომცველი ვარო, ეს მხოლოდ გამარტივებული მითოლოგიაა. შენ სრულიადაც არ ხარ რაზმე; დიახ, შენ ირწმუნე შენს მიერ შეთხზული და დაჯერებული სიცრუე, ცდილობდი თავი გაორებულ აზრებად შეგეცნო და თავზე, როგორც რაზმეზე ისე გემსჯელა. ახლა მე შევეცდები ვამხილო ეს ფიქცია.
შენ ერთმანეთს დაუპირისპირე ემზარი და რაზმე, ინსტინქტი და სული, რათა უფრო გასაგები გაგეხადა საკუთარი ბედ-იღბალი. ეს სინამდვილის უხეში გამარტივებაა, სინამდვილეზე ძალადობაა წინააღმდეგობათა უფრო უკეთ გაგების, მაგრამ არასწორად ახსნის მიზნით; ეს წინააღმდეგობებია შენ რომ შენს თავში აღმოაჩინე და შენი უსაშველო ტანჯვის მიზეზად გაიხადე. ემზარი თავის თავში „ადამიანის“, ე.ი. აზრებისა და გრძნობების, კულტურის სინატიფისა და თვინიერების სამკვიდროს ხედავს, ხოლო იქვე, გვერდით აღმოაჩენს რაზმესაც, ანუ დაუხვეწავი, ინსტიქტების სამყაროს. თუმცა ემზარი თავის თავში მკვეთრად მიჯნავდა ორ მტრულ საწყისს, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ დროის რომელიღაც მონაკვეთში, ემზარი და რაზმე ერთმანეთს მშვენივრად ეთვისებოდნენ.
შენ რომ იმის გარკვევა მოგეწადინებინა, შენი ცხოვრების ამა თუ იმ ხანაში, შენს ამა თუ იმ საქციელში რამდენი იყო ემზარისეული და რამდენი რაზმესეული, შენ მაშინვე ჩიხში მოემწყვდეოდი და მთელი ეს რაზმესეული თეორია ნაცარტუტად გექცეოდა, რადგან არ არსებობს ისეთი მარტივი ბუნების ადამიანი, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული იდიოტი, რომ შეიძლებოდეს მისი ბუნება ორი ან სამი ელემენტის ჯამამდე დავიყვანოთ. ხოლო შენისთანა მრავალსახოვანი ადამიანის გულუბრყვილოდ დანაწევრება ემზარით და რაზმედ ხომ სრულად უაზრო, ბავშვური ცდა იქნებოდა! შენი პიროვნება ორი კი არა, ასობით, ათასობით არსებას მოიცავს. შენი ცხოვრება მხოლოდ ორ ისეთ პოლუსს შორის როდია მოქცეული, როგორიცაა ინსტიქტი და სული, ანდა მრუში და წმინდანი; ეს ცხოვრება უთვალავ პოლარულ წინააღმდეგობას შორის ეძიებს თავის სამკვიდროს.
-რასაკვირველია.
-არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც შენისთანა საქმეში ჩახედული და გონიერი კაცი საკუთარ თავს რაზმედ ნათლავს და თავისი მდიდარი და რთული ცხოვრების კრიალოსანს ასე უბრალოდ და გულუბრყვილოდ მარცვლავს. ადამიანისათვის მიუწვდომელია აზროვნების მაღალი ზღუდეები და თვით სულიერად ყველაზე მდიდარი და განსწავლული კაციც კი, სამყაროსა და საკუთარ თავს დღენიადაგ უაღრესად მიამიტი, გამარტივებული და ყალბი ფორმულების სათვალით უმზრს. ასეთ მზერას კი იგი უმთავრესად თავის თავს მიაპყრობს ხოლმე!
-როგორც ჩანს, ადამიანის თანდაყოლილი და სრულიად ქვეშეუცნელი მოთხოვნილება ყოფილა, საკუთარი თავი მთლიანობაში აღიქვას.
-სწორედ რომ ეგრეა ემზარ, ჩემო. მერე რა ვუყოთ, თუ მას ეს რწმენა ხშირად უცუდდება! იგი კვლავ აღდგება, ხოლმე, მკვდრეთით და განაგრძობს ცხოვრებას. დროდადრო შენნაირ ადამიანებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე; გენიოსების მსგავსად, შენც გაარღვევ ხოლმე პიროვნებას მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდეს შეიგრძნობ, რამდენად დანაწევრებულია კაცის ბუნება და საკუთარ თავს მრავალი „მესგან“ აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენ. მაშინ, საკმარისია ამის თაობაზე ერთი სიტყვაც კი დაგცდეს, რომ უმრავლესობამ ოთხ კედელს შუა გამოგკეტოს, საშველად მოუხმოს მეცნიერებს, დაგიდგინონ შიზოფრენია და კაცობრიობას თავიდან ააცილონს ასეთი კაცის პირიდან ჭეშმარიტების მოსმენის საფრთხე.
ერთის სიტყვით, ვინც შეეცდება საკუთარი „მეს“ მოჩვენებითი მთლიანობა გაორებით დაგვანახოს, მას ლამის გენიოსად შერაცხავენ. სინამდვილეში, ნებისმიერი „მე“ თვით ყველაზე მიამიტიც კი, ერთი მთლიანობა კი არა,მრავალსახოვანი, რთული სამყაროა, პაწია ცის კაბადონია, მრავალსახოვანი რთული ქაოსია, ხოლო თუ ადამიანი ცდილობს ეს ქაოსი ერთ მთლიანობად აღიქვას და საკუთარ „მე“-ზე ისე ლაპარაკობს, როგორც მარტივ მოვლენაზე, ეს უკვე ჩვეულებრივ სიცრუეა, ყველა კაცს რომ მოსდგამს.
იმედია, აღარ გამოგეპარება შენს გულში რომ ორი და მეტი სული ცხოვრობს, რომ მრავალმხრივი და რთული არსება ხარ.
განა ნეტარება მხოლოდ ბავშვთა ხვედრია? შენ გინდა დაუბრუნდე პირველსაწყის უცოდველობას და გავიწყდება, რომ ბავშვები სრულადაც არ არიან უცოდველები, რომ მათაც აქვთ უსიამოვნება, უთანხმოება და ტანჯვის მოთმენაც ძალუძთ. საერთოდ არ არსებობს ბავშვობისაკენ უკან მიმავალი გზა; საგნების დასაბამს არც უცოდველობა შეადგენს და არც სიმარტივე. რაც კი ქვეყნად შექმნილია, რაგინდ მარტივი იყოს, თავის თავში უკვე მოიცავს დანაშაულს; იგი უკვე მრავალფეროვანია, ქმნადობის ჭუჭყიან ნაკადსაა გამოყოლილი და ვეღარასოდეს შეძლებს აღმა ცურვას. უცოდველობისაკენ, ღმერთისაკენ არაქმნილისაკენ მიმავალ გზას წინ მივყავართ და არა უკან; არა ბავშვისკენ, არამედ უფრო დიდი დანაშაულისკენ, განკაცების სიღრმეებისაკენ. იძულებული გახდები ეგ შენი გაორება კიდევ უფრო გაართულო და გააასკეცო, ნაცვლად იმისა, რომ დაივიწყო საკუთარი სამყარო. მაგ ტანჯვა-ვაება გამოვლილ სულში ჩაიტიო უნდა მთელი სამყარო, რათა, ოდესმე მაინც გეღირსოს გზის დასასრულს მიაღწიო და სიმშვიდე მოიპოვო.
-ესე იგი, რა გამოდის, მე შეშლილი ვყოფილვარ?
-სწორედაც რომ შეშლილი ხარ ემზარ ჩემო.
-აბა რა ვქნა, მეც ხომ ისე ვცხოვრობ, როგორც სხვები. უარი უნდა ვთქვა ჩვეულებრივ ყოფასა და აზროვნებაზე? ხელი ავიღო ყველაფერზე?
-სწორედ რომ შენ ეგრე იქცევი. დიდი ხანია რაც გაგიჟდი! სულის სიღრმეში მშვენივრად მესმის თუ რატომ ელტვი ასეთი გზნებით სიგიჟეს, თუ რატომ გსურს მოიშორო გონიერება, შებოჭილობა. ეს ბოლო წლებია გაკვირდები და ვხედავ თუ როგორ ძლიერ გიპყრობს სურვილი, შეიჭრე სულის წარმოსახვის მშფოთვარე სამყაროში, სადაც არ მოქმედებს არავითარი კანონი. ადამიანი ნორმალურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს, არ უნდა გადააბიჯოს შესაძლებლობათა მიჯნას, თუკი სურს, ცხოვრებას თავი და ბოლო გაუგოს.
-რაზმე! შემეშვი, გთხოვ! მარტო დამტოვე.
-მარტო ხარ, რა ხანია. წავედი...
გათენდება საცაა. სანამ სხვები გაიღვიძებენ, იქნებ დავწერო რამე ღირებული. ისე, მართლა დავეჭვდი, ალბათ, მართალი იყო რაზმე. რა მინდა მე თვითონაც არ ვიცი. იმედგაცრუების მორიგი შემთხვევა. დამღალა ასე ცხოვრებამ, ღვარძლივით ამაზრზენი გემო აქვს ამ ჰაერს, გულისამრევია ეს ყველაფერი. რამდენი ხანი უნდა მაპანღუროს და მაბურთავოს?
ეს ქალაქიც ჩაბნელდა, ჩაკვდა. ყოველი მხრიდან ნოტიო მიწის და სამარის სუნი მცემს. ეს ყვავები, იყრანტალეთ, იყრანტალეთ. ვერ ეღირსებით ჩემს საფლავთან დგომას, ვერ მოიფხანთ გულს გულისამაჩუყებელი, ცოდო-მადლის განმკითხავი ლაქლაქით! ოჰ, ეს სუნი... ჟანგიანი გისოსების სუნი, ნეტა,ვ თუ დამავიწყდება? საითაც არ უნდა გავიხედო, საითაც არ უნდა მივაპყრო ფიქრი, არსაიდან მელის სიმშვიდე. ყველაფერს დამპალი ჟამგადასულობის, ხრწნადი ნახევრის ნახევრული კმაყოფილების მყრალი სუნი ასდის, ირგვლივ ყველაფერს ყავლი გასვლია, ყოველივე მომჩვარულა, განაცრისფერებულა და მიხრწნილა. ღმერთო რა მინდა აქ? რატომ მივუშვი თავი აქამდე ოცნებებით ფრთაშესხმულმა ყმაწვილმა, მუზების მეგობარმა კაცმა, რომელსაც ასე მიყვარდა თავისუფლება?! მერე და როგორი გულმხურვალე რომანტიკოსი ვიყავი?! მაშ როგორ შემომეპარა ასე ნელი-ნელ ეს ყველაფერი და როგორ დამიმორჩილა? საიდან გაჩნდა ეს უძლურება, ზიზღი საკუთარი თავისა და ყველაფრისადმი, გრძნობების ეს ყურდახშულობა, უსაზღვრო გაბოროტება, სულიერი სიცარიელის ესეთი სასოწარმკვეთი ამაზრზენი დომხალი?
ისევ ის ბინა. სინათლე ჩაუქვრიათ. სძინავთ. ნეტავ ჩემნაირი კრიტიკულები იყვნენ. იგრძნონ მისი უაზრობა და წვრილმანობა დაინახონ თავიანთი ყოფის ამაზრზენი, კბილებდაკრეჭილი ორჭოფულობა, უიმედო კაეშანი და სიმწარე. ჰო, სავსებით მართლები არიან ეს ადამიანები ამ ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, თავისივე მოგონილი თამაშებით რომ ერთობიან და საკუთარ ფასეულობებს შეჰფოფინებენ, ნაცვლად იმისა, წინააღმდეგობა გაუწიონ მომაბეზრებელ ორომტრიალს და სასოწარკვეთილი მზერა სიცარიელეს მიაპყრონ, როგორც ამას მე, გზასაცდენილი კაცი ვაკეთებ.
თუ ამ ნაწერში ადამიანების სიძულვილი, ანდა მათდამი დაცინვა გაკრთა, ნურავინ იფიქრებს, თითქოს მინდოდეს მთელი ჩემი დანაშაული სხვებს გადავაბრალო, მსჯავრი დავდო და ჩემი პირადი უბედურებისათვის პასუხისმგებლობა დავაკისრო! მაგრამ რაკიღა ასე ღრმად შევტოპე და ცხოვრების კიდესთან დავდექი, რომლის მიღმა ეს ცხოვრება უძირო უფსკრულში ინთქმება, განა უსამართლოდ არ ვიქცევი და არ ვცრუობ, როცა ვცდილობ მოვიტყუო საკუთარი თავიცა და სხვებიც, თითქოს ეს ორომტრიალი ჩემთვის გრძელდება, თითქოს მეც მივეკუთვნები ამ მარადიული თამაშის მიმზიდველ ბავშვურ სამყაროს!
ოჰ რა საშინელი სიჩუმეა ირგვლივ. თითქოს დაცარიელებულა სამყარო, მდორედ მიჰყვება ერთმანეთს წუთები და უფერული საათები. მეც დამეუფლა სიჩუმისა და კვდომის შემზარავი გრძნობა. ამ ჯოჯოხეთიდან ხსნის მხოლოდ ერთი გზაა - ძილი. უნდა დავიძინო. დავიღალე. რაზმესაც სძინავს. აი, ვხედავ როგორ აბუზვია სახე, თითქოს შეამცივნაო. ნელ-ნელა გაუქრა მარტოსულის იერი, ასე რომ არ შეეფერება. მშვიდ მწყაზარ შუბლზე თმა ჩამოშლია. ჩემი გონება კი დასვენებას მთხოვს. თავი ძილმა წამართვა, მაგრამ მალევე გამომეღვიძა, საწოლის კუთხეში მივიყუჟე და წერას ვაგრძელებ.
რაზმეს სძინავს კვლავ. მისი სახე სიზმრად ქცეული, სევდიან შორეთში გალეულა. მე კი ამ ცოტა ხნით თვალის მილულვამ სიზმართა სამეფოში მამოგზაურა. წარსულის უამრავი სურათი ამომიტივტივდა გონებაში, იმ წარმტაცსა და ზღაპრულ სამეფოსთან დაბრუნებულს. ეჰ, რა კარგი სიზმარი მესიზმრა. ეჰ, რაოდენ დიდი დრო გასულა მას მერე, რაც ასე გამოშიგნული, გრძნობადაცლილი უსურათხატოდ ვცხოვრობ. აურაცხელი სურათი ვნახე სიზმართსამეფოს გალერეაში. ერთი ხელის დაქნევით ყველა სურათი ერთდროულად დაიძრა და აიშალა.
ანაზდად, ისეთმა აღტაცებამ შემიპყრო და ისე მომეძალა ნაღველი, ლამის გული გამიჩერდა. ახლა მივხვდი, თუ რა მდიდარი ყოფილა ჩემი ცხოვრების სურათოვანი სამყარო, რამდენი მარადიული ვარსკვლავი თუ თანავარსკვლავედი კიაფობდა ჩემი მახსოვრობის ცის კაბადონზე. გარდასული ბავშვობა და დედაჩემი უკიდეგანო, სილურჯეშერთული შორეული მთებივით შემომცქეროდნენ. ზანზალაკების ხმად იღვრებოდა სურათზე აღბეჭდილთა გუნდი. აქვე იყვნენ მამა-პაპანი და შვილები. უამრავი ხალხის სახე ატორტმანდა ჩემს თვალწინ, ტბის სიღრმიდან ამოტივტივებული ყვავილივით სურნელოვანი და არამიწიერი.
იყო დრო ამ ხალხით ვცხოვრობდი, თუმცა მათგან ცოტა ვინმე თუ მიყვარდა, ჩემი ცოლიც გამოჩნდა, მრავალი წელი გავატარეთ ერთად. ეს მან მასწავლა მეგობრობის, მორჩილებისა და ქედუხრელობის ყადრი. მართალია, ბევრი დავიდარაბა დავატეხე თავს. კვლავ უთვალავი სურათი დამიდგა თვალწინ. ზოგისთვის შემეძლო თავისი სახელი მეწოდებინა, ზოგიც უსახელოდ მინავლულიყო. უკლებლივ ყველა მათგანი, განახლებული და განწმენდილი კვლავ ამოტივტივდა ჩემი ამღამინდელი სიზმრის მორევიდან. კვლავ შემახსენა დარდებმა ჩემი ამბის გადამკიდეს დიდი ხნის წინ რომ დამვიწყებოდა. დიახ, გამახენდა, რომ ეს სურათ-ხატები წარმოადგენდნენ ჩემი ცხოვრების საუნჯესა და არსს. თურმე მარადიული ყოფილან ისინი რომელთა დავიწყება მოვახერხე, მეხსიერებიდან წაშლა კი - ვერა! ამ სურათ-ხატემბა კრიალოსნად აასხა ჩემი ცხოვრების ზღაპარი, ხოლო მათი ვარსკვლავისებური კიაფი ამქვეყნიური არსებობის უტყუარ საფასურად იქცა. შეცდომებით სავსე მაგრამ გახარებული იყო ჩემი ცხოვრება. მერე ბევრი რამის უარყოფა მომიხდა და ბევრი რამისგან განდგომაც. იმ მარილის სიმლაშეც ვიგემე, ყველა ადამიანის ბედ-იღბალს რომ ურევია. სამაგიეროდ, ისეთი სიამაყით აღსავსე იყო ეს ცხოვრება, რომ არასდროს არ დაუკარგავს თავის დიდება. რა თქმა უნდა, ვიცოდი, აღსასრულიც დადგებოდა, მაგრამ რაც უნდა უბადრუკად წარმართულიყო 22 მარტამდე ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცხოვრება თვითმყოფადია და სათავედ ანკარა წყარო უდევს, ხოლო მისი მფლობელი გრძნობებს კი არ უნდა ეპოტინებოდეს, ხელები ცისკენ უნდა ჰქონდეს აპყრობილი.
ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ იყო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრი რამ შეიცვალა. აი, უკვე რა ხანია უფსკრულის წინ ვდგავარ, ცხოვრებამ იმ მარტის იდეების დროს შემომანათა დაუნდობელი ელვარებით. მერე, მივხვდი, რომ ის შემთხვევა, თურმე, ბედი ყოფილა და ჩემი გავერანებული ცხოვრების უდაბნოშიც შეიძლება ბჟუტავდეს ღვთაებრივი ლამპარი. და აი, კვლავ ამოვისუნთქე, კვლავ დამიბრუნდა თვალისჩინი. საკმარისია ერთად მოვუყარო ამ სურათ-ხატებს თავი და ჩემი ცხოვრება ერთ სურათად ვაქციო, რომ თავად შევერწყა ამ ერთ მთლიან სურათ-ხატის სამყაროს და მართალთა დასში ჩავირიცხო. ყველას მიზანია იქითკენ სწრაფვა და ამ დასთან შერწყმის მცდელობა?!
თვლემს ღამე. თვლემს „ვიშკიორი“ და მის მიღმა ზამთრისგან ფოთოლშემოძარცვული ხეივანი. მეც ძილი მერევა, თუმცა არ მსურს დაძინება, მინდა კიდევ ვწერო. ქაღალდიდან კუშტად შემომცქერიან ასოები. სიტყვათა ქაოსი დალაგებას ითხოვს, ასოები თითქოს ადამიანებს ჰგვანან. ერთმანეთს ხვდებიან, განმარტოვდებიან, შეჯგუფდებიან, თავს იყრიან და ისევ იშლებიან, და ეს ყველაფერი განმატოვებაც და თავის მოყრაც, დაწყვილებაც და დაცალკევებაც ქმნის ამბავს, ქმნის ხალხს, მთელს ქვეყნიერებას. ამ უნაპირო ქაოსიდან ჩენს ხელს გამოჰყავს პატარა წესრიგი, ასოები დალაგდებიან ქაღალდზე და მშვიდად ყვებიან ამბავს. ეს პატარა წესრიგიანად დაწყობილი ასოები, ხან სიმშვიდის ხანაც ქაოსის მთხრობელია. ხელში ავიღე ქაღალდი და ასოებს დავაკვირდი, გადავხედე...
ქაღალდზე ყველაფერი მარტივად ჩანს. მე გვერდზე გადავდე ქაღალდი, შუქი ჩავაქრე და გარეთ გავიხედე. გარეთ შუაღამე იდგა. ვარსკვლავები ცივად მიცქერდნენ. ჩემს წინ აღმართულიყო მძიმე მავთულხლართგვირგვინიანი გალავანი. გალავნის იქით კი მოჩანდა ლამპიონების მბჟუტავ შუქზე მოცურავე მძინარე ქალაქი. აგერ, თვლემაში წასული „ვიშკიორი“ გაქვავებულა, გარშემო დუმილი იდგა. ჩემს ბნელ სადგომში ყველას ეძინა. ისევ გარეთ ვიხედები: იქ კი „ვიშკიორი“ და გალავანი მხოლოდ ორნი, მათ იქით თითქოს არაფერი არ არსებობს. გალავანი და „ვიშკიორი“ ერთმანეთს ჰგვანან, ერთნაირად თვლემენ. უსულოდ გაშეშებულა ქარ-წვიმისგან დაღარული, მზეზე გამომშრალი და გახუნებული უსულო გალავანი. ან, იქნებ, ეს კედელი სულაც არ არის უსულო? დგას თავისთვის დაყუდებული და ფიქრობს, ცოცალია, მაგრამ ერთი ელდაღა უნდა, რომ ტყვიასავით მოხვდეს და გულზე სათოფურივით დააჩნდეს. იქნებ მისი ფიქრიც სრულიად უბრალოა, იქნებ სულაც არ უნდა ციხის მცველი იყოს? იქნებ მის სმენას ჩემი ხმა ჯერ არ მისწვდენია, ან თუ მისწვდა, ეს ჩემი ერთი ცარიელი სიტყვა არაფერს ეუბნება? ან რა ვკითხო ქვას? მინდა ვამცნო რომ მძულს. გალავანო! აღარაფერი დამრჩა გარდა სიძულვილისა. მძულხარ, სწორედ იმისთვის, რომ შუაში ჩამდგარხარ და კაცთა მოდგმას ჩამომაშორე! თუმცა მიყვარხარ კიდეც, რადგან ჩემს ფიქრებთან დამაახლოვე. საუკუნეა დგახარ და ზოგს აცალკევებ, ზოგს კი აახლოვებ. კარგა ხნის წინ დაწყებული ამბავი თავის ბოლოს მიადგება. ბოლოს იქით აღარაფერი იქნება იქით მხოლოდ მარადიულობის სიცარიელეა... ვგრძნობ, სადღაც ახლოსაა, გალავანო, ჩემი და შენი დასასრული. მოულოდნელად უნდა მოხდეს ეს. მე ადრევე ჯიუტად ვგრძნობდი ამგვარ დასასრულს. ყველაფერი თითქოს წინასწარ იყო ცნობილი, წინასწარ დაწერილი ბედისწერის მწერლისგან. რასაც მე დავწერ, გონებაში უკვე წაკითხული მაქვს. ჩემს წინ ჯიქურად აღმართული სახეები, საკუთარი ვნებებითა და დაუოკებელი სურვილით გახელებულნი, თავაწყვეტილი მიისწრაფიან დასასრულისაკენ. ჩემს ფიქრში გავლებულ ქარგას არასოდეს უღალატია და სხვა რა გზა მაქვს, მოთმინებით ველოდები... ვიცი რას რა მოჰყვება, სად დაგუბდება ამბის მდინარე, სად აიწყვეტს და სად დაეშვება უფსკრულისაკენ. დასასრული კი ერთია და მე შიშით ველი ამ დასასრულს.
დღეს კარგი დღე მაქვს, რუსუდანი ვნახე.
-ახლა კი ვფიქრობ კარგად უნდა ვგრძნობდე თავს!
-ყველაფერს შენ უნდა გიმადლოდე ჩემო რაზმე.
-ო, შენ ფიქრობ, მე უნდა მიმადლოდე და არა საკუთარ თავს?
-შენ რა, ჩემი საკუთრება არ ხარ?
-განა შენი ცოლი შენი საკუთრება არ არის? მართლაც დიდებული ქალია.
-დიახ, რაზმე. მე რომ მჭირდება სწორედ ის ქალია: ლამაზი, გონიერი, ერთგული, ახალგაზრდა. ახლა ის მითხარი, როცა ხედავ, რატომ არ ეუბნები იმას რასაც წერ?
-ვეუბნები, ოღონდ თვალებით.
-ის?
-ისიც თვალებით მეუბნება.
-ესე იგი, შეიძლება ითქვას, რაც გახარებს ყველაფერი აისრულე?
-არა, რაზმე, ყველაფერს მაშინ ავისრულებ, როცა აქედან წავალ. თქმა არ უნდა, ჩემს ცხოვრებას თავისებური ეშხი და ლაზათი მიეცა, ახლა ამ ქვეყნად რაღაც მახარებს და მანუგეშებს, ზოგჯერ მგონია 16 წლის წინანდელი გრძნობებითა ვარ გამსჭვალული.
-აი, ხომ ხედავ, ემზარ, სხვა რაღა გინდა?
- რა და უფრო მეტი მინდა, მასთან მინდა, შვილებთან, დედასთან, ოჯახთან, სახლში მინდა!
-მშვენივრად მესმის შენი, ამაში მე და შენი ღვიძლი ძმებივით ვართ. მაგრამ რატომ არ ხარ კმაყოფილი იმით, რაც ღმერთმა გარგუნა?
-არა, ამ ბედნიერებაზე აურს როდის ვამბობ. კმაყოფილი ვარ და მადლობის მეტი რა მეთქმის. რუსუდანის ნახვა მზიან დღეს მაგონებს წვიმიან შემოდგომაზე რომ გამოერევა ხოლმე, მაგრამ ვგრძნობ, სულ ასე რომ არ იქნება. მართალია სიხარულს მანიჭებს, მაგრამ ჩემს დაუკმაყოფილებელ სურვილს ვერ ანაყრებს.
-ემზარ, მაშ, შენი აქედან წასვლა აუცილებელი ყოფილა.
-დიახ, რაზმე, სწორედ რომ ასეა! დიდი ბედნიერება მხვდა წილად. მინდა კიდევ დიდხანს განვიცადო იგი. მაგრამ, ამ ბედნიერების შენარჩუნება კი მადარდებს. დროდადრო ხელიდან მეცლება, მეც მწყინდება და სევდას მივეცემი ხოლმე. მადარდებს ამ ბედნიერების შენარჩუნება. ისიც ვიცი, რომ ორ წელზე მეტი მომიწევს ლოდინი.
-ლოდინი რომ რწმენას აწრთობს, ხომ გჯერა?
-კი, მჯერა და მწამს-მეთქი რომ გითხრა მოგატყუებ.
-მაშინ, ყურადღებით მომისმინე. ეს, რაც ახლა უნდა გითხრა, შენს იცი მაგრამ საკუთარ თავს ვერ გატყდომიხარ. ახლა იმას გეტყვი, რაც მე და შენ ჩვენ ორივეს ბედ-იღბალს შეეხება. შენ ხელოვანი და მოაზროვნე კაცი ხარ, აღვსილი სიხარულითა და რწმენით; ყოველთვის ელტვი რაღაც დიდსა და მარადიულს. არასოდეს გაკმაყოფილებდა მცირე, რაგინდ მშვენიერიც უნდა ყოფილიყო იგი. მაგრამ რაც უფრო მეტად გაფხიზლებდა ცხოვრება და საკუთარ თავთან პირისპირ გაყენებდა, მით უფრო მეტად ეძლეოდი ტანჯვას, შიშსა და სასოწარკვეთას. შენს თვალში უფასურდებოდა ყოველი მშვენიერი და წმინდა, რასაც უწინ შეჰნატროდი და ეთაყვანებოდი. მერე გაგიქრა ადამიანებისადმი და ჩვენი მაღალი დანიშნულებისადმი რწმენა და გაგიჭირდა სუნთქვა. სულის ხუთვა კი სიკვდილის უსასტიკესი ნაირსახეობაა. ხომ ასეა, ემზარ? ხომ ასეთი ბედი გარგუნა განგებამ?
თანხმობის ნიშნად თავს ვიქნევ.
-ცხოვრებაზე შენებური წარმოდგენა გქონდა, აღვსილი იყავი მიზნებით, არ ეპუებოდი მსხვერპლსა და ტანჯვას, მაგრამ, მერე თანდათან დაინახე, რომ ამქვეყნად არავინ მოითხოვს შენგან გმირობას, მსხვერპლის გაღებას. ეს ცხოვრება გმირობითა და თავგანწირვებით აღსავსე პოემა როდია!
ჩვენი ცხოვრება ამ ერთ პატარა საკანშია, სადაც ადამიანები სავსებით კმაყოფილდებიან ჭამით, ყავის სმით, ჭადრაკითა და დომინოს თამაშით, რადიოს მოსმენით, და თუკი ადამიანი შენატრის მშვენიერებაზე ოცნებას, თუკი პატივისცემითაა გამსჭვალული დიდი პოეტებისა და წმინდანების მიმართ, მას სულელად მიიჩნევენ და დონკიხოტად ნათლავენ. დიახ, ასე ხდება. ჰოდა ჩვენც იგივე დაგვემათა ჩემო მეგობარო! ჩვენ ბედმა პატიმრებად გვაქცია. ერთხანს ნუგეშს ვერ ვპოულობდით და ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებდით. სიმართლე ხომ ყოველთვის ცხოვრების მხარეზეა და რაკიღა ცხოვრებამ ჩვენს მშვენიერ ოცნებას ასე დასცინა, ეს ოცნებები ეტყობა, სულელური და ფუჭი ყოფილა.
-ვერაფერი ნუგეში.
-მისმინე. შენ რომ დარდობდი, მე ვაზროვნებდი, ვფიქრობდი. სმენა და მხედველობა კარგი გვაქვს, არც ცნობისმოყვარეობა გვაკლდა და აი ამ ეგრედ წოდებულ ცხოვრებას ცოტა სხვა თვალით შევხედე. ზედმიწევნით შევისწავლე ჩვენი ნაცნობ-მეგობრები. დავაკვირდი ორმოციოდე ადამიანის ბედ-იღბალს, და იცი რა დავინახე?
მე გაკვირვებული და პასუხის მომლოდინე სახე მივიღე.
-თურმე, სიმართლე ჩვენი ოცნებების მხარეზე ყოფილა! ასეთი მართალი ოცნებები არ ტყუის და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩვენისთანებს სხვა გზა არა აქვთ. მე იცის მესმის, რატომ გეზიზღება პოლიტიკა, რატომ გაღიზიანებს პრესისა თუ ტელევიზიის უაზრო ლაქლაქი და უპასუხისმგებლო აურზაური, მესმის, რატომ გაგდებს სასოწარკვეთილებაში წარსული თუ მომავალი ომი, მესმის, რატომ მოქმედებს შენზე ასე თანამედროვე ადამიანის ფიქრის, კითხვის, შენების, ზეიმთაზეიმის მუსიკის შექმნის თუ სწავლის დაუფლების ყაიდა! ვაი, რომ მართალი ხარ... დიახ, შენს მხარეზეა სიმართლე და მაინც გარდაუვალი დაღუპვა გელის. დღევანდელი მარტივი, მცონარა და უხეში გარემოს კვალობაზე ერთობ მომთხოვნი ჩანხარ. იგი თავისი სტომაქიდან უკან ამოგანთხევს, რადგან ამ სამყაროსთან შედარებით განგებამ ერთით მეტი განზომილება დაგაბედა. ჩვენისთანა ადამიანებს დღეს ცხოვრება და ამ ცხოვრებით ტკბობა არ უწერიათ. ის ვინც წრიპინის ნაცვლად მუსიკას მოითხოვს, სიამოვნების ნაცვლად სიხარულს, ანცობის ნაცვლად - ჭეშმარიტ ვნებათაღელვას - ამ სამყაროში შინაურულად ვერ იგრძნობს თავს...
-რაზმე, ჩვენისთანა ადამიანებს, ვისაც ერთი განზომილებით მეტი აქვთ, ამ ცხოვრებით ტკბობა არ უწერიათო. გამაგებინე რაშია საქმე? მხოლოდ დღესდღეისობითაა ასე თუ ყოველთვის ასე იყო?
-არ ვიცი. არ მინდა ამ ცხოვრებაზე სულ მთლიანად ჩავიქნიო ხელი, ამიტომაც ვცდილობ ვირწმუნო, რომ ასეთი რამე მხოლოდ ჩვენს დროებაში ხდება, რომ ეს მხოლოდ მისი სენია, მისი ამჟამინდელი უბედურება. მოდი, ნუ დავკარგავთ იმედს, გვახსოვდეს, რომ არსებობდა უკეთესი ხანა და კიდევ იარსებებს, რომ კიდევ დადგება უფრო მდიდარი, ლაღი და გონიერი დროება!
-მაგრამ, ეს ჩვენთვის რა შეღავათია?! ან იქნებ, ყოველთვის ასე იყო... ნუთუ, ეს ქვეყანა მუდამ პოლიტიკოსების, სპეკულანტების, ლაქიებისა და დარდიმანდების საპარპაშო სარბიელი იყო და კაცურ კაცს აქ სული ეხუთებოდა?
-შესაძლოა ასეც იყო. არ ვიცი და მაგას ვერც ვერავინ გეტყვის. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას? აი, ფიროსმანი გაიხსენე. განა, იმ დროს ვინ განაგებდა ქვეყანას? ვინ იხვეჭდა მოსახვეჭელს, ვის ეპყრა ხელთ მართვა-გამგებლობის სადავეები, ნიკალას თუ მავან საქმოსნებს, ფიროსმანს თუ გონებაჩლუნგ კაცუნებს? აბა, გაიხსენებ როგორ მოკვდა და როგორ დამარხეს? ჰოდა, როგორც ყოფილა, ისე იქნება აწ და მარადის.
სკოლებში ასწავლიან საგანს „ მსოფლიო ისტორია“-ს რომ უწოდებენ. რატომღაც, ფიქრობენ მისი ზედმიწევნით ცოდნა აუცილებელია განათლებული კაცისთვისო. არადა, იმ ისტორიის გმირები, გენიოსი ადამიანები, იქ აღწერილი საქმეები თუ გრძნობები მოგონილია, ასე იყო და ასე იქნება. დრო, ქვეყნიერება, ფული და ძალა მუდამ გონებაჩლუნგი, ჭკუათხელი ადამიანების ხვედრი ხდებოდა, ხოლო დანარჩენებს, ჭეშმარიტ ადამიანებს არაფერზე მიუწვდებოდათ ხელი... დიახ არაფერზე გარდა სიკვდილისა!
-ნუთუ ესაა მათი წილხვედრი?
-არა, მათ კიდევ მარადისობა რჩებათ...
-მომავალ თაობებში გარდასულ დიდებას გულისხმობ?
-არა, ჩემო ემზარ, ან კი, რა ფასი აქვს მას?! ნუთუ გგონია, ყველა ჭეშმარიტმა ადამიანმა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, სახელი გაითქვა და თაობებისთვის ცნობილი გახდა?..
-რა თქმა უნდა, არა!
-აი ჩემო ემზარ, ხომ ხედავ, დიდებას არ ვგულისხმობდი, დიდება მხოლოდ ზოგადი ცნებაა. იმას კი, რასაც მე მარადისობას ვუწოდებ, მორწმუნენი სასუფეველს ეძახიან. ჰოდა ჩვენისთანა ადამიანები, ამ ქვეყნისაგან უფრო მეტს რომ მოვითხოვთ, კაეშანი რომ გვჭამს და განგებას ერთი ზედმეტი განზომილებით რომ დავუჯილდოვებივართ, საერთოდ ვერ იბოგინებდნენ ამ სამყაროს მიღმა, რომ არ არსებობდეს კიდევ სხვა, ზეგარდმო სამყაროს სუნთქვა, დროის მიღმა რომ არ არსებობდეს მარადისობა, აი, სწორედ იქ დაუდვია ბუდე ჭეშმარიტების საუფლოს, იგი მოიცავს ფიროსმანის ფერთა პალიტრასა და შენი სათაყვანებელი პოეტების ლექსებს. ამ საუფლოს განეკუთვნებიან წმინდანებიც, სასწაულებს რომ ახდენდნენ, მოწამეობრივი სიკვდილით რომ აღესრულებოდნენ. მარადისობა, ასევე, ყოველი ჭეშმარიტი ნაღვაწისა თუ გრძნობის ხვედრია, თუმცა ამის თაობაზე არავის არა შემოუნახავს შთამომავლობისთვის.
-მართალი ხარ. - ვუთხარი მე.
-ღვთისმოსავები ამაში უკეთ ერკვეოდნენ, -განაგრძო რაზმემ დაფიქრებით.
-სწორედ ამიტომ, არსებობს წმინდანთა დასი და ის, რასაც „წმინდანთა თანა შერაცხვა“ უწოდეს. წმინდანები ჭეშმარიტი ადამიანები, მაცხოვრის მეგობრები და უმცროსი ძმები არიან. მთელი ჩვენი ცხოვრება მათკენ მიმავალ გზაზე სვლაა. სწორედ იქ მივყავართ კეთილ საქმეს, გაბედულ აზრს თუ სიყვარულს.
სწორედ იქაა ჩვენი ადგილსამყოფელი, ჩვენი სავანე. წმინდანებს შორის ბევრი ცოდვილიც იყო. ვინ იცის, იქნებ ცოდვაც გზა იყოს წმინდანობისკენ, დიახ, ცოდვაც და მანკიერებაც. მარიამ ეგვიპტელი გაიხსენე. ეჰ, ემზარ, რამდენი სიბინძურე და უაზრობა უნდა გამოვიაროთ, რომ შინ მივიდეთ! არადა, კაცი არ მეგულება, შინისკენ მიმავალი გზა მიგვასწავლოს. ამ გზაზე ჩვენი ერთადერთი მეგზური სინანულია...
კარგა ხანია დაღამდა. მსურს რაც შეიძლება მალე გავშორდე აქაურ დუნე, მოჩვენებით სიმშვიდეს. სარკმელთან მოვკალათდი. კარგა ხანი გავცქეროდი აქეთ-იქით მოხეტიალე „ჩაფიქრებულ ვიშკიორს“, რომელიც სასაცილოდ მიაბიჯებდა „მოსტიკზე“ მერე ალბათ დაიღალა და თავის ჯიხურში შეიყუჟა. ეს „ვიშკიორი“ უინტერესო ვინმე ჩანს, უმეტყველო სახე და მიხვრა-მოხვრა აქვს. ამის წინა კი სულ სხვა იყო. მხნედ და რწმენით აღსავსე ნაბიჯებით დააბიჯებდა. ერთხელ შემომხედა კიდეც, გამჭოლი მზერით, დაღვინებული კაცის, „მებრძოლის“ იერი ჰქონდა, არადა, 20 წლისაც არ იქნებოდა.
გარედან სუსტი, მაგრამ ცივი ნიავი შემოდის, ხელებზე მიბერავს. მეც ჩემდა უნებურად ხან მუჭად ვკრავ ხელს, ხან ვშვლი გათოშილ თითებს, თან მინდა ფურცელზე დავსვა ის ქიფრები, გულს რომ მიღრღნიან. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ცოტა ხელიც მიკანკალებს. აბები დავლიე. საწოლის კუთხეში მივიყუჟე და წიგნის კითხვა დავიწყე. რამოდენიმე გვერდი სულ ამაოდ გადავიკითხე, ვერაფერი გავიგე. წიგნი გვერდზე მივაგდე. დასაფლავების პროცესიაზე ეწერა, თუ როგორ ჩაუშვეს ატალახებულ სამარეში ვიღაც მიცვალებული. ალბათ, ასე ჩაგვფლავენ ბევრს, შემცბარ-შეწუხებულ დამსწრეების თვალწინ. აი, იქ დამთავრდება ბევრის მიზანსწრაფვა, კულტურა, რწმენა, სიცოცხლისმოყვარეობა თუ სიხალისე, ყველაფერს რასაც ასეთი მძიმე სენი შეჰყრია სულ მალე დასამარება უწერია. ასე სასაფლაოდაა ქცეული მთელი ჩვენი კულტურა, აიეტიდან დაწყებული ფიროსმანით დამთავრებული. მათ გარშემო კი ყასიდად შემცბარი და დამწუხრებული ჭირისუფლები იდგნენ ერთ დროს. ზოგი მართლა წუხს, ბევრიც ყალბია თავაზიანობით აკეთებენ ამას. განა ადამიანების უმრავლესობა ასე არ ცხოვრობს?! აი ეს „ ვიშკიორიც“ ისე, რომ არავითარი სურვილი არა აქვს, თავს აიძულებს იაროს ამ „მოსტიკზე“ და ათრიოს ნახევრად თავისი წონა „კალაშა“.
არა, არ მინდა ამაზე ფიქრი, არც დარჩენილ დღეების დათვლა. ასოები ერთმანეთში ირევა, თითქოს აქეთ-იქით გარბიან, ერთმანეთისა ეშინიათ და სიტყვებად აღარ ლაგდებიან... და ამ ასოთა ქაოსში მე ვხედავ ათრთოლებულ, ცვილისფერ ხელს. ხელი კანკალებს, თრთის და კალამს ნელა გამოჰყავს სიტყვები... სიტყვები ქაღალდზე ლაგდებიან, სიცხადეს იძენენ, ცოცხლდებიან. აზრი იკვეთება. მეც მსიამოვნებს ამის კეთება და უკვე რა ხანია რაც წერა ჩემი მთავარი საქმეა, ამ ასოებს ჩავჩურჩულებ რა ხანია, ხან კაცთა ურვას, ცოდვისდა გამო, ხან ნუგეშსა და სალმობას, ცოდვილთა მიტევებას, კეთილით ბოროტის გამოსყიდვას. აქ ჩემს ნაწერებთან მეორედ ვიბადები. ჩემმა აქამდე მიყუჩებულმა ძალამ ჩემს ნაწერებში გამოიღვიძეს. ჩემს ნაწერებში მე ვგრძნობ ძალას იმ ფარული ამბოხისა, რაც ჩემს სულშია დაგუბებული. მხოლოდ მაშინ მიადვილდება ამის კეთება, როცა საკანი და მთელი სამყარო ბინდშია ჩაძირული და ჩემს ფურცლებს კედელზე მიმაგრებული მბჟუტავი ნათურა ჰფენს შუქს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent