შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოლეანდრა (2)


27-11-2017, 19:22
ავტორი MariamG
ნანახია 1 736

“უსათუოდ სჯობს არავინ გყავდეს, რომ არავინ გენატრებოდეს.“

*-*-*

მესამე დილა თენდებოდა, რაც ქალიშვილს თავადი თვალითაც კი არ ენახა. შეწუხებული დადიოდა აქეთ-იქით, სახლის თვალიერება და მისი ოკეანის ხედით ტკბობაც მოიბეზრა, მსახურებთან საუბარი და ქალაქის ამბების კითხვაც ძალიან მოსწყინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანტუანმა თავადის თხოვნით, ქალიშვილს საძინებელში საინტერესო ლიტერატურა გაუგზავნა დროის გასაყვანად, მაინც არ იყო ყველაფერი თავის ადგილზე.
არც ის დილა ჩანდა განსხვავებული, ქალი სახლის უკანა აივანზე გასულიყო, ოკეანეს გადაჰყურებდა მონუსხული. ამინდთან სრულიად შეუსაბამოდ ეცვა - ჟღალი, ტალღოვანი თმა გვერდზე გადაეყარა, წითელი აბრეშუმის ხალათი ეცვა, რომელიც ყოველ წამს ფრიალებდა და ქალის უნაკლო, თეთრ ფეხებს აჩენდა. ჩაფიქრებული და დარდიანი ჩანდა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდო, ვერავინ იტყოდა.
-მშვიდობიანი დღე მინდოდა მესურვებინა, თუმცა როგორც ჩანს, თქვენთვის ჯერ კიდევ დილაა. -გაისმა დაბალი, სასიამოვნო ჟღერადობის ხმა. ქალიშვილი გასწორდა, თავი ნელა მიაბრუნა და სირცხვილისაგან ერთიანად აწითლდა, როცა მის გვერდით, აივნის სქელ, თეთრ მოაჯირებზე დაყრდნობილი თავადი იხილა. აბრეშუმის ხალათი მჭიდროდ შემოიკრა სხეულზე და თავი მორცხვად დახარა.
-მომიტევეთ, რა თავხედობაა, ღმერთო. -ხელი სირცხვილის ნიშნად აიფარა სახეზე და მოერიდა კიდეც,რომ მამაკაცისთვის შეეხედა.
-სულაც არა. ამ აივანზე წლებია აღარ გამოვდივარ, ბუნებრივიცაა, თქვენს საძინებელთან მშვენიერი ხედი იშლება. მე უნდა მოგიბოდიშოთ, რომ დაუკაკუნებლად შემოვიჭერი.
-რას ამბობთ, თავადო, ეს თქვენი სახლია. -ჩაეცინა ქალიშვილს. -სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება, რომ მოვწესრიგდე, დამელოდებით?
-რამდენიმე წუთი? -გაეცინა სებასტიანს. -რა თქმა უნდა, თუმცა აქ ძალიან ცივა, ჩემს დარბაზში ჩამობრძანდით.

მართლაც, გაკვირვებას ვერ დამალავდა ადამიანი, როცა ქალიშვილი რამდენიმე წუთში გაჩნდა დარბაზში. სებასტიანმა ბუხარი ააგიზგიზა, ქალიშვილს სავარძელზე მიუთითა და უკვე მოტანილი ჩაი გადააწოდა. ღიმილით მოჰხვია თხელი თითები ჩაის სასიამოვნოდ ცხელ ფინჯანს, კომფორტულად მოკალათდა და ჩაი დააგემოვნა.
-უგემრიელესია, თავადო, შესანიშნავი მზარეულები გყავთ.
-ვივიენ. -მის წინ საქმიანი იერით ჩამოჯდა სებასტიანი და ღვინით სავსე ბოკალი წრიულად დაატრიალა. ქალს ეუცხოვა მამაკაცის ბაგიდან წამორთქმული მისი სახელი. წამში გაუქრა სახიდან ღიმილი და ჩაის ფინჯანი ხის მაგიდაზე გადადო.
-ვივიენ, როგორ ფიქრობთ,რამდენად მარტივი დასაჯერებელია, რომ წარმოდგენა არა გაქვთ, ვის ეკუთვნის მოზამბიკის სრუტე და ვისი სტუმარი ხდებით? როგორ დავიჯერო, რომ ჟან ნიკოლა რიჩარდსმა, ერთადერთი და განუმეორებელი ქალიშვილი სებასტიანის მაიოტაში ხანგრძლივი სტუმრობისათვის გამოუშვა? -ღიმილი შეეპარა თავადის ბაგეს. ვივიენს
სახეზე სასოწარკვეთა გამოესახა, კალთებზე გადაისვა ხელები და წამში მოიხარა, ბავშვს დაემსგავსა. ღია თაფლისფერ თვალებში წამით ტკივილმა გაუელვა, ღაწვები შეუწითლდა და სიწითლე მალევე შეცვალა სითეთრემ.
-თავადო, მომიტევეთ, მართლაც რომ თავხედური საქციელი იყო ჩემი აქ ჩამოსვლა, თუმცა რასაც წერილში გთხოვდით, რომ მამაჩემისთვის არაფერი გეთქვათ, მერწმუნეთ, სიმართლეა და აქ სხვა, ცუდი მიზნებისათვის არ ვარ. -გაზეპირებულივით, ერთ ადგილს მიშტერებულმა ქალიშვილმა, თითქოს გულისტკივილივით ამოთქვაო და დადუმდა.
-რწმენა ხელწამოსაკრავი ნუ გგონიათ, ვივიენ. სარწმუნოდ რას მივიჩნევ, ამას თავად გადავწყვეტ, არც ისაა ჩემი პრობლემა, თქვენ რატომ გამოექეცით მამათქვენს, მხოლოდ ერთია ჩემთვის ნათელი : უამრავ ადგილზე შეგეძლოთ წასვლა, თუმცა აქ ჩამოხვედით, რათა ჟან ნიკოლა განგერისხებინათ. -ვივიენმა პირი დააღო, რაღაცის თქმა სურდა, თითქოს ეწინააღმდეგებაო თავადს, თუმცა სებასტიანის სიჩუმის ნიშნად აწეულმა ხელმა შეაჩერა და ენაზე მომდგარი სიტყვები გადაყლაპა. -რისკი ძალიან მიყვარს, მომწონს გაბედული ადამიანებიც, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ამოდენა რისკი ცუდს არაფერს მოგიტანთ, თუმცა ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ძვირფასო ვივიენ. -მისკენ გადაიხარა სებასტიანი. მამაკაცს აღარ უკრთოდა თვალებში სითბო, მისი წყლისფერი სფეროები ცეცხლის ნაცვლად, ყინულებს ირეკლავდნენ. თავადი კატეგორიული, თუმცა მშვიდი იყო. -უფლებას არ მოგცემთ, თქვენი მოგზაურობა ჩემი ან ჩემი ქალაქის დაზარალებით დაასრულოთ. იყავით ჩემი სტუმარი იმდენი ხნით, რამდენითაც მოგესურვებათ, მაგრამ არც კი იფიქროთ, არც კი გაიელვოთ, რომ მაიოტაში თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.
-ეს მუქარაა თავადო? -ნირწამხდარი შეჰყურებდა ქალიშვილი.
-ეს იმ კაცის პირობაა, რომელიც მათ სიცოცხლის ფასად ასრულებს. საქმე ისე მოაგვარეთ, რომ ჩემს ყურამდე არაფერი მოვიდეს, თორემ თავადის სიტყვას გაძლევთ, მამათქვენისგან ძვლებს დავტოვებ. ახლა კი, ჩაი მიირთვით, ვივიენ. -საზურგეს კმაყოფილი მიეყრდნო სებასტიანი, თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარიყოს, თითქოს არც კი გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი მტრისათვის. ისე მადიანად შეექცეოდა წითელ ღვინოს, გეგონებოდათ, უცხო და შემაშფოთებელი არაფერი ხდებაო. მხოლოდ ვივიენი მიშტერებოდა ცეცხლს, მის თაფლისფერ თვალებში წყენა, ბრაზი და სიცივე ჩნდებოდა და იმალებოდა. მის სფეროებში ცხოვრობდნენ სიძულვილი და სიბრალული, თუმცა სააშკარაოზე არცერთი ჩნდებოდა. საიმედო ნაჭუჭში გამოემწყვდია ქალიშვილს თითოეული და სახეზე სპეტაკი, შეუდარებელი ღიმილი აეფარებინა.
მხოლოდ სებასტიანმა იცოდა ფასი, რომელსაც ნიღაბი ითხოვდა - ან სამუდამოდ ემონები მას, ან ძალიან გტკივა, როცა იშორებ.
-როგორ ფიქრობთ, თავადო, ყოველთვის დამსახურებულად ვიღებთ შედეგებს?
-დამსახურებული, ან დაუმსახურებელი შედეგი არ არსებობს. შედეგი ყოველთვის საიმედოა. ეჭვი მაქვს, ამაში მალე დარწმუნდებით. -უცერემონიოდ გაუსწორა თვალი თავადმა ვივიენს და ბოკალი გამოცალა. დიდ ხანს უსწორებდნენ თვალს უსულო საგნებს, ბოლოს ქალიშვილს მობეზრდა, დაუკითხავად წამოიჭრა ფეხზე და ასევე, უკითხავად დატოვა იქაურობა.
დარბაზის მეორე კუთხიდან ჩრდილმა მოძრაობა დაიწყო, ღიმილით გამოჩნდა მისტერ კლოდი დარბაზის შუაგულში, ბუხართან მოკალათდა, ღვინით სავსე ბოკალი გამოცალა და კმაყოფილი მიაჩერდა სებასტიანს.
-რას ფიქრობთ, რა ერქვა ამ ნაბიჯს, სებასტიან?
-ორმო, რომელმაც გაჩაღებულ ომში ჩამაგდო. -ბრაზით გადადო ბოკალი თავადმა და თვალები დახუჭა. ვერც კი დაეჯერებინა, რომ წუთის წინ, ქალთან ბრძოლაში ჩაება. ქალთან, რომელსაც პირველ რიგში, დამატყვევებელი სილამაზე ჰქონდა.
გონების მოღალატე ნაწილი გაუჩერებლად ატრიალებდა მოგონებას, როგორ იდგა აივანზე ვივიენი, როგორ ფრიალებდა მისი წითელი აბრეშუმის ხალათი, როგორ იწეწებოდა მისი ტალღოვანი, ჟღალი, საოცრად ლამაზი თმა. ქალის პროფილი - სევდიანი, თუმცა თავდაჯერებული.
ქალი, მართლაც რომ, ეშმაკს იფარებს და საიმედო სამალავს უშენებს სილამაზით.

*-*-*
სრუტის ჰაერი მეტად ცივი იყო, ვიდრე ადრე.
სებასტიანს ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ოკეანის ჰორიზონტს თვალს არ სწყვეტდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ოკეანის რომელ ნაწილში იყო მისი გემი, იქნებ საერთოდ აღარც იყო და მისი წერილებიც ზღვას ჩაეყლაპა.
ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. ახლა ლოდინს კი არა, რაღაც ავისმომტანს გრძნობდა. თითქოს ეს უკანასკნელი ჰაერიც, ამიტომ გაციებულიყო და ამასთანავე, დამძიმებულიყო. წინათგრძნობა არასდროს ღალატობდა, მისი წყლისფერი სფეროები მუდამ სიზუსტით სჭვრეტდა მომავალს და ახლაც, შიშს აეტანა მამაკაცის სული.
-თქვენი სახლის აივნებიდან ეს ციცაბო კლდე კარგად ჩანს. რამდენიმე დღე აქ მოსულ ადამიანს ვაკვირდებოდი, მანძილის გამო რთული იყო გამერჩია, ვინ მოდიოდა დილით და ასე, დაღამებამდე ვინ უყურებდა ჰორიზონტს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს თქვენ იყავით და გადავწყვიტე, ერთხელ მეც გამეზიარებინა თქვენი უსასრულო მოლოდინი.
-გამოდის, დილიდან დაღამებამდე ჰორიზონტს ორი ადამიანი უყურებს. ერთი მე ვარ, რაღაცის მოლოდინში, მეორე - თქვენ.
-სამყარო ძალიან ლამაზი, იდუმალი და მაცდურია. უნდა გიყვარდეს მისი ყველა ნაწილი, უნდა გრძნობდე მის სურნელს. აქ რომ ჩამოვედი და სრულიად შემთხვევით, თქვენი ეგზოტიკური აივნები აღმოვაჩინე, მივხვდი, ძალიან ახლოს იყავით ოკეანეებთან. გაკვირდებოდით, იცით?
-ნუთუ?! -დამცინავად გაიჟღერა სებასტიანის ხმამ.
-დიახ, გაკვირდებოდით. ჩაფიქრებული და დარდიანი კაცი ხართ, როგორც არ უნდა ნიღბავდეთ ამას, მე მაინც ვგრძნობ, რომ ოკეანის შუაგულში მყოფი აისბერგი ხართ. ძალიან ღრმად ხართ თქვენს წარსულში, ფესვებს ვერ იგლეჯთ. გამოვიცნობ, სწორედ იმ ფესვებს ელით ასე მოუთმენლად, არა?
-ვივიენ, მგონია, რომ ზოგჯერ გავიწყდებათ, ვის წინაშე ხართ. ასე მალე მოაგვარეთ თქვენი საქმეები, რომ ჩემსაში ქექვა დაიწყეთ? ნუთუ არც ისე გასაგებად აგიხსენით რას ვფიქრობ თქვენზე?
-გემს რომ ელით, ამაზე ბავშვიც კი თავისუფლად საუბრობს. ვხედავ, მიზეზს ეძებთ, რომ ჩემი წარმომავლობის გამო გამაკრიტიკოთ. -ვივიენს სახეზე გულწრფელი ირონია გამოხატვოდა, თითქოს ძალით ცდილობდა მამაკაცის გამოწვევას, რომელიც როგორც ყოველთვის, პრინციპებს არ ღალატობდა და უდარდელი იერით კლდესავით მყარად იდგა.
-იცით, ვივიენ, მე მამათქვენს და თქვენს წარმომავლობას, სულაც არა ვცემ პატივს. -ცივად მიუგო მამაკაცმა. -ასე რომ, არც თქვენ ბრძანდებით პრიორიტეტი ჩემთვის. ერთ მიზეზსაც კი ვერ ვხედავ,რატომ უნდა ჩაგთვალოთ ღირსად და ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. მით უფრო, მაშინ, როცა კაცს სწორედ ფიქრები აძლებინებს და თუ მაინცდამაინც გაზიარებაა, პატიოსან, ერთგულ კაცს უნდა გაუზიაროს. კიდევ ერთი -თვალი თვალში გაუყარა სებასტიანმა ქალიშვილს. -აქედან მხოლოდ იმიტომ არ გაგდებთ, რომ კეთილ ნებას ვიჩენ და როგორც მაიოტას შეეფერება, ისე გიწევთ მასპინძლობას. თუ ჩემს გამოცდას გააგრძელებთ, თქვენი ბარგი უახლოეს სადგურში დაგხვდებათ და ვიმედოვნებ, მიუსწრებთ, რომ თან გაჰყვეთ. აბა, გავსწორდით? -ვივიენს სახე წაშლოდა, დამცირებული უმზერდა მამაკაცს და თაფლისფერ, მატყუარა თვალებში ცრემლის თხელი ფენა დაჰგროვებოდა. ეჭვი არ იყო, მის ქალურ მოწოდებას სიმაღლიდან ასეთი მტკივნეული ვარდნა არც ისე ესიამოვნა. სებასტიანი კი კვლავ თავის დარდებს მისცემოდა, აღარც კი ადარდებდა, ვინ ედგა გვერდით.
-იცით, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს მსახურების საუბარს მოვკარი ყური. როგორც ამბობენ, ამაღამ მიწასთან გაასწორებს ავდარი მაიოტას. ოკეანე ღელავს, ქარს წვიმა მოაქვს და შეშა სახლებს ვეღარ ათბობს. აქ დგომას, დარდში ხრჩობას და სხვებისათვის მორალის კითხვას, სჯობს, ქალაქს მიხედოთ, ბატონო. -ზიზღით გამოსცრა ვივიენმა და სწრაფად გაუჩინარდა.
გულზე უსიამოვნოდ მოედო სებასტიანს ამინდის გაუარესების კიდევ ერთი შემთხვევა. მხოლოდ გემი კი არა, მისი ქალაქიც საფრთხეში იყო. ერთხანს კიდევ იდგა კლდეზე, ჰორიზონტს უყურებდა. ცივი ქარი მის წყლისფერ თვალებში ჩამდგარ დარდებს ფანტავდა.

*-*-*

სებასტიანს ვერ გაერისკა ანტუანის ქალაქში გაგზავნა, აქამდე უნახავი წვიმა და ქარი ქროდა მაიოტაში. საბჭომდე მისული წერილის თანახმად, მოსახლეობისათვის მანამ არ უნდა შეეწყვიტათ შეშით მომარაგება, სანამ არ გამოიდარებდა.
გულდამშვიდებული იყო, თუმცა მაინც აღელვებული. იმ საღამოსვე დაითხოვა მსახურები, თან გაჰყვნენ მათ ანტუანიც და მისტერ კლოდიც. სრულიად მარტონი დარჩნენ ვივიენი და სებასტიანი, თუმცა თავიანთ ოთახებში, თავიანთ დარდებსა და ფიქრებში გახვეულნი.
შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო ქალიშვილი, ვერც კი წარმოედგინა, რომ სებასტიანს მსგავსი მწარე, ქარაგმიანი საყვედურების თქმა შეეძლო. თუმცა რაღაც მხრივ, საკუთარ თავსაც აბრალებდა, უცხო მამაკაცთან, თანაც ძალაუფლების ბატონ-პატრონთან, ისე საუბრობდა, თითქოს თანატოლი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალის გული ჯერ კიდევ ამოუცნობ გრძნობებს დაეფარათ და მისი ფიქრებიც ბევრად უფრო შორს, მზაკვრულ მომავალში იჭრებოდნენ, უსიამოვნოდ ხვდებოდა თავადის სიცივე და უნდობლობა.
ბავშვურ ჟინს შეეპყრო ქალი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ცოდვის გაუთვალისწინებლად, სითბო, ანდაც ერთგულება მიეღო.
იმ ცივ, ავდრიან საღამოს ქალი საძინებელში, სარკესთან იჯდა. აივნის კარი გაეღო, ოთახში აუტანელი სიცივე ტრიალებდა. ვივიენი წითელ, თხელ, საშინაო კაბაში გამოწყობილიყო და თმას ივარცხნიდა.
სურვილი ჰკლავდა, რომ ემოქმედა. რაიმე გაეკეთებინა, გამოეწვია მამაკაცი და საკუთარ თამაშებში ჩაეთრია, თუმცა არაფრით გამოსდიოდა. არ გამოსდიოდა მანამ, სანამ შორიდან მოსულმა აზრმა არ შეაფხიზლა ქალის გონება.

სებასტიანი ბუხართან ღვინით ხელში იჯდა, თავი გადაედო უკან და ფიქრებს მისცემოდა თვალდახუჭული. გვერდით, გადაშლილი წიგნი ედო, ცოტა ხანს დრო კითხვით გაჰყავდა, მანამ მაინც, სანამ შემაწუხებელი ფიქრები მოედებოდნენ მის გონებას.
კარის გაღების ხმამ შეაფხიზლა, თუმცა არც თავი აუწევია და არც თვალები გაუხელია. კარგად იცოდა, რომ ვივიენის გარდა სახლში არავინ იყო და რომც ყოფილიყო, დაუკითხავად მხოლოდ ეს საბედისწერო ღვთის რისხვა იჭრებოდა ყველგან.
-თავადო, არ ივახშმებთ?
-ჩემს მოწამვლას აპირებთ?
-დიახ -გაეღიმა ქალს. სებასტიანს წყლისფერ თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა, შეუმჩნევლად ჩატყდა მისი ბაგე.
-მე კი მეგონა, ქალური სენტიმენტებით გაბრაზებული იჯექით თქვენს საძინებელში და გამოსვლას აღარ აპირებდით უახლოეს სამოც წელში მაინც. -ზანტად წამოჯდა სებასტიანი და ბოკალი მოიყუდა, მთლიანად დაცალა ღვინო და ქალი შეათვალიერა. უთუოდ გამომწვევი იყო და ზედმეტად აშკარაც, რომ ამ ყველაფერს წინ ქალური სიკეკლუცე ედგა და აზრი, რომ ახალგაზრდა კაცს მოხიბლავდა.
-ძალიან სასაცილოა. -ირონიით სახე მოეღრიცა ქალს. -აქ ჯდომას და გალოთებას თუ არ აპირებთ, წამობრძანდით, ვივახშმოთ. ყველაფერზე თავად ვიზრუნე.
-ნუთუ?! მადლობელი ვარ, მაგრამ ყველაფერს ვერ მივირთმევ, ასე რომ, შეგიძლიათ მარტომ ივახშმოთ.
-დიახ, ვიცი, რომ თქვენთვის საგანგებოდ მომზადებულ საკვებს მიირთმევთ. და ყველაფერი უკვე მზადაა. -თითქოს გზას აღარ უტოვებსო, ისე მოუჭრა ქალმა და ღიმილით ააყოლა თვალი ფეხზე წამომდგარ მამაკაცს.
-მაშ, თუკი ასეა და გამოჭერის ამ ხერხს მიმართეთ, ვივახშმოთ.

დარბაზში, სადაც უზარმაზარი, მოჩუქურთმებული წაბლისფერი მაგიდა იდგა, ორისთვის გაეშალა ვივიენს სუფრა. ვერცხლის დანა-ჩანგალი შემოეწყო, მაღალ, ვერცხლით მოქარგულ ორ ბოკალში თავადის საყვარელი წითელი ღვინო გაენაწილებინა. დარბაზს მხოლოდ სანთლები ანათებდა, როგორც ჩვეულებრივ, თუმცა სებასტიანს შეუმჩნევლად არ დარჩენია განგებ მოწყობილი გარემო.
-რომანტიკაზე რას ფიქრობთ, ვივიენ? -ეშმაკური ღიმილით ჩამოჯდა სებასტიანი სუფრის თავში და დანა-ჩანგალი მოიმარჯვა.
-ხელმოცარულების საქმეა, ბატონო.
-მაშ, რომანტიკის იმიტაცია, კიდევ უარესი ყოფილა. -მსუბუქად დაუსვა დანა ხორცის მოზრდილ ნაჭერს თავადმა. უნდობლობით აღვსებოდა მზერა და მისი ბაგე ავისმომასწავებელ, გამაფრთხილებელ ღიმილს დაეფარა.
-ერთი რამ ვერ გამიგია თავადო. -გასწორდა ქალი. წარბებს შორის ნაოჭი გასჩენოდა და დამცირებული მზერით შეჰყურებდა სებასტიანს. -ნუთუ მხოლოდ მტრობაა საკმარისი, რომ ქალბატონს პატივი არა სცეთ? ეს ვახშამი მეგობრულ წინადადებად მიიღეთ, როგორც გარანტი მშვიდობისა.
-პატივისცემა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვივიენ. რაკი ასეა, მას ის მიიღებს, ვინც დაიმსახურებს. მსგავსი, იდეალთან მიახლოებული დამოკიდებულება, მხოლოდ ღირსეულთან უნდა აკავშირებდეს კაცს. ვახშამი კი, დიახ, შეუდარებელია.
-თავადო სებასტიან, მე და თქვენ ბევრი საერთო გვაქვს, თუმცა ეჭვი მაქვს, გვიან შეამჩნევთ.
-იცით, ვივიენ, მე ყოველთვის მარტო ვვახშმობ. კაცს ვახშმობისას ჭკვიანური სიტყვა თუ არ ესმის, ძილის წინ ვერაფერი მოასვენებს.
-თქვენი ქარაგმები, მწარე და მოშხამული სიტყვები, მუქარები... -ქალმა ნაზად გადაუსვა დანის ბასრი პირი ბროწეულის ზედაპირს. კანმა თითქოს ლპობა დაიწყოო, სისხლისფერმა გამოჟონა და ქალის თეთრ, თლილ თითებს შემოეხვია. -არ მეშინია, თავადო. არც მრცხვენია, თუკი ეშმაკი გგონივართ. მხოლოდ თქვენ უნდა ფრთხილობდეთ, რომ მიწვევთ. იმ კარის გაღებას ცდილობთ, რომელიც თავად ჩავკეტე. ქალსა და მამაკაცს შორის ბრძოლა ხანგრძლივი და მტკივნეულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ღმერთთან ორივე ცამდე მართალია. -მტრულად შეხვდნენ ქალის ღია, წყალნარევი, თაფლისფერი თვალები მამაკაცის მშვიდ და ამავდროულად, ოკეანისებრ სფეროებს. ტალღები ნელა ირხეოდნენ მამაკაცის თვალებში, მშვიდი და გარინდული იყო მისი ოკეანე.
-იცით, ზოგჯერ საჭიროა, რომ საკუთარი ღმერთის გარდა, სხვებთანაც მართალი იყო. ერთ დღეს თქვენი, საკუთარი სინდისი, რომელსაც ღმერთს უწოდებთ, გაუსაძლისად აგატკიებთ სულს და მინდა იცოდეთ, რომ ეს უკანასკნელი, მონანიებას არ სცნობს.
იმ საღამოს, საბოლოოდ შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს. თეთრ, თოვლივით კანზე სიწითლემ გადაუარა ქალს. თითქოს მასში გამომწყვდეული ეშმაკი გამოსვლას ცდილობდა. უნდოდა გაერღვია ქალის კანი, მისი სხეულიდან გამომძვრალიყო და სადღაც შორს გადაკარგულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სიტყვა გამომწვევი და საშიში იყო, მამაკაცის სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს განაჩენი უკვე გამოეტანათ - მხოლოდ აღსრულებას ელოდა გარინდული სამყარო.

*-*-*
ქარი და წვიმა იქაურობას არ ინდობდა. თავადის სახლის ფანჯრებს ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები და მალევე შორდებოდნენ.
თავადი ბიბლიოთეკაში იჯდა, დარბაზის კარი მაგრად ჩაერაზა და საძინებელშიც ჩაექრო სანთლები.
მხოლოდ ბიბლიოთეკის ხის მაგიდას და იქ დახვავებულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ანათებდა ერთი სანთელი.
ჭექა-ქუხილის ხმა უყვარდა თავადს. მზერას აპარებდა განათებული ცისკენ და მასზე გაკლაკნილი ელვისკენ, თითქოს იქაც ეგულებოდა რაღაც საიმედო.
მაგრამ დარდი შემოსწოლოდა სებასტიანის გულს. დარდი, რომელსაც კვალი დაეტოვებინა მის წყლისფერ თვალებსა და ტკბილ ბაგეზე. უსიამოვნო გრძნობებს აეტანათ ბატონის მშვიდი სული, რაღაც არასაიმედოს ხედავდა მომავალში და გულს სწიწკნიდა.
შორს იყო მისი გემი, მისი წერილები. საბოლოო წერილის მიღებიდან წელიწადნახევარი გასულიყო. გულს უკლავდა ბატონს წარსულს ჩაბარებული ყოველი წამი, მის ახალგაზრდა, ლამაზ სახესაც დასტყობოდა დროის მძიმე ნაბიჯებით დატოვებული კვალი - ფერი დაეკარგა და დაღლილიყო.
დაჰყურებდა ლამაზი, გაკრული ხელით ნაწერ წერილებს, მის სფეროებში ცრემლის თხელი ფენა თოვლივით დადებულიყო. ვინაიდან, მოთმინებას მხოლოდ დრო აქვს და არა საზღვარი - ამოიწურება და სრულდება გრძელი, ერთმანეთზე გადახლართული ჯაჭვები.
„როგორ მეგონა, რომ ადამიანებს სიმშვიდე მოჰქონდათ და თურმე, სულ პირიქით ყოფილა, მოვლენ, მოგიტანენ ტკივილებს, შემოგაწყობენ მხრებზე და დაგაჯერებენ, რომ შენი ტვირთია და შენ უნდა ზიდო. ეს წვიმები, ქარი, ეს დაუსრულებელი თოვა... დრო მხოლოდ იმისაა, რომ გითანაგრძოს. თანაგრძნობა კი, როგორც უპირველესი ტყუილი, ამძიმებს ტკივილს.“ -სებასტიანმა წერილი დაკეცა, წიგნში ჩადო და თაროზე დააბრუნა.
სული შეუბერა სანთელს, ცივმა ცამ გაანათა დარბაზი.

*-*-*
ციოდა. ბნელ, უსაშველოდ გრძელ დერეფანში მოუსვენრად ეხეთქებოდა სხეული კედლებს.
ხელში ხვდებოდა კედელზე დაკიდებული ნახატები, ხელის კვრით ძირს ყრიდა და ფეხით თელავდა თითოეულს.
ჟინი ჰკლავდაო თითქოს, მათ ბასრ ჩარჩოებს უსვამდა ხელებს და მხოლოდ შეგრძნება შეეძლო, რომ მისი ვენები სკდებოდნენ და სისხლად იღვრებოდნენ.
ხმადაბალი ღრიალი, გლოვის ხმა ამოსდიოდა სხეულს. თითქოს ყელი გაშრობოდაო, ახველებდა და ხრიალებდა, ახველებდა და სახეს იკაწრავდა, თვალებს ქაჩავდა და სურდა სიბნელე გაერღვია, რაღაც მოეძებნა.
კანქვეშ მოძრავი სისხლის ხმა ესმოდა, თითქოს ხედავსო, ისე დაჰყურებდა სიბნელეში ჩაკარგულ ხელებს და აკვირდებოდა დამსკდარ, დაფლეთილ ვენებს.
შიგნიდან ქავილივით კაწრავდა და კლავდა რაღაც. რაღაც, რასაც ხელებიც ჰქონდა, ხმაც და ძალაც, რომ გაერღვია სუსტი სხეული, თუმცა თითქოს ასე ურჩევნიაო, ჯიუტად ხმაურობდა და იქვე რჩებოდა. ყვიროდა და კვდებოდა,
ტიროდა და საკუთარ არსებობას ყლაპავდა,
გლოვობდა და კვდებოდა,
კვდებოდა და ცოცხლობდა.



№1  offline წევრი An_Gel

როგორი საკამათო ფრაზა დაურთე ამ თავს?! მაშინვე მაგრძნობინე, რომ დაბრუნდი. მე მაინც მგონია, ჯობია გყავდეს და გენატრებოდეს. მონატრებაც ხომ ძალიან სევდიანი, მაგრამ სასიხარულო გრძნობაა?! მე მაგალითად მიყვარს, როცა ვინმე მენატრება და წინასწარ წარმოვიდგენ, ხელახალი შეხვედრის სიტკბოს. ხო, ეს ისე. არ შემეძლო, რომ არ მეთქვა relaxed
რაც შეეხება ამ თავს. მართლაც, რა უნდა ამ ქალს? საიდან მოვიდა? რატომ მოვიდა? რა აქვს ჩაფიქრებული და რამდენი ხნით აპირებს დარჩენას? ყველაფერი მაინტერესებს ძვირფას ვივიენზე. ჯერ-ჯერობით არ ვენდობი. სებასტიანი რომ უფრო მეგობრულად შეხვედროდა, იქნებ არც არაფერი დამენახა ამ ქალის საქციელებში საეჭვო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვენდობი. სებასტიანი მომწონს! ძალიან პრინციპული და კუშტი კაცი ჩანს. (კაცს ვამბობ, იმიტომ რომ საქციელებით ასაკოვანს ჰგავს, თორემ ვიცი, რომ ჯერაც ყმაწვილურ წლებშია) არ მეგონა, ამდენად ხისტადაც თუ დახვდებოდა სტუმარს. მაგრამ მის ერთ სიტყვასაც არ აძლევს გასაქანს. ძალიან აშკარად აგრძნობინებს, რომ მისი აქ ყოფნა არ სიამოვნებს. ასეთი დახვედრის მერე კიდევ უფრო მაინტერესებს, რა აკავშირებს სებასტიანს ვივიენის მამასთან.
გემის ამბავი კვლავინდებურად ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. და ეს წერილები... ძალიან მომეწონა ის ნაწყვეტი. კიდევ მეტი მინდა ვიცოდე <3
იცი, როგორ მაინტრიგებს ამ ორის დიალოგები? და ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის ყველაფერი, ამიტომაც უფრო დიდი ინტერესით გიცდი, ვიდრე ზოგადად.
მიხარია, რომ კარგად ხარ და რადგან დაგვიბრუნდი, ესეიგი ის პატარა ჯანმრთელობის პრობლემაც მოაგვარე. იმიტომ, რომ არ შეიძლება, შენ არ წერდე და არ გვახარებდე.
საოცარი გოგო ხარ, მარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
როგორი საკამათო ფრაზა დაურთე ამ თავს?! მაშინვე მაგრძნობინე, რომ დაბრუნდი. მე მაინც მგონია, ჯობია გყავდეს და გენატრებოდეს. მონატრებაც ხომ ძალიან სევდიანი, მაგრამ სასიხარულო გრძნობაა?! მე მაგალითად მიყვარს, როცა ვინმე მენატრება და წინასწარ წარმოვიდგენ, ხელახალი შეხვედრის სიტკბოს. ხო, ეს ისე. არ შემეძლო, რომ არ მეთქვა relaxed
რაც შეეხება ამ თავს. მართლაც, რა უნდა ამ ქალს? საიდან მოვიდა? რატომ მოვიდა? რა აქვს ჩაფიქრებული და რამდენი ხნით აპირებს დარჩენას? ყველაფერი მაინტერესებს ძვირფას ვივიენზე. ჯერ-ჯერობით არ ვენდობი. სებასტიანი რომ უფრო მეგობრულად შეხვედროდა, იქნებ არც არაფერი დამენახა ამ ქალის საქციელებში საეჭვო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვენდობი. სებასტიანი მომწონს! ძალიან პრინციპული და კუშტი კაცი ჩანს. (კაცს ვამბობ, იმიტომ რომ საქციელებით ასაკოვანს ჰგავს, თორემ ვიცი, რომ ჯერაც ყმაწვილურ წლებშია) არ მეგონა, ამდენად ხისტადაც თუ დახვდებოდა სტუმარს. მაგრამ მის ერთ სიტყვასაც არ აძლევს გასაქანს. ძალიან აშკარად აგრძნობინებს, რომ მისი აქ ყოფნა არ სიამოვნებს. ასეთი დახვედრის მერე კიდევ უფრო მაინტერესებს, რა აკავშირებს სებასტიანს ვივიენის მამასთან.
გემის ამბავი კვლავინდებურად ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. და ეს წერილები... ძალიან მომეწონა ის ნაწყვეტი. კიდევ მეტი მინდა ვიცოდე <3
იცი, როგორ მაინტრიგებს ამ ორის დიალოგები? და ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის ყველაფერი, ამიტომაც უფრო დიდი ინტერესით გიცდი, ვიდრე ზოგადად.
მიხარია, რომ კარგად ხარ და რადგან დაგვიბრუნდი, ესეიგი ის პატარა ჯანმრთელობის პრობლემაც მოაგვარე. იმიტომ, რომ არ შეიძლება, შენ არ წერდე და არ გვახარებდე.
საოცარი გოგო ხარ, მარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

ძალიან ძალიან მიყვარს შენი კომენტარები და განსაკუთრებით ის, როგორ იჭერ "ჩემს" მომენტებს და როგორ კითხულობ ისტორიასთან ერთად ჩემს სამყაროსაც.
ძალიან საინტერესო მკითხვრლი ხარ, გეთანხმები ყველაფერში და ის დაგვრჩენია დაველოდოთ რა იქნება.
დიდი მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ნიჭიერი ხარ. წერის სტილი გაქვს გამართული და დახვეწილი. მინდა დაუსრულებლად ვიკითხო შენი ისტორიები. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე.
ეს ისტორიაც გამორჩეულია ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძლივს მოვედი აქამდე და დამხვდა საოცრება...
საინტერესოა, რატომ ჩამოვიდა ვივიენი და რას უმზადებს მამამისს... ისიც საკითხავია, მამამისს უმზადებს თუ არა... საშიში ქალია უდაოდ, მაგრამ არავინ იცის ვისთვის... რატომ ცდილობს სებასტიანის გულის მოგებას? იმდენი ეჭვი მაქვს, არ ვიცი.
მომწონს, რომ სებასტიანი ასეთი პირდაპირია მასთან. ბუნებრივია, მაგრამ მაინც არ მომწონს, რომ ვივიენის ქალური მშვენებით იხიბლება. იხიბლება თუ არა, ეფიქრება მაინც. თუმცა ყველაფრის დასაწყისი ხომ ფიქრებია, მერე მოდის ხიბლიც და ყველაფერიც. ძლიან არ მინდა ასეთი ჭკვიანი და მკაცრი ადამიანი, ამ ერთი შეხედვით მარტივმა მიზეზმა მოტეხოს. არ აქვს მნიშვნელობა ვივიენს კარგი უტრიალებს თავში თუ ცუდი.
სიმართლე გითხრა, მირჩევნია, ჯერ პრობლემებში გაერკვნენ და გრძნობები შემდეგ ჩაერთონ საქმეში, მაგრამ, ხო, სასაცილოა, გრძნობები არავის არაფერს ეკითხებიან.
ამ ისტორიის სტილის სიმშვენიერესა და შენი მაგრობის შესახებ აღარ განვმეორდები...
უბრალოდ ვუცდი გაგრძელებას <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

Chikochiko
ძალიან ნიჭიერი ხარ. წერის სტილი გაქვს გამართული და დახვეწილი. მინდა დაუსრულებლად ვიკითხო შენი ისტორიები. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე.
ეს ისტორიაც გამორჩეულია ჩემთვის. წარმატებებს გისურვებ

უღრმესი მადლობა. საოცარი შეფასებაა ჩემთვის <3

lullaby
ძლივს მოვედი აქამდე და დამხვდა საოცრება...
საინტერესოა, რატომ ჩამოვიდა ვივიენი და რას უმზადებს მამამისს... ისიც საკითხავია, მამამისს უმზადებს თუ არა... საშიში ქალია უდაოდ, მაგრამ არავინ იცის ვისთვის... რატომ ცდილობს სებასტიანის გულის მოგებას? იმდენი ეჭვი მაქვს, არ ვიცი.
მომწონს, რომ სებასტიანი ასეთი პირდაპირია მასთან. ბუნებრივია, მაგრამ მაინც არ მომწონს, რომ ვივიენის ქალური მშვენებით იხიბლება. იხიბლება თუ არა, ეფიქრება მაინც. თუმცა ყველაფრის დასაწყისი ხომ ფიქრებია, მერე მოდის ხიბლიც და ყველაფერიც. ძლიან არ მინდა ასეთი ჭკვიანი და მკაცრი ადამიანი, ამ ერთი შეხედვით მარტივმა მიზეზმა მოტეხოს. არ აქვს მნიშვნელობა ვივიენს კარგი უტრიალებს თავში თუ ცუდი.
სიმართლე გითხრა, მირჩევნია, ჯერ პრობლემებში გაერკვნენ და გრძნობები შემდეგ ჩაერთონ საქმეში, მაგრამ, ხო, სასაცილოა, გრძნობები არავის არაფერს ეკითხებიან.
ამ ისტორიის სტილის სიმშვენიერესა და შენი მაგრობის შესახებ აღარ განვმეორდები...
უბრალოდ ვუცდი გაგრძელებას <3

გეთანხმები, უამრავი "რატომ?" შეიძლება დასვასს მკითხველმა. უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან ცოტა რამ ჩანს და ძალიან ბევრია დაფარული. თუმცა ისტორიის მხოლოდ დასაწყისი გვაქვს და ვფიქრობ, ნელ-ნელა, მათი ხასიათის გაცნობასთან ერთად უნდა ვიპოვოთ მიზეზები.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს.
დიდი მადლობა მარ <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

როგორც იქნა მოვიცალე...
თითქოს პატარა თავი იყო და ამ დროს ამდენი რამ მოხდა. სიმართლე გითხრა მათი პირველი შეხვედრით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. ცოტაც გული დამწყდა, ამ ფორმაში რომ იხილა სებასტიანმა ვივიენი. მერჩივნა მთელი თავისი სიდიადით წარმსდგარიყო თავადის წინაშე. თითქოს მაცდური გამოცნდა. არც სებასტიანის სიტყვებია მეამა. მართალია ვივიენი მისი მტრის შვილია და გასაგებია მისი დამოკიდებულრბა, კარგია გულწრფელი და პირდაპირი რომაა მაგრამ... რარაც ვერ მომხვდა კარგად.
რაც სეეხება ნაცნობობის მეორე ეტაპს, ვივიენი ჭკვიანი და საბედისწერო ქალის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ვგონებ რაღაცას უმზადებს სებასტიანს. ვახშმობის ეპიზოდი იმდენად ლამაზი და მომხიბვლელი იყო ჩემთვის. აქ გამოცნდა რაოდენ ჭკვიანი ქალია, შეფარვით ამცნო, რომ არც ისეთი უსუსურია როგორიც ჩანს. მომეწონა ვახშმობის იდეა. დიალოგზე სულ გადავირიე.
სებასტიანის წერილები მაფიქრებინებს რომ იმ გემზე მხოლოდ მისი განძი კი არა უფრო მეტია. ვფიქრობ მისი საყვარელი ქალი უნდა იყოს გემზე. წერილიდან ისე ჩანს.
სხვა რა ვთქვა? ძალიან ლამაზი ლექსიკა და დახვეწილი წერის სტილი რომ გაქვს, ხომ იცი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent