ოლეანდრა (4)
“დაღუპვითაც ეს წვრილმანები ღუპავენ ყველაფერს.“ *-*-* წელიწადნახევრის წინათ. ნამდვილი, ტრადიციული ფრანგული საღამო ჩამომდგარიყო. პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ რაიონში, ჟან ნიკოლა რიჩარდსის უზარმაზარ ვილაში საღამო გამართულიყო. ხმები დადიოდა, საფრანგეთის წარჩინებული, დამსახურებული ბატონი მოსახლეობას საჩუქარს უმზადებდა. შორიდანვე ისმოდა კლასიკური მუსიკის დაბალი, სასიამოვნო ხმა. თეთრი ვილის კედლებზე დაცემული სინათლე ცაში ირეკლებოდა. ძვირფას, საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალბატონები მოსაწვევების წარდგენის შემდეგ, ღიმილით უახლოვდებოდნენ ჟან ნიკოლა რიჩარდს, ხელზე ეამბორებოდნენ და ძვირადღირებულ, შუშხუნა ღვინოს აგემოვნებდნენ. ჟან ნიკოლა, საშუალო სიმაღლისა და წონის, ულვაშიანი, მკაცრი და დინჯი მამაკაცი იყო. ომგამოვლილი, იმჟამად საფრანგეთის საუკეთესო ღვინის მარნების მფლობელი. ამბობდნენ, სხვადასხვა ბიზნესშიც ჰქონდა წილი. სიმართლე კი ერთი იყო - ჟან ნიკოლას შიშითა და მოწიწებით, უზარმაზარ ქალაქში არაფერი ხდებოდა. მესიე მარტინესი კიბის ბოლოში იდგა, იქაურობას თვალს ადევნებდა და გამომშრალ ბაგეებს ღვინით ისველებდა. -მესიე, თქვენი სტუმარი ხუთ წუთში ადგილზე იქნება! -შესძახა წვერმოშვებულმა, გამხდარმა, კოსტიუმში აშკარად შეწუხებულმა ლაქიამ. რიჩარდსი მხრებში გაიმართა, კიბიდან გადახედა სტუმრებს და მუსიკოსებს მიუბრუნდა, მსუბუქად ასწია ხელი, ვიოლინოს ხმა სადღაც მიიკარგა. -Mesdames et Messieurs! წუთით, თქვენს ყურადღებას მივიპყრობ. -შესძახა ახალი ამბით გახარებულმა რიჩარდსმა. დარბაზში ჩურჩული შეწყდა, სტუმრები ადგილიდან არ იძვროდნენ და მომლოდინე მზერით შეჰყურებდნენ ჟან ნიკოლას. -წუთში, ჩემი საპატიო სტუმარი კარს შემოაღებს. მისი სახელი თქვენთვის, ყველასათვის ცნობილია, თუმცა ის პირადად არასდროს გინახავთ, ძვირფასო სტუმრებო, რამდენი თქვენგანის ყურადღებას მიიქცევს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი - ანდრე მორელი? -ჟან ნიკოლამ კმაყოფილებით სავსემ გადახედა სტუმრების ნასიამოვნებ, გახარებულ სახეებს და მოაჯირს დაეყრდნო. კარში გაღიმებული იდგა მაღალი, ლურჯთვალება მამაკაცი. სანდომიანი ღიმილითა და დახვეწილი ნაკვთებით. კაცმა ხელები გაშალა, დარბაზი შეათვალიერა და ნელა დაიძრა მასპინძლისაკენ, თუმცა არ დასცალდა, მას წინ გაუსწრო სასიამოვნო აღნაგობის, ახალგაზრდა ყმაწვილმა და იმ კიბეზე ავიდა, სადაც მესიე ჟან ნიკოლა იდგა. ბატონს ციებცხელებიანივით დაექაჩა თვალები და მის წინ გადაშლილ სურათს ვერაფრით იჯერებდა - მის წინ თითქოს წარსულიც აჩრდილი გაცოცხლებულიყო. ახალგაზრდა მთელი ტანით შემობრუნდა. ის იყო მაღალი, სასიამოვნო აღნაგობის, ოცდახუთი წლის მამაკაცი. მშვენიერ სახეზე ღიმილის კვალიც კი არ ეტყობოდა, მისი ზუსტი, ლამაზად მოხაზული ნაკვთები ბრაზით მოღრეცილიყვნენ. იგი ჟან ნიკოლას გაუსწორდა, თვალი თვალში გაუყარა და შეკრებილ საზოგადოებას მიუბრუნდა. შენიშნა, როგორ გაისწორა ყელზე მოჭერილი საყელო რიჩარდსმა და გამარჯვების სურნელი შორიდანვე იგრძნო. -მოგესალმებით, პატივცემულნო! -ხელები გაშალა ახალგაზრდამ. თვალი მოავლო დაბნეულ საზოგადოებას. შეხება იგრძნო მკლავზე, თუმცა ხელი აუქნია. -მე მოზამბიკის სრუტისა და მაიოტას თავადი, სებასტიან გრეი გახლავართ. თვე ახლახანს შესრულდა, რაც მამაჩემი, ჟაკ გრეი გარდაიცვალა. -განსვენებულის ხსენებასთან ერთად, მამაკაცის გამხელილმა ვინაობამ სიმსუბუქე შესძინა დარბაზს, მხოლოდ ერთი ადამიანი მიეყინა ადგილს - ჟან ნიკოლა რიჩარდსი. -პატივცემულო, მესიე რიჩარდსმა ახლახანს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი თავისთან მიიწვია, მესიე ანდრეი აქ დგას და მოთმინებით ელოდება, როდის დაუთმობთ ასპარეზს. -გვერდით ამოუდგა სებასტიანს ლაქია. თავადმა ბრაზით გადახედა ჯერ ერთს, შემდეგ უკან მოიხედა და ერთი თავით დაბალი, სავარაუდოდ, ვინმე ანდრეი მორელი შეათვალიერა. ახალგაზრდას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლით იქნებოდა თავადზე უფროსი, სასიამოვნო გარეგნობა და ეშმაკურად მოელვარე თვალები ჰქონდა. სებასტიანმა დაკვირვებით აათვალიერა, ჩაეცინა, თუმცა არაფერი შეიმჩნია. მათი მზაკვრული მზერა თითქოს გარდამავალმა წამმა გადაკვეთაო - ახალგაზრდებმა ერთმანეთის განზრახვა წამში ამოიკითხეს და დადუმდნენ. -იცით, თქვენი საზოგადოება საერთოდაც არ მადარდებს. -ცივად მიუგო სებასტიანმა და რიჩარდს მიუბრუნდა. -მესიე, თუ ახლავე არ გამომყვებით, თქვენს შრომას წყალში ჩავყრი. მჯერა, პატივცემული ანდრეი უთქვენოდ მოახერხებს საკუთარ ღვაწლზე საუბარს. -და შენ ვინ ხარ ასეთი? -გამოექომაგა სტუმრებიდან ერთ-ერთი, ასაკოვანი კაცი. -მე თქვენს მეღვინეზე მეტი გავლენა მაქვს, პატივცემულო. უფრო სწორად, ღვინო, რომელსაც მიირთმევთ... თუმცა, თქვენთვის ეს ზედმეტია. -ხელი ჩაიქნია თავადმა და ცივად გადახედა საზოგადოებას. -წამობრძანდით, სებასტიან, აქეთ წამოდით! -თითქოს ძლივს მოაბრუნაო ენა რიჩარდსმა, მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი სებასტიანს და დარბაზი ერთად დატოვეს. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გასულიყო, რაც ჟან ნიკოლა რიჩარდსმა და სებასტიანმა პირველად ნახეს ერთმანეთი. იმ საღამოს, რაც მათ შორის მოხდა, იმ დარბაზშივე დარჩა და მხოლოდ ფორმალურად შემორჩა ძველისძველი, გაცრეცილი საქაღალდეები. მხოლოდ წამოსვლისას გაიგონა სებასტიანმა, რომ თურმე საღამო ჟან ნიკოლა რიჩარდსის ერთადერთი ქალიშვილის წარდგენას ემსახურებოდა - ქალი იმ დღეს შესრულებულიყო სრულწლოვანი და მამას გადაეწყვიტა ოთხი კედლის ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა. წამითაც არ დაინტერესებულა თავადი, ჩაბნელებული, ნისლისფერი პარიზი იმ ღამეს დატოვა და მუდამ ნათელ, ცივ, მაგრამ სიყვარულითა და მამის ხსოვნით გამთბარ მაიოტას მიაშურა. მას შემდეგ, რაც სებასტიანს ქალზე სმენოდა, მხოლოდ მისი სილამაზის ქება იყო. ქალს ხოტბას ასხამდნენ, მის შესადარს თურმე მთელ სამყაროში ეძებდნენ და ვერ ეპოვათ - თავადს ეღიმებოდა ხოლმე, მუდამ ჩაეკითხებოდა სხვებს, შეუცვლელი ხომ არაფერი აქვსო? მართლაც, თითქოს ეს დაბრძენებული, იდუმალი ახალგაზრდა კაცი ვერაფრით იჯერებდა ამქვეყნიურ სილამაზეს. სებასტიანს არც მაშინ შესცვლია წარმოდგენა, როცა ქალი პირველად, მოშრიალე, თხელ კაბაში დაინახა. მხოლოდ მამაკაცურმა ღელვამ გაუარა სხეულში, ისიც მხოლოდ წამით და მას შემდეგ ის ამაღელვებელი გრძნობა სამუდამოდ დადუმდა მასში. სულ ფიქრობდა თავადი, ამ ახალგაზრდა, ჯერ გამოუცდელ ქალს რა უნდა ჰქონოდა მიზნად, საერთოდ იქნებ, ერთ დღეს აღმოეჩინა, რომ მისი ხედვა იყო მზაკვრული?! იქნებ ყველაფერი ეჩვენებოდა, რადგან ოჯახურ წყენას ვერაფრით ივიწყებდა? ხომ შესაძლებელი იყო, ქალის ქცევა მხოლოდ მისი სიკეკლუცე ყოფილიყო და არა რაღაც შორეული, ავად მომზირალი მომავალი? თუმცა არა. ყოველ ჯერზე, როცა თავადი შორიდან აკვირდებოდა ქალიშვილს, ხედავდა მის თაფლისფერ თვალებში ეშმაკის მზერას და მის სულში გაუთავებელ, წყვდიადით მოცულ არეულობას. „ზოგჯერ ძალიან გვსურს, რომ ადამიანები კარგები აღმოჩნდენ. მათი კი არა, საკუთარი ემოციის გვეშინია, საკუთარი ეგოსი, რომელიც იმდენს გააკეთებს, ძაძით შემოსავს თავის თავს და იხეტიალებს მანამ, სანამ ქარი არ გაფანტავს დატოვებულ ფერფლს.“ -გაიფიქრებდა ხოლმე თავადი და ღრმა ფიქრებს მიეცემოდა. -თუ ღმერთი გწამთ! -შესძახა დარბაზში იმ წამს შესულმა მისტერ კლოდმა, როცა თავადი კვლავ იმ პოზაში დაინახა, მთელი კვირა რომ იჯდა. -ზოგჯერ ძალიან მაკვირვებთ, თავადო! გსმენიათ რა ამბავია გარეთ? გაიგეს, რომ თქვენი საგანძურიდან უძვირფასესი ნივთი დაიკარგა, ათასი ამბავი შეთხზეს ამ შეჩვენებულებმა! -შეიკურთხა კლოდმა და თავადს გადახედა, რომელიც მშვიდად უყურებდა და არაფერს ამბობდა. -ამბობენ, ქურდი უეჭველად რომელიღაც ლაქიააო. ვერ ბედავენ ქალიშვილზე ეჭვის მიტანას, თორემ გულში ათასჯერ მაინც გაუელვებდათ. ადექით, გამოჩნდით, ხალხი დააწყნარეთ, თორემ შიშით ვეღარაფერი გაუკეთებიათ, ფიქრობენ, ჩვენც თავადის ბედს გავიზიარებთ და თუკი რამ ძვირფასი გვაქვს დავკარგავთო. -მისტერ კლოდ, რა დროა გასული, რაც ხალხის მითქმა-მოთქმით დაინტერესდით? ისინი ყოველთვის საუბრობდნენ, მხოლოდ ხმამამღალი მიზეზი არასდროს ჰქონიათ. დაიკარგა! რას ვიზამთ ჩვენ, მხოლოდ ყბედობით? -ყბედობითო, ო, თავადო, ძალიან მძიმე ხასიათისა ბრძანდებით. თქვენ თვითონ განაცხადეთ უარი გამოძიებაზე, ცივი უარით გაისტუმრეთ მაიოტას კანონდამცველები. -მისტერ კლოდ, ზოგჯერ მგონია, რომ ფიქრი გეზარებათ! -შეიღრინა თავადმა. მისტერ კლოდს თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან. -ანტუანი სად არის? ორი დღეა თვალით არ მინახავს. -იმიტომ რომ მე დავავალე ასე. -რა უფლებით, კლოდ? -ის ვივიენთანაა საჭირო. ქალი როგორც ჩანს, ენდობა მას. ასე ვიფიქრე, სანამ თავადი გამოფიტული და ამქვეყნიური სარტყელიდან გასულია, ანტუანს სასარგებლო საქმეს გავაკეთებინებ-მეთქი. საწყალი ბიჭი, სულ აქეთ-იქით დარბის, ახლა ეტყობა, დასვენებულიცაა. -სებასტიანმა მუშტად შეკრული ხელი მაგრად დასცხო მაგიდას და ფეხზე წამოდგა. -ეს რა გააკეთეთ, კლოდ? ანტუანს სუფთა გული და კეთილი განზრახვა აქვს, პირდაპირ მტრის ბუნაგში შეაგდეთ, არა? ბიჭი გეცოდებათ, თუ ხელის გასვრა არაფრად გიღირთ? მაინც არ მესმის, როგორ გაბედეთ ანტუანი ვივიენის ლაქიად გექციათ? კლოდ, თქვენს წინდაუხედაობას საზღვარი აღარ აქვს! მარტო დამტოვეთ. რაც შეეხება ანტუანს, დაუყონებლივ აქ გაჩნდეს! მოუსვენრობასა და ბრაზს შეეპყრო მაიოტას თავადი. ვერ იჯერებდა, რომ ჯერ გამოუცდელი, გულღია და ერთგული ანტუანი ვივიენის კლანჭებში ჩააგდო მისტერ კლოდმა. ამჩნევდა, ამ კაცს დიდად გულზე არ ეხატებოდა ანტუანი, განსაკუთრებით, არ სიამოვნებდა, როცა მათ შეკრებებს ესწრებოდა - თვლიდა, ანტუანი რა ჩვენი წრის კაციაო და ტუჩს უბზუებდა ხოლმე. -მაინც როგორ გაბედა? -გაბრაზებულმა სებასტიანმა სკამი ესროლა ბუხარს. მის ქვის კიდეებზე ჩამოიმტვრა და მიმოიფანტა ნამსხვრევები. -ბატონო, ჩემი ნახვა გსურდათ? -მორიდებით, ნელა შემოვიდა ანტუანი დარბაზში და თვალი მოავლო წამის წინ მომხდარს. მზერა სებასტიანისკენ გააპარა, რომელიც დანანებით შეჰყურებდა ბიჭს და თვალებში ბრაზთან ერთად სიხარულის ნაპერწკლები უკრთოდა, თითქოს ვივიენი მართლაც დაუშავებდა რამეს. -მინდოდა, ანტუან! შემოდი, დაჯექი. ღვინოს მიირთმევ? -დატრიალდა თავადი. ბიჭს ჯერ გაოცება დაეტყო, შემდეგ დაიბნა კიდეც და ყოყმანით ჩამოჯდა. პირველად ენახა თავადი ამ დღეში. -ახლავე ყველაფერი მომიყევი იმ დღიდან მოყოლებული, რაც მისტერ კლოდმა ვივიენთან მუშაობა დაგავალა. დეტალურად, ანტუან. არაფერი დამიმალო, ძალიან გთხოვ. -ბატონო, არ მესმის... -ყოყმანობდა ანტუანი. მის უტყუარ, ბავშვურ სახეს წუხილი დასტყობოდა. სებასტიანისთვის ნათელი გახდა, ანტუანმა იცოდა რაღაც, რისი თქმისაც ძალიან ერიდებოდა, ან ეშინოდა. -ანტუან, არ მინდა ისე მოგთხოვო, როგორც თავადმა. ჩვენი მეგობრობის ხათრით მაინც, არაფერი დამიმალო. -ანტუანი წინ გადაიწია, ბუხარს მიუშვირა გაყინული ხელები და მზერა იატაკს ესროლა. ღრმად, მონოტორულად სუნთქავდა. დაიძაბა თავადი, საზურგეს მიეყრდნო რაღაც ცუდის, არასაიმედოს მოლოდინში. რაღაც კარნახობდა, ვიღაც ცდილობდა ანტუანი შიგნიდან გაეტეხა და სამწუხაროდ, პროგრესიც კი ჰქონდა. -ბატონო, ვიცი, გამინაწყენდებით, თუმცა... ადრე გითხარით, ქალბატონი თქვენთან საბრძოლველად კი არა, თქვენი დახმარების იმედად ჩამოვიდა-მეთქი. ეს მაშინ მხოლოდ ჩემი აზრი იყო, თუმცა რა დროც ქალბატონთან გავატარე, მგონი დავრწმუნდი კიდეც. ვიცი, ძალიან გეწყინებათ. -თავი დახარა ანტუანმა, სებასტიანმა ღრმად ამოიოხრა, მისი ნათქვამი კი არ სწყინდა, არამედ ანტუანის გულუბრყვილობა სტკენდა. -ანტუან, გულუბრყვილო ხარ. -შესაძლოა, თავადო. თუმცა პირველ რიგში, ადამიანი ვარ. არ მინდა, რომ ვინმე გავანადგუროთ, ბოლოს კი მივხვდეთ, რომ შევმცდარვართ. ვიცი, თქვენი პრობლემა იმაზე დიდია, ვიდრე ქალბატონი ვივიენის სტუმრობა, თუმცა ნუ დაემსგავსებით მათ. ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელსაც დროც კი ვერაფერს აკლებს, კეთილსინდისიერებაა. მომიტევეთ, ბატონო, ქალაქის საბჭოში თქვენთვის წერილებია გადანახული. უნდა წავიდე. -ანტუანი წამოდგა, განცვიფრებული შეჰყურებდა სებასტიანი ასე შეცვლილ, თითქოს ანტუანის ანარეკლს და სიტყვასაც კი ვერ აგდებდა მის მონოლოგში. მხოლოდ უსაზღვრო ზიზღს გრძნობდა იმ ქალის მიმართ. ზიზღს და ბრაზს, რომ ამდენის უფლება მისცა, ასე შორს გაუხსნა საზღვრები. -რაც შეეხება ქალბატონს, მასთან აღარ მივალ, გპირდებით. -გაუღიმა ანტუანმა. ამ ახალგაზრდა, გულუბრყვილო და ნატკენ ადამიანს ისეთი კეთილი და ლაღი ღიმილი შეეძლო, ერთბაშად ჩაიღვარა სებასტიანის გულში ყველა სიკეთე. თავი დაუქნია ანტუანს, გასვლა დააცადა და თვალები დახუჭა. -რა ჯანდაბა გინდა, ვივიენ. რისთვის ხარ აქ? თუკი გიჭირს, რატომ მებრძვი? ნუთუ მამოწმებ? შენი საცდელი ვირთხა გგონივარ? -ბრაზობდა ხმამაღლა, თუმცა ამით ვერაფერს უშველიდა, ახსოვდა საკუთარი დანაპირები ვივიენთან - მისცემდა უფლებას გაეკეთებინა ყველაფერი, ბოლოს კი სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა. სებასტიანმა იმ დღის შემდეგ ისე დაიწყო სტრატეგიის შემუშავება, როგორც უიარაღოდ მებრძოლმა. მანამდე, თითქოს ვივიენს მთელი შეგნებით აიგნორებდა, თუმცა არ მოსწონდა ის აზრი, რომ ეს უკანასკნელი იარაღად ანტუანს იყენებდა. არც კი სურდა დაეჯერებინა, რომ უარესს აკეთებდა - მეგობარში ეცილებოდა და ანტუანს უზიარებდა თავის ნამდვილ სახეს. დარბაზიდან თითქმის არც კი გადიოდა, სტუმრებს არ იღებდა, ცოტას ჭამდა და მისტერ კლოდის სახელის გაგონებაზეც კი ბრაზი იპყრობდა. ყველამ იცოდა, სებასტიანის კარჩაკეტილობა მცირე ხანს გასტანდა და გულკეთილი ბატონი აუცილებლად ფართოდ გააღებდა მასთან მისასვლელ ყველა კარს, მხოლოდ დრო სჭირდებოდა მას. ამ დროს კი ყველა აძლევდა, ერთის გარდა. ერთი, რომელიც ყოველ წამს, ყოველ წუთს მოუთმენლად ელოდა დარბაზის კარის გაღებას და იქიდან ამაყი, თავაწეული თავადის გამოსვლას. ვივიენი ის ერთადერთი იყო, რომელსაც ვერაფრით გაეგო სებასტიანის ქმედებების აზრი. ჯერ გაქურდეს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოპარეს, შემდეგ ანტუანთან თითქმის მხოლოდ საქმიანი საუბრები დარჩა, მისტერ კლოდი საერთოდ აღარ იყო მისი სტუმარი და არც საბჭოს ყეყეჩი წევრები სტუმრობდნენ. აკვირდებოდა, მხოლოდ ერთხელ შეუტანდა დიასახლისი ვახშამს და მეორე დღეს, თითქმის ისეთივე სავსე გამოჰქონდა იქიდან. თვითონ ვერ გაებედა შესვლა, მხოლოდ შორიდან შეჰყურებდა გადარაზულ კარს და ხელებს იმტვრევდა. ჯერ ცხენებით ისეირნა, შემდეგ ზამთრის დღესასწაულებსაც დაესწრო, ქალაქს გაეცნო, როგორც თავადის სტუმარი და გაოცებულიც კი დარჩა, როცა ღვარძლისა და ბოროტების ნაცვლად სიკეთე და სითბო მიიღო. თითქოს ვივიენსაც შეცვლოდა გეგმები, მის წარმოსახვაში აღარ იყო მაიოტას თავადი ბნელით მოცული მამაკაცი, არც მისი ქალაქი იყო მოჩვენებითად კარგი და არც ეს გარემო გახლდათ მოსაბეზრებელი. *-*-* თავადი დარბაზში იჯდა და წერილებს კითხულობდა, როცა კარი ანტუანმა შეაღო და შეატყობინა, თქვენთან შორეული ქალაქიდან ჩამოსული სტუმარი მობრძანდაო. ბოლოს, როცა სტუმარი დაუკითხავად მიიღო, გულისშემაწუხებელი გაკვეთილი ისწავლა, ამიტომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე ასწია თავი და ანტუანს ყველა დეტალი გამოჰკითხა. მხოლოდ ის გაიგო, რომ მდიდრულად ჩაცმული, ახალგაზრდა მამაკაცი მოთმინებით იცდიდა მისაღებ დარბაზში და სადილსა და ღვინოზე უარს არ უცხადებდა მასპინძელს. -საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს თავნება სტუმრების მასპინძლობა?! -ბრაზით მიაგდო წერილები თავადმა და საძინებელში ჩაიკეტა. იქიდან ელეგანტურად გამოწყობილი, თმადავარცხნილი და მოწესრიგებული გამოვიდა. ანტუანს დაუბარა, არავინ შეგვაწუხოსო, ამ სიტყვებით კი, რა თქმა უნდა, ვივიენი იგულისხმა. დარბაზში საჭმელ-სასმელის შეტანის შემდეგ, ანტუანიც და მისტერ კლოდიც დარბაზიდან გავიდნენ. თავადმა კარი გადარაზა, კუთხეში იდგა და ჯერ კიდევ გაოცებული, განცვიფრებული შეჰყურებდა სტუმარს. მისი სტუმრობა ვერაფრით დაეჯერებინა, ეგონა, ამდენხნიანმა კარჩაკეტილობამ ჰალუცინაციები გამოიწვიაო და შეუმჩნევლად, თუმცა გაუჩერებლად ახამხამებდა თვალებს. -სებასტიან, დიდ ხანს იდგები ასე შორს? გადაეხვიე შენს მეგობარს, შენს გულშემატკივარს და პარტნიორს. -გაისმა მხიარული ხმა დარბაზში. სებასტიანი საბოლოოდ გამოერკვა, ნელა დაიძრა დარბაზის შუაგულისკენ და სავარძელში მოკალათებულ სტუმარს ზემოდან დახედა. -ანდრე, ჩემს სავარძელში ზიხარ. -გაგონებისთანავე მხიარულად წამოდგა სტუმარი, სავარძლის კიდეები გადაწმინდა და ღიმილით დაუთმო თავადს. თვითონ მის პირდაპირ ჩამოჯდა, კვლავ მხიარული და უდარდელი გამომეტყველებით. -სებასტიან, რა დროც არ უნდა გავიდეს, თუნდაც ერთი წამის შემდეგ შემოგხედო, მაინც მომეჩვენება, რომ მეტად დაბრძენებული ხარ. -ანდრე. -ვიცი, ვიცი. არ მელოდი. მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთი ალქაჯი გყავს სახლში. ისე, არ მიწყინო, თუმცა ძალიან არ გამიხარდება, თუ ჩემს აქ ყოფნაზე რამეს შეიტყობს. -რას მთავაზობ ანდრე, კარადაში დაგმალო? -გაბრაზდა სებასტიანი და წყლისფერი თვალები ბოროტად მიანათა სტუმარს. -სებასტიან. -რაც არ უნდა მითხრა, თუნდაც შენი ხუმრობები, ან დასკვნები, საერთოდ არ მადარდებს, ანდრე. საქმეზე გადადი, თუკი საერთოდ გაგაჩნია და მითხარი, ამჯერად რა გინდა. -ამის გაგონებაზე სტუმარი დაიძაბა, სახიდან ჩამოიხსნა მხიარული გამომეტყველება. სებასტიანის წინ ახალგაზრდა, წვერგაპარსული, ლამაზი მამაკაცი იჯდა. ღრმად ჩაისუნთქა ანდრემ და მოიხარა. უცხო საგნებზე გაშტერდა მისი მზერა. -გავიგე, ვივიენი შენთან ჩამოსულა სტუმრად. მერწმუნე, მე მასთან საქმე საერთოდ არ მაქვს, პირიქით, ის კრთის ჩემი სახელის გაგონებაზე. ფიქრობს, რომ კვლავ ის განმეორდება, რაც წელიწადნახევრის წინ, მის იუბილეზე მოხდა. აქ უფრო... უფრო ეგოისტური მიზეზების გამო ვარ. როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, ჟან ნიკოლას საღამოზე, ერთმანეთს მზერა გავუცვალეთ- შენ მიმიხვდი თაღლითობას, მე კი ზუსტად გამოვიცანი რა გინდოდა იმ ღამეს. ვიცი, ჩემი ვალიდან ამოსული ხარ, თუმცა ვბედავ აქ მოსვლას და კიდევ ერთხელ თხოვნას. -ჩაახველა ანდრემ, მორიდებითა და სირცხვილით საუბრობდა, თუმცა ერთ გრამ ნდობასაც კი არ იწვევდა სებასტიანის მზერაში. -ხვდები, მეგობარო? ისევ დავიწყე ეს წყეული თამაში! იმ საღამოს შემდეგ, რიჩარდსმა ხელი აიღო ჩემს დახმარებაზე, მისმა უარმა დანარჩენი ბატონები შეაფიქრიანა და მათაც ნაგავივით მომისროლეს. ჩემმა თაღლითობის ნიჭმა ვეღარ მიშველა, მხოლოდ დანაზოგის გაფლანგვა შემეძლო იმედით, რომ ორჯერ, ანდაც ოთხჯერ მეტს მოვიგებდი. ამას კი ვაკეთებდი დაუსრულებლად, მანამ მაინც, სანამ გროშები არ დამრჩა. იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ფული გთხოვო, უკანმოუხედავად წავიდე და კვლავ გავფლანგო. აქ დასახმარებლად, ანდაც საკუთარი თავის შემოსათავაზებლად ჩამოვედი. თუკი რაიმეში გჭირდება ჩემი ნიჭი, მე აქ ვარ. -დაასრულა მონოლოგი ანდრემ და თავხედურად ახედა მომღიმარ თავადს. -ანდრე, ორი რამ მინდა გითხრა. ერთი ძალიან არ მოგეწონება, მეორე კი - საშინლად. პირველი, ყველაფერი, რაც დაგემართა, შენი წინდაუხედაობის ბრალია. მეორე, შენ მე მატყუებ და მე ამ ტყუილს ახლა ღალატად ჩავთვლი. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა, მე წარმოდგენაც არა მაქვს იმ საღამოს რა მოხდა. მხოლოდ იმ კაცის სანახავად მოვედი. არც კი ვიცოდი, რომ ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც მისსავე დაბადების დღეზე თაღლით კაცზე ნიშნავდა. ისიც არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა. ვეჭვობ, ნიშნობა ჩაიშალა, შენ რაღაც ჩაიდინე, ჟან ნიკოლა განარისხე და მისი ქალიშვილი აამხედრე. აბა, ვცდები? -არ ცდები, სებასტიან, თუმცა რაც მე გავაკეთე... თავს არ ვიმართლებ, მერწმუნე, არ მინდოდა ვივიენი ისე დამეზარალებინა... -სებასტიანი ჩაფიქრდა. წუთით უყურა ანდრეს და ახალი იდეით გაბრუებული გადაიწია მისკენ. -ამ ქალაქს რაღაც მისტიური ძალა აქვს, კაცს დახმარების სურვილს ქვესკნელიდან ამოუძვრენს-ხოლმე. -გაეღიმა სებასტიანს. -დაგეხმარები, შენ კი ყველაფერს მეტყვი იმ წყეულ ღამეზე და იმაზეც, საერთოდ რა სურს ვივიენს ჩემგან. მხოლოდ მაშინ მიიღებ დახმარებას, თუკი მონაყოლში არ ითაღლითებ. -ანდრე შეფიქრიანდა, დიდ ხანს იფიქრა, როგორც ჩანს აწონ-დაწონა რისკები და მოვლენები. მოსწონდა სებასტიანს ეს მოლოდინი, რადგან ჩვეულებისამებრ, ამდენხანს ფიქრს ადამიანი თანხმობამდე მიჰყავს. -შევთანხმდით. -დასთანხმდა ბოლოს მორელი და სასაუბროდ მოემზადა. იმ საღამოს ბევრი ისაუბრეს, სებასტიანი კმაყოფილების ნაცვლად, ზიზღრს გრძნობდა. ცეცხლს მიშტერებოდა და ღვინის ბოკალს ატრიალებდა ხელში. -სებასტიან, არაფერს იტყვი? -დაღალა ანდრე მისმა დუმილმა. სებასტიანი წამოდგა, ბოკალი გადადო და კოსტიუმი შეისწორა. -თანხმობას. -თქვა მან ხმადაბლა. -მხოლოდ და მხოლოდ თანხმობას. -გახარებული ანდრეს გამოწვდილ ხელს იგნორი შეაგება თავადმა, წელში გასწორდა, ერთად დაიძრნენ დარბაზის კარისკენ და ვიდრე სებასტიანი მოასწრებდა გასვლას, მის ყურს სასოწარკვეთილი შეყვირება მისწვდა. მის წინ იდგა ვივიენი, სახეშეშლილი, ფერდაკარგული, ტკივილიანი მზერით სავსე შეჰყურებდა ანდრე მორელს და ერთიანად კანკალებდა. საგულისხმო კი ის იყო, რომ წამის მეათასედში მოახერხა ტკივილმა ქალის სხეულის დაგრეხა, დაპატარავება და ლპობის დაწყება. თუმცა ქალმა მაინც მოასწრო სებასტიანისკენ გადახედვა, მუქარით სავსე მზერის შეგებება და პირის მოკუმვა, თითქოს სამუდამოდ გადაეწყვიტა დადუმება. ის გარდამავალი წამი იყო მხოლოდ, შემდეგ ქალი ნელა შებრუნდა, კიბეს აუყვა და საძინებლის კარი ჩაკეტა. ანდრე მორელს საძინებელი გაუმზადეს, მოასვენეს და კარგა ხანიც იყო, რაც მშვიდად ეძინა. მხოლოდ სებასტიანი იდგა ვივიენის საძინებლის კართან, თავდახრილი და ნანობდა, რომ საერთოდ მოუსმინა მორელს. *-*-* კვირა იწურებოდა, რაც თავადს არც ვივიენი ენახა, არც ანდრე მორელი. დიასახლისმა შეატყობინა, ბატონი ანდრე მზის ამოსვლისას გადის და შუაღამეს ბრუნდებაო. საბოლოოდ შეეპარა ეჭვი თავადს ანდრეს სანდოობაში, თუმცა იმ ერთადერთ დღეს, სურვილი არ ჰქონდა მისსავე სახლში გამართული ინტრიგებისთვის ყური ეგდო. ციოდა, თოვდა, მაგრამ მაინც უჩვეულო სითბო ტრიალებდა გარეთ. სებასტიანმა თბილად ჩაიცვა, ეზოში გავიდა და ქანდაკებას შემოუარა. ხელით გადაწმინდა მისი ფრთებიდან თოვლი, სახეზე მიეფერა ქალის გამოსახულებას და ხელოვნების ამ შედევრით ტკბობას მიეცა. ვერ დააკმაყოფილა ამან, სახლს შემოუარა და მის ქვემოთ გადაშლილ, უნაპირო ოკეანეს დააცქერდა. გემს ელოდა. მთელი გულით და სულით ელოდა გემს, რომელიც იგვიანებდა და რაღაც ძალიან ბნელი, მტკივნეულად გადასატანი მოჰქონდა ოკეანის სიღრმეებიდან. თითქოს აღარც სურდა ის წერილები მიეღო, ის მიეღო, რასაც ასე ელოდა, რადგან ამასთან ერთად იმ ტკივილის მიღებას გრძნობდა, რომელზეც არც კი იცოდა, აიტანდა თუ ვერა. ან თუ აიტანდა, შეძლებდა თუ არა ამით ცხოვრებას, იმ ტვირთის ზიდვას, რაც მხრებზე დააწვებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული, როცა სრულიად შემთხვევით გაიშრიალა წითელმა მაღლა. აიხედა თავადმა, მრგვალ აივანზე იდგა ვივიენი და სივრცეს მიშტერებოდა. განსხვავდებოდა იმ მოლაპარაკე, თავნება ქალისგან,რომელიც სხვა დროს თავადს არ დაასვენებდა და კითხვებით აავსებდა. ქალი ფერდაკარგული დაყრდნობოდა სუსტი იდაყვებით აივნის კიდეს და ცას შეჰყურებდა. მისი ჟღალი თმა ფრიალებდა, აჩენდა თეთრ, გრძელ და მოქნილ კისერს. ქალს თხელი, უზურგო, საშინაო კაბა ეცვა. სებასტიანმა ერთხანს იყოყმანა, ბევრიც იფიქრა, შემდეგ სახლის უკანა კარში გაუჩინარდა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქალის საძინებლის კარი შეღებული დახვდა. თუმცა ვიდრე შევიდოდა, დიდ ხანს ფიქრობდა. ყოყმანობდა, თუმცა ძალიან კი უნდოდა მიზეზის გარკვევა, რატომ შეაწუხა ქალი ანდრეს დანახვამ ასე. ასე, რომ შურისძიებაც კი გვერდზე გადაედო და მხოლოდ განმარტოებას მისცემოდა. მსუბუქად დააკაკუნა კარზე თავადმა და შიგნით შევიდა. ვივიენი უკვე საწოლზე იჯდა, შესულს მზერა გაუსწორა და წამოდგა. -მივხვდი, რომ ჩემთან ამოხვიდოდით და კარი განგებ გაგიღეთ. -დღეს რამ შეგიცვალათ აზრი, მორიგი გეგმა მოიფიქრეთ? -როცა განმარტოება მოგინდებათ ხოლმე, მაშინ მე და თქვენ ძალიან ვემსგავსებით ერთმანეთს. მაშინ თავადი სებასტიანი კი არა, ლოდინით აღსავსე მამაკაცი ხართ და ეს ერთადერთი სინამდვილეა, რაც კი თქვენს გარშემო არსებობს. -ვივიენ, თქვენი ჩამოსვლის დღიდან, ჩვენს შორის მტრობა გაჩნდა. არ ვიცი რამ შეგვიშალა მე და თქვენ გეგმების დაწყობაში ხელი, რატომ გავჩერდით და აღარ ვიყრით ჯავრს ერთმანეთის გვარებზე, თუმცა ეს კაცი ძალიან მაფიქრებს. ვიფიქრე, თავს დაცულად არ გრძნობთ, მე კი ამ ქალაქის თითოეულ ცოცხალ არსებაზე შემტკივა გული. ვალდებული ვარ, დაგიცვათ, თუკი ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია. -ვივიენი კვლავ ჩამოჯდა, კაბის კალთა გაისწორა და ღრმად ამოიოხრა. -ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, როცა რაღაც მიჭირს, მიხარია, ან რაღაც ძალიან მსურს, თავს წიგნის პერსონაჟად წარმოვიდგენ, ამ რეალობას კი - წიგნის სამყაროდ. შემდეგ ვკითხულობ ამ წიგნს, ზოგჯერ მის ავტორს ვსაყვედურობ, როგორ სწრაფად, როგორ უღიმღამოდ მიაყოლე ყველაფერი ერთმანეთს, ხომ შეგეძლო მოგეცადა, დაგეწყო მოვლენები და მეტად აღარ აგერია-მეთქი. მაგრამ წიგნიდან ფურცლებს ვერ ამოვგლეჯ, თითქოს ყველაფერი გაუთვალისწინებლად ხდება. მანამ, სანამ მოვასწრებდე გაანალიზებას. ჩემსა და თქვენს შორის,მგონია, იმაზე დიდი უფსკრულია, ვიდრე გვარებს შორის სულელური დაპირისპირებაა. მე და თქვენ ერთმანეთს სულებით ვებრძვით, ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ის იქნება, ვისი სულიც მეტს გაუძლებს. თუ გამარჯვებას ზეიმობთ, თუ ეს კაცი ჩემს გასატეხათ, შურისსაძიებლად მოიყვანეთ, გეტყვით, რომ მხოლოდ გულს შეეხეთ. გულს, რომელიც დიდი ხანია სათანადოდ აღარ ფეთქავს. ანდრე მორელი, კაცი, რომელიც იმაზე უფრო ეშმაკია, ვიდრე მე და თქვენ, თქვენს სათამაშოდ ვერ აქცევთ. პირიქით, თავადო. კეთილშობილო, გულუბრყვილო თავადო, ასე რომ შეგტკივათ გული თქვენს ლაქიებზე, როგორ გამოგეპარათ, რომ ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბრძანდებით? მორელმა ისეთ მორევში ჩაგითრიათ, საიდანაც ვერასდროს ამოხვალთ. ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს, სულელია, თუმცა ადამიანი, რომელმაც წარსული იცის, თუმცა აწყმოთი ტკბება, ყველაზე უფრო საშიში იარაღია, რაც კი ოდესმე გინახავთ. -ვივიენის მონოლოგის დასასრულს, თავადს ღიმილმა გაუპო ბაგე. თავადი ვივიენის გვერდით ჩამოჯდა, მოხატულ ჭერს ახედა და ერთხანს უყურა. შემდეგ ქალს გადახედა, სრულიად უბრალოსა და ნამდვილს. თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი, ყველა კარტი თავადისთვის გადაეშალა, თუმცა ისე იგრძნობოდა ფარული შურისძიების სურვილი, რომ ოთახში შესულს თხემით ტერფამდე გაუვლიდა დაძაბულობის მუხტი. შეცბა ვივიენი, ვერ მიხვდა რატომ იყო სებასტიანი მხიარულად, როცა ფაქტობრივად, დაეხმარა კიდეც, ხელი გაუწოდა. -ვივიენ, ეგოისტი ქალი ხართ. მაცდური, ბრძენი. ყოველთვის ვამბობდი, მტრის არჩევა უნდა შეგეძლოს-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, თუ იდეალურ მტერს შევარჩევდი საკუთარი თავისთვის. იცით, წიგნზე, რომელზეც საუბრობდით... რომლის პერსონაჟიც ბრძანდებით, რომელსაც უწუნებთ მოვლენებს და მოუწოდებთ, მეტად დაფიქრებულად იმოქმედოს. ამას წინათ, საკუთარ ღმერთზე საუბრობდით, რომელთანაც გსურთ, მართალი იყოთ. თქვენს მარჯვენაში მოქცეული ბროწეული, რომელსაც დანა დაუსვით. თქვენი მოკაზმულობა, როცა დარბაზებში ამაყად დადიხართ და თქვენი უბრალო, საშინაო ჩაცმულობა, მოხრილი მხრები, როდესაც მარტო ხართ. თქვენი სურვილი, რომ გიცნობდნენ, სურვილი, რომ იყოთ დაუდევარი, თავხედი ქალი, თითქოს პატივცემული რიჩარდსი კი არა, გაუნათლებელი, პროვინციელი ქალი იყოთ. ამას გვიან მივხვდებოდი, რომ არა ანტუანი. ადამიანი, რომელთანაც ბევრი საერთო დაინახეთ. -ქალს შიშთან ერთად, გულწრფელი გაკვირვება გამოესახა. ყველაფერთან ერთად, სებასტიანის ტონი აკვირვებდა. მშვიდი, გულწრფელი და მეგობრული, ადამიანური საუბარი. თითქოს მისი ტკივილის გაზიარებას ცდილობდა, თითქოს სურდა, რომ რაღაცას მოსჭიდებოდა, რაღაც კარგს და ძალიან ძვირფასს. -ანტუანი მხოლოდ იმიტომ აარჩიეთ, რომ ის ყველაზე უბრალო, გულღია და ნამდვილი ადამიანია ამ სახლში. შესაძლოა, ქალაქშიც კი. მისთვის ტკივილი იმდენად ახლობელია, თქვენს თვალებში შენიშნა და გაიზიარა. მთელი სულით იგრძენით მისი თანადგომა და ამან გაგათამამათ. საკუთარი თავიც რომ არ დაგეკარგათ, გადაწყვიტეთ, ჩემს წინააღმდეგ გამოგეყენებინათ, თუმცა არც ეს დაგცალდათ, ანტუანი ჭკვიანიცაა და ერთგულიც. ბოლოს მიხვდით, რომ ჩემთან ბრძოლა ნამსხვრევებზე სიარულს ჰგავს, არ იცით, როდის დაგესერებათ კანი. ყველა ის ქმედება, რაც კი ამ თვეების განმავლობაში გაგიმჟღავნებიათ, მხოლოდ თქვენს ორ სახეს მაჩვენებდა -ერთს, რომელიც გულნატკენი, დაზარალებული ქალია და მეორეს, რომელშიც ეშმაკი ცხოვრობს. ვივიენ, ძალიან გიხდებათ საშინაო კაბები, ქალური სენტიმენტებით დატანჯული თვალები, სიცივისაგან ფერშეცვილილი კანი და გაყინული თითები. სადიზმია, მაგრამ ეს ტანჯვა ძალიან გიხდებათ, რადგან ის აშინებს თქვენს ეშმაკს. გითხარით ერთხელ, მე თქვენ და თქვენს წარმომავლობას პატივს სულაც არა ვცემ-მეთქი, თუმცა არც ის მიგულისხმია, რომ მძულხართ. ისე ვერასდროს შევიძულებ, ჯერ რომ არ შევიყვარო. -საკვირველი იყო, თუმცა სებასტიანის სიტყვებს ღიმილი მოჰყვა. წამიერი, დუმილით აღსავსე, თითქმის შეუმჩნეველი. ვერც დაინახავდნენ ერთმანეთის მომღიმარ, ნამდვილ თვალებს, ის ერთადერთი, გამყიდველი მზერა რომ არა. ერთმანეთს უყურებდა თვალებში სამყაროს ორი უკიდურესობა - ცეცხლი და ოკეანე. უყურებდნენ და ერთმანეთს პირველად, სულ ერთი წამით გაუცვალეს ნამდვილი მზერა. სწორედ, წვრილმანებია მნიშვნელოვანი. სამყაროში ალბათ, არაფერი არსებობდა ისეთი, რაც ამ ორს გააერთიანებდა, გარდა ერთისა - სამყაროში მარტონი იყვნენ, მარტონი, თუმცა განცდილი ჰქონდათ ღრმა იარები, მარილმოყრილნი, რომლებიც ყოველ სულის შებერვაზე ცოცხლდებოდნენ და იხსნებოდნენ, რომლებსაც ყოველ განთიადზე ეყრებოდათ მარილი, იწვებოდნენ, თუმცა არ ნელდებოდნენ. ეს წვა, ტკივილი და ტანჯვა სამუდამოდ გრძელდებოდა, ბოლო არ უჩანდა და ამ ტკივილს ექცია საკუთარ მონებად ისინი. მათ შორის გადებულ ხიდზე, ჯერ კიდევ შემორჩენილიყო გაურღვეველი ძაფები. ის საღამო იყო ნამდვილი მტრობის დასაწყისი და თანაგრძნობის მტკივნეული გამოცდა. იმ საღამოს, ოკეანესაც რომ დაეფარა, ცეცხლსაც რომ ჩაეწვა, მაინც მკვდრეთით აღდგებოდა ის უბრალო, ტკივილითა და სინამდვილით სავსე ღიმილი. -ესე იგი, არ მეკითხებით, რატომ შემაშფოთა ანდრე მორელმა?! -უხერხული სიჩუმე დაარღვია ვივიენმა. სებასტიანმა მხრები აიჩეჩა, წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, თუმცა შეჩერდა, რაღაცის თქმის აუცილებლობას გრძნობდა და ეს აწუხებდა. -იცით, მიუხედავად იმისა, რომ მტრები ერთმანეთის მტრებად რჩებიან, ისინი ყველაზე უფრო გულწრფელნი არიან ერთმანეთთან. თუ კი ეს საღამო ჩვენი გულწრფელობის დასაწყისია, მე თქვენ არაფერს გკითხავთ. საერთოდ არაფერს. -სებასტიანი კარის სახელურს დაეყრდნო, თუმცა რაღაც ბიძგმა კიდევ ერთხელ მიაბრუნა ვივიენისკენ. -იცით, ვივიენ, ქურდობა სულაც არ მომხდარა. საიმედო სამალავს საიმედო იმიტომ ჰქვია, რომ საიმედოა. მხოლოდ მაინტერესებდა, როგორ შეხვდებოდით ამას. -მიიღეთ პასუხი? -სიმსუბუქე შემატებოდა ქალიშვილის ხმას. მაიოტას თავადს კვლავ ჩაეცინა. -მივიღე, თანაც ყველაზე უფრო სასურველი. ახლა ვიცი, რომ მე და თქვენ პირადი აბსურდულობა გვაკავშირებს. თქვენ მამათქვენი სულაც არ გადარდებთ. -სებასტიანი მიბრუნდა, კარში თითქმის გასულიც იყო, როცა ვივიენის შეცვლილმა ხმამ კვლავ მიაბრუნა. ელოდა კიდევ ერთ რეპლიკას, კიდევ ერთ კითხვას, თუმცა სანახაობამ სებასტიანი კედელს მიანარცხა და ძლიერი ბიძგი მისცა. ვივიენი თავადისკენ ზურგით შებრუნებულიყო, უზურგო, საშინაო კაბა მის დასერილ, ნაწამებ სხეულს აშიშვლებდა. მხრიდან თეძომდე გასთრევდა გრძელი, ღრმა ნაჭრილობევი, თითქმის ახალიც კი იყო, რადგან სიწითლე ჯერ არ გასვლოდა და სხვების მსგავსად არ გათეთრებულიყო. უყურებდა თავადი ქალის ნაწამებ სხეულს და ხვდებოდა - ქალი შესახლდა ეშმაკში და არა ეშმაკი - ქალში. ვივიენმა მოსასხამი მოიგდო ზურგზე, თავადისაკენ შებრუნდა. -საღამო იწურება, მე კი არ მსურს გულწრფელობა ცალმხრივი იყოს. ვეჭვობ, პასუხებს თავად მიაგნებთ. მე კი გემუდარებით, დავრჩეთ მტრებად. ეს ერთადერთია, რაც მასულდგმულებს. უძრავად იდგა თავადი, უყურებდა ქალს, რომელსაც ტანჯვით ლამაზი, ღია თაფლისფერი თვალები გაჰყინვოდა. მასში დანთებული ცეცხლიც კი იმდენად ყალბი იყო, ვერაფრით ათბობდა. უყურებდა ქალს და ხვდებოდა, რომ ამქვეყნად ყველაზე აუტანელი გრძნობა იპყრობდა - სურდა მალე დაესრულებინა მტრობა, რომ შემდეგ დაეცვა იარებისგან, რომლებიც არ უნდა ჰქონოდა. არ უნდა ჰქონოდა, არ უნდა მოეთმინა. *-*-* სხეული სისხლისფერ ტალღაში ირწეოდა. გაფართოებული თვალებით აშტერდებოდა ბნელ სივრცეს და ფეხები უკანკალებდა. ფრჩხილებით აწვებოდა საკუთარ ვენებს და კანს იკაწრავდა. ნელა აასრიალა მარჯვენა ხელი მკერდისაკენ, ძლიერად დააწვა ფრჩხილებით კანს. „რატომ ვერ ვიგლეჯ, რატომ ვერ ვიჭრი?!“ - ო, ძვირფასო, ნუთუ ასე მარტივია?! ნუთუ ასე მალე ხდება ამოგლეჯა? ითმინე, იტირე, იყვირე! მოკვდი იმდენჯერ, რამდენჯერაც გაცოცხლდები, იცოცხლდე იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდება, რომ მოკვდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.