შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეათე თავი)


22-12-2017, 18:42
ავტორი murachashvili
ნანახია 4 100

მიუხედავად მეუღლის მუქარისა, ღამის გასათევად სხვაგან წასვლა აზრადაც არ მოსვლია. ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ გათხოვების დღიდან მოყოლებული, არ ახსოვს ერთი ღამე მაინც გაეტარებინოს მისგან შორს.
- სულ აიღე ხელი მშობლებზე! - იმდენად ცხადად გაიგონა დედის საყვედურნარევი ხმა, რომ ადგილზე შეხტა - დარჩი, მენატრები, გვენატრები!
- რას არ მივცემდი ახლა შენთან ჩახუტება რომ შემეძლოს, თურმე როგორი ეგოისტი ვყოფილვარ!
შუქნიშანთან მდგომი ფიქრებიდან კოლონად მომდგარმა ავტომობილების სიგნალმა გამოიყვანა. თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის მტევნით მოიწმინდა და ადგილიდან დაიძრა. გლდანის ხიდიდან გზაჯვარედინზე შემობრუნდა და გეზი საბურთალოსკენ აიღო.
„ვეფხი და მოყმე“-ს ძეგლი შენიშნა თუ არა, თვალი გელოვანის მთისკენ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა იქ აღარ ელოდნენ, მისი ყოფილი სახლის დანახვაზე გული სიხარულით აევსო. ახლა ყველაზე მეტად სწორედ იქ ყოფნა მოუნდა. გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, სანაპიროდან მარჯვნივ, გაგარინის მოედნისკენ გადაუხვია. მაგრამ ასვლა ვერ მოახერხა. ახალგაზრდა, პოლიციის ფორმიანმა მამაკაცმა ხელით ანიშნა გაჩერებულიყო.
- სად მიბრძანდებით? - 25 წლამდე ბიჭი სასაცილოდ გაეჯგიმა და სამხედრო სალმით მიესალმა.
- უკაცრავად, ვერ მიგიხვდით?
- ქალბატონო, გზა მოყინულია. თუ გადაუდებელი სიტუაცია არ გაქვთ, გირჩევთ ავტომობილით არ იმოძრაოთ.
- შორს არ მივდივარ, აქვე, ვეძისში... - პოზიციის დათმობას არ აპირებდა ნინო.
- მე მაინც გირჩევთ!
- კეთილი, გავითვალისწინებ!
თუმცა გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია, უსაფრთხოების მიზნით ავტომობილის გადაცემათა კოლოფს სიჩქარე შეუცვალა, მოცურების საწინააღმდეგო ღილაკს დააჭირა ხელი, ავტომობილმა ერთი დაიღმუვლა და ნელი სვლით გააგრძელა მოძრაობა გორისკენ, რომლის წვერზეც საკუთარი, თუმცა აწ უკვე სხვისი სახლი ეგულებოდა.
ერთ დროს მისივე ეზოსთან ახლა ქურდულად მდგომი, ავტომობილიდან არც კი გადმოდიოდა. უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლის გაყიდვის ინიციატორი თავადვე იყო, გულისსიღრმეში ისევ მისად თვლიდა, ვერა და ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ ახლა სხვას ეკუთვნოდა.
თოვლით გადათეთრებულ ქუჩაში ერთ-ერთი ეზოდან საგულდაგულოდ შეფუთული ასაკიანი ქალი გამოვიდა და იქვე მდგომი ნაგვის ურნებისკენ აიღო გეზი. შეძლებისდაგვარად სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით მოძრაობდა, ერთი ხელის მოსმით მოისროლა რკინის ბუნკერში შეფუთული ცელოფნის პარკები. ცნობისმოყვარე მზერით, ინტერესით გახედა კუთხეში გაჩერებულ ავტომობილს, რადგან მძღოლი არ ეცნო, საკუთარ ეზოში ისევე სწრაფად შეიმალა, როგორც გამოჩნდა.
მსგავს რეაქციას დიდი ხანია შეეჩვია. მისთვის ესოდენ საყვარელ უბანში ძირ-ძველი მეზობლებიდან ხომ თითქმის აღარავინ დარჩენილიყო, დათუნას ოჯახის გარდა. უცვლელად მხოლოდ ნინოს სახლი იდგა. ახალ პატრონს ან ფინანსური შესაძლებლობა არ ქონდა, ან უბრალოდ არ მოინდომა სახლის დანგრევა, იგივე ბელეტაჟზე მდგომი ერთ სართულიანი სახლი და ბეტონის საფარით გადახურული ეზო. თვალი სამზარეულოს ფანჯრებისკენ გაექცა და გულში სითბო ჩაეღვარა. ყველა სიკეთესთან ერთად მეპატრონეს აზრადაც არ მოსვლოდა ნატოსეული, მისივე ხელით შეკერილი თეთრი, ალუბლებით მოქარგული პირსახოცის ფარდების შეცვლა და ისევ ძველებურად ამშვენებდნენ მინებს.
ფრაგმენტულად აღიდგინა მაღაზიაში დედასთან ერთად როგორ არჩევდა სამზარეულოს ფარდებისთვის სასურველ აპლიკაციებს.
- ალუბლები თუ მარწყვები? - ყოყმანობდა ნატო.
- ალუბლები! - კმაყოფილი, მეტიჩარა ღიმილით ეკრიჭებოდა დედას.
- იქნებ მაინც მარწყვი? - ისევ ყოყმანობდა ქალი.
საბოლოოდ ისევ შვილის არჩევანმა გადასძალა და ბრდღვიალა მოწითალო ფერის ალუბლის აპლიკაციებიც შეიძინეს. ახლაც ჩაესმოდა მისი სახლის ახალი მობინადრის აღტაცებული ხმა, როცა ფარდები იხილა.
- აი, სწორედ ასეთი სახლი მჭირდებოდა, მშვიდი. წყნარი, კომფორტული. ავეჯს ხომ დამიტოვებთ? ძალიან გთხოვთ, არც ეს ფარდები არ მოხსნათ, რამდენსაც მეტყვით იმდენს გადაგიხდით, თანხას ხვალვე მოგაწოდებთ, როდის შევძლებ გადმოსვლას?! - ენას არ აჩუმებდა პოტენციური ახალი მეპატრონე.
- ხუმრობთ? ეს ფარდები რაღად გინდათ? - აშკარად სინანული გაეპარა ხმაში ნინოს.
- ვაიმე, ჩემი სამზარეულო ამ ფარდების გარეშე რა იქნება?! - ისე გაწიწმატდა ქალიშვილი, თითქოს სახლი უკვე მისი საკუთრება გახლდათ.
- ეს მგონი ცოტას ურიკინებს. ფარდების გამო კლიენტი არ დაკარგო და ათს გიყიდი ასეთს! - სიცილს ვერ იკავებდა იქვე მდგომი დათუნა სახეალეწილი მომავალი მეზობლის შემხედვარე.
- არანორმალურო, ეს ფარდები ნატოს შეკერილია, მსგავსს ვერსად იყიდი! - სიბრაზისგან ცრემლები გაერია ხმაში ნინოსაც.
- კარგი რა, ასე სახლიც ზურას აშენებულია, მაგრამ ხომ ყიდი?!
- არ გინდა, ხომ იცი ეს გადაწყვეტილება რატომაც მივიღე?
- ვიცი, მაგრამ...
- არ გინდა, გთხოვ!. - ხმა გაებზარა ნინოს.
- დიდი რისკია, რომ არ გამოგივიდეს, შედეგი რომ არ ქონდეს? - თითქოს განგებ ცეცხლზე ნავთს ასხამდა ვაჟი - მერე ისევ შენ მოგიბრუნდება, ისევ შენ დაგაბრალებს.
- ზოგჯერ ზედმეტად სასტიკი ხარ!
- კიდევ მე ვარ სასტიკი?! - სრულიად უცხო მყიდველს აღარ მოერიდა დათუნა, ისე აუწია ხმას - დედამისმა გაყიდოს მისი ბინა, ის ჯიპი გაყიდონ ქუჩებშირომ დააგელვებენ, ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს ამიხსენი? შენ რა გრჩება ბოლოს?...
- საკმარისია, შენ ვერ მიხვდები, შენ არ გყვარებია.
- სიყვარულსა და სიშტერეს შორისაც არის ზღვარი, შენს ძმობას ვფიცავარ, ილუზიებით იკვებები, დედამისიც კი მიხვდა, ის ჯოჯო ქალიც კი მიხვდა, რომ ფეხზე ვაღარ წამოდგება.
მეგობრისგან არ ელოდა ნინო მსგავს სიტყვებს, გააცახცახა, აკანკალდა. სულ ცოტაც და ატირდებოდა.
- მაპატიე, დაუკვირვებლად წამომცდა. - გულში ძლიერად ჩაიკრა ვაჟმა - დედას გაფიცებ, ასე ნუ განიცდი, ნივთია რა, უბრალო ნივთი სხვა ხომ არაფერი? მთავარია გამოგივიდეს. ოღონდ შენ გამოგივიდეს და იმაზე იფიქრე ამ თანხით რას იზამ, წინ რამხელა ბედნიერება გელის!...
- მართლა გჯერა ამის?! - ისევ სლუკუნებდა გოგონა.
- უნდა გვჯეროდეს ნინ, სხვა გზა არ გაქვს, უნდა გვჯეროდეს.
- რაც გნებავთ წაიღეთ, ნებისმიერი რამ. მუშებსაც დაგახმართ, ავტომობილებსაც მე ვიქირავებ, თუ გნებავთ ფარდებიც... - ნინოს შემხედვარე მყიდველსაც ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში.
უცნობი ადამიანის თვალებში დანახულმა თანაგრძნობამ იმოქმედა, შერცხვა. აღარც თანხის დამატება უთხოვია, არც ავეჯი გამოუტანია, სულ რამდენიმე სუვენირი აიღო, ისიც ზურას თხოვნით და სახლი მეორე დღესვე დაცალა.
- ადრე თუ გვიან გაივლის, აუცილებლად გაივლის! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა ამ სიტყვებს - აუცილებლად გამიგებდი. ზურას გამო შენც ხომ ასე მოიქცეოდი?!. - ისევ შორიდან უმზერდა ფარდებს და თავს ირწმუნებდა, რომ სადღაც ისევ შეეძლო დედის ნაწილის შეგრძნება - შენ მაინც ხომ იცი, ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულის ილუზია არაა?!...
არ ვიცი, იქ რამდენ ხანს იდგა, თუმცა ნელ-ნელა დამშვიდდა, შესცივდა, ავტომობილი დაქოქა, შემოაბრუნა და გეზი პეკინისკენ აიღო.

ფიქრებით კი ისევ წარსულს უტრიალებდა.
ახლაც ახსოვდა ის ემოცია, 1989 წლის 22 აპრილს ბიჭებთან ერთად სკოლაში რომ მივიდა. 9 აპრილის ავბედითი ღამიდან თითქოს დიდი დრო არ გასულიყო, არადა ისე გაუცხოვებულად მოეჩვენა ყველაფერი. სამასწავლებლოს წინ, კოლიდორში სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებულიყვნენ სკოლის საგაზაფხულო ფორმებში გამოწყობილი ბავშვები. აშკარად საზეიმოდ მორთულ კოლიდორში სკოლის ადმინისტრაციის თანხლებით გენერალივით დააბიჯებდა ალისფერი ყელსახვევებით შეიარაღებული ლამარა.
- რა ხდება? - ჩუმად უჩურჩულა იქვე მდგომ კლასელს დათუნამ.
მათივე ასაკის, ისედაც წელში გამართული მარინა, კიდევ უფრო გაიჭიმა, ვაჟისკენ თავი არც კი მიუბრუნებია, ისე უპასუხა:
- არაფერი, დღეს ხომ 22 აპრილია.
- და?! - ვერ მიუხვდა კლასელს თარიღის მნიშვნელობას ნინო.
- არ თქვათ, რომ ლენინის დაბადების დღეს აღნიშნავთ. - სიცილი წასკდა ტატოს.
- ასე გამოდის. პიონერებს ნიშნავენ და ყელსახვევებს გადასცემენ. - მრავალნიშვნელოვნად გადმოულაპარაკა გოგონამ.
თითქოს ახლაღა გაახსენდათ კომუნიზმის დიდი სიმბოლო, ყელზე შებნეული წითელი ყელსახვევი. დაუარა მუცელში სიბრაზისგან ნინოს, ისეთი სპაზმი იგრძნო, თითქოს ნაჭრის ნაგლეჯი ახრჩობდა. ხელის ერთი მოძრაობით შეიხსნა ნასკვი და ზიზღით მოჭმუჭნა.
- რას აკეთებ?! - შიშისგან თუ გაოგნებისგან დაუმრგვალდა თვალები მარინას.
ბავშვებს ჩურჩულის ტალღამ გადაურა. ერთდროულად ასობით თვალი მიაჩერდათ დარბაზის კუთხეში მდგომ ოთხეულს. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ბუზის გაფრენასაც გაიგებდით. თვალების ბრიალით უახლოვდებოდათ გაცოფებული ლამარა. თუმცა ნინო უკან დახევას არ ფიქრობდა, მუჭში მოქცეული ყელსახვევი დემონსტრაციულად გაშალა და დირექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის წინ ნელი მოძრაობით ნაკუწებად აქცია, არც ამას დასჯერდა, ნაჭრის ნაგლეჯები ერთი ხელის მოსმით კოლიდორში მიმოფანტა. ორმაგად გაწიწმატდა ლამარა, როგორც კი ნინოსთან მხარდამხარ მდგომმა დათუნამ და ტყუპებმაც იგივე გაიმეორეს. თითქოს მათ ელოდნენო დანარჩენი ბავშვებიც აჰყვნენ, ტაშის კვრითა და ფეხების ბაკუნით, სულ რამდენიმე წუთის წინ დირექტორის მიერ პომპეზურად გადაცემული ღირსების ნიშანი, წითელი ყელსახვევები ახლა მხოლოდ ნაჭრის ბინძურ ნაგლეჯებს წარმოადგენდნენ.
- არ გაბედოთ! - გაწიწმატებულმა გამოგლიჯა ერთ-ერთ მეხუთე კლასელ ბავშვს ხელიდან დასახევად გამზადებული ყელსახვევი, თუმცა უშედეგოდ, მისი გამაფრთხილებელი კივილი ნაჭრის მატერიის ხმამ გადაფარა - არ მაინტერესებს როგორ სწავლობთ, სკოლიდან გაგრიცხავთ, ქალი არ ვიყო, თუ არ გაგადოთ! - ისევ კიოდა ლამარა.
ქალის მუქარას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, სკოლის კოლიდორში ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა კომკავშირელთა სამკერდე ნიშნები და წითელი ყელსახვევები.
ირონიული, ცინიზმითა და ზიზღით სავსე თვალებით დასცინოდა ოთხეული. მიუხედავად იმისა, რომ ლამარა მისი პანიკიორი ხასიათითა და მკივანა, ისტერიული ხმით ყოველთვის გამოირჩეოდა, აგრესიულს ნამდვილად ვერ უწოდებდით, თუმცა იმ დღეს თავის შეკავება მაინც ვერ მოახერხა, თავადაც ვერ გაიაზრა როგორ მოიქნია ხელი, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ნინოს მომღიმარ სახეზე მარცხენა ლოყაზე მისი ხუთი თითის აღიბეჭდა.
ქალისგან მსგავს საქციელს ნამდვილად არ ელოდნენ, აეწვა დანარტყამი ადგილი ნინოს, თუმცა ტირილი არც კი უფიქრია. ისევ ამაყად თავაწერული უმზერდა სიგიჟის ზღვარზე მყოფ დირექტორს. გაოცებისა და გაოგნების ტალღამ სწრაფად გადაუარა შეკრებილებს. ერთხმაში აზუზუნდნენ ბავშვები. ფეხების ბაკუნითა აპროტესტებდნენ დირექტორის მოქმედებას.
- ამას ინანებ ბოჭორიშვილო, მერედა როგორ ინანებ! - მუქარით გამოსცრა კბილებში ქალმა.
- ფრთხილად იყავით, ქალბატონო ლამარა, ეს ყველაფერი თქვენ არ გაგიხდეთ სანანებელი!. - ნინოს გვერდით დაუდგა და ამაყად ჩასჭიდა თანადგომის ნიშნად ხელი დათუნამ.
აქეთ-იქით ამოუდგნენ ტყუპები. ტატომ თავისუფალი მარცხენა იქვე მდგომ მარინას გაუწოდა, არც გოგონას უფიქრია დიდხანს, მისი მარჯვენა მყისვე შეაგება კლასელს. ასე ერთმანეთის მიყოლებით ერთ მთლიან, უწყვეტ ჯაჭვად შეიკრნენ ბავშვები. გაბმულნი ერთ ხმაში სკანდირებდნენ: „თავისუფალ საქართველოს“. ერთი კი შეავლო თვალი მოზუზუნე ბავშვებს ლამარამ. თვალი თვალში გაუსწორა ამაყად მდგომ ნინოს, სიტყვა არ დასცდენია გოგონას, არც საყვედური, არც მუქარა. იმ წუთას არც შიში დაუნახავს და არც აგრესია, მხოლოდ სინანული. დიახ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ნინოს უბრალოდ ეცოდებოდა. პირი დააღო ლამარამ, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, თუმცა გადაიფიქრა, ერთი კი ჩაიქნია ხელი და ბეჭებში მოხრილმა ნელი ნაბიჯით დატოვა კოლიდორი.
მაშინ თავს გმირებად გრძნობდნენ, ასე ეგონათ დირექტორის დამარცხებით საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოიგეს, ისეთი კმაყოფილების შეგრძნება ჰქონდათ, რომ ამ ემოციის სრულად გადმოცემა შეუძლებელია. თუმცა ბევრ რამეს წინასწარ მაინც ვერ ჭვრეტდნენ. მაშინ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ წინ ერთი უბრალო ქალი ედგათ. არც კი უფიქრიათ, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგი რუსულ იმპერიას კი არა უბრალოდ მისივე შელახულ პატივმოყვარეობას იცავდა. არც იმას ფიქრობდნენ, რომ ლამარა დირექტორს უკანასკნელად ხედავდნენ.
ქალმა იმ დღესვე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამუშაო ადგილი. სულ რაღაც ორ კვირაში კი სკოლაში ახალი ამბავიც გაიგეს, ლამარა დირექტორი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი, გარდაცვალების მიზეზად კი მიუკარდიუმის მწვავე ინფაქტი სახელდებოდა. ასეც ხდება. რაც ერთს ახარებს და აბედნიერებს, მეორეს შეიძლება სასიკვდილო განაჩენადაც ევლინებოდეს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე ძალიან მომწონთ თქვენი ეს ნაწარმოები.
1 ძAლიან საინტერესოა
2 ყოველთვის მმაქვს შეგრძნება რომ წინ რაღაც სასწაული ამბები მელოდება
3 და ბოლოს თქვენ გყავთ სუპერ ბუპერ ტრუეერ:დდ რეალური პერსონაჟები და ამაზე ვგიჟდები. მათი თიოთოეული მოქმედება არის ძალიან რეალური და მგონია რომ ამას კი არ იგონებტ თქვენ გადაგხდათ და იმას გვიყვებით კიდევ კარგი ანა არ დაარქვით მთავარ პერსონაჟს:დდ
მოკლედ როგორც არ ნდა დაგაგვიანდეტ სიამოვნებით წავიკითხამ მე ამ მოთხრობას!!!!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
მე ძალიან მომწონთ თქვენი ეს ნაწარმოები.
1 ძAლიან საინტერესოა
2 ყოველთვის მმაქვს შეგრძნება რომ წინ რაღაც სასწაული ამბები მელოდება
3 და ბოლოს თქვენ გყავთ სუპერ ბუპერ ტრუეერ:დდ რეალური პერსონაჟები და ამაზე ვგიჟდები. მათი თიოთოეული მოქმედება არის ძალიან რეალური და მგონია რომ ამას კი არ იგონებტ თქვენ გადაგხდათ და იმას გვიყვებით კიდევ კარგი ანა არ დაარქვით მთავარ პერსონაჟს:დდ
მოკლედ როგორც არ ნდა დაგაგვიანდეტ სიამოვნებით წავიკითხამ მე ამ მოთხრობას!!!!!!

გულით გამაცინე, თუმცა ნაწილობრივ შენი პროგნოზი სწორია, მართალია ჩვენი პერსონაჟებისგან განსხვავებით 9 აპრილის მოვლენების დროს 8 წლის ვიყავი, მაგრამ ის პერიოდი ნამდვილად კარგად მახსოვს. ტყუპი ძმა კლასელები მეც მყავდა და მათთან დღემდე ვმეგობრობ, დათუნას მსგავსი კარის მეზობელიც. მეც ვეძისელი გახლავარ. ანუ ჩვენი ისტორიის პროტოტიპები ნამდვილი ადამიანები არიან. smile მიხარია რომ მოგწონს, ვნახოთ რა გამოგვივა საბოლოოდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

მალე დადებ ახალს?

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ქეთი
მალე დადებ ახალს?

ვეცდები

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუ ძაან მომწოონს ♥♥♥და მოუთმენლაად ველიი შემდეგ თავს♥♥♥წარმატებები♥

 


№6  offline წევრი Leo

კარგი ისტორიაა ...იმედია მალე დადებ <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ტკბილიწიწაკა
აუუ ძაან მომწოონს ♥♥♥და მოუთმენლაად ველიი შემდეგ თავს♥♥♥წარმატებები♥

დიდი მადლობა ????????????

Leo
კარგი ისტორიაა ...იმედია მალე დადებ <3

დიდი მადლობა, მეც ამის იმედი მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent