შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

La Tormenta ( სრულად)


28-12-2017, 10:35
ავტორი ანაკონდა
ნანახია 8 377

ამბობენ, თუ რაღაცას დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო კიდეც. სწორედ ამიტომ იშვიათად ვიწყებ. ამჯერად ვაპირებ საკუთარ თავზე მოგიყვეთ. გიამბობთ გზაზე, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ვინ ვარ მე? თუ ბოლოს ამის პასუხს იპოვით, მეც გამიზიარეთ. ამ მომენტში ჯერ კიდევ ის ვარ, ვისაც თავი არ უპოვია.
ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მყავდა მეგობრები, რომლებთანაც შემეძლო საათობით მესაუბრა. ვგიჟდებოდი მათთან ერთად რომელიმე მყუდრო სკამზე დაჯდომასა და უახლოეს წარსულში გადახდენილი ისტორიების მოყოლაზე. ერთ დღესაც უჩვეულო აზრებმა შემომიტია. პრინციპში, ჩემთვის მსგავსი სისულელეები უცხო არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ იმ პერიოდში უკვე გამკლავება მიჭირდა ამასთან: ზოგჯერ მინდებოდა, საერთოდ გავმქრალიყავი. მინდოდა, უმტკივნეულოდ ამომეღო საკუთარი თავი თითოეული ჩემი ახლობლის ცხოვრებიდან. ისე ამომეკვეთა, როგორც ბრმა ნაწლავი, ან, ვთქვათ ელენთა. დიახ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უჩემოდაც იოლად გავიდოდნენ ფონს. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ უჩემოდაც ისევ ცისფერი იქნებოდა ცა და მეეზოვეც ძველებურად დაალაგებდა ქუჩას ჩემი სახლის წინ. რამდენად იყო ეს სახლი ჩემი, კიდევ სხვა თემაა. არასრულფასოვნების კომპლექსი? დეპრესიულობა? რაც გსურთ, ის უწოდეთ. მინდოდა მარსზე ან ვენერაზე გადავსახლებულიყავი და იქიდან მედევნებინა თვალი ,,ჩემებისთვის”. როდესაც დავრწმუნდებოდი, რომ მართლაც მშვენივრად განაგრძეს ცხოვრება, აღარასოდეს დავბრუნდებოდი უკან.
ამის შესახებ ვსაუბრობდი კიდეც. ყოველთვის ვაგრძნობინებდი ადამიანებს, რომ დაბალი თვითშეფასება (ეს კიდევ საკითხავია! ) მქონდა. სანაცვლოდ არასოდეს მიმიღია რჩევები მის ასამაღლებლად. ან ,,იკიდებდნენ”, ან ვერ აღიქვამდნენ სათანადოდ რთულად თავიანთი პრობლემებით გართულნი.
ბევრი დრო არც მქონდა საიმისოდ, რომ მეფიქრა ჩემს გონებაში მიმდინარე აბსურდზე. იმათი არ ვიცი და მე ჩემი მეგობრები მაინც ყველაფერს მერჩივნა. ყოველდღე დავდიოდი უნივერსიტეტში, ვაკეთებდი დავალებებს, ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს ვკითხულობდი და ვცდილობდი , ყველას საქციელისთვის, ვერ/არ გამოხატული გრძნობებისთვის, სარკასტული შენიშვნებისა თუ უაზრო სიტუაციებისთვის ახსნა და გამართლება მომეძებნა. დღის ბოლოს საკუთარი თავით გაბეზრებული ასეთივე გამომეტყველებით მივღოღავდი მეტროსკენ, ვუსმენდი ათასჯერ მოსმენით უკვე დაზეპირებულ სიმღერებს და ვნატრობდი ,თუნდაც მეტეორი ჩამოვარდნილიყო და მხოლოდ მე დამცემოდა, იმდენად დამღალა ერთფეროვნებამ.
იმ დღესაც ასე იყო. მივდიოდი და ვფიქრობდი, თუ როგორი უმადური ვიყავი. როცა გყავს ოჯახი, რომელსაც უყვარხარ და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად იყო, როცა გყავს მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მხარში დაგიდგებიან, როცა სწავლობ იქ, სადაც გინდოდა, რომ გესწავლა და მაინც არ ხარ ბედნიერი, დიახაც რომ უმადურებაა. თუმცა ყოველთვის ისე არაა, როგორც გვინდა. ემოციების კონტროლი კი თითქმის არასოდეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პლუსი.
მოკლედ მივიწევდი შინისაკენ. თბილოდა და მზის ყოველი სხივის შესისხლხორცებას ვცდილობდი. ზამთარში ხომ მზე არც ისე ხშირად გვანებივრებს სითბოთი. ვუსმენდი ,,Last Christmas”-ის ჩემთვის ყველაზე საყვარელ რემიქსს და, როცა მივხვდი, რომ მხიარული ნოტების მიუხედავად ვახერხებდი უაზრობებზე მეფიქრა, საკუთარ თავზე აღშფოთებულმა გამოვრთე მუსიკა და ნაბიჯსაც ავუჩქარე. (როცა ვბრაზდები, ძალიან სწრაფად დავდივარ.)
მეტროსთან მისულმა ჩასვლა გადავიფიქრე და გადავწყვიტე, ფეხით მივსულიყავი სახლამდე. ერთერთი ე.წ. ,,მასაჟის სალონთან” ჩავლისას ქალის კივილის ხმა შემომესმა, რომელიც მალევე მიწყდა და საგნების მტვრევისა და მამაკაცის გინების ხმებით შეიცვალა. ერთ ადგილას გავშეშდი, ვერ გავიგე, რა უნდა მექნა. იქნებ ეს ამ ადგილისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო და სულაც არ გულისხმობდა ძალადობას? საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, რომ პოლიციაში დარეკვა არ ღირდა, მაგრამ ვერც გულგრილად ჩავუვლიდი. მძიმე კარს მივაწექი და ნეონის დამაბრმავებელი სინათლით გავარდისფერებულ ფოიეში აღმოვჩნდი. წინ არავინ ჩანდა, ხმაური სიღრმიდან მოისმოდა.
რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი წინ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოთახს, საიდანაც ყრუდღა ისმოდა ხმები, გულისცემა მეტად მიჩქარდებოდა. რამდენიმე წამს ვიყოყმანე და ფრთხილად მივაწექი კარს, შევაღე და გავშეშდი: ერთერთ არსებას,( როგორებიც მრავლად არიან და რომელთაც მართლაც არ ვიცი, ღმერთმა ადამიანობა რატომ არგუნა) 15-16 წლის გოგონა ქვეშ მოექცია და ყურადღებასაც არ აქცევდა მის სუსტ ფართხალს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ცდილობდა გაეხადა და ნახევრად შემოგლეჯილ მაისურს ჯერ კიდევ ეჯაჯგურებოდა. ერთ ხელს პირზე აფარებდა.
_ გაჩუმდი! გაჩუმდი-მეთქი! _ უღრიალა და სილა გააწნა. სანამ მე შოკიდან გამოსვლას შევძლებდი, გოგომ, ფაქტობრივად, ბრძოლა შეწყვიტა. ვერცერთი ვერ მხედავდა. საწოლი კარის პირდაპირ დაედგათ. სანამ პოლიციაში დავრეკავდი, ის ნაგავი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. არც კი ვიცოდი, თუ ამხელა გამბედაობა მქონდა. ჩემ წინ მიმდინარე სცენით გამწარებული, რაც შემეძლო ფრთხილად შევიპარე ოთახში და იქვე, მაგიდაზე დადგმულ შამპანურის თუ ღვინის ბოთლს ჩავაფრინდი. ხელები სულ გამიოფლიანდა და დაჭერა გამიჭირდა. შიშს საბოლოოდ მოვერიე, მთელი ძალით მოვიქნიე და ჩემ წინ გადაწოლილ არაკაცს, რომელიც ქამრის შეხსნას ცდილობდა, თავში ვუთავაზე. ბოთლი გადაიმსხვრა და კაცს სისხლი წასკდა, თავზე ხელი მოისვა და ოდნავ დარეტიანებული გოლიათი მტრული გამომეტყველებით ჩემკენ შემობრუნდა. რა დასამალია და ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა, როცა მისი ტკივილისა და აღშფოთებისგან ჩასისხლიანებული თვალები( ბოლოსდაბოლოს, საქმე შევაწყვეტინე) ჩემსას შეხვდა.
_ შენ ვინღა ჯანდაბა ხარ, როგორ შემოხვედი?_ დაიღმუვლა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. გოგონამ თავისი ძონძებად ქცეული მაისური მაგრად შემოიხვია და საწოლის კუთხეში მიიკუნჭა._როგორც იტყვიან, მოსვლა იყო შენი გადასაწყვეტი, წასვლა აღარაა. ხომ ნახე, კარგად ვერთობით, მოგიწევს, შემოგვიერთდე._ განმიცხადა და ავად გადაიხარხარა. ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა. კედელს ავეკარი. ჯანდაბა, როდის დავშორდი ასე კარს? ახლა გაქცევის შანსი თითქმის აღარ მქონდა.
რომ ჩამომეკაწრა? ფრჩხილები სწორედ წინა დღეს დავიჭერი. ალბათ ისევ ფეხებშუა უნდა ამომერტყა, მაგრამ მის სიმაღლეს თუ გავითვალისწინებდით, არც ეს იქნებოდა იოლი. კედელს ისე მივაწექი ზურგით, თითქოს რაიმე პარალელური სამყაროს ჯადოსნური უჩინარი კარი გაიხსნებოდა და სადმე, ტროპიკულ კუნძულზე ,პირდაპირ პლაჟზე დავეცემოდი პალმებთან. რაც მთავარია, კარი მაშინვე დაიხურებოდა და ის ცხოველი ვერ შეძლებდა ჩემამდე მოღწევას, მაგრამ ის გოგო? ეჰ, ილუზიებშიც უიღბლო რომ იქნები. ასე შევეგუე რეალობას, რომელი გმირი მე ვიყავი, მომესმინა მუსიკისთვის და წავსულიყავი სახლში. გინდოდა მრავალფეროვნება? ჰოდა, მიიღე! რომ შემძლებოდა შინაგან ხმას სანაგვეზე ვუკრავდი თავს ამ ფიქრებისთვის. მოკლედ სულ ცოტაც და ის ტიპი მომწვდებოდა. რომ მეყვირა, იქნებ აზრიც ჰქონოდა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა. საწოლზე მოკეცილი გოგო ფეხზე წამოდგა. გამიხარდა, გაქცევას შეძლებდა და პოლიციასაც გამოიძახებდა, გადავრჩებოდით. უცბად მისი წვრილი და აკანკალებული ხმა შემომესმა:
_ მაპატიეთ, უფროსო, ზევით დაგელოდებით.
ოთახიდან გაიძურწა და კარი გაიხურა. რა??? მორჩა, ძვირფასო, ახლა ნამდვილად დაიღუპე!
ხელები დავმუშტე, თვალები დავხუჭე და მთლად დავპატარავდი. ვიგრძენი, რომ ცოტაც და გონებას ისე დავკარგავდი, ის ნაგავი შეხებასაც კი ვერ მოასწრებდა, მერე მართლაც თავისუფლად მიიღებდა სასურველს. გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. ბოლოს ჩემი სახელი გავიგონე, ვიღაცამ კარი შემოანგრია და პოლიციის სირენის ხმაც გაისმა. მივხვდი, რომ გადავრჩი, მადლიერებისგან სუნთქვაც შემეკრა და ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.
თვალების გახელა გამიძნელდა, ქუთუთოები დამმძიმებოდა. თავი ოდნავ წამოვწიე და მიმოვიხედე: სუფთა, მაგრამ უცხო ოთახში ვიწექი. მაგიდის სანათის მკრთალი ვარდისფერი სინათლე იქაურობას უჩვეულო მყუდროებას სძენდა. ერთ წამს შემეშინდა, ვაითუ იმ არაკაცმა რამე დამიშავა-მეთქი. ტანზე დავიხედე, ისევ ის შინდისფერი კაბა მეცვა და ვიღაცას მზრუნველად მოეხურებინა ჭრელი პლედი, ძილში რომ არ შემცივნოდა. თვალით საათი მოვძებნე, თორმეტი ხდებოდა. ალბათ, ღამის. მე ხომ ლექციები შვიდისკენ დავამთავრე და უკვე ბნელდებოდა, როცა იმ წყეულ შენობაში შევედი. ტელეფონი მოვიძიე. ორმოცი გამოტოვებული ზარი დედასგან. დიდი ალბათობით, უკვე მხოლოდ თბილისის პოლიცია კი არა, FBI-ც მეძებს. ბოლოსდაბოლოს, მთავარ კითხვამდეც მივედი: სად ვიყავი? ამ ფიქრებში გართული საკმაოდ დამაფრთხო კარზე ფრთხილმა კაკუნმა. როგორც ჩანს, დღევანდელმა თავგადასავალმა ნერვული სისტემა დამიზიანა. ნეტავ იმ გოგოს რა ბედი ეწია?
_ შეიძლება, შემოვიდე?_ დამეფიცება, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მომესმინა ასეთი დაბალი, ბოხი და თბილი ხმა.
_ ჰო, ცხადია, მე...
_ ყავა მოგიტანე.
_ რატომ ვარ აქ?
_ გონება დაკარგე, იქ ვერ დაგტოვებდი.
_ შენი სახლია? ვინ ხარ, იქ რატომ იყავი?
_ ყავა დალიე, მთელი დღეა, არაფერი გიჭამია. თან მე გიამბობ, რაც გაინტერესებს._ ლანგარი მომიჩოჩა, ბალიში შევისწორე და ყავის ფინჯანს დავწვდი. კაპუჩინო და კაკაოს ფხვნილიანი ფუნთუშები? ეს ბიჭი გულთმისანია? უცბად ჩემს სმენას დაბალი, სასიამოვნო სიცილის ხმა მისწვდა:
_ ასეც ნუ გიკვირს, ვიცი, რაც გიყვარს, მედიუმი არა ვარ.
_ შენ..._ ცოტაც და ცნობისმოყვარეობისგან მოვკვდებოდი ალბათ.
_ გაბრიელი, გაბრიელ ტორაძე. შენს უნივერსიტეტში ვსწავლობ, ისე ხარ ხოლმე შენს სამყაროში გამოკეტილი, არ მიკვირს, რომ არასოდეს შეგიმჩნევივარ._ მისაყვედურასავით. ცოტა არ იყოს და, გავბრაზდი.
_ და რატომ უნდა შემემჩნიე?_ ისევ იმ მომნუსხველი ღიმილით მიპასუხა და მომენტალურად დავშოშმინდი. რა ჰქონდა ასეთი ამ ბიჭს? არ ვიცი.
_იქ რატომ შეხვედი? ხვდები მაინც, რა შეიძლებოდა დაგმართნოდა? _ თვალები ჩაუმუქდა და ხელები დამუშტა. მის ფიქრთა მსვლელობას გავყევი და , რომ წარმოვიდგინე, რაც მანაც, ალბათ, წარმოიდგინა, გამაჟრჟოლა._რაც მთავარია, მოგისწარი,_ განაგრძო შედარებით მშვიდი ტონით, დღეს აქ დარჩი და გამოიძინე.
_ ღმერთო, ჩემები როგორ ინერვიულებდნენ. დავრჩე? წარმოდგენაც არ მინდა, სახლში ახლა რა ხდება...
_არაფერი არ ხდება, თეკლეს ვთხოვე, დაერეკა დედაშენთან. უთხრა, რომ მასთან რჩები დღეს, ტელეფონი გაგიფუჭდა და ამიტომ არ აგონებდი. ასე, რომ მხოლოდ შენს მეგობართან მოგიწევს დღევანდელი ისტორიის გაზიარება._ კმაყოფილებით მიეყრდნო სკამის საზურგეს, თავი გვერდზე გადახარა და თვალებმოჭუტულმა გამომხედა. ამდენი უჩვეულო სიახლით შოკირებული უძრავად ვიჯექი და ვცდილობდი, გამეგო, ვინ იყო ჩემ წინ მჯდომი უნებლიე (?) გადამრჩენელი.
_ მიირთვი, მთლად გაცივდა.
_ შენ არ გინდა? _ ერთი ფუნთუშა გავუწოდე. წამით იყოყმანა, მერე გამომართვა და ღიმილით მითხრა:
_ საკვებს მიზიარებ? წინგადადგმული ნაბიჯია!
_ რა?
_არაფერი, არაფერი._ ჩაიცინა ეშმაკურად. მან გადამარჩინა. ეს ბიჭი ხუთი თითივით მიცნობდა და სწორედ ამიტომ შინაგანად ვბრაზობდი მასზე. მე ხომ მეგობრებთანაც ყოველთვის ვიტოვებდი რაღაცას მხოლოდ ჩემთვის. გაბრიელი კი, მიყურებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს თითოეულ ნააზრევს კითხულობდა.
_ მითვალთვალებდი?
_ არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ შენ უკან მოვდიოდი და, როცა იქ შეხვედი გამიკვირდა. რატომ შეხვედი?
მეტ-ნაკლებად დეტალურად ვუამბე,რაც გადამხდა, კარგა ხნის განმავლობაში აღვწერდი თითოეულ წამსა და ემოციას. გაბრიელი მდუმარედ და ინტერესით მისმენდა. არც კი ვიცი, როგორ ეყო მოთმინება,დაიცადა, სანამ ყველაფერი არ ვუამბე. გამომეტყველება სწრაფად ეცვლებოდა: მრისხანება, გაოცება, ინტერესი ერთად გამოსახვოდა. საბოლოოდ საუბარს მოვრჩი და ვიგრძენი, როგორ დავიცალე იმდღევანდელი უარყოფითისგან. ჩემი ფუნთუშაც მადიანად ჩავკბიჩე.
_ ის ტიპი დაიჭირეს, თუმცა, ჩვენებას თუ არ მისცემ, მალევე გაანთავისუფლებენ.
_ ჩვენებას? ჰო. იქ გოგო იყო, გოგო სადაა?
_ მე არავინ მინახავს, გონება დაკარგე და აქ წამოგიყვანე. პოლიციას ვუთხარი, რომ ხვალ მიხვალ ჩვენების მისაცემად. ხომ მიხვალ?
_ მე... მივალ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემებმა გაიგონ. ძალიან ინერვიულებენ.
იმ ღამით გაბრიელის საძინებელში მეძინა. თავად სასტუმრო ოთახში, დივანზე მოეწყო. მარტო ცხოვრობდა. სტუდენტი რომ გავხდი, მამაჩემმა ბინა მიყიდა, თან ვმუშაობ და ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყოო, განმიმარტა. ვუყურებდი და მომწონდა. მომწონდა საოცარი წესრიგი, რომელიც ყოველთვის აკლდა, მაგალითად, ჩემს კარადას. წამით წარმოვიდგინე, ის რომ გაბრიელს ენახა, როგორ შემრცხვებოდა და გავწითლდი. სახლი პატარა და მყუდრო იყო. სასტუმრო ოთახის კედელი კი მთლიანად წიგნების თაროებს ეკავა. თუ ეს ყველაფერი რეალური იყო, ნამდვილად არ მენდომებოდა მეორე დილით დასრულება. დიახ, ძალიან არ მენდომებოდა.
_ კითხვა გყვარებია._ მივუბრუნდი ღიმილით.
_ ჰო, ისევე, როგორც შენ_ უნებლიეთ დავაპაუზე: ,,ისევე უყვარს, როგორც მე მიყვარს, თუ ისევე უყვარს, როგორც მე ვუყვარვარ?” ჯანდაბა, მაია, რაზე ფიქრობ? იმ ღამით კარგა ხანს ვიწრიალე და ძლივს ჩამეძინა.
დილით (თუმცა რა დილით, უკვე პირველი დაწყებულიყო, როცა გამეღვიძა!) ჩემს ახალ ნაცნობს უკვე დაეტრიალებინა კაპუჩინოს სასიამოვნო სურნელი სამზარეულოში. ისეთმა ბედნიერმა შევაბიჯე, თითქოს ჩემი ყოველი დილა სწორედ ასე იწყებოდა და არც წინა დღეს გადამხდომოდა თავს ის კოშმარი.
_ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, გაბრიელ,_ ვუთხარი და ფრთხილად მოვსვი ცხელი ყავა დიდი ფინჯნიდან,_ შენ რომ არა, ვერაფერი გადამარჩენდა. ახლა თეკლეს გავუვლი და პოლიციაშიც წავალ, ჩვენების მისაცემად.
_ არაფერია სამადლობელი. ჩემს ადგილას ნებისმიერი იმავეს გააკეთებდა.
უნდა ვაღიარო, ამ წინადადებამ ცოტა გული დამწყვიტა. მგონი გონების დაკარგვისას თავი რაღაცას მიავარტყი. უკვე ნერვები მეშლებოდა საკუთარ ფიქრებზე.
_ კარგი, ჩემი წასვლის დროა. ცუდი გარემოებების მიუხედავად, მიხარია, რომ გაგიცანი.
ქურთუკი შემოვიცვი და გასასვლელი მოვიძიე თვალით. გაბრიელმა მანიშნა, აქეთო და უკან გამომყვა, როცა კარისაკენ დავიძარი.
_ მეც მიხარია, მაია, თუმცა სხვანაირად ვგეგმავდი.
ამ ფრაზამაც დამაბნია, მაგრამ ემოციურად იმდენად ვიყავი გადაღლილი, ერთი სული მქონდა, მარტო დავრჩენილიყავი და რაც შემეძლო სწრაფად გამოვემშვიდობე.
_ თავს გაუფრთხილდი და, თუ ვინმეს შენი დახმარება დასჭირდება, პოლიციას თუ არა, მე მაინც დამირეკე. _ თვალი ჩამიკრა და თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. ნაძალადევად გავუღიმე გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი კიბეებზე. კარის მოხურვამდე მისი სიცილის ხმა შემომესმა.
სადარბაზოდან გამოვვარდი და ღრმად ჩავისუნთქე. ეს რა იყო? ავტობუსის გაჩერებისკენ გავეშურე, თეკლეს ნახვა ჰაერივით მჭირდებოდა.

























ჩემთვის ადვილი არ ყოფილა დიდ ქალაქთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ვცხოვრობდი, მთელი ბავშვობა რაიონში გავატარე და ძალიან გამიჭირდა. უმცროს და-ძმას რომ ხშირად ვეღარ ვხედავდი, ეს პირველი დიდი დარტყმა იყო. თან რაღაცნაირად იქაური მეგობრებიც შემომეფანტნენ, თითქოს ყველანი ჩაგვყლაპა თბილისმა. თეკლე ერთადერთი იყო, ვისთანაც ისევ ხშირად ვურთიერთობდი. მასთან მისული გულში მაგრად ჩამიკრა. ძალიან შემიშინიებია. ამის გააზრებამ მაინც გამახარა. ყველაფერი ვუამბე. შეშფოთებული მისმენდა. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, დედა მირეკავდა ისევ.
_ ჰო, დე...
_ ერთხელ არ გაგახსენდება დარეკვა. ვნერვიულობდი შენზე, ანუ მობილური გააკეთე?
_ პროგრამა გადავტვირთე და გასწორდა, ბოდიში, დე, აქამდე ვერ მოვახერხე,
_ კარგი, არაუშავს. თეკლესთან ხარ ისევ?
_ კი, ცოტახანში ლექციებზე წავალთ.
_ კარგი, მიყვარხარ, თავს მიხედე.
_ შენც, დე.
ღრმად ამოვიოხრე და ტელეფონი დავდე. მერე თეკლეს მივუბრუნდი:
_ წავიდეთ, თორემ ლექციებზე დავაგვიანებთ.
პოლიციის განყოფილებაში შესვლისას ტანში გამცრა. წარმოვიდგინე, რომ ის არაკაციც სადღაც ახლოს იქნებოდა. ჩვენების მიცემის პროცესი იმაზე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მშვიდი სინდისით წამოვედი. უნივერსიტეტამდე ჩვენს საყვარელ სწრაფი კვების რესტორანს ვეწვიეთ. (ჰო, ვიცი, რომ მავნებელია, სამაგიეროდ _ გემრიელიც! )
_ შენ საიდან იცნობდი გაბრიელს, თეკლე?
_ ჩემი ძმის კურსელია. ისე გამიკვირდა, რომ დამირეკა.
_ მეც ბევრი რამ მიკვირს, ბევრი...
ლექციებმა მონოტონურად ჩაიარა. არ შემეძლო იმაზე მეფიქრა, რასაც ლექტორი გვიამბობდა. გაბრიელზე ვფიქრობდი. მაღალი იყო, თხელი, მაგრამ ღონიერი. მუქი თმა და წვერი წამოზრდოდა და მუქი ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა ხოლმე. მუქი ლურჯი? მგონი, ჰო. გადავამოწმებ, თუ შანსი მქონდა, ცხადია.
მივდიოდი იმავე გზაზე, სადაც გუშინ და, ცოტა არ იყოს, სული დამიმძიმდა. ნუთუ ისევ ისე იქნება? ისევ ჩემს რუტინას ვუბრუნდები? ამაზე ფიქრმა ლამის შემშალა. ხასიათი საშინლად გამიფუჭდა და ნაბიჯს ავუჩქარე. მეტროში ჩასვლა მაინც და ისევ გადავიფიქრე და ფეხით გავუყევი გზას. იმ სალონის შენობასთან ჩავლისას ტანში სიცივემ დამიარა და ვიგრძენი კიდეც, როგორ შემეხო ვიღაც მხარზე. შევხტი.
_ მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება._ გამიღიმა გაბრიელმა. ერთბაშად დავმშვიდდი და მოვდუნდი. ერთ დღეში ამხელა ნდობა როგორ დაიმსახურა? მხოლოდ ერთი შეხება და მთელი სხეული მკარნახობდა, რომ უკვე უსაფრთხოდ ვიყავი. მისი ნახვა გამიხარდა და ვერც დავმალე. ყურებამდე გავიღიმე:
_ არაუშავს... გამარჯობა.
_ გაგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
ღმერთო, როგორი გალანტურია. რატომაა ასეთი კარგი? ეს ამბავი მაშინებს. საპასუხოდ ნაბიჯი გადავდგი, ისიც ამედევნა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. დროდადრო მხრით ოდნავ მეხებოდა და საოცარი სიახლობლის განცდა მიჩნდებოდა. თითქოს უკვე მთელი საუკუნის მანძილზე მაინც ვიცნობდი. თვალი გავაპარე მისი პროფილისკენ. როგორი მკაცრი და შეუვალი იყო. სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ ეს ადამიანი შეცდომას ძნელად თუ აპატიებდა ვინმეს, მით უფრო, საყვარელ ადამიანს. მომინდა არასოდეს დამეშვა მასთან შეცდომები და... მისი საყვარელი ადამიანი ვყოფილიყავი.
_ როგორ ჩაიარა დღემ?
_ ცოტა დავიღალე. შენთან?
_ ძველებურად, ერთფეროვნად. თუმცა, იმედი მაქვს, ეს ბოლო ერთფეროვანი დღე იქნება._ ისევ დამაბნევლად შემომღიმა. მორჩა, მოთმინების ფიალა ამევსო.
_ შეგიძლია მორჩე რებუსებით საუბარს? უბრალოდ პირდაპირი იყავი, კარგი? _ ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა. ცალი წარბი მაღლა ისე ასწია, გაქცევა დავაპირე, მერე კი უცბად სიცილი აუტყდა. ეს სიცილი, ფაქტობრივად, უკვე მიყვარდა, მაგრამ ახლა მრისხანება მიტევდა. შევუბღვირე და სწრაფად განვაგრძე გზა. თითებზე შეხებამ შემაჩერა. ნაზად მომეჭიდა, მერე ძალიან სწრაფად მომქაჩა და ვერც გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი მის სხეულს აკრული. მტკიცედ მეხვეოდა, თან ცდილობდა, არაფერი ეტკინა. თავი უძვირფასეს ლარნაკად წარმოვიდგინე, რომელიც, როგორც იქნა, მიიღეს და ახლა არ უნდათ, რომ დაიმსხვრეს. თავის დახსნის სურვილი არც მქონია და ამან გამაოგნა. მეტიც, თავი მის ყელში ჩავრგე და უკვე ახლობელი, გრილი სურნელი მთელი ძალით ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ გაეღიმა, როცა ხელები სუსტად, მაგრამ მეც მოვხვიე. ერთმანეთს რომ ჩამოვშორდით ,ჩემი ხელი თავისაში დაიტოვა და გზა ისე განვაგრძეთ. კითხვები აღარ მქონდა. ჩემთვის აქამდე უცნობი ემოციებით სავსე მივაბიჯებდი. არ მადარდებდა, როგორ გამოვიყურებოდი, არ მადარდებდა, ჩემი შეგრძნებები იოლად ამოსაკითხი იყო თუ არა ჩემს სახეზე.( ეს უწინ სულ ასე იყო და საკმაოდ მაკომპლექსებდა!) ერთადერთი, რამ რასაც ვგრძნობდი, გაბრიელის ცივი ხელი იყო, რომელიც თანდათან გათბა. უფრო სწორად, მე გავათბე.
ჩემს სახლამდეც მივედით. გული დამწყდა, რომ ასე მალე დამთავრდა გზა. ერთ წამს ვიფიქრე, შინ შემომეპატიჟებინა და აზრი, მსწრაფლვე უარვყავი: რას იფიქრებდა ჩემზე? ფეხი ავითრიე, შესვლას გაუცნობიერებლად ვაყოვნებდი. ,,ჩემი” ღიმილით მომიახლოვდა, საფეთქელზე ტუჩებით ოდანავ შემეხო და ჩაიჩურჩულა:
_ შედი სახლში, ცივა. _ გაშეშებულს ხელით ოდნავ მიბიძგა და მეც წავედი. მხოლოდ კარის მიხურვის მერე გავიაზრე, რომ ნამდვილი იდიოტივით გამოვიყურებოდი. რა მემართებოდა? უნებურად ამეტირა, ისიც არ ვიცი, რის გამო ვტიროდი. საწოლში შევძვერი და საბანი თავზე წავიმხე. ცოტახანს აღარაფერზე უნდა მეფიქრა, როგორღაც..
ზამთრის არდადეგები ახლოვდებოდა. საახალწლო განწყობა არასოდეს მქონდა ხოლმე, მაგრამ საშობაო მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება ყოველთვის მიყვარდა. გაბრიელი იმ დღის მერე აღარ მინახავს და თავს ჩავაგონებდი, რომ რაც იყო, რეალურად არც არაფერი ყოფილა. რა აბსურდულად ვთქვი, არა? წარმოგიდგენიათ, რამდენად უფრო დიდი აბსურდი მქონდა თავში? დავდიოდი მორთულ ქუჩებში, ძლივსღა ვუძლებდი საგამოცდო ორომტრიალს და ერთი სული მქონდა დედასთან და და-ძმასთან წავსულიყავი.
იმ დღეს სწორედ ბოლო გამოცდა მქონდა. დავწერე და პირდაპირ სადგურისაკენ გავეშურე. როგორც იქნა, მეღირსა! როგორც ყოველთვის დაბღვერილ მოლარეს მაინც გავუღიმე, ბედნიერი ახალი წელიც ვუსურვე და ჩემი ადგილი დავიკავე ავტობუსში. ფანჯრისკენ დავჯექი, ყურსასმენი გავიკეთე და ვნატრობდი, ჩემ გვერდით მჯდომი არ გაჯიუტებულიყო ადგილის გაცვლასთან დაკავშირებით. ( ჩემს ბილეთზე შვიდი ეწერა, ფანჯრის მხარეს სკამი რვა ნომერი იყო) ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა. ფიქრებმა წამიღო და ვიგრძენი, როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდით. თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე. ( საქმე ისაა, რომ მგზავრობა მწყენს, მუსიკის მოსმენა და ფანჯარაში ყურება კი ხსნაცაა და სიამოვნებაც) უცნაური შეგრძნება დამეუფლა, რაღაც ისე ვერ იყო. როცა ნესტოები ნაცნობმა სურნელმა ამიწვა, შემოვბრუნდი და გავოგნდი: გაბრიელ ტორაძე ( მთელი თავისი დიდებულებით!) გვერდით მეჯდა და ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩემთან ერთად მოემგზავრებოდა. ძველებურად მიღიმოდა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ წყენამ სწრაფად გადაფარა სიხარული. მან ხომ ამდენი ხნით დამტოვა და უკვე მეგონა, რომ დავავიწყდი. ვიცი, რომ ბუტია ბავშვივით მოვიქეცი, მაგრამ უბრალოდ ზურგი ვაქციე და დაჟინებით მივაშტერდი ფანჯარას.
გავიგონე, როგორ ამოიოხრა. მუსიკას ჩავუწიე. ველოდი, როდის მეტყოდა რამეს. თბილისიდან კარგა ხნის გასულები ვიყავით და ჯერ კიდევ დუმდა. უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა. მინდოდა მეყვირა, მეთქვა, რომ შეეწყვიტა ჩემი დევნა. გადაეწყვიტა, რა უნდოდა და მეც გავერკვიე ამაში. ცოტაც და უთქმელი სიტყვები ამოხეთქავდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ ამის მერე გაბრიელის თვალში ერთი ,,ისტერიჩკა” გოგო გავხდებოდი, მაგრამ აღარ მადარდებდა. მასზე ფიქრით თავი ყოველღამით მტკიოდა და, როცა როგორც იქნა გამოჩნდა, ახლაც დუმდა. ის ის იყო, მთელი ჩემი სარკაზმი და ირონია მოვმართე და პირიც დავაღე მათს ამოსანთხევად, რომ მხარი დამიმძიმდა. მე, რა, ბალიში ვარ? ჯანდაბა, მისი თმა ლოყაზე მეხებოდა და ეს საშინლად მსიამოვნებდა. შეიძლება ,,საშინლად” გესიამოვნოს? როგორც ჩანს შეიძლება. ჩხუბის სურვილი გამიქრა. გამალებით ვისუნთქავდი უსაყვარლეს სურნელს და გულში ღმერთს ვეკითხებოდი, ეს ადამიანი რისთვის გამომიგზავნა. ამასობაში გაბრიელმა თავი უფრო კომფორტულად მოათავსა ჩემს მხარზე, ცალი ყურსასმენი ფრთხილად ამაცალა და გაიკეთა. Tawk-ის New Days ჩაირთო. ,,So come, so stay…” გავიგონე და გულიც გამითბა. გაბრიელმა ჩემი ხელი თავის გაყინულ მტევანში მოიქცია. სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ძილმაც წამიღო.

ნახევარი გზა უკვე გაგვევლო, როცა გამომეღვიძა. ამჯერად მე მედო გაბრიელის მხარზე თავი, თავისი ქურთუკიც ჩემთვის მოეხურებინა და წინ იყურებოდა. მის მკაცრ პროფილს თვალი რომ შევავლე, კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ როგორი მკაცრი, პრინციპული ადამიანი იქნებოდა. არ მომეწონა ის ფაქტი, რომ მისდამი თბილი გრძნობები მანამ გამიჩნდა, სანამ წესიერად გაცნობას მოვასწრებდი.
როგორც აღმოჩნდა, გაბრიელი ჩემი თანაქალაქელი ყოფილა და მეტიც, ერთ სკოლაშიც ვსწავლობდით. უბრალოდ ის ერთი წლით იყო უფროსი. ძალიან გამიკვირდა, პატარა ქალაქში ხომ შორიდან მაინც ყველა ყველას იცნობს. ისე ვსაუბრობდით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები. ვერ ვხსნიდი, რატომ მოჰქონდა ამხელა კომფორტი ამ ადამიანთან ურთიერთობას. ზოგადად ყოველთვის ვცდილობდი, კომუნიკაბელური ვყოფილიყავი, მაგრამ არასოდეს მეხერხებოდა ვინმესთან საწყის ეტაპზევე დაახლოება და ახლა ეს მიკვირდა, მიხაროდა და მაფრთხობდა ერთდროულად.
გზა საკმაოდ მალე დამთავრდა. (რაც სასიამოვნოა, უმეტესად ხანმოკლეა!) გავარკვიე, რომ ჩემი გაცნობა უკვე დიდი ხანია, უნდოდა. ეს ყველაფერი რაც უფრო მსიამოვნებდა, მით მეტად ჰგავდა არარეალურს.
_ სკოლის პერიოდიდან გაკვირდები. ყოველთვის ანდამატივით მიზიდავდი და თავადაც არ მესმოდა, რატომ. თან იმდენად მაშინებდი, რომ შენთან მოსვლას ვერ ვბედავდი ხოლმე.შენს მეგობრებთან ერთად მხიარულობდი და მერე უცბად ისე დაგისევდიანდებოდა სახე, თითქოს მთელი მსოფლიოს სადარდებელს იტევდი. უნივერსიტეტშიც რომ ერთად აღმოვჩნდით, მივხვდი, რომ ცხოვრება ხელს მიწყობდა, შენკენ გზას მიკვალავდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა. _ დაასრულა საუბარი და ოდნავ დამორცხვებულმა დაიხედა ძირს.
_ ნეტავ... იქნებ აქამდეც უნდა მოსულიყავი, _შევღიმე._ შესაძლოა, ბევრი რამ შეგეცვალა.
_ ვინ იცის...
_ მიხარია... შენნაირი მეგობრის ყოლა.
მაინც ვერ მოვითმინე და გავააქტიურე ,,თავის დაზღვევის” ჩემეული მექანიზმი.
_ მეგობრის?
მივხვდი, რომ ცოტა ვაწყენინე, მაგრამ აბა რა მეთქვა?
_ ჰო, მეც მიხარია, რომ გაგიცანი ბოლოსდაბოლოს._ ცოტა მშრალად მომიგდო, ახლა მე დავრჩი ნაწყენი. არადა არ მინდოდა, ასე დავმშვიდობებოდი. დასჯილი ბავშვივით ავეტუზე წინ. ერთხანს მიყურა, უკვე დავაპირე სწრაფად გავცლოდი, რომ გულში ჩამიკრა და ჩამჩურჩულა:
_ ცხადია, შენი მეგობარიც მინდა, ვიყო. სხვაგვარად არ მაწყობს. _ ეშმაკურად გამიღიმა, _ ხვალ სპექტაკლზე გეპატიჟები, ხუთისთვის შენს სახლთან ვიქნები.
მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. ერთ საღამოს გადავწყვიტე, შინ შემომეპატიჟებინა ახალი ,,მეგობარი” და დედისთვის გამეცნო. ვცდილობდი დამემალა ჩემი მღელვარება, მაგრამ არ გამომდიოდა. დედა ერთი შეხედვით შეაფასებდა ადამიანს და ეს მაშინებდა. მინდოდა, მოსწონებოდა. დედასთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი. მართალია, გული გაუსკდა, როცა ,,მასაჟის სალონის ისტორია” ვუამბე და თვალებიც დამიბრიალა, იქ რამ შეგიყვანაო, მაგრამ, საბოლოოდ, გაუხარდა, რომ გაბრიელი გავიცანი. თურმე მის მშობლებს იცნობდა და კარგი ურთიერთობაც ჰქონდა. იმ საღამომ იდეალურად ჩაიარა. გაბრიელი ისეთი ზრდილობიანი, სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა და ისე კარგად გაუგეს, რომ ცოტაც და ვიეჭვიანებდი. უსაზღვროდ ბედნიერმა მივაცილე კარამდე და ჩურჩულით გადავუხადე მადლობა. პასუხად ისევ კოცნა მივიღე საფეთქელთან და წავიდა. ჩემი ცხოვრება გულის სიღრმეში მიკუნჭულ ამხდარ ოცნებას ემსგავსებოდა. იმ ღამით დიდხანს არ დამეძინა.
საუნივერსიტეტო რეჟიმს მე ერთი კვირით ადრე დავუბრუნდი. გაბრიელი ნათესავის ქორწილის გამო მეტ ხანს შემორჩა. ის ერთი კვირა ძალიან გაიწელა. აშკარად მენატრებოდა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში რაღაცნაირად მშრალად მწერდა, მეოთხე დღეს კი სულაც აღარ გამოჩენილა. გამიკვირდა, მაგრამ ვეცადე, ეჭვიანი ცოლივით არ მოვქცეულიყავი და დინებას მივყოლოდი.
ბოლო დროს ვამჩნევდი, რომ ჩემი კურსელი ტატო ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. თითქოს ვერ იგებდა ელემენტარულ დავალებებს და დახმარებას მე მთხოვდა. თავიდან მის საქციელში ეჭვი არ შემიტანია. ან კი როგორ მეთქვა უარი დახმარებაზე? ეს ჩემს ბუნებაში ნამდვილად არ ჯდებოდა. გაბრიელი ისევ არ ჩანდა და ეს მაწუხებდა, მაგრამ არ მინდოდა, თავი მომებეზრებინა და აღარ ვრეკავდი. იმ დღეს ტატოს უნდა შევხვედროდი ლექციების მერე. ბიბლიოთეკაში დავსხედით. კარგად გავარკვიე ინგლისელი მონარქების ქრონოლოგიაში და ვცდილობდი, არ შემემჩნია მისი მზერა, რომელიც ნამდვილად არ მომწონდა. უკვე ვნატრობდი, მალე დაგვესრულებინა. მერე ვერც გავიაზრე, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა: ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა. უკან გაწევა რომ ვცადე, უფრო მიმიზიდა თავისკენ. შორიდან რომ შემოეხედათ, ალბათ იმ წყვილს ვგავდით, ვნებები რომ საჯარო თავშეყრის ადგილებშიც ვერ დაუოკებიათ . ( ასეთები ყოველთვის მაღიზიანებდნენ!) როგორც იქნა, მისგან თავი დავიხსენი, ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავვარდი. მოულოდნელად ვიღაცას მთელი ძალით შევეჯახე. ამ ვიღაცამ თავის მკლავებში მომიქცია და სიმშვიდის ესოდენ ნაცნობი მონატრებული განცდაც შევიგრძენი. ზემოთ ავიხედე და მის თვალებს შერცხვენილმა მივაგენი. მე მოვაგვარებ, ეზოში დამელოდეო, მხოლოდ ეს მითხრა, ,,თავის” ადგილას მაკოცა და ზურგი მაქცია. დავინახე ტატოს დაძაბული სახე და გაბრიელის მშვიდი ნაბიჯები. წამოვეწიე და ვთხოვე, გამყოლოდა, მაგრამ ისევ გამაბრუნა და უბრალოდ დავუჯერე.
ეზოში საკმაოდ ციოდა. ბიბლიოთეკაში ალიაქოთს არ ატეხდა გაბრიელი, მხოლოდ ეს მამშვიდებდა. ჯანდაბა, მაია! გარეთ გამოიყვანდა! ვინ იცის, ახლა რომელიმე ჩაბნელებულ კუთხეში ჩხუბობენ, იქნებ ტატოს დანა ჰქონოდა? ამის გააზრებაზე ტვინში სისხლი ჩამექცა. შეშლილივით შევვარდი შენობაში. ბიბლიოთეკაში, ცხადია, არცერთი დამხვედრია. გული მისკდებოდა, გაბრიელს რომ რამე მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი. ყველა შესაძლო ადგილი მოვიარე. საბოლოოდ ერთერთი აუდიტორიის ნახევრად ღია კარიდან შემომესმა ხმა. ფრთხილად მივედი და შევიჭყიტე. ტატო ლექტორის კათედრასთან ბოლთას სცემდა, ხელებს შლიდა და საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა:
_ ცოდოა, ბიჭო, ცოდოა. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რომ დაგიჯერე!
_ მორჩები? იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. რა ეგონა აბა იმ ახვარს, ჩემი თინანო რომ გააუბედურა?
_ ნიკო ნიკო იყო, ეს მაიაა. ურთიერთობაც კი აღარ აქვთ, ადამიანო, წლებია ტიპი საზღვარგარეთაა, სულ არ კიდია, რა ბედი ეწევა მის მამიდაშვილს?
_ ჯერ ერთი, ბიძაშვილს. არ მაინტერესებს, ხომ გაიგებს ამბავს? ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდება, ხომ იცი._ გაბრიელის სახე სატანურ ღიმილს მოეცვა. ადამიანი, რომელსაც ვუცქერდი, არაფრით აღარ ჰგავდა იმას, სპექტაკლის ბოლოს სევდიანი დასასრულით გულაჩუყებულს ცრემლებს ცერა თითებით რომ მიმშრალებდა. ნიკო რა შუაში იყო? თუ ნიკოზე ბრაზობდა, ჩემთან რაღა უნდოდა? ესე იგი შურისძიების იარაღად მიყენებდა, მე კი ტატოსთან ინციდენტის გამო ლამის სირცხვილით მოვკვდი. ყველაფერი ფარსი იყო, ღმერთო ჩემო. ყველაფერი სიცრუე იყო, ყოველი წამი ყალბი. მე კი... თავბრუსხვევა ვიგრძენი, ცოტაც და გული ამერეოდა. ახლა არა, მაია, აქ არა. ვეცადე, იქაურობას მოვშორებოდი, მაგრამ ღონეგამოცლილი კარს შევეჯახე და სწორედ ასეთი ნაწილებად დაშლილი მოსაუბრეთა წინაშე აღმოვჩნდი. გაბრიელი მიყურებდა. ერთ წამს მომეჩვენა, რომ სახე ტკივილისგან დაემანჭა. მაგრამ მომეჩვენა, დიახ. ასე დაემართებოდა იმ გაბრიელს, რომელიც მე... რომელსაც მე ვიცნობდი და იმიტომ!
_ არაკაცი ყოფილხარ შენ. არაადამიანი, იცოდე მაინც, როგორ მძულხარ, _ ამოვთქვი და ფეხებში ძალაც გამომეცალა. უკანასკნელად ტატოს ძახილი ჩასწვდა ჩემს სმენას და სიბნელემ წამიღო.
თვალები რომ გავახილე, ჯერ კიდევ აუდიტორიაში ვიყავი. აღარც ტატო იყო, აღარც გაბრიელი. უგონო მდგომარეობაში მიმატოვა ჩემმა ,,რაინდმა.” მიიღე, მაია? მართლა დაიჯერე, რომ ოცნების პრინცმა თავად გიპოვა? გულშუ უშვერი სიტყვებით ვლანძღავდი საკუთარ თავს, რომ ილუზიებში ისე გავეხვიე,სულ გადამავიწყდა, ჩემნაირ ,,უფერულს” ვერც შეამჩნევდნენ და, მით უფრო, შეიყვარებდნენ, თუ რაიმე სხვა მოტივი არ ამოძრავებდათ. თავი საშინლად დამმძიმებოდა. შენობის გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯით დავიძარი, თან მობილურში ნიკოს ნომერი მოვიძიე.
ჩემი მამიდაშვილი ოთხი წლის წინ გერმანიაში გაემგზავრა მშობლებთან. მხოლოდ ახლა მომეჩვენა მისი წასვლა საეჭვოდ. სანამ ამას გადაწყვეტდა, მეუბნებოდა, რომ აპირებდა რაიმე სამსახური თბილისში ეშოვა. ერთ დღეს კი, ასე უბრალოდ ფეხი დაჰკრა და წავიდა. თანაც მას მერე ერთხელაც არ ჩამოსულა. ჩამოსულა კი არა, აღარც მეკონტაქტებოდა. ამის გამო ნაწყენიც კი ვიყავი მასზე. ბევრი ვიყოყმანე, სათქმელი გონებაში მაინც ვერ დავაწყე და დავურეკე. მეხუთე ზარის შემდეგ ყურმილი აიღეს.
_ გისმენთ, _ გერმანულად მიპასუხა.
_ მაია ვარ, ნიკო.
_ მაი, ჰეეი, როგორ გამახარე, როგორ ხარ?
_ გმადლობ, კარგად.
_ რამდენი ხანია არ გვისაუბრია, ელენე დეიდა როგორაა?
_ ყველანი კარგად ვართ. რაღაც მინდა გკითხო და მინდა, გულახდილად მიპასუხო.
პაუზა გააკეთა.
_ რა ხდება, მაია? _ ხმა დაეძაბა.
_ არ მომატყუო, კარგი? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა ჩემთვის შენი პასუხი.
_ გისმენ, როდის მომიტყუებიხარ?
_ რატომ გადაწყვიტე ასე ერთბაშად მანდ გამგზავრება?
დუმილი ჩამოვარდა.
_ ამას ოთხი წლის მერე რატომ მეკითხები?
_ გაბრიელ ტორაძეს იცნობ?
_ რა? შენ საიდან იცი მისი სახელი? _ მის ხმაში ისეთი აგრესია ვიგრძენი, გავიყინე.
_ ნიკო, მიპასუხე, გთხოვ.
_ მისი მეგობრის შეყვარებული ვიყავი.
_ მერე?
_მერე დაორსულდა. ცდილობდა, ეს ბავშვი ჩემთვის შემოეჩეჩებინა, გესმის? იქნებ ჩემი არც კი იყო? და რომც ყოფილიყო, მე მამა ვერ ვიქნებოდი? მხოლოდ ოცი წლის ვიყავი, ხვდები? მთელი ცხოვრება წინ მქონდა და ეს ტვირთი...
_ რა ჩაიდინე?_ საკუთარი ხმა მეუცხოვა.
_ არაფერი, ვუთხარი, რომ აბორტი გაეკეთებინა, უარყოფდა, დაშორებით დავემუქრე და მაინც არ დამიჯერა. ჰოდა, გადავწყიტე თავი დამეხსნა და აქ წამოვედი. რა, შენ ჩემს ადგილას იმავეს სურვილი არ გექნებოდა? ცოლი და შვილი? კარგი, რა.
_ შენ ვინ ყოფილხარ...
_ რა ესაქმება ტორაძეს შენთან? მაია არ გაეკარო, გესმის? თინანოს ბავშვობის მეგობარია, მოსაკლავად მეძებდა.
_ შენ გაიქეცი, მხდალო, ლაჩარო.
_ დამპირდი, რომ მასთან არანაირი ურთიერთობა არ გექნება, მაია, გესმის?
ყურმილი დავკიდე. ტროტუარზე ჩამოვჯექი, რადგან ძალა აღარ მყოფნიდა გზის გასაგრძელებლად. ცრემლებად ვიღვრებოდი და მრცხვენოდა, რომ ჩემმა ოდესღაც საუკეთესო მეგობარმა გოგო შეაცდინა და მერე ,,აითესა.”
გაბრიელის მესმოდა. არ ვიცოდი, რა მზაკვრულ გეგმებს აწყობდა ჩემი საშუალებით ნიკოს გასანადგურებლად, მაგრამ მისი მესმოდა. გადაწყვეტილება მივიღე , წამოვდექი და ავტობუსს გავყევი გაბრიელის სახლისკენ.
გზაში რამდენჯერმე გადავიფიქრე მისვლა. რაზე უნდა მელაპარაკა? საერთოდ, დამელაპარაკებოდა? კინაღამ თავი გამისკდა ფიქრით. ბოლოს უბრალოდ გონება გავთიშე და მის სახლთანაც აღმოვჩნდი. კიბეებზე ასვლისას ფეხები უკან მრჩებოდა. განა აქ არ იყო, უზომოდ ბედნიერი რომ ვიყავი? მისი ხელით მომზადებულ უსაყვარლეს კაპუჩინოს ვსვამდი და თავს ,,შინ” ვგრძნობდი. მეორე მემ ჩამძახა, რომ ის ყველაფერი დადგმა იყო, კარგად გათვლილი სცენარი. ვერაფერი ვუპასუხე ალტერეგოს: მაფრთხილებდა თავიდანვე და არ ვუსმენდი. მის კართან მისულს ხელი საგრძობლად მიკანკალებდა. როგორც იქნა, გავბედე და დავაკაკუნე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. კიდევ ერთხელ ვცადე და საკეტმაც გაიჩხაკუნა. მძიმე კარი ნელა გაიღო და ყველაზე ცივი მზერის წინაშე აღმოვჩნდი, რაც კი მანამდე მენახა. მუქი ლურჯი თვალები სულ ჩაბნელებოდა გაბრიელს, სახის მკაცრი ნაკვთები ახლა ორმაგად გაყინვოდა და მიყურებდა. თითქოს სულ დავპატარავდი. მეგონა, მალე უბრალოდ გავქრებოდი.
_ შეიძლება?_ ეს ხმა თითქოს მე არ მეკუთვნოდა. უხმოდ გამეცალა გზიდან. მძიმედ შევაბიჯე იმ სახლში. თითქოს ასი წელი გასულიყო იმ დღის მერე, როცა გაბრიელი გავიცანი.
_ ისტერიკის მოწყობას თუ აპირებ, დროს ტყუილად დაკარგავ._ აგდებით მომმართა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. აქეთკენ მომავალი ვცდილობდი, ის ნაფლეთები შემენარჩუნებინა, რაც ჩემ მიერ დახატული ამ ადამიანის სახისაგან დარჩა ფარულად მოსმენილი საუბრის შემდეგ. ის ამ ნაფლეთებსაც მინადგურებდა ახლა. ვეცადე, ისეთი ძლიერი ვყოფილიყავი, როგორიც არასდროს:
_ თინანო როგორ არის? ბავშვი..?
_ რა იყო ძვირფასმა ბიძაშვილმა არ გიამბო? _ ჩაიცინა ირონიულად. მოთმინების ბოლო ძაფიც გამიწყდა.
_ უბრალოდ მიპასუხე, გთხოვ...
_ აქ რატომ მოხვედი? ვერ ხვდები, რომ შენი დანახვა არ მინდა?
_ მინდა ყველაფერი მიამბო, გესმის? ყველაფერს მომიყვები და ვეღარასოდეს მნახავ. შენთან შეხვედრას მირჩევნია ქვეწარმავლებით სავსე ოთახში გამომკეტონ!
_ კარგი რჩევა მომეცი, ხომ იცი. იქნებ ეგეც გვეცადა._ როგორ მაღიზიანებდა, არასოდეს მდომებია ადამიანისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ეს ბიჭი, რომელიც კინაღამ (?) შევიყვარე ჩემს ნერვებზე არაამქვეყნიურად თამაშობდა.
_ შეწყვიტე, გაბრიელ! სიმართლე მჭირდება, გესმის?_ ლარნაკს ხელი დავტაცე და იატაკზე დავახეთქე.
_ შენი არაკაცი ბიძაშვილის გამო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავი მოიკლა, გაიგე? ვერ გაუძლო, როცა ორსული მიაგდო და თავად ევროპაში გადაბარგდა. იცის მაინც, რა ბედი ეწია თინანოს? იკითხა, თავის შვილს რა დაემართა?_ მთელი ხმით მიყვიროდა._ თინანო ემუდარებოდა, შენ არ შეგაწუხებს ჩვენი შვილი, ყველაფერს მე გავუკეთებო და ეგ აბორტის გაკეთებას აიძულებდა. თინანო უარზე იყო. რომ გაიგო, მისი ,,ცხოვრების სიყვარული” სამუდამოდ გადაიკარგა, ვენები გადაიჭრა, გესმის? სისხლისგან დაცლილი ვნახე ბოლოს, ამის დედაც...._ ღრიალებდა უკონტროლოდ.გაშეშებული ვიდექი და ვუსმენდი._ ჩემმა მეგობარმა მიმატოვა, მისი შვილი მე უნდა მომენათლა, ის ბავშვი ჩემი ნათლული გახდებოდა, არავის სჭირდებოდა შენი ბიძაშვილისგან არაფერი, მე მივეხმარებოდი, ყველანი მივეხმარებოდით, მაგრამ..._ ხმა ჩაუწყდა, მზერა ჩაუქრა, მომეჩვენა, რომ საშინლად უნდოდა, ეტირა. _ და რა? _ უცბად ისევ ისეთი მძულვარე თვალები მომაპყრო. მინდოდა, შენ გამენადგურებინე, რომ იმას იქ სტკენოდა. შენი სული მინდოდა ფეხქვეშ გამეთელა, რომ იმასაც ეგრძნო, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.
ჰაერი აღარ მყოფნიდა, აივნის კარი გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე. გაბრიელი ღრმად სუნთქავდა. ადამიანის მოკვლა რომ მზერით შეიძლებოდეს, დიდი ხნის წინ მომიღებდა ბოლოს ის გამოხედვა. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, თან საუბარს განაგრძობდა:
_ იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, ჰა? იქნებ ჯერ კიდევ შევძლოთ მე და შენ და ჭკუა ვასწავლოთ შენს საყვარელ ნიკოლოზს?_ თვალები ბოროტად უელავდა. თითო ნაბიჯით მიახლოვდებოდა. დავფიქრდი, სად მენახა ასეთი მზერა და წამის მეასედში გამახსენდა. ის ურჩხულიც სწორედ ასეთი გამომეტყველებით მიახლოვდებოდა მაშინ, როცა გაბრიელმა გადამარჩინა. აზროვნების უნარი დავკარგე თითქოს. იმის ნაცვლად საუბარი ან გაქცევა მეცადა, აბსოლუტური სიგიჟე ჩავიდინე: რამდენიმე წამი და აივნის მეორე მხარეს ვიდექი, მოაჯირს ვეჭიდებოდი და, ჩემი ძალისხმევის გარეშეც, ძალიან მარტივად შეიძლებოდა მეხუთე სართულიდან გადავშვებულიყავი. ღონე აღარ მყოფნიდა მთელი დღის მღელვარებით გადაქანცულს.
ჩემი გადაძრომა და გაბრიელის გამოფხიზლება ერთი იყო. სახე შეეცვალა, თითქოს სილა გააწნესო.
_ რას აკეთებ?_ ძლივს გავიგონე, ისე ხმადაბლა თქვა.
_ შენი აზრით? _ ახლა ჩემი ირონიის დრო იყო._ სურვილს გისრულებ. შენც ხომ ეს გინდოდა? ხელებს გავუშვებ და შენს მიზანსაც სისრულეში მოვიყვანთ. მე და შენ, როგორც წეღან თქვი._ ალბათ, მართლა ყველაფერზე წამსვლელს ვგავდი, სახე წაეშალა. მერე თავი ხელში აიყვანა და თქვა:
_ ამას ვერ იზამ! გამბედაობა არ გეყოფა._ ჩაიცინა და ამან სულ გამაცოფა. საპასუხოდ მოაჯირს ცალი ხელი გავუშვი და ფეხიც ამიცურდა. მხოლოდ ერთი გაოფლიანებული ხელით ვეჭიდებოდი. ძირს რომ ჩავიხედე, მანქანების სინათლეებმა თავბრუ დამახვია და ვიგრძენი, რომ მეორე ხელიც გამეშვა. თვალები დავხუჭე და გავიფიქრე: ,, ახლა იფრენ, ამაზე ხომ სულ ოცნებობდი.” არ დამაცადეს. გაბრიელი მთელი ძალით ჩამბღაუჭებოდა ხელზე. შვება და სიცარიელე ერთდროულად ვიგრძენი. აივანზე ისე გადამათრია, თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვყოფილიყავი. მუხლები მეკეცებოდა. ორივენი იატაკზე აღმოვჩნდით. მუხლებს შორის ვეჯექი და მკერდზე ვეყრდნობოდი. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა. წამოვკრიფე ნაწილებად დაშლილი სხეული და კარისაკენ დავიძარი. გამოვაღე კიდეც და უცბად აღმოვჩნდი გაბრიელის მკლავებში. კარი ცალი ხელით მიაჯახუნა, პატარა ბავშვივით ამიტაცა და ჩემიანად მოთავსდა დივანზე.
_ მაპატიე,_ ჩურჩულებდა ჩემს თმაში._ ვიცი, რომ შეძლებ. გთხოვ, მაპატიე და თავიდან დავიწყოთ. არ მინდა, წახვიდე, უშენოდ არ მინდა. მაპატიე...
მეუბნებოდა და გულში მიკრავდა. მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, მოვხვეოდი. მთელი სხეული მთხოვდა იმ სიმშვიდეს, რომელსაც მისი ჩახუტება მომგვრიდა, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი. თავს ვერ ვაიძულე.
_ გამიშვი..._ აღმომხდა ტირილამდე მისულს, მაგრამ ეტყობა ცრემლებიც დამიშრა.
_ არ მინდა!
_ მე მინდა!_ ვუთხარი და მისი ხელებისგან თავი დავიხსენი. თითებზე შევეხე, მხრამდე ავყევი მის ძლიერ მკლავს_ მეგონა, შენ იყავი ის, ვინც გადამარჩენდა. სამწუხაროდ, შენ თავად გჭირდება, გადაგარჩინონ. რომ მოსულიყავი და ყველაფერი გეთქვა, მე შენთან ერთად გავუმკლავდებოდი ამას. ახლა კი... აზრი აღარაფერსა აქვს. მშვიდობით.
საფეთქელზე ვაკოცე და წავედი. უკან აღარ გამომყოლია.


სურვილი, რომელსაც ერთ დროს შეპყრობილი ვყავდი, ამიხდა: ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მე შევიცვალე. მშრალი საუბრებით ვიშორებდი თავიდან დედასა და თეკლეს. ვაბარებდი ფინალურ გამოცდებს და ვიცდიდი. ყოველ დილით სარკეში ვუყურებდი საკუთარ თვალებს და ვეღარ ვცნობდი ადამიანს, რომელიც იქიდან მიმზერდა. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი.
სემესტრი დასრულდა. დედას ვესაუბრე და ბოლო გამოცდის ჩაბარების მეორე დღესვე სვანეთში გავემგზავრე ბებიასთან. ვიცოდი, ეს მიშველიდა. ყოველ დილას სუფთა ჰაერის დიდი დოზით ვიწყებდი, თან წაღებულ სანუკვარ კაპუჩინოს ვწრუპავდი და მერე ბებოს ვეხმარებოდი ხოლმე. მას მერე, რაც ბაბუ გარდაიცვალა, თამარი მარტო ერკინებოდა ცხოვრებას. დედამ ბევრჯერ სთხოვა, მაგრამ არაფრით დათმო ქმრის სახლ-კარი, არ გამოკეტა. მხოლოდ არდადეგებზე ვახერხებდი მის მონახულებას, მაგრამ ეს დღეები ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე სადღესასწაულო იყო ჩემთვის. თამროს ქოთნის ყვავილებზე ვგიჟდებოდი. მიწასთან შეხება მამშვიდებდა და მაბედნიერებდა. საკუთარი ხელებით გავაკეთე ახალი ნარგავები და ერთიანად მიწით დასვრილი, მაგრამ ბედნიერი შევედი სახლში. ბებოს საოცარი ხელი ჰქონდა. ( როგორც ბებოების უმრავლესობას!) მარად ,,მშიერსა” და ,,გამხდარს” გემრიელობებით მანებივრებდა. ის მაინც შევძელი, რომ დღის განმავლობაში ვერ ვასწრებდი ფიქრს და ნაკლებად ვგრძნობდი ტკივილს. თუმცა ღამე მელოდა. ღამეს ვერსად გავურბოდი.
მობილური არც იჭერდა და, ძირითადად, გამორთული მქონდა. დაძინებამდე ჩავრთე და თეკლეს შეტყობინება დამხვდა: ,,გაბრიელი გეძებდა. საშინლად ნასვამი მოვიდა ჩემთან. აინტერესებდა, სად იყავი. თქმას არ ვაპირებდი, გეფიცები, მაგრამ დედაჩემი გაბრაზდა და უთხრა, სადაც ხარ. მაპატიე, გთხოვ. ვერ გადავარწმუნე, საჭესთან მაინც დაჯდა, საქმე მაქვს და უნდა ვნახოო. მითხარი, როცა რამეს გაიგებ. ვნერვიულობ. ჯანდაბა, ჩართე ტელეფონი. იმედია იმ ბიჭს არაფერი დაემართება.”
ვიცოდი, რომ გზებზე ავტომობილების მოძრაობა თოვლის გამო ჭირდა. სამი კვირის მანძილზე მისგან არაფერი გამიგია. ახლა კი ნასვამი საჭესთან იჯდა და ჩემთან მოდიოდა. ასე არასოდეს შემშინებია. მას რომ რამე მოსვლოდა... ამის წარმოდგენაც მზარავდა. ნუთუ ვაპატიე? ჩემი გამოყენება სურდა შურის საძიებლად და ეს ვაპატიე? გული მომიკლა, არ ვბრაზობდი. უფრო სწორად მეტად მიყვარდა, ვიდრე ვბრაზობდი. საკუთარი ფიქრები მაცოფებდა. მისი მობილურის ნომერი ავკრიფე. ზარი გადიოდა, ყურმილს კი არ იღებდა.


,,ჯანდაბა, ტორაძე, აიღე ყურმილი!”_ ვფიქრობდი და დაძაბული ვცემდი ბოლთას. ისევ არ პასუხობდა. ნერვიულობისგან ვკვდებოდი. ფრჩხილები სულ დავიჭამე და მერე უნუგეშოდ ავქვითინდი. თავი ბალიშში ჩავრგე, რომ ბებოს არ გაეგო, რა ცუდად ვიყავი. მერე როგორღაც თავი დავირწმუნე, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და ისევ ვნახავდი იმ მუქ ლურჯებს. ოცნებაშიც გადავეშვი და წარმოვიდგინე, როგორ ვაპატიებდით ერთმანეთს ყველაფერს და უწინდელივით ვიქნებოდით.
შემოღამდა. ძილი არა და არ მეკარებოდა, კიდევ ბევრჯერ ვცადე დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ყავა გავიკეთე და და ფანჯრის რაფაზე ფეხებმოკეცილი დავჯექი. თამროს უკვე ეძინა. თორმეტი სრულდებოდა. ბოლო ყლუპიც მოვსვი და ჭიქა სამზარეულოში ჩავიტანე. კარზე ბრახუნი რომ შემომესმა, გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ამიფრთხიალდა. ფართოდ გამოვაღე და დავინახე. ტანსაცმელი დაფლეთოდა, საფეთქელთან ( მე რომ მიყვარდა კოცნა!) სისხლი შეხმობოდა, ფეხზე ძლივს იდგა. მისი თვალები ჩემსას შეხვდა და აუწყლიანდა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და მთელი ძალით მოვეხვიე. წელზე მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს. გაყინული თითები ჩემს თმაში შეაცურა და კისრამდე დაუყვა. მთელი სხეული მოუდუნდა, თითქოს როგორც იქნა, თავი უსაფრთხოდ დაიგულა და მოეშვა.
_ რა დაგემართა? _ ვკითხე აკანკალებული ხმით.
_ მოვედი...
მხარში ამოვუდექი და შემოსვლაში დავეხმარე. დივანზე წამოვაწვინე და სამზარეულოში გავიქეცი სპირტისა და ბამბის მოსაძებნად. მღელვარებისგან ნაბიჯები მერეოდა. ბოლოს ვიპოვე, რასაც ვეძებდი და მასთან დავბრუნდი. დივნის წინ მუხლებზე დავეშვი და ნაჭრილობევი მოვუსუფთავე. სპირტის სუნზე ცხვირი პატარა ბავშვივით შეჭმუხნა. ჩამეღიმა. გამომხედა და იმ წამს ისევ დავინახე მის თვალებში ანთებული ,,ეშმაკუნები.” თავისკენ მიმიზიდა და გავარვარებული ტუჩები შუბლზე მომაკრო. მერე სახე ტკივილისგან მოეღრიცა, თავი ბალიშზე დავაბრუნებინე.
_ ავარია შემემთხვა, მანქანა მომიცურდა და ხეს შევეჯახე. კიდევ კარგი, რომ ტრაილერმა ჩამოიარა და მძღოლიც კარგი კაცი აღმოჩნდა, თორემ ფეხით მომიწევდა გზის გაგრძელება.
_ შენ, რა, გაგიჟდი? ან რამ წამოგიყვანა ასეთ ამინდში ასე ნასვამი.
_ ინერვიულე? _ დასვა რიტორიკული შეკითხვა და ბედნიერად ჩაეღიმა.
_ რატომ წამოხვედი?
_ შენი აზრით?
_ ზემოთ ავიდეთ, თამროს გაეღვიძება._ წამოდგომაში მივეშველე.
_ უკვე ჩემს საწოლში შეტყუებას ცდილობ? ღმერთო ჩემო!_ შეიცხადა და, როგორც ყოველთვის, ცოტა გვიან გავაანალიზე, რა თქვა. მწარედ ვუჩქმიტე. დაიკვნესა და იმედგაცრუებული მზერა მომაპყრო._ არ გეცოდები?
_ არა! _ სიცილს ძლივს ვიკავებდი. ჩემს საწოლზე მოვათავსე და ბებოს ნახელავი გემრიელობები ამოვიტანე. ძალიან შიოდა. გემრიელად მიირთმევდა და თვალს არ მაშორებდა:
_ ის დღე გამახსენდა, როცა გაგიცანი. მაშინ შენ იწექი ჩემს საწოლზე და დაბნეული, უნდობლად მიყურებდი. როგორი საყვარელი იყავი.
_ კარგი, ჭამე უბრალოდ._ მობეზრებულად შევაბრუნე თავი. მერე ჩემი ყავის ჭიქით საყვარელ ფანჯარას მივაშურე. მისი ხმა სულ ახლოს მომესმა უკნიდან:
_ ვერ მაპატიე?
_ არ ვიცი.
_შენც ხომ იცი, რომ უერთმანეთოდ ვეღარ ვიქნებით.
_ ამაში დარწმუნებული ხარ?_ მისკენ შევბრუნდი.
_ კი._ სახე გაეყინა_ შენ არა?
_ არ ვიცი.
_ იცი.
_არა! დაუმსახურებლად მსჯიდი. ერთ დღეს ისევ რომ გაგახსენდეს ჩემი ბიძაშვილის ცოდვები?
_ ეს არ მოხდება. არც თინანოს გაუხარდებოდა, რომ გაეგო, რას ვაპირებდი..._ ხმა ჩაუწყდა._ ხვალვე წავალ, თუ... თუ აზრი არ აქვს.
აღარაფერი მითქვამს. პლედი მოვუტანე:
_ აქ ღამით ძალიან ცივა.
_ შენ?
_ ქვემოთ დავიძინებ, დივანზე.
_ რა სისულელეა, არავითარ შემთხვევაში.
_ დაწექი._ ისეთი ტონით ვუთხარი, ვეღარ შემეწინააღმდეგა და ოთახი დავტოვე.
დიდხანს ვფიქრობდი, ვერაფერი გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, მიყვარდა. მაგრამ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა.
გაწვიმდა. ფანჯრებს მთელი ხმით ეხეთქებოდა წვეთები. ქარის ღმუილმა შემაფხიზლა. თითქოს სიბნელემ მშთანთქა. ერთ წამს ვეღარ გავიაზრე, სად ვიყავი და შიშმა შემიპყრო. ოთხად მოვიკეცე და საბანი თავზე უნდა წამემხო, რომ შემოსმა თბილი, დაბალი ბოხი ხმა:
_ მოდი!
ვიგრძენი, დივნის ბოლოში იჯდა და მერე მისი ჩრდილიც გავარჩიე. თავი დავაღწიე ახლართულ საბანს და მასთან მივცოცდი. საბანი მჭიდროდ მომაფარა და თავადაც შიგნით გაეხვია. ხელები წელზე შემოვაჭდე და თავი გულზე დავადე. სწრაფად უცემდა.თავისკენ მეტად მიმაჩოჩა, ისე მიჭერდა, ვეღარ ვსუნთქავდი და არც მინდოდა, გამცლოდა. ღრმად შევისუნთქე საყვარელი გრილი სურნელი და ვუთხარი:
_ გპატიობ... აღარ გამიშვა...
სრულ სიბნელეშიც დამწვა მისმა მზერამ. ერთხანს მდუმარედ მიყურა და მალე მისი ბაგეები ჩემსაზე ვიგრძენი. ისე ნელა მკოცნიდა, თითქოს მთელი ცხოვრების მიზნად ეს ჰქონდა და ახლა სიამოვნებას იხანგრძლივებდა. ბოლოს თავი ჩემს ყელში ჩარგო, ჩაიღიმა და მითხრა:
_ აღარასოდეს...


ვტვირთავ მთლიანად, მეგობრებო. მგონია, ასე მეტად ისიამოვნებთ. გმადლობთ, რომ მოტივაციას მიქმნიდით წერისას და მომანდომეთ კიდევ ვწერო და უკეთესად. უსაზღვროდ დადებითები ხართ და თქვენს რჩევებსაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ. <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ველოდი ასე მალე დასრულებას, გული დამწყდა. შენ კი საუკეთესო ხარ და გელოდები ოსრვ

 


№2  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
არ ველოდი ასე მალე დასრულებას, გული დამწყდა. შენ კი საუკეთესო ხარ და გელოდები ოსრვ

❤❤❤❤ გმადლობ!

 


№3 სტუმარი მოსწავლე :დდ

რასაც ქვია გული ჩამეწვა . აი უბრალოდ , სიტყვები არ მყოფნის . ისე კარგად აღწერე ,რომ ჩემი თავი ვიგრძენი მოთხრობაში , ბრავო ბრავო !!♡♡♡

 


№4  offline წევრი ანაკონდა

მოსწავლე :დდ
რასაც ქვია გული ჩამეწვა . აი უბრალოდ , სიტყვები არ მყოფნის . ისე კარგად აღწერე ,რომ ჩემი თავი ვიგრძენი მოთხრობაში , ბრავო ბრავო !!♡♡♡

უღრმესი მადლობა. ბედნიერებაა ჩემთვის შენი სიტყვები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent