სისხლიანი ვახშამი (V თავი)
ბოლო „გაჩერება“ ჩემი დის სახლია . მშია .იმედია, ლელა დამაპურებს. იმას ოღონდ ვინმე დააპურებინე , ყველა საქმეს განზე გადადებს . აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უფრომდაწვრილებით მოგიყვებით ჩემი ოჯახის შესახებ . დედაჩემს, ისტორიის პროფესორს მარიკა ქორიძეს, შეიძლება ითქვას, შვილებში არ გაუმართლა. ჩვენგან არათუ პროფესორები , მეცნიერებათა კანდიდატებიც ვერ გამოდნა . განსაკუთრებით ლელას იმედი ჰქონდა , რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა , ინსტიტუტში მოეწყო და... და პირველივე კურსზე გათხოვდა. „არა უშავს , - თავს იმშვიდებდა დედა , - ყოჩაღი ქალები შვილების გაჩენასაც ახერხებენ სა სწავლის გაგრძელებასაც . მთავარია, მონდომება“. ლელამაც მოინდომა ...მაგრამ სულ სხვა კუთხით . ინსტიტუტი დაამთავრა , ზრდილობის გულისთვის დიპლომიც აიღო და ... და შინ ჩაჯდა , კრუხივით. უნდა ავღნიშნო , ბედნიერი კრუხივით , რადგან მშვენივრად გრძნობდა თავს დიასახლისად , ბავშვებს ზრდიდა , ქმარს ცხელ კერძს ახვედრებდა და საერთოდ , , სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა საკუთარ თავთან . გულგატეხილი დედა ჩემზე გადმოენთო . როგორც უკვე მოგახსენეთ, პროექტი „პრიმა ბალერინა“ ჩაუვარდა. დარჩა სწავლა. დედა, რომელსაც სასტიკად ეზარებოდა მშობელთა კრებებზე სიარული , მოულოდნელად სკოლაში დამეხატა . ჩამოუარა მასწავლებლებს და მოსმენილით აღშფოთებულმა შინ შავი დღე მაყარა. ისტორიის სამიანი ხომ პირად შეურაცხყოფად მიიღო . მართლაც მყავდა ისტორიაში სრულიად დაუმსახურებელი სამიანი - გაკვეთილებზე დაგვიანების გამო დავისაჯე. მაგრამ დედას გაკვეთილებზე დაგვიანების მიზეზს ვერ ვეტყოდი , თორემ დაიწყებდა გამოძიებას - სად ვიყავი , ვისთან ... და მეც იძულებული ვიქნებოდი , იმის სახელი გამემხილა , ვისი ხსენებაც დედაჩემის ორგანიზმში წნევის ცვალებადობას იწვევდა . ჩემს პირველ ქმარზე მოგახსენებთ . ცხადია , მაშინ ქმარი არ იყო , მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე „გავაბედნიერე“საწყალი დედაჩემი. უკვე გითხარით, რით დამთავრდა ჩემი პირველი ცეცხლოვანი რომანი . მაგრამ , როდესაც ჩემმა მეორე რომანმაც ფიასკო განიცადა , დედამ გადაწყვიტა საცხოვრებლად ცალკე გავეშვი და გინდ მესამე წრეზე წავსულიყავი , გინდ მეოთხეზე . მოკლედ, ხელები დაიბანა ... და ჩვენი ლამაზი დიდი ბინა გასაყიდად გაიტანა (მამა აღარ იყო ცოცხალი , თორემ არ დაანებებდა ). აღებული ფული სამად განაწილდა - ჩემზე, დედაჩემზე და ლელაზე . მე ვიყიდე ერთოთახიანი ბინა საბურთალოზე , დედამ - ვაკეში , იმავე სახლში , სადაც ადრე ვცხოვრობდით , ჩემმა დამ კი თავისი წილით აგარაკი შეიძინა. ვიდრე ვაკის სახლში რემონტი მომდინარეობდა , დედა რუსეთში მცხოვრებ დას სტუმრობდა . თან ნერვებს იწყნარებდა , თან თავის სნობურ ჭიას იხარებდა , რადგან დეიდაჩემი , ეთერ ქორიძე, რუსი დიპლომატის ცოლი გახლდათ და თავისთავად ცხადია ,შესაფერის საზოგადოებაში ტრიალებდა . რემონტი გაჭიანურდა , დედა დროებით მოსკოვში დარჩა . ეს „დროებით“ უკვე ხუთი წელია გრძელდება და არავინ იცის როდის დასრულდება . წელიწადში ერთხელ დედა ჩამოდის, საჩუქრებით გვავსებს , დირექტივებს გვიტოვებს და ისევ მოსკოვს მიემგზავრება . ახლა ლელას შვილებზეც გეტყვით ორ სიტყვას და ბარემ მოვრჩები სანათესაოს გაჭორვას . ლელას ორი შვილი ჰყავს - 17 წლის ანანო და 14 წლის მიკა. ანანო წელს აბარებს სამხატვრო აკადემიაში. ყველა ღელავს, ჩემი და მიკას გარდა. მე არ ვღელავ , ისედაც ვიცი, ანანო ვერსად გაექცევა სტუდენტობას, წელს თუ არა, გაისად ჩააბარებს, ბიჭი ხომ არაა, ჯარში წაიყვანონ! აი, მიკას , არც ჯარი ადარდებს, არც ანანოს უმაღლესი , არც თავისი საშემდგომო გამოცდა . მიკას უყვარს მძიმე როკი და კომპიუტერული თამაშები. დარჩა სეძე- ბატონი ზურაბი, კაცი ნიჭიერი ,მშრომელი , უთქმელი. ერთი სიტყვით, დადებითი. კარს ლელა მიღებს . აშკარად ვერ არის გუნებაზე, თუმცა ღიმილის გამოდნობას ცდილობს . ერთად შევდივართ სამზარეულოში. ლელა გამეტებით აცლის კანს მოხარშულ კარტოფილს. - რა მოხდა ? - ვეკითხები. - მიკა ჩამოვიდა სოფლიდან . - მერე ? - დაუკითხავად ჩამოვიდა, ჩაჯდა მარშუტკაში და ამ დილით გამომეცხადა - მომბეზრდაო. წარმოგიდგენია ? - კი. - ვადასტურებ . - შენთან ხომ ლაპარაკი არ შეიძლება, - მაწყვეტინებს ლელა - აბაიბურებ ყველაფერს ... რა უნდა 14 წლის ლაწირაკს ამ გაგანია არდადეგების დროს თბილისში ? სამასი ლარის მარტო პროდუქტი ვიყიდე , ჩავთრაქე ამ სიცხეში, მგონია, შვილი სუფთა ჰაერზე გავუშვი, ეს კი ორ დღეში დამეხატა. - სამას ლარს მისტირი თუ მიკას უსაქციელობას ? - ორივეს. ის მაინც ვიცოდე, რა დარჩენია ამ სიცხეში ? - კომპიუტერი. - საქმეც ესაა! - ლელას მტაცებლური გამომეტყველება უხდება , რაც სულაც არ შვენის მის სათნო სახეს, - ერთხელაც მივეპარები იმ კომპიუტერს და ჩაქუჩით დავულეწავ . - მამამისი კი ახალს უყიდის. - ვიცი, იმიტომაც ვზივარ ნერვებზე. მამამისი რომ თავის ადგილზე იყოს, მიკა ამდენს ვერ გაბედავდა. - რა გაგიბედა ასეთი? ლელას ცხვირის წვერი უწითლდება , დანიანი ხელი თვალებთან მიაქვს და მზერას მარიდებს. უსიტყვოდ ვდგები და დამნაშავის დასატუქსად მივდივარ. მიკა თავის ოთახში, კომპიუტერს უზის და პიანისტის მონდომებით ათამაშებს თითებს კლავიატურაზე. ეკრანზე ჩაჩქანიანი მონსტრები დაფრინავენ . მიკამ ერთი კი შემომხედა, მაგრამ თამაშის შეწყვეტა არც უფიქრია . თავხედი ! დეიდა ვარ თუ ჯოხი ?! - არ გცხვენია ? - ხმას ვიმკაცრებ . - მაცალე, იაკო , აი , ამ ჯიგარს მოვკლავ და მერე მეჩხუბე. - რა იცი, რომ საჩხუბრად მოვედი ? - ვიცი, ვიცი... ხმაზე გატყობ , დაგქოქა დედაჩემმა. აუხ... გამექცა, ამისი! მაიცა, დავეწევი და ... დავბრიდავ .აი, მოვკალი, - მიკა ოდნავ აბრუნებს თავს . ვარცხნილობა მეომარ მამალს მიუგავს, ხმა - გაციებულ ყვინჩილას, საულვაშე - სააღდგომო ჯეჯილს. ისეთი სასაცილოა, ძლივს ვიკავებ ღიმილს. - მიდი, დაიწყე იაკო ! - რა დავიწყო ? - ჭკუის დარიგება. - რატომ აბრაზებ დედაშიენს? - აუუ, ნუ ერევა ჩემს ცხოვრებაში და არ გავაბრაზებ . - მიკაა... - ჰო, ჰო კაი, უთხარი მეტს აღარ ვიზამ . - წახვალ სოფელში ? - იმედმოცემული ვეკითხები. - არა, აღარ ვეუზრდელები. - ეუზრდელე ? - ახლაღა ვხვდები ლელას გულისტკივილის ნამდვილ მიზეზს , - რა უთხარი ასეთი ? - თორემ არ იცი ? - არ ვიცი. - მაშინ მეც არ გეტყვი. „კარგად შეინახეთ“ - განაწყენებული ვტოვებ მიკას ოთახს. კარი არ მაქვს მიხურული, რომ უკვე კლავიატურის კაკუნი მესმის . შეაყარე კედელს ცერცვი ! მაინც რა ეუზრდელა ?მინიმუმ - „ნუ გამიხურე“. მაქსიმუმ - იგივე ვარიანტი „ხურეს“ ნაცვლად, თ. მოსაკლავია! სამზარეულოში სეზანის შესანიშნავი ნატურმორტი დამხვდა - ჩხირებად დაჭრილი წითელი და მწვანე წიწაკა , მოხარშული კარტოფილები და მწვანე ხახვი . - რას აკეთებ , ლელ ? - ტორტილას. - ტორტილა - კუ გამიგია . „ბურატინოდან“ - ახლა კერძი გეცოდინება , - ლელა თასში კვერცხებს ხლის და ისეთი გაშმაგებით თქვეფს , თითქოს მიკას კომპიუტერს უხათქუნებს. ერთ პატარა კარტოფილს ვუმიზნებ და სულმოუთქმელად მიმაქვს პირში. არ ველოდი, სასას თუ დამიფუფქავდა , პირს ვაღებ , ჰაერს ვიქშიტინებ , თვალებიდან სიმწრის ცრემლი მცვივა . - მეტის ღირსი ხარ ! - მკიცხავს ლელა და პირში კვნით მარილს მაყრის . - ააღგბდ... - მიკაზე უარესი ხარ . - აააღჰ... - აფხაზური არ ვიცი , - ლელა თითებს წინსაფარზე იწმენდს და აყურადებს ჩემს ხელჩანთაში მობილური რეკავს . - ავიღო ? - ჩანთაზე მანიშნებს . თავს ვუქნევ . ლელას ჩემი ჩანთიდან საზეიმოდ განათებული ტელეფონი ამოაქვს და ყურთან მიაქვს . - გისმენთ. არა , იამზე არ ვარ , მისი და გახლავარ... ერთი წუთით. გარიკა ვინ არის ?- მეკითხება გაკვირვებული. არ ვიცი, ვინ არის გარიკა , მაგრა, რადგან მირეკავს და იამზეს კითხულობს , გამოდის , ნაცნობია. ინდაურივით ვყლაპავ კარტოფილს და ლელას მობილურს ვართმევ . - დიახ . - ია- ჯან , გარიკა ვარ , შენი მეზობელი... უი, გარიკა! გარიკას როგორ არ ვიცნობ , ჩემ გვერდით , ოროთახიანში ცხოვრობს. - ხო, გარიკა , გისმენ ! მოსმენილმა გამაოგნა. ჩამწვარი ხორციც მავიწყდება ტორტილაც და ზედ დაყოლებული ბურატინოც. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ გასასვლელისკენ . - რა მოხდა ? კიდევ რამე მოხდა ? - სათქვეფით ხელში მომდევს ლელა. - სახლის კარი დამრჩენია ღია , - ვუხსნი გზადაგზა. - ხომ გითხარი , მიკაზე უარესი ხარ ! თავი რომ გძვრებოდეს , სადმე დატოვებდი... სიამოვნებით დავტოვებდი შენთან , ჩემო დაიკო, დააპურებდი მაინც , - ვპასუხობ გულში და კიბეზე ვეშვები . * * * ბინაში შესვლისთანავე ვხვდენი , - ღიად დარჩენილი კარი მითია, ელემენტარული თავის მოტყუება. ჩემი სახლი გატეხეს! ქვეცნობიერად ყოველთვისაც ვიცოდი , რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც მომადგებოდნენ . წკრიალადა და ლალიკოს თუ ესტუმრნენ , ჩემთან რა დაუშლიდათ ? ! ყირაზე დამდგარი სახლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად მე დავზარალდი. ტანსაცმლის კარადაში ძრომიალი არ იკმარეს , პროდუქტებიც გადმომიქექეს. სამზარეულოს მეტლახზე თოვლივით ბზინავს შაქრის ფხვნილის მოზრდილი ბორცვი , გვერდით - ბრინჯისა და ფქვილის შედარებით მომცრო გორაკები. საყოფაცხოვრებო ექსპოზიციას აგვირგვინებს მაგიდის ზედაპირზე ამოჩორკნილი ტექსტი : „საღამო მშვიდობისა, ბზიკო!“ ძახილის ნიშანზე ჩემი კუთვნილი დანა არჭვია. - ვაიმე , ია- ჯან , გაგქურდეს , ხო იცი ! - თავში ხელს იცემს ემოციური გარიკა. ორაზროვნად ვუქნევ თავს . ან გამქურდეს , ან არა . ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიურ ტერორს გავს . ის მაინც ვიცოდე, ვის რა დავუშავე! - პოლიციაში უნდა დარეკო, ია - ჯან , ვიდრე კვალი გაციებულა, მოვიდნენ , ნახონ ... ადგილიდან მოუცვლელად ვურეკავ მაიორ ოქრუაშვილს. რამდენიმე წუთში ჩემი სახლი ექსპერტი კრიმინალისტებით გაივსო . მაიორმა ოქრუაშვილმა უპირველესად მეზობლები დაიფრინა გარიკას მეთაურობით და ექსპრომტად დაკითხვა მომიწყო. - რატომ არაფერი მითხარი სასაფლაოზე მომხდარი თავდასხმის შესახებ? - მისაყვედურა მაშინვე . - არ ყოფილა თავდასხმა. მე ემოციური ადამიანი ვარ , შეიძლება მომეჩვენა. მიყურებს თითქოს შუბლზე მაწერია ემოციის ხარისხი: - მაინც უნდა დაგერეკათ . - არ , დაგირეკეთ. - პოსტ ფაქტუმ , კი. წაღებულია რამე ? გაფაციცებული მზერა ოთახზე გადამაქვს . მიდი და გაარჩიე ამ დომხალში , რა არის წაღებული ? ჩინურ ლარნაკში 500 დოლარი მეგულება , აგვისტოს ბოლოს ბათუმში ვაპირებდი განავარდებას . ზღვაზე წასვლა ისედაც ჩაიშალა , მაგრამ ფულის დაკარგვა მაინც მეწყინა . სერგოს თანდასწრებით ვამოწმებ . ფული ადგილზე მხვდება . - კი მაგრამ , რას ეძებდნენ ? - უკვირს მაიორს და ისევ შუბლის არეში მომჩერებია . მხრებს ვიჩეჩავ და ჩინურ ლარნაკს წიგნს ვაფარებ - ვინმეს თვალში არ მოხვდეს და სულმა არ წასძლიოს. - რა არის ისეთი , რაც შეიძლება ინახებოდეს თქვენთან ? აბა , გაფიქრდით. ვფიქრობ და ისევ ვიჩეჩავ მხრებს . ეგ რომ ვიცოდე პოლიციას კი არ გამოვუძახებდი ? შაქრის ფხვნილით გაწეპილ სამზარეულოში შევდივარ . ექსპერტებმა უკვე მოასწრეს დანის ამოძრობა და სათუთად შენახვა . - „ბზიკი“, სავარაუდოდ თქვენ ხართ, - სერგო ცალყბა ღიმილით მანიშნებს მაგიდაზე ამოჩორკნილ გზავნილზე. - ბზიკი ვარ თუ ფუტკარი , არა აქვს არსებითი მნიშვნელობა . აი, საფრთხე რომ მემუქრება, დანამდვილებით ვიცი. წუხელ ინკოგნიტო ნომრიდან „ღამე მშვიდობისა“ მისურვეს , დღეს - „საღამო მშვიდობისა“. დილით შეიძლება ყელი გამომჭრან . - მაინც ვინ გეძახით , „ბზიკოს“, ბავშვობის მეგობრები, სტუდენტობის, თუ ... - სუსიკო. ზოგჯერ სხვებიც . - მწარე ენის გამო ? - არა, სახელის გამო. იკო- ბზიკო . რატომ გეღიმებათ, მაიორო, არასოდეს გქონიათ მეტსახელი ? - კი , სკოლაში ოქროს მეძახდნენ , - იბღინძება მაიორი. - რას ვიზამთ, ზოგს ბზიკს ეძახიან , ზოგს ოქროს, ზოგსაც ... არ დამცალდა წაკბენა , მაიორ ოქრუაშვილს მობილური ურეკავს . მე არ ვიცი, იქიდან რა უთხრეს, მაგრამ აქაჩული წარბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ცუდი ამბავი. - არსად გაუშვათ . მოვდივარ!- მობილურს ინახავს და კრიმინალისტებს მიმართავს : - თუ მორჩით , დავახვიეთ , ბიჭებო , თავდასხმაა სასაფლაოზე . - რომელ სასაფლაოზე ? ვისზე ? - მექანიკურად ვებღაუჭები მაიორის მსხვილ მაჯას. - სუსიკო რატიანის დედას დაესხნენ თავს. ღმერთო ჩემო, მეტის მოსმენა არ შემიძლია ! მზად ვარ , აქვე ჩავიკეცო, მაგრამ სამზარეულოში თავისუფალი ადგილი არაა , ყველგან ბურღულეული ყრია. - ნუ ღელავთ, იათამზე , სუსიკოს დედას არაფერი დაშავებია. ცოცხალი და სამმართველოში მელოდება . მაიორი გასამხნევებლად მიცაცუნებს ხელე თავის უზარმაზარ ტორს და თვალისდამხამხამებაში ქრება. მე სამზარეულოში ვრჩები. ვცდილობ, დავამარცხო ფეხებში აღმოცენებული შიში , რომელმაც იატაკზე მიმაწეპა და ნაბიჯს არ მადგმევინებს . რომ არა მტრედი, ალბათ დიდხანს ვიდგებოდი ჩაბეტონებულივით. მტრედი ფანჯრის რაფაზე ზის და გვერდულად მიყურებს თავისი აგურისფერი თვალებით. ექნებ მტრედში სუსიკოს სული განსხეუულდა და სწორედ ჩემს გასამხნევებლად მოფრინდა. ნაბიჯს ვდგამ. მტრედი ფრთხება, უკან იხევს და მიფრინავს . ოღონდ ზევით არა, ქვევით. დალაგებას სამზარეულოდან ვიწყებ . მეტლახზე მიმოფანტულ ბურღულეულს ნაგავში ვყრი . შაქარი მენანება ძალიან . ვიღაცამ გამაბრიყვა - გაძვირდებაო და ლამის ნახევარი ტომარა მივათრიე ბაზრიდან . პლუს ტაქსის ფული . ყოველმხრივ ზარალში ვარ - მატერიალურად, სულიერად ... მთელ ამ დავიდარაბას ერთი პლუსი აღმოაჩნდა - ვიპოვე უამრავი უსარგებლო ნივთი, რომელიც ჯერ კიდევ დედისეული სახლიდან გამომყვა და რომელთა არსებობა იმ უბრალო მიზეზით დამავიწყდა , რომ კარადის მიუვალ თაროზე იყო შემოდებული. ვინმემ ამიხსნას , რად მჭირდებოდა ორი ფილთაქვა , როცა ერთსაც არ ვხმარობ ? ანდა მექანიკური ყავის საფქვავი , გულივერის შესაშური ლუდის კათხა... უკვე გვარიანად ჩამოღამდა , როდესაც ნაგვით გატენილ პარკებს პირი მჭიდროს მოვუკარი და სამზარეულოდა ოთახში გავათრიე . ამ გაწამაწიაში ვიყავი , რო კარზე ზარი გაისმა . ფეხშიშველა , შაქრისგან გაწეპილი ტერფებით მივტანტალდი კართან და „გლაზოკში“გავიყიტე . ვაიმე ! ზღურბლზე დათა მეტრეველი დგას , ჩემი მხსნელი, ჩემი ავგუსტუსი... კარს ვაღებ და მერეღა ვიაზრებ , რომ პრაქტიკულად შიშველი ვარ , თუ არ ჩავთვლით წვრილბრეტელა მინი მაისურს . - აი, ფეხსაცმელი მოგიტანეთ. - დათა გამჭირვალე პარკს მაწვდის , სადაც გდია ჩემი დაკარგული ფეხსაცმელის ტყუპისცალი. ჩალისძირიანი „ბალეტკა“ ბროლის ქოში არ არის, მეც დიდი ხანია გამოვედი კონკიას ასაკიდან , მაგრამ ეს ყველაფერი ისე ჰგავს ზღაპარს ... ვითომ რითი არის მეტრეველის კაცი პრინცზე ნაკლები ? პრინცი კი არა , ნამდვილი იმპერატორია, თუმცა გახუნებულ ჯინსებსა და მაისურში მსახიობ ჩეისი დეიდრიკს მაგონებს. - უკაცრავად, ერთი წუთით...- კარს ღიად ვტოვებ და ოთახში შევრბივარ . მოკაზმვის დრო არ არის . თვალში მხვდება ჭრელი ზეწარი - ქურდების მიერ კარადიდან გამოღებული და საწოლზე უსაგნოდ დაგდებული. ინდური სარის მსგავსად ვიხვევ სხეულის გარშემო და დათას ვეპატიჟები. - სახლს ალაგებთ ? - გაკვირვებული მეკითხება . ვინ იცის, თავგადაკლული დიასახლისი ვგონივარ , ღამითაც რომ ბრყვნიან ყველაფერს, ისეთი. - სამწუხაროდ, სხვის არეულს ვალაგებ , - ამოვიოხრე მწარედ, იმ იმედით, რომ ის დაინტერესდება „სხვისი“ ვინაობით და მეც საშუალებას მომცემს თავი შევაცოდო. შენც არ მომიკვდე! ხმას არ იღებს. გულისყურით უყურებს კედლის გასწვრივ მიჯრით დალაგებულ ნაგვის პარკებს. - ეს რა არის ? - მეკითხება უცებ და პარკებთან მიმობნეულ შაქრის ფხვნილზე მანიშნებს. - კოკაინი, - ვუცხადებ ცალყბა ღიმილითა და თვალების ტრიალით. დათა ერთ-ერთ პარკთან იცუცქება და არც მეტი, არც ნაკლები , საჩვენებელ თითს იატაკზე უსვამს . ამოწმებს . - ეს არ არის კოკაინი, - ამბობს სერიოზულად. - რას ბრძანებთ , მე მითხრეს სუფთა კოკაინიაო, პირდაპირ ავღანეთის მდელოებიდან . - შაქარია ? - იუმორს ჩაწვდა დათა და ჩემთან ერთად იცინის . ეჰ, არ გამოვიდა თავის შეცოდება . სამაგიეროდ, ხალისიანად მოვუყევი ჩემს თავს დატეხილი უბედურების შესახებ . ისე შევედი ეშხში , ვერც ვიგრძენი, როგორ მომიბოშდა ტანზე შემოხვეული სარის კვანძი. სულ ცოტაც და შიშველ ვენერად წარვდგები მისი უდიდებულესობის წინაშე. კვანძი გავამაგრე და რეაქციის მოლოდინში დავდუმდი. - მე ვიცი, რასაც ეძებენ , - დაბეჯითებით ამბობს დათა. - რას ? - დიქტოფონს. - რომელ დიქტოფონს ? ! - ალბათ ჩვეულებრივ დიქტოფონს, სადაც ჩაწერილია არაჩვეულებრივი ინფორმაცია. დაეჭვებული შევცქერი . ეს კაცი ან ჯადოქარია , ან მოგზავნილი. ან ორივე ერთად. თურმე რამდენიმე საათის წინ დათა სასაფლაოზე მივიდა , ნაწილობრივ ცოლის საფლავის მოსანახულებლად ნაწილობრივ ჩემი ფეხსაცმელის საპოვნელად ( მე მაინც მეორე ვარიანტი მგონია, ყოველ ცისმარე დღეს რომელი ქვრივი დარბის ცოლის საფლავზე, მით უმეტეს, წლების შემდეგ ). ფეხსაცმელს მარმარილოს სტელასთან მიაგნო , იასამნის ბუჩქში , სულ რამდენიმე ნაბიჯში სუსიკოს საფლავიდან .შეკივლების ხმამ იქვე გააშეშა. რატიანების საფლავზე მყოფი შაოსანი ქალი ჯიოდა .მიზეზი- თავს წამომდგარი ნიღბიანი მამაკაცი იყო , რომელიც მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ქალი არ ეტყოდა დიქტოფონის ადგილსამყოფელს . დათამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ გულადი პოლიციელი განესახიერებიბა : ‘ხელები მაღლა , პოლიცია! ბიჭებო მარჯვნიდან მოუარეთ!“ მოუხმო არარსებულ „ბიჭებს“ და ყვირილით გამოვიდა ბუჩქებიდან . შეშინებულმა თავდამსხმელმა უკანმოუხედავად მოკურცხლა ხევისკენ , „სდექ, გესვრი !“ დაადევნა არანაკლებ შეშინებულმა დათამ და ჩემი ფეხსაცმელი მოუღერა , მერე კი შეღონებულ ქალბატონს მიუბრუნდა . ქალბატონი აღმოჩნდა სუსიკოს დედა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონია დიქტოფონზე , თუმცა თავდამსხმელი უმტკიცებდა , რომ დიქტოფონი მის გარდაცვლილ ქალიშვილს სოფო კანკავამ მიაბარა. დათამ პოლიციას გამოუძახა და შვილმკვდარი დედა მათ გადააბარა . - დიქტოფობი... - ვმსჯელობ ხმამაღლა, - რა უნდა ეწეროს იმ დიქტოფონში ? კომპრომატი? ვისზე ? როგორ გამოიყურებოდა თავდამსხმელი ? - მივაყარე დათას. - საშუალო სიმაღლის, შავები ეცვა... - მოკლე ხელები ჰქონდა ? - ამდენი არ ვიცი. პათოლოგია არ შემინიშნავს . - კარგი. განიერი სახე სუფთად გაპარსული ლოყებით... - აკი ნიღაბი ეკეთა ? - მაწყვეტინებს დათა. - მაინც ის იყო. - ვინ ? - სოფოს ქმარი ლადო. - რომელსაც ბუნკერი აქვს ? - ხო . - და რომლის მობილურიდან საეჭვო ნომრები ამოიწერეთ ? - ჰო, - ვუდასტურებ . - საეჭვო ნომერს ეწერა - საეჭვო ვარო თუ როგორ მოახდინე გრადაცია ? - საეჭვოდ ჩავთვალე ნომერი , რომელიც ყველაზე დიდი სიხშირით ფიქსირდებოდა ლადოს მობილურზე. - ლოგიკურია. - ყოველივეს თუ ჩემი ინკოგნიტოს მესიჯებს დავუმატებთ , ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ამ ადამიანმა იცის ჩემი წარსული. - ნომრები შეამოწმეთ ? - როდის უნდა შემემოწმებინა, შინ ასეთი ამბავი დამხვდა. ნომრების შემოწმება კი არა, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი, - მორიდებულად ვამოძრავებ შიშველ ტერფებს . რას იტყვის ეს კაცი, ჯერ იყო და , სასაფლაოზე მაყურებინა თავისი მიწიანი ფეხიო , შინ მოვაკითხე და აქაც ჭუჭყიანი დამხვდაო. - მერე რა გიშლით, გადაივლეთ. მე იქამდე ნომრებს შევამოწმებ. - მართლა? დათა თავს მიკრავს და იღიმება . დედა, დედიკო, როგორ უხდება ამ კაცს ღიმილი. მის ადგილზე სულ გაკრეჭილი ვივლიდი . საეჭვო ნომრების სიას ვუტოვებ და აღტაცებული შევრბივარ აბაზანაში. მაინც კარგია ცხოვრება... ეს ოხერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.