შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეთოთხმეტე თავი )


9-01-2018, 18:51
ავტორი murachashvili
ნანახია 3 221

სამსახურის გარეშე დარჩენილი ზურა თავიდან ძალიან მძაფრად განიცდიდა უმუშევრობას, თუმცა ნელ-ნელა შეეჩვია ახალ სტატუსს. უსაქმურად არც შინ იჯდა. დილით ადრიანად გადიოდა შეშის მოსაჭრელად, შემდეგ საშინაო საქმეებში ეხმარებოდა ოჯახის წევრებს. ნატო მართალია გეგმავდა სამსახურიდან წამოსვლას, მაგრამ მეუღლის უმუშევრად დარჩენამ გადაწყვეტილება შეაცვლევინა. წამოსვლის ნაცვლად, ოჯახის მარჩენლად ქცეული ქალი გაორმაგებული ძალებით მუშაობდა. რამდენიმე დღე ისე გავიდოდა, რომ შინ მისვლას ვერც კი ახერხებდა. ასეთი დატვირთვა ანგრევდა, შეტევებისა და სპაზმების ოდენობა უფროდაუფრო მატულობდა. გახდა, ისედაც სიფრიფანა სახე კიდევ უფრო გაუფერმკრთალდა. თვალები ჩაუცვივდა. ერთ დროს ტანზე მოტკეცილი, ვიწრო ტანისამოსი, ახლა ნათხოვარივით ადგა ტანზე. იღლებოდა? მერედა როგორ, მაგრამ ბუნებით ძლიერს, წუწუნი არ სჩვეოდა. ლიასაც მობეზრდა ამდენი ბუზღუნი და ჯიჯღინი. მეგობარზე გაბრაზებული ზურაზე ცდილობდა ჯავრის ამოყრას, თითქოს მისი ბრალი იყო ნატოს ჯანმრთელობის გაუარესება.
დიასახლისის ფუნქციები ვერც კი მიხვდა ისე აიღო საკუთარ თავზე ნინომ. გოგონა, რომელსაც ასანთსაც არ ანდობდნენ გაზქურის ასანთებად, ახლა მოხერხებულად ანთებდა შეშის ღუმელს.
- როგორ ნაადრევად დამიქალდი, ბებო გენაცვალოს! - გაჩხინკული, თავზე ბენდენა წაკრული შვილიშვილის შემხედვარე ცრემლებს ყლაპავდა ეტლიდან მომზირალი ბებია.
- პატარა ხომ არ ვარ?! - სიცილით ჩაუჯდა კალთაში ნინო - ჩემი ტოლები, ჩემო ნინაჩკა, თხოვდებიან და ბავშვსაც კი აჩენენ!
- რაებს ლაპარაკობ გოგო შენ? - უკანალზე მსუბუქად წამოუტყაპუნა ბებიამ.
- რა იყო?! აი, ჩემი კლასელი დოლიძე... - კისკისით წამოხტა ნინო.
- ეგ ბავშვი ისე იპრანჭებოდა, ისიც კი მიკვირს თხუთმეტ წლამდე რომ გაჩერდა.... - შეშის ღუმელში მორიგი ხის ნაჭერი შეაგდო ზურამ და მაგიდასთან მოთავსდა.
- გურანდაც ცანცარებდა? - ყავადანში სოიოს ყავა და შაქარი ჩაყარა და ასადუღებლად დაადგა ღუმელზე ნინომ.
- რომელ გურანდაზე ამბობს ზურა? - შვილიშვილს არ ენდო, იქვე მჯდომ შვილს ჩაეკითხა ნინა.
- ობოლაშვილების უფროსზე! ამ ყავას ყურადღებას თუ არ მიაქცევ, გადმოვა! - ნიჟარასთან მოფუსფუსე შვილს აღარ დაელოდა, ყავადანი თავად გადმოდგა ზურამ.
- კი, მაგრამ... ეგ, როგორ? ისეთი კარგი მოსწავლე, ისეთი წარჩინებული... - ჩუმად ბუტბუტებდა ნინა.
- წარჩინებული მოსწავლეობა ოჯახის შექმნას სულაც არ უშლის ხელს. - ყავის ფინჯნებს სამზარეულოს მაგიდაზე ალაგებდა, თან ისევ ტლიკინებდა ნინო.
- შენ რაღაც ცუდად ლაპარაკობ! - ხმა შეეცვალა ზურას - იმედია, შენი კლასელების მსგავსად, ნაადრევ ბაბუობას არ მიპირებ! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი შვილს.
- მაგას ვინ წაიყვანს, დღემდე ყავის მოდუღება ვერ უსწავლია?! - ეზოში შემოსულმა დათუნამ, სამზარეულოში შესვლის ნაცვლად, ფანჯრიდანვე შეყო ხელი და იქვე მდგომი ყავის ფინჯნიდან ქაფქაფა სითხე ხვრეპით მოსვა.
- ხომ ხარ ღირსი, ეს ფანჯარა ცხვირწინ მოგიხურო?! - ღრენით გახედა გაკრეჭილ მეგობარს ნინომ.
- რა დროს მოხურვაა, რაღაც საინტერესოს ყვები და გისმენ! - დათუნა შესვლის ნაცვლად, სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა, კომფორტულად მოეწყო და ჭორიკანა, ვასასია სახით მიაჩერდა ნინოს.
- გურანდას ამბავში ყველაზე მაგარი იცით რა იყო?! გავრცელდა ხმა, ობოლაშვილი დაიკარგაო. რამდენიმე დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, გამოაცხადეს, ორგანოების გადასანერგად კულინარებმა მოიტაცესო. გადაატრიალეს მთელი თბილისი, ვინ არ ჩარიეს. ერთი კვირა ეძებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა იკადრა ქალბატონმა, დარეკა და ოჯახს გააგებინა, რომ მისივე მდგმურთან ერთად გაპარულა კახეთში.
- მისივე მდგმურთან? - სახეზე ღიმილი გაუქრა ვაჟს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონდომებით ცდილობდა ხმაში მხიარული ბგერები შეენარჩუნებინა, მაინც ეუცნაურა მისი სერიოზული გამოხედვა ნინოს. გამომცდელად მიაჩერდა მეგობარს, თუმცა ვაჟმა თვალი მყისვე აარიდა.
- საწყალი დედამისი, ტუტუცი გოგო, ეს როგორ გაბედა, ეს როგორ იკადრა?! - ვიშვიშებდა ნინა.
- კი, მაგრამ, სამსართულიანი სახლი არ ჰქონდათ? მესამე სართულიდან ისე როგორ მოახერხა გასვლა, რომ ვერავინ დაინახა? - მონაყოლს ვერ იჯერებდა ზურა.
- იმის შიშით, შემდეგ მზითვებს არ გამატანენო, საკუთარი ბარგი ჩანთებში ჩაულაგებია, მომავალი ქმრისთვის წინა დღეს ფანჯრიდან გადაუწოდებია. ოჯახის წევრები გაუფრთხილებია, საგამოცდოდ ვემზადები და არ შემაწუხოთო, მისი ოთახის კარები შიგნიდან ჩაუკეტავს, ზეწრები ერთმანეთზე გადაუბამს და ისე გაპარულა. - ცეცხლს ნავთზე ასხამდა ნინო და გამომცდელი მზერით უმზერდა დაღვრემილ დათუნას.
- აი, მესმის სიყვარული. ყოჩაღ გურანდა! - ტაში შემოჰკრა ვითომდა კმაყოფილმა ვაჟმა.
- ფიქრობ, მართლა ასეთია სიყვარული?! - თითქოს განზრახ უკირკიტებდა გოგონა.
- გურანდა სულელი არაა, არც ცანცარა და ფუქსავატი. მართლა რომ არ ჰყვარებოდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა?! - მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა ვაჟს.
მიხვდა, რომ საბოლოოდ გაყიდა თავი, წინ მდგომ კლასელს თვალს ვეღარ უსწორებდა. მღელვარების დასაფარად ყავის ფინჯანს ორივე ხელს უჭერდა. უსიტყვოდ აკვირდებოდა ზურა.
- ლაწირაკი, მაიმუნი გოგო! - სიბრაზე ვეღარ დამალა მამაკაცმა - რა აკლდა?! ესწავლა, ჩაებარებინა და შემდეგ... იცოდე, მსგავსი რამ შენ რომ გამიკეთო! - გამაფრთხილებლად უქნევდა თითს შვილს.
- კარგი რა, მა! - ზურას გაცხარებული სახის შემხედვარეს, სიცილი წასკდა ნინოს.
- დედას გეფიცები, შენ მართლა ეგ რომ გაბედო! - არ ჩამორჩა ზურას დათუნაც.
კედელზე დაკიდებული საათი 8:45 წუთს უჩვენებდა.
- წასვლის დროა! პირველს თუ ვერა, იქნებ მეორე გაკვეთილს მაინც მივუსწროთ! - საუბრის თემა მოხერხებულად შეცვალა და თვალით ანიშნა, ადექიო დათუნას.
- მე გაგაფრთხილე იცოდე! - ისევ თითს უქნევდა ზურა ნინოს.
- ნუ გეშინიათ. იმისთვის რომ გავთხოვდე, მინიმუმ თაყვანისმცემელი მაინც უნდა მყავდეს! - ხმაურით აკოცა გასაპარს ლოყაზე მამას - იჩხვლიტები!
- დედაილა! - ღიმილი გაეპარა ხმაში ზურას.
თუმცა გოგონა აღარ უსმენდა. იქვე მიგდებული სამი ზომით დიდი, ჯინსის დათბილული, მამამის ქურთუკი შემოიცვა. გრძელი ნაწნავები კეფაზე დაიმაგრა, ბენდენის მოხსნა არც კი უფიქრია, იქვე მიგდებული ტყავის კეპი ჩვეულებისამებრს ისევ უკუღმა დაიფარა, დაგლეჯილი ბოტასები ამოიცვა, ზურგჩანთა გვერდულად მოიგდო და უკვე ქუჩაში მდგომ მეგობართან გავარდა.
- ეგ ქურთუკი მე მჭირდება!
- გაგიჟდი, ბებია?! ისევ ასე ხულიგანი ბიჭივით ჩაცმული მიდიხარ სკოლაში?
ალაყაფის კარებში გავარდნილს დაეწია უფროსების ხმა, თუმცა უკან დაბრუნებაზე არც კი უფიქრია. მოყინულ გზაზე წონასწორობის შესანარჩუნებლად, მარცხენა მკლავზე ჩამოეკიდა მეგობარს.
- ეგრე არა! - მკლავი მოხერხებულად გაინთავისუფლა, ძლიერი ტორები მხრებზე მოჰხვია მეგობარს და მთელი სხეულით მიიკრა გვერდზე.
- ასე ნამდვილად არ წავიქცევი! - კმაყოფილმა შესცინა ნინომ - გურანდას ამბავი ძალიან გეწყინა?
- ეჰ... - ხელი ჩაიქნია უხალისოდ ვაჟმა - როგორ ფიქრობ, ჩემი გრძნობების შესახებ იცოდა?
- ეჰ... - დათუნას მსგავსად თავადაც ხელი ჩაიქნია ნინომ.
- ეგ ეჰ, კის ნიშნავს, თუ არას? - არ ეშვებოდა მეგობარი.
- არ ვიცის, რომელი სიყვარულის ექსპერტი მე მნახე?! - მოულოდნელად გაცხარხა ნინო.
- იქნებ სჯობდა მეთქვა?
- გგონია, გადაიფიქრებდა?
- არ ვიცი, დედას გეფიცები მართლა არ ვიცი.
- ახლა სინანული გვიანია. შემდეგისთვის გაითვალისწინე, იგივე შეცდომა აღარ დაუშვა, შენს რჩეულს დროულად უთხარი სათქმელი. - მხიარულად შესცინა გოგონამ.
- შემდეგი აღარ იქნება. - მტკიცედ განუცხადა ვაჟმა.
- ამ სტყვებს გაგახსენებ იცოდე! - ეშმაკურად ახედა - მხოლოდ გურანდა ხომ არ გეყვარება?! ჯერ ახლა იწყებ, კიდევ იმდენი იქნება... - მექალთანე ბიჭივით აუციმციმდა თვალები ნინოს.
- გიჟი რომ ხარ, იცი? - სიცილი ვეღარ შეიკავა დათუნამ.
- სამწუხაროდ გული უნდა დაგწყვიტო, ეგ ადრეც უთქვამთ! - სკოლის ვიწრო კარში პირველი სიცილით შევარდა ნინო.
შენობაში შესულმა მაშინვე შენიშნა ფიზკულტურის დარბაზის კართან ატუზული ძმები და კლასის ნაცვლად თავადაც მათთან შეძვრა.
- აფერისტო, აბა ფეხი მიცურავსო?! - დერეფანში უკანვე მიჰყვა დათუნაც.
თუმცა იქვე მდგომი ყარაულის დანახვაზე მყისვე დასერიოზულდა. ერთი კი მოავლო თვალი სკოლის დერეფანს. ძმებთან ერთად მდგომი, გაკრეჭილი ნინო შორიდანვე უქნევდა ხელს. უხმაუროდ, თავადაც მათთან მივიდა.
- აქ რატომ დგახართ? - ინტერესით ჩაეკითხა ქურდულად ატუზულ, ბეჭებში მოხრილ ძმებს.
- ველოდებით. - სკოლის კარს თვალს არ აშორებდა ტატო.
- რას?! - ვერ მიუხვდა გოგონა.
- ის კარში მდგომი გორილა როდის გაიწევა! - საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი გაიკრიჭა ტატო.
- ბიჭები გველოდებიან ზოოპარკში, არა და ეს დამპალიც არ შორდება შესასვლელს! - არ დააკლო კბილებში ღრენით გამოსცრა ლაშამ.
- ვინ, ბიჭები? - ხმაში პანიკა გაერია ქალიშვილს.
- აუ, ნინ. არ გინდა გაართო? - მისი დასმული კითხვა მოხერხებულად დააიგნოტა ტატომ - მიდი რა ყურადღება გადაატანინე. ჩვენ კი...
- მეც მოვდივარ! - მყისვე გაეყინჭა გოგონა.
- არც კი იოცნებო! - მკაცრად ჩამოხედა დათუნამ.
- ყვირილს დავიწყებ და ვერც თქვენ მოახერხებთ წასვლას! - მართალია იცოდნენ, რომ მუქარას არ შეასრულებდა, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც ეწყინათ.
- შენ გოგო! - სიბრაზისგან აცახცახდა ტატო.
სწორედ ამ დროს დაბარებულივით სკოლის კართან ყუთებით დატვირთული ავტომობილით მოადგა სამეურნეო ნაწილის გამგე. მომარაგებელმა კარში ასვეტილი ყარაული შენიშნა თუ არა, საბარგულიდან გადმოღებული ყუთები ხელში შეაჩეჩა.
- მიდი, ძმურად ეს ყუთები დამლაგებლებთან მიიტანე, მე დანარჩენსაც შემოვიტან!
- აბა, სწრაფად! - მოკამათე ბიჭებს ზედაც აღარ შეხედა, ვიდრე მამაკაცები ყუთებს ეზიდებოდნენ, ნინო შეუმჩნევლად გაძვრა ეზოში. დუდუნით მიჰყვნენ დანარჩენებიც.
- კაცმა, რომ კითხოს, ქალია, ნაზია, არადა, გოგო კი არა, ველური ხარ! - უბილეთოდ შესაძვრომად, ზოოპარკის ღობეზე მაიმუნივით შემომხტარ ნინოს ქვემოდან ედუდუნებოდა ტატო.
- იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, შენ არ ერევი! - მეგობრის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი სულაც არ მოსწონდა ლაშას.
- ნინო, გესმის? - კითხვა გაუმეორა დათუნამ.
- მესმის, მესმის. - დუდღუნით ჩახტა დაბლა - ხმას არ ამოვიღებ. ჩუმად ვიქნები. მუშტი-კრივში არ ჩავერევი. ცემას თუ დაგიწყებენ, გავიქცევი... - მხიარულად გაეკრიჭა უკვე გვერდით მდგომებს.
- აი, მესმის. კარგად გაგვიზრდიხარ! - ახარხარდნენ ბიჭები.
ზოოპარკში უქმად გაჩერებულ საქანელებსა და ნავებს სწრაფად აუარეს გვერდი და გეზი მზიურისჯენ მიმავალი საცალფეხო ბილიკებისკენ აიღეს. ვაკისკენ გადასასვლელ არხთან მივიდნენ თუ არა, აქეთ-იქით მიმოიხედეს. ხევში მდგომი ათიოდე ვაჟი რაღაცაზე გამალებით კამათობდნენ.
- ქურთუკის ყელი ისე აიწიე, სახე რომ არ გამოგიჩნდეს. არ მინდა მიხვდნენ, გოგო რომ ხარ! - ბრძანება გასცა ტატომ, როგორც კი შეკრებილები შენიშნა.
ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა. ბიჭების მსგავსად თავადაც ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, მხრებში ონდავ მოიხარა და მოკლე, ნელი ნაბიჯებით ძუნძულით მიჰყვა დანარჩენებს.
ხევში მდგომებმა შორიდანვე შეამჩნიეს მათკენ დაშვებული ოთხეული. ერთ ჯგუფად მდგომნი მყისვე გაიშალნენ და დაბლა ჩასულებს წრიულად შემოეხვიენ. ერთმანეთის მხარდამხარ, წელში გამართულნი იდგნენ ძმები. ამაყი მზერით უმზერდნენ დამხვდურებს. დაბღვერილი სახეებით, შემფასებლურად აკვირდებოდნენ უცნობებიც. უხერხული, დაძაბული სიჩუმის მიუხედავად, დუმილის დარღვევას აშკარად არ ჩქარობდნენ. ვაჟებს შორის მდგომი ერთ-ერთი, ნინოს გათვლით სავარაუდოდ ლიდერი, ფრთხილი ნაბიჯით გამოეყო და მათ მიუახლოვდა. ბიჭს სახეს მართალია კაპიუშონი და შავი სათვალე უმალავდა, მაგრამ მისი მოძრაობა რატომღაც მაინც ეცნო.
- გვეგონა, გადაიფიქრებდით! - ირონიული, ხინწიანი ხმით მიმართა ტყუპს.
- როგორც წესი, პოზიციებს ასე მარტივად არ ვიცვლით! - გვერდულად უღიმოდა ტატო.
- ამ ტიპს ვიცნობ! - ჩურჩულით გადაულაპარაკა ნინომ დათუნას.
- ამას ყველა იცნობს. გიგი გიგინეიშვილია, გარადოკელი! - ღრენით გამოსცრა მისი სახელი დათუნამ.
- კი, მაგრამ..
- ახლა ამის დრო არაა, მერე მითხარი. - სიტყვის დასრულება არ დააცადა. ბიჭების საუბრის უკეთ გასაგებად წინ წაიწია ვაჟმა.
- თქვენც ხომ იცით, ნეიტრალურად დიდხანს ვერ დარჩებით, ან სად გაგონილა ვეძისელები და გოთუელები ერთად „დვიჟენიობდნენ“?...
- ვერ გავიგე? - სიტყვა უხეშად შეაწყვეტინა ტატომ.
- ჩვენს ძმობასთან უბანი რა მოსატანია? - აპილპილდა ლაშა.
- საძმოებს შორის ომია. თქვენ კი მშვიდობის მტერედებივით განზე გსურთ დარჩენა?!... - აქამდე უკან მდგომი ვაჟები გიგინეიშვილს ისე დაუდგნენ, ძნელი მისახვედრი არ იყო დაპირისპირების შემთხვევაში ვის მხარს დაიჭერდნენ.
- თქვენი ამბავი, რომ ვიცით, აქ ჩვენი ძმობის გასარჩევად არ მოგვიყვანდი. პირდაპირ თქვი, რა გინდა? - ინტერესით, ირონიულად ჩაეკითხა დათუნა.
- ასე არაა, გადასახდელი გაქვთ ძმაო. - უკან მდგომთაგან ერთ-ერთი გაიყინჭა.
- გადასახდელი?
- ჰო, გადასახდელი. - კვერი დაუკრა გიგამ - საქმეებზე თქვენ არ დადიხართ. ყაჩაღობა თქვენ არ გინდათ, არც ქურდობა. მიზეზი გაქვთ ერთმანეთს არ დავუპირისპირდებითო. კეთილი, იყოს თქვენებურად. სუფთად გინდათ დარჩენა?! დარჩით, მაგრამ გადაიხადეთ კიდეც.
- ვერ გავიგე, რა გადასახადზეა საუბარი? - მიამიტი ბავშვივით აფახუნებდა თვალებს ლაშა.
- საძმოს რჩენა უნდა, ძმაო. - ისევ იგივე ვაჟმა არ დაამადლა პასუხი - იარაღი, წამალი...
- წამალი? - გაეცინა დათუნას.
- ანუ, ფული უნდა შეგვაწეროთ? - ირონიულად ჩაეკითხა ტატო გიგინეიშვილს.
- ეს რა სიტყვაა?! - ისეთი სახე მიიღო გიგამ, თითქოს ზედმეტად ეწყინა მისი სიტყვები.
- ცდებით. - საუბარში ისევ ის უცნობი ჩაერია - ეს კეთილი ნებით გაცემული შესაწირია საძმოს კეთილდღეობისთვის.
დათუნამ შარვლის უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი, თუმცა ზურგსუკან მდგომი ნინო გაახსენდა თუ არა, დანის ამოღება მყისვე გადაიფიქრა.
- კეთილი, თქვენი პოზიცია გასაგებია. რამდენიმე დღე გვჭირდება მოსაფიქრებლად. - ხმა დაიშაქრა ლაშამ.
- მოსაფიქრებლად?! - აშკარად არ მოეწონა მისი ნათქვამი გიგას.
- ჰო, რა იყო, ამხელა ფული ჯიბით ხომ არ დაგვაქვს?! მოვაგროვებთ და... -დათუნას ნერვები აშკარად ღალატობდა, უკან მდგომ ნინოს მკლავში პატარა ბავშვივით სტაცა ხელი და ზოოპარკისკენ ასასვლელი ბილიკისკენ უბიძგა. უკანვე მოჰყვნენ მეგობრებიც.
- აი. ეს მესმის. დათუნა ქათამაძე მხდალივით გარბის! - აღმართზე სანახევროდ ასულებს დაეწიათ უცნობის ირონიული ხარხარი.
- რაც არ უნდა მოხდეს, აქედან ფეხი არ მოიცვალო! - ერთი კი მიაძახა და მყისვე ქვემოთ დარჩენილებისკენ გავარდა დათუნა.
ტატო და ლაშა უკვე ხელჩართულ ჩხუბში ჩაბმულიყვნენ. თითქოს ამას ელოდნენო. ერთბაშად იხუვლეს შეკრებილმა ბიჭებმა. ვინ ვის ურტყამდა ვერ გაიგებდი. შორიდანვე ისკუპა დათუნამ და მასზე ბევრად გამხდარ გიგინეიშვილს ზემოდან მოექცა. გამეტებით, მთელი ძალით ურტყამდნენ ერთმანეთს. ზემოდან თვალებგაფართოებული, აცახცახებული უმზერდა მოჩხუბრებს ნინო. გიგინეიშვილი და მის თამხლებნი რიცხობრივადაც და ძალითაც აშკარად ჯობნიდნენ ბიჭებს. გიგა ამჯერად თავად მოჰქცეოდა დათუნას ზემოდან და დუბინკის მსგავს, მილისებულ ნაგლეჯს ნეკნებში გამეტებით ურტყამდა.
- მოკლავს! - დიდხანს არ დაფიქრებულა ნინო, თავქუდმოგლეჯილი, მთელი სისწრაფით დაეშვა მეგობრებისკენ.
კატასავით ისკუპა და გიგინეიშვილს ზურგზე მოექცა.
- ხელი გაუშვი დამპალო, ხელი გაუშვი! - განწირული ყვიროდა ბოჭორიშვილი.
აშკარად არ ელოდა გიგა, ფეხზე წამოიმართა, გაჩხინკულ თითებზე ჩააფრინდა, ნინომ არც აცია და არც აცხელა, მტევანზე კბილებით ჩააფრინდა.
- შიგ ხომ არ გაქვს? ! - ერთი კი შეირხა ვაჟი, თუმცა მისი მოშორება ვერ შესძლო, პირიქით, უფრო ძლიერად უჭერდა კბილებს - ამის, დედაც! - დიდხანს აღარ უფიქრია, ამჯერად უკან მოიქნია მილი.
ტკივილისგან ამოიკვნესა ნინომ, ქურთუკზე ჩაფრენილი, კრუნჩხვამდე მისული თითები მოუდუნდა. როგორც იქნა კბილებიც გაუშვა და ძალა გამოცლილი, მოწყვეტით დავარდა დაბლა. შვება იგრძნო გიგინეიშვილმა. რამდენიმეჯერ გაამოძრავა კმაყოფილმა ხელის მტევანი, შემობრუნდა და უკან დავარდნილ მოწინააღმდეგეს ინტერესით მიაჩერდა. გოგონას კეპი ძირს დავარდნოდა. ბენდენა უშნოდ მოგრეხოდა. ამდენი ძიძგილაობისგან თმებიც გაშლოდა.
- გოგო ხარ, ტო?! - გაოცებული უმზერდა უგონოდ მყოფს.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

(pekhshvela ratom ici adamianis sheyvareba da mere mitoveba

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaime ra adgilas gawyciteee

Moutbenlad veli shemdegs
Dzalian magari iyo

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Vaime ra adgilas gawyciteee

Moutbenlad veli shemdegs
Dzalian magari iyo

დიდი მადლობა. იმედია შემდეგი თავები უფრო მოგეწონება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent