ორმაგი ცხოვრება 3
დღეები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თვე ისე მიილია, ვერც კი შევნიშნე. მთელი ეს დრო უჩვეულო რიტმში ვცხოვრობდი: სამსახურში დავდიოდი, ქორწილს ვგეგმავდი, თან ბიჭებთანაც კარგ დროს ვატარებდი და რაც მთავარია, თაკოს რჩევას ერთგულად მივყვებოდი, ჩემსა გიორგის შორის მომხდარ ჩემი აზრით უსაზღვროდ სამარცხვინო შემთხვევას ჯიუტად ვაიგნორებდი. თავის მხრივ, ამაში გიორგიც მეხმარებოდა, რადგან როგორც წესი, ის იშვიათად თანხმდებოდა ჩვენთან ერთად სადმე წასვლას და იმ იშვიათ დღეებშიც კი, როცა თავის დაღწევა შეუძლებელი ხდებოდა, ჯენლტმენივით იქცეოდა, ის ავად სახსენებელი ღამე არც კი გახსენებია და არც ურთიერთობაში იმჩნევდა ჩემგან მოსმენილ სულელურ ფრაზებს; ამასთან, საგრძნობლად მოლბა და აღარც მიღრენდა. როგორც თაკო ამბობდა, ეს კარგის ნიშანი იყო და მეც ამით დაიმედებული ვაგრძელებდი უცნაურ, ერთი შეხედვით უშანსო ფლირტს თითქმის უცნობ ბიჭთან. - აბა მარიამ, მზად ხარ? - გამომძახა თაკომ ოთახიდან. - ორი წამიც მადროვე. - გავეპასუხე და წითელ პომადას დავწვდი. - დროზე პრინცესა, ვაგვიანებთ! - კარგი და სად მივდივართ? - უცებ გამახსენდა, რომ დანიშნულების ადგილი არ ვიცოდი და თაკოს ინტერესით გავხედე. - ნუ მიყურებ, არც მე ვიცი. - გამიღიმა მან და ტელევიზორის პულტს დასწვდა. - სანამ მოვლენ, ერთი შევხედო რა ხდება სამყაროში. - როგორ შეგიძლია ყოველთვის ტელევიზორს ეჯდე, არ მესმის. - დავიწუწუნე მე და იქვე შორიახლოს ჩამოვჯექი. - ზუსტად ისე, როგორც შენ შეგიძლია ოდნავადაც არ დაინტერესდე ტელევიზიით. - შემომიბღვირა და საინფორმაციო პროგრამების ძებნა დაიწყო. - ხომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს კი ყველაზე მარტივი გზაა, უბრალოდ დაჯდები და უსმენ, არც ქექვა გჭირდება და არც... - მოიცა, მოიცა. - ვიყვირე უცებ და პულტი ხელიდან გამოვგლიჯე. - რაღაც საინტერესო ვნახე. - ააჰ, თურმე ტელევიზორშიც შეიძლება რამე საინტერესოს ნახვა. - შშშ! - პირზე ხელი ავაფარე და ინტერესით მივაჩერდი ეკრანს. ჩემი ინტერესი თაკომაც გაიზიარა. - ბოლო პერიოდში ეს უკვე მეშვიდე გახმაურებული ძარცვაა ამ დაჯგუფების მონაწილეობით. - საქმიანი სახით ყვებოდა ჟურნალისტი. - ზოგი მათ გმირებს უწოდებს, ზოგისთვის კი უბრალო დამნაშავეები არიან, მაგრამ ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ არავინ იცის ვინ იქნება შემდეგი. გამოძიება დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს, როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, პოლიციას ეჭვმიტანილები არ ჰყავს. - მაგრები არიან რა, - ამაყად წარმოთქვა თაკომ. - ბოლო სამ თვეში პოლიციის ცხვირწინ შვიდი დიდი თევზი გაძარცვეს და დღემდე არავის აქვს წარმოდგენა იმაზე თუ ვინ არიან ისინი. - შენ რა, მათი ჭკუით ამაყობ? - აღშფოთება ვერ დავმალე. - კარგი რა, ნუ გამომიხვალ მორალისტი, ეგენიც ღარიბ-ღატაკებს არ ძარცვავდნენ რა. - ეგ რაღა შუაშია, ანუ მდიდრების გაძარცვა დანაშაული არ არის? - ისეთების როგორებსაც ისინი ძარცვავენ? არა! - მტკიცედ განმიცხადა და წინააღმდეგობის მოლოდინში გამომწვევად მომაშტერდა. - ისეთების? შენ რა იცი როგორები არიან ისინი? როდის იცნობდი რომელიმეს? - არ ვცხრებოდი მე. მე და თაკო ბევრ საკითხში ვერ ვთანხმდებოდით, ეს იყო ჩვენი წყევლაც და ყველაზე დიდი საჩუქარიც. ყოველთვის ვდავობდით რაღაც საკითხებზე, ვარჩევდით ფაქტებს ჩვენი გადმოსახედიდან და საბოლოო ჯამში ყოველთვის იდეალურ შედეგს ვიღებდით. ამჯერად კიდევ ერთი მწვავე მსჯელობის დაწყებისგან, რომელიც ალბათ მთელ საღამოს წაგვართმევდა, კარზე ზარმა გვიხსნა. თაკომ მაშინვე შეწყვიტა ჩემთან კამათი და კარებისკენ გაიქცა, თუმცა იმედი გაუცრუვდა. ამჯერად თორნიკემ ამოგვაკითხა, “იო გაგვიცივდა და წევსო” გამოგვიცხადა და გვთხოვა მას გავყოლოდით. თავიდან თაკომ იჭირვეულა, იქ წასვლა არ უნდოდა, სადაც იაკობი არ იქნებოდა. თორნიკე ბევრს ეცადა, მაგრამ სანამ ყველაფერი არ აუხსნა, ოთახიდან ფეხიც ვერ გაადგმევინა. - იო ცუდადაა, მაგრამ პაემანის ჩაშლა არ უნდოდა და მთხოვა სახლში მიმეყვანეთ. - თქვა ბოლოს. - დამაბარა, თქვენთვის არ გამემხილა. - მოიცა, მასთან მივდივართ? - გაიკვირვა თაკომ. - ჩვენთან მივდივართ. - გაუსწორა თორნიკემ და კარისკენ გაგვიძღვა. ნახევარ საათში გიორგის სახლთან ვიყავით. - ერთი წუთით, აქ ხომ გიორგი ცხოვრობს? - ვიკითხე მე. - ანუ სად ვართ? - დაიბნა თაკო. - ეს ჩვენი სახლია, ექვსივე აქ ვცხოვრობთ. - აგვიხსნა თორნიკემ და ეზოში შეგვიძღვა. - თუ დაგჭირდათ, დღეიდან გეცოდინებათ სად გვეძებოთ. სახლის შიდა ინტერიერი საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გარედან ჩანდა. თანამედროვედ მოწყობილი, ლამაზი ოთახები, მაღალი ჭერითა და ნათელი ფერებით მნახველზე ადვილად ახდენდნენ შთაბეჭდილებას. არ ვიცი ჩვენს დასახვედრად მოემზადნენ განსაკუთრებულად თუ ზოგადად ასე იყო, მაგრამ შიგნით ისეთი წესრიგი დაგვხვდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ სახლში ხუთი მამაკაცი და მხოლოდ ერთი გოგონა ცხოვრობდა. თორნიკე უზარმაზარ ოთახში შეგვიძღვა, რომელიც ჩემი დაკვირვებით ორი ოთახის გაერთიანების შედეგი უნდა ყოფილიყო და უზარმაზარ სივრცეს ქმნიდა. - აი ჩვენი ავადმყოფიც. - თქვა მან და პლედში გახვეულ იაკობზე გვანიშნა. - გამარჯობა გოგოებო. კარგია, რომ მოხვედით. - გაიღიმა მან და წამოდგომა სცადა, თუმცა თაკომ არ დაანება. - ხო მშვიდობა გაქ? - ვკითხე მე. - გაციება ვერაფერს დამაკლებს. - დაგვამშვიდა მან და დანარჩენებს გასძახა, მოვიდნენო. დანარჩენებიც მაშინვე შემოლაგდნენ ოთახში, მხოლოდ გიორგი არ ჩანდა. - გიო გასულია, მალე დაბრუნდება. - შეთქმულივით გადმომილაპარაკა სალიმ და ცხვირზე სათვალე შეიწორა. გავწითლდი, თუმცა იმით დაიმედებულმა, რომ მაკიაჟის ქვეშ არაფერი გამოჩნდებოდა, არ შევიმჩნიე. - დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ? - იკითხა უცებ თაკომ. - კი, უკვე წლებია. - გაეპასუხა იაკობი და თაკო თავისი სავარძლის ცარიელ ნაწილზე ჩამოსვა. - ხო ვამბობდი ოჯახივით ვართ მეთქი?! - ჰო, მაგრამ არ მეგონა ერთად თუ ცხოვრობდით. - თქვენც ხომ ერთად ცხოვრობთ? - იმიტომ, რომ სახლიდან გამოვიქეცი. - გამეცინა მე. - და თქვენ? - ჩვენთან ყველაფერი უფრო რთულად იყო. - მოგვიყევი რა. - სთხოვა თაკომ და შუბლზე ხელი მიადო. - ჯანდაბა, გარეთ ყინავს. - გიორგი ოთახში ხმაურით შემოვიდა, ჩვენს დანახვაზე თითქოს შეკრთა და შეცვლილი ტონით თქვა. - მეგონა შეხვედრა გაუქმდა. - თორნიკეს ვთხოვე ისინი აქ მოეყვანა. - დამნაშავესავით თქვა იაკობმა. - ერთი სურვილის წესი ხომ გახსოვს?! - ეგ რას ნიშნავს? - იკითხა თაკომ და მე მიხსნა ამ კითხვის დასმის დაუოკებელი სურვილისგან. - ასეთი წესი გვაქვს, როცა რომელიმე ცუდადაა, ერთი სურვილის უფლება ეძლევა და რაც არ უნდა მოინდომოს, უარს ვერავინ ეტყვის. - საინტერესო წესია. - წამოიძახა თაკომ. - მარიამ, უნდა გადმოვიღოთ. - ცუდად იშვიათად ვხდები. - ვთქვი მე. - მე კი ძალიან ხშირად ანუ მაწყობს. - გაეცინა თაკოს. - მშვენიერია. - წაიბურტყუნა გიორგიმ და ოთახის ერთ მხარეს მოწყობილი უზარმაზარი ბარისკენ გაეშურა. - რას დალევთ? - შენ აარჩიე. - გასძახა თაკომ და ისევ ძველ თემას დაუბრუნდა. - აბა, მოგვიყვები რატომ ცხოვრობთ ერთად? - გრძელი და უინტერესო მოსასმენია, სხვა სალაპარაკო არაფერი გაქვთ? - იკითხა გიორგიმ და თან რაღაცის მომზადება დაიწყო. - ჩვენ გვიყვარს გრძელი და უინტერესო თემები. - არ ცხრებოდა თაკო. იაკობმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევ გაჩუმდა და თვალები გიორგისკენ გააპარა. მანაც საპასუხოდ რაღაც ანიშნა. - გამოდის აქ ერთად ცხოვრობთ, მაგრამ უფროსი ისაა. - ხმამაღლა წარმოვთქვი, რომ ოთახში ყველას გაეგონა და გიორგის გავხედე. - მან ჩვენ საკუთარი თავებისგან გვიხსნა. - სერიოზული ტონით თქვა დათომ, რომელიც თითქმის არასდროს საუბრობდა. - საერთოდ არ არის უცნაური, რომ პატივს ვცემთ. - მე თქვენზე არაფერი ვიცი. - ვთქვი მისი ტონით შეშინებულმა. - კარგით რა ბიჭებო, სერიოზულად? - მოგვიახლოვდა გიორგი და სასმელი ჩამოარიგა. - რადგან ასეა და სტუმრიანობის დღე გვაქვს, თავშესაქცევად რამე უკეთესი მოიფიქრეთ. - არა გიორგი, თუ მათთან ურთიერთობის გაგრძელებას ვაპირებთ და იო ნამდვილად აპირებს ამას, დროა ჩვენს შესახებ რაღაც მაინც მოვუყვეთ. - უთხრა ირაკლიმ და იქვე ჩამომჯდარ მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა. - როგორც იტყვი. - უკმაყოფილება ვერ დამალა გიორგიმ. - ეს რა, ცხელი შოკოლადია? - იკითხა უცებ იაკობმა, როცა თავის ფინჯანს დახედა. - გაგათბობს. - გაეპასუხა გიორგი, თავისი ფინჯნიდან გემრიელად მოსვა ცხელი სითხე და ბუხარს გახედა. - დავით, მიხედე რა, აცივდა. - კარგი, მაშინ მე თხრობას დავიწყებ. - პირველი ისტორიის მოყოლა იაკობმა აიღო საკუთარ თავზე. - მოკლედ გოგოებო, მე ქუჩაში გავიზარდე. არა, სახლი მქონდა, მაგრამ იქ მისვლა არასდროს მიყვარდა. ხომ გესმით, უმუშევარი და ცხოვრებაზე გაბრაზებული მამა, გაწამებული დედაჩემი, რომელიც აუცილებელი შემთხვევების გარდა არც კი საუბრობდა… მეც სულ გარეთ ვიყავი, ძმაკაცები და რამე, ასაკთან ერთად ეს უფრო სერიოზული გახდა, საბოლოოდ კი იქამდე მივედი, რომ წამალზე შევჯექი. მაშინ მიპოვნა გიორგიმ, აქ მომიყვანა და… მახსოვს როგორ ვლანძღავდი პირველი დღეები, როცა დოზა ისევ მომინდებოდა. - წარმოუდგენელი ლექსიკით. - ღიმილით დაამატა გიორგიმ და ბიჭს ისეთი თვალებით გახედა, გული გამითბა. - ნარკომანის ლექსიკით, რომელიც ყველაფერს იტყვის იმისთვის, რომ გარეთ გააგდონ და მორიგი დოზის მიღება შეძლოს. მაგრამ გიორგი ასე არ მოიქცა, თვეები ვიტანჯებოდით ერთად. - გაეცინა იაკობს, მერე ცოტა ხნით გაჩუმდა და დაამატა: - ის რომ არა, აქამდე ალბათ ვერ მოვაღწევდი. - ჩემი საწყალი ბიჭი. - მოეხვია თაკო, მერე გიორგის გახედა და მადლიერმა უთხრა: - მადლობა, რომ გადამირჩინე. - არაფრის ქალბატონო. - ჩაიღიმა გიორგიმ. - ბუხარი მწყობრშია, ახლა ჩემი ისტორიის ჯერია. - თქვა უცებ დათომ და ჩვენს შორის იპოვნა ადგილი. - საუბარი დიდად არ მეხერხება, მაგრამ ჩემი ამბავიც ითქმის მოკლედ. ყოფილი სპეცრაზმელი ვარ, ერთ-ერთ დავალებაზე ჩემმა ტყვიამ მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, სამსახურიდან დათხოვნა მაკმარეს, მაგრამ მე ვერაფრით ვაპატიე ჩემს თავს. დანაშაულის გრძნობამ ოჯახიც დამაკარგვინა, აუტანელი ვიყავი, რის გამოც ცოლმა სახლიდან გამომაგდო. არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი ან როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება და იმ ბარში შევედი, სადაც ჩვენ პირველად შეგხვდით, კარგად გამოვთვერი და მეორე დღეს აქ გავიღვიძე. - მამომ იპოვნა, ბართან იჯდა და ყველას უყვებოდა, რა საშინელი ადამიანია. - სიცილი ვერ შეიკავა იაკობმა. - შეგვეცოდა და შევიფარეთ. - ავად რო არ იყო, მაგ ენას ამოგაძრობდი. - შეუღრინა დათომ. - დარწმუნებული ხარ, რომ მომერეოდი? - გამოაჯავრა იაკობმა და მუშტი მოუღერა. - ანუ პირველად იო მოიყვანე აქ და მერე დათო? - დავაზუსტე მე. - პირველად აქ ჩვენ ორნი მოვედით. - გამისწორა სალიმ. - მერე იო მოვიდა, შემდეგ დათო, ირაკლი და თოკო. - და შენ რატომ ხარ აქ? - ვკითხე მე. - მე ობოლი ვარ, ბავშვთა სახლიდან 14 წლის გამოვიქეცი, იქ ვერაფერს ვიტანდი. რამდენიმე ტიპს დავუმეგობრდი, რომლებმაც რაღაც შარში გაყვეს თავი და ყველაფერი გაფუჭდა. მაშინ შევხვდი გიორგის, ის დამეხმარა, რომ გამოვმძვრალიყავი. - ახლა გასაგებია რატომ ცხოვრობ მასთან. - უსიამოვნოდ გავუღიმე. - ასეთი ისტორიის მერე რთულია გრძნობებს წინააღმდეგობა გაუწიო. - გრძნობებს? - გულიანად გაეცინა სალის, სიცილში დანარჩენებიც აყვნენ, მხოლოდ გიორგი იჯდა ჩუმად. - ასეთი რა ვთქვი? - გავიკვირვე მე. - ჩვენ ერთად არ ვართ, თუ ამას გულისხმობდი. - ამიხსნა გიორგიმ. - საერთოდ, ის ჩემი ძმაა. - თქვა სალიმ, მისი სახე ხელებში მოიქცია და ხარბად ჩაკოცნა. - შემეშვი არანორმალურო. - გაუცინა გიორგიმ, გოგონას ხელები სახიდან მოიცილა და თავის მუხლზე ჩამოსვა. - ვერ მივხვდი, შენ თქვი, რომ მან გიპოვნა... - საბოლოოდ დავიბენი. - ეს კი ნამდვილად გრძელი ამბავია. მოკლე ვერსია ისაა, რომ მშობლები პატარა ასაკში დავკარგეთ და ცალ-ცალკე გავიზარდეთ. არცერთმა ვიცოდით ერთმანეთის არსებობის შესახებ. - და შენ? შენ რატომღა გადმოხვედი აქ? - ახლა გიორგის მივუბრუნდი. - თუ ფიქრობ, რომ ჩამოვჯდები და წარსულის სევდიან ისტორიას მოვყვები, ძალიან ცდები ძვირფასო. - მისმა ტონმა ადგილზე გამყინა და ალბათ ეს სახეზეც დამეტყო. - მამოს არ უყვარს თავის თავზე ლაპარაკი, ამიტომ ნუ გეწყინებათ. - თქვა ირაკლიმ. - აი, მე კი მოგიყვებით ჩემს ისტორიას. - არ მწყინს. - ვთქვი სწრაფად, რომ ჩემი სიტყვები დამაჯერებლად გაჟღერებულიყო, თუმცა არც ისე კარგად გამომივიდა. - ჩემი ამბავი ზედმეტად ბანალურია. სპორტის გარდა ცხოვრებაში არაფერი მადარდებდა, კრივში ვვარჯიშობდი და კარიერის აწყობას ვგეგმავდი, სანამ ერთი ტიპი ისე შემომელახა, რომ დღემდე ხელჯოხით დადის. - არ გეტყობა ნანობდე. - ჩაერთო თხრობაში თაკო. - მის ცემას არასოდეს, მაგრამ მის გამო ჩემი მომავლის სანაგვეზე გადაგდებას კი ნამდვილად ვნანობ. ორი წელი ვიჯექი, გამოსულზე კი არც აწმყო მქონდა და მითუმეტეს, აღარც მომავალი. კიდევ ერთი სისულელის ჩადენას ვაპირებდი, როცა მამოს გადავეყარე. - მოდი გამოვიცნობ, მან შენ გადაგარჩინა. - გადაიკისკისა თაკომ. - შენ რისგან გადაგარჩინა ჩვენმა გმირმა თოკო? - ჩემი საცოდავი ცხოვრებისგან. - რატომ ასე სევდიანად? - არ ცხრებოდა თაკო. - სატრანსპორტო კომპანიის ერთი რიგითი თანამშრომლის მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა, სანამ ბიჭებს გადავეყრებოდი. - მოკლედ, ჩვენი გიორგი ნამდვილი რაინდია ოქროს აბჯარში. - კისკისებდა თაკო. - ბიჭო, მგონი არ სჯერათ. - თქვა უცებ იაკობმა და ნაწყენი მზერა გვესროლა. - აბა რას ელოდი? - გაეპასუხა გიორგი. - უკვე დიდები არიან იმისთვის, რომ ზღაპრების სჯეროდეთ, შენ ასე არ ფიქრობ? - მოიცა, სერიოზულად ყვებოდით? - გაოცება ვერ დამალა თაკომ. - რა თქმა უნდა. ყველაფერი სიმართლეა. - იმედგაცრუება ვერ დამალა იაკობმა და თაკოს თვალებში იმ იმედით მიაშტერდა, რომ მათში რამე ხელჩასაჭიდს ამოიკითხავდა. - ნუგოსთანაც იგივე მოხდა? - გამბედავი ტონით ვკითხე გიორგის, მაგრამ როცა დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება, წამის წინ დასმული კითხვა მაშინვე ვინანე. - ნუგო ვინაა? - საუბარში ჩაერთო სალი. - ჩემი კლიენტია. დახმარება მთხოვა და მერე აღარ გამოჩენილა. - რამ გაფიქრებინა, რომ მასთან რამე მაკავშირებს? - ძველებურად შემომიღრინა გიორგიმ და ვიგრძენი, რომ დიდი წვალებით დალაგებული ურთიერთობა ისევ საგრძნობლად დავძაბე. - არ ვიცი, იმ დღეს უკან გამომყევი. ვიფიქრე, რომ… - წამოწყებულ თავის მართლებას ყურიც არ ათხოვა და ისე, რომ სიტყვაც არ მქონდა დასრულებული, ოთახიდან გავიდა. გიორგის საქციელმა საგრძნობლად დამაბნია, მაგრამ აშკარა იყო, რომ სწორ გზაზე ვიდექი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ასეთ რეაქციას არ მივიღებდი. ამაზე ფიქრმა სითამამე შემმატა, ვიგრძენი რომ სადავეები ჩემს ხელში იყო და ამის გამოყენება გადავწყვიტე. სწრაფად ჩამოვხსენი იქვე კარებთან დატოვებული ქურთუკი და გიორგის გავეკიდე. ოთახის ტემპერატურას მიჩვეული სხეული შემოდგომის სუსხმა წამებში გაყინა. ქურთუკი ბოლომდე შევიკარი, ხელები ჯიბეებში ჩავალაგე და სიცივისგან აკანკალებულმა დავუწყე ძებნა ჩემამდე რამდენიმე წამით ადრე გამოსულ გიორგის, რომელიც არსად ჩანდა. ეზო კარგად დავათვალიერე და როცა დავრწმუნდი, რომ იქ არავინ იყო, სახლს შემოვუარე. - უჩემოდ ვერ ძლებ, არა? - გიორგის ხმამ ზურგს უკან უფრო გამყინა, ვიდრე შემოდგომის სუსხმა. ჩემს რეაქციაზე გულიანად გაეცინა და ჩვეული ცინიზმით დაამატა: - ფრთხილად, თორემ ასე შეკრთომა ჩემი ხმის გაგონებაზე შეიძლება ჩვევად გექცეს და უხერხული იქნება. - ყოველთვის ისე ჩუმად მეპარები, გული მისკდება. - ბრაზიანი ხმით გავეპასუხე და ინტერესით დავაცქერდი, ხელებში შეშა ეჭირა. - ამისთვის გამოხვედი? - ხომ არ იფიქრე, რომ შენ გამოგექეცი? - მკითხა და ისე გამჭოლად ჩამხედა თვალებში, უნებლიედ კეფაზე ხელი მოვისვი. - არა, უბრალოდ ცალკე მინდოდა საუბარი. - თავი ვიმართლე მე. გიორგიმ შეშის ნაჭრები აივანზე დაალაგა და იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა. - გისმენ! - სიმართლე მითხარი, - დავიწყე მე მისი უჩვეულო მორჩილებით გაოცებულმა. - იმ დღის შემდეგ ნუგო ნახე? - არა. - სწრაფად გამცა პასუხი და სადღაც შორს გაიხედა. - თვალებში მიყურე და ისე მითხარი. - გავჯიუტდი მე. წამოდგა, სახე სახესთან მომიტანა, თვალები ოდნავ შესამჩნევად დააწვრილა და უკმეხად გაიმეორა: - არა! - კარგი. - ვთქვი მე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. - სულ ეს იყო, რაც გაინტერესებდა? - თუ არ გინახავს, მაშინ ჰო. სხვას ვერაფერს გავიგებ. - განვუმარტე მე. - სულ ნუგოზე რატომ საუბრობ? - მისმა კითხვამ სასიამოვნოდ გაიჟღერა და იმაზე დამაფიქრა, მართლა ვერ მიტანდა თუ უბრალოდ მეთამაშებოდა. - მასზე ვდარდობ. - ნუთუ?! - ცინიკურმა ტონმა კიდევ ერთხელ გამიფუჭა ხასიათი. - მეტყვი, ჩემთან რა პრობლემა გაქვს? თითქოს რაღაც დაგიშავე... - არაფერი. - აგდებით გამეპასუხა და შეშის მოგროვება დაიწყო. - ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია. მე იმის გაგება მინდა შენ რა პრობლემა გაქვს ჩემთან. შეგიძლია შეშას ერთი წამით შეეშვა და ზრდასრულივით გამცე პასუხი? - არ ვცხრებოდი მე. - ეს შენ ჭირვეულობ ბავშვივით. - ამრეზით ამომხედა. - შეგიძლია ამიხსნა თავს ასე რატომ იწუხებ? ჩემგან რას ელი? - არაფერს, უბრალოდ ჩვენი მეგობრები დაახლოვდნენ და… - დავიბენი, მაგრამ აზრებს თავი სწრაფად მოვუყარე და ის ვთქვი, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. - შეიძლება ერთმანეთი არცერთს გვეხატება გულზე, მაგრამ ხომ შეიძლება ცივილურად მოვიქცეთ? - ჰო, ეგ შესაძლებელია. - კიდევ მინდა რაღაც გკითხო. - ოდესმე მაინც თუ ხდება, რომ კითხვა არ გაქვს? - ვიგრძენი, რომ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ ხასიათი აშკარად გამოუკეთა და საბოლოოდ გავბედე იმ კითხვის დასმა, რომელიც ასე მაწუხებდა: - იმ დღეს, შენს სახლთან, სეირნობაზე რატომ მკითხე? - ბიჭს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, მერე თავი ნიშნისმოგებით გადაიქნია და კარი გააღო. - სახლში შედი, თორემ უკვე გაიყინე! ოთახში საოცარი ჟრიამული იყო. იაკობი რაღაცას ყვებოდა, დანარჩენები მის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ და გულიანად ხარხარებდნენ. გიორგიმ შეშა ბუხრის წინ დაალაგა, ცეცხლს ერთი ნაჭერი შეუმატა და ყვითლად აბრიალებულ ალს ისეთი სიმშვიდით დაუწყო ყურება, თითქოს მის გარდა ირგვლივ არავინ არსებობდა. ვუყურებდი ბიჭს, რომელიც არაფრით მაძლევდა მასთან დაახლოების უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ თავს უარყოფილად ვგრძნობდი, მისგან წასვლა მაინც არ მსურდა. გიორგის უცნაური ხასიათი მის ცხოვრების წესს დავაბრალე, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აღმექვა, მის ზურგს უკან დივნის სახელურზე ჩამოვჯექი და ინტერესით დავუწყე თვალიერება: ბუხრისკენ გადახრილს შავი მაისური განიერ მხრებზე შემოტმასნოდა, ძლიერი სხეული ჰქონდა, წვრილი წელი და მსხვილი მკლავები. ვუყურებდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორი სრულყოფილი სხეული იმალებოდა ამ მაისურის ქვეშ. - მხურვალებას წესით სახეზე უნდა ვგრძნობდე, მაგრამ რატომღაც ზურგი ამეწვა. - ისე მითხრა, რომ ჩემკენ არც მოუხედავს. - ალბათ ორიენტაცია დაკარგე, ხდება ხოლმე. - სუნთქვაშეკრულმა ძლივს მოვძებნე საპასუხო სიტყვები. გიორგიმ ალმაცერად გადმომხედა. - უთხარი მამო, ეგრე არ იყო. - გადმოსძახა იაკობმა მეგობარს და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა. - ნამდვილად ასე იყო. - სწრაფად დაეთანხმა გიორგი. - აი, ასეთი გიჟია. -რაზე საუბრობთ? - ვიკითხე იმ ფაქტით გაოცებულმა, რომ ჩემ გარდა ოთახში ყველამ იცოდა რაზე საუბრობდნენ და მე არა. თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მათი მოსმენა, როცა ისეთი გართული ჩანდა საკუთარ ფიქრებში, რომ მეგონა მეც ვერ მამჩნევდა. - იმ ისტორიას ვყვები, როგორ გავვარდი ბათუმში ღამის 3 საათზე მარტო იმიტომ, რომ გოგოსთვის მეთქვა გშორდები მეთქი. - ხარხარებდა იაკობი. - სერიოზულად? - ყბა ჩამომივარდა. - უნდა გენახა რა სახე ჰქონდა. ბიჭო, მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება. - არ ცხრებოდა იაკობი და ისე იჭაჭებოდა, შემეშინდა არ დამხრჩვალიყო. - და შენ რა თქმა უნდა არაფერი გესმოდა. - ყურებთან ჩამისისინა გიორგიმ და გვერდით ისე ჩამიარა, ზედაც არ შემოუხედავს. - დამპალო. - მივაძახე მე და როცა მივხვდი, რომ ეს ხმამაღლა ვთქვი, უკვე გვიანი იყო, თორმეტივე თვალი მე მომჩერებოდა, გიორგი კი ოთახის მეორე ბოლოსკენ მშვიდად მიღიღინებდა. უცნაური ურთიერთობა გვქონდა მე და გიორგის. ვერ ვიტყოდი, რომ ცუდად მექცეოდა, მაგრამ მის ჩემდამი დამოკიდებულებაზე არც კარგი მეთქმოდა რამე. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანურად მექცეოდა, ისე ვხალისდებოდი, აქაოდა ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ დედამიწის ზურგზეო. თითქოს სისხლი იწყებდა ჩქეფას დაცლილ ძარღვებში და ვგრძნობდი სიცოცხლის სუნთქვას დაბერილ ვენებში, მერე კი მორიგი მოულოდნელი ცინიზმი გიორგისგან და ჩემს არსებაში თითქოს ყველაფერი კვდომას იწყებდა, მიტოვებულ სახლს ვემსგავსებოდი, რომელსაც ეს-ესაა ობი მოედება... და ასე, ყოველ ჯერზე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიშლებოდი მე, ვქრებოდი როგორც არსება და მასში ვეწყობოდი, თითქოს მასში ვცხოვრობდი აბეზარი პარაზიტივით და არ მსურდა ოდესმე მოვშორებოდი. - მაცოცხლებელი ძალა გაქვს სიყვარულო! - გაიცინა თაკომ და მხრებზე ხელები შემომაჭდო, როცა საბოლოოდ გავბედე ყველაფერი მეღიარებინა. - რა სისულელეა, უბრალოდ მომწონს. - მერე რას ელოდები? ზუსტად იცი, რომ ის არასდროს მოვა შენთან! - თვითონ არ მითხარი, რომ იმ ღამის შემდეგ თავი მისგან შორს დავიჭირო? - ღმერთო ჩემო მარიამ, რა სულელი ხარ! - ამოიოხრა თაკომ. - გითხარი, იმ ღამეზე ნუ ისაუბრებ და დისტანცია დაიჭირე-თქო, მისი ცხოვრებიდან გაქრობა არ მითხოვია. პირიქით, თავად უნდა მოანდომო შენთან ყოფნა. - როგორ? - ვეკითხები მორცხვად და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახელმწიფოს ღალატს ვგეგმავ. თაკო კმაყოფილი მაძლევს რჩევებს და თან როგორც სჩვევია ტელევიზორს რთავს. - კიდევ ერთი გახმაურებული ძარცვა ბნელი რაინდების მონაწილეობით. - გამაღიზიანებლად აწიკვინდა ჟურნალისტი რომელიღაც საინფორმაციო პროგრამიდან. - შეუჩერებელი ბანდის კიდევ ერთი მსხვერპლი ამჯერად ცნობილი პროკურორი ალექსანდრე ტომარაძე გახდა. უცნობია, რა წაიღეს მძარცველებმა მისი სახლიდან, მაგრამ როგორც წყარო იტყობინება, აღნიშნული ფაქტი თვეების წინ მოხდა და დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. ზუსტად არავინ ამბობს კიდევ რამდენი დანაშაულია ჩადენილი ამ ბანდის მიერ, მაგრამ ცხადია მათი არსებობა უკვე ბევრ პრობლემას ქმნის. - აბა გახმაურება არ უნდაო? - გაიკვირვა თაკომ. - ასეცაა. - დავიბენი. - მეეჭვება წყარო ალეკო იყოს. - მისმინე მარიამ. საერთოდ რას აპირებ ამ ალეკოზე? - მკითხა მოულოდნელად თაკომ. - რა უნდა ვქნა? - ვიფიქრე ახლა მაინც გაუქმდება ნიშნობა-თქო. - სამსახურში გვაგვიანდება ქალბატონო თამარ. - ნერვიულობაში რომ არ გამოვეჭირე, აგდებით ვთქვი და სახლიდან სასწრაფოდ გავედი. ქორწილამდე სულ რაღაც ორი კვირა რჩებოდა, ამიტომ დედაჩემი გამუდმებით თავს დამტრიალებდა და ყოველ ჯერზე საშინლად მაბეზრებდა თავს, რადგან ქორწილის სამზადისი საერთოდ არ იყო ჩემთვის საინტერესო თემა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი კი არა, ვიღაც შორეული მეგობრის ქორწილი იგეგმებოდა და ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უნდა მეზრუნა ამაზე მე. გარდა ამისა, ამ პერიოდში გაცილებით მნიშვნელოვანი საფიქრალი გამიჩნდა გიორგის სახით, რაც ნელ-ნელა ჭკუიდან მშლიდა. ამ ბიჭის გამოჩენამ ჩემი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დააყენა და ყველა გეგმა თუ მიზანი, რისთვისაც დღემდე ვცხოვრობდი, ერთ წამში გაუფერულდა. თუმცაღა, საკუთარ სიჯიუტეს მაინც არ ვთმობდი, ამიტომ საქორწინო სამზადისის მთელ ამ აურზაურს რომ გავქცეულიყავი, ის ერთადერთი მიზეზი გამოვიყენე, რაც ამ დროს გიორგის გარდა მაწუხებდა, ეს ნუგოს გაუჩინარება იყო, ამიტომ მასთან სტუმრობა გადავწყვიტე. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი სად ცხოვრობდა და სახლის ძებნა არ დამჭირვებია. სამაგიეროდ გამიჭირდა მისი დაყოლება, რომ კიდევ ერთხელ გამსაუბრებოდა. დამნაშავესავით იდგა კარებში და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მერე ნერვიული ტონით მთხოვა შიგნით შევსულიყავი და კარები სასწრაფოდ მიხურა. - არაფერი მესმის, - ვაგრძელებდი მე. - შენ თვითონ მთხოვე დახმარება, ახლა რა შეიცვალა? - ოპერაციას ვიკეთებ ქალბატონო მარიამ. - მითხრა ჩუმად. - ზედმეტი პრობლემები არ მინდა. მთავარი ისაა, რომ გამოვკეთდები. - ანუ ასე უბრალოდ აღგიდგინეს დაფინანსება? - გაოგნებულმა შევხედე. - არა. მეგობარი დამეხმარა. თქვენი მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა ფული მაქვს და ჩემით მივხედავ თავს. - ეს არასწორია. ეს თანხა სახელმწიფომ უნდა გადაგიხადოს. - არაუშავს. ასეც გავძლებთ. - თქვა მან და მივხვდი, რომ საუბარი დასრულდა. ისეთს ვერაფერს ვიტყოდი, რითაც მისი გადარწმუნება შემეძლო. - იმედია კარგი მეგობარია და ისევ ადვოკატის ძებნა არ მოგიწევს. - არა. მამოსთან პრობლემა არ მექნება. - მამო? გიორგი მამულიას გულისხმობ? - ფართოდ გახელილი თვალებით მივაჩერდი. - იცნობთ? - არც ის იყო ნაკლებად გაოცებული. - ვიცნობ. - სიტყვა კბილებს შორის გამოვცერი, ნუგოს წარმატებული ოპერაცია ვუსურვე და მაშინვე გიორგის სახლისკენ წავედი. შემოდგომის სუსხი დღითიდღე იკრებდა ძალას, ღრუბლების სქელ ფენას მოფარებული მზე დედამიწას სითბოს ვეღარ უნაწილებდა და სევდიანად დაჰყურებდა მოღუშულ ქუჩებს. სიცივისგან აკანკალებული მივადექი ვარდისუბნის ცამეტ ნომერს. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ ქარის რიტმს აყოლილი ხეების ტკაცუნი ისმოდა. ეზოში სწრაფად შევედი და სახლის მთავარი კარის სახელურს დავწვდი, ღია დამხვდა. თამამად შევაღე კარი და შიგნით შევედი, არავინ იყო. რატომღაც უცებ გიორგისთან პირველი შეხვედრა გამახსენდა და მეც ყოველ წამს ველოდი ზურგს უკან ნაცნობი ხმის გაგონებას, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. იმედგაცრუებული გამოვბრუნდი უკან და თავი იმით დავიმშვიდე, რომ საღამოს მაინც ვნახავდი თავის საყვარელ ბარში. ‘ვერსად გამექცევი’, ვბუზღუნებდი გუნებაში და ჩქარი ნაბიჯით მივიკვლევდი გზას სახლისკენ. - სად იყავი ქალბატონო? - სიტყვა მომაგება თაკომ, როგორც კი სახლში შევდგი ფეხი. - იცი რამდენი ხანია გელოდებით? - თ? - ვიკითხე გაუბედავად. სტუმრიანობას მიჩვეული არ ვიყავი, განსაკუთრებით კი ისეთ სტუმარს, რომლის დანახვაც თაკოს ასე გაახარებდა და ცოტა არ იყოს დავიბენი. - გიორგია აქ. მითხრა, რომ შენთან უნდა საუბარი. - თვალებს ვერ აჩერებდა თაკო. - გიორგი. - ჩავიდუდუნე და მისაღები ოთახისკენ გავიხედე. - სამზარეულოშია. - მიკარნახა თაკომ. - რატომ? - რავი, თვითონ მოინდომა. გიორგის გამოჩენა ჩვენს ბინაში ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც წყლის პოვნა უდაბნოში და პირადად ჩემთვის სწორედ ისეთივე გადამრჩენელ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი დამემალა ინტერესი ამ უცნაური სამეგობროს მიმართ, რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მათ გარემოცვაში მით უფრო ვგრძნობდი გიორგის დადებით გავლენას ჩემს ხასიათზე და ამ უცნაურად სასიამოვნო გრძნობის დათმობა არ მსურდა. ახლა კი ის აქ იყო, ჩემსავე სამზარეულოში იცდიდა, რომ ჩემთვის რაღაც ეთქვა, მე კი გული საგულეში აღარ მეტეოდა, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა ეთქვა. - გიორგი?! - ოთახში შევედი. მისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ნერვიულ ფონს უფრო მირღვევდა. - აქ რას აკეთებ? - ბოდიში, არავის დავუპატიჟებივარ, მაგრამ… - წარბებს ქვემოდან ამომხედა და დაწყებული წინადადება დაასრულა: - მინდა გესაუბრო. - რა თქმა უნდა. - მისი ტონიც და ქცევაც ისეთი უწყინარი ჩანდა, საგრძნობლად გავთამამდი. - ყოველთვის გაგვიხარდება შენი აქ ნახვა, როცა არ გვიღრენ. - ჰო. - ჩაეცინა. - ზუსტად ამაზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა მარიამ. - კარგი, გისმენ. - იჭვნეულად შევათვალიერე. - მე ნდობაში არც ისე კარგი ვარ და ახალი ადამიანების შემოშვება ჩემს ცხოვრებაში დიდად არ მიყვარს. - წამით გაჩუმდა, იმაში დასარწმუნებლად რომ სათქმელს მივუხვდი ყურადღებით შემათვალიერა და განაგრძო: - უფრო მეტიც, ეს პრაქტიკულად არასდროს ხდება. - მათ შემთხვევაში ხომ მოხდა? შენი მეგობრების? - ჰო, მაგრამ მერწმუნე, მარტივი პროცესი ნამდვილად არ იყო. სალის შემთხვევაში პრობლემა არ იყო, ჩემი სისხლი და ხორცია ბოლოს და ბოლოს, დანარჩენები კი… მერწმუნე, ეს გრძელი და უსიამოვნო პროცესი იყო. სიმართლე ითქვას, სალი რომ არა, დღეს ალბათ არც ისინი მეყოლებოდნენ. - ისევ ჩაეცინა, მერე წამით რაღაცაზე ჩაფიქრდა და ისევ მე გადმომხედა. - ახლა კი თქვენ გამოჩნდით და მე ისევ ძველებური რეაქცია მქონდა. - გქონდა? ეს ნიშნავს, რომ ასე აღარ არის? - სიმართლე გითხრა, ამისგან ჯერ შორს ვარ, - თითქოს დაიმორცხვაო, თვალები დახარა და ისე განაგრძო. - მაგრამ ამაზე ვმუშაობ. - ამის ატანა შეიძლება. - გავუცინე მე. - ანუ ყველაფერი კარგად გვაქვს? - ორი წამის წინ შენს მოკვლას ვგეგმავდი, მაგრამ უკვე თითქმის გადავიფიქრე. - გამოდის, გადავრჩი. - გულწრფელად გაეცინა. - მეტყვი, აზრი რამ შეგაცვლევინა? - წეღან სალისგან მომხვდა იმ დამოკიდებულების გამო, რასაც შენს მიმართ ვიჩენ, ბიჭებმაც არ დამაკლეს. - სერიოზული სახით თქვა, მერე შეკრული მუშტი მაგიდაზე ორჯერ რიტმულად დააბარტყუნა და მოულოდნელად გაეცინა. - შენ უბრალოდ სხვანაირი ხარ მარიამ. - ეგ რას ნიშნავს? - იმას ვგულისხმობ, რომ შენ ხარ გოგო, რომელმაც ღარიბების ადვოკატობა არჩია პროკურატურის კარგი მომავლის მქონე კარიერას. გოგო, რომელიც თვითონ აკითხავს თავის კლიენტებს სახლში, რომ როგორმე დაეხმაროს მათ. რომელიც ყოველ დილით სახლიდან ღიმილიანი სახით გამოდის და ყოველთვის პოულობს დროს, რომ რამდენიმე საათით მაინც მოსწყდეს სამყაროს, რათა ვარჯიში შეძლოს. გოგო, რომელიც თვრება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც თავხედ ბიჭზე გაბრაზდა და მთვრალიც კი ახერხებს გაწითლებას, როცა ხვდება, რომ შარში აღმოჩნდა. - ღმერთო ჩემო, ნუღარ გააგრძელებ ძალიან გთხოვ. - იმ ღამის გახსენებაზე, როცა უაზროდ გამოვთვერი, შევრცხვი. - ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობს, რომ ზოგადად ასე არ ხდება, ასეთი ადამიანები არ არსებობენ. - სცადა აეხსნა. - თითქოს ბავშვივით ხარ, შეგიძლია მიამიტიც იყო და ძალიან ჭკვიანიც, დაუცველი და ამავე დროს იმაზე ძლიერი, ვიდრე თავად ფიქრობ, რომ ხარ. - ამ ყველაფერს რატომ მეუბნები? - იმიტომ, რომ ასე ვფიქრობ და იმიტომ, რომ სიმართლეა. - თავშეკავებული, მაგრამ ვნებააშლილი მეჩვენა, თითქოს მისი თითოეული სიტყვა სხვა კონტექსტს ატარებდა, თითქოს მათ მიღმა სხვა სათქმელიც იმალებოდა. - ვითომ ასე კარგად მიცნობ?! - ყურადღების გადასატანად რიტორიკული კითხვა დავსვი და იმაზე დავფიქრდი, საუბარი როგორ უნდა გაგრძელებულიყო. - გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - მკითხა მცირე პაუზის შემდეგ. - ოჰ, როგორ არა. როცა მახსენდება, მუხლები ისევ მტკივა. - გავმხიარულდი. - ანუ არა. - ჩაეღიმა. - ეგ არ იყო პირველი. - რა? რაზე საუბრობ? - გახსოვს, ორი წლის წინ მანქანამ რომ ლამის გაგიტანა? - მე და თაკო ვიყავით სავარჯიშოდ გამოსული. როგორ არ მახსოვს. ის იდიოტი არც კი გადმოსულა მანქანიდან, მაგრამ არც თაკომ დააკლო. - წარსულის მოგონებებმა გამიტაცა და ვერც კი შევნიშნე როგორ გავერთე ამაზე საუბრით. - მოიცა, შენ საიდან იცი ეგ ამბავი? - ჰო, თაკომ სამი მინა ჩამილეწა. - ისე განაგრძო, თითქოს ჩემი კითხვა არც არასდროს დასმულა. - მაგრამ ეგ არ იყო მნიშვნელოვანი. - მძღოლი შენ იყავი? - გაოცებას ვერ ვმალავდი. - იმ დღეს ისეთი ლამაზი იყავი. ლურჯი შორტები და თეთრი მაისური გეცვა, უკან შეკრული თმები ოდნავ გაგწეწვოდა და შიშისგან გაფართოებულ თვალებს მოუსვენრად აცეცებდი. - ისეთი გრძნობით აღწერდა ნანახს, რომ სული შემეხუთა. დაბნეულობისგან უმიზეზოდ ჩავახველე და სხვათა შორის ვთქვი: - საინტერესოა, რატომ არ დამამახსოვრდი. - შოკში იყავი, მე კი იქამდე წავედი, სანამ რამეზე დაფიქრებას მოასწრებდი. - რატომ? - ვიკითხე ჩუმად. - რადგან შენ მე მაშინებ მარიამ. - ეს თქვა, ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. - იმედია ისევ გნახავთ შენ და თაკოს ჩვენთან, მე კი ვეცდები აღარ ვიყო ის, ვისი მოკვლაც მოგინდება. - კარგი პირობაა. - ვთქვი გაშეშებულმა და გასასვლელისკენ მიმავალს თვალი გავაყოლე. - ძალიან უცნაური ხარ გიორგი. - ადრეც უთქვამთ. - გამიღიმა და კარი გაიხურა. სამზარეულოში ისე ვიდექი, თითქოს იმ ადგილს მივეყინე და განძრევა არ შემეძლო, თაკო კი ჩემს ირგვლივ დახტოდა და რაღაცას ზეიმობდა. წარმოდგენა არ მქონდა რა ახარებდა ასე ძალიან, რადგან ერთი სიტყვაც არ მესმოდა, ჯერ კიდევ გიორგის სიტყვებს ვუსმენდი, რომლებიც მეხსიერებაში ისე ძლიერად ჩამრჩა, რომ ჯერ კიდევ მისი ხმის ჟღერადობით ვტკბებოდი. - მარიამ, მისმენ თუ არა? - შემანჯღრია მეგობარმა. - ჰა, რა? - გამოვფხიზლდი. - რას ამბობდი? - გოგო, ნუ გასულელდი, მესმის რომ… - კარებზე ზარის ხმა გაისმა და ისე გავვარდი, რომ თაკოს სიტყვის დასრულებაც არ ვაცადე. გიჟივით გამოვაღე კარები და ელდანაკრავივით გავშეშდი, კარებში ალეკო იდგა. - მარიამ, კარგად ხარ? - მკითხა ალეკომ და ხელი შემაშველა. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი. - რა თქმა უნდა კარგად ვარ. - სახე გავასწორე და ალეკოს შევუბღვირე. - რა ავადმყოფივით მექცევი, რა გჭირს? - კარგი, ოღონდ არ გაბრაზდე. - ალეკომ სასწრაფოდ გამიშვა ხელი. - დღეს საღამოს თანამშრომლები ერთად ვიკრიბებით, ცოლებთან ერთად მოვლენ, ხომ წამოხვალ? - ამ საღამოს? - სახეზე ყოყმანი დამეტყო. - უარი არ მითხრა მარიამ, ეს მნიშვნელოვანია. შენც ხომ იცი? - მუდარით თქვა და მოლოდინით სავსე თვლებით მომაშტერდა. - კარგი ჰო, რომელზე და სად? - რვაზე მზად იყავი, მე გამოგივლი. მიყვარხარ! - სწრაფად მაკოცა ლოყაზე და იმის შიშით, რომ არ გადამეფიქრებინა, მაშინვე უკან გაბრუნდა. - იდიოტი! იდიოტი! იდიოტი! - ყვიროდა თაკო. - ახლა მაინც რაში გჭირდება ეს იდიოტი? - თაკო დაწყნარდი. რა ახლა მაინც? - გოგო, გიორგიმ თითქმის სიყვარული აგიხსნა. შენ რა, იქ არ იყავი? -ჰო, თითქმის - შევეპასუხე. - და როგორც ჩანს შენც იქ იყავი, ამიტომ ისიც მოისმინე რა თქვა თავის ცხოვრებაში ახალი ადამიანების შემოშვებაზე. - მარიამ უყვარხარ, მაგ ბიჭს იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე ამბობს. როგორ შეგიძლია ასეთი ბრმა იყო? როგორ ვერ ხედავ? - ყველაფერს ვხედავ თაკო, მაგრამ არაფრის შეცვლას ვაპირებ. - კატეგორიული ტონით ვთქვი და მეგობარს ვანიშნე, რომ ამ თემაზე საუბარი დასრულდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.