მარიონეტი (მეთექვსმეტე თავი)
შემდეგ?! ხაკისფრად დაფოთლილ სამხედრო გვარდიელის ფორმაზე ოქროსფერი ასოებით ამოქარგული „ზურაბ ბოჭორიშვილი“. როგორ უხდებოდა?! სუნთქვაშეკრული უმზერდა კარში მდგომ ახმახს. მამის სახეზე ერთბაშად შეცვლილი თბილი გამომეტყველება, მხიარული ჭინკების ნაცვლად უჩვეულოდ ჩაგუბებული სევდა. თვალებთან გაჩენილი ნაოჭები. ბევრი უთქმელი, ბევრი გაუმხელელი, ბევრი ცრემლად დაღვრილი და ხელდახელ ნაკოწიწები ფრაზა. ფანჯარასთან მდგომი, გზას მიშტერებული დედა. მალულად მოწმენდილი ცრემლი. ღამით, სულ რამდენიმე წუთით ქარივით მოვარდნილი მამა. ძილში გაგონილი: მიყვარხარ. იმდენად წამიერი, იმდენად წუთიერი, რომ მთვლემარე გონება გააზრებასაც ვერ ასწრებდა, უჭირდა გარჩევა სად გადიოდა ზღვარი ცხადსა და სიზმარს შორის. შუბლზე შერჩენილი მისი კოცნა და უკვე საფირმო, ბრაზგარეული კითხვა: - რატომ არ გამაღვიძეთ?! ქართულ ლექსიკონში აღმოჩენილი სასიზღარი სიტყვები: შეგუება, შეჩვევა. ნორმად ქცეული მონატრება, ბიჭებთან ერთად პურის რიგებში დგომა, ტალონებით აღებული შაქარი. გამოუძინებელი ღამეები, დედის სპაზმები, მუდამ დაზიანებული ინგალატორი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, აკვარიუმი, სადაც გოგონა თევზების ნაცვლად სხვადასხვა იარაღის ტყვიებს აგროვებდა. გეთანხმებით, ქალისთვის ალბათ ნამდვილად უცნაური ჰობია, თუმცა ფაქტია, რომ გოგონას ცარიელი გირლზა ყელსაბამადაც ქონდა გაკეთებული. მეუღლის თვეობით დაკარგვა სასიკეთოს არაფერზე მიანიშნებდა ნატოს. ნინოც რატომღაც ზედმეტად გულგრილი ეჩვენებოდა. შინ დაბრუნებული გოგონა ერთი კი იკითხავდა, მამა ხომ არ გამოჩენილაო და აღარც ახსენებდა. ოჯახი აშკარად გაიყო. მუდამ ეგონა, რომ დედამთილთან პრობლემები არ ჰქონდა. ამდენწლიანი ურთიერთობის ფონზე, ერთმანეთს თითქოს უსიტყვოდაც კი უგებდნენ, მაგრამ ზურას წასვლასთან ერთად, ესეც შეიცვალა. ნინას ხმაში სულ უფრო და უფრო იმატა პრეტენზიულმა ბგერებმა, შვილის მონატრებაში, შვილიშვილის გაღიზიანებულ და გაველურებულ გამოხტომებში აშკარად რძალს ადანაშაულებდა, მოხუცისთვის უფლება რომ მიგეცათ, ალბათ სამაჩაბლოს ომის გამომწვევ მიზეზადაც ნატოს დაასახელებდა. არადა, მიუხედავად ყველაფრისა დრო მაინც გადიოდა. ცივი და სასტიკი ზამთარი, როგორც იქნა დასრულდა და საბოლოოდ დაუთმო ადგილი თბილსა და ხალისიან გაზაფხულს. უზომოდ უყვარდა ნინოს წელიწადის ეს დრო. არაპრობნოზირებადი მარტი. თბილი აპრილი. გაზაფხულის შხაპუნა წვიმა და წვიმის წვეთებს ქვეშ ტრიალი. ამ დროს თითქოს ულევი ენერგიით ივსებოდა, სახე ებადრებოდა. მიუხედავად წვიმისა გაზაფხულის საკმაოდ თბილი საღამო იდგა, თუმცა გოგონა ბედნიერად სულაც არ გრძნობდა თავს. შუბლშეკრული, უკმაყოფილო სახით უმზერდა ნიაღვრად მომავალ წყალს. - პურზე ვარ წასასვლელი. როგორ ფიქრობ საღამომდე გადაიღებს? - ინტერესით ჩაეკითხა საქსოვით ხელში სავარძელზე წამოსკუპებული ბებიას. ნინას ამ ბოლო დროს ახალი გასართობი ჰქონდა, რაც ზურა სამაჩაბლოში წავიდა რომბებით მოხატულ მაისურს უქსოვდა შვილს. მოქსოვდა ერთ მტკაველს, შემდეგ რაღაც არ მოეწონებოდა და დაშლიდა. ახლაც სკეპტიკური სახით აკვირდებოდა მთელი კვირის ნაქსოვს. წარა-მარა საქმიანი სახით ისწორებდა ცხვირის წვერზე აშკარად ფორმალურად დასკუპებულ, მინაგაბზარულ სათვალეს და ვინ იცის მერამდენედ ითვლიდა თითქოსდა არეულ ნახაზს. გოგონას თვალი გაუშტერდა რომბებით დაფარულ ნაქსოვზე. - ტყუილად ფიქრობ ნინაჩკა, - სიცილით გახედა დაძაბულ ბებიას ნინომ - დაშლა არ აგცდება!. - ეჰ, დაშლა რომ საქმეს შველოდეს! - ოხვრას გული ამოაყოლა ქალმა. - ძალიან გთხოვ ნინა, ახლა ცრემლების ღვრა არ დაიწყო! - გაღიზიანდა გოგონა. - ვერ ხედავ რა ქნა? ოღონდ სახლში არ ყოფილიყო და ომშიც კი წავიდა. - ფიქრობ რას ამბობ?! - ასეა ბებია ასე, კაცს რომ სახლში არ დაედგომება... - ნინა!... - ცხოვრებაში პირველად აუწია ბებიასთან ხმას - მგონი დაგავიწყდა, მამა სამშობლოს დასაცავადაa წასული. - სამშობლო, სამშობლო, ჩემი სამშობლო ჩემი შვილია. დედა მოგიკვდეს შვილო, აქ სად დამტოვე, ვისთან, ნეტა ახლა შენთან როგორი ამინდია? - ისევ ვიშვიშებდა სავარძელზე მჯდომი, თან ცხვირზე დაკოსებული სათვალეს მრავალმნიშვნელოვნად ისწორებდა. - ნინა!... - გამაფრთხილებლად გაისმა გაღიზიანებული გოგონას ხმა. - რა ნინა?! ოთხმოცი წელია ნინა ვარ. ხმა აღარ ამოვიღო შენი შიშით?! - ღრენით უპასუხა მოხუცმა შვილიშვილს. სულ რამდენიმე წამით გაოცებული უმზერდა ნერვებად ქცეულ ბებიას. ყელში მოწოლილი ცრემლები უხმოდ გადაყლაპა, ჯინსის კომბინიზონზე კაპიუშონიანი საწვიმარი შემოიცვა, პურისთვის განკუთვნილ ნაჭრის ჩანთას ხელი სტაცა და დათუნასთან გავარდა. - მშვიდობაა? - მისაღებში დაბღვერილი სახით მჯდომ მეგობარს ინტერესით ჩაეკითხა ვაჟი. - როგორც ყოველთვის... - მისთვის არც კი შეუხედავს ისე ჩაილაპარაკა. - ეს რად გინდა? - ნაჭრის ჩანთა ხელში შეათამაშა ვაჟმა. - ბიჭებმა დარეკეს, ექვსი საათისთვის პავლოვზე, ჩვენ კუთხეში დაგელოდებითო. - ანუ, ისევ პურის ქარხანაში მივდივართ?! - ასე გამოდის. - რაღაც, ზედმეტად ხშირად ხომ არ გვთხოვს ტატო მანდ წასვლას? - ჩვენი მეზობელი მუშაობს და პურს ურიგოდ გამოიგვიტანსო. - მისი ნათქვამის მართალია დიდად არ სჯეროდა, მაგრამ დათუნას მაინც გაუმეორა. - თვეზე მეტია დავდივართ და ეგ მეზობელი დღემდე ვერ ვნახეთ, არც ურიგოდ გვიშვებენ და არც პურის რაოდეობას გვიმატებენ. აშკარად, რაღაცას გვატყუებს. - იქნებ გვიმალავს? - ღიმილით ჩაეკითხა ნინო. - არც ეგაა გამორიცხული. - კარგია, ამას ერთი თვის შემდეგ მაინც თუ მიხვდი. - ირონია მაინც გაეპარა ხმაში. - შანსი არაა, მართლა მალავს?! - თვალები გაუფართოვდა ქათამაძეს. - რა თქმა უნდა! - მრავალმნიშვნელოვნად გაეცინა გოგონას. - რას მალავს?! - რას არა, ვის. - გინდა მითხრა, რომ ვიღაც მოსწონს? - ცნობისმოყვარეობისგან თვალები დაუწვრილდა ქათამაძეს - შეუძლებელია! - რატომ ვითომ? დავიჯერო მართლა ვერ შენიშნე, რომ რამდენჯერაც მივედით, 61-ე სკოლელი გოგონები ყოველთვის იქ რომ დაგვხვდნენ?! - გაღიზიანებული ნინო ინტერესით მიაჩერდა წინ მდგომს. დოლიძელი გოგოების ხსენებაზე ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ფაქტზე გამოიჭირა. - გაგიჟდი? აი მესმის ფანტაზიორობა. 61-ე სკოლელები. ეგ სისულელე საიდან მოიტანე? - ანუ, ფანტაზიორობა?!..- სიცილი ვერ შეიკავა. - დედას გეფიცები, მართლა ცდები... - თავადაც ვერ ხვდებოდა ასე საგულდაგულოდ რატომ ცდილობდა სიმართლის დამალვას. რაც უფრო ჩაეკითხებოდა ნინო, მით უფრო გაჯიუტდებოდა ვაჟი, ერთხელ ნათქვამსაც ასე მარტივად არ გადათქვამდა, რამდენიმე წამს გამომცდელად უმზერდა, საბოლოოდ ისევ საუბრის თემის შეცვლა გადაწყვიტა. - აუ, ნინას გადამკიდემ სახლში ჩაის დალევაც ვერ მოვასწარი... - არც მე მიჭამია. მაგიდის ქვეშ კალათაში კარტოფილია. მაცივარში იქნებ კვერცხსაც მივაგნოთ... - საუბრის თემის შეცვლით გახალისებული დათუნა კარგი დიასახლისივით დატრიალდა. - გაგიჟდება დედაშენი, მაცივარში სავსე ქვაბით დგას მაკარონის სუპი! - კვერცხის გამოღებისას მოზრდილი ქვაბით მდგომი წვნიანის დანახვაზე მხიარულად აკისკისდა ნინო. - დარდი ნუ გაქვს, მურასაც ხომ უნდა ჭამა?! - ეზოში დაბმულ ნაგაზს კმაყოფილმა გახედა და წვნიანით სავს ქვაბი ძაღლისთვის განკუთვნილ სათლში ერთი ხელის მოსმით ჩააბრუნა. დამშეულმა ბავშვებმა სანახევროდ შემწვარი კარტოფილი მყისვე შეჭამეს. შესაშური სისწრაფით მიალაგეს სამზარეულო, როგორც თავად ამბობდნენ, კარტოფილის შეწვის ფაქტები გაანადგურეს და მეგობრებთან შესახვედრად წავიდნენ. იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მაინც ფაქტი იყო, რომ პურის შესაძენად რიგში დგომა მეგობრებისთვის საკმაოდ სასიამოვნო და მხიარულ რიტუალს წარმოადგენდა. მუდამ ჩნდებოდა რომელიმე წინა დღეს მისული პოტენციური მყიდველი, რომლის გვარიც რატომღაც გამორჩებოდათ თაბახისოდენა სიაში. აწიწინებული, აკივლებული ქალი, რომელიც შეშლილი, გაწამებული სახით დარბოდა და ეძებდა მის წინმდგომს. ვიღაც ვინ იცის მერამდენედ სვამდა რიტორიკულ კითხვას: - არ გახსოვართ? როგორ არა, განა თქვენ არ დამიმახსოვრეთ?! თუ წინ მდგომი ქალბატონი, ან ბატონი კარგი მეხსიერების აღმოჩნდებოდა, ხომ გაუმართლებდა, თუ არადა მიუწევდა ხელახლა რიგში ჩადგომა. არც ის დღე იყო გამონაკლისი, რა თქმა უნდა ისევ ნაცნობი დიალოგი, ისევ ნაცნობი ფრაზები. ხალხს თვალი მოავლეს, ქარხნის კუთხეში 61-ე სკოლელებს რკინის კასრში ცეცხლის დანთებაც მოესწროთ. ტყუპებს მისვლა რათქმა უნდა უკვე მოესწროთ და ცეცხლთან კომფორტულად მოკალათებულიყვნენ. ტატოს მისი საფირმო, „ექვსსიმიანად გადაკეთებული“ შვიდსიმიანი გიტარაც წამოეღო და დოლიძელი გოგონების თხოვნით ვინ იცის მერამდენედ ბანდერასის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიას აკვნესებდა. - არაფერი ხდება ხომ! - გვერდულად გახედა წუწკი კატასავით თვალებაციცმციმებულ დათუნას ნინომ. - კიდევ კარგი მოხვედით. დამტანჯა, აღარც პური ახსოვს და აღარც რიგი...- ძმის შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა ლაშა. - ინტრიგნებს არ უსმინოთ. - ძმას თვალები დაუბრიალა ტატომ. - დათუნა რა კარგია რომ მოხვედი, ზუსტად შენი ხმა გვაკლდა! - ვაჟის დანახვაზე სახე გაუნათდა ერთ-ერთ გოგონას. - მიდი, მიდი დაუჯექი. გული არ დაწყვიტო!.. - გესლიანი რეპლიკისგან თავი მაინც ვერ შეიკავა ნინომ. - რა იყო ახლა ეს?! - მეგობრის ქილიკი გულწრფელად ეწყინა ვაჟს. - არაფერი. ვიხუმრე. მიდი, მიდი, ვიდრე თქვენ სიმღერით იქნებით დაკავებული მე და ლაშამ იქნებ „არარსებული მეზობლის“ ნახვაც მოვახერხოთ. - ენა რომ არ გქონდეს. - ბავშვივით აბუზღუნდა დათუნა და ტატოსთან მდგომ ცარიელ ხის კუნძე მოკალათდა. - ყვავები წამიღებდნენ! - საკუთარი ენაკვიმატობით კმაყოფილი გაეკრიჭა. - არ შეგვარცხვინოთ იცოდეთ! - მრავალმნიშვნელოვნად დაუტყაპუნა უკვე ამღერებულ ბიჭებს მხრებზე ხელი ლაშამ და რიგში შემძვრალ ნინოს დაედევნა. როგორც იქნა გაიხსნა ქარხის კედელში ამოჭრილი პატარა, რკინის რიკულებიანი სარკმელი. ფანჯარაში იმხელა ადგილი იყო ამოღებული, რომ გამყიდველს მხოლოდ ერთი პურის მიწოდება შეძლებოდა. ღიპიანი გამყიდველი სარკმელს მოუახლოვდა და მთელი ხმით იყვირა: - ბავშვები და ბავშვიანები ურიგოდ გამოატარეთ! - კი მაგრამ, რა უბედურებაა, ამდენი ბავშვიანი?! - უკმაყოფილოდ დუდუნებდა უკან მდგომი მამაკაცი. - დედას გაფიცებ, წეღან ეს ბავშვი სხვას არ ეჭირა? - ყურში ჩუმად უჩურჩულა ლაშამ ნინოს. - რა გინდა, მრავალდედიანია...- ორხმაში ფხუკუნებენენ მეგობრები. - ასე მეც კი მყავს სახლში შვილიშვილები, ყოველდღე ურიგოდ თუ გამიშვებენ, წამოვიყვან თითო-თითოს! - უკან მოდუდუნე მამაკაცს აჰყვა ერთ-ერთი ქალი. მიუხედავად წინ მდგომებისა, უკან მდგომი ხალხი მაინც წინ მიიწევდა. ჟალუზებზე მისრესილი წინ მდგომები სარკმელს იმდენად აწვებოდნენ, რომ გულითაც რომ ნდომოდათ უკან დახევა, ვერ მოახერხებენ. - დედას გეფიცები, გავიჭყლიტე! - საბრალოდ კვნესოდა ნინო. - აუ, ჩემი ფეხი!... - ღრიალებდა ლაშა. -შემოინგრევა, რას აკეთებთ?! - დაცვა უშედეგოდ ცდილობდა რკინის ჟალუზის ხელით დამაგრებას. ერთი რიკული ანჯამიდან მოწყდა და ხრიგინით დავარდა. - ხალხი ხართ თუ ველურები?! - უწმაწურად იგინებოდა გამყიდველი და სარკმელიც მიხურა. - ესეც ასე, დავრჩით უპუროდ?! - ფეხის ტკივილი ვისღა ახსოვს, იმედგაცრუებული უმზერდა ცხვირწინ მოკეტილ სარკმელს ლაშა. - ხომ არ გაგიჟდი, სამი საათი ტყუილად ვიდექი?! აქედან პურის გარეშე არ წავალ! - სიბრაზისგან ცახცახებდა ნინო. - რამე იდეა გაქვს? -ჩშ... - ტუჩებთან თითი მიიდო გოგონამ, თან ხელით ანიშნა უკან გაჰყოლოდა. რიგში მდგომ ხალხს მოშორდნენ თუ არა, მარცხნივ გადაუხვიეს და ქარხნის ეზოს უკანა მხრიდან მოუარეს. აქეთ-იქით მიმოიხედეს და მხრებში მოხრილნი, ქურდული ნაბიჯით საკმაოდ ჩაბნელებულ, ვიწრო ქუჩაზეც გავიდნენ. - აქ რა გვინდა?! - უკაცრიელი ქუჩას გაოცებულმა მოავლო თვალი ლაშამ. - იქ უნდა შევძვრეთ. - გალავნის საკმაოდ ვიწრო, დაზიანებულ კუთხეზე ანიშნა და ვაჟს აღარც დაელოდა, მოხერხებულად გაძვრა ჭრილში. - აუ, ვერ შემოვეტევი... - როგორ არა, ხომ ხედავ რამხელა ადგილია?! - ისევ უკან გამოძვრა ნინო. - გაბარიტებში აგერიეთ, ტატო უნდა წამოგეყვანა! - სიცილი ვეღარ შეიკავა ლაშამ. გოგონამ გამომცდელად შეხედა, თითქოს თვალებით აფასებდა ვაჟის ფიზიკურ მონაცემებს. - მართლა რამხელა გამხდარხარ?! - ისე გაიოცა თითქოს პირველად ხედავდა - სხვა რა გზაა, მაშინ მარტო შევძვრები. - უდარდელად გამოუცხადა და მყისვე გაქრა ჭრილში. - გაგიჟდი?! - მთელი ტანით რომ ვერ შეეტია, ხელი მაინც შეყო ლაშამ, უკან რომ გამოეთრია, თუმცა გოგონას ვერ მისწვდა. - ქარხანა სულ ორ ნაბიჯშია, არა მგონია უარი მითხრან! - განზრახვის შეცვლა აზრადაც არ მოსვლია, ერთი კი შესცინა ბიჭს და მყისვე ეზოში გაუჩინარდა. - ხომ ხარ ღირსი, მართლა რომ გამოგაგდონ?! - მეგობრის ლოდინით გაბეზრებული, ადგილზე ცქმუტავდა ლაშა. მიუხედავად იმისა, რომ ეზოში არავინ ჩანდა, ნინო სიფრთხილის ნორმებს მაინც არ ივიწყებდა. რიგ-რიგობით, ერთმანეთის მონაცვლეობით ეფარებოდა ეზოში მდგომ ხეებს და ნელ-ნელა უახლოვდებოდა პურის საცხობის ღია დარბაზს. წინ მიიწევდა, თუმცა ის მაინც არ იცოდა, დარბაზში შესულს, როგორ უნდა აეხსნა მისი იქ ყოფნა. - რამეს მოვიფიქრებ! - გაიმხნევა თავი. ცხელი პურის სურნელმა ცხვირში სასიამოვნოდ შეუღიტინა. ხედავდა მოზრდილ, თაროებიან ურიკებზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ მოთავსებულ სხვადასხვა ფორმისა და ზომის პურებს, როგორ დააგორებდნენ თეთრი ხალათებითა და ჩაჩებით შემოსილი ქარხნის თანამშრომლები. იქვე შორიახლოს იდგნენ სულ რამდენიმე წუთის წინ ნანახი გამყიდველი და დაცვის თანამშრომელიც. - ჯანდაბას, ეს მყრალი კაციც აქაა?! - ისევ ხეს ამოეფარა ნინო. - რა ვქნათ, არ გავხსნათ მაღაზია? - გამყიდველს ჩაეკითხა დაცვის თანამშრომელი. - ბარემ ამ ერთ ღერსაც მოვწევ და... - სანახევროდ ჩამწვარ სიგარეტზე ანიშნა მამაკაცს - აბა, მართლა პურის გარეშე ხომ არ დავტოვებთ?! ღერის ბოლომდე ჩაწვას აღარ დაელოდა, გვერდულად მოისროლა და დაცვის თანამშრომელთან ერთად ჯიხურის ფორმის მაღაზიაში შებრუნდა. - რაც იქნება, იქნება! - ერთი ღრმად ჩაისუნთქა ნინომ და სამალავიდანაც გამოვიდა. - საინტერესოა, აქ რას აკეთებ?! - ირონიული, დამცინავი კითხვის გაგონებაზე ჟრუანტელმა დაუარა. ახლა ამ სიტყვების გაგონებას ყველაფერი ერჩია. თვალები მთელი ძალით ისე დახუჭა, თითქოს გაქრობას ნატრობდა. - „შეუძლებელია, ღმერთი ასე არ გამწირავდა!“ - სირცხვილისგან სად დამალულიყო არ იცოდა. - დახუჭული თვალებით დგომა, რაღაც ახალია?! - ნინოსდა სამწუხაროდ, სულაც არ აპირებდა უკან მდგომი არც გაჩუმებას და არც გაქრობას, წინიდან მოუარა და იმდენად ახლოს დაუდგა, მისი სუნთქვაც კი იგრძნო სახეზე - აქ როგორ მოხვდი? - რიგში დგომისას პური ვერ ვიხვედრე და... - ინსტინქტურად უკან დაიხია და ბღვერით ახედა ირონიულად მომღიმარ გიგინეიშვილს. - საინტერესოა, ეზოში დგომით როგორ აპირებდი პურის მიღებას?! - გოგონას გაღიზიანებული, აჭარხლებული სახის დანახვამ სასურველზე მეტადაც კი გახალისა ვაჟი. - შენი საქმე არაა! - ერთი კი შეუღრინა, სირცხვილისგან თვალებზე მომდგარი ცრემლების დასამალად მყისვე ზურგი აქცია და უკან გამობრუნდა. - ამდენი იმისთვის იწვალე, რომ პურის გარეშე წახვიდე?! - ზურგით მდგომი უხეშად შემოაბრუნა. ქალიშვილის სახეზე ცრემლების დანახვას არ ელოდა, ჩვეული ირონიული და დამცინავი გამომეტყველება მყისვე შეეცვალა. - ეეე, კარგი, რა.. როდის აქეთ გახდი ასეთი გულჩვილი?! - მომეშვი რა! - ასეთი ბუტია ხარ? - ხმაში ღიმილი გაეპარა გიგას - რამდენი პური გინდოდა?! - უკვე გალავანთან მდგომს დაეწია გიგინეიშვილის ხმა. - ათი. - ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ნინომ. - რა ამბავია, მთელი კვირის მარაგს აკეთებ? - შეიცხადა ბიჭმა, თუმცა გოგონას პასუხს აღარ დაელოდა - დამელოდე! - მიაძახა და პურის საცხობში შევარდა. - მეც კარგი დებილი ვარ, ამის ნდობა როგორ შეიძლება?!.. - ჩუმად დუდუნებდა გოგონა, თუმცა წასვლას მაინც ვერ ბედავდა. დიდხანს ცდა ნამდვილად არ დასჭირდა. სულ რამდენიმე წუთში პურის მოზრდილი პარკებით ხელდამშვენებული გიგინეიშვილი ასე ოცდახუთ წლამდე საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ლამაზი ქალიშვილის თანხლებით მიუახლოვდა. - გაიცანი. ეს ნინოა, ჩემი მეგობარი... - მართალია თავს გიგას მეგობრად არ თვლიდა, მაგრამ რატომღაც მაინც ესიამოვნა მსგავსი ფორმით წარდგენა. - სასიამოვნოა. - მეგობრულად გაუღიმა წინ მდგომმა ქალიშვილმა. - მქონდეს შენი იმედი? - ქალიშვილის ნინოსთვის წარდგენა აზრადაც არ მოსვლია, მაცდური ღიმილით მიაჩერდა უხერხულად აწურულ გოგონას. - რა პრობლემაა? სამწუხაროდ ფაბრიკიდან გამოტანა არ შემიძლია, მაგრამ ყოველ დღე, საღამოს ცხრისთვის თუ მოხვალ, ათ პურს დაგახვედრებთ. უბრალოდ დაცვას უთხარი მარიკასთან ვარო. - ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა და შვებითაც ამოისუნთქა. თვალებგაფართოვებული უმზერდა ნინო უზომოდ კმაყოფილ, ირონიულად მომღიმარ გიგას. - რას ამბობთ, მარიკა? ასე როგორ შეგაწუხებთ. - ვაჟის ნაცვლად შერცხვა ნინოს. - რა შეწუხებაა?! გიგას მეგობრები, ჩემი მეგობრებიც არიან! - ალალი, გულწრფელი ღიმილით გაუღიმა გოგონამ. - გმადლობთ, მაგრამ არ მინდა! - გამოსცრა კბილებში ნინომ. - ყოველთვის ასეა, სულ ერიდება. აქ მოსვლაზეც ძლივს დავითანხმე! - თვალები დაუბრიალა გიგამ და უკვე მოტანილი პურის ჩანთები უხეშად შეაჩეჩა ხელში ნინოს. - რაა მოსარიდებელი?! - მხიარულად აკისკისდა გოგონა. - მარიკა, სად ხარ? - საცხობიდან ერთ-ერთმა საშუალო ასაკის ქალბატონმა გამოსძახა გოგონას. - უკაცრავად, უნდა წავიდე. მოკლედ გიგა, შენ ხომ მაინც უნდა მოხვიდე?! თუ ნინო ვერ შეძლებს, შენვე აუღე! - მხიარულად შესცინა წინ მდგომებს, ისევ გაწითლდა და საცხობში დაიმალა. - მადლობის გადახდა საჭირო არაა! იმედია, შენ თუ არა, შენს მეგობრებს მაინც არ დაეზარებათ მოსვლა. უკვე გაიგონე, მარიკა არ დამზარდება, ნებისმიერს ვინც ეტყვის ნინოსგან ვარო, მისცემს შენთვის განკუთვნილ ათ პურს. - ისევ ჩაიქირქილა გიგამ. - ადამიანების დამცირება და სასაცილოდ აგდება მოგწონს?! - ადამიანების არა, მაგრამ შენი ნამდვილად ზედმეტად სასიამოვნოა. - უკან არ დაიხია გიგინეიშვილმა. - გამიკვირდებოდა სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე არ გეკითხები. მაგ გოგონას ისეთი რეაქცია ჰქონდა, აშკარად მოსწონხარ, შენ კი მისი კეთილგანწყობით ბოროტულად სარგებლობ, ეთამაშები! - ბრაზის დამალვა არც კი უცდია ბოჭორიშვილს. - მარიკასთან, გაგიჟდი?! - მხიარულად ახარხარდა გიგა. - არადა, კარგი გოგო ჩანს, გულწრფელი, ალალი! - თავადაც ვერ მიხვდა ასე გამალებით რატომ იცავდა უცნობს. - ხვდები მაინც, რომ ბოდავ?! - ირონიულად ჩაეკითხა ვაჟი. - ცინიკოსი ხარ, სხვის გრძნობებზე თამაშობ! - არ ჩუმდებოდა ნინო. - გიჟი ხარ, დედას გეფიცები. გაკრეჭილი გიჟი. შენ ქუჩაში რა გინდა?! - მოულოდნელად აფეთქდა ვაჟი. - შეურაწყოფას ნუ მაყენებ! - არ დაუთმო ნინომ. - სულ მიზეზზე როგორ ხარ, ტო?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან - რა გრძნობებზე ლაპარაკობ, გოგო, აზრზე ხარ?! ვისზე მელაპარაკები ხვდები მაინც?! - უფრო და უფრო უწევდა ხმას -მარიკა ჩემი დეიდაშვილია! ალალი დე-ი-დაშ-ვი-ლი! - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა - სიკეთეს გიკეთებ და მაინც უკმაყოფილო ხარ?! თუ გინდა შეირგე, თუ არადა, გადაყარე ეს დედა... - უხეშად შეაჩეჩა პურის პარკები ხელში - მაგრამ იცოდე, შენ თუ არა, შენი მეგობრები მაინც ინებებენ ყოველდღე მოსვლას და პურის წამოღებას, ეგღა მაკლია თქვენი გადასახდელი თანხაც, მე დამედოს ვალად! გაცოფებულმა გიგინეიშვილმა ერთხელ კიდევ შეუბღვირა აწურულ ნინოს და ვიდრე გოგონა თავისგასამართლებლად რამეს იტყოდა, უკან მიჰყვა საცხობში შესულ მარიკას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.